მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 301 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქმედება იმას როდი ჰქვია, რომ მოსინჯავ და უკან დაიხევ. არამედ ქმედებად იწოდება საასპარეზოდ რომ გამოხვალ, გაიმარჯვებ, დამარცხდები, მოიგებ, დაეცემი, ადგები, ყველაფერს აშლი და კვლავ გამოხვალ საბრძოლველად შერკინებისათვის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ...არასოდეს არ შედრკე, ვიდრე სული გიდგას სხეულში. და როცა იგი (სული) ზეცისკენ ადის, უნდა ელოდო, რომ მეორე დღეს ჯოჯოხეთში ჩავა. იმას აღარ ვამბობ, რომ იმავ წამს ხდება ძირს დაშვება. ამიტომ ადამიანს ცვლილებები არ უნდა უკვირდეს, არამედ კარგად დაიხსომოს, რომ ერთიცა და მეორეც მისი საკუთრებაა.

იცოდე, რომ მადლი ყოველთვის წინ უძღვის განსაცდელს, როგორც ერთგვარი შეტყობინება თადარიგის დასაჭერად. და მყისვე, როგორც კი მადლს დაინახავ, შეიმართე და სთქვი: „მოვიდა ომის გამოცხადება! გაფრთხილდი, თიხავ, უყურე, საიდან დააყვირებს საბრძოლო საყვირს ბოროტი“; ხშირად სწრაფად მოდის, ზოგჯერ კი – ორი-სამი დღის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად მოვა. დაე, სიმაგრენი მტკიცე იყოს: აღსარება ყოველ საღამოს, მოძღვრის მორჩილება, სიმდაბლე და სიყვარული ყველას მიმართ. ასე შეიმსუბუქებ ჭირს.

ახლა, თუკი მადლი და რაღაც ამდაგვარი განწმენდამდე მოდის, ყურადღებას გთხოვთ და სუფთა გონებას. მადლი სამ რიგად იყოფა: განმწმენდელი, განმანათლებელი და სრულყოფილების მადლი. სამად იყოფა ცხოვრებაც: ბუნებრივად, ზებუნებრივად და ბუნების საწინააღმდეგოდ. ამ სამი წესით ადის ადამიანი და ეშვება. სამია უდიდესი ნიჭიც, რომელთაც ადამიანი იღებს: ჭვრეტა, სიყვარული და უვნებობა. ამრიგად, ქმედებას განმწმენდელი მადლი შეეწევა, რომელიც კაცს განწმენდაში ეხმარება. და ყოველს, ვინც შეინანა, ამ მადლმა უბიძგა სინანულისკენ. და ყველაფერი, რასაც ადამიანი აკეთებს, მადლის საქმეა, თუნდაც ამის შესახებ თავად მადლის მფლობელმა არაფერი უწყოდეს. თუმცაღა იგი (მადლი) მას ზრდის და მოძღვრავს. იმ წარმატების შესაბამისად, რომელსაც ის აღწევს, იგი ან ადის, ან ძირს ეშვება, ან იმავე მდგომარეობაში რჩება. თუკი კაცს მოშურნეობა და თავგანწირვა აქვს, მაშინ იგი მაღლდება ჭვრეტამდე, რომელსაც ღვთაებრივი ცოდნით განათლება და გარკვეული ზომით უვნებობა მოსდევს. თუკი მოშურნეობა და მზადყოფნა გაგრილდა, მაშინ მადლის მოქმედებაც მცირდება.

რაც შეეხება ცოდნით მლოცველს, რომელზეც შენ მწერ, ეს ისაა, ვინც იცის რაზე ლოცულობს, და რას სთხოვს ღმერთს. ცოდნით მლოცველი ზედმეტს არ ამბობს, არ ითხოვს ფუჭს, არამედ იცის ადგილი, ხერხი და დრო, და ითხოვს მისი სულისათვის შესაფერისს, სასარგებლოს, გონებით თანაეზრახვის ქრისტეს, იჭერს და ფლობს მას და ეუბნება: “არ დაგტოვებ უკუნისამდე“. ამრიგად, ის ვინც ლოცულობს, ითხოვს ცოდვათა მიტევებას, ითხოვს ღმრთის წყალობას და თუკი მეტისმეტად ბევრს ითხოვს დროზე ადრე, უფალი მას არ აძლევს, რადგან ღმერთი ამას წესითა და რიგით იძლევა. და თუკი შენ თხოვნით თავს აბეზრებ, იგი ნებას რთავს ხიბლის სულს მადლად მოგაჩვენოს თავი და მოგხიბლოს, გაჩვენებს რა ერთის ნაცვლად მეორეს. ამიტომ არ არის სასარგებლო გადაჭარბებული თხოვნა. მაგრამ შესმენილიც რომ იყო მანამ, ვიდრე განიწმინდებოდე, როცა რიგზე ადრეა, ეს სიჭარბე გველებად იქცევა და გავნებენ. შენ კი წრფელი სინანული იქონიე, ყველას მიმართ მორჩილება გამოიჩინე და მადლი თავისით მოვა, თხოვნის გარეშე.

ადამიანი მოტიტინე ბალღივითაა, ღმერთს მის წმინდა ნებას სთხოვს, ღმერთი, როგორც ყოვლადსახიერი მამა, მადლს აძლევს, მაგრამ აძლევს განსაცდელსაც. თუკი ის უდრტვინველად დაითმენს განსაცდელს, მადლი ემატება. რამდენადაც მეტად ეძლევა მადლი, იმდენად ემატება განსაცდელებიც.

ეშმაკები, როცა გიახლოვდებიან და საბრძოლო საყვირს ჩაჰბერავენ, იქით არ მიდიან, სადაც შენ მათ წუწუნის გარეშე დაამარცხებ, არამედ გცდიან, სად გაქვს სუსტი ადგილი. იქ გინგრევენ ციხის კედელს, სადაც სულაც არ ელი. და როცა სულს უილაჯოს ჰპოვებენ, მონაკვეთს კი – სუსტს, ამარცხებენ კიდეც ყოველთვის და დამნაშავედ ხდიან მას.

მადლს სთხოვ ღმერთს? მადლის ნაცვლად განსაცდელს უშვებს შენზე. ომს ვერ უძლებ, ეცემი? მადლს არ გიმატებს. ისევ სთხოვ? ისევ განსაცდელი. ისევ მარცხდები? ისევ დანაკარგი სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. სიკვდილამდე დაუპირისპირდი განსაცდელს. გვამივით დაეცი ბრძოლაში და ქანცგაწყვეტილმა შეჰღაღადე: „ არ გაგიშვებ, უტკბესო იესო! და არ დაგტოვებ! განუყრელი ვიქნები შენთან უკუნისამდე და შენი სიყვარულის გამო მოვკვდები ასპარეზზე.“ და ანაზდეულად ასპარეზზე ჩნდება და ქარიშხალში გიყვირის: „გვერდით ვარ! წელი მოისარტყლე, როგორც მამაცმა და მომყევი!“ – შენ კი სულმთლად ნათელი და სიხარული ხარ: ვაი მე უბადრუკს, ვაი მე უკეთურსა და უმაქნისს! „ჰამბავითა ყურთა მესმინა შენთვის პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ. ამისათვის განვიქარვე თავი ჩემი და დავაგდე. შემირაცხიეს თავი ჩემი მიწად და ნაცრად.“ მაშინ ივსები ღვთაებრივი სიყვარულით. და იწვის შენი სული ვითარცა კლეოპასი. და ამიერიდან განსაცდელის ჟამს აღარ დატოვებ შენს არდაგს და არ ილტვი შიშველი, არამედ მოთმინებით იტან ჭირს და ფიქრობ: როგორც ერთმა და მეორე განსაცდელმა ჩაიარა, ისევე ჩაივლის ესეც. თუმცა, როცა სულმოკლეობ, დრტვინავ, არ ითმენ განსაცდელს, მაშინ, გამარჯვებათა ნაცვლად, განუწყვეტლივ უნდა ინანიებდე დღის შეცდომებსა და ღამის უდებებას. და იმის ნაცვლად, რომ მადლზე მადლს იხვეჭდე, ჭირს იმრავლებ. ამიტომ არ შედრკე, არ შეუშინდე განსაცდელს. და მრავალჯერაც რომ დაეცე – წამოდექი. სიმშვიდე არ დაკარგო, სასო არ წარიკვეთო. ეს ღრუბლებია და გადაიყრება. და როცა მადლის შემწეობით, რომელიც ვნებათაგან განგწმენდს, გაივლი ყველაფერს, რასაც „ქმედება“ ჰქვია, მაშინ იგემებს შენი გონება განათლებასა და მიიწევს ჭვრეტისაკენ.

პირველი ჭვრეტა კი ყოველგვარ არსებულს ეხება: თუ როგორ შექმნა ღმერთმა ყოველივე ადამიანისათვის და თვით ანგელოზებიც კი მის მსახურად. როგორი ღირსება, როგორი სიდიადე, როგორი დიდებული დანიშნულება აქვს ადამიანს - ამ სუნთქვას ღმრთისას! არა იმისათვის, რომ აქ განლიოს თავის განდევნილობის ხანმოკლე დღეები, არამედ რათა მარადიულად იცოცხლოს თავის შემოქმედთან ერთად. რათა ხედავდეს ღმრთის ანგელოზებს, ისმენდეს მათ ენით უთქმელ გალობას. რა სიხარულია! რა სიდიადე! როგორც კი დადგება ჩვენი ცხოვრების აღსასრული და დახუჭავ თვალებს, მყისვე გაახელ სხვა თვალებს, და იწყება ახალი ცხოვრება. ჭეშმარიტად სიხარულია, რომელსაც დასასრული არა აქვს. ამაზე ფიქრისას გონება ერთგვარ სიმშვიდესა და სრულ სიწყნარეში იძირება, რომელიც მთელ სხეულს ედება და სრულიად ავიწყდება, რომ ამქვეყნადაა.

ამგვარი ჭვრეტები ენაცვლება ერთიმეორეს. ის კი არა, რომ ჩვენ შევქმნათ წარმოდგენები ჩვენს გონებაში, არამედ ისეთი მდგომარეობაა მადლის მოქმედება, რომელსაც მოაქვს აზრი, და გონებაც დაუცხრომელად ჭვრეტაშია. ადამიანი არ ქმნის ამას – ეს თავისთავად მოდის და გონებას ჭვრეტაში აღიტაცებს. და მაშინ გონება ფართოვდება და სხვა ხდება, ნათლდება. მისთვის ყველაფერი გახსნილია. იგი სიბრძნით ივსება და როგორც ძე, იმასვე ფლობს რასაც მამა. მან იცის რომ იგი არარაა, თიხაა, მაგრამ იმავ დროს მეფის ძეცაა. არაფერი აბადია, მაგრამ ყველაფერს ფლობს. ღმრთისმეტყველებით ივსება. სრული შეგნებით აღმსარებელი, გაუმაძღრად აღიარებს, რომ მისი არსი არარაა. მისი წარმომავლობა თიხაა. ხოლო მისი სიცოცხლის ძალა? ღმრთის სუნთქვა - მისი სულია. პირდაპირ ზეცისკენ მიფრინავს სული! „მე ღმრთის სუნთქვა, მისი ქროლვა ვარ! ყველაფერი გალღვა, მიწაში დარჩა, საიდანაც იყო აღებული! მე მარადიული მეუფის ძე ვარ! მე ღმერთი ვარ მადლით! მე უკვდავი და მარადიული ვარ! სულ ერთი წამის შემდეგ ჩემს ზეციურ მამასთან ერთად ვარ“.

ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულება ესაა: ამისთვის იყო შექმნილი და იქ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც გამოვიდა. ამგვარია ჭვრეტა, რომელსაც დაუცხრომლად იკვლევს სულიერი ადამიანი. და ელოდება ჟამს, როცა დედამიწას დატოვებს და სული ზეცისკენ აფრინდება.

ასე რომ, გაკადნიერდი ჩემო შვილო, და ამგვარი სასოებით დაითმინე ყოველგვარი ტკივილი და გასაჭირი, რადგან მალე ყოველივე ამის ღირსნი გავხდებით. ეს ყოველი ჩვენთაგანისთვის ერთნაირია. ჩვენ ყველანი ღმრთის შვილები ვართ მას ვუხმობთ დღე და ღამე. და ჩვენს უტკბეს დედას, ყოველთა დედოფალს, რომელიც მთხოვნელს არასოდეს ტოვებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ