დიზრაელიმ თქვა: „შეიძლება ბევრი რამ შემეშალოს, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ სიყვარულით არ დავქორწინდებიო.
ასეც მოიქცა. ოცდათხუთმეტ წლამდე ცოლის შერთვა არ უფიქრია, მერე კი ხელი სთხოვა მასზე თხუთმეტ წლით უფროს მდიდარ ქვრივ ქალს, რომლისთვისაც ორმოცდაათ ზამთარს თმა უხვად გაეთეთრებინა. სიყვარული? სიყვარული არაფერ შუაში ყოფილა. ქალმა იცოდა, რომ კაცი სიყვარულს არ აეტანა. ისიც იცოდა, რომ მისი ფული აინტერესებდა და ერთი პირობა წაუყენა: სთხოვა, ერთი წელი დამაცადე, რომ კარგად გაგიცნოო. ერთი წლის შემდეგ ცოლად გაჰყვა.
ყოველივე ეს ძალზე პროზაულად და მერკანტილურად ჟღერს, არა? და მაინც, რა პარადოქსულიც უნდა იყოს, დიზრაელის ქორწინება ერთ-ერთი ბედნიერი ქორწინება გამოდგა.
მდიდარი ქვრივი არც ახალგაზრდა იყო, არც ჭკუით გამოირჩეოდა და არც სილამაზით. საუბრისას სასაცილო შეცდომებს უშვებდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ არც ლიტერატურაში ერკვეოდა და არც ისტორიაში გაეგებოდა რამე. მაგალითად, მას წარმოდგენა არა ჰქონდა იმაზე, ვინ უფრო ადრე გაჩნდნენ „ბერძნები თუ რომაელები". ბინაც ექსცენტრული ავეჯით ჰქონდა გაწყობილი. ის მაინც ნამდვილი გენიოსი იყო ქორწინებისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან საქმეში - ქმართან ურთიერთობის ხელოვნებაში.
ის საკუთარ ინტელექტს არასოდეს არ უპირისპირებდა დიზრაელის ინტელექტს. შინ დაბრუნებულ დაღლილ დაქანცულ ქმარს დასვენებისათვის ყოველგვარ პირობას უქმნიდა. დიზრაელის თვითონაც უკვირდა, მაგრამ არ შეეძლო არ ეღიარებინა, რომ სახლი იყო ადგილი, სადაც სულიერ სიმშვიდეს პოულობდა და მერი-ენის აღტაცებით ტკბებოდა. ცოლთან გატარებული საათები მისთვის ყველაზე ბედნიერი დრო იყო. ქალი მისი მეგობარიც იყო, მრჩეველიცა და მესაიდუმლეც. ყოველ საღამოს თემთა პალატიდან შინისაკენ მიიჩქაროდა, რათა მეუღლისათვის ეამბნა მთელი დღის ამბები. რაც უნდა წამოეწყო, ყველაფერში გრძნობდა მერი-ენის მხარდაჭერას.
ქალს ვერ წარმოედგინა, რომ მის ქმარს რამეში ალღო უმტყუნებდა. ამას რამხელა მნიშვნელობა აქვს! მთელი ოცდაათი წელიწადი მერი-ენი დიზრაელისათვის ცოცხლობდა. საკუთარი სიმდიდრე იმდენად უღირდა, რამდენადაც შეეძლო ქმარს დახმარებოდა. ყოველივე ამის პასუხად დიზრაელიმ ქალი თავის კერპად აქცია. მას ქალის გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა გრაფის ტიტული, მაგრამ მანამდე, როცა უბრალო მოკვდავი იყო, დედოფალ ვიქტორიას გამოსთხოვა მისი ცოლი პერთა ფენაში აეყვანა. 1888 წელს ქალმა ვიკონტესა ბიკონსფილდის ტიტული მიიღო.
საზოგადოებაში რა სისულელეც არ უნდა წამოეროშა, ქმარი შენიშვნას არ მისცემდა, თვითონ ხომ ერთი საყვედურის სიტყვა არ დასცდებოდა, სხვისგანაც ერთგულად იფარავდა.
მერი-ენი არ იყო სრულყოფილი ქალი, მაგრამ ოცდაათი წელიწადი ისე გაატარა, რომ არ დაღლილა ლაპარაკით თავის ქმარზე, რომელსაც აღმერთებდა.
მერე რა შედეგი მოჰყვა ამას? „ჩვენ ცოლ-ქმარი ვიყა ვით ოცდაათი წელი, ამბობდა დიზრაელი, - და არასოდეს არ მომიწყენია მასთან“.
დიზრაელი არ ფარავდა, რომ მერი-ენი იყო მისთვი ყველაზე ძვირფასი ადამიანი. სამაგიეროდ მერი-ენი ხშირად ეუბნებოდა ხოლმე მათი ოჯახის მეგობრებს „მისმა სიკეთემ ჩემი ცხოვრება უსასრულო ბედნიერებად აქცია"-ო.
ერთმანეთს კი ასე ეხუმრებოდნენ: „ხომ იცი, ფული გულისათვის რომ შეგირთე“ ეტყოდა დიზრაელი. მერი-ენი კი ღიმილით მიუგებდა: „მაგრამ ის დრო რომ დააბრუნა, ახლა სიყვარულით შემირთავდი, არა?“ ქმარიც ეთანხმებოდა.
არა, მერი-ენი ნამდვილად არ ყოფილა სრული ქმნილება, მაგრამ დიზრაელის იმდენი ჭკუა ჰქონდა, რომ ქალისათვის მიეცა საშუალება იგივე დარჩენილიყო და საკუთარი ბუნებისთვის არ ეღალატა.
ჰენრი ჯეიმსი ამტკიცებდა: „სხვებთან ურთიერთობისას, პირველ რიგში, საჭიროა ხელი არ შეუშალო მათ ბედნიერებას თუ კი ისინი არ უშლიან ხელს ჩვენს ბედნიერებას“, ან, როგორც ლელანდ ფოსტერ ვუდი ერთ თავის წიგნში. „ერთ ოჯახში ვიზრდებით“ ამბობს: ბედნიერი ქორწინება ეს გაცილებით უფრო დიღი რამეა, ვიდრე უნარი, იპოვო შესაფერისი ადამიანი: ეს არის უნარი - თვითონ იყო შესაფერისი".
მაშასადამე, თუ გინდათ შეინარჩუნოთ ოჯახური ბედნიერება, მისდიეთ მეორე წესს:
ნუ შეეცდებით მეუღლის გარდაქმნას!
* * * * * * *
მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე
















