მთების ფერდოებზე და მის ძირს ველზე სამხრეთით, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ყვითლად გამხმარი ფორთოხლის ტყეები. ტბაში იხედება ფორთოხლებით დამძიმებული შტოები და წყალი ყვითელფერობს.
ქვიშა და სილა დაყრია მიწის ბებერ ზურგს. მშვიდად ასვენია მზე ბალდახინზე. უთვალავი ტანი სითბოს მონატრული ზანტად იზმორება ბალდახინის გრილ სვეტებთან.
დაღალული თვალები როგორც სიზმარში უყურებენ ერთმანეთის ყვითელ კბილებს. ზღვის დაობებული ნაპირი აღარ მოელის შორეულ ხომალდებს დატვირთულს ფარჩით და ძვირფასი სამკაულებით. უკანასკნელად ცისფრად იელვა თაღმა და წმინდა ქალწულის გადმოხედვა გაიბნა სივრცეში.
სამყაროს ხაშმიანმა ცქერამ უეცრად შენიშნა ახალი კერპი. ქონით გატენილი ქალის დიდი ტანი, შეუმოსავი, ურცხვი, გაბერილი მუცლით, ძუძუებით, როგორც მწიფე კვანები გადმოეყუდა სივრცეს და მიიღო თაყვანი გაცივებული სამყაროსი.
ჯერ არ გადმოაბიჯებს შენი ქოშები ჩემ ჭიშკარს მოწნულს თხილის წნელიდან, მაყარის მხრებზე არ მოახვევს სეფე ქალი სამახარობლო წითელ აბრეშუმს, მაგრამ ყოველთვის ხარ ჩემ საათებში და არ არის დრო უშენოდ: დღეების გარდაცვლა მიახლოვებს შენს მოსვლას და სამუდამო მაყრებად მოგდევენ ტანის წირვების ღამეები.
შენ შემოხვალ როგორც დიდი სიხარული, ხალიჩების სიჩუმე ალერსით დაგნებდება ძვირფასი ქალბატონის ნაბიჯებს და ყველა სიხარული დამოწყენა გადმოაბიჯებს მხოლოდ შენიდან.
იქნება საათები როცა სურვილი გახდები მხოლოდ შენ და შენი თმების სურნელებაში დამთვრალს დამეზარება დატოვება აშლილ ნაწნავებში დასიზმრებულ სამყაროების.
















