ლოს-ანჟელესის საოჯახო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორი პოლ პოპენოუ ამბობს: „მამაკაცთა უმეტესობა, საცოლეში დიასახლისს კი არ ეძებს, არამედ მიმზიდველ და პატივმოყვარე პიროვნებას, რომელსაც არ უნდა ვინმეს ჩამორჩეს“.
სასაუზმოდ შეიძლება კანცელარიის გამგე ქალიც დაპატიჟონ. შეიძლება იმ ქალმა „თანამედროვე ფილოსოფიის“ მთავარი მიმართულებების ცოდნით მოიწონოს თავი და საკუთარი დანახარჯის გადახდაც მოინდომოს. მაგრამ ამის შემდეგ მას ნამდვილად მარტოდ მოუწევს სასაუზმოდ წასვლა.
მსგავს საუზმეზე უმაღლესდაუმთავრებელი მემანქანე ქალი კი მწველ მზერას შეავლებს ვაჟს და მიბნედილი ხმით ეტყვის: „კიდევ მიამბეთ რამე, გეთაყვა, თქვენს შესახებ“. აი, ამის შემდეგ ვაჟი მეგობრებს გაანდობს, სილამაზით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ უკეთესი მოსაუბრე ჯერ არ შემხვედრიაო.
კაცმა ქალს უნდა აგრძნობინოს, რომ ამჩნევს და აფასებს მის მოხდენილ ჩაცმულობას. სამწუხაროდ, კაცებს ავიწყდებათ, თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქალი ჩაცმულობას.
ბებიაჩემი 98 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ვაჩვენეთ ოცდაათი წლის წინანდელი ფოტოსურათი და მიუხედავად იმისა, რომ ღრმა სკლეროზი ჰქონდა და ხანდახან საკუთარ ქალიშვილებსაც ვერ ცნობდა, ფოტოს დახედა თუ არა, ის კაბა გაიხსენა, რომელიც სურათში ეცვა.
კაცი ალბათ ვერ მოიგონებს, რა ეცვა, ვთქვათ, ხუთიოდე წლის წინ, არც აინტერესებს. ქალები კი სხვანაირები არიან. ჩვენ, ამერიკელმა კაცებმა ეს უნდა გავითვალისწინოთ. მაღალი წრის ფრანგ ბიჭუნებს ასწავლიან, საღამოზე ერთხელ კი არა, რამდენჯერმე უთხრან ქალს ქათინაური კაბისა თუ შლაპის გამო. ორმოცდაათ მილიონ ფრანგს კი არაფერი შეეშლება!
გაზეთებიდან ამონაჭერში შემხვდა ერთი ისტორია, რომელიც, ჩემი აზრით, ჭეშმარიტებას ღაღადებს: ერთმა გლეხის ქალმა სამუშაო დღის ბოლოს ოჯახის წევრ მამაკაცებს მაგიდაზე თივის ბულული დაუდო. შენ ხომ არ გაგიჟდიო, უთხრეს. ქალმა უპასუხა, არ მეგონა თუ შეამჩნევდით, ოცი წელია საჭმელს გიმზადებთ და ერთხელაც არ გითქვამთ, რომ თივას არ ჭამდითო!
მოსკოვისა და პეტერბურგის განებივრებული არისტოკრატია საუკეთესო მანერებით გამოირჩეოდა. მეფის რუსეთში საზოგადოების მაღალ წრეებში ასეთი ჩვეულება ჰქონდათ: კარგი სადილის შემდეგ, მზარეულს სასადილოში მოუხმობდნენ და გემრიელი კერძის დამზადებას მიულოცავდნენ..
რატომ არ ვიჩენთ მსგავს ყურადღებას საკუთარი მეუღლის მიმართ? მოდით, ამის შემდეგ გემრიელად შემწვარ წიწილას რომ მოგართმევთ, აუცილებლად შეაქეთ, აგრძნობინეთ, რომ აფასებთ იმისთვის, რომ თივას არ გაჭმევთ. ან, როგორც ტეხასელი გვინანი იტყოდა, „პატარა გოგოს გაუმართეთ დიდი ოვაცია“.
დიზრაელი ინგლისის ისტორიაში უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო, მაგრამ არ ერცხვინებოდა მთელი ქვეყნის გასაგონად გამოეცხადებინა, რომ „ბევრს უმადლ თავის ცოლს“.
ერთ ჟურნალში წავაწყდი ედი კანტორთან ინტერევიუს: „ამ ქვეყნად ყველაზე უფრო ჩემი ცოლის მადლიერი ვარ, ამბობს იგი, ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, მან დამაყენა გზაზე; დაქორწინების შემდეგ კაპიკს კაპიკზე ადებდა და საქმეში აბანდებდა. მისი წყალობით მაქვს, რაცა მაქვს. ხუთი გვრიტივით შვილი მაჩუქა. შინ ყოველთვის სითბო და სიმყუდროვე მხვდებოდა. თუ რამეს მივაღწიე, სულ მისი დამსახურებაა“.
ჰოლივუდის მსახიობი მისის ბაკსტერი გათხოვდა თუ არა, უარი თქვა ბრწყინვალე სამსახიობო კარიერაზე. მისი მეუღლე ამბობდა: „მართალია, მას მოაკლდა აპლოდისმენტები სცენაზე, მაგრამ, სამაგიეროდ, მე ვზრუნავდი იმისთვის, რომ ჩემი აპლოდისმენტები არ დაკლებოდა“.
ქალი ბედნიერებას ქმრის აღიარებასა და მის ერთგულებაში პოვებს.
ამიტომ, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ბედნიერი ოჯახური ცხოვრება, მისდიეთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან, წესს:
გულწრფელად გამოხატეთ მადლიერება!
* * * * * * *
მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე