სიზმრის თეორია
ყოველ ღამე, დაძინებისას, ჩვენი ცნობიერება თითქოს რამდენიმე საათით "ითიშება". ძილის დროს ჩვენ ვეღარ ვხედავთ, აღარ გვესმის, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო. ძილისა და სიფხიზლის მდგომარეობა იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისაგან, რომ ადამიანი თითქოს ორ სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობს. მთავარი, რაც ყველა სიზმარს აერთიანებს, ის არის, რომ ამ დროს ჩვენ გვძინავს. ეს არის სულიერი ცხოვრება, რომელიც რაღაცით ჰგავს სიფხიზლის მდგომარეობას, თუმცა ამავე დროს მკვეთრად განსხვავდება მისგან.
ძველად ადამიანები სიზმრებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ და მათში მომავლის ნიშნებს ხედავდნენ. როცა ალექსანდრე მაკედონელი სალაშქროდ მიდიოდა, მის ამალაში ყოველთვის იყვნენ სიზმრების ამხსნელები. ზოგიერთი მოაზროვნის შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აგზნებისგან, აგრეთვე - იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობენ გამოხატულებას.
პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ მოეპოვება, რომ ის ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯრდებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება-აგზნება განაპირობებს.
თუ სიზმარი შუალედური მდგომარეობაა ძილსა და სიფხიზლეს შორის, მაშ, უნდა გავარკვიოთ, რა არის ძილი. როცა ძილისა და სიზმრების შესახებ ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ ზიგმუნდ ფროიდს. ფროიდი ფიქრობს, რომ ძილს შეიძლება ფსიქოლოგიური დახასიათება მიეცეს ძილი - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რაიმე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ. ჩემი ინტერესი მის მიმართ ქრება. მე ძილში ვიძირები, ვწყდები გარე სამყაროს, ხდება გარე გამღიზიანებლების შეკავება, თითქოს გარე სამყაროს ვეუბნები: "თავი დამანებე, მე მეძინება".
ამგვარად, ძილის ბიოლოგიური მიზანი ალბათ დასვენებაა, ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებას კი გარე სამყაროსადმი ინტერესის დაკარგვა წარმოადგენს. ჩვენი დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი, რომელშიც ასე უხალისოდ ვბრუნდებით, ალბათ ისეთი რამის მატარებელია, რომლის განუწყვეტლივ ატანა არ შეგვიძლია, ამიტომ დროდადრო ვუბრუნდებით მდგომარეობას, რომელშიც ვიყავით ამქვეყნად მოვლინებამდე, ვიქმნით მუცლად ყოფნის პერიოდის ანალოგიურ პირობებს: თბილა, ბნელა, არაფერი გვაღიზიანებს... ზოგიერთი ძილის დროს სწორედ ისეთ პოზას იღებს, როგორსაც ემბრიონი დედის მუცელში. დილით ყოველი გაღვიძება თითქოს ხელახლა დაბადებას ჰგავს.
თუ ძილს ასეთნაირად გავიგებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ სიზმრებს ძილში საერთოდ არ უნდა ჰქონოდათ ადგილი. ძილში არ უნდა იყოს არანაირი სულიერი ცხოვრება, და თუ ის მაინც არის, მაშინ სრული სიმშვიდის მდგომარეობას ვერ ვაღწევთ. სულიერი ქმედების ნარჩენებისგან სრული გათავისუფლება შეუძლებელია. სწორედ ეს ნაშთები წარმოადგენს სიზმრებს. სიზმარი მიუთითებს იმაზე, რომ ძილის დროს სულიერი ცხოვრება არ წყდება. ის ძილში გარკვეულ გაღიზიანებებზე რეაგირებაა. ამრიგად, სიზმრები ძილის ხელისშემშლელი სულიერი ცხოვრების ნარჩენებს წარმოადგენენ.
ასე რომ, რაც უნდა ზედმეტი გვეჩვენებოდეს სიზმრები, ისინი მაინც არსებობენ და უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ მათი არსებობის მიზეზი, რატომ არ წყდება ძილში სულიერი ცხოვრება. სიზმარი განიცდება უპირატესად ვიზუალური ხატების სახით, რაც აძნელებს მის სიტყვიერ გადმოცემას.
სიზმრების სამყარო რეალურისგან განსხვავდება, მაგრამ ძილში, ისევე როგორც ცხადში, არსებობს თავისი ლოგიკა, განსაკუთრებული პერსპექტივა, თავისებური, აშკარა და დაუჯერებელი. მეცნიერების მიერ შესაწავლილი იქნა ძილის დროს ფიზიკური გაღიზიანების გავლენა სიზმრის შინაარსზე, გარემოდანაც და შინაგანი ორგანოებიდან( შერნერი). მაგ. მორი ატარებდა შემდეგ ცდებს: ძილში მას აყნოსებდნენ ოდეკოლონს, და ამის შემდეგ ის ხედავდა ასეთ სიზმარს: ის კაიროშია და თავს გადახდება სხვადასხვა გიჟური თავგადასავალი. როგორ იხსნება ის, რომ ამ გაღიზიანებას „მოება“ თავგადასავლები? - მან დაასკვნა, რომ სიზმარი არ არის უბრალოდ მექანიკური რეაგირება გაღიზიანებაზე; სიზმარი გაღიზიანებას გადაამუშავებს, უკავშირებს გარკვეული მასალას, ცვლის. ანუ გარეგანი და შინაგანი გამღიზიანებლები წარმოადგენენ სიზმრის მხოლოდ გამომწვევს და არ განაპირობებენ მის არსს.
სიზმარი ფსიქიკური აქტია, რომლის შინაარსიც, რაოდენ აბსურდულის არ უნდა მოგვეჩვენოს ეს, აზრის მატარებელია და შესაძლებელია ამ აზრის ამოხსნა. მაგრამ იმან, ვისაც ის ესიზმრება, ამ შინაარსის შესახებ არაფერი იცის. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება შთაგონება ჰიპნიოზურ ძილში, როცა გაღვიძებულს არ ახსოვს თუ რა განიცადა; მაგრამ თუ დაჟინებით მოვთხოვთ გახსენებას, ის მოიკრებს აზრებს და ჯერ ბუნდოვნად, ხოლო შემდეგ კი მთელი სიზუსტით მოყვება. ამის მსგავსად, ადამიანმა არ იცის, რომ იცის თავისი სიზმრის შინაარსი.
ფროიდის მონოგრაფია "სიზმრის ახსნა" 1900 წელს გამოიცა. ეს არის ფროიდის უმთავრესი ნაშრომი, სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მას შემდეგ არც ერთ ნაშრომს არ მოუხდენია ამხელა გავლენა ფსიქოლოგიაზე. მასში მოცემულია ნევროზის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, სიზმრის ფარული შინაარსის განმარტება და სხვა.
ფროიდამდე ადამიანის ქცევის მარეგულირებლად ცნობიერება ითვლებოდა, ფროიდმა კი აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი მისწრაფებანი და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებენ ადამიანის ქცევას.
ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს.
სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია. მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველ რიგში საშუალება გვეძლევა გავიგოთ, თუ რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა".
ფროიდის სიზმრის თეორიის ძირითადი ნიშნული არის, ის რომ სიზმარი სურვილის ჰალუცინატორული ასრულებას წარმოადგენს. 1895 წლის 23 სექტემბერს ფროიდი წერდა თავის მეგობარ ფლისს: „გუშინწინ სიზმარმა მომცა ყველაზე საოცარი მცკიცებულება იმისა , რომ სიზმარი ნამდვილად წარმოადგენს სურვლის ასრულებას“. ყველაზე ნათლად ეს ბავშვთა სიზმრებში ჩანს, რადგანაც ბავშვის სიზმარი არ არის დამახინჯებული ზრდასრულთა სიზმრების მსგავსად.
სიზმრის თეორია ფროიდმა ჩამოაყალიბა თავის ნაშრომში „სიზმრების ახსნა“. მართალია, იდეები სიზმრის შესახებ ფროიდს უკვე 1895 წელს ჰქონდა, მაგრამ წიგნი მხოლოდ 4 წლის შემდეგ გამოუშვა. ამ წიგნის შექმნის წინაპირობას ფროიდის პირად ცხoვრებაში მომხდარი მოვლენები წარმოადგენდა; როდესაც ფროიდი 40 წლის იყო, მისი მამა იაკობი გარდაიცვალა.... ამის შემდემ მან თავისი თავის კვლევა დაიწყიო, ძირითადად თვითანალიზისა და საკუთარი სიზმრების გაანალიზირების საშუალებით.
მამის სიკვდილმა მას ბევრი მოგონება წამოუშალა, რომლებიც თვეების განმავლობაში ესიზმრებოდა. ფროიდისათვის ეს მძიმე ხანა იყო; მთელი ამ წლების განმავლობაში ის საკუთრ თავზე აწარმოებდა უდიდეს პირადულ და ინტიმურ სამუშაოს. შესაბამისად, ეს წიგნი მისთვის მხოლოდ სამეცნერო მნიშვნელობის მატარებელი კი არ იყო, არამედ იყო ცდა, გადაელახა მამის სიკვდილით გამოწვეული შინაგანი კრიზისი. ფროიდისათვის ეს ძალიან პროდუქტიული პერიოდი იყო, რადგანაც საკუთარი სიზმრების ახსნითა და თვითანალიზის მეშვეობით მან აღმოაჩინა სიზმრების მნიშვნელობა, ოიდიპოსის კომპლექსი, კასტრაციის შიში, შეიმუშავა განმარტებების სპეციფიური ფსიქოანალიტიკური ტექნიკა...
ფროიდმა ეს წიგნი 1899 წლის სექტემბერში დაასრულა. იგი შეიცავს 700 გვერდს და 200 სიზმრის ანალიზს, საიდანაც 47 მისი საკუთარი სიზმარია...
ფროიდი დიდი იმედებს ამყარებდა ამ წიგნზე, მაგრამ ამ პირველი გამოცემიდან რვა წლის განმავლობაში გაიყიდა მხოლოდ 600 ცალი. თანდათანობით აღიარება მოვიდა, ხოლო ფროიდი მთელი ცხოვრების განმავლობაში დიდ ინტერესს იჩენდა ამ თემის ირგვლივ. მან რამდენჯერმე გამოაქვეყნა ეს წიგნი და ბევრი ცვლილება შეიტანა ტექსტში. 1901 წელს ფროიდმა გამოსცა წიგნი “ სიზმრების შესახებ“, რომელიც „ სიზმრის ახსნის“ კომპაქტური და შემაჯამებელი ვერსიაა და გათვლილი იყო მკითხველთა ფართო წრეზე.
„სიზმრების ახსნაში“ ფროიდმა შემოგვთვაზა რამდენიმე ინოვაციური იდეა, რომელიც არა მარტო რევოლუციური იყო სიზმრის მაშინდელ გაგებასთან შედარებით, არამედ მან სრულიად ახალი შუქი მოჰფინა ენისა და გონების ოპერირების საკითხს. ფროიდის თანახმად, სიზმარი წარმოადგენს ორგანიზებულ გონებრივ აქტივობას, რომელიც განსხვავდება დღის აქტივობისაგან და რომელიც თავის საკუთარ კანონებს ემორჩილება. ამ მიდგომით ფროიდი ეწინააღმდეგება როგორც მეცნიერულ შეხედულებას სიზმრის შესახებ, ასევე სიზმრის ტრადიციულ გაგებას. ამით იგი გაემიჯნა ერთის მხრივ, სიზმრის ახსნის კლასიკურ და პოპულარულ მეთოდს, რომელიც ანტიკური ხანიდან იყო მიღებული და ემყარებოდა სიზმრის მასალის გაშიფრას კულტურული სიმბოლიკის გამოყენებით; ამ გაშიფრის მიზანი იყო მომავლის წინასწარმეტყველება.
მეორე მხრივ, მან თავი გაიმიჯნა მისი დროის მეცნიერებებისაგანაც, რომლების თვლიდნენ, რომ სიზმარს არ ჰქონდა არანაირი ფსიქოლოგიური ღირებულება და რომ ის წარმოადგენდა მხოლოდ ფსიქიკური სტიმულის მიერ წარმოებულ დეზორგანიზებულ პროდუქტს. სიზმრის ახსნაში ფროიდმა წარმოგვიდგინა განსხვავებული გაგება, რომლის მიხედვით სიზმარს მძინარე ქმნის და რომ ის არაა წარმოშობილი გარე სტიმულისაგან.
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ადამიანში სიზმარს ზე ძალა იწვევდა და ის წარმოადგენდა მტრულ გზავნილს ღმერთისგან ან დემონისაგან. თავისუფალი ასოციაციების ფსიქოანალიტიკური მეთოდის საშუალებით ფროიდმა აღმოაჩინა სიზმრების მიზანი და მნიშვნელობა - სიზმრის ახსნა არის სამეფო გზა გონების არაცნობიერი აქტივობის შესწავლისათვის“ (1900).
ფროიდი თვლიდა, რომ ეს წიგნი იყო მისი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაშრომი და ის ბევრად მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ სიზმრების ახსნა. „ სიზმრის ახსნაში“ ფროიდმა წარმოგვიდგინა გონების მუშაობის გენერალური მოდელი როგორც ნორმალურ, ასევე პათოლოგიურ პირობებში. ფროიდმა ჩამოაყალიბა ფსიქოანალიზის დებულებანი მის ყველა ასპექტში- კლინიკური, ტექნიკური და თეორეტიკული.
100 წელზე მეტი ხანი გავიდა ფსიქოანალიზის შექმნიდან და მასში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ სიზმრის მუშაობის კონცეფცია, რომელიც ფროიდმა 1900 წელს ჩამოაყალიბა, დღესაც მთავარ ნაშრომს წარმოადგებს ამ სფეროში. პოსტ ფროიდიანალების კვლევებმა და ასევე ნევრო- მეცნიერებების განვითარებამ გააფართოვა სიზმრის მუშაობის მექანიზმების ჩვენი ცოდნა, მაგრამ არანაირი ახალი თეორია სიზმრებზე არ შექმნილა.
ფროიდი წერს, რომ თუ ადამიანი შეეცდება თავისი სიზმრების მნიშვნელობა ამოიცნოს, ხშირად წარუმატებელი დარჩება. მაგრამ ახალი მეთოდის საშუალებით შეიძლება სიზმრის შინაარსის გაგება; ამ მეთოდს თავისუფალი ასოცირების მეთოდი ეწოდება. ამ მეთოდის გამოყენებით ფროიდმა აღმოაჩინა, რომ სიზმრებს აზრი აქვთ. სიზმრის ახსნის ტექნიკის არსი შემდეგში მდგომარეობს: ადამიანს თხოვენ თქვას, თუ რა აზრები მოსდის თავში სიზმრის შესახებ, რაც არ უნდა დაუკავშირებელი და უადგილო ეჩვენოს ისინი, და აწარმოოს თავისუფალი ასოციაციები.
აზრი, რომლეიც ადამიანს თავში მოუვა, შემთხვევითი არ იქნება ფსიქიკური დეტერმინიზნიდან გამომდინარე; ის მკაცრად დეტერმინირებულია მნიშვნელოვანი შინაგანი განწყობებით, რომლის შესახებაც ადამიანმა არ იცის. სიზმრის ანალიზისათვის კარგი მაგალითია საკუთარი სახელების დავიწყება; დავიწყებული საკუთარი სახელის გასახსენებლად ჩამნაცვლებსად ვიყენებთ სპონტანურად მოსულ სახელს. სიზმრის ელემენტი არის სწორედ რომ ჩამანაცვლებელი იმისა, რაც არაცნობიერი და მიუწვდომელია და რის გაგებასაც ვცდილობთ სიზმრის ანალიზით.
თუ ყურადღებას ჩამნაცვლებელ სიტყვაზე მივმართავთ, ასოციაციურად მივალთ დავიწყებულ სახელამდე და აუცილებლად დავრწმუნებით, რომ ეს ჩამნაცვლებელი სახელი იყო მისით დეტერმინირებული. მაშასადამე, სიზმარი არ არის საკუთრივ შინაარსი, არამედ წარმოადგენს რაღაც შინაარსის ჩანაცვლებას, რომლის შესახებაც ადამიანმა იცის, მაგრამ ეს ცოდნა მისთვის მიუწვდომელია.
ეს არის სიზმრის თეორიის პირველი დებულება - სიზმრის მნიშვნელობის გაგეგბა შესაძლებელია სიზმრის მნახველის თავისუფალი ასოციაციების საშუალებით.
სიზმრის ახსნისას სამი ძირითადი წესი უნდა გავითვალისწინოთ:
1) არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, სიზმარი აბსურდულია თუ გასაგები, ვინაიდან ის მაინც არაა მისი ნამდვილი შინაარსი;
2) მუშაობა შემოიფარგლება სიზმრის ყოველი ელემენტისათვის ჩამნაცვლებელი წარმოდგენის გამოწვევით იმის გაუთვალისწინებლად, თუ რამდენად დაშორებული გვეჩვენება ის სიზმრის ელემენტისაგან.
3) უნდა ველოდოთ, სანამ დაფარული არაცნობიერი აზრი გამოჩნდება.
ფროიდი გვაძლევს ერთი სიზმრის დეტალურ ანალიზს, რომელიც მას 1900 წლის ოქტომბერში დაესიზმრა. ის ყვება სიზმრის შინაარსს: მაგიდასთან მის გვერდით მჯდომი ქალი ინტიმურად ადებს ხელს მუხლზე; ფროიდი იღებს მის ხელს და ქალი ეუბნება, რომ მას ლამაზი თვალები აქვს. როცა იღვიძებს, ფროიდი გაკვირვებულია ამ სიზმრით, ეს აბსურდულად ეჩვენება, რადგანაც სიზმრად ნანახი ქალი დიდი ხანია არ შეხვედრია. შემდეგ ის ცდილობს გაყვეს იმ ფიქრებს, რომლების მას სპონტანურად მოსდის თავში ამ სიზმართან დაკავშირებით: მაგიდა, ვალი, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე... ამისთვის გადახდის გარეშე... და ა.შ.
ამის შემდეგ ფროიდი ამბობს, რომ მან მოახერხა და დააკავშირა ეს ცალკეული ნაწილები, მოგონებები, ფიქრები და სურათები და დაიწყო აზრის ძებნა. ის ნაბიჯ-ნაბიჯ უჩვენებს მკითხველს, ეს თითქოს გაუგებარი ფრაგმენტები თუ როგორ იძენენ აზრს და როგორ ქმნიან შინაარსს: გავყევი რა სიზმრის ცალკეული ნაწილების შედეგად წარმოქმნილ ასოციაციებს, მე თავში მომივიდა უამრავი ფიქრი და მოგონება, რომელიც წარმოდგენდა ჩემი ფსიქიკური ცხოვრების მნიშვნელოვან პროდუქტს.
ამ დემონსტრირების პროცესში ფროიდი ამბობდა, რომ ყოველი სიზმრის ახსნის დროს მას თავში მოსდიოდა ისეთი ინტიმური აზრები, რომლის აღიარება უხერხული იყო საკუთარი თავისთვისაც კი. ვერც ერთი სიზმარი ვერ გაექცევა ამას- ამბოდა ის, და, შესაბამისად ცდილობდა დაეცვა კონფიდენციალობა როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სიზმრების გადმოცემისას. აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით მარტივი მეთოდი რთულდება იმ ფაქტით რომ ადამიანი ეწინააღმდეგება ასოციაციების თავისუფალ წარმოებას; ის იწყებს თავში მოსული აზრების გადარჩევას იმ მოტივით, რომ ისინი ან მეტისმეტად უმნიშვნელოა, ან მეტისმეტად უაზროა, არ შეესაბამება მოცემულ ელემენტს ან იმდენად მიუღებელია, რომ მისი გახმოვანება არასასურველია.
ეს ფენომენი ცნობილია როგორც წინააღმდეგობა, რომლის სიმძლავრე დამოკიდებულია საწყისი არაცნობიერი მასალის დამახინჯების ხარისხზე. რაც უფრო მიუღებელია რაღაც, მით უფრო შენიღბულია ის ელემენტი სიზმარში და ასოციაციათა უფრო გრძელი ჯაჭვია საჭირო მის გამოსაცნობად.
მანიფესტური შინაარსი და ლატენტური შინაარსი
სიზმარში გამოიყოფა მისი მანიფესტური, ანუ ღია შინარსი - ესაა სიზმარი იმ სახით, როგორც გადმოგვცემს მას მსიზმრებელი და რომლის შინაარსიც უცნაური არის ხოლმე, და სიზმრის ლატენტური, ანუ დაფარული შინაარსი, რომელიც გამოვლინდება ხოლმე მაშინ, როცა ხდება სიზმრის გაშიფრა თავისუფალი ასოციაციების მეშვეობით.
სიზმრის მანიფესტური და ლატენტუტი შინაარსები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული საიდუმლო შინარსის წყალობით, რომელიც ერთ შინაარსს მეორეზე გადააბამს. ხოლო ამ შინაარსის ამოხსნა მხოლოდ ანალიზის მეშვეობითაა შესაძლებელი.
ფროიდი იკვლევს იმ სულიერი პროცესის ხასიათს, რომელსაც ლატენტური შინაარსი გადაჰყავს მანიფესტურში და მას გაუგებრად აქცევს; ასევე იკვლევს შებრუნებულ ოპერაციას, რომლის დროსაც ანალიზის საშუალებით ხდება მანიფესტური შინაარსის გადაყვანა ლატენტურში. იმ ფსიქიკურ პროცესს, რომელსაც ლატენტური შინაარსი მანიფესტურში გადაჰყავს იმ მიზნით რომ ის გაუგებარი გახადოს, ფროიდი სიზმრის მუშაობას უწოდებს. ხოლო ანალიზის მუშაობა არის „ სიზმრის ამხსნელის ამოცანა დააღრვიოს ის, რაც სიზმრის მუშაობამ მოქსოვა“.
სიზმარი წარმოადგენს სურვილის არაცნობიერ ასრულებას
ფროიდის მეორე ფუნდამენტური თეზისი შეიძლება გადმოვცეთ მისი წინადადებით: “ სიზმარი წარმოადგენს განდევნილი ლტოლვის (შენიღბულ) დაკმაყოფილებას “. ამ გაგებით, არსებობენ ისეთი მარტივი სიზმრებიც, რომლებიც პირდაპირ სურვილის ასრულებას წარმოადგენენ; ასეთია ბავშვთა სიზმრები, რომლებიც ცენზურის მუშაობით არაა დამახინჯებული; უფრო იშვიათადაა ზრდასრულებშიც.
ფროიდის მიერ მოყვანილი ამგვარი სიზმრების მაგალითი უკვე კლასიკურია; მაგალითად პატარა გოგონას სიზმარი, რომელსაც წინა დღეს მარწყვი უნდოდა და არ მისცეს უფლება რომ ეჭამა, და სიზმარში შეჭამა მარწყვი, ან ბიჭის სიზმარი კალათა ალუბალზე: „წინა დღეს მას უნდა ეჩუქებიდა ერთი კალათა ალუბალი თავისი ბიძისათვის, რომელიც, რასაკვირველია, თვითონ უნდოდა, მაგარამ მხოლოდ ერთი ცალი ალუბალი გაასინჯეს. დილას მან გაიღვიძა სასიხარულო ამბით: „ჰერმანმა სულ შეჭამა ალუბალი“ (1901)
უფრო ხშირად სიზმრის შინაარსი გაუგებარია, ასე რომ სურვილის ასრულება ღრმად შენიღბულია. ამ შემთხვევებში სიზმრის მუშაობამ იმდაგვარად გადააკეთა სიზმრის ფიქრი, რომ სიზმარში სურვილის ასრულება აღარ ჩანს, დაფარულია; მხოლოდ და მხოლოდ ანალიზის მუშაობას შეუძლია მოახდინოს შებრუნებული მოქმედება და აღმოაჩინოს დაფარული აზრი.
თუ სიზმარი სურვილის ასრულებაა, მაშინ როგორ აიხსნება საშინელი, კოშმარული სიზმრები? - აქ შემდეგი მომენტებია:
1) შეიძლება, სიზმრის მუშაობას ბოლომდე არ გამოუვიდა სურვილის ასრულების განხორცილება ისე, რომ მტანჯველი აფექტის ნაწილი დარჩა მანიფესტურ სიზმარში. ასეთი სიზმრის ანალიზის დროს, როგორც წესი, აღმოჩნდება, რომ ფარული შინაარსი გაცილებით უფრო მტანჯველია, ვიდრე სიზმარი.
სიზმრის მუშაობისათვის გაცილებით ძნელია შეცვალოს აფექტი, ვიდრე შინაარსი. ასეთ სიზმრებში შინაარსი არ შეესაბამება აფექტს, უმნიშვნელო შინაარსი მტანჯველად განიცდება. ანუ- შინაარსი შეიძლება იცვლებოდეს, ხოლო აფექტი უცვლელი რჩებოდეს.
2) სურვილის ასრულება არ აღიქმება სასიამოვნოდ, თუ ამ სურვილს უარვყოფთ და ვებრძვით; პირიქით - ამას შიში ახლავს.
თუ ბავშვთა სიზმრები სურვილების შეუნიღბავი ასრულებაა, ჩვეულებრივი დამახინჯებული სიზმარი განდევნილი, აკრძალული სურვილის შენიღბული ასრულებაა; საშინელი სიზმარი ხშირად წარმოადგენს უარყოფილი სურვილის შეუნიღბავ შესრულებას, სადაც ცენზურის ნაცვლად არის შიში. ამ შემთხვევაში სურვილი ცენზურაზე ძლიერი აღმოჩნდა და, ვინაიდან ჩვენ ცენზურის მხარეს ვართ, გვეშინია ამ სურვილის ძალის. აღმოჩნდა, რომ დასჯაც შეიძლება სურვილის ასრულება იყოს, ოღონდ მეორე, დამსჯელი პირის სურვილისა.
მექანიზმები, რომლებიც სიზმრის მუშაობაშია გამოყენებული
რა საშუალებებს იყენებს სიზმარი სურვილის ასრულების შესანიღბად ისე, რომ მისი არანაირი კვალი არ რჩება სიზმრის მანიფესტურ შინაარსში? ფროიდი ამბობს, რომ ამ მიზნისათვის არსებობს ძირითადად ხუთი მექანიზმი:
1. კონდენსაცია/შემჭიდროვება - კონდენსაცია შედგება რამდენიმე გაერთიანებული ელემენტისაგან- ეს იქნება იმიჯი, ფიქრები და ა.შ. ანუ ის, რაც ასოციაციების განსხვავებულ ჯაჭვებს ერთ პიროვნებაში უყრის თავს. სიზმრის ანალიზი ნათელს ჰფენს „კომპრესიისა’ და ‘კონდენსაციის’ მექანიზმებს, რომელსაც სიზმრის მუშაობა ასრულებს, რათა მოახდინოს ამ ყველა გაფანტული ფრაგმენტის ერთ მთლიან შენაერთში გაერთიანება: „თუ ჩვენ ყველა სათითაო შემთხვევას განვიხილავთ, ფიქრის იმ ელემენტების რაოდენობას ან იმ სივრცეს, რომელშიც ისინია ჩაწერილი შევადარებთ სიზმრის მუშაობას, რომელსაც მივყავართ ანალიზში დაფარული კვალის საძებნელად, ჩვენ ეჭვიც არ შეგვეპარება, რომ სიზმრის მუშაობა დიდი მოცულობით შეიცავს კონდენსირებას ან კომპრესიას.
როდესაც ვახდენთ სიზმრის დეტალურ ანალიზს, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რომ კონდენსაციის პროცესი მოიცავს სიზმრის ყველა ელემენტს ისე, რომ ერთი ელემენტი გამოიყურება, როგორც თავად გამომდინარე სხვა ელემენტისაგან რომელიც სხვა ნაწილის კუთვლილებაა - ამ გზით სიზმრის თითოეული ელემენტი კონდენსირებულია. სწორედ კომპრესიის მექანიზმი ართულებს მანიფესტური შინაარსის გაგებას.
კონდენსირება სიზმრის მუშაობის მნიშვნელობანი ელემენტია და მას ვხვდებით ასევე სიმპტომის ფორმირების დროსაც, წამოცდენებისა და ხუმრობის დროს. შემდგომ, კონდენსაცია ქმნის ერთ მთლიან რეპრეზემტაციას სხვადასხვა ფიქრებს შორის, როცა მათ ერთად აგროვებს წარმოუდგენელი
მოულოდნელი სახით, მაგალითად თამაშის საშუალებით, პოულობს რა მსგავსებას სიტყვებს შორის და ამ გზით იწვევს „ შუალედურ ფიქრებს’ რომლებიც ზოგჯერ საკმაოდ გონებამახვილურია.
2. გადანაცვლება - გადანაცვლების მექანიზმი საშუალებას აძლევს სიზმრის მუშაობას ჩაანაცვლოს უმნიშვნელო აზრებით უფრო მნიშვნელოვანი ისე, რომ სიზმრის ძირეული შინაარსი და იდეა გადაწეულია ცენტრალური ადგილიდან და ნიღბავს სურვილის ასრულებას. მაგალითად, სიზმრის მიერ ნაჩვენები ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი ელემენტი შეცვლილია ინდიფერენტულით. კონდენსაცია და გადანაცვლება შეიძლება კომბინირებულ იქნას რათა შექმნას კომპრომისი, ისეთი როგორც „ ირმას ინექციაში“ ამ სიზმარში, იყო კითხვა პროპილის propyl ინექციისა; ფროიდმა იპოვა აზრის შემცველი კავშირი amyl- სა და prolypaea შორის, რომელიც მან მუზაუმში ნახა. ეს წარმოადგენს კომპრომისული წარმონაქმნის მაგალითს, რომელიც ერთდროული კონდენსირებისა და გადანაცვლებითს საშუალებით წარმოიქმნა.
3. რეპრეზენტაბელობა - სიზმრის მუშაობის ეს პროცესი სიზმრის ფიქრს გადაქცევს ხატოვან სურათებად: ’თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ გვჭირდება მოწინავე პოლიტიკურ საგაზეთო სტატიაში არგუმენტები წარმოვადგინოთ, ან თუ გვჭირდება სასამართლოში ადვოკატის გამოსვლა ვაჩვენოთ სურათების სერიის მეშვეობით,მაშინ ადვილად გავიგებთ იმ მოდიფიკაციას, რასაც აკეთებს სიზმრის მუშაობა რეპრეზენტაბელობის მეშვეობით . ფროიდი ამბობს. რომ სიზმრის მუშაობის მიერ ფიქრების ვიზუალურ სახეებად ტრანსფორმირება სიზმრის გამოხატვის სპეციფიკაა.
4. სიზმრის შინაარსის მეორადი გადასინჯვა - ამ პროცედურის საშუალებით სიზმრის შინაარსი წარმოდგენილია თანამიმდევრული და გასაგები სცენარის სახით. ეს მექანიზმი მიყვება სიზმრის ფორმირების თითოეულ სტადიას, მაგრამ მისი ეფექტი უფრი საჩინოა, როცა ადამიანი იღვიძებს და იხსენებს სიზმარს, რომ მოყვეს. რადგანაც ჩვენ სიზმრას თანდათან ვიხსენებთ, ჩვენ მიდრეკილი ვართ რომ დავამახინჯოთ მისი შინაარსი რათა ჩვენთვის უფრო გასაგები გახდეს და მას რაციონალური ფასადი მიეცეს. ის დამახინჯება, რომელსაც ეს მეორადი რევიზია აწარმოებს, რასაკვირველია მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია მასში ვიპოვოთ ის სცენარი, რომელიც განდევნილი სურვილის ასრულებითაა ნაკარნახევი, რაც სიზმრის რეალურ მოტივს წარმოადგენს.
5. დრამატიზირება - 1901- ში ფროიდმა დაამატა დრამატიზაციის მექანიზმი, რომელიც წარმოადგენს ფიქრის სიტუაციურად წარმოდგენას. ეს პროცესი მიაგავს იმას, როდესაც რეჟისორს ტექსტი გადააქვს თეატრალურ წარმოდგენაში.
წინა დღის ნარჩენი
სიზმრის ფორმაცია ემორჩილება სხვა ძირეულ პრინციპს: სიზმრის სცენარი ყოველთვის მოიცავს მოვლენას, რომელიც სიზმრის წინა დღეს მოხდა; ამას ფროიდმა „დღის ნარჩენი“ მასალა დაარქვა:
„თუ ჩვენ ვეძებთ ანალიზის დახმარებას, ვნახავთ, რომ უკლებლივ ყველა სიზმარი უბრუნდება წინა დღეების შთბეჭდილებას; ან, უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ სიზმრის წინა დღეს- სიზმრის დღეს’ წინა დღისოს ნარჩენს მეტ- ნაკლები კავშირი აქვს არაცნობიერ სურვილთან, რომელიც სიზმარში დაკმაყოფილდება.
ცენზურის როლი
ფროიდისათვის სიზმრის ნებისმიერი სახით დამახიჯების მიზეზი არის სიზმრის ცენზურა. ეს არის თავისებური სააგენტო, რომელიც ცნობიერსა და არაცნობიერს შორისაა განთავსებული და რომელიც ნებას იძლევა მხოლოდ მისთვის მისაღები გაატაროს, სხვა დანარჩენს კი არ უშვებს: ის, რაც უარყოფილია ცენზურის მიერ, იმყოფება რეპრესირებულ მდგომარეობაში- ესაა რეპრესირებული, ანუ განდევნილი ელემენტები.
გარკვეულ პირობებში, მაგალითად ძილში, ხდება ცენზურის შესუსტება. ამ დროს შესაძლებელი ხდება აქამდე განდევნილმა გზა იპოვოს გაცნობიერებისაკენ სიზმრების მეშვეობით. თუმცა ცენზურა არასოდეს ქრება ბოლომდე, თუნდაც სიზმრებში; განდევნილმა მასალამ უნდა შეიცვალოს სახე იმისათვის, რომ არ გააღიზიანოს/ შეურაცხყოს ცენზურა. ამას მივყავართ კომპრომისის ფორმირებისაკენ. განდევნილის დაბრუნება, რაც ცენზურის შესუსტებას მოყვება, და შემდეგ კომპრომისული ფორმირების შექმნა მარტო სიზმრის თვისება არ არის; ეს მექანიზმი გვხვდება ყველა ფსიქოპათოლოგიაში, სადაც კონდემსაცია და გადანაცვლება თამაშობს როლს.
გაუცენზურებელი არაცნობიერი სურვილის მოულოდნელი გამოჩენა აღვიძებს მძინარეს და აქ წინააღმდეგობაა იმ მონაცემთან, რომ სიზმარი ასევე არის ძილის სურვილის ასრულება “ ნათქვამია რომ ძილს სიზმარი უშლის ხელს; ეს საკმაოდ უცნაურია რადგანაც ჩვენ ამის საწინააღმდეგო გზას მივყვებით და ვამბობთ , რომ სიზმარი ძილის დარაჯია.“
სიზმრის ცენზურა ეხება განდევნილ ინფანტილურ სექსუალურ სურვილებს
თუ გავაგრძლებთ სიზმრის კვლევას, აღმოვაჩენთ, რომ სიზმრის ლატენტური შინაარსი ხშირად ეხება ეროტიული სურვილების დაკმაყოფილებას. ეს დაკვირვება ადასტურებს ცენზურის, როგორც სექსუალური მასალის ამკრძალავის როლს, და უფრო ზუსტად - ინფანტილური სექსუალური სურვილებისა, რომლებიც განდევნას დაექვემდებარნენ:
„განდევნილი ინფანტილური სექსუალური სურვილები იწვევენ უძლიერეს და ხშირ მოტივირებულ ძალებს სიზმრის წარმოქმნისთვის“. მაგრამ მიუხედავად სექსუალობის დიდი როლისა, აგრძელებს ფროიდი, ძალიან იშვიათადაა, რომ სიზმრის მანიფესტური შინაარსი ავლენდეს სექსუალური ხასიათის სურვილის ასრულებას; ჩვეულებრივ ისინი შენიღბულია და მხოლოდ ანალიზის მუშაობას შეუძლია მათი გამოვლენა.
სიმბოლოთა მნიშვნელობა სიზმარში
სიმბოლოთა წარმოშობა გადამწყვეტ როლს თამაშობს სიზმრის ფორმირებაში, რადგანაც სიმბოლოებს შეუძლიათ გვერდი აუარონ ცენზურას იმით, რომ სექსუალურ რეპრეზენტაციებს ყოველგვარ აზრს ჩამოაშორებს. ფროიდი არჩევდა ორი ტიპის სიმბოლოებს: უნივერსალურებს, რომლებიც მიეკუთვნებიან „სიზმრის წიგნის" კატეგორიას სიზმრის გასაღების ფუნქციით და იმათ, რომლებიც გამოიყენება ინდივიდუალურ სიმბოლოებად. რაც შეეხება უნივერსალურ სიმბოლოებს, ფროიდი ჩამოთვლის იმათ, რომელთაც მხოლოდ ერთგვაროვანი მნიშვნელობა აქვთ:
"სიზმრის სიმბოლოთა უმრავლესობა ემსახურება პიროვნების სხეულის ნაწილის, და იმ აქტივობების წარმოსახვას, რომლებიც ეროტიული ინტერესებითაა ინვესტირებული; განსაკუთრებით გენიტალიებია წარმოდგენილი უამრავი გამაოგნებელი სიმბოლოთი, და ობიექტთა უდიდესი უმრავლესობა ემსახურება მათ სიმბოლურ გამოხატვას".
პირველი შეხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საკმარისია ვიცოდეთ სიმბოლოთა გარკვეეული რაოდენობა, რომ შევძლოთ სიზმრების ახსნა მსიზმრებელის ასოციაციების გარეშე. მაგრამ როგორც ფროიდმა აღნიშნა „ სიზმრის ახსნაში’, ეს საკმარისი არაა; იმისათვის, რომ ფსიქოანალიტიკოსმა თავი აარიდოს თვითნებურ განმარტებებს, საჭიროა ორმაგი მიდგომა, რომელიც მოიცავს როგორც უნივერსალურ სიმბოლიზმს, ასევე სიზმრის მნახველის ასოციაციებს. „ამით ჩვენ ვალდებულნი ვართ გავუგოთ იმ შინარსს, რომელიც შეიძლება გაგებული იქნას, როგორც სიმბოლური და გამოვიყენოთ ტექნიკა, რომელიც, ერთი მხრივ, ეყრდნობა სიზმრის მნახველის ასოციაციებს და, მეორე მხრივ, ავსებს სიცარიელეს სიზმრის ამხსნელის მიერ სიმბოლოთა ცოდნის საშუალებით.
ჩვენ უნდა შევათავსოთ კრიტიკული სიფრთხილე სიმბოლოთ ახსნისას, ყურადღებით უნდა შევისწავლოთ ისინი სიზმარში იქ, სადაც მათი გამოყენება ძალინ მკაფიოა, რათა გამოვრიცხოთ ყოველგვარი თვითნებურობა სიზმრის ახსნისას „
ფროიდის იდეათა განვითარება სიზმრის შესახებ
1900 წლის შემდგომ. ფროიდი ერთგული დარჩა სიზმრის თეორიის იმ ფორმულირებისა, რომელიც 1900 წელს ჩამოაყალიბა. თავისი თეორიის დანარჩენი ასპექტებისაგან განსხვავებით, მხოლოდ უმცირესი ცვლილება შეიტანა მასში. მთავარი დამატება, რაც მან გააკეთა, იყო 1923 წელს, თავისი მეორე სტრუქტურულ თეორიასთან დაკავშირებით, როცა ცენზურა შეცვლალა ზემე-თი. ამის შემდგომ სიზმრები გამოხატავდა იგი-ს მოთხოვნების მორიგებას ზემე-ს მოთხოვნებთან.
ფროიდმა არ განავითარა იდეა, რომ სიზმრის მუსაობის მიზანს წარმოადგენს აკრძალული სურვილის ზემე-სთან ან მე-სთან მორიგება, და ასევეკომპრომისისა ძებნა სიცოცხლისა და სიკვდილის ძირეულ კონფლიქტში, რიგირც წერს ზოგი თანამედროვე ფსიქოანალირტიკოსი (სეგალი 1991, კინოდო 2001)