თავი მეორე
ერთხელ, ერთ სადილზე ვიყავი ნიუ-იორკში. სტუმართა შორის იყო ქალი, რომელსაც დიდი მემკვიდრეობა მიეღო და გულით უნდოდა სასიამოვნო შთაბეჭდილება მოეხდინა საზოგადოებაზე. პირველ რიგში ქალს ჩაცმულობაზე ეზრუნა. მართლაც ძვირფასი წავის ქურქი ეცვა და ძვირფასი სამკაულებიც ამკობდა, მაგრამ მას დავიწყნოდა მთავარი - სახის გამომეტყველება. არადა, სახეზე ის ეწერა, რომ არავინ და არაფერი არ მოსწონდა. აზრადაც არ მოსვლია საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტება - ქალის გამომეტყველება რომ გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ტანსაცმელი (სხვათაშორის, შეგიძლიათ ეს თქვენს ცოლს შეახსენოთ, თუ ძვირფასი ქურქის ყიდვა მოგთხოვათ).
ერთხელ ჩარლზ შვაბმა მითხრა, ჩემი ღიმილი მილინი დოლარი ღირსო. ალბათ ასეც იყო, რაკი სწორედ მისი მომხიბლავი ინდივიდუალობა და გულის მოგების უნარი ედო საფუძვლად თითქმის ყველა მის წარმატებას. მის მიმზიდველ თვისებებში ლომის წილი მომაჯადოებელ ღიმილს ეკუთვნოდა.
მთელი ერთი დღე გავატარე მორის შევალიესთან და სიმართლე გითხრათ, გულდაწყვეტილი დავრჩი. სულ სხვა კაცად წარმომედგინა. ჩემს წინ იყო მოღუშული და სიტყვაძუნწი ადამიანი. მაგრამ შთაბეჭდილება უმალვე შემეცვალა, როგორც კი ერთი გამიღიმა. ასე მეგონა, მზემ გამოანათა ღრუბლებიდან და თავის გამათბობელ სხივებში გამხვია-მეთქი.
არადა, ღიმილი რომ არა, მორის შევალიე მამამისისა და ძმის მსგავსად მთელი სიცოცხლე პარიზელ დურგლად დარჩებოდა. საქმე ნებისმიერ სიტყვაზე ხმამაღლა ჟღერს და ღაღადებს. ღიმილი კი გეუბნებათ: „მე თქვენ მომწონხართ, მიხარია, რომ გხედავთ“.
რას იტყვით ყალბ ღიმილზე? არა, არავინ მოტყუვდება. ხელოვნურ ღიმილს აღშფოთებაში მოვყავართ, მე მხედველობაში მაქვს გულწრფელი და გულითადი ღიმილი, რომელიც შინაგანი არსიდან იღვრება და რომელიც მაღალ შეფასებას იმსახურებს.
ნიუ-იორკის დიდი უნივერმაღის განყოფილების გამგის აზრით, დაწყებითი განათლების მქონე, მაგრამ მომაჯადოებლად მომღიმარი გამყიდველი სჯობია მჟავესახიან ფილოსოფიის დოქტორს.
ერთხელ ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე: საქმიან ადამიანებს ვთხოვე გაღიმებულებს ევლოთ და მერე მიღებულ შედეგებზე მოეთხროთ.
„აგერ უკვე თვრამეტი წელია ცოლი მყავს, - მწერდა ერთი ნიუ-იორკელი უილიამ სტეინგარდტი - და მისთვის თვრამეტჯერ არ გამიღიმია, ზოგჯერ, სამსახურში წასვლამდე თვრამეტ სიტყვასაც არ ვეტყოდი. ჩემისთანა უხასიათოსა დი ბუზღუნას მეორეს ვერ იპოვით ბროდვეიზე.
ამ თქვენი ღიმილის ექსპერიმენტში რომ ჩავები, სარკიდან ისეთმა მოღუშულმა ფიზიონომიამ შემომხედა, თავს შევუძახე უილ, დღეიდან ჩამოიცილებ ამ გამოხედვას და რადაც უნდა დაგიჯდეს ღიმილს ისწავლი-მეთქი. სასაუზმოდ მაგიდასთან რომ დავჯექი, ცოლს გავუღიშე და დილამშვიდობისა-მეთქი, მივესალმე. კი გამაფრთხილეთ, მაგრამ ასეთ ეფექტს მაინც არ ველოდი. მეუღლეს განვუცხადე ამიერიდან მუდამ ასე მოვიქცევი-მეთქი. ორი თვეა სიტყვა არ გამიტეავსხ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ცვლილებამ თვრამეტ დღეში გაცილებით მეტი ბედნიერება მოუტანა ჩვენს ოჯახს, ვიდრე მთელმა იმ გრძელმა თვრამეტმა წელიწადმა.
ახლა სამსახურში რომ მივდივარ, ღიმილით ვესალმები ლიფტიორ ბიჭუნას, ვუღიმი შვეიცარს, ვუღიმი მოლარეს, მეტროში ფულს რომ მიხურდავებს, ვესალმები და ვუღიმი ყველას, ვისაც აქამდე არ უნახავს ჩემი ღიმილი.
დავინახე, რომ ყველა ღიმილითვე მპასუხობს. იმათაც კი კეთილმოსურნედ ვხვდები, ვინც საჩივრით ან საყვედურით მოდის. ყურადღებით ვუსმენ და ვუღიმი. ასე გაცილებით უფრო მიადვილდება ყველა გაუგებრობის გარკვევა და მოწესრიგება. თანდათან იმაშიც ვრწმუნდები, რომ ასეთ ურთიერთობებს გაცილებით მეტი მოგება მოაქვს.
ერთხელ ჩვენს ერთ ახალგაზრდა კლერკს ადამიანურ ურთიერთობებზე ჩამოვუგდე სიტყვა. ისიც გამომიტყდა, როცა პირველად მის ფირმაში მისული ვუნახივარ, უფიქრია, ეს დიდი ბოღმა ვინმე იქნებაო და მხოლოდ ამ ბოლო ხანებში შეუცვლია აზრი. მას თუ დავუჯერებ, ღიმილი ერთიანად მცვლის.
მარტო ეს არ ვიკმარე, უფრო შორს წავედი. თავი დავანებე ყველასა და ყველაფრის კრიტიკას, ჩხრეკას, კირკიტს. აზრს მხოლოდ მაშინ გამოვთქვამ, როცა ვიწონებ ან ვაქებ. ვცდილობ შევიტყო მოსაუბრის თვალსაზრისი. ყოველივე ამან მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ახლა სხვა კაცი ვარ, უფრო მდიდარიც, მდიდარი მეგობრებითა და სიხარულით. არადა, სწორედ ეს ყოფილა ჭეშმარიტი ფასეულობა.“.
თქვენ არ გეხერხებათ ღიმილი? მაშ, რა უნდა ქნათ? მოგცემთ ორ რჩევას. პირველი: თავი უნდა აიძულოთ და გაიღიმოთ. მეორე, მარტო რომ დარჩებით თავს ძალა დაატანეთ და დაუსტვინეთ ან რამე წაიღიღინეთ. ისე მოიქეცით, თითქოს უკვე ბედნიერი იყოთ. მერწმუნეთ, ასე გამოგისწორდებათ გუნება-განწყობილება. აი, რა მითხრა: ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ ჯეიმსმა:
„მიჩნეულია, რომ ქმედება არის განწყობის შედეგი - ერთი განუყოფელია მეორისაგან. ჩვენი ქმედების რეგულირებით, რასაც უშუალოდ აკონტროლებს ჩვენი ნება, შეგვიძლია ირიბად ვმართოთ განწყობა, რომელიც ამ კონტროლს არ ექვემდებარება".
შედარებით უფრო ეფექტური ხერხი განწყობის შესაცვლელად ეს არის ნებისყოფის დაძაბვით გამხნევდეთ და მოიქცეთ ისე, თითქოს შესანიშნავად გრძნობდეთ თავს.
ამ ქვეყანაზე ვის არ უნდა, იყოს ბედნიერი. მის მისაღწევად ერთი ფრიად საიმედო გზა არსებობს. უნდა ისწავლოთ აზრის მართვა. ბედნიერება მარტო გარე პირობებზე არ არის დამოკიდებული. ის დამოკიდებულია შინაგანი ხასიათის პირობებზეც.
თქვენ ბედნიერი ან უბედური ხართ არა იმის გამო, თუ რა გაქვთ და რა არა, არც იმის გამო თუ ვინა ხართ, სად იმყოფებით ან რას სჩადით. თქვენი მდგომარეობა განისაზღვრება იმით, თუ რა აზრისა ხართ ყოველივე ამაზე. მაგალითად, ორი კაცი შეიძლება მოხვდეს ერთსა და იმავე ადგილზე; აკეთებდეს ერთსა და იმავე საქმეს. შეიძლება ორივეს დაახლოებით ერთნაირი ოდენობის ფული ჰქონდეთ და ერთნაირი საზოგადოებრივი მდგომარეობაც ეჭიროთ, და მაინც ერთი შეიძლება ბედნიერი იყოს, მეორე კი უბედური. რატომ? ეს დამოკიდებულია მათს განსხვავებულ განწყობილებაზე. არანაკლები ბედნიერი სახე შემხვედრია ქანცგამომცლელ სიცხეში გროშებისათვის მომუშავე ჩინელ კულებს შორის, ვიდრე ნიუ-იორკში პარკ-ავენიუზე მოსეირნეებში.
აკი შექსპირიც ამტკიცებდა, არაფერი არ არის თავისთავად კარგი ან ცუდი - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა თვალით შევხედავთ მასო.
ეიბ ლინკოლნმა ერთხელ შენიშნა, რომ ადამიანთა უმეტესობა ბედნიერია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტენ, რომ ბედნიერები იყვნენო. სიმართლეა. მე საკუთარი თვალით მინახავს ამ ჭეშმარიტების დამადასტურებელი თვალსაჩინო მაგალითი.
ნიუ-იორკში ერთ სადგურში ასეთ სურათს წავაწყდი. ჩემს წინ ჯოხებითა და ყავარჯნებით „შეიარაღებული“ ოცდაათი-ორმოცი ხეიბარი ბიჭუნა კიბის საფეხურებს ებრძოდა. ერთი საკაცითაც კი მიჰყავდათ. გაოცებამ შემიპყრო, როცა მომესმა მათი მხიარული სიცილი. გამყოლმა ამიხსნა: ბავშვი როცა საბოლოოდ დარწმუნდება, რომ აღარაფერი ეშველება და სიცოცხლის ბოლომდე ასეთ სახიჩრად რჩება, პირველად თავზარი ეცემა, მაგრამ მერე თანდათანობით უნელდება ეს განცდა, ბოლოს ბედს ემორჩილება და ზოგჯერ ჯანსაღ ბავშვებზე ბედნიერიც კია.
სურვილი დამებადა ქუდი მომეხადა და მდაბლად თავი დამეკრა მათთვის. მათ ისეთი გაკვეთილი მომცეს, რომელსაც, ალბათ, ვერასოდეს დავივიწყებ. ბეისბოლის გუნდის „სენტ-ლუის–კარდინალსის“ მოთამაშემ, ამჟამად ამერიკაში ერთ-ერთმა სახელმოხვეჭილმა სადაზღვევო აგენტმა ფრანკლინ ბეტჯერმა მითხრა, დიდი ხანია ვიცი, რომ მომღიმარ ადამიანს ყველგან უფრო გულღიად ხვდებიან. ამიტომ, როცა საქმეზე მივდივარ, კაბინეტში შესვლის წინ ვცდილობ გავიხსენო რამე სასიამოვნო, რისთვისაც ღმერთის მადლიერი ვარ და სახეზე ბუნებრივი ღიმილი მეფინება. ამ უბრალო ხერხს უბადლო შედეგი მოაქვს სადაზღვევო საქმიანობის ასპარეზზეო.
ყურადღებით წაიკითხეთ ელბერტ ჰაბარდის შემდეგი ბრძნული რჩევა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მარტო წაკითხვა არ გეყოფათ, საჭიროა პრაქტიკულადაც გამოიყენოთ:
„ყოველდღე, სახლიდან გამოსვლისას, თავი მაღლა ასწიეთ, ნიკაპი წინ წამოსწიეთ და ღრმად ჩაისუნთქეთ. შეიწოვეთ მზის სინათლე; ნაცნობებს ღიმილით მიესალმეთ და გულითადად ჩამოართვით ხელი, ნუ გეშინიათ, ცუდად არ გაგიგებენ. არც ერთი წუთი არ დაუთმოთ თქვენს მტრებზე ფიქრს, შეეცადეთ გონებაში მტკიცედ გადაწყვიტოთ რისი გაკეთება გსურთ და დაუყოვნებლივ შეუდექით მიზნის ადსრულებას. იფიქრეთ დიდ და სასიკეთო საქმეებზე და დაინახავთ, რომ ქვეშეცნეულად ყველა შესაძლებლობას იყენებთ სურვილის ასასრულებლად. წარმოდგენაში დახატეთ სახე, ვისი მსგავსიც გსურთ იყოთ. ფიქრში სცადეთ, მას მიემსგავსოთ. ფიქრი უდიდესი ძალაა. შეინარჩუნეთ საჭირო სულიერი მდგომარეობა - იყავით ლაღი, გაბედული, გულწრფელი და ხალისიანი. სწორი აზროვნება ნიშნავს ქმნას. ყველაფერი აგიხდებათ, რასაც გულით მოისურვებთ. თანდათან გახდებით ისეთი, როგორიც გვსურს ვიყოთ. მაღლა ასწიეთ თავი. პოტენციურად თითოეული ჩვენგანი შეიძლებოდა ღმერთად მოვლენოდა ქვეყანას“.
ჩინელთა ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებულ წინაპრებს ჰქონიათ ანდაზა, რომელიც ყველამ თავის ქუდს უნდა მიაკეროს: „ვისაც ღიმილი არ შეუძლია, ის ვერ გახსნის მაღაზიას“. რაკი მაღაზია ვახსენეთ, ქვემოთ მოვიტან ერთ სარეკლამო განცხადებას, რომელიც მარტივ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას ეყრდნობა.
ღიმილის ფასი საშობაოდ
უფასოა, მაგრამ ძვირი ღირს.
რაც მეტს გასცემ, მეტს მიიღებ.
წამიერია, მაგრამ ხსოვნას სამუდამოდ მიჰყვება. ვერსად იპოვით ისეთ მდიდარს, რომელსაც უმისობა შეეძლოს, და ვერც ისეთ ღატაკს ნახავთ სადმე, რომელსაც ის არ გაამდიდრებს.
ბედნიერება შეაქვს ოჯახში, სასურველ ატმოსფეროს ქმნის საქმიან ურთიერთობებში, მეგობრობაში კი პაროლადაც გამოდგება.
შვებაა დაქანცულთათვის, სულით დაცემულთათვის, მზის სხივია კაეშნიანთათვის, ბუნების წამალია უსიამოვნებათაგან განსაკურნებელი.
მას ვერ იყიდით, ვერც თხოვნა-მუდარით მოიპოვებთ, ვერც ისესხებთ, ვერც მოიპარავთ, რადგან თუ ნებითა და სიამით არ გაიცა, გროშია მისი ფასი.
საშობაო ვაჭრობით დაღლილ გამყიდველს თუ დაეკარგა, მოიღეთ მოწყალება და თქვენ თვითონ აჩუქეთ ღიმილი.
ღიმილი ყველაზე მეტად იმას სჭირდება, ვისაც აღარაფერი დარჩენია გასაცემი.
მაშ, ასე, თუ გსურთ გარშემომყოფთა გული მოიგოთ, მისდიეთ მეორე წესს:
გაიღიმეთ!
* * * * * * *
მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე
















