თავი მესამე
1898 წელს ოკლენდის საგრაფოში, ნიუ-იორკის შტატში უბედურება დატრიალდა. ერთ ოჯახს ბავშვი მოუკვდა. მეზობლები დაკრძალვაზე წასასვლელად შეიკრიბნენ. ჯიმ ფარლი საჯინიბოში შევიდა, ცხენები გამოიყვანა და დასაწყურებლად გაუძღვა. გობთან მისული ცხენი შეხტა, ტლინკები ჰყარა და იქვე მდგომი ჯიმ ფარლი სიცოცხლეს გამოასალმა. ასე რომ, სოფელში იმ კვირას ერთის ნაცვლად ორი ადამიანი მიაბარეს მიწას.
ჯიმ ფარლის ქვრივი და სამი ვაჟიშვილი თითქმის უსახსროდ დარჩნენ, თუ არ ჩავთვლით სადაზღვევო კომპანიის ნაბოძებ მცირე თანხას. უფროსი ბიჭი ჯიში მეათე წელიწადში იდგა. ბიჭმა აგურის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. მან ვერ მოახერხა რამდენადმე სერიოზული განათლების მიღება, მაგრამ თავისი ბუნებრივი, თანდაყოლილი ირლანდიული გულკეთილობით ადამიანის გულს ადვილად იგებდა. ამას რომ მიხვდა, ბედი სცადა პოლიტიკურ სარბიელზე.
რამდენიმე წელიწადში გამოიმუშავა უნარი სახელების დამახსოვრებისა. ყველას სახელი ახსოვდა, ვისაც ერთხელ მაინც შეხვედროდა.
მართალია, საშუალო სკოლის კარიც არ შეუღია, მაგრამ სანამ ორმოცდაექვსი წლისა გახდებოდა, უკვე ოთხმა კოლეჯმა მიანიჭა სამეცნიერო ხარისხი. იგი შეერთებული შტატების ფოსტის მინისტრი და დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.
ჯიმს ინტერვიუსთვის ვეწვიე და ვთხოვე გაენდო წარმატების საიდუმლო, - მე შემიძლია სახელით მივმართო ორმოცდაათიათას კაცსო.
სახელების დამახსოვრების სისტემის იდეა თვითონ გაუჩნდა. ეს სისტემა თავიდან არც ისე რთული იყო. როგორც კი ახალ ნაცნობს იჩენდა, გებულობდა მის სახელსა და გვარს, ოჯახის შემადგენლობას, საქმიანობას, პოლიტიკურ შეხედულებებს. ფარლი გონებაში იბეჭდავდა ყველა მონაცემს, როგორც ერთიანი სურათის ნაწილს. ასე რომ, ამ კაცს ერთი წლის შემდეგაც რომ შეხვედროდა, შეეძლო მხარზე ხელი დაეკრა, სახელით მიემართნა და ცოლ-შვილიც მოეკითხა, არც მისი ეზოს ვარდები დაავიწყდებოდა. ამით ბევრის გულს იგებდა. უამრავი პატივისმცემელიც გაიჩინა.
რუზველტის პრეზიდენტობის კამპანიის წინ რამდენიმე თვის განმავლობაში ჯიმ ფარლი ყოველდღიურად ასობით წერილს უგზავნიდა დასავლეთ და ჩრდილო დასავლეთ შტატების მცხოვრებლებს. ყველა წერილი იწყებოდა სახელობითი მიმართვით და ყველა წერილი მთავრდებოდა ხელმოწერით „ჯიმ“.
ჯიმ ფარლი ადრიდანვე მიხვდა, რომ საშუალო ადამიანს საკუთარი სახელი უფრო აინტერესებს, ვიდრე მთელ ქვეყანაზე არსებული სახელები ერთად თავმოყრილი. ადამიანს სახელით რომ მიმართავ, ერთგვარად ფაქიზსა და ეფექტურ კომპლიმენტს უკეთებ.
რით აიხსნება ენდრიუ კარნეგის წარმატება?
მას „ფოლადის მეფეს“ ეძახდნენ, თუმცა არაფერი იცოდა ფოლადის ჩამოსხმისა. მისმა ბევრმა თანამშრომელმა გაცილებით უკეთ იცოდა ეს საქმე, მაგრამ მას შეეძლო ადამიანებთან ურთიერთობა. სწორედ ამან მოაპოვებინა სახელიცა და სიმდიდრეც.
ახალგაზრდობაშივე გამოავლინა ორგანიზატორული უნარი და ხელმძღვანელობის ნიჭი. ათი წლისამ აღმოაჩინა, რომ ადამიანი საოცარ მნიშვნელობას ანიჭებს საკუთარ სახელს, და ეს გამოიყენა კიდეც მათი გულის მოსაგებად.
აი, მაგალითად: ერთხელ, ჯერ კიდევ ყმაწვილმა, სადღაც იშოვა დედალი ბოცვერი, რომელმაც მალე ბაჭიები დაყარა. ბიჭს ამდენი საკვების შოვნა გაუჭირდა და ხერხს მიმართა. მეზობლის ბავშვებს უხმო და უთხრა, ვინც ბევრ იონჯასა და ბაბუაწვერას შემიგროვებს და მომიტანს, ამ ბაჭიებს მათ სახელებს დავარქმევო. ხერხმა ჯადოსავით იმოქმედა. კარნეგიმ ეს სამუდამოდ დაიმახსოვრა.
მერე, დიდი ხნის შემდეგ, მსგავსი ფსიქოლოგიური ფანდის გამოყენებით ერთ საქმეში მილიონობით მოგება მიიღო. ერთხელ მიზნად დაისახა ფოლადის ლიანდაგები პენსილვანიის რკინიგზისათვის მიეყიდა. გზის პრეზიდენტი იყო ჯ. ედგარ ტომსონი და აი, ენდრიუ კარნეგიმ პიტსბურგში გახსნა უზარმაზარი ფოლადთუჯსახმელი ქარხანა და მას "ედგარ ტომსონის სახელობის ქარხანა“ უწოდა. ამის შემდეგ როგორ გგონიათ, პენსილვანიის რკინიგზას ფოლადის ლიანდაგები რომ დასჭირდებოდა, ვის მიმართავდა?
კარნეგისა და ჯონ პულმანს შორის საძილე ვაგონების წარმოებაში პირველობისათვის ბრძოლა რომ გაიმართა "ფოლადის მეფემ“ კვლავ გაიხსენა ბოცვერის ისტორიით მიღებული გაკვეთილი.
კარნეგიცა და პულმანიც ნიუ-იორკში ჩავიდნენ გამგეოობის წევრებთან მოსალაპარაკებლად. სასტუმროში შეხვედრისას კარნეგი მივიდა პულმანთან, მიესალმა და უთხრა: „მისტერ პულმან, ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ჯიუტი თხებივით ვიქცევით?
„რას გულისხმობთ?“ - იკითხა პულმანმა.
მაშინ კარნეგიმ აუხსნა, რომ მეტოქეობა არც ერთს კარგს არას უქადდა, კარგი იქნებოდა მათი საწარმოების გაერთიანება.
„მერე და რას დაარქმევდით ამ ახალ კომპანიას?“ - დაინტერესდა პულმანი. „რა თქმა უნდა „პულმანის ვაგონ-ლუქსების კომპანიას'' არ შეყოყმანებულა, ისე მიუგო კარნეგიმ.
პულმანს სახე გაუნათდა. კარნეგი თავისთან მიიპატიჟა. მათ შორის გამართული საუბარი ისტორიულ ერად იქცა მრეწველობის განვითარებაში.
ენდრიუ კარნეგის ხელმძღვანელობის მეთოდის ერთ-ერთი საიდუმლო იყო ის, რომ მას ჰქონდა უნარი ზუსტად დაემახსოვრებინა მეგობრებისა თუ პარტნიორების სახელები. ამაყობდა იმით, რომ ყველა მუშას სახელით მიმართავდა, ისიც ეამაყებოდა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ფოლადთუჯსასხმელ ქარხნებში არც ერთ გაფიცვას არ დაურღვევია სიმშვიდე.
პადერევკსი პულმანის ვაგონის შავკანიან მზარეულსაც კი უღვიძებდა საკუთარი მნიშვნელობის გრძნობას იმით, რომ მუდამ ბატონობით მიმართავდა. მან თხუთმეტჯერ გადასერა ამერიკის კონტინენტი ერთი სანაპიროდან მეორემდე საკუთარი ვაგონით. ყოველი კონცერტის შემდეგ საკუთარი მზარეულის ხელით მომზადებულ ვახშამს შეექცეოდა და ამ ხნის მანძილზე ერთხელ არ მიუმართავს მისთვის მარტო სახელით. მუდამ „მისტერ კოპერს“ ეძახდა, რითაც ფრიად კმაყოფილს სტოვებდა ამ უკანასკნელს.
თითქმის ყველა ადამიანი ამაყობს საკუთარი სახელით და ნებისმიერი საშუალებით ცდილობს მის უკვდავყოფას. მკაცრი, არასენტიმენტალური მოხუცი პ. ბარნემი განაწყენებული იყო ვაჟიშვილი რომ არ შეეძინა და შვილიშვილს ოცდახუთი ათასი დოლარი შესთავაზა. ოდონდ მისი სახელი ეტარებინა.
შეძლებული დიდგვაროვანნი მწერლებს ფულს უხდიდნენ, რომ თავიანთი წიგნები მათთვის მიეძღვნათ.
ბიბლიოთეკები და მუზეუმები უმდიდრეს კოლექციებს უმადლიან ადამიანებს, რომელთაც შიშის ზარს სცემდა იმის გაფიქრება, რომ მათი სახელი არ შერჩებოდა ისტორიას. ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკას აქვს ასტორისა და ლეოკსის კოლექციები. „მეტროპოლიტენის“ მუზეუმმა უკვდავყო ალტმანისა და მორგანის სახლები. თითქმის ყველა ეკლესიას ამშვენებს შემომწირველთა სახელებით „დამშვენებული" ფერადი ვიტრაჟები.
ზოგი თავს არ იწუხებს, ან უბრალოდ დროს არ აცდენს სახელების დასამახსოვრებლად. თუმცა ისინი ფრანკლინ რუზველტზე უფრო მოუცლელნი არ უნდა იყვნენ
რუზველტი კი პოულობდა დროს იმისათვის, რომ დაემახსოვრებინა და საჭიროების შემთხვევაში მსწრაფლ აღედგინა, ვთქვათ, იმ მექანიკოსის სახელიც კი, რომელთანაც რამე ურთიერთობა აკავშირებდა.
აი, ერთი მაგალითი: ფირმა „კრაისლერმა“ სპეციალურად ფრანკლინ რუზველტისათვის დაამზადა ავტომანქანა. მანქანა თეთრ სახლში მიიყვანეს უ. ჩემბერლენმა და ფირმის ერთმა მექანიკოსმა. ჩემს წინა ძევს ჩემბერლენის წერილი, რომელშიც აღწერს მაშინდელ შთაბეჭდილებას:
„მე ვასწავლე პრეზიდენტ რუზველტს ათასნაირი სამარჯვებიანი მანქანის მართვა, მან კი ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას მაზიარა.
თეთრ სახლში რომ მივედით, განაგრძობს ჩემბერლენი, პრეზიდენტმა განსაკუთრებული თავაზიანობითა და გულისხმიერებით მიგვიღო, სახელით მომმართა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა იმით, რომ ყველაფრისადმი, რასაც კი ვუხსნიდი ან ვაჩვენებდი, გულწრფელ ინტერესს იჩენდა.
ავტომობილის კონსტრუქცია მხოლოდ ერთი, ხელის სამართის ხმარების საშუალებას იძლეოდა. ჩვენს ირგვლივ ბევრი ხალხი შეგროვდა, ყველა მანქანას ათვალიერებდა. როცა რუზველტის მეგობრებმა და დაახლოებულმა პირებმა აღტაცება გამოთქვეს, მათი თანდასწრებით მომმართა: „მისტერ ჩემბერლენ! მე, რა თქმა უნდა, დიდად მადლობელი ვარ, რომ ამდენი დრო და ენერგია მოახმარეთ ამ კონსტრუქციის დამუშავებას. მანქანა შესანიშნავია“.
მან მოიწონა რადიატორი, უკანა სარკე და საათი, განსაკუთრებული ფარები, გადასაკრავი, მძღოლის სავარძლის მდებარეობა, მისი მონოგრამებიანი საგანგებო ჩემოდნები... ერთი სიტყვით, არც ერთი წვრილმანი არ დარჩენია შეუმჩნეველი. ჩანდა, ხვდებოდა, თითოეული მათგანი რომ საგანგებოდ მქონდა დამუშავებული.
მანქანის მართვის გაკვეთილი რომ დამთავრდა, პრეზიდენტი მომიბრუნდა და მითხრა: „მაშ ასე, მისტერ ჩემბერლენ, ვფიქრობ, უკვე დროა საქმეს დავუბრუნდე. ფედერალურ სადაზვერვო სამმართველოს უკვე საათნახევარს ვალოდინებ“...
თეთრ სახლში მე მექანიკოსიც გავიყოლე. ის პრეზიდენტს წარუდგინეს. პრეზიდენტს მხოლოდ ერთხელ თუ გაეგონა მისი სახელი. წასვლისას რუზველტმა მოძებნა იგი, სახელით მიმართა და მადლობა გადაუხადა ვაშინგტონში ჩამოსვლისათვის. ამ მადლობაში არაფერი იყო ხელოვნური. ლაპარაკობდა იმას, რასაც გრძნობდა. მე ვიცოდი ეს.
ნიუ-იორკში დაბრუნების რამდენიმე დღის შემდეგ, პრეზიდენტ რუზველტისაგან მივიღე ფოტოსურათი მისი ავტოგრაფით და მადლობის ბარათით. როგორ გამონახა საამისო დრო, დღესაც გამოცანად რჩება ჩემთვის“.
ფრანკლინ რუზველტმა იცოდა, რომ გარშემომყოფთა გულის მოსაგებად ყველაზე გასაგები და ქმედითი ხერხი იყო მათი სახელების დამახსოვრება და მათი ღირსების, მნიშვნელობის აღიარება. მაგრამ განა ბევრი იქცევა ასე? ასიდან ორმოცდაათ შემთხვევაში, ახალგაცნობილ ადამიანს რამდენიმე სიტყვით გამოველაპარაკებით და მის სახელს დამშვიდობების უმალვე ვივიწყებთ.
საქმიან და საზოგადოებრივ კონტაქტებში სახელების დამახსოვრების უნარს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც პოლიტიკაში.
ნაპოლეონ III. საფრანგეთის იმპერატორი და დიდი ნაპოლეონის ძმისწული, იმით ამაყობდა, რომ, მაღალი მდგომარეობის მიუხედავად, შეეძლო დაემახსოვრებინა ყველას სახელი, ვისაც კი შეხვდებოდა.
როგორ ახერხებდა ამას? სულ მარტივად. როცა ვინმეს წარუდგენდნენ, იკითხავდა: „უკაცრავად, ვერ გავიგე რა გქვიათ?“ მერე საუბრისას რამდენჯერმე იხმარდა ამ სახელს. თან ეძებდა იმ ადამიანის სახის ნაკვთებით, გამომეტყველებითა და მთელი მისი გარეგნობით გამოწვეულ ასოციაციას...
მის წინ თუ განსაკუთრებით გავლენიანი პირი იყო, ნაპოლეონი ამ ხერხით არ კმაყოფილდებოდა. მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა როგორც კი მარტო დარჩებოდა, ქაღალდზე იწერდა ახალგაცნობილის სახელს, რამდენჯერმე დახედავდა და მერე ხევდა. ამრიგად აღწევდა ახალი სახელის არა მარტო სმენით, არამედ ხედვით აღქმასაც. ამას დრო სჭირდებოდა, მაგრამ, როგორც ემერსონი იტყოდა, „კარგი მანერები მსხვერპლს მოითხოვს“.
მაშ ასე, თუ გსურთ, თავი მოაწონოთ გარშემომყოფთ. მისდიეთ მესამე წესს:
გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის მისი სახელი ყველაზე საამურად და ყველაზე საინტერესოდ ჟღერს ნებისმიერ ენაზე.
* * * * * * *
მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე