მოქანდაკეს დიდი ხნის უნახავი სიყრმისა მისის მეგობარი ვინმე მხატვარი ეწვია.
ინახით მსხდარი მეგობრები სამხრობამდის საუბრობდნენ ღვინისა, სიყვარულისა და მეგობრობისათვის.
მეგობრისა თვისის სიახლოვით გახარებული მხატვარი ენამჭევრობდა ფრიად, არწმუნებდა მოქანდაკეს, მეგობრობა ქალის სიყვარულსა და ღვინოზედაც უფრო დიადი და სანუკველი რამ არისო.
თასი თასზე იცლებოდა, მეგობრობის მრავალჟამიერი წარმოითქვა მრავალგზისი.
- მე კი მგონია, - უბნობდა მოქანდაკე, - ღვინო უფრო ძალუმია, ვიდრე მეგობრობა და თუნდაც ქალი.
თასი თასზე იცლებოდა, მეგობრობის მრავალჟამიერი წარმოითქვა მრავალგზისი.
- მე კი მგონია, - უბნობდა მოქანდაკე, - ღვინო უფრო ძალუმია, ვიდრე მეგობრობა და თუნდაც ქალი. შენ რომ ჩემს ხასას მთვრალი გადააწყდე მარტომყოფს, მეგობრობას უთუოდ ქალში გაგაცვლევინებს ღვინო.
მრავალი სიტყვა ითქვა, უფრო მეტი ღვინო შეისვა, მეხუთმეტე თასზე ორივეს დასძინებოდა.
შებინდებულზე მხატვარს გამოეღვიძა. მიმოიხედა: მოქანდაკე აღარსად იყო.
ადგა, ჩამობნელებულ დარბაზს თვალი მოავლო, ბუხრის პირად პირმშვენიერი ასული იჯდა გულზე ხელდაკრეფილი. მდუმარედ შესცქეროდა დაღველფილ ცეცხლს.
სპილენძისფერი ალის არილი საოცრად ლიცლიცებდა ღიმილის ელვით განახლეჩ ბაგეზე. იგავმიუწვდომელი მშვენება წარმოუდგა თვალწინ მხატვარს.
ალბათ ეს არის ჩემი მეგობრის ხასა, გაიფიქრა შეზარხოშებულმა მხატვარმა და ბარბაცით მიეჭრა ცთუნებით სავსე დედაკაცს, ფერხთით დაუვარდა და შეესიტყვა:
- მზითუნახავთა შორის უტურფესო, ედემის ვარდო, სანატრელო და სანუკველო, მწყურის, ნექტარი შევისუტო ტუჩისა შენის ტკბილი სურიდან, ედემის ვარდო, მზითუნახავთა შორის უტურფესო.
ქალი სდუმდა. ნელი ღიმილით ანიშნებდა ვაჟს უტყვ თანაგრძნობას.
ადგა მხატვარი, მომრიმარ ბაგეს ეამბორა, ეგრილა ტუჩი, ხელი შეავლო, ცივი და მუნჯი ქანდაკება მყისვე შეიცნო.
სისხამი დილით შინ მობრუნებულმა მოქანდაკემ, დარბაზში ფეხი შემოდგა თუ არა, კედლის კაჩხაზე თოკით თავი ჩამოეხრჩო მხატვარს.
იძრო მოქანდაკემ მახვილი, - მეგობრის ცხედრის ჩამოხსნა ეწადა. სავარძლიდან მხატვარი გამოვიდა მოხითხითე.
მოჩვენება სურათი აღმოჩნდა, მხატვარ მეგობრის მიერ წინაღამეს შესრულებული.
შეავლეს მომღიმარე მეგობრებმა ერთმანეთს ხელი, ნათელ სარკმელთან რომ მიაღწიეს, ერთიმეორეს ჩაჰხედეს თვალებში და წამსვე ორთავემ შეიცნო სიბრძნე სიცრუისა.
მინაწერი:
სადღაც, ოდესღაც ჩინური თუ ჰინდური ზღაპარი გამიგონია ამადარი.
პოეზიის გვერდი • • • • • • კონსტანტინე გამსახურდიას პოეზია |