თავი მეოთხე
ერთხელ ბრიჯის პარტიაზე მიმიწვიეს. მოწვეულთა შორის იყო კიდევ ერთი ქალი, რომელმაც თურმე ჩემსავით არ იცოდა ბრიჯის თამაში. როცა გაიგო, რომ თავის დროზე ლოუელ ტომასის მენეჯერი ვიყავი და ბევრს ვმოგზაურობდი ევროპაში, მთხოვა: „ო, მისტერ კარნეგი, თუ შეიძლება გვიამბეთ იმ შესანიშნავ ადგილებზე!“
მერე დივანზე ჩამოვსხედით. აღმოჩნდა, რომ ქალბატონს ცოტა ხნის წინ თავის მეუღლესთან ერთად აფრიკაში ემოგზაურა. „აფრიკაში! - აღფრთოვანება ვერ დავფარე - რა საინტერესოა! - მე ყოველთვის მინდოდა მენახა ეგ ქვეყანა, მაგრამ ჯერ ვერ მოვახერხე, თუ არ ჩავთვლით ალჟირში გატარებულ დღე-ღამეს. თქვენ იყავით ცხოველთა სამფლობელოში? კი? ოი, რა ბედი გქონიათ! ნამდვილად მშურს თქვენი, მიამბეთ, თუ შეიძლება, აფრიკაზე“.
მთელი ორმოცდახუთი წუთი მელაპარაკა. ჩემს მოგზაურობაზე აღარა უკითხავს რა. აღარ აინტერესებდა. მას მხოლოდ ყურადღებიანი მსმენელი სჭირდებოდა.
ასეთი რამ იშვიათია? სრულებითაც არა. უმეტესობა ზუსტად ასე იქცევა.
მაგალითად, ნიუ-იორკის წიგნთგამომცემლის ჯ. გრინბერგის მიერ გამართულ წვეულებაზე გავიცანი ერთი სახელმოხვეჭილი ბოტანიკოსი. მანამდე არასოდეს შევხვედრივარ ბოტანიკოსს. ამ კაცმა მომხიბლა. სულგანაბული ვუსმენდი. რამდენი რამ გავიგე მარტო... კარტოფილზე! როცა შეიტყო, რომ ოთახში პატარა ყვავილნარი მქონდა, რამდენიმე თავაზიანი რჩევა მომცა.
როგორც უკვე გითხარით, წვეულებაზე გახლდით. იქ ჩვენს გარდა კიდევ თორმეტი სტუმარი იყო. მე კი თავაზიანობის ყოველგვარი კანონები დავარღვიე და რამდენიშე საათი მარტო ამ ბოტანიკოსთან საუბარში გავატარე.
წვეულებიდან შუაღამისას წამოვედი. ბოტანიკოსმა თურმე მასპინძელთან შემაქო. მისი აზრით, „კარგი მოსაუბრე“ ვყოფილვარ.
„კარგი მოსაუბრე?! მაგრამ მე ხომ ორი სიტყვაც არ მითქვამს. ან როგორ ვიტყოდი, როცა ბოტანიკის არაფერი გამეგება, მაგრამ იცით, რას ვშვრებოდი? ყურადღებით ვუსმენდი. ვუსმენდი იმიტომ, რომ მართლა მაინტერესებდა. მან ეს იგრძნო და, ბუნებრივია, ესიამოვნა კიდეც. ყურადღება ყველაზე დიდი ქათინაურია.
როგორ მივაღწიოთ საქმიან საუბარში სასურველ შედეგს? დიდი მეცნიერის ჩარლზ ელიოტის სიტყვებით „აქ არავითარი საიდუმლო არ იმალება. მთავარია გამოიჩინოთ ყურადღება თანამოსაუბრის მიმართ. ამაზე უკეთესი გულის მოსაგები ხერხი არ არსებობს“.
ედვარდ ბოკმა, ამერიკული ჟურნალისტიკის ისტორიაში ერთ-ერთმა მოწინავე რედაქტორმა - ცამეტი წლისამ მიატოვა სკოლა და ფირმა „უესტერნ იუნიონში“ შიკრიკად დაიწყო მუშაობა, მაგრამ არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია სწავლაზე ფიქრი. პირიქით, მან ხელი მოჰკიდა თვითგანათლებას. კაპიკს კაპიკზე ადებდა, უბილეთოდ მგზავრობდა, საუზმის ფულს ზოგავდა, სანამ ენციკლოპედია არ იყიდა, რომელშიც სახელგანთქმულ ამერიკელ მოღვაწეთა ბიოგრაფიები იყო შეტანილი. მერე კი... აი, რა ქნა; წაიკითხავდა რომელიმე სახელოვანი კაცის ბიოგრაფიას და წერილს მისწერდა, სთხოვდა თავისი ბავშვობის შესახებ უფრო დაწვრილებით ეამბნა. ამ ყურადღებით ახერხებდა მათი გულის მოგებას. მაგალითად, გენერალ ჯეიმს გარფილდს, რომელიც იმ ხანად კენჭს იყრიდა პრეზიდენტობაზე, ჰკითხა, მართალი იყო თუ არა ბავშვობაში მებუქსირედ რომ მუშაობდა. იმანაც დაწვრილებითი პასუხი გამოუგზავნა. გენერალ გრანტს სთხოვა ეამბნა ერთი ბრძოლის ამბავი. გრანტმა რუკაც დაუხაზა და გამოუგზავნა, მერე თოთხმეტი წლის ბიჭუნა სადილად მიიპატიჟა და მთელი საღამო ესაუბრა.
ბიჭმა ემერსონსაც სთხოვა ეამბნა რამე თავის ბავშვობაზე - „უესტერნ იუნიონის“ პატარა შიკრიკმა ასეთი ყურადღებით მალე ქვეყნის ყველაზე ცნობილი ადამიანები გაიცნო: ემერსონი, ფილიპ ბრუკსი, აბრაამ ლინკოლნის ქვრივი, ლუიზა მეი ოლკოტი, გენერალი შერმანი, ლონგფელოუ, ჯეფერსონ დევისი... ბიჭი მარტო მიმოწერით არ კმაყოფილდებოდა. შვებულების დროს ბევრ მათგანს სტუმრადაც ეწვია. ასეთმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ თავდაჯერება შესძინა. იმ ადამიანებმა და მათთან საუბარმა ბიჭს ოცნება ასწავლეს, გაუღვივეს პატივმოყვარეობის მარცვალი, რამაც რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრების გზა. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ყველაფერი ეს შესაძლებელი გახდა აქ განხილული პრინციპების გამოყენებით.
აიზეკ ფ. მარკინსონი, რომელსაც ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუების რაოდენობით, ალბათ, მსოფლიოს ჩემპიონობა ეკუთვნის, აშტკიცებდა, რომ ვერ აღწევდა ინტერვიუერის გულახდილობას, რადგან ყურადღებით მოსმენა არ შეეძლო. „ისინი ერთიანად საკუთარ სათქმელსა და საფიქრალს მისცემიან და სხვა არაფერი ესმით. დიდ ადამიანებს უთქვამთ, რომ კარგ ორატორებს კარგი მსმენელი ურჩევნიათ, მაგრამ მოსმენის უნარი, როგორც ჩანს, იშვიათია“.
კარგ, ყურადღებიან მსმენელებს ნატრულობენ, სხვათა შორის, არა მარტო დიდი, არამედ ჩვეულებრივი, მოკვდავი ადამიანებიც. როგორც თავის დროზე ჟურნალი „რიდერს დაიჯესტი“ ამტკიცებდა, „ზოგიერთი ექიმს იმისათვის იხმობს ხოლმე, რომ მსმენელი სჭირდება“.
სამოქალაქო ომის ყველაზე მძიმე დღეებში ლინკოლნმა წერილი მისწერა ერთ თავის ძველ მეგობარს და ვაშინგტონში ჩამოსვლა სთხოვა, რაღაც პრობლემაზე მინდა მოგელაპარაკოო. ის ძველი მეგობარიც. ადგა და თეთრი სახლისკენ გამოეშურა. ლინკოლნი რამდენიმე საათი ესაუბრა მას მონათა განთავისუფლების დეკლარაციის მიზანშეწონილობის შესახებ. სტუმარს ამ ღონისძიების ყველა საწინააღმდეგო თუ სასარგებლო საბუთები მოუყვანა. რამდენიმე წერილი და საგაზეთო სტატიაც წაუკითხა: ზოგში იმას საყვედურობდნენ, რატომ არ ათავისუფლებ მონებსო, ზოგში კი კიცხავდნენ რატომ ათავისუფლებო. რამდენიმე საათის ლაპარაკის შემდეგ ლინკოლნმა ხელი ჩამოართვა, დაემშვიდობა და უკან, ილინოისში ისე გაამგზავრა მოხუცი, აზრიც არ უკითხავს. მთელი დღე მარტო ლინკოლნი ლაპარაკობდა. თავისავე საუბარმა საჭირო დასკვნები გააკეთებინა. მეგობარმა კი ირწმუნა, რომ ჩემთან საუბარმა შვება მოჰგვარაო. ლინკოლნს რჩევები არ უნდოდა. მას მხოლოდ კეთილგანწყობილი მსმენელი სჭირდებოდა, რომ გული გადაეშალა. სწორედ ეს გვჭირდება ყველას, როცა რამე გვაწუხებს.
თუ გინდათ იცოდეთ, როგორ უბიძგოთ ადამიანს, რომ თავი აგარიდოთ, ზურგსუკან დაგცინოთ, ან უბრალოდ შესჯავრდეთ, ეს რეცეპტი გამოიყენეთ: არასოდეს არავის ყურადღებით არ უსმინოთ და დაუსრულებლად ილაპარაკეთ საკუთარ თავზე. სხვისი სმენისას თუ რაღაც გაგახსენდათ ნუ დაელოდებით როდის დაამთავრებს აზრს, სიტყვა გააწყვეტინეთ და თქვენი სათქმელი უთხარით.
ცოტას იცნობთ ამნაირებს? სამწუხაროდ, მე ბევრს ვიცნობ. ზოგი მათგანის სახელი მაღალი წრის წარმომადგენელთა ცნობარშიც შეგხვდებათ !
ნამდვილად მოსაწყენია ის ადამიანი, ვისაც სიამოვნებას ანიჭებს საკუთარი პერსონა; სულ თავის თავზე ლაპარაკობს და გაბრუებულია საკუთარი მნიშვნელობის შეგნებით.
ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ლაპარაკობს, ფიქრშიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. „ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს, - ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, დოქტორი ნიკოლას მერეი ბატლერი, - უსაშველოდ უკულტუროა,.. უკულტუროა, როგორი განათლებულიც უნდა იყოს“.
ამიტომ, თუ გინდათ სასიამოვნო მოსაუბრე იყოთ, იყავით ყურადღებიანი მსმენელი. როგორც მის ჩარლზ ნორდმან ლი ამტკიცებს - „საინტერესო რომ იყოთ, სხვაც უნდა გაინტერესებდეთ“. იკითხეთ ის, რაზეც პასუხი სიამოვნებთ.სხვასაც მიეცით საშუალება თავის წარმატებაზეც თქვას ორიოდ სიტყვა.
გახსოვდეთ, რომ კაცს, რომელსაც თქვენ ელაპარაკებით, გაცილებით უფრო აინტერესებს საკუთარი თავი, საკუთარი საჭიროებანი და პრობლემები, ვიდრე თქვენ და თქვენი სატკივარი. მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია თავისი კბილის ტკივილი, ვიდრე ვთქვათ, შიმშილობა ჩინეთში, რამაც შეიძლება მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს. ადამიანს საკუთარ კისერზე ამოსული ძირმაგარა უფრო აწუხებს, ვიდრე მიწისძვრა უცხო მხარეში. როცა საუბარში ჩაებმებით, ესეც გაიხსენეთ, ამასაც დაუფიქრდით.
მაშასადამე, თუ გსურთ თავი მოაწონოთ გარშემომყოფთ, მისდიეთ მეოთხე წესს:
ყურადღებით უსმინეთ. მიეცით საშუალება გელაპარაკონ თავიანთ თავზეც.
* * * * * * *
მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე