მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!
ახლა წვიმს. საღამოა. შინ მარტო ვარ. სექტემბერია, ფოთოლცვენა უკვე დაიწყო. ფანჯარასთან ვდგავარ და ვფიქრობ, ვინ იცის, მერამდენეჯერ ვიხსენებ, როგორ მოხდა ყველაფერი. ოთახში ბნელა, მხოლოდ ლამპიონების ყვითელი, რბილი შუქი შემოდის ქუჩიდან. მერე სინათლეს ვანთებ, მაგიდასთან ვჯდები და ვიწყებ წერას. რა დღე იყო მაშინ? გამახსენდა. ძალიან უბრალოდ დაიწყო ყველაფერი.
ხუთშაბათს საღამოს დამირეკეს და მითხრეს, შაბათს დილაადრიან მივდივართო. საკუთარი მანქანებითაც შეგვეძლო წავსულიყავით, თითქმის ყველას გვქონდა, მაგრამ ავტობუსი ვარჩიეთ, იმ მოსაზრებით, რომ ერთად უფრო მხიარულად ვიქნებოდით. იმათ... თორემ ჩემთვის სულერთი იყო, მსუბუქი მანქანით გავემგზავრებოდი თუ ავტობუსით და, საერთოდ, წავიდოდი თუ არა. ხათრი ვერ გავუტეხე. თან რა მიზეზი უნდა მეთქვა?
ივლისის შუა რიცხვები იდგა, ცოლ-შვილი ყველას გაგზავნილი გვყავდა, ვის სად და ვის სად, ესე იგი, «თავისუფლებით ვტკბებოდით», უფრო სწორად, ასე ითვლებოდა, თორემ როგორც კი სახლები ცარიელდებოდა და ყოველდღიური ოჯახური თუხთუხი წყდებოდა, მე, მაგალითად, ვხედავდი, რომ ეს თავისუფლება ბევრში აღარაფერში მჭირდებოდა. მივეგდებოდი ხოლმე სამსახურის შემდეგ, თბილისური სიცხით დაოსებული, დავუშვათ, საძინებლის მაგივრად, შუა ოთახში და ფიქრსაც ვერ ვახერხებდი. ირგვლივ ავეჯზე მტვერი გროვდებოდა და სამზარეულოში - გასარეცხი ჭურჭელი.
დავუშვათ, ამ დროს ქალებთან კი არ მივდიოდით, შინ მოგვყავდა (თუ ვინმე გულისხმიერი შეგვხვდებოდა იმ ზაფხულს, მაშინ ავეჯიდან მტვერი ქრებოდა და ჭურჭელიც ირეცხებოდა; აკრძალული გზით შემოდიოდა სისუფთავე), ესეც ისე, კაცმა რომ თქვას, სეზონი რომ გამოგვეყენებინა, თორემ მე, მაგალითად, მთელი თვე ისე გავიდოდა, ქალის არსებობა არც მახსენდებოდა. ცოლთანაც დიდი ხანი იყო, უფრო მოვალეობას ვიხდიდი, თან, რომ არაფერი ეფიქრა.
ვერ ვიტყვი, რომ ფიზიკურად სუსტად ვგრძნობდი თავს. უბრალოდ, თანდათან უხალისობა და უსურვილობა დამჩემდა და ესეც ისე ჩუმად და ბუნებრივად მოხდა, რომ მაინცდამაინც არ მაწუხებდა... ერთი სიტყვით, მაშინაც არაფერი მინდოდა. წასვლა მეზარებოდა, მაგრამ უარი ვერ ვთქვი. კიდევ ვინ მოდის-მეთქი. ჩვენი განყოფილება თითქმის მთლიანად, ორნი რაშჩენკოს განყოფილებიდან და სამიც უცნობი ქალიო. ერთი იდას ამხანაგია, არ ვიცი, მსახიობი თუ მხატვარი, ერთი რუსუდანს მოჰყვება, შორიდან ვიცნობ, ძალიან ლამაზი ქალია, ცისფერთვალება, და მესამე, ვიღაც მითხრა, იმისი ბიძაშვილიაო.
ჩვენი ქალებიდან ყველანი ამხანაგებად მიმაჩნდა იდას გარდა. ისიც, კაცმა რომ თქვას, მაგრამ მგონი, თვითონ არა ფიქრობდა ასე შარშანდელი ზაფხულის შემდეგ. ამიტომ ყველანაირად თავს ვარიდებდი. სხვათა შორის, არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რომ ერთი-ორჯერ მწარედ გადმომკრა, რაც უსამართლობად ჩავთვალე და ქალების აუტანელ ხასიათს მივაწერე, მაგრამ ჩვენმა ურთიერთობამ ბუნებრიობა დაკარგა და ეს მართლა მწყინდა, რადგან ცხადი იყო, რომ ჩვენი ამხანაგობა წყალმა წაიღო, რაც გადაჭარბებად და ზედმეტობად მიმაჩნდა. დიდი ამბავი, ერთმანეთი გინდოდათ და ერთად იყავით, რა აუცილებელია, მერე ერთმანეთი დაჭამოთ-მეთქი, ასე ვფიქრობდი.
თანაც მაინცდამაინც ჩემი წამოწყებით არ დავახლოებულვართ და არც არაფერს დავპირებივარ. ახლა რაღა უნდოდა, აზრზე არ ვიყავი. მაგრამ ხომ ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ გინდა, ქალი დაკარგო (ადრე თუ გვიან), უნდა ფიზიკურად დაუახლოვდე. სულერთია, ცოლია, თუ ისე... ცოლ-ქმრობა ხომ ამის უტყუარი გარანტიაა. სხვაგან არა, როგორც ვხედავ, მაგრამ ჩვენში რატომღაც ასე ხდება. რატომ, არ ვიცი, ამაზე აღარ მიფიქრია.
არა, რას მოვაყოლე ეს ყველაფერი? ჰო! ერთი სიტყვით, იდას წამოსვლა არ მესიამოვნა. ჩვენი ქალები არ ითვლებოდნენ. ყოველდღე ცხვირწინ არა მყავდნენ სამსახურში? ასე რომ, თუკი რაღაცამ ოდნავ დამაინტერესა და მიმიზიდა, ის სამი უცნობი ქალი თუ ქალიშვილი იყო. აი, იტყვი რაიმეს და, რომ დაფიქრდები, შეიძლება სულაც არ იყოს ისე, როგორც თქვი. ახლაც არ ვიცი, მართლა დამაინტერესა და ცოტა ხალისი გამიჩინა, თუ ჩემს თავს მევე ვარწმუნებდი: სამი უცნობი ქალი მოდის, თანაც ერთი ძალიან ლამაზი ყოფილა, წადი, ცოტა თვალს წყალი დაალევინე, ვინ იცის, ვინ არიან-მეთქი. რაიმეს ხომ უნდა გაჰყოლოდა გული. თორემ ხევსურეთში სამჯერ-ოთხჯერ ვიყავი ნამყოფი და მართალი რომ ვთქვა, ახლა არაფერი აღარ მეძახდა. ათენგენობა, ლაშარობა და მსგავსი რამ საჩემო გართობა არ იყო. იქ არაფერი მეგულებოდა.
აი, რას ნიშნავს, რომ წერას ისე გადავეჩვიე, ხეირიანად არც დავჩვეულვარ. ვინ იცის, რამდენმა წყალმა ჩაიარა მას შემდეგ, ერთი სული რომ მქონდა, როდის მივიდოდი შინ, ჩემს ბნელ, პატარა ოთახში და როგორ მივუჯდებოდი საწერ მაგიდას, რომელიც დაბალი ფანჯრის წინ იდგა და სულ ჭრიალი გაჰქონდა. ვწერდი და ვწერდი. აზრზე არა ვარ, რა მქონდა იმდენი საწერი. მაგრამ ციებიანივით ვწერდი, სულმოუთქმელად, დღიურებს, ნოველებს, ლექსებს, ათას რამეს. მერე, ოჯახი რომ წამოვიკიდე და ჩემი დღე მკაცრად და შეურყევლად გადანაწილდა სახლსა და სამსახურზე, წერისათვის ვიღას ეცალა. მაგრამ, ეს იყო, პირველ წლებში რაღაც აუტანელი სურვილი მიჩნდებოდა ხოლმე მარტო დარჩენის.
მეჩვენებოდა, რომ ცოტა ხნით მაინც სადმე მარტო თუ არ დავრჩებოდი, ნამდვილად გავგიჟდებოდი. მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც მარტო დავრჩი და არც გავგიჟდი. სხვაზე ნორმალურ კაცად მიმაჩნდა თავი და, სხვათა შორის, სხვებიც ასე თვლიდნენ. მერე კი, წლების შემდეგ, როცა ბოლოს და ბოლოს, მარტო დავრჩი (ბავშვები წამოიზარდნენ და ახლა ცოლს უკვე მარტოს მიჰყავდა მთელი ზაფხულით), გამაღიზიანა კიდეც ამ მარტოობამ, რადგან ის დრო გამახსენდა, როცა ასე ვნატრობდი ამ დროს, და ის დროც, როცა ჩემი მარტოობის ყოველი წუთი პირთამდე სავსე იყო ათასი რამით, ცხადია, შინაგანით. ახლა კი აღარაფერი მქონდა გასაკეთებელი. ადრე ჩემს თავს ვეძებდი, ახლა კი ჩემი დანახვაც აღარ მინდოდა.
აი, განა რა დრო გავიდა და სად ვიცხოვრე, რომ დავწერე თუ არა ეს სიტყვა – «შინაგანი», ცოტა მეუხერხულა, რაღაც ძალიან პათეტიკურად მომეჩვენა. უცებ სხვების თვალით წავიკითხე და იმიტომ. იმათი თვალით, ვინც ჩემ გვერდით იყვნენ და ტრიალებდნენ. დაკონკრეტებას არავითარი აზრი არა აქვს. მაგრამ მაინც ვტოვებ ამ სიტყვას და ეს ყველას მირჩევნია, რადგანაც ნებისმიერი სხვა შემცვლელი კიდევ უფრო გადაპრანჭულად მეჩვენება და შეიძლება, ბანალურადაც.
რისი თქმა მინდოდა? წერას გადავეჩვიე-მეთქი. რაზე გავიფიქრე? ჰო, მაშინ უფრო ზუსტად გამოვთქვამდი ჩემს აზრებს, თუმცა სტუდენტი ვიყავი და ყველანაირად და ყველაფერში ახალბედა. აი, ახლა ვთქვი, შატილში არაფერი მეძახდა-მეთქი და ფაქტიურად ხომ არაფერიც არ მითქვამს. აბა, ეს რა თქმაა. სულაც მიჩქმალვაა. არაფერი მეძახდა კი არა, პირიქით, ხელსაცა მკრავდა, გავურბოდი კიდეც, სიმართლე თუ გინდათ. კიდევ უფრო მეტი სიმართლე თუ გინდათ, იქითკენ გახედვაც კი არ მინდოდა, თუმცა ეს – ძალიან გულში, სადღაც სიღრმეში, სადაც შეიძლება მეც არ ვიხედებოდი...
მაგრამ ვატყობ, ყოველ წუთს მიწყდება აზრი და ამას მერე ავხსნი, თუ მაინცდამაინც საჭირო იქნება, რატომ მკრავდა ხელს, თორემ მთავარზე ვეღარ გადავალ. თანაც ვჩქარობ, როგორც ყველა შეატყობს ხელნაწერზეც და ისეც. თუმცა, ვინ ყველა? თითქოს ანდერძს ვტოვებდე. რა შუაშია «ყველა»? ან რა შუაშია შატილი? თუმცა ამას მაინცდამაინც ვერ დავიჟინებ.
შეიძლება, ძალიანაც შუაში იყოს. ყოველ შემთხვევაში, შატილზე - მერე... როგორმე ხომ უნდა მოვყვე, რაც იქ მოხდა და რაც მოხდა მერე... მაგრამ მანამდე რაღაც უნდა მეთქვა... რაღაც აზრი დავიწყე და ისევ დავკარგე... რაღაცა, მგონი, წერასთან დაკავშირებით... (უცბად შევატყვე ჩემს თავს, რომ რაც უფრო ვუახლოვდები ფიქრით შატილს, მით უფრო ვჩქარობ და აზრიც მიწყდება, სიჩქარისაგან აქეთ-იქით დამიხტის... მაგრამ ასე არაფერი გამომივა და სჯობს, ნელა და უბრალოდ ვწერო, ისე როგორც თავიდან დავიწყე. და, რაც მთავარია, ვწერო ისე, როგორც მაშინ ვხედავდი და არა ისე, როგორც ახლა განვიცდი ყველაფერს).
ჰო, წერასთან დაკავშირებით... რისთვის ვწერ ამას? მით უმეტეს, თუ ვერც აზრი შემიკრავს, ვერც ზუსტად გამომითქვამს, ერთი სიტყვით, ხელი არ მემორჩილება... რისთვის ვწერ, როცა აგერ თვრამეტი წელიწადია, იოლას გავდივარ და წერით თავი აღარ ამიტკიებია... ჩემი ადრეული შემოქმედება ჩემს სტუდენტობასთან ერთად დამთავრდა... ისევ გადავუხვიე, მგონი შეგნებულად; ათას წვრილმანს ვედები, ალბათ იმისათვის, რომ სულ უფრო იქით გადავდო მთავარი სათქმელი, ანდა იმისთვის, რომ ნელ-ნელა ნერვები მოვთოკო... მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა ვთქვა: რისთვის ვწერ? ან რა მოხდა იქ და მერე?
რისთვის და, ჯერ ერთი, მინდა ჩემთვის გავარკვიო, რა დამემართა ბოლოს და ბოლოს. ფიქრში ყველაფერი ერთმანეთში მერევა და ეგებ წერის დროს დალაგდეს ცხადად. მეორეც... მეორეც, რა?.. რა და... ახალგაზრდა აღარა ვარ და ეჭვი მაქვს, რომ გავა დრო და ყველაფერი, რაც თავს დამატყდა, თანდათან გაიცრიცება, გაიცრიცება და ნისლი დაფარავს. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყველაფრისა. განა უკვე ახლა არა მგონია, რომ ყველაფერი სიზმარი იყო? უცბად დავიძაბები, მინდა ყველაფერი დავინახო, რაც მოხდა და... მისხლტება, თითებს შორის ჩაღვრილი წყალივით თვალთაგან მიქრება. ვეღარ ვხედავ ხოლმე. რაიმე მაინც დამრჩენოდა. რაიმე ნივთი. რაიმე ხილული საგანი. ხელთ მექნებოდა, როგორც უტყუარი საბუთი, ნივთმტკიცება. მაშინ ხომ ვეღარ გავიფიქრებდი, სიზმარი იყო-მეთქი?
ნაღვლიანად ვფიქრობ, რომ შეიძლება, ის დღეც დადგეს დიდი ხნის შემდეგ, როცა მთელი ეს ამბავი გადაჭარბებად მომეჩვენება, რაღაც ზედმეტობად ჩემი მხრიდან, შემრცხვება კიდეც ჩემი ახლანდელი განცდებისა. ანდა სულაც აღარ დავიჯერო ეს ყველაფერი, ან ვეღარაფრით გავიხსენო... ალბათ, ამიტომ ვწერ და არა იმიტომ, რომ შვება ვიგრძნო, არა, შვება ნამდვილად არ მინდა, ვიგრძნო...
ახლა, როცა ვწერ, როცა ისევ ვწერ ამდენი ხნის შემდეგ, ჩემი ჩვიდმეტი წლის გოგოს საწერ მაგიდასთან (მე არც ჩემი ოთახი გამაჩნია, არც მაგიდა და აღარც მინდა), ძალიან მტკივნეულად მახსენდება ის ჩემი ძველებური პატარა საწერი მაგიდა დაქირავებულ ოთახში, სულ რომ ჭრიალებდა, როდესაც ვწერდი. სამი პატარა უჯრა ჰქონდა და დაბალ ფანჯარასთან იდგა, საიდანაც ელექტრონის ბოძზე მოქანავე ქუდიან ნათურას გავყურებდი, ფანჯრის ჩარჩოში სურათივით ჩასმულს, ლეღვის ხესა და ვარსკვლავებიან ცას.
ეს ლეღვის ხე შემოდგომობით ისე ქალივით გაშიშვლდებოდა ხოლმე თავისი კრიალა, მოთეთრო ტოტებით, რომ იქით გახედვისა მრცხვენოდა. სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ ძალიან უცნაური სიზმარი ვნახე, რომელშიც ეს მაგიდაც მონაწილეობდა (იმიტომ დამამახსოვრდა, რომ, ჩემდა სასიხარულოდ, სიზმრებს საერთოდ არ ვხედავდი).
ამ სიზმარმა ამაფორიაქა და გული დამიმძიმა, მივხვდი, რაღაცას ნიშნავდა. რაღაც შინაგანზე მიმანიშნებდა, მაგრამ დიდხანს არ მიფიქრია. საერთოდ, ფიქრთან დაკავშირებით ნაჩქარეობა და სიზარმაცე დამჩემდა. რაღაცაზე ვფიქრობდი, მაგრამ თუ ცოტა გართულდებოდა საქმე და ჩემი ფიქრი რაღაც ძნელსა და ხორკლიანს წამოედებოდა, იმწუთასვე თავს ვანებებდი. რაღაცას დავადგენდი, დავუშვათ, რაღაც ფაქტს აღმოვაჩენდი, მაგრამ მიზეზის პოვნისათვის ნერვები და სურვილი აღარ მყოფნიდა და თავს ვანებებდი.
ერთი სიტყვით, აღმართს მივადგებოდი თუ არა, თავს აღარ ვიტკიებდი. მაშინვე ვწყვეტდი. ვიცი, ამას რაც ჰქვია და როგორი ცხოვრებაც ჰქვია, მაგრამ მე გმირად არ მიმაჩნდა თავი, რომ დინებას წინ აღვდგომოდი. მე მას მივყვებოდი, როგორც ყველა. ჰოდა, არ ვიცი, ამ მაგიდით რა უნდა მეთქვა და რაზე გამახსენდა, მაგრამ მე ისე მაქვს ახლა გული დაძაბული, რომ შემთხვევით არაფერი არ გამახსენდება, რაც გამახსენდება, ყველაფერი რაღაც კავშირში იქნება იმ მთავართან. თუმცა ახლა ვჩქარობ და თუ მოვახერხე, ბოლოს ეგებ ყველაფერს ერთად მოვუყარო თავი.
ახლა კი აღარ გადავუხვევ და ვეცდები, ბოლოს და ბოლოს, დალაგებულად ვუამბო ჩემს თავს, რაც მოხდა.
I
ავტობუსში რომ ავედი, ყველანი იქ იყვნენ. შეძახილებით შემეგებნენ. ყველა ადგილი დაკავებული იყო და მძღოლის კაბინის გვერდით პატარა სკამზე ჩამოვჯექი, ისე რომ, საზოგადოებას სახეში შევაცქერდი. დავჯექი თუ არა, ის სამი უცნობი ქალი მოვათვალიერე და ერთი მაშინვე თვალში მეცა, ოდნავ განზე გაზიდული ცისფერი თვალების, კეფაზე ახვეული მძიმე ქერა თმისა და მკვრივი, მოხორბლისფრო მკლავების გამო. გავიფიქრე, რომ ვაჟას ეს უნდა ეგულისხმა, როცა მითხრა, ძალიან ლამაზი ქალიაო.
მეორე შავგვრემანი იყო და მის უკან, ორი სკამის მოშორებით იჯდა. ასე, ოცდაჩვიდმეტი წლისა იქნებოდა, ზედმეტად შავი, შუაზე გადაყოფილი და გადატკეცილი თმა უცნაურად უბზინავდა და კისერთან ჰქონდა შეკრული. გუგებზე მოყვითალო ფერი დაჰკრავდა და უპეებს ქვემოთ ფერმკრთალი ჭორფლი ეყარა, თხელი, კუთხეებდაშვებული ტუჩები და საოცრად სწორი ცხვირის ნესტოები რაღაც ნერვიულად უთრთოდა. საინტერესო გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ არა – ვნებისაღმძვრელი.
რაც შეეხება მესამეს, კარგა ხანს არ ვიცოდი, ვინ იყო და როგორ გამოიყურებოდა, რადგანაც ცისფერთვალებას გასწვრივ, იდას გვერდით იჯდა ფანჯარასთან და იქით გახედვას ვერიდებოდი. თანაც წინ ვაჟა ეფარებოდა. ასე რომ, მხოლოდ მისი ვარდისფერი კაბა მეცა თვალში, ეგრეთ წოდებული «ბალახონი» და თვალში იმიტომ მეცა, რომ ასეთსავე კაბაში, ოღონდ ნაცრისფერში, ჩემმა ცოლმა მთელი ჩემი პრემია – სამასი მანეთი – მიაფშვნა და რაღა გასაკვირი იყო, რომ თვალში მომხვედროდა (ჩემს ცოლს – რაკი შინაგანად სულ არ ვეკუთვნოდი – სხვამხრივ არაფერზე ვეუბნებოდი უარს, ვცდილობდი, ყველაფერი ჰქონოდა).
ვაჟა ადგილზე ცმუკავდა და თავს აქეთ-იქით ატრიალებდა, რის გამოც ამ ვარდისფერკაბიანის ხან ცალ ყურს ვხედავდი, ხან ნახევარ შუბლს, ხან რბილ ხაზს ყურიდან ნიკაპამდე. თვითონ სულ ფანჯარაში იყურებოდა. მერე და მერე მივხვდი, რომ მისი კაბის გარდა, კიდევ რაღაც იპყრობდა ჩემს ყურადღებას: ეს იყო ძალიან სწორი მხრები, რომელთაგან ძირითადად მარჯვენა ხვდებოდა ჩემი მხედველობის არეში. ამ ლამაზად გამხდარ მხრებზე ვარდისფერი კაბა წყალივით იყო ჩაღვრილი და ძველ ბერძნულ სამოსს მაგონებდა.
შეიძლება იმიტომ, რომ სამივე უცნობი ქალი სასიამოვნო განცდებს იწვევდა, ან შეიძლება საერთო მხიარულება გადმომედო, რაღაც კარგ გუნებაზე დავდექი. თუმცა იმ მესამის სახეს ჯერაც ვერ ვხედავდი, მაგრამ აღარც მაინტერესებდა, რადგან მთელი ჩემი ყურადღება ცისფერთვალებას დაეპყრო, ჩემ წინ რომ იჯდა ხელმარცხნივ, პირველ სკამზე, ფანჯარასთან, გურამის გვერდით.
გულში რაღაც ბუნდოვან და საინტერესო შესაძლებლობებს შევღიმოდი, თუმცა სხვა კაცების გულშიც იგივე ხდებოდა ალბათ. და საინტერესო იყო, როგორ განაწილდებოდა როლები, რადგან კაცები ათნი ვიყავით, უცნობი ქალი კი სულ სამი გვახლდა. სანდროს ჩვენს რიგებში არა ვთვლიდი, რაკი, როგორც სამსახურში, ისე აქაც, თანამეცხედრე გვერდით ეჯდა (რასაც თავისი ცხოვრების მთავარ უბედურებად მიიჩნევდა).
გურამს ბედნიერი სახე ჰქონდა, წარამარა რაღაცას გადაულაპარაკებდა ხოლმე თავის ლამაზ მეზობელს. ამასობაში ვაჟა ადგა და ავტობუსის ბოლოსკენ გასწია. და როცა ბოლოს ვარდისფერკაბიანს სახეში შევხედე, პირველ წუთს ისეთი ახალგაზრდა მომეჩვენა, რომ სასწრაფოდ გამოვრიცხე ყოველგვარი «შესაძლებლობებიდან». მაგრამ მერე, როცა კარგად დავაკვირდი, მივხვდი, ასე, ოცდაშვიდი წლის მაინც იქნებოდა. მთელ მის გარეგნობაში იყო რაღაც ისეთი, არ ვიცი, კერძოდ რა, რომ ეტყობოდა, იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ან ძალიან გვიან, ან ვერასდროს გამოდიან ბავშვობის ასაკიდან. ოღონდ რით ამჟღავნებდა ამას, იმწუთსავე რომ ეს გავიფიქრე, აზრზე არა ვარ.
პირველად, მთლიანად, ესე იგი, სახითაც რომ დავინახე, სკამის ზურგზე, მოხრილ იდაყვზე ლოყა დაეყრდნო, თითქოს ბალიშზე ედო თავი და ასე რაღაცნაირად შუბლს ქვემოდან ამომხედა, რის გამოც ძალიან დიდი თვალები გამოუჩნდა. როცა გასწორდა, დავადგინე, რომ იმ «შავთან» და «ცისფერთან» შედარებით, ერთი შეხედვით, არაფერი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და თვალში საცემი არა ჰქონდა. გურამს ვანიშნე და სიგარეტის კოლოფი გადმომიგდო. ვეწეოდი, თანამგზავრებს სახეში შევყურებდი და ვფიქრობდი, რომ ძალიან გამოცვლილები იყვნენ, სხვანაირები: ავეჯს რომ მტვერს გადააცლიან და აკრიალდება, რაღაც ისე გახალისებული ჩანდა ყველა.
«შავს» თეთრი, ქათქათა ცხვირსახოცის კუთხე მალიმალ მიჰქონდა გამჭვირვალე ნესტოებთან და ოდნავ შეეხებოდა ხოლმე. კარგა ხანი იყო, რაღაცას გაუთავებლად და გაუღიმებლად ელაპარაკებოდა ბონდოს, რომელსაც მთელი თავისი გონიერი გამომეტყველების მარაგი მოეკრიბა და სახეზე გამოეფინა.
რამდენჯერაც «ვარდისფერი» ჩემი მზერის არეში მოხვდა (იქით პირდაპირ გახედვას ისევ ვერიდებოდი), იმდენჯერ ვიგრძენი, რომ რაღაც მსიამოვნებდა და რა, ვერ ვხვდებოდი. მერე გავაცნობიერე: რაღაც ფარული მიმზიდველობა ჰქონდა, რაც მისი გრძელი ხელებისა და თავის მოძრაობაში მჟღავნდებოდა. იყო რაღაც გრაციოზული ამ მოძრაობებში, რაც მისი სახის ოდნავ დაუდევარ გამომეტყველებას თითქოს არ ესადაგებოდა. ყველა ამ აღძრული განცდის გამო, ვარდისფერკაბიანი ისევ ჩავრიცხე «შესაძლებლობათა» ბუნდოვან საუფლოში, მაგრამ ძირითადად მარაგში, ყოველ შემთხვევისათვის, რადგან მთელი გულისყური «ცისფრისაკენ» მქონდა მიმართული. და როგორც კი გურამი სკამიდან წამოდგა, რათა მძღოლისათვის რაღაცა ეთქვა და ისევ დაბრუნებულიყო თავისი ლამაზი მეზობლის გვერდით, მაშინვე მშვიდად დავიკავე მისი ადგილი და ლაპარაკი გავუბი მეგის – ასეთი აღმოჩნდა მისი სახელი.
ვუთხარი, ჩემი მეგობარი და კოლეგა ისეთი საშიში თვალებით გიმზერდათ, გადავწყვიტე, სასწრასასწრაფოდ ჩავერიო ამ საქმეში და სრულიად უანგაროდ დავიცვა თქვენი უსაფრთხოება-მეთქი. მეგიმ ხმამაღლა გაიცინა, გურამმა კი ხელი ჩაიქნია ჩემი მიმართულებით, ვიცი, გულში რაც შემომითვალა, მაგრამ დაუყოვნებლივ გულშივე დავუბრუნე უკან და ლაღად შევუდექი მეგის უსაფრთხოების დაცვას. მთელი ტანით მისკენ მივბრუნდი, ცალი ხელი წინა სკამის საზურგეზე გავჭიმე, მეორე მეგის ზურგს უკან: ათასი მავნე თვალია თქვენკენ მომართული, დე, ჩემი ზურგი დაცხრილონ-მეთქი. ძალიან გამხიარულდა. მელაპარაკებოდა და სახეში შემომცინოდა. ლურჯ, შემოტკეცილ ქვედაკაბაზე ბოლო ღილი შეხსნოდა და დანარჩენებიც აშკარად ამჟღავნებდნენ ტენდენციას, ამ ბოლო ღილისათვის მიებაძათ და მისი მუხლისთავებისათვის შვება მიეცათ.
ვიჯექი და სიამოვნებით ვყურყუმელაობდი მისი თვალების ცისფერში, რომელთა მზერაც არავითარი სიღრმითა და სიმძაფრით არ იყო დამძიმებული, რაც, ჩემი აზრით, მათ დამატებით ღირსებას წარმოადგენდა და ჩვენს ერთად ყოფნას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა.
მიხვეულ-მოხვეულებში, როგორც ხდება ხოლმე, უნებურად მკლავზე მეკვროდა, რაზეც ვუთხარი, თამამად მოიქეცით, შეგიძლიათ ჩემი მკერდიც გამოიყენოთ, აქ ხომ თქვენი უზრუნველყოფილი მგზავრობისთვის ვზივარ-მეთქი. ერთხელაც ხელი სკამის საზურგეს რომ ჩასჭიდა, ჩვენი ხელები გვერდიგვერდ აღმოჩნდა, ისე რომ, ნეკით ჩემს ნეკს ეხებოდა და ჩემი პირველი ნაბიჯები გამახსენდა ამ მღელვარე გზაზე. შეიძლება კიდევ იმიტომაც გამახსენდა, რომ ამასობაში ავტობუსი ხიდზე გადაჯაყჯაყდა ორწყალთან:
ერთხელ სოფელში, მაშინ ალბათ თხუთმეტი წლისა ვიქნებოდი, ხიდზე ვიდექი ჩემს მეზობელ გოგოსთან ერთად. მოაჯირზე გვეკიდა ხელები. იმ დროისათვის უკვე საკმაოდ ვიყავი გატანჯული ჩემი სისხლითა და სხეულით, მით უმეტეს, რომ ის მარტივი და სხვისგან დამოუკიდებელი ფიზიკური კათარზისი, ჩემხელა ბიჭების ხსნას რომ წარმოადგენდა, მე თავში არ მომდიოდა. მზე ჩადიოდა. მუქვარდისფერი შუქი რბილი ქსოვილივით ეფინა მდინარეს და იქაურობას. წყალს ჩავცქეროდით და ის რაღაცას ლაპარაკობდა. მისკენ მიხედვას ვერ ვბედავდი. თვალები ამიჭრელდა წყლის დინებისაგან და უცბად, ჩემდა გასაგიჟებლად, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ხელი თანდათან მისი ხელისაკენ იწევდა, ვიდრე თითქმის თავზარდაცემულმა ნეკი მის ნეკს არ გადავაჭდე.
რაღაც ისეთმა დამიარა მთელ ტანში, თითქოს ის მდინარე, ოღონდ გავარვარებული და მდორე, პირდაპირ ჩემში გადმოდინდა. ცოტაც და, თავით გადავეშვებოდი იმ ხიდიდან... ის კი იდგა და ვითომც არაფერი, წინ იყურებოდა... გავიფიქრე, ნამდვილად გაგიჟდა-მეთქი... ამ ნეკების დღით დასრულდა ჩემი ცხოვრების პირველი პერიოდი, თუკი მაინცდამაინც პერიოდებად მოვინდომებ ცხოვრების დაყოფას.
ამ დღიდან კიდევ უფრო გამიძლიერდა მოწიწება და შეძრწუნება გოგოების მიმართ... ისე მტანჯველად ვილტვოდი მათკენ, რომ უკვე თითქმის მძულდა კიდეც ისინი. ვიდრე ეს მეორე პერიოდი იმით არ დამთავრდა, რომ ერთ ღამით ჩვენი მდგმურის - ახალგაზრდა მასწავლებელი ქალის - ოთახში არ შევაბიჯე მთვარეულივით (ჩვენები მეზობელ სოფელში იყვნენ ერთი ჩემხელა ბიჭის დასაფლავებაზე და მეორე დღეს აპირებდნენ დაბრუნებას. ეზოდან რომ გადიოდნენ, ჩემმა დამ გეორგინების წითელი თაიგული დამიქნია და ენა გამომიყო), არ მესმოდა, რას ვეუბნებოდი და რას ვაკეთებდი.
მახსოვს, რომ შეცბუნებული მიღიმოდა... ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგანაც იმის ქათქათა ლოგინში კიდევ ერთხელ რომ დამიარა იმ ნაკადმა, თან წამიღო კიდეც: გული წამივიდა. თავზარდაცემული ქალი (რომელსაც, ალბათ, მთელი სიხარული ჩავუშხამე, თუ რამე მივანიჭე), მეძახდა, საფეთქლებს მისრესდა და მკოცნიდა. როცა გონს მოვედი, მის რბილ მკერდში ჩავმალე სახე, მხრებზე ხელები შემოვხვიე და ავტირდი. ასე გამოვიტირე ყველაფერი. იმ ღამის შემდეგ ლამის სახლიდან გადავიკარგე, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სირცხვილისაგან მიწა გამისკდებოდა, რომ დამენახა, მეორეც... მეორეც... დავინახავდი თუ არა, მიუხედავად ამ სირცხვილისა, ალბათ მონასავით შევბარბაცდებოდი მის ოთახში...
მერე, როცა თბილისში ჩამოვედი, ადვილად წავიდა ყველაფერი, განსაკუთრებით ცოლის მოყვანის შემდეგ. არც სხვაზე უკეთესი ვიყავი, არც უარესი. ისე ვცხოვრობდი, როგორც ყველა. ყოველ შემთხვევაში, ეს მესამე და ბოლო პერიოდი იმით აღინიშნებოდა, რომ როცა სადმე ვსვამდი ძმაკაცებთან ერთად, მთვრალს შემეძლო, ავმდგარიყავი, ქალი გვერდით ოთახში გამეყვანა და იქ ვყოფილიყავი მასთან, თუკი ამის შესაძლებლობა იქნებოდა. მართალია, ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მთვრალი ვიყავი ხოლმე, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. არ ვიცი, რა და როგორ ხდებოდა, ახლა ამის გახსენებისა და ანალიზის თავი არა მაქვს. მაგრამ ორმოცი წლის რომ გავხდი, უკვე მთლიანად განხიბლული ვიყავი ქალისაგან. როგორც რეზო, ჩემი ბიჭი იტყოდა, «ბოლომდე გამიტყდა». აღარაფერს ქალისგან არ ველოდი და არც ვითხოვდი. ოღონდ ხანდახან მენატრებოდა ხოლმე, როდისმე კიდევ განმეცადა ის სასწაული, რაც იქ, ჩვენი მდინარის ხიდზე დამატყდა თავს, ან პირველ ღამეს, მაგრამ ორჯერ ვინ შესულა ერთ მდინარეში.
ამის გახსენებამ, როცა ასე დავყურებდი ჩემს და მეგის ხელებს, გული დამიმძიმა. რაღაცნაირად მოვეშვი და ყველაფრის ხალისი დავკარგე. მაგრამ ასეთი ენთუზიაზმით დაწყებულ საქმეს უცბად ხომ არ ჩავშლიდი. ისევ გავაგრძელე ჩემს ლამაზ მეზობელთან ლაღობა. შიგადაშიგ იდას მჭახე სიცილი ისმოდა. თითქოს განგებ ხმამაღალი. როცა ერთხელ მივიხედე, მის მზერას შევეფეთე. მაშინვე თვალი ამარიდა. "ვარდისფერს» კი ახლა ხელისგულზე დაეყრდნო საფეთქელი და მოწყენილი მომეჩვენა.
ავტობუსი აჯაყჯაყდა, მერე გაჩერდა. მძღოლმა დაიძახა, ჩამოდით, მოაწექითო. "ვარდისფერი» წამოხტა და, ვიდრე კაცები წამოვიშლებოდით, უკვე ძირს იყო. მეგი არ განძრეულა. სხვა ქალები ავტობუსში დარჩნენ. კაცები გვერდიგვერდ ჩავმწკრივდით და ავტობუსის კედელზე ხელის მისაკარებელი ადგილი აღარ დარჩა. "ვარდისფერს», ეტყობა, ეწყინა. "მე შენ მოგეხმარები, ვაჟა», – უთხრა ვაჟას და ხელები ბეჭებზე დააწყო. "ადგილები გაცვალეთ, ეგრე უფრო უპრიანია», – ვუთხარი ორივეს, როცა მთელი ძალით ვაწვებოდით ავტობუსს. "ვარდისფერმა» გაიცინა, ლამაზად იცინოდა.
მალე ბარისახოსაც მივაღწიეთ და შესასვენებლად გავჩერდით. მე და მეგი მდინარისაკენ წავედით და ნაპირზე ჩამოვსხედით. ბონდო ისევ "შავს» მიჰყვებოდა მორჩილად. ზოგი ბალახზე წამოწვა, ზოგი ქვაზე ჩამოჯდა, ზოგი ამღერდა. რაღაც გუნება ვეღარ გამომიკეთდა. უცბად შინაგანად მოვდუნდი. ასე ხშირად მემართებოდა ხოლმე, თუმცა ჩემი თვალები ისევ დასრიალებდნენ მეგის ყელ-კისერზე, მკერდსა და ქვედა კიდურებზე, რომლებმაც მთლიანად გაამართლეს ზედა ნაწილით აღძრული მოლოდინი. მერე მეგის მზის სათვალე დასჭირდა, წამოვდექი და ავტობუსისაკენ გავემართე მისი ჩანთისათვის. დავინახე, რომ ერთი მუხის ძირში ვარდისფერკაბიანი მუხლის ჩოქზე იდგა, ჩხირით მიწას ქექავდა და რაღაცას გაფაციცებით ჩაშტერებოდა. მივედი და თავზე დავადექი. დახრილი კისრიდან თმა აქეთ-იქით გადაჰყროდა, და მალები ემჩნეოდა. კისრისა და ხერხემლის მალების შესართავთან წვრილი, ფერმკრთალი ხალების ხომლი მოჩანდა, რომელიც პატარა დათვის თანავარსკვლავედივით იყო განლაგებული.
– რას აკეთებ?
შეკრთა, ამომხედა:
- ხედავ? ჭიანჭველები მაისის ხოჭოს მიათრევენ... სულ გამოუხრავთ... ეს ხომ მესაფლავეა... ყველას მარხავს, ახლა კი თვითონ მომკვდარა... – თქვა სერიოზულად და ჩხირი წინ დაუხვედრა ჭიანჭველების გროვას. მერე ხოჭო ცალკე გამოაგორა. გათხარა პატარა ორმო და ჩაფლა, – ცოდოა, თან სხვა მიზეზიც მაქვს...
- პატარაობაში ერთი ამხანაგი გოგო მყავდა, სადაც მკვდარ ჩიტს ან წიწილას იპოვიდა, მარხავდა... ძალიან ლამაზი საფლავების გაკეთება იცოდა, ვერც ერთი გოგო ვერ შეედრებოდა საფლავების კეთებაში...
- მეც ვიცოდი, - მიპასუხა უბრალოდ.
- მათხოვე ეგ ჩხირი, ერთი წუთით, - მეც იქვე ჩავცუცქდი.
უცებ დამაინტერესა, ჭიანჭველები ჩხირზე ავიდოდნენ თუ გვერდს აუქცევდნენ.
- არა, – მომიჭრა მოულოდნელად.
- რატომ? – შევცბი.
- იმიტომ.
- შენ რა, მებუტები?
არ მიპასუხა და მიწის ჩიჩქნა განაგრძო. ამ დროს მეგის ძახილი მომესმა და ავტობუსისკენ წავედი. კარში იდას შევეფეთე, კიბეზე ჩამოდიოდა, ხელში თერმოსი ეჭირა. გზა დავუთმე. "გმადლობ», – მითხრა ირონიულად და წავიდა. რა უნდა ამ ხალხს ჩემგან-მეთქი, გავიფიქრე. მეგისთან ცოტა მოშლილი დავბრუნდი და ჩანთა გავუწოდე. "გმადლობთ», – შემომცინა და სათვალე ამოიღო. გვერდით მივუჯექი და მდინარეს ჩავაშტერდი. "არაგვი», – ისე ვთქვი, თითქოს გავიფიქრე. "არაგვი», – გაიმეორა მეგიმ. – "რას ნიშნავს ნეტავ?» "როგორ, არ იცით? არა გვიან, ესე იგი, არ დააგვიანოთო», - ვუპასუხე ისე, რომ თვალი წყლისთვის არ მომიშორებია. "რა არ დააგვიანოთო?" "ყველაფერი, რაც გულში გაქვთო". გაიცინა. იდაზე ვფიქრობდი გაღიზიანებული: ალბათ, ყველაფერი მოყოლილი აქვს იმ "ვარდისფერი ბალახონისათვის" და იმანაც მაგრძნობინა. წარმოვიდგინე, როგორ მოუყვებოდა. ნეტავ ერთი ქალი მაინც თუ არსებობს ქვეყნად, თავისი ამბები არავის რომ არ ჩაუკენკოს. ფეხებზე მკიდია, ბოლოს და ბოლოს, გადავწყვიტე, რათა ჩემი გაღიზიანება გამეფანტა; მერე დამავიწყდა კიდეც, რადგან ამასობაში მეგიმ ჩემი მარცხენა ხელისგული გადაშალა და ხაზების შესწავლას შეუდგა. მისი ხელი მსიამოვნებდა. სითბო ჩამეღვარა.
- ნუ აჩქარდებით, მაგ საქმეს არ უყვარს აჩქარება, - ვურჩიე.
- ხან ნუ დააგვიანებთო, ხან ნუ აჩქარდებითო, - ჩაილაპარაკა ღიმილით, თან ხელისგულზე დამჩერებოდა. მერე უცბად მკითხა:
- რამდენი წლისა ხართ?
- ორმოცდაორის.
ისევ დამხედა ხელზე და ჩემი "სიცოცხლის ხაზს" საჩვენებელი თითი ააყოლა.
- ხედავთ? სამოცდაათ წლამდე იცოცხლებთ, ბოლოს ძალიან მარტო რჩებით, სულიერად მარტო, ავადმყოფობთ... მაშასადამე, აი, ეს ადგილი, - საჩვენებელი თითი ერთგან შეაჩერა, სადაც "სიცოცხლის ხაზი" "ვენერას ბორცვის" ძირას რომ მიიკლაკნებოდა, ღრმა და პატარა ჯვრით იყო გადაკვეთილი, - აი, ეს ადგილი დაახლოებით თქვენს ახლანდელ ასაკს ემთხვევა... ისე რომ, თუ ჯერ არ ყოფილა, მოკლე ხანში იქნება...
- რა? - ვკითხე, ჩემდა გასაოცრად, სრულიად სერიოზულად.
- ძალიან, ძალიან დიდი სადარდებელი... აი, ისეთი, უცბად რომ თავზე დაგატყდება... მაგრამ თან ისეთი, რომელიც... რომელიც, როგორ გითხრათ... უცბად კი მოვა... მაგრამ შემთხვევითი არ არის... რადგანაც ჯვრის ფორმა აქვს... გესმით, ისეთი ტანჯვაა, რომელიც თქვენია... თქვენ უნდა ატაროთ... არ ვიცი, მიმიხვდით, თუ ვერა...
ამას რომ ამბობდა, მთლიანად უაზრო სახე გაუხდა, თვალები თითქოს მხოლოდ ზედაპირისაგან შედგებოდა და, წეღან რომ მეჩვენებოდა, თითქოს მათ ცისფერში ვიძირებოდი, ახლა ვფიქრობდი, ეს შეუძლებელი იყო - ჩემს მზერას მაშინვე ირეკლავდა და უკან ისროდა. შეიძლება, სწორედ ამ უაზრო გამომეტყველების ბრალი იყო, რომ მის სიტყვებზე ცივმა ჟრუანტელმა დამიარა და უცბად ნერვიულად წამომცდა:
- სისულელეა! - მალევე შევეცადე, გამომესწორებინა და დავუმატე: - მაგ სიტყვების მთავარი ღირსება ის არის, რომ ასეთ ბაგეთაგან მოედინებიან, არა? - რაღაც უგერგილოდ გამომივიდა.
- სისულელეა, რა თქმა უნდა, - მაშინვე დამეთანხმა. - უბრალოდ, გაერთობა ხანდახან კაცი... მერე თითები გადამიწია, ისევ მომიკეცა, ხელის ნებზე წარმოქმნილ ღარებს დააკვირდა და გაიცინა:
- აუჰ, რამდენი ქალია... კიდევ იქნება...
- ცისფერთვალება ქერა ქალი არსად მოჩანს? - არა, - გაიცინა, ხელი დამიხურა და უკანვე ჩამაბარა.
- რამენაირად უნდა გამოვუძებნო ადგილი, საპატიო. მკითხავი ბრძანდებით?
- არა. ჟურნალისტი.
- მხოლოდ ქირომანტიაა თქვენი საუფლო?
- რატომ? კარტი, ყავა, - იცინოდა.
- ბარემ კარტიც გამიშალეთ, ყავაცა აქვთ აქ თერმოსით... მაგრამ თერმოსში შენახული ყავის არა მჯერა.
გაიცინა.
წამოვდექი. ხალხი მივათვალიერ-მოვათვალიერე. ყველანი ერთად შეჯგუფულიყვნენ. ბალახზე მიწოლილ-მოწოლილიყვნენ. ელგუჯას გიტარა ღიპზე ჩამოედო და უკრავდა. ბონდო "შავს" ატამს აწვდიდა. ვაჟა თვალებს აბრიალებდა და ლექსებს ამბობდა. გურამს ნელის კალთაში ჩაედო თავი. ქეთი რაღაც ყვითელი ყვავილების გვირგვინსა წნავდა და წარამარა მზის სათვალეს ისწორებდა. მხოლოდ "ვარდისფერი" არ ჩანდა. გავიხედე და, გზის გადაღმა დიდი ხის ძირას რაღაც ლოდზე პირაღმა გაწოლილიყო.
ახლა რომ მივიდე და ვუთხრა: ცოტა მიიწი, მეც ჩამოვჯდები-მეთქი, მეტყვის: არა! დიდი ჯიუტი ვინმე ჩანდა. მივედი და იქვე, ბალახში მიყრილ-მოყრილი კარტი ავკრიფე. გურამმა ფეხი დამიდო. გადავაბიჯე. რაღაც მითხრა. გაიცინეს. მეც რაღაც ვუთხარი და მეგისთან დავბრუნდი.
ამასობაში თავისი სქელძირიანი "საბოები" გაეხადა და ფეხები წყალში ჩაეწყო. კარტი გამომართვა, ნაპირზე ამოიწია და გვერდულად დაჯდა, კარტი აურია. მერე ჯვრის პაპა გამოაძრო და ჩემკენ გამოახედა.
- ეს თქვენა ხართ. ცოლ-შვილი გყავთ, რა თქმა უნდა.
- რა თქმა უნდა. იმიტომ გამოვიყურები ასე სულელურად? - ულვაშიან ჯვრის პაპას წითელი ლოყები და მართლაც სულელური იერი ჰქონდა.
მეგიმ პაპა ბალახზე დაასვენა და ერთი კარტი გულზე პირდაღმა დაადო.
- ახლა ვნახოოთ... - გარშემო კარტები შემოუმწკრივა. ჯერ ორივე თავთან, მერე გვრდებზე, ბოლოს გულზე დააწყო ლოდებივით. მერე იმ საცოდავ ჯვრის პაპას, ანუ მე, გულიდან მთელი სიმძიმე ააცალა და ხელში მარაოსავით გადაშალა... სწორედ ამ დროს, იმწუთას ვერ გავარჩიე, კრაზანა იყო თუ ფუტკარი, ზედ ცხვირწინ აუბზუილდა. კარტებიანი ხელი აუქნია და... სამი კარტი პირდაპირ მდინარეში გადაფრინდა... საოცრად გაცურდნენ: ორი პირქვე, პრიალა შავი ზურგებით, მათ შორის მომღიმარი აგურის დამა. არ განვძრეულვარ, მონუსხულივით გავყურებდი: უცნაურად და ლამაზად წატივტივდნენ. მერე ერთ ტალღას დაეჯახნენ, აირივნენ, გადაყირავდნენ და თვალს მიეფარნენ.
ჩემმა მკითხავმა შეჰკივლა და ხელი გაიწვდინა. წამოხტომა და გამოკიდებაც სცადა. მაგრამ ხელით შევაჩერე.
- რაც წასაღებია, წაიღოს. ხომ ვერ მეტყვით, ვინ იყო ის ქალი?
- გაუთხოვარი ქალია, - მიპასუხა ძალიან სერიოზულად: გულზე გყავდათ დაცემული.
- ჰოო, თქვენ გათხოვილი ბრძანდებით?
- მე - კი...
- ძალიან კარგი, ესე იგი, ადგილი განთავისუფლდა...
- ძალიან ცუდი, - ჩაილაპარაკა ისევ სერიოზულად, - ძალიან ცუდი.
ფუტკარი ისევ აზუზუნდა და ამჯერად ლამის თავზე დამაჯდა...
- მაგისი ბრალია ყველაფერი! - უცბად გაცხარდა მეგი, დასტაცა ხელი თავის საბოს და ისე მოიქნია, თავი დროზე რომ არ გამეწია, ზედ დამაჭყლეტდა.
ჩვენს ზურგს უკან სიცილმა გაიწკრიალა. მივიხედეთ, "ვარდისფერი" და ვაჟა შორიახლო იდგნენ და ჩვენკენ იყურებოდნენ. "ბალახონი" იცინოდა და ვერ ჩერდებოდა.
- ხომ მოკლე აქვს ცალი ფრთა? - იკითხა სიცილ-სიცილით.
ფუტკარს, რომელიც ისევ თავზე დაგვბზუოდა, ცალი ფრთის ბოლო მართლაც თითქოს წაგლეჯილი ჰქონდა.
- კი მაგრამ, საიდან იცი? - ვკითხე გაოგნებულმა.
- წეღან ჩემთან იყო, მერე თქვენთან გამოფრინდა...
"ვარდისფერს" ისეთი ენით აუწერელი სიცილი აუტყდა, კინაღამ გაიგუდა და ბალახში ჩაჯდა. ძალიან გადამდებად იცინოდა და სამივენი ნელ-ნელა ავყევით. ბოლოს ყველანი გიჟებივით ვხარხარებდით.
ამასობაში ფუტკარი გაფრინდა. "კი მაგრამ, პუტქარი?" - გამახსენდა უცებ რაშჩენკოს შეკითხვა და უფრო გავმხიარულდი. ერთი კვირის წინ მასთან კაბინეტში შევედი და ვკითხე, რატომ განაცხადა უარი, დაეპროექტებინა სამუშაოები არბოს ტბაში წყლის დონის ასაწევად. ჩემთან ძალიან ახლოს იყო, მეგობრადაც მთვლიდა, რაც ხელს არ უშლიდა, სრულიად მოულოდნელად, როცა ამას საჭიროდ ჩათვლიდა, მაქსიმალური ოფიციალურობა გამოეჩინა. ახლაც მკაცრად შემომხედა, სახაზავის ბოლოთი ჯერ სათვალე გაისწორა, მერე - თეთრი მიტკლის, კეპიანი ქუდი, მერე ის სახაზავი მკერდზე მომაბჯინა და ნიშნის მოგებით მკითხა:
- კი მაგრამ, პუტქარი?
ძალიან ამაყობდა, რომ ქართულად ლაპარაკი შეეძლო და ხშირად გადაჰკრავდა ხოლმე "ზოგ-ზოგებს" (ყველამ იცოდა, რომ გერასიმოვი ჰყავდა მხედველობაში), რომელთა პაპებიც კი თბილისში დაიბადნენ, თავად კი ორ სიტყვას ერთმანეთზე ვერ აბამდნენ.
მაინცდამაინც მაშინ დაიჟინებდა ხოლმე ქართულს, როცა რაიმე ცხარე კამათი ან პრინციპული ახსნა-განმარტება სჭირდებოდა, ანუ ისეთ დროს, კაცს მშობლიურ ენაზეც რომ უჭირს სათქმელისათვის თავის მობმა: ახლაც ქართულად მკითხა და გამიმეორა:
- რომელი ფუტკარი?
- არ გეკადრებათ, ახალგაზრდა კაცო! აცევა-დაცევა ადვილია. მერე რა ხდება იქ?
- სად იქ?
სახაზავით წრე შემოივლო.
- ტპის გარშემო! გახსოვთ, შარშან, მდინარეში დონე აციეს, არ გაიგეთ, რა მოხდა? პუტქარი გადაშენდა! ცავიდა იქიდან! ზოგი მოკდა! ორი იშვეითი ჯიშის ბალახი მოკდა! იქ არბოს ტპასთან უმდიდრესი ფლორაა, სამი ისეთი ყვავილია, რომელიც სხვაგან აღარსად აღარ დარჩა. პუტქარიც არის. მერე რომ მოკდეს? ის იშვეითი ყვავილებიც მოკდნენ?
- იშვიათი, - შევუსწორე.
- დიახ, იშვიათი. გმადლობ. ჯერ მოარიგონ იქაურობა, მერე აციონ-დაციონ.
- მოაგვარონ.
- დიახ, მოაგვარონ. თქვენც მოაგვარეთ თქვენი ინფორმაცია.
ასანთის კოლოფი მაგიდას დააჭყლიტა, მერე ააგლიჯა და მეორე ადგილას გადადო.
- ბუნებაში ასე ვერ გადადებ და ვერ გადმოდებ ვერაფერს. უნდა თავიდან ყველაფერი შეისცავლო. მდინარე სხვაგან გადავაგდეთ, იმ ხეობაში პატარა ბაზილიკა დაინგრა. ვინმე სულელი იკითხავს - რატომ? კლიმატი შეიცვალა, ეკოლოგია!
- კი მაგრამ, ამას წინათ ხომ დააპროექტეთ რომელიღაც ტბის დონის აწევა!
კიდევ უფრო მკაცრად შემომხედა.
- არ გეკადრებათ, ახალგაზრდა კაცო! იმ ტპამ დაიცია. თვითონ დაიცია! მე ავციე. ბუნებრივ დონეზე ყოველთვის ავცევ.
- სულერთია, ეგ პროექტი მაინც გაკეთდება, თქვენც ხომ იცით...
- ვიცი. მე არ გავაკეთებ.
დიდი საყვედურებისა და აყალმაყალის შემდეგ, რასაც ჩვეულებრივ რბილი და გულჩვილი რაშჩენკო კლდესავით შეეგება, პროექტი ჩვენს განყოფილებას გადმოსცეს. ახლა ჩვენ ვაპროექტებდით და ყველაფერი ძირითადად ჩემს კისერზე გადადიოდა.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც უნდა მომეგვარებინა, ეს ყველაფერი კარგად მომეხსენებოდა. განსაკუთრებით ჩემი სამსახურის პირველ წლებში ტვინი მიდუღდა იმ ცვლილებებზე ფიქრით, რასაც იწვევდა ბუნებაში ნებისმიერი ჰიდროლოგიური ჩარევა. ხეობების გამოფიტვა, ქანების ჩამოშლა, დატბორვა, მცენარეების გადაშენება და, საერთოდ, რაღაც აუხსნელი პროცესები ფრინველებსა თუ მწერებში. მაგრამ ყველაფერ ამის შესწავლა წინასწარ თითქმის შეუძლებელი იყო, და ყველაფერი რომ გაგვეთვალისწინებინა, ერთ პატარა ღონისძიებასაც კი უამრავი დრო და თანხა დასჭირდებოდა. თანაც დავინახე, რომ ამ პრობლემებზე ფიქრით თავს მაინცდამაინც არავინ იცხელებდა, თუკი რაიმე დიდი შეცდომა და ზარალი არ გამოაშკარავდებოდა ხოლმე, და მეც შევეშვი. ისე რომ, "პუტქარი" მხოლოდ რაშჩენკოს აწუხებდა.
ავტობუსში რომ ავედით, გურამმა დამასწრო მეგის მეზობლობა. სულ უკან, გრძელ სკამზე დავჯექი და ახლა საზოგადოებას ზურგიდან შევაცქერდი. ბონდო ისევ ლამარას გვერდით იჯდა, ასე ერქვა "შავს", რომელიც თერაპევტი ყოფილიყო და რამდენჯერაც ყური მოვკარი მათ საუბარს, იმდენჯერ ქოლეცისტიტის რაღაც ფორმაზე ელაპარაკებოდა თავის მეზობელს, ისე რომ, ბონდო, რომელსაც ნაღველა აწუხებდა, ეტყობოდა, კარგა ხანი იყო, ამ ქალის პაციენტად თვლიდა თავს და ერთი სული ჰქონდა, თავისათვის ეშველა: რამდენჯერმე ანიშნა ელგუჯას, თუ გინდა, აქ დაგსვამ, ნახე, რა ქალიაო, მაგრამ ელგუჯა ჯერჯერობით თავს იკავებდა.
გვერდით ქეთი მეჯდა, ერთხმად აღიარებული ჩვენი დაწესებულების ყველაზე მომხიბლავ ქალად, რომელიც, მიუხედავად ამისა, მაინც გაუთხოვარი იყო. ქეთის მეორე მხრიდან ერთი ჩვენი თანამშრომლის მეუღლე მოსჯდომოდა, ფილოსოფიისა თუ ფსიქოლოგიის დოქტორი. იმისი მეუღლე, ესე იგი, ჩვენი თანამშრომელი, ბოლო წუთს ავად გამხდარიყო და ფილოსოფოსი (თუ ფსიქოლოგი) მიუხედავად ამისა (ან მით უფრო), გამოგვყვა. ახლა თავისი მიმზიდველი მეზობლის მიზიდვას და მოჯადოებას, ეტყობა, იმით აპირებდა, რომ მგზავრობის დასაწყისიდან სულ ევროპის სულიერი ცხოვრების დაცემასა და გაპარტახებაზე ესაუბრებოდა. ჩანდა, ძირისძირიდან დაეწყო და ახლა ევროპის უბედურებას თანმიმდევრულად აშუქებდა. ახსენებდა ნიცშეს, შპენგლერსა და ადორნოს. ყველა იმედი გადაუწურა ევროპას და სამუდამო წყვდიადი უწინასწარმეტყველა. ეტყობოდა, დეკადანსის სპეციალისტი იყო.
რაც შეეხება ქეთის, აკვანშივე დაწყევლილად თვლიდა თავს იმის გამო, რომ როგორც თვითონ ამბობდა, თუკი ცხოვრებაში ვინმე კაცი გამოელაპარაკებოდა, მხოლოდ ერთი მიზნით: თავისი სადარდებელი და სატანჯველი გადაენთხია, მოეთხრო, როგორ ავად იყო, როგორ უჭირდა და იღუპებოდა. ქეთიც ამშვიდებდა და ამხნევებდა. ყველა დედად ან მოწყალების დად აღმიქვამსო, - გვარწმუნებდა. ახლა რაღა უნდა ეთქვა, როცა ამ კაცმა მთელი ევროპის სადარდებელი აჰკიდა და თან ისეთი შთაგონებით, რომ ჩვენი, ბუნებით გულჩვილი თანამშრომელი, სადაც იყო, ცრემლებად დაიღვრებოდა.
ამ საუბარს დროდადრო ელგუჯაც მოაპყრობდა ხოლმე ყურს, რომელიც ბევრს ვერაფერს იგებდა, მაგრამ ერთს კი მიხვდა: ევროპელების საქმე წასული იყო. ბოლოს გულმა ვეღარ მოუთმინა: "არიქა, ვუშველოთ იმ ხალხს როგორმე, აქ მაინც ჩამოვიყვანოთ რიგრიგობით, ეგებ გადარჩნენო". "აი, თქვენ ხუმრობთ, - მიუგო ფილოსოფოსმა, - მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით: ერთხელ თბილისში ერთი გერმანელი თეოლოგი იყო ჩამოსული ერთი წლით. იეზუიტთა კოლეჯი ჰქონდა დამთავრებული და აქედან რომ დაბრუნდებოდა, იეზუიტთა ორდენში აპირებდა შესვლას. იცით, ეს რა ორდენია? არ იცით. უმკაცრესი ასკეტური ორდენი. ერთი წლის შემდეგ ამ კაცმა თქვა, აღარ მინდა ორდენი, ცოლი უნდა მოვიყვანო და ოჯახი შევქმნა, საქართველოში სიცოცხლის სიყვარული ვისწავლეო".
"ეგ რა არის, - მიუგო ელგუჯამ. - თბილისში ერთ გერმანელ ქართველოლოგს ვიცნობდი, ქართულის შესასწავლად იყო ჩამოსული. გერმანელების წესრიგი და დისციპლინა ხომ თქვენც მოგეხსენებათ. დღე სულ წუთებად ჰქონდა განაწილებული. ბევრი ამხანაგი გაუჩნდა, რაღაც კარგად შეეთვისა აქაურობას. ხან ვინ პატიჟებდა, ხან - ვინ. თვითონაც ამბობდა, ვატყობ, ვქართველდებიო.
მისი გაქართველება იმით დამთავრდა, რომ წლის ბოლოს გაცილება რომ მოუწყვეს, ისე მოილხინა, მასპინძლები ეხვეწებოდნენ, ცოტა აჩქარდით, თვითმფრინავმა არ გაგასწროთო. ბოლოს აეროპორტში რომ გამოცხადდა და მოახსენეს: თვითმფრინავი უკვე ნახევარი საათია, რაც გაფრინდაო, მორიგეს მიაშტერდა, ამოისლოკინა და თქვა: "გაფრინდა? ჩინებულია! ვუნდერბარ!" მერე მორიგეს ხელი დაუქნია, გამცილებლებს მიუბრუნდა, გადაეხვია და უთხრა: "ჩვენ შეგვიძლია, მშვიდად გავაგრძელოთ". დაბრუნდნენ სუფრასთან და გააგრძელეს. ერთი კვირის შემდეგ, როგორც იქნა, გაფრინდა, მაგრამ ახლა თავისი დოკუმენტებით სავსე ჩანთა დარჩა. იქ ეწერა, ვინ იყო, რა იყო, რა მიზნით იყო ჩამოსული და რა გააკეთა. როდის-როდის გაუგზავნეს".
ყველანი ვიცინოდით. მაგრამ ამან ფილოსოფოსის სერიოზული განწყობა ევროპის ტრაგედიის მიმართ ოდნავაც ვერ შეამსუბუქა. "ესა და თერაპევტი უნდა მსხდარიყვნენ ერთად. შეაკვდებოდნენ ერთმანეთს-მეთქი", გავიფიქრე, ისევ წინ გადავჯექი, მძღოლის გვერდით და გიდის მოვალეობა ვიკისრე: საზოგადოებას ვთხოვე, ყურადღება მიექცია, რომ გზის ერთ მხარეს ხევი იყო, მეორე მხარეს - ფერდობი, ზემოთ - ცა, ცაზე - ღრუბელი. ავუხსენი, ამ გზის რომანტიკული უპირატესობა ის გახლავთ, რომ ყველა შანსი გვაქვს, მგზავრობის მიზნამდე ვერ ჩავაღწიოთ-მეთქი. ვთქვი, რომ ეს გზა ათასგვარ საშუალებას გვთავაზობდა, პოეტურად, არაჩვეულებრივად ამოგვხდომოდა სული: ან ხევში გადავჩეხილიყავით, ან კლდის ნაშალი დაგვნარცხებოდა, ან სადმე ნაღარში წაეყო ცხვირი ავტობუსს. სიკვდილის ეს მზარდი სიახლოვე უსაზღვროდ ამძაფრებდა ჩვენს გუნებ-განწყობას, გვკარნახობდა, ყოველი წუთით ბოლომდე დავმტკბარიყავით და მკვეთრი შეგრძნებების საძიებლად წამოსულ ხალხს მადლობის მეტი რაღა გვეთქმოდა. რაღაც ამ სტილში მივედ-მოვედებოდი და ყველანი იცინოდნენ.
ავტობუსი ცხვრის ფარას წამოეწია, რომელსაც, რომ გავხედე, ბოლო არ უჩანდა. მძღოლი ყურისწამღებად ასიგნალებდა, მაგრამ ამაოდ. ერთ მხარეს ხევი მოგვდევდა, მეორე მხარეს - კლდე, ცხვარს წასასვლელი არსად ჰქონდა, ნელა მიიზლაზნებოდა და ჩვენც მივბობღავდით. მწყემსები, ორი კაცი და ერთი ბიჭი, საკირეში გამომწვარივით რომ დაშაშროდათ სახეები და წელზე გადებულ სახრეებზე ხელები გადაეკიდათ, ყურსაც არ იბერტყავდნენ.
მძღოლმა რაღაც გასძახა. ერთმა მოიხედა, მე რა ვქნა, კაცოო, და ზანტად მოიქნია შოლტი. ეტყობოდა, მაინცდამაინც არ უნდოდა ცხვრების აჩოჩქოლება, და ის უფრო უპრიანად მიაჩნდა, რომ ჩვენ მოგვეცადა, ვიდრე ფარა ფართეზე გავიდოდა და გაიშლებოდა. ცხვრები ერთმანეთს მიაწყდნენ, შეჩქვიფდნენ, ერთმანეთს ააბობღდნენ და ჩვენს წინ მცირე ნაპრალი გაჩნდა.
ავტობუსი იქ შეიჭრა, მაგრამ ფარა ისევ შედედდა. მზე აჭერდა, სული შეგვეხუთა და ოფლი ჩამოგვდიოდა. ვიღაცამ მგზავრებიდან მძღოლს დაუძახა: ცოტა ნელა, ბატკნებს არ დაეჯახოო. მგონი, "ვარდისფერი" იყო. მძღოლი თითქოს ამას უცდიდა. უცბად აფეთქდა: "ნელა! მეც სუ მივფრინავ, აი! თქვენ რა გენაღვლებათ! დაიწვა მოტორი!" იქვე, ჩემს თავთან, ბადმინტონის ჩოგანი რომ ეკიდა, ხელი ვტაცე და მძღოლს ვუთხარი, კარი გაეღო.
- მეც ჩამოვალ! - დაიძახა "ვარდისფერმა".
- თუ იმის იმედი გაქვს, რომ ქალს ძაღლიც არ უყეფს, მე მგონი, ცდები, ახლა ან ქალი შეიცვალა, ან ძაღლი, ან ორივე: ქალსაც სიამოვნებით გაჰკრავენ ხოლმე კბილს, - ვუთხარი და ჩასვლა დავაპირე.
- არაფერსაც არ გამკრავს, - მიპასუხა ჯიუტად.
კაცებმა გაიცინეს. "ვარდისფერმა" მიიხედ-მოიხედა, რაიმე მინდა, ხელში დავიჭიროო. გურამმა იდას მარაო გამოსტაცა და მიაწოდა: - "აჰა, გაუნიავეთ ცხვრებს". ბონდომ ვიღაცის გრძელტარიანი ქოლგა შეაჩეჩა. "კარგია", თქვა ვარდისფერმა და ჩამომყვა.
ავტობუსს წინ მოვექეცი და ჩოგანის ქნევით ცხვრებში შევვარდი. "აჰა-ჰაი!" - ვიძახდი გიჟივით და მივრბოდი. უკან "ვარდისფერი" მომდევდა, ქოლგა გაეშალა და წინ ატრიალებდა. ფარა გაიყო და ავტობუსიც გამოგვყვა. ხახადაფჩენილი ძაღლები მართლაც მხოლოდ ჩემკენ იწევდნენ ყეფა-ღრენით და "ვარდისფერს" ზედაც არ უყურებდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ ის იცინოდა, უფრო თამაშობდა, ვიდრე იბრძოდა, მე კი მართლა გაღიზიანებული ვიყავი და გულში ათასნაირად ვიგინებოდი. ბოლოს, როგორც იქნა, თავში გავედით, ავტობუსიც გამოეთრა.
კიდევ ერთხანს გავრბოდით წინ, რომ ფარა არ წამოგვწეოდა და არ წაველეკეთ. მერე უცბად ავცვივდით ავტობუსში, სადაც ტაშით და ყიჟინით შეგვეგებნენ. შოთამ ჩემს თანამებრძოლს ყვითელი ყვავილების გვირგვინი ჩამოაცვა კისერზე და ხელზე ეამბორა. მე კი მკერდზე მაგნიტოფონის პატარა ცარიელი კასეტა მომამაგრა ქინძისთავით. ჩამოვიხსენი, უკანვე მივაჩეჩე და ვთქვი:
- ჯილდოდ ჩემს ადგილს ვითხოვ, - და ხელი მეგისაკენ გავიშვირე. გურამი სასწრაფოდ წამოაგდეს. ვიღაცამ დაიძახა, ადგილი რა არის, ქალიც შენ გეკუთვნისო. დავჯექი.
- ხომ ხედავთ, რა ტანჯვით მოვიპოვე თქვენი სიახლოვე, - ვუთხარი მეგის და ახლაღა მეცა თვალში, რომ იმ "ბალახონს", რომლის სახელიც აქამდე არ ვიცოდი, შენობით მივმართავდი, მეგის კი - თქვენობით, თუმცა პირიქით უფრო ბუნებრივი უნდა ყოფილიყო. უცბად უკანიდან ბონდო გადმოიწია და ჩამჩურჩულა: "მაგისი ქმარი ვახტანგის ძმაკაცია". "მერე მე რა ვქნა, ძალას ხომ არ ვხმარობ?" - ვუპასუხე ჩურჩულითვე და ჩემთვის გავიფიქრე: "გაუშვი ახლა ცოლი სადმე". თუმცა ცოლს მთელი ცხოვრება ვღალატობდი და ეს ბუნებრივად მიმაჩნდა, თვითონ კი თუნდაც ასეთ გარემოებაში რომ მენახა, ალბათ შემომაკვდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მეგონა.
ტრანზისტორი ჩართეს. გურამი დიდხანს ეძებდა: წყვეტილ სტვენაში, ხრიალსა და ლაპარაკში უცბად მსუბუქი ნიაღვარივით გადმოდინდა რაღაც მუსიკა: მღელვარე, დაძაბული და საიდუმლოებით მოცული ნაკადი იზრდებოდა და იშლებოდა, იზრდებოდა და მერე წვრილ ნაკადებად მიშრიალებდა... რათა ისევ ერთად შეგროვილიყო... ვერ მივხვდი, რა იყო... მაგრამ რაღაც ისეთი იყო, რომ თავს აუცილებლად მოგასმენინებდა, შენთვის ვერ დარჩებოდი.
პირიქითა ხევსურეთში გადავედით.
- ვაგნერის "რაინის ოქრო"! - წამოიძახა ლამარამ. მივხედე. თვალები დაეხუჭა. ლამის ეტირა, - სიყვარული დაწყევლეს, რათა ოქრო ჩაეგდოთ ხელში, მაგრამ ის ოქროც დაწყევლილი იყო. მერე გურამს მიუბრუნდა: - წეღან მდინარის პირას რომ ჩართეთ, მაშინაც მოვკარი ყური, ეტყობა, მთელ ოპერას გადმოსცემენ, ნეტავ ადრევე ჩაგერთოთ... ახლა რაინის ასულები იმღერებენ...
მუსიკას ყველა დაეპყრო. რომ მოვათვალიერე, ყველა გამტკნარებული იჯდა. მხოლოდ ფილოსოფოსი მოჰყვა აგზნებულად ხელების ქნევას. ეტყობა, ვაგნერმა ბოლომდე გაამძაფრა მისი პათოსი, რითაც ის ევროპის მზის ჩასვლას იუწყებოდა. "ღმერთების დაღუპვა", "ღმერთების დაღუპვაო" - რამდენჯერმე ისე წამოიძახა, აშკარად ევროპას უგებდა ნიშნს და უკიჟინებდა, თითქოს ღმერთები მხოლოდ იქ დახოცილიყვნენ.
- რაინის ოქრო არაგვის მიდამოებში! კარგია! - თქვა ვაჟამ.
- თანაც ჰიდროლოგთა საზოგადოებაში! ამასაც არა უშავს! - დაუმატა ბონდომ. ალბათ, არც ერთს არ ჰქონდა მოსმენილი. მეც, სტუდენტობაში იყო. ვაგნერზე რომ ვგიჟდებოდი, და საერთოდ, მუსიკაზე. ერთი მეგობრის სახლში ვუსმენდით ხოლმე. მერე წლები ისე გადიოდა, მუსიკის გარეშე. ახლა, კაცმა რომ თქვას, არაფერზეც აღარ ვგიჟდებოდი. ჩემი ბიჭი ოცდაოთხი საათი ჯაზურ მუსიკას უსმენდა. ახლა ის "გიჟდებოდა".
- ოქროს სისხლიც შეიცავს, - მომესმა ლამარას სიტყვები, რომელიც, როგორც ჩანდა, ისევ ბონდოს მოძღვრავდა. ეტყობოდა, ივლიდა, ივლიდა, სისხლის გავლით ისევ ნაღვლის ბუშტთან მივიდოდა და ბონდოს საბოლოოდ გაუსივებდა ნაღველს. - დიახ, ოქროს, - გაუმეორა და მე გამახსენდა, ერთხელ ბავშვობაში პაპაჩემის ძმამ რომ მითხრა, ზოგ ქვიშაში ოქროაო. ნათესების ბოლოს ჩვენს სოფელს ღელე ჩამოუდიოდა, რომელიც მთებში იღებდა სათავეს. იქ, სათავის შორიახლო, პაპაჩემის ძმა კალმახს იჭერდა. კალმახით, ბატკანს პირველად რომ გაკრეჭენ, იმ მატყლით, და მგონი, ცხვრის ტყავით ძვლის მოტეხილობებს არჩენდა. სხვაც ბევრი სნეულების წამალი იცოდა.
მე ხშირად დავყავდი თან. მეუბნებოდა, რომ გაიზრდები, შენ უნდა გასწავლო, მიწაში ხომ არ წავიღებო. როდის უნდა ესწავლებინა, არ ვიცი, მაგრამ თითქოს რაღაცას ელოდა. არდადეგებზე რომ ჩავდიოდი, ისევ გავწევდით ხოლმე მინდვრების ბოლოს ღელის პირას, სადაც რაღაც ბოლქვებს მათხრევინებდა, სისხლნაკლულობას შველისო. ვუამბობდი ჩემს ცხოვრებას, რაზე ვფიქრობდი და რა მინდოდა. ისევ მეტყოდა ხოლმე, უნდა გასწავლოო.
მეც ხათრს არ ვუტეხდი და თავს ვუქნევდი. მერე, ცოლი რომ შევირთე, იშვიათადღა ჩავდიოდი, ჩემს ცოლს სოფელი არ უყვარდა. საუბარი აღარ გამოგვდიოდა. იმ დროისათვის უკვე ძალიან მოტეხილი იყო. თვალს თითქმის აღარ უჭრიდა. ქუთუთოები სულ მოერღვა და წითელი, წვრილი ძარღვებით დაქსელილი გუგის ძირები მოუჩანდა. თვალები ცრემლს ვეღარ იკავებდნენ და ზოგჯერ, მზეზე რომ იჯდა, ცრემლები ღვარად მოსდიოდა და ასე მეგონა, წითელი ცრემლებით ტირის-მეთქი. მუხლისთავებზე ჯამებივით დაპირქვავებული ყავისფერი, დალაქული ხელის მტევნები ეწყო და თავი უკანკალებდა. უკვე აღარ მეუბნებოდა, უნდა გასწავლოო. აღარც მე მახსოვდა და თუ ხანდახან მახსენდებოდა, მას აღარაფერს ვეუბნებოდი.
ჩვენი სოფლის შორიახლო, ერთი გორის თავზე, პატარა უსახელო ტბა იყო და იმ ტბის გაფართოებას აპროექტებდა ჩვენი სამსახური, რის გამოც ერთ თვეს სოფელში მომიწია ყოფნა. ტბა გავაფართოეთ, მაგრამ რატომღაც ჩვენი სოფლის ღელემ ძალიან მოიკლო და მერე დაშრა. ერთხანს მიკვირდა. ეს ჩვენი ღელე იმ ტბასთან თითქოს არაფერ კავშირში იყო.
მერე დავასკვენი, ალბათ ტბისგან დამოუკიდებლად დაშრა-მეთქი, თავისთავად. ერთხელ პაპაჩემის ძმამ მითხრა, წადი, ღელეს აუყევი და ხომ გახსოვს ის ფოთლები, იმათი ფესვები ამომითხარეო. ძალიან დაღლილი ვიყავი. მეზარებოდა, მაგრამ წავედი, იქაურობა მივათვალიერ-მოვათვალიერე, მაგრამ ის ფოთლები ვეღარ ვიპოვე. არ ვიცი, ვეღარ ვიცანი, თუ იმ გაზაფხულს აღარ მოსულა. ვერ ვიპოვე-მეთქი, ვუთხარი. ღელე რომ დაშრა, ალბათ იმიტომ აღარ მოვიდაო, თქვა. სოფლიდან რომ მოვდიოდი და ვემშვიდობებოდი, მითხრა, ვეღარ ისწავლიო. დარწმუნებული ვიყავი, აღარ ახსოვდა და ძალიან გამიკვირდა. წამოვედი. იმ წელს გარდაიცვალა. მერე ხშირად ვფიქრობდი ხოლმე, ან რას ელოდებოდა, ან რაღად არ მასწავლა-მეთქი. მაგრამ ვერაფერს მივხვდი და თანდათან დამავიწყდა კიდეც.
ჩემს ცოლს რომ ვუყვებოდი ერთხელ ამ ამბავს, მითხრა, კარგი იქნებოდა, გესწავლა, ამაზე უკეთესად ვიცხოვრებდითო. მერე დასძინა, მაინც არაფერი გამოვიდოდა, როგორ შეიძლება, შენ ვინმე მოარჩინოო. არ არსებობდა საკითხი, ჩემს აუტანელ ხასიათთან რომ არ დაეკავშირებინა. ბავშვებს რომ სახადი შეეყრებოდათ, იმასაც მოახერხებდა და მე დამაბრალებდა. პასუხს აღარ ვცემდი. ბუნებრივადაც კი ვთვლიდი, რადგანაც უკვე ის დრო იყო, როცა ქალი ისეთ არსებად მიმაჩნდა, რომელსაც არაფერი მოეთხოვება, უკეთეს ვარიანტზე ფიქრსაც კი სისულელედ ვთვლიდი და ხშირ-ხშირად ვიმეორებდი ერთი ჩემი ძმაკაცის სიტყვებს: "ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა, ცოლიაო".
სიყვარულს რომ აღარ ვგრძნობდი ჩემი ცოლის მიმართ და სურვილს, ეგ არ მაწუხებდა. ბუნებრივად მიმაჩნდა. მაგრამ უბედურება ის იყო, ზოგჯერ აუტანელი გაღიზიანება მეუფლებოდა; მაღიზიანებდა მისი მანერები, გამომეტყველება: როგორ მხვდებოდა შინ შესვლისას; ტელეფონით როგორ გააბამდა ხოლმე ლაპარაკს ყალბი ხმითა და მოჩვენებითი გულითადობით, რაღაცნაირად რომ წელავდა სიტყვებს. კიდევ კარგი, გარეთ უფრო ხშირად ვიყავი, ვიდრე შინ და ეს გაღიზიანებაც, როგორც იყო, გადამივლიდა ხოლმე. ამ ამბების გახსენებამ ისევ გამიფუჭა გუნება.
ჰო, მართლა, არ დამავიწყდეს: მაშინ კოშკში საოცარი რამ მითხრეს. ცხოვრება სიზმარივით უნდა გაშიფრო, ყველას თავისი სიმბოლოები აქვსო... ისე კი არ მითხრა, როგორც, მაგალითად, ლამარა იტყოდა, ბონდო რომ გამოატვინა ნაღვლის ბუშტის თაობაზე. ისე მითხრა, თითქოს თვითონაც მონუსხული იყო ამ აზრით და ეს მონუსხვა გამიზიარა... მაშინ და განსაკუთრებით კი მერე ამ სიტყვებს ღრმად ჩავუფიქრდი (ასე მეგონა, მთელი ცხოვრება ამ ნათქვამს ველოდი) და არ ვიცი, ახლა ჩვენს მგზავრობას რომ აღვწერ, ამ აზრით ვარჩევ ეპიზოდებს თუ უამისოდაც ასე მოვყვებოდი.
უკვე ბინდდებოდა შატილს რომ მივუახლოვდით. შინაგანად შევიკუმშე რაღაც ნაცნობი და უსიამოვნო განცდის მოლოდინში, რომელიც აქამდე არ გამეცნობიერებინა. უცბად აღიმართა (როგორც იცის ხოლმე), თითქოს თავს დაგატყდაო: შორიდან კოშკების ძირას მოციმციმე თითო-ოროლა ნათურა მოჩანდა და ისევ ის გავიფიქრე, რაც პირველად (და რასაც ყოველ ჩასვლაზე ვფიქრობდი): ისე, მომაკვდავ, პირხმელ, სახეგაშავებულ კაცს მივამსგავსე, რომლის სასთუმალთან უნუგეშოდ ლიცლიცებს ორი ობოლი სანთელი... ავტობუსში აღტაცებული შეძახილები გაისმა. მე კი მომაკვდავით აღტაცება არ შემეძლო.
ეტყობა, სხვას მშვენიერების განცდა აქვს უფრო ძლიერი, მე კი - სიკვდილისა. და ისე მძულს სიკვდილი და კვდომა, რომ ფიქრიც კი არ მინდა ამაზე. ცხოვრებაში ორჯერ შევესწარი ახლობლის სიკვდილს და ერთი სული მქონდა, როდის გავეცლებოდი იქაურობას. არაფერი საერთო არ მქონდა მკვდრებთან. არა, რაღაც ვერ ვამბობ იმას, რასაც განვიცდიდი. როგორ ვთქვა, რასაც არაფერი აღარ ეშველებოდა, იქითკენ გამხედი არ ვიყავი. სიკვდილზეც მძულდა ლაპარაკი და მკვდრებზედაც.
ახლა კი ისევ ისე უნდა მოვყვე, როგორც ხდებოდა.
ავტობუსიდან ჩამოვედით. ვაჟას ნაცნობ-ნათესავები შემოგვეგებნენ. წლევანდელ ათენგენობაზე, როგორც ვაჟამ გვითხრა, მრავალი შატილიონი აპირებდა თავშეყრას. აქედან გადახვეწილთ ერთმანეთისათვის ხმა უნდა მიეწვდინათ და ოჯახებიანად ხატობაზე ამოსულიყვნენ. მათ შორის, ცხადია, ბევრი იქნებოდა ისეთი, ვისაც ბავშვობაში მიეტოვებინა შატილი და მერე აღარ ენახა, ბევრიც ისეთი (მათი შვილები და შვილიშვილები ალბათ), ვისაც პირველად უნდა დაედგა აქ ფეხი. უკანასკნელად აქ ოთხი წლის წინ ვიყავი საქმეზე. ხატობას შემთხვევით შევესწარი და ძალიან უღიმღამოდ და უფერულად ჩაიარა. ახლა კი მართლაც დიდი ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა.
არღუნის მარჯვენა ნაპირზე ავტობუსები, სატვირთო და მსუბუქი მანქანები ჩამწკრივებულიყვნენ. კარვები გაეშალათ და კოცონები დაენთოთ. ყველგან ხალხი ირეოდა. ქალებიც მრავლად იყვნენ. რაღაც მღელვარება და გულაჩვილებული განწყობილება იგრძნობოდა. ჩვენები ხიდზე გადავიდნენ და კოშკებისაკენ მიმავალ ბილიკს დაადგნენ. კოშკებს უკან, სახატე გორაზე, ალბათ, პირუტყვი იკვლებოდა, ამწყალობებდნენ, როგორც წესი და რიგი იყო და ლოცულობდნენ. მე არ გავყევი, იქვე დავრჩი შატილურას პირას, ხალხს შევერიე და აღათო მოვათვალიერე. არსად ჩანდა.
ერთ შუახნის კაცს მოვკარი თვალი: ხელში სამიოდე წლის ბიჭი ეჭირა და ხელით კოშკებზე ანიშნებდა. რას ეუბნებოდა, არ ვიცი, მაგრამ შევამჩნიე, რომ ჯმუხ სახეზე ცრემლები დაუგორდა. ახალგაზრდა ქერა ქალიშვილი მომხვდა კიდევ თვალში, დიდი, ცისფერი თვალები ჰქონდა და გრძელი, ნაოჭაყრილი ქვედატანი ეცვა. ხელი გადაეხვია წელში მოხრილი დედაბრისათვის და ეუბნებოდა: აი, ბებო, ხომ კიდევ ნახე შენი შატილი, რომ იხვეწებოდი, ისე ნუ მომკლავთო.
დედაბერი უხმოდ უქნევდა თავს, კოშკებისაკენ იყურებოდა და პირჯვარს იწერდა, მერე აცახცახებული ხმით სთხოვა, ეგებ იქ ამიყვანოთო. ხევსურულად უქცევდა. ასე დავდიოდი და ხალხს ვათვალიერებდი. შვიდი-რვა წლის ბიჭები შექუჩებულიყვნენ ერთგან. ერთი კოშკებზე აჩვენებდა: "აი, იქეთა მხარეს, აივნიანი, ისა ყოფილა თურმე ჩვენი კოშკი". ბიჭებმა იქ ასვლა გადაწყვიტეს. ცოტა ხნის შემდეგ მართლა დავინახე: ხან სარკმლიდან გამოჰყოფდნენ თავს, ხან კედელს მოექცეოდნენ თავზე.
შატილში პირველად სტუნდეტი რომ ვიყავი, მაშინ ამოვედი ამხანაგებთან ერთად. მაშინაც ათენგენობა იყო, ვაჟაც აქ გავიცანი. მაშინ ხატობას ჯერ კიდევ შერჩენოდა ძველი დიდებულება და აქაურობამ და საერთოდ, მთელმა სანახაობამ ისე შემძრა, თბილისში რომ დავბრუნდი, ღამეები აღარ მეძინა, ყურებში სულ ხევისბერის ზარივით ხმა მედგა:
დიდება ღმერთსა, მადლი ღმერთსა!
ღმერთო, გაუმარჯვე დღესა დღევანდელსა,
ღმერთო, გაუმარჯვე ზედაშის პატრონსა,
მოსულან შენს კარზეა,
გულხელდაკრეფილნი
შემოგძახიან შველასა...
დამამახსოვრდა ზანზალაკებიანი დროშა და ხევისბერის გამხდარი, დაძარღვული თითები იმ დროშის ტარზე. ხატიონის გუგუნი, ანთებული სანთლები, სამხვეწროები. დამამახსოვრდა ორი წლის ბიჭი, წელქვემოთ ტიტველი. დედას გამოჰპარვოდა, ალბათ, ხმალს მოათრევდა ქშენით და მობაჯბაჯებდა. სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე და ზედ არ შემოუხედავს, კუშტად მიპასუხა: ხატჩი მივდივარ, - და წატყაპუნდა.
ერთი ახალგაზრდა, ძალიან ფერმკრთალი, ძაძებით შემოსილი ქალი მუხლის ჩოქზე იდგა ხატის შორიახლო და ლოცულობდა. ხელში ჩვილი ეჭირა. ბავშვს ძალიან წვრილი თითები ჰქონდა და დროდადრო უღონოდ ხუჭავდა თვალებს. შევნიშნე, ქალს შორიდან ერთი ახალგაზრდა ხევსური მიშტერებოდა, სახეჩატეტკილი და გულხელდაკრეფილი. მერე მითხრეს ის, რაც თვითონაც გავიფიქრე: ის ქალი ქვრივი ყოფილიყო, ამ კაცს კიდევ ბავშვობიდანვე ჰყვარებოდა. მაგრამ ქალი ახლოს არ იკარებსო. ისევ ხევისბერის ზარივით ხმა:
ღმერთო, შენა ხარ სახსენებელი და
ღმერთო, შენა ხარ სავედრებელი.
თბილისში რომ დავბრუნდი, იმ ჩემს პატარა დაქირავებულ ოთახში ყველაფერი ეს დაწვრილებით აღვწერე. გამახსენდა ერთი ადგილი ჩემი დღიურიდან:
"ხალხს გავერიდე და მარტო დავბორიალებდი... ვფიქრობდი, ალბათ ახლა გარშემო, მთათა მწვერვალებზე, ყველა ის უხილავი არსებაა ჩამომჯდარი, ხატიონი რომ უხმობს-მეთქი: უამრავი წმინდა გივარგი - წითელჯვრიანი, კვირია და ლომისა, თმაგაშლილი ღვთისმშობელი და თეთრკაბიანი წმინდა ნინო, თმაში ყვავილებჩაწნული, მძლეთამძლე პირიმზე, საცრისხელთვალა კოპალა და ელვარე იახსარი... შემოსხდომიან შატილს, ვარსკვლავების ჩირაღდნები უპყრიათ ხელთ და გადმოსცქერიან სანთლებანთებულ ხატიონს. მერე სასაფლაოზე ამოვყავი თავი კოშკებს უკან, ხატის შორიახლო. მეჩვენებოდა, ჩვეულებრივზე ორჯერ დიდი იყო ის მთვარე, ძალიან შენივთული და ხარბი: ყველას და ყველაფერს შეგვისრუტავს-მეთქი, ვფიქრობდი. მედღეობეთა ხმაშეწყობილი გუგუნი ავსებდა იქაურობას. მეგონა, ამ მთვარით შეღებილ და მოძახილებით გაფატრულ ღამეში საფლავებიც გაიხსნებოდა, მკვდრებიც სიმღერით ამოვიდოდნენ და ყვითელი ხმებითა და ყვითელი სიცილით შეუერთდებოდნენ ფერხულს".
გამეცინა, ეს ჩემი სტუდენტობის დროინდელი ჩანაწერი რომ გამახსენდა. ისე კი, ჯობდა, მეტად აღარ ამოვსულიყავი და ამ სურათთან დავრჩენილიყავი. რადგან ათი წლის შემდეგ კიდევ რომ მოვხვდი ხატობაში, უკვე ღრეობა იყო და მეტი არაფერი. ის ხევისბერი მომკვდარიყო, ვიღაც ახალგაზრდა, გრძელ, შავ კაბაში გამოწყობილი თმაწვერმოშვებული კაცი ხატის წინ დაეცა და გრეხას მოჰყვა. მერე წამოხტა. მკერდში მჯიღის ცემითა და პირჯვრის წერით სადღაც გაიქცა.
ქალები ამბობდნენ, დამიზეზებულიაო, კაცები ილანძღებოდნენ. ერთი სიტყვით, არავის აღარაფერი გაეგებოდა. სულ ბოლოს კი, ამ ოთხი-ხუთი წლის წინათ, წინა ღამეს გამომთვრალ დეკანოზს დროშის ტარზე ჩამოეძინა და დროშიანად წაიქცა. ახლაც, ალბათ, ამიტომ აღარ გავყევი ჩვენებს. ერთი კი გავიფიქრე, ახლა, მაგის კაცი რომ ვიყო და მახვეწართ შევუერთდე, ხატს რას შევთხოვდი-მეთქი. ვიფიქრე და ვერაფერი მოვიფიქრე. ამ დროს ნაცნობი მომიახლოვდა, ვაჟას ნათესავი იყო და იქვე ლუდზე მიმიპატიჟა... როცა ავდექი, შემთვრალი ვიყავი. ისევ აღათო მოვათვალიერე და ისევ რომ ვერსად მოვკარი თვალი, შატილურაზე გადებული ბოგირისაკენ წავედი, ვიფიქრე, კოშკებში ავალ-მეთქი. შევდგი თუ არა ფეხი, სადღაც, ჩემს ზურგს უკან ფანდურის ხმა გაისმა და სიმღერაც მოჰყვა:
ისევ ჩამოსულაა
შენი ნანდაურიი...
ჟრუანტელმა დამიარა. "აღათო", - ვთქვი ჩუმად. დასწყევლოს ღმერთმა! რა დროს ეს არის. ხატობაში ხმით ნატირალი! დღესასწაულია თუ გლოვა! ალბათ, ვიღაც მეტიჩარამ სთხოვა. შევტრიალდი და მისკენ გავემართე. ქვაზე იჯდა. ვიღაცეები გარს შემოსხდომოდნენ, მეტწილად - ქალაქელები. დამინახა თუ არა, ფანდური გვერდზე მიდო და გადამეხვია.
- აღათო, როგორა ხარ? შენ გეძებდი...
- რაღა როგორ ვარ, ჩემ შვილო, ვყრივართ ჩვენ და ეს ტიალი კოშკები, აღარვის უნდივართ. ყველანი წავიდნენ, ამომსვლელ აღარვინ არის. ჭინჭარმა შეგვჭამას ლამის, ხომ ხედავ, მოვთიბე ერთი კვირის წინ, ისევ ამოიყარა. იზრდების ოხერი, კაცის ფეხი თუ არ ხვდების, თიბვა ვერას ვერ შველის. დავბერდი, დაგენაცვლე, ალბათ, სიკვდილს თუ ვახსენდები, სულ გული მიტირის, შემომღნავის ბალღივითა... დავამღერებ ხოლმე ხმით ნატირალს, გულს სხვა აღარაფერი სწადს და შენ მახსენდები... აღარ იმღეროო, რომ მითხარ, მაშინ. ამოვიდეს-მეთქი, ვამბობ გულში, სულ სიყვარულზე ვუმღერებ-მეთქი, - სახე სულ დაღაროდა, შუბლზე ჩამოყრილი თმაც გაჭაღარავებოდა, მაგრამ თვალებიდა ვერცხლის საყურეები ისევ ერთნაირად უბრწყინავდა.
თუშის ქალია აღათო, შატილიონთა რძალი, ვაჟას, მგონი, ბიცოლად ხვდება. ქმარი შატილში ჰყავს დამარხული, ერთი ქალი ფშავშია გათხოვილი, მეორე - თუშეთში. შვილები ეხვეწებოდნენ, ჩვენთან იცხოვრეო, მაგრამ აღათო კოშკებს არა სტოვებდა. ისე კი, ზოგჯერ ჩააკითხავდა თავის ქალებს, ცოტა ხანს დარჩებოდა ხოლმე მათთან. როცა ჯავრობდა და ბრაზობდა - ხევსურულად უქცევდა, თუ ჩიოდა - ფშავურად, თუკი ვინმეს დაუტკბებოდა და მიესიყვარულებოდა - თუშურ კილოს ირჩევდა ხოლმე.
აქ გეოლოგებს რომ ჩამოვყევი (ეს ჩემი მეორე ჩამოსვლა იყო შატილში), მაშინ გავიცანი. კარავი არღუნის პირას გვედგა და ხშირად გვაკითხავდა, ქადები მოჰქონდა ჩვენთან. ბიჭები სთხოვდნენ და ისიც მღეროდა. აღათოს სიმღერაც იმ მოვლენებს განეკუთვნებოდა, მე რომ ვერ ვუძლებდი. ისეთი ცრემლიანი, მტკივნეული ხმა ჰქონდა, გულ-მუცელი გადამიბრუნდებოდა ხოლმე და ასე გულმუცელგადატრიალებული ყოფნა არ მეპრიანებოდა. ერთხელ კარავში შემოვიდა და მე მარტო დავხვდი. ძირს ვიჯექი, ფეხებგაშოტილი, კარვის კუთხეში მიყრილ ზურგჩანთებს ვეყუდე. ჭიქა იქვე მიწაზე მედგა და გვარიანად ვიყავი გალეშილი: აღათო, - ვუთხარი მაშინ (მევე ვიგრძენი, რაღაც ძალიან პირქუში და ხრინწიანი ხმა ამომივიდა ყელიდან), - ჩემთან, ეგ ხმით ნატირალია თუ რაღაც ოხრობა, აღარ იმღერო, აღარასოდეს... კარგი? საერთოდ აღარ იმღერო, აღათო, გესმის?
- მძიმეა, ჩემ შვილო, მძიმე, განა არ ვიცი, - ჩაიდუდუნა და აღარაფერი უთქვამს. ვიდრე იქ ვიყავი, მე და ის გეოლოგები, რითაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით: ჭინჭარი მოვთიბეთ, მოვასუფთავეთ; კოშკის კედლები ალაგ-ალაგ თიხით შევლესეთ, ქვები შევუყუდეთ. რატომღაც მე გამორჩევით ვუყვარდი, რის გამოც მისი ტკბილი თუშური კილო მხვდებოდა ხოლმე წილად. მაშინაც ასეთი მბრწყინავი შავი თვალები ჰქონდა და წლები მათ ციმციმს ვერაფერს აკლებდა. ეტყობოდა, ეშხიანი და წარმტაცი უნდა ყოფილიყო ახალგაზრდობაში, რაც ვუთხარი კიდეც: ნეტა ახალგაზრდას შეგსწრებოდი, მე ვიცოდი, რასაც ვიზამდი-მეთქი. რასაო, - გაიცინა. ქმარს მოგიკლავდი და მოგიტაცებდი, ედევნათ ამ გიჟ ხევსურებს, რამდენიც უნდოდათ-მეთქი. გაიცინა და ბარემ სულ ადრე შემხვედროდი, რაკი ნატრობ, რაღა წიქა უნდა აგეკუწა, კარგი კაცი იყოო.
- აღათო, ავალ შენთან, ცოტას წამოვწვები.
- გამოგყვე, თუ მარტო წახვალ.
- მარტო წავალ.
- წადი, დედისავ, მერე მეც მოვალ, ლუდიც არის იქა, ქადებიც.
ხელი მოვხვიე მხრებზე და მერე წავედი. ავტობუსიდან ჩემი ზურგჩანთა ავიღე, სადაც ცოტა რაღაცეები მქონდა აღათოსთვის. ხიდზე რომ გადავედი, დავიხარე და მთის ფერმკრთალ, ვარდისფერ ყაყაჩოს ვუსუნე. ბილიკს ავუყევი, ძლივს რომ მოჩანდა ჭინჭრებში. აღათოს კოშკს მივაღწიე და შევედი. ქვიტკირის კედელში გამოჭრილი პატარა სარკმლიდან გადავყურებდი შატილს. შუბლი მიხურდა და კედელზე მქონდა მიყრდნობილი.
უცბად მივხვდი: იქ მარტო ყოფნა არ მინდოდა. მეგი გამახსენდა. გამოვედი. უკვე ბნელოდა. დარწმუნებული ვიყავი, მეგის საძებნელად მივდიოდი. ის იყო, პატარა ბოგირი გადავიარე, რომ "ვარდისფერი" დავინახე. არღუნის პირას იჯდა მარტო და ნიკაპი მუხლებზე ჩამოეყრდნო... მაშინვე ვიცანი, თუმცა უკვე ბნელოდა. რატომღაც გული შემეკუმშა. არ ვიცი, შემეცოდა თუ რა იყო... ავდექი და მისკენ გავემართე... რა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი, რისთვის მივდიოდი, არ ვიცოდი. მახსოვს, ერთი გავიფიქრე, რაც არ უნდა ვუთხრა, მეტყვის: არა! ჯიუტად, როგორც იცის-მეთქი. რომ მივუახლოვდი, მაშინღა გამახსენდა: მისი სახელი არ ვიცოდი, უცნაურად მომეჩვენა, რომ ამხელა გზაზე ერთხელაც ვერ მოვკარი ყური... მაგრამ ფიქრის დრო აღარ იყო... თვითონაც ვერ გავიგე, როგორ დავაწყვე მხრებზე ხელები... შეკრთა. წამოიყვირა და მოტრიალდა.
უკვე გვიან იყო. ჩემდა გასაოცრად, პირი გავხსენი და ვუთხარი: "წამოდი, გინდა, ჩემთან, კოშკში", და კიდევ უფრო გასაოცრად მშვიდად დავუმატე: "წამოდი ამაღამ ჩემთან".
ხომ ძალიან უცნაური იყო, რაც გავაკეთე, მაგრამ ამას რაც მოჰყვა, ის კიდევ უფრო გასაშტერებლად მომეჩვენა და ფაქტიურად ამით დაიწყო კიდეც ყველაფერი: ჩემს სიტყვებზე სახე გაუბრწყინდა, გაუცისკროვნდა, თითქოს სასუფეველში ვეპატიჟებოდი! სრულიად გასაგები იყო, რაც ვუთხარი. კოშკში ჭიანჭველების საყურებლად და მაისის ხოჭოს დასამარხად არ მიმიწვევია. ერთმანეთს თითქმის არ ვიცნობდით. მეგი რომ შემხვედროდა, იმას წავიყვანდი (ხომ იმის საძებნელად წამოვედი).
ეს, რა თქმა უნდა, თვითონაც უნდა ეფიქრა. როცა ქალები ასე მოგყვებიან, როცა იციან, რაც გინდა, რაღაცნაირი სახეები აქვთ ხოლმე: ან ოდნავ დაძაბული, ან უტიფარი, ან ყალბად მორცხვი, ან კმაყოფილი, ან უაზროდ მხიარული - გამოცდილებისა და დახვეწილობის მიხედვით. მის ადგილას რიგრიგობით დავსვი ზოგიერთი ჩემი ნაცნობი ქალი და იგივე სიტყვები ვუთხარი: ყველამ გაიკვირვა: "კოშკში? რატომ?" ერთი-ორმა ყალბად გაიცინა: "არ არის საშიში?" მეგიმ იკითხა: "შეიძლება შესვლა? ძალიან მაინტერესებს, როგორია შიგნიდან, თან, ალბათ, მშვენიერი ხედია..." და ყველანი წამოვიდნენ, რა თქმა უნდა, და ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.
საქმე ის იყო, რომ სიამოვნება და კმაყოფილება რა გასაკვირია, მაგრამ სიხარულით ასე გაბრწყინებული სახე, ბავშვების გარდა, არავისზე მენახა, ასეთ შეთავაზებაზე ვინმე სიხარულისგან გაბდღვრიალებულიყო, თანაც თითქმის უცნობი, პირველად ვხედავდი და მგონი, გაკვირვებისაგან პირიც კი ღია დამრჩა.
- მართლა? - აღმოხდა გაბრწყინებულს და ხელები გამომიწოდა. ხელი მაჯებზე ჩავჭიდე და წამოვაყენე. ამ დროს გავიფიქრე, რომ ძალიან ლამაზი იყო.
ბილიკს რომ მივუყვებოდით, ერთ-ორჯერ გვერდიდან შევხედე: სახეზე სიხარული არ მოშორებია. შეცბუნებული ვიყავი, მაგრამ არ ვიმჩნევდი, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო.
II
კოშკში შევედი. წინა "ოთახში" არ გავჩერებულვარ, მეორეში გავიყვანე. აქ მარჯვნივ და მარცხნივ ხის გრძელი სკამები იდგა, შუა კედელთან - ხის ტახტი, ზედ დაზვინებული ლოგინებით. მეოთხე კედელში კი ფანჯარა იყო გამოჭრილი.
ხალისიანი განწყობილება დამეუფლა, რაც, ალბათ, მისგან გადმომედო. უცებ მივუტრიალდი, ლოყებზე ხელი მოვუჭირე და ვკითხე:
- რა გქვია, პატარა დათვო?
- მე ვარ პატარა დათვი?
- დიახ, შენ. აბა, აქ მოდი! - ფანჯარასთან მივიყვანე, საიდანაც მთელი არემარე ხელისგულივით მოჩანდა. ცისკენ ავახედე. იქ წეღან მარტო რომ ვიყურებოდი, "პატარა დათვს" მოვკარი თვალი. ახლაც იქ იყო და კამკამებდა თავისთვის. - აბა, შეხედე, ხედავ? თავი დამიქნია.
- მერე, ეს რა არის? - ხელი კისერზე გადავუსვი, სადაც ფერმკრთალი ხალების პატარა ხომლი მქონდა შეგულებული. თვალები დახარა. ვიგრძენი, რომ გააჟრჟოლა.
- რა არის? - მკითხა ჩუმად, შეცვლილი ხმით.
- რა და, პატარა დათვი. აქ ხალები რომ გაქვს, არ იცი?
- ვიცი, მაგრამ მხოლოდ სარკეში დამინახავს, - მიპასუხა კიდევ უფრო ჩუმად. - შენ საიდან იცი?
- საიდუმლოა. მეცოდები, რომ ვერ ხედავ. ძალიან კარგი სანახავია. ზუსტი ასლია. ვინ წარმოიდგენდა? - უცბად დავიხარე და კისერზე ვაკოცე, - მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი, პატარა დათვისთვის მეკოცნა. და აი, სად დამიხვდა.
- არ ოცნებობდი, - მითხრა ხაზგასმით, მაგრამ ჩუმად (რაღაც ბევრი რამ მითხრა ამ სიტყვებით) და სახეში შემომხედა. გამომეტყველება საოცრად გალღობოდა... გალმობიერებულ სახეზე რაღაც თვინიერება ეხატა, რაც მისი "არას" პატრონისაგან, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ღელავდა ვგრძნობდი, მის გულს სულ ბაგაბუგი გაუდიოდა, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ლოცულობსო.
- რა გქვია, მართლა?
- მერცია.
- მერცია... ბავშვობაში ჩვენი ექიმის შვილს ერქვა. ჩვენთან სათამაშოდ არ უშვებდნენ, სულ ეზოში ჰყავდათ ჩაკეტილი, მგონი ავად იყო...
- ავად იყო? რითი?
- არ მახსოვს... მერე ეგ სახელი აღარ შემხვედრია... - ვუყურებდი, - მერცია, ეს არის ჩვენი გამოქვაბული, ჩვენა ვართ ველურები... ვიპოვეთ ერთი გამოქვაბული და ერთად უნდა დავიწყოთ... ცხოვრება, ხო კარგია? - მივედ-მოვედებოდი, რომ არ გავჩუმებულიყავი, რადგან მეც ვღელავდი.
- კარგია, - გაიცინა და გამხიარულდა.
- ოღონდ ამ თამაშისათვის, არა, ამ ცხოვრებისათვის, ყველაფერი უნდა დაივიწყო... - ვუთხარი და თმაზე ჩამოვუსვი ხელი...
- რა ყველაფერი?
- ქალაქი, წარსული, ნაცნობები... ყველაფერი...
- ოჰ! - ხელი ჩაიქნია, - არც მახსოვს. - ძალიან კარგი... რა გახსოვს? - ვიგრძენი ამ სიტყვებით რაღაც კონკრეტულს ვეკითხებოდი, რადგან ახლაღა გამახსენდა, რომ არც კი ვიცოდი, გათხოვილი იყო თუ გაუთხოვარი, საერთოდ ვინ იყო... და ვინ ჰყავდა.
- რა? რა ვიცი... - მხრები შეიშმუშნა, - მახსოვს, რომ... დრო გადის...
- ეგ წეღან ხომ არ დაადგინე, სევდიანი რომ იჯექი წყლის პირს ...
- რა ვიცი, - ჩუმად გაიცინა.
კედლიდან ხანჯალი ჩამოვხსენი, მერე აღათოს მამამთილის ნაქონი "ბერდანკა" ფანჯრის რაფაზე გავდე. ხანჯალი ვიშიშვლე, მერციას მხრებზე ხელი გადავხვიე და ვთქვი:
- ჩემი ციხე, ჩემი მიწა, ჩემი ქალი, ჩემი ხმალი.
- მრისხანე შატილიონი, - გაიცინა და განზე გაიწია. არ ვიმჩნევდი, რომ ვამჩნევდი: რამდენჯერაც შევეხე, იმდენჯერ გააჟრჟოლა. გავიფიქრე, ძალიან მგრძნობიარეა-მეთქი. ხანჯალი ტახტზე დავდე. რაღაცა მბორკავდა და არ ვიცოდი, რა. ასეთი უხერხულობა ბავშვობის შემდეგ აღარ განმეცადა და ვერაფრით ვხსნიდი. იმ სიხარულის ბრალი იყო ყველაფერი... ისე რომ გამომყვა... თითქოს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ... არადა, რატომ, რა საფუძველი ჰქონდა? გავიფიქრე, მეგი რომ მყოლოდა, ალბათ, აქამდე უკვე ერთად ვიწვებოდით-მეთქი... მაგრამ, ახლა რა მომდიოდა, ვეღარ გამეგო.
კოშკიდან რომ გავედი, საკმაოდ ძლიერ სურვილს განვიცდიდი. ახლა კი უბრალოდ ხალისიან გუნებაზე ვიყავი (რაც, რა ხანი იყო, აღარ მახსოვდა), მაგრამ წეღანდელ ფიზიკურ სურვილს ვეღარ ვგრძნობდი... და ფანჯარასთან რომ მივიდა და გარეთ გაიხედა, ზურგიდან მივუახლოვდი, ხელები ყელზე შემოვხვიე და ჯერ ერთ ლოყაზე ვაკოცე, მერე მეორეზე.
ამით უნდა მივმხვდარიყავი, რომ ჩემი საქმე წასული იყო. რაღაც სულ სხვა გემოს ვატანდი იმ კოცნას. უვნებოდ ვკოცნიდი, სიყვარულით, ბავშვებს რომ ეფერებიან, ისე. მოტრიალდა, ხელებით მკერდზე მომაწვა და განზე გამწია. ისევ ავაფარე ხელები ლოყებზე და დაღრეცილ ტუჩებზე ოდნავ შევეხე. მერე ყურის ძირებისაკენ ჩავაცურე და კისრის მალებთან თითები ერთმანეთს გადავაჭდე, გააჟრჟოლა.
- გინდა გაგახარო? - ვკითხე უცბად.
- მინდა.
ძირს ნაბადი დავაგე. თავთან ხმალი დავიდე. გვერდით თოფი მივიწვინე და გულაღმა გავიჭიმე:
- აი, მკვდარი ვარ და დამმარხე, ხომ გიყვარს დამარხვა და საფლავების კეთება. - ხელები გულზე დავიკრიბე და თვალები დავხუჭე.
"- კოშკში ლომი წოლილიყო,
მომრევ არვინ იყო მისი,
იმის თავით რაში ება, ტორით მიწას
თხრიდა ისი,
მარცხნივ რომ შუბი ეყუდა, წვერი
ცასა ხევდა მისი,
მარჯვნივ ედო თავის ხმალი, პირი
ჰქონდა ალმასისი,
გვერდით ეჯდა თავის დედა, ცრემლად
დასტიროდა შვილსა,
თავით ერთი ქალი ეჯდა, ზღვას
ერევა ცრემლი მისი..."
თქვა ხმადაბლა. თვალები არ გამიხელია. მერე გაჩუმდა. ვიგრძენი, მომიახლოვდა... ნაბადზე ჩემს გვერდით ჩაიმუხლა. მხარზე მუხლისთავებით მეხებოდა.. დაიხარა და ტუჩებზე ოდნავ შემეხო. მერე დახუჭულ თვალებზე მაკოცა... თითქოს პეპელა დამაჯდა ქუთუთოზე. მერე ხელი შუბლზე გადამისვა... საფეთქლებზე. მოვითენთე. ლოყაზე ჩააცურა და მხარზე შეაჩერა... ოდნავ მომიჭირა:
- გაახილე, - მითხრა ჩუმად.
არ გავნძრეულვარ.
- გაახილე თვალები, - წამწამებზე ხელი მომკიდა და ამიწია.
მე უფრო მაგრად მოვხუჭე.
- გაიღვიძე, გესმის, გაიღვიძე! - ხმა ნერვიული გაუხდა. დაიხარა და ლოყით ლოყაზე მომეკრა.
- ააჰ! ხომ ჩამივარდი ხელში! - დავიძახე და ხელები მოვხვიე.
შეკრთა. თვალებში რომ შევხედე, თითქოს ცრემლი უბრწყინავდა.
- ე! რა მალე დაიჯერა! ხელად არ შევიდა ჭირისუფლის როლში?!
გაეცინა.
- როგორ მითხარი? - "გაიღვიძე, გესმის, გაიღვიძე". იცი ეგ ლექსი?
- არა, - მოიწყინა ისევ.
- გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსია. ხევსური იყო. ვაჟა გიჟდება მაგაზე. მგონი შორეულ ნათესავად ხვდება. ტვინი გვაქვს წაღებული სამსახურში. გაივლის, გამოივლის და გვტყორცნის რაიმე სტრიქონს, მთელმა განყოფილებამ ზეპირად იცის. ერთი ქალი ჰყვარებია, მზექალი, ადრე მომკვდარა და კარგი ლექსები აქვს იმ ქალზე. წეღან შემხვდა ვაჟა, კარგა მაგრად გამობრუჟული, გამაჩერა და მტყორცნა: "გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე", - თან თვალებს აბრიალებდა მოზვერივით. გინდა გითხრა ბოლომდე?
მე თვითონ გამიკვირდა, ლექსი რომ ზეპირად ვიცოდი თურმე:
"გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე,
შენთან მოვდივარ და,
ხომ უნდა დამხვდე ფხიზელი,
რამდენი გეძებე,
რამდენი გეძახე,
რამდენი ვიღვაწე,
ხმა არ გამეც და
უშენობა მეტად ვერ შევიძელი,
რამდენი სათქმელი დაგროვდა,
რომ იცოდე,
მგონი, ათ წელსაც ვერ მოვათავო
ლაყაფი;
გაიღვიძე, კუბო მორთე,
შენს გვერდით მომიწოდე,
ადგილი მანდ ორთავეს გვეყოფა.
ხომ იცი, ხალხს და სოფელს
განვერიდე,
მტორავენ ტრფობისა და კენტობის
ვაებანი,
გაიღვიძე, გესმის, დროზე გაიღვიძე,
ნუთუ არ მოგენატრა ჩემთან
პაემანი?"
- ჰოდა, ასე ჩამიბულბულა. ეშმაკსაც წაუღია შენი თავი, მოწყდი აქედან-მეთქი, ვუთხარი. ვერ ვიტან ამ მოთქმასა და მაგათ სიმღერებს სიკვდილზე. ვერ ვიტან საერთოდ ლაპარაკს მკვდრებსა და სიკვდილზე... ე! რა მოგივიდა! შენ რა, მართლა მოიწყინე? კარგი რა! აი, ხომ ხედავ, ტყუილად კი არ მეჯავრება ეგეთი რაღაცები. რა სისულელეა, ხომ არ ტირი?
- საშინელი ლექსია, - თქვა და წამოდგა. თვალები გაუშტერდა.
- საშინელია, აბა რა!
- ძალიან კარგი ლექსია... საოცარი კაცი ყოფილა, - მერე დაუმატა: - მე მიყვარს მკვდრები.
- კარგი ერთი. ძლივს კარგ ტალღაზე გადაგრთე და ყველაფერი ჩაშალა ამ ლექსმა.
- არა, - თქვა და ჩაიმუხლა. ხელები მხრებზე მომხვია და მაკოცა. რაღაცნაირად გამოუვიდა: თითქოს გულამომჯდარი მკოცნიდა, რაღაც განსაკუთრებულად მგრძნობიარედ, ისეთნაირად, თითქოს მისი სიხარული ტირილს ესაზღვრებოდა, თითქოს სულ ცოტა დროღა გვქონდა დარჩენილი და ყველაფერი უნდა მოგვესწრო. ისევ გამიკვირდა. ალბათ, შატილის ბრალია-მეთქი, გავიფიქრე.
მკლავზე მეწვინა... მეორე ხელით მისი ნიკაპი მეჭირა და ნელა ვკოცნიდი. ამაზეც უნდა მივმხვდარიყავი, რომ რაღაც უცნაურობაში შევყავი თავი: სულაც არაფერს არ ვჩქარობდი. ასე მინდოდა გაგრძელებულიყო ძალიან დიდხანს...
წამოჯდა...
მის კაბას მხრებიდან იდაყვებამდე ყავისფერი თასმები ჰქონდა გაყრილი. ეს თასმები ნელა გამოვაძრე. იჯდა. ხელები ჩემს მხრებზე ეწყო. ჯერ ერთი მკლავი გაუშიშვლდა, მერე მეორე და კაბა ჩაცურდა კიდეც. წელთან მოქუჩდა. არ შემიხედავს, ისე მოვეხვიე. წელს ზემოთ არაფერი ეცვა. ესეც გავიფიქრე, მგონი, ავტობუსში. ვიგრძენი, რომ თან მომყვებოდა, თან არა. ბოლო წამებში სულ დამშორდა. რომ ჩათავდა ყველაფერი, ისევ ჩავიხუტე გულში და უკან ხელი დავკარი მსუბუქად, თამაშით: "შენ, შვილო, რაღაც ასაწყობი ჩანხარ ამ საქმეში".
არაფერი უთქვამს. ესე იგი, სწორი ვიყავი. ამ ამბავმა დამძაბა.
- ბავშვი გყავს?
თავი დამიქნია.
- ერთი?
ისევ უხმოდ დააქნია თავი.
- რამდენი წლისაა?
ხუთი გაშლილი თითი სახეზე აიფარა.
- ქმარი?... ქმარი... გიყვარს?
თავი გააქნია უარის ნიშნად. მერე თქვა:
- არა მყავს.
- როგორ?
- ისე, - მხრები აიწურა.
- მოკვდა?
- ნწ.
- გაყრილი ხარ?
გავჩუმდი. ისევ რაღაც ცივმა და უსიამომ დამიარა. სიგარეტს მოვუკიდე. გულაღმა დავწექი და მეორე ხელი თავქვეშ ამოვიდე. ვიგრძენი, ერთი-ორჯერ ამომხედა. ხელი გავიწოდე და თავზე გადავუსვი.
- ახლა ვისთან არის ბავშვი?
- დედაჩემთან და ჩემ დასთან. ძირითადად იმათთან არის. მე არ მანდობენ, - გაეღიმა.
- შენ რას აკეთებ?
- ვხატავ.
- ის... გიყვარდა?
მხრები აიწურა:
- მომწონდა... იმას ვუყვარდი.
- რატომ დაშორდით? შეეშვი მაგ მხრების აჩეჩვას.
- არ შემეძლო მასთან... მივხვდი, არ შემიყვარდებოდა...
- რატომ გააჩინე?
- უფლება არ მქონდა? - მკითხა გაბზარული ხმით: გაღიზიანდა. მერე მოლბა და დაუმატა: - არ შემეძლო მოშორება... მზარავს ეგ... ალბათ, ვერასოდეს ვერ მოვიშორებ... მზარავს...
- აბა, რამდენჯერაც იქნება... იმდენჯერ უნდა გააჩინო?
გაიცინა. ისევ მხრები აიწურა.
- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი... არ ვფიქრობ... რაც არ შემიძლია, არ შემიძლია. არ ვფიქრობ... ბევრი რამ არ შემიძლია...
- რა ჰქვია ბავშვს?
- ელენე.
- შენა გგავს?
- მე მგონი...
ჩუმად ვიყავით. ნაღველი შემომაწვა.
- ვერ წარმომიდგენიხარ ფეხმძიმე.
- ვერც მე წარმომედგინა, - სევდიანად გაიცინა და მხარზეც რაღაც სევდიანად მაკოცა. მერე მითხრა:
- იცი, როდის გნახე პირველად?
- როდის?
- ამ შემოდგომაზე. ნოემბრის ბოლოს. თქვენთან ვიყავი სამსახურში. ამხანაგისთვის რაღაც წიგნი მჭირდებოდა და ვიფიქრე, იდას ექნება-მეთქი...
- იდა შენი მეგობარია?
- არა. ჩემი დის მეგობარია. ჩემმა დამ მითხრა, იდასთან მიდი, იმას ექნებაო. იდამ მითხრა, მე არა მაქვს, აქ კი აქვს ერთს, მაგრამ იმას ვერა ვთხოვო, და თავით შენზე მანიშნა. შენ მაგიდაზე იჯექი, კედელს მიყრდნობოდი და ფანჯარაში იყურებოდი. სიგარეტს ეწეოდი... არ ვიცი, რატომ ვერ გთხოვდა, "რა ჯავრიანი თვალები აქვს", - ვუთხარი იდას. "ჯავრიანი?" - მკითხა და მერე ჩაილაპარაკა: - "ჯავრიანი არა, ის..." "ცოლი ჰყავს?" - თვითონვე გამიკვირდა, ეს რომ შევეკითხე. შემომხედა და მიპასუხა: "ცოლიც, შვილებიც... საერთოდ, არაფერი არ აკლია". მერე ხშირად ვფიქრობდი ხოლმე შენზე.
- რა წიგნი გინდოდა? - რატომღაც დავინტერესდი, თან იდას სიტყვები გავიმეორე გულში: "არაფერი არ აკლია".
- ვიღაც გერმანელი ავტორის წიგნია. მგონი, წყლის მიწისქვეშა მარაგს ეხება, თუ არ ვცდები... ამ მიწისქვეშა მდინარეებზე ძალიან საინტერესო აზრები ჰქონია. სათაური დამავიწყდა. ჩემი ამხანაგი მიხსნიდა.
- ჰო. ვიცი. მაქვს. ვინ არის ის შენი ამხანაგი? - ერთი გოგოა. ბულეიშვილია და "ბულეის" ვეძახი. ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებს და ისე მოგიყვება, რომ შენც გაგაგიჟებს. წყლისა და მნათობების კავშირი დიდი საიდუმლოაო, ერთხელ მითხრა. ვისაც კი რა უთქვამს ამქვეყნად წყალზე, სულ ამოწერილი და შეგროვილი აქვს. მეც ერთიხანობა სულ წყალს ვხატავდი და მეუბნებოდა, ბრწყინვალეაო...
- ჰო, - ვთქვი ჩემთვის. - წყალია ყველაფერი, თავი და თავი.
- თალესიც მაგ აზრისაა, - გაიცინა.
მეც გამეცინა. უცებ სახე გაუშტერდა და პირი დააღო. წამოჯდა კიდეც.
- ე!
- რა?
- თალესზე არ ამბობენ, პატარა დათვის თანავარსკვლავედი აღმოაჩინაო?
- რა იცი?
- მახსოვს. სადღაც წავიკითხე, მას მიაწერენო, თუ მან დაარქვა ეს სახელიო... რა უცნაურია.
- რა არის უცნაური?
- რა ვიცი... - ისევ გულდაღმა დაწვა, სახით ჩემკენ.
- პატარა დათვი მე აღმოვაჩინე, - ვუთხარი და ჩავეხვიე. თმა ავუწიე და კისერზე ვაკოცე. - წყალს კი აღარაფერი ეშველება, დამიჯერე, ვარსკვლავებით თავის გაცხელება არა ღირს, მაგის დრო ახლა არ არის...
- ჰოო? - იკითხა ჩურჩულით, - აბა, რისი დროა?
- ამისი, - ვაკოცე. - წუთების. წუთები უნდა შეაგროვო, რამდენიმე წუთი მაინც, რომ თან წაიღო, სუვენირად... ამქვეყნიდან გუდა-ნაბადს როცა აიკრავ. რამდენი წლისა ხარ?
- ოცდაშვიდის. შენ ორმოცდაორის, ხომ?
- საიდან იცი?
- იდას ვკითხე.
- წინა ზაფხულს სად იყავი? - იდაზე გამახსენდა.
- ზღვაზე. მაგრამ ავად გავხდი... მთელი თვე ვიწექი მერე საავადმყოფოში...
- რა დაგემართა?
- არ ვიცი... სიცხეები მქონდა, სუსტად ვიყავი... მერე გამიარა. თქვენთან რომ მოვედი სამსახურში, ერთი-ორი კვირის გამოსული ვიყავი საავადმყოფოდან...
არა, რა თქმა უნდა, უკვე მიყვარდა. შეიძლება, უკვე გზაშიც მიყვარდა, აზრზე არა ვარ, არაფერი აღარ მესმის, მგონი, პირველად რომ შევხედე, მაშინვე მიგრძნო გულმა რაღაცა... იმიტომაც ვარიდებდი თავს.
გულაღმა ვიწექი. ვეწეოდი. ფანჯრის კუთხეში უზარმაზარი სავსე მთვარე გაქვავებულიყო. ფანჯრის შუაგულში ერთი დიდი ვარსკვლავი ბრწყინავდა. ტანზე დავყურებდი. რაღაც ბავშვური, დაუმთავრებელი ფორმები ჰქონდა. იმდენად იდეალური კი არა, რამდენადაც საყვარელი. წამოვიწიე, მის კაბას მივწვდი და ტანზე დავაფარე, იგრძნო და მძინარემ მკლავზე მაკოცა, სადაც თავი ედო.
მეც ჩამეძინა.
უცებ თვალები გავახილე. მუხლის ჩოქზე იდგა და სახეზე დამყურებდა. ოთახი მთვარის შუქით იყო განათებული. ოდნავ ხვეული თმა მხრებზე ეყარა. ხელი მხარზე გადავუსვი, გააჟრჟოლა. ორივე ხელი ხელზე შემომხვია და ამოიოხრა:
- რა ლამაზი ხარ...
- მე ვარ, ლამაზი? ხომ არ გაგიჟდი!
თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.
გარედან მედღეობეთა ხმები აღწევდა. გარმონს უკრავდნენ. კაცები მღეროდნენ. ჩხუბის ხმაც ისმოდა. წელზე ჩემი პერანგი შემოიხვია და ფანჯარასთან მივიდა. ვუყურებდი. მთვარე ეღვრებოდა. მობრუნდა და თქვა:
- ჩვენ, ალბათ, ხატი გაგვიწყრება.
- ვითომ რატომ, რა დავაშავეთ?
- ალბათ, არ შეიძლება ხატობის ღამეს... - ცალი ხელი კედელზე ედო საფეთქლის სიმაღლეზე. ისევ ის გრაციოზულობა მომხვდა თვალში.
- გავეფრთხილებინეთ მაშინ. ჩვენ რა ვიცით...
გაეცინა: - რაღაცა, ალბათ, თვითონ უნდა ივარაუდო ზოგჯერ...
- მეტი საქმე არა მაქვს... იცი, რა ლამაზად დგახარ... მოიხსენი რა, პერანგი.
- არა! - ისე ჩაიგრიალა რ-მ!!
- არა-მარა. ჩვენ რაღა ამ ხატის გაწყრომა გვინდა... ისედაც შემომწყრალი არა გვყავს ყველაფერი!.. მოიხსენი, რა!
ამას ჩემთვისავე უცნობი ხმით ვთხოვდი, რომლის არსებობაზე წარმოდგენაც არა მქონდა.
- არ მოვიხსნი.
- გეხვეწები!
- არა.
- არ ამაყენო.
- ადექი... - მხრები აიწურა და საფეთქლით კედელს მიეყრდნო.
წამოვჯექი. ფანჯრისკენ მიიხედა. ჩავიცვი და ფანჯარასთან მივედი.
- ახლავე მოვალ. ხომ იცი, რა მოსდევს ლუდის სმას... აბა, შენ იცი, ჩემს მოსვლამდე თუ ვინმე შემოგივარდეს, აგე ხანჯალი, უბრძოლველად არ დანებდე... - კეფაზე ვაკოცე და გარეთ გავედი.
ვარსკვლავები ისეთი ყოფით დაბდღვრიალებდნენ იქაურობას, ლამის გულები დასკდომოდათ. პატარა დათვიც აქ იყო. ღრეობა გრძელდებოდა. ისეთი ჰაერი იდგა, მისი დალევა მოგინდებოდა. ვიდექი, გული ბოლომდე მქონდა გახსნილი; მთელი ქვეყნიერება შემოდიოდა. ვიდექი და ვფიქრობდი, მგონი პირველად, რომ არც ისეთი ცუდი კაცი ვიყავი ალბათ, რაკი ასე მიხაროდა. შუაღამე გადავიდა.
რომ შევბრუნდი, ოთახი ცარიელი დამხვდა. სკამზე მიგდებულ ნაბადს ხელი წავკარი. მოვათვალიერე. გავიფიქრე, ალბათ, ტახტის ქვეშ შეძვრა-მეთქი და ხმამაღლა ვთქვი:
- შემოდი, მეგი, რამდენი გეძებე! შემოდი, აქ ერთი პატარა დათვი მყავს დაბმული, ტახტის ქვეშ, სხვა არავინ არის... არა! არა! რას ამბობ, სულ არ იკბინება... ძლივს არ გიპოვე... სად იყავი? ნუ გეშინია... ხომ გითხარი, არ იკბინება-მეთქი, ერთი ბრიყვი დათვის ბელია...
ჩამიჩუმიც არ ისმოდა. ტახტის ქვეშ შევიხედე და სასწაული! არავინ არ ჩანდა. რაღაც გამოვათრიე და ხელში ცხვრის გამხმარი ტყავი შემრჩა. განჯინა გამოვხსენი... არაფერი. ერთ წამში გამოვტვინდი... კოშკს არ მოვცილებივარ, გარეთ არ გამოსულა... კაბა და ფეხსაცმელები აქ იყო... გაოგნებული ნაბადზე ჩავჯექი. რა მეფიქრა, არ ვიცოდი... უცებ რაღაც უცნაური ხმა შემომესმა ფანჯრიდან... თითქოს ბუ კიოდა, ოღონდ ძალიან ჩუმად, შორიდან... მივედი. გავიხედე - არაფერი. ისევ ნაბადზე დავჯექი.
უეცრად ფანჯარაში ჯერ ერთი ფეხი გამოჩნდა. მერე მეორეც შემოცურდა გვერდიდან. მთვარე ერთი წამით ქალის შიშველ წვივებს შორის მოექცა. პერანგი ისევ წელზე ეხვია. ფანჯრის ჩარჩოში მხრებამდე ეტეოდა. ჩაიკუზა, თავიც შემოყო და ფანჯრის რაფაზე გაჩერდა. ზურგიდან მთვარე ანათებდა პროჟექტორივით.
- გაგიჟდი, გოგო! სად ეშმაკებში დაფორთხიალობ მთვარეულივით! - თითქმის დავუღრიალე.
სიცილი დაიწყო და ძირს ჩამოხტა.
- მე არ მენახვები და იქ რა, მთელი შატილის დასანახად გადექი! ათენგენობის ატრაქციონი! ერთი დაენახე ვინმეს! ალქაჯი ეგონებოდი და გადმოგიღებდა კიდეც თოფით, მეტი კი არ უნდათ...
მივედი, ხელით გვერდზე მივწიე და ფანჯარაში გავიხედე. კედელს ერთ მტკაველზე გამოშვერილი სიპი მიჰყვებოდა. აქედან რომ გადავარდნილიყო, სულიც არ დაჰყვებოდა...
- არანორმალური, - ჩავილაპარაკე. მართლა გაბრაზებული ვიყავი. ოღონდ მიზეზი ბოლომდე არ მესმოდა. გავცოფდი, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ყოველგვარი უაზრო და საშინელი შემთხვევითობა იმ წუთებში ყოვლად აუტანელად მეჩვენებოდა. მერე მეორეც, მეორეც, რა? მგონი ის, რომ ამ თავზეხელაღებულმა გამბედაობამ რატომღაც მომშალა...
- კინაღამ მე თვითონ გადავეშვი თავით, მეგი რომ შემოიპატიჟე... კიდევ კარგი, დროზე მივხვდი, რომ იტყუებოდი, - თითქოს მიბოდიშებდა.
- ნეტავ მართლა ის მომეყვანა. დარწმუნებული ვარ, იწვებოდა თავისთვის მშვიდად.
- რა თქმა უნდა! - თმა უკან გადაიყარა, ქვემოთა ტუჩი გადმობრიცა და დაუფარავი სიძულვილით გააჯავრა.
გამეცინა. მივბრუნდი და ნაბადზე ჩავჯექი. მინდოდა, ისევ შორიდან შემეხედა.
- სხვათა შორის, ის ფრთამოგლეჯილი ფუტკარი მე გამოგიგზავნეთ. ჩემთან მოფრინდა და გულში შევეხვეწე, წადი იმათთან და ისე დაკბინე, სულ თხებივით ხტუნვას მოჰყვნენ-მეთქი. ხომ მართლა მოფრინდა! იმ შენმა სატრფომაც ხომ კინაღამ ქოში ჩაგიშვა თავში!
ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ სრულიადაც არა ხუმრობდა. თავი ვეღარ შევიკავე და ავხარხარდი.
- შენ რა, გინდოდა, გაგიჟებული გავარდნილიყო იოსავით?
მერე ვუთხარი:
- მოდი ახლა აქ და დაიკავე შენი პირვანდელი მდგომარეობა. მე დასაკარგი დრო არა მაქვს. აქ აკრობატიკისათვის კი არ მოვსულვარ...
- აბა, რისთვის მოხვედი, პროფილაქტიკისათვის? - მკითხა მშვიდად. გული შემიხტა. ხომ შეუძლებელი იყო, ეს სერიოზულად ეთქვა და ეფიქრა იმის შემდეგ, რაც იყო, როგორც ვიყავით... მაინც საშინლად მეწყინა.
- აბა, რისთვის უნდა მოვსულიყავი, შენი აზრით? შენ აქვე შემხვდი და რიღასთვის გამეგრძელებინა გზა მეგის საძებნელად? - საინტერესო ის იყო, რომ ფაქტიურად სიმართლეს ვამბობდი. ვიგრძენი, გაშრა.
- ვიცი, - თქვა ჩუმად.
- იცი, არა? სხვათა შორის, არ მინახავს შენისთანა უზნეო და ხელიდან წასული გოგო. - წამოვდექი. მივუახლოვდი თუ არა, მომეხვია.
- მეც მინდა გარეთ...
- აჰა, ჩაიცვი. - კაბა მივაწოდე. ჩაიცვა. ფეხები ჩემ ფეხსაცმელებში გაყო. რომ გადიოდა, ვუთხარი:
- იცოდე, თუ სადმე შემძვრალხარ და დამალულხარ, გამოვალ და არ ვიცი, რას გიზამ.
გავიდა. ტახტიდან ლეიბი ჩამოვათრიე და ნაბადზე დავაფინე. ბალიშებიც და საბანიც გადმოვიღე. სამფეხა სკამი ბალიშის გვერდით დავდგი და ზედ ქადები დავაწყვე. ლუდი იყო ვედროში. ისიც მივიდგი და პატარა ჭიქებიც გამოვიღე განჯინიდან. ჩემი ჯიბის დანით ქადები დავჭერი.
ჩავწექი და სიგარეტი გავაბოლე. უკვე მენატრებოდა. შემოვიდა; კარი რომ შემოაღო, ერთი სწრაფად შემომხედა და სწრაფადვე დახარა თვალები. კაბა გადაიძრო და შემომიწვა. "შემცივდა", - თქვა და ტანზე მომეკრა. სიგარეტი ჩავაქრე და ხელი გადავხვიე. ნელ-ნელა გათბა.
- არა გშია?
წამოვსხედით. ქადა მივაწოდე. ლუდი დავაყოლეთ, მუქი, მძიმე, მომადუნებელი. ნელა შევექცეოდით და ვსვამდით. მერე ისევ ვათბობდით ერთმანეთს. სახე ჩემს ყელში ჰქონდა ჩარგული და მკითხა:
- რა ჰქვია შენს ცოლს?
მომეჩვენა, რომ ხმა აუკანკალდა. ნიკაპში ხელი მოვკიდე, სახე ავუწიე და ვუთხარი:
- ნუ გეშინია, საეჭვიანო არაფერი გაქვს. - და ვაკოცე.
როგორ მინდოდა, იგივე ეთქვა, შეიძლება არც დამეჯერებინა, მაგრამ მაინც მომეშვებოდა, იმიტომ რომ, უკვე გულს მიღრღნიდა მისი წარსული, მისი ცხოვრება, ყველაფერი, რაც ჩემამდე და უჩემოდ იყო. მიუხედავად ყველაფრისა. მიუხედავად იმისა, რომ ბედნიერები ვიყავით. ან შეიძლება სწორედ ამის გამო. არ ვიცი...
მინდოდა, მთლიანად მეგრძნო... წყალივით მინდოდა, დამელია, ერთი სიტყვით, ჩემს ჭკუაზე აღარ ვიყავი... და როცა ამ დროს გავიფიქრებდი, რომ ვიღაცა ან ვიღაცები, ერთი სიტყვით, სხვები ისე იყვნენ ხოლმე ამასთან, როგორც მე ვიყავი სხვებთან, ცუდად ვხდებოდი. მაგრამ როცა გავიფიქრებდი, რომ ის სხვები ისევე იყვნენ ამასთან, როგორც მე ვიყავი ახლა, კიდევ უფრო ცუდად ვხდებოდი. რაღაც უსაშველო დამემართა. კიდევ კარგი, ეს წამების მანძილზე ხდებოდა, თორემ ერთი-ორჯერ ისეთმა ბრმა და უსახელო ბოღმამ წამომიარა, კინაღამ წამოვხტი და გარეთ გავვარდი. რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი საქმე ცუდად იყო. თვითონაც რომ შეიძლება რაიმეამდაგვარი განეცადა, თავშიც არ მომსვლია. დარწმუნებული ვიყავი, რომ ასეთი განცდები მხოლოდ კაცებს ჰქონდათ და, საერთოდ, ძირითადად კაცი იტანჯებოდა. თუმცა ისე მხურვალედ და მთლიანად მეძლეოდა, რომ მისგან აღარაფერი რჩებოდა, მაინც მეგონა, მე უფრო ვიყავი მისი, ვიდრე ის ჩემი.
- რაზე ფიქრობ? - მკითხა უცებ.
- შენზე.
- რას ფიქრობ?
- რა ვიცი, ყველაფერს... ვფიქრობ, რა დამემართა და რად გამოვტვინდი... მგონი, მართლა რაღაცა ჯადო გამიკეთე, ტყუილად ხომ არ მიგზავნიდი იმ ფუტკრებს... თორემ ამხელა კაცი, დასალევად და დროს სატარებლად წამოსული, რასა ვგდივარ ერთ ქარაფშუტა გოგოსთან და რაღაცეებს მივედ-მოვედები. - თვალებში ვაკოცე.
- ალბათ, ხატობის ბრალია... ხატმა მოგვაჯადოვა... ალბათ, არ შეიძლებოდა ამ ღამით... და, ვინ იცის, სულ შეგვშალოს ჭკუიდან... - თქვა ნაღვლიანად.
- ძალიანაც კარგი, შეგვშალოს...
ხელები ძლიერად მომხვია, მე ისევ მისი თავი მეჭირა და ვკოცნიდი და ვეუბნებოდი... ვეუბნებოდი ყველაფერს, რაც არასოდეს არავისთვის მეთქვა; რაც აღარც კი ვიცოდი, რომ სათქმელი მქონდა; რაც ასე დამქონდა თურმე დაგროვილი... ეს რომ სხვისგან მომესმინა, გული ამერეოდა, სასაცილოდ არ მეყოფოდა. არ არსებობდა არც ერთი ჩემი ნაცნობი, რომ დაეჯერებინა, ქალი შეუყვარდაო, თუნდაც ეს თავად მამაზეციერს ეთქვა. არც მე დავიჯერებდი.
ვიგრძენი, კისერზე და მკერდზე შეხებას ყველაზე უფრო განიცდიდა. ამ დროს ისეთი სახე უხდებოდა, თითქოს კვდებაო. ისევ ის მაფიქრებდა, "ასაწყობი რომ იყო". შევეკითხე:
არც ერთხელო.
გამიკვირდა.
- არავისთან? - დავაზუსტე.
- რანაირად-მეთქი.
- რა ვიცი, - მხრები აიწურა.
- სურვილი არა გქონდა?
- მქონდა. მაგრამ მერე... არაფერი...
- მასე გაგიჟდები, გოგო...
ამჯერად ნამდვილად ვგრძნობდი, რომ ჩემთან იყო... მომყვებოდა.
- მერცი, - ჩავჩურჩულე, შემეშინდა, ცუდად არ გამხდარიყო... ერთი წუთის შემდეგ ორივე ხელი მხრებზე მომხვია, სახე მკერდზე დამადო და ატირდა. ცრემლები გულის კოვზზე მეღვრებოდა, ჩემს ნეკნებზე მიჟონავდა. ჩემი ტირილი გამახსენდა. იმ პირველ ღამეს. თითი მოვუსვი ლოყაზე, დამისველდა და მერე ტუჩებთან მივიტანე. ისევ გამახსენდა ცრემლის გემო: მომლაშო, ბავშვობაში რომ ვიცოდი, როცა საკუთარ ცრემლებს ვილოკავდი ხოლმე.
ჩაგვეძინა. უცნაური სიზმარი ვნახე. ხატობა თუ რაღაც დღესასწაული იყო. მთელი სახატე გორა ხარის მოჭრილი თავებით იყო მოფენილი: უზარმაზარი ღია თვალები მზეზე ბრჭყვინავდნენ. შავ ტანსაცმელში გამოწყობილი ხალხი უხმოდ დაბორიალებდა თავებს შორის, რქებზე რაღაც წითელ ჭინჭებს ჰკიდებდნენ, მაგრამ თავები შეირხეოდნენ ხოლმე და ჭინჭებს ძირსა ყრიდნენ. აქა-იქ სისხლის გუბეები იდგა. სადღაც, ქვემოთ ფეხშიშველა გოგო-ბიჭები დარბოდნენ.
უცბად მთის წვერზე ვიღაც მაღალი კაცი გამოჩნდა, თეთრტანსაცმლიანი. - ათინაგენოს! ათინაგენოს! - დაიქუხა ხალხმა და მუხლი მოიყარა. კაცი მოგვიახლოვდა. შევხედე და ჩემი პაპის ძმის თვალები ჰქონდა, ქუთუთოებმორღვეული, მაგრამ მთლად ვერცხლისფერი. თვალის კაკალი და გუგა ერთმანეთისაგან არ განირჩეოდა, თითქოს ქუთუთოებში წყალი ესხა. მოდიოდა და თავს იქნევდა უკმაყოფილოდ. ხელი აიქნია და მთის თავიდან თეთრი ნაკადი წამოვიდა, მთელ გორაზე გაიშალა: ჩარეცხა სისხლი, ხარებს ბუზებით ამოვსებული თვალები ამოუკრიალა, ძირს ჩავიდა და დაგროვდა, ბავშვები სისხლიან მორევში აღმოჩნდნენ. ვიღაც კაცი იდგა ჩემ გვერდით, მონღოლური თვალები ჰქონდა და იცინოდა, კვდებოდა სიცილით. ქალებმა დაიკივლეს და მორევში გადაეშვნენ...
თვალები გავახილე სასაგამშრალმა და ერთხანს უაზროდ მივჩერებოდი ჭერს. აღარ მახსოვდა, სად ვიყავი. რა ეშმაკმა დამასიზმრა! სიზმრებს საერთოდ აღარ ვხედავდი. და თუ ერთი-ორჯერ მენახა, იმ "მაგიდის სიზმრის" გარდა, აღარც მახსოვდა. ასეთ ბედნიერს ეს კოშმარი რატომ უნდა დამსიზმრებოდა, ვერ გავიგე. გავღიზიანდი. სახეზე დავხედე, თმა შუბლზე დაკვროდა, პირი ოდნავ ღია ჰქონდა და ღიმილი ეფინა.
უცბად აღათო გამახსენდა. ხომ შეიძლებოდა, შემოეხედა. "ვინ იცის, წინა ოთახშია და სძინავს".
გათენდა. როცა ჩავიცვით, მითხრა: - ჯერ მე გავალ. მერე შენ ჩამოდი... რა ვუთხრა, თუ მკითხავენ, სად გეძინაო?
- ვინ შეგამჩნევდა? დათვრნენ. ზოგი სად მიწვებოდა, ზოგი - სად.
- იდა.
- უთხარი, კოშკში ვიყავი-თქო, შენ რა, გეშინია?
- მე? მე არა. ჩემთვის სულერთია. შენთვის ვამბობ.
- ჩემზე ნუ ფიქრობ. არავისი საქმე არ არის. მდინარის პირას დამელოდე, ხიდთან. მომეხვია და წავიდა.
სიგარეტს ვეწეოდი და ფანჯრიდან ვუყურებდი. დავინახე, როგორ დაეშვა დამრეც ბილიკზე. ნელა მიდიოდა. უცბად მოიხედა და ისევ გააგრძელა გზა.
მე რომ ჩავედი, ქვემოთ, შატილურას მეორე მხარეს ნაღვინევი და ღამენათევი ხალხი ირეოდა. ხინკალს ხარშავდნენ დიდი ქვაბით. ახალი მედღეობენიც ემატებოდნენ. ერთი ავტობუსი მოგრიალდა და ერთიც სატვირთო მანქანა. ვიღაც ცხენოსანიც მოჯირითდა მდინარესთან. ახალ კარავს შლიდნენ. ვიღაცამ გარმონი გაწელა და ამღერდა. უცებ ვაჟამ გამაჩერა, ხელი გადამხვია და ლუდით სავსე ჭიქა მომაწოდა. დავლიე.
- რა ფხიზლად გამოიყურები, არ გეძინა? გეტყობა, კარგ გუნებაზე ხარ... სულ სხვანაირი ხარ, იცი? ისეთი კი არა, სამსახურში რომ ჩამჟავდები ხოლმე. ასე იცის შატილმა... გაუმარჯოს!
- გაუმარჯოს! - დავლიეთ.
- ჩვენები სად არიან?
- ანატორის აკლდამებში წავიდნენ წეღან, - თქვა ვაჟამ.
აღათო მომიახლოვდა.
- ხომ კარგად გეძინა... - შემომცინა.
- კარგად... შენ არ ამოსულხარ?.. - მხრებზე ხელი მოვხვიე.
- არა, ჩემ რძალთან ვიყავი წუხელ...
- კარგი, აღათო. გნახავ, მერე. ვილაპარაკოთ. - ლოყაზე ვაკოცე.
მერციას ვათვალიერებდი. გავიხედე და დავინახე: ვიღაცა ჩოხაში გამოწყობილი ხევსური ბიჭი ყაყაჩოს აწვდიდა.
იქით წავედი.
დამინახა და გამოიქცა გაბრწყინებული. კინაღამ გადამეხვია.
- ანატორის აკლდამებში წასულან.
- მართლა? მეც როგორ მინდოდა ნახვაა...
- გინდა, წაგიყვანო.
- მინდა. რითი უნდა წავიდეთ?
- დაიცადე ცოტა ხანს.
ვაჟა მოვძებნე.
- ვაჟა, ერთი ცხენი მიშოვე, თუ ძმა ხარ.
- წამოდი. აგე, ჩემი ბიძაშვილის ცხენია, წაიყვანე.
მდინარის პირას სამი ცხენი ბალახობდა.
- რომელი?
- აგე, შავი, ყველას სჯობია.
მერციასთან მივედი.
- ხიდზე გადადი და გზას გაუყევი, ახლავე მოვალ.
წავიდა.
ცხენს აღვირი მოვარგე და ხიდზე გადავიყვანე.
- ცხენით? - თვალები გაუბრწყინდა.
- ჰო, გეშინია?
- აარაა...
ცოტა ხანს ფეხით მივდიოდით. ხალხის თვალს რომ მივეფარეთ, ხელში ავიყვანე და ცხენზე შევსვი გვერდულად.
მერე მეც მოვუჯექი.
ხელები წელზე შემომხვია. ლოყით გულის ფიცარზე მომეკრა.
ცხენი ადგილს მოსწყდა. ფიცხი ჩანდა და შიში შემეპარა. კაი ხანი იყო, რაც ცხენს არ გავკარებოდი. ქარივით მიჰქროდა.
ერთი-ორჯერ კეფაზე ვაკოცე.
ხელები მაგრად ჰქონდა შემოსალტული. ეტყობა, ეშინოდა. ასე მივედით ანატორის აკლდამებთან. ცხენი ძლივს გავაჩერე ჩვენი ავტობუსის გვერდით.
ჩვენები იქ ირეოდნენ. ჟრიამულით შეგვეგებნენ. უფრო - კაცები.
- სადა ხართ, კაცო, რა ლუდია, რა ჰაერია, არა ბიჭო! - მეცა ელგუჯა.
- რა სიკვდილის მხედარივით მოაგელვებდი! - დამიძახა გურამმა.
იდამ დამცინავად შემომხედა. მერე ჩაიცინა და წავიდა. მეგის ცნობისმოყვარე მზერაც დავიჭირე. მერე გურამს ჩასჭიდა ხელი... და რაღაცა აჩვენა. "ერთი, თქვენიც", - ვთქვი გულში, მერციას მხრებზე ხელი გადავხვიე და აკლდამის სარკმელთან მივიყვანე.
- ხედავ? აქედან შედიოდა მომაკვდავი, სახადშეყრილი - ხომ ხედავ ქვის მერხებს აქეთ-იქით, იქა წვებოდა და კვდებოდა. მერე, სხვა რომ მოვიდოდა, მკვდარს ძირს ჩააგდებდა და თვითონ იკავებდა მის ადგილს... - ჩონჩხებისა და ძვლების გროვას რომ შევხედე, ნერვები მომეშალა, - აბა, რა არის აქ სანახავი, საზიზღრობაა, წავიდეთ!
მაგრამ მერცია მოჯადოებული მიშტერებოდა. პირი ოდნავ დაეღო. ნიკაპს ქვემოდან ხელი ამოვდე და პირი დავუხურე.
- რას დაგიღია პირი.
იდგა და შიგნით იყურებოდა. მე იქვე, ხის ძირას, ლოდზე ჩამოვჯექი. ზურგით ხეს მივეყრდენი და სიგარეტი გავაბოლე. მერციას ვუყურებდი. უცბად შორეულად მომეჩვენა და აღარ მჯეროდა, რომ ეს ვარდისფერკაბიანი წუხელ გვერდით მეწვა და მთლიანად ჩემი იყო.
მოიხედა.
- რას მიყურებ?
- მაგ ჩონჩხებს აღარ ჯობიხარ?
- ერთი მჯდომარე მომკვდარა...
მივედი და შევიხედე. მერე სარკმელს მოვაცილე.
ცივი ხელი ჰქონდა.
- წამოდი, იცი, რა ლამაზი ფერის კლდე უნდა დაგანახო... გზაში დამავიწყდა, მეთქვა...
- არა. აქ მინდა! - "რ" ჩაგრიალდა.
- ტყუილად კი არა გაქვს ჩოჩორივით გაფშეკილი წამწამები, აუტანელი სიჯიუტის ნიშანი.
თითი წამწამებზე ჩამოისვა. მეორე აკლდამასთან მივედით.
მე ისევ ქვაზე ჩამოვჯექი. იმან ჩაიმუხლა და ლამის შიგ შეყო თავი, სარკმელში.
- სად მიძვრები, გოგო! გამაგიჟებს ეს ქალი.
- აკვანი დგას, იცი?
- ჰო, ვიცი. მახსოვს.
- რა საშინელებაა. დედამ მარტო დატოვა ცოცხალი ბავშვი, თუ ერთად დაიხოცნენ?
- რა ვიცი.
- აქ სჯობია, თუ მიწაში?
- ჯერ არ ვიცი.
მოვიდა. წინ დამიჯდა და თავი მუხლებზე დამადო.
- გეშინია სიკვდილის?
- არ ვფიქრობ, - თავზე ხელი გადავუსვი. - შენა? ოღონდ მხრები არ აიჩეჩო.
- ადრე არ მეშინოდა. ბოლო ხანებში რატომღაც მეშინია... ღამღამობით... შენ, ერთი დღე რომ გქონდეს სიკვდილამდე დარჩენილი, რას გააკეთებდი?
- რასაც წუხელ ვაკეთებდი.
- ნებისმიერ ქალთან?
- არა. მარტო ერთთან. ვინც მიყვარს. თუ ასეთი ქალი არ მეყოლებოდა, ძილის წამალს დავლევდი და იმ ერთ დღესაც დავიძინებდი.
ეს ვთქვი და უცბად საოცარი სურვილი ვიგრძენი. მხრებში ჩავჭიდე ხელები და ავაყენე.
- შენ რას გააკეთებდი? - ვკითხე და მივიზიდე.
- რასაც შენ.
- მოდი, რა, ჩამეხუტე.
- ისინი?
- ისინი ქვემოთ ჩავიდნენ, ხევში.
- არა... არ შემიძლია, - ადგა და ისევ აკლდამის სარკმელთან მივიდა.
მივყევი და მოვეხვიე.
- გეხვეწები, ერთი კარგად ჩამეხვიე და გაგიშვებ.
- გამიშვი, - ჩაიჩურჩულა გაფითრებულმა და გამიძალიანდა.
მუხლები მიკანკალებდა. ამ დროს ფეხი დამიცდა და აკლდამის კედელს მივეხეთქე. გაისმა საზიზღარი და საშინელი ჩლახუნი. ხმა შიგნიდან გამოვიდა. ეტყობოდა, რომელიღაც ჩონჩხი საბოლოოდ ჩაიშალა. მერციამ შეჰკივლა. ხმამაღლა შევიგინე. პირველ რიგში იმ ჩონჩხის და მერე, მგონი, რაღაც უფრო ზოგადის მისამართით.
- წამოდი, - ვუთხარი, ხელი მოვკიდე და გზაზე გავედით.
ჩვენი ღამესავით შავი და მბზინავი ცხენი გზის პირას ბალახს ძოვდა. შევსხედით და უკანვე გამოვბრუნდით.
გზაში მოიღრუბლა და წვრილად წამოწვიმა.
- აი, ამ კლდეებზე გეუბნებოდი, - მარჯვნივ გავახედე, სადაც მუქვერცხლისფერ-ბოლისფერი კლდე თანაბრად, მასრებივით დაღარულიყო. იჭექა. კიდევ. თავი ჩემკენ მოატრიალა და ხმამაღლა მითხრა:
ამირან, გვალე-გვალესა,
მუხლად გაქებენ მალესა,
ამბრნი, უმბრნი და არაბნი
ცხენს შესხდებიან ჩქარესა,
მალედვე მოგვეწევიან,
ომს გაგიწევენ ცხარესა,
მოგვეწევიან, დაგვხოცვენ,
ცეცხლით დაგვთხრიან თვალებსა.
ოჰო-ჰო, რას ჩააგრიალა "რ"-ები. უცბად ხმამაღლა გაიცინა: - პატარაობისას მაგ სიტყვებზე სიცილით ვკვდებოდი: "ამბრნი, უმბრნი და არაბნი". ახლა ელენეს რომ ვუკითხავ, ისიც იცინის ხოლმე, მე კი მეშინია, - ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობდა, რომ ცხენის თქარათქურში გამეგონა.
ნეტავ, იცოდა თუ არა მაშინ? არა, ალბათ, არ იცოდა. ხიდთან ცხენი გავაჩერე და ჩამოვხტით. ხიდზე გადავედით და ისევ ხალხს შევერიეთ. ნაცნობი ფშაველი შემხვდა და გამომელაპარაკა. მერე ისევ ცუდად ვწრიალებდი, გული არ მიდგებოდა. მერციასთან მივედი.
- აქ რა უნდა გავაკეთოთ, გინდა, ააიმ გორაზე ავიდეთ? - არღუნის იქითა მხარეს გავახედე.
- შენ წადი. მე ვაჟას ვნახავ, რაღაც საქმე მაქვს, და დაგეწევი.
- ისიც ხომ სახატე გორაა. შეიძლება ჩემი ასვლა?
- მიდი, კაცო. ვერა ხედავ, ვირები დაბრძანდებიან, შენ რაღა დააშავე.
სამი ვირი გორის ფერდზე წამოგორებულიყო. შეხედა და გაიცინა.
- თანაც, ისეთი არაფერი გჭირს, რომ მანდ ასვლა გეკრძალებოდეს, თუ გინდა, მოწმედ დაგიდგები.
გაწითლდა და წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ, მეც რომ ავუყევი ბილიკს, ის უკვე გორის თავში იდგა და მელოდებოდა. ნელა ვუახლოვდებოდი. ისევ გამოიდარა და მზე ანათებდა. - აი! - მითხრა და ორივე ხელი გამომიწოდა. რაღაცას მიჩვენებდა. მზის შუქი პირდაპირ თვალებში მეღვრებოდა და უცბად ვერ გავარჩიე, რა იყო.
- რა არის?
- ბავშვი.
ხელისგულზე ხელფეხგაჩაჩხული პატარა კაცუნა ეწვინა. თმად მწვანე ბალახი ჰქონდა, ქუთუთოებად - ყაყაჩოს ფოთლის ნაგლეჯები, ტანი პატარა ყვითელი ფოთლებით ჰქონდა დაფარული.
თითით შევეხე.
- რისგან გააკეთე?
- წეღან ცომი დაუვარდათ ქალებს და ავიღე.
- შენგან მიკვირს, არ გაგიგია, ცომით თამაში რომ არ შეიძლება? - ვკითხე შემაგონებლად და მოძღვარივით გავშალე ხელები.
- ვიცი. მაგრამ მომინდა. თუ მარტო ის აკეთე, რაც შეიძლება, ხომ მოწყენილობით მოკვდები...
- ჩვენი შვილი იყოს, - ვუთხარი და თითი თმაზე მოვუსვი ცომის თოჯინას. ხმა არ ამოუღია. ფოთლებს უსწორებდა ტანზე.
- რა ჰქვია?
- ლაზარე.
- წავიდეთ.
ადგა და გზა განვაგრძეთ. ერთი გადავხედეთ არღუნს, კოშკებს გავსწორებოდით თითქმის, და მერე ხეებს შევერიეთ. მზე იღვრებოდა ტოტებში. თბილოდა. დაჯდა. თავი კალთაში ჩავუდე, სახეში ჩამაცქერდა. ახლა, მზის სინათლეზე, უფრო მკვეთრად ემჩნეოდა ცისფერი ძარღვები, პირველად არაგვის პირას რომ მეცა თვალში: საფეთქლები ნაზად დაექსელათ. ყველაზე საოცარი კი ერთი სისხლძარღვი იყო, რომელიც ტუჩის კუთხიდან ყვრიმალისკენ დამრეცად ეშვებოდა, თითქოს პატარა რუ გადმოდიოდა ვარდისფერი მღვიმიდან, ყელზე ჩარბოდა და მერე ლავიწის ძვალთან მკრთალად მიმოკლაკნილ უამრავ სხვა ცისფერ ხაზს ერთვოდა. თითებს მაყოლებდა შუბლის ღარებზე. მერე ქუთუთოებზე გადამისვა ხელი. მოვითენთე, ხელი დავუჭირე.
- დააძინე ბავშვი და მოდი ჩემთან.
გვერდით მომიწვა. თმა გასთბობოდა მზისგან, შუბლიც... მიწის, ბალახისა და მისი თმის სურნელს ერთად ვისუნთქავდი. თბილოდა. მზე დაგვდიოდა. ფოთლები შრიალებდნენ...
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. მგონი, ცოტა ჩავთვლიმეთ კიდეც. ხელი ბალახზე გავაცურე და რაღაც გაფიცხებულს შევეხე... "ლაზარე" იყო.
- ე! ეს უკვე გამომცხვარა კიდეც მზეზე, თუ მოგვშივდა, შეგვიძლია, შევჭამოთ...
- ფუუ, რა საშინელებაა, შენ არა თქვი, ჩვენი შვილი იყოსო?
ისევ მოიღრუბლა. ავდექით. კაბა ჩამოვუბერტყე, თმიდან ფოთლები გამოვაცალე და ყურში ვუთხარი: "რა კარგია, ერთად რო ვართ, არა?"
თავი უხმოდ დამიქნია, წინ წავიდა და ხელები მაღლა ასწია. თითქოს ოდნავ გაიზმორა. თან თითქოს ასაფრენად ემზადებაო, ფართო სახელოები მკლავებზე ფრთებივით ეკიდა და გავიფიქრე, რომ მერცხალს ჰგავდა. უცბად შემობრუნდა და მკითხა:
- აქ მერცხლები არ არიან? რაღაც არ დამინახავს...
- რა ვიცი. გიყვარს მერცხლები?
- ვგიჟდები. ყველა ჩიტზე მეტად. იცი, რომ მერცხალს თავის მოკვლა შეუძლია?
- ბებიამ მითხრა. მე არ მინახავს. ბებიაჩემმა თვითონ ნახა. გინდა გითხრა?
- მიდი.
- ორჯერ შესწრებია. ერთხელ, პატარა გოგო რომ იყო, მაშინ. ერთ მერცხალს ფეხი უტკენია და დანარჩენებს ვეღარ გაჰყოლია თბილ ქვეყნებში. ბებიაჩემსა და მის და-ძმას ფეხი შეუხვევიათ და მთელი ზამთარი სახლში ჰყოლიათ. აჭმევდნენ და უვლიდნენ თურმე. გაზაფხულზე მერცხლები რომ დაბრუნებულან, ბებიაჩემს ასეთი რამ დაუნახავს: აივნის ბოძიდან ვაშლის ხემდე ორი მავთული ჰქონიათ გაბმული სარეცხის გასაფენად. ერთ მავთულზე ის იჯდა თურმე, შინდარჩენილი მერცხალი (ფეხზე ისევ შერჩენოდა წითელი ჭინჭი), მეორეზე დაბრუნებულები ჩამწკრივებულან და დაუწყიათ ჟღურტული, ეჭიკჭიკებიან, სულმოუთქმელად ეჟღურტულებიან, ერთმანეთს აღარ აცლიან. "ქალებმა რომ იციან რაღაც დიდი ამბის მოტანა, ისეო", - ბებიაჩემი ამბობდა. ის კი იჯდა თურმე და ჩუმად უსმენდა.
"რა ვიცი, რა ამბავი ჩამოუტანეს იმ დალოცვილებმა, რა უთხრეს ამისთანა, რომ უცბად ადგა ის ჩვენი მერცხალი, ყელში კლანჭი გამოისვა და თავი წაიგდებინაო". დახოცილან ბავშვები ტირილით. მეორედ კი, უკვე მოხუცი იყო ბებიაჩემი, მაშინ მომხდარა ასეთი ამბავი: ჩვენი სახლის კედელზე მერცხლებს ბუდე ჰქონიათ. დედალ-მამალი მერცხალი ცხოვრობდა, ბარტყები ჯერ არ ჰყავდათ. სოფლის ბავშვებს, რა ვიცი, როგორ მოუვიდათ, მერცხალს ხომ არავინ ერჩის, შემთხვევით ქვა მოურტყამთ და ერთი მერცხალი სახლის წინ უსულოდ დავარდნილა. ბებიაჩემი აივანზე იჯდა თურმე და საჩეჩელზე მატყლსა ჩეჩავდა, არაფერი გაუგია. მოფრენილა მეორე მერცხალი, აუტეხია საშინელი ჭყივილი ჯერ გარეთ, მერე აივანზე შეფრენილა, აქეთ-იქით აწყდებოდა თურმე, ხან მოაჯირს მიეხეთქებოდა, ხან კედელს. გაოგნებულა ბებიაჩემი, რა დაემართაო. ბოლოს, უცბად გაქანებულა ეს მერცხალი და ყელით საჩეჩელის ნემსებს დაჰგებია. გულგახეთქილი ბებიაჩემი გარეთ გამოვარდნილა და ძირს მკვდარი მერცხალი რომ დაუნახავს, მერე მიმხვდარა ყველაფერს.
- აეგ მეორე, მამალი მერცხალი იქნებოდა, - ვუთხარი და ჩამეცინა, - რაზე გაგახსენდა?
- რა ვიცი... მგონი სითბოზე. წეღან ისე თბილოდა, გავიფიქრე, ნეტავ სულ ასეთი სითბო იყოს-მეთქი, არ მიყვარს ზამთარი, მერე თბილი ქვეყნები მომაგონდა... და მერცხლები, სულ სითბოში რომ ცხოვრობენ...
- ხედავ, აქ რა მალე იცვლება ამინდი. უკვე ცივა. წავიდეთ. - თავქვე რომ დავეშვით, უცბად შეჩერდა.
- ჰაა! ლაზარე რომ დაგვრჩა?
- რა გინდა, კარგ ადგილას დარჩა, ბალახში, აბა სად უნდა წაგეღო.
შეყოყმანდა და მერე გზა განვაგრძეთ. არღუნის აქეთა მხარეს ბევრი ხალხი შეგროვილიყო. სახელდახელო დოღი იწყებოდა, თუ რაღაც ამის მსგავსი. ათამდე ცხენოსანი ადგილს მოსწყდა. ჩვენი "კუნაპეტიც" იქ იყო, ვაჟა მიაჭენებდა.
- ჩვენი ყველას გაასწრებს, - თქვა მერციამ.
- მეც ეგრე მგონია. აქედან ვუყუროთ?
დავსხედით. ორ ხევსურს ხიდის გადაღმა ხალხი შემოხვეოდა. ხანჯლებს ატრიალებდნენ: "კენწლაობდნენ". ბავშვები ავტობუსის სახურავზე ამძვრალიყვნენ და იქიდან უყურებდნენ ყველაფერს, თან მადიანად ილუკმებოდნენ. გარმონს უკრავდა ვიღაც და მოხუცი ქალები ცეკვავდნენ. ცოტა ხანში თქარათქური გაისმა და მტვერი ავარდა. ცხენოსნები გამოჩნდნენ. წინ "ჩვენი" მოჰქროდა, უკან წაბლა ცხენით ფაფახიანი მხედარი მოსდევდა. ვერ დაეწია და ხალხი ყიჟინით შეეგება ვაჟას. გაბრაზებულმა ფაფახიანმა მათრახი გადაუქნია. ეტყობა, მთვრალი იყო. მათრახი ვაჟას ასცდა, მაგრამ "კუნაპეტს" მოხვდა თავში. ცხენი ყალყზე შედგა. მერციამ შეჰკივლა და წამოდგა. ვაჟა ცხენიდან ჩამოხტა, ფაფახიანს მიეჭრა, ხელი სტაცა და ცხენიდან ჩამოთრევა დაუპირა. იმან კიდევ ასწია მათრახი. ხალხი შემოეხვიათ...
თავქვე დავეშვით. იმ არეულობაში ჩვენთვის ყურადღება არავის მოუქცევია და ხალხს შევერიეთ. მხოლოდ ის მეცა თვალში, რომ ვიღაც პატარა, ნახშირივით შავმა დედაბერმა ავად გააყოლა თვალი მერციას და რაღაც ჩაიბუტბუტა. ან შეიძლება მომეჩვენა. ცხენთან მივედით. ცალი ნესტო და ტუჩი გახეთქოდა და სისხლი სდიოდა. "ტირის", - თქვა მერციამ ჩუმად. მეც მომეჩვენა, რომ ცხენს თვალებში ცრემლები ჰქონდა. მერციას შევხედე, იმასაც ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები. ამოიღო ცხვირსახოცი და ცხენს სისხლი მოსწმინდა.
- რად უნდა ეხლა ეგ შენი სუნამოდაპკურებული აბრეშუმი? - გავბრაზდი რატომღაც.
- თავი დამანებე, - მითხრა ჩუმად. ცხენი მორჩილად იდგა, მერე მერციამ თავზე ჩამოუსვა ხელი და ლოყით მიეკრა.
ამ დროს, არ ვიცი, როგორ მოხდა, ერთი წამით მივტრიალდი, მომეჩვენა, რომ დამიძახეს და უცბად მომესმა, როგორ გამოსცრა მერციამ ხმა - "მხეცო". მივბრუნდი და სანამ რამეს მოვასწრებდი, მთელი ძალით მოქნეული ხელი პირდაპირ სახეში გაუშალა იმ ფაფახიანს, რომელიც როდის მოგვიახლოვდა, ვერც კი შევამჩნიე. იმას, ეტყობა, აღარც ის ცხენი ახსოვდა, აღარც ვაჟა და ახლა მოულოდნელობისაგან სახე მოექცა. ვერაფრით ვერ მიხვდა, რა უნდოდათ მისგან. მერციამ კი, ვითომც არაფერი, ზურგი შეაქცია და ისევ ცხენს მოხვია ხელები. ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ჩავდექი. "დედაკაცი არ იყო"... - ჩაიღრინა და წავიდა. მერციას ხელი ვტაცე და მოვაბრუნე:
- შენ რა, გაგიჟდი? რას ერევი კაცების საქმეში!
ბრაზით შემომხედა, ხელი გამომგლიჯა და წავიდა.
აქეთ-იქით ვიბორიალე და ისევ ვაჟას გადავაწყდი. დაემატებინა. ხელი გადამხვია და ერთ კარავში შემიყვანა. მისი ბიძები და ბიძაშვილები იყვნენ. ზოგი ფშავიდან ამოსულიყო, ზოგი კახეთიდან, ზოგიც თბილისელი ჩანდა. რომ შევედით, ერთი სადღეგრძელოს ამბობდა და ამ სიტყვებს მოვკარი ყური: - ძნელია ქართველობა. ძალიან ძნელია. მხოლოდ ქართველმა იცის, რისთვის. ქართველს ქართველის გარდა ვერვინ გაუგებს. ხევსურობა უფრო ძნელია. ვერც ხევსურს გაუგებს ვერავინ, ხევსურის მეტი. არცვინ იცხელებს თავს. დალიეს და ამღერდნენ:
ზენ-ბაცაალიგოს თოვლსა თოვს,
ქვენ ბაცაალიგოს შრებისაააო...
უცბად გამახსენდა, რომ ისიც მშიერი იყო. გავედი და დავინახე: ქვაზე იჯდა და იქვე მოფუსფუსე ორ ხევსურ დედაკაცს შესცქეროდა. გული მომეწურა. ავტობუსშიც უცხო იყო, არც აქ ჰყავდა არავინ ჩემს მეტი. მეც ისე დავუყვირე წეღან. მივედი და ხელი მოვკიდე მაჯაზე.
- ხო გშია.
ხმა არ გამცა.
- მოდი, ახლა შემირიგდი და მერე გამებუტე ისევ, თუ გინდა, კარგი?
წამოვაყენე.
კარავში შევედით. "ეს... ჩემი მეგობარია..." - ვთქვი უმისამართოდ. მიესალმნენ და დავსხედით. ხინკალს შევექცეოდით. ვაჟას ბიძა ისევ ამღერდა. სუფთა ხმა და ძალიან ნაღვლიანი თვალები ჰქონდა. სხვებმაც ბანი მისცეს. მერცია თვალებად იყო ქცეული. ხანდახან პირი ღია რჩებოდა და ტუჩებთან მიტანილი ხინკალი ჰაერში უშეშდებოდა.
- ჭამე, - ვუთხარი და ლუდიც დავუსხი. ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ეტყობოდა, მერციას ჩემთან სულაც არ აკავშირებდა და თვალებანთებული ხშირ-ხშირად შესცინებდა ხოლმე, მერე ბიძას ფანდური გამოართვა და დაამღერა:
შირაქის ველზე მივდივარ,
უკან მაბრუნებს ქარიო,
წინ შამეყარა პეპელაა,
წითლად უჩანდა მხარიიოო...
- შენ გეძღვნება, - ვუჩურჩულე. გაიცინა. თვითონაც სახეგაბრწყინებული იჯდა. სთხოვეს, დაილოცეთ, ლუდი მიირთვითო. სათითაოდ შეხედა ყველას სახეში.
- ყველანი მიყვარხართ, - თქვა და დალია.
კაცებს, ეტყობა, გული შეეძრათ და ვაჟას ბიძამ ისევ ფანდურს სტაცა ხელი. კიდევ კარგი, ის ძველი დრო არ იყო, თორემ ასეთ დაუზუსტებელ ნათქვამზე ერთმანეთის აკუწვას მიიჩნევდნენ საჭიროდ.
გარეთ რომ გამოვედით, ჩვენი ავტობუსიც დაბრუნდა და ერთი ვილისიც გაჩერდა არღუნის პირას. კინოოპერატორები ამოსულიყვნენ. ერთი, ჯინსებში გამოწყობილი, წვერიანი და გრძელთმება მერციას ნაცნობი გამოდგა. შორიდანვე შეამჩნია, ხელი დაუქნია და დაუძახა: "შენ აქ რა გინდა?"
მერციას არ უპასუხია. იდგა და რაღაც დაუდევარი ღიმილით შეჰყურებდა. ელოდა. ბიჭი მოვიდა და ხელი ჩამოართვა.
- ვისთანა ხარ?
- ჩემი დის მეგობარს გამოვყევი... სამსახურიდან წამოვიდნენ.
- წამოდი ჩვენთან. მუცოში მივდივართ.
- არაა...
- რატომ?
- არ მინდა...
- კარგი. შენ იცი. აქ იდექი. ერთი წუთით. ძალიან უხდები აქაურობას.
აპარატი მოიხსნა. უკან დაიხია და იქაურობას მოატარა.
- ასე, წავედი! - ხელი დაუქნია.
ჩვენები აქეთ-იქით გაიფანტნენ. მერცია ისევ მარტო იყო.
- ცოტა ხნის შემდეგ ადი კოშკში, მეც ამოვალ.
- აღათო რომ იყოს?
- მერე რა! ჩემზე უთხარი, იმან გამომგზავნა, ცოტა მინდა დავისვენო-თქო.
თავი დამიქნია. მოვშორდი, წინ გავიხედე და ერთ მხარეს იდა შევნიშნე, მეორე მხარეს - მეგი. მეც ავდექი და პირდაპირ წავედი. ელგუჯა და ბონდო წამომეწივნენ. წამოდი, დავლიოთო. წავედით.
რაც მერცია და მე ხალხს შევერიეთ, დაძაბული ვიყავი. მერცია მაწუხებდა. ვერც მარტო ვტოვებდი, ვერც თან დამყავდა. როცა ვერა ვხედავდი, სულ მეგონა, რაღაც უცნაურობა უნდა გამოეგდო, იმის მსგავსი, კოშკის კედელზე რომ გაცოცდა.
თან მხოლოდ ეს არ იყო...
ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოვათვალიერე და დავინახე, რომ რაღაც ლოდზე შემდგარიყო. მის წინ წითელჯვრებიან ჩოხებში გამოწყობილი ორი ხევსური ბიჭი იდგა. ერთი - ისევ ის ბიჭი, დილით ყაყაჩო რომ მიართვა. იმ ყაყაჩოს, ცხენით რომ მივქროდით, ფურცლები გასცვივდა. ბიჭი სახეში შესცინოდა, თეთრ კბილებს აელვარებდა, ხელით სადღაც შორს ანიშნებდა, ეტყობა, სადღაც ეპატიჟებოდა.
მერცია იცინოდა და თავს აქნევდა უარის ნიშნად. მერე მეორე ბიჭმაც შესცინა და ხელის ისეთი ქნევა დაიწყო, ჩანდა, ლექსს ეუბნებოდა. კარგა გვარიანად ვიყავი გამომთვრალი და გუნება ამემღვრა. "რატომ აქამდე არ წავიდა კოშკში", გავიფიქრე ბრაზით. მზად ვიყავი, მივსულიყავი და იმ ბიჭებისთვის ერთი მელეწა. მერციასაც სიამოვნებით ვლეწავდი იმწუთში. მაგრამ უცბად რაღაც გრძნობა მომერია და უღონოდ ჩავჯექი ქვაზე. შევყურებდი და ვფიქრობდი: "ასეთი ბევრი გამოუჩნდება". ის ბიჭი ოცდახუთი წლისა იქნებოდა, ლამის მისი ტოლი, თვალებსა და კბილებს აელვარებდა და სულ ცეცხლი სცვიოდა.
საერთოდ, შევნიშნე, რომ მერციაზე ადვილად ვბრაზდებოდი. ალბათ, იმიტომ, რომ მეჩვენებოდა: ყველა უპირატესობა მის მხარეზე იყო. ახლაც შორიდან შევცქეროდი და ვფიქრობდი... არ ვიცი კარგად, რას ვფიქრობდი, ჩემი თავის მერცხვინებოდა: აბა, რაში გამოვადგები ორმოცდაორი წლის გამომშრალი კაცი, ხან რომ თირკმელი გაჰკრავს და ხან გული, ოჯახწამოკიდებული, ერთი ნაბიჯი რომ თავის ნებაზე ვერ გადაუდგამს, ყველა კაპიკი რომ დათვლილი აქვს და დროც - ტაბელივით განაწილებული. ჩემი თავი ძალიან უბედურად მომეჩვენა და შემეცოდა. მაგრამ ამ ფიქრმა მაინცდამაინც სიმკვეთრე ვერ მოიპოვა. ისევ წამომიარა ბრაზმა. მივედი, ხელი მაჯაში ჩავჭიდე და გვერდზე გავიყვანე. ბიჭები სახტად დარჩნენ. ერთი წამოიქოჩრა კიდეც, მეორემ გააჩერა. კიდევ რამდენიმე მზერა გამოგვყვა.
- მაგათ ხომ არ უნდათ, ცხვირ-პირი ამოვუნაყო, რატომ არ წახვედი კოშკში? შემომხედა და გაიცინა.
- რას იცინი? შენ რა, ყველას უნდა უცინო?
უფრო ხმამაღლა გაიცინა. სულაც არა სწყინდა. პირიქით, რაღაც მოხიბლული ჩანდა.
- ე! - მუშტი რბილად, ხუმრობით მომიბაგუნა მკერდზე და გაიქცა. ხიდზე რომ გადარბოდა, გულში ვეფერებოდი.
მდინარის პირას აღათო ქვაბებს რეცხავდა. გვერდით მივუჯექი.
- აღათო, როგორა ხარ, ქალო...
შემომცინა და გააბა...
გაწვიმდა. უკვე შებნელებულიყო. ცოტა ხანს კიდევ ვიბორიალე და წავედი. ისე მეჩქარებოდა იქ მისვლა, გული ამოვარდნაზე მქონდა.
ჩუმად შევედი წინა ოთახში, იქითა, "ჩვენი ოთახიდან" სუსტი სინათლე გამოდიოდა. კარი შეღებული იყო. ფეხაკრეფით შევიპარე და იქვე, კუთხის სიბნელეში გავჩერდი. "ჩვენი საწოლის" თავთან, სამფეხა სკამზე, სანთელი მიემაგრებინა ჭიქაზე და თვითონაც იქვე იჯდა, ზურგით ჩემკენ. მუხლებზე ხელები შემოეხვია. მერე თითქოს ამოიოხრა. სანთლის ალი შეირხა და რაღაც ჩრდილიც კედელზე შეტორტმანდა. სუნთქვა შევიკარი. ახლა უკვე ვეღარ ამოვიღებდი ხმას. ნამდვილად შეეშინდებოდა. უცბად წამოდგა, ზურგჩანთაზე დაგდებული ჩემი პერანგი აიღო, დააჩერდა და მერე ნელა აიფარა სახეზე. ჩუმად გავედი ოთახიდან და კართან გავჩერდი. რაღაც თქვა თავისთვის, ხმადაბლა, მერე თითქოს ჩურჩული მომესმა და გაჩუმდა. ის იყო, უნდა დამეძახა. ვითომ იმწუთას შემოვედი, თვითონ დაიძახა ხმამაღლა ჩემი სახელი.
შევედი.
გაკვირვებულმა შემომხედა.
მეც გაკვირვებული ვიყავი.
- გაიგე ჩემი ფეხის ხმა?
- არა... უცბად გავიფიქრე, რომ წინა ოთახში იდექი...
- მოდი, - ვუთხარი ჩუმად და მე თვითონ მივედი. მოვეხვიე. შუბლზე ვაკოცე. მთელი ღამე გულში მყავდა ჩაკრული... ჩაეძინა. მე კი რამდენჯერაც თვალი მოვხუჭე, რაღაც კოშმარული ჩვენებები ამესვეტა. "ნამდვილად მოჯადოებულია ეს კოშკი", - გავიფიქრე მაშინ.
მთვარემ იგივე გზა გაიარა ჩვენს ფანჯარაში. ბოლოს ფანჯრის კუთხეში გაქვავდა ერთხანს.
რაღაცა მაწუხებდა... მერე მივხვდი, რომ გათენებაზე ფიქრი მზარავდა... ოდნავ წინ გახედვაც კი აუტანელ ტკივილს მაყენებდა... აზრზე არ ვიყავი, რა უნდა ყოფილიყო ხვალ, ხვალის შემდეგ, თბილისში... თბილისის გახსენებაზედაც კი სული მეშხამებოდა.
- უკანასკნელად როდის ტიროდი? - მკითხა მოულოდნელად.
- რა ვიცი... ბავშვობის შემდეგ არ მიტირია... ზოგჯერ მინდა ხოლმე, მაგრამ ვერა ვტირი, სიმთვრალეშიც კი ერთი ცრემლი არ ჩამომმვარდება...
- ამბობენ, ცრემლი ღვთისმშობლის მადლიაო...
- ღვთისმშობელი მყოლია გამწყრალი... შენ? ტირი ხოლმე?
- მე - კი. ღამღამობით. ქალები ყველანი ტირიან... ამბობენ, ვინც ვერ ტირის, მალე ბერდებაო...
- ალბათ... რაზე ტირი ხოლმე?
- რა ვიცი... ყველაფერზე.
ვცადე, ეს "ყველაფერი" წარმომედგინა: ასე ბავშვის გაჩენა თბილისში, ნათესავები, ოჯახი, მეზობლები. ბავშვი მამაზე ეკითხებოდა ალბათ. ნეტავ რას ეუბნება? ნეტავ ის "მამა" როგორ იქცეოდა, ნახულობდა ბავშვს? ვკითხე.
- არავინ არ იცის, ვინ არის მამა, თვითონ მამამაც არ იცის. რა საჭიროა?
- შენ მაინც თუ იცი, კიდევ არა უშავს.
გაიცინა. ლოყით მხარზე მომეკრა. ჩემს ამგვარ გამოსვლებს აინუნშიც არ აგდებდა: ხუმრობად მითვლიდა. მე კი ვიტანჯებოდი. ისევ ის ჩემი ფიქრები ამომიტივტივდნენ და მომშხამეს: ნეტავ რამდენთან არის ნამყოფი... ნეტავ მე მერამდენე ვარ. ისევ წარმოვიდგინე, როგორ ბღუჯავდნენ, ლოშნიდნენ. საზიზღრობად მომეჩვენა მთელი ცხოვრება... რაღაც ტკბილ-მწარედ ვეალერსებოდი, მაგრამ ამის გამო სურვილი უფრო გამიმძაფრდა...
ჩამეძინა. სიზმარში ვნახე: მერცია ცხენზე მყავდა შემოსმული. ხალხი გვეხვეოდა გარშემო. ყვავილებს და ფოთლებს გვაყრიდნენ, ჩვენი ქორწილი იყო. მერციას კალთაში აკვანი ედგა. ვიღაცამ ხალხიდან დაიძახა: "ქალმა რა მოიტანა? მზითევი სად არის?" გავიხედე, ჩემი ცოლი იყო, მაგრამ ბებერი. "რა გეჩქარებათ, ქორწილია!" - უპასუხა სხვამ. "არა, ჩვენში ეგეთი წესია!" - მოისმა სხვა მხრიდან. "მზითევი! მზითევი!" - "აი!" - ამბობს მერცია და აკვანს მაღლა სწევს... აკვანში ვერცხლის თუნგია და არტახებად მერციას კაბის თასმები აქვს გადაჭერილი.
"რა არის? წყალია? წყალი მოუტანია მზითვად ბედშავსა!" - ისმის შეძახილები. მერცია თუნგს ანჯღრევს. აკვანი ძირს ვარდება. ისმის ჩხრიალი... მერე გადმოიხარა: თუნგი პირთამდე სავსეა ოქრო-ვერცხლით. "საიდან მოიტანა ამდენი ოქრო!" მერცია ხელს იშვერს და მდინარეზე უჩვენებს: "იქ იყო, ფსკერზე... ჩემი მზითევია".
"გაგიჟდა დიაცი! - ყვირის ვიღაც ბებერი ქალი - ოქრო-ვერცხლი ხომ ცრემლია!" - ხალხი იცინის, ხარხარებს. "ეგ სიზმარში, ბეჩაო! სიზმარში! ეს კიდე ქორწილია! ქორწილი!" მაყრიონი ქუხს... მივქრივართ... ქორწილი მუცოშია. გზა ანატორის აკლდამებზე გადის... თუნგი ჩხრიალებს. "ჩემი მზითევია", - იცინის მერცია. ჩხრიალი გრძელდება. "მერციას თუნგია თუ ძვლები ჩხრიალებენ აკლდამაში?" - ვფიქრობ სიზმარში. ცივოფლდასხმულმა გავახილე თვალი. რა სიზმრები ამიტყდა, დასწყევლოს ღმერთმა... რამდენი სისულელე უყრია კაცს თავში. გავიფიქრე, რომ ეს სიზმარი იმ დღეებში მიღებულ შთაბეჭდილებათა საზიზღარი და ნერვების მომშლელი ნაზავი იყო და მეტი არაფერი... აკვანი ანატორის აკლდამებში, ცხენი, "რაინის ოქრო". მაგრამ რატომ გამეღვიძა ასე დაზაფრულსა და გაღიზიანებულს? იმ სიზმარში ხომ არაფერი იყო საშინელი? თითქოს - პირიქით.
ამ დროს კვნესა შემომესმა. მივხვდი, წეღანაც ამ კვნესამ გამაღვიძა... ჩემკენ ზურგით იწვა და მთლიანად მოკუნტულიყო. მხარზე ხელი დავადე.
- რა მოგივიდა? გტკივა რამე? - მტკივა, - მიპასუხა ძილ-ბურანიდან.
- რა გტკივა?..
ხელი წელზე მოისვა.
- ეგებ... არ შეიძლებოდა? - მოვეხვიე. მერე რაღაც გავიფიქრე და ვკითხე:
- უკანასკნელად როდის იყავი...? - რადგან მართლა მხოლოდ მისი ტკივილის მიზეზი მაწუხებდა და სხვა არაფერი, ძალიან ბუნებრივად გამომივიდა.
- ორი წლის წინ, - მიპასუხა თვითონაც უბრალოდ.
ფეხები სულ გაყინვოდა. "ჩაიცვი". წელს ქვემოთ ჩაიცვა. ჩემს ჯემპრს მივწვდი და ფეხები გავუხვიე. წელზე ჩემი პერანგი შემოვახვიე. პერანგს ზემოდან პირი დავადე და დავაორთქლე. გაეცინა.
- ელენეს როცა სტკივა მუცელი, მასე ვუთბობ ხოლმე და შველის.
საბანი ნიკაპამდე ამოვუწიე. ზურგიდან მთელ ტანზე მე ავეკარი და ხელები მოვხვიე. ცოტა ხნის შემდეგ თქვა - "გამიარა", და ჩაეძინა.
მე ვიწექი და კოშმარების შიშით თვალს ვეღარ ვხუჭავდი. უცბად გადმობრუნდა:
- რა მეშველება უშენოდ, - და მომეხვია...
წამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. ასანთის ცეცხლმა სახე გაუნათა. თვალები ფართოდ ჰქონდა გახელილი და მიყურებდა...
ბედნიერი ვიყავი, რომ მისი ეს განცდა მხოლოდ და მხოლოდ ჩემთან იყო დაკავშირებული და სხვა არავისთან. ეს ამბავი კმაყოფილებას მანიჭებდა და სიმშვიდეს, რადგან ვფიქრობდი, რომ უჩემოდ მართლა ვეღარ გაძლებდა. ვერც სხვასთან წავიდოდა. ადრე თუ გვიან, სადაც უნდა ვყოფილიყავი, მომნახავდა...
- რომელ ზოდიაქოზე ხარ დაბადებული?
- აზრზე არა ვარ.
- რომელ თვეში ხარ, მითხარი და გეტყვი.
- 29 სექტემბერს.
- "სასწორი".
- შენ?
- "თევზი".
- გიყვარს წყალი?
- ვგიჟდები. შენი ცოლი როდის არის დაბადებული?
- 6 ივნისს.
- "ტყუპები".
- მერე?
- არაფერი. ასტროლოგიურად შეუთავსებელი წყვილი ხართ.
- რად უნდა მაგას ასტროლოგია. საერთოდ არსებობს ერთმანეთისთვის დაბადებული წყვილი?
- არ ვიცი, - მხრები აიწურა, - ალბათ კი.
- "თევზი" და "სასწორი" როგორ ეწყობიან ერთმანეთს?
- არ მახსოვს. ბებიაჩემს და პაპაჩემს ისე უყვარდათ ერთმანეთი, გიჟდებოდნენ. ბებიაჩემი პატარძალივით დაიმორცხვებდა ხოლმე თავის ქმართან. თითქმის ერთდროულად მოკვდნენ... ჯერ პაპაჩემი, ორი კვირის შემდეგ - ბებიაჩემი.
- ბედნიერები.
- ჰო. იცი, ჩემი ავგაროზი რა არის? მაისის ხოჭო.
- მართლა? იმიტომ გააპატიოსნე იქ? ჩემი რა არის, არ გახსოვს?
- მოიცა. გავიხსენო. შენი ავგაროზი გულია.
- რას ნიშნავს მერე ეს ყველაფერი?
- კარგად მეც არ მესმის... უფრო სწორედ, ახსნა გამიჭირდება, ისე ვგრძნობ, რაც უნდა იყოს...
- რა, მაინც?
- სხვა დროს გეტყვი...
- გამაგიჟებს ეს ხალხი.
- ვინ ხალხი?
- ქალები. ოღონდ ამკითხავებინე და ათილისმინებინე. ჩვენთანაც, სამსახურში მთელი დღე ყავის ჭიქებში აქვთ ცხვირი ჩაყოფილი.
- იმან რა გითხრა, მდინარის პირას?
- არაფერი, სისულელეები.
- რა კარგები არიან, არა, ვაჟას ბიძები?
- ძალიან. იცი, ვაჟას ერთი ბიძა როგორ მოკვდა?
- მთაში ავიდა, ნათესავ მწყემსებთან. რაღაც საქმე ჰქონდა. გზაში დაუღამდა თურმე და ბნელში მიაღწია იმათ ბინებს. გამოცვივდნენ ძაღლები და შემოეხვივნენ. მიწაზე ჩაჯდა. ისინიც შემოუსხდნენ. ციოდა იმ ღამით და გაიყინა კაცი. მწყემსები იქვე იყვნენ ბინაში. დამთვრალიყვნენ და ადრე დასძინებოდათ... ვერაფერი გაიგეს. ვაჟამ ეს რომ მოყვა, ერთი ფიქრი ამეკვიატა: რატომ ვერ უნდა ეგრძნოთ, იქვე, გვერდით, კაცი რომ კვდებოდა-მეთქი. ხომ წარმოგიდგენია, ფიქრში როგორ ბღაოდა ის უბედური. არ შეიძლება, კაცმა ფიქრით ყვირილი გაიგონოს? ანდა ისე იგრძნოს რაიმე, დაუნახავად და მოუსმენლად?
- ხანდახან გრძნობენ ხოლმე... უფრო - ქალები... განსაკუთრებით - დედები. მე ყოველთვის ვგრძნობ, როცა ელენე ავად არის. დავხუჭავ თვალებს და უცბად, არა მძინავს, ისე, მის სახეს დავინახავ... თითქოს საიდანღაც, სიბნელიდან მოიწევს სწრაფად, მიახლოვდება და სახეში მეხლება: რაღაცნაირი სახე აქვს ამ დროს, სულ სხვანაირი. და ვიცი, რომ ავად არის... დედაჩემი ხომ სულ გვაგიჟებდა... იმისი სიზმრები ჩემი ცხოვრების ტრანსლაციაა - რამე რომ შემემთხვევა, აუცილებლად სიზმარში ნახავს... მომიყვება და ძირითადად სწორია ხოლმე. ამიტომ სულ ვეუბნები, სისულელეა-მეთქი. ახლა აქედან რომ ჩავალ, ვიცი, ოდნავ შეცვლილად მომიყვება ამ ამბავს. თუმცა შინაგანად არა ვართ ახლოს...
- როცა საჭირო იყო, მაშინ უნდა მოეხდინა შენი ცხოვრების ტრანსლაცია.
- მოახდინა. მაგრამ, რა? გინდა, ორ ამბავს გეტყვი, ოღონდ დაიფიცე, რომ არასდროს არავის უამბობ...
- რა დავიფიცო?
- რასაც იფიცებ ხოლმე.
- არაფერსაც არ ვიფიცებ.
- არ ვიცი, მოიგონე რამე.
- მოდი მაშინ, რაკი ათენგენობაა და, რაკი ასე თუ ისე, წყალთან მაქვს საქმე, სტიქსის წყალს დავიფიცებ.
- ათენგენობა რა შუაშია?
- არ იცი? როგორ მოხდა! ბერძენი წმინდანი ყოფილა ათინაგენოსი, ასე ამბობენ.
- შატილში რა უნდოდა?
- აზრზე არა ვარ. ბოლოს ყველა თუ საქართველოს არ მოადგა, ხომ არ შეიძლება.
- დაიფიცე.
- გეფიცები მიწისქვეშა მდინარე სტიქსს, რომ არასოდეს არ გავიმეორებ, რასაც ახლა მეტყვი...
- ერთი ძაღლზეა და ერთი - მკვდრებზე.
- დაიწყო...
- თუ არ გჯერა, არ მოგიყვები.
- მჯერა, მჯერა...
- სხვა არავინ დაგიჯერებს, ამიტომაც არავის არ უნდა უამბო.
- პატარაობაში სოფელში ვიყავი ხოლმე ხშირად, ბებიასთან და პაპასთან. ზაფხულს ხომ ყოველთვის იქ ვატარებდი. ერთი ძაღლი გვყავდა, აკბარა ერქვა. ძალიან მიყვარდა და თვითონაც გვერდიდან არ მშორდებოდა. ერთ ღამით ვიწექით და გვეძინა, მე და ბებიას - ოთახში, პაპას - აივანზე. ჯერ იყო და, მთელი ის საღამო ეს ძაღლი გადარეულივით იქცეოდა. მლოკავდა. შემომწკმუტუნებდა. ძლივს მოვიშორე, როცა ვწვებოდი. შუაღამე იქნებოდა, ოთახში შემოვიდა. ჩემი საბანი ძირს გადაათრია, ჩამავლო კბილები ღამის პერანგში და მეწეოდა. გავიღვიძე გულგახეთქილმა და ტირილი დავიწყე. წამოდგა ბებიაჩემი, რა ღმერთი უწყრებაო და გააგდო.
ცოტა ხნის შემდეგ ისევ შემოვიდა. ისევ გადამაძრო საბანი და ფეხში კბილები ჩამჭიდა. თან წკმუტუნებდა, თითქოს რაღაცას მეხვეწებოდა. გავვანჩხლდი, დავუწყე ცემა, ფეხებს ვურტყამდი... მეძინება და რა დროს თამაშია-მეთქი. წამოვარდა ბებიაჩემი, დაავლო ხელი თავის ჯოხს და უნდოდა, ერთი გადაეჭირა, მაგრამ აკბარამ ისე შეუღრინა, ისე აიშალა ბალანი, რომ ბებიაჩემს ჯოხი ხელიდან გაუვარდა. პაპაჩემს გასძახა, რა ძილქუში დაგეცა, კაცო, ამ დასაღუპმა ლამის დაგვჭამოსო. შემოვიდა პაპაჩემი და ხედავს, აკბარამ ისევ ჩამჭიდა ღამის პერანგში კბილები და მექაჩება. გაჰყევი, შვილო, რაღაცა უნდაო, - მითხრა პაპამ საჩქაროდ.
წამოვდექი და გავყევი ტირილ-ტირილით. ჩვენი გასვლა და რაღაც გრუხუნი ერთი იყო. შევბრუნდით და ვხედავთ: ჩემი საწოლი ბათქაშითა და ღორღით არის სავსე. ჭერი ჩამოინგრა ზუსტად იმ ადგილას. მთელ სოფელში ხმა გავარდა. ბევრმა დაიჯერა და თვითონაც გაიხსენა რაღაც მსგავსი ამბავი. ზოგი რასა ჰყვებოდა, ზოგი - რას. ძალიან ჩამრჩა გულში მაშინდელი ნაამბობი. მაგრამ ბევრმა არ დაიჯერა და სიცილით მოკვდა, ეს რა სისულელე მოუგონიათო. დიდხანს მასხრობდნენ ამ ამბავზე და მახსოვს, რაღაც საშინელებას განვიცდიდი, თითქმის მანადგურებდა მათი მასხრობა. მაშინ გადავწყვიტე, არავისთვის არაფერი მეთქვა. როცა აკბარა დაბერდა და მოკვდა, ბებიაჩემმა და პაპაჩემმა დიდის ამბით ეზოში მსხლის ძირას დამარხეს. ბებიაჩემმა სანთელი დაუნთო და ქრისტიანულად გამოიგლოვა. გაიგო ეს ჩვენი სოფლის მღვდელმა და ძალიან შემოსწყრა, ძაღლზე სანთელი ვის გაუგიაო.
ორივეს გაგვეცინა.
- მეორე?
- მეორე უფრო საშინელია. გეხვეწები, დამიჯერე რა, არ ვიტყუები.
- მჯერა-მეთქი, ხომ გითხარი.
- პატარაობაში ფოტოსურათებს რომ ვუყურებდი, თუ იმათში მკვდარი ერია ვინმე, მაშინვე ვხვდებოდი...
- რაო, რაო? რაღაც ვერ გავიგე.
- გარდაცვლილი ადამიანის სურათი რომ მენახა, რომელსაც არ ვიცნობდი და არ ვიცოდი, რომ მკვდარი იყო, მაშინვე ვხვდებოდი, რომ მკვდარი იყო და არა ცოცხალი.
- ახლა?
- ახლა აღარ. ისიც მახსოვს, რომელი დღის შემდეგ ვეღარ ვხვდებოდი. ამ დღემდე კი ეს ისეთი ჩვეულებრივი ამბავი მეგონა, რომ დარწმუნებული ვიყავი, ყველას შეეძლო სურათზე მკვდრის გამოცნობა. ამიტომ ამაზე ლაპარაკი ზედმეტად მიმაჩნდა და თავშიც არ მომსვლია... აი, ერთ მაგალითს გეტყვი. ერთხელ ბებიაჩემმა თავის ძმის ცოლთან წამიყვანა. ლობიოს დარჩევაში ეხმარებოდა. მე ქაღალდის პარკით ძველი ფოტოები მომაწოდეს, რომ არ მომწყენოდა. ვათვალიერებ ამ სურათებს. უცბად ერთი ავიღე ხელში. ახალგაზრდა პირმრგვალი ქალი ზის, ჩიხტაკოპიანი, გვერდით ერთი დიდი გოგო უდგას, მეორე მხარეს - დიდი ბიჭი, წინ კიდევ - ორი პატარა: სამი-ხუთი წლის გოგო და ბიჭი. მოკლედ, ბავშვები ახვევია გარს.
უცბად იმ პატარა გოგოს, საყურეები რომ ეკეთა და გრძელი თეთრი კაბა ეცვა, სახეზე თითი დავაფარე და ხმამაღლა ვიკითხე: "ანო ბებო, ეს ბავშვი რითი მოკვდა?" ორივემ გამოიხედა. ანო ბებომ ამოიოხრა და: "დედა დაუმიწდეს მაგას. ყივანახველამ მომიკლა ჩემი თამრიკოო". და გააგრძელეს ისევ ლობიოს დარჩევა. ალბათ იფიქრეს, რომ ეს ამბავი მათგან ვიცოდი. მე კი პირველად მესმოდა. ან გინდაც მცოდნოდა, ამ სურათს ხომ პირველად ვხედავდი, რა ვიცოდი, რომელი იყო? მეც არაფერი მითქვამს.
ასე ხშირად ხდებოდა ხოლმე... მაგრამ ერთხელაც, რა მიზეზით, აღარ მახსოვს, ერთ ნათესავთან ვიყავი სიღნაღში. ყოფილხარ? ჰოდა, ჩემმა ნათესავმა გოგომ სადღაც წამიყვანა. ქუჩაში მივდიოდით. ცხელოდა. სახეზე ოფლი ჩამომდიოდა და ყველაფერს ყვითლად ვხედავდი. ჩავუარეთ რაღაც კოშმარულად უბადრუკ და უღიმღამო ფოტოატელიეს, რომლის ვიტრინაშიც გაყვითლებულ გაზეთზე გახუნებული ფოტოები იყო გაკრული. იმზირებოდნენ ეს საზარლად ყალბი და უგემოვნოდ გადახრილი სახეები. მათ შორის ათიოდე წლის ბიჭის სახეს მოვკარი თვალი და მაშინვე ის ნაცნობი განცდა დამეუფლა...
"ნუნუ, - დავუძახე უცბად ჩემს ნათესავ გოგოს (რომელიც საერთოდ აღარ მახსოვს, სახელი კი დამამახსოვრდა), - ეს ბიჭი როდის მოკვდა?"
განცვიფრებულმა შემომხედა: - "შენ საიდან იცი?"
იმ ქალაქში პირველად ვიყავი, ძეხორციელს არავის ვიცნობდი და ამიტომაც ძალიან გაუკვირდა. - "საიდან იცი?" - გაიმეორა. და აი, მაშინ პირველად მივხვდი, რომ ისეთი რამ ვიცოდი, რაც, წესით, არ უნდა მცოდნოდა... მივხვდი და თვითონაც გამიკვირდა... ამის შემდეგ გონების თვალით ვათვალიერებდი სურათებს, მაინტერესებდა, მივხვდებოდი თუ ვერა... მაგრამ აღარაფერი გამომდიოდა... ვეღარ ვცნობდი. მხოლოდ გვიან, დიდი ხნის შემდეგ... ერთხელ კიდევ განმეორდა... გინდა, გითხრა? მეორე კურსზე ვიყავი, ჩემს თანაკურსელთან წავედი, რომელიც დაქირავებულ ოთახში ცხოვრობდა. დიასახლისი ახირებული ქალი იყო. თვითონ სხვაგან ჰქონდა ბინა. ჩემი ამხანაგისათვის ეთქვა, კედლებზე რომ სურათებია, ხელი არ ახლო, თორემ მაშინვე გაგაგდებო.
ის სურათები მოვათვალიერე. ყველგან ორი გოგო და ერთი ბიჭი იყო სხვადასხვა ასაკსა და პოზებში. უცბად ვთქვი: "ადგეს და თვითონ დაიკიდოს თავისი მკვდარი შვილის სურათები, სხვას რას უკიდებს?" "რომელია მკვდარი?" - მკითხა ჩემმა ამხანაგმა. "აი, ეს", - ხელი იმ ბიჭს დავადე სახეზე. ქერა ბიჭი იყო, სათვალიანი. გრძელი ცხვირი და საწყალი სახე ჰქონდა. ეგონა, ვხუმრობდი. სწორედ ამ დროს დიასახლისიც მოვიდა. ასეთი გრძელცხვირა ქალი ჩემს დღეში არ მინახავს. ვკითხეთ და დაგვიდასტურა. მერე ვუთხარი, გარდაცვლილი თუ ცოცხლებთან ერთად არის გადაღებული, არ უნდა გააკრათ, ცუდის მომტანია-მეთქი. რა ვიცი, ასეა თუ არა, მე იმწუთას დავახეთქე და გაჭრა: სასწრაფოდ ჩამოხსნა სურათები, ხელჩანთაში ჩაიწყო და წავიდა. გჯერა?
- მჯერა. მაგრამ შენ თუ გიჟი ხარ, მე რაღას მაგიჟებ... დაგრჩა კიდევ რაიმე სათქმელი?
- კიდევ კარგი. კიდევ კარგი, ეგ გიჟური რაღაცები აღარა გჭირს...
- რატომ? - იკითხა ნაღვლიანად.
- ასე უფრო ადვილია შენი სიყვარული.
არაფერი უთქვამს.
ხელი ავწიე და ტახტზე მოვუსვი. ასანთს ვეძებდი. რაღაც ქსოვილი ჩამოვარდა და სახეზე დამეცა. მერციას კაბა იყო. ავიღე და ისევ ტახტზე მივაფინე.
- იცი, როგორ გიხდება ეს კაბა?
- ჩემი არ არის, ამხანაგისაა.
- ჩვენც ვიყიდოთ. ოღონდ ზუსტად ასეთი.
უცბად შემომხედა და ისევ განზე გაიხედა. ბედნიერი სახე გაუხდა. ცხადია, კაბა კი არა, სულ სხვა რამ გაუხარდა: ჩემი ნათქვამი რაღაც მომავალს გულისხმობდა, რაღაც მომავალ ერთად ყოფნას, რაზედაც მანამდე არაფერი მეთქვა.
უცბად წამოიკივლა და წამოჯდა. ხელი პირში იტაცა. სისხლი მოსდიოდა. ახლაღა გამახსენდა, წეღან ჩემი დანა რომ დავდე სამფეხა სკამზე. ალბათ, ძირს დავარდა. ძალიან მჭრელი დანა იყო. ხელი გამოვართვი და ახლა მე მივიტანე ტუჩებთან. ნებიდან სდიოდა სისხლი. ჩემი პერანგი ავიღე და გადავახვიე.
რიჟრაჟი ახლოვდებოდა. ჩვენი ფანჯარა მუქნაცრისფერი ცით აივსო. მგონი, ცრიდა. დილას შიშითა და მოჭიმული ნერვებით ველოდებოდი. ოღონდ თან ბედნიერი ვიყავი. მომეხვია და ატირდა. არაფერი მიკითხავს. ხომ გასაგები იყო, რაც ატირებდა: "ყველაფერი". მისი ცრემლები შევისრუტე და კიდევ ერთხელ შემოვეხვიე ტანზე, ტანზე, რომელიც ისე უსასრულოდ ახლობელი გამხდარიყო ამ ორ ღამეში, რომ ჩემი სხეულის გაგრძელება მეგონა. წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ყოველთვის გვერდით რომ არა მყოლოდა... გათენდა. თვალები მქონდა დახუჭული, მაგრამ არ მეძინა. ვიგრძენი, ადგა. ჩაიცვა. ვგრძნობდი, სახეზე დამყურებდა, დაიხარა და საფეთქელზე შემეხო ტუჩებით. კართან შეჩერდა. ქუთუთოები ოდნავ ავწიე. ოთახი მოათვალიერა და გავიდა.
როცა ერთი საათის შემდეგ ქვემოთ ჩავედი, მერცია არსად ჩანდა. აღათოს დავემშვიდობე. ყველა უკვე ავტობუსში იჯდა. მეც ავედი და მერცია იქაც არ დამხვდა, გამიკვირდა. თან, ჩემს გარდა, არავის აკლდა თვალში.
- კი მაგრამ, მერცია სად არის? - ვიკითხე ხმამაღლა.
- მერცია თავის ნაცნობს გაჰყვა თბილისში. კინოოპერატორები იყვნენ ვილისით. ერთი საათი იქნება, რაც წავიდნენ, - მითხრა ელგუჯამ და ბორჯომის ბოთლი გამომიწოდა.
ერთი-ორი გამომცდელი, რამდენიმე გულგრილი და ირონიული მზერა ჩემს სახეზე გადასრიალდა. თანაგრძნობის გამომხატველნიც ერივნენ - ბონდო, ელგუჯა. დანარჩენები ალბათ, ბაიბურში არ იყვნენ. ისე გავოგნდი, რომ მგონი, სახეზედაც შემეტყო და ჩემზე მონადირე გამოხედვებს მშვენიერი საზრდო მიეცა.
ფანჯარასთან დავჯექი, სულ ბოლოს, გრძელ სკამზე. გვერდით ვაჟა მომიჯდა. ავტობუსი დაიძრა. უცბად გამიელვა, რომ არ ვიცოდი მერციას არც სახლი, არც სამსახური, არც ტელეფონი: საერთოდ, მისი კოორდინატები ჩემთვის უცნობი იყო. ვიცოდი მხოლოდ ის საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვი დაჰყავდა. მაგრამ ახლა, ივლისში, საბავშვო ბაღი დახურული იქნებოდა. როგორ უნდა მენახა, როცა ჩავიდოდი? ერთადერთ დამაკავშირებელ საშუალებად რჩებოდა იდა, მაგრამ იმასთან ჩემი მისვლა, თანაც ამ მიზნით, გამორიცხული იყო...
ხომ საშინლად მეწყინა მერციას წასვლა და ლამის გავცოფდი, თან გულზე მომეშვა, რადგანაც უკვე ღამის მეორე ნახევარში ეს მოსალოდნელი ერთად მგზავრობა მანერვიულებდა. მგონი, ვნატრობდი კიდეც, რომ ასე მომხდარიყო, ეგებ იმიტომ არ გავახილე თვალი, როცა ადგა და წავიდა? არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. თან, როცა მე და მერციას სხვების თვალით ვხედავდი, ყველაფერი უფასურდებოდა და მრცხვენოდა კიდეც... თან ჩემს ხელისგულებს მერციას სხეული აგონდებოდათ განუწყვეტლივ, ჩემს სხეულს მისი კანის შეგრძნება არ შორდებოდა... მთლიანად მისგან დანატოვარ განცდათა ღრუბელი შემომხვეოდა და ყოვლად აუტანლად მეჩვენებოდა ვინმესთან ლაპარაკი. ხან უნებურად მეღიმებოდა, ხან შუბლი მეჭმუხნებოდა, მოკლედ, ჩემს თავს ვეღარა ვფლობდი. გაბრუებული და აგზნებული მთლიანად იქ ვიყავი - ჩვენს კოშკში და ჩვენი ერთად ყოფნის წუთები მიქროდნენ თვალწინ.
ფანჯარაში ვიყურებოდი და გამახსენდა, მერციამ რომ მითხრა: "ავტობუსის ფანჯრიდან ერთხელაც არ გაგიხედავს. ალბათ, არ გიყვარს ბუნება". ბუნების საწინააღმდეგო რა უნდა მქონოდა, მაგრამ რომ ვთქვა, მიზიდავდა და რაღაც დიდ და ჩემთვის აუცილებელ განცდებს მანიჭებდა-მეთქი, ტყუილი იქნება. მშვენივრად შემეძლო ბუნების გარეშეც მეცხოვრა. რომ არ შემძლებოდა, როგორ გავძლებდი მთელი წელი. საერთოდ, თუ დავაზუსტებ, უსიამოვნო განცდას უფრო იწვევდა ჩემში, რადგანაც ვგრძნობდი, ბუნებას მე სულ არაფრად ვესაჭიროებოდი და ჩემი არაფერი ეკითხებოდა.
არც ჩემს გასაგონად ჭექდა და არც ჩემს გასაგონად დუმდა, არც ჩემს დასანახად იშლებოდა. იყო თავისთვის. საერთო არაფერი გვქონდა. მაგრამ უცნაური იყო და ვერ ამეხსნა, რომ რაც მერცია "გამიჩნდა", პირველივე წუთების შემდეგ ისე გავეხსენი ცასა და მიწას, თითქოს პირველად დავინახე. მახსოვს, როგორ მკვეთრად ვიგრძენი იქ, კოშკებთან, ნისლი და ვარსკვლავები. რაღაც ისე გამოანათა ჩემმა გულმა, თითქოს წლობით დამტვერილ სარკეს მტვერი გადააცალესო. ახლაც ვიჯექი და თვალს ვეღარ ვაცილებდი მთებსა და კლდე-ღრეებს, შორს, მთის ფლატეებზე სისხლძარღვებივით მიმოკლაკნილ, თეთრ, მოცახცახე წყაროებს. "მკვდარი ღმერთების ყორღანებია, ბიჭო, - გამახსენდა, ვაჟამ რომ მითხრა შატილში მთებზე, - თითქოს დედამიწამ ამოიოხრა". ჰო, საერთოდ, მკვდარი ღმერთების აკლდამაა თითქოს შატილი.
ვაჟას მივხედე. ისიც ჯავრიანად გასცქეროდა მთებს. უცბად ვაჟაზე დავფიქრდი და მგონი, პირველად. შატილში წასვლა მისი იდეა იყო.
ალბათ, უნდოდა, უფრო ახლოს გვეგრძნო მისი ტკივილი, მისი სიამაყეც, ლექსებით რომ შეგვახსენებდა ხოლმე: ძნელია, ამ დაყუდებული მთების, მუშტივით შეკრული, მოქუფრული ციხე-კოშკების უიღბლო მემკვიდრედ და უმწეო პატრონად რომ გრძნობ თავს. მისი მამა-პაპა სისხლითა და კბილებით ეჭიდებოდა აქაურობას, უფრო კი შეუვალი რწმენით იმაგრებდა თავს ფლატეებსა და ქარაფებზე და ამაგრებდა სამკვიდრებელს. ცრემლი აღიკვეთეს და გულს გაჩუმება უბრძანეს, მკვდარს არ ტიროდნენ და ჩვილს არ ეფერებოდნენ, რომ ზედმეტი სილბო არ მორეოდათ და ამ სილბოს შიგნიდან არ გაელღო მათი სულის ქვიტკირი. ახლა აქეთ-იქით მიმოფანტულ შატილიონთ უპატრონოდ დაყრილი ბალღებივით მიღნავიან ციხე-კოშკები და ხევხუვები. და ისინიც ასკდებიან თავიანთ გულებს, როგორც საკუთარ ჯვარს გამოცლილები. "ძნელია ქართველობა და ხევსურობა უფრო ძნელი... ხევსურს ვერავინ გაუგებს ხევსურის მეტი. არცვინ იცხელებს თავს..." გამახსენდა ვაჟას ბიძის სადღეგრძელო და მოგუდული, ენით გამოუთქმელად დარდის ამშლელი: "ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს, ქვენ ბაცალიგოს შრებისაო..."
ვაჟას გულდაწყვეტილი სახე ჰქონდა. გული დასწყდებოდა, აბა, რა იქნებოდა! ეტყობა, რაღაც სხვას ელოდა ამ ხატობისგან. ჩვენ კი, რა გავუკეთეთ? დავინახეთ რამე? ცოტა აღვიგზენით და გავერთეთ, ეს იყო და ეს... (სხვები მყავდა მხედველობაში). მხარზე ხელი დავკარი.
- ამოვიდეთ ხოლმე, ბიჭო, ამოვხედოთ, ხატობაში კი არა, ისე, - ვუთხარი ჩემთვისავე მოულოდნელად.
გაკვირვებულმა შემომხედა. ცოტა ხნის შემდეგ შევატყვე, რომ გუნება გამოუკეთდა.
შორს, მთის ფერდზე, ცხვრის პატარა ფარა მოჩანდა. გამახსენდა, პაპაჩემის ძმის ამბავი რომ მოვუყევი მერციას და ასე დავამთავრე: აზრზე არა ვარ, რას უცდიდა, როდის უნდა ესწავლებინა-მეთქი... წამოჯდა და გაკვირვებულმა შემომხედა: "ე! მართლა ვერა ხვდები? მართლა?! გელოდებოდა, შენ როდის ეტყოდი, მასწავლეო, ისე რა აზრი ჰქონდა". თითქოს თავში რაღაც ჩამარტყეს. მართლაც და, რა მიხვედრა უნდოდა. და მაშინ პაპაჩემის ძმა თავიდან გაცოცხლდა და მოკვდა ჩემში, რაღაც საოცარი სიმძიმე შეიძინა მისმა არსებამ...
ავტობუსში მსხდომთა გუნებ-განწყობა იმისდა მიხედვით ეცემოდა, რაც უფრო ქვემოთ ვიწევდით და ვივაკებდით. ყველას თავისი გადაბეზრებული და მოშვებული იერი დაუბრუნდა. ეძინათ, ამთქნარებდნენ, სკამებზე მიღრეცილ-მოღრეცილები ეყარნენ. არაფერი აღარ უნდოდათ. ერთი სული ჰქონდათ, წყალს როდის გადაივლებდნენ და ლოგინებში როდის ჩაეყრებოდნენ. საერთოდ, ადამიანი ერთხელ მაინც თუ არ ნახე ქალაქგარეთ, ვერ გაიცნობ. მისი ბევრი კარგი თვისება გამოგრჩება. ქალაქს რომ გასცდებიან, ხალისი ემატებათ, ერთ-ორ წელს ჩამოიბერტყავენ ხოლმე მხრებიდან, თამამდებიან, ის საზიზღარი შებორკილობა უქრებათ... ჩემი აზრით, ურთიერთობის გამოსწორება, მოგვარება, გარკვევა, მოლაპარაკება ხალხმა ბუნების წიაღში უნდა მოახდინოს. საქმე ბევრად უფრო სასიკეთოდ წარიმართება...
მაგრამ ახლა წინ თბილისი იყო... რომლისაც, თუკი სიმართლეს ვაღიარებ, მთელი ცხოვრება მეშინოდა. ყველა თავის ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდებოდა... მე კი არ ვიცოდი, რა მელოდა... სად უნდა წამეღო ეს ჩემი ასე თავზე დამტყდარი სიყვარული, რა ადგილი გამომეძებნა? სად შევხვედროდით ხოლმე? სად წავსულიყავით?
გასაღები გამომერთმია ძმაკაცებისთვის და იმათ ბინებში წამეყვანა, როგორც სხვები მიმყავდა? გაფიქრებაც კი შემეზიზღა. ოთახი დამექირავებინა? ასი მანეთი ხომ მაინც დასჭირდებოდა თვეში, სად შემეძლო... მანქანით გვევლო ქალაქგარეთ? როდემდე? ქვეყანა გაიგებდა და ეს ხომ იმ სიმაღლიდან ძირს ჩამოვარდნა იქნებოდა? იმ კოშკების სიმაღლიდან, სადაც ჩვენი ერთი დღე და ორი ღამე ენთო, - პირდაპირ ტალახში. გაბაზრდებოდა ყველაფერი. აღარ მახსოვს, კიდევ რა გზებით დაჰქროდნენ ჩემი ფიქრები, მაგრამ ბოლოს თავი მოიყარეს ერთ გადაწყვეტილებასთან - მერცია აღარ მენახა. სიზმარი სიზმრად დამეტოვებინა და სიცხადეში არ გამეცვალა.
თბილისში შევედით.
III
სამსახურში მოგვიანებით მივედი და პირველი, რაც დავინახე, ის იყო, რომ დერეფანში რაშჩენკომ ჩაიქროლა მეტეორივით. განუყრელ სახაზავს საბრძოლო შემართებით იქნევდა. ახალგაზრდობაში მოფარიკავე იყო და ის სპორტული გადმონაშთები ხშირად იჩენდა თავს კამათისა და შეხლა-შემოხლის დროს (რაც არცთუ იშვიათად უწევდა), როცა რაშჩენკო სრულიად მოულოდნელ პოზაში დგებოდა და მარჯვენა ხელსაც უცნაურად იქნევდა ხოლმე.
უკან ერთი ახალგაზრდა თანამშრომელი - მაღლაკელიძე - მისდევდა, რომელსაც ცალ იღლიაში საქაღალდეები ამოეჩარა, მეორე ხელით კი ისე ჩაჰფრენოდა საკუთარი ულვაშის წვერს, თითქოს თავის თავს თვითონ მიარბენინებსო. "გიჟები", ჩაილაპარაკა ვიღაცამ ჩემს გვერდით. სამი წუთის შემდეგ ისევ გავედი დერეფანში, ჩვენს მდივანს ვეძებდი და ამ ორეულმა ისევ ცხვირწინ ჩამიქროლა, ამჯერად საწინააღმდეგო მიმართულებით. ჩვენი მდივანი ქალიც, ცალ ხელში გადაშლილი ქაღალდებით, მეორეში კი ფანქრით, იმათ მისდევდა და ამაოდ ეძახდა მაღლაკელიძეს: თქვენი ხელმოწერა მჭირდებაო. მეც მათ გავედევნე, რაკი ჩვენი მდივანი ვერ გამოვახედე შეძახილებით.
დერეფნის ბოლოს მარცხნივ შეუხვიეს და კიბეზე აცვივდნენ. მეც ენაგადმოგდებული გავყევი. ვიღაცამ დამიძახა, ბონდო იყო, ხელით ვანიშნე, დამაცადე, არა მცალია-მეთქი და ისიც გამოგვეკიდა. ასე დამთხვეულებივით მივქროდით მესამე სართულის დერეფანში. რაშჩენკომ რომელიღაც ოთახში შეყო თავი, რაღაც შესძახა და ახლა მეოთხე სართულის კიბეზე აიჭრა, მთელი ამალაც მივყევით და ისევ დერეფანში გავცვივდით, ვიდრე ყველანი დირექტორის მოადგილის კაბინეტში არ შევზვავდით და გულგახეთქილი სკამიდან არ წამოვაგდეთ.
- რა ამბავია, ომი ხომ არ იწყება! - დაიყვირა გაკვირვებულმა.
- იცხება! მაგრამ სხვა ომი! - შესძახა რაშჩენკომ. მივხვდი, რაღაც ახალი შეტევა ხორციელდებოდა მისი მხრიდან და გამოსვლა, თან ჩვენი მდივნის გამოყვანაც დავაპირე, მაგრამ იმან ვიდრე ხელი არ მოაწერინა თმააჩეჩილ მაღლაკელიძეს, არ გამოვიდა, მთელი დღე მაგას დავდევ, აღარ შემიძლიაო. როგორც იქნა, გამოვედით იქიდან და მე ჩემი საქმე მოვაგვარე - მივლინებას ვაფორმებდი. ბონდომ სადღაც დამპატიჟა სამსახურის შემდეგ, მაგრამ უარი ვუთხარი.
განყოფილებაში რომ შევბრუნდი, იქ გადმომცეს რაშჩენკოსა და მაღლაკელიძის ამბავი. გაზაფხულზე ცოტა უცნაურმა, მაგრამ ძალიან ნიჭიერმა მაღლაკელიძემ წარმოადგინა ანგარიში, სადაც გაკრიტიკებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს რომელიღაც რაიონში მიწის ხელოვნური მორწყვის პროექტი. ღრმად იყო შესწავლილი ნიადაგის თავისებურება და დამაჯერებლად დასაბუთებული, რომ დასახული მელიორაციული ღონისძიებანი ნიადაგისა და ატმოსფერული პირობების სპეციფიკურობის გამო რამდენიმე წლის შემდეგ ცუდ შედეგებს გამოიღებდა, მიწა დაიტბორებოდა, მოხდებოდა მთლიანი ეკოლოგიური ბალანსის დარღვევა და სხვადასხვა. ანგარიში საფუძვლიანი იყო და რაშჩენკოც უჭერდა მხარს. დიდი ყოყმანის შემდეგ თითქოს დაეთანხმნენ, მაგრამ ამ ზაფხულს პროექტი მაინც ძალაში შესულიყო, ისე რომ, არავინ არაფერი იცოდა. მაშინაც ვუთხარი რაშჩენკოს, რომ მათ წამოწყებას აზრი არა ჰქონდა, მაგრამ არ დამიჯერა.
გუშინ შვებულებიდან დაბრუნებულს გაეგო ეს და საშინელი ამბავი აეტეხა. დილას აქეთ ასე დარბიან აღმა-დაღმაო, მითხრეს.
შესვენებაზე დირექტორის მოადგილემ გამომიძახა და მთხოვა, მაღლაკელიძის ანგარიშის გამაბათილებელი ახსნა-განმარტება დამეწერა, რაკი ამ სფეროში ყველაზე დიდ ნდობას მე ვიმსახურებდი.
- არ გამოვა, - ვუთხარი მაშინვე.
- რა თქმა უნდა, არ გამოვა, პროექტი უკვე განხორციელდა, რა დროს ეგ სისულელეებია!
- არ გამოვა, - გავუმეორე. - მე ვერ დავწერ. ანგარიში უნდა განიხილოთ, როგორც წესი და რიგია. რატომ თავის დროზე არ გაეცით ოფიციალური პასუხი? განიხილეთ და დასაბუთებულად უარყავით. მით უმეტეს, თუ სისულელეა. რა უნდა სისულელის უარყოფას! მე საქმეს არ ვიცნობ. თქვენც იცით, რაშჩენკო არ გაჩერდება. არც მაღლაკელიძე ჩანს ნერვებდასუსტებული. თავის დროზე უნდა გაგერკვიათ.
საშინლად გაუკვირდა. გადაფითრდა. ცოტა ხანს კიდევ ვილაპარაკეთ და გამოვედი. გაღიზიანებული ვიყავი, ასე დარწმუნებით რომ დამავალა, თან ისე რომ გაუკვირდა ჩემი უარი.
სამსახურის ბოლოს რაშჩენკო შემოვიდა ჩვენთან ოთახში და ხელი ჩამომართვა. ეტყობა, გაიგო იმ საუბრის ამბავი.
- გამარჟობა. როგორა ხარ? - ვითომ დილას ერთად არ გვერბინოს გიჟებივით.
მეორე დღეს თბილისიდან წავედი. საღამოობით ისე მეჩქარებოდა ხოლმე სასტუმროში, ჩემს ნომერში დაბრუნება, თითქოს საყვარელი წიგნი მელოდა. დავწვებოდი და ვფიქრობდი ჩემზე და მერციაზე. ფიქრით ვიმეორებდი წუთებს: მის სიტყვებს, სიცილს. განსაკუთრებით მიყვარდა ის წუთი, პირველად რომ სახეში შევხედე. ავტობუსში. როგორ შემომხედა... აი, ის შემოხედვა იყო, მაშინვე რომ ამაფორიაქა. რაღაცნაირი შემოხედვა იცოდა, სახელს ვერ ვარქმევდი. სწრაფი და უცაბედი. ყოველთვის მოულოდნელი, თითქოს ჩიტი შემოგაფრინდაო. და მაშინვე თვალებს დახრიდა. ან სხვაგან გაიხედავდა... ძალიან მენატრებოდა, ძალიან. მაგრამ ამ დროს ჩემი ფიქრების ერთი ნაკადი მეხმარებოდა: ახალგაზრდაა, ვინ იცის, რამდენი ვინმე ეხვევა გარს... ხუთიოდე წლის შემდეგ მე სიბერეს მივუკაკუნებ, ეს საუკეთესო ასაკში იქნება... გაუვლის, დავურჩეთ ასე ლამაზად ერთმანეთს... თან არავითარი შესაძლებლობა არ არსებობს ერთად ყოფნისა...
ისევ გამახსენდა ჩემი მარტოხელა ძმაკაცების ბინები: რომელს როგორი გასაღები ჰქონდა... რომელი როგორ იღებოდა, სად რომელ საათამდე შეიძლებოდა ყოფნა... სად როგორი საწოლები თუ ტახტები იდგა. არა! შეუძლებელი იყო. არ გამოვიდოდა. ისევ იმაზე დავიწყე ფიქრი, როგორ შეუყვარდებოდა ვინმე ახალგაზრდა, ის წვერიანი კინოოპერატორი გამახსენდა, ის თეთრკბილება ხევსური ბიჭი... ხომ ასე ვფიქრობდი, მაგრამ რაღაც ძალით ნაფიქრსა ჰგავდა, რადგან სადღაც, გულის სიღრმეში ფარული და შეურყეველი ცოდნა მქონდა, რომ ვუყვარდი და ჩემ გარდა მისთვის არავინაც არ არსებობდა. ვიცოდი, იმიტომაც არა ვჩქარობდი...
თბილისში ორი კვირის შემდეგ, ოთხ აგვისტოს დავბრუნდი. იდა სამსახურში აღარ დამხვდა. შვებულება აეღო. სამუშაოს შემდეგ ჩემი ცოლის დეიდასთან გავივლიდი ხოლმე სადილად. მთელი ეს ხანი რომ აღარ მენახა, საშინლად აღელვებული შემეგება: მეზობლის სახლი გაეტეხათ, "ერთი კოვზიც არ დაეტოვებინათ"; ლიფტში ერთი მისი ხნის ქალი გაჭედილიყო და შიშისაგან ხელზე ეკბინა; თვითონ მისთვის კი წნევას აეწია, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, "თითქოს თავში ქათამი ეჯდა და ნისკარტით მიწას ქექავდა, თან ფრთებს ასწევდა და დასწევდა, ასწევდა და დასწევდა". ღამეს თეთრად ათენებდა ქურდების შიშით, კართან, ყოველ შემთხვევაში, იატაკის ჯოხი მიეყუდებინა...
- ეჰ, - ვუთხარი, - სხვა გზა არ არის, უნდა გაგათხოვო, - სამოცდახუთი წლისა იყო.
- ოჰ, შენ რა გითხარი, - მსუქანი და თეთრი ხელი ჩაიქნია.
სუფრა გაშალა: ჩახოხბილი. სალათა. ვინეგრეტი. მერე საზამთრო. აქ რომელიმე კერძის გამოტოვება არ ღირდა, რადგან ეს უცნაურობა ერთსაათიან ახსნა-განმარტებას გამოიწვევდა: რისთვის იყო ეს კერძი სასარგებლო, როგორ იყო ჩაფიქრებული და მომზადებული. მეც მორჩილად შევექცეოდი.
- ნეტავ როდის ჩამოვლენ ჩვენები, ალბათ, როგორ მოგეწყინა უიმათოდ. საშინელებაა, შინ რომ მარტო ხარ. არა უშავს, ცოტაც მოითმინე... წელს ვერაფერი გავაკეთე, ხილი სამ მანეთზე ქვემოთ არ ჩამოსულა... საშინელებაა პირდაპირ... არც კომპოტი, არც მურაბა... შენ რა, არ მისმენ? რამ გაგაშტერა? აი, ქათამმა ისევ ასწია ფრთები! - თითი საფეთქელზე მიიჭირა.
შევხედე. მოკლედ შეჭრილი თმა ერთ დროს ლამაზ, ახლა კი შეშუპებულ, თეთრ სახეზე ეყრებოდა. სიგარეტს ეწეოდა. მეხვეწა, დარჩიო, მაგრამ წამოვედი.
სადარბაზოდან გამოვედი, მანქანის გასაღები ამოვიღე ჯიბიდან და ის-ის იყო უნდა მომერგო, რომ ავიხედე და მერცია დავინახე! ქუჩის მეორე მხარეს იდგა, ეტყობა, მანქანის გაჩერება უნდოდა. გული კინაღამ გამისკდა, თითქმის დავიღრიალე:
- მერცი!
მოიხედა. გაფითრდა. ხეს მიეყრდნო. მივხვდი, ჩემი სახელი თქვა. მერე გაიცინა.
მივირბინე, მეგონა, გადავეხვეოდი, მაგრამ არ გადავხვევივარ (გამახსენდა, ჩემი ცოლის დეიდას თვალის გამოყოლება რომ უყვარდა ფანჯრიდან).
- როგორა ხარ, მერცი! როგორა ხარ.
მინდოდა, მეთქვა, რომ მეტი აღარ შემეძლო; რომ გამოთაყვანებული დავდიოდი; რომ კინაღამ გული გამისკდა, როცა დავინახე; რომ საერთოდ, ჩემი გული გახანგრძლივებული სკდომის პროცესში იყო, რაც მას გადავეყარე და, რა ვიცი, კიდევ რა... მაგრამ, ცხადია, არაფერი მითქვამს.
თვალები გაცისკროვნებული ჰქონდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ სევდიანად იღიმებოდა.
მაჯაზე ხელი მოვკიდე.
- სად იყავი?
თავი გაურკვეველი მიმართულებით გააქნია: - იქ ამხანაგი ცხოვრობს, ხშირად ვარ აქეთ... შენ?
- მე?.. მეც ამხანაგთან ვიყავი... სად მიდიხარ?
- შინ...
- ჩაჯექი.
ჩავსხედით.
ვერაფერს ვეუბნები.
რამდენჯერმე შემომხედა.
შევხედე... სევდიანი სახე აქვს.
- რას აკეთებ, მერცი?
მხრები აიწურა - არაფერს.
- არ მოგენატრე?
უხმოდ შემომხედა.
- ბავშვი როგორ არის?
- არა უშავს...
ეტყობოდა, ცუდ გუნებაზე იყო. რა მოუვიდა, როგორი სხვანაირია ქალაქში. მე კი სულ დავკარგე მეტყველების უნარი. ძალიან ეჭვი მეპარებოდა, ჩემი პირიდან რაიმე ნორმალური ამოსულიყო.
- სად ცხოვრობ? მითხრა. შორს იყო.
მანქანა ნელა მიმყავდა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაცას ელოდა ჩემგან. ღმერთო ჩემო, მე ხომ არაფერს დავპირებივარ.
- რა მოგივიდა, მერცი? ღრმად ამოისუნთქა.
- არაფერი. შენ როგორა ხარ?
- ცუდად.
არა, ნამდვილად არ შემეძლო. იმწუთას არაფერი არ შემეძლო. არც რაიმეს თქმა. არც ხელის მოხვევა. ნერვები მაწყდებოდა! ერთი სული მქონდა, როდის მივიყვანდი შინ.
მანქანა ქუჩის კუთხესთან გამაჩერებინა... ვიფიქრე, ალბათ, არ უნდა ზედ სახლთან გადმოსვლა-მეთქი...
ერთწამს ჩუმად ვისხედით.
- ჩამოვალ, - თქვა ხმადაბლა, მაგრამ არ ჩასულა...
- მერცი, - ამოვთქვი ბოლოს.
ღრმად ამოისუნთქა და შემაწყვეტინა:
- ჩავედი.
გადავიდა.
ძლივს გადავატრიალე გასაღები და ნელა დავძარი...
უცებ ჩემი სახელი მომესმა. ძალიან ხმამაღლა მეძახდა.
დავამუხრუჭე და გადავედი.
გამოიქცა და გადამეხვია. ტიროდა... საშინლად დავიბენი. გამვლელები გვიყურებდნენ, ვიღაცამ ფარდა გასწია და ფანჯრიდან გამოიხედა. რაღაც წავილუღლუღე, როგორც შეეფერება გამოტვინებულ ადამიანს... ცოტა მრცხვენოდა, რისი, არ ვიცი. მიბრუნდა და წავიდა.
ნეტავ თუ იცოდა მაშინ?... ნუთუ იცოდა?
სამი დღის შემდეგ ისევ მივლინებაში წავედი. მივლინებიდან რომ დავბრუნდი და ჩემს სახლში, შუა ოთახში დივანზე ვიწექი, გუნებაში იმას ვანგარიშობდი, როგორ უნდა დამეგროვებინა სამასი მანეთი მერციას კაბისთვის. "ვუყიდი და მივუტან", - გავიფიქრე უკვე მემილიონეჯერ. ოღონდ, ეს როგორ უნდა შემეთავსებინა ჩემს გადაწყვეტილებასთან, რომ აღარ მენახა, არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი, სად უნდა მეყიდა... ამაზე აღარ ვფიქრობდი. ასი მანეთი უკვე მქონდა. ავდექი და ჩემი ქალიშვილის საწერი მაგიდის სულ ბოლო უჯრა გამოვაღე, სადაც საქაღალდეები მეწყო. ფული გამოვიღე და ხელი გადავუსვი. ხელახლა გადავთვალე. მსიამოვნებდა მისი თვლა, ხელში ჭერა. გავახვიე და ისევ შევინახე.
ბავშვობაში რაღაც ახირებული ხასიათი მქონდა. მაგალითად, წყალი რომ მომწყურდებოდა, მაშინვე არ დავლევდი, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი! არა! იმდენ ხანს ვითმენდი, სანამ გულის წასვლამდე არ მივიდოდი. მერე კი მთელი ნეტარებით დავეწაფებოდი ხოლმე. ეგებ მერციასთანაც ასე მემართებოდა? არ ვიცი.
მაინც რა საოცრება იყო. რომ ასე შემთხვევით შემხვდა ქუჩაში... ეს რატომღაც იმის დადასტურებად მომეჩვენა, რომ ბოლოს ერთად ვიქნებოდით... რატომ, არ ვიცი. თითქოს რაღაცას ველოდებოდი... იმიტომ ვაყოვნებდი... მინდოდა, ძალიან მოვნატრებოდი... მაგრამ ყველა ამ ფიქრის უკან შიში იდგა, რა შიში, არ ვიცოდი.
ასე რომ ვიწექი და ვფიქრობდი, ოცდაშვიდი აგვისტო ღამდებოდა. თვალები დახუჭული მქონდა და უცბად ნათლად დავინახე ის სცენა, მე რომ კოშკის წინა "ოთახში" ვიცდიდი და მოულოდნელად რომ დამიძახა. და ამ დროს მართლა გავიგონე ჩემი სახელი: მერცია მეძახდა, ისე მკვეთრად, რომ გულგახეთქილი წამოვხტი და ფანჯარას მივვარდი. ვერავინ დავინახე. სადარბაზოში გავიხედე - არავინ იყო. არა, ნამდვილად გავიგონე. ისევ დივანზე ჩამოვჯექი.
დადგა ოცდათერთმეტი აგვისტო. დილით ცოლი და ქალიშვილი ჩამოვიდნენ. სადგურზე დავხვდი. გადავეხვიეთ. გაშავებულიყვნენ. ორივეს გულამოღებული სარაფანი ეცვა. დალი დედამისზე მაღალი იყო, მერციაზე ბევრად ტანსრული. მანქანაში კი არ ჩაჯდებოდა, ჩააწყდებოდა ხოლმე.
- ბარემ ბაზარში გავიაროთ, სახლში ხომ არაფერი იქნება, - თქვა ჩემმა ცოლმა.
გავიარეთ. შევიდნენ. ველოდებოდი.
- რამ გაგაშტერა! ერთი კილომეტრიდან გიქნევთ ხელს, პირდაპირ სახეში გვიყურებდი და ვერ გვხედავდი?!
მოსულიყვნენ. წავედით.
დალი ტელეფონს ეცა, ჩემი ცოლი სამზარეულოში შევიდა. დალიმ დაიბანა, ჩაიცვა:
- მივდივარ. კინოფესტივალის ბოლო დღეა. ერთი ფილმი მაინც ვნახო.
ათი მანეთი მივეცი. საღამოს რეზოც დაგვატყდა თავს. შემოვარდა. ჩანთა მოისროლა და სათითაოდ გადაგვეხვია. ჯერ ტელეფონს ეცა, მერე აბაზანაში შევარდა. ჩაიცვა და რაღაცა მითხრა:
- რა და, ფირფიტა! არ მისმენ?! ჯენის ჯოპლინის ფირფიტა იყიდება, ხო იცი, რამდენი ხანია, ვეძებ... სამოცი მანეთი.
გამოვერკვიე და ფული მივეცი. ხელფასამდე ოთხმოცდაათი მანეთი და ერთი კვირა რჩებოდა. "რაც გინდათ, ის ჰქენით. ამ ას მანეთს კაპიკსაც არ მოვაკლებ", - გავიფიქრე და ტელევიზორი ჩავრთე.
თერთმეტი საათისთვის ყველანი შინ ვიყავით. ჩაი დავლიეთ. ბავშვები დაწვნენ. ჩემი ცოლი აბაზანაში შევიდა...
ტელევიზორს ვუყურებდი და ღმერთს ვევედრებოდი, ვინმეს დაერეკა და სადმე წავეყვანე. ვინმეს რაიმე საქმე გამოვარდნოდა და უცბად დავჭირებოდი... ან ჩემი ცოლის დეიდისთვის მაინც აეწია წნევას. არავის დავჭირდი. ჩემი ცოლი გამოვიდა და ტელევიზორი გამორთო. წელი ავითრიე და საწოლ ოთახში შევედი. ღამის პერანგი ეცვა, ღრმად ჩახსნილი, იწვა და მელოდებოდა.
- მოგეწყინა უჩემოდ? - მკითხა და თავი მკერდზე გადმომადო.
- ძალიან.
მაკოცა. ხელი მოვხვიე.
ოთხი სექტემბერი იყო. კვირადღე. შუადღისას ძმაკაცმა გამომიარა და წყნეთში ავედით. იქ სახლი ჰქონდა, ეზოიანი. ცოლ-შვილი უკვე თბილისში ჰყავდა. ერთი მისი მეზობელიც შემოგვიერთდა და დავლიეთ.
შებინდდა.
უცბად ავდექი და ვთქვი: - მივდივარ.
- რა იყო, შე კაცო, რამ მოგიარა?!
- უნდა წავიდე.
არ მიშვებდნენ, მაგრამ წამოვედი.
ოც წუთში მერციას ქუჩაზე ვიყავი. სახლი რომ არ ვიცოდი? ახლაღა გამახსენდა. რამდენჯერმე ავიარ-ჩავიარე, არაფერი მენიშნა. ფხიზელი ვერ გავბედავდი, მაგრამ ახლა... ათ წუთში მივადექი იდას სახლს.
კარი იდამ გამიღო. სახე მიტკალივით გადაუთეთრდა.
- იდა, - დავიწყე კარებშივე.
- შემოდი.
შევედი. ისევ იმ ოთახში.
- დაჯექი.
დავჯექი, იმ ტახტზე, სადაც წინა ზაფხულს ვიწექით... მინდოდა, პირდაპირ მეკითხა: "მერცია სად ცხოვრობს?" მაგრამ მომერიდა და ვკითხე:
- იდა... როგორა ხარ?
შემომხედა.
- ცუდად... ამხანაგი გარდამეცვალა... არ გაგიგია? შენ... შენც ხომ იცნობდი.
- ?!
- ...მერცია...
. . . . . . . . . .
- რა მოგივიდა? რა მოგივიდა? მანჯღრევდა.
ხელით მოვიშორე და ავდექი...
მანქანაში ვიჯექი.
ხელში გასაღები მეჭირა.
ვერ მოვახერხე მორგება. ხელი მუხლებზე დამივარდა.
თავით საჭეს დავეყრდენი.
- შენ ისევ აქა ხარ?
ავიხედე. იდა იდგა. დაღამებულიყო.
- ამდენი ხანი აქ რას აკეთებ... ცუდადა ხარ?
თავი დავუქნიე.
- ამოდი ჩემთან.
ავედი.
- როდის... მოხდა...
- ოცდარვა აგვისტოს.
- რა... მოხდა...
- სისხლის გათეთრება ჰქონდა. შარშან ზღვაზე იყო და პირველად იქ გახდა ცუდად... შარშან ამდროს საავადმყოფოში იწვა... მთელი თვე, მერე ისევ მომჯობინდა... კარგად იყო... იფიქრეს, დიაგნოზი შეეშალათო... მისი დაც ექიმია, ჩემი მეგობარი... და ახლა უცბად ისევ ცუდად გახდა...
- იცოდა?
- სისხლის გათეთრება... რომ ჰქონდა...
- არ ვიცი... არ უთქვამთ. მე მგონი, არ იცოდა.
- როდის გახდა ცუდად.
- არ ვიცი ზუსტად... თვითონ დაწოლილიყო საავადმყოფოში. - ერთი მეგობარი ადგა თავზე... უთქვამს, ტყუილად აფორიაქდებიანო, დედაზე და დაზე, და ბავშვი ისე დარჩებაო. სამი დღით ადრე შეატყობინა თავისიანებს... წყალს მოგიტან... ან ეგებ ეს დალიო. - რაღაც წვეთები შეანჯღრია.
წამოდგა, ფანჯარა გამოაღო.
ავდექი. მობრუნდა და გატანჯული ხმით მკითხა:
- შენ... გიყვარდა?
თავი დავუქნიე და გავიფიქრე: "მიყვარს".
სადღაც უცნობ ქუჩებში დავდიოდი მანქანით. ბოლოს ერთი მივარდნილი ქუჩის ბოლოს გავაჩერე. აქ რაღაც ქოხმახები იდგა და მერე ტრიალი მინდორი იწყებოდა. მთელ ღამეს წვიმდა. მანქანის სახურავზე ჩხრიალი გაუდიოდა. გათენებისას მოკუნტულს ჩამეძინა.
დილით შინ არავინ დამხვედრია. ჩემი პერანგი მოვძებნე, შატილში რომ მეცვა... გავშალე... ისევ ემჩნეოდა სისხლის წვეთები... სახეზე ავიფარე, ვაკოცე... მერე რაღაცაში გავახვიე და დავმალე. გარეთ გავედი. მეუცხოვა. დიდი ხანი იყო, ფეხით არ მევლო.
პლეხანოვზე ამოვყავი თავი... ნაცნობი მომესალმა... მაღაზიებში შევდიოდი... სკვერში ვიჯექი... ავტობუსით გავიარე რამდენიმე გაჩერება. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ შეიძლებოდა, ვინმე მოსულიყო და გამომლაპარაკებოდა... ლამის კრუნჩხვა დამმართნოდა ამის წარმოდგენაზე... წინასწარ აუტანელი სიძულვილით მძულდა ის ადამიანი. ალბათ კბილებით ჩავაფრინდებოდი ან დავახრჩობდი.
სადღაც სასადილოში შევედი. ერთი კათხა ლუდი დავლიე. გემო არ მიგრძვნია... გამყიდველმა რაღაც მომაძახა... ვიღაც ბიჭი დამეწია და ხურდა მომაწოდა. დიდხანს ვუყურებდი, ორი ქალი გასტრონომის ვიტრინას როგორ რეცხავდა გრძელი ჯაგრისებით... შუშაზე წყალი წურწურით ჩამოდიოდა... ბოლოს ერთი მომიბრუნდა. მერე მეორემაც მოიხედა. რაღაც მითხრეს. წავედი. მთავარი იყო, არ მეფიქრა... არც ერთი წამით... ო, ფიქრის გაჩერება რომ ყოფილიყო შესაძლებელი... სამუდამოდ. აფიშაზე ვიღაც ქალი ქარში გარბოდა. პალტოს საყელო ხელით ეჭირა...
ტროტუართან დავდექი. კაკუნი შემომესმა და მერე რაღაც ცივი ლითონი მაჯაზე შემეხო... გვერდზე გადავხტი. შავსათვალიანი მოხუცი კაცი, სახეზე მკვდრისფერი რომ ედო, ხელჯოხით გზას მოიკვლევდა. პატარა გოგოს გაეცინა. დედამ ხელზე დაარტყა და ბავშვი ატირდა... ისევ ავტობუსში ვიყავი... საბავშვო ბაღის გისოსებთან ვიდექი. ბავშვები უკვე შინ მიჰყავდათ... "ელენე!" მუხლებგადაყვლეფილმა პატარა გოგომ სწრაფად აიხედა. თითქოს ჩიტი აფრინდა. სწრაფადვე დახარა თვალები და მიწის ჩიჩქნა განაგრძო: "რატომ არ მოდიხარ? გელოდები!" ბავშვმა მხრები აიჩეჩა და ახალგაზრდა შავკაბიანი ქალისაკენ წავიდა.
ქაშვეთის წინ ამოვყავი თავი. ვიღაც გრძელთმიანი კაცი მომიახლოვდა. მთვრალი იყო. რაღაც მითხრა. თავით სახინკლეზე ვანიშნე და შევედით. რუსი აღმოჩნდა. დამისხა. დაისხა. რაღაცას ლაპარაკობდა. მერე გაბრაზდა. მაგიდას მუშტი დასცხო. ვსვამდით. ერთხანს ჩუმად იყო, მერე ისევ გაბრაზდა, ბოლოს ატირდა: ცრემლები ღაპაღუპით ცვიოდა არყის ჭიქაში. მშურდა. რაღაცა მკითხა. ვერ გავიგე. ეტყობა, ჩემმა შემხედვარემ რაღაც დაასკვნა და დამამშვიდა:
გაჩუმდა. ისევ დაუგორდა ცრემლები.
გამოვედით. შეღამებულიყო. ხელი გადამხვია.
მალე დავემშვიდობე. კარგი კაცი იყო.
თავი მისკდებოდა. მეგონა, სადაც იყო, ტვინში რაღაც ძარღვი გადამიწყდებოდა. მთელი ჩემი ფიქრები რაღაც შეკითხვებისაკენ მიექანებოდნენ. მაგრამ იქ ფიქრს ვწყვეტდი, და უკანვე მივერეკებოდი, თითქოს ძაღლების ხროვას ვფანტავდი ჯოხით.
ბნელოდა. ქალაქში სინათლეები ენთო. რუსთაველზე მივდიოდი. ვიღაც ნაცნობმა გამაჩერა. რაღაცას მელაპარაკებოდა. ჩავიცინე. ხელი ავუქნიე და წავედი. ტროლეიბუსში მოვხვდი. დავჯექი. ჩემ წინ ქალი წამოდგა და ჩასასვლელად გაემზადა.
"ლამარა!" - ისე დავიღრიალე, ყველამ მე შემომხედა. ერთად ჩავედით. ვეუბნებოდი, რომ საშინლად გამიხარდა მისი დანახვა, რადგან საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ ჩემზე... სასიამოვნო ნაცნობს რომ შეხვდები ამხელა ქალაქში - მთელი ამბავია! ხუმრობა კი ნუ ჰგონიათ, აი, რა კარგია, რომ სწორედ ის შემხვდა და არა ვიღაც ჯოჯო, მაგალითად, ჩემი მეზობელი...
ჩუმად მისმენდა და რამდენჯერმე დაკვირვებით შემომხედა. ამასობაში მის სახლსაც მივაღწიეთ. შემიპატიჟა.
ჩაი გააწყო. ვეუბნებოდი, რომ ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა მედიცინა, მაგრამ ვერასდროს ვერ მოვიცალე... რამდენი პრობლემა, რამდენი საოცრებები... მაგალითად, ხომ არ იციან სიმსივნის წარმომშობი მიზეზი ან, რა ჰქვია... პროსტატისა, ან თუნდაც ალერგია ავიღოთ...
უცბად გავჩუმდი და პირდაპირ ვკითხე:
- ლამარა, შეიძლება, სისხლის გათეთრებისაგან კაცი განიკურნოს?
- ყველაფერი შეიძლება, - მომიგო დამრიგებლურად, როგორც იცოდა, - თუმცა ჩვენ სრული განკურნების შემთხვევები არ გვქონია, საუკეთესო შემთხვევაში ვაღწევთ ხანგრძლივ რემისიას, მწვავე ფორმა გადაგვყავს ქრონიკულში... მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მხოლოდ შეზღუდულ ადამიანს შეუძლია, ამტკიცოს, რომ სისხლის გათეთრება, როგორც ასეთი, პრინციპულად მოურჩენელია. დღეს ასეა, ხვალ უკვე შეიძლება, საშველიც გამოჩნდეს... ჯერ ერთი, და მეორეც, ბევრი ასეთი "მოურჩენელი" ავადმყოფობიდან განკურნების ცალკეული შემთხვევა ახლაც არის აღნუსხული ჩვენსა თუ უცხოურ სტატისტიკაში და თითქოს ეს პაციენტები არაფერს განსაკუთრებულს არ მიმართავდნენ.
იცით, რა? ადამიანის ფსიქიკური მექანიზმი მაინც თითქმის შეუსწავლელია. ერთ მაგალითს გეტყვით: ერთი დეიდა მყავს, დიდი ხნის ქვრივი. მთელი ცხოვრება გაუთავებელ ბრძოლას აწარმოებდა თავის მაზლთან, რაღაც ბინის თაობაზე. ორი წლის წინ ცუდად გახდა. აღმოაჩნდა სიმსივნე საშვილოსნოში.
ყველა გამოკვლევისა და ანალიზის მიხედვით, რაც ჩვენს ხელთ არის, ვარაუდობდნენ ავთვისებიანს. დავაწვინეთ საავადმყოფოში, ოპერაციის დღეც დაინიშნა. იმ დროს გაიგო, რომ მის მაზლს საქმე თავის სასარგებლოდ წარემართა და ეტყობა, ბრძოლის ველზე მარტოდ დარჩენილი, გამარჯვებით დააგვირგვინებდა კიდეც.
დეიდაჩემს ეს ბინა თავისი ქმრის ობოლი ბიძაშვილისთვის უნდოდა, რომელიც თვითონ გაზარდა. ესე იგი, ის მისი გაზრდილი ბიჭი იმ მაზლის უფრო ახლობელი იყო, ვიდრე დეიდაჩემის. ამაზე მწარდებოდა. ერთი სიტყვით, გაიგო თუ არა, საქმე ცუდად არისო, გაალმასებული გავარდა საავადმყოფოდან - და ისევ თავით გადაეშვა იმ ბრძოლაში. ნახევარი წლის შემდეგ საქმე მოიგო და ბინა იმ ბიჭს დაუმტკიცეს. მივაკითხე და წავიყვანე ისევ ექიმთან.
წარმოიდგინეთ ჩვენი გაოგნება, როცა საშვილოსნოში არაფერი, ოდნავ საეჭვო წარმონაქმნიც კი აღარ აღმოაჩნდა. სიმსივნე იყო, თუ რაც იყო, მთლიანად გაქრა. თან იმხელა, რომ საშვილოსნო ქვასავით ჰქონდა თავის დროზე გამაგრებული. გეკითხებით, რა მოხდა? რით ახსნით? გულისხეთქვითა და ნერვიულობით ხომ შეუძლებელია, კაცი მორჩეს. პირიქით. ალბათ, მის დაავადებაში ამ გაუთავებელმა ნერვების წყვეტამაც ითამაშა როლი. მერე კი, იმავე გარემოებაში, ოღონდ ათჯერ უფრო გამწვავებულში - დაავადება საერთოდ გაქრა. ახლაც კარგად არის. აღარაფერი აწუხებს.
ხასიათს, ნერვიულ-ემოციურ ფაქტორებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: ხატოვნად რომ ვთქვათ, ისე ძლიერად იყო მთელი მისი არსება - დეიდაჩემზე გეუბნებით - რაღაც ერთი მიზნით შეპყრობილი და შემართული, რომ მისმა ორგანიზმმა, უბრალოდ, სხვა ვეღარაფრისთვის მოიცალა, ის სიმსივნე გადაავიწყდა. ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია. ასე რომ, მედიცინაში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. შეიძლება, კაცი სურდოთი გარდაიცვალოს და შეიძლება, მწვავე ლეიკოზისაგან განიკურნოს. დიდი სურვილი, ხასიათის სიმტკიცე ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი შეიძლება... ძალიან ინდივიდუალურია.
ვეღარ ჩერდებოდა და ეტყობოდა, ვეღარც გაჩერდებოდა. უცებ მკითხა:
- რატომ გაინტერესებთ? - და ყურადღებით შემომხედა.
- არა... მე ისე... დიდი ხანია, მაინტერესებს.
დავემშვიდობე და გამოვედი. დაკვირვებით მიყურებდა. შემოიარეთო. ალბათ, უკვე პაციენტებში ჩამრიცხა.
მივდიოდი. "რა სიკვდილის მხედარივით მოაგელვებდი", - ჩამესმა უცებ ელგუჯას სიტყვები. ნუთუ მართლა მე მივიყვანე მერცია იქ? ნუთუ იცოდა? არა! შეუძლებელია. ეჭვიც არა ჰქონდა. "მე მახსოვს, რომ დრო გადის", ეს ისე თქვა, ისე. "ამბრნი, უმბრნი და არაბნი ცხენს შესხდებიან ჩქარესა", - როგორ ჩაიგრიალეს "რ"-ებმა. "ვინ არიან ეს ამბრნი, უმბრნი და არაბნი"? "არ იცი? - ქაჯები და ეშმაკები. ყამარის მამის ლაშქარი. ყამარს ღრუბლებში ჰქონდა კოშკი". - "რა უნდოდათ?" "არ იცი?" "მართლა არ იცი? მართლა?".
ზარი დავრეკე.
- იდა, - ზღურბლზევე დავიწყე და კედელს მივეყრდენი.
- გეტყვი, - მითხრა ჩუმად და თან დაფარული ბრაზით. - ერთი კვირით ადრე, ვიდრე საავადმყოფოში დაწვებოდა, ჩემთან იყო და მკითხა, სად შეიძლებოდა შენი ნახვა... შენ მივლინებაში იყავი... მივეცი შენი და შენი ცოლის დეიდის მისამართი, ტელეფონის ნომერი. ვუთხარი, რომ სამსახურიდან იქ მიდიხარ ხოლმე... ძალიან ცუდი ფერი ჰქონდა, მაგრამ რომ ვკითხე, მითხრა, კარგად ვარო... მინდოდა, მაშინვე დამერეკა მისი დისთვის, მაგრამ რატომღაც აღარ დავრეკე... დარწმუნებული ვიყავი, აღარც კი ფიქრობდი მასზე... და რომ დაგენახა, თვალს აარიდებდი, როგორც შენ იცი, საერთოდ, ვიფიქრე, მივლინებაშიც იმიტომ წახვედი სასწრაფოდ, რომ რაიმე ზედმეტი სენტიმენტალური რეციდივებით არ შეწუხებულიყავი, შარშანაც ხომ თითქმის ამ დროს წახვედი მივლინებაში... ვიცოდი ეს ყველაფერი, მაგრამ იმას ხომ არ ვეტყოდი...
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. მართალი იყო. არასოდეს მსიამოვნებდა იმ ქალის ნახვა, რომელთანაც ნამყოფი ვიყავი. რატომ, არ ვიცი. მაგრამ მეგონა, ეს არ მემჩნეოდა... ხომ არ მიგრძნობინებია არავისთვის... თანაც მერცია რა შუაში იყო? განა იმიტომ წავედი მივლინებაში?
- ჩემი აზრით, შატილში საერთოდ იმიტომ წამოვიდა, რომ შენ ეგულებოდი... ერთხელ გნახა ჩემთან სამსახურში... - ხმადაბლა დაუმატა იდამ.
- სადა ცხოვრობდა? - მე თვითონ ძლივს გავიგონე ჩემი ხმა.
სულ სხვა ქუჩა დამისახელა. გაკვირვების ძალა აღარ მქონდა.
მოვბრუნდი.
- შემოდი, თუ გინდა, - მითხრა მომლბალი ხმით.
აღარ მივბრუნებულვარ.
"მერცი, რა ვქნათ ახლა მე და შენ, მერცი?" - გავიფიქრე უღონოდ.
ღამე იყო, სახლის კარი რომ შევაღე. ცოლი და ქალიშვილი სკამებიდან წამოცვივდნენ.
- სად იყავი? სად იყავი! არ შეიძლებოდა, დაგერეკა?! რატომ? რა ხდებოდა ამისთანა? ვისთან იყავი? რა სახე აქვს, ღმერთო ჩემო! იმის ღირსიც არა ვართ, რომ დამირეკო და მითხრა, არ მოვალო?!
- გაჩუმდი, - ვუთხარი და საძინებელ ოთახში შევეთრიე. გაჩუმდნენ. კართან გავჩერდი და საწოლებს შევხედე. აქ მეძინა ცხრამეტი წელიწადი. მეძინა. ენით აუწერელმა სიძულვილმა შემიპყრო ამ ოთახის დანახვაზე. ის ბოლო ღამე გამახსენდა ჩემს ცოლთან: უსურვილო, უვნებო, უსიყვარულო. ისეთი სიბილწის განცდა დამეუფლა, კინაღამ დავიღრიალე. აქ, ამ საწოლში მე არასოდეს არ მიხაროდა. მხოლოდ კმაყოფილება იყო, ჩვევა და სიამოვნება. სიხარული კი არასოდეს. ნუთუ თვითონ არ უნდა ეგრძნო? მაშინ თავში გამიელვა, რომ საერთოდ, უსიხარულოდ ცხოვრება ყველგან და ყოველთვის სიმახინჯე იყო, ავადმყოფობა და სიბილწე. ოღონდ ამ აზრს ვერც ახლა დავასაბუთებ.
გული მერეოდა. სიამოვნებით ამოვანთხევდი მთელ ჩემს ცხოვრებას, ჩემი ბავშვობისა და მერციას გარდა, ყველაფერს, რაც ასე წვეთ-წვეთად იყო ჩემში ჩაწნეხილი. ღმერთო ჩემო, ცხრამეტი წელიწადი კანონიერი მრუშობა. სანქციადადებული, ნაკურთხი, წმინდად შერაცხული ყველას მიერ და ბოლო ღამე - 31 აგვისტოს ღამე - როცა ის უკვე მკვდარი იყო და იწვა მარტო, თავისთვის. ყველაფერი შემზიზღდა. გამოვედი, რეზოს ოთახში შევედი, მის ტახტზე მივწექი და უაზროდ შევაჩერდი ჯაზის მომღერალთა უზარმაზარ აფიშებს. ერთ-ერთ მათგანზე სიბნელეში ახალგაზრდა ქალის ექსტატიურად გაფართოებული თვალები და სახის აქეთ-იქით ნერვიულად გაშლილი, გამხდარი თითები იყო განათებული. რეზოსგან ვიცოდი, ეს მომღერალი მარიხუანას დიდი დოზით მომკვდარიყო.
მალე რეზოც მოვიდა. წინა ოთახში რაღაც უთხრეს ხმადაბლა. ჩანთა კუთხეში ისროლა და გამგები ტონით გადმომიგდო:
- იჩხუბეთ?
- რეზო, - ვუთხარი ჩუმად.
- რა იყო? - გაკვირვებით შემომხედა და ფირფიტა ჩართო.
- არაფერი.
ვიღაც ქალი ამღერდა ინგლისურად, ძლიერი ხმა ჰქონდა, სასოწარკვეთილი, მაგრამ რაღაცნაირი მშრალი, სითბო აკლდა. ძალიან მძაფრი სიმღერა იყო: ისტერიული და გამოუვალი. სიკვდილი მოგინდებოდა.
- რას ამბობს? - ვკითხე რეზოს.
ფირსაკრავს ხმა ჩაუწია და მითხრა:
- მითხარი სად მიდის მატარებელი?
მე მინდა, წავიდე ძალიან შორს.
წამოდი, სიყვარულო,
წავიდეთ შორს,
იქ, სადაც ყველაფერი თავიდან იწყება.
რას ბრძანებთ? ეს ბოლო სადგურია?
ო, ბოლო სადგური ყოფილა,
ბოლო სადგური...
გამოვედი, არ გამიხდია, შუა ოთახში დივანზე დავეგდე.
დილით, ყველანი რომ საუზმობდნენ, უმისამართოდ ვთქვი:
- მივლინებაში მივდივარ. ბარისახოს რომ გავცდი, მანქანა გავაჩერე და გადმოვედი, იქ, სადაც მაშინ შევისვენეთ. მივედი, ხის ძირას დავდექი. ჭიანჭველები ხეზე მიცოცავდნენ. მერე ლოდთან მივედი. მერე მდინარის პირას.
ვიწრო გზაზე გამახსენდა, მე და ის ფარას რომ მივარღვევდით და გამეღიმა...
არღუნის პირას ცხენები ბალახობდნენ. მივედი იმ ჩვენს კუნაპეტივით შავ ცხენთან და კისერზე ხელი მოვხვიე. შემომხედა: უსაყვედურო, შემნდობი თვალებით. თვალებში ვაკოცე.
აღათო კოშკში არ დამიხვდა. ძლივს შევაღე "ჩვენი ოთახის" კარი. ფანჯარასთან დავდექი. გადავიხარე. კედლიდან გამოშვერილ სიპს შევეხე ხელით. ზედა ბალიში დავყნოსე. ნაბადი გავშალე ძირს და დავჯექი. ვეწეოდი. აღათო შემოვიდა. გადავეხვიეთ. გააბა დუდუნი... რომელიც სიტყვასა და სიტყვას შორის ყოველთვის მოულოდნელად და თან რიტმულად ჩაწყდებოდა ხოლმე, კლდესავით ჩაისხიპებოდა, ქვასავით ჩავარდებოდა: იქაურობაზე ჩიოდა.
უცბად გაჩუმდა და თვალები მოჭუტა.
- შენი ვარდისფერი ქალაი სად არის?
გული გადამიქანდა. დაუნახავს. იმიტომ გადაიხვეწა ის ორი ღამე.
- იმღერე, აღათო.
ფანდური აიღო.
- რაი გიმღერო? რაი გწადს?
- ხმით ნატირალი.
- რომ არ გიყვარს? შენ არ მითხარ, აღარ იმღეროო?
- იმღერე, აღათო...
"- ასმათ ჩამოვიდაა, ბელუქით
ძროხაი,
თან ჩამოჰყოლიაა ის შენი
ნანდობიი,
ადექი, გაჰყევიი იმ შენსა
ნანდობსაა,
არ გაგიჯავრდებაა, ჩემ შვილო,
დედაიი,
დედა