მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 907 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქვეყანაზე არსებობს მხოლოდ ერთი ხერხი, რომლითაც შეიძლება ვიღაცას რაღაცის გაკეთების სურვილი გაუღვიძო. გიფიქრიათ ამაზე? დიახ, მხოლოდ ერთი ხერხი: კაცს უნდა მოანდომებინო რაღაცის გაკეთება და აუცილებლად გააკეთებს.

გახსოვდეთ: ამის გარდა არც ერთი ხერხი არ გაჭრის. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რევოლვერი დაუმიზნოთ და წაართვათ ვინმეს, ვთქვათ, საათი; შეგიძლიათ სამსახურიდან მოხსნის მუქარით აიძულოთ მოხელე გულმოდგინედ იმუშაოს; შეგიძლიათ მუქარით და მათრახის შიშით ბავშვს გააკეთებინოთ ის, რაც გინდათ, მაგრამ ამ უხეშ მეთოდებს შედგომში უხეში შედეგებიც მოსდევს.

ერთადერთი ხერხი, რაც რამის გაკეთებას მოგანდომებთ, არის შემდეგი: მოგცენ ის, რაც გინდათ.

მერედა რა გინდათ?

ცნობილი ვენელი მეცნიერი, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფსიქოლოგი, დოქტორი ზიგმუნდ ფროიდი ამბობს, რომ ჩვენს ყოველ ქცევას საფუძვლად უდევს ორი მოტივი - სექსუალური სწრაფვა და განდიდების სურვილი.

ამერიკელი ფილოსოფოსი, პროფესორი ჯონ დიუნი იგივეს ამბობს, ოღონდ სხვა სიტყვებით: „ადამიანის ყველაზე ღრმა მისწრაფება არის სურვილი - იყოს მნიშვნელოვანი“. დაიხსომეთ ეს გამოთქმა: „სურვილი - იყოს მნიშვნელოვანი“. ეს არსებითია. ამაზე ამ წიგნშიც ბევრს წაიკითხავთ. მაშ ასე, რა გინდათ თქვენ? არც ისე ბევრი, მაგრამ ამ „არც ისე ბევრის" მოპოვებასაც გარჯა სჭირდება. 

თითქმის ყველა ნორმალურ, ზრდასრულ ადამიანს უნდა: 

1. ჯანმრთელობა და სიცოცხლის შენარჩუნება

2. ჭამა

3. ძილი

4. ფული და ფულით შეძენილი ნივთები

5. საიქიო ცხოვრება

6. სექსუალური დაკმაყოფილება

7. შვილების კეთილდღეობა

8. საკუთარი მნიშვნელობის შეგნება

ჩვეულებრივ, თითქმის ყველა სურვილი კმაყოფილდება, გარდა ერთისა. ეს ერთი, ჭამა და ძილივით ძალუმი სურვილი, იშვიათად ხორციელდება. ეს ისაა, რასაც ფროიდი „განდიდების სურვილს“, დიუნი კი „საკუთარი მნიშვნელობის შეგნებას“ უწოდებს.

ლინკოლნი ერთ-ერთ წერილს იწყებს სიტყვებით: „შექება ყველას უყვარს“... ჯეიმსი ამბობს: „ადამიანის ბუნების ყველაზე ძლიერი თვისებაა ძლიერი მისწრაფება ღირსეულის მიგებისა და დაფასებისა“. ყურადღება მიაქციეთ; უბრალოდ მისწრაფება კი არა, „ძლიერი მისწრაფები. ღირსეულის მიგებისაო“.

სწორედ ეს გახლავთ ის დაუოკებელი სურვილი, რაც მთელი სიცოცხლე აწამებს კაცს. თუ ამ სურვილის დაკმაყოფილება მოახერხე, ისე დაეუფლები ადამიანის გულს, "მესაფლავეც რომ იყოს, მაინც ვერ გაგიმეტებს სასიკვდილოდ", საკუთარი მნიშვნელობის შეგნებისკენ სწრაფვა ცხოველებისგან ადამიანების განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

ჩემს ბიჭობაში, მამაჩემს მისურის ფერმაში ჯიშიანი ღორები და საქონელი ჰყავდა. პირველი ათი პრიზი სულ მუდამ მათი იყო ყველა ბაზრობასა და გამოფენაზე. მამაჩემი თეთრი მიტკლის ნაჭერზე მიაბნევდა ხოლმე ამ ჯილდოებს. როცა სტუმრად გვეწვეოდა ვინმე, გამოიტანდა იმ ნაჭერს, ერთ ბოლოს თვითონ დაიჭერდა, მეორეს მე დამაჭერინებდა და ასე აცნობდა სტუმარს მიღებულ ჯილდოებს. ამ ჯილდოებს ღორები არაფრად აგდებდნენ, მაგრამ მამაჩემი დიდი პატივით ექცეოდა, ეს პრიზები მას საკუთარი თავის მნიშვნელობას აგრძნობინებდა.

ჩვენს წინაპრებს საკუთარი მნიშვნელობის შეგნებისადმი ძლიერი სწრაფვა რომ არ ჰქონოდათ, ცივილიზაციაც არ იარსებებდა.

სწორედ ამ სწრაფვამ მიგვიყვანა იქამდე, რომ გაუნათლებელმა, საწყალმა ნოქარმა საოჯახო ხაბა-ხუბით სავსე კასრის ფსკერზე ნაპოვნი იურიდიული წიგნების შესწავლას მიჰყო ხელი. ალბათ, გაგიგონიათ ამ ნოქრის შესახებ. მისი გვარი ლინკოლნი იყო.

სწორედ ეს მისწრაფება გაიძულებთ გამოეწყოთ უკანასკნელი მოდის ტანსაცმელში, მიუჯდეთ უახლესი მოდელის ავტომობილის საჭეს ან ილაპარაკოთ თქვენს სასახელო შვილებზე.

სამწუხაროდ, სწორედ ეს მისწრაფება უბიძგებს ზოგ მოზარდს განგსტერობისა და დანაშაულობისაკენ. იცით, ციხეში მოხვედრილ ასეთ დამნაშავეებზე რას ამბობდა ერთი პოლიციის კომისარი? „როგორც კი ციხეში მოხვდებიან, მაშინვე ბულვარულ გაზეთებს გვთხოვენ, სადაც გმირებად არიან შერაცხულნი. სანამ სახელგანთქმულ ადამიანთა პორტრეტების გვერდით საკუთარი ფოტოსურათის ხილვითი ტკბებიან, სასჯელი შორეულ პერსპექტივად ეჩვენებათ“.

მითხარით, რა გზით ახერხებთ საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას და გეტყვით, ვინა ხართ. ეს განსაზღვრავს მთელ თქვენს ხასიათს.

მაგალითად, ჯონ როკფელერმა საკუთარი მნიშვნელობა მაშინ შეიგრძნო, როცა ფული გაიღო ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მილიონობით ღარიბ-ღატაკისათვის (ვისაც, ალბათ, არასოდეს შეხვდებოდა) საავადმყოფოს ასაშენებლად. დილინჯერი კი საკუთარი მნიშვნელობის გრძნობამ მაშინ გააამაყა, როცა ბანდიტიზმს და ბანკების ძარცვას მიჰყო ხელი. ის ამაყობდა იმით, რომ საზოგადოებისათვის საშიში იყო.

სხვათაშორის, როკფელერსა და დილინჯერს შორის ერთადერთი არსებითი სხვაობა არის იმ ხერხში, რომლითაც თითოეულმა მათგანმა მიაღწია საკუთარი მნიშვნელობის შეგნებას.

ისტორია არ იშურებს მაგალითებს და ცხადად გვაჩვენებს, თუ როგორ იბრძოდნენ ცნობილი ადამიანები ამ შეგნების მოსაპოვებლად. თვით ჯორჯ ვაშინგტონსაც კი სურდა, რომ მისთვის ეწოდებინათ „თქვენო ბრწყინვალებავ, შეერთებული შტატების პრეზიდენტო". კოლუმბი დიდხანს ცდილობდა „ოკეანის ადმირალისა და ინდოეთის ვიცე-მეფის“ ტიტულის მიღებას. ეკატერინე II ბრძანებდა არ გაეხსნათ წერილები, რომლებსაც არ ეწერებოდა „მის იმპერატორობის უდიდებულესობას“. მის ლინკოლნი თეთრ სახლში ვეფხვივით ეძგერა მისის გრანტს - ჩემი თანდასწრებით ჩემი ნებართვის გარეშე დაჯდომა როგორ გაბედეო.

მილიონერებმა ბერდის ექსპედიცია ანტარქტიდაში იმ პირობით დააფინანსეს, რომ ყინულით მოსილი მთაგრეხილებისათვის ადმირალს მათი სახელები ეწოდებინათ. ვიქტორ პიუგოს იმედი ჰქონდა, რომ მის პატივსაცემად პარიზს სახელს გადაარქმევდნენ.

სწორედ საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების სურვილმა დააწერინა დიკენსს უკვდავი რომანები.

და თვით დიადთა შორის უდიადესი შექსპირიც კი ცდილობდა თავისი სახელისათვის საგვარეულო გერბი მოეპოვებინა.

ზოგჯერ ადამიანები თავს უიმედო ავადმყოფებადაც მოაჩვენებენ, რომ ყურადღება მიიქციონ, თანაგრძნობა დაიმსახურონ და ამით მოიპოვონ საკუთარი მნიშვნელობის შეგნება. მაგალითად, ავიღოთ მისის მაკ-კინლი. იგი საკუთარი მნიშვნელობის შეგნებით ტკბებოდა, როცა თავის მეუღლეს, აშშ-ის პრეზიდენტს აიძულებდა გადაედო მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეები და საათობით მის საწოლთან მჯდარიყო.

 

ზოგიერთი საკმაოდ ავტორიტეტიანი სპეციალისტი იმასაც კი ამტკიცებს, ადამიანი შეიძლება გაგიჟდეს იმ იმედით, რომ ამ მდგომარეობაში იპოვის საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას, რასაც ვერ მიაღწია მკაცრ რეალურ სამყაროშიო. შეერთებული შტატების საავადმყოფოებში ფსიქიკური სნეულებით შეპყრობილი პაციენტების რაოდენობა ყველა სხვა ავადმყოფზე მეტია.

რა არის სიგიჟის მიზეზი?

ფაქტობრივად, ფსიქიკური დაავადებების დაახლოებით ნახევარი შეიძლება მიეწეროს ისეთ ფიზიკურ მიზეზებს, როგორიცაა თავის ტვინის უჯრედების დაზიანება, ალკოჰოლიზმი, ინტოქსიკაცია და სხვადასხვა ტრავმები. სულიერად დაავადებულთა მეორე ნახევარს კი თავის ტვინში არა აქვს არავითარი დეფექტი.

მაშ, რა აგიჟებს?

ერთხელ ამ შეკითხვით მივმართე ცნობილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარ ექიმს. ამის ახსნა თითქმის შეუძლებელიაო, მითხრა და დაუმატა, რომ ბევრი შეშლილი უგონობის მდგომარეობაში ვარდება საკუთარი მნიშვნელობის შეგნების ქვეშეცნეული იმედითო. ერთი შემთხვევაც მიამბო:

"ახლა მყავს პაციენტი, რომლის ქორწინებაც ტრაგიკული გამოდგა. ქალს სწყუროდა სიყვარული, სექსუალური დაკმაყოფილება, შვილები და საზოგადოებრივი მდგომარეობა. მაგრამ ცხოვრებამ იმედები გაუცრუა. ქმარს არ უყვარდა. შვილები არ გაუჩნდა, არც საზოგადოებრივი მდგომარეობა ეკავა და ქალი შეიშალა, თავის წარმოდგენაში გაშორდა ქმარს. ახლა ჰგონია, რომ ინგლისელი არისტოკრატის ცოლია და მოითხოვს ლედი სმიტი დავუძახოთ. რაც შეეხება შვილებს, ეჩვენება, რომ ყოველ ღამით ბავშვი უჩნდება. ყოველ შემოვლაზე მეუბნება: „ექიმო, წუხელ ბავშვი შემეძინა".

ცხოვრებამ დაუმსხვრია ოცნების სამყარო და რეალურ ნამდვილეს შეაჯახა, მაგრამ შეშლილობის ამ ნათელ, ფანტასტიკურ სამყაროში, რომელშიც ახლა იმყოფება, მისი ყველა ბრიგანტინა უხიფათოდ შედის ნავთსაყუდელში.

ტრაგედიაა? ვერ გეტყვით. მისმა ექიმმა კი მითხრა: „რომ მეძლოს მაინც არ დავუბრუნებდი გონებას. ასე გაცილებით უფრო ბედნიერია“-ო.

თუ ადამიანს ისე სწყურია მსგავსი განცდა, რომ ჭკუიდანაც კი იშლება, მაშ, წარმოიდგინეთ, რა საოცრებებს შეიძლება მივაღწიოთ იმით, რომ ჩვენს გვერდით მყოფთ მივანიჭოთ ამ შეგრძნების ჭეშმარიტი გაგება,

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კაცობრიობის მთელ ისტორიაში მხოლოდ ორი ადამიანი იღებდა გასამრჯელოდ წელიწადში ერთ მილიონ დოლარს, უოლტერ კრაისლერი და ჩარლზ შვაბი.

რატომ უხდიდა ენდრიუ კარნეგი შვაბს წელიწადში მილიონ დოლარს, ანუ სამი ათას დოლარზე მეტს დღეში? რატომ? რა, შვაბი გენიოსი იყო? სულაც არა. სხვაზე მეტი იცოდა ლითონის წარმოებაში? თვითონ შვაბი არ ცდილობდა ამის დამტკიცებას.

შვაბს ასეთ დიდ ხელფასს უხდიდნენ ადამიანებთან ურთიერთობის მაღალი ხელოვნებისათვის. შვაბის სიტყვები, მისი წარმატების საიდუმლოს რომ შეიცავენ, კაცმა ბრინჯაოში უნდა ჩამოასხას და გამოჰკიდოს ყველა სახლში, ყველა სკოლაში, ყველა დაწესებულებაში. ბავშვები კი, ლათინური ზმნების ან ბრაზილიაში ნალექების ოდენობის დასწავლის ნაცვლად უნდა იზეპირებდნენ. დევიზად უნდა იხდიდნენ ამ სიტყვებს, სიტყვებს, რომელთაც მაგიური ძალა აქვთ და სახეს უცვლიან ადამიანის მთელ ცხოვრებას. აი, ეს სიტყვებიც:

„ჩემს საუკეთესო თვისებად მიმაჩნია უნარი - პიროვნული ღირსებების დაფასებისა და წახალისების გზით ავამოქმედო ადამიანის ენთუზიაზმი და წარმოვაჩინო მისი საუკეთესო მხარეები.

არაფერი ისე არ ლახავს ადამიანის თავმოყვარეობას, როგორც კრიტიკა უფროსის, ხელმძღვანელის მხრიდან. მე არასოდეს არავის არ ვაკრიტიკებ. მწამს სამსახურში მუშაკის წახალისების ქმედითობა. ამიტომ სულ ვცდილობ შევაქო ადამიანი, ვერ ვიტან მათ დატუქსვას. როცა რამე მომწონს, გულწრფელ აღტაცებას გამოვთქვამ და ხოტბას ვასხამ“.

აი, როგორ იქცევა შვაბი. ჩვეულებრივი ადამიანი კი რას შვრება? სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებს. თუ რამე მოსწონს, უხერხულად იშმუშნება, თუ მოსწონს - პირში წყალს იგუბებს. ესეც შვაბმა განაცხადა: „ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში უამრავი ნაცნობი მყავს, მაგრამ ჯერ არ შემხვედრია კაცი, რომელიც გაცილებით მეტი მონდომებითა და გაცილებით უკეთ არ მუშაობდეს კეთილგანწყობის ვითარებაში, ვიდრე კრიტიკის ატმოსფეროში“.

არსებითად აქაა დამალული ენდრიუ კარნეგის ფენომენალური წარმატების ერთ-ერთი და უმთავრესი მიზეზი. კარნეგი გამუდმებით აქებდა თავის თანამშრომლებს, აქებდა საჯაროდ, სხვების თანდასწრებითაც და ცალკეც, მარტო დარჩენილიც. ის კი არა და. სამარხ ქვაზეც კი სურდა თანამდგომთა დაფასება. ასეთი ეპიტაფიაც მოიმზადა: „აქ განისვენებს კაცი, რომელმაც იცოდა როგორ შემოეკრიბა მასზე უფრო ჭკვიანი ხალხი“.

ზიგფელდი - ბროდვეის ერთ-ერთი უდიდესი ანტრეპრენიორი, თავის უნდა უმადლოდეს ნატიფ უნარს - „სახელი გაეთქვა უბრალო ამერიკელი გოგოსთვის. ზიგფელდმა კარგად იცოდა ნდობისა და შექების ფასი. სწორედ ამით ახერხებდა ერთი შეხედვით უბრალო, ულამაზო გოგოს მომაჯადოებელ არსებად ქცევას. მისი გალანტური, თავდაჭერილი საქციელი ქალს ლამაზმანად აგრძნობინებდა თავს. 

ერთხელ მოდას ავყევი და მარხვა შევინახე. ექვსი დღე-ღამე არაფერი მიჭამია. არც გამჭირვებია. მეექვსე დღის ბოლოს საერთოდ აღარ გამხსენებია საჭმელი. სამწუხაროდ, ჩვენს შორის უმეტესობა სწორედ საჭმლით უზრუნველყოფაზე ფიქრობს, ის კი ავიწყდებათ, რომ არანაკლები საზრუნავია ადამიანის ღირსებათა აღიარება, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია სულიერი შიმშილის დაოკება.

ჩვენ ვუვლით შვილებს, ვზრუნავთ მათს ფიზიკურ სიჯანსაღეზე, მაგრამ რა იშვიათად გვახსენდება მათი თავმოყვარეობა, მათი ღირსების გრძნობა. ჭამა არ გვავიწყდება, მაგრამ რა იშვიათად ვიმეტებთ აღიარების კეთილ სიტყვას, რაც შუქურვარსკვლავივით გზას გაუნათებთ მთელი სიცოცხლის მანძილზე.

მკითხველმა შეიძლება მითხრას, რაღა დროს კომპლიმენტებია, ეს ხომ პირფერობაა! განა შეიძლება პირფერობით მოიგო გონიერი კაცის გულიო. რა თქმა უნდა, პირფერობით ვერ იმოქმედებ ჭკვიან, განათლებულ, კულტურულ ადამიანზე. პირფერობა ყალბი და ეგოისტური საქციელია. მაგრამ პირფერობა სხვაა, ქათინაური კიდევ სხვა.

რატომ ჰქონდათ ასეთი წარმატება მანდილოსნებში მრავალნაცოლევ ძმებს მდივნებს? როგორ დაქორწინდა ეს ორი საეჭვო წარმომავლობის თავადი ორ საქვეყნოდ ცნობილ პრიმადონაზე? როგორ მიაღწიეს ძმებმა ასეთ წარმატებას?

ჟურნალ „ლიბერტიში“ ადელა როჯერს სენტ-ჯანი წერდა: „ქალებთან ურთიერთობაში ძმების - მდივნების წარმატების საიდუმლოება... ბევრისთვის დღემდე გამოუცნობი რჩება“.

დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით დატვირთულმა მსახიობმა და მამაკაცების კარგად მცოდნე ქალმა კალა ნეგრიმ ამიხსნა: „ძმები მდივნები ფლობდნენ ქათინაურის უნატიფეს ხელოვნებას. ეს თვისება თითქმის დაიკარგა ჩვენს რეალისტურ, იუმორსმოკლებულ საუკუნეში. არადა, ქალს ისე არაფერი სიამოვნებს, როგორც ქათინაური“.

დედოფალ ვიქტორიასაც კი სიამოვნებდა ქათინაური. დიზრაელი ერთხელ გამოტყდა, დედოფალთან ურთიერთობაში „უხეშ პირფერობასაც“ კი საოცარ შედეგამდე მივყავდიო.

თუ რომელიმე კონკრეტული პრობლემა არ გვიტრიალებს თავში, ჩვეულებრივად, დროის ოთხმოცდათხუთმეტ პროცენტს საკუთარ თავზე ფიქრს ვანდომებთ. თუ ცოტა ხნით მაინც „დავივიწყეთ“ თავი და თანამოსაუბრის დადებით თვისებებზე ვიფიქრეთ, აღარ დაგვჭირდება იაფფასიანი და ყალბი პირფერობა, ისედაც კარგ საკვებს ვიპოვით გულწრფელი შექებისათვის.

მოდით, მოვეშვათ საკუთარ მიღწევებსა და საკუთარ სურვილებზე ფიქრს. მოდით, დავფიქრდეთ გარშემომყოფთა დადებით თვისებებზე. გულწრფელად და გულახდილად გამოვთქვათ მოწონება.


„გულწრფელად დააფასეთ და გულუხვად შეაქეთ“. დაფასებასა და ქებას ადამიანი მთელი სიცოცხლე დაიმახსოვრებს; თქვენ დაივიწყებთ, ის კი კვლავაც კეთილად მოიგონებს."

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ