ნამდვილი საქართველო - კოშმარია.
ხილული საქართველო - უსულოა, გაუტანელი და შაბლონური გრძნობებით სავსე. ნეკროზი უმაღლესი ფიქრების.
პოეზიის მიგნება ან მისტიური გაგება საგნების - ისევე იშვიათია, როგორც მეორე მადონა. და ხშირად, ძალიან ხშირად ეს მეტად ნაცრისფერი სურათი რეალური საქართველოსი - იწვევს დიდ ჩაფიქრებას...
მაგრამ ამ ბურუსში ჩვენ ყოველთვის გვანუგეშებს მეორე სამშობლო - ფარული საქართველო, მცირერიცხოვანი პიროვნებებით, მაგრამ მით უფრო ძვირფასი ჩვენთვის. რკალი სადაც სული იღლება მწუხარე მირაჟებით და ქრება სიხარულის ლანდივით.
აქ არის დაღონება შორეულზე და სიჩუმე. უღრმესი ინტუიცია, მწუხარება და წვა ბლომდის - ეს აერთიანებს მარტოობის რაინდებს...
და ჩვენი სული ყოველთვის არის მათთან, ვისაც უყვართ ეს უხილავი საქართველო, - ფარული სარკე, სადაც სევდიანი ფოთლებივით ჩნდებიან პოეზიის თანამგზავრნი, ლურჯა ცხენები და უდიდესი სიმფონია გამოუცნობ ქიმერების, გადატეხილი მრავალ მოლანდებად;
- ისმის აგონია უხილავი ზარების და უცნობი ტირილი, რომელიც ნაზია შემოდგომის ქალივით;
- და ისახება ლაჟვარდი სული ამართული ვით ეშაფოტი, და სამარადისო მწუხარება შორეული მეგობრების...
















