მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1391 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

დაჩიმ მთელ ქვეყანაზე საოცარი მონადირის სახელი გაითქვა. ყველამ გაიგო და დაიჯერა, რომ ცოცხლად დაიჭირა ვეფხვი, მისი ძუძუ წოვა და მერე თავის შვილებთან გაუშვა.

ყველამ დაიჯერა და ბაჩოს რა ღმერთი გაუწყრა, ღიმილით რომ უცქერის აკვანში ჩაკრულ დაჩის და საეჭვოდ აქნევს თავს.

დაჩის გული მოსდის, როგორ არ გაგულისდება, როცა ვეფხვის ცოცხლად დამჭერ მონადირეს ვინმე ეჭვის თვალით შეხედავს!

დაჩი ძალიან გამწყრალია და მანო ამბობს:

- შენ ამქვეყნად არაფერი გჯერა, ბაჩო!

- მე?!

- ჰო, არ გჯერა და მაინცდამაინც გინდა, ადამიანს გული გაუტეხო! დაჩის

რომ ვეფხვისათვის ტყავი გაეძრო და მოეტანა, დაიჯერებდი, რომ კარგი მონადირეა, მაგრამ ბოკვერებს დედა არ ეყოლებოდათ და არავინ ასმევდა რძეს!

- ტყავგამძვრალი ვეფხვი შვილებს ძუძუს ვეღარ აწოვებდა! - ამბობს ბაჩოც.

- ვეფხვი ალბათ ბევრს მოუკლავს, ცოცხლადაც დაუჭერიათ და ზოოპარკში ან ცირკში წაუყვანიათ, თავის შვილებთან კი მარტო დაჩიმ გაუშვა.

- ასე რომ არ ექნა, ვეფხვის დაჭერა არავის გაუკვირდებოდა.

„არ გაუკვირდებოდა, - ფიქრობს თავისთვის დაჩი და ცდილობს, არტახიდან ცალი ხელი მაინც ამოაძვრინოს, - ჩვენი იატაკი უსწორმასწოროა და რწევისას აკვანი ჯაყჯაყებს. ქვეშ ვეფხვის ტყავის გაგება პირდაპირ მისწრება იქნებოდა, მაგრამ ბოკვერების უდედოდ დატოვებას ისევ ისა ჯობია, ცოტა თავს გაუჭირვო, სამაგიეროდ, სახელი გაითქვა კაცმა. თუ თავს არ გაუჭირვე, სახელს ვერ გაითქვამ“.

- შენ კი ყველაფერი იოლი გგონია! - ნიშნისმოგებით ამბობს მანო.

- რატომ? მე ვიცი, ვეფხვის დაჭერა იოლი არაა, - აღიარა ბაჩომ.

- ახლა ისიც თქვი, რომ არც გაშვებაა ადვილი, როცა ძალიან გჭირდება ვეფხვის ტყავი.

- ვინ იცის, - ამბობს ბაჩო და საეჭვო ღიმილს არ იშლის.

- მართალია? - ეკითხება იგი დაჩის, რომელმაც ვერ იქნა და არტახიდან ხელი ვერ ამოჭვალა.

- მართალიაო?! - უკვირს მანოს, - ეს იქაც იციან, ვეფხვების ქვეყანაში.

- მას შემდეგ, რაც ვეფხვი გაუშვა, ბევრჯერ იყო?

- ბევრჯერ.

- იქაურებს დიდ პატივისცემაში ეყოლებათ ასეთი სახელოვანი მონადირე, - ისევ იღიმება ბაჩო.

- პირდაპირ საკვირველია, რა აცინებს ამ ბაჩოს. სტუმარი, კარგი მონადირეც რომ არ იყოს, მაინც სტუმარია და დაჩი მით უმეტეს, მისი ამბავი ხომ ყველამ იცის.

- დიდი ქეიფი და ლხინი ექნებოდათ.

- სწორედ რომ დიდი ლხინი ჰქონდათ.

მაგრამ ბაჩო ასე იოლად არ ირწმუნებს, თუ კარგად არ უამბე. ის კი არა, ზოგი რამ შეიძლება მერეც არ დაიჯეროს.

- დაჩი რომ ჩავიდა, იქაურმა მონადირეებმა დიდი წვეულება გაუმართეს. რა გინდა, სულო და გულო, რას ინატრებდი, რომ იქ არ ჰქონოდათ. ფაფა პირდაპირ ქვაბით იდგა სუფრაზე და თბილი ორთქლი ასდიოდა. იყო ღომივით სქელი ფაფა. იყო ისეთი თხელიც, შეგეძლო ბოთლშიც ჩაგესხა და საწოვარათი დაგელია. ახლა რძეს არ იტყვით? ჩიტის რძეც არ აკლდათ. ჭამდნენ და სვამდნენ.

დაჩიმ დაინახა, მის გვერდით მჯდარ მონადირეს, ორად ორი თეთრი კბილი რომ უჩანდა, წინ სქელი, მოყვითალო რძე ედგა. იმის იქით რომ მონადირე იჯდა, თხელი, წყალდაკრული რძის დალევას აპირებდა. თვითონ დაჩის მოცისფრო რძით სავსე საწოვარა ედგა.

- მასპინძლებო! - თქვა სტუმარმა და ადგა. ყველა წამოიწია, მაგრამ დაჩიმ ხელით ანიშნა, ისხედითო და განაგრძო, - სხვადასხვა რძეს სხვადასხვა მარგებლობა აქვს.

- მართალია! - თქვა სუფრის თავში მჯდომმა მონადირემ, რომელსაც შუბლზე საწოვარას რგოლისოდენა ტყირპი ჰქონდა. - თქვენ აირჩიეთ, რომელიც უფრო მოგეწონებათ, ყველა იმას დავლევთ.

დაჩიმ ბოთლი ხელის გულზე დაიდო, მზეზე გახედა, მერე რძე მოსვა, ერთხანს პირში გააჩერა და თავი გადააქნია. როცა მრავალნაირი სასმელია, არჩევა გიჭირს ადამიანს. წინ მეორე სასმელი დაუდგეს.

- ეს არ დაიწუნება, მაგრამ ზედმეტად დატკბილული მეჩვენება.

- მართალია, - დაეთანხმა ექვსკბილიანი მონადირე, რომელსაც მასპინძლებს შორის რძის ავკარგიანობა ყველაზე მეტად ესმოდა და თვითონ გადმოუდგა დაჩის ვარდისფერი რძით სავსე მოგრძო ბოთლი.

- ლამაზი ფერი აქვს, - მაშინვე თქვა დაჩიმ.

- გემო, გემო ნახე! - გაიბადრა ექვსკბილიანი.

- ამაზე კარგი სასმელი ქვეყნად არ იქნება, - თქვა დაჩიმ, როცა ერთი ყლუპის მაგიერ ოთხი ყლუპი მოსვა.

- მართალია!

- მართალია! - ახმაურდა სუფრა.

- დიახ... - დაჩის რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ მოერიდა.

- რა მოხდა?

- ამასაც წუნობს?!

- მე წუნია არა ვარ, - თქვა დაჩიმ.

- ის ხომ ჩიტის რძე იყო! - წამოსცდა ვიღაცას.

- ყველაზე უფრო იმიტომაც მომეწონა. მაგრამ ერთი აქაური რძე ვიცი...

- აა, - იყვირა ტყირპიანის გვერდით დიდთავა მონადირემ, - ახლავე! - სუფრიდან გაქრა და სტუმარს საგანგებო სასმელი მოუტანა.

როცა დაჩიმ ისიც გასინჯა, თავი დააქნია, ნასიამოვნებს გაეღიმა და ორი ახალმოჭრილი ქვედა კიჭი გამოაჩინა.

- გაუმარჯოს დაჩის!

- გაუმარჯოს!

- ყანწი მომეცით! - თქვა დაჩიმ.

ყანწის ხსენებაზე მასპინძლებმა პირი დააღეს და ვის რამდენი კბილი ჰქონდა, გამოუჩნდა. ვერ გაიგეს, რა იყო ყანწი.

- მონადირეებო, რქა მინდა, ჯიხვის რქა!

იქაურებმაც კარგად იცოდნენ, რა იყო რქა, მაგრამ არ იცოდნენ ჯიხვი.

- თუ ჯიხვი არ არის, რისი რქით დავლიოთ სადღეგრძელო?

სუფრიდან რამდენიმე მამაცი მონადირე ადგა, ტყეში გაუჩინარდა და მალე უზარმაზარი, ცოცხალი მარტორქა მოიყვანეს.

დაჩიმ ცხვირში წაავლო ხელი და შუბლზე ამოსული ერთადერთი რქა ააძრო, საგანგებო რძით აავსო და მთელი ქვეყნის მონადირეები ადღეგრძელა.

დალია, ყანწი ფრჩხილზე დაირეკა და ტყირპიანს ესროლა. ტყირპიანმაც დალია და დიდთავას გადააწოდა. ბოლოს დაჩიმ ცარიელი სასმისი ისევ ჩამოაცვა მარტორქას და გაუშვა.

- ვეფხვის რძე გყვარებიათ, - გადაულაპარაკა გვერდით მჯდომმა ოთხკბილიანმა.

- მართალია, დედის რძის მერე, ვეფხვის რძეს რძე არ მირჩევნია. რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს, - გაუტყდა განთქმული მონადირე დაჩი მეგობარს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ოტია იოსელიანი  • • •   ოტია იოსელიანის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ