მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 959 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დიდი გერმანელი ფილოსოფოსის იმანუელ კანტის "წმინდა გონების კრიტიკა" მსოფლიო ფილოსოფიური ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მან განსაზღვრა ევროპული ფილოსოფიის შემდგომი პროგრესული განვითარება (ფიხტე, შელინგი, ჰეგელი). ნაშრომი დღესაც წარმოადგენს დაპირისპირებულ ფილოსოფიურ მიმართულებათა ბრძოლის ობიექტს.

 

* * * * * * *

 

დიდი გერმანელი მოაზროვნის მანუელ კანტის (1724 -1804) მთავარი ნაშრომის - „წმინდა გონების კრიტიკის“. განსაკუთრებული მნიშვნელობა ფილოსოფიის განვითარებაში საყოველთაოდ აღიარებულია.

„წმინდა გონების კრიტიკის“ გამოსვლის (1781 წ.) შემდეგ ფილოსოფიის ისტორიაში არაფერი დიდმნიშვნელოვანი არ მომხდარა ამ ნაშრომთან პირდაპირი, თუ არაპირდაპირი კავშირის გარეშე.

ეს წიგნი, რომელშიც ჩვენი შემეცნების ბუნების და მისი სინამდვილესთან მიმართების უღრმესი და ურთულესი პრობლემებია გაანალიზებული, საფუძვლად დაედო იმ დიდ ფილოსოფიურ მოძრაობას, რომელსაც გერმანული კლასიკური ფილოსოფია ეწოდა და რომლის მსგავსი ანტიკურობის შემდეგ არ უნახავს ისტორიას. 

აქ ამოიწურა იდეალიზმის პროგრესული განვითარების შესაძლებლობანი და თვისებრივად ახალი ფილოსოფიის - დიალექტიკური მატერიალიზმის წანამძღვრები მომზადდა.

როგორც ყოველი ჭეშმარიტად ეპოქალური ნაშრომი, „წმინდა გონების კრიტიკა“ ემყარებოდა წარსულს და თანამედროვეობის მთავარ პრობლემაზე პასუხს წარმოადგენდა. 

კანტს სურდა ევროპული ფილოსოფიის გამოყვანა რაციონალიზმისა (ლაიბნიც-ვოლფის ფილოსოფია) და ემპირიზმის (ჰიუმი) ჩიხიდან. ამ ამოცანას კანტი ისეთი ორიგინალური გზით ასრულებს, რომ „წმინდა გონების კრიტიკამ“ ორად გაყო იდეალიზმის ისტორია: მანამდელ, დოგმატურ ანუ წინაკრიტიკულ პერიოდს დაუპირისპირდა ახალი - კრიტიკული პერიოდი. 

ამ წიგნის სიახლე იმდენად დიდი იყო, რომ თანამედროვენი დიდხანს ვერ გაერკვნენ მის შინაარსში, მაგრამ წიგნის ეპოქალურობამ გარდაქმნა მკითხველი და განსაზღვრა აზროვნების შემდგომი განვითარება.

კანტმა „წმინდა გონების კრიტიკაში“ დასვა და შეეცადა ეპასუხა სამ უმაღლესსა და უმნიშვნელოვანეს კითხვაზე: რა შემიძლია ვიცოდე? რა უნდა გავაკეთო? რისი იმედი შეიძლება მქონდეს?

ამ საკითხთა გარკვევა კანტმა დაიწყო თეორიული ცოდნის ბუნების, ღირებულებისა და საზღვრების ანალიზით, რის შედეგადაც ცოდნის სხვა სახეთა (პრაქტიკულისა და ესთეტიკურის) სპეციფიკის კვლევის ამოცანაც დაისვა. 

კანტმა ერთმანეთისაგან განასხვავა ფილოსოფია, როგორც მეცნიერება (შემეცნების თეორია) და როგორც მსოფლმხედველობა. მან დაასაბუთა იდეალისტურ საფუძველზე ფილოსოფიის, როგორც მეცნიერული მსოფლმხედველობის შეუძლებლობა. 

კანტმა აქვე მიუთითა იმაზეც, რომ ფილოსოფიის უარყოფის ცდა წინააღმდეგობრივი წამოწყებაა, რადგან მის გასახორციელებლად ადამიანს მოუხდება საერთოდ აზროვნებაზე თქვას უარი.

კანტი თვლიდა, რომ შეუძლებელი იყო მიერ დადგენილი ახალი მიმართებანი და პრობლემები მონიზმის საფუძველზე ახსნილიყო. რომელიმე მათგანის უარყოფა კი უმართებულოდ მიაჩნდა და ამიტომ დუალიზმს მიმართა. 

„კანტის ფილოსოფიის ძირითადი ნიშანია მატერიალიზმის შერიგება იდეალიზმთან, კომპრომისი მათ შორის, ერთ სისტემაში სხვადასხვაგვარი, მოწინააღმდეგე ფილოსოფიური მიმართულებების შეთავსება“ (ლენინი).

ამიტომაა, რომ კანტის მემკვიდრეობაზე სულ სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლები აცხადებენ პრეტენზიას.

კანტისათვის მეცნიერული ცოდნის არსებობა ფაქტია, რამდენადაც არსებობს მათემატიკა და ფიზიკა. ამგვარი ცოდნის შესაძლებლობის უარყოფა, ე. ი. სკეპტიციზმი - „ხელოვნური და სწავლული უვიცობაა“. ფილოსოფიის ვალია ახსნას ცოდნის შესაძლებლობის პირობები.

მეცნიერული ცოდნის არსებობა კანტისათვის ახალი ცოდნის შეძენის, ცოდნის წინსვლის შესაძლებლობას ნიშნავს. ეს ახალი ძველს გამოცდილებისაგან დამოუკიდებლად, ე. ი. საყოველთაობითა და აუცილებლობით უნდა დაუკავშირდეს. ამგვარ ცოდნას და ამგვარ კავშირს კანტი აპრიორულს უწოდებს. 

აპრიორულია ტრადიციული ანალიზური მსჯელობები, მაგრამ ისინი ახალი ცოდნის დასადგენად არ გამოდგება, რადგან ანალიზურ მსჯელობაში მსჯელობის სუბიექტში იგულისხმება პრედიკატი. საძიებელია სუბიექტისათვის მისგან განსხვავებული შინაარსის მქონე პრედიკატის მიწერის შესაძლებლობა. ამიტომ „წმინდა გონების კრიტიკის“ ძირითადი ამოცანაა დაასაბუთოს: "როგორ არის შესაძლებელი აპრიორული სინთეზური მსჯელობები?"

ეს განსხვავებულთა აუცილებელი კავშირის პრობლემაა. იგი წამოყენებულია, როგორც შეცნიერული შემეცნების შესაძლებლობის საკითხი.  ამ პრობლემაზე კანტის პასუხის განვითარების საფუძველზე შეიქმნა ფიხტეს, შელინგისა და ჰეგელის იდეალისტური დიალექტიკური სისტემები.

კანტი აღნიშნულ კითხვაზე პასუხისათვის საჭიროდ თვლიდა შეეზღუდა თეორიული შემეცნების სფერო, საერთოდ მოაზრებადი გაეთიშა ორად: შეუმეცნებად თავისთავადი ნივთების სფეროდ და მოვლენების სფეროდ, სადაც შემეცნება არსებობს იმის საფუძველზე, რომ აქ შემეცნების პროცესში იქმნება შემეცნების საგანი. 

ამან მოითხოვა შემეცნებისა და აზროვნების განსხვავება, ფორმალური ლოგიკის გვერდით, ახალი ტრანსცენდენტალური ლოგიკის შექმნა, როგორც მეცნიერული შემეცნების შინაარსის ლოგიკისა. ეს ემყარებოდა თეორიულ შემეცნებაში გრძნობიერების აუცილებლობის დადგენას, რისთვისაც განასხვავა რაციონალიზმი და აპრიორიზმი და სხვა.

ქართველმა მკითხველმა კანტი 150 წელზე მეტი ხნის წინათ გაიცნო. უკვე სოლომონ დოდაშვილი ლაპარაკობდა თავის „ლოგიკაში“ კანტის შემოქმედებითი გენიის ცხოველმყოფელი გავლენის შესახებ. კანტის შრომა ქართულად პირველად 1936 წ. ითარგმნა პროფ. მ. გოგიბერიძის მიერ. ეს იყო „პ რ ო ლ ე გ ო მ ე ნ ე ბ ი ყოველი მოსალოდნელი მეტაფიზიკისათვის, რომელიც მეცნიერების სახით შესძლებდა გამოცხადებას“. ამჟამად ცნობილმა ქართველმა მთარგმნელმა შალვა პაპუაშვილმა ახალი კარგი საჩუქარი მოუმზადა ქართველ მკითხველს ფილოსოფიური ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის - „წმინდა გონების კრიტიკის“ თარგმანით. 

მიუხედავად „პროლოგომენების“ ქართულად არსებობისა, "წმინდა გონების კრიტიკის“ მთარგმნელს მაინც დიდი სიძნელის გადალახვა მოუხდა, რადგან ეს ძეგლი განსაკუთრებულია არა მარტო თავისი შინაარსით, არამედ იმითაც,  რომ ურთულესია სათარგმნელად. 

აქ კანტი სავსებით დატყვევებულია კვლევის შინაგანი ლოგიკით და მხოლოდ ახალი პრობლემებისა და მათი ასპექტების რაც შეიძლება სრულად გადმოცემას ცდილობს. იგი მრავალ ვითარებას გულისხმობს, როგორც თანამედროვეთათვის ცნობილს. ზოგის შესახებ კი ფიქრობს, რომ მას მკითხველი თავად უნდა მიხვდეს. ეს ხშირად ისე რთულ საკითხებს ეხება, რომ კანტის მიმდევრებს, ინტერპრეტატორებსა და გამომცემლებს დიდ სიძნელეებს უქმნის.  ამიტომ ასეთი ძეგლის პირველი თარგმანი, ცხადია, უნაკლო ვერ იქნება.

ცნობილია, რომ კანტმა „წმინდა გონების კრიტიკის“ მეორე გამოცემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისით, ისე რომ თითოეულ გამოცემას დამოუკიდებელი ღირებულება აქვს. 

ქართულ თარგმანში მოცემულია ორივე. მეორე გამოცემა შევსებულია პირველის განსხვავებული ტექსტით, რომელიც დაბეჭდილია განსხვავებული შრიფტით. ეს აადვილებს ორივე გამოცემის ერთიანობისა და განსხვავების გათვალისწინებას. 

გარდა ამისა გვერდების ჩვეულებრივ აღნიშვნას ახლავს I (A) და II (B) გამოცემათა შესატყვისი პაგინაცია. წიგნის ათვისებაში მკითხველს ხელს შეუწყობს გამოყენებულ ცნებათა ვრცელი ინდექსი.

„წმინდა გონების კრიტიკის“ ქართული თარგმანი მრავალი წლის გულმოდგინე მუშაობის შედეგია. მთარგმნელმა გამოიყენა „წმინდა გონების კრიტიკის“ ყველა უმნიშვნელოვანესი კრიტიკული გამოცემა.

რთული ადგილების ამოსახსნელად იგი მიმართავდა დიდძალ კომენტატორულ ლიტერატურას მრავალ ენაზე. თარგმანში ძირითადად შენარჩუნებულია ორიგინალის სტილი, აზრის სიზუსტე, სიღრმე და მრავალფენოვანება, რაც ასე ართულებს კანტის გაგებას, მაგრამ მის სპეციფიკასაც ქმნის.

ქართულ ენაზე ამ შესანიშნავი ნაშრომის თარგმნა ახალი ქართული ფილოსოფიური კულტურის სიძლიერის ერთ-ერთი დამადასტურებელი ნიშანია და, იმედია, მისი შემდგომი აღმავლობის ერთ-ერთი სტიმულიც გახდება.

"წმინდა გონების კრიტიკის» ქართული თარგმანი დიდ დახმარებას გაუწევს სპეციალისტებს, აგრეთვე ფილოსოფიისა და მისი ისტორიის შემსწავლელთ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ