მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 97835 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რა არის ხნა

 

რა არის ხნაროგორც საღებავს, ხნას უძველესი დროიდან მოიხმარდნენ. მისი საშუალებით, არა მხოლოდ თმას, არამედ ფრჩხილებსაც იღებავდნენ. დღესდღეობით ხნას ტატუირებისთვისაც კი იყენებენ.

თუმცა, შეღებვის ფუნქცია ხნის ერთადერთი უპირატესობა არ არის. ეს უნიკალური ფხვნილი გამოიყენება ცხიმიანი, დაზიანებული და ძალიან თხელი თმის სამკურნალოდ.

ამას გარდა, ხნით მკურნალობა ხელს უწყობს თავის კანიდან ქერტლის მოცილებას და აჯანსაღებს დაზიანებულ თმის ბოლქვებს.

ხნის დასამზადებლად იყენებენ ბუჩქოვან მცენარეს Lawsonia Inermis, რომელიც ხარობს სამხრეთ აფრიკისა და ცენტრალური აღმოსავლეთის მშრალსა და ცხელ ადგილებში.

ღამით ეს მაღალი ბუჩქი სასიამოვნო სურნელს აფრქვევს, მისი ზედა ფოთლები კი შეღებვის ძალიან ძლიერი თვისებებით გამოირჩევა. მას ადგილობრივები ტრადიციულად ტანის შესაღებად იყენებენ.

თმის შესაღები ფხვნილის დასამზადებლად  იყენებენ მცენარის ქვედა ფოთლებს. მათი თვისებები საკმარისია, რათა თმას მიეცეს ბუნებრივი და მდგრადი ფერი.

ფოთლების შეგროვება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მცენარე ყვავის. ყვავილებისგან ზეთს ამზადებენ, ხოლო მცენარის დანარჩენი ნაწილებისგან სხვადასხვა სამკურნალო საშუალებებს.

ნამდვილი და ხარისხიანი ხნა წარმოადგენს მწვანე ან მომწვანო-მოყვითალო ფხვნილს, რომელსაც აქვს პუდრის კონსისტენცია.

ორთქლში გატარების შემდეგ იგი იღებს მკვეთრ ჭაობის ფერს. კონსისტენციის თავზე წასმის შემდეგ კი იგრძნობა სასიამოვნო სითბო, რაც აუმჯობესებს თმის ბოლქვებში სისხლის მიმოქცევას.

სუფთა ხნისგან მიიღება წითური (ჟღალი) თმის შეფერილობა. სხვა ფერის ხნა, რომელიც დღეს გაყიდვაშია (შავი, თეთრი, ოქროსფერი, წაბლისფერი და ა.შ) შეიცავს სპეციალურ დანამატებს (ნატურალურს ან ქიმიურს).

 

ხნის ნაირსახეობები

 

არსებობს ხნის შემდეგი ნაირსახეობები: ინდური, ირანული, სუდანური და უფერული. განვიხილოთ მოკლედ თითეული მათგანის თვისებები:

 

ინდური ხნა

ინდური ხნაინდური ხნა ითხოვს დანამატებს და სასურველ შედეგს მიიღებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად შეარჩევთ სასურველი ფერის მისაღებად საჭირო დანამატს და მკაცრად დაიცავთ ინსტრუქციას.

ფერის გამაუმჯობესებელი დანამატები აუცილებლად უნდა იყოს ნატურალური და კარგი ხარისხის.

მწარმოებელი გვთავაზობს ინდური ხნის 5 სხვადასხვა ფერის ვარიანტს:

ოქროსფერი - განკუთვნილია ქერა და ღია ფერის თმისთვის. იმისათვის, რომ ვარცხნილობაში ოქროსფერი უფრო მკვეთრად ელვარებდეს, შესაძლებელია ხნის ფხვნილს დაემატოს დარიჩინი ან კურკუმა (ყვითელი კოჭა).

ყავისფერი - განკუთვნილია წაბლისფერი თმისთვის. ძალიან კარგია მათთვის, ვისაც ღია წაბლისფერი თმა აქვს. თუ მას ცოტაოდენ კურკუმას (ყვითელ კოჭას) დაუმატებთ, მიიღებთ მშვენიერ, რძიანი შოკოლადის ტონალობის შეფერილობას.

ბურგუნდი - ეს ღირსული ღვინის სახელიც მიუთითებს რომ კეთილშობილ ფერთან გვაქვს საქმე. თუ ბურგუნდის ხნის ფხვნილს ჭარხლის წვენს დაუმატებთ, შეღებვის შემდეგ მიიღებთ მწიფე ალუბლისფერ თმას ოქროსფერი ათინათით.

მაქაონი - ხნის ამ სახეობას შესანიშნავად ერევა ჭარხლის წვენი და განსაკუთრებით კარგია წაბლისფერი თმისთვის. თმა იღებს ძალიან ლამაზ სპილენძისფერს მწარე შოკოლადის შეფერილობით.

 შავი - სახელწოდება არ იძლევა ღრმად შავი ფერის გარანტიას. თმა მიიღებს მუქ-ყავისფერ ფერს მწარე შოკოლადის შეფერილობით.

 

ირანული ხნა

ირანული ხნაირანული ხნა წარმოდგენილია მხოლოდ ერთი ნაირსახეობით, თუმცა იძლევა უამრავი ექსპერიმენტის ჩატარების საშუალებას.

მრავალფეროვანი დანამატების საშუალებით შესაძლებელია ახალი ფერების გამოგონება და სხვადასხვა შეფერილობის შეხამება:


ფერი - მუქი, შავთან ახლო

ნივთიერება - ყავა

თვისება - ამაგრებს თმის ძირებს, ანიჭებს თმას ბზინვარებას და მწარე შოკოლადის შეფერილობას;


ფერი - მუქი შოკოლადისფერი

ნივთიერება - ჯავზი (მუსაკატის კაკალი)

თვისება - ხელს უწყობს თმის ზრდას, ხაზს შოკოლადისფერ ელფერს;


ფერი - მუქი ყავისფერიდან შავამდე

ნივთიერება - ბერძნული კაკალი

თვისება - აღრმავებს ფერს, კარგად ანოტივებს თმას;


ფერი - ყავისფერი

ნივთიერება - მუხის ქერქის ნაყენი

თვისება - აქრობს თავის კანის ზედმეტ ცხიმიანობას. იგივე ეფექტი აქვს ყურძნის წიპწისა და ნუშის ზეთს;


ფერი - მუქი წითური

ნივთიერება - დარიჩინი

თვისება - აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს თმის ზრდის სტიმულირებას;


ფერი - ჟანგისფერი

ნივთიერება - ხახვის კანი

თვისება - ამაგრებს თმის ძირებს;


ფერი - ყვითელი

ნივთიერება - კურკუმას (ყვითელ კოჭა)

თვისება - ხელს უწყობს თმის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას;


ფერი - მოყვითალო-ნარინჯისფერი

ნივთიერება - ფროთოხლისა და მანდარინის ნაყენი

თვისება - ანიჭებს თმას თბილ, რბილ შეფერილობას;


ფერი - მოოქროსფრო-კრემისფერი

ნივთიერება - ვარდკაჭაჭა

თვისება - ამაგრებს თმის ძირებს. ანიჭებს თმას თბილ, ნაზ შეფერილობას;


ფერი - წითელი

ნივთიერება - შტოშისა და ჭარხლის წვენი, წითელი ღვინო

თვისება - ანიჭებს თმას ალისფერი შეფერილობას და ბზინვარებას.


ფერი - სპილენძისფერი

ნივთიერება - დაფქვილი მიხაკი, 2-3 წვეთი ლავანდის ზეთი

თვისება - ანიჭებს თმას ლამაზ სპილენძისფერს;


ფერი - მწიფე ქლიავისფერი

ნივთიერება - ანწლი, ახალი კენკრის წვენი

თვისება - ანიჭებს თმას მწიფე შავი ქლიავის შეფერილობას;


ფერი - ღია წითური

ნივთიერება - იმბირი

თვისება - ამაგრებს თმის ძირებს, აჩერებს თმის ცვენას;


ფერი - ღია

ნივთიერება - აკაციის თაფლი, ლიმონი ან ლიმონმჟავა

თვისება - კვებავს თავის კანს, ანიჭებს ბზივარებას;


ფერი - გამაღიავებელი ეფექტი

ნივთიერება - ოხრახუშის, ჩაის ხის, ფლორენტინის ზამბახის ეთერული ზეთები; ბაბუაწვერას, გვირილას, პირშუშხას, წყლის ლილიას ნაყენი;

თვისება - ანიჭებს თმას ხორბლისფერ შეფერილობას;


ფერი - სიმუქის ეფექტი

ნივთიერება - ჭინჭრის ნაყენი

თვისება - ამაგრებს თმის ძირებს;


ფერი - ანიჭებს ფერს მდგრადობას

ნივთიერება - ასკილისა და სალბის ნაყენი

თვისება - ანიჭებს თმას ბზინვარებას, აფერხებს ქერტლის წარმოქმნას;


თმის შეღებვის დროს, თმის საკვები ნივთიერებებით მომარაგებისთვის შეიძლება მომზადებულ ნაზავს სხვადასხვა ეთერული ზეთებიც დაუმატოთ.

ბზინვარებას ანიჭებს და კვებავს თმას ვიტამინებით კედრის ზეთი. გოგრის ზეთი აღადგენს დაზიანებულ თმას, კანაფის ზეთი ატენიანებს, ხოლო ზეითუნის, ატმისა და ჟოჟობას ზეთი ამარაგებს თმას სასარგებლო ნივთიერებებით.

 

სუდანური ხნა

სუდანური ხნასუდანური ხნა იწარმოება საუდის არაბეთში. იგი იძლევა ლამაზ სპილენძისფერს, რომელიც დიდხანს ძლებს და მისი სასიამოვნო ელფერი ნარჩუნდება არა ერთი თვის განმავლობაში.

სუდანური ხნა ძალიან კარგ ეფექტს ახდენს თმაზე, როგორც წესი ძალიან ხარისხიანია და არის სუფთა, ყოველგვარი მინარევების გარეშე.

ასეთი ხნა განსაკუთრებით პოპულარულია მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ღია-წითურ შეფერილობას და მდიდრულ სპილენძისფერს.

სუდანური ხნა ხნის ერთ-ერთის იშვიათი ვარიანტია. მისი საშუალებით მიღებული მდიდრული სპილენძისფერი 2-3 ტონით მკვეთრია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ხნით შეღებილი თმა.

შესაძლებელია ექსპერიმენტის სახით სუდანური ხნის სხვა ხნებთან შერევა. შედეგი გამოდის ძალიან უცხო, იშვიათი და ბუნებრივი.

 

უფერული ხნა

უფერული ხნაუფერული ხნაც ლავსონიას გამშრალი და დაქუცმაცებულ-დაფქვილი ნაწილებისგან შედგება. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ უფერო ხნის შემთხვევაში იგი მზადდება არა ფოთლებისგან, არამედ მცენარის ღეროსგან.

უფერული ხნა არ შეიცავს ფერად პიგმენტს და არ გამოიყენება თმის შესაღებად, სამაგიეროდ შესანიშნავი სამკურნალო თვისებები გააჩნია.

სულ რაღაც 2-3 პროცედურა ამ ბუნებრივი ნივთიერების გამოყენებით და თავიდან აირიდებთ სტილისტთან გასაწევ ხარჯებს.

თქვენი თმა მისი დახმარების გარეშეც გახდება აბრეშუმისებრი, ბზინვარე, მოცულობითი და დამყოლი. ეფექტი იქნება არანაკლები, ვიდრე სალონში გაკეთებული თმის გამაჯანსაღებელი ნიღაბი.

უფერული ხნა მხოლოდ სახელადაა უფერული, ნამდვეილი ფერის მიხედვით მასზე ამას ვერ იტყვით, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ იგი თმის ფერს ვერ შეცვლის.

ძნელია შეაფასო ამ უფერული ხნის - ამ მოკრძალებული ფხვნილის სასარგებლო თვისებები, იმდენად დადებითად მოქმედებს იგი თმაზე. აი მისი მოქმედების კონკრეტული მიმართულებები:

ამაგრებს თმის ბოლქვებს და ხელს უშლის თმის ცვენას;

აქტიურად უწყობს ხელს თმის ზრდას;

აქრობს მშრალ და ცხიმიან ქერტლს;

არეგულირებს თავის კანის ცხიმიანობას;

სრულყოფს თმის სტრუქტურას, ამაგრებს თითეულ თმის ღერს შიგნიდან, ასწორებს და „აწებებს“ თმის ზედაპირზე არსებულ უსწორმასწორობებს;

ანიჭებს თმას ბზინვარეს, მკვრივსა და მოცულობითს;

უფერული ხნის გამოყენება მარტივია და დიდი ძალისხმევა არ ჭირდება. ხნის ფხვნილით სავსე პაკეტი გახსენით ცხელ წყალში და მიღებული მასა თანაბრად გადაანაწილეთ თავის კანზე და თმის მთელს სიგრძეზე.

სასურველია თუ თმა იქნება სუფთა და ოდნავ ნოტიო. ამის შემდეგ დაიხურეთ თავზე პოლიეთილენის ქუდი (ან ცელოფანი), მოიხვიეთ ზემოდან თბილი პირსახოცი და გააჩერეთ თავზე 30-60 წუთის განმავლობაში.

ამ პროცედეურის ჩასატარებლად შეგიძლიათ ხელთათმანები არ გამოიყენოთ, რადგან უფერული ხნა არ სვრის ხელებს.

თუ თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ, უფერული ხნის ზემოთ აღწერილი პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ, ხოლო თუ მშრალი თმა გაქვთ, ორ კვირაში ერთხელ.

 

როგორ შევიღებოთ თმა ხნით

 

როგორ შევიღებოთ თმა ხნითხნით თმის სწორად შეღებვის წესი ბევრისთვის არ არის ცნობილი, ამიტომ აქ მოყვანილია რეკომენდაციები, რომელიც აღნიშნული პროცესის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ.

როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ხნით თმის შეღებვა სახლის პირობებში არ არის რთული პროცედურა. საჭიროა მხოლოდ გარკვეული ნიუანსების დაცვა:

ისევე როგორც საღებავით თმის შეღებვის დროს, ამ შემთხვევშიც საჭიროა:

ფაიფურის ჯამი (ხნის ფხვნილის გასაზავებლად);

• ფუნჯი (ხნის თმაზე და თმის ძირებში წასასმელად);

• რეზინის ხელთათმანები (რათა არ მოხდეს ხელების დასვრა);

• პოლიეთილენის ქუდი (ან პოლიეთილენის პარკი, თმის შეღებვის შემდეგ თავზე დასაფარებლად);

• პირსახოცი (რათა დაიფაროს მხრები და კისერი შეღებვის დროს).

არავითარ შემთხვევაში შეღებვის პროცესი არ განახორცილოთ ხელთათმანების გარეშე, რადგან თუ ხელი დაგესვარათ, ხნის მოცილება საკმაოდ რთული პროცედურაა. ასევე შეეცადეთ ხნა არ მოხვდეს სახეზე და კისერზე.

პირსახოცი, რომელსაც ამისთვის გამოიყენებთ, აღარ გაირეცხება, ამიტომ შეარჩიეთ ძველი, გამოუდეგარი პირსახოცი.

ხნა, ქიმიური საღებავებისგან განსხვავებით არ აღწევს თმის სტრუქტურის სიღრმეში და ქმნის თითეული თმის ღერის ირგვლივ განსაზღვრული ფერის დამცავ ფენას, ანუ იგი მაგრდება თმაზე კუტიკულას დონეზე. შედეგად ვარცხნილობა ხდება სქელი, მოცულობითი და ადვილად ივარცხნება.

დასაწყისში უნდა მომზადდეს თმა, აუცილებლად უნდა შეიჭრას თმის ბოლოები, თუ იგი დაყოფილია, წინააღმდეგ შემთხვევაში ფერი იქნება არათანაბარი და დაზიანებული თმის ბოლოები უფრო მუქად შეიღებება.

ამის შემდეგ თმა უნდა დაიბანოთ და მსუბუქად შეიშროთ (სასურველია თუ შეღებვის პროცესის წინ იგი იქნება ნოტიო), შემდგომ თმა საგულდაგულოდ უნდა დაივარცხნოთ.

მოამზადეთ ხნა და ყველა კომპონენტი, რომლის დამატებასაც აპირებთ ნაზავში. გრძელი თმისთვის მოამზადეთ 2-3 პაკეტი ხნა, ხოლო მოკლე თმისთვის საკმარისი იქნება 2-3 ჩაის კოვზი ხნა.

გახსენით ფაიფურის ჯამში ხნა ცხელ წყალში ისე, რომ გამოვიდეს სქელი ფაფისებური მასა და დაუმატეთ მას არჩეული ინგრედიენტები.

ნაზავი გააჩერეთ 10 წუთი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თმაზე უნდა წაისვათ თბილი მასა, ამიტომ იმისათვის, რომ იგი არ გაცივდეს, მოათავსეთ ჯამი ცხელი წყლით სავსე ჭურჭელში. წაისვით ხნა სწრაფად, მანამდე, სანამ იგი არ გაცივდება.

შეღებვის პროცესი დაიწყეთ კეფიდან, რადგან ამ ადგილებში თმა ყველაზე სქელი და მკვრივია, შესაბამისად მის შეღებვას მეტი დრო დასჭირდება.

შემდგომ ნაზავი წაისვით მთელი თმის გასწვრივ. შუბლისა და საფეთქლების მონაკვეთები, სადაც თმა ყველაზე თხელი და ნაზია, შეიღებეთ ყველაზე ბოლოს.

პროცედურა უნდა წარმოებდეს ხელთათმანებით და სპეციალური ფუნჯით. მისი დასრულების შემდეგ დაიხურეთ თავზე პოლიეთილენის ქუდი (ან პოლიეთილენის პარკი) და ზემოდან შემოიხვიეთ პირსახოცი.

როგორ შევიღებოთ თმა ხნით 2რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ თმას ამ მდგომარეობაში, მით უფრო ინტენსიური და ხარისხიანი გამოვა შეღებული თმა. კლასიკური ვარიანტი თმის ჩამორეცხვამდე შეადგენს 2 საათს. მაქსიმალური დრო კი 8 საათს.

უფრო ღია თმის ფერის მისაღებად, 35-40 წუთი გააჩერეთ სითბოში (პოლიეთილენის პარკით და პირსახოცით), ხოლო 1 საათის სითბოს გარეშე.

თუ უფრო მუქი თმის ფერი გნებავთ, დასჭირდება უმფრო მეტი დრო - 45-50 წუთი სითბოში და 80 წუთი სითბოს გარეშე.

პროცესის დასრულების შემდეგ ჩამორეცხვა საჭიროა მხოლოდ თბილი წყლით, შამპუნის გარეშეც, რადგან ხნა თავად ფლობს თვისებას, დაიცვას თმა დაბინძურებისგან. ხნით შეღებილი თმა დიდხანს ინარჩუნებს სისუფთავესა და სიხალასეს.

შემდეგი 3 დღის განმავლობაში ხნა "დაიწმინდება" და თმა მიიღებს ბუნებრივ ფერს.

შენიშვნა

ხნის სწორად მომზადებაგამოცდილი და პროფესიონალი სპეციალისტები არ რეკომენდირებენ  ხნის გახსნას ცხელ წყალში, რადგან თვლიან, რომ ასე მომზადებული ნაზავი თმას აძლევს მქრქალ - სპილენძისფერ-ნარინჯისფერს, სუსტად გამოხატული შეფერილობით.

იმისათვის, რომ ფერი გამოვიდეს მკვეთრი და მდიდარი, აუცილებელია მჟავე გარემო, რადგან ხნა უფრო აქტიურად გამოყოფს პიგმენტს, როცა მჟავიანობის დონე არის 5.5 - მსუბუქად მჟავე.

ამიტომ, ხნის გახსნის დროს (არაჟნის კონსისტენციამდე), წყლის მაგივრად შეიძლება გამოყენებული იქნას: ლიმონის წვენი, კეფირი, ვაშლის ძმარი, მშრალი ღვინო, ბალახის ჩაი ლიმნით.

ხნის მჟავე გარემოსთან ზემოქმედებით, თმის შეღებვა ხდება უფრო ღრმად და თვალსაჩინოდ.

შეღებილი თმა თანდათანობით მუქდება ჟანგბადის ზემოქმედებით და პროცესმა შეიძლება გასტანოს რამოდენიმე დღე.

ხნის ნამდვილი ფერი როგორც წესი თვალსაჩინოა 3-4 დღის შემდეგ (განსაკუთრებით მზეზე ან სოლარიუმში).

თუ ხნას მაინც ცხელ ან თბილ წყალში გახსნით, გაითვალისწინეთ, რომ სასურველი თუ მიღებულ ნაზავს დაუმატებთ 1 ლიმონის წვენს ან 1 ჩაის კოვზ თმის ზეთს.

როგორც ცნობილია ხნა ბუნებრივად აშრობს თმას, ეს პროცედურა კი თავიდან აგაცილებთ თმის სიმშრალეს, და თმებს უფრო ელასტიურსა და ბზინვარეს გახდის.

შეგიძლიათ გახსნათ ხნა (100 გრ - ყოველ 10 სმ თმაზე) ერთ ფინჯან ლიმონის წვენში, გააჩეროთ ნაზავი 10-12 საათი (ამ დროის განმავლობაში მჟავე გარემო მოახდენს კოლორანტის აქტივაციას), ხოლო შემდეგ დაუმატოთ ცხელი წყალი (არა ადუღებული), სანამ არ მიიღებთ ფაფისებურ (იოგურტისებურ) მასას.

 

ხნა ნიღბების შემადგენლობაში

 

ხნა ნიღბების შემადგენლობაშიხნა შეიძლება წარმატებით გამოიყენოთ როგორც თმის ნიღბების შესანიშნავი შემადგენელი.

რეცეპტები ძალიან ბევრია და მისი შერჩევა შეგიძლიათ თქვენი თმის სტრუქტურისა და მდგომარეობის გათვალისწინებით.

შესაძლებელია შექმნათ საკუთარი, ინდივიდუალური კომპოზიციაც, პირადი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

ქვემოთ მოყვენილია რამოდენიმე მარტივი და ეფექტურად აღიარებული რეცეპტები. მათი გამოყენება შესაძლებელია თმის ნიღბის მოხმარების სტანდარტული მეთოდით.

ნიღაბი თმის გაჯანსაღებისთვის

შემადგენლობა: ერთი კვერცხის გული, 150 მლ რძე, 150 გრამი უფერული ხნა.

მომზადება: თბილ რძეში დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად მოურიეთ, შემდეგ ჩაყარეთ  ხნა და კვლავ კარგად მოურიეთ.

მიღებული სქელი მასა წაისვით თავის კანზე, გააჩერეთ ნიღაბი 20 წუთი, ხოლო შემდეგ ჩამოიბანათ თბილი წყლით, ჩვეულებრივი წესით.

კვებავს თმას, ხდის მას ჯანმრთელსა და ლამაზს.

ნიღაბი თმის ცვენისთვის

შემადგენლობა: ორი ჩაის კოვზი ხნა, ორი ჩაის კოვზი მშრალი მდოგვი, ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი.

მომზადება: შეურიეთ ხნისა და მდოგვის ფხვნილი ერთმანეთში, დაასხით ცხელი წყალი და კარგად აურიეთ. მიღებული ნაზავი გააჩერეთ 15 წუთი, მაგრამ თბილ მდგომარეობაში (ჩადეთ იგი ცხელი წყლით სავსე ჭურჭელში).

მიღებული მასა სწრაფად წაისვით თმაზე და დაათბუნეთ (შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და პირსახოცი). ჩამოიბანეთ თბილი წყლით 15 წუთის შემდეგ. შეეცადეთ ნაზავი არ მოხვდეს თვალებში.

შესანიშნავი საშუალებაა თმის გასამაგრებლად და თმის ცვენის შესაჩერებლად.

 

ხნას უამრავ სასარგებლო თვისებებთან ერთად აქვს მინუსებიც:

 

ხნას უამრავ სასარგებლო თვისებებთან ერთად აქვს მინუსებიც: მხოლოდ ხნის საშუალებით შეუძლებელია ჭაღარა თმის სრულყოფილი შეღებვა. საუკეთესო შედეგია 30-40%.

ხნის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ნატურალურ თმაზე. ანუ იგულისხმება, რომ თმა არ უნდა იყოს შეღებილი, ქიმიურად დახვეული, ლამინირებული და ა.შ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეული შესაღები საშუალებები შევა მოულოდნელ რეაქციაში ქიმიურ კომპონენტებთან და შეიძლება მიიღოთ ძალიან ცუდი, გამოუსწორებელი შედეგი.

ხნის გახსნის, შერევის და უშუალოდ შეღებვის პროცესი გრძელია და დამღლელი. ხნის ნაზავი თმაზე უნდა გაიჩეროთ დაახლოებით მინიმუმ 6 საათის განმავლობაში (თქვენი თმის ტიპისა და ფერის გათვალისწინებით).

პირველი ცდის შემდეგ, შეიძლება გამოვიდეს საშინელი ფერი, რომლის შემდგომი ჩამორეცხვა ძნელია. პრობლემის მოგევარება შეასაძლებელია მხოლოდ თბილ ზეთში თმის მრავალჯერადი გავლებით.

მცენარეული საღებავები არ არის ისეთი მდგრადი, როგორც ქარხნული. ამიტომ თუ თმა ხნით გაქვთ შეღებილი, უნდა გადახვიდეთ რბილ შამპუნზე, რომელიც არ შეიცავს სულფატებს, რათა არ მოხდეს ხნის დროზე ადრე ჩამორეცხვა.

შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ვინმეს აქვს ალერგია ხნაზე ან ბასმაზე. ეს კი გამოვლინდეს მხოლოდ შეღებვის პროცესში.

ზოგიერთი თმა ხნას საერთოდ არ იღებს. ერთადერთი გამოსავალია მოძებნოთ ხნა, რომელსაც აწერია „ხნა ბოდი-არტისთვის“, იგი გამდიდრებულია სხვადასხვა კომპონენტებით და იძლევა უფრო მკვეთრ ფერს.

ხნა ძალიან კარგად ღებავს ნარინჯისფრად კანს, ავეჯს, ტანსაცმელს და ა.შ. მისი ჩამორეცხვა კი საკმაოდ რთულია. მაგალითად, ტანსაცმლიდან ხნის ლაქის მოცილება ზოგჯერ პრაქტიკულად შეუძლებელია.

 

საინტერესო კითხვა-პასუხი ხნასთან დაკავშირებით

 

როგორ ჩამოვიბანოთ ხნა თმიდან

საინტერესო კითხვები ხნით თმის შეღებვასთან დაკავშირებითხნით თმის შეღებვა განსხვავდება ქიმიური საღებავებით თმის შეღებვისგან. ხნა არ აღწევს ღრმად თმის სტრუქტურაში და ქმნის თითეული თმის ღერის ირგვლივ განსაზღვრული ფერის დამცავ ფენას და მტკიცედ ეკვრის მას.

ქიმიური საღებავი მის მიმართ უძლურია, ამიტომ ხნის ჩამოსაბანად თბილი და თუნდაც ცხელი წყალი არ არის საკმარისი. საჭიროა მიმართოთ სხვა გამოცდილ და ეფექტურ საშუალებებს.

ხნა სწრაფად ჩამოირეცხება, თუ დაიწყებთ რძემჟავა პროდუქტებისგან დამზადებული ნიღბების გამოყენებას (კეფირი, მაწონი, არაჟანი, იოგურტი). კარგია თუ ასეთ ნიღაბს დაუმატებთ დროჟს და ჭვავის პურს.

შესაძლებელია ზეთოვანი ნიღბების გამოყენება. წაისვით ნებისმიერი მცენარეული ზეთი თმაზე (ზეითუნის, ბირკავას, სელის), აუცილებლად თბილი. შეიხვიეთ თავი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით.

ეს არის ხნის მოცილების დამზოგველი მეთოდები, თუმცა არსებობს რადიკალური მეთოდებიც. მაგალითად გააჩეროთ თმა ძმრიან წყალში. წყლით სავსე თასში დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი ძმრის მჟავა და ჩაყავით თმა ჯამში 10 წუთის განმავლობაში.

არის მეორე ვარიანტიც, ზეთოვანი ნიღბის გაკეთებამდე, გაიწმინდეთ თმა 70%-იანი სპირტით (სპირტით დასველებული საფენი გააჩერეთ თმაზე 5 წუთის განმავლობაში)

ძმარი და სპირტი ხსნის თმის გარეთა შრეს და ხელს უწყობს ხნის ჩამორეცხვას.

რამდენი ხანი ჩერდება ხნა თმაზე

ხნა თმაზე ჩერდება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ზოგჯერ უფრო დიდ ხნითაც კი, ვიდრე ჩვეულებრივი ქიმიური საღებავი. მხოლოდ საჭიროა დროდადრო შეიღებოთ წამოზრდილი თმის ძირები.

თუმცა არ შეიძლება ხნის ინტენსიურად გამოყენება. რეკომენდებულია ერთხელ 2 თვის განმავლობაში. ხშირი გამოყენების შედეგად, თმა შეიძლება გამქრქალდეს. ფერის გამოსაცოცხლებლად შეგიძლით თმაზე გადაივლოთ შემდეგი მეთოდით დამზადებული ხსნარი:

ერთ ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით ერთი პაკეტი ხნა. როცა ნაზავი გაცივდება, გაწურეთ იგი და გადაივლეთ თმაზე დაბანის შემდეგ.

ღებავს თუ არა ხნა ჭაღარას

ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ზოგ შემთხვევაში ჭაღარა სრულიად იღებება, მაგრამ დანარჩენი თმის ფონზე უფრო მკვეთრად გამოიყურება. ზოგიერთი ხნა ღებავს ჭაღარას, მაგრამ ძალიან მალე ირეცხება.

ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი შედეგის მისაღებად არ არის საკმარისი ხნით თმის შეღებვა მხოლოდ ერთხელ, სასურველია თუ ამას რამოდენიმეჯერ გააკეთებთ, რათა საღებავის კარგად დამაგრდეს თმაზე.

ხნა გაცილებით წარმატებით უმკლავდება ჭაღარის შეღებვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეურევთ ბასმას. 

წინააღმდეგ შემთხვევაში (როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, მხოლოდ ხნა ღებავს ჭაღარა თმის 20-40%-ს) არის რისკი, რომ თმის ფერი გამოვა მყვირალა ნარინჯისფერი.

შეიძლება თუ არა ხნის საშუალებით თმის გაღიავება

თმის გაღიავება ხნის საშუალებით არ არის შესაძლებელი, ამიტომ ნუ წამოეგებით სარეკლამო ხრიკებს თითქოსდა „თეთრი“ ხნის შესახებ, რომელიც გაგხდით ქერას.

ხშირად ეშლებათ უფერულ ხნაში, რომელიც მხოლოდ კურნავს თმას და არ გააჩნია შეღებვის ფუნქცია.

ნებისმიერი რადიკალური გაღიავება, ეს არის თმის ღერიდან საკუთარი პიგმენტის გამოდევნა. მარტივად რომ ვთქვათ ფერი ქრება, ხოლო ღრუ,  რომელიშიც ის იმყოფებოდა - რჩება. ხნას არ შეუძლია ამ პროცესის ინიცირება. ამისთვის საჭიროა სპეციალურად თმის გაღიავებისთვის განკუთვნილი ქიმიური საღებავი.

ამიტომ თუ გადაწყვეტთ თმა გაიღიავოთ და ქერა გახდეთ, ნუ გადაღლით თავს ხნის საშუალებით ამის გაკეთების მცდელობებით. უმჯობესია ეწვიოთ კარგ სპეციალისტს სალონში.

ე.წ თეთრი ხნა არა მხოლოდ არ გააღიავებს თქვენს თმას, არამედ გააუარესებს მის ხარისხს და ცუდად იმოქმედებს თმის საერთო მდგომარეობაზე.

შესაძლებელია თუ არა ხნით ქიმიურად შეღებილი თმის ფერის გათანაბრება

თუ თმა ქიმიურად იყო შეღებილი ან გაღიავებული, აქვს მკვეთრი წითური შეფერილობა, ხოლო ამ დროს გაიზარდა თმის ძირები და იგი მუქია, ხნის საშუალებით თმის ძირების შეღებვა და თმის ფერის გათანაბრება შეუძლებელია.

ხნა პრინციპში უფრო ტონის მიმცემი საშუალებაა ვიდრე მძაფრი საღებავი, ის მისცემს ტონს, მაგრამ განსხვავება იქნება თვლასაჩინო. ამიტომ თუ ხნის გამოყენებამდე თქვენი თმა იყო შეღებილი ქერა, წითურ ან ღია ფერებში და გსურთ გაზრდილი თმის ძირების შეღებვა ხნით, იცოდეთ, რომ ხნით ფერის გათანაბრება არ გამოვა, იგი იქნებაუფრო მკვეთრი.

შესაძლებელია თუ არა ხნით შეღებილი თმის ქიმიური საღებავით შეღებვა

შესაძლებელია. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ თმა შეღებილია სუფთა ხნით. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ საღებავი იმგვარად არ იმოქმედებს, როგორც ეს ხდება საერთოდ შეუღებავი თმის შემთხვევაში.

ქიმიური საღებავის გამოყენება ხნით შეღებილ თმაზე არ არღვევს თმის სტრუქტურას, მაგრამ მიღებული შედეგი შეიძლება იყოს მოულოდნელი - ანუ მიიღოთ უფრო მუქი ფერი ვიდრე მოელოდით.

ამას გარდა, ქიმიური საღებავი უფრო მალე გადავა და გაქრება, ვიდრე ხნით შეუღებავის თმის შემთხვევაში, რადგან ხნის გამო არ ხდება მათი სრულყოფილი შეწოვა თმის მიერ.

ჩვეულებრივ, ხნით თმის შეღებვის შემდეგ, თქვენშეგიძლიათ ქიმიური საღებავით თმა შეიღებოთ უფრო მუქად. ზოგადად იმისთვის, რომ საღებავი თმაზე სრულყოფილად დაიტანოთ, უმჯობესია თმოს ჯერ გაღიავება და შემდეგ საღებავის წასმა, თუმცა ხნის შემთხვევაში ეს ძალიან რთულია, რადგან ხნა არ აძლევს საშუალებას საღებავს კარგად შეიწოვოს თმამ.

გაითვალისწინეთ, რომ თუ ხნაში გაურიეთ ბასმაც, ქიმიური საღებავით შეღებვის შემდეგ თმა გახდება მწვანე.

საჭიროა თუ არა თავზე პარკის და პირსახოცის შემოხვევა

ითვლება რომ საჭიროა. მართალია ფერში განსხვავება თითქმის არ ჩანს, მაგრამ მშრალი ნაზავის ჩამორეცხვა გაცილებით რთულია, მაშინ როცა პოლიეთილენის ქვეშ ხნა რჩება ნოტიო და შესაბამისად ჩამორეცხვაც უფრო ადვილია.

თუმცა, ბევრი ქალბატონი ამტკიცებს, რო თავზე არ დახურვის შემთხვევაში, თმა გამოდოს უფრო მუქი. ყავსფერთან მაქსიმალურად მიახლოვებული.

რა რაოდენობის ხნაა საჭირო თმის შესაღებად

მოკლე თმისთვის - 30-50 გრ;

„საყელომდე“ თმისთვის - 100 გრ;

მხრებამდე თმისთვის - 150-200 გრ;

წელამდე თმისთვის - 250-300 გრ;

1 სუფრის კოვზი = 7 გრ ხნა;

½ ჭიქა (240 გრ) = 50 გრ;

მავნებელია თუ არა ხნა კანისთვის

ხნა აბსოლიტურად უვენებლია კანისთვის. იგი არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და პირიქით, დადებითად მოქმედებს თავის კანზე.

ზოგიერთ შემთხვევაში იგი ქერტლსაც კი აქრობს.

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ხნა აჩერებს თმის ცვენას, რა თქმა უნდა ეს პანაცეა არ არის, თუმცა იგი ნამდვილად აუმჯობესებს თმის სტრუქტურას და ამაგრებს თმის ბოლქვებს.

რამდენი ხანი უნდა გავაჩეროთ თმაზე ხნა

თმის შეღებვის პროცედურის ხანგრძლივობაზე მოქმედებს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ხნის ხარისხი, თმის სისქე, თმის სიხშირე, თმის საწყისი ფერი და არის თუ არა ხნაში დანამატები.

თუ თმის საწყისი ფერი არის ნათელ ტონებში, შეღებვის დრო არ უნდა იყოს ხანგრძლივი. რაც უფრო მუქია თმის ნატურალური ფერი, მით უფრო მეტი დროა საჭირო თმის სრულად შესაღებად.

როგორ მოვაშოროთ თმას მოწითალო ელფერი

ადრე თუ გვიან ხნა ანიჭებს თმას მოწითალო ელფერს. თუ ეს ფერი მოგწონთ, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თუ არ გინდათ რომ თმამ წითელი ფერი მიიღოს, არის რამდენიმე ვარიანტი:

შეამცირეთ შეღებვის დრო: ღია თმისთვის - არაუმეტეს 5-7 წუთი. წაბლისფერი თმისთვის არაუმეტეს 15 წუთისა და მუქი თმისთვის არაუმეტეს 20 წუთისა

წითელ ფერს ანეიტრალებს თუ ხნას დაუმატებთ შემდეგ დანამატებს:

გვირილა (მაგარი ნახარში), ჭინჭარი (ნახარში), ბასმა (ამუქებს ფერს, კარგია მათთვის, ვისაც წაბლისფერი შეფერილობა სურს), კურკუმა (ყვითელი სპეცია), ლიმონის წვენი (მხოლოდ ფრთხილად, არ გადააჭარბოთ დოზას, დიდი რაოდენობით იგი გამოაშრობს თმას), იმბირი (მხოლოდ ფხვნილის სახით. იმბირის წვენმა შეიძლება დაწვას თავის კანი).

თმას ამუქებს: ბასმა, მაგარი ჩაი, კაკაო, მუხის ქერქი (ნაყენი), ყავა (ამუქებს და ამასთან მცირედით აქრობს თმის სიწითლეს)

გამოდგება თუ არა ხნა დროებითი ტატუს გასაკეთებლად

ხნა და ტატუხნა შესანიშნავი ნატურალური მღებავი ნივთიერებაა, რომელიც სხეულის მოსახატად ჯერ კიდევ ძველ აღმოსავლეთში გამოიყენებოდა.

ამიტომ, რა თქმა უნდა ხნით დროებითი ტატუს გაკეთება დასაშვებია როგორც სალონში, ასევე სახლის პირობებშიც. მხოლოდ აუცილებლად ინსტრუქციების დაცვით.

შესაძლებელია თუ არა ხნის შენახვა

თუ არ გსურთ ხნის მთელი პაკეტის, ან კოლოფის გამოყენება, გახსნილი პაკეტი უნდა შეინახოთ გრილ, ბნელ ადგილზე, სადაც მას არა აქვს ჰაერთან შეხების საშუალება.

ოთახის ტემპერატურაზე ხნა კარგავს თავის საუკეთესო თვისებებს. სასურველია მისი მაცივარში, კერძოდ საყინულეში შენახვა.

ხნის მომზადებული ნაზავიც უნდა შეინახოთ მაცივარში, აუცილებლად საყინულეში - 2 კვირის განმავლობაში. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ გამოყენების წინ იგი უნდა გააცხელოთ წყლის აბაზანის საშუალებით.

 

რა არის ბასმა

 

ბასმაბასმა არის მონაცრისფრო-მომწვანო ფხვნილი, რომელიც დამზადებულია ინდიგოს ფოთლებისგან. ეს მცენარე იზრდება მხოლოდ ტროპიკულ გარემოში.

უძველეს დროში ბასმასგან მელანს და სხვადასხვა სახის საღებავებს ამზადებდნენ.

ბასმა აღმოსავლეთში ყველაზე პოპულარულ მცენარეულ საღებავად მიიჩნევა ხნასთან ერთად. ეს ნატრუალური მცენარეული საღებავი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს და ვიტამინებს.

ბასმა მიიჩნევა თმის მუქ ფერებში შეღებვის (ღია წაბლისფერიდან შავ ფერამდე) ბუნებრივ საშუალებად. აგრეთვე გამოიყენება ხნასთან ერთად (სხვადასხვა კომბინაციებით).

გარდა შეღებვისა, ბასმა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, კვებავს თავის კანს, ამაგრებს თმის ძირებს, ახდენს თმის ზრდის სტიმულაციას და აქრობს ქერტლს.

ბასმით თმის შეღება რეკომენდებულია არა უმეტეს თვეში ერთხელ. ბასმის გამოყენებისას, განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო მათთვის, ვისაც მშრალი თმა აქვს, ამიტომ კარგია თუ  ბასმაში გაურევთ ნებისმიერ კოსმეტიკურ მცენარეულ ზეთს (ზეითუნი, სელი, ნუში და ა.შ)

საურველია შეიძინოთ სუფთა ბასმა, ყოველგვარი დანამატების გარეშე. ზოგიერთ მწარმოებელს მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში უკეთებს რა პროდუქტს მაგალითად ასეთ წარწერას - „შავი ბასმა“. იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ მარკეტინგული ხერხია და ინდიგოს ფოთლებისგან მიღებულ ნატურალურ ბასმასთან მას არავითარი კავშირი არა აქვს,

ამიტომ შეეცადეთ შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ ბასმა სუფთა და ნატურალური იყოს.

ბასმით თმის შეღებვის პროცესი იგივეა, როგორც ხნის შემთხვევაში, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საღებავის წასმის შემდეგ არ არის საჭირო თმის დათბუნება, ანუ პოლიეთილენის ქუდის ან პარკის და პირსახოცის შემოხვევა.

ბასმისა და ხნის პროპორციები შეირჩევა სასურველი ტონისა და შეფერილობის ინტენსიურობის გათვალისწინებით:

ბასმა და ხნა პროპორციით 1:1 - მდიდრული წაბლისფერი შეფერილობა;

ბასმა და ხნა პროპორციით 2:1 - მოლურჯო შავი შეფერილობა;

ბასმა და ხნა პროპორციით 1:2 - ბრინჯაოსფერი შეფერილობა;

თუ გსურთ მიიღოთ მუქი შოკოლადისფერი თმა, გამოიყენეთ პროპორცია ბასმა-ხნა 1:1 იმ განსხვავებით, რომ დაუმატეთ ნარევს ნატურალური დაქვილი ყავა, დაასხით ცხელი თეთრი ღვინო და კარგად მოურიეთ.

მიღებული ნაზავის თმაზე წასმის შედეგად მიიღებთ ულამაზეს შოკოლადისფერს.

თმის შავ ფერად შეღებვისთვის: წაისვით თმაზე ხნა და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ ჩამოიბანეთ და გაიშრეთ თმა. ამის შემდგომ, წაისვით ბასმა და გააჩერეთ: 30 წუთი ღია თმისთვის, 1.5 საათი წაბლისფერი თმისთვის და 3 საათი შავი თმისთვის.

შესაძლებელია ბასმის ეფექტის გაძლიერება (მაგალითად თუ იგი არ არის ახალი) - ამ შემთხვევაში დაუმატეთ მას რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი. თუმცა ამ შემთხვევაში მისი თმაზე გაჩერების დროც უნდა შეამციროთ.

ბასმის ხსნარის თმიდან ჩამორეცხვა ხდება თბილი წყლით, შამპუნისა და სხვა თავის დაბანის საშუალებების გარეშე, მანამდე, სანამ წყალი არ გახდება სუფთა.

პირველი 6 საათის განმავლობაში თმა დაიწყებს გამუქებას და შესაძლოა თავიდან მიიღოს მომწვანო შეფერილობა, რომელიც გაქრება ერთი ან ორი დღის შემდეგ, როცა ბასმა დაიჟანგება. ორი დღის შემდეგ თმა გახდება სრულიად შავი.

თმის სტრუქტურაზე საღებავის ზემოქმედება ჟანგბადის საშუალებით გრძელდება კიდევ ერთი დღის განმავლობაში.

თმის ბასმით შეღებვათუ მიღებული შედეგი არ შედიოდა თქვენს გეგმებში, შესაძლებელია თმა ჩამოირეცხოთ შამპუნით, ან შეიძილოთ თმაში ლიმონის წვენი და ჩამოირეცხოთ 5-10 წუთის შემდეგ თბილი წყლით.

საერთოდ კი შეფერილობა და თმის სხვადასხვა ტონის ვარირება უნდა მოხდეს იმის მიხედვით, თუ რომელ ნატურალურ მღებავ ნივთიერებას გაურევთ ბასმაში. ისევე როგორც ხნის შემთხვევაში ეს ნივთიერებები შეიძლება იყოს - კაკაო, ყავა, ჩაი, ჭარხლის წვენი და ა.შ.

ბასმის შენახვა რეკომენდებულია ბნელ და გრილ ადგილზე.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბასმაც და ხნაც, გამოყენების წინ უნდა იყოს ახალი მომზადებული. ხანგრძლივი შენახვა არ შეიძლება რადგან ნაზავი იჟანგება ჰაერის ზემოქმედებით და შეიძლება მიიღოთ გაუთვალისწინებელი შედეგი.

 

პს

 

ხნის თემა ამოუწურავია. გააჩნია რა მრავალსაუკუნოვანი ისტორია, ბუნების ეს საჩუქარი დღესაც არ თმობს პოზიციებს და უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

მისი პოპულარობის საიდუმლო იმ ნამდვილ და ბუნებრივ სილამაზეშია, რითაც იგი ასაჩუქრებს ადამიანებს.


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ