მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 5323 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

I

გამოუცდელი

 

 

ხმა ახალი დაწმენდილი მქონდა. ის-ის იყო უკვაში შემმწვანებოდა; სიჭაბუკის საოცნებო ძლიერება ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი; მიწაზე ფეხს აღარ ვაკარებდი: ცა ქუდად არ მიმაჩნდა და დედამიწა ქალამნად! გული გრძნობად და გონება ოცნებად გადაქცეული მეშვიდე ცაზე მიმაფრენდნენ; ქვეყანა ჩემს ნებაზე ბრუნავდა და ბედნიერ აწმყოს უეჭველი მომავლით ვიგვირგვინებდი.

მხოლოდ ერთი რამ მაკლდა: რაღაც უცხო და უცნაური, რომელსაც ერთსა და იმავე დროს შევტრფოდი და თანვე ვეკრძალებოდი, ვეთავხედებოდი და ვეშიშოდი!.. თურმე სიყვარული მეწვერებოდა! რაღაც ამომეტორღიალა... ვიღაც ამედევნა თან... გამოურკვევლად თვალწინ მებლანდებოდა, ყურში საიდუმლოდ ჩამჩურჩულებდა და მით გულს საგულეზე აღარ აჩერებდა!..

ის ხან უცნაურად ტოკავდა და ხან საოცრად შეიფართხალებდა ხოლმე. მე "ვიღაცამ" თუ "რაღაცამ" ხელი დამრია: დღე მაშფოთებდა და ღამე ძილს მიფრთხობდა!.. მწამდა კი, რომ ეს “ვიღაცა” ერთ დროს უნდა გამომცხადებოდა და იმ თავითვე წარმოვიდგინე ის ჩემი გრძნობის გვარად და სურვილის ფერად, ქვეყნის დასაბამიდან დასასრულამდე, კიდით კიდე, ზესკნელ-ქვესკნელად მიმოვაფრინე მკვირცხლი ოცნება, ამოვკრიფე ყოველივე სანეტარი, შევაერთე, შეუძლებელს შესაძლებელი მივუმატე, შევადგინე სახე იმ “ვიღაცის” და გავიხადე სათაყვანოდ. იმ დღიდან, იმ “ვიღაცის” ლოდინით მთვრალს, ხელთ მეპყრა საოცნებო ჩონგური და მისი სიმების ჟღერით ვიწოდებდი იმ “საჩემოს”.

ერთხელ, გაზაფხულის პირზე, ჩეროში ვიჯექ და თვალყურს ვადევნებდი იქვე ახლოს ჩამომჩქეფარე პატარა მდინარეს. ჩვეულებრივად ოცნებით გატაცებულს თვალწინ მეხატებოდა ჩემი "ვიღაც": ვითომ ის იდგა წყალში და ტანს იბანდა. წელქვევით წყალი ჰფარავდა (და რომ ესეც არ ყოფილიყო, მაინც ცისარტყელით შებურვილად მომეჩვენებოდა), წელზევით კი შიშველი იყო. ხან ჩაიყურჭუმალებდა, ხან ისევ სირინოზივით ამოჰყოფდა ხოლმე თავს და მაშინ მის სპეტაც გულ-მკერდსა და მხარ ბეჭებზე აქა-იქ წმინდა წვეთები პატარ-პატარა ბურთივით მოჰგორავდნენ, თითქოს მარგალიტები ეფრქვევიანო. ნაზი ღიმილით ეალერსებოდა წყლის სარკეში ჩაშუქებულ მის მშვენიერებას. ზოგჯერ მორცხვად მომკრავდა თვალს და სახე ვარდისფრად ეღებებოდა, თითქოს რცხვენოდა ჩემი... რცხვენოდა, მაგრამ მაინც სურდა, რომ მისთვის თვალი არ მომეშორებია.

ამ დროს ჯოჯოხეთის ხმით ჩამჩხავლეს ყურში!... მოვიხედე და რა ვნახე? ჩემს გვერდით იდგა ერთი რაღაცა... მაიმუნი!.. განა მართლა? არა! ის ქალი იყო. თავისთავად დიახაც მშვენიერი, მაგრამ, შედარებით კი იმ ჩემს “ვიღაცასთან”, “რაღაცასთან” იყო და “მაიმუნიც”!

– თუ უკაცრავად არ გახლდეთ, მიბრძანეთ, ყმაწვილებს ხომ არ ჩამოუვლიათ ერთი მოხუცებული გამდლითა? – მკითხა იმ ქალმა.

– რა მოგახსენო, სწორედ არ შემინიშნავს-მეთქი, – ვუპასუხე ცივად. მეგონა, რომ ამით მოვიშორებდი იმ უსიამოვნო სტუმარს, მაგრამ იმან ღიმილით თქვა: “ნეტავ, სად დაიგვიანესო?” და ამომიჯდა გვერდით! ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ისევ მკითხა: “ეგება ვერც კი შენიშნეთ? ისეთნაირად იყავით ჩაფიქრებული, რომ...”

– დიაღ, მარტოობაში ოცნებამ გამიტაცა! – გავაწყვეტინე სიტყვა.

– ოცნებამ?! მერედა თქვენთან რა უნდა ოცნებას? ეგ ხომ მარტო ქალების ხელობაა? მაგრამ მე ძალიან მომწონს, როდესაც კაცო ოცნებობს: მაშინ ეტყობა, რომ ის ნაზი გრძნობის პატრონია...

– შეიძლება.

– ჰმ, თქვენ, ვგონებ, ანკესი გაქვსთ გადაგდებული იმ წყალში?

– ანკესი?!

– დიახ! მაშ რად მისჩერებოდით ისე თვალგამოშტეერებით იმ ერთ ადგილს მდინარისაკენ? უთუოდ გინდოდათ დაგენახათ, თუ როგორ მოედებოდა საბრალო თევზი ნემსის ვერზე?

– არა, მე საზოგადოდ არ მიყვარს ნადირობა.

– ძალიან კარგი ხასიათი გქონიათ! კაცებს იმიტომ უყვართ ნადირობა, რომ მოსისხლეები არიან.

– ქალებმაც რომ ძალიან იცით თევზაობა?

– იმიტომ, რომ ეგ უსისხლო ნადირობაა და კარგი ხელობაც არის. ჯერ თავის შესაქცევია და მერე კიდევ სასარგებლოც; პატარ-პატარა თევზებზე სწავლობენ ქალები ნადირობას და მერე თქვენხელა ლოქოსაც დაიჭერენ ხოლმე...

– როგორ თუ ჩემხელა ლოქოს?!

– მაშ, ჯერ ანკესი არავის მოუდვია თქვენთვის?

ამ სიტყვებმა უცბად გამაანჩხლეს. ეკალნაჩხვლეტივით წამოვვარდი ზეზე და დავეშვი თავდაღმართისკენ. მეტი გულმოსულობით ფეხით წამოვკარ ქვას და იმან კიდევ უფრო გამაბრაზა.

იმ დღეს ჩემ გუნებაზე აღარ ვყოფილვარ. “ეს ვინ ოხერი გადამეკიდა, რომ ჯერ ოცნება მომიწყლა და მერე კიდევ ისე საცინლადაც ამიგდო, რომ ლოქოს შემადარა-მეთქი?” – ვამბობდი გუნებაში.

მეორე დღეს, დილაადრიან, ბაღისკენ მივდიოდი და ჯერ შუა გზაც არა მქონდა გავლილი, რომ გადასახვევთან ის გუშინდელი წყეული შემეფეთა, გადამიღობა გზა და მითხრა: “ნება მიბოძეთ, რომ ბოდიში მოვითხოვო თქვენთან, ყმაწვილო! დიდ დამნაშავედა ვგრძნობ ჩემ თავს, რომ გუშინ ისე წინდაუხედავად გატკინეთ გული! ღმერთმა ხომ იცის, რომ გულით არა მდომებია, ისე წამოვროშე მოუფიქრებლად და კიდეც დამრჩა სანანებლად... წუხელის მთელი ღამე ძილი აღარ მომკიდებია და დღესაც, თუ არ მენახე, ვგონებ, ლუკმა არ ჩავიდოდა ჩემს პირშიო!...”

ეს სიტყვები ისეთი ათრთოლებული ხმით მითხრა და ისე საცოდავადაც შემომხედა, რომ გული უნებურად გადამიბრუნდა და რაღაც წავილუღლუღე. მხოლოდ ეს კი მახსოვს, რომ ვთქვი: “მაგოდენი საბოდიშო არ იყო-მეთქი” ქალმა შერიგების ნიშნად ხელი გამომიშვირა, მეც ჩამოვართვი და, ცოტა არ იყოს, როგორღაც ის პაწაწა ხელი სასიამოვნოდ მერბილ-მეთბილა... ქუდმოხდით მძიმედ თავი დავუკარი და გავშორდი.

კარგაძალი გზა მქონდა გავლილი, რომ რაღაცამ ჩემდა უნებურად მიმახედა უკანვე!.. ის ქალი იმავ ადგილზე იდგა და მე მადევნებდა თვალს. დამინახა თუ არა, უცბად გატრიალდა და წავიდა. “რა გულკეთილი ყოფილა-მეთქი!” – ვთქვი გუნებაში და გავწიე ბაღისკენ. იქ ერთი მყუდრო ალაგი მოვძებნე, დავჯექ ხის ქვეშ და ჩემებურად ვარსკვლავებს დავუწყე კრეფა.

რაღა თქმა უნდა, ჩემი “ვიღაცაც” იქ გავაჩინე და ყველაფერი ვუამბე, რაც გადამხდა. იმან მაშინვე იმ ქალის გაცნობა მოინდომა დ აარც მე მწყენია. “მართლა რომ კარგი იქნება ის გულკეთილი ქალი ამ ჩემი “ვიღაცას” მოახლედ-მეთქი”, – ვფიქრობდი და თანაც სისრულეში მომყავდა ეს სურვილი, ასე რომ საღამომდე არა თუ მოხალისედ გავიცანი, კიდეც დაბუმეგობრე ისე, რომ უერთმანეთოდ წყალსაც აღარ აქცევდნენ ჩამი “ვიღაცა” და ის ქალი.

ამ დღიდან დაწყებული თინათინის ნახვა (ეს სახელი ერქვა იმ ქალს) მენატრებოდა და  კიდევაც ვხედავდით ერთმანეთს. ჩემზე ნაკლებად აღარც თინათინს ენატრებოდა ჩემი ნახვა. მე მიყვარდა ის მისთვის, რომ ჩემი “ვიღაცას” მეგობარი იყო და იმასაც, მეგონა, იმიტომ ვუყვარდი, რომ მე მისი მეგობარი “ვიღაცა” მიყვარდა. ეს ისე ბეჯითად გადავწყვიტე გუნებაში, რომ საეჭვოდ აღარ მიმაჩნდა და “ვიღაცას” წარმოდგენა უთინათინოდ აღარ შემეძლო!.. ორივეს ერთად ვხედავდი, თუმცა ზოგჯერ, თინათინთან საუბრის დროს, ჩემი “ვიღაცა” აღარ იყო ხოლმე.

რამდენი დრო გადიოდა, უფრო და უფრო ხშირად ვხედავდით ერთმანეთს მე და ჩემი “ვიღაცას” ერთგული მეგობარი და, რომ ქვეყანას ყბად არ ავეღეთ, მქირდავების თვალის ასაშორებლად, გამოვძებნიდით ხოლმე სადმე მიყრუებულ ადგილს, იქ ვისხედით და ტკბილად ვსაუბრობდით.

ერთხელ ნამეტნავად შეგვიყოლია უცხო ბაასმა; შუაღამე გადასული იყო, როცა შინ დავბრუნდით. თვალები დავხუჭე თუ არა, მაშინვე ამიფერადდნენ სხვადასხვა სიზმრები. სხვათა შორის ვნახე, რომ მე, ვითომ, ავად ვარ სახადით, ცოტათი უკეთესობაში შევდივარ, თავი ჩემი “ვიღაცას” კალთაში მიდევს, ის ალერსიანად დამყურებს, შუბლზე წელს მისვამს და ცივ ოფლს მწმენდს...

ცოტა ხნით თვალსა ვხუჭავ, მერე ისევ ვახელ და რასა ვხედავ? ჩემი “ვიღაცა” გამქრალა, მის ადგილზე თინათინი დამჯდარა და მის კალთაში მიდევს თავი!.. საკვირველია, ეს არათუ არ მწყინს, კიდეც მიხარია და ვნატრობ: ნეტავი ჯერ კიდევ არ შემოვიდოდეს ჩემი “ვიღაცა”-მეთქი!..

სიამოვნებით შევყურებ თინათინს და მეჩვენება, რომ ამას თვალები იმ ჩემი “ვიღაცასი” ჰქონია და აქამდე კი არ შემინიშნავს, მართალია, იმას ცისფერი თვალები ჰქონდა და ამას შავი, მაგრამ მაინც ერთი და იგივეა! განა მარტო თვალები? ცხვირი... პირი... საკვირველია, საკვირველი!! იმასავით რომ თეთრი ტანისამოსიც აცვია?! ადრე რატომ ვერა ვნიშნავდი? სად ვიყავი? ახლა კი ვხედავ, რომ ეს თინათინიც არის და “ვიღაცაც!” “ვიღაცაც” და თინათინიც!..

მინდა შევიტყო, მინდა ამასვე გამოვკითხო, თუ როგორ მოხდა ეს, მაგრამ ენა რომ აღარა მაქვს საძრავი პირში!.. ნუთუ ასე ძალიან ავადა ვარ? ვკვდები? ეგება, მკვდარიც ვიყო, მაგრამ ეს ჩემი “ვიღაცა-თინათინი” რას უყურებს მერე? ეგება ვერ მატყობს?.. აბა ერთი ვანიშნო... მაგრამ როგორ? ხმა არა მაქვს... ვეღარ ვინძრევი!.. თვალებით ვანიშნებ, მაგრამ ვერ მიხვდა... ახა, ღმერთო! ჭირის ოფლი მასკდება... აი, სახლმა ტრიალი დაიწყო... ჭერიც ვარდება... აჰ! აჰ! აჰ! აჰ! ვაი!..

აქ გამომეღვიძა, უეცრად წამოვვარდი, მივიხედ-მოვიხედე და მივხვდი, რომ სიზმარში ვიყავი, მიამა, მაგრამ ცუდ გუნებაზე კი ავდექი მაინც. მზე მაღლა იყო წამოსული. ამ სიზმრის შემდეგ, თუმცა სული მიმდიოდა მენახა, მაგრამ ხუთი დღის განმავლობაში ვეღარსად შევხვდი თინათინს, თითქოს ცამ ჩაყლაპაო.

ფიქრებმა წამიღეს. “ვაითუ წავიდა სადმე? ან თუ ავად არის-მეთქი?” ვწუხდი და კანკალი მომდიოდა. თურმე, მართლა უღონოდ ყოფილიყო... მეექვსე დღეს შორს მოვატანე თვალი და მივაშურე. რამდენიც ვუახლოვდებოდი, იმდენი უფრო ძლიერად მიძგერდა გული და, რომ მივუახლოვდი, ყელში დამიწო ცემა!.. ცოტა მიებნიდა ექეიფობას; შემომხედა და გამიღიმა! გამიღიმა და იმაზე უტკბესი ღიმილი არც მანამდე მენახა და აღარც შემდეგ მინახავს...

დიდხანს შევჩერებოდი უხმოდ გრძნობამორეული მის ალერსიან სიტყვებს პასუხს ნაწყვეტ-ნაწყვეტად ვაძლევდი. საკვირველია, რაც მეტს მივჩერებოდი, უფრო და უფრო მაგონებდა იმ ჩემ “ვიღაცას” და მით, რაღა თქმა უნდა, უფრო ძლიერად იზიდავდა თავისკენ ჩემ გრძნობა-გონებას.

ამგვარად დღესხვალეობით იმდენზე მიმიყვანა, რომ უნიათოდ სუნთქვაც აღარ მეხერხებოდა, ნელ-ნელა ჩემი “ვიღაცა” თანდათან მავიწყდებოდა. მაგრამ ეს რა ვთქვი? მავიწყდებოდა კი არა, თინათინად იქცეოდა და ბოლოს სულაც გამითინათინდა!.. შევტოპე სიყვარულის მორევში, შევტოპე და კიდეც დამიძრა!..

ყოველდღე ვხედავდი იმ ჩემ სატრფოს, მაგრამ მაინც კიდევ ვერა ვძღებოდი მისი ჭვრეტით!.. ის შევუწონე მთელ ჩემს სიცოცხლეს და მთელ ქვეყანას, მას მეტი აღარა მაგონდებოდა რა და, თუ კიდევ რამ სხვაც მომწონდა, მისით და მის გამო. ვგრძნობდით, რომ ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ გამოთქმას ვერ ვბედავდით...

გარბოდნენ დღეები. მათ თან მისდევდნენ კვირეებიც, ზაფხული იწურებოდა. ერთხელ, მთვარიან ღამეში, მარტო ვისხედით ორივე და ერთმანეთს ჩვეულებრივად უხმოდ შევტრფოდით. თინათინმა გაიშვირა თითი ცისკენ და მითხრა: – “ხედავ იმ ორ ვარსკვლავს? აი, იქ... შორს... ცის კიდეში, სხვებზე მოშორებით რომ კაშკაშებენო?”

– როგორ არა-მეთქი! – მივუგე.

– საყვარლებსა ჰგვანან... შეიძლება მართლაც იყოს. ბუნებაში ყოელიფერს სიყვარული აკავშირებს ერთმანეთთან...

– შეიძლება! – წამოვიძახე მოუფიქრებლად და უაზროდ.

– თუ აგრეა, მაშინ, ერთმანეთს განზე რაღად უდგებიან? რატომ არ მოწყდება ის მოდიდო ვარსკვლავი და არ დაეკონება იმ მომცროს? ვინ უშლით?

– მერედა რომ იწყინოს მეორემ?

– რად უნდა იწყინოს? განა იმას კი არ სურს თუ?..

– თუ აგრეა, რატომ თვითონ არ დაეკონება?

– უთუოდ კრძალვაა მისი ბუნების თვისება, – ერიდება!..

– ვითომ? ჰმ!.. – ძლივს ამოვიკვნესე. თინათინმა თავი ჩაღუნა და გაჩუმდა. დიდხანს არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. გული საოცრად მიცემდა და თინათინის გულის ძგერაც მესმოდა. ის ხანდახან აიღებდა ხოლმე თავს, შემომხედავდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, და ისევ დახრიდა ხოლმე ძირს უკმაყოფილოდ. ბოლოს თქვა: “გვიან არისო”, წამოდგა და ზარმაცად წავიდა შინ. მეც მუნჯივით გავაცილე სახლამდის და დავბრუნდი შინ, ჩემ თავზე გაჯავრებული.

რა კარგი მიზეზი მქონდა, რომ ჩემი სიყვარული შემეტყობინებია მისთვის! ის ორი ვარსკვლავი!.. მაგრამ არა, არა! ისე წაცდა, უბრალოდ... მაინც უხეირო ვარ, რატომ არ ვუთხარი? მერედა, რომ სწყენოდა? რად უნდა სწყენოდა? მოდი ერთი, ვიტყვი, რაც გახდეს, გახდეს! რომ შერცხვეს, მეც ძალიან შემრცხვება, მაგრამ არ შევხედავ თვალებში... ეგება კი არ შერცხვეს? რომანები რომ არ რცხვენიათ ხოლმე? მოდი ერთი, დავუჩოქებ და არაფერს კი არ ვეტყვი, სანამ თვითონ არ მკითხავს... თვითონ მიხვდეს!.. არა, არა! ამას ხომ სხვებიც შვრებიან სხვებთან? მე მინდა, რომ ჩვენ სულ განსხვავებულები ვიყოთ! ჰმ... ხვალ სწორედ ვეტყვი... ვეტყვი და ვეტყვი!..

მეორე დღეს საღამომდე ვემზადებოდი და ვფიქრობდი, თუ რა უნდა მეთქვა და როგორ? კარგადაც მოვემაზე ჩემს გუნებაში, მაგრამ, მივედი იმასთან თუ არა, ფიქრები ამერია, პირში ნერწყვი მიშრებოდა, ყელში რაღაც გამეხირა ბურთივით და სულ სხვაზე დავიწყე როშვა!.. დიდხანს ვიტანჯებოდი ამგვარად! ვიჩემებდი... ჩემს თავს სიტყვას ვაძლევდი, როცა მარტო ვიყავი, და, რომ მივდიოდი, ვეღარას ვბედავდი!.. თითქმის თავი შემძულდა. ზაფხული კი თანდათან ილეოდა, დრო მოდიოდა ქალაქში გადასვლისა.

ერთხელ თინათინის წერილი მომივიდა: “უღონოდ ვარ და მოდი, მნახეო”. წიგნის წაკითხვა და სატრფოსკენ გაქანება ერთი იყო. მივდიოდი ჩქარი ნაბიჯით და გული თან აღარ მიმყვებოდა: “ვაითუ მართლა მძიმედ ავად იყოს-მეთქი”.

თინათინი მარტოკა იყო სახლში და მიმელოდა. როგორღაც ახირებულად იყო ჩაცმული და ახლადდავარცხნილი თმა მხრებზე ტევრად ეყრებოდა. შემომცინა და ალერსიანად მითხრა: “ვაითუ შეგაშინეო! ცოტათი გავცივდი და გარეთ აღარ გამოვდივარ, თორემ სხვებრ არა მიჭირს რაო!” ამ სიტყვებით ნუგეშცემული ახლოს დავუჯექი და დავიწყეთ სხვადასხვა ამბები.

გახურებულ საუბარში რომ ვიყავით, ერთი უეცრად დაიძახა: “მჭვალი! მჭვალიო!” და წამოვარდა ზეზე. მე გული გადამიტრიალდა... წამოვვარდი მეც და ქურს მოვავლე ხელი: მინდოდა ექიმთან გავქცეულიყავ, მაგრამ თინათინმა დამიშალა: “საჭირო არ არის, ისეც გადამივლისო, მე ასე ვიცი ხოლმეო”; გაიძრო კაბის ზედატანი და მიაგდო იქით: “აბა, ახლა კარსეტიც გამიხსენი, მგონია მიჭერსო... მრუდედ არის ზონრები გამონასკვული და მოკლე თავს მისწიეო...”

მივვარდი და ხელების კანკალით შევუხსენი, როგორც იქნა; ისიც გაიხადა და დააგდო სტოლზე. მისმა უსახელოდ და ღრმად გულამოჭრილმა განიერმა პერანგმა უცბად ძირს დაიწია. “წელზე ხელი მომდევი, არ წავიქცეო!” – მითხრა. მოვხვიე ხელი და მომეყრდნო გულზე. მუხლები ამიკანკალდა და ჩავჯექი.

ისიც გულაღმა დაეშვა ჩემს მუხლებზე. ლოყები წამოუწითლდა, ტუჩები ოდნავ გაეპო, თვალები დახუჭა და უცნაურად სუნთქავდა... ყელმოღერებულად თავგადაკიდებულს შავი თმა ტევრად ძირს ეყრებოდა. მოვინდომე გასწორება: თავი ავუწიე, მაგრამ მეტი მომივიდა და უცბად მისი ტუჩები, დახრის დროს, ტუჩებზე მომხვდნენ!.. ქალი სუროსავით ყელზე შემომეჭდო და მომიჭირა გამეტებით ხელები. მაშინვე თავბრუ დამეხვა და თავის მივეც დავიწყებას!..

რომ გამოვფხიზლდი, თინათინ მხარ-თეძოზე იყო წამოწოლილი და მე კი მის მკლავზე მედვა თავი. სახემღელვარედ მისვამდა შუბლზე ხელს და წყნარად მკოცნიდა. “წყალი ხომ არ გინდაო?” – მეკითხებოდა. მომიტანა სტაქნით ცივი წყალი, დამალევინა, მერე ამაყენა და მითხრა: “ახლა კი წადი კარში! სიგრილე მოგიხდებაო!” მე, ჯერ კიდევ გამოურკვეველი, უსიტყვოდ დავემორჩინე მის ნებას.

იმ ღამეს ტკბილად ჩამეძინა და მეორე დღეს, რომ გამომეღვიძა, სულ სხვა გუნებაზე ვიყავი. თავს ვეღარა ვცნობდი, თითქოს რაღაც ძლევამოსილება, ამირანთ-ამირანობა მომენიჭა-მეთქი და თამამად გავწიე საყვარლისაკენ. გული თუმცა ჩვეულებრივად აღარ მიცემდა, მაგრამ რაღაც შეფერებული სიამოვნებით კი იყო დამძიმებული.

თინათინი ახალი გამოღვიძებული იყო და ყავასა სვამდა. მაცდურად შემომხედა და მორცხვად ჩაღუნა თავი. “რა ყმაწვილია-მეთქი!” – ვიფიქრე გუნებაშI და მივიწიე მისკენ, ვითომ ყურში ჩასაჩურჩულებლად, მაგრამ ამ დროს გარედან ფეხის ხმა მომესმა და გავსწორდი. ოთახში ერთი დიდულვაშა კაცი შემოვიდა. ამ ვაჟბატონს ხშირად ვხედავდი ხოლმე ადრევაც თინათინთან და მომწონდა. მომწონდა მისთვის, რომ ის, როგორც ვატყობდი, მისი სასიამოვნო სტუმარი იყო, მაგრამ დღეს კი ასე უმიზეზოდ ამომეთვალწუნა.

რაღაცა მკბენდა გულზე. თითქმის მიკვირდა: “ჩემდა უნებურად აქ რა უნდა-მეთქი?..” ამისთანა უსაფუძვლო, სულელური რამ ჯერ არა მეგრძნო რა და გავიბუტე!.. გავიბუტე, მაგრამ თინათინის ერთი შემოხედვა საკმაო იყო, რომ ის ჩემი ღრუბელი გაეფანტა.

დიდხანს ვიყავი მთვრალი მისი ეშხით. სიყვარული თანდათან მეგზნებოდა უსაზღვროდ და უზომოდ, თუმცა ახლა სულ სხვაგვარად ვგრძნოდი მის ძალას.

ერთხელ რამდენიმე დღით გავემგზავრე ქალაქისკენ. სასოებით, თვალამღვრეულად გამოვეთხოვე ჩემ სატრფოს და წაველ. შემთხვევამ ისე მოიტანა, რომ იმ საღამოსვე დავბრუნდი და პირდაპირ მივაშურე თინათინს. ვფიქრობდი: “ახლა ის ჩემი ნეტარება მარტო იქნება... მოწყენილი... ან სტოლზე იდაყვდაბჯენილი ოცნებობს ჩემზე. მე მივალ, მივეპარები ნელ-ნელა... ფეხაკრეფით... შევაფრთხობ... ის წამოვარდება ზეზე, შემკრთალი, ერთს შემომკივლებს და, გაჭარხლებული, მომეხვევა კისერზე...”

ამ ოცნებით შევიპარე სახლში. ზალა ჩუმად გავიარე, ფეხებს ძირს აღარ ვაკერებდი; მხოლოდ გულს კი გაჰქონდა ბაგაბუგი, თითქოს გულზე ბამბას მაპენტავდნენ. წყნარად შევაღე საწოლი ოთახის კარები და შევძვერი. იმისთანა თქვენმა მტერმა დაინახა, მე იქ სანახავი ვნახე: კოტრიალა-კოტრიალა!! ულვაშებიანი ვაჟბატონი წამოვარდა ზეზე, აიფხორა ინდოურივით და თითქოს რაღაც დააპირა, მაგრამ ბოლოს წიგნს მოავლო ხელი და ვითომ ვკითხულობო, ჩაღუნა თავი. ქალბატონმაც რაღაც წაიბუტბუტა!

ერთხანს აშფოთებული იყო, მაგრამ ბოლოს შემომხედა და შეჰყარა წარბები. მე, ზარდაცემული, გაქვავებულსავით ერთი ადგილიდან ფეხს ვეღარ ვიცვლიდი. “თქვენ რა გინდათ აქაო?! – შემომძახა. – ვინ მოგცათ ნება ასე კადნიერად აქ შემოსვლისაო? არ გეკადრებათ მზვერაობაო” და სხვანი. მე ვეღარა გავიგე რა! სულ დავიბენი და თვალებდაჭყეტილი მივჩერებოდი, როგორც მართლა დამნაშავე.

თითქმის მზად ვიყავი, რომ იმის წინ მუხლმოყრით ბოდიში მომეხადა, მაგრამ ვერ ვახერხებდი და ის კი უფრო მიყვიროდა გააფთრებული: “გადი აქედან! გაეთრიე! აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმაო!..” მაგრამ მე მაინც არ ვინძრეოდი, სანამ კიდევ არ მომაძახა ზიზღით: “არ გესმის, შე ლოქო, შენაო?!” ამ სიტყვამ გამომაფხიზლა!.. ეს სიტყვა, სადაც ადრე ეკლად მეჩხვლიტა გულში, ახლაც სწორედ იმავე ადგილას განმეორებით ფინთიხივით მეცა და გამწარებული გავვარდი კარებში ბაღისკენ.

აღარც გზა მიძებნია და აღარც კვალი! მეტი აღარა მახსოვს რა! მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გამოვფხიზლდი საავადმყოფოში. ჩემმა ექიმმა საიმედოდ მითხრა: “აწ აღარა გიჭირს რაო!.. შენს ახალგაზრდობას ჰმადლოდე, თორემ ვერ აიტანდი მაგ ანთებასო! რომ მოუყვანიხართ აქ, მაშინ არ უთქვამთ, თუ რა მიზეზით მოგსვლია ეგ ანთება, მაგრამ მე კი ისეც შეგატყვეო: უთუოდ წყალში ჩავარდნილხარო”.

– როგორ თუ წყალში და რითი მიხვდით-მეთქი?

– ეგ ადვილიაო! – ამაყად მიბრძანა, – როცა გაბოდებდა, სულ ლოქოს ახსენებდიო!..

ლოქოს გაგონებაზე ხელმეორედ შემიწუხდა გული. მას შემდეგ აგერ მეოთხედი საუკუნე გარბის და მე ლოქოს ხსენება დღესაც კიდევ მეჯავრება. 

 

II

ჟ ი ნ ი

 

 

ულვაში საგრეხად მქონდა. წვერი მეხუჭუჭებოდა. ვაჟკაცობის კალაპოტში ვიყავი ჩამჯდარი. ოცნებას ფრთა შეეკვეცა და გონება გამითავადდა. პირველი სიყვარულის სენმოხდილს, სურვილი ნდომად მქონდა გადაქცეული და გრძნობა - გულის ფხანად.

ვიცოდი, რომ სიყვარული “მოგატყუე-მომატყუე”-ს ბურჭალობა იყო და ამიტომაც  კიტრად ვაფასებდი: ახალ-ახალი მენატრებოდა და ძველი აღარ მინდოდა!.. ჩემი “არჩევანი” ყოველთვის მოხერხებული იყო! ერთგვარობას ვერიდებოდი და ერთფერობა მობეზრებული მქონდა. ერთ ადგილას ფეხმოკიდებით ცხოვრება მეძნელებოდა.

ერთხელ სალხინოდ მიმიწვიეს და იმ დროს მივედი, რომ ლეკური კიდეც დაეწყოთ. საზოგადოდ ლეკური არ მიყვარდა, მაგრამ, როდესაც ჩურჩული დაიწყეს: “მათიკო გამოდის, მათიკოო”, სულმა წამძლია და წინ წავდექ. ის ახალი გაცნობილი მყავდა და ჯერ არ მენახა მისი ლეკური, თუმცა გაგონებით კი ბევრი გამეგონა.

წყნარად გამოვიდა მშვენიერი თვალტანადი ქალი, ზრდილობიანად დაკრა თავი მის გამომთხოვ ახალგაზრდა კაცს და ჩამოუარა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ იმ დღემდე ლეკური მხოლოდ ფეხების პარტყუნი მეგონა და ხელების გრეხა. მაშინ კი დავდევი ფასი: ჯერ დავლურში ყოველი მისი ფეხის გადადგმა, ლერწამტანის მიხვრა-მოხვრა, თავის აღებ-დაღება, გახედვ-გამოხედვა და შეჩერება თვით განხორციელებული მაცდურობა იყო!..

კვალში მისდევდა აშფოთებული ჭაბუკი და რხევით შეტრფიალებდა. გასწყვიტეს დავლური და ყელი მოიღერეს სალეკუროდ. ერთი ჩამოიქროლა ქალმა შერხევით, თითქოს ფრთები გაშალაო, და გაიტაცა კაციც!.. დაქანცული ხან აძლევდა თავს დასაჭერად და ხან ისევ მკვირცხლად გამოუსხლტებოდა ხოლმე ხელიდან. შეჩერდა და მიუშვა მისი მოკამათე ნებაზე.

აღელვებული ჭაბუკი დიდხანს უტრიალებდა გარს, როგორც პეპელა სანთელს, და ბოლოს ფრთებშეტრუსულივით გაიქცა... გამოუდგა ქალი, შეაჩერა იმავ ადგილზე, სადაც წინეთ თვითონ იდგა, და იწყო მის წინ რხევა; შემოურბინა ირგვლივ, თითქოს ჯადო გაუკეთაო, მერე კი ჩამოეცალა ნელ-ნელა! ერთიც კიდევ ჩამოუარა და შეჩერდა... ჩამოუშვა მოხდენილად ხელები, დაუკრა მაყურებლებს თავი და მიიმალა...

– ძალიან მუშტრის თვალით სინჯავ! – სიცილით წამილაპარაკა ერთმა ნაცნობმა ქალმა.

– მართლა რომ შნოიანი ყოფილა!..

– ჰმ!.. ფრთხილად, ვაჟბატონო!.. მათიკოს “ვერ იცანი” ჰქვიან. თავმომწონე ქალია: თაყვანისმცემლების გუნდს იხვევს, მაგრამ...

– მაგრამ?

– ჰხრუკავს და არ ათბობსო, ამბობენ. ჰმ! საკვირველია ზოგიერთის ბედი: ჩვენ რომ ორჯერ-სამჯერ ვინმე დაგველაპარაკოს, რას არ იტყვიან ჩვენზე? და მაგას თვალითაც რომ უყურონ, არ დაიჯერებენ! – თქვა გულდაწყვეტით და მომშორდა.

ცოტა ხნის შემდეგ შევნიშნე, რომ მათიკოს ეჩურჩულებოდა და ჩემკენ იხედებოდნენ. წასვლის დროს მე და ჩემი ნაცნობი ქალი ერთად მოვხვდით კიბეზე და სიცილით მითხრა: “სხვა ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებულიო; ხვალ ჩემთან გელი  და საღამოს სხვაგან არსად წახვიდეო”. დანიშნულ საღამოს რაღაც სხვა გუნებით ველოდი და ბევრ რამეს ახირებულადაც ვფიქრობდი.

ისეთი სიამოვნებით ძვირად სადმე გამიტარებია დრო, როგორც მაშინ. იქ დიდი მოლზენა იყო საზოგადოდ და მასპინძლის გულგაშლილობას საზღვარი არა ჰქონდა. ყოველი ღონისძიებით ცდილობდა, რომ მე და მათიკო ერთად ვყოფილიყავით და კიდეც ახერხებდა ამას. მათიკო კარგი მოლაპარაკე იყო: ისეთ ალერსიან სიტყვებს მეუბნებოდა და მასთან მაცდურ რამეებსაც მეკითხებოდა, რომ, თუ გამოცდილი არ ვყოფილიყავი, მწვანე კიტრსაც დამავიწყებდა და გოგრასაც დამაკარგვინებდა.

მათიკო მომღერალიც იყო. ბევრს ეხვეწენ, მაგრამ არ იქნა, არ იმღერა: “არა ვარ გუნებაზეო”, და ჯერ სხვები ამღერეს. ყველაზე უკეთ ერთი ვიღაც ახალგაზრდა მღეროდა. იმ დროს მე და მათიკო ერთად ვისხედით და საზოგადოდ გრძნობაზე გვქონდა ბაასი. როდესაც მომღერალმა უეცრად წამოიძახა: “სძგერს გლახ-გული, საყვარელო”, მე შევკრთი და გულმა შემითამაშა...

მათიკომ თვალი მომავლო და გრძნეულად გაიღიმა. ჩაღუნა თავი და დაუგდო ყური სიმღერას; სახემ ღელვა დაუწყო, გულისპირი ენძრეოდა. ადგა ხმაამოუღებლად, მივიდა კუთხეში და მუთაქას გადააწვა მარცხენა გვერდით. შეწყდა თუ არა სიმღერა, მათიკომაც ხმა გაისწორა; ყველამ მისკენ მიიხედა. მარცხენა იდაყვზე თავდაბჯენილმა, მოიღერა ყელი და შემოსძახა კვნესით: “ჭმუნვის მახვილი გულსა მსობია”-ო. მაინცდამაინც დიდი ხმა არა ჰქონდა, მაგრამ კილო კი მოხერხებული იყო და ისეთი გრძნობითაც ამბობდა, რომ გულს იპარავდა. თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ არავის კი არ უყურებდა ამ ქვეყნად, თითქოს სხვაგან სადმე მიმოაფრენს სურვილსაო! თვითეულ სიტყვას თავთავის შესაფერ ძალას აძლევდა.

რომ მივიდა იმ ლექსამდე: “არ გესმის ოხვრა, ოხვრის მიზეზი”-ო, მე გულმა ძგერა დამიწყო და გათავების დროსაც, როცა წამოიკვნესა ნაღვლიანი სასოწარკვეთილებით: “სიცოცხლის ძაფი მან სწყვიტოს, რადგანაც გასაწყვეტია-ო და მოხდენილად წინ წაიქნია ხელები, მე გული ყელში გამეჩარა!.. გიჟივით წამოვვარდი და მივაშურე ხელზე საკოცნელად. სევდიანი ღიმილით ჩამიდვა ხელი ხელში. ტუჩებმა იგრძნეს, რომ ის ხელი ოდნავ თრთოდა. იმ დღიდან ჩემი გრძნობა-გონეა საკუთრად იმან მიიზიდა და ჩვეულებრივად იმედიანადაც გადავუგდე ანკესი.

ზოგიერთი თევზია, დაინახავს თუ არა ანკესს, შორიდან მოაშურებს, მაგრამ, რომ მიუახლოვდება, ხეირიანად დაიწყებს ცურვას: ხან ბოლოს გაუქნ-გამოუქნევს, ხან ზურგით წაეფხანება და ხან ფრთებით, მაგრამ თავს კი ყოველთვის არიდებს. მეთევზეს სული მიუდის: ჰა, თუ აგერ წამოეგოს და ჰა აგერაო!.. ინძრევა ძაფი; მეანკესე იმედიანად ამოჰკრავს მკედს, მაგრამ ცალიერი ანკესი რჩება ხელშო: თევზს მოუგლევია მის მოსატყუებლად ანკესზე აცმული ჭია და წასულა უვლებლად. მონადირეს გული მოსდის, ჟინზე ისევ ხელახლად აგდებს ანკესს წყალში, მაგრამ მაინც ვერას აწყობს: არ ედება გაეშმაკებული თევზი.

სწორად ამგვარად ჩამითრია მათიკომაც!.. “არაფერია!” – ვამბობდი გუნებაში, – “ეს ულვაში არა მსხმია, თუ ვერ დაგიჭირო! ათასი ხერხი ვიცი და რომელ ერთს გადაურჩები-მეთქი?!” იმას კი აღარ ვფიქრობდი, თუ შეიძლებოდა, რომ იმას ერთით კიდევ მეტი სცოდნოდა ჩემზე.

ჯინმა გამიტაცა, თავმოყვარეობა აღარ მასვენებდა და მის მაგიერ მე თვითონ ვეხვეოდი ტრფიალების ბადეში. მათიკომ რომ შემატყო, აღარა ხუმრობზო, განზე გამიდგა და მძიმედ დაიჭირა თავი. მე გუნება გამომეცვალა: ხასიათი ისე გამიფუჭდა, რომ წამდაუწუმ ვანჩხლობდი. მცირე რამეზე მომდიოდა ხოლმე ჩხუბი მათიკოსთან და ჩემს თავს სიტყვას ვაძლევდი – სამარადისოდ დამენებებია თავი, მაგრამ მცირე რამე ალერსიანი მოქცევა მისი მხრით ისევ მავიწყებდა ყოველიფერს. ყმაწვილს დავემსგავსე და ბუტიაობა დავიწყე. ქვეყნის თვალში ამგვარი რამ არ დაიმალება. ჩემ ქცევასაც თვალყური მიადევნეს; მნახეს დამარცხებული და არ სწყენიათ. რაღას ვიზამდი? გავიმაგრე გული და რამდენიმე წლით გაშორება მოვინდომე.

წასვლის წინა დღეს ერთ ოჯახში, სადაც მათიკო იყო მიწვეული, ისეთნაირად მოვილხინე, რომ მეტი აღარ მოხერხდებოდა! მიზეზად ვამბობდი: “ჩემი დიდი ხნის სურვილი რომ სრულდება და მივდივარ, ის მიხარია-მეთქი!” ვამბობდი, მაგრამ გული კი სხვას მეუბნებოდა. ამ სიტყვებზე მათიკოს შევჩერებოდი, მაგრამ არა ეტყობოდა რა... ისეთ სახეზე იყო, რომ თითქოს თხა მიუდით საბალახოდ და იმის ამბავს ამბობენო.

გამოთხოვების დროს ხელი მომიჭირა და მითხრა: “იმედია, უნახავი არ წახვალთ და ხვალ კიდევ შემოივლით ჩვენსკენო”. მეორე დილას ადრე მიველ იმასთან გამოსათხოვრად. ის ისე დამიხვდა, ვითომ არც კი მიმელოდა და გაუკვირდა: “ასე ადრე რა უნდაო?” მისვლის მიზეზი რომ ვუთხარი და გამოვეთხოვე, ცივად მითხრა: “მართლა? ნეტავი თქვენ, რომ მიდიხართო!” ერთი კარგი ლაზათიანი მთქნარებაც მისაგზლა და გამისტუმრა...

მაშინ კი სწორედ შემეზიზღა და ვთქვი: “ღმერთმა შემარცხვინოს, თუ ეს ან ერთ კიტრად ღირდეს-მეთქი! ამას როგორ გადავყევი, თU მე ჩემს ჭკუაზე ვიყო-მეთქი?” და გავეჩქარე... სახლს რომ გვერდით ჩავუარე, მაღლა ავიხედე ფანჯრისაკენ. ფარდის პირი აეხადა მათიკოს, გამოეყო თავი და შეწუხებული სახით მიყურებდა. დამინახა და ფარდა დაუშვა...

მგზავრობას, რომ მეგონა, ის ევერ გადავაყოლე გული და ვერც უცხო მხარემ შემიყოლია. ყოველგან და ყოველთვის თვალწინ ფარდა მებლანდებოდა... წამდაუწუმ ვეკითხებოდი ჩემ თავს: “ვუყვარვარ თუ არა მათიკოს-მეთქი?” და გადაწყვეტილს ვერას ვამბობდი. მე კი მისი სიყვარული თანდათან მერეოდა. მისთანა არა იქნებოდა რა, არც ავიდ ა არც კარგი, რომ მისი სიყვარულის გულისთვის სიამოვნებით არ ჩამედინა, თუკი საჭიროდ დავინახავდი. “აბა ეს ყოფილა ნამდვილი სიყვარული-მეთქი!” – ვამბობდი.

“შორით ბნედა, შორით ტანჯვა, ნიადაგ მოგონება დახილვა! – ვფიქრობდი ჩემთვის... გავტარიელდი ვითომც ჩემს გუნებაში და დავემორჩილე ბედს!.. დავემორჩილე, მაგრამ ვერ ავიტანე კი და სამი თვის შემდეგ ისევ დავბრუნდი. ჩემი ჩქარი და მოულოდნელი დაბრუნება ბევრს გაუკვირდა და მათიკოს კი სიხარულიც დაეტყო.

პირველ ნახვაზე (გზაში შემეყარა) შეკრთა, ცოტათი წამოწითლდა და თვალები აუბრიალდა, მაგრამ მალე შეიმაგრა თავი და ჩვეულებრივი სახე მიიღო. მგზავრობის  თაობაზე ერთი სიტყვაც არ უკითხავს, მხოლოდ ჩვეულებრივი მოკითხვის შემდეგ მითხრა: “გამხდარხართ და თვალებში სიყვითლეც შეგპარვიათო!.. ასე იცის უცხო ქვეყანაში გაუწყვეტლად ლხინში და სიამოვნებაში ჩაქანცვამაო!” – დაუმატა მწარის ამოკვნესით და გამშორდა. რამდენსამე დღეს ვიმაგრებდი თავს; არ მინდოდა მათიკო მენახა, მაგრამ უცნაურად კი ვიტანჯებოდი: მადა დაკარგული მქონდა, სიცხეს მაძლევდა და წამდაუწუმ წყალსა ვსვამდი. ვეღარ ავიტანე! გავიწირე თავი და წაველ სანახავად...

ღამის მეათე საათი იყო. მათიკო მარტოკა  იჯდა ბუხართან. შინაური, ხალათური კაბა ცოტათი მუხლებზე ჰქონდა აწეული, გულმოღიავებულს, ფეხებზე ისეთი მაღალყელიანი წინდები ეცვა, თითქოს ობობას ქსელიაო. შიგ ხორცი ვარდისფრად გამოსჭვიოდა. ცალი ფეხი ოდნავ ჰქონდა წითელ ხავერდის ფოსტალში შეყრილი და ცალიც ისე, მხოლოდ ზევიდან, ედვა. სახე წამოწითლებოდა, ხელები ცეცხლისკენ მიეშვირა და თბებოდა... რომ დამინახა, ვითომ შეკრთა!.. ჯერ მორცხვად გული შეიკრა, მერე დაიხედა ფეხებზე... “უიო!” – წამოიძახა და სიჩქარით დაუშვა კაბა... “უკაცრავად!” – მითხრა რაღაც გრძნეულად და მიმიწვია იქვე, სკამზე... დიდხანს არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მე პირი მიშრებოდა და ის კი თითქოს რაღაცის თქმას ეპირებოდა, მაგრამ ვერა ჰბედავდა. ბოლოს სკამი დასწია უკან და თქვა: “ცხელაო!.. თქვენც ხომ არ გაწუხებთ ცეცხლიო?”

– რომელი ცეცხლი: ბუხრისა, თუ გულში რომ მიკიდია-მეთქი? – ძლივს გავბედე თქმა ხმის კანკალით. მათიკომ შემომხედა, ხმა არ გამცა. ისე აღელვებული ჯერ არ მენახა: გულ-მკერდი ებერებოდა. მერე კიდევ მომაჩერდა და ძალიან რბილი ხმით თქვა: “ნეტავ კაცებმა მოტყუება არ იცოდეთო!” – ერთი ამოიხვნეშა და ჩაღუნა თავი. მე ტანში რაღაც სიცივე ვიგრძენი, ერთი გამაჟრჟოლა და ამიტყდა თრთოლა... დიდხანს ხმა ვეღარ ამოვიღე. შემდეგ გავბედე, როგორც იქნა:

– მათიკო, ნუთუ შემიცოდებია რამე თქვენთვის, რომ ამოდენი ხანი მტანჯავთ?

პასუხის ნაცვლად მიბნედილი თვალები გაშტერებით მომაპყრო და აღელდა...

– არიან იმისთანა წამები, როდესაც კაცს აღარ შეუძლია იფარისევლოს!.. ეგება უკანასკნელიც იყოს დღევანდელი ჩვენი საუბარი და ნურას მიწყენ!.. ხომ ხედავ, რომ ვიტანჯები? ვიტანჯები გამოუთქმელად!.. ჩემი სიცოცხლე სიცოცხლედ აღარ არის სახსენებელი!.. მეტის ატანა მოუხერხებელია!.. ღმერთმა ხომ ვიცი, რომ ყოველი ღონისძიება ვიხმარე გასაქარვებლად, მაგრამ ძნელი ყოვილა ნამდვილი სიყვარული: ის არა ჰგავს ყმაწვილობის ოცნებას და არც წამიერ გულის გადაყოლას!.. ვერა ეწინააღმდეგება-რა: ვერც დრო და ვერც ვითარება...

– ჰმ!.. კარმა! კმარა! კმარა ეს მალულობია! – გამაწყვეტინა მათიკომ. – ვიცი, ვიცი, რომ ძნელი ყოფილა სიყვარული და მისი ატანა კიდევ უარესი... მაგრამ ჩვენ თუ ავიტანთ ხოლმე?! ქალები უფრო სუსტები არა ვართ კაცებზე?!

– არა, არა!.. თქვენ არ შეგიძლიათ ის იგრძნოთ, რასაც ახლა მე ვგრძნობ... თქვენთვის ნამეტანი იქნებოდა!..

– მართლა აგრე გგონიათ?.. აბა, ერთი ახლა ჩემს გულშიც ჩაიხედეთ!.. თქვენ მხოლოდ თქვენი გიკვირთ და სხვისას კი აღარ კითხულობთ!.. ეგებ ჩვენც გვიყვარდეს!.. ჩვენც ეს სენი გვმსჭვალავდეს, მაგრამ ვითმენდეთ და საიდუმლოდ ვიტანჯებოდეთ!.. განა ჩვენ კი ქვის გული გვაქვს?.. ეჰ, დარწმუნდით, რომ მეც მიყვარს!..

მინდოდა მეკითხა: “ვინ-მეთქი?” მაგრამ ვფიქრობდი: “ვაითუ სხვა ვინმე იყოს და მე კი საუკუნო სასოწარკვეთილებამ მიმსხვერპლოს-მეთქი!”

– განა მე ვერ ვხედავ, რომ გიყვარვარ? – განაგრძო მათიკომ, – მაგრამ რა ვქნათ? შეუძლებელი უნდა დავთმოთ. იმდენი ბედნიერება მე, რამდენი ღამე გამეტეხოს შენზე ფიქრით...

– როგორ თუ ჩემზე?! განა მე ვარ აგრე ბედნიერი?! – ძლივს წარმოვთქვი ხმის კანკალით.

– დიახ! რაღად დაგიფარო? მიყვარხარ მეც! მიყვარხარ ისე, რომ მეტი მოუხერხებელია! მაგრამ...

– მაგრამ რაო? რაღა ეწინააღმდეგება ჩვენს სურვილს?

– მოვალეობა! ხომ იცი, მე თავისუფალი არა ვარ და ლეჩაქის მოხდა გამაუპატიურებს?.. რაც თქვენთვის კაცებისათვის, საქებია, ის ჩვენთვის სამარადისო ჩირქია!

მართალს ამბობდა. პირველად დავფიქრდი მეც ამაზე, დავეთანხმე და სასოწარკვეთილებით მივიფარე თვალებზე ხელი: მეშინოდა, რომ ცრემლები არ წამომცვენოდა.

– გიყვარვარ! – კიდევ დაიწყო მათიკომ. – ჰმ... განა მარტო შენგან მესმის ეგ პირველად? მაგრამ პასუხს კი მარტო შენ გაძლევ და გეკითხები: რა მსხვერპლის მოტანა შეგიძლია ჩემი სიყვარულის გულისთვის?

– თვით შეუძლებელიც!..

– კარგი! მე მაგდენს არც გთხოვ!.. მაშ, მეც გაძლევ ფიცს, რომ ამიერიდან შენ გეკუთვნოდეს ჩემი გული, შენი მეგობრობით ვისულდგმულო, მხოლოდ ნუ ამხდი ლეჩაქს და გიყვარდე ისე, როგორც და!

ჩემი ნატვრა ამდენადაც ვერ კადნიერდებოდა და, რასაკვირველია, გული მოულოდნელი სიხარულით ამევსო! დავვარდი მის წინ მუხლებზე, მოვხვიე ხელები და ხან ერთსა და ხან მეორე მუხლზე სასოებით ვეამბორებოდი. გრძნობამიხდილსავით ჩავუდევი თავი კალთაში და გავქვავდი. ცალ გვერდს ცეცხლი მიხურებდა, მაგრამ, საკირეშიაც რომ ჩავეგდეთ, გეღარას გავიგებდი. მათიკო წყნარად აცოცებდა თავის პაწაწინა ხელებს ჩემს თმებში... მერე ამიწია თავი, ამომდო ორივე ხელები ყბაში და ჩამაჩერდა... სულს ძლივსღა ვიბრუნებდი. მის ფუნჩულა ლოყებზე იქით-აქეთ მარგალიტივით მოგორავდნენ ცრემლები და თვითონ კი ტკბილად იღიმებოდა.

ერთხანს მიყურა, მიყურა, თითქოს რაღაცის ამოკითხვა უნდაო, ერთიც გააჟრჟოლა, უეცრად დამეკონა და ისეთი მაკოცა, რომ მეგონა: ორკეცი ტყავი ამაძრო ტუჩებზე-მეთქი!.. მერე მკრა გამეტებით ხელები გულზე და კიტრივით გამაგორა!.. სანამ მე წამოვდგებოდი, ის საწოლ ოთახში შევარდნილიყო და წამოეკეტა კარები. დავბრუნდი შინ ეშხით მთვრალი და ბედისაგან დაგვირგვინებული... “აი, ეს ყოფილა თურმე ნამდვილი სიყვარული, რომელიც სახორციელოს არას ითხოვს-მეთქი!” – ვამბობდი გუნებაში და ვემორჩილებოდი უზომოსა და უსაზღვრო სიყვარულს. ასე, ამ ყოფაში, გაირბინა ზამთარმა.

ერთხელ, ახალ გაზაფხულის პირზე, ჯერ კიდევ რომ ცოტათი ციოდა, ავდრიან საღამოს, ჩემს სატრფოსთან ვიყავი და შევხაროდი. ვახშმადაც დავრჩი. ახალ ნავახშმევს ისეთი ელვა-ჭექა ატყდა ქუხილით, რომ შინ წასვლა ძნელი იყო და მათიკომ მირჩია მისას დარჩენა. შუა ოთახში დამიგეს და მომასვენეს. ჯერ კარგად არა მქონდა რული მოკიდებული, რომ ჭრიჭინი მომესმა!.. გავახილე თვალები – ვერა დავინახე რა!.. კიდევ დაიჭრიჭინა და გაიღო კარები... საშინელი სიჩუმე იყო; ვერა შევნიშნე რა, თუმცა ძალიან კი ვაკვირდებოდი. ჩემი სრული გონება კარებისკენ იყო მიქცეული. ვიღაცამ ხელები მომისვა... შევკრთი!.. “სსუუუო!” მომაძახა და საბნის პირი აიღო... მე ცოტა კედლისკენ გავიწიე და სული შემეხუთა!..

დილას რომ გამომეღვიძა, ჩემ გვერდით აღარავინ იყო...

“ჰე! თუ ამითი დაბოლოვდებოდა, ეს ამოდენი ხნის ჟინი რაღა იყო?! ჰმ!.. თურმე საიდუმლოება ყოფილა საჭირო!.. მართალი ყოფილა, რასაც ზღაპრულ დედოფლებზე ამბობენ. ესეც ახლა, ძალა რომ ხელთა ჰქონდეს, საიდუმლოს დასაფარავად უბრძანებდა მონებს, რომ ზღვაში გადავეგდეთ!.. ჰმ!.. მაგრამ რას ვამბობ? რა უსინდისო ვარ! ფუი! შერცხვეს მამაკაცების წვერ-ულვაში! ქალმა ტანჯვა ვეღარ აიტანა, თავი გაიწირა... უმანკოება მიმსხვერპლა და მე კი, მადლობის მაგიერად, რაებს ვეწამები-მეთქი!” ვამბობდი გუნებაში. ვამბობდი და თანაც სადიდებლად ვუკმევდი გრძნობა-გონებას!.. სასტუმროში რომ გამოვედი, მათიკო ისე შემეყარა, თითქოს არაფერი ამბავი ყოფილიყოს!.. მხოლოდ  ეს კი შევნიშნე, რომ ყოველ მის სიტყვას ბრძანებითი კილო ჰქონდა.

იმ დღიდან უფრო სამჭიდროდ შეიცვალა ჩვენი განწყობილება. მართალია, ადრინდელი აღტაცება აღარ მეტყობოდა, მაგრამ სიყვარული კი ძლიერად მქონდა გამჯდარი მთელს ჩემს არსებაში და სიკვდილამდე ვერც არას შევუწონიდი იმას! ვაფასებდი მათიკოს თავგანწირვას და უზომო მადლობა იყო მისი სიყვარულის ბუდე.

ჩვენს მეგობრობას აღარა შეედრებოდა რა!.. ერთმანეთს, რასაკვირველია, აღარას ვუფარავდით. მარმარილოს მსგავს ბეჭის ფრთასთან ერთი პატარა წითელი ნიშანი ჰქონდა მათიკოს, რომელზედაც ამბობდა: “ეს მიტომ გამიჩნდა, რომ დედაჩემმა განგებ, გამოსაცდელად, სწორედ ზედ ამ ადგილზე მოიცხო ტყლიპიო!” არ მახსოვს, რომ ჩემი ტუჩები უთრთოლველად იმას მიჰკარებოდნენ როდისმე... ის მიმაჩნდა ჩემ საუკუნო ნეტარებად და სიცოცხლის ნიშნად.

ერთხელ ყმაწვილმა კაცებმა თავი მოიყარეს ერთი ამხანაგისას. მეც იქ ვიყავი. ჩამოვარდა ბაასი ამაოდმორწმუნეობაზე და, სხვათა შორის, ტყლიპზეც გადავიდნენ. ერთმა ყმაწვილმა კაცმა წამოიძახა: “მე ვიცი ერთი ქალი, რომელსაც ბეჭის ფრთასთან აქვს ტყლიპის ნიშანიო და, როგორც მიამბო, დედამისს ორსულობაში უსინჯავსო!”

ეს რომ გავიგონე, შევკრთი, მაგრამ ისევ მალე მოვეგე გონს: “სხვა ვინმე იქნება, თორემ ეს ყველაფრად ჯაბანი კაცი მათიკოსთან რა სახსენებელია-მეთქი?!” – ვიფიქრე; ვიფიქრე, მაგრამ მაინც გამოსაცდელად წამოვიძახე: “მაგისთანა ვინმეს ერთს მეც ვიცნობ, სწორედ იმასაც ბეჭის ფრთასთან აქვს ის ნიშანი-მეთქი!” ამ ყმაწვილმა ისეთის მოშურნის თვალით შემომხედა, რომ მე მართლა ეჭვი შემივიდა გულში...

ცოტა ხნის შემდეგ უქეიფობა მოვიგონე, გამოვეთხოვე ყველას, წაველ ვითომ შინ, მაგრამ ნამდვილად კი მათიკოსკენ გავეშურე. საყვარელმა ჩვეულებრივად მიმიღო. ცოტა ვიალერსეთ, მერე ბოდიშმოუხდელად მივწექ სკამლოგინზე და ამოვუშვი ხვრინვა. არ გაუვლია ნახევარ საათს, რომ ზარის წკარუნი მოისმა. მათიკომ ბევრი მანძრია, მაგრამ ვერ გამომაღვიძა...

შემოვიდა ჩემი რაყიფი, გაჩერდა მათიკოს წინ და მოკითხვის პასუხად გულწბილად უთხრა: “თქვენ რა გენაღვლებათ, როგორ უნდა ვიყოო?” მათიკომ ტუჩებზე ხელი მიადო: “სსუუუო”, – უთხრა, შემოახედა და გაიტაცა საწოლი ოთახისაკენ... დავრჩი მარტო, წამოვდექი ნელა და კარებს მივაშურე. მე სისხლი მიშრებოდა... ისინი ჩურჩულებდნენ რაღაცას!.. ბევრი ვერა გავიგონე რა... მხოლოდ ამას კი მოვკარი ყური, მათიკო რომ ეუბნებოდა: “რა ყმაწვილი ხარ?! არა გრცხვენია?.. მე ის ისე მიყვარს, როგორც ჩემი ყურშა (ყურშა მის პატარა ფინიას ერქვა). შენგან კიდე სხვა უნდა ვიფიქრო ვინმე? აი, კაცები სულ ეგრე ხართ... ურწმუნო!.. გაუტანლები!.. ძალიან კი გიხდება ეგ გაჯავრება, ჰოი, შენ კი გენაცვალოს შენი მათიკო!” – და ამასთან ერთი მაგარი ტლოშნის ხმაც გამოვიდა...

მეტი ვეღარ მოვითმინე, ნაღვლიანად გადვიხარხარე და გავკოტრიალდი ისევ სკამლოგინზე. მათიკო გამოვარდა სანთლით ხელში და მკითხა: “რა მოგივიდაო!..” მე დამშვიდებით ვუპასუხე, რომ ახირებული სიზმარი ვნახე და იმან გამაცინა-მეთქი: ვითომ მწვანე კიტრი მეჭირა ხელში, უცბად დამიმჟავდა და გამივარდა... იქ ერთი ღორი იდგა, იმან მოავლო პირი და გაიქცა! აი, ამისთანა ახირებულ რამეს ნახავს კაცი ძილში-მეთქი, – დავუმატე სიცილით. რომ თვოთონაც აშფოთებული არ ყოფილიყო მათიკო იმ დროს, შემატყობდა რამეს სახეზე, მაგრამ მაშინ კი ვეღარა გაიგო რა, მართალი ეგონა ჩემი სიტყვები და ღიმილით მითხრა: “კარგი სიზმარი გინახავს! არაფერია, შენ კი გენაცვალეო, ახალმა კიტრმა ახალი ამბავი იცის, დამჟავებით – მტერი დაგიმჟავდებაო”.

– ღორი?.. ღორი რაღა არის-მეთქი? – ვკითხე.

– ყოველივე ცუდი მოგშორდებაო... – მიპასუხა ჩვეულებრივი ალერსით... მეც ალერსიანი ღიმილით შევხედე, მაგრამ გულში კი შემეზიზღა იმ დროს, არათუ მარტო ის, ყოველი ქალი!.. საათი ამოვიღე, დავხედე და ვთქვი: “უჰ, დამგვიანებია, სხვაგან მაქვს საქმე-მეთქი” და გამოვეთხოვე. მათიკოსაც, რასაკვირველია, აღარ დაუშლია წასვლა. მასუკან აგერ თხუთმეტ წელიწადზე მეტია და მწვანე კიტრს ისე ვერ შევხედავ, რომ ნაღვლიანად არ გამეცინოს.

 

III

ნ ა მ დ ვ ი ლ ი

(მასკა)

 

 

თმაში ჭაღარა შემომეპარა. ვარდს უეკლოდ ვეღარ ვისახავდი. ოცნება გამიქარწყლდა, ნატვრა მოთმინებით გადამექცა და გულისწყრომა – სიბრალულად. აწმყოზე უმადური და წარსულით გულდაწყვეტილი, საიმედო მომავალს მივდევდი, საპირადოს აღარას ვეძებდი: ამოღებული მქონდა საზოგადო ლელო და მისკენ ვეძალებოდი.

ღიმილს ცხოვრების ფარად ვხმარობდი; მხოლოდ მარტოობაში, მოცლის დროს, სხვის დაუნახავად, სახე მოღრუბლებოდა და ვამბობდი გუნებაში: “ოჰ, რა ძნელია სულით ობლობა! ნუთუ ეს ჩემი გრძნობა ჩაკირული უნდა დამრჩეს სამუდამოდ გულში? ვერვის გავუზიარებ? რატომ ვერა? მაგრამ სად არის... სად... თანამოზიარე?! – ოხვრით ვიტყოდი ხოლმე და ვხურავდი გულს.

გადიოდა დრო, სახეს ნაღვლიანობა ეტყობოდა და ენას – სიმწარე; გული კი კერძოობისათვის აღარ იშლებოდა; მხოლოდ ხანდახან პატარა ყმაწვილებთან კი შეითამაშებდა ხოლმე, რადგანაც მათი უმანკოება და მომავლის იმედი მალამოდ ეცხებოდნენ და ასე, ამგვარად, თუმცა გარეგნოვის დაჩაგრულობით, მაგრამ შინაგანის ტკბილ მედიდურობით კი, ვლევდი ჩემ დღეთა სოფელს. დღიური ზრახვებით გულგაბოროტებულს, საღამ-საღამოობით მიყვარდა ხოლმე მარტოობაში სულის სიმშვიდის მოპოება.

არის რაღაცა მომხიბლავი ძალა ბუნების საიდუმლო სიჩუმეში... იმ დროს ოცნებისაგან შორს გატაცებულს და ფერად-ფერადი იმედებისაგან სასიცოცხლოდ სულჩაბრუნებულ ადამიანს, რაღაც, სხვა დროს მიუწდომელი, ძალა მსჭვალავს და უგუნურება, რომლის ძლიერებას მრავალფეროვანი საუკუნეები ებრძვიან, მსხვერპლსაც მსხვერპლზედა სწირავენ, მაგრამ სამარადისოდ კი მაინც ვერ ამარცხებენ.

ადრე თუ გვიან, ეს მოელის ელიკოსაც!.. ქვეყნის შური გასწირავს, უმადურობა გულს ატკენს და უსამართლობა დასჩაგრავს!.. მაშინ დღევანდელი სიცილი ოხვრად გადაექცევა, ეს შეფერებული მედიდურობა მკრთალ მორცხვობად, სახე ჭმუნვის ბეჭედს დაისვამს და ვინღა იცნოს ადრინდელი ელიკო?! კიდევ კარგი, თუ ბუნებათააზრია: შეურიგდება სოფლის ბრუნვას, დაემორჩილება საზოგადო უგუნურებას, ჩაერევა საერთო ფერხულში, გაიმეორებს სხვების სათვალავს და მხიარულად ეტყვის საზოგადოებას: “მეც თქვენი თქვენთანაო!” და თუ არაა, – შეიძლება გაკერპდეს, გადაუბრუნდეს გული და მისი ბუნებრივი სიმდიდრის წყალობით სახრწნელ ჩირქად მოედოს საზოგადოებას.

ამგვარი ფიქრებისაგან რომ ვიყავი წაღებული, სწორედ იმ დროს მოირბინა ჩემთან ელიკომ თავისი მხლებლებით და სიცილით მკითხა: “უკაცრავად, მაგრამ ცოტათი უნდა შეგაწუხოთ: ამ ყმაწვილებთან დანაძლევებული ვარ ერთ-ერთ რამეზე და თქვენს მეტს არავის შეუძლია მისი გადაწყვეტა!”

– ბრძანეთ!..

– რაზე ჰფიქრობდით?

– ეგებ თქვენი შესატყობი არ არის?!

– საპირადო იყო თუ საზოგადო?

– საზოგადო.

– მაშ, დასაფარავი არა ყოფილა!..

– მაინც რა გინდათ შეიტყოთ?

– მე ვამბობდი, რომ თქვენ სამწუხარო რამეზე ჰფიქრობდით, და ესენი კი ამტკიცებდნენ, რომ ვარდ-ბულბულზედაო!

– თქვენც მართალი ხართ და ეგენიც.

– ეგ როგორ შეიძლება?

– განა არ მოხდება, რომ სამწუხარო რამეს ჰფიქრობდა კაცი ვარდ-ბულბულის გამოისობით? თუმცა პირდაპირ ისინი კი არ გამომისახავს, მაგრამ ნამდვილად კი მათ შეეხებოდა.

– მაშ, ჩვენ მოგვიგია! – წამოიძახა ტაშისკვრით ერთმა კუდაბზიკა ახალგაზრდამ. – ვარდი ელიკო იქნებოდა, ბულბულები კი ჩვენ! ხომა?

– თუმცა ხანდახან კი შეუსტვენთ ხოლმე, მარამ ჯერ კიდევ ბულბულად არ წარმომიდგენიხარ და, თუ მაინცდამაინც გნებავთ, აგრე იყოს!.. სწორედ ვარდ-ბულბულზე ვფიქრობდი და იცით რას? საზოგადო აზრია, ვითომც ბულბულს ვარდი უყვარდეს, მისი ეშხით თვრებოდეს და თავს ევლებოდეს.

– განა ტყუილია?

– რასაკვირველია!.. ვარდმა ჭია-ღუის დახვევა იცის გულზე, დილის ნამსაც ფურცლებზე იჩერებს და იმისათვის დაჰფეთქენ თავს ბულბულები, თორემ...

– კი, მაგრამ, როცა ვარდი დაჭკნება და ფურცლები დასცვივა, მაშინ რომ აღარ იცდის ბულბული? – იკითხა ერთმა ახალგაზრდათაგანმა.

– მეტს მეც არას ვამბობ! თავს ხომ არ იკლავს? ერთი ვარდიდან მეორეზე გადადის და მეორედან – მესამეზე. მისთვის ყველა ვარდი ერთია, ოღონდ კი საკენკი არ გამოელიოს.

– ნუთუ ყველა ბულბულები მაგისთანები არიან? – ნაღვლიანად იკითხა ელიკომ და თვალი გადაავლო მთელ კრებას.

– მხოლოდ ბარათაშვილის ბულბულია სხვაგვარი.

– ბარათაშვილისა?

– დიაც, ის ბულბული, რომელიც ვარდს ამას ეუბნება.

"ვარდო, ვარდო, მტანჯ ჩემო!

გვედრებ გულით მტკინავი:

მაღირსე, თუ როგორ არს

გაშლა შენი მღინავი!"

ის ბულბული, რომელიც მარტო ვარდის მშვენებით არ არის დაკმაყოფილებული, გონების თვალითაც უმზერს და მიზეზს იკვლევს, თუ როგორ გაიშალა, აყვავდა და ან როგორ დასცვივდა შემდეგში ფურცლები მის ვარდს!..

ამ სიტყვებზე ელიკოს მწუხარე ღიმილი მოერია, წარბები შეიკრა და ცოტა სიჩუმის შემდეგ ნაღვლიანად მითხრა: “დღევანდელი ჩვენი სიხარულის ვარდს სწორედ ჭიამყრალა დაუსვა გულზე თქვენმა სიტყვებმაო!” თქვა სევდიანად, გატრიალდა და მომშორდა.

შემდეგ ამისა დიდხანს არსად მინახავს, ისე გაირბინა რამდენიმე თვენ. რასაც ვფიქრობდი, გამართლდა: საზოგადო თავგადასავალი ვეღარც ელიკომ აიცდნა!.. გაიტაცეს ჩიტირეკიებმა, ჩადგა საქარაფშუტო წრეში; მით დღითიდღე გონებას საზრდოს აკლებდა და გრძნობას კი აჭარბებდა. კეკლუცობა ძვალ-რბილში გაუჯდა და მოტრფიალეთა გუნდს იმრავლებდა. ადრინდელი შეფერებული თამამო თავხედურ შეუპოვრობად გადაექცა. ქვეყანა მისი საფეხთამტვერო ეგონა. აიყოლია გულმა, ხშირად ნახავდნენ ხოლმე ხან აქ, ხან იქ, ყმაწვილების კრებაში, სულ მარტოდმარტოს.

არავის ერიდებოდა, არაფერს ეკრძალებოდა; ყოველთვის და ყოველგან თამამად ჰქონდა გული! საზოგადო ჩვეულების დარღვევა და წესის შეუპოვრობა ბევრს, რასაკვირველია, არ მოსწონდა. თანდათან შურს და სიხარბეს ნიადაგი ემზადებოდა: მისი ტოლები ქვეშ-ქვეშობით ორმოს უთხრიდნენ, მათი დედებიც ცბიერად თავს აქნევდნენ ხოლმე და ფარისევლურად სიბრალულის ცრემლებსა ჰღვრიდნენ ელიკოს ხსენებაზე.

ამით ბევრ არა წაუხდებოდა რა ელიკოს, თუკი კაცებთან მაინც ჰქონდა საქმე რიგიანად დაჭრტილი, მაგრამ ვერც ისინი ჰყავდა მომადლიერებული: ბევრ მოტრფიალეს დასწყვიტა გული მოულოდნელი გაკიცხვით... ბარე ორს, საქმროს გამზადებულებს, ამოსცხო ნიშადური და მათი სიყვარული სიძულვილად გადაიკეთა. ცხოვრების ღელვისაგან გატაცებული, ის თანდათან მიექანებოდა უფსკრულისაკენ დ ავერ ატყობდა, რომ მზად იყვნენ დედამიწასთან გაესწორებინათ ურიც ქმნილება, მაგრამ ჯერ მეთაურს ელოდნენ, რამე ნიშანს უცდიდნენ და ისიც მალე აუსრულდათ.

ერთხელ ჩვეულებრივად ქალაქს გარეთ გავიდა ცხენდაცხენ ელიკო და ერთი ვინმე კუდაბზიკა ახალგაზრდაც თან იახლა. როგორღაც გზა დაჰბნეოდათ და თითქმის განთიადისას შემობრუნდნენ ქალაქში. ეს ამბავი ყველამ გაიგო და ჩაიცინეს გუნებაში. მეორე დღეს ახალგაზრდა კუდაბზიკას შემოერტყნენ გარს ყმაწვილები და დაუწყეს ლაპარაკი გადაკვრით.

კუდაბზიკას გულით უნდოდა, რომ შეეფერებია, რასაც ეწამებოდნენ, მაგრამ სინიდისმა კიდევ აღარ მიიყვანა იქამდე, რომ პირდაპირ დაეწყო ტრაბახი და დიდი ფიცით დადგა უარზე, მაგრამ ისეთგვარად კი ჰფიცავდა, რომ ის მისი უარი დასტურზედაც უარესი გამოდიოდა. შეიქნა ერთი ჩურჩული, ასტყდა ყაყანი, გაიმართა მითქმა-მოთქმა, გააბეს ფერხული და იმ დღიდან ყბადაღებულის ელიკოს ლეჩაქმა უკუღმა შეიფრიალა. მისი სიტყვა-პასუხი, მიხვრა-მოხვრა, სიცილი, მოწყენა თუ მოლხენა, ერთი სიტყვით, ყოველგვარი მისი მოქმედება სულ სხვანაირად ეჩვენებოდათ. მაშინ კი დაფიქრდა ელიკო; ჩაიხედა გულში, გამოფხიზლდა ცოტათი და პირველად შენიშნა ვარდქვეშ ეკალი. იკბინა ნეკზე და გაიმაგრა გული.

იმ ხანებში ერთგან წვეულება იყო. სხვათა შორის, ელიკოც იქ დაესწრო. გუნებაზე ვეღარ იყო, მაგრამ, სხვების დასანახავად, თავისას მაინც არ იშლიდა და საზოგადოების მასთან ცალყბად მოქცებიას ვითომც ვერც კი ამჩნევდა. სადილზე ერთმა მეჭორე ქალბატონმა ტყემლის საწებელი მიაწოდა ღიმილით და სხვებს კი აქეთ-იქით თვალით ანიშნა, ელიკომ ზრდილობიანად ჩამოართვა მოსაკითხი და გადადგა განზე. პირისახე აენთო, თვალები აუბრიალდა, ცხვირის ნესტოები ებერებოდნენ, აღელვება დაეტყო, მაგრამ შეიმაგრა თავი და სიცილით უპასუხა: “რატომ თქვენ კი აღარ მიირთმევთ? კბილები ხო მარ მოგკვეთიათო?” – და მეზოგელს დაუწყო ბაასო.

ცოტა ხნის შემდეგ მიუბრუნდა ისევ ის ქალბატონი: “ქალო, რატო მაგრე დაგკარგვიათ მადა? სხვას ხომ არას გააყოლეთ? ეგება მავნემ შეგაშინათ სადმე ტყეში და თვალნაკრავი ხართ? შეალოცვინეთ!” – ელიკომ ზიზღით შეხედა და ხმამაღლა უთხრა: “არა, ჩემო ბატონო, თქვენ, როგორც ძველი დროის ადამიანი, ძველ რამეებს იგონებთ!.. ამ ჩვენს დროში მავნეები, კუდიანები და ქაჯები ტყეებში აღარ ჰბუდობენ!.. ოჯახებში სცხოვრობენ, საზოგადოებაში გამოდიან, მაგრამ შიშით კი ვეღარავის აშინებენ, მხოლოდ გესლს ანთხევენ და ქვეყანას ამყრალებენო!” – ამ სიტყვების შემდეგ მეჭორე ქალბატონს სახე წამოუწითლდა კავების სწორებით რაღაცის ბუტბუტი დაიწყო, მაგრამ ელიკოს ყურადღება აღარ მიუქცევია: მეზობელთან გაერთო საუბარში.

ეს იყო პირველი უსიამოვნება. ამას თუმცა ადვილად გადარჩა, მაგრამ შემდეგშიაც კიდევ ბევრჯერ გაუმეორეს მისი მხრით ყოვლის უმიზეზოდ და მათი ატანა მით უფრო ძნელი იყო, რომ მომხრედ და მოსარჩლედ ვეღარავის ჰხედავდა ელიკო. სადამდისაც შეიძლო, იბრძოლა მარტოდმარტომ და ბოლოს, რომ ვეღარ აიტანა ცხადი უსამართლობა, მოჰშორდა ქალაქს და გადავიდა ბიძასთან სოფლად. ამით სულ უფრო გაიტეხა სახელი: მეჭორეებმა მოალოგინეს, ვაჟი შესძინეს და კიდევაც გაუბარეს ძიძასთან... აღელდა საზოგადოება, მაგრამ ზღვისა არ იყოს, რომელიც, რაკი გამოჰყრის ხოლმე ნაპირად, რაც კი შუაგულში აქვს, სცხრება, საზოგადოებაც დაწყნარდა და ერთი თვის შემდეგ ელიკოს ხსენებაც აღარ ყოფილა... დაივიწყეს და მოისვენეს.

ერთხელ, როგორღაც, ჩემდა უნებურად, მასკარადში მოვხვდი. გაკვირვებული მასკები ზედიზედ ჩემთან სატიტინოდ მოდიოდნენ, მაგრამ თითო-ოროლა პასუხის შემდეგ კი უკმაყოფილოდ გარბოდნენ. ერთი ვიღაც ამედევნა; არც მშორდებოდა და არც არას ამბობდა. “ჩემო კარგო, რა გინდა-მეთქი?” – ვკითხე.

– შენი ყურისდგებაო! – მიპასუხა.

– მაშ, მოდი დავსხდეთ და ვისაუბროთ.

– შენთან? რა! მირჩევნია, სხვას რომ ემუსაიფები, მაშინ გიგდო ყური.

– ეგ რაღა ჟინია?

– როცა სხვებთან საუბრობ, მიყვარს შენი ყურისგდება და, ჩემთან რომ ილაპარაკო, არა მსურს, მეძნელება!..

– გეძნელება?!

– დიახ, ვაითუ მეც ისე უგულოდა და აგდებით მიპასუხო რამ, როგორც სხვებს, და მით გული დამწყიტეო. უნდა იცოდე, რომ შენგან ცოტაც მეწყინება.

– რათა გგონია, რომ უსათუოდ საცინლად აგიგდებ?

– მაშ, ჩემთვის ხომ ვერ მოიშლი ჩვეულებას?

– ვინ გაგაცნო მაგგვარად ჩემი თავი?

– შენვე. თუმცა ბევრჯერ არ მინახავხარ, მაგრამ კარგად კი გიცნობ.

– ვინა ვარ?

– ის, ვინც ადრე მძულდა და ვგმობდი და ახლა კი მიყვარს და ვლოცავ.

– ოჰ, კარგად შეგისწავლია სამასკარადო ხრიკები!..

– დამერწმუნე, რომ წმინდის გულით გეუბნები.

– მეც ხომ გიცნობ?

– გარეგნობით; და შინაგანად კი ვერა! რაცა გგონივარ, ის არა ვარ.

– მართლა?!

– “ვინც კი კაცად მიაჩნიათ, უყვარსთ და პატივსა სცემენ, იმას არც ატყუებენო”, – ეს შენგან მაქვს გაგონილი. მე შენ ვერ გეტყვი ტყუილს.

– კი, მაგრამ აქ ისეთი ადგილია, რომ...

– სხვებისათვის და არა ჩემთვის!.. მე მხოლოდ აქ ვიხდი ხოლმე პირბადეს. საკვირველი გულისმოსაფხანი ადგილია მასკარადი: რამდენს შეარცხვენ, რამდენს გაამხნევებ, რამდენს ანუგეშებ და რამდენს შეაშინებ!.. პირში თქმა მიღებულია...

ამ დროს მოვიდა ჩემთან ერთი ჩემი ნაცნობი და მითხრა: “ააა! ახლა კი მივხვდი! ეს ერთი ხანია, ეგ მასკა დადის აქ: აქაურობა აურ-დაურია, ქვეყნის საიდუმლო იცის და მასთანაც ენაბასრია: ზოგს დასცინის, ზოგს არცხვენს, ზოგს აპირშავებს და უაზროდ და უგანზრახვოდ კი არას ჩადის. ცდილობენ, მაგრამ აქაურად ვერ უცვნიათ. ახლა კი ცხადია, მაგის უცხოობა, და აქაურს ამბებს შენი დარიგებით იმეორებსო”.

– უკაცრავად! შემცდარი ბრძანდებით, – უპასუხა მასკამ, – მე იმ კაჭკაჭთაგანი არა ვარ, სხვის სიტყვებს რომ იმეორებენ... გნებავს, ისეთი რამ გამხილო, რომელიც ამან არც კი იცის? ოთხშაბათ დილას, უფროსთან რომ ბრძანდებოდი, რად ესარჩლებოდი ბამბურიძეს? საკადრისია, განა, ქვეყნის ორგულის ქომაგობა? მაგრამ, ეჰ, ჭკუიანი კაცი ბრძანდები და გინდა სხვისი ქება გაასესხო: კარგად იციან შენისთანა კაცებმა, რომ ფარისევლობას დიდი სარგებელი მოაქვს. ნურას უკაცრავად, მშვიდობით! – დაცინვით დაუკრა თავი და ჩაირბინა კიბე.

ცოტა არ იყოს, ჩემი ნაცნობი წამოწითლდა და სთქვა: “ვიღაც ოხერი მაიმუნი უნდა იყოსო!” მაგრამ მე კი სულ სხვას ვფიქრობდი. ბევრიც ვეცადე და ნაცნობად ვერ წარმოვიდგინე. იმ კვირაში ყველა სახლობა ჩამოვიარე, ნაცნობი არავინ დამრჩენია უნახავი; განზრახ ვებაასებოდი ხან ერთსა და ხან მეორეს, ვაკვირდებოდი მათი საუბრის კილოს, მაგრამ იმ მასკისებური არა მესმოდა რა.

სწორზე ისევ გავჩნდი მასკარადში. დიდხანს ველოდებოდი იმ მასკას, მაგრამ აღარსად იყო. გულდაწყვეტილი შევედი საწიგნეში და მივუჯექი გაზეთებს. ფიქრისაგან შორს წაღებულს მხარზე მარაო დამკრეს; მოვიხედე და ვნახე, რომ ჩემი მასკა მადგა თავზე.

– ვინ შენ და ვინ მასკარადები? კიდევ მოსულხარ? რა ამბავია?

– შენთვის მოვედი. შენ გელოდი!.. ასე რად დაიგვიანე?

– მართლა? აბა, ერთი შემომხედე! მინდა შეგატყო სახეზე: მართალს ამბობ, თუ საცინლად მიგდებ? არა, სწორედ მართალს ამბობ!.. მაშ, ახლა მეც გამოგიტყდები, რომ საკუთრად შენთვის მოვედი და დაგვიანებას პრანჭიაობად ნუ ჩამომართმევ. ახალმა დრამამ “სამშობლომ” შემიყოლია, სანამ არ გავათავე, ვეღარ დავანებე თავი...

მართლაც, დრამა “სამშობლო” მეტად მოხვდა გულზე ჩვენს ხალხს. თეატრში ტევა აღარსად იყო. უმთავრესი აზრი თხზულებისა ისე მოსწონდათ, რომ წვრილმან ნაკლულევანებას ვეღარ ამჩნევდნენ. მე მინდოდა მასკის აზრიც შემეტყო, და ვკითხე: როგორ მოგწონს “სამშობლო” – მეთქი?

– სიამოვნებით წავიკითხე, მაგრამ მოწონებისას კი ბევრს ვერას ვიტყვიო! – მომიგო.

– თუ გესიამოვნა, მოგწონებია.

– არა, ეგ დრამა მითია კარგი, რომ ბევრს ჩაახედებს გულში და დააფიქრებს ისეთ რამეზე, რომლებზედაც მანამდის არ ეფიქროს, თორემ თავისთავად ბევრი არა არის რა!.. ერთი რომ – ისტორიული სიმართლე არ არის და ამას გარდაც დიდი ცილისწამებაა ქართველ ქალებზე.

– როგორ თუ ცილისწამება?

– მაშ, ის საზიზღარი ქეთევანი, განა, საზოგადო სახეა ქართველი ქალისა? ახლანდელი ქალების მიხედულებით თუ ვიტყვით, მეტიც ითქმის, მაგრამ ჩვენი დედები კი სულ სხვაგვარად სახსენებელნი არიან. არა ერთი მაგალითი ყოფილა, რომ გრძნობა დაეხშოს, სიყვარული მოეკლას და თავისი პირადობა ქვეყნისთვის ემსხვერპლოს ქართველ ქალს!

– მარტო რჩეულებზე რად მითითებ? საზოგადოდ რას იტყვი? ეგებ ქეთევანი საზოგადო სახე იყოს ქალებისა? აკი ამბობს ქეთევანი, რომ “მე ქალი ვარ და ჩემი სამშობლოც სიყვარულიაო!”

– სიყვარულიც არის და სიყვარულიც! ის გრძნობა, რომელიც ვერ აგვამაღლებს, განა სიყვარულია? წრფელი უნდა იყოს სული, რომ მიიზიდოს სიყვარული და გულიც წმინდა, რომ ის იტვირთოს, თორემ ნაორგულევი, შებღალული და დამდაბმებული გრძნობა რაღა სიყვარულია?

– ასე არ ამბობენ სხვები.

– ეგ მათი ნებაა, მაგრამ მე კი ასე მომიხსენებია და...

– როგორც წეღანდელი შენი სიტყვიდან ჩანს, შენ უიმედო უნდა იყო ჩვენს ახლანდელ ქალებზე!

– ვინ მოგახსენათ? დარწმუნდით, რომ დღევანდელი ქალებიც ისე მდიდარნი არიან ბუნებით, როგორიც ყოფილან ჩვენი დედები... მხოლოდ...

– მხოლოდ რა?

– ის, რომ ლიონიძეები და ხიმშიაშვილები აღარსად არიან!.. ეჰ, მართალია, უსიამოდ იღიმებით და აგდებით ლაპარაკობთ დღევანდელ ჩვენს ქალებზე, მაგრამ მეც საზიზღრად მიმაჩნია დღევანდელი კაცებიო, – დაუმატა ნაღვლიანად და მიმატოვა.

იმ ღამეს ძილი გამიტყდა: სულ იმ მასკაზე ვფიქრობდი, მაგრამ ვერავის ვამსგავსე; დავრწმუნდი, რომ ის ჩემი ნაცნობთაგანი არ იყო, და მიკვირდა. დიდხანს სახლიდან ფეხი აღარსად გამიდგამს, მხოლოდ მასკარადს არ ვაკლდებოდი; დღესასწაულივით ველოდებოდი ხოლმე. ჩემ მასკას ყოველთვის ვხედავდი და ისეც გამიტაცა, რომ უამისობა აღარ შემეძლო. მასთან საუბარი და მსჯელობა სულ სხვა გუნებაზე მაყენებდა. არც ერთხელ ჩვენს კერძოობაზე არა გვითქვამს რა; თავის ვინაობას მიმალავდა, მხოლოდ ერთხელ კი, უკანასკნელ მასკარადში, გამომიტყდა:

– ახალმოსული ვარ! არსად დავდივარ, გარდა მასკარადისა, და აქაც მხოლოდ შენი გულისთვის, რადგანაც მას შემდეგ, რაც შენი სიძულვილი სიყვარულად შემეცვალა, შენ მიმაჩნიხარ ჩემ საყვარელ ძმად და უკეთეს მეგობრად.

სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა ტანში და აღშფოთებით ვკითხე:

– მითხარი მაინც: ან რამ შეგაძულა ჩემი თავი და ან მერე ვინ შეგაყვარა-მეთქო?

– მცირე რამ შემთხვევამ! – მიპასუხა წყნარად და ისევ განაგრძო: – ამ რამდენიმე წლის წინათ, – მაშინ მე სულ ყმაწვილი ვიყავი და მეტად თავგასული, – სადღაც ფანტს ვთამაშობდით. მე უნდა მივსულიყავ და მეკითხა ყველასათვის “რა გსურთ ჩემთვის-მეთქი?” – და მათაც ყურში ჩამჩურჩულეს პასუხი. ყველამ  სასიამოვნო გულსაფხანი რამ მითხრა. მაშინ შენც იქ იყავი; თუმცა შექცევაში არ ერეოდი, მაგრამ მე მაინც მოვედი და გკითხე: “რა გსურს ჩემთვის-მეთქი?” შენ რაღაც სხვანაირად შემომხედე და მკითხე: “შესაძლებელი თუ შეუზლებელიო?” შესაძლებელი-მეთქი... – “მაშ სიკვდილიო!” მიპასუხე და მომშორდი. მე სულ სხვა პასუხს ველოდი და უნდა იცოდე, თუ როგორ მეტკინა გული!.. გაანჩხლებულმა წავიბუტბუტე: “თვითონ შენა-მეთქი!” – და დაგანებე თავი. იმ დღიდან შენზე უსაძაგლესი აღარავინ მეგონა ქვეყანაზე.

– მერე რაღამ შეგიცვალა გული?

– მცირე რამემ! ერთს დროს სევდისაგან გარემოცულს და გულდანაღვლიანებულს, როდესაც უფსკრულის კიდეზე ვიდექ და ნუგეშს აღარავისაგან ველოდი, ახალი გაზეთი მომიტანეს, სადაც სამკურნალო რამ სიტყვები ეწერა. ის სიტყვები, მაშინ იმ გაზეთიდან ამოჭრილი, დღესაც ავგაროზად მადევს გულზე...

– ნეტავი რა იყო მაგისთანა?

– აი რა! – ამოიღო გაზეთის ნაგლეჯი და მომცა. მეც ჩამოვართვი და დავიწყე კითხვა: “როცა ჯერ უმანკო, ბუნებისაგან საიმედოდ და საქებრად გაჩენილი ახალგაზრდა შემხვდება ხოლმე ჩვენში, მე გულზე ნაღველი მენთხევა და მის სიკვდილსა ვნატრობ, რადგანაც ვიცი, რომ ეს ჩვენი მონებითი საზოგადო ცხოვრება უეჭველად გააუკუღმართებს მის ადამიანობას... და ნუთუ სპეტაკად საფლავში ჩასვლა არა სჯობია ცოცხლადვე ზნეობითად მკვდრობას!”

რომ გადავიკითხე, აღელვებით შევხედე მასკას.

– გაათავეო? – მკითხა, – შენ ეგება სახუმაროდაც დასწერე, მაგრამ მე კი ბევრი ღამე გამათენებინეს უძილოდ მაგ სიტყვებმა... ჩამაფიქრეს... ღრმად ჩამაფიქრეს!.. მაშინ მომაგონდა ფანტის დროს შენი ჩემზე ნატვრა... მივხვდი და აღთქმა დავდევი, რომ გამემტყუნებიე!.. არ ვიცი, ავასრულე თუ არა, მაგრამ ეს კი ვიცი, რომ ის აღარა ვარ, რაც ვიყავი და ან რაც უნდა ვყოფილიყავი უმისოდ!

მომეტებულმა სიამოვნებამ თავბრუ დამასხა... ხმას ვეღარ ვიღებდი: ვგრძნობდი, რომ ჩემს მახლობლად იდგა ის, ანუ ერთი იმათგანი, ვისზეც მე მთელი ჩემი სიცოცხლე ვფიქრობდი. ბოლოს, როგორც იქნა, ვუთხარი:

– თუ ეს ყველაფერი მართალია, მაშ ეგ უჩინარობა რაღა არის? განა ძმასა და მეგობარს ემალებიან?

– ეგებ შენ არ იყო ჩემი აზრისა, არ შეგეძლოს ჩემი თანხმობა!.. და რათ გავიკიცხო თავი? რათ დავიწყვიტო სამარადისოდ გული?

– მასკა! – ღმერთია გულთამხილავი, რომ სცდები: დიდი ხანია, რაც შენი მეგობრობა გადაიწყვიტა ჩემმა გულმა. ვინც უნდა იყო – ერთია!.. ვეღარა შეშლის რა!!

– ახლა კი მრწამს, – მითხრა მასკამ, ცალი ხელი მე გამომიშვირა და მეორეთი აიხადა პირბადე... ჩემ წინ იდგა ელიკო; ის, რომელიც მე აღარც მახსოვდა... მაგრამ რას ვამბობ? ელიკო კი აღარა, დარბაისელი ელენე იყო: სახეს ადრინდელი უმანკოების წილ ჭმუნვის ბეჭედი მიეღო, ადრე გაშლილი წარბები ახლა მრისხანედ შეეყარა, თვალები ძველებურადვე უელვარებდნენ, მხოლოდ ცოტა ნაღვლიანობა კი ეტყობოდათ! შევკრთი, შევაჩერდი და წარმომიდგა სხივმომფინარე, ხელში მახვილით, ძლიერი სამოთხის მცველი!..

რამდენიმე თვის ჩამოსული იყო ელენე სოფლიდან, მაგრამ ჯერ არსად გამოდიოდა და არავინ ეხლია... მე კი ყოველდღე ვხედავდი და, მის სიახლოვეს, რაღაც გამოუთქმელ სიამოვნებასა ვგრძნობდი. ადრეც მყვარებია დედა, და, მეგობარი და საყვარელი, მაგრამ არც ერთხელ ამისთანა არა გამომიცდია რა! თითქოს ყოველგვარმა სიყვარულმა ერთად მოიყარა თავი ჩემ გულშიო!.. ერთმანეთს ისე შევეთვისეთ, რომ, თითქმის, ერთმანეთში განვხორციელდით და უერთმანეთოდ აღარა გვეხერხებოდა რა.

სამართალი მოითხოვდა, რომ ჩვენ ჩვენი მომავალი ერთმანეთთან დაბოლოებით შეგველაკავშირებინა. მე არა ვფარავდი ამას, მაგრამ ელენე კი როგორღაც შორს იჭერდა, თითქოს არ უნდაო. რამდენიმე თვემ ისე გაირბინა ამ ყოფაში, რომ ვერც კი შევნიშნეთ: თვალსა და ხელს შუა გვეპარებოდა დრო. არათუ საქმეს, გულისთქმასაც აღარ ვუფარავდით ერთიმეორეს... ვიცოდით ჩვენ ჩვენი აწმყო, შეტყობილი გვქონდა ჩვენი მომავალი ზრახვა-იმედები... მაგრამ წარსულზე კი ბევრი არა გვითქვამს რა.

ერთხელ ჩამოვაგდეთ სიტყვა ყმაწვილობაზე და მე ჩემი თავგადასავალი გავიხსენე: მოვიგონე თინათინის სიყვარული, მათიკოს ცბიერობა და სხვადასხვა... ელენე სიამოვნებით მიგდებდა ყურს და მერე ღიმილით მითხრა: “გამოცდილება, როგორც ცხოვრების გვირგვინი, ყველასათვის საჭიროა, როგორც კაცისათვის, ისე ქალისათვის, მაგრამ რისაგან არის, რომ ერთი და იგივე მოქმედება კაცებს ღირსებას გიმატებსთ ქვეყნის თვალში და ქალებს კი სახელს უტეხსო!”

– ერთხელვე ასე დაუწესებია ქვეყანას-მეთქი, – ვუპასუხე.

– მერედა სამართლიანია? შენ როგორღა ჰფიქრობ? აი, მაგალითად, მაგოდენი რამეები გადაგხედია... ბევრჯერ გყვარებია, მაგრამ მითი ჩემს თვალში შენ არა გაკლდება რა!.. არცა მწყინს, იმიტომ, რომ წასული საქმეა... ახლა კი, ეგ რომ მოგივიდეს, ვეღარ ავიტან, გული მეტკინება... მაგრამ რაც ყოფილა, რა მენაღვლება!.. და თქვენ კი, კაცები, სულ სხვა ხართ!.. მეც რომ მაგგვარი რამეები გადამხედოდა, რას იტყოდი? არ აჰყვებოდი ქვეყნის ხმას?

– ქვეყნის ჩვეულება, მართალია, იგივე სჯულია, მაგრამ, გეფიცები, ელენე, რომ ვერაფერი თავგადასავალი შენ ვერ დაგამცირებდა ჩემს თვალში!.. შენს ღირსებას მითI არა დააკლდებოდა რა! მე იმას არ მოვიხსენიებდი!..

– როგორ? სულგრძელობით დაივიწყებდი?

– არა, მე მაგას არ ვამბობ!.. პირადად ჩემთვის უმნიშნველო იქნებოდა.

– მართლა? მაშ, აღარ დაგიფარავ ჩემს წარსულს და გეტყვი ჩემს თავგადასავალსაც. – მომკიდა ხელი, შემომაჩერდა თვალებში და ღიმილით მითხრა: “ხომ გაგიგონია ჩემი ამბავი და ჩემი თავგადასავალი?”

– კი, მაგრამ მე ის არ შემეხება... და მით ჩემი თავმოყვარება არ დაჩაგრულა! – ვუთხარი მე.

– კეთილი! ისიც ხომ გაგიგონია, რომ შვილი მყას?

– მერე რაო?

– ის შვილიც ხომ სახლში უნდა შემოგგვარო, რომ დაგეთანხმო ცოლობაზე!.. ის ხომ შენთვის უცხო იქნება?

– არა! იმას მომგვრი, როგორც ჩემს ნამდვილ შვილს.

– მერე, შენი სისხლი და ხორცი რომ არ იქნება?

– მამობა განა მარტო სისხლსა და ხორცის გადაცემაა? ამას ხომ პირუტყვებიც ახერხებენ? ნუთუ მეტი აღარა დარჩენილა რა? ვისაც ჩემს გრძნობა-გონებას გავუზიარებ, ჩემს სურვილებს და ზრახვებს გადავცემ, ვისაც იმედებს ვანდობ და ისე გამოვზრდი, ნუთუ შვილი არ იქნება ჩემი? ელენე, რამ გაფიქრებინა, რომ შენი შვილი ჩემთვის უცხო იქნება?

ამ სიტყვებზე ელენეს ცრემლი მოერია; ღიმილი კი მაინც არ მოუშლია. ხელი გამომიშვირა და მითხრა:

– ახლა კი დროა გამოგიტყდე და თამამად გითხრა, რომ ყველაფერი ტყუილია და მხოლოდ შენი გამოცდა მინდოდა! მე არავისი სიყვარული გამომიცდია და პირველი შენა ხარო! – მითხრა აღტაცებით და მომადვა გულზე თავი. ამ სიტყვებმა ისე ამიტაცეს, რომ თავი ვეღარ დავიჭირე და მოვხვიე ხელი. ავთრთოლდი, გონება გრძნობად გადამექცა, თვალები დამიბნელდა!.. მეგონა, თუ ნათლის სვეტი შემოგვებურა და ყოველივე დაჰფარა-მეთქი!.. ყურებმა წივილი დამიწყო და მაღლით ტკბილი ხმა მესმოდა: “და იყო იგინი ერთ სულ და ერთ ხორცო!”

აკაკი წერეთელი. 1875 წელი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - აკაკი წერეთელი  • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ