მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია და ახალ პლატფორმაზე გადასვლა. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 205 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

გულმწყრალად იყო შიოშ... ფანასკერტელთ გვარს არ მოსვლია ასეთი ბავთი. სიტყვა ვერ შეუსრულა ვერც მეფეთ მეფეს, ვერც თავის სასიძოს. მერმე თავად თამარ მეფემ შეურჩია სასიძო. ყვრიმალს ისრესდა თავადი. ყველამ იცოდა - ეს ზედმიწევნით სიბრაზეს ნიშნავდა.

შემკრთალმა მნათემ ათრთოლებული ხელებით ძლივს გაუღო საყდრის კარი. ქარდაკრული ასკილივით მოიხარა, გაატარა თავადი.

ყინწვისის საყდარი თითქმის დასრულებული იყო. აქა-იქ თუ აკლდა შელესვა, ან ქონგურების მოპირკეთება.

შიდა მხატვრობას კი სულ ცოტაღა აკლდა, მაგრამ მაინც იგი იყო შიოშ ფანასკერტელის გულისწყრომის მიზეზი.

აი ახლაც მოავლო თვალი საყდრის თაღებსა და კამარებს...

მადლიანი ოსტატის ხელითა და ყალმით იყო მოხატული საყდრის შინამო.

თავადი მოკრძალებით მოუბრუნდა მარცხენა კედელს. აქ მეფეთ მეფე თამარი იყო ნახატი თავისი გვირგვინოსანი მამაშვილითურთ.

თამარის ნება-სურვილითა და განძით აშენდა ყინწვისის ტაძარი, ხოლო ფანასკერტელის მიწა წყალზე იყო იგი. უმეტესი გარჯა და რუდუნი მან იტვირთა. მოკლე ხანში და მაღალშესაფერისად აშენება აღუთქვა მეფე მფარველს.

ახლა მოახლოვდა დადებული ჟამი, თითქმის დასრულდა შენება... მართლაც, ღირსეული ძეგლ-ტაძარი გამოვიდა... შიოშმა მაღლა აღმართა მზერა, ხარიხის ძელებს ააყოლა. ისევ შემოაწვა გულისწყრომა.

ჩრდილო სარკმელთ შუა მოუხატავი კედელი იყო დარჩენილი. თვალზე ლიბრად ედო შიოშს ეს სითეთრე.

- ეჰ, აღარ დასცალდა... ცოტაც გაეძლო იმ დალოცვილს!

მხატვარი მოიგონა შიოშმა.

სამი წელიწადი ხატა მან ყინწვისის კედლები, თითქმის დაამთავრა... და ეს რაღაბედენა იყო? მხოლოდ ერთი ანგელოზი აკლდა ყინწვისს. მაგრამ აქ სხვაც იყო ჯავრისა და გაჯავრების მიზეზი.

კადნიერი ფიქრი შეეჭიდა ფანასკერტელს, იმ ანგელოზის სახედ თავისი ასულის სახე ეწადა ეხილა კედელზე. მამის ერთასი, უკვე წამოზრდილი, უკვე დანიშნული, ალბათ, მალე სულ წასაყვანი ქალისა. მერმე რაღა დარჩეს ცოლშვილშემოცლილ მამას? აღარც კედელსურათი თავის ერთასი!

ჯავრს გულზვავობაც მოსდევდა ფეხდაფეხ.

ახლა ქორწილის თარიღიც მოახლოვდა. შემოდგომით მოუვა სასიძო; ხოლო საყდარი არც დამთავრებულია, არც ნაკურთხი.

- მერმედა, სად ვიშოვნო ეს მუნჯი ოსტატი? - ხმამაღლა ცხარობდა შიოშ. - რაღა მუნჯი გვიანდერძა მაინცდამაინც?

ჰოდა...სად იპოვნოს შიოშმა დარუბანდიდან არეზამდე გადაჭიმულ საქართველოს სამეფოში მაინცდამაინც მუნჯი, ყრუ-მუნჯი ოსტატი?

ხშირად სხვის მოწვევას ლამობდა შიოშ, მაგრამ მხცოვანი ოსტატის ანდერძი გარდუვალ კანონად ედო.

სასახლის კარზე აღზრდილს, თავადაც უყვარდა მხატვრობა, აფასებდა. იცოდა - ერთი სხვა ყაიდის კედელხატული სულ არევდა ასეთ .შესანიშნავ მხატვრობას...და მუნჯი მხატვრის ძიებაში იყო იგი.

მრავლად აფრინა შიკრიკები სრა-მონასტრებში. სხვადასხვა მხარეს მრავალი ოსტატი მოინახულა მისმა მოურავმა. სახელოვანნიც იყვნენ მათ შორის და მოწაფენიც, მაგრამ ყველა “მეტყველი” გამოდგა. ერთი იყო ოდნავ ენაბლუ, მუნჯი კი არსად ჩანდა.

... იდგა შუა საყდარში და ყვრიმალს ისრესდა შიოშ.

ამ დროს ვერვინ შეჰბედავდა მას, გარდა მისი ასულისა - ლელაისი

ენას ამოვართმევ, დავამუნჯებ... დავაყრუებ ვისმე! - ბობოქრობდა შიოშ.

საყდრის კამარები ყრუდ იმეორებდნენ მუქარას.

ამაზე უფრო გულზვაობდა შიოშ, ხმამაღლა ფიქრი იცოდა, ხოლო ამ დროს სიჩუმე უნდა ყოფილიყო ირგვლივ, აქ მუნჯი თაღებიც ეურჩებოდნენ, დასცინოდნენ, ენას იდგამდნენ და მის მწარე ნაფიქრალს ნიშნისგებით იმეორებდნენ.

თავის ხმასა და გულს ასკდებოდა გოროზი თავადი.

უეცრივ საყდრის კარი ხრიალით გაიღო და მოურიდებელი ფეხის ხმა მოესმა შიოშს. ისედაც ბრაზმორეული სახეზე კრუნჩხვამ გადაურბინა. ხარაჩოზე დაგდებულ ფუნჯს დასწვდა და გამეტებით მოუქნია შემოსულს.

მის წინაშე ლელაი იდგა. ასეთი ცქრიალა, გაზაფხულის თრიმლივით ჰაეროვანი, ამზიურებული თვალებითა და ნათელი ღიმილით გამშვენებული, დაუდგრომელი ხალისით სავსე.

თავი შეიკავა შიოშმა. ძლივს მოასწრო მოქნეული ფუნჯის შეჩერება.

- მოდის, მამი!.. შესძახა ლელაიმ და ყელზე ჩამოეკიდა.

- ვინ მოდის? ღჯუდ შეეკითხა მოხუცი და თვალი აარიდა თავის დაქალებულ, კეკლუც ასულს, ხარაჩოს ზემოთ “ცარიელ სითეთრეს" შეავლო თვალი. იქ, იქ სწადდა მას თავისი შვილის მარად უმჭკნარი სილამაზის კედელხატულის ხილვა.

ფანასკერტელთ გვარის უკანასკნელი ნაშიერი იყო ლელაი.

- ოჰ, დავამუნჯებ ვისმე... ენას ამოვართმევ!

შვილს გულში იკრავდა და თავისას შფოთავდა გულზვავი.

- იოვანე უტყვი მოდის.

იოვანე უტყვი ვინღაა? - თავის ერთას ცერა თითით წარბი გადაუსწორა მოხუცმა.

- მუნჯი მხატვარი! ვარძიაში მიუგნია მოურავს.

- დიდება შენდა ღმერთო! - პირჯვარი ისახა თავადმა. ხოლო გულზე შეჭიდებული სიბრაზის არტახი ისე უეცრად შემოაწყდა, რომ შებორგდა კიდევაც. სული შვებით მოიბრუნა და თავის ასულს ფეხმოჩქარებით გაჰყვა.

 

* * * * * * *

 

ყინწვისისაკენ მიმავალი საურმე გზა ძამას ხეობას გასდევდა ტყე-ტყე, მერმე ქედის კალთაზე აღმართს შეჰკიდებოდა.

შეფენილი ტყის მწვანე ბოლქვებიან ხალიჩაზე ქვემოდანვე გამოჩნდა ამაყად აზიდული გუმბათი.

უფრო ახლოს, მაღალ ფერდოზე შემდგარი გალავანიც ამოიმართა.

იოვანე უტყვი დაქვეითდა, გამყოლები და ჯორ-ცხენები წინ გაისტუმრა. ქვევიდან დიდხანს უმზერდა ყინწვისის გუმბათს.

უღრანის ბაცი და მუქი მწვანე ტალღებად მოჰყვებოდა მთის კალთებს. ოდნავ ჩადრეკილი უბის შუაგულში ვეება მიტრასავით იდგა თლილი ქვის, მოჩუქურთმული გუმბათი. ირგვლივ შეღრუბლული მზის სხივ-ზოლები შემოფრქვეოდა.

მუნჯ მხატვარს ჩახშული გული გაუღო გარემოხედმა.

სიამით აჰყვა საცალფეხო ბილიკს. ვიდოდა მსუბუქად, მაგრამ ნელა. მაღალტანს უფრო უჩენდა თალხი, ტერფებამდე დასული სამოსი. დინჯად მიარხევდა ყაითანშემოვლებულ წელს.

აღმართზე დასცხა მოსულს. გადაჩვეოდა ხანგრძლივ მგზავრობას.

შეაწუხა კუშტულიანმა წამოსასხამმა, გადიგდო კისერზე.

სახე გამოუჩნდა მხატვარს. ფერმკრთალ შუბლზე ნაადრევი ღარული დასდებოდა. სწორნაკვთოვან სახეს უმშვენებდა შავი, კისრამდე გადასული შეტალღებული თმა და ზომიერი ახალგაზრდული წვერ-ულვაში.

იოვანე მიუახლოვდა ყინწვისის გალავანს.

ბჭესთან შემოეგებნენ მწე-მხატვრები, უსტები, ხუროები.

ყველას სწადდა ეხილა მხცოვანი მხატვრის ანდერძით დათქმული - მისი საყვარელი მოწაფე.

თან ყველას შიოშის გულის მოლბობის იმედიც ჰქონდა.

ქალთა ჯგუფიც იდგა აქვე. ლელაიც შეხიზნულიყო მათ შორის.

იოვანეს არც შეუმჩნევია ხალხი. მან ჩუქურთმა შეამჩნია ბჭის თავზე.

ფოთლების ხლართში ოსტატურად იყო ჩაწნული სავსე მტევანი.

მოეწონა ნაკეთობა მხატვარს. ბჭის მოჩუქურთმულ ძგიდეს ჩააყოლა მზერა.

კარიბჭის შიდა მხარე შორენკეცებით იყო მოპირკეთებული.

ჩუქურთმის ქვედა წიბოსთან მზერა უნებურად შეაჩერა მხატვარმა.

ზედ მიყრდნობილ ქალთა ჯგუფის წინ საოცარი სხივის ასული შენიშნა.

განცვიფრებამ შეაჩერა. მას ყრუ-ბაგე დახშულს, იქნებ სწორედ ამიტომ უშუალოს, მუდამ უჭირდა თავისი გრძნობების დაფარვა.

ასულიც იდგა და ამზიურებული თვალებით მას უმზერდა, მას- შორიდან მოსულს, მარტოხელასა და სულ უსიტყვო მხატვარს.

ჩუქურთმაში ამოტვიფრულ ანგელოზად ეჩვენა იგი იოვანეს.

ჯერ შეტოკდა, მერე მიეახლა, ხელი წარზიდა. თითქოს არ სჯეროდა თვალისა.

გრძელი დახვეწილი თითებით შეეხო ლელაის მკლავს.

საჯვრე მარმარილოს შეხებია ასე ოსტატი!

ალბათ, მოულოდნელი სითბო იგრძნო, მკვრივი სირბილეც.

ფიცხლად შეკუმშა ხელი. უკუიღო.

ლელაი უფრო მიეკრო ჩუქურთმას, თითქოს შეეხორცა. თან გაკვირვებით უმზერდა მოსულსა და ქალური გუმანით ცხადლივ გრძნობდა უტყვის გაოცებას. ქათინაურებით განებივრებული, უსიტყვო ქებად იღებდა მხატვრის საქციელს.

იოვანეს კი არც ქალის ნებიერობა უგრძვნია, არც ხალხის ჩურჩული, არც უხერხული სიჩუმე.

მხატვრის უეცარ წარმოსახვაში - ლელაის ფარფატა ფრთები გამოესხა. ჭარბად ცოცხალი თავანკარა თვალები ოდნავ მიებნიდა, კენარი ტანი თალხ, ჰაეროვან სამოსში გამოეკვალთა და კედელხატულიდან ჩამოსული ანგელოზის სახით მოევლინა ყინწვისში მოსულ, ანდერძით დათქმულ მხატვარს.

სხვა ქალები ნელინელ დადრკნენ და ჩუმად შემოეცალნენ ლელაის. მასაც შეუმძიმდა მარტოდგომა... მოწყდა ბჭეს და წკრიალა კისკისით შესხლტა კარიბჭეში.

თითქოს გაფრინდა ანგელოზი, ასე მოეჩვენა ყრუ-მუნჯს. მანაც გადადგა ბიჯი, პირჯვარი გადაისახა და გალავანში შევიდა თავდახრილი.

 

* * * * * * *

 

დიდი კაკლის ქვეშ, ლორფინზე წამომჯდარი შიოშ ელოდა მხატვარს. იგი შორიახლოს იდგა და ტაძრის აღნაგობას შეჰხაროდა.

გამოცდილი თვალით ჯერ წახნაგიდან გახედა მაღალ შენობას, გარე კამარებისა დაკაბადონების გამოფარგვლის სიზუსტე და სიმსუბუქე შეაფასა, მერმე ირგვლივ შემოუარა. ზურგის ხედი გაუსინჯა. მხოლოდ შემდგომ შეხედა წინა მხარეს, მთავარ მისავალს, თვალი ჰკიდა გუმბათს. აშკარად ნაამებმა ხელებიგაშალა, თითქოს უბეში იხუტებდა მისი მხცოვანი მასწავლებლის უკანასკნელ ნაღვაწსა და...თავადი არც შეუმჩნევია, ისე შევიდა საყდარში.

ბურჩხა წარბები შეეკრა შიოშს.

- ამაყი და მიუკარებელი ყოფილა, - მოახსენა მოურავმა, - თუ არ მოეწონა საყდარი და მისი მოხატულობა, ხელს არ გააკარებს თურმე!

- არ მოეწონაო? - გაწყრა შიოშ. - ვით დაიწუნების ყინწვისი?!

წამოდგა, იხმო ლელაი და თავადაც შევიდა საყდარში. თავშიშველი იდგა მუნჯი. კედელხატულობასგატაცებით დასწაფებოდა. სიამის ნათელი დაჰფენოდა სახეზე.

ყალმის ყოველი მონაქნევი, ფერის ნაირსახე, ხატულთა იერი, ყველაფერი ზედმიწევნით ახლონაცნობი გრძნობითა და გონებით იყო გამთბარი.

მხცოვანი მასწავლებლის ყალამ-ფუნჯის ხაზ-მადლითა და ფერ-მარილით ეგულისხმებოდა. და თითქოს - ცოცხალ მოწაფესა და მიცვალებულ მასწავლებელს შორის უტყვი, მაგრამ მჭევრმეტყველი ბაასი წარმოებდა.

გული რომ იჯერა და იდინჯა მოწაფემ, ახლა აუჩქარებლივ, გულდასმით იწყო ყინწვისის ხატულ სამყაროში შესვლა, დამკვიდრება.

აქა-იქ შეამჩნია დაუმთავრებელი სახეები, განუხორციელებელი ზრახვები, განსაკუთრებით მარცხენა კედელზე, მეფეთა მხარის ზემოთ, სუდარისფრად გამოჩანდა მოუხატავი ადგილი.

ოდნავი ხაზების ფარგი ამჟღავნებდა მხატვრის განზრახვას.

ანგელოზის გამოსახვა სწადდა აქ მხატვარს, მაგრამ არ დასცალდა. თაბაშირი შეხმობოდა და ახლა მასწავლებლის სიკვდილით დალიბრული თვალივით ეჩვენებოდა მისი ფუნჯის მემკვიდრეს.

მოწაფემ გაუგო მასწავლებელს... იქნებ თავის გულის თქმასაც გაუგო?!

მიმოიხედა. გალავნის კარიბჭეს თუ დაძებდა. ვაზის ფოთლებში გახლართულ სავსემტევნიან ჩუქურთმას, თუ ჩუქურთმის ძირიდან აფრენილ ანგელოზს?

მხატვარმა ლელაი დაინახა. ტაძრის მისავალში სხვებიც იდგნენ, მაგრამ იგი მხოლოდ `ანგელოზს”ხედავდა. კვლავ შეაკვირდა და მერმე მისი ნატიფი სახე სარკმელთა შორის მოუხატავ ადგილზე წარმოიდგინა. შემობრუნდა კიდევაც, თითქოს მზერით მაღლა აიტანა. კედელს მიასახა.

შიოშ უსიტყვოდ მიუხვდა მუნჯს ზრახვას.

- ეს უტიფარი მუნჯი თვალმეტყველი ყოფილა! გულმეცნიერიც, - განზე გამდგარი შეჰყურებდა მხატვარს. ახლა არც იმაზე მოსდიოდა გული, რომ ახალმოსული ოსტატი აქამდე არ ეახლა მას - დიდ თავადსა და `ანგელოზის” მამას.

ოღონდ სურვილი შეუსრულოს, სურვილი.

ასეთ დროს მომთმენი და ლმობიერი იყო შიოშ.

იოვანე მიეახლა ლელაის, მდაბლად დაჰხარა თავი, ხარაჩოსაკენ მიიწვია ორივე ხელით.

ვერ მიუხვდა მუნჯს ლელაი. იქნებ უნებურად იმორცხვა. ტანში აიწურა, თვალები დახარა, ოდნავ შეკრთა.

მაშინ იოვანემ მეტად რბილად, მოკრძალებით ხელი ჩაჰკიდა მაჯაში და წინ, ხარაჩოსკენ წარსდგა ბიჯი.

ახლა კი გაწყრა ლელაი, იუკადრისა ასეთი საქციელი. მით უფრო მამის წინაშე. მაგრამ მამა სდუმდა. შვილსაც გაწყრომა სადღაც გულის მიღმა დარჩა, უჩვეულოდ გაინაბა და მიჰყვა მისულის ნებას.

შიოში კი გაკვირვებულად სდუმდა. არ მოუწონა მხატვარს ზრდილობა, უფრო მეტიც - უტიფრობად ჩაუთვალა. არც შეარჩენდა სხვას. მაგრამ ახლა სხვაგან იყო მისი გულისყური. აკვიატებულ აზრს შესჭიდებოდა. თავის წინაშე გამართლებაც კი მოუნახა მუნჯის საქციელს: “მუნჯის ენა - თვალი და ხელია! აბა რაღა უნდა ექნა ენადაკლებულს.

ეს კი მეტად ეამა, რომ მუნჯის ზრახვა ასე ზედმიწევნით დაემთხვა მისას. თავად ულამაზო იყო შიოშ ისედაც პირბუდაღა სახეს ახლა ბოლოსტიკეს ომში მიღებული ნაიარევი უსერავდა. ცხვირიც კეხიანი ჰქონდა, თან ნაყვავილევიც იყო. ჰოდა, შვილის სილამაზეს შეფრფენით აფასებდა. თვითონაც შეჰხაროდა და სხვებისაგანაც უყვარდა “თავის ერთას” სილამაზის აშკარად თუ ფარულად ქების მოსმენა.

ახლაც ხარობდა:

“ამ მუნჯ მხატვარსაც თუ ასე უეცრად ენიშნა, მე რაღა მეთქმის! ჭეშმარიტად ანგელოზის დარი ყოფილა ჩემი ლელაი!”

ხარაჩოზე ავიდა იოვანე, ლელაიც აიყვანა.

თავადის ასული მალული შიშით უმზერდა გოროზ მამას.

კიბის თავზე მობრუნდა მხატვარი, ლელაის ქვეგახედვას გააყოლა თვალი.

მხოლოდ ახლაღა შენიშნა შიოშ-თავადი. მიხვდა, ზრდილად სცა თაყვანი, ხელი შეუშვა ლელაის, მისი ვინაობაც ახლა გაარკვია, არ ეამა ეს გარემოება, მას, ბუნებით მანკიანს, არ უყვარდა ამ “მოლაპარაკე ქვეყნის” მხოლოდ ბედნიერ დაბადებით დიდნი.

- ჰეი, ჯეჯიმი, ბალიშები! გასძახა შინამსახურთ თავადმა.

უმალვე მიართვეს. საამო რბილსაჯდომი გაუმართეს ლელაის.

მხატვარს სამგზავრო კაბა არც კი გაუხდია, ისე შეუდგა საქმეს.

სარკმელთა შორის კედელს ძველი ბათქაში უმალ ჩამოაცალა და ახალ შემოქმედებითს ზრახვებსა და ოცნებებს მიეცა მთლიანად.

 

* * * * * * *

 

შიოშ ფანასკერტელს დინჯი ლაფშურით მიჰყავდა თავისი საღარი. გულდამშვიდებული მიეშურებოდა სასახლისაკენ, - ყინწვისის მოხატულობის

დამთავრება საიმედო ხელში ჰქონდა ჩაბარებული. ახალგაზრდა კი ჩანდა ოსტატი, უკმეხიც, მაგრამ მუნჯის თვალებში იმდენ “უცნაურ შინაგან რამე-რამეებს” გრძნობდა, რომ ბევრ რამეზე თვალებს ხუჭავდა და უყოყმანოდ ანდობდა “ყინწვისის ყველა ხატ-ანგელოზების გასრულებას.”

გვეძინეთის გავლის დროს მალემსრბოლი შემოეყარა. გრაგნილი მოართვა. სასიძო - ბერდა გვარელი შემოდგომისთვის შემოსთხოვდა და ნიშნავდა ქორწილს. უხვ მოსკითხავებსაც უგზავნიდა თავის დანიშნულს.

თავადმა სიამით მოავლო თვალი ძამას ხეობას.

ფერდობზე მკელები შეჰფენოდნენ მოწეულ ყანებს. სოფლებში აქა-იქ უკვე ლეწვა იყო გახურებული. ბაღებსა და ვენახებში მწიფდა ხილ-ყურძენი. აღარც შემოდგომა იყო ცხრა მთას იქით.

გული საგულეს ჰქონდა შიოშს. ურბნელს წინასწარ აცნობა ყინწვისის კურთხევის თარიღი. ქორწილის სამზადისსაც შეუდგა.

ყინწვისში კი ფიცხელი შრომა და ბერკეტბრუნვა დატრიალდა, ოწინარებით ეწეოდნენ დიდ ლოდებს, ამთავრებდნენ გალავანს, აპირკეთებდნენ სამყოფო შენობებსა და სადგომებს.

ხოლო იოვანე მუნჯი ბეჯითად და აღგზნებით ხატავდა, ამთავრებდა იმას, რაც აღარ დასცლოდა მის მხცოვან მასწავლებელს.

თავისადმი მეტად სასტიკი იყო იოვანე, შრომაში მუყაითი და დაუზარელი.

მხატვრობა ხომ ერთადერთი იყო, რაც აკავშირებდა გარემოსთან. მისთვის, დაბადებიდან ყრუ მუნჯისათვის, გარემოც იმდენად არსებობდა, რამდენადაც ფერთა და ხაზთა ნაირსახეობას შეიცავდა. ჰოდა, ჭეშმარიტად, მხოლოდ ხატვის

დროს ცხოვრობდა, სხვა დროს და სხვაფრივ - უსამარო მიცვალებულს ჰგავდა უფრო. ხოლო სიცოცხლე სწყუროდა ახალგახრდა მხატვარს, სიცოცხლე და შემოქმედება. . .

დღისით მცირე საყდარში მუშაობდა. აქ მთელი კანკელი და საკურთხეველი იყო მოსახატი. მთავარ ტაძარში კი თითქმის ყველაფერი მოითავა.

თავისი მხცოვანი მასწავლებლის სახეც კი დახატა მარჯვენა კამარის ძირში. მეხსიერებით დახატა, მთელი თავისი გონება და პატივისცემა შიგ ჩააქსოვა. ჩინებულიც გამოუვიდა, ოღონდ ცოტა მკაცრი და შინაგანად ჩათხრობილი.

როცა მზე ყინწვისის სამხრეთ სარკმელში შემოანათებდა და მისი შუქის ნართი ჩრდილო კედელზე დაწვებოდა, მაშინ სახე ეცვლებოდა ყრუ-მუნჯს. ხარაჩოსაკენ მიილტვოდა მოზიდული და შინაგანად ამაღლებული.

იცოდა ლელაი-ანგელოზი მოვიდოდა იქ.

ყრუსათვის მუდამ უეცარი იყო მისი გამოჩენა, თითქოს გუმბათის კამარიდან ჩამოფრინდაო, შემოკრთებოდა საყდარში, საგანგებოდ შერჩეულ სამოსში გამოწყობილი. ჩუმად ჩამოჯდებოდა ბალიშებზე და მხატვარს კედელზე გადაჰქონდა მისი ნაზი და სწორუპოვრად ნატიფი სახე-ტანი.

დიდხანს, დიდხანს უმზერდა ხოლმე მუნჯი თავის ანგელოზს. უხილავ ხაზებსა და სხივებს სწვდებოდა მისი თვალის კილოები, პირის უპეებში

უმჩნევდა ფარულ ღიმილსა თუ მოწყენას. წარბების თამაშში უმცდარად უგრძნობდსა შოშმინსა თუ დაუცხრობელ სურვილებს. ახლა კი მთელ თავის გრძნობასა და გამოუთქმელ განცვიფრებას აქსოვდა ფუნჯის მოსმაში მხატვარი.

დღითი დღე უფრო სწვდებოდა და ეთვისებოდა შემოქმედი ლელაი ანგელოზის არსსა და სახეს. დღითი-დღე ლელაის სახე სრულდებოდა კედელზე.

როგორც ყოველ ლამაზს, ლელაისაც უყვარდა სარკეში საკუთარი მშვენების ჭვრეტა, მაგრამ სარკეში მის წინაშე მუდამ ცქრიალა, ჭარბად ცოცხალი და თავნება ლამაზის ანარეკლი იდგა. აქ კი არა. აქ თავნებობა კდემამ შესცვალ.

ცქრიალი - მინაზებულმა დაოკებამ, დაუდგომლობა,  ოდნავ სევდამოცულმა  ოცნებამ.

მაგრამ, ჰოი უცნაურობავ, არც ერთ ხაზსა და ფერში დაჭერილი გრძნობა, არც ერთი ფიქრი არ იყო მისთვის უცხო. ლელაი აქ უფრო სცნობდა თავის თავს, ვიდრე ბრჭყვიალა სარკეში, ან ჩრდილსხივით შეფერადებულ წყაროში.

დანიშნული ქალი გამოცნობილ ამოცანასავით ხედავდა კედელხატულზე თავის გულის იდუმალ პასუხებს. ოღონდ ქვეშეცნეულად გრძნობდა, რომ მისი სახე და გული სხვის გრძნობაში იყო გატარებული, დახვეწილი და მარადიული

ცხოვრებისათვის ფერებსა და ხაზებში გამოვლენილი.

აქ მიწიერი ქალურობა ებრძოდა ანგელოზურ ზეციურობას.

ხშირად, არც უქმად იჯდა ლელაი, საქარგავი მოჰქონდა. თივთიკის მოყირმიზული ჩაბალახი... ყინწვისის ჩუქურთმის ნაყშიც კი გამოართვა მხატვარს. იჯდა და ოქრომკერდობდა ლელაი. დაიღლებოდა კიდევაც.

ერთხელ კი თავად ვერ გაიგო, ისე წასთვლიმა.

ხატაურ კატასავით ჩუმად შემოიპარა რული. ჯერ კალთაში ჩაუხტა, მერე ხელებს სწვდა. ახლა დახრილ თვალებზე ჩამოაფარა ურბილესი, ჭრელსიზმარა თათები.

იოვანემ უტია ხატვას, დიდხანს უმზირა პეპელას ფრთებივით დაწყობილ წამწამებს. მერე მიეახლა ნებიერად მიწოლილ ასულს და ჩუმად ეამბორა მის კალთას.

ასე წმინდანებს ეამბორებიან მხოლოდ.

არ გაუღვიძია ლელაის, ოდნავ შესწორდა, ჩაბალახი გაუვარდა ხელიდან. იოვანემ აიღო. ლბილი თივთიკისა და ყირმიზის ოქრომკედის საამოდ შემპარავი საამოდ შემპარავი ხაო იგრძნო. სითბო მოეფინა და უეცრივ, იქნებ თავისდა უნებურად, მხარზე გადაიგდო ლელაის ნახელავი. უმალვე შეკრთა, ისევ ჩაუდო კალთაში. მალული ფიქრი თუ გაუსხლტა ხელიდან. არ იცოდა ვისთვის იყო განკუთვნილი ეს ჩაბალახი. და, ვინ იცის, რა წადილი აფორიაქებდა ახალგაზრდა მხატვარს?

მეტი ვეღარ იმუშავა იმ დღეს, ბათქაში შეაშრა ხელში, ფუნჯიც შეუმძიმდა.

თუმცა გულმუყაითად იჯდა ხოლმე თავადის ასული, მაგრამ ზვიადი სიჩუმე

მაინც უმძიმდა დაუდგრომელ ლელაის.

სიჩუმე შემოქმედის სამყარო იყო, ლელაი კი სწორედ პირიქით ბუნებით მოკისკისე, მოძრავი და ფიცხელი იყო.

უბელო ცხენს მოახტებოდა, ტყეში გაიჭრებოდა უგზო-უკვლოდ.

უეცარ ყიჟინს დაჰკრავდა. დააფრთხობდა შინდის საკრეფად წასულ გლეხის გოგონებს. სიმღერაც უყვარდა და შუშპარიც. ეხერხებოდა და შვენოდა კიდევაც, იოვანე მხატვარი კი მუდამ მოკრძალებული და ქუფრად ჩუმი იყო.

ერთხელ ფანდურიც კი მოიტანა საყდარში. ერთობოდა. ხმადაბალი ღიღინიც კი შეუკიდა. მაგრამ არ ესმოდა სიმღერა ყრუ-მუნჯს.

უმზერდა მის მოღერებულ ყელს, ნებიერად შეპობილ ბაგეებს.

დაუმთავრებელ მთქნარებად ეჩვენებოდა მას სიმღერა.

თითქოს სადღაც სხვაგან იყო მისი ანგელოზი, არა აქ - მასთან, ხარაჩოზე, მხატვრის მაჯის ცემასთან და ფუნჯის მოსმასთან ერთად გრძნობისა და გზნების მხატვრული მთლიანობა ერღვეოდა მუნჯს. და კიდევ სხვა, ჯერ უცნობი გრძნობაც შეეხიწვა შემოქმედს. არც იცოდა, რომ ამას მეტყველნი, ჩვეულებრივ, იჭვს უწოდებენ ხოლმე. ვეღარ აიტანა, გამოართვა ფანდური და განზე გადაუდო.

არა უთქვამს რა ლელაის. განცვიფრთდა. ეს პირველად შეემთხვა, რომ მას დაუწუნეს დაკვრა, ღიღინი, მერმე კი ბევრი იცინა: ყრუ-მუნჯს ჩემი სახეც სიმღერა ჰგონია, ფანდური რაღას ეპიტნავებაო!

მეტი აღარ მოუტანია ფანდური ხარაჩოზე.

ხშირად გარედან ტაშ-ფანდურის ხმა სმენია ლელაის. გაპარვა განუზრახავს

აღერღილს. მის განზრახვას ყრუ-მუნჯი სახის ნაკვთებში თუ ამოუკითხავდა, ჩუმი მუდარით შეჰხედავდა, სანთელივით ჩაუქრობდა სურვილს. ფეხს აღარ მოიცვლიდა ლელაი.

ერთხელ კი ვეღარ გასძლო. იოვანე ფერებს ახამებდა. ხიტონსა და წამოსასხამს უხატავდა ანგელოზს, გარედან - საყდრის თაღებში, ცეკვა-თამაშის ხმა შემოიჭრა. ტაში მტრედივით შეფართხალდა მოხატულ კამერებსი.

ცდუნებას ვეღარ აღუდგა ლელაი, გარეთ გაიპარა.

ქალები მოსულიყვნენ, შინდის მკრეფავნი. ტაშ-ფანდურა გაემართათ გალავანში. ლელაიც შეერია მათ, დაუარა კიდევაც. სულ დაივიწყა: მხატვარი, ანგელოზი, დიდგვარობა. თავდავიწყებით შუშპრობდა, ალაღებდა ახალგაზრდულ ჯანსა და მოხდენილ ტანადობას.

შვენოდა ბაცი ცისფერი ხიტონი და ნამიან ფოთლისფერი წამოსასხამი. მსუბუქი სატერფულები დედამიწას თითქოს სულ არ ეხებოდნენ. ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ცეკვავდა მიწიერ სატრფიალო ცეკვას.

უეცრივ, უნებურად შემოტრიალდა. უხმოდ ეძახდა ვიღაც. შედგა. შემობრუნდა. საყდრის კარში იოვანე იდგა და მიბორკვით უმზერდა.

ცეკვის აზრს ვერ ჩასწვდომოდა მხატვრობაში გულმეცნიერი. საკრავის ხმა არ ესმოდა ყრუ-მუნჯს, ხოლო კილოს გარეშე ცეკვა უაზრო მანჭვად ესახებოდა. ხშირად შეჰყრია მოცეკვავეთ, მუდამ უფრო მწარედ უგრძვნია ობლობა. საერთოდ, მუნჯს თავის თავი უტყვად კი არ მიაჩნდა, არამედ, პირველყოვლისა, მარტოფიქრა ობლად.

ლელაიმ იგრძნო მუნჯის მარტოობა. შეეცოდა. უტია ცეკვას. საყდარში წაჰყვა ისევ. მაგრამ მეორე დღეს, ლელაი კვლავ რომ გაიპარა, აღარ გამოჰყოლია მუნჯი.

ამან უფრო შეაძრწუნა ქალი, ახალი, ჯერ განუცდელი, თავისებური კრძალვის გრძნობა შეეჭიდა. თავად მიაკითხა მუნჯს.

იგი კი გატაცებით ხატავდა ლელაის სახეს. თითქოს ლელაის ცოცხალ ნაკვთებს ეალერსებოდა, თვით ლელაი კი აღარც იყო საჭირო!

ეწყინა ლელაის, ხიწვად მოხვდა ეს მიხვედრა, თავად არც იცოდა - რად ეწყინა. გაბუტული ჩამოჯდა შორიახლოს, ლამაზი ტუჩები ჩაიკვნიტა.

მხოლოდ ხანდაყოვნებით შეხედა მას მუნჯმა, შეაკვირდა, ქალის ქუთუთოებზე წყენის ცრემლი შენიშნა. ხელად უტია ხატვას. ფარხმალივით დაჰყარა ფუნჯები. სველი ტილო ჩამოაფარა ბათქაშს.

განზრახ ნელა მუშაობდა მხატვარი. მეტად ფრთხილობდა.

გაბედული და მარჯვე ხელი ჰქონდა, სწრაფი და გაწაფული. მხოლოდ ანგელოზს ხატავდა ნელა, დაგემრიელებით. თითქოს მალე დამთავრებს ეშინოდა.

სველ ბათქაშზე ერთი მოსმის წესიც უარჰყო. ხელოვნურად ინახავდა ბათქაშის ნოტიოს. ფერების შეზავების უფრო საიმედო ახალწესურიც შემოიღო. კვერცხის გულს ხსნიდა კირნარევ ხსენში, ფერებს შეუხამებდა ზედმიწევნით, სურინჯსა და ვენეტიკურ სინგურს, ზურმუხტის მწვანეს და ლაჟვარდს, სპილოს ძვლის ნახშირსა და ყურძნის შავს.

რბილ, ფაქიზ ფერებს სთხზავდა, არას იშურებდა. ყველაფერს აქსოვდა, ანაცვალებდა ამ კედელხატულსთავის ნიჭს, გამოცდილებას, სურვილებს, უჩუმარ ფიქრებსა და ტკივილებს; მუნჯის გულისყურს, ყრუს თვალმახვილობას, ახალგაზრდა შემოქმედის შეუცნობ იმედებს.

კვერნის ბეწვის ყალმით უხატავდა თვალ-წარბს. სიასამურის ბეწვით უჩრდილავდა ოდნავ შესამჩნევ ფერთა თამაშს ტუჩებსა და ღაწვებზე.

ირმის ბეწვა ფუნჯებითა და ფუნჯუკებით უსევადებდა ხიტონის ქობებსა და ნაოჭებს, სატერფულების სირმებს. ჰინდური ღრუბლით ალბობდა პირშემშრალ ბათქაშს, ხოლო ბაღდადური თივთიკის ფარატინით ამშრალებდა ზედმეტ ნოტიოს. ნაკვთებ-ნაკვთებად უმატებდა ბათქაშს, ხშირად ჩამოფხეკდა ხოლმე, ხელახლად იწყებდა ხატვას.

დადგა სთვლისაი - ყოველ მხრივ გასრულდა ყინწვისი.

იოვანემაც დაამთავრა საყდრის მოხატვა.

ყინწვისის ანგელოზი გამოვიდა ყველაზე უმჯოსები და ნეტარქმნილი. მას შეჰხაროდა ყველა, ხოლო ყველაზე უმეტეს მისი შემოქმედი. იგი იყო მისი ცხოვრების სწორუპოვარი კედელხატიცა და კედელხატულიც.

ძველ ჩვეულებას უღალატა მხატვარმა, ანგელოზს თავისი სახელი მიაწერა,

დამშვენდა ასომთავრული ნახატს.

 

* * * * * * *

 

წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხა ურბნელმა საყდარი.

დიდად მოუწონა შიოშ ფანასკერტელის ნაღვაწი.

ხოლო ბერმონაზონნი თვალს ვერ აშორებდნენ ჩრდილო კედელხატულს.

შავი სახელოების მოფარვით ჩიფჩიფებდნენ:

“საოცარი, მაგრამ მეტად ხორციელ-მაცდურიც გამოსვლია ანგელოზი ახალგაზრდა მხატვარს!

თავადის ასულთან მსგავსებაც ხომ მეტად თვალსაჩინო იყო. ზოგმა მკრეხელობადაც მიიჩნია. ურბნელს შეასმინეს.

შორსმჭვრეტელი იყო ურბნელი, ბეცობა დაიჩემა. სულ ვერ შეამჩნია ანგელოზი. შიოშს ვერ შეჰბედეს ვერაფერი.

რთველიც მოითავეს. ქორწილის ჟამიც მოახლოვდა.

მალემსრბოლნი და მომკითხავნი გახშირდნენ.

მითქმა-მოთქმა და სამზადისი იყო შიოშის სასახლეში.

ყინწვისში კი იოვანე მუნჯი უწინდებურად მიუკარებელი და გარეგნულად მშვიდი იყო.

ყველაფერი გაათავა. მადლიანი ხელით და საქმით გაასრულა. მაგრამ წასვლას აღარ ჩქარობდა. არც არაფერი აწუხებდა, გარდა ერთისა - საყდრის განათვლის შემდგომ ყინწვისში ფეხი ამოიკვეთა ლელაიმ. მალე დაცარიელდა ყინწვისი. ყველანი იკაზმებოდნენ და სადღაც მიდიოდნენ ქვევით.

იოვანე ამჩნევდა, მაგრამ არავის ჰკითხავდა.

იქნებ მალული შიში და იჭვი აფრთხობდა მხატვარს.

გულის საოხად ახალი საქმეც წამოიწყო - ოქროვარაყიან მცირე ეტრატზე გატაცებით ხატავდა რაღაცას. არვის უჩვენებდა, თუმც არც ვის უკითხავს.

როცა გაასრულა მცირე ხატული, სასოებით დაახვია ეტრატი, აბრეშუმის ყაითანით შენასკვა და თავქვე დაეშვა.

ყინწვისში მოსვლის შემდგომ ამის მეტი არც გასულა სადმე.

შემხვდურნი თვალს აყოლებდნენ მხატვარს, ჰკვირობდნენ:

-  ყრუ-მუნჯიც თუ მიდის თავის ანგელოზის ქორწილში?!

ყველას აცვიფრებდა შავი მაყარი. გზას უტევდნენ კრძალვით.

შარაგზაზე გავიდა იოვანე. შუაში მიდიოდა, დინჯად და წელში ურხევად, თითქოს ხარაჩოზე ვიდოდა, ისე მისდევდა დამტვერილ გზას.

არც მოდიდებულ ძამას შხუილი ესმოდა, არც დოლაბების სრიალი, არც კაკლის ხეების ხმამრავალი შრიალი.

არც ის გაუგია, როგორ წამოეწივნენ მოჯირითე ცხენოსნები.

თორში ჩამჯდარი რაინდები მოაგელვებდნენ ცხენ-კეთილებს.

- ჰეჰეი! - შესძახა მეწინავე რაინდმა, ყველაზე ახოვანმა და სახიერმა. ყიჟინმა დაჰფარა მდინარის შხუილი, ხოლო რას მისწვდებოდა ყრუ-მუნჯის სმენას.

მხედარმა კისერი მოუდრიკა აქაფებულ ცხენს. გვიანღა იყო. ცხენმა მკერდი გაჰკრა ქვეითს, შარაგზაზე დაგორდა მხატვარი.

დაქვეითდა რაინდი, წამოაყენა დავარდნილი. შეათვალიერა გაკვირვებით:

- ხომ არ დაყრუვდი, ძმობილო? ბეწვზე გადარჩი!

იოვანე გაოგნებული უმზერდა რაინდს. ვერ გაეგო, რა მოხდა.

უეცრივ შეძრწუნება დაეუფლა მხატვარს. არა დაცემული ტანის ტკივილი, არამედ შინაგანი შეძრწუნება.

- დამუნჯდი კიდევაც?! - გაწყრა რაინდი. მერმე მცირე გრაგნილი შეამჩნია, შარაზე დავარდნილი. აიღო, მიაწოდა.

აზრმიუცემლად გამოართვა იოვანემ. გულში ჩაიკრა, თან თვალს ვეღარ აშორებდა რაინდს, მის დათორილ მკერდს. უფრო - მის მხარზე შილიფად მოგდებულ, მოყირმიზულ თივთიკის ჩაბალახს.

მისი ნახატობა და ნახელავობა იცნო მუნჯმა.

- ყრუ-მუნჯია, ყინწვისელი მხატვარი!

განუმარტეს რაინდს შემოსწრებულმა გლეხებმა.

იოვანემ კი იქნებ თვალებს არ დაუჯერა, ხელი შესტაცა ყაბალახის ყურს, რბილი თივთიკი და ოქრომკედი იგრძნო. ხელს, თავის ხელს კი ვეღარ გრძნობდა ოსტატი. სადღაც გულის სიღრმეში ბრმა ტკივილი იშვა. მერმე თვალი აეხილა ტკივილს. გათელილის გრძნობამ სასოწარკვეთილად აამოქმედა. ჩაბალახის ყურში თავისი გრაგნილი ამოუსკვნა, მკერდზე დაუსვენა რაინდს. თავისებურად მიხვდა რაინდი. ეამა. ხმამაღლა შეესიტყვა იოვანეს:

- ჩემს ლელაის მვართმევ შარაგზაზე დავარდნილ ყრუ-მუნჯ მხატვრისგან! - მხარზე დაადო ხელი, თანაგრძნობით მოუთათუნა, ქისაზეც გაიკრა ხელი, მაგრამ მხატვრის მეტყველ თვალებში ცივ ცეცხლს რომ შეასწრო მზერა, მამაკაცურმა გულმა აღარ უყო. ისევ ცხენს მოახტა. ჩორთით დასძრა. ლაღი, ბრწყინვალე მაყრიონიც თან გაჰყვა ჭენებით.

თემშარაზე მხოლოდ გადათელილ-გადამტვერილი “შავი მაყარი დარჩა.

გზა იკლაკნებოდა, ტორტმანებდა, თითქოს მაყრიონს მისდევდა უკან. მტვრის თეთრი ბოლქვები ქარგაკრული სუდარებივით იშლებოდნენ და იფინებოდნენ, დგებოდნენ და ისევ წვებოდნენ.

უძრავად იდგა იოვანე.

ბოლოს მობრუნდა, შეძრული ნაბიჯით ისევ ყინწვისის ბილიკს შეეხიზნა.

მწუხრის ჟამს, მასავით ჩათხრობილი და ყრუ-მუნჯი იყო ბილიკიც.

 

* * * * * * *

 

არ იცის იოვანემ რამდენმა დღე-ღამემ განვლო.

იცის მხოლოდ, რომ ახლა საღამოა. არა, უკვე მძიმე მწუხრი.

კაკლის ხეებს, კარგა ხანია, მოზიდული ჩრდილები დაეზვინათ, მერმე ძირს დადრკნენ ჩრდილები და ახლა უსხეულო, მიცვალებული დევებივით წვანან გალავანში.

გუმბათიც ჩაიბინდა. მუქი და მური წაიცხო.

ჩრდილმორეული ტაძარი წაფერდებულად ეჩვენებოდა იოვანეს. გალავანსა და სადგომებში მხოლოდ მსახურნი და ფარეშნი ფუსფუსებდნენ.

ერი საყდარში იყო შესული. ყველა დაგვიანებულიც იქით ილტვოდა.

იცის მხატვარმა, თავის თვალით ნახა მაყრიონის მოსვლა.

ჯვარისწერაზეც ურბნელი მობრძანდა. სტუმრებიც უამრავი იყვნენ.

ხოლო ჯვარსაწერად მოსულთ ვერ შეხედა, თვალი ვერ გაუმართა.

ვერც საყდარში შედგა ფეხი.

მაგრამ როცა მძიმე ბინდი ჩამოწვა, რაღაც უსაშველო მარტოობა იგრძნო. მარტოობასა და მარად სიჩუმეში იყო აღზრდილი. მაგრამ მასაც თავისებური, ჩახშული სიფაქიზე და მჭიდე გრძნობათა ლტოლვა გააჩნდა... მართალია, პირველყოფილ უშუალობით აღნიშნული, მაგრამ განწირულობით ალღომძლავრი. ცხოვრების სირთულე და ადამიანთა მოქმედების დახლართული მიზეზ-შედეგი ყრუ-მუნჯისათვის სულ ხშირად გაუგებარი რჩებოდა.

დაბადებიდან სმენადახშულსა და უტყვს, არც ერთი ნივთის, ფიქრისა თუ გრძნობის სახელი არ გააჩნდა. ძირ-ბირთვი ჰქონდა, ნაჭუჭ-კალაპოტი კი არა. ამიტომ მის ფიქრებსა და ლტოლვებს მუდამ შენივთულობა აკლდა. ამ ხარვეზს იგი ფერებითა და ხაზებით ავსებდა. თვით ასომთავრულსაც იგი კი არ წერდა, არამედ ხატავდა.

ამიტომაც ბინდი ღამე მისთვის ნამდვილი სამარე იყო.

ეს ღამე კი განსაკუთრებით ბინდად და შავად ეჩვენებოდა.

აღარც არსებობდა თითქოს. მხოლოდ გულის ძგერას, ტკივილამდე დასულ გულის ძგერას გრძნობდა.

უეცრივ ციცინათელა გაჰლანდა, ძლივსღა ბჟუტავდა იგიც, ჩაქრობას ლამობდა. შემოდგომის, ნათელწასული ციცინათელა.

იქნებ არც ციცინათელა იყო, არამედ სანთელანთებული ვინმე მლოცველი, ან მიფერფლილი იმედის უკანასკნელი ნაპერწკალი?

საყდრის კართან გაუჩინარდა სხივი.

იქნებ საბაბი იყო მხოლოდ. და აქ თუ გადაწყდა ყრუ-მუნჯის ბედი.

იგი ფიცხლად ადგა, სწრაფი ნაბიჯით მისწვდა კარს. ფიქრზე სწრაფად, რომ არ მოებრუნებინა ფიქრს. შევიდა საყდარში. კუთხეში მიდგა.

არვის შეუმჩნევია მისი შემოსვლა.

უამრავი ხალხი გატაცებით უმზერდა ჯვარდაწერილთ, უსმენდა ურბნელის ღაღადისს.

ჭაღის კელაპტრებით განათებულ საყდარში დაგუბებული ჩურჩული და საკმევლის სურნელი სუფევდა.

ჩრდილს დაეძებდა, კუთხეში იკრუნჩხებოდა იოვანე.

ასე გრძნობდა, თითქოს მას უმზერდნენ, ჰკილავდნენ და ჩრდილავდნენ მას - ჩუმსა და უძლურს.

ვერ გაუძლო, ხელები აიფარა სახეზე.

არ ესმის ყრუ-მუნჯს ურბნელის ზვიადი ღაღადისი, გუნდის გალობა. მხოლოდ საკმევლის სურნელი უთრთოლებს ნესტოებს და შორეულ წარსულს, მეხსიერებაში ღრმად დაშთენილ დედის კალთას იგონებს იგი.

მისი მთელი ცხოვრება ხომ ცხადად დანახული სიზმარი, ასიზმრად ნანახი ცხადება იყო. სიზმრები კი შიშნაკრავი იცოდა ყრუ-მუნჯმა; რარაც რომ მოაწვებოდა ყელში და იქ ურდულივით ჩაირაზებოდა.

ერთი სიზმარი - საზარელი კი განსაკუთრებით სდევდა მას. აი ახლაც თვალდახუჭული დგას მის მიერ შექმნილ მხატვრობის წინაშე. გაჩირაღდნებულ საყდარში, ხალხის წინაშეც... და ხედავს იმავ აკვიატებულ სიზმარს.

მიდის ანთებულ საკირეებს შორის. ცხელა, მეტად ცხელა. ალმური ედება. სიმწრის ოფლი ჩამოსდის.

საკირეებს ძირმწარე ალის ენები შებმიათ თავებზე. ზოგან უკვე ვარვარა ქვანაკვერცხლებად ჩაშლილან. ერთგან ფეხი ჩაუსხლტა დაბნეულს.

არა, ნიადაგი გამოეცალა ფერხთით. ახლაც დგას და ვეღარ გრძნობს ნიადაგს. ხელებს ასავსავებს. პირს ღაფავს რატომღაც. იქნებ ხმის ამოღებას, დაკივლებას ლამობს მუნჯი. მაგრამ ურდული უძევს ხახაში.

წამიც და საკირეში ჩაემხო თავდაყირა. უშქარი ძირმწვანე ალის ენები შემოესივნენ სხეულს. უშტი კბილები გაჰკრეს.

აი თავად ხედავს, როგორ ნახშირდება მისი მკლავი, ხელი, სხეულის ყოველი ნაკვთი. როგორ ვარვარებენ ძვლები, ნაკვერცხლებად იქცევიან.

საოცრად იკლაკნება ნასხეულები. იხვევა, შრება, კირქვავდება. ბოლოს ჩაქრა, გაცივდა საკირე. საკირეში ნიჟარა გაჩნდა, უბრალო ლოკოკინას ნიჟარა გაჩნდა, უბრალო ლოკოკინას ნიჟარა... ოღონდ ლოკოკინა არსად იყო, არც შიგ, არც გარეთ. მხოლოდ ნაჭუჭი, ცარიელი ნიჟარა.

საკირეს ცეცხლზე მზარავი იყო ეს საშინელი სიცარიელე.

თვალი გაახილა შეძრწუნებულმა იოვანემ.

ირგვლივ ღვთის გლახები, დავრდომილნი კიდევ იდგნენ გარეკიბეზე. შედგა იოვანე. მხოლოდ აქ, გლახაკთა მიჭუჭკულ სანთლების შუქზე დაინახა ადამიანთა ტანჯული სახეები, ტკივილებით დაღარულნი, სენით დამახინჯებულნი, სულით და ხორცით ღატაკნი და განწირულნი.

სიბრაზისა და სინანულის გრძნობამ ერთდროულად შეიპყრო იოვანე. უბეზე გაიკრა ხელი. მოაგონდა ოქროთი სავსე უბე, ნაამებმა შიოშმა რომ უწყალობა გასამრჯელოდ, ყინწვისის ანგელოზის საფასურად, ლელაის სახეხატის სანაცვლოდ... ისიც მოაგონდა, დამტვერილ გზაზე რაინდმა რომ ვეღარ შემოჰბედა ქისაკი, იდუმალი გრაგნილის ფასად.

ფიქრიც შეჰზარდა შემოქმედს. გადმოიბრუნა, გადმოიბერტყა უბე.

კიბეზე დაცვივდნენ ოქრო-ფლურები, დაგორდნენ, აწკრიალდნენ. არც ეს გაუგია ხელოვანს. ვით მწარე ნალექს, ისე იშორებდა შიოშის საფასურს. ვით მორიელის ბუდეს, ისე იჯიჯგნიდა ბუდეს. ფორთხავდნენ მის ფერხთით ხეიბრები, მათხოვრები. აცახცახებული ხელებით ჰკრეფდნენ შავი მაყრის მიერ ბოძებულ ოქროებს.

სიბრაზემ დასძლია იოვანე, ხელი დაავლო ერთ-ერთ ხეიბარს, აიტაცა, ახლო მოიზიდა, სახეში ჩახედა. მას უმზერდნენ ნატანჯი, მეტად მეტყველი, ზედმეტად მეტყველი თვალები. იოვანე ქვეშეცნეულად მიხვდა, რომ ეს ხეიბარიც მუნჯი იყო. და მუნჯის თვალებში საყვედური ამოიკითხა: “რას მერჩი, ამ კიბეზე შენს წინაშე მე ვფორთხავ, შენც ხომ ფორთხავ, სადღაც, იქნებ ცოტა მაღალ კიბეზე, ან იქნებ გზაზე. ჩვენ ყველანი გადათელილნი, განწირულნი ვართ და არ არის საშველი არსაით!

გველნაკბენივით უტია განზე იოვანემ, გარეთ გაიჭრა. ღამის წყვდიადს შეეხიზნა.

 

* * * * * * *

 

საარაკო ქორწილს უხდიდა შიოშ თავის ერთას. დიდძალი ხვასტაგი დაიკლა, მრავალი სადღეგრძელო ითქვა, უამრავი ღვინო შეისვა. ნელი, შებრუჟებული ტაატით ივსებოდნენ და იცლებოდნენ ვეება ყანწები და სამწდეურები. სიძეც სახელოვანი ჰყავდა შიოშს - ბერდა გვარელი, თვით მეფეთ მეფის თამარის არჩეული, პირმართალი ვაჟკაცი და უებრო რაინდი.

ახლაც შორეულ ლაშქრობაში მიჰყვებოდა თანატოლსა და თანშეზრდილ უფლისწულს. ნაქორწილევს უმალ უნდა დასწეოდა ლაშქარს.

თამარის ბრწყინვალე კარზე ხანმოკლე ყოფნისას გაიცნო ლელაიმ ბერდა. ნორჩები იყვნენ ორივე. მერმე ნიშნობაზე იყო ბერდა ძამას ციხეში, ახლაც ქორწილი.

ნაკლებად იცნობდა თავის საბედოს ლელაი.

ყინწვისიდან წამოსული მოაჭენებდა ცხენს. არად აგდებდა მაყრიონის ჩამორჩენას შიოშის თავნება პირმშო და ერთა.

ბერდა-რაინდის გამოცდაც სწადდა. ქოშის ქუსლი მალულად აკადრა ქურანს. ნახტომი უფრო გაშალა ფიცხმა, უფრო დაწინაურდა. მხოლოდ ბერდა-რაინდი მიჰყვა. შიოშმაც დასჭყივლა თავის საჭარს, შორიახლოს ძლივს მიაყოლა. მაყრიონმაც გამეტებით მიუშვა ცხენები.

მოგუგუნე სიმღერა კორიანტელივით მოგორავდა ჩაღამებულ შარაზე. გზაჯვარედინზე და მოსახვევებში მეჩირაღენი ხვდებოდნენ მაყრიონს. ლაპლაპა შუქზე ცხენოსნები უეცრივ ამოიტვიფრებოდნენ და სწრაფად ჩაიკეცებოდნენ ბინდბუნდში. ხმამაღალი ბანი და ჰუპუ რჩებოდათ უკან.

დაწინაურდნენ ლელაი და ბერდა. ქალს მოსწონდა რაინდის არული. ჯერ ცხენს უწონებდა მხოლოდ.

სასახლის წინ, ალაყაფთან, ცხენიდან ჩამოხტომა არ ისურვა ლელაიმ, არც შეაჩერა. უტიეს მეჩირაღეებმა. ბერდა-რაინდიც მიჰყვა. ცხენი დაუფრთხა მხოლოდ. მაგრამ მტკიცე მკლავით უმალ დაიოკა.

არც მაღალ კიბესთან ისურვა ლელაიმ ჩამოქვეითება. ოდესღაც მამას ხუმრობით თავის ქორწილზე სასახლის კიბეზე ცხენის ამოჭენება აღუთქვა. ახლა მოაგონდა, კიბეზე მიაგდო ცხენი, ზეშეაჭენა სულმოუთქმელად.

ნალებმა ცეცხლი დააკვესეს კიბის ხარიხებზე.

ოდნავ შეყოყმანდა ვაჟი. გოროზ სიმამრს არ სწყენოდა ასეთი საქციელი. ცხენმაც იხამა. გადასწყვიტა, მათრახი გადუჭირა ტაიჭს. ყალყზე შეაყენა, მარალკამარულით აახტუნა შუა კიბეზე.

კიბის მიღმა გადაცვივდნენ მეჩირაღენი. კიბის მაღალ თავთან მისწვდა ლელაის რაინდი, უმალ დაქვეითდა, თვითნებურად წელში შესტაცა ხელი და ძირს ჩამოსვა.

უმალ თაფლი და შარბათი მოართვეს მეფე-დედოფალს.

- კი შემისრულე მუქარა, ლელაი ჩემო, მაგრამ ღირსეული შეგახვედრე, არც ის ჩამოგრჩა! - როხროხებდა ნაამები შიოშ.

ვეჟო, გაგონილა ამ სიმაღლე კიბეზე ცხენდაცხენ ასვლა?! ზოგი ძლივს აფორთხდება ხოლმე ზედა, დაყვავებით სტუქსავდა სიმამრი სიძეს. გაგვიდიდგულდნენ ახალგაზრდანი, ლაღლა დროებამ უსწრო!

სტუმრებს “შესჩიოდა” გახარებული თავადი.

გათენებას, დაღამებას, ისევ გათენებას მხოლოდ მეჩირაღენი ამჩნევდნენ. აქრობდნენ და ანთებდნენ ჩირაღდნებს.

ლხინს ჯირითი მოსდევდა, ჯირითს ყაბახი. ან ისევ ღრეობა, შაირი და პაექრობა, შუშპარი და ფერხული.

ყველგან პირველობდა ბერდა-რაინდი.

ხელმოფარვით შესცქეროდა ლელაი და გულს თანთანად სითბო ეფინებოდა. უკვე ცნობისმოყვარეობაზე მეტი იყო ეს ჩუმი თვალთვალი.

ისიც შენიშნა ლელაიმ, რაინდიც მალულად უჭვრეტდა მას. უმალ თვალს გაარიდებდა კრძალვით, მაგრამ ამ წუთიერ შეხედვაშიაც ვაჟურ უტეხობას გრძნობდა ლელაი.

თავნება ასულს აკვიმატებდა ეს ჩუმი ზვერვა. მალული ქიშპობა იყო მათ შორის.

დღეები ვეღარ ივარაუდა შიოშმა. ბოლოს ყურში ჩააწვეთეს, შეახსენეს ლაშქრად მიმავლობა სიძისა.

მწუხრისას სუფრა გარეთ გააშლევინა, დიდი კაკლის ქვეშეთი ირჩია. მესაწოლე ფარეშთ ლელაის მოსვენება უბრძანა. სიძე მოიხმო, ბრაზნარევ ხრინწით უთხრა:

ცხენები დარახტული გყოლია უკვე. ხვალ ადრეულად დიდი გზა გიწევს, ვეჟო, ლელაისაც მტაცებ? ეჰ, ვაჟი შემრჩენოდა კიდევ. ... სიტყვა აღარ დაამთავრა, სანთლის არაყი მოატანინა, დაალევინა სიძეს.

შენთვის გამიზრდია ანგელოზი. მჩაგრავ მოხუცსა და ისაა, იცოდე, შენც მოხუცდები, ვეჟო! - ცრემლი გადმოაგდო ნამთვრალევმა მოხუცმა.

იმორცხვა რაინდმა, თავი დაჰხარა, უფრო შეწითლდა, ისედაც ნაღვინევი. გულის წადილმა მაინც დასძლია ვაჟი, სასახლისაკენ გაეპარა თვალი.

შიოშმა ბაღდადით მოიწმინდა ნაიარევი შუბლი, ულვაშებზე გადაისვა ხელი, გადაჰკოცნა რაინდი, მერე ყურში დასწვდა, აუწია ყური და ჩუმად დაითხოვა სუფრიდან. თავად ჩაუდგა სუფრას თამადად. ვეება ყანწები, ფანასკერტელთა საგვარეულო ყანწები მოატანინა მსახურთ.

 

* * * * * * *

 

ფარეშმა მიაცილა და ზედ ქორწილ-დედოფლის კართან ჩაუქრო ჩირაღი. დაკაკუნება არ იკადრა რაინდმა. იცის - ათასი საუკნიახო ყური და თვალი აქვს ტალავერს, კიბეს.

დედაბრები, გამზრდელები, ძიძები - ”ხელის მადლს მოსთხოვენ, პირის ნახვისა, სასთუმლის გაშლისა, ძილის ტეხისა” და ათასი სხვა საჭოჭმანო და ორჭოფული მიზეზის გამო. ჩუმად მოსწია კარსახელური, მაგრამ კარი შუაჩანგლით აღმოჩნდა ჩაკეტილი შიგნიდან. ვაჟმა ხანჯლის შვილი შეაპარა კარსა და კარს შუა, ამოაგდო საკეტი. ახლა ჯიბეზე გაიკრა ხელი, მარჯვნივ და მარცხნივ გადაჰყარა ოქროს ფლურები. თავად კი უფლებამოსილის გრძნობით შეაღო კარი. შევიდა ქორწილ-სარეცლის სადგომში და შიგნიდან ისევ ჩააგდო ხანჯალი. ფუსფუსი და კიბეზე ფორთხვის ხმა მოისმა გარედან.

ძლივს დადინჯებული მოუთმენლობით შემობრუნდა ბერდა-რაინდი. ერთადერთი სანთლის შუქბინდზე იხილა ლელაი. გახევდა. მის წინ ყინწვისის ანგელოზი იყო. სკამ-ლოგინზე ჩამომჯდარი, იმავ სახით, იმავ სამოსში. საყდარშიაც შეამჩნია ეს მსგავსება. მხატვარი მოაგონდა მაშინ, გზაზე დავარდნილი მხატვარი.

ვაჟის გულმა მისნურად იგრძნო, რომ აქ მარტო მუნჯი ოსტატობა როდი იყო ჩაქსოვილი. ერთ წუთს თავად დაიბნა, ვერ გაეგო, მის წინაშე მხატვრის ნაოცნებარი წმინდანი იყო, თუ ფანასკერტელის თავნება ასული.

ქალმა კი იწყინა ვაჟის ასეთი უტიფარი შემოსვლა. პირი იბრუნა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ვაჟმა გულისყური არ ათხოვა, მოუთმენლობდა, ეჩქარებოდა, სხვა რომ არა იყოს რა, ხვალვე უნდა დასწეოდა სალაშქროდ წასულ თანატოლთ.

პირველი სიტყვა მაინც მოებორკა ბერდას. ბედად ყაბალახის ყურში შებმული გრაგნილი მოაგონდა. მიაწოდა.

ლელაი ჩემო, გზაზე დავარდნილმა ყრუ-მუნჯმა მხატვარმა მოგართვა.

“იოვანე მუნჯმა?

ფიქრმა უკბინა ლელაის. ამდენ ხანს არც მოჰგონებია მხატვარი, ახლა კი ეტკინა ეს “გზაზე დავარდნილი”.

გამოართვა გრაგნილი. გაშლა სწადდა, სანთელს მოავლო ხელი.

უეცრივ ვაჟის მძიმე, მაგარი ხელი დაედო მაჯაზე, სარეცელისკენ მიჰზიდა. ლელაიმ თვალი დახუჭა. არა, ეს რბილი, მოკრძალებული ხელი აღარ იყო, შინაგანი თრთოლვით შეძრული ხელიშემოქმედი, ხარაჩოსკენ რომ მიჰზიდა ყინწვისში. არამედ მძიმე, მაგარი, ნება-მტკიცე. ცოტა უტიფარი, ვაჟური ხელი იყო, და თითქოს ყოველივე ამის გამო უფლებამოსილიც.

გრაგნილი გაუვარდა ლელაის.

გადახრილი სანთლის ნალხვობიც დაეღვენთა იატაკს. ჩაქრა სანთელი. იატაკზე საკინძის ღილაკებიც დაცვივდნენ ზედიზედ. იუკადრისა ფანასკერტელის ფრთამ ასეთი საარაკო უტიფრობა. მაგრამ ბნელაში თითქოს მამის სიტყვები იყო დარხეული:

“კი შემისრულე მუქარა, ლელაი-ჩემო, მაგრამ მეუღლეც ღირსეული შეგახვედრე.”

ლელაიმ იგრძნო, რომ აწ კიბეზე ვეღარ ამოაჭენებს ცხენს. მისი და ყინწვისის ანგელოზის გზებიც გაიყარნენ. ესუსხა ლელაის. სადაფის ღილაკებს ცრემლებიც მიჰყვნენ.

ქორწილ-სარეცელისაკენ ლტოლვისას ვაჟმა დავარდნილ გრაგნილს ფეხი დააბიჯა. უცაბედად დათელა გრაგნილი, არც გაუგია, ისე დათელა.

ომახი, მკერდსავსე ფშვინვა ესმოდა ლელაის. გვერდით დაყუჩებულ სხეულს გრძნობდა. ალბათ, დიდი დრო გავიდა. არ ეძინა, თვალი მიელულა ლელაის. სარკმლის ლანძვებში სავსე მთვარის სხივი ჩამოიღვარა. ლელაიმ სხივს გააყოლა თვალი.

სხივი იატაკზე დაგდებულ გრაგნილს დაადგა.

ჩუმად ადგა ლელაი. აიღო გრაგნილი. აბრეშუმის ყაითანის შეხსნა, სარკმელთან მთვარის შუქზე გაშალა.

ყინწვისის ანგელოზი ეხატა გრაგნილზე და იქვე ქვემოთ, ანგელოზის ფერხთით-მუხლმორთხმული მლოცველი, კელაპტარით ხელში. სხივი მხილოდ გაფითრებულ შუბლსა და ზომიერ შავ წვერ-ულვაშს უჩენდა მლოცველს.

იცნო იგი ლელაიმ. ისევ ეტკინა გული., იმდენი მუდარა იყო ამ ხატულში, უტყვი, გამოუთქმელი მუდარა.

ლელაიმ მალულად გადახედა ნებიერად მძინარე ბერდას.

მთვარე ჩაიბუბნა ღრუბლებში. სარეცლის ბინდში ბერდა ვერ გაჰლანდა ქალმა, ფშვინვა კი ისმოდა. მკერდსავსეც და ომახიანიც. რაღაც უცხო და გამომწვევი იყო ამ ნებიერ ფშვინვაში. გრაგნილს კი უტყვი გმინვა ასდიოდა.

უეცრივ გარდუვალი სურვილი შეეჭიდა ლელაის. უკანასკნელად ყინწვისს ასვლის სურვილი. თუნდაც წუთიერად, ძველებურად მყუდროდ მიჯდომა და ოცნება მომავალ რაინდზე. თავისი მოყირმიზული ოცნება შეეცოდა ლელაის. იგრძნო, ყველა ოცნება იქ დარჩა, ალბათ, ყინწვისის ანგელოზს, მას კი ქალის განწირულობა შერჩა, ტლანქი სინამდვილე, ფრთაშეკვეცილი თავისუფლება.

ოჰ, უნდა ავიდეს ახლა, ახლავე! ხვალ დილით უკვე ქმარს გაყვეს უნდა. ვინ იცის, როდისღა ნახავს ყინწვისის ანგელოზს? საერთოდ ნახავს კია? დიახ, მხოლოდ ანგელოზი ამოძრავებს. მხოლოდ მისი ნახვა სურს შორს წასვლისას, მხოლოდ მისი.

აქ რაღაც ბზარი იყო. ირწმუნებოდა და არცთუ სჯეროდა თავისი. ხელად მოემზადა. შეისწორა ოდნავ დათენთილი “ყინწვისის კაბა, “ მოიგდო ქმრის ნაბადი და ჩაბალახი. გრაგნილი ისევ აიტაცა და ჩუმად გავიდა დერეფანში.

აქა-იქ სთვლემდნენ დაღლილი გადიები, შინამსახურნი.

ქალნაბადოსანი უკანა კარით გასხლტა თავლისაკენ.

არავის გაუგია მისი გამოსვლა.

აქა-იქ ბჟუტავდნენ ჩირაღები. სთვლემდნენ გადამთვრალი მეჩირაღენიც.

კაკლის ქვეშ კიდევ ღრეობდნენ საკინძეგახსნილი ბერი-პაპანი შიოშ-თავადი ღვინოში ახრჩობდა მამის ერთას გათხოვების წუხილ-სიხარულს.

თავლასთან ლელაიმ დარახტული ცხენი დაჰლანდა. მისწვდა, მიეალერსა, მიუშვა ცხენმა. უტია ქერის ხრამუნს, მოიღერა კისერი, ქალის მკერდს შეახო ნესტო. მიყუჩებულმა ჟრჟოლამ გადაურბინა ქალს. ვაჟის თავნება ხელი თუ შეახსენა მკერდმა, ბერდას ცხენი იცნო ლელაიმ. ეამა და არც ეამა. ცხენს მოსართავი შეუჭირა, ლაგამი ამოსდო. ჩუმად გადაიყვანა უკანა ბილიკზე. შეჯდომისას უჩვეულო სიმძიმე იგრძნო. ძველებური სისხარტე აღარ იყო წელში და მუხლებში. ვაჟური უნაგირიც ეხამუშა.

ცხენმა თავი მოსტაცა, ღობეებს გადაევლო. თავბრუდახვეულმა ლელამ ძლივს მისცა არეულს საჭირო გეზი.

გრიგალივით მიჰქროდა ცხენი. უკან ჩამორჩა მიძინებული ციხე, სოფელი. სმენის მიღმა გასხლტა ძაღლის როყიო ყეფა. ბოგირის ძელებზე ფლოქვების ხმიანი კიბეზე დაგორებული დოლივით დაგუგუნდა. გახელებული საბრძოლო ცხენი ქალმა ძლივს შეაბრუნა საყდრისაკენ. აღმართზე მიუშვა. აქ კი დაიოკა ცხენი. მიაღწია გალავანს. მიაბა გალავანს. მიაბა იქვე. ჩავიდა გალავანში ჩავიდა. არც იქ შეხვედრია ვინმე. საყდარს მიაშურა.

კურთხევის შემდეგ, არც დღე, არც ღამე არ იკეტებოდა საყდარი. მაგრამ ფართოდ გაღებულ კარს მაინც არ მოელოდა ქალი. “შიგ არ იყოს ვინმე მლოცველი?” გაიფიქრა, ნაბადში გაეხვია, სახე იფარა და ჩუმად შევიდა.

ყინწვისის ანგელოზის ფერხთით, კელაპტრით ხელში იდგა მუხლმორთხმული

მლოცველი. სხივი მხოლოდ გაფითრებულ შუბლსა და ზომიერ წვერ-ულვაშს უჩენდა.

იცნო მლოცველი ლელაიმ. ხოლო ეს ვერ გაეგო, გადათელილ გრაგნილს

უმზერდა, მთვარის შუქზე განათებულს, თუ სინამდვილეს, ყინწვისის წიაღში შემთხვევით შესწრებულს.

დიდხანს იდგა ლოცვად ყრუ-მუნჯი. არც ირხეოდა. პირჯვარს ისახავდა მხოლოდ. იქვე ახლოს, თაღის ბინდქვეშ, იდგა ლელაი. ხელთ გრაგნილი ეპყრა შეძრწუნებულს. იდგა და ვერ დაერღვია ზვიადი სიჩუმე.

უეცრივ შეირხა მლოცველი. წამოდგა. კელაპტარი შემართა.

ლელაიმ მხოლოდ ახლა შეამჩნია სარკმელთან მიყუდებული კიბე. ზედ ფეხი შედგა იოვანემ. მარჯვენით დასწვდა ქილაკში ჩაწებულ ფუნჯს.

ავიდა კიბეზე. მისი ჩრდილი შავად დაედო ყინწვისის ანგელოზს. ჩრდილს ანთებული კელაპტარი ეპყრო და ფერმუქი ფუნჯი.

კრიჭა შეეკრა ლელაის. მიიჭრა კიბის ძირს. იქნებ სანთელს ჩამოეღვენთა

ცხელი წვეთი, იქნებ ყრუ-მუნჯის ღაწვებზე დაგორებული ცრემლი იყო?! ლელაიმ არც იცის. იცის მხოლოდ-რაღაც ცხელი, მდუღარე დაეცა ზემოდან. ღაწვი დაუმდუღრა, ლოყას ჩამოჰყვა, პირის უპემდე ჩამოაღწია. იქ შედგა წვეთი, სადაც გაღიმებისას მცირე ორმული უთამაშებდა ლელაის.

არ მოიწმინდა ლელაიმ უცხო ცრემლი. მისი მიერი ცრემლი იყო, მისი მიერი. რა მოიმოქმედოს ქალმა? ფუნჯი აშინებს. ხელი თუ აღმართა შემოქმედმა?! კიბე გამოუშალოს. მიწაზე დაამხოს, დაანარცხოს მუნჯი!

ვერა, ვერ შეჰბედა ხელის შეშლა. საშინელი სიცხადით იგრძნო, რომ ყინწვისის ანგელოზი მხოლოდ ყრუ-მუნჯ შემოქმედისა იყო. მხოლოდ და მხოლოდ. ალბათ, ერთადერთიც, რაც ოდესმე მას გააჩნდა უძვირფასესი.

დახუჭა თვალები და კიბის ძირში ყრუდ აქვითინდა ლელაი. წასვლას ლამობდა, მაგრამ ფეხი ვერ დაძრა სიმწრით მოქანცულს. მალე ფუნჯი ჩამოვარდა ზემოდან. მუქრუხი ლაქა დააჩნია იატაკს. “მაშ გათავდა - აღარ არის ანგელოზი? შეტორტმანდა ქალი, ზევით აიხედა. არა! ყინცვისის ანგელოზი, მიბინდული სილამაზით, ისევ უმზერდა ლელაის. უფრო მიმზიდველი მოჩანდა იგი. მხატვარს ახლა მუქი ზოლები ჩაეყოლებინა აშლილ ფრთებში. გარდა ამისა, მუქ-რუხი აშიით, ქვედა კიდეში, თავისი სახელი წაეშალა.

აღარ იყო მოხდენილი ასომთავრული.

დახუჭა თვალები და კიბის ძირში ყრუდ აქვითინდა ლელაი. წასვლას ლამობდა, მაგრამ ფეხი ვერ დაეძრა სიმწრით მოქანცულს. მალე ფუნჯი ჩამოვარდა ზემოდან. მუქრუხი ლაქა დააჩნია იატაკს. “მაშ გათავდა - აღარ არის ანგელოზი? - შეტორტმანდა ქალი, ზევით აიხედა. არა! ყინწვისის ანგელოზი, მიბინდული სილამაზით, ისევ უმზერდა ლელაის. უფრო მიმზიდველი გამოჩნდა იგი. მხატვარს ახლა მუქი ზოლები ჩაეყოლებინა აშლილ ფრთებში. გარდა ამისა, მუქ-რუხი აშიით, ქვედა კიდეში, თავისი სახელი წაეშალა.

აღარ იყო მოხდენილი ასომთავრული.

მიხვდა ლელაი. თავის გული და სახელი გასწირა შემოქმედმა, ოღონდ ლელაი ვერ გასწირა მაინც. მხოლოდ ახლა იგრძნო ქალმა, ვით განუზომელად მაღლა დგას მუნჯი შემოქმედი მასზე, ბერდაზე, შიოშზე, სხვებზე ადამიანური სისპეტაკით, რაღაც პირველყოფილი სულგრძელობითა და სიფაქიზით. მუხლი მოირთხა ფანასკერტელის ასულმა. ასე დაელოდა.

არც შებრუნებულა, ისე ჩამოვიდა კიბეზე მუნჯი. ახლა ქვევიდან შეხედა კედელს, სადაც მან ასეთი სასოებით გამოჰხატა ასული, რომელსაც უშურველად მიუძღვნა მთელი თავისი ნიჭი, ძალა, გულის სიმხურვალე და ოცნების სითბო.

მაგრამ იქ, მართლა, ვერაფერს ხედავდა იგი. იქ რაც იყო, მისი აღარ იყო. აღარ იყო მისი. ყველას ეკუთვნოდა. იქნებ უკვდავებასაც! მას კი მოკვდავს, შემოქმედს აღარ და აღარ!

შავი, სამგლოვიარო აშია ასევადებდა ანგელოზის ფრთებს, შარავანდედს, ტერფებს, და რაღაც ფერთა თუ ხილვათა გაუგებარი თამასის გამო, ეს სიშავე დიდ, პირღია, ცარიელ ნიჟარად მოეჩვენა იოვანეს. კელაპტარი შეუტოკდა.

კედელხატულებიც შეტორტმანდნენ კამარებზე. თავი ჩაღუნა, თვალებზე ხელი იტაცა მუნჯმა. სახე აღარ უჩანდა, თითქოს კელაპტარი ადგა მხრებზე. იქნებ თავად კელაპტარივით იწვოდა მხატვარი.

ამ დროს ხელი შეეხო მას.

შეკრთა ყრუ-მუნჯი. მოიხედა. მის წინაშე ყინწვისის ანგელოზი იდგა. დიახ, მის მიერ დახატული. შავი აშიიდან თუ ჩამოდგა, კიბეზე ჩამოვიდა და მისი შემოქმედის წინაშე წარსდგა, სევდიანი და უსაშველოდ მიმზიდველი.

შეკრთა მხატვარი, ღრმად ჩახედა თვალებში “ანგელოზს”. სულის ფსკერს თუ ჩასწვდა.

ვერ გაუძლო მზერას ფანასკერტელის ასულმა, თავი ჩაღუნა,  მაგრამ თვალმისანი მხატვრისთვის, გულმეცნიერი შემოქმედისათვის, ან უფრო უსასო მიჯნურისათვის სრულიად საკმაო იყო. ერთი წამიც უდრიდა ცხოვრებას.

თვალის კილოებში, მინაბული მზერის უკუფენაში მან ანგელოზს შეამჩნია ახალი ნასკვი, ოდნავი კდემა, ოდნავი თენთი.

მიჯნურმა იგრძნო - მის წინაშე იდგა ნებიერი მანდილოსანი და არა კდემამოსილი მეოცნებე და თავნება ქალწული.

არა, მის წინაშე ყინწვისის ანგელოზი აღარ იდგა, არამედ მისი ორეული,  ფრთაშეკვეცილი და შინაგანად მოდუნებული, ვნებაცოდვილი.

წყრომამ გადარუჯა მიჯნურის სახე. ნაბიჯი წარსდგა ქალისაკენ. იგრძნო ქალმა, ყოველი ამოიკითხა მიჯნურის მეტყველ თვალებში, უკან დადრკა. ილტვოდა ლელაი.

მონუსხულივით მიჰყვებოდა კელაპტარაღმართული მლოცველი და ყინწვისის ანგელოზის შემოქმედი.

თითქოს ყველა კედლიდან ჩამოვიდნენ უზარმაზარი კედელხატულები:

ბერმონაზვნები, განდეგილები, წმინდანები, მეომრები, მთავრები, მეფეები მისდევდნენ გაქცეულ ყინცვისის ანგელოზს. ილტვოდა შიშნაკრავი ლელაი, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ანთებულ კელაპტრიანი მუნჯი.

კარის ზღურბლზე ფეხი წაიკრა ლელაიმ. კიბეზე დაემხო, ხეიბართ კიბეზე.

ანაზდად ცხენის ჭიხვინი შემოესმა გალავნის ბჭიდან. მისი მეუღლე - ბერდა გვარელი მოაგონა საბრძოლო ცხენმა. აზიდა წელი, ქმრისეულ ნაბადში გაეხვია. მისსივე ყაბალახში შეხიზნა სახე და უეცარი დასაყრდენი იგრძნო. ზეწამოჭრილმა უტია განზე. კაკლის ხეს მოეფარა გამწყრალი. გვერდით ჩაუარა ყრუ-მუნჯმა. მიანათებდა კელაპტარს და ისე მიდიოდა მთვარეულივით, თითქოს წინ ისევ ანგელოზის ნეტარი და მზარავი ჩვენება მიუძღოდა.

გალავნის კიბეს მიატანა მხატვარმა.

მეტი აღარ დაუცდია ლელაის, გავარდა კარიბჭეში, ცხენს მოახტა, მყისვე დაეშვა თავქვე.

ბილიკი გარს უვლიდა ტყიან გორაკს და მერმე, ბევრად ქვევით, ისევ გალავნის ძირში გაივლიდა.

აქედან შეხედა გალავანს მხედარმა. მაღლა, ზედ გალავანზე, მთვარედაკრული ჩრდილი მოჩანდა. წინ ციცინათელასავით ბჟუტავდა კელაპტარი. აი კუთხესთან მივა მალე, მერმე კედელი უხვევს მარჯვნივ.

ცხენი შეაკავა მხედარმა. გულის ძგერით უმზერდა მთვარეულს. კივილი ახრჩობდა. აი, ცოტა კიდევ და, მობრუნდება, ცოტა კიდევ. . . არა, არ მობრუნდა. შედგა, შეჩერდა. არ გადმოვარდეს!, არ გადმოვარდეს! კივილი ებჯინება ყელში, მაგრამ ხმა თუ დაჰკარგა ლელაიმ, ენა თუ ჩაუვარდა, იქნებ დამუნჯდა თავის შემოქმედივით. აი, იქ, გალავნის მიუწვდომელ სიმაღლეზე რომ დგას ანთებული კელაპტრით.

დგას და ტორტმანობს, თავადაც იწვის კელაპტარივით.

კივილი გაიკაწრა ბილიკზე.

დაფრთხა ცხენი, მოსტაცა თავი, ჭენებით დაესვა თავქვე, ხეობის ბინდიდან გავარდა. ახლა მთვარედაღვრილ ბილიკზე მიჰქრის, მიაქროლებს თმაგაშლილ ხელაპყრობილ ასულს. ნაბადი მხრებიდან გადავარდნია, დამხობილი ჩრდილივით ცხენს ეთრევა და უფრო აფრთხობს. ყაბალახის ყურთმაჯები ქარდაქარ ფრთებივით გაშლია და თითქოს ბილიკი აღარც არის, არამედ სპილენძისფერ სივრცეში მიჰქრის ცხენ-მხედარ-ანგელოზი.

გალავნის სიმაღლიდან თუ გაჰლანდა იოვანემ გაქცეული ნაქორწილევი-ნაანგელოზარი! ფეხი წარსდგა შავმა მაყარმა, გალავნის მიღმა - სივრცეში გადააბიჯა. სულ უბრალოდ, აი ასე - კიბეზე რომ ჩადიან ხოლმე, სპილენძისფერ სივრცეში, ჰაერში წავიდა.

ძირს, ქვევით ჩამოქროლებულმა მხედარმა თვალი შეასწრო შავ ჩრდილსა და მომწყდარი ვარსკვლავივით გადასერილ შუქს კელაპტარისას.

ჩრდილი ჩამოეფარცხა ხეების კენწეროებს, მერმე ღორღიანს, ჩუმი ხრიალით ჩაგორდა ბნელ ხეობაში, ბილიკს მიღმა.

უმეტესად დააფრთხო ცხენი. უგზო-უკვლოდ გაიტაცა ზარდაცემული ყინწვისის მშვენება.

გაქცეულ ანგელოზს ხელთ ეპყრა უტყვი შემოქმედის გადათელილი გრაგნილი, როგორც ჩამქრალი კელაპტარი და მეტყველი, მაგრამ ამაო ლოცვა - წაქცეულისაც და გაქცეულისაც.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

Loading...

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ