მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 10126 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

- იყო ერთი ბიჭი.

- რა ერქვა? - იკითხა დაჩიმ.

- რა ერქვა?.. - მანო ჩაფიქრდა, მერე წამოიძახა: - დაჩი ერქვა და არავინ ისე არ უყვარდა, როგორც დედიკო.

ერთხელ დედა სადღაც წავიდა. დაჩის ძალიან, ძალიან მოენატრა, სულ ჭიშკრისკენ ჰქონდა თვალი. ტირილიც კი უნდოდა, მაგრამ კარგი ბიჭი იყო და ხომ ვერ იტირებდა! დედა საღამოსაც არ მოვიდა, დაჩი დაწვა და არხეინად დაიძინა.

- არ დაუძინია!

- ჰო, არ დაუძინია, მაგრამ ბოლოს მაინც დაიძინა.

- დედა?

- მეორე დღეს დედაც გამოჩნდა, უამრავი ტკბილეული და სათამაშო მოუტანა დაჩის. დაჩიმ არც ფოჩიან კანფეტებს ახლო ხელი, არც სათამაშოებს მიხედა, დედას კალთაში ჩაუჯდა და უთხრა:

- შენ ყველაზე კარგი ხარ, დედიკო!

დედას ეს, ცოტა არ იყოს, ეწყინა.

- ყველაზე კარგი მე კი არა, შენ ხარ.

- შენ ხარ,.. - იუარა დაჩიმ.

დედამ თვალებში ჩახედა შვილს, შუბლზე თმები გადაუწია და თავისი მაინც არ დაიშალა:

- არა, დაჩი, ამქვეყნად შენზე უკეთესი არავინაა.

ბიჭს ახლაც ისე მოუნდა ტირილი, თითქოს დედა შინ არ ყოფილიყოს.

- არა, ყველაზე უკეთესი შენ ხარ, დედა!

- მე შენზე უფროსი ვარ და როცა უფროსი გეუბნება, უნდა დაუჯერო.

ბიჭს უნდოდა დაეჯერებინა, მაგრამ რა ექნა, როცა დედაზე უკეთესი არავინ ეგულებოდა.

- არ დაგიჯერებ! - გაჯიუტდა დაჩი.

- კარგი ბიჭები არ ჯიუტობენ.

ბიჭს, როცა დედა შინ არ იყო, მაშინ არ უტირია, ახლა კი აქვითინდა.

გაჯავრებულმა დედამ ძირს ჩამოსვა ატირებული დაჩი და უთხრა:

- თუ არ გჯერა, წადი მეზობლის ბიჭის დედასთან და ჰკითხე: დედა უფრო კარგია თუ შვილი?

დაჩი ტირილ-ტირილით წავიდა. მივიდა მეზობლის ქალთან. ქალს თეთრი კაბა ეცვა, ბიჭმა ჰკითხა:

- დედა უკეთესია თუ შვილი?

თეთრკაბიანმა ქალმა მაშინვე ღიმილით უპასუხა:

- რა თქმა უნდა, შვილი!

დაჩი კიდევ უფრო ატირდა და მეორე მეზობელთან წავიდა. იმ მეზობლის ქალს წითელი კაბა ეცვა და დაჩიმ ჰკითხა:

- დედა უკეთესია თუ შვილი?

წითელკაბიანი ქალი დაფიქრდა და თქვა:

- შვილი... შვილი შვილია... შვილისთანა კარგი არავინაა.

აზლუქუნებულმა ბიჭმა მესამე მეზობელთან გასწია. იქ შავკაბიანი ქალი დახვდა. დაჩიმ ჰკითხა:

- დედა უფრო კარგია თუ შვილი?

- შვილებს შემოევლოს ჩემი თავი, მათი ფასი რაა ამქვეყნად!

დაჩის ახლა ამ ქალებზე მოუვიდა გული და წავიდა.

იარა, იარა, მიადგა ერთ ტყეს, ხედავს: კურდღელს ჩამოუყრია უშველებელი ყურები, ტანზე ბეწვს იგლეჯს და ტირის.

- რა გატირებს? - ჰკითხა დაჩიმ.

- როგორ თუ რა მატირებს, - თავში წაიშინა თათები ცანცარამ. - ბაჭიები დამეკარგა და ვაითუ, მგელმა შემიჭამა. ნეტავ, ერთი დამანახა, მე იმას ვუჩვენებ თვალის სეირს!

- მგელს?! - გაუკვირდა დაჩის, - შენც რომ შეგჭამოს?!

- ნეტავ მე შევეჭამე და ჩემი შვილები გადარჩენილიყვნენ.

- ესეც იმ ქალებივით ლაპარაკობს, - დაჩი კვლავ ატირდა. წავიდა, იარა, იარა და რას ხედავს: მგელი დამჯდარა ბუნაგთან, რაც ძალი და ღონე აქვს, თათს ირტყამს ცხვირ-პირში. ყმუის, კივის, წივის.

- რა გატირებს? - ჰკითხა დაჩიმ.

- შვილებისათვის საჭმლის საშოვნელად წავედი, დავბრუნდი და არც ერთი აღარ დამხვედრია, ვაითუ, ლომმა შემიჭამა. ახლა, ამ ცხელ გულზე, რომ სადმე შემახვედრა, არ ვიცი, როგორ გადამირჩება!

- მერედა ლომს რას დააკლებ? - გაუკვირდა დაჩის, - შენც შენს შვილებს მიგაყოლებს.

- ნეტავ მე შემხვედროდა და შევეჭამე, შვილები გადამირჩებოდა.

„ამასაც თავს შვილები ურჩევნია.“ კიდევ უფრო მწარედ ატირდა დაჩი. იარა, იარა და ისეთი ღრიალი შემოესმა, სულ დაავიწყდა თავისი სადარდებელი.

ხედავს და რას ხედავს: ლომს სულ გაუსისხლიანებია სახე, მთლად დაულეწია იქაურობა და მიწაზე დამხობილა. დაჩის არც კი გაეგონა, თუ ლომმა ტირილი იცოდა და აგერ არ მოთქვამს?

- შენ მართლა ლომი ხარ? - ჰკითხა დაჩიმ.

- ლომი ვარ! - ამოიღრიალა ლომმა.

- და ტირი?!

- ვტირი კი არა, თავს არ ვიკლავ?

- შენც შვილები ხომ არ დაგეკარგა?

- ხომ არ გინახავს, მითხარი, თუ სადმე შეგხვდნენ და მთელი სიცოცხლე ძაღლივით შენი ერთგული ვიქნები.

- დაჩის ძალიან უნდოდა სცოდნოდა, სად იყვნენ ლომის ბოკვერები, მაგრამ არ იცოდა და ისედაც გამწარებულ დედას ხომ არ მოატყუებდა?!

- შენს ბოკვერებს მაინც ვერაფერი შეჭამდა! - დაამშვიდა დაჩიმ.

- არ შეჭამდა, მაგრამ ცოტაა ფათერაკი? ჭაში ჩაცვივდნენ და დაიხვრჩნენ?

- სად არის აქ ჭა? - ჰკითხა დაჩიმ.

- ჭა რომ ვიცოდე სადაა, აქ რა გამაჩერებდა, შიგ არ გადავვარდებოდი?!

- შენ გგონია, რაკი ლომი ხარ, არ დაიხრჩობი?

- რა ჯანდაბად მინდა სიცოცხლე, თუ შვილები არ მეყოლება!

დაჩი წავიდა, მიდის, მიდის, აღარ ტირის და ფიქრობს: დედას მართალი უთქვამს, მაგრამ თვითონაც რა ქნას, რომ დედა მაინც ყველას ურჩევნია.

იარა, იარა და მიადგა ადიდებულ მდინარეს. ხედავს, - გაღმა დამჯდარა ორი ოქროსფერი ბოკვერი, თათები თვალებზე აუფარებიათ და იმ თათების სიმსხო ცრემლები სცვივათ.

- წყალგაღმა ხომ არ დარჩით?! - გასძახა დაჩიმ.

- ჰო, გაღმა გავედით, გაწვიმდა, გზა დაგვებნა, - აღრიალდნენ ბოკვერები. - ძლივს ისევ მდინარეს მოვაგენით, მაგრამ ადიდებულია და არსად ფონი არაა. ჩავარდა წყალში ერთი ბოკვერი, მეორე რომ არ მიშველებოდა, წყალი წაიღებდა. დასხდნენ და ისევ ატეხეს ღრიალი.

- მერედა არ გრცხვენიათ, ლომები ხართ და გეშინიათ?! - გაიკვირვა დაჩიმ.

- შიშით არ გვეშინია, ჩვენ დედის დარდი გვატირებს. ჩვენისთანა დედა არავის ჰყავს....

- მართალია, - დაემოწმა დაჩი და ქარქაშიდან ხანჯალი იძრო. აელვარდა ალმასისპირიანი ხანჯალი. მოუქნია და იქვე, წყლის პირას აღმართულ მაღალ ხეს შემოჰკრა. დასცხო და დასცხო.

ბოკვერები ნაპირთან მოცვივდნენ.

- უკან დაიწით! - უყვირა დაჩიმ, - თავში არ დაგეცეთ!

ბოკვერები უკან მიაწყდნენ და ფეხად გაასწრეს, ის იყო ხეც მდინარეზე გადაწვა, გაკეთდა ხიდი.

გავიდა დაჩი ხეზე, უნდა გაღმა გავიდეს. იქიდან გახარებული ბოკვერები გამორბიან. შუა ხიდზე შეეფეთნენ ერთმანეთს. გვერდის ასაქცევი არაა. ქვევით აქაფებული მდინარე მოედინება. დაიხია უკან დაჩიმ. ბოკვერებმა თავში ხელი შემოიკრეს, ისინიც უკან გაცვივდნენ.

დგას დაჩი ისევ გამოღმა ნაპირზე და ელოდება. არავინ იძვრის. ბოლოს ეძახის:

- გამოდით, რას უცდით!

- არა, ჯერ შენ გამოდი! - პასუხობენ ბოკვერები.

- თქვენ ხომ დედასთან გეჩქარებათ!

- ამოდენა სიკეთე გვიქენი და შენს გადებულ ხიდზე გამოსვლა არ გაცალოთ?

- გამოდით, მე არ მეჩქარება, დედაზე მაინც გულმოსული ვარ! - იქვე, ხის გადანაჭერზე ჩამოჯდა დაჩი.

- დედაზე გულის მოსვლა სად გაგონილა! - გაიოცეს ბოკვერებმა.

- გაგონილა თუ არ გაგონილა, მე გულმოსული ვარ! - ხელი ჩაიქნია ბიჭმა.

- დედაზე რომ ხელს ჩაიქნევს, იმისთანა შვილის გადებულ ხიდზე არც კი გავივლით! - მოაძახეს ბოკვრებმა და ისევ მდინარეში ჩაცვენა გადაწყვიტეს.

- მოიცათ! - წამოვარდა დაჩი და ხიდზე გავიდა. - მე დედას ვეუბნები, შენ ყველაზე უკეთესი ხარ-მეთქი და არ მიჯერებს, თქვენ რას იტყვით, გულმოსასვლელი არაა?

- ოო, - აღრიალდნენ ბოკვრები, - ეს საწყენია.

მერე ხიდზე გაირბინეს და ბუნაგისაკენ მოკურცხლეს.

დაჩი წავიდა ისევ. იარა, იარა და მგლის ლეკვების ღმუილი და ტირილი შემოესმა. მიიხედ-მოიხედა, ვერავინ დაინახა. არადა, ტირილი და ჟივილი ისმის. მიჰყვა ხმას. აგერ, უშველებელ ორმოში ჩაცვენილი მგლის შავი ლეკვები შავი ცრემლებით ტირიან.

- მე ვიცი, თქვენ რა გატირებთ, - ჩასძახა დაჩიმ.

- ტყეში დავიკარგეთ და მერე ამ ორმოში ჩავცვივდით, დედა ჯავრს ვერ გადაურჩება.

- ვიცი, - უთხრა დაჩიმ, - რა ვუყოთ რომ, თქვენი დედა მგელია. ალბათ, მაინც ყველაზე კარგია ამქვეყნად.

- ჩვენი დედა ყველაზე კეთილი და ლამაზია.

დაჩის გაეღიმა, იძრო ხანჯალი, დიდ ხეზე ჩამოხლეჩილი ტოტი გასხიპა, ორმოში ჩაუშვა და ჩასძახა:

- ამოჰყევით და ამოდით!

გავიდა ხანი, ლეკვები კი არ ჩანან.

- რას უყურებთ, დედათქვენთან არ გინდათ?

- დედასთან გვინდა, აბა, სად ჯანდაბაში გვინდა!

- მერედა რას უცდით? - ჩასძახა დაჩიმ ორმოში. ლეკვები ერთმანეთს უთმობენ გზას და არც ერთი არ ამოდის.

- თქვენს შორის რომელიც უფროსია, უწინ ის ამოვიდეს! - ასწავლა ბიჭმა.

- ჩვენ ტყუპები ვართ! - ატირდნენ ლეკვები, - რა გვეშველება!

დაჩი თვითონ ჩაჰყვა ტოტს, აქეთ-იქით იღლიაში ამოიდო ლეკვები და მაღლა ამოიყვანა, გზა მიასწავლა და გაუშვა.

„დედა ისე უყვართ, მადლობის თქმაც კი დაავიწყდათ“, - გაიფიქრა დაჩიმ და გზა განაგრძო.

იარა, იარა, დაიღალა და წაქცეულ ხეზე ჩამოჯდა, ჩამოჯდა და მაშინვე კურდღლის ბაჭიების ჭყიპინი მოესმა. დაჩიმ იქაურობას თვალი მოავლო, ვერაფერი დაინახა, მერე ეძება, იქნებ ორმო იყოს სადმეო, მაგრამ ვერც ის იპოვა.

სად ხართ, რომ თქვენი ჭყიპინი და ტირილი ისმის, თქვენ კი არ ჩანხართ?

- აქა ვართ, ფუღუროში! - დაიძახეს ბაჭიებმა.

და დაჩიმ დაინახა, წაქცეული ხის ვიწრო ფუღუროში გამოჰყოფს თავს ბაჭია, რომელსაც ნახევარი ცხვირი იისფერი აქვს, მაგრამ ტანი ვერ გამოუტევია, მერე მეორე მოასკდება, რომელსაც ნახევარი ცხვირი ენძელასავით თეთრი აქვს.

- შიგ როგორ შეძვერით, რომ გარეთ ვერ გამოტეულხართ? - გაუკვირდა დაჩის.

- ვიფიქრეთ, დედას მივეშველებით, საჭმელს ვიშოვით-თქო და წამოვედით, - თქვა ენძელასფერცხვირიანმა და უკანვე მიიმალა.

- სტაფილო ვიშოვეთ, - თავი გამოყო იისფერცხვირიანმა, - ჩვენ სტაფილო ძალიან, ძალიან გვიყვარს.

- ფუღუროში სტაფილოს რა უნდოდა? - ისევ გაუკვირდა დაჩის.

- ჩვენ შევიტანეთ! - ისევ გამოყო თავი ენძელასფერცხვირიანმა, - ჩვენ ხომ ყველაფერი გვემტერება, არ შეგვჭამოს, თორემ დედას გული გაუსკდება-თქო და აქ, ფუღუროში შევჭამეთ, - ატირდა ბაჭია. - ახლა გარეთ ვეღარ გამოვეტიეთ. სანამ ჩვენ ისევ მოგვშივდება, დედა ჯავრს ვერ გადაურჩება, - საბრალოდ აჭყლოპინდა მეორე ბაჭიაც.

- დაიწი უკან! - გააფრთხილა დაჩიმ, - ვიცი, თქვენც ტყუპები ხართ, - ხანჯალი ამოიღო, მოუქნია და ფუღუროიან ხეს დიდი ნაფოტი ჩამოაჭრა, რომ ორივენი ერთად გამოტეულიყვნენ. გამოცვივდნენ ბაჭიები, ისე გაიქცნენ, სულ ყირა-ყირა გადადიოდნენ. როგორც იყო, ენძელასფერცხვირიანს მოაგონდა, მადლობა რომ ეთქვა და იისფერცხვირიანს ისე შერცხვა, რატომ მე ვერ მოვიფიქრეო, იისფერი ცხვირი ყოჩივარდისფერი გაუხდა.

წამოვიდა დაჩი. იარა, იარა, გამოვიდა ტყიდან, მაგრამ ახლა არ იცის, სად წავიდეს. ვერ გაეგო, დედები ამბობდნენ მართალს, თუ შვილები და ისევ ატირდა.

კიდევ კარგი, საიდანღაც თეთრწვერა მოხუცი გამოჩნდა. მოხუცს ხელში ჯოხი არ ეჭირა და სიმღერასავით ხმა ჰქონდა:

- დედები, რა თქმა უნდა მართალს ამბობენ,.. - დაიწყო მოხუცმა ისე, რომ ბიჭისთვის არც უკითხავს, რისთვის ტიროდა. დაჩიმ სულ ამოიგლიჯა გული.

მოხუცმა სიმღერასავით განაგრძო:

- არაფრით არ მეგონა, მაგრამ რომ ვუკვირდები, შვილებიც მართალს ამბობენ, - თქვა ეს, უშველებელი, მიწამდე დაშვებული წვერი აკრიფა, სულ სამიოდე ნაბიჯი გადადგა და გაქრა.

დაჩის ამასობაში ჩასძინებოდა.

მანო ფეხაკრეფით გაიპარა ოთახიდან.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ