მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1625 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

- იყო ერთი ბიჭი, - დაიწყო მანომ.

- დაია, ერთი ბიჭი კი არა,.. - ჩაერია ძმა, რომ მანოს ყოველთვის, როცა ზღაპარს დაიწყებდა, სცოდნოდა, - დაჩი იყო!

- მართალია, გამახსენდა! იყო დაჩი და ჰყავდა თაფლივით ტკბილი ბებია...

- და ჩურჩხელასავით და გოზინაყივით, - დაუმატა დაჩიმ, რაკი ბებიას სულ ჰქონდა დაჩისთვის ჩურჩხელა და ზოგჯერ გოზინაყიც.

- ბებია და ბაბუა უწინ ტყის პირას ცხოვრობდნენ. ჰქონდათ მრგვალი ხეებისაგან - ძელებისაგან აშენებული ისლით დახურული სახლი. მაშინ ელექტროღუმლით არ ათბობდნენ სახლს.

ბაბუას ურმით ტყიდან მოჰქონდა უშველებელი ჯირკები, კერაზე აწყობდა და ანთებდა ცეცხლს. ცეცხლის პირას იჯდა ბებია, გვერდზე საჩეჩელი ედო, ხელში თითისტარი ეჭირა და ართავდა მატყლს. მერე ძაფს მორგვად დაახვევდა, აიღებდა ჩხირებს და შვილიშვილებს ჭრელ-ჭრელ წინდებს უქსოვდა.

კერასთან კრუტუნებდა ჭრელი კატა, კართან კუდზე წამომჯდარიყო ბომბორა ძაღლი. იქვე თამაშობდა შვილიშვილი.

- დაჩი, - დაუმატა დაჩიმ.

- რა თქმა უნდა!

- ერთხელ ბაბუამ კერაზე დიდი, დიდი ჯირკი დადო და თვითონ ხარების უღლიდან გამოსაშვებად წავიდა. ჯირკს რომ ცეცხლი მოეკიდა, დაჩის ხმა მოესმა (ბებიას ყურს აკლდა):

- რა ამბავია, დამწვეს ამ მამაძაღლებმა!

დაჩიმ მიიხედ-მოიხედა, სხვა არავინ ჩანდა. უცებ, ჯირკიდან ნაცარში ერთმა გამურულმა, პირდაუბანელმა და თმაგაბურძგნულმა ბიჭმა ისკუპა.

დაჩის ძალიან გაუკვირდა, ჯირკიდან გამომძვრალი, დაძონძილი ბიჭი რომ დაინახა.

- შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ? - იკითხა ბიჭმა.

- ტუტუც სიტყვებს ნუ ამბობ! - გაუწყრა დაჩი.

- მინდა და ვამბობ, არაფრით არ დავიშლი!

- რომ არ დაიშლი, იცი, რას გიზამ? - კინაღამ გული მოუვიდა დაჩის, - ვაი, რა ქაჯს ჰგავხარ, შე უბედურო!

- ჭინკა ვარ, - თქვა ჩამოძონძილმა.

- ალბათ პატრონი არ გყავს, - შეეცოდა დაჩის.

- უპატრონო შენა ხარ!

- ალბათ ახალი ტანსაცმელი არა გაქვს. არც თმას გკრეჭს ვინმე.

- ტანსაცმელი ახალიც რომ მექნეს, მაშინვე დავხევ და ჩამოვიძონძავ. დალაქი დასანახად მძულს, რაც ქვეყნად გავჩნდი, პირი არ დამიბანია, მაგრამ ამას შენ ვინა გკითხავს. თუ გინდა, მეთამაშე.

- რა თამაში გეცოდინება, შე პირდაუბანელო!

- ჰმ, - ფეხი ფეხზე გადაიდო ჭინკამ. - მე ჭინკა ვარ, ყველაფერი ვიცი.

- კუკუდამალობანა?

- კუკუდამალობანა ჩემი მოგონილია, - გაეცინა ჭინკას, - მაგრამ ტყეში ყოველთვის მაგას ვთამაშობ და მომწყინდა. მაინც გეთამაშები, მოდი გავითვალოთ:

ენკი, ბენკი, სიკლისა,

ენკი, ბენკი, და...

გა-ვი-და!

გაითვალა ჭინკამ და ბოლოს უცებ დაჩის გულზე დაადო ხელი:

- შენ გერგო, დაიხუჭე.

დაჩიმ დახუჭა თვალები და დაიწყო თვლა:

- ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი...

ჭინკა ახტა, დახტა, სად წავიდეს, სად დაიმალოს და ისევ ჯირკში შეძვრა.

- ცხრა და ათი! - დაჩიმ თვალი გაახილა, მიიხედ-მოიხედა და იფიქრა: ჭინკა ჭინკაა, ტახტის ქვეშ არ დაიმალებაო. იქვე ჯირკის ფუღუროში შეიხედა და დაინახა.

- დაკენტილი ხარ, გამოდი, დაიხუჭე!

გამოძვრა ჭინკა, თვალებზე ხელი აიფარა და ხმას არ იღებს, თან თითებში იჭყიტება.

- შებრუნდი და ათამდე დაითვალე!

- ათამდე თვლა არ ვიცი!

- მაშინ ხუთამდე დაითვალე!

- არც ხუთამდე ვიცი.

- მაშინ ზღაპარი მოყევი!

- ზღაპარი სულ არ გამიგონია.

- აბა, როგორ გეთამაშო, თუ არაფერი იცი?

- ჭიდაობა ვიცი, არც გათვლა უნდა, არც ზღაპრის მოყოლა.

- აქ, ცეცხლის პირას როგორ გეჭიდაო?! - გაუკვირდა დაჩის.

- თუ წაქცევის გეშინია?! ტყის იქით, ჭაობის პირას, რბილი მიწაა, წამოდი და იქ დამეჭიდე.

- ბებია და ბაბუა არ გამომიშვებენ.

- ბებია და ბაბუა მოიგონა! თქვი, რომ შეგეშინდა.

- მე შენისთანა პირდაუბანელის არ მეშინია.

- თუ არ გეშინია, ბებიას რას ეკითხები, გამოიპარე!

დაჩის უკითხავად არ უნდოდა წასვლა, მაგრამ მშიშარას დამიძახებსო და გაჰყვა.

ჭაობთან რომ მივიდნენ, ერთმანეთს ხელი სტაცეს, ჭინკა უსაშველოდ ღონიერია. დაჩიმ ერთხანს ძვრა ვერ უყო, მერე კი ხერხი იხმარა, კვანტი დაუდო და მიწაზე გულაღმა გაშხვართა, წააქცია და მაშინვე ხელი უშვა, მაგრამ ჭინკა უცებ წამოხტა და აჭიჭყინდა:

- არ ვარ წაქცეული, ბეჭები არ დამიდვია მიწაზე.

- აბა, რა იყო, მიწაზე გულაღმა რომ დაგაგდე!

- არა, შე მამაძაღლო, ტყუილს ამბობ!

- მე ვამბობ ტყუილს? - გული მოუვიდა დაჩის. დაჩის რომ გული მოუვა, მტრისას, დაავლო ხელი ჭინკას, კისრულით გადმოიღო და შორს მოისროლა.

- არიქა, ეს რა მიქენი, ჭაობში გადამაგდე? - აღრიალდა ჭინკა.

დაჩი ხედავს, ჭინკა ნელ-ნელა ეფლობა. არც დაფიქრებულა, მაშინვე გაიქცა მისაშველებლად.

ჭაობში ჩახტა, ხელი გაუწოდა. ჭინკა მოებღაუჭა და ამოვიდა. ახლა დაჩი ეფლობა, ამოსწევს ერთ ფეხს, მეორე უფრო ღრმად მიდის, მეორე უნდა ამოსწიოს და ამასობაში იძირება და იძირება.

- არიქა, ურჩხული მოდის, - იყვირა ჭინკამ და მოუსვა, დაჩი ეფლობა და ხედავს, ურჩხული უახლოვდება, უშველებელი, ღია პირი ტალახით და შლამით აქვს სავსე. დაჩიმ ხანჯალი ამოიღო, მაგრამ ურჩხული მოახლოვდა და გაჩერდა.

- მე არ მეჩქარება, - თქვა ურჩხულმა, - როცა ჩაიძირები, მერე გადაგყლაპავ.

დაჩი მთლად გაცეცხლდა და ისევ მოინდომა ამოსვლა, მაგრამ რამდენი გაინძრა, იმდენი ქვევით და ქვევით წავიდა.

ამ დროს სახლში ბაბუა დაბრუნდა და იკითხა:

- ჩვენი შვილიშვილი სად არის?

- დაჩი აქ იყო, - მიხედ-მოიხედა ბებიამ.

- ავ-ავ, - კარებთან დაყეფა ძაღლმა.

- მიაუ, მიაუ, - დაიკნავლა კატამ.

ბებიამ შვილიშვილი რომ ვერ დაინახა, ლოყაზე ხელი შემოირტყა და წამოდგა, რომ გარეთ გაეხედა. უეცრად კალთიდან ძაფის გორგალი გადმოვარდა. ბებიას უნდოდა, აეღო და ისევ კალთაში ჩაედო, მაგრამ გორგალი სახლიდან გარეთ გამოგორდა და ტყისკენ წავიდა.

მისდევს ბებია, ბებიას - ბაბუა, ბაბუას - ძაღლი, ძაღლს - კატა, შევიდნენ ტყეში, გორგალი ხეებს შორის მიგორავს და თანდათან პატარავდება. გავიდნენ ტყიდან და ძაფიც გამოილია. აგერ დაჩი კისრამდე ჩაფლულა, ჭაობის ურჩხული კი წევს და ელოდება.

- არ ჩამოხვიდეთ, - დაუძახა დაჩიმ, - ჩაიძირებით!

- არიქა, შვილზე უფრო საყვარელო შვილიშვილო! - იყვირა ბებიამ და ჭენჭყობში გადაეშვა.

შვილმა გული გაიარა, შვილიშვილმა - გულის გული! - შეჰყვირა ბაბუამ, ბებიას გაასწრო და დაჩის მიუახლოვდა, მაგრამ თვითონაც ჩაეფლო.

- დაჩი, ბაბუა, ამომყევი გულზე, მხარზე დამადექი, გადამიარე და წადი!

- ამოჰყევი, მერე მე გადამიარე და თავს უშველე, ჩვენ შენი ჭირი წაგვიღია! - გააბა კივილი ბებიამ.

ამოვიდა დაჩი, შედგა ბაბუას და ბებიას მხრებზე, ისკუპა და სამშვიდობოს გავიდა, ძაღლმა სიხარულით ყეფა ატეხა, კატამ კი კნავილი.

დაჩი ხედავს, ბებია და ბაბუა იძირებიან, ისევ უკან დააპირა ჭაობში შესვლა, მაგრამ ბაბუა გაუწყრა:

- არ გაბედო!

რა ქნას დაჩიმ, წაიშინა თავში ხელი და ატირდა.

- არ იტირო, თვალები დაგისივდება! - შეეხვეწა ბებია.

ამის გაგონებაზე დაჩიმ ღრიალი მორთო. აყეფდა ძაღლი, აკნავლდა საცოდავად კატაც. ურჩხული კი არ ჩქარობს, წევს ამ დამპალ ტალახში და ელოდება. უცებ, სად იყო და სად არა, გრძელწვერა მოხუცი გამოჩნდა. დაჩის გაუხარდა, მასწავლის რა გავაკეთოო. მოხუცს სიმღერასავით ხმა ჰქონდა:

- ბებია და ბაბუა, რა თქმა უნდა კარგად მოიქცნენ, მაგრამ შვილიშვილიც მართალია, რომ ტირის, როცა ბებია და ბაბუა იძირებიან, შვილიშვილმა უნდა იტიროს! - მიწამდე დაშვებული წვერი აკრიფა, სულ სამიოდე ნაბიჯი გადადგა და გაქრა.

- კი ვტირი, მაგრამ ჩაძირულ კაცს ტირილი უშველის?! - მიაძახა დაჩიმ, თუმცა არავის უპასუხია.

გაიქცა დაჩი კისრისტეხით, მოიტანა ბარი, ნიჩაბი და არხის გათხრას შეუდგა. ბარავს და ბარავს, სულ ოფლად გაიწურა, ძაღლს ტყიდან ფიჩხის ლაწუნის ხმა მოესმა და აყეფდა. მოიხედა დაჩიმ და ჭინკა არ დაინახა?!

- მოდი, კუკუდამალობანა ვითამაშოთ, დაჩი!

- მე შენ კაი თამაშს მოგცემ! - გამოეკიდა დაჩი, მაგრამ დაჭერა არ გინდა?! ჭინკა ხეს ეფარება, ფუღუროდან ფუღუროში იმალება.

- ქსი, ეცი, მურია, არ გაუშვა!

- მურა გაჰყვა ნაკვალევს, მაგრამ ჭინკა ხიდან ხეზე გადახტა და კვალიც დაიკარგა, - არიქა, რავა თვალის სეირს უყურებო! - შეუყეფა ძაღლმა კატას. კატაც ხიდან ხეზე გადაძვრა, გაეკიდა მურია, დაიჭირეს ჭინკა და მიუყვანეს დაჩის.

- ახლავე ნიჩაბი აიღე, არხი გაჭერი, თორემ ცხვირ-პირს დაგამტვრევ! - შეეშინდა ჭინკას, ბარს ხელი დაავლო და მიწა ამოყარა და ამოყარა.

- რას შვრებით ჭაობი მართლა არ დააშროთ, არ დამღუპოთ! - აღრიალდა ურჩხული და აქეთ წამოვიდა.

- აბა, შენი დარდით არ გადავრჩებიო, - ჩაეცინა დაჩის, ხანჯალი ამოიღო და ჭაობის პირზე დაასო.

ის იყო ბებია და ბაბუა ჩაიძირნენ, რომ იხუვლა ჭაობის დამყაყებულმა, ტალახიანმა წყალმა და არხში გადავარდა.

ურჩხული აბჩენს ვეება მყრალ პირს და იკლაკნება, ურტყამს კუდს ლაფში და სულს ღაფავს. ჩაძირული ბებია და ბაბუა კი ნელ-ნელა ზევით იწევენ. დაჩის ისე უხარია, ცრემლები სულ ღაპაღუპით სცვივა.

- არ იტირო, ბებია, გული არ დაიჩაგრო, ჩვენ შენი ჭირი წაგვიღია.

- ასე, - თქვა ბაბუამ სამშვიდობოს რომ გამოვიდა, - როცა შვილიშვილი გყავს, ქვესკნელში ჩაძირულიც რომ იყო, ამოხვალ.

- ბებია, ეს საცოდავი ვინაა? - ჰკითხა ბებიამ დაჩის და ჭინკა დაანახვა.

- ამის ბრალია ყველაფერი! - დაავლო ხელი დაჩიმ ჭინკას და ამოსცხო და ამოსცხო პანღური.

- არ იჩხუბოთ, ჩხუბი გაგონილა?! - დაარიგა ბაბუამ.

- აჰ, ცოდვაა, შენ გენაცვალე! - გადაეფარა ჭინკას ბებია.

- წადი, პირი დაიბანე, შე მართლა მამაძაღლო, - გაუწყრა დაჩი, - თვლა და ზღაპრები ისწავლე, თორემ მეორეჯერ რომ შეგხვდები, ცხვირს გაგისიებ...

მანომ ზღაპარი დაასრულა და ფრთხილად წამოდგა.

- ტუტუცი სიტყვაც არ თქვას, - მოესმა თვალებმილულული დაჩის ხმა.

- აჰ, როგორ შეიძლება, ტუტუცი სიტყვა გაგონილა?! - დაუმატა მანომ, ფეხსაცმელები გაიძრო, ხელში დაიჭირა, ოთახიდან თითის წვერებზე გამოვიდა და კარი გამოიხურა.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ