იყო ბაჩო და მანო, მაგრამ ცა და მიწა რომ მოგევლოთ, არსად იყო დაჩი. უთუოდ გული მოუვიდა, რატომ მე არა ვარო, და ერთ მშვენიერ დღეს ამქვეყნად დაჩიც გაჩნდა.
გაუხარდა ბაჩოს, მანო კინაღამ გადაირია სიხარულით, თვითონ დაჩი კი ამ ამბავს არაფრად აგდებდა. მერე რა მოხდა, თუ გავჩნდი, აბა, როგორ გეგონათ, თქვენზე ნაკლები ვიყავიო?!
არავის უთქვამს, რომ ნაკლები იყო, მაგრამ დაჩი, როგორც ვთქვით, ნაწყენი გახლდათ და ასე ამიტომ თუ იფიქრა.
- რა გიყოთ, რითი გაგიმასპინძლდეთ? - ჰკითხეს ამ ქვეყნის სტუმარს.
- „არავითარი სასმელი არ წამაკაროთ, მხოლოდ რძე მიყვარს“, - ატირდა დაჩი.
- რძე კარგია, ძალიან კარგია რძე! - მიუხვდა დაია.
- „უშენოდაც ვიცი“! - იფიქრა დაჩიმ.
- იცი, დაჩი, შენ ყველაფერი იცი, - დაამშვიდა მანომ.
- არაფერიც არ იცის! - თქვა ბაჩომ, - ჯერ არ მოსულა და უყურეთ, რა გულზეა ეს თითისტოლა.
დაჩი ნამეტანი გაბრაზდა და აკვნის არტახიდან ხელების გათავისუფლება სცადა. მანოსაც გული მოუვიდა:
- დაჩი დიდი ბიჭია!
დაჩის ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- რა დიდია, სულ ერთი ციდა თუ იქნება.
- არაფერიც! - არ აცალა მანომ, - ერთი ციდაც არის და სამიც! ამის გარდა, ისეთი ღონიერია!.. ეე, დაჩი ძალიან ღონიერია!
- ღონიერი არა, ის არ გინდა!
დაჩი ძალიან, ძალიან გაგულისდა, მაგრამ ბაჩომ თავისი მაინც არ დაიშალა.
- არ გამიგონია მე მაგის ღონე!
- შენ რა იცი, მთელი დღე სკოლაში ხარ, ღამით კი ისე გძინავს, ფეხით რომ გათრიონ, ვერ გაიგებ.
- მაგას რა, ღამით არ სძინავს?
- არა, დაჩის ღამით სულ არ სძინავს!
- ესეც ახალი ამბავი!
- ჰო, შენთვის ახალი ამბავია, მე კი ყველაფერი კარგად ვიცი.
- არც წუხელ ეძინა?
- არც წუხელ, არც გუშინღამ, არც გუშინწინღამ.
გულმოსულ დაჩის ამასობაში ჩასძინებოდა, მაგრამ მანომ მშვენივრად იცოდა ის, რაც ღამით თავს გადახდა დაჩის. მან საიდუმლო მხოლოდ მანოს გაანდო. მანომ, რადგან საქმე საქმეზე მიდგა, თქვა:
- როცა სახლში ყველას სძინავს, დაჩი, თავისით იშვებს არტახებს, იცვამს და მიდის.
- ნეტავ სად მიდის?
- სად მიდის და.. სანადიროდ.
- ყოჩაღ! - იცინის ბაჩო.
- ჩიტო, ჩიტო, ჩიორას რომ ეუბნება, ერთი ბარტყი გადმომიგდეო, ის მელა დაიჭირა. მელა რაა, მგონი ერთ მგელსაც გააძრო ტყავი.
- სად აქვს შენახული, ხომ არ უთქვამს?
- სად ექნება! მგლის ტყავი რა შესანახია?!
- აბა, ვეფხვი დაეჭირა.
- დაიჭირა! - ამბობს მანო და ჰყვება: - რატომ დაიჭირა, არ იკითხავ? უნდოდა ვეფხვის ტყავი აკვნის ქვეშ გაეგო, მაგრამ ვეფხვები ხომ ჩვენ ტყეებში აღარ ბინადრობენ, ძალიან შორს წასულა დაჩი, წასულა და, შენ რა გგონია? - დაუჭერია!
რა აცინებს ამ ბაჩოს, რომ იცინის და იცინის, ვითომ ვერ დაიჭერდა? დაჩი რისი დაჩია, თუ ვეფხვს ვერ დაიჭერს?
- დაიჭერდა, დაიჭერდა! - ამბობს ბაჩო.
- ჰოდა ამოუდვია იღლიაში და მოჰყავს.
რა იქნება ახლა, ესეც დაიჯეროს ბაჩომ? თუ დაჭერა სჯერა, იღლიაში ამოდება და წამოყვანაც დაიჯეროს!
... და ბაჩოც ეთანხმება, რომ მოჰყავს დაჩის იღლიაში ამოჩრილი ვეფხვი, მაგრამ ეჭვობს, პატარა ვეფხვი იქნებოდაო.
- რას მიქვია პატარა, პატარა ცოდვა არაა? დიდი ვეფხვი იყო, ის კი არა და, ბოკვერები ჰყოლია, მაგრამ დაჩის ხელი არ უხლია, მარტო მოფერებია, გათამაშებია და დედა ვეფხვი წამოუყვანია.
- პატარა ბოკვერებს არ დაიჭერდა დაჩი! - სჯერა ბაჩოსაც.
მოდის დაჩი და მოჰყავს ვეფხვი.
- რას მიპირებო? - უკითხავს ვეფხვს, - ზოოპარკის გალიაში ხომ არ უნდა დამამწყვდიოო?
- არაო, - უთქვამს დაჩის, - ზოოპარკში ვეფხვები ისედაც არიან, შინ უნდა მიგიყვანოო.
- რად გინდივარო? - ისევ უკითხავს ვეფხვს.
- ტყავი უნდა გაგაძრო, ძალიან ლამაზი და რბილი ტყავი გაქვს, აკვნის ქვეშ გასაგებად მინდაო.
შეხვეწნია ვეფხვი:
- არ დამღუპო, შვილების პატრონი ვარ, შენც ხომ გყავს დედაო?
- მყავსო, - უთქვამს დაჩის, - აბა, ძუძუს ვინ მაწოვებსო.
- ჰოდა ჩემს შვილებსაც ხომ უნდათ ძუძუ! - ატირებულა ვეფხვი.
დაჩის გახსენებია, რომ რძე უნდოდა და ისიც ატირებულა.
ვეფხვს უთქვამს, მე გასმევ რძეს, ოღონდ გამიშვიო.
- კარგიო, - უთქვამს დაჩის, მოუწოვია ძუძუ და გაუშვია თავის შვილებთან.
- შენ ჩაიდინე ამდენი ამბავი? - ეკითხება ბაჩო მძინარე დაჩის.
- ბიჭო, ბავშვი არ გააღვიძო! - უჯავრდება მანო და წყნარად არწევს ნაბოლარა ძმას.
დაჩის კი სძინავს. ზოგჯერ ღიმილი გადაურბენს ტუჩებზე, ალბათ, მელას უნდოდა მოეტყუებინა, მაგრამ მიუხვდა ეშმაკობას, ან პატარა ბოკვერებს თუ ეფერება.
ზოგჯერ დედა ვეფხვი თუ გაახსენებს, რომ ძუძუ უნდათ მის შვილებს, დაჩისაც მოუნდება რძე და ატირდება. რა ქნას, მას ხომ რძესავით არაფერი უყვარს...
აი, ასე გაჩნდა დაჩი.
პოეზიის გვერდი • • • • • • ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა |