მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1887 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ღმერთებმა სიზიფს მიუსაჯეს უზარმაზარი ლოდის მთის მწვერვალზე დაუსრულებლად ატანა, საიდანაც ყოველ ჯერზე ლოდი მთელი სიმძიმით ძირს გორდება. გარკვეული მოსაზრებით, მათ ჩათვალეს, რომ არ არსებობს უნაყოფო და უიმედო შრომაზე საშინელი სასჯელი.

თუკი ჰომეროსს დავუჯერებთ, სიზიფი მოკვდავთაგან ყველაზე ბრძენი და ფრთხილი იყო. სხვა წყაროების მიხედვით, იგი ყაჩაღობას ეწეოდა.

ჩემთვის ერთი მეორეს ხელს არ უშლის. სხვადასხვა მოსაზრება არსებობს იმის თაობაზე, თუ რის გამო გახდა იგი ჯოჯოხეთის უსარგებლო მშრომელი. პირველ რიგში, მას ღმერთების მიმართ ერთგვარ დაუდევრობას მიაწერენ. მან მათი საიდუმლო გასცა. ასოპოსის ასული ეგინა იუპიტერმა გაიტაცა. მამა შეშფოთდა ქალიშვილის გაუჩინარების გამო და თავისი წუხილი სიზიფს გაუზიარა. სიზიფისთვის ცნობილი იყო ამ გაუჩინარების მიზეზი და ასოპოსს სიმართლის გამხელას შეჰპირდა იმ პირობით, თუ იგი კორინთის ციტადელს წყალს მიაწვდიდა. ზეციურ რისხვას მან წყლით კურთხევა ამჯობინა. ამის გამო იგი ქვესკნელში მოხვდა.

ჰომეროსი ასევე მოგვითხრობს, რომ სიზიფმა სიკვდილისთვის ბორკილების დადებაც მოახერხა. პლუტონს აღარ შეეძლო თავისი გაუკაცრიელებული და უტყვი სამეფოს ყურება. მან ომის ღმერთი გააგზავნა, რომელმაც სიკვდილი სიზიფის ტყვეობიდან იხსნა. იმასაც ჰყვებიან, რომ სიკვდილის მოახლოებისას სიზიფმა წინდაუხედავად ცოლის ერთგულების გამოცდა მოინდომა და უბრძანა, მისი სხეული დაკრძალვის ნაცვლად საჯარო მოედანზე დაეგდო.

სიზიფი ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. იქ კი ადამიანური სიყვარულისგან აგრერიგად განსხვავებული მორჩილებით განრისხებულმა, პღუტონს ცოლის დასასჯელად მიწაზე დაბრუნების ნებართვა სთხოვა. მაგრამ რაწამს ხელახლა იხილა ამქვეყნიური ცხოვრება, იგემა წყალი და მზის სითბო, გახურებული ქვები და ზღვა, ჯოჯოხეთის წყვდიადში დაბრუნება აღარ ისურვა. ვერ გაჭრა ვერც პირობის შეხსენებამ, ბრაზმა, გაფრთხილებებმა. კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ნებივრობდა სიზიფი ყურეში და ტკბებოდა ზღვის ხმაურითა და მიწის მადლით. საჭირო გახდა ღმერთების ჩარევა. მერკური ქეჩოში სწვდა ურჩ სიზიფს და ძალით წაიყვანა ჯოჯოხეთში, სადაც მისთვის განკუთვნილი ლოდი უკვე მზად იყო.

უკვე ცხადია, რომ სიზიფი აბსურდის გმირია. იგი ასეთია როგორც თავისი ვნებებით, ისე სატანჯველით. მისი მხრიდან ღმერთების არად ჩაგდება, სიკვდილის სიძულვილი და სიცოცხლის მგზნებარე სიყვარული, იმ ენით გამოუთქმელი ტანჯვის მიზეზი გახდა, როდესაც მთელი არსებობა ფუჭ და დაუსრულებელ შრომას ხმარდება. ეს მიწიერი ვნებების საფასურია.

სიზიფის ჯოჯოხეთში ცხოვრებაზე აღარაფერს მოგვითხრობენ. თუმცა მითები ხომ იმისთვის არსებობს, ჩვენი წარმოსახვა რომ გააცოცხლოს. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უზარმაზარ ლოდს შეჭიდებული დაძაბული სხეული, მის კლდეზე აგორებას რომ ცდილობს; დავინახოთ დამანჭული სახე, ლოდზე მიჭყლეტილი ლოყა, მხრის ბიძგები მიწიანი ლოდის დასაძრავად, ფეხი, რომელიც ამ ლოდს აკავებს, ლოდს შემოჭდობილი დაჭიმული მკლავები, მიწით დათხვრილი ხელების მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე.

ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ, ზეცას მოწყვეტილ სივრცეში, დროის განზომილების გარეშე, მიზანი მიღწეულია. სიზიფი უყურებს ლოდს, რომელიც რამდენიმე წამში მიწისქვეშეთისკენ დაგორდება და საიდანაც კვლავაც საჭირო გახდება მისი მწვერვალზე ატანა. იგი დაბლა ეშვება.

სწორედ დაშვების მომენტში მაინტერესებს მე სიზიფი. ქვასთან ჭიდილით დაღლილი სახე თავადაც ქვად ქცეულა. მე ვხედავ ადამიანს, მძიმე, მაგრამ თანაბარი ნაბიჯით რომ მიემართება თავისი დაუსრულებელი სატანჯველისკენ. ეს მომენტი, სუნთქვას რომ ჰგავს და აუცილებლად მეორდება მისი ვაების მსგავსად, გაცნობიერების მომენტია. ყოველ ჯერზე, როდესაც სიზიფი მწვერვალს ტოვებს და ღმერთების ბუნაგისკენ მიემართება, ის ბედისწერას ამარცხებს. იგი უფრო ძლიერია, ვიდრე მისი ლოდი.

ეს მითი იმით არის ტრაგიკული,რომ მის გმირს გაცნობიერების უნარი აქვს. რა ფასი ექნებოდა მის წამებას, ყოველ ნაბიჯზე თუ წარმატების იმედით აივსებოდა? დღევანდელ მუშასაც ხომ იგივე ჯაფა ადგას ყოველდღიურად და მისი ბედი ნაკლებად ტრაგიკული როდია. მაგრამ იგი ტრაგიკული იმ იშვიათ წამებშია, როდესაც თავის ყოფას აცნობიერებს. სიზიფი, ღმერთების ეს პროლეტარი, უძლური და ამბოხებული, ბოლომდე წვდება თავისი უბადრუკი არსებობის არსს. გამჭრიახობა, რაც მისი ტანჯვის მიზეზი უნდა გამხდარიყო, მისი გამარჯვების საწინდარი ხდება. არ არსებობს ისეთი ბედისწერა, რომელიც შეუპოვრობის წყალობით ვერ დამარცხდება.

მართალია, ზოგჯერ მწვერვალიდან დაშვება ტანჯვითაა სავსე, მაგრამ ამის კეთება სიხარულითაც შეიძლება. ეს არ არის გაზვიადებული ნათქვამი. მე კვლავაც წარმოვიდგენ ლოდისკენ მიმავალ სიზიფს. თავიდან იგი ტკივილით იყო სავსე. ადამიანის გული ნაღველით ივსება როდესაც მიწიერი ცხოვრების მოგონებები მოეძალება და როდესაც ბედნიერების ძახილი აუტანელი ხდება: ეს ლოდის გამარჯვებაა, ეს თავად ლოდია. უზარმაზარი სევდა მძიმე ტვირთია. ეს ჩვენი გეთსემანიის ღამეებია. მაგრამ დამღუპველი სიმართლე შეცნობისთანავე ქრება.

ოიდიპოსიც გაუცნობიერებლად ემორჩილება ბედს. იმ წამიდან, როდესაც სიმართლეს შეიტყობს, ტრაგედია იწყება. მაგრამ მაშინვე, ბრმა და სასოწარკვეთილი აღიარებს, რომ ამ ქვეყანასთან მისი ერთადერთი დამაკავშირებელი ძაფი ქალიშვილის სათუთი ხელია. და გაისმის მისი გადაჭარბებული სიტყვა: „ამდენი გამოცდის მიუხედავად, ჩემმა ასაკმა და სულის სიმტკიცემ დამანახა, რომ ყველაფერი კარგადაა.“ ამგვარად, სოფოკლეს ოიდიპოსი, დოსტოევსკის კირილოვის მსგავსად, აბსურდული გამარჯვების ფორმულას გვაძლევს. ანტიკური სიბრძნე თანამედროვე ჰეროიზმს ერწყმის.

აბსურდის აღმოჩენა შეუძლებელია ბედნიერების სახელმძღვანელოს დაწერის ცდუნების გარეშე... „აბა! რა ხდება ამ საცალფეხო გზებზე...?“ მაგრამ სამყარო ერთია. ბედნიერება და აბსურდი ერთი მიწის ნაყოფია. ისინი განუყრელნი არიან. შეცდომა იქნებოდა იმის თქმა, რომ აბსურდის აღმოჩენით ბედნიერება იბადება. ხშირად ისეც ხდება, რომ ბედნიერება წარმოშობს აბსურდის გრძნობას. „ვთვლი, რომ ყველაფერი კარგადაა“ - ამბობს ოიდიპოსი და ეს წმინდა სიტყვებია. ისინი ადამიანის პირქუშ და ზღვარდებულ გარემოში გაისმის. ისინი გვასწავლის, რომ ყველაფერი ამოწურული არ არის და არც ყოფილა. ისინი ამ სამყაროდან აძევებს ღმერთს, რომელიც აქ დაუკმაყოფილებლობის და უსარგებლო ტკივილის გრძნობასთან ერთად შემოიჭრა. ისინი ბედისწერას ადამიანის საქმედ აქცევს, რომელიც ადამიანებს შორის უნდა მოგვარდეს.

სიზიფის დაფარული სიხარულიც ამაშია. მისი ბედი მას ეკუთვნის. ეს ლოდი მისი კუთვნილებაა. ასევე, აბსურდული ადამიანიც, როდესაც თავის ტანჯვას აკვირდება, ყველა კერპს აჩუმებს. უეცრად გაყუჩებულ სამყაროში მიწიდან ათასობით აღტაცებული ხმა გაისმის. ეს გაუცნობიერებელი და იდუმალი ძახილია, ყველა აჩრდილის მიწვევაა, გამარჯვების გარდაუვალი საპირისპირო მხარე და საფასურია. არ არსებობს მზის შუქი ჩრდილის გარეშე და ღამესთან შეხვედრაც აუცილებელია. აბსურდული ადამიანი ამბობს დიახ, და ამიერიდან მისი ძალისხმევა აღარ შეწყდება. თუკი არსებობს პირადი ხვედრი, არ არსებობს უზენაესი დანიშნულება, და თუ არსებობს, ისიც ერთი, ადამიანისთვის საბედისწერო და მიუღებელი.

რაც შეეხება დანარჩენს, ადამიანი თავს ცხოვრების ბატონ-პატრონად მიიჩნევს. იმ მოუხელთებელ წამში, როდესაც ის თავის ცხოვრებას უბრუნდება, ლოდისკენ მიმავალი სიზიფი მოქმედებათა იმ წყებას აკვირდება, რომელსაც ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და რაც მისი ბედისწერა გამხდარა, მის მიერ არის შექმნილი, შეკრული მისი მეხსიერებით და ბეჭედდასმული მისი სიკვდილით. ასევე თვალისჩინს დანატრებული ბრმა, რომელიც დარწმუნებულია იმაში, რომ ყველაფერ ადამიანურს ადამიანური საფუძველი აქვს და იცის, რომ ღამეს დასასრული არ ექნება, მუდმივ მოძრაობაშია. ლოდი კვლავაც მიგორავს.

მე სიზიფს მთის კალთებთან ვტოვებ! ადამიანი ყოველთვის პოულობს საკუთარ ტვირთს. თუმცა სიზიფი უმაღლეს ერთგულებას გვასწავლის, რომელიც ღმერთებს უარყოფს და ლოდებს ძრავს. ისიც თვლის, რომ ყველაფერი კარგადაა. ამიერიდან, ეს სამყარო ბატონის გარეშე,მას უნაყოფო და ამაო აღარ ეჩვენება. ამ ლოდის თითოეული მარცვალი, ღამის წყვდიადში გახვეული ამ მთის მინერალების თითოეული გაელვება, მისთვის მთელ სამყაროს ქმნის. ადამიანის გულის ასავსებად მწვერვალების დასაპყრობად ბრძოლაც საკმარისია. წარმოვიდგინოთ, რომ სიზიფი ბედნიერია.

 

* * * * * * *

მთარგმნელი:

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ