მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 129 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მეექვსე

 

ნიუ-იორკში 33-ე ქუჩისა და მე-8 ავენიუს კუთხეში მდებარე საფოსტო განყოფილებაში კარგა ხანს მომიხდა რიგში დგომა. შეკვეთილი წერილი უნდა გამეგზავნა. თვალში მომხვდა, რომ კორესპონდენციების მიმღებს აშკარად მოსწყენოდა თავისი სამუშაო: კონვერტების აწონა; ქვითრების გამოწერა - სულ ერთი და იგივე, მონოტონური, გულისგამაწვრილებელი საქმე. ვიფიქრე, უნდა მოვახერხო და ამ კაცის კეთილგანწყობა დავიმსახურო-მეთქი. ამისათვის კი ისეთი რამისთვის უნდა მიმეგნო, რაც მეც გულწრფელად მომეწონებოდა და მისთვისაც მნიშვნელობა ექნებოდა. ასეთი რამის პოვნა საერთოდ ძნელდება ხოლმე, მით უმეტეს, როცა საქმე უცნობ ადამიანს ეხება, მაგრამ მაშინ არ გამჭირვებია. უცბად მივაგენი იმას, რამაც გულწრფელად მომხიბლა.

და აი, როცა ჩემს კონვერტს წონიდა, აღტაცებულმა ვუთხარი, ნეტავ მეც თქვენნაირი თმა მომცა მეთქი.

ჯერ გაკვირვებით შემომხედა, მერე სახეზე ღიმილი გადაეფინა. „ოჰ, სადღა მაქვს კარგი თმა“ - ალალად მომიგო. მე კი ვუთხარი, შეიძლება წინანდებური ელფერი აღარა აქვს, მაგრამ მაინც ძალზე ლამაზი თმა გაქვთ-მეთქი. გამომიტყდა, ჩემი თმა ბევრს მოსწონსო.

დაგენიძლავებით, რომ იმ დღეს ის კაცი, სასადილოდ კარგ გუნებაზე წავიდოდა. შინ კი სარკეში ჩაიხედავდა და იტყოდა, მართლა ლამაზი თმა მაქვსო.

ეს ისტორია ერთხელ საჯაროდ რომ მოვყევი, ვიღაცამ მკითხა, რა გინდოდათ მისგანო?

რა მინდოდა?! რამე უნდა მდომოდა?!

თუ ჩვენ ისეთი თავკერძები გავხდით, რომ ადამიანისათვის იოტისოდენა სიხარულის მინიჭებაც არ შეგვიძლია, თუ არ შეგვიძლია დავინახოთ და ვაღიაროთ მისი ღირსებები, თანაც უანგაროდ, თუ ჩვენი სული ისე დაკნინებულა, რომ მჟავე ვაშლს მოგვაგონებს, მაშინ საშველი არ ყოფილა, დავღუპულვართ და ეგ არის.

თუმცა არა, მეც მინდოდა რაღაც იმ კაცისაგან. მე ისეთი რამ მინდოდა, რასაც ფასი არ დაედება. და მივიღე კიდეც. ეს იყო იმის შეგნება, რომ ადამიანს ვასიამოვნე, უბრალოდ, უანგაროდ, ვასიამოვნე ისე, რომ სამაგიეროს გადახდის საშუალებაც არ მიმიცია. ამის შეგნება კაცს ამხნევებს, ადამიანად აგრძნობინებს თავს.

არსებობს ქცევის ერთი უმნიშვნელოვანესი კანონი. თუ ამ კანონს დავიცავთ, ბევრ მეგობარს შევიძენთ, მაგრამ როგორც კი მას (ამ კანონს) ვუღალატებთ, უმალვე კისერს მოვიტეხთ. კანონი ასეთია: თქვენს თანამოსაუბრეს უნდა აგრძნობინოთ მისი პერსონის მნიშვნელობა.

პროფესორი ჯონ დაუნი ამბობდა, რომ ადამიანის ბუნებას ახასიათებს მისწრაფება იყოს მნიშვნელოვანი. პროფესორი უილიამ ჯეიმსი კი ამტკიცებს: „ადამიანის უდიდესი მისწრაფებაა მისი ღირსების აღიარება. სწორედ ეს მისწრაფება განასხვავებს ცხოველებისაგან, სწორედ ეს უძევს საფუძვლად თვითონ ცივილიზაციას“.

ფილოსოფოსები ასწლეულობით მსჯელობდნენ ადამიანურ ურთიერთობათა ნორმებზე. ამ მსჯელობაში ჩამოყალიბდა ერთი ძალზე მნიშვნელოვანი, არ ახალი და ისევე ძველი მცნება, როგორც თავად კაცთა მოდგმის ისტორია. სამი ათასი წლის წინათ ზარატუსტრა უნერგავდა მას სპარსეთში ცეცხლთაყვანისმცემლებს. კონფუცი ქადაგებდა მას ჩინეთში ოცდაოთხი ასწლეულის წინათ; ლაო-ძიმ, დაოიზმის ფუძემდებელმა უანდერძა იგი თავის მიმდევრებს ხანის ველზე; ბუდა ქადაგებდა მას წმინდა განგის ნაპირებზე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე ხუთასი წლით ადრე; ინდუიზმის წმინდა წიგნები ამ მცნებას ასწავლიდნენ ათასი წლით ადრე, ვიდრე ცხრამეტი ასწლეულის შემდეგ იესო ღაღადჰყოფდა ერთ აზრად შეკრულს: „ყოველი რომელი გინდეს თქუენ, რათა გიყონ კაცთა ეგრეცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს შჯული და წინაწარმეტყუელნი“ (მათე, 7. 12)

თქვენ გინდათ კვერი დაგიკრან, გინდათ თქვენი ღირსებები აღიარონ. გსურთ ირწმუნოთ, რომ რაღაცას ნიშნავთ ამ ქვეყანაზე. თუმცა ვერ იტანთ იაფფასიან, ყალბ პირფერობას. გინდათ დაინახონ და გულწრფელად დააფასონ თქვენი ღირსებები, გინდათ, რომ თქვენი მეგობრები თუ კოლეგები, როგორც ჩარლზ შვაბი იტყოდა, იყვნენ გულწრფელნი შეფასებისას და გულუხვი შექებისას, ეს ყველას უნდა.

ამიტომ, საჭიროა მივსდიოთ ოქროს წესს და გავიღოთ სხვათათვის ის, რისი მიღებაც თვითონ გვენატრება.

როგორ? როდის სად? ამ კითხვებზე პასუხი ერთია: ყველანაირად, ყოველთვის, ყველგან.

ერთი მაგალითი: „რადიო-სიტის“ საცნობარო სამსახურის თანამშრომელს ვკითხე ჰენრი სუვეინის კაბინეტის ნომერი. ფორმის ტანსაცმელში გამოწკეპილმა, კარგი მანერებით თავმომწონე ახალგაზრდა კაცმა მკაფიოდ და პაუზებით მიპასუხა: „ჰენრი სუვეინი მეთვრამეტე სართული ოთახი 1816“. ის-ის იყო ლიფტისკენ უნდა გავქცეულიყავი, რომ უცბად რაღაცამ შემაჩერა, მოვბრუნდი და მადლობა გადავუხადე: „თქვენ ისეთი ზუსტი და გარკვეული პასუხი მომეცით, თანაც ისე, თითქოს მსახიობი იყოთ და როლს ასრულებდეთ. თქვენნაირი ხალხი იშვიათია“.

სიამოვნებისგან გაბადრულმა ამიხსნა, თუ რატომ აკეთებდა ამა თუ იმ პაუზას და ჰალსტუხი შეისწორა. მე მეთვრამეტე სართულისკენ გავწიე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დღეს ადამიანთა წილხვედრ ბედნიერებას ცოტაოდენი სიხარული მეც შევმატე.

ნუ დაელოდებით საფრანგეთის ელჩობას ან „ირმის კლუბის“ პრეზიდენტობას. ამ ფილოსოფიაში წვდომა ისედაც შეგიძლიათ. ეს ფილოსოფია გარშემომყოფთა ღირსებების აღიარებაა. ამ გზით საოცარ შედეგებამდე მიხვალთ.

მაგალითად, ოფიციანტმა თუ შემწვარი კარტოფილის მაგივრად პიურე მოგიტანათ, სცადეთ და უთხარით: „მაპატიეთ, რომ გაწუხებთ, მაგრამ მე შემწვარ კარტოფილს ვარჩევდი“, რაზეც ის უთუოდ გიპასუხებთ: „რა შეწუხებაა“ და სიამოვნებით შეგიცვლით კერძს, იმიტომ რომ პატივისცემით მოეპყარით.

თავაზიანი სიტყვები, როგორიცაა „მაპატიეთ შეწუხებისათვის“, „თუ შეიძლება“, „თუ წინააღმდეგი არ იქნებით“, „დიდი მადლობა“ ალამაზებენ ყოველდღიურ ერთფეროვნებას და, სხვათაშორის, კარგი აღზრდის ელფერიც დაკრავთ.

ავიღოთ მეორე მაგალითი, წაგიკითხავთ თუ არა ჰოლ კეინის რომელიმე რომანი, ან „ქრისტიანი“, ან „მოსამართლე", ანდა „კაცი კუნძულ მენიდან“. ამ წიგნებს მილიონობით მკითხველი ჰყავს. მათი ავტორი კი მჭედლის ვაჟი იყო. სულ რაღაც რვა წელიწადი ისწავლა, მაგრამ მსოფლიოში ყველაზე დიდი მწერლის სახელით წავიდა ამ ქვეყნიდან.

მისი ცხოვრების ისტორია ასეთია: ჰოლ კეინს უყვარდა სონეტები და ბალადები, სულმოუთქმელად კითხულობდა დანტე გაბრიელ როსეტის ლექსებს. მან სტატიაც კი დაწერა, რომელშიც ხოტბას ასხამდა. როსეტის ნაწარმოებების მხატვრულ ღირსებებს და ერთი ეგზემპლარი თვითონ პოეტს გაუგზავნა. ეს უკანასკნელი აღტაცებული დარჩა. „ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ესმის და ასე მაღალ შეფასებას აძლევს ჩემს ნიჭს, - ალბათ ასე იფიქრა როსეტიმ - უდავოდ ნათელი გონების პატრონი იქნება,“ ამიტომ მჭედელი ლონდონში მიიწვია და მდივნობა შესთავაზა. ეს მიწვევა შემობრუნების პუნქტად იქცა ჰოლ კეინის ცხოვრებაში. აქ შესაძლებლობა მიეცა შეხვედროდა იმ დროს მხატვრული ლიტერატურის ცნობილ მოღვაწეებს. სწორედ მათი რჩევითა და შეგულიანებით დაადგა გზას, რომელმაც ზეცაში ატყორცნა.

მისი სახლი მენის კუნძულზე - გრებეს ციხე-დარბაზი - დედამიწის შორეულ კუთხეებიდან ჩამოსულ ტურისტთა მექად იქცა. მისმა დანატოვარმა ქონებამ ორნახევარ მილიონ დოლარს მიაღწია. არადა, ეგებ სულ უკვალოდ წასულიყო ამ ქვეყნიდან, რომ არა ის სტატია, რომლითაც გულწრფელი ქება შეასხა სახელიან კაცს.

ასეთია მომაჯადოებელი ძალა გულწრფელი, გულახდილი შეფასებისა.

თვითონ როსეტის თავი დიდ პიროვნებად მიაჩნდა. არცაა საკვირველი. თითქმის ყველას ასე ჰგონია. სხვათაშორის, ასეა ყველა ერიც.

ეგებ გგონიათ, რომ იაპონელებს სჯობიხართ? არადა, თვითონ იაპონელები თქვენზე გაცილებით მაღლა აყენებენ თავს. მაგალითად, კონსერვატორულად განწყობილი იაპონელი გაგიჟდება თუ დაინახა, რომ იაპონელი თეთრკანიანთან ცეკვავს.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ინდოეთის ინდუსებზე მაღლა დგეხართ? ნება თქვენია, როგორც გსურდეთ ისე იფიქრეთ, მაგრამ მილიონობით ინდუსს თქვენთან შედარებით ისე მაღლა მდგომი ჰგონია თავი, რომ არც იკადრებს მიეკაროს საჭმელს, თუკი ის „შებილწა“ თქვენმა - უცხო რჯულის წარმომადგენლის - ჩრდილმა.

ან ესკიმოსებზე უკეთესი ხომ არ გგონიათ თავი? ესეც თქვენი ნება იყოს, მაგრამ იქნებ იმითაც დაინტერესდეთ, თუ რას ფიქრობენ ესკიმოსები თქვენზე? აი, რას: ესკიმოსებში ზოგჯერ გამოერევიან მოხეტიალენი, ზარმაცნი, უქნარანი, შრომას რომ გაურბიან. ესკიმოსები მათ „თეთრებს“ უწოდებენ და ამ სიტყვით უკიდურეს ზიზღს გამოხატავენ.

ყოველ ერს სხვა ერებზე მაღლა მდგომი ჰგონია თავი. ეს ბადებს პატრიოტიზმს და... ომებს.

სრული ჭეშმარიტებაა: თითქოს ყოველი ადამიანი რაღაცით თქვენზე მაღლა აყენებს თავს, მისი გულისკენ მიმავალ გზას მაშინ დაადგებით, თუ, სხვათაშორის, აგრძნობინებთ, რომ აღიარებთ მის კუთვნილ როლს თუნდაც იმ პაწია სამყაროში, რომელშიც ის ტრიალებს, ოღონდ გულწრფელი უნდა იყოთ.

გახსოვდეთ, რა თქვა ემერსონმა: „ყოველი ადამიანი, რომელსაც მე ვხვდები, რაღაცით ჩემზე მაღლა დგას და ამიტომ მისგან ბევრი შეიძლება ვისწავლო“.

მინდა გიამბოთ სამი ისტორია იმის შესახებ, თუ საქმიანი ადამიანები - ჩემი კურსების მსმენელები, როგორ იყენებდნენ აქ ნასწავლ პრინციპებს და როგორ შედეგებს აღწევდნენ.

დავიწყებ იმით, რაც ერთ კონექტიკუტელ იურისტს შეემთხვა. ის ამჯობინებს ინკოგნიტოდ დარჩეს პირობითად დავარქვათ მისტერ რ.

ეს ამბავი კურსებზე მოსვლის შემდეგ მოხდა.

იგი თავის მეუღლესთან ერთად ავტობუსით გაემგზავრა ლონგ-აილენდში ნათესავების მოსანახულებლად. ცოლმა ის მოხუც დეიდასთან დასტოვა, თვითონ კი სხვა ნათესავების სანახავად გასწია. რ-ს მოკლე ხანში მოხსენება უნდა გაეკეთებინა ადამიანის ღირსებების აღიარების პრინციპის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ და გადაწყვიტა ამ მოხუც ქალთან დაეწყო ექსპერიმენტი. მან სახლი დაათვალიერა. ეძებდა ისეთ რამეს, რაც ძალზე მოეწონებოდა.

„ეს სახლი 1890 წელს იქნება აშენებული, არა?“ - იკითხა მან.

„დიახ“ - უპასუხა ქალმა, - სწორედ იმ წელს ავაშენეთ“. „რა კარგი სახლია. ფართო, შესანიშნავი პროპორციებით. ახლა ასეთ სახლებს აღარ აშენებენ“.

„მართალი ბრძანდებით - დაეთანხმა მოხუცი ქალბატონი, - ჩვენს დროში ახალგაზრდები არაფრად დაგიდევენ ლამაზ სახლს, მათ სავსებით აკმაყოფილებთ პატარა კოლოფი მაცივრით; მათთვის მთავარია ავტომობილი. ეს სახლი კი მართლაც ზღაპრულია - განაგრძო ქალმა, თან ხმა აუთრთოლდა მოგონებებისგან. - მე და ჩემი ქმარი დიდხანს ვოცნებობდით ასეთ სახლზე, არქიტექტორი არც კი მოგვიწვევია. თვითონ დავგეგმეთ“.

მერე ყველა ოთახი დაათვალიერებინა სტუმარს, რომელიც გულწრფელ აღტაცებას გამოთქვამდა. მართლაც ძალიან მოსწონდა ის მშვენიერი ნივთები, რომლებიც დიასახლისს შეეძინა მოგზაურობის დროს და სათუთად ინახავდა: შალები ქალაქ პეისლიდან (ქალაქი შოტლანდიაში, სადაც ამზადებენ ქიშმირის შალებს), ძველებური ინგლისური ჩაის სერვიზი, ვეჯვუდის ფაიფური, ფრანგული საწოლები და სკამები, იტალიური სურათები, აბრეშუმის ფარდაგები...

„სახლი რომ დამათვალიერებინა, - განაგრძობდა კურსის მსმენელი, - მერე გარაჟში შემიყვანა და „პაკარდის“ მარკის ახალთახალი მანქანა მაჩვენა.

„ჩემმა ქმარმა ეს მანქანა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იყიდა - თქვა ქალმა ჩურჩულით - მისი გარდაცვალების მერე აქ დგას. გატყობთ, იცით ნივთების ყადრი, ამიტომ გადავწყვიტე, თქვენ გაჩუქოთ იგი“.

„ოჰ, რას ბრძანებთ, ქალბატონო, - ვიუარე მე, - თქვენ ძალზე კეთილი ბრძანდებით, სასიამოვნოა ასეთი გულუხვობა, მაგრამ მე, ალბათ, ვერ ვისარგებლებ თქვენი მოწყალებით. ნათესავადაც კი არ გერგებით. თან ახალი მანქანაც მაქვს, თქვენ ნათესავები გეყოლებათ, მათთვის უფრო უპრიანი იქნება, არა?“

„ნათესავები! - ამოიგმინა ქალმა - კი ბატონო, მყავს ნათესავები და ერთი სულიც აქვთ როდის მიმიბარებს უფალი და როდის დაეპატრონებიან აქაურობას, მაგრამ ვერ ეღირსებიან“.

„გაყიდვაც შეგიძლიათ“ - ვუთხარი მე.

„გაყიდვა?! – წამოიძახა მან. - რას ამბობთ, როგორ გავყიდი. ეს რომ უცხო კაცის ხელში ვნახო, ხომ გული გამისკდა. აზრადაც არ მომივა ასეთი რამ. მე მას თქვენ გაძლევთ. თქვენ იცით მისი ყადრი“.

სტუმარი ცდილობდა, როგორმე თავიდან აერიდებინა მოულოდნელი საჩუქარი, თანაც ისე, რომ მოხუცი ქალი არ გაენაწყენებინა.

დიდ სახლში, პეისლის შალების, ფრანგული ანტიკვარების და მოგონებების ამარა დარჩენილი მოხუცი ქალი მოწყურებული იყო მცირეოდენ ყურადღებას. ახალგაზრდობაში ლამაზი ქალი იქნებოდა. სახლიც აუშენებია, სიყვარულით გაუთბია, ახლა კი, მარტოობაში დარჩენილს, ადამიანური სითბო ენატრებოდა, ენატრებოდა ცოტა ყურადღება, მაგრამ ვერავისგან ღებულობდა. როცა ამ სითბოსა და ყურადღებას შეხვდა, ისე დაეწაფა მას, როგორც უდაბნოში მყოფი წყაროს წყალს. და ამ მადლიერების გამოსახატავად მხოლოდ ავტომობილ „პაკარდს“ თუ იკმარებდა.

ავიღოთ მეორე შემთხვევა, რომელიც ნიუ-იორკის შტატის, ქალაქ რაის ხე-ტყის მეურნეობისა და დეკორატიული მებაღეობის ფირმა „ლიუს ენდ კალენტაინის“ მმართველმა დოლანდ მაკმაგონმა გვიამბო.

„მას შემდეგ, რაც მოვისმინე ლექცია „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და ვიმოქმედოთ ადამიანზე" დეკორატიული სამუშაოებისთვის მიმიწვიეს ერთი ცნობილი იურისტის მამულში. როდოდენდრონებსა და აზალიებს ადგილს რომ ვურჩევდით, ვუთხარი: „რა შესანიშნავი ჰობი გქონიათ. ძალიან მომეწონა თქვენი ძაღლები. რამდენადაც ვიცი, თქვენ ყოველ წელს ღებულობთ პრიზებს დიდ გამოფენებზე, მედისონ- სკვერ გარდენში“.

ამ პატარა ქათინაურმა საოცარი ეფექტი მოახდინა. „დიახ, - მითხრა მან, - ძაღლები დიდ სიამოვნებას მანიჭებენ. გინდათ, დაგათვალიერებინოთ“?

თითქმის მთელი საათი მოანდომა ძაღლებსა და მათ პრიზებს. გენეალოგიაც გამაცნო და ამიხსნა საიდან მოდიოდა მათი სილამაზე და გონიერება.

ბოლოს მომიბრუნდა და მკითხა: „პატარა ბიჭი ხომ არა გყავთ. არ უნდა ლეკვი?“

„როგორ არა, სიხარულით გაგიჟდება“.

„ძალიან კარგი, მე გავუგზავნი საჩუქრად“ - განმიცხადა მან. მერე კი დამარიგა, თუ როგორ უნდა გვეკვება იგი და დაატანა: „არა, შეიძლება ვერ დაიმახსოვროთ, ამიტომ ყველაფერს ჩამოგიწერთ“.

იურისტი შინ შევიდა, დამიბეჭდა ლეკვის გენეალოგია და სამახსოვრო. ის ლეკვი ასი დოლარი მაინც ეღირებოდა, რაც მთავარია, მისთვის მეტად ძვირადღირებული საათი და თხუთმეტი წუთი დამითმო მხოლოდ იმიტომ, რომ გულწრფელი აღტაცება გამოვთქვი მისი ჰობის გამო.

ჯორჯ ისტმენმა, სახელი რომ გაითქვა თავისი „კოდაკით“, გამოიგონა გამჭვირვალე ფირფიტა, რითაც შესაძლებელი გახდა კინოგადაღება, ასი მილიონი დოლარის ქონება შეიძინა და ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ საქმოსნად იქცა მსოფლიოში. მოუხედავად ასეთი დიდი წარმატებისა, თითოეული ჩვენგანის მსგავსად, იმასაც სჭირდებოდა აღიარება.

დიდი ხნის წინათ ისტმენმა ხელი მოჰკიდა როჩესტერში ისტმენის სახელობის მუსიკალური სკოლის მშენებლობას, დედამისის ხსოვნას კი მიუძღვნა თეატრის - „კილბურნ ჰოლის“ მშენებლობა. ფირმა „სიუპირიორ სიტინგ კომპანის პრეზიდენტმა ჯეიმს ადამსონმა მოინდომა შეკვეთა მიეღო ამ შენობებისთვის საჭირო სავარძლებზე, არქიტექტორს დაურეკა და მოელაპარაკა ისტმენთან შეხვედრაზე.

ადამსონი დანიშნულ დროს გამოცხადდა, არქიტექტორმა უთხრა ვიცი, რომ გინდათ მიიღოთ შეკვეთა, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, არაფერი გამოგივათ, თუ ჯორჯ ისტმენს ხუთ წუთზე მეტ დროს დააკარგვინებთ. ეცადეთ, სწრაფად უთხრათ სათქმელი და დასტოვოთ“.

ადამსონმა გადაწყვიტა ყური ეგდო რჩევისათვის.

კაბინეტში მიიწვიეს, ისტმენი იჯდა და ყურადღებით ჩასცქეროდა მაგიდაზე გადაშლილ ქაღალდებს. კარის ხმაურზე თავი ასწია, სათვალე მოიხსნა და არქიტექტორსა და ადამსონს თავაზიანად შეეგება:

„დილა მშვიდობისა, ბატონებო, რით შემიძლია გემსახუროთ“?

არქიტექტორმა წარუდგინა ისინი ერთმანეთს. მერე ადამსონმა უთხრა:

„მისტერ ისტმენ, აღტაცებაში მომიყვანა თქვენმა კანტორამ, არც მე ვიტყოდი უარს ასეთ კაბინეტში მუშაობაზე. როგორც იცით, ხის მასალას ვამზადებ ინტერიერებისთვის, მაგრამ ასეთი ლამაზი კაბინეტი ჯერ არ შემხვედრია“.

ჯორჯ ისტმენმა გაიხარა;

„არადა, მე ამას ვეღარც ვამჩნევ. მართლა კარგია, არა? თავიდან მეც ძალიან მომწონდა, მაგრამ ახლა იმდენი საზრუნავი მაქვს, რომ ვეღარც ვამჩნევ".

ადამსონი კედელთან მივიდა და ხელი გადაუსვა ხის საფარს.

„ეს ინგლისური მუხაა, უკეთესი ტექსტურა აქვს, ვიდრე იტალიურს“.

„დიახ, - უპასუხა ისტმენმა - ეს იმპორტული ინგლისური მუხაა. მეგობარმა შემირჩია - ძვირფასი ხის ჯიშების სპეციალისტია“.

მერე ისტმენმა სტუმართან ერთად მთელი ოთახი შემოიარა, ყურადღება გაამახვილა პროპორციებზე, ფერზე, ხელით ნაკეთობაზე და სხვა დეტალებზე, რომლებიც თვითონ მისივე მოფიქრებული იყო.

მერე ორივენი ფანჯარასთან შეჩერდნენ და ჯორჯ ისტმენმა მისთვის დამახასიათებელი სადა, თავმდაბლური მანერით უამბო ადამსონს როჩესტერის უნივერსიტეტზე, საერთო ტიპის საავადმყოფოებზე, ჰომეოპათიურ სამკურნალობაზე, თავშესაფარსა და ბავშვთა საავადმყოფოზე, რომელთა საშუალებით ცდილობდა შესწეოდა კაცობრიობას.

მერე ადამსონმა საქმიანი კარიერის დასაწყისზე ჩამოუგდო სიტყვა. ისტმენმაც შეუდარებელი გულწრფელობით გაიხსენა ბავშვობისდროინდელი გაჭირვება, სწორედ გაჭირვებამ გადააწყვეტინა იმდენი ფული უშოვა, რომ დედამისს შეშველებოდა.

ადამსონი კითხვას კითხვაზე აძლევდა და ისიც უამბობდა, თუ როგორ მუშაობდა მთელი დღე კანტორაში, მერე კი ღამით ექსპერიმენტს ატარებდა. სანამ ქიმიური რეაქცია ხდებოდა, ცოტას წასთვლემდა, ხანდახან გაუხდელადაც ეძინა,

ჯეიმს ადამსონი ისტმენის კაბინეტში თერთმეტის თხუთმეტ წუთზე შეიყვანეს, თან გააფრთხილეს - ხუთ წუთზე მეტს ნუ მოაცდენთო, მაგრამ გავიდა ერთი, ორი საათი, ისინი კი კვლავ განაგრძობდნენ საუბარს.

ბოლოს ისტმენი მიუბრუნდა ადამსონს და უთხრა:

„ბოლოს იაპონიაში რომ ვიყავი, რამდენიმე სკამი შევიძინე, ჩამოვიტანე და ჩემს სოლიარიში დავდგი, მზემ საღებავი დაუხეთქა და თვითონ შევღებე. გინდათ გაჩვენოთ როგორი ღებვა ვიცი? ჰო? წამოდით ჩემთან სახლში, ერთად ვისაუზმოთ და სკამებსაც გაჩვენებთ“.

საუზმის შემდეგ ისტმენმა მართლაც აჩვენა ადამსონს იაპონიიდან ჩამოტანილი სკამები. თითო თითო დოლარი თუ ეღირებოდა, მაგრამ მილიონერი ისტმენი თავს იწონებდა იმით, რომ ისინი საკუთარი ხელით შეეღება.

სავარძლების შეკვეთა ოთხმოცდაათი ათას დოლარზე დაიდო. მას შემდეგ ისინი სიკვდილამდე მეგობრებად დარჩნენ.

საიდან უნდა დავიწყოთ ადამიანის ღირსების აღიარების ამ მაგიური კრიტერიუმის გამოყენება? საკუთარი სახლიდან ხომ არა? ჩემი აზრით ყველაზე უფრო შინ არის იგი საჭირო, არადა, სწორედ აქ არ ვიყენებთ. თქვენს მეუღლეს უთუოდ ექნება კარგი თვისებებიც, ყოველ შემთხვევაში ასე მიგაჩნდათ ოდესღაც, ისე ხომ არ შეირთავდით? აბა დაფიქრდით, რამდენი ხანია, მისი ღირსებები არ გიხსენებიათ? რამდენი ხანია? რამდენი?

რამდენიმე წლის წინათ სათევზაოდ წავედი მდინარე მირამიშის სათავეში. კარავი დავიდგი და მარტოობას მივეცი თავი. ირგვლივ კანადის უღრანი ტყეები გადაჭიმულიყო. ერთადერთი წასაკითხი ადგილობრივი გაზეთის ნომერი აღმომაჩნდა. თავიდან ბოლომდე ჩავაბულბულე. წავიკითხე განცხადებებიცა და დოროთი დიქსის სტატიაც. ისე მომეწონა, რომ ამოვჭერი და შევინახე. დოროთი წერდა, რომ თავი მოაბეზრა საცოლეებისთვის ლექციების კითხვამ. მისი აზრით, საკმარისია საქმროებს მისცეს ერთი რჩევა: „ისე არ მოიყვანოთ ცოლი, სანამ არ ისწავლით ქათინაურის თქმას“. ქორწინებამდე ქალისთვის დითირამბების კითხვა ადვილია. მაგრამ იგივე დითირამბები ცოლად მოყვანის შემდეგ უკვე აუცილებელია, უფრო მეტი, პირადი სიმშვიდის საქმეცაა. ქორწინებაში გულახდილობა კი არა დიპლომატიაა საჭირო.

თუ გსურთ ყოველდღე შესანიშნავად იკვებებოდეთ, არასოდეს არ დაუწუნოთ ცოლს დიასახლისობა და ამასთან დაკავშირებით არ დაიწყოთ შეურაცხმყოფელი შედარებები მასა და დედათქვენს შორის. პირიქით, ხშირად უნდა შეაქოთ სიმარჯვისათვის და ღმერთს მადლობა შესწიროთ, თანაც ხმამაღლა, რომ ცოლად გარგუნათ ვენერას, მინევრასა და იდეალური დიასახლისის ყველა ღირსებით შემკული ქალი.

ნუ იწუწუნებთ, თავი შეიკავეთ მაშინაც, როცა ტყავივით მაგარ ბიფშტექსს, ან დანახშირებულ პურს მოგიტანენ. უბრალოდ შენიშნეთ, რომ დღევანდელი სადილი ისეთი სრულყოფილი ვერ არის, როგორსაც ჩვეულებრივად ამზადებს ხოლმე. ნახავთ, რომ თავს არ დაიზოგავს, ოღონდ თქვენი ეს კარგი წარმოდგენა გაამართლოს.

ნუ იკმარებთ მისი ღირსებების აღიარებას. ადექით და დღესვე თუ არა, ხვალ მაინც მიართვით. ყვავილები ან კანფეტები. თანაც გაუღიმეთ და მიეფერეთ. საინტერესოა, რინოს კლდეს მიემსხვრეოდა თუ არა ყოველი ექვსიდან ერთი ქორწინება, ყველა ცოლი და ქმარი რომ ამ ტაქტიკას მისდევდეს (რინო ქალაქია ნევადის შტატში, სადაც ბევრი ამერიკელი წყვილი მიდიოდა განსაქორწინებლად გამარტივებული პროცედურების გამო).

გინდათ იცოდეთ როგორ შეაყვაროთ ქალს თავი? ამ საიდუმლოებასაც გაგანდობთ. იმედი მაქვს, კმაყოფილი დარჩებით. ეს იდეა ჩემი არ გეგონოთ.

დოროთი დიქსის დავეხესხე. ერთხელ თურმე ინტერვიუს ართმევდა ცნობილ მრავალცოლიან კაცს, რომელსაც ოცდასამი ქალის გული და მასთან ერთად სალაროს წიგნაკიც დაეპყრო (სხვათაშორის, ინტერვიუ ციხეში შედგა). კითხვაზე, როგორ ახერხებთ ამდენი ქალის გულის მოგებასო, პატიმარმა უპასუხა: საჭიროა ქალს სულ თავის თავზე ელაპარაკოთო.

იგივე მეთოდი გამოდგება კაცთანაც. „მამაკაცს ელაპარაკეთ მის შესახებ, - თქვა დიზრაელიმ, ბრიტანეთის იმპერიის მმართველთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე ჭკვიანმა კაცმა, ელაპარაკეთ მამაკაცს მის შესახებ და ის საათობით მოგისმენთ".

მაშასადამე, თუ გსურთ თავი მოაწონოთ გარშემომყოფთ, მისდიეთ შემდეგ, მეექვსე წესს:

გულწრფელად შთააგონეთ თქვენს თანამოსაუბრეს მისი პიროვნების მნიშვნელობა.


ამ წიგნს უკვე კარგა ხანია კითხულობთ. ახლა დახურეთ იგი და შეუდექით გარშემომყოფთა ღირსებების აღიარებას, გამოსცადეთ ეს ფილოსოფია თქვენს ახლობელ ადამიანზე და დააკვირდით მის ჯადოსნურ მოქმედებას.

ამ ექვსი წესის დაცვა მოგეხმარებათ, რომ თავი მოაწონოთ გარშემომყოფთ:

1. გულწრფელად დაინტერესდით გარშემომყოფი ადამიანებით.

2. გაიღიმეთ.

3. გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის საკუთარი სახელი ყველაზე ტკბილი მოსასმენია (ნებისმიერ ენაზე).

4. იყავით ყურადღებიანი მსმენელი. ალაპარაკეთ სხვები თავიანთ თავზე.

5. ილაპარაკეთ იმაზე, რაც აინტერესებს თქვენს თანამოსაუბრეს.

6. გულწრფელად შთააგონეთ თქვენს გვერდით მდგომს მისი პიროვნების მნიშვნელობა.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ