თავი მეცხრე
მშვიდობის მომხრე სახელმწიფო მდივანს უილიამ ჯენინგ ბრაიანს ძალიან უნდოდა ევროპაში მშვიდობის ემისრად წასვლა. ფიქრობდა კაცობრიობისათვის სასიკეთო საქმე გაეკეთებინა და საკუთარი სახელიც უკვდავეყო. მაგრამ უილსონმა ემისრობა თავის ახლო მეგობარს, პოლკოვნიკ ჰაუსს დაავალა. ჰაუზსავე დაეკისრა ეს სამწუხარო ამბავი ბრაიანისათვის ემცნო, თანაც ისე, რომ არ გაენაწყენებინა იგი.
პოლკოვნიკმა ჰაუსმა დღიურში ჩაწერა: „ბრაიანმა წყენა ვერ დამალა. მითხრა, რომ იმედი ჰქონდა თვითონ შეესრულებინა ეს ამოცანა... მე ვუპასუხე, პრეზიდენტის აზრით, სწორი არ იქნებოდა ასეთი საქმე მიგვენდო ოფიციალური პირისათვის, რომ ბრაიანის გამგზავრება საყოველთაო ყურადღებას მიიქცევდა, საზოგადოება დაინტერესდებოდა, თუ რისთვის წავიდა იგი ევროპაში“.
ხომ მიხვდით ამაში რა იგულისხმება? ფაქტობრივად ჰაუზმა ბრაიანს უთხრა, რომ მისი პიროვნება მეტისმეტად დიდი იყო ამ დავალებისათვის. ბრაიანი კმაყოფილი დარჩა.
ცხოვრებისეული გამოცდილებით დაბრძენებული კაცი, პოლკოვნიკი ჰაუზი იცავდა ადამიანურ ურთიერთობათა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრინციპს: ადამიანს უნდა უხაროდეს იმის შესრულება, რასაც ავალებთ.
ცნობილი გამომცემლობა „დაბლდეი ფეიჯი“ მუდამ ამ წესით მოქმედებდა: ცდილობდა და ახერხებდა, რომ ადამიანს სიამოვნებით მიეღო მისი წინადადება. ფირმა ისე ოსტატურად იქცეოდა, რომ ო. ჰენრის მტკიცებით, ზოგჯერ მისი უარი უფრო სასიამოვნოდ ჟღერდა, ვიდრე სხვისი თანხმობა.
მისის ჯენეტს თავი მოაბეზრეს ბიჭებმა, რომლებიც მის გაზონებზე დარბოდნენ და ერთიანად აოხრებდნენ იქაურობას. რამდენჯერმე უსაყვედურა. რა არ უთხრა. მერე კი მიხვდა, რომ ხერხი უნდა ეხმარა. აბეზარი ბიჭუნების თავკაცს საპატიო წოდება მიანიჭა - „დეტექტივად“ დანიშნა და დაავალა გაზონებში არავინ შეეშვა. ასე იოლად გადაწყდა თავსატეხი პრობლემა. ასეთია ადამიანის ბუნება.
მაშასადამე, თუ გსურთ ზეგავლენა მოახდინოთ ადამიანზე ისე, რომ არ შეურაცხყოთ იგი, მისდიეთ მეცხრე წესს:
მოახერხეთ, რომ ადამიანს უხაროდეს შეთავაზებული საქმის გაკეთება.
რეზიუმე
ცხრა წესი, რომელთა დაცვა დაგეხმარებათ ზეგავლენა მოახდინოთ ადამიანზე, ისე, რომ არ შეურაცხყოთ და არ გაანაწყენოთ იგი:
1. დაიწყეთ შექებით და თანამოსაუბრის ღირსებების აღიარებით.
2. შეცდომებზე მიუთითეთ მოიარებით, მინიშნებით.
3. ჯერ თქვენი შეცდომები გაიხსენეთ და მერე გააკრიტიკეთ სხვა.
4. ბრძანება შეცვალეთ შეკითხვებით.
5. მიეცით საშუალება ადამიანს, იხსნას საკუთარი პრესტიჟი.
6. მოუწონეთ წარმატება და აღნიშნეთ წინ გადადგმული ნაბიჯი. „გულწრფელად შეაფასეთ და გულუხვად აქეთ".
7. იზრუნეთ ადამიანის კარგი რეპუტაციისთვის და ისიც შეეცდება მის გამართლებას.
8. წაახალისეთ ადამიანი; შეუქმენით აზრი, რომ თუ მოინდომებს, ადვილად შეიძლება შეცდომის გამოსწორება. მოექეცით ისე, რომ თქვენი თხოვნის შესრულება იოლი ეჩვენოს.
9. მოახერხეთ, რომ ადამიანს უხაროდეს შეთავაზებული საქმის გაკეთება.
* * * * * * *
მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე
















