ალბათ ყველას გსმენიათ ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის, დიპლომატის, მწერლის, ჟურნალისტის, გამომცემელის, მასონის, პოლიმატის, მეცნიერის და გამომგონებლის ბენჯამინ ფრანკლინის შესახებ.
იმისათვის, რომ უკეთ წარმოვაჩინოთ მისი ფასდაუდებელი წვლილი ისტორიაში, თვალი გადავავლოთ მის მიღწევებს.
ბენჯამინ ფრანკლინმა გამოიგონა:
• მეხამრიდი;
• ბიფოკალური სათვალე (სათვალე, რომელსაც ორმაგი მინები აქვს თითოეული თვალისათვის (შორს და ახლოს საყურებლად);
• ფრანკლინის ღუმელი;
• მას ეკუთვნის ბევრი გამორჩეული აღმოჩენა ელექტროენერგიის სფეროში;
• შექმნა გოლფსტრიმის პირველი დეტალური რუკა;
• დააარსა პირველი საჯარო ბიბლიოთეკა შეერთებულ შტატებში;
• დააარსა ფილადელფიის აკადემია;
• მონაწილეობდა დამოუკიდებლობის დეკლარაციისა და აშშ-ს კონსტიტუციის შექმნაში;
• აქტიურად ეწეოდა საგამომცემლო საქმიანობას;
ბენჯამინ ფრანკლინის 13 სათნოება
1. თავშეკავება - არ ჭამო მოყირჭებამდე, არ დალიო დათრობამდე.
2. დუმილი - ილაპარაკე მხოლოდ ის, რაც სასარგებლო იქნება შენთვის ან სხვისთვის, თავი აარიდე ლაქლაქს.
3. წესრიგი - ყველა ნივთს მიუჩინე თავისი ადგილი, ყოველი საქმისთვის თავისი დრო გქონდეს.
4. გაბედულება - გადაწყვიტე შეასრულო ის, რაც გასაკეთებელია, განუხრელად შეასრულო ის, რაც გადაწყვიტილია.
5. მომჭირნეობა - ფული დახარჯე მხოლოდ იმაზე, რასაც შენთვის ან სხვისთვის სიკეთე მოაქვს, არაფერი არ გაფლანგო.
6. სიბეჯითე - არ დაკარგო დრო ტყუილუბრალოდ, ყოველთვის რაიმე სასარგებლო საქმით იყავი დაკავებული, უარი თქვი ყოველ უსარგებლო მოქმედებაზე.
7. გულწრფელობა - არ იცრუო ბოროტად, გქონდეს წმინდა და სამართლიანი აზრები, საუბრის დროს მისდიე ამ წესს.
8. სამართლიანობა - არავის მიაყენო ზიანი, არ ჩაიდინო უსამართლობა და არ გამოგრჩეს ის კეთილი საქმეები, რომლებიც შენს მოვალეობაში შედის.
9. ზომიერება - მოერიდე უკიდურესობებს, შეძლებისდაგვარად შეეცადე იყო მიმტევებელი.
10. სისუფთავე - არ დაუშვა სხეულის, ჩაცმულობის და ადგილსამყოფელის უსუფთაობა.
11. სიდინჯე - არ აგაღელვოს წვრილმანმა, ჩვეულებრივმა და გარდაუვალმა ამბებმა.
12. უმწიკვლობა - იყავი ზნეობრივად წმინდა.
13. თავმდაბლობა - მიბაძე ქრისტეს და სოკრატეს.
ბენჯამინ ფრანკლინის გამონათქვამები
• გიყვართ სიცოცხლე? მაშინ ნუ დაკარგავთ დროს, რადგან დრო არის ქსოვილი, რომლისგანაც შედგება სიცოცხლე.
• ბევრი ადამიანი 25 წლის ასაკში იღუპება, მაგრამ საფლავში მხოლოდ 75 წლის ასაკში ხვდება.
• არსებობს სამი რამ, რისი გაკეთებაც საოცრად რთულია: ფოლადის გატეხვა, ალმასის დამსხვრევა და საკუთარი თავის შეცნობა.
• დაე, ყველა ნივთი თავის ადგილზე იდოს; დაე, ყველა საქმეს ჰქონდეს თავისი დრო.
• თქვენი საქმიანობის ორგანიზებაში დახარჯული ყოველი წუთი დაგიზოგავთ მთელ საათს.
• ადრე დაძინება და ადრე ადგომა - აი, რა ხდის ადამიანს ჯანმრთელს, მდიდარს და ჭკვიანს.
• ვინც გვიან დგება, მთელი დღე უნდა ირბინოს, რომ დაღამებამდე გაჭირვებით დაასრულოს ყველა საქმე.
ბენჯამენ ფრანკლინის ეფექტი
არსებობს ფსიქოლოგიური ფენომენი, რომელსაც „ბენჯამენ ფრანკლინის ეფექტს“ უწოდებენ. ამ ფენომენის მიხედვით, ადამიანს უფრო მეტად მოსწონს სხვა ადამიანი მაშინ, როდესაც ის დახმარებას სთხოვს.
ბენჯამენ ფრანკლინის მეთოდი
ფრანკლინის მეთოდი - ასწავლე წერა საკუთარ თავს!
მას შემდეგ, რაც ბენჯამინ ფრანკლინმა აღმოაჩინა, რომ არ შეეძლო სათანადოდ გამოეხატა საკუთარი მოსაზრებები წერილობით, დაიწყო წერითი მეტყველების უნარების გაუმჯობესება. მის მიერ შემუშავებულ მეთოდს დღესაც წარმატებით იყენებენ როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები.
ფრანკლინის მეთოდი მარტივია:
თავდაპირველად ის ყურადღებით კითხულობდა ტექსტს.
შემდეგ ტექსტს ყოფდა მონაკვეთებად და თითოეული მონაკვეთის მიხედვით წერდა მთავარ აზრს, ანუ ორიოდე წინადადებით და საკუთარი სიტყვებით გადმოჰქონდა აზრი რვეულში.
რამდენიმე დღის შემდეგ შემდეგ იგი უბრუნდებოდა საკუთარ ჩანაწერებს და მეხსიერების მიხედვით აღადგენდა პირვანდელ სტატიას. ამასთან ცდილობდა საკუთარი ნაწერი ორიგინალთან რაც შეიძლება მიმსგავსებული ყოფილიყო.
















