ნაწილი მეოთხე
ცხრა წესი, რომელთა დაცვა შეგაძლებინებთ იმოქმედოთ ადამიანზე ისე, რომ არ შეურაცხყოთ და არ გაანაწყენოთ იგი
თავი პირველი
კელვინ კულიჯის პრეზიდენტობის დროს ერთი ჩემი მეგობარი უიკენდზე თეთრ სახლში მიიწვიეს. დილით პრეზიდენტის პირად კაბინეტში შემთხვევით შეესწრო, თუ როგორ ეუბნებოდა კულიჯი ერთ თავის ახალგაზრდა მდივანს: „დღეს მშვენიერი კაბა გაცვიათ და ძალზე ლამაზად გამოიყურებით“. ალბათ, ეს იყო ყველაზე დიდი ქათინაური, რაც საერთოდ ჩუმ კელს ოდესმე უთქვამს მდივანი ქალისთვის. მოულოდნელი და უჩვეულო ქათინაურის გამო ქალიშვილი სირცხვილისაგან გაწითლდა. მაშინ კულიჯმა ჩაილაპარაკა: „ნუ გრცხვენიათ, ეს იმიტომ გითხარით, რომ მესიამოვნებინეთ, ახლა კი უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მომავალში მეტი ყურადღება მიაქციოთ პუნქტუაციას“.
მეთოდი რამდენადმე პრიმიტიულია, მაგრამ ფსიქოლოგიურად - საუკეთესო. უსიამოვნო შენიშვნას ყოველთვის უფრო უმტკივნეულოდ იღებენ, თუ მას წინ უძღვის ადამიანის ღირსებათა აღნიშვნა.
პარიკმახერი გაპარსვის წინ კლიენტს საპონს უსვამს! სწორედ ასე იქცეოდა მაკ-კინლი ჯერ კიდევ 1896 წელს, პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრისას. იმ დროისათვის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა გამოჩენილმა მოღვაწემ წინასაარჩევნო გამოსვლისათვის ტექსტი მოუმზადა. ავტორის აზრით ამაზე უკეთეს სიტყვას თვით ციცერონი, პატრიკ ჰენრი და დანიელ უესტერი გაერთიანებული ძალითაც კი ვერ დაწერდნენ. ამ მოღვაწემ დიდის აღფრთოვანებით წაუკითხა მაკ-კინლის თავისი „შედევრი". სიტყვაში იყო კარგი ადგილებიც, მაგრამ საერთოდ არ ვარგოდა. ის კრიტიკის ქარცეცხლს გამოიწვევდა. მაკ-კინლი შეეცადა არ შეელახა ავტორის გრძნობები, მაგრამ იძულებული იყო უარი ეთქვა. ახლა ნახეთ, რა ხელოვნებით გააკეთა ეს.
„ჩემო მეგობარო, ეს მართლაც შესანიშნავი, დიდებულ სიტყვაა - უთხრა მას, - უკეთესად ვერავინ დაწერდა. ბევრ შემთხვევაში გამოდგება, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციას შეიძლება არ მოუხდეს. თქვენის აზრით, საჭირო ტონია დაცული, მაგრამ მე მოვალე ვარ გავითვალისწინო ის ეფექტი - რასაც ის მოახდენს პარტიის თვალსაზრისით. წადით ახლა სახლში და დაწერეთ მეორე სიტყვა, გამოიყენეთ ის მომენტები, რომლებსაც მე გეტყვით, მერე ერთი ეგზემპლარი გამომიგზავნეთ".
ავტორი ასეც მოიქცა. მაკ-კინლიმ თავისი ეგზემპლარი ლურჯი ფანქრით ჩაასწორა და ავტორს დაუბრუნა ახალი ვარიანტისათვის. ასე გახდა მაკ-კინლი ერთ-ერთი პოპულარული ორატორი საარჩევნო კამპანიაში.
აი, მეორე ცნობილი წერილი აბრაამ ლინკოლნის ეპისტოლარული მემკვიდრეობიდან (ყველაზე ცნობილი კი თანაგრძნობის ის წერილია, რომელიც გაუგზავნა ქალბატონ მოკაშის ომში ხუთი ვაჟის დაკარგვის გამო). ლინკოლნმა ის, ალბათ, ხუთ წუთში მოხაზა, 1926 წელს კი ეს წერილი ღია აუქციონზე თორმეტი ათას დოლარად გაიყიდა. სხვათაშორის, ის თანხა იმ დანაზოგზე მეტია, რაც ლინკოლნმა მეოთხედი საუკუნის მძიმე შრომით დააგროვა.
მეორე წერილი დაიწერა 1863 წლის 26 აპრილს, სამოქალაქო ომის ყველაზე რთულ პერიოდში. თვრამეტი თვის განმავლობაში ლინკოლნის გენერლები ჩრდილოელთა არმიას დამარცხებიდან დამარცხებისკენ მიუძღვოდნენ; ეს იყო სრულიად უაზრო ხოცვა-ჟლეტა. ათასობით ჯარისკაცი დეზერტირად იქცა. რესპუბლიკური პარტიის წევრი სენატორები ლინკოლნს თეთრი სახლიდან გაძევებით ემუქრებოდნენ. „ჩვენ დაღუპვის პირას ვართ, - ამბობდა ლინკოლნი, - და იმედის ვერავითარ სხივს ვერ ვხედავ“. აი, ამ საშინელი უსასოობის ჟამს დაიწერა ხსენებული წერილი. ამ წერილით მინდა გაჩვენოთ, თუ როგორ ცდილობდა ლინკოლნი ზეგავლენა მოეხდინა ერთ ჭირვეულ გენერალზე იმ მომენტში, როცა მის მოქმედეაზე დამოკიდებული იყო მთელი ერის ბედი.
ეს, ალბათ, ყველაზე უფრო მკვახე წერილია, რაც ლინკოლნს თავისი პრეზიდენტობის დროს დაუწერია და საყურადღებოა იმით, რომ ის ჯერ აქებს გენერალ ჰუკერს და მხოლოდ მერე ახსენებს მის მძიმე შეცდომებს.
დიახ, მან მძიმე შეცდომები დაუშვა, მაგრამ ლინკოლნი ასე არ ამბობს, ის თავშეკავებულია და დიპლომატიური. ლინკოლნი წერს: „არის საკითხები, რომელთა გამო თქვენით მთლად კმაყოფილი ვერა ვარ“.
ამის შემდეგ კიდევ რა უნდა ითქვას ტაქტზე! ან დიპლომატიაზე!
აი, წერილი, რომელიც გაუგზავნა გენერალ-მაიორ ჰუკერს:
„მე თქვენ პოტომაკის არმიის სათავეში დაგაყენეთ. რა თქმა უნდა, ეს გავაკეთე იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ამის საკმაო საფუძველი მქონდა და მაინც, იმედი მაქვს სწორად გაიგებთ, არის საკითხები, რომელთა გამო თქვენით მთლად კმაყოფილი ვერა ვარ.
მე თქვენ გთვლით მამაც და უნარიან მეომრად, რაც, რასაკვირველია, მომწონს. მიმაჩნია აგრეთვე, რომ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში არ რთავთ პოლიტიკურ მოსაზრებებს და აქაც სწორი ხართ. თქვენ გაქვთ საკუთარი თავის რწმენა, რაც მეტად დასაფასებელი თუ არა, აუცილებელი თვისებაა.
თქვენ პატივმოყვარე ბრძანდებით, რაც გონივრულ ფარგლებში უფრო სასარგებლოა, ვიდრე საზიანო, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმ პერიოდში, როცა არმიას მეთაურობდა გენერალი ბერნსაიდი, თქვენ აჰყევით პატივმოყვარულ გრძნობას და რამდენადაც შეგეძლოთ ხელს უშლიდით ბერნსაიდს, რითაც დიდი ზიანი მოუტანეთ ქვეყანასაც და თქვენს ერთ დამსახურებულ და ღირსეულ მოძმე ოფიცერსაც.
საკმარისად სარწმუნო წყაროებიდან შევიტყვე თქვენი ამასწინადელი ნათქვამი, რომ არმიასა და მთავრობას დიქტატორი სჭირდებაო. რა თქმა უნდა, არა ამის გამო, პირიქით, ამისდა მიუხედავად დაგავალეთ მეთაურობა.
დიქტატორი შეიძლება გახდეს მხოლოდ ის გენერალი, რომელიც წარმატებას აღწევს. მე ამჟამად თქვენგან მჭირდება სამხედრო წარმატება და ამიტომ ვრისკავ დიქტატურით: მთავრობა მთელი ძალით დაგიჭერთ მხარს, ე. ი. გააკეთებს არა ნაკლებს და არა იმაზე მეტს, რასაც აკეთებდა და გააკეთებს ყველა მეთაურისათვის. ძალზე ვშიშობ, თქვენვე არ შემოგიბრუნდეთ არმიაში თქვენის ხელშეწყობით დამკვიდრებული კრიტიკული დამოკიდებულება და უნდობლობა. მე, რაც შემეძლება, დაგეხმარებით ამ სულისკვეთების აღმოფხვრაში.
თქვენ კი არა, ნაპოლეონი რომ გაცოცხლდეს, ვერც ის გახდება რამეს იმ არმიით, რომელიც ასეთი სულისკვეთებით არის განმსჭვალული. უნდა ერიდოთ ნაჩქარევ მოქმედებას. იფრთხილეთ, მაგრამ ენერგიულად და დაუოკებელი სიფხიზლით გასწიეთ წინ და მოგვიპოვეთ სანუკვარი გამარჯვება".
მაგრამ თქვენ ხომ არც კულიჯი ბრძანდებით, არც მაკ-კინლი და არც ლინკოლნი, არა? თქვენ გინდათ იცოდეთ, ეს ფილოსოფია გამოგადგებათ თუ არა ყოველდღიურ საქმიან კონტაქტებში. მოდით ვნახოთ. ავიღოთ ფილადელფიის ფირმის „უორკი კომპანის“ ისტორიიდან უ. პ. გოუს შემთხვევა. გოუ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეა. ის ჩემი კურსის მსმენელი იყო ფილადელფიაში და მაშინ გვიამბო ეს ეპიზოდი.
ფირმა „უორკ კომპანიმ“ კონტრაქტი დადო ფილადელფიაში დიდი დაწესებულების შენობის აგებასა და მოპირკ რკეთებაზე. სამუშაო ზუსტად დანიშნულ ვადაში უნდა დაემთავრებინათ. ყველაფერი გრაფიკის მიხედვით სრულდებოდა, შენობა თითქმის მზად იყო, რომ მოიჯარადრემ, რომელიც ფასადისთვის ბრინჯაოს მცირე ფორმებს ამზადებდა, განაცხადა, შეკვეთის შესრულებას დროზე ვერ ვახერხებო. ოჰო! ყოვნდებოდა მთელი შენობის ჩაბარება! რამხელა დარღვევა იყო! ამას მძიმე ფინანსური ზარალი მოჰყვებოდა. ყველაფერი კი ერთი კაცის გამო!
დაიწყო მოლაპარაკება საქალაქთაშორისო ტელეფონით, მაგრამ კამათმა და მუქარამ ვერ გაჭრა. მაშინ ნიუ-იორკში მიავლინეს გოუ, რათა „ბრინჯაოს ლომს“ საკუთარ ბუნაგში გასწორებოდა.
„იცით თუ არა, რომ ბრუკლინში ამ გვარის ერთადერთი კაცი თქვენა ხართ? ამ კითხვით შევიდა იგი ფირმის პრეზიდენტის კაბინეტში. პრეზიდენტს გაუკვირდა: „არა, არ ვიცოდი“.
„საქმე ისაა, - უთხრა გოუმ, - რომ ამ დილით მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე ტელეფონის ცნობარი ავიღე მისამართის გასაგებად და აღმოვაჩინე, რომ თქვენ ამ გვარის ერთადერთი კაცი ხართ ცნობარში“.
„ამაზე არასოდეს მიფიქრია, - ჩაილაპარაკა პრეზიდენტმა და ინტერესით გადაშალა ცნობარი, - „დიახ, ეს გვარი იშვიათია, - განაცხადა მან უკვე ამაყად, - ჩემი წინაპრები ირლანდიიდან ჩამოვიდნენ და თითქმის ორასი წლის წინ დასახლდნენ ნიუ-იორკში“. მერე დიდხანს ლაპარაკობდა თავის ოჯახზე და წინაპრებზე. როცა დაამთავრა, გოუმ უთხრ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დასტოვა თქვენმა ქარხანამ „კაცი იშვიათად შეხვდება ბრინჯაოს ნაკეთობათა საწარმოს, სადაც ასეთი სისუფთავე და წესრიგი იყოს“ - დაუმატა მან.
„მთელი ცხოვრება ამ საწარმოს მოვახმარე, - მიუგო პრეზიდენტმა, - ახლა მეამაყება კიდეც. ხომ არ გინდათ დაგათვალიერებინოთ?“
დათვალიერებისას გოუმ შეაქო პრეზიდენტის მიერ შექმნილი წარმოების სისტემა და აღნიშნა, თუ რატომ და რითი სჯობია კონკურენტების სისტემებს. მერე ყურადღება მიაქცია უცხო დაზგას. პრეზიდენტმა განუმარტა, ჩემი გამოგონებააო. მერე აჩვენა როგორ მუშაობდნენ და რა პროდუქციას ამზადებდნენ, თან დაჟინებით სთხოვა ერთად ვისაუზმოთო. ყურადღება მიაქციეთ, რომ აქამდე გოუს ერთი სიტყვითაც უხსენებია ვიზიტის მიზეზი.
საუზმის შემდეგ პრეზიდენტმა უთხრა, „ახლა საქმეს მივხედოთ, ვხვდები, რისთვისაც მეწვიეთ. არ მეგონა ჩვენი შეხვედრა თუ ასე სასიამოვნოდ ჩაივლიდა. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. სიტყვას გაძლევთ, თქვენი შეკვეთა დროზე შესრულდება და გადმოგეგზავნებათ, სხვა ვალდებულებების დარღვევაც რომ დამჭირდეს“.
გოუმ მიიღო ყველაფერი, რაც სურდა, თან ისე, რომ თხოვნაც არ დასჭირვებია. ნაკეთობა თავის დროზე ჩამოვიდა. მშენებლობაც კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩააბარეს.
მაშასადამე, თუ გინდათ ზემოქმედება მოახდინოთ ადამიანზე, თანაც ისე, რომ არ შეურაცხყოთ და არ გაანაწყენოთ იგი, მისდიეთ პირველ წესს:
დაიწყეთ შექებით და თანამოსაუბრის ღირსებათა გულწრფელი აღიარებით.
* * * * * * *
მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე