მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3042 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ალფრედ ნობელი დაიბადა 1883 წელს სტოკჰოლმში, გარდაიცვალა 1896 წელს სან-რემოში. მთელი ცხოვრება ასაფეთქებელი ნივთიერებების შესწავლას შესწირა. 1867 წელს აიღო დინამიტების წარმოების პატენტი, რამაც უმდიდრეს ადამიანად აქცია იგი.

ნობელის ანდერძის თანახმად, დაარსებული იქნა ყოველწლიური, სამი საერთაშორისო პრემია: ფიზიკა, ქიმია, ფიზიოლოგია, მედიცინაში ერთი, ლიტერატურაში მეორე და მშვიდობის საქმეში მესამე. 1904 წელს, ნობელის გარდაცვალების მეშვიდე წლისთავზე, გასცეს პირველი პრემია, რეგულარულად რომ ენიჭებათ დღემდე გამოჩენილ ადამიანებს.

მისი სახელი კი სამუდამოდ დაუკავშირდა ჰუმანიზმის, პროგრესის და მშვიდობის საქმეს. აი, რა შესძინა დინამიტების წარმოებამ ალფრედ ბერნარდის ძე ნობელს და თუ რა მოუტანა სოფელ ბუყნურის საზოგადოებას დინამიტმა, ამას ქვემოთ დავინახავთ.

სოფელ ბუყნურში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით ათი კილოგრამი ამონალი მოდის და დინამიტის მოხმარებით იგი ბევრად წინ უსწრებს მეტად თუ ნაკლებად განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებს.

სოფელი ბუყნური ძევს ნაქერალას მთის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე; იქვეა ქვანახშირის ცნობილი საბადოები და შახტები, რაც თავისთავად განაპირობებს დინამიტების სიუხვეს და ჭარბწარმოებას.

თუმცა ეს სოფელი მარტო ამ საქმიანობით არ იქცევს ყურადღებას. ამდენ შრომისუნარიან ინვალიდს ძნელად თუ შეხვდებით დედამიწის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში. მართლაც ბევრი უხელო და უთითო კაცი ცხოვრობს აქ და ბუყნურელებს რომ პატრონი ჰყოლოდათ და ეს საკითხიც თავის დროზე ვინმეს საგანგებოდ შეესწავლა, მათი სახელი და დიდება შეიძლება გასცდენოდა კიდეც რესპუბლიკის ფარგლებს.

დღესაც ნახავთ ბუყნურში, როგორ შეიბამს ღვედით ცალ ხელზე გლეხი თოხს და ისე ჩადგება სვრელში, ვითომ არაფერი. სამი და ოთხი თითი რომ კაცს აკლია, ეს საერთოდ არ ითვლება არაფრად. ცერი თუ შეგრჩა, სიკეთეში ჩამოგართმევენ და სავსებით საღ-სალამათ კაცს შეიძლება იჭვის თვალითაც კი დაგიწყონ ყურება.

იქნებ ფიქრობთ, სამამულო ომიდან დაბრუნდნენ ასე ამნაირად, ანდა რაიმე ლოკალურ, არაოფიციალურ ომებში იღებენ დღესაც მონაწილეობას. არავითარ შემთხვევაში! ამ სოფლიდან, ისე როგორც ქვეყნის ყოველი კუთხიდან, ომში მართლაც ბევრი წავიდა, ბევრი დაბრუნდა, ბევრი ვერ დაბრუნდა, მაგრამ ეს მოვლენა, ესე იგი, უხელთითობა სოციოლოგები რომ დინამიტებს და შახტებს უკავშირებენ, ომისშემდგომ პერიოდს უფრო განეკთვნება.

ახლა გეტყვით, რომ კაციშვილი შახტში სერიოზულად არ დაშავებულა, თუმცა ბევრი ბუყნურელი მუშაობდა და მუშაობს ქვანახშირის შტოლნებში. უბრალოდ ამ შახტებიდან, როგორ და რა გზით, არც ვიცით, არც გვაინტერესებს ამჯერად, გამოაქვთ ამონალი და პატრუქები, კერძოდ დინამიტები ზოგადად და შედეგიც, როგორც იტყვიან, სახეზეა.

დინამიტი ბუყნურელთა ძირითადი საბრძოლო, საწარმოო, სამეურნეო თუ გასართობი იარაღია, არც კი ვიცი, რა სახელი ვუწოდო. ბუყნურელებს აღარც კი ახსოვთ, როდის ამოიყვანეს დინამიტით ლაყუჩებდახეთქილი, უკანასკნელი ლიფსიტა მდინარიდან. მას შემდეგ თავკომბალების მეტი არ უნახავთ იქაურ წყალსატევებში.

დინამიტს, ბუყნურელთა აზრით, ერთი დიდი ნაკლი აქვს. გაფრენილ, ან ტელეგრაფის სინაზე ჩამომჯდარ ჩიტს ვერ ესვრი, სამაგიეროდ მელის ან მაჩვის სოროში შეაგდებ თავისუფლად და კატის კუდზე გამოაბამ თუ გაგიჭირდა.

საზეიმო დღეებში, განსაკუთრებით ქორწილებში, დინამიტი მისწრებაა. რამდენჯერ მინახავს ასეთი სურათი:

მთვარიანი ღამეა. ბუყნურელ მაყრებს დედოფალი მოჰყავთ შუხერიდან. ისმის სიმღერა, ქალი მოგვყავს ნათელიო და ასე შემდეგ... იელით გადაყვითლებულ უკანასკნელ სერს გადმოლახავენ თუ არა, ოდა სახლის აივანზე ვიღაც იყვირებს: ნეფე მოდის, ნეფე მოდისო და ატყდება კიდეც დინამიტების ბათქაბუთქი ორღობეში და ფოლორცებში, დიდებული სანახავია ამ დროს ბუყნური.

ჭირის თუ ლხინის სუფრის დაწყებამდე თავაზიანი დიასახლისი მომხიბლავი ღიმილით გამოაცხადებს ხოლმე: სტუმრებს გთხოვთ, დინამიტები ჩაგვაბარეთ, წასვლისას დაგიბრუნებთ უკლებლადო და სტუმრებიც კეთილსინდისიერად იცარიელებენ ჯიბეებს. არაფრისდიდებით დინამიტებით სუფრაზე არ დასხდებიან. ამ წესს თუ ტრადიციას შესაშური პუნქტუალობით იცავენ სიმთვრალეში, მაგრამ სიფხიზლეში ივიწყებენ ყველაფერს.

ეს უკვე, ჩემის აზრით, ობიექტური ფაქტორებითაც უნდა იყოს გაპირობებული. თევზი ამ ახლო-მახლო, ღელე-მდინარეში გაწყდა, ანდა, როგორც იქაურები ამტკიცებენ, თავკომბალებად გადაგვარდა, მელიას და მაჩვის სახსენებელიც მოისპო, ხეზე ჩიტს, როგორც მოგახსენეთ, დინამიტს ვერ ესვრი და რა ქნას იმ ხალხმაც. მართლაც ყველაფერში კი ვერ გაამტყუნებ. სწორედ ამიტომაც დინამიტებს აფეთქებენ ნაძლევზე, პურ-მარილზე და ზოგჯერ სულ არაფრის გამოც.

აფეთქებენო, რომ ვამბობ, ამასაც დაზუსტება სჭირდება. კი არ აფეთქებენ, იფეთქებენ შორიახლო და ზოგჯერ - ფეხებშიც კი. დინამიტის აფეთქების სიშორე და სიახლოვე განსაზღვრავს მსროლელის ოსტატობას, ნაძლევის რაოდენობას, ხარისხს და ვაჟკაცობას საერთოდ.

მაგალითისათვის: დინამიტს იფეთქებენ ათ მეტრზე, ხუთ მეტრზე და უფრო ახლოსაც. არიან სამმეტრიანები, ორმეტრიანები, ერთმეტრიანებიც და შესაბამისად ერთხელიანები, ორთითიანები და ერთთითიანები.

გასულ სამეურნეო წელს ბუყნურში გარდაიცვალა ცნობილი მეთევზე-მედინამიტე, ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული დომენტი მელქაძე. დომენტი ცნობილი მეთევზე ყოფილა. იგი მართლაც ხოცავდა თურმე თევზებს მდინარეში, მაგრამ ეს იყო უხსოვარ დროსო, თუმცა, ჩემი ვარაუდით, არცთუ შორეულ წარსულში, რადგან ბუყნურში ახლაც ნახავთ ცოცხალ მოწმეს, რომელიც დაადასტურებს სხვის ნათქვამს და გაიხსენებს თავადაც, თუ როგორ მოაქანავებდა ბერიკაცი დომენტი ტირიფის წკნელზე აცმულ დაფლეთილ ჭიჭყინებს მდინარიდან.

- ...იყო, ბიძია, თევზი მაშინ და მოიტანდა, აბა რას იზამდა, აბა, ახლა ამოიყვანოს და მოიტანოს... ცოდნა და გამოცდილება რას გიშველის, არ არის და, რას ამოიყვან... გადასხვაფერდა, ბატონო, ბუნება, გადასხვაფერდა... - მწუხარებით იტყვის ხოლმე დარბაისელი ბუყნურელი.

მოკლედ, გარდაიცვალა ის დომენტი მელქაზე. გაასვენეს დიდებულად, დააფასეს შესაფერისად. სრულიად საქართველოს მეთევზე-მედინამიტეებმა გამოგზავნეს თურმე დაკრძალვაზე თავიანთი წარმომადგენლები. მარტო ხუთასი კაცი ერთდორულად დასვეს სუფრაზე.

ვინ როგორ გაისტუმრა და გადაიხადა თავისი მორალურ-მატერიალური ვალი, რამდენი დაიხარჯა, რამდენი შემოვიდა, გასავალმა უსწორა შემოსავალს თუ გადააჭარბა, ზუსტად არც ეს არის დადგენილი და სალაპარაკოდაც არ ღირს. ამაზე, რასაკვირველია, ჩვენც არ შევჩერდებით.

ჩაასვენეს ის ჩვენი დომენტი მელქაძე სამარეში, უკანასკნელად დაიტირეს ჭირისუფლებმა, მოაფრქვიეს ცრემლი და ამონალიც, მიაყარეს ბოლოს თითო პეშვი მიწა და ახლა ჩვენ ჩვენებურად უნდა ვცეთ პატივი, როგორც ჩვენი რიგი და წესია, ანდერძიც იმნაირი უნდა ავუგოთო, თქვეს თავკაცებმა, რომელბსაც საგანგებოდ შერჩეული, დინამიტებით შეიარაღებული ვაჟკაცები გაენდოთ და არც თვითონ მოსულიყვნენ ხელცარიელნი.

დინამიტები უყვარდა საწყალ დომენტისო, საქვეყნოდ ცნობილი მებადური იყოო (თავის დღეში ბადე არ სჭერია ხელში) და საიქიოს უდინამიტებოდ არ ცხონდებაო! თქვეს და აღასრულეს. დაცხეს, მაგრამ რა დაცხეს. სულ ლაწალუწით ცვიოდა ძირს ცაცხვის ტოტები.

სად იყო და სად არა, საიდან გამოტყვრა, არავის გაუგია, სასაფლაოზე გამოცხადდა ამავე სასაფლაოს დარაჯი ვარდენ კუჭუხიძე. იგი თავიკაცის მესამე მოადგილედ იყო დანიშნული; მუშა-მოსამსახურეთა თვალთვალის დევნება და გამგებლობა ევალებოდა და საყარაულო პოსტზე არავინ ელოდებოდა.

ვარდენ კუჭუხიძემ ქვანახშირის შახტებში გალია ორმოცი წელიწადი. დაინიშნა მაღალი პენსია, კოლმეურნეობაში შრომა აიცდინა, შეინარჩუნა საკარმიდამო, დაათხოვა ქალიშვილები, გაეფორმა სასაფლაოს დარაჯად (რად უნდოდა ამ სასაფლაოს დარაჯი?) და ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, მშვენივრად ააწყო ცხოვრება.

რაც მთავარია, შახტებში იგი ამფეთქებლად მუშაობდა, დღენიადაგ დინამიტებთან ჰქონდა საქმე, მაგრამ ეს ხანდაზმული კაცი სოფელში დამკვიდრების შემდეგ წვრილფეხა მედინამიტეებს არ აჰყოლოია. არავის არაფერში არ წასდგომია, დიდი ცოდნა და გამოცდილება, არავისთვის გაუზიარებია; თუმცა, კაცმა რომ თქვას, საამისოდ არც არავის შეუწუხებია.

გამოცხადდა სასაფლაოზე ვარდენ კუჭუხიძე და იყვირა:

- რა ამბავია, რა სროლა გაქვთ უჩემოდ?!.. აქაურობა მე მაბარია ჯერჯერობით ოფიციალურად და პასუხს მე მომთხოვენ, თქვენ კი არა... ბოლოს და ბოლოს, ჩვენთან უნდა შეგეთანხმებინათ ეს საკითხი, კაცი ვარ მე, თუ რა ვარ... ესეც რომ არ იყოს, თქვენზე ნაკლებად არ მიყვარდა მე ნათლიაჩემი დომენტი!..

- უჯვარდა კი... - დაემოწმა ვიღაცა.

- მომეცით მაშინ მეც ერთი დინამიტი და ჩემს ვალს მოვიხდი კაცურად!..

- მივცეთ? - იკითხა ერთმა.

ჯერ სიჩუმე დადგა, შემდეგ გადალაპარაკება და ჩურჩული შეიქნა.

- მთვრალი ხარ, ვარდენა, შენ და წადი, დაგვანება თავი! - ურჩია ვიღაცამ.

ვარდენი ამაზე ძალიან განაწყენდა:

- ვის ეუბნები, ბიჭო მაგას? პირზე რძე არ შეგშრობია და ჭკუას მასწავლი? მთვრალი ვარ თუ რაცხა ვარ, არ ვიცი მე?.. მთელი შეგნებული ცხოვრება შახტებში მაქვს გატარებული, შენი წონა ნახშირი მექნება შესუნთქული!..

ამ არგუმენტს უკვე წყალი აღარ გაუვიდოდა და მისცეს ვარდენ კუჭუხიძეს დინამიტი. ვარდენმა სიგარეტი მოქაჩა, პირდაპირ პრიმით ააშიშხინა პატრუქი.

- ისროლე ახლა, ვარდენ ბაბუა, - ითხოვა ერთმა ახალგაზრდამ და ყოველ შემთხვევისათვის ხეს ამოეფარა.

- ტარანი თვლითაა, ბიძიკო, შენ გინახავს, რა არის დინამიტი? მე ვითვლი ჯერ გუნებაში... როდის უნდა ვისროლო და როდის არა, ბარემ ესეც მასწავლეთ და ის იქნება...

- ეს ამოგვწყვიტავს სუყველას... ჩაილაპარაკა ჭარმაგმა გლეხმა და დინამიტმაც იგრიალა ვარდენის ხელში.

იმდენი დაითვალა გუნებაში, კაცმა ვერ დაადგინა, მაგრამ ანგარიში რომ აერია, ლაპარაკი არ უნდოდა. იგი ახალგათხრილი სამარის გრილ მიწაზე იყო მისვენებული და ყრუდ კვნესოდა...

- ჩვენ კარგად ვართ, ვარდენ ბიძია, არ შეგეშინდეს! - ანუგეშა ვიღაცამ.

- ერთ დღეს გაგწყვიტათ ჭირმა სუყველა! - ამოიკვნესა ვარდენმა.

- დაკარგა მარჩენალი მარჯვენა, სულ მუქთად! - სინანულით ჩაილაპარაკა იმ ჭარმაგმა გლეხმა, ავისმომასწავებელი ნიშნები რომ ადრევე ამოიცნო.

ჩამავალი მზე დასავლეთიდან მოსდგომოდა სასაფლაოს. ნარინჯისფერი სხივები ყვითლად დაფენოდა მოუვლელ საფლავებს, ჩაჟანგულ მესრებს, დახავსებულ ლოდებს. ძველი ციხის თუ ნაციხარის მორღვეულ გალავანთან ორი ახლგაზრდა კაცი იდგა. ერთი ბუყნურის კლუბის გამგე იყო, მეორე დომენტი მელქაძის დაკრძალვაზე ამოსულიყო თბილისიდან.

- როგორ დაიკარგე, ჩემო გოგი... დაიკარგე და დაიკარგე... აღარ ამოდიხარ, აღარ გვნახულობ... ამასწინეებზე ტელევიზორში დაგინახე და გული სიამით ამევსო... ძალიან მიხარია, ბიჭო, შენი წარმატება, ძალიან... ლაპარაკობდა ქელეხზე შეჭიკჭიკებული კლუბის გამგე.

გოგი კი ამ ქებაზე უხერხულად იშმუშნებოდა და აშკარად ეტყობოდა, რომ წასვლას აპირებდა და ვერ ახერხებდა. სასაფლაოზე აღარავინ ჩანდა. მესაფლავენიც წასულიყვნენ.

- მე ჩავრჩი, გოგი, ჩავრჩი ამ სოფელში... ეს წლები ქე გაილია თვალდახელშუა...

- კარგი სოფელია... თქვა უადგილოდ გოგიმ.

- კი, ჰაერი და წყალი კარგია, - დაემოწმა კლუბის გამგე.

მწუხრი დაწყებულიყო. ბინდი დადებოდა ჩახავერდებულ გორებს. საქონელი ბრუნდებოდა სოფელში სარეკელას რაკუნით.

- ისე მშვენივრად კი მოწყობილხარ, მშვენიერი სახლი გაგიმართავს, შვილები მოგსწრებია...

- ამაშია მერე, გოგი საქმე?.. ნახე, რამხელა სახლები აქვთ წამოჭიმული... ეს არის მთავარი, გოგი? სახლებშია საქმე?!

- ამაშიცაა... ისე, ხალხი გაფასებს, პატივს გცემს...

- ვინ ხალხი, სადაა ხალხი? მხეცებია, ბიჭო, ესენი... დაწერე, გოგი, ჩვენზე რამე, დაწერე, თუ გიყვარდე... დაწერ?

- არ ვიცი, ვნახოთ.

- გოგი, გახსოვს, ინსტიტუტიდან გასტროლებზე რომ დავდიოდით? რა დრო იყო, არა? შალვა ხელაშვილი გახსოვს? სად არის, ცოცხალია, რას აკეთებს?

- არ ვიცი, ვერ გეტყვი, ვეღარ ვნახულობ...

გულიკო ბოგერია სად არის, თუ იცი?

- არ ვიცი, წარმოდგენა არა მაქვს, მგონი, გათხოვდა.

- კარგი გოგო იყო, არა, გულიკო ბოგერია?

- იყო, კი. 

- მე ჩავრჩი, გოგი, ბუყნურში... შენ სახელს რომ გავიგონებ, გოგი, მეამაყება, ძმობას გეფიცები.., ტელევიზორში გნახე ამასწინეებზე... ისე მეც კარგად ვარ მოწყობილი, რომ ნახო, გაგეხარდება, თუმცა, ხომ ნახე, მაგრამ ამაში არ არის საქმე, არა ვარ მართალი?  თუ არა ვარ, მითხარი?!

- მართალი ხარ, ალბათ...

- „ოიდიპოს მეფის“ დადგმა მინდოდა, პირველად რომ ჩამოვედი... ამათ ხელში ოიდიპოსს დადგამ? ხალხია ესენი?.. დაწერე, გოგი, ჩვენზე რამე, დაწერე, ბიჭო! ოიდიპოს მეფე რავარია?..

გოგი იდგა და ხმას არ იღებდა. კლუბის გამგე კი სიგარეტს უკიდებდა წვალებით. ნიავი ზედიზედ უქრობდა ასანთის ღერებს. ქანაობდა, ხელახლა ანთებდა, თითქოს ხელიც უკანკალებდა. სახეზე საღამოს ბინდი ეფინა და გოგი ვერ არკვევდა, ტიროდა თუ არა კლუბის გამგე.

წასვლა უნდოდა, ვერ მიდიოდა, რაღაც შეუცნობელი სევდა მორეოდა და მძიმედ აწვებოდა გულზე, ვერაფრით ვერ მიმხვდარიყო, რატომ უნდოდა ამ კაცს მაინცდამაინც „ოიდიპოს მეფის“ დადგმა და არა სხვა რამის. ვთქვათ: „ვარდბულბულიანის“ ან „ვიდრე ჰხვალ უფალოსი“...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ