ყველაფერს ჯივზი მიხედავს
მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე
იმას გეუბნებოდით, ამ ჩემ ჯივზს (ერთხანობაა, ლაქიად მიდგას) რა გინდა, ხელიდან არ გამოსდიოდეს! ზოგ-ზოგებს მიაჩნიათ, რომ ზედმეტად ვენდობი - აქაოდა, მსახური მაინც მსახურიაო (დეიდა აგათა სულაც ჩემს „ძიძად“ იხსენიებს), მაგრამ რა მერე? ეგ კაცი უბრალოდ გენიოსია! ყოველ შემთხვევაში, ყველა ჩემს ნაცნობზე მთელი თავით მაღლა დგას და რა გინდა, რომ ქნა?
კვირაც არ იყო გასული, რაც ჩემს სამსახურში ჩადგა და ყველა საქმე მაგას გადავაბარე… მას მერე ბარე ხუთი წელი იქნება გასული და უნდა გითხრათ, მაშინდელი გადაწყვეტილება ერთხელაც არ მინანია. კი, ნაღდად ხუთი წლის წინ მოხდა - ახლაც მახსოვს, რა ამბავი გადამხდა ფლორენს კრეის, ბიძია უილობის ხელნაწერისა და იმ ბენტერა ბოისკაუტ ედვინთან დაკავშირებით…
ყველაფერი იქიდან დაიწყო, „სამყუდროდ“ წოდებულ ბიძაჩემის მამულს რომ ვეწვიე შროპშირის საგრაფოში: წესად მედო, ზაფხულის ერთი-ორი კვირა მაინც გამეტარებინა ხოლმე იქ, მაგრამ სწორედ იმ წელს მომიწია, სასწრაფოდ დავბრუნებულიყავი ლონდონს და ახალი ლაქია მეძებნა.
საქმე ის გახლდათ, რომ წინა ვაჟბატონს - ვინმე მედოუზს, ჩემი აბრეშუმის წინდების ქურდობაზე წავასწარი და დამეთანხმებით, ალბათ, ამას არა თავმოყვარე კაცი არ მოითმენს! იმაზე აღარას ვამბობ, რაღაც-რაღაც სხვა წვრილმანი ნივთებიც რომ გააყოლა ხელს… მოკლედ, სწორედ ამ წინდების გამო იყო, ასე ვთქვათ, ხელთათმანი რომ ვესროლე და დაქირავების ბიუროს მივმართე - სხვა ვინმე გეყოლებათ ცოტა უფრო საჩემო-მეთქი! ჯივზი გამომიგზავნეს.
არადა, ჩემ დღეში არ დამავიწყდება ის დილა, მძინარეს რომ დამადგა თავზე: ისე მოხდა, წინა დღეს ფრიად საჩინო მონაწილეობას ვიღებდი ერთ ლხინის სუფრაზე და გასაგები მიზეზების გამო მეორე დღისთვის რაღაც მთლად ჯანზე ვერ გახლდით. ყველაფერთან ერთად, როგორც აღმოჩნდა, წიგნის კითხვასაც კი ვცდილვარ - ფლორენს კრეიმ დამავალა და იმიტომ.
ეს ქალბატონი ბიძაჩემის სტუმარი გახლდათ მაშინ „სამყუდროში“ და იქვე დავინიშნეთ კიდეც. კვირის თავზე უნდა მივბრუნებულიყავი და მოელოდა, ალბათ, წიგნი სატიტულო ფურცლიანად მექნებოდა სათანადოდ დამუშავებული. საქმე ის იყო, რომ ფლორენს კრეიმ გულის ფიცარზე ამოიჭრა - ჩემი ინტელექტი აემაღლებინა უახლოეს მომავალში… სიმართლე ითქვას, ქ-ნი ფლორენს კრეი - საუცხოო პროფილისა და ჩამოქნილი ფეხების პატრონი - თავფეხიანად რაღაც მაღალ მატერიებში ჩაფლულიყო და წიგნსაც არც მეტი, არც ნაკლები - „ეთიკურ კატეგორიათა სახეობები“ ეწერა ყდაზე. იმის იქით არც წავსულვარ. თუმცა არა, ერთი გვერდი მაინც გადავშალე საცდელად და აი, რა ამოვიკითხე:
…პოსტულატები, ანთუ მეტყველების იმპლიციტური წინადაშვებები, არაკორექტულია სოციალურ ორგანიზმებთან მიმართებაში, რამეთუ სასაუბრო ენაც იმავე მიზნებს ემსახურება…
ეჭვი არაა, ესე ყოველი სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს, ოღონდ მე ჩემი მითქვამს - ამისთანა საკითხავი არანაირად არ ესადაგება ინ ვივო მიღებას და თანაც ნაბახუსევზე, დილის საათებში…
მოკლედ, ამ სატანჯველს შეჭიდებულს ჩამთვლემია და უცებ - ზარი კარზე. ძლივს ავითრიე წელი, ხელის კანკალით გადავწიე ურდული და რას ვხედავ - ვიღაც სრულიად უცნობი, შავთვალწარბა, ჩაკოსტუმებულ-ჩაჰალსტუხებული ჯეელი დგას და ძაან-ძაან დაყენებული ხმით მეუბნება:
- დაქირავების ბიურომ გამომაგზავნა, სერ. როგორც მითხრეს, კამერდინერი დაგჭირვებიათ, სერ.
ახლა ერთი კარგი მეკუბოვე უფრო მომიხდებოდა-მეთქი, - გავიფიქრე, მაგრამ მაინც შევიპატიჟე შინ და ისიც კი არ შემოვიდა, ზენა ნიავივით უჩუმრად შემოქროლდა ოთახში. უნდა გითხრათ, მედოუზს ბრტყელტერფიანობა სჭირდა და ლამის ტორებს სცემდა იატაკს, ეს კიდე თითქოს ფეხსაც არ ადგამდა, ხალიჩაზე მისრიალებდა თითქოს… და სახე მისი ერთდროულად თანალმობასა და წუხილს გამოხატავდა მოყვასსა ზედა, თითქოსდა მთლად გასიგრძეგანებული ჰქონოდა ის გასაჭირი, კაცს გვარიან გამონაყოლზე რომ იპყრობს.
- ბოდიში მომითხოვია, სერ… - წაიჩურჩულასავით, მერე ოთახიდან აორთქლდა, სამზარეულოში რაღაცეები ააჩხარუნა და წუთიც არ იქნებოდა გასული, ისევ ისე უხმაუროდ მობრუნდა შეორთქლილი ჭიქით ხელში.
- პატივი დამდეთ, სერ… - და ისე მოიხარა წელში, როგორც ექიმი დაიხრებოდა ავადმყოფის სასთუმალთან, ანთუ კარის მკურნალი, დავრდომილ მეფისწულს რომ აწვდის მაცოცხლებელ სითხეს. - საკუთარი მწარე გამოცდილების შედეგად შექმნილი რეცეპტია, სერ. პიკანტურობას საკაზმი აძლევს, უმი კვერცხი მაწიერს ხდის და კაიენური წიწაკა - გალვანიზაციის ეფექტს იძლევა… ბევრს უთქვამს პირადად ჩემთვის, უებარია ამგვარი შეჭირვების ჟამსო, სერ.
იმ დილას ისეთ დღეში ვიყავი, წყალწაღებული ხავსსაც რომ მოეჭიდება და სულმოუთქმელად გამოვცალე სასმისი. ჯერ იყო და იმგვარი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ვიღაცამ თავში ყუმბარა ამიფეთქა, მერე ესეც არ იკმარა და ცეცხლმოკიდებული მაშხალა ჩამიგდო კუჭში, მაგრამ უმალ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - ფანჯარაში მზე ანათებდა, ტევრში ჩიტები ჟღურტულებდნენ და საერთოდ, ცხოვრებასაც ისევ აზრი მიეცა…
- აყვანილი ხართ, - აღმოვთქვი შვებით.
იმთავითვე ვიაზრე, ეს კაცი ადამიანთა მოდგმის იმ იშვიათ სახეობას მიეკუთვნებოდა, რომელთა სახლში ყოფნა ღვთის მადლია ხოლმე და არა თქვენი პირადი დამსახურება.
- მადლობელი დიდად, სერ. ჩემი სახელია ჯივზი.
- შეგიძლიათ დღესვე შეუდგეთ საქმეს?
- რაზეა ლაპარაკი, სერ.
- ზეგ ამ დროს შროპშირში უნდა ვიყოთ, ბიძაჩემის მამულში… რატომღაც „სამყუდროს“ ეძახიან.
- ძალიან კარგი, სერ. - მერე ჩემ ზურგს უკან, ბუხრის თაროსკენ გააპარა თვალი და რატომღაც დაამატა: - ლედი ფლორენსის მშვენიერი პორტრეტი გქონიათ, სერ. მისი ბრწყინვალება უკანასკნელად ამ ორი წლის წინ ვიხილე, სერ - ერთხანობა ლორდ უორპლსდონისას ვმსახურობდი, მაგრამ მერე იძულებული შევიქენი დავთხოვებოდი, რადგან ვერაფრით გადავახვევინე ტილოს შარვალში, ფლანელის პერანგსა და სანადირო ქურთუკში სადილობის ჩვევას, სერ. არავითარი ამგვარი ახსნა-განმარტება არ მჭირდებოდა: მოხუცი ლორდის გამოხდომები მთელ საგრაფოში ყველას პირზე ეკერა!
ისე, ეგ ლორდ უორპლსდონი ფლორენსს ღვიძლ მამად ერგება, მაგრამ ერთხელაც დილით გაიღვიძა და სასაუზმოდ ჩამოსულმა, ისევ ერბო-კვერცხი რომ მიართვეს, დაჰკრა ფეხი და საფრანგეთში გადაბარგდა. ოჯახს აღარც დაბრუნებია. თუმცა ოჯახს დიდად მაინც არ უგლოვია ეს დანაკარგი - მაგისთანა უჯიათი ხასიათის ვინმე სანთლით უნდა გეძებნა ჩვენს მხარეში! და საერთოდ, თუკი იმ ღვთიურ სიამეს, რასაც ფლორენსის საქმროდ ყოფნა ჰქვია, მაინც შეიძლება რაიმე ზადი უპოვოთ, ეს ისევ მშობელ მამასთან მისი სისხლით ახლობლობა და შესაბამისად, ხასიათის ერთი-ორი უცნაურობის მემკვიდრეობით გადმოღებაა - კაცი ვერ იტყვის, როდის იფეთქებს… აი, პროფილი და ფეხები კი მართლა უზადო აქვს.
- გაცნობებთ, რომ ლედი ფლორენსი და მე დაწინდულები ვართ, ჯივზ, - ვეუბნები.
- ნუთუ მართლა, სერ?
და იცით, რას გეტყვით? მის ხმას რაღაც შეუსაბამო იჭვნეულობა დაჰკრავდა, აშკარად. თითქოსდა ისეთიც არაფერი, ზრდილად იკითხა, ლაქიასთვის აუცილებელი ყველა წესის დაცვით, ოღონდაც აღფრთოვანებისა კი ვერაფერი შევატყვე. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოსდა ფლორენსის მიმართ ჩემს განწყობას სულაც არ იზიარებდა. იქნებდა უორპლსდონებთან რომ იდგა მსახურად, მამასთან ერთად ქალიშვილმაც აწყენინა რაღაც. რას იზამ, ხდება ხოლმე. ყველას გულს ვერ მოიგებ. ისე კი, მეტად მომხიბლავი ქალიშვილია და როგორც უკვე მოგახსენეთ, ტან-ფეხიც…
ამ დროს ზარი გაისმა კარზე. ჯივზი წამიერად გაქრა და წუთში დაბრუნდა დეპეშით ხელში. გავხსენი და მეტად უცნაური შინაარსის ტექსტი ამოვიკითხე:
„პირველივე მატარებლით დაბრუნდით უკან. გადაუდებელი საქმეა. ფლორენსი“.
- უცნაურია, ღმერთმანი, - ვთქვი მე.
- სერ?
- არა, ჯივზ, ისეთი არაფერი.
ლაქიასთან საკითხის გარჩევა მაშინ საჭიროდ არ ჩავთვალე, რაც იმაზე მიანიშნებს, რამდენად ცუდად ვიცნობდი საკუთარ მსახურს. ახლა ხომ ასეთი რამ თავშიც არ მომივიდოდა - უცნაური შინაარსის დეპეშის თაობაზე მისი აზრი არ მეკითხა. შინაარსი ესე კი მართლაცდა უკიდეგანოდ გაუგებარი გახლდათ: ფლორენსს მშვენივრად მოეხსენებოდა, რომ ზეგ ისედაც ვბრუნდებოდი
„სამყუდროში“ და ეს ფაცხაფუცხით აბარგება რაღა საჭირო იყო? აშკარად ჩემს იქ არყოფნაში მოხდა რაღაც; არადა, აზრზე ვერ მოვდიოდი, მაინც რა შეიძლებოდა მოხდარიყო ისეთი?
- ჯივზ, - ვეუბნები, - ნასადილევს „სამყუდროში“ მივემგზავრებით. იმედია, ჩასაბარგებლად დრო საკმარისი გაქვთ?
- რა თქმა უნდა, სერ.
- ჩემოდნებსაც ჩამილაგებთ და…
- დარდი გაუშვით, სერ. რის ჩაცმას ინებებთ საგზაოდ?
- აი, ამის.
და ჩემს კუბოკრულ, მოსპორტულო შარვალ-პიჯაკზე მივათითე, რომლითაც კლუბში ვიწონებდი ხოლმე თავს და მის ფერთა ერთგვარი მოულოდნელი შეხამების მიუხედავად, არც სხვა ადგილებში დავუძრახივარ ვინმეს.
- კეთილი, სერ.
და ისევ ის რაღაც მოუხელთებელი ინტონაცია გაერია ხმაში. რაღაცნაირად სხვანაირად გამოუვიდა ნათქვამი. მიმიხვდით, ალბათ, რის თქმაც მსურს. მოკლედ, აშკარად უარყოფითი აზრისა გახლდათ ჩემს ჩაცმულობაზე. წამსვე გადავწყვიტე, ახლა თუ მაგრად არ დავუდექი, მერე მთლად თავზე დამაჯდება- მეთქი!
მოგეხსენებათ ლაქიების ჯიში - თითს თუ დაუთმობ, მერე მთელ ხელს… არაფერი ამის მსგავსის მოთმენას საკუთარი მსახურისაგან არ ვაპირებდი, რადგან უამრავი მაგალითი ვიცი, როცა ბატონი საკუთარივე მსახურის მონა გამხდარა - თუნდაც ის ჩემი მეგობარი ობრი ფოდერგილი ავიღოთ:
ამასწინეებზე მწარედ მოთქვამდა კლუბში, რომ იძულებული გამხდარა, საყვარელ ჟღალ ფეხსაცმელებზე ეთქვა უარი - თურმე ნუ იტყვით და, მის კამერდინერს, ვინმე მიკინს აუთვალწუნებია! არაა, მაგათთან მხოლოდ აი ის - რა ქვია იმას - „ხავერდისთათმანიანი მუშტის“ პოლიტიკა თუ გაჭრის…
- გატყობთ, ჩემი სამოსი არ მოგდით თვალში, ჯივზ?
- რას ბრძანებთ, სერ!
- რას უწუნებთ?
- არც არაფერს, სერ, მშვენიერი სამოსია.
- კარგი ახლა, მე ვერ გამაცურებთ! აბა ერთი, თქვენი მოსაზრებანიც გვიბოძეთ.
- თუკი ასე დაბეჯითებით მოითხოვთ, სერ… იქნებ რაიმე ოდნავ უფრო მრუმეფერებიანი და ნაკლებ კუბოკრული შეგვერჩია?
- რა სისულელეა, ჯივზ!
- ბატონი ბრძანდებით, სერ.
- სრულიად გაუმართლებელი თვალსაზრისია!
- როგორც ინებებთ, სერ.
უცებ საიდანღაც ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს კიბის თავში მოვექეცი, ფეხიც გადავდგი და სწორედ ამ დროს აღმოვაჩინე, რომ საფეხურები უკვე გათავდა… ჩახმახივით გახლდით შემართული, მაგრამ ბრძოლის ველი დაცარიელებულიყო.
- მაშ კარგი, მოვრიგდით.
- დიახ, სერ.
ჯივზი თავის საქმეებზე გაემართა, მე კი ისევ იმ „ეთიკურ კატეგორიათა სახეობებს“ მივუბრუნდი - ახლა „იდეოფსიქოლოგიური ეთიკის“ თავი მელოდა ასათვისებლად…
მთელი გზა მატარებელში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ასეთი რა უბედურება შეიძლებოდა დატრიალებულიყო „სამყუდროში“. ბოლობოლო, ეს სულაც არ გახლდათ ტყეში ეულად მდგომ იმ სახლთაგანი, სადაც - ე. წ. „ქალთა რომანებს“ თუ დავუჯერებთ - ახალგაზრდა, გამოუცდელ ქალიშვილებს შეიტყუებენ ხოლმე ვითომდა ბაკარას სათამაშოდ და მერე პირწმინდად ძარცვავენ!
ჩემი იქიდან წამოსვლისას იქაურობას უკვე გულდინჯ, პატივცემულ, ასაკოვან მოქალაქეთა მთელი ჯგრო სტუმრობდა და კაცმა რომ თქვას, სხვანაირ ხალხს ბიძაჩემი არც შეუშვებდა მამულში - ამ ხანმოთეულ, გაბღენძილ პედანტს უყვარდა, როცა ცხოვრება მის გარშემო მდორედ და აუმღვრევლად მიედინებოდა: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკვე რა ხანია ჩვენი საგვარეულოს გენეალოგიის შედგენით გახლდათ დაკავებული და ვაი იმას, ვინც ბიბლიოთეკის მყუდრო სიჩუმეს დაურღვევდა! საზოგადოდ, უპირობო ჭეშმარიტებაა, რომ ფათერაკები კაცმა ახალგაზრდობაშივე უნდა მოილიო - ერთ დროს ბიძაჩემი გვარიანი მექალთანე, ბანქოს მოყვარული და მოგზაურიც კი ყოფილა, რის დასაბრალებლად ახლა ენა არ მოგიბრუნდება კაცს.
სახლში რომ შევედი, ოუქშოტმა, იქაურმა კარისკაცმა მომახსენა, ლედი ფლორენსი თავის ოთახშია, მოახლე გოგოს თვალს ადევნებს, ყველაფერი სწორად ჩაალაგოსო; თურმე სულ რაღაც ოციოდ მილზე მეზობელი მემამულე აწყობდა მეჯლისს და მთელი ეს ჯამაათი ჯგროდ მიემართებოდა იქ, ღამისთევით. ოუქშოტისთვის ჩემზე უთქვამს - როგორც კი ჩამოვა, მყისვე მომახსენეთო. მეც მოსაწევ ოთახში შევიარე და იქ ველოდებოდი. გამოჩნდა თუ არა, სახეზე ეწერა, რომ დიდად აღელვებული გახლდათ, შეიძლება ითქვას, განერვიულებულიც კი. ის იყო, მოხვევა დავუპირე და ქვემსუბუქი წონის მოკრივის სისხარტით აიცილა ჩემი მკლავები.
- მორჩით ახლა!
- მოხდა რამე, ძვირფასო?
- მოხდა რომელია! გახსოვთ, რომ გამაფრთხილეთ, როგორმე ბიძათქვენის კეთილგანწყობა მომეპოვებინა?
- კი, ეგრე იყო.
საქმე ის გახლავთ, რომ ჯერჯერობით მაინც ბიძაჩემის კმაყოფაზე ვარ და მისი კურთხევის გარეშე ქორწინებაზე ფიქრსაც კი აზრი არა აქვს. ვერც წარმომიდგენია, საწინააღმდეგო ანკი რა უნდა ჰქონდეს - ეგა და ფლორენსის მამა ხომ ერთად სწავლობდნენ ოქსფორდში, მაგრამ მოგეხსენებათ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მეც ფლორენსი გავაფრთხილე, ემანდ შემთხვევით სიტყვაც არ შეუბრუნო-მეთქი.
- და ისიც კი მთხოვეთ, იქნებ ჯერაც დაუმთავრებელი საკუთარი ნაშრომიდან ნაწყვეტი მაინც წააკითხოო?
- და რა მერე, არ გაუხარდა ბერიკაცს?!
- გაუხარდა და ეგრე? სწორედ გუშინ მოუმთავრებია ბოლო გვერდი და მთელი საღამო მიკითხავდა - ლამის ბოლოში გავიდა! აღმაშფოთებელი ამბავია, თავმოსაყივნებელი!
- მაინც რა გვჭირს გვარში ამისთანა? მეგონა, არც მთლად წყალწაღებულები ვიყავით…
- არაფერი კავშირი ამას თქვენს გვართან არა აქვს! და არც თქვენი გვარის გენეალოგიასთან! მემუარები დაუწერია სათაურით „ხანგრძლივი ცხოვრების ტკბილი მოგონება“.
აი, მაშინ კი დამკრა თავში: როგორც უკვე მოგახსენეთ, ბიძია უილობის მეტად შფოთიანი ახალგაზრდობა გამოუვლია და ახლა თუ ყველაფერს სამზეოზე გამოიტანდა…
- იმის ნახევარიც თუ მართალია, რასაც ის ამ თავის „მოგონებებში“ წერს, მოგვეჭრა თავი და ეგაა! გუშინ იმაზე შეჩერდა, ის და მამაჩემი მიუზიკ-ჰოლიდან სახალხოდ რომ გამოუძევებიათ 1887-ში!
- ნეტა რისთვის?
- არა, მაგას ნუ მკითხავთ! ისე, 1887 წელს ორ ჯენტლმენს ტყუილუბრალოდ არავინ გამოაგდებდა ქუჩაში… მარტო იმას გეტყვით, რომ მამაჩემს დროსტარება ლიტრიანი ბოთლი შამპანურის გამოცლით დაუწყია! მერე კიდე - აი ის ამბავიც, ლორდ ემსუორთის თაობაზე… და რამდენიც გნებავთ! მთელი წიგნი სულ ამისთანა უმსგავსობების აღწერაა!
- დაიცა, საყვარელო, ვინ ემსუორთზე ამბობთ? იმ ჩვენს მეზობელზე? ეგ ბუზსაც არ ააფრენს, ჭიანჭველას არ დაადგამს ფეხს, ცხოვრებაში…
- გეგონოთ! წაიკითხავთ და თავად ნახავთ… სულ ამისთანა ხალხზე წერს - ჩვენს ახლობლებზე, ნათესავებზე, საერთო მეგობრებზე, ნაცნობ ოჯახებზე!
სულ წვრილად ყვება, ვინ რას სჩადიოდა ახალგაზრდობაში! აი თუნდაც სერ ჯერვაისის ამბავი ავიღოთ… გინდათ, იცოდეთ, რა მოხდა მერე? ვერ გეტყვით, ვერა!
- გეცადათ მაინც.
- არავითარ შემთხვევაში!
- კარგი ერთი! რა განერვიულებთ? თუ მართლა მაგისთანა უმსგავსობებია შიგ, მაგას რომელი ჭკუათმყოფელი გამომცემელი დასტამბავს?!
- ცდებით, ჩემო კარგო! ცუდად გცნობიათ! ბიძათქვენმა თავისი პირით მითხრა - ერთ დიდ და გავლენიან გამომცემლობას უკვე მოველაპარაკე, ხვალვე გადავუგზავნი ხელნაწერსო! ლედი კარნაბის მემუარებიც სწორედ მაგათ გამოუციათ - „სიცოცხლით სავსე 80 წელი“.
- ო-ო, ეგ მეც კი წავიკითხე, თანაც ორჯერ…
- ახლა სიტყვაზე მენდეთ, რომ ლედი კარნაბის წიგნი ბავშვური ტიტინია ბიძათქვენის მოგონებებთან შედარებით! მარტო მამაჩემის ამბები…
- და ახლა რა ვქნათ?
- ხელნაწერი უნდა გავანადგუროთ.
ლამის იყო, ადგილზევე შევხტი - აი მესმის, ქალი!
- და ეს როგორ მოვახერხოთ?
- რას ნიშნავს „მოვახერხოთ“? მე რა შუაში ვარ? აკი ამ საღამოს მეჯლისზე ვარ დაპატიჟებული! ჩამოვალ… დაიცათ, როდის? ორშაბათს! ხვალ დილით კი ეს საქმე მომთავრებული უნდა იყოს. სწორედ ამისთვის გამოგიძახეთ.
- რ-რაო?
ისე ცივად შემომხედა, გული გადამიქანდა.
- გინდათ მითხრათ, ვერაფრით დაგეხმარებიო?
- ა-ა-რრა, მაგრამ…
- სულ მარტივი ამბავია, ბერტი!
- ე-ე… ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, რა პრობლემაა, მაგრამ მეორე მხრივ…
- ბერტი! აკი ხელს მთხოვდით?
- კი, რაღა თქმა უნდა, ოღონდ…
წამში ეს ანგელოზი მთლად მამამისს არ დაემსგავსა?!
- ჰოდა, დაივიწყეთ!
- დაიცათ, ე-ე… ფლორენს, იმის თქმა მინდოდა…
- ხმა-კრინტი! გამოცდას გიწყობთ. თუ ყველაფერს მოაგვარებთ, ჩავთვლი, რომ არც ისეთი ცერცეტი ვინმე ყოფილხართ, როგორადაც ვიღაც-ვიღაცეები გთვლიან… და თუ ხელნაწერი ხვალ დილით ამ სახლიდან გამომცემლობას გადაეგზავნება, ვიფიქრებ, რომ დეიდათქვენი აგათა სავსებით მართალი ბრძანდებოდა, როცა სრულიად უხერხემლო და უნებისყოფო გიწოდათ და არც მირჩევდა, თქვენს წინადადებას დავთანხმებოდი!
- დეიდაც ამას ჰქვია… და ბიძაჩემმა რომ ჩამავლოს? ერთ პენისაც ვეღარ ვეღირსები მისგან!
- აჰაა… თუკი ჩემს თავს ბიძათქვენის ფულს ანაცვალებთ…
- ფლორენს, ეგ როგორ იფიქრეთ!
- მაშ, მოვრიგდით: ბანდეროლი ხვალ დილით ჰოლში იდება, მაგიდაზე, ოუქშოტმა უნდა წაიღოს ფოსტაში სხვა წერილებთან ერთად. მარტო ის გევალებათ, აიღოთ, წაიღოთ და გაანადგუროთ. ბიძათქვენს კი ეგონება, გადაგზავნისას დაიკარგაო.
გეგმა რაღაც მთლად სრულყოფილი არ მეჩვენა.
- დავიჯერო, ასლი არ გაუკეთებია?
- საქმეც ეგაა, რომ არა! პირდაპირ ხელნაწერს გზავნის, გადაბეჭდვა აზრადაც არ მოსვლია.
- ხელახლა რომ დაჯდეს წერად?
- მეტისმეტად დიდი ხანი დასჭირდება. მანამდე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი…
- რაღაც უცნაური ნათქვამი გამოგივიდათ, ფლორენს!
- ბერტი, თუ აპირებთ დილამდე იდგეთ აქ და თქვენი უაზრო კონტრარგუმენტები ამრავლოთ…
- მე…
- მოკლედ მოჭერით: ჰო თუ არა? არ შეგიძლით, ჩემი ხათრით ერთი კეთილი საქმისთვის თავი გადადოთ?
- რატომ მაინცადამაინც მე? იქნებ ედვინისთვის გეთხოვათ? ოჯახურ წრეში, ასე ვთქვათ… ბავშვსაც გაუხარდებოდა!
მე თუ მკითხავთ, ბრწყინვალე აზრი იყო: ედვინი ფლორენსის უმცროსი ძმა გახლდათ და „სამყუდროში“ ატარებდა სკოლის არდადეგებს. ბავშვობიდანვე დიდი მაბეზღარა და სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფის დიდოსტატი იყო, ახლა კი, თოთხმეტი რომ შეუსრულდა, სკაუტებში გაწევრიანებულა და ერთთავად იმას ეკითხებოდა საკუთარ თავს - აბა დღეს მე ვის რა ვარგეო… თუმცა, როგორც წესი, სიკეთის მოტანის მთელი მისი მცდელობები გარშემო მყოფთათვის - ადამიანები იქნებოდნენ თუ ცხოველები - მხოლოდ უსიამოვნებებით მთავრდებოდა ხოლმე.
მაგრამ ჩემმა წინადადებამ ვერაფერი შედეგი გამოიღო:
- ახლა ეგღა მაკლია, ბავშვი გავრიო ამ საქმეში! ნუთუ მართლა ვერ აფასებთ იმ ნდობას, რაც ამ წუთს გამოგიცხადეთ?! მეგონა, იამაყებდით!
- ე-ე, ვამაყობ კიდეც, რაღა თქმა უნდა, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ვაღიაროთ, რომ ბიჭი ამას უკეთ გაართმევდა თავს - სკაუტებს ათას ხრიკებსა და ძებნა-მალვის ხერხებსაც ასწავლიანო, გამიგია.
- ბერტი! თუკი საერთოდ რამეს ვნიშნავ თქვენთვის, მეტი სიტყვა აღარ გამაგონოთ!
- კარგი ჰო, მივდივარ… - ბედს შევეგუე და აზრების მოსაკრებად ბაღში დავაპირე გასვლა, ოღონდ ფეხის გადაგმაც ვერ მოვასწარი, რომ ჯივზს შევეჩეხე კარებში.
- ბოდიში მომითხოვია, სერ, სწორედ თქვენ გეძებდით!
- კიდევ მოხდა რამე?
- ვიღაცას თქვენი ყავისფერი ფეხსაცმელები შავი საცხით დაუპრიალებია, სერ!
- რა… რატო? რისთვის?!
- ვერაფერს გეტყვით, სერ.
- არაფერი ეშველება?
- ვფიქრობ… არა, თითქმის დარწმუნებულიც კი ვარ, რომ აღარაფერი, სერ.
- ეშმაკმა წაიღოს იმ ვიღაცის თავი!
- თანახმა ვარ, სერ.
* * * * * * * *
იმ ღამის მერე არაერთგზის დავკითხებივარ საკუთარ თავს - როგორ ახერხებენ მთელი ეს მკვლელები, მძარცველები თუ ათასი ჯურის აფერისტები ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას? თავად მე ხომ შეუდარებლად უფრო მარტივი საქმე დამევალა, მაგრამ ღამე თეთრად გავათენე გეგმების დაწყობაში და დილით ისეთ დღეში გახლდით, ჯივზის ნაქები სითხე თუ მიშველიდა…
ნასაუზმევს კი თავს უკვე ისე ვგრძნობდი, როგორც ჯიბის ქურდი სადგურის მოსაცდელ დარბაზში: ჰოლში მიდი-მოვდიოდი, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ერთთავად იმის შიში მქონდა, ემანდ ბანდეროლის მაგიდაზე დადების წამი არ გამომრჩეს-მეთქი. მოხუცი კი არა და არ ჩანდა. რაც დრო გადიოდა, ეს ამბავი სულ უფრო და უფრო ნაკლებ მომწონდა: ერთიც ვნახოთ და - ჩამავლეს, მერე რა გინდა, რომ ქნა? ბიძაჩემი არასოდეს გამოირჩეოდა უხეში ქცევით, ოღონდ ერთი- ორჯერ კი შევესწარი მისი მრისხანების გამოვლინებას და - ღმერთო, შენ მიშველე, თუკი ამ ნალოლიავები ხელნაწერის ქურდობაზე წამასწრო!
საათის ოთხმა ჩამოჰკრა. ისიც, როგორც იქნა, გამოფრატუნდა ყვითელი პაკეტით ხელში, მაგიდაზე დადო და ისევ, უკან, ბიბლიოთეკაში შეფრატუნდა. მე ამ დროს კვარცხლბეკზე აჩონჩხლილი ვიღაც რაინდის ჯავშან-აბჯრის უკან ვიმალებოდი და თვალს მიეფარა თუ არა მოხუცი, მაგიდას ვეცი, პაკეტს ხელი დავავლე და სულ ხტუნვა-ხტუნვით ავირბინე კიბეები. გულამოგდებული შევვარდი ჩემს ოთახში და რას ვხედავ - ეგ მართლა ბოისკაუტი ედვინი არ იქექება განჯინის უჯრებში?
- სალამი! - მომმართა მხედრულად.
- აქ რა დაგკარგვია?
- არც არაფერი, ოთახს გილაგებთ.
- ეგ ვითომ რათაო?
- წინა კვირას ორი კეთილი საქმის ჩადენა დამაკლდა და ახლა ვანაზღაურებ. ფეხსაცმელები უკვე დაგიპრიალეთ, ახლა აქაურობის ლაგებასაც მოვრჩები და…
- აჰა, ესე იგი - დამიპრიალე…
- მაშ როგორ! თქვენამდე კი ამ ოთახში ბატონმა ბერკლიმ გაათია ღამე - ხომ შეიძლება, რამე დარჩენოდა უჯრაში? ვიპოვი და გზაში დავაწევ - ესეც კიდევ ერთ კეთილ საქმედ ჩამეთვლება.
- შენ რომ არ გვყავდე…
ახლა ცხადი იყო, ამ ინფერნალურ ყრმას დროზე თუ არ გავისტუმრებდი აქედან, ცუდად წამივიდოდა საქმე. პაკეტი ზურგს უკან მეჭირა და ვიმედოვნებდი, ბიჭს არაფერი შეუმჩნევია-მეთქი, მაგრამ დროზე თუ არ დავმალავდი სადმე, ვაითუ კიდევ ვინმე შემოსულიყო…
- კარგი, მორჩი ახლა, ისედაც მილაგებულია ყველაფერი.
- დაიცათ, ჯერ ჰალსტუხები უნდა დაგიხარისხოთ…
საქმეს ძაან ცუდი პირი უჩანდა. გონება დავძაბე და უცებ ერთი ძვირფასი აზრი მომივიდა თავში.
- იცი, რას გეტყვი? თუ მართლა გინდა, სამსახური გამიწიო, ეგ სიგარების კოლოფი აიღე, სამზარეულოში ჩადი და მჭრელი დანით პირები წააჭერი - საკვნეტის წამოღება დამვიწყნია… აი ეგ მართლა კეთილი საქმე იქნება შენგან!
ცოტა დაეჭვებით კი შემომხედა, მაგრამ მაინც დამიჯერა. კარი გახურულიც კი არ ჰქონდა, რომ პაკეტი უჯრაში ვდურთე, ჩავკეტე და გასაღები ჟილეტის ჯიბეში ჩავიდე. უცბადვე მომეშვა გულზე. იქნებ დიდი ვერაფერი ტაქტიკოსი ვარ, მაგრამ ამისთანა ცხვირმოუხოცავ ღლაპს კი მაინც ვაჯობებ როგორმე. ქვევით ჩავედი, სუფთა ჰაერზე მინდოდა გასვლა ნერვების დასამშვიდებლად და საიდანღაც ისევ ეს ედვინი არ გამოვარდა? ღმერთმანი, ამ ბიჭისთვის ყველაზე კეთილი საქმე თვითმკვლელობა იქნებოდა-მეთქი, ვიფიქრე.
- ვაჭრი! - მიპატაკა.
- ეგრე გააგრძელე! - არ ჩამოვრჩი მეც.
- ოღონდ ეს არ ვიცი, ბევრი წავაჭრა თუ ცოტა?
- ისე, საშუალოდ.
- მეც ასე ვფიქრობდი. წავალ აბა.
- მიდი, მიდი.
როგორც გამიგია, ბოროტმოქმედებაში ყველაზე ძნელი ამბავი ცხედრის ანთუ რაიმე სხვა ნივთიერი სამხილის თავიდან მოშორებაა. მახსოვს, ბავშვობაში ერთი ლექსი წავიკითხე ვიღაცა ტიპზე, რომელმაც აბეზარი მეზობელი მოკლა და მერე გვამის დამალვას გადაჰყვა. მართალია, თავად ლექსიდან მხოლოდ ეს ორი ტაეპი დამამახსოვრდა:
ტა-რა, ტა-რა, ტა-რარა -
მოვკალი და მორჩა!
მაგრამ არაფერიც არ მორჩა თურმე - ჯერ იყო და მიწაში ჩაფლა, მერე მდინარეს გაატანა, მერე აღარ მახსოვს, კიდე რა ქნა, მაგრამ ცხედარი ვერაფრით მოიცილა თავიდან… საათი არ გასულა, რაც ის ყვითელი პაკეტი უჯრაში ჩავკეტე და მეც ზუსტად ისეთივე მდგომარეობაში არ აღმოვჩნდი!
ფლორენსს რა ედარდებოდა - გაანადგურეო, დამიბარა და ეგონა, ერთი ხელის გაქნევით მოგვარდებოდა ეგ საქმე. ნურას უკაცრავად! აბა მითხარით ერთი, როგორ გინდა მოსპო და უკვალოდ გაანადგურო ქაღალდების გვარიანი შეკვრა - თანაც სხვის სახლში და თანაც გაგანია ზაფხულში? ხომ ვერ ითხოვ - ოთახში ბუხარი დამინთეთ, მამცივნებსო? ომზე დაწერილ წიგნებში ამომიკითხავს, როგორ შეუჭამიათ ხოლმე საიდუმლო წერილი მსტოვრებს, მაგრამ წერილი ერთია და ბიძია უილობის სქელტანიანი მემუარები კიდევ სხვა. მთელი ერთი წელი დამჭირდებოდა მაგის გასაღეჭად…
გამოგიტყდებით, ფრიად შეჭირვებაში გახლდით, ვერც ვერაფერი მოვიფიქრე ხეირიანი და გადავწყვიტე, ჯერჯერობით პაკეტი ისევ უჯრაში მქონოდა ჩაკეტილი. ისე, სინდისზე რომ რაღაც გაწევს, მეტად მძიმე რამე ყოფილა: საღამოსთვის უკვე ისე ვიყავი განერვიულებული, ბიძია უილობი რომ უჩუმრად შემოვიდა მოსაწევ ოთახში და რაღაცა მკითხა, ნაღდად არაოფიციალური მსოფლიო რეკორდი დავამყარე მჯდომარე მდგომარეობიდან სიმაღლეზე ხტომაში…
ჩემი ანგარიშით, მოხუცს მხოლოდ შაბათ დილით უნდა ეყნოსა, რომ რაღაცა ვერ იყო წესრიგში, რადგან გამომცემლობიდან ბანდეროლის მიღების თაობაზე არავითარი დასტური არ მოუვიდოდა; მაგრამ აქაც მიმუხთლა ბედმა - უკვე პარასკევ საღამოს დამიძახა, ბიბლიოთეკაში შემიძღვა და ძაან შეჩქვიფებული სახით მეუბნება:
- დიდი რამ უსიამოვნება შემემთხვა, ბერტი! (სულ ასე, საზეიმო კილოთი მეტყველებდა ხოლმე). მოგეხსენება, გუშინ ჩემი ხელნაწერი გავუგზავნე გამომცემლობას და ბევრი-ბევრი, ამ დილით მაინც ხომ უნდა მიეღოთ! რატომღაც გულმა რეჩხი მიყო, გადავურეკე და იცი, რა მითხრეს? არავითარი ხელნაწერი თვალითაც არ გვინახავსო!
- უცნაურია, ღმერთმანი.
- მადლობა უფალს, ჯერჯერობით სკლეროზი არ მჭირს და მშვენივრად მახსოვს, ყვითელი კონვერტი ჰოლში მაგიდაზე დავუდე უოქშოტს ფოსტაში წასაღებად! არადა მიმტკიცებს - თავს დავდებ, არავითარი კონვერტი იქ არ ყოფილაო.
- გასაოცარი ამბავია.
- ბერტი, ერთგვარი ეჭვი მღრღნის…
- მაინც?
- არ დამიჯერებ, მაგრამ ერთადერთი ახსნა ისაა, რომ პაკეტი მოიპარეს!
- კარგი ერთი, ბიძაჩემო! ეს რამ გაფიქრებინათ?!
- დაიცა, ახლავე აგიხსნი: ერთხანობაა, ამ სახლიდან სულ რაღაც-რაღაცები ქრება! ზოგი ძვირფასი ნივთი, ზოგიც ისე რა… ანუ ჩვენ შორის ნამდვილი კლეპტომანი დაიარება. მოგეხსენება, ამ დაავადებას სწორედ ის სიმპტომი გამოარჩევს, რომ ავადმყოფისთვის სულერთია, ფასეულს მოიპარავს რასმე თუ უბრალო დანა-ჩანგალს! რაკიღა ჩემი ხელნაწერი არავისთვის არ წარმოადგენს რაიმე ღირებულებას…
- მაგას ნუ იტყვით, ბიძაჩემო!
- მატერიალურ ღირებულებას ვგულისხმობ, ბერტი…
- დაიცათ, რა სხვა ნივთებზე ლაპარაკობდით? აკი დავადგინეთ, რომ ეგ ყველაფერი ჩემი ყოფილი მსახურის, მედოუზის ჩადენილია! ამიტომაც დავითხოვე და ახლა ახალი მყავს…
- მით უარესი! რაკი ქურდი სახლში არაა, ჩემი ხელნაწერი ვიღას უნდა მოეპარა?
ორივენი მწარედ ჩავუფიქრდით ამ თავსატეხს. განსაკუთრებით მე ვფიქრობდი ბევრს, ბოლოს თავიც კი ამტკივდა და ბაღში გავედი…
უნდა გითხრათ, ერთი იმ მშვენიერ საღამოთაგანი იდგა, რომ ამბობენ - ლოკოკინამ დააცემინოს და სოფლის ბოლოს გაიგონებო… მზე ნარნარად ეშვებოდა ცისკიდურზე, ჰაერში კი ათას ერთი სურნელი ტრიალებდა - მოკლედ, სულიერი შფოთვის დასაოკებლად უკეთესს ვერაფერს ინატრებდი, მაგრამ რად გინდა? წუთი არ იყო გასული, ვიღაცის ჩურჩული ჩამესმა:
- ბერტის თაობაზე მინდოდა მეთქვა…
მაგ ხმას ათასში გამოვიცნობდი - ედვინი გახლდათ! ჯერ აზრზე ვერ მოვედი, საიდან მომესმა, მიმოვიხედე და ბიბლიოთეკის ღია ფანჯარას ვკიდე თვალი. ერთი ნახტომით გავჩნდი რაფასთან და ვარდების ბუჩქს ამოვეფარე. გული მიგრძნობდა, ჩემდა სასიკეთოს ვერაფერს გავიგონებდი.
- რაო? - დაეკითხა ბიძია უილობის ხმა.
- რაღაც ყვითელ კონვერტზე არ ლაპარაკობდით? ბერტის აქვს ოთახში.
სწორედ ამ დროს მფრინავი ხოჭო თუ რაღაცა მაგისდაგვარი მწერი ჩამიფრინდა საყელოში, ხელი გავიქნიე, ახლა ვარდის ეკლებზე გავიკაწრე თითები და ამის მერე რაღა გასაკვირია, თუკი მთელი ინგლისის ახალგაზრდობა, ფაუნა და სრულიად სამყარო ჩემ წინააღმდეგ მეჩვენა ამხედრებული!
- დაიცა, ბიჭო, რას ბოდიალობ?
- გუშინ საღამოს მასთან ვიყავი, ერთი კეთილი საქმის ჩადენა მსურდა, ის კი შემოდის და ხელში ყვითელი პაკეტი უჭირავს, ოღონდ დამინახა თუ არა, წამსვე ზურგს უკან დამალა! მერე რაღაც დავალება მომცა, ქვევით ჩამაგზავნა და წუთიც არ იყო გასული, თვითონაც ჩამოვიდა ქვევით, ოღონდ პაკეტი უკვე აღარ ჰქონდა თან… ნამდვილად ოთახში დამალა!
ამ ბოისკაუტებს ხომ ყურადღების გამახვილებას, დედუქციის მეთოდებსა და ათას სხვა უბედურებას ასწავლიან, იმას კი არავინ უფიქრდება, ყველაფერმა ამან რა შედეგი შეიძლება გამოიღოს!
- დაუჯერებელია! - აღმოხდა ბიძაჩემს.
- თუ გნებავთ, იქაურობას მოვჩხრიკავ და ნაღდად ვიპოვი! - თავი გამოიდო უასაკო ასპიტმა.
- კი, მაგრამ რაში უნდა დასჭირვებოდა?
- იქნებ სწორედ ის დაავადება სჭირს?
- რა, კლეპტომანია? სისულელეა!
- იქნებ ის სხვა ნივთებიც სულაც მაგის აწაპნილია? - იმედიანად ავითარებდა საკუთარ თეორიას ეს პატარა მამაძაღლი. - იქნება და იმ რალფივითაა…
- ვისავითო?!
- წიგნი წავიკითხე, იქ ერთი ბიჭია, რაც კი თვალში ხვდება, ყველაფერს ჯიბისაკენ მიაქანებს…
- რაღაც მეეჭვება, ბერტი რომ ე-ე… როგორ თქვი? საკუთარ ჯიბეში მიაქანებდეს სხვის ნივთებს.
- მაგრამ კონვერტი კი ნამდვილად მის ოთახშია! თუ გინდათ, შევამოწმოთ: უთხარით, რომ მისტერ ბერკლის რაღაცა დარჩენია განჯინის უჯრაში და თქვენ გთხოვათ…
- კარგი აზრია, ხომ იცი!
მეტს აღარ დაველოდე, დავკარი ფეხი და ჩემს ოთახში ავვარდი. განჯინასთან რომ აღმოვჩნდი, ახლა გასაღები მოვიძიე და - ღმერთო დიდებულო! ჟილეტი არც მეცვა! მერე გამახსენდა, წინა საღამოს სავარძლის საზურგეზე მივაგდე დაუდევრად და ჯივზმაც, ალბათ, იფიქრა, გასაწმენდიაო…
ზარის ერთი ჩამოკვრა და - ჩემი ლაქიის მაგივრად ბიძია უილობიმ არ შემოაღო კარი?!
- ბერტი, ე-ე… უნდა გითხრა, რომ შენამდე აქ მისტერ ბერკლი ათევდა ღამეს და ე- ე… როგორც მითხრა, პორტსიგარი დარჩენია, ე-ე… ეტყობა, განჯინაში. შეიძლება ვნახო?
ამაზრზენი სანახაობა გახლდათ, ღმერთმანი: თმაშევერცხლილი კაცი, წესით, უკვე სულის ხსნაზე რომ უნდა ფიქრობდეს, დგას აქ და ცრუპენტელობს უნიჭო მსახიობივით!
- არა, ბიძია უილობი, ეგეთ რამეს თავად შევამჩნევდი და… ის კიდე არც მისმენს, ჯერი-ჯერზე ექაჩება უჯრებს, თან ისევ იმ პორტსიგარზე ბუტბუტებს რაღაცას.
- დაიცა, ეს უჯრა რატოა ჩაკეტილი?
- რა ვიცი, მაგას გასაღები, მგონი, საერთოდ არცა აქვს… დიდი ხნის წინ დაიკარგა.
მშვიდი, მოზომილი ხმა მოისმა ჩემს ზურგს უკან:
- მიხმობდით, სერ?
- არა, ჯივზ!
- ეს გასაღები ვიპოვე, სერ. ამ განჯინისა უნდა იყოს. მზად ვიყავი, ადგილზევე მიმეხრჩო.
- მადლობა, ჯივზ. - ეუბნება მოხუცი უილობი.
- რას ბრძანებთ, სერ.
ბიძაჩემმა საკეტს გასაღები მოარგო და უჯრა გამოსწია. თვალები დავხუჭე.
- არც აქაა, - ჩამესმა მისი ხმა, - ეტყობა, მოხუც ბერკლის რაღაცა შეეშალა. ბოდიში მომითხოვია შეწუხებისთვის, ბერტი.
თქვა და გავიდა. კარი გადავრაზე, მერე ჯივზს მივუბრუნდი. ჩემს სმოკინგსა და ჟილეტს კიდებდა კარადაში.
- ჯივზ?
- დიახ, სერ?
- ე-ე… არა, არაფერი.
ძაან გამიჭირდა შეკითხვის ჩამოყალიბება.
- მ-მ-მ… ჯივზ?
- გისმენთ, სერ?
- შენ… თქვენ… ასე ვთქვათ… ე-ე… ხელი ხომ არ გირევია ამაში?
- ჯერ კიდევ ამ დილით ამოვიღე კონვერტი, სერ.
- აჰა-ა… და რატომ, მაგალითად?
- ვიფიქრე, ასე აჯობებს-მეთქი, სერ.
შევეცადე, გონება მომეკრიბა.
- რა მიზეზით, ჯივზ?
- სრულიად შემთხვევით თქვენი და ლედი ფლორენსის საუბარს მოვკარი ყური, სერ.
- ახლა გასაგებია…
- მოხარული ვარ, სერ.
- კარგი იქნებოდა, თუ ლონდონში დაბრუნებამდეც შენთან იქნებოდა ეგ კონვერტი, ჯივზ.
- სავსებით გეთანხმებით, სერ.
- იქ კი მოვუხერხებთ რამეს.
- ნამდვილად, სერ.
- შენი იმედი მაქვს, ჯივზ.
- იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა, სერ.
- ჯივზ… ე-ე… მინდა მეთქვა, დიდი მადლობელი ვარ შენი.
- სამადლობელო რა გჭირთ, სერ! თავს მოვალედ ვთვლი…
- შენისთანა მსახური მილიონში ერთი თუ გამოერევა, ჯივზ.
- გმადლობთ, სერ.
- არა, ათ მილიონში!
- როგორც თქვენ იტყვით, სერ.
* * * * * * *
ფლორენსი, როგორც სავარაუდო იყო, ორშაბათს ჩამოვიდა, მაგრამ სანამ ხუთი საათის ჩაისსმის მერე ყველა თავ-თავის ოთახში არ შეიყუჟა, სიტყვაც კი ვერ გადავუგდე. ბოლოს ისევ ბაღში შევხვდით ერთმანეთს.
- აბა, როგორაა საქმე? - მეკითხება.
- კარგად, - ვეუბნები.
- ხელნაწერი მოსპეთ?
- არც მთლად, მაგრამ…
- ეგ რას ნიშნავს, ნაწილ-ნაწილ ანადგურებთ?
- მინდოდა მეთქვა…
- ბერტი, რაღაცას მიმალავთ!
- არც მიფიქრია! გეუბნებით, საქმე კარგადაა-მეთქი! უბრალოდ…
სწორედ ამ დროს ბიბლიოთეკიდან ბიძია უილობი გამობრძანდა - ისეთი სახე ჰქონდა, როგორც კარგად დასაჩუქრებულ ბავშვს შობაღამეს.
- გასაოცარი ამბავია, ბერტი! ეს წუთია გამომცემლებს ველაპარაკე და მითხრეს, ახლახან მივიღეთ თქვენი ხელნაწერიო! წარმოდგენა არა მაქვს, რა მოხდა… ფოსტა აღმაშფოთებლად ცუდად მუშაობს რაიონებში! კავშირგაბმულობის სამინისტროს უნდა მივწერო საჩივარი! ვის გაუგია, ფასიან გზავნილებს ასე აგვიანდებოდეს ადრესატამდე?!
თქვა და ისევ უკან, ბიბლიოთეკაში, შებრძანდა. ფლორენსის ზღაპრული პროფილისაკენ გახედვაც კი არ მინდოდა.
- რა ხდება, ბერტი? - ხმა უილკინსონის ფირმის ფოლადივით ჰქონდა, ღმერთმანი.
- წარმოდგენა არა მაქვს… ვერაფერი გამიგია…
- აი, ჩემთვის კი დღესავით ნათელია ყველაფერი: დეიდათქვენი უბრალოდ მართალი კი არა, ცამდე მართალი იყო, როცა…
- არ დაიჯეროთ!
- ვითომდა რატომ, ბერტი?
- რაღაც გაუგებრობაა…
- ვითომ? ერთი პირობა ვიფიქრე, ამ კაცისაგან ადამიანს გავხდი-მეთქი, მაგრამ ვხედავ, მწარედ მოვტყუვდი!
დაჰკრა ფეხი და გავარდა. რაღა დამრჩენოდა, ჩემს ოთახში ავლასლასდი. ჯივზს ვუხმე და ისიც შემობრძანდა - სარგადაყლაპული, მშვიდი, თავდაჯერებული.
- ჯივზ! - შევღაღადე. - ხელნაწერი გამომცემლებს ჩაუვარდათ ხელში!
- ნუთუ, სერ?
- არ მითხრა ახლა, თავად გავუგზავნეო…
- რა თქმა უნდა, სერ. სხვანაირად ხელი არ მიუწვდებოდათ, სერ. უნდა გითხრათ, თქვენცა და ლედი ფლორენსმაც მეტად გააზვიადეთ ის ხიფათი, რაც ამ ხელნაწერის წიგნად გამოცემას მოჰყვება, სერ. პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე მინდა გითხრათ, სერ, ადამიანებს უხარიათ კიდეც ნაბეჭდ ფურცლებზე საკუთარი გვარ-სახელის ამოკითხვა - არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, დადებით კონტექსტში იქნებიან მოხსენიებულნი თუ - არც ისე… ერთი ბიცოლა მყავს, სერ - თქვენ არ გეცოდინებათ - წყალმანკი სჭირდა და მხოლოდ
„უოკინშოუს სასწაულებრივმა მალამომ“ უშველა, სერ. მერე გაზეთშიც კი გაგზავნა წერილი და წარმოიდგინეთ, დაუბეჭდეს კიდეც. ის კი არა, ფოტოებიც დაურთეს, ასე ვთქვათ, „მანამდე“ და „მერე“. ეს მანამდე მართლაც ამაზრზენი სანახაობა გახლდათ, სერ, მაგრამ დეიდაჩემი ცას ეწია სიხარულით… აქედან ვასკვნი, რომ ხალხისთვის ეს ე. წ. „ცნობადობაა“ მთავარი, ხოლო რანაირი - ამას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, სერ. მეტსაც გეტყვით: თუკი ინებებთ და საკითხის შესაბამის ნაშრომებს გაეცნობით ფსიქოლოგიაში, ნახავთ, რომ თურმე უკეთილშობილეს ხანმოთეულ ჯენტლმენებსაც კი არაფერი აქვთ საწინააღმდეგო, როცა მათი შთამომავლობა იგებს, რანი იყვნენ ახალგაზრდობაში… ერთი ბიძა მყავს, სერ…
- წყალსა და მეწყერს წაუღია ეგ შენი ბიძაც, ბიცოლაცა და თვითონ შენც! -
ვეუბნები. - არ იცი, რომ ფლორენსმა ნიშნობა ჩაშალა?!
- ნუთუ მართლა, სერ? - ისე, სასხვათაშორისოდ იკითხა, თითქოს ამინდის თაობაზე ვესაუბრებოდე… არც კი გაიკვირვა.
- მორჩა, დათხოვნილი ხარ!
- გასაგებია, სერ.
მერე დელიკატურად ჩაახველა მუჭაში.
- თუ ნებას დამრთვათ, სერ - რაკი თანამდებობიდან გადამაყენეთ, ახლა შემიძლია საკუთარი აზრი მოგახსენოთ და არც სუბორდინაცია დავარღვიო. ჩემის ღრმა რწმენით, სერ, თქვენ და ლედი ფლორენსი არც ერთი პარამეტრით არ მიესადაგებით ერთმანეთს, სერ. თქვენგან განსხვავებით, მისი ბრწყინვალება მეტად არამდგრადი და გავბედავ ვთქვა, დესპოტური ხასიათითაც კი გამოირჩევა, სერ.
კარგა ხანს ვმსახურობდი უორპლსდონებთან და უნდა გითხრათ, მოსამსახურეებში ძალზე უარყოფითი აზრისა გახლდნენ მისი ტემპერამენტის თაობაზე... საქმე საქმეზე თუ მიდგა, ვერც კარგი მანერებით დაიკვეხნის, ხანდახან კი ყოველგვარ საზღვრებს სცილდება ხოლმე, სერ. მასთან ბედნიერი ვერაფრით იქნებოდით.
- დამეკარგე აქედან!
- ასევე თავს ვალდებულად ვთვლი მოგახსენოთ, რომ არც მისი პედაგოგიური მეთოდები იმოქმედებდა თქვენზე კეთილისმყოფლად - იმ წიგნს გადავხედე, სერ, აი, მან რომ გადმოგცათ და ახლაც მაგიდაზე რომ გიდევთ… ნამდვილად არაა თქვენი სარგო საკითხავი, სერ. მისი პირადი მოახლის მეშვეობით კი შევიტყვე, რომ ქალბატონი ფლორენსი აქ სტუმრად მყოფ ბ-ნ მაქსუელს - ყოველთვიური ალმანახის რედაქტორს ეუბნებოდა თურმე, ამის მერე ნიცშეს შესასწავლად ვუპირებ დასმასო! გავბედავ ვთქვა, ჰერ ნიცშე მეტისმეტად არაჯანმრთელი ლიტერატურაა თქვენისთანა მყიფე და მგრძნობიარე სულიერი წყობის პიროვნებისათვის, სერ.
- მომწყდი-მეთქი თავიდან!
- როგორც მიბრძანებთ, სერ.
* * * * * * *
საოცარი ამბავია - რა სხვანაირად მოჩანს ყველაფერი დილით, კარგად გამოძინებულზე და რა სხვანაირად - წინა საღამოს, დათრგუნულ და ვნებათაღელვით გათანგულ გონებაზე! მეორე დღეს უკვე ისე აღარ მეწურებოდა გული ამ ჩემი არშემდგარი ოჯახური ბედნიერების გამო და მერე იმ აზრმაც კი გამიჭიატა თავში, რომ ჯივზი არც ისე შორს იდგა ჭეშმარიტებისაგან…
ბოლობოლო, თლილი პროფილი და ჩამოქნილი ფეხები ერთია, მაგრამ იმავე ჯივზის თქმისა არ იყოს, არც ამისთანა გადამეტებული ტემპერამენტიანობა ვარგა… საქმე საქმეზე თუ მიდგა, მე უფრო ნაზი, მოჟღურტულე, მიმნდობი არსება მჭირდება ცხოვრების თანამგზავრად და არა ამისთანა, როგორ ვთქვა და… სწორედაც რომ - დესპოტი!
ამ ფიქრებში გახლდით და თითქოს განგებო, მზერა მაგიდაზე გადაშლილ „ეთიკურ კატეგორიათა სახეობებზე“ შემიჩერდა. დავწვდი და ღმერთო მაღალო! - სიტყვასიტყვით ასეთი რამ ამოვიკითხე:
„ძველბერძნული ფილოსოფიის ორი ანტითეზისაგან მხოლოდ ერთია ცხოველმყოფელი და შინაგანად არაურთიერთსაწინააღმდეგო: იდეალური საზრისი, რომელიც თავად ობიექტს წინაღუდგება და აყალიბებს კიდეც მას; მეორე - მხოლოდ ბუნების ჩვენეული აღქმის თანხმიერია, ფენომენოლოგიურია თავისთავად, მკვდრადშობილი და არავითარი პერმანენტობა არ გააჩნია, რაკიღა
სრულიად დაცლილია დამაჯერებელი პრედიკატებისაგან. უფრო მარტივად თუ ვიტყვით - დამაჯერებელია მხოლოდ შინაგანი რეალობის გამოვლინებებში, ანუ მხოლოდღა გარეგანი გამომსახველობითი ხერხებით თუ აღწევს მიზანს.“
აი, ასე - არც მეტი, არც ნაკლები. როგორია? ნიცშე კიდე, ამბობენ, ამაზე უარესიაო…
- ჯივზ, - ვეუბნები, როცა დილის ჩაი შემომიტანა ლანგრით (ლანგრით ფინჯანი და გახუხული პური შემომიტანა, თორემ თავად ჩაი, ცხადია, ფინჯანში ესხა - ღმერთო, შენ მიშველე, ორი აბზაცის გადაკითხვამ თუ ასეთ დღეში ჩამაგდო, მთელი წიგნი რაღას მიზამდა?!), - ჯივზ, ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ სამსახურში უნდა აღგადგინო. გაქვს რაიმე საწინააღმდეგო?
- არც არაფერი, სერ.
ყლუპი მოვსვი და ჯერ კიდევ საყლაპავ მილში ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ნექტარსა და ამბროზიას ერთად გეახლებოდით. არა, ჩაის დაყენებაც მთელი ხელოვნებაა, ნამდვილად.
- სხვათა შორის, ჯივზ, - ვეუბნები, - იმ კუბოკრულ პიჯაკს რაც შეეხება…
- გისმენთ, სერ?
- მართლა არაფრად ვარგა?