მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 49734 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

აეროგრილის შეძენის მიზანი რა თქმა უნდა გემრიელი კერძის მარტივად და სწრაფად მომზადებაა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თქვენ უკვე გაეცანით ჩვენს რჩევებსა და რეკომენდაციებს

აეროგრილის არჩევის შესახებ, აუცილებლად დადგება მომენტი, როცა ხელსაწყოს სახლში მიიტანთ, მაგრამ სავარაუდოდ პროდუქტის ისე მომზადება, როგორც წარმოგედგინათ, არ გამოგივათ.

და ზოგადად, ყველა, ვინც ყიდულობს აეროგრილს, არ იცის და პირველ რიგში უჩნდება კითხვა, თუ როგორ გამოიყენოს ხელსაწყო სწორად და როგორ მოამზადოს ესა თუ ის პროდუქტი.

არის შემთხვევები, როცა პირველი წარუმატებელი ცდის შემდეგ აეროგრილს თაროზე შემოდებენ ხოლმე და წყვეტენ პროდუქტის მომზადების ყოველგვარ განმეორებით მცდელობებს.

სინამდვილეში, აეროგრილი იდეალური სამზარეულოს მოწყობილობაა დამწყები კულინარებისთვის, რომელიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს შრომას და არა მხოლოდ გამოგკვებავთ გემრიელი კერძით, არამედ მისი გამოყენება მიჩნეულია პროდუქტის მომზადების ერთ-ერთ ყველაზე ბუნებრივ და სასარგებლო საშუალებად.

ამიტომ, უმჯობესია მცირედით შეიწუხოთ თავი და აითვისოთ ამ მარტივი ხელსაწყოს მოხმარების წესები და მეთოდები.

მაშ ასე, როგორ გამოვიყენოთ აეროგრილი, როგორ მოვამზადოთ სასურველი პროდუქტი და როგორ გადავეშვათ დაუვიწყარ კულინარულ მოგზაურობაში?

ქვემოთ ჩამოთვლილია ყველა ის ნიუანსი და ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ აეროგრილის ფუნქციების სრულყფილად ათვისებაში, რაც ხელს შეგიწყობთ პირველივე ჯერზე მიიღოთ სასურველი შედეგი და არ განიცადოთ იმედგაცრუება.

აქვე (უფრო ქვემოთ) მოყვანილია მეტად საჭირო და აუცილებელი ცხრილი, რომელიც პირობითად გაგარკვევთ, თუ რა პარამეტრებია საჭირო (ტემპერატურა, დრო, ვენტილიატორის სიჩქარე, ცხაურის მდებარეობა და სხვა) კონკეტული კატეგორიის პროდუქტის (ხორცი, თევზი, ფრინველი, ცხობა, ბოსტნეული და ა.შ) მოსამზადებლად.

აქ კი მოყვანილია აეროგრილის ფუნქციების შედარება მიკროტალღურ ღუმელთან და სხვადასხვა ტიპის ქურებთან).


 

 

აუცილებელი ინფორმაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში

 

რამდენად რთულია აეროგრილის ათვისება?

ჩვეულებრივ, აეროგრილის ძირითადი ფუნქციების ათვისება ხდება მისი სახლში მიტანისა და და სამზარეულში განთავსებისთანავე.

მარტივი და გასაგები მართვის ბლოკი იძლევა საშუალებას პროდუქტები მომზადებული იქნას აეროგრილში პრაქტიკულად მომენტალურად.

რითი განსხვავდება აეროგრილი მოდელები ერთმანეთისგან?

არსებობს აეროგრილის მრავალფუნქციური მოდელები და მოდელები კერძის ყოველდღიური მომზადების ფუნქციებით.

ორივე სახის აეროგრილი გვხვდება როგორც მექანიკური და ელექტრონული ტიპის, ასევე მოსახსნელი და კრონშტეინებიანი თავსახურით.

როგორია აროგრილის კონსტრუქცია და კომპლექტაცია?

აეროგრილის კონსტრუქცია შედგება მრგვალი მინის კოლბა-ქვაბისგან და თავსახურისგან, რომელშიც ჩამონტაჟებულია მართვის ბლოკი, მძლავრი გამათბობელი ელემენტი და ვენტილიატორი.

კომპლექტაციაში ძირითადად შედის - 3 ცხაურა გისოსი, 1 ან 2 ლანგარი (მათ შორის დასვრეტილი ლანგარი), 4 შამფური, მაშები, გამაფართოებელი რგოლი (მეტალის სალტე), სადგამები, რეცეპტების კრებული, ინსტრუქცია.

აქვს თუ არა აეროგრილს მავნე გამოსხივება?

არ შეიძლება იმის თქმა, რომ მიკროტალღურ ღუმელში დამზადებული პროდუქტები საშიშია ჯანმრთელობისთვის. თუმცა თუ მათ მიმართ არსებობს მცირედი ეჭვი მაინც, აეროგრილთან დაკავშირებით ასეთი ეჭვიც კი უსაფუძვლოა, რადგან მიკროტალღური ღუმელისგან განსხვავებით, პროდუქტი არ მზადდება მაღალსიხშირული ტალღებით.

აეროგრილში პროდუქტის მომზადება ხდება ცხელი ჰაერის ნაკადით, რაც აბსოლიტურად უსაფრთხოა.

რა პრინციპული სხვაობაა აეროგრილსა და კონვექციურ ღუმელს, ქურას და როსტერს შორის?

აეროგრილი უნივერსალური თბო ხელსაწყოა, რომელიც აერთიანებს სამზარეულოს სხვადასხვა მოწყობილობების საუკეთესო შესაძლებლობებს. მასში გამოსწორებულია სხვა ხელსაწყოებში არსებული შეცდომები.

აეროგრილი დღესდღეობით წარმოადგენს იდეალური ფორმის ხელსაწყოში ცხელი საკვების მომზადების სრულყოფილ ტექნოლოგიას.

რამდენად სწრაფად ამზადებს აეროგრილი?

აეროგრილი ამზადებს იმდენად სწრაფად, რამდენად სწრაფადაც შეიძლება პროდუქტის მომზადება ბუნებრივი სითბური დამუშავებით.

მაგალითად ქათამი - წონით 1კგ, ჩვეულებრივ სრულყოფილად იწვება 40 წუთის განმავლობაში. (იხილეთ როგორ გამოვიყენოთ აეროგრილი).

რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს აეროგრილი?

აეროგრილის ელექტროენერგიის ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, თუ პროდუქტის მომზადების რომელი პროგრამა გაქვთ არჩეული.

ხარჯი კი საშუალოდ შეადგენს 1 კვტ-ს. ანუ დაახლოებით იმდენს, რამდენსაც უთო ან ელექტროჩაიდანი. 

ზოგადად კი აეროგრილის სიმძლავრე შეადგენს საშუალოდ 1300-1500კვტს-ს.

სად უნდა დავდგათ აეროგრილი?

აეროგრილის დადგმა შეიძლება სამზარეულოში ნებისმიერ სწორ ზედაპირზე, მთავარია, რომ მისი კაბელის სიგრძე წვდებოდეს ელექტრო წყაროს (შტეფსელს).

შეიძლება თუ არა აეროგრილის ტრანსპორტირება?

აეროგრილის ტრანსპორტირება შესაძლებელია სადაც გსურთ, მაგალითად აგარაკზე, რადგან იგი შესანიშნავად აშრობს სოკოს და მწვანილს, აგრეთვე მისი საშუალებით სახლის პირობებში დამზადებული კონსერვების ან კომფოტების სტერილიზაცია.

გარდა ამისა, აეროგრილი შეიძლება გამოიყენოთ ქუჩაში, ბუნებაში, შესაძლოა წაიღოთ სტუმრად. მთავარია რომ იგი დადგათ სწორ ზედაპირზე და ხელმისაწვდომი იყოს დენის წყარო.

რატომ არის აეროგრილის ყველა მოდელი ერთი ზომის?

აეროგრილის ფორმა და ზომა არის მისი სახლის პირობებში მუშაობაზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგი.

მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სწორედ ისეთი ფორმა და ზომა არის ყველაზე პრაქტიკული, ოპტიმალური და უნივერსალური ნებისმიერი სამზარეულოსთვის, როგორიც დღეს აქვთ თანამედროვე აეროგრილებს.

როგორ მოვამზადოთ აეროგრილი მუშაობისთვის?

ახალი აეროგრილით მუშაობის დაწყების წინ, აუცილებლად უნდა გაათბოთ იგი 10 წუთის განმავლობაში მაქსიმალურ ტემპერატურაზე.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ ქარხნული ტესტირების შემდეგ, აეროგრილის გაცხელების და ვენტილაციის სისტემებმა იმუშაოს ერთ ციკლში.

პირველი გაცხელების შემდეგ, აეროგრილი კოლბა უნდა იყოს ცარიელი. თუ მოდელი ელექტრონულია, საკმარისია დააჭიროთ ღილაკს „გაცხელება“.

როგორ მოვამზადოთ პროდუქტი აეროგრილში?

აეროგრილი თავად მოამზადებს პროდუქტს. თქვენ მხოლოდ უნდა მისცეთ საჭირო პროგრამა. დააყენოთ დრო, ტემპერატურა და შესაბამისი პარამეტრები, რომელიც მოცემულია ამა თუ იმ რეცეპტში.

აქვს თუ არა სუნი აეროგრილს და სჭირდება თუ არა გამწოვი?

აეროგრილს გამწოვი არ სჭირდება, რაც უდავოდ მისი კიდევ ერთი ერთი ძლიერი მხარეა. კერძის მომზადება ხდება კვამლისა და ნამწვის გამოყოფის გარეშე.

ამასთან, არ იწვება ზეთი, არ არის ცხიმის შხეფები მთელს სამზარეულოში და კერძის სუნი მთელს ბინაში.

სჭირდება თუ არა აეროგრილს სპეციალური ჭურჭელი?

აეროგრილში შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც გაქვთ სახლში, გარდა პლასტმასისა და ხის ჭურჭლისა და ისეთი ჭურჭლისა, რომელიც შეიცავს ამ მასალის (ხისა და პლასტმასის) ელემენტებს.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯამები, ტაფები, სხვადასხვა ფორმები ცხობისთვის, კერამიკული და მინის ქოთნები. რაც შეეხება გალღობას, იგი შესაძლებელია სპეციალურ პლატმასის ჭურჭელშიც.

შესაძლებელია თუ არა აეროგრილში პროდუქტის დაბრაწვა?

ეს აეროგრილის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

ქათამი, კარტოფილი და სხვადასხვა სახის პროდუქტი ლამაზად იბრაწება და აქვს სრულიად განსხვავებული, მადის აღმძვრელი დაბრაწული ქერქი, რომელსაც სამზარეულოს არც ერთ სხვა ხელსაწყოში მომზადებულ პროდუქტი ვერ შეედრება.

თუმცა, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ დაბრაწული კანის გარეშე. უბრალოდ იმისთვის რომ შეამციროთ ცხელი ჰაერის დაბერვის ძალა,დაბლა დაუწევთ ვენტილიატორის სიჩქარეს.

შესაძლებელია თუ არა აეროგრილით გაცხელება?

აეროგრილით გაცხელება შესაძლებელია, თუმცა ეს პროცესი ხდება უფრო ნელა, ვიდრე მიკროტალღურ ღუმელში.

სამაგიეროდ აეროგრილში გაცხელებული კერძი უფრო ხარისხიანია და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

შეგიძლიათ გააცხელოთ რამდენიმე კერძი ერთდროულად სხვადასხვა ცხაურებზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მაღლაა კერძი, მით უფრო სწრაფად გაცხელდება იგი.

რა რაოდენობის პროდუქტების მომზადება შეიძლება აეროგრილში?

აეროგრილი შექმნილია იმისთვის, რომ მასში ყოველდღიურად იქნას მომზადებული ნებისმიერი პროდუქტი მთელი ოჯახისთვის.

ამასთან, სამივე ცხაურაზე, ერთდროულად შეიძლება მომზადდეს ერთი სადილისთვის განკუთვნილი, მაგრამ სხვადასხვა სახის პროდუქტი.

როგორც აჩვენა მრავალწლიანმა გამოცდილებამ და პრაქტიკამ, ერთ აეროგრილს შეუძლია 4-5 სულიანი ოჯახის ყოველდღიური სრული გამოკვება.

რატომ არის აეროგრილში მომზადებული პროდუქტები სასარგებლო?

აეროგრილში პროდუქტის მომზადება ხდება მხოლოდ ცხელი ჰაერის ნაკადით, რომლის ცირკულაციაც ხდება მოსამზადებელი კერძის ირგვლივ.

ამგვარად, პროდუქტები მზადდება აქტიური თერმოგამტარი საშუალებების გარეშე (როგორიცაა მაგალითად ზეთი ან ღორის ცხიმი).

შესაბამისად, პროდუქტებში ნარჩუნდება სასარგებლო მიკროელემენტები და არ წარმოიქნება მავნე ნამწვავი წარმონაქმნები, კანცეროგენები.

აეროგრილში მომზადებულ საკვები დიეტურად მიიჩნევა და მას ძალიან ადვილად ითვისებს ორგანიზმი.

შეიძლება თუ არა აეროგრილით შებოლვა?

აეროგრილი ერთადერთო ხელსაწყოა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ცივი და ცხელი მეთოდით პროდუქტების შებოლვა სახლის პირობებში.

იმისათვის, რომ პროდუქტი მაქსიმალურად ხარისხიანად შეიბოლოს, აეროგრილის ფსკერზე უნდა მოაბნიოთ თხმელის (მურყნის) ბურბუშელა (მათი შეძენა შეიძლება სპეციალიზირებულ მაღაზიებში, ან გამოიწეროთ ინტერნეტით). ან პროდუქტს წინასწარ წაუსვათ სპეციალური შესაბოლი პრეპარატი (მაგალითად თხევადი ბოლი).

შეიძლება თუ არა აეროგრილით კონსერვირება?

აეროგრილით სახლის პირობებში ზამთრისთვის დამზადებული ყველა სახის პროსუქტის კონსერვირება და სტერილიზაცია შესაძლებელია პირდაპირ ქილებში.

შეიძლება თუ არა აეროგრილით პროდუქტების გალღობა?

აეროგრილში პროდუქტების გალღობა შესაძლებელია. ტემპერატურა უნდა იყოს 65-80°c, ხოლო ვენტილიატორის სიჩქარე დაბალი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტი მომზადდება და არა გალღვება.

გალღობის პროცესში, შესაძლებელია პროდუქტი მოათავსოთ პოლიეთილენის პაკეტში, იმისათვის, რომ კოლბაში არ დაგროვდეს კონდენსატი (თუ გადაწყვეტთ პაკეტში გალღობას, ტემპერატურა არ უნდა იყოს 65°c-ზე მეტი). თუმცა ამის გაკეთება არ არის აუცილებელი. საკმარისია ოდნავ გააღოთ აეროგრილის თავსახური შამფურის, ან პატარა ჯოხის საშუალებით.

როგორ მოვამზადოთ აეროგრილით ბისკვიტი?

ბისკვიტის მომზადება უმჯობესია ტეფალის თხელ ყალიბებში. ყალიბის დიამეტრი არ უნდა აჭარბებდეს 24 სმ-ს.

იმისათვის, რომ ბისკვიტი კარგად ამოვიდეს და სრულად გამოცხვეს, საჭიროა შემდეგი პირობების დაცვა: ტემპერატურა - 180°c, ვენტილიატორის სიჩქარე - დაბალი, დრო დამოკიდებულია ცომის მოცულობაზე.

რისი მომზადება შეიძლება უშუალოდ აეროგრილის კოლბაში?

აეროგრილის კოლბაში შესაძლებელია მხოლოდ გლინტვეინისა და თაფლის სასმელის მომზადება, რადგან მხოლოდ ამ სასმელების მიყვანა არ არის საჭირო ადუღებამდე, რეგულარული მორევის დროს.

დანარჩენი კერძები (სუფი, ფაფა რაგუ და მსგავსი კერძები), აუცილებლად ბოლომდე უნდა ადუღდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაცხელდება არათანაბრად და არ მოიხარშება.

როგორ გავრეცხოთ აეროგრილი?

აეროგრილის კოლბა და თავსახურის მინის ნაწილი შესაძლებელია გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხი ნებისმიერი საშუალებით, თუმცა უნდა ერიდოთ წყლის ან ნესტის მოხვედრას თავსახურის კონსტრუქციის შიგნით.

კოლბისა და მართვის პანელის გასარეცხად ბევრ აეროგრილს აქვს თვითწმენდი ფუნქცია, რომელიც მართალია იდეალურად არ წმენდს, თუმცა საკმაოდ ამარტივებს რეცხვის პროცესს.

აეროგრილის კოლბის გარეცხვა შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც.

ძლიერად ცხელდება თუ არა აეროგრილის კოლბა?

აეროგრილის მინის კოლბა, პროდუქტის მომზადების პროცესში ცხელდება, თუმცა არ ხდება მისი „გავარვარება“, თუ მას შემთხვევით შეეხებით, რა თქმა უნდა დისკომფორტს იგრძნობთ, თუმცა დამწვრობას არ მიიღებთ.

კოლბიდან მომზადებული პროდუქტის ამოღება ხდება სპეციალური მაშების საშუალებით, რომელიც კომპლექტში მოჰყვება აეროგრილს.

მოერიდეთ აეროგრილთან ბავშვების კონტაქტს, რადგან თუ უფროსებისთვის ცხელ კოლბასთან შეხება არ არის დიდი პრობლემა, პატარებისთვის ეს შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს.

რა მოხდება, თუ მუშაობის პროცესში აეროგრილს მოხდით თავსახურს?

თუ პროდუქტის მომზადების პროცესში, ჩართულ აეროგრილს მოხდით თავსახურს, ჩაირთვება ავტომატური უსაფრთხოების პროგრამა და აეროგრილი გაითიშება.

თავსახურის უკან დაბრუნების შემდეგ კი აეროგრილი გააგრძელებს მუშაობას.

აეროგრილის ზოგიერთ მოდელებში რატომ არ ეკვრის მჭიდროდ თავსახური კოლბას?

ჰერმეტულობა არ არის საჭირო. ამიტომ აეროგრილის კონსტრუქცია ისეა მოწყობილი, რომ ეს ფაქტორი მასში ჩადებულია, რაც ვიზუალურად არის შესამჩნევი ზოგერთ მოდელში, თუმცა საგანგაშო არაფერია. ეს ნორმაა.

რამდენად მტკიცეა აეროგრილის კორპუსი?

აეროგრილის კორპუსი დამზადებულია არა მხოლოდ გამძლე პლასტმასისგან, არამედ იგი შეიცავს სილიკონის ელემენტებსაც, ამიტომ კორპუსი არა მხოლოდ მტკიცეა, არამედ მოქნილი და დრეკადიც.

იმსხვრევა თუ არა აეროგრილის კოლბის მინა?

აეროგრილის კოლბის მინა დარტყმაგამძლეა. თუმცა, თუ სპეციალურად მოინდომებთ, მის გატეხვა რა თქმა უნდა შესაძლებელია.

მაგალითად ეს შესაძლებელია, თუ იგი დიდი სიმაღლიდან და მაღალი სიჩქარით დაეცა გრანიტის ზედაპირზე.

რატომ ხდება არათანაბარი დაბრაწვა?

თუ სხვადასხვა სახის პროდუქტები იბრაწება მხოლოდ ერთ მხარეს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი აეროგრილის ტენი ცხელდება არათანაბრად.

ამ შემთხვევაში, უნდა მიაკითხოთ სერვის ცენტრს, რომლის მისამართიც მითითებული იქნება თქვენს საგარანტიო ბარათში.

რამდენად გამძლე და სანდოა აეროგრილი?

ექსპლუატაციის წესების სწორად დაცვის შემთხვევაში, აეროგრილი გათვლილია არა ნაკლებ 10 წლის ყოველდღიურ მუშაობაზე.

 

აეროგრილით მუშაობის მნიშვნელოვანი ნიუანსები

 

••• თითეული აეროგრილის მოდელს საკუთარი „ხასიათი“ აქვს, რომლსაც უნდა შეეთვისოთ.

ამას არც ისე დიდი დრო დასჭირდება, უბრალოდ საწყის ეტაპზე საჭიროა შედარებით ხშირად ადევნოთ თვალყური კერძის მომზადების პროცესს.

ტაიმერის მონაცემები, რომელიც მოცემულია რეცეპტში, ზოგჯერ ოდნავ უნდა დააკორექტიროთ და მოარგოთ იგი კონკრეტულად თქვენი აეროგრილის თავისებურებებს.

••• ფაქტიურად, თითქმის ყველა სახის საკვების მომზადება რეკომენდებულია ქვედა და შუა ცხაურა გისოსზე. ქვედა გისოსი ყველაზე წაუგებელი ვარიანტია, განსაკუთრებით მაშინ, თუ წვავთ ხორცის დიდ ნაჭერს, ან მთლიან ფრინველს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს ასევე შესაძლებელია გამაფართოებელი რგოლის გამოყენება.

რაც შეეხება ზედა გისოსს, მასზე შესაძლებელია გემრიელი „სუხარების“ მომზადება ან მზესუმზირის მოხალვა. პრინციპში ზედა გისოსი მხოლოდ ამ ტიპის პროდუქტებისთვის არის იდეალური.

••• იმის გამო, რომ აეროგრილი ამზადებს კერძებს ცხელი ჰაერის საშუალებით, შესაძლოა კერძი მარტივად გამოშრეს ისე, რომ დაკარგოს გემო და კვებითი ღირებულებები.

ამიტომ, ნებისმიერი რეცეპტით კერძის მომზადებისას, საჭიროა აეროგრილის მინის კოლბაში მცირეოდენი წყლის ჩამატება (თუ ამზადებთ გისოსზე), ან პირდაპირ გამოცხობის ფორმაში (რაც გაცილებით უმჯობესია).

••• თუ კერძის მომზადების დროს წყლის დამატებას გადაწყვეტთ, უმჯობესია ყოველთვის მხოლოდ ცხელი წყალი დაამატოთ.

ეს გაცილებით დააჩქარებს პროცესს და გააკეთებს ელექტროენერგიის ეკონონიას.

••• ზოგიერთი კერძები (მაგალითად კატლეტები), უმჯობესია თავიდან წინასწარ მსუბუქად შეწვათ ტაფაზე, ხოლო შემდეგ გადაიტანოთ აეროგრილში და შეწვის პროცესი იქ დაასრულოთ.

ასე კატლეტი გაცილებით გემრიელი გამოვა, უბრალოდ სასურველია გქონდეთ უსახელურო ტაფა, რადგან კატლეტები არა გადააწყოთ, არამედ პირდაპირ გადაიტანოთ აეროგრილში.

••• აეროგრილში კერძის მომზადება საერთოდ ცხიმის ან ზეთის გარეშე შესაძლებელია, განსაკუთრებით ისეთი პროდუქტების, რომელსაც ამზადებთ ღუმელში.

თუმცა იმ პროდუქტების მომზადება, რომელსაც ამზადებთ გაზის ან ელექტრო ქურის საშუალებით, საერთოდ ცხიმის გარეშე ნაკლებად გამოგივათ. ცხიმის თხელი ფენა იცავს პროდუქტს გამოშრობისგან და მის გარეშე პროდუქტი ნაკლებად გემრიელიც გამოდის.

თუმცა აღსანიშნავია, რომ აეროგრილში დაგჭირდებათ ცხიმის ან ზეთის მხოლოდ მინიმალური რაოდენობა.

მაგრამ, თუ პროდუქტის უცხიმოდ და უზეთოდ მომზადება თქვენთვის პრინციპულია, უნდა გამოაცხოთ ფოლგაში (180-220 გრადუსი) ან სპეციალურ შესაწვავ პაკეტებში (ეს არის სპეციალური თერმოგამძლე პაკეტები, რომელიც შეიძლება იყოს როგორც სპეციალური პოლიეთილენისგან, ასევე მეტალისგან დამზადებული. იგი უძლებს საშუალოდ 200-230 გრადუს ტემპერატურას). თუმცა ასეთი პაკეტის გამოყენების დროს ნუ დააყენებთ 205 გრადუსზე მეტ ტემპერატურას.

თუ გსურთ პროდუქტი ფოლგაში უფრო მაღალ ტემპერატურაზე მოამზადოთ, შეიძინეთ სპეციალური თერმოგამძლე ფოლგა.

••• პროდუქტი უმჯობესია ვენტილიატორის დაბალ სიჩქარეზე მოამზადოთ. აეროგრილის მუშაობის პრონციპი ძალიან ჰგავს თმის ფენის მუშაობის პრინციპს. ალბათ თავადვე ხვდებით, რომ რაც უფრო უბერავს ვენტილიატორი, მით უფრო სწრაფად გამოაშრობს და დაწვავს პროდუქტს ზემოდან, რაც არ არის სასურველი, რადგან ვერ მიიღებთ თანაბრად მომზადებულ, გემრიელ და ნოყიერ კერძს.

ამიტომ, უმჯობესია ერთი ბიჯით მოუმატოთ ტემპერატურას, ვიდრე იგივი ბიჯით მოუმატოთ ვენტილიატორის სიჩქარეს.

მაგრამ თუ თქვენს აეროგრილს ვენტილიატორის მხოლოდ ერთი სიჩქარე აქვს (მაღალი), სცადთ მოამზადოთ პროდუქტი ქვედა გისოსზე ან გამოიყენოთ გამაფართოებელი რგოლი.

••• თუ ამზადებთ კატლეტებს ან პატარა ზომის ღვეზელებს თხევადი ცომისგან, რომელიც ჩაიღვენთება ცხაურას გისოსებს შორის, გირჩევთ გამოიყენოთ სტიმერი, ან ცხაურაზე დააფაროთ ფოლგა ან საცხობი ქაღალდი.

კატლეტები უნდა მომზადდეს ტემპერატურაზე - 235 გრადუსი, ვენტილიატორის სიჩქარე - საშუალო, დრო - 20-25 წუთი (გააჩნია რაოდენობას).

••• აეროგრილით მომზადების დროს, ერთ-ერთი ხშირი პრობლემაა - როცა კერძი იწვება ზემოდან, ხოლო შიგნიდან რჩება უმი. პრობლემა უნდა მოგვარდეს ამგვარად - ვენტილიატორის სიჩქარე უნდა მისცეთ დაბალი, ცხაურა გისოსი ქვედა, თუ აუცილებელია, გამოიყენოთ გამაფართოებელი რგოლი.

ზოგჯერ შესაძლებელია პროდუქტს ზემოდან დააფაროთ ფოლგა, მხოლოდ იგი კარგად უნდა შემოახვიოთ პროდუქტს, რათა ვენტილიატორიდან დაბერილმა ჰაერმა არ გადააძროს იგი.

••• ის, რომ აეროგრილში შესაძლებელია სხვადასხვა ცხაურაზე ერთდროულად რამდენიმე კერძის მომზადება, სიმართლეა, თუმცა პროდუქტებით გამოტენილ აეროგრილში ძლიერ უარესდება კონვექცია (ჰაერის მოძრაობა), რაც აისახება არა მხოლოდ პროდუქტების მომზადების დროის გაზრდაში, არამედ მიღებულ შედეგზე - ანუ კერძის ხარისხზე.

••• რაც შეეხება ცხობას - სამწუხაროდ აეროგრილში ცხობა ყოველთვის ისე არ გამოდის როგორც ჩაიფიქრებთ. ვენტილიატორით დაბერილი ჰაერი მიდის ზემოთ და ზემოდანვე ჩნდება დაბრაწული ქერქი, რაც ხელს უშლის ქვედა ნაწილის ხარისხიან გამოცხობას.

ამიტომ, თუ ხარისხიანი ჰაერღუმელი გაქვთ, უმჯობესია იქ გამოაცხოთ, რადგან ეს უფრო მოსახერხებელია.

მაგრამ, თუ მაინც აეროგრილში აცხობთ, არ დაგავიწყდეთ მისი წინასწარ გაცხელება და გამაფართოებელი რგოლის გამოყენება.

სამაგიეროდ აეროგრილში შესანიშნავად შეიძლება ხორცის, თევზის, ფრინველის და კერამიკულ ქვაბებში მოთავსებული პროდუქტის დამზადება.

••• აეროგრილში უმჯობესია გამოიყენოთ ჭურჭელი, რომელსაც მაღალი თბოგამტარობა აქვს (მაგალითად ტეფალი), აგრეთვე - ალუმინის ჭურჭელი, კვებისთვის ვარგისი სილიკონის ჭურჭელი, თხელკედლიანი კერამიკის ჭურჭელი, თხელკედლიანი თერმოგამძლე მინის ჭურჭელი, მინაკერამიკის ჭურჭელი.

თხელკედლიანი მინის ან კერამიკული ჭურჭელის გამოყეენება რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც, როცა პროდუქტის სწრაფად მომზადება გსურთ.

••• სასურველია თუ ჭურჭლის დიამეტრი არ გადააჭარბებს 24 სმ-ს (ეს განსაკუთრებით ეხება საცხობ ყალიბებს).

ამ შემთხვევაში, ცხელი ჰაერის ნაკადი მოახდენს თავისუფალ ცირკულაციას კოლბაში და თანაბრად იმოქმედებს ჭურჭელზე ყველა მხრიდან.

••• რამოდენიმე პორცია (3 ან 4) 0,5 ლიტრიანი ჭურჭლის გამოყენება გაცილებით უკეთესია, რადგან მათ მომზადებას დასჭირდება 30-40 წუთი. ერთი და დიდი (მაგალითად 1, 5 ლიტრიანი) ჭურჭლის მომზადებისთვის კი 1 საათზე მეტია საჭირო.

გარდა ამისა, პორციებად დაყოფილი თუნდაც ერთი სახის საკვები შეიძლება იყოს სხვადასხვა რეცეპტით დამზადებული, ანუ გემოთი განსხვავებული და ითვალისწინებდეს ოჯახის რამოდენიმე წევრის გემოვნებას.

 

პს

სასურველია იცოდეთ ეს ყველაფერი, როცა დაიწყებთ აეროგრილის ათვისებას.

დროთა განმავლობაში, თქვენ თავად დაგიგროვდებათ გარკვეული გამოცდილება და შესაძლოა აღმოაჩინოთ სხვა ნიუანსები და ხერხები, რომელიც აეროგილის ფუნქციების ათვისებაში, შესაბამისად კი უფრო გემრიელად და სწრაფად მომზადებაში დაგეხმარებათ როგორც თქვენ, ასევე თქვენს მეგობრებს.

ამიტომ, სასურველია თუ კომენტარებში დაწერთ ამის შესახებ და გაუზიარებთ სხვა მომხმარებლებსაც თქვენს ახალ მიგნებებსა და აღმოჩენებს.

 

 

კერძი მომზ. დრო ტემპერატურა ვენტ.სიჩქარე ცხაურა
ხორცი
  ერთი ნაჭერი 40 წთ/400გრ ხორცი 180-235 საშუალო ქვედა
  პატარა ნაჭრები 20 წუთი 235-260 საშუალო საშუალო
  მოთუშვა 60 წუთი 260 მაღალი საშუალო;
ქვედა;
  დაკეპილი 20 წუთი 235 საშუალო საშუალო
ფრინველი/ქათამი
  მთლიანი 1-2კგ 1სთ/1კგ-ზე 260 საშუალო ქვედა
  ნაჭრები 20-30 წუთი 235 დაბალი საშუალო
თევზი
  მთლიანი (400 გრ.) 30 წუთი 205-235 საშუალო საშუალო
  თევზის კატლეტი 20 წუთი 205 საშუალო საშუალო
ცხობა
  ბეზე 60 წუთი 120 დაბალი საშუალო
  ბისკვიტი/კექსი 30-40 წუთი 205 დაბალი საშუალო
  ფენოვანი ცომი 15 წუთი 205 საშუალო ქვედა
  ფხვიერი ცომი 10-15 წუთი
სისქე (4-5 მმ) 
235 საშუალო საშუალო
  ღვეზელი/ფუნთუშა 15 წუთი 205 საშუალო საშუალო
  შუს/ეკლერის ცომი 20-30 წუთი 205 საშუალო საშუალო
  ცხელი
  ბუტერბროდები
6-10 წუთი 260 საშუალო საშუალო
  პიცა 35 წუთი 205 საშუალო საშუალო
  გამომცხვარი ვაშლი 20 წუთი 180 საშუალო საშუალო;
ქვედა;
  თხილი/ნიგოზი/მზეს. 7 წუთი 205 საშუალო საშუალო
  ქილების
  სტერილიზაცია
20 წუთი 180 მაღალი ქვედა
ბოსტნეული
  ნაჭრები 20 წუთი 260 საშუალო საშუალო
  მთლიანი ან მოთუშვა 30-45 წუთი 260 საშუალო ქვედა
  პარკოსნები 30 წუთიდან 260 მაღალი ქვედა
გამოშრობა
  სოკო 120 წუთიდან 95 მაღალი 3-ვე ცხაურაზე
  სტაფილო 15 წუთი 150 საშუალო ზედა
  მწვანილი 10 წუთი 150 დაბალი ზედა

 

შენიშვნები:

»» ხორცის მოთუშვა უნდა მოხდეს თავდახურულ სპეციალურ ყალიბში ან ქოთანში.

»» დაკეპილი ხორცის მომზადება უნდა მოხდეს ლანგარზე. კატლეტის მასამ არ უნდა გადააჭარბოს 100 გრამს.

»» მთლიანი ქათამის შეწვის დროს, პროცესის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ქათამი უნდა გადააბრუნოთ.

»» მთლიანი თევზი შეგიძლიათ ფოლგაში გაახვიოთ და ისე შეწვათ.

»» თევზის კატლეტები შეგიძლიათ ლანგარზე შეწვათ. პროცესის დასრულებამდე 5 წუთით ადრე კატლეტები უნდა გადააბრუნოთ.

»» ბეზეს მოსამზადებლად გამოიყენეთ საცხობი ქაღალდი.

»» ფენოვანი ცომი გამოაცხვეთ ცხაურა გისოსზე.

»» ფხვიერი ცომის მოსამზადებლად გამოიყენეთ საცხობი ქაღალდი.

»» შუსა და ეკლერის ცომის მოსამზადებლად აეროგრილი წინასწარ გააცხელეთ.

»» ცხელი ბუტერბროდები მოამზადეთ ცხაურა გისოსზე ან სპეციალურ ყალიბში (ფორმაში).

»» პიცის მომზადებისას, ცომი მოათავსეთ ყალიბში ან საცხობ ქაღალდზე.

»» თხილეულობა მოხალეთ ცხაურა (დასვრეტილ) ლანგარზე.

»» ქილების სტერილიზაციის დროს გამოიყენეთ გამაფართოებელი რგოლი.

»» ბოსტნეული დაჭერით 1სმ ზომის ნაჭრებად. კარტოფილს წაუსვით ზეთი ან მაიონეზი.

»» მთლიანი ბოსტნეულის დაჭრის დროს, მომზადების დრო დამოკიდებულია ბოსტნეულის ზომაზე. მოთუშვის შემთხვევაში ბოსტნეული მოათავსეთ თავდახურულ ქვაბში, ან გაახვიეთ ფოლგაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალურ ცეცხლგამძლე ფოლგა.

»» ლობიო, ბარდა, ოსპი და ა.შ წინასწარ დაალბეთ. მოხარშეთ აეროგრილში მოთავსებულ თავდახურულ ქვაბში.

»» მწვანილი, სტაფილო, სოკო და ა.შ გააშრეთ ცხაურა (დასვრეტილ ლანგარზე). აეროგრილის თავსაურსა და კოლბას შორის მოათავსეთ შამფური ტენის გამოსასვლელად. სოკო შეგიძლიათ ააცვათ ძაფზე და ისე დააწყოთ ცხაურებზე.

 

 

აეროგრილები ინტერნეტ მაღაზია
მექანიკური
აეროგრილები
20 ლიტრიანი
აეროგრილები
აეროგრილების
სრული კატალოგი
აეროგრილები ინტერნეტ მაღაზია

ელექტრონული
აეროგრილები
აქციები
აეროგრილებზე
აეროგრილების
სრული კატალოგი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ