მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 523 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

1861 წ. 15 თიბათვისას


- ჩემს სფირიდონს გაუმარჯოს! მადლობელი ვარ, ჩემო სფირიდონ, რომა ხანდახან მაინც მომხედამ ხოლმე. ყოჩაღ, ყოჩაღ! ჩემი ძმის კეთილი გული შენ გამოგყვა: არა გევხარ ზოგიერთ ძმისწულებსა. დაბძანდი, ჩემო სფირიდონ.

- როგორ მშვიდობით ბრძანდებით, ბიძაჩემო?

- კარგად, კარგად გახლავარ; თქვენ როგორღა გიკითხოთ?

- მე, ჩემო თადეოზ, მადლობა ღმერთსა, კარგადა ვარ, მაგრამა ამდენ საქმეში ვარ გაბმული და ვერ ვიცლი, რომ უფრო მალ-მალე გნახო ხოლმე, - სახლია, კარია, ყველას გაძღოლა უნდა; როგორც მოგეხსენება, მარტოხელი კაცი ვარ, ვსცდილობ, სუყოველიფერი ხერხიანად მოვიყვანო. ვსწუხვარ ჭეშმარიტად, რომა ასე იშვიათად შემემთხვევა ხოლმე თქვენთან ბაასი. თქვენ ხომა მაგ მუთაქასა და ტახტს არ მოშორდებით მოხუცებული კაცივითა-და.

- მოხუცებული არა ვარ, ჩემო საყვარელო სფირიდონ, მაშ რა ვარ? აღამაღომედ-ხანის დროსა ბარე ორი წლისა ვყოფილვარ, როგორც იტყოდა ხოლმე დედაჩემი; და ხუმრობა ხანია მას შემდგომა? მაგრამა ესეც კი უნდა მოგახსენო, კვეხნაში ნუკი ჩამამართმევ, რომა ზოგიერთს ახალგაზდებსა კიდევაცა ვჯობივარ ხალისითა და მხნეობითა.

- რასაკვირველია, გვემჯობინებით: ისე თავისუფლადა და უდარდელად გაგიტარებიათ თქვენი დროება. ეხლა ჩვენ ბევრი ფიქრი გვაწუხებს, მრავალი სხვადასხვა საჭიროება გვაქვს; მაშინ როდესაც თქვენა კმაყოფილი იყავით თქვენის შეძლებისა, ეხლა ჩვენთვის ის საკმაო აღარ არის; რითაც თქვენ უწინდელ დროში ნებიერობდით, ის ჩვენთვის ეხლა ნაკლებულობაა, ერთის სიტყვით დროება შეიცვალა.

სურვილი ბევრი გვაქვს, მაგრამ შეძლება კი არა, და ამისათვის ვცოდვილობთ, ჯაფასა ვსწევთ და როდესაც ვერაფერს გავხდებით ხოლმე, დავანებებთ თავსა დაღონებულები, გულმოწყვეტილები და შეუდგებით კიდევ მეორე ფიქრსა. ეს ჯავრი და ეს ფიქრი უდროვოდ გვაუძლურებს; აქ ან შვილი წამოგეზრდება, ან ძმა და ახლა იმათ სწავლა უნდა, და ათასი ცოდვილობა, როგორცა სთქვა ვიღამაცა:

"ეს სოფელი, სამყო ძნელი, მჩვენებელი ჭმუნვის ალთა,

რა ვიშვებით, მყისვე ვსტირით, ვით წინათ მგრძნი მომავალთა,

მოვიზრდებით, წიგნის კითხვით არ გაგვიშრობს მწრთვნელი თვალთა;

ჟამი გვიროკს, იგი გვიძახს, შეუდექით სიბრძნის კვალთა.

რა ასაკსა შევალთ, ახლად ჭირი უფროს გვემატების:

თვალი გულს ჰსცვლის, გული - გრძნობას, გრძნობა ტრფობას

სახე რამე საყვარელი დაგვატყვევებს თვისებრ ნების, [ემსჭვალების,

და გლახ შეგვიქმს პატიმარად, მკვნესარად და მთქმელად ვების.

ოდეს შევალთ ხანსა სრულსა, მაშინ კვლავცა სხვა გვაქვს წუხვა,

არ ვკმარობთ საკმაოთა, ნდომა ჩვენი უზომ, უხვ-ა,

გვსურს დიდება, გვსურს პატივი, გვსურს სახელის განთქმა, ქუხვა,

რა ვერ ვპოებთ საწადელსა, შეგვექმნების შურით ჭმუხვა.

ოდეს წელთა ტვირთვის ზიდვით ქედსა მშვილდებრ მოვიხრებით,

ყოველთავე მოვსძაგდებით, ზნე გვეცვლების გრძნობის კლებით.

სიკვდილისა წინამძღვარად მოვლენ სენნი მახვილებით

მათგან ერთი გვცემს და გვეტყვის: ”ახით ნაშნო, მოკვდით ვებით”."

- ეჰ, ჩემო სფირიდონ, მაგას რომ გამოვდგომოდი, ერიჰა, აქამდისინ ხსენებაც აღარ იქნებოდა ჩემი. მაგრამა აი, მხედამ, ჩემის გულგრილობითა ასე მოვუარე ჩემს თავსა, რომა ეხლა ჯანზედაც კარგათა ვარ და ღონეზედაცა, არა, ხალისიც ძრიელა მაქვს, მაგრამა, ვაი ჩემს უბედურებასა, ცოტა ამ სიბერის დროსა თვალებმა მიღალატეს, სათვალეებსა ვხმარობ, მაგრამა ისე ცხადად ვეღარ ვარჩევ ასოსა წიგნში, როგორც ამ ათის წლის წინათა, უწინ ისე ჩავაკრიალებდი ხოლმე დავითნსა, დაუჯდომელსა, სახარებასა და სხვა საღმრთო წერილის წიგნებსა, რომა თვალს არ დავახამხამებდი;

ეს რამდენიმე წელიწადია ძრიელ მიჭირდება, სიბერე ძნელი ყოფილა. აი, ეხლა, ”ცისკარი” მამდის, მინდა ხოლმე ჩავიკითხო, გავიგო რამე ქვეყნიერებისა, მაგრამა ზოგიერთს ადგილასა ძრიელ ჭრელად მეჩვენება ხოლმე სტამბა, რაღაცა სხავდასხვანაიარდ არის არეული; ზოგან კი ვკითხულობ ძლივძლიობითა ჩემი სათვალეების შემწეობით. კვეხნით არ მოგახსენებთ და უწინდელს დროში ჩვენა ხარის ბეჭზედა ბატის ფეხითა ასეთი გარკვევითა ვსწერდით ხოლმე, რომა ბრმაც წაიკითხამდა.

- სწორედ მართალსა ბრძანებთ, მაგრამ როგორც იყოს მოვითმინოთ და ”ცისკრის” რედაკტორი აგერ გვპირდება, ახალი ასოები მოგვივაო და მაშინ...

- დიაღ, დღეგრძელი ხარ, ჩემო სფირიონ, მე მინდოდა მომეხსენებია ეგა. მოუთმენლად ველი. კარგი სხვილი ასოებით რო იყოს დაბეჭდილი, ხანდახან უშენოთაც წავიკითხამდი ხოლმე, ეხლა კი, ვიდრე მოგვივიდოდეს, ჩემო სფირიდონ, ნუ დამზარდები, გადმოირბინე ხოლმე ერთს წუთასა და განრკვევით შემატყობინე ხოლმე ემაგ ”ცისკრის” აზრი. ზოგჯერ, როდესაც ასოებს ვარჩევ, აზრს ვეღარ მიმხვდარვარ, ამისათვის რომა როგორღაც ჩვენებურად აღარა სწერენ. ჩვენ უწინდელ დროში თითო სიტყვასა ოროლ წერტილს დავუსვამდით ხოლმე და ეხლა კი სიტყვები ერთიერთმანერთზე არის მობმული და რომ ვეღარაფერს ვიგებ!

რასაკვირველია, ამითი ბევრს გაწუხებ, მაგრამ რა ვქმნა, ყმაწვილი კაცი ხარ, რა გახდება რო ბერიკაცი ბიძისათვის შესწუხდე, და ამისათვის უფრო გიბედამ ამ თხოვნასა, რომა შენც როგორღაც გიყვარს ახლანდელი ამ ჟურნალის კითხვა და ეს მწერლობა.

- მაგაზედ არ დაგზარდებით, მაგრამა მე მიკვირს, აგრე გეხალისებათ წიგნის კითხვა თქვენა! მგონია უწინდელ ხალხსა არა გყვარებიათ აგრე რიგათა, რასაკვირველია, საღმრთო წერილ გარდა?

- ეგ ტყუილად გაგიგონია. ყოველთვის ვკითხულობდით ხოლმე წიგნებსა, როცა კი გვეცალა: ”ვეფხვის-ტყაოსანსა”, ”ბეჟანიანსა”, ”ყარამანიანსა”, ”ვისრამიანსა”, ”მოურავიანსა” და სხვებსაცა, განა ცოტა გვქონდა ხელთნაწერები? ეხლა კი სხვადასხვა სწავლა შამოვიდა, სხვადასხვანაირი მწერლობა, რო აღარა კადრულობს ახლანდელი ხალხი ამ წიგნებსა, რომელსაც ჩვენ დროში ისე მომჭირნედ სწავლობდნენ ზეპირათა, მეტადრე ქალები, მაგრამ უნდა მოგახსენო, რომა ყოველისფერს თავისი შემოდგომა და გაზაფხული ჰქონია, თავისი დრო და ჟამი და ყოველ დროებას თავისი შესაფერი სწავლა და ყოფაქცევა.

კარგა მოზრდილი ვიყავი, როცა შკოლაში მიმაბარეს, შენც გაგეგონება, რასაკვირველია, და დამაწყებინეს რუსული კითხვა, ქართული წიგნი და წერა კი შინ ვისწავლე. შემდგომ სამსახურში ვიყავი ცოტას ხანსა, როგორღაც ვერ შევეჩვიე ჯარში სიარულსა და მასუკან სახლკარობას შევუდექი. კარგად კი ვსცხოვრებ, რაც შეეფერება ჩემს ხარისხსა, მაგრამა ძნელი ეს არის, რომა სიყმაწვილით სწავლას არა დავდიე რა, რადგანაც შინაურს საქმეში ვიყავი გართული, და როდესაც მოვბერდი და ჩანჩალი აღარ შემიძლიან, ეხლა კი რაღას მოვეწევი; და ასე ჩამოვრჩით, მეცა და ჩემი ამხანაგებიცა მრავალნი, სწავლასაცა და წუთისოფელსაცა და დავრჩით ტოროლა ჩიტივითა მინდორში.

ყველა წინ მიდის, ყველა სწავლაშია, ერთი ბეწვა ბავშვები კვერცხში გამოწივიან, აქეთ გაზეთებსა კითხულობენ, იქით წიგნებსა. ჩვენცა ხან აღარა ვკადრულობთ, რომა იმათში გავერიოთ და ხანდახან თუ ვკითხამთ რასმე ყმაწვილკაცებსა, რასაც გვეტყვიან, მეტი რაღა ღონეა, უნდა დავიჯეროთ; ჩვენი განმსჯელობა ახლანდელს სწავლაში დამდგარია.

აი ეხლა ამ ”ცისკრის” ჟურნალში ბევრს წავაწყდები ხოლმე ისეთს სიტყვებსა, რომა არ მესმის, ჩვენი უწინდებური რუსული აღარა სჭრის და საშინლადაც მეწყინება ხოლმე, რომა რად უნდათ იმ დალოცვილ მწერლებსა ამდენი რუსული სიტყვები, რო ლაპარაკში და წერაში ხმარობენ? აღარც ჩვენებურ ქართულ ენაზედა სწერენ, რაღაცა ანღრევაში არის ხალხი, მეტადრე ამ წვრილფეხობამ გააჭირა საქმე, ამ ყმაწვილმა ხალხმა, ნურას უკაცრავად კი თქვენთანა, ჩემო სფირიდონ; ნახამთ, ვინც მოესწრობით, სადამდისინ მივა ეს ენის არეულობა, ბაბილონის გოდოლის აშენება იქნება სწორეთ.

- რა ვქნათ, ბიძაჩემო, უნდა ყოველიფერი გავიგოთ, თორემა თქვენ რომ ბრძანეთ, ჩვენც ისე ჩამოვრჩებით დროებასა. დრო გვითხრობს, ისწავლეთო, და ჩვენცა ვსწავლობთ; ამ სწავლაში, ჩემო თადეოზ, სხვადასხვა აზრები გვესმის, სხვადასხვა ქვეყნების ენაზედა, შემდგომ გვსურს ის აზრი ქართულადა ვსთქვათ, ე. ი. გადმოვიტანოთ იმ ხალხში, რომელსაც ჯერ თავის სამშობლო ენაზე ნათქვამი ის აზრი არ გაუგონია, და ამასობაში, აღნაქვსი ქართული ენისა იცვლება და, ამას-და გარდა, უცხო ქვეყნის სიტყვები შამოდის ხმარებაშია; უამისობა არ შეიძლება, ერთს მხარეს უნდა დაიკლო, რომა მეორე მხარეს შეიმატო.

- ახირებულია, თქვენმა მზემა! განა არ შეიძლება ენის გამოუცვლელად, ქართულად, ჩვენებურად ვსწეროთ კიდეცა და ვისწავლოთ კიდეცა? თუ დააკვირდებით, სიტყვები ამდენი არის, რომა ამიერ უკუნისამდე გეყოფათ. მაშ რას აკეთებდნენ ჩვენი წინაპარნი, თუ სიტყვებსაც ვერ მოიგონებდნენ? აი, ჩუბინოვის ლექსიკონი იხმარეთ, იქიდგან ამოარჩიეთ სიტყვები და ყოვლისფერი ხერხიანად მოვა, თუ არა და მოდი გამაფრანცუზე ეხლა, რაღა დროს ჩემი გაფრანცუზებაა?

- სიტყვა მრავალი გახლავსთ, ჩემო თადეოზ, ძრიელ ბევრი, მაგრამ, რ ვქნათ, რომა იმ სიტყვებსა დაუმატებლად ბევრჯელ არ შეუძლია ზოგიერთი აზრის გამოთქმა? მე, რასაკვირველია, იმ აზრის გამოთქმაზედ არ მოგახსენებთ, რომელიცა ჩვენი ხალხის გონებაში დაბადებულა როდესმე: როცა დაიბადებოდა ის აზრი, უეჭველია, მაშინვე იმ აზრის გამომხატავი სიტყვაც აღმოჩნდებოდა, და იმგვარი სიტყვა და აზრი ჩვენ, ქართველებმა, უნდა უთუოთ ვიცოდეთ; მაგრამ როგორ მოვაგვაროთ საქმე მაშინა, როდესაც სხვა უცხო ენაზედ შევიტყეთ რომელიმე აზრი და გვინდა ის აზრი ქართულის ენით ვსთქვათ, და სხვასაც შევატყობინოთ. და თუ ამ შემთხვევაში არ ვიხმარებთ იმ აზრების გამამხატველ სიტყვებსა, უნდა დავანებოთ თავი და დავრჩეთ გაუგებელი და უმეცარი.

მსწავლული არავინ დაბადებულა, ყველანი ერთი ერთმანერთისაგან სწავლობენ, ერთი ხალხი მეორე ხალხისაგან სწავლობს. ესრეთ საბერძნეთი, როდესაც აიკლეს ოსმალებმა, ბერძნები მრავალი რიცხვი გაიფანტნენ და გავიდნენ დასავლეთ ევროპაში, და გაიტანეს სწავლა; როდესაც სწავლა გაძლიერდა იქა, იქიდგან შეიძინეს დანარჩენმა ევროპის ხალხმა.

რასაკვირველია, საბერძნეთიდგან გატანილმა სიტყვამ შემოიარა ევროპა და თითო-თითოდ გადმოდის აზიაშიცა. და რა იქნებოდა მაშინა, რომ იმ ხალხს, დასავლეთის ევროპისას, ეფიქრნა: აი, ეს პოეზია არ არის ჩვენს ენაზედაო, ეს პროზაო, ეს ტრაგედიაო, კომედიაო - და სხვანი და გაჩერებულიყვნენ ამაზე გულხელდაკრეფილები; ან შედგომოდნენ იმათ თარგმნასა, ან ახალი სიტყვების მოგონებასა, უეჭველია, ამიერ უკუნისამდე იმას მოუნდებოდნენ და დარჩებოდნენ უსწავლელნი.

ან კი რა წახდა რუსულ ლიტერატურაში იმითი, რომა ხმარობენ მრავლისაგან უმრავლესს ლათინურსა და სხვა დასავლეთი ევროპის ხალხის სიტყვებსა აზრის გამოსათქმელად? მაგრამ შორს რათ მივდივართ, თვითონ ჩვენ კი ცოტასა ვხმარობთ აქამომდისინაცა თათრულს სიტყვებსა, და არა ვძრახამთ ერთმანერთსა, და არც სასაცილოდ მიგვაჩნია იმათი ხმარება.

რამდენჯერ იტყვით ყოველ ცისმარე დღე: უზბაში, მინბაში, სარდალი, ჩიხირთმა, ბოზართმა, ყაურმა, ტოლმა და სხვაც მრავლისაგან უმრავლესი, რა საჭიროა ჩამოთვლა. ამას და გარდა რამდენ რუსულ სიტყვასა ვხმარობთ ეხლა, რომელნიცა სრულიად აღარ გვეჩოთირება, და ვხმარობთ, ისრე, როგორც ჩვენს საკუთარს ქართულს სიტყვასა:

სტოლი, სამოვარი, სალფეთქი, კანცელარია, სუდი, პალატა, კანტორა, სენატი, სინოდი, ჩინი, ჩინოვნიკი, აფიცერი, პოლკოვნიკი, გენერალი, და სხვანი.

ყოველ ქვეყანაში ასრე იქნებოდა, ჩემო თადეოზ, ვიდრე არ შეეჩვეოდნენ უცხო სიტყვასა, უეჭველია. იმათთვისაც საჩოთირო იქნებოდა. ამის დასამტკიცებლად წარმოგიდგენ ბელინსკის სიტყვასა; თუ რუსულ ენაზე არ წაგიკითხამთ, ორიოდე აზრს გადმოგითარგმნით ქართულათა და თვითონ თქვენ გაშინჯეთ, რა წინააღმდეგები ყოფილან რუსეთის მწერლები უცხო ქვეყნის სიტყვების ხმარებისა: თუ ჭკუაში დაგიჯდესთ, დამეთანხმენით; და მე კი ჩემის მხრით სრულიად არა ვარ ამის წინააღმდეგი.

...ილაჯი იყო გაწყვეტილი რუსულში ახალი სიტყვებისა, - მომეტებულად უცხო ქვეყნის სიტყვებისა და ლაპარაკის კილოების შემოტანისაგანა; მაგრამ რომელი ახალი ცვლილება მამხდარა ილაჯგაუწყვეტლად, და სასაცილო არ არის, რომა არ დაიწყო კეთილი საქმე უბრალო ლაპარაკის შიშითა? რაღა საჭირონი იქმნებიან ექიმები, თუ ავადმყოფებს არ უწამლებენ იმისი შიშითა, რომა წამლებით უფრო ცუდად არ შეიქმნენ ავადმყოფებიო? საქმეში რო შენიშნო რამე შეცდომილება, ეს ჯერეთ იმის დამტკიცებას არა ჰნიშნავს, რომა მთელი საქმე არის ტყუილი და არა მართალი. მოქმედებს ხალხი, მაგრამ დროება კი ასრულებს ყოველისფერსა.

რასაკვირველია, ეხლა სასაცილონი არიან ეს სიტყვები: ”ვიკტორია”, ”სენსაცია”, ”ონდიროვატ” (აღელვება), და სხვანიცა ამათი მსგავსნი. სასაცილო იქმნება, რომ დაიწეროს: ”სლოჟენიის” მაგივრად ”ადდიცია”; ”ვიჩიტანიის” მაგივრად ”სუსტრაქცია”; ”უმნოჟენიის” მაგივრად ”მულტიპლიკაცია”; ”დელენიის” მაგივრად ”დივიზია”.

ამ ზემოხსენებული სიტყვების ხმარება და შემდგომი სიტყვების ხმარება დაიწყეს ერთს დროში, - ”გენია, ენტუზიაზმი, ფანატიზმი, ფანტაზია, ოდა, ლირიკა, ეპოპეია, ფიგურა, ფრაზა, კაპიტელი, ფრონტონ, ლინია, პუნკტ მონოტონია, მელანხოლია” და სხვანიც მრავლისაგან უმრავლესი უცხო ქვეყნის სიტყვები, მაგრამ აქამომდისინაც დიაღ ჩინებულად იხმარებიან რუსულ ენაში და ამისთვისაც აღარ არიან სასაცილონი, გასაოცარანი და შეუგნებელნი. ხალხი განურჩევლად ხმარობდა ახალ სიტყვებსა, მაგრამ დროებამ გარდაწყვიტა - რომელი სიტყვა უნდა დარჩენილიყო ენაში და ხმარებულიყო და რომელი უნდა გადავარდნილიყო ხმარებიდგანა; მაგრამა ამ ახალი სიტყვების შემომტანელებმა არ იცოდნენ და არც შეეძლოთ სცოდნოდათ ესა.

შიშკოვს არ ესმოდა, რომა კილოსა და სამარადისო კანონებს გარდა, ენას აქვს კიდევა ზოგიერთი უხიაკობა (ხასიათი), რომელის წინააღმდეგობაცა სასაცილო არის; იმას არ ესმოდა, რომა სიტყვის ხმარებასა აქვს უფლება სრულიად გრამმატიკის თანასწორი, და ხანდახან გრამმატიკასაც აჯობებს ხოლმე, თუმცა საქმე აშკარად აჩვენებს, რომა გრამმატიკის წინააღმდეგი არის.

ჩვენა გვაქვს სიტყვა ტორგოვლია (ვაჭრობა), რომელიცა სრულად ამბობს თავის აზრსა; მაგრამ იპოვნეთ ერთი ვაჭარი კაცი, რომელსაც არ ესმოდეს და რომელიც არა ხმარობდეს სიტყვასა კომერციასა. თუმცა ეს სიტყვა ყოველის სიმართლით სრულიად მეტი არის. ამის-და გვარად იპოვება მრავალი ნამდვილი რუსული სიტყვები, რომელნიც არიან სრულიად დავიწყებულნი და უხერხულნი სახმარებლად...”

...პირველი მიზეზი ახალი სიტყვების ლაპარაკში შემოტანისა, გამოკრებილისა თავისის ან სხვის ენიდგან, არის გაცნობა ახალი აზრისა (ან საგანისა); და უეჭველია, თუ საგანი არ არის, არც სიტყვა იქმნება იმის გამოსახატავად; თუ აღმოჩნდა საგანი - საჭირო არის სიტყვაცა, რომელის შემწეობითაც ის უნდა გამოითქვას. ჩვენ გვეტყვიან, რომა აზრი, საგანი და სიტყვა ერთად უნდა დაიბადნონო, ამისათვის რომა სიტყვა უაზროდ და აზრი უსიტყვოდ ვერ დაიბადებიან. ეს სრულიად მართალი არის: მაშ რა უნდა ჰქმნას, თუ მწერალმა აზრი ანუ საგანი იცნო სხვა უცხო ქვეყნის სიტყვითა? - უნდა იპოვნოს სიტყვა თავის ენაზე, ან შეადგინოს ახალი სიტყვა იმისი შესაფერი? - ამას ბევრნი სცდილობდენ, მაგრამ ბევრნი მათგანნი ვერას გახდნენ...”

...რუსის გლეხიკაცებისათვისა ”კუჩერი” ნამდვილი რუსული სიტყვა არის; და ”ვაზნიცა” ისეთი უცხო ქვეყნის სიტყვად მიაჩნიათ, როგორათაც ”ავტომედონი”. ამ სიტყვების სათქმელად: ”სალდათი”, ”კვარტირა” და ”კვიტანცია”, ასე გაშინჯე, გლეხიკაცებსა არა აქვსთ ამაზედ კარგად გასაგონარი და ამაზედ უკეთესი რუსული სიტყვა, როგორც სალდათი, კვარტირა და კვიტანცია. რა უნდა უყოთ ამასა? და შესაწუხრად კი ღირს ესა? როგორი სიტყვაც უნდა იყვეს, ჩვენი თუ სხვისა, ოღონდ კი შეეძლოს გამოთქმა იმ აზრისა, რომლისათვისაც არის გამოსახული, - და თუ სხვის სიტყვა უკეთესად იტყვის აღნიშნულს აზრსა, ვიდრე ჩვენი, გვიბოძეთ სხვის სიტყვა და ჩვენი წაიღეთ საკუჭნაოში სხვადასხვა ძველძულებთან შესანახავად...”

- თანახმა ხართ ამაზე, თადეოზ, თუ არა?

- რა ვიცი, რა მოგახსენო, იმდენი ილაპარაკე, რომა კინაღამ დამეძინა; ყურისგდება მიყვარს, მაგრამა არც აგრე გაჭიანურებული ვარგა. მაგრამა წეღანვე მოგახსენე, მე ძრიელ ჩამოვრჩი-მეთქი დროებასა, რასაკვირველია, შენს სიტყვას დროება გაამართლებს.

- ბელინსკის თქმისა არ იყვეს, ეხლა რო შეუდგეთ იმის ფიქრსა, რომა ”სტოლი” სხვა ქვეყნის სიტყვა არისო და დაუწყოთ ლექსიკონებში ძებნა, რა ჰქვიან და ან უწინ რა რქმევია, ძალიან შორს მოგვივა. აი, თუ გინდა, სამაგალითოდ, გადმოვშალოთ ეს ჩუბინოვის ლექსიკონი და ვნახამთ მე-1043 გვერდზედა ”стол” ქართულად არის: ტაბლა, მაგიდა, ტრაპეზი, სტოლი, სუფრა, სანოვაგე და სხვანი, აბა რომელი ერთი მიუდგება ამ სიტყვასა? ხალხში რომ ვსთქვათ: სტოლი და მაგიდა, რომელს უფრო მალე გაიგონებენ? მე მგონია, სტოლი უფრო მალე გაიგონონ, რაც არის, ვიდრე მაგიდა.

მაშასადამე უნდა დაუძახოთ ისრევ სტოლი, ან კი რა წუნი აქვს? ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომა მაგიდასა იქნება ისეთი გარეგანი ფიგურა არა ჰქონდა, როგორიც აქვს ახლანდელ სტოლსა, თორემა, რომ ყოფილიყო იმისი მსგავსი, როგორც პირველად დაინახამდნენ ქართველები სტოლსა, მაშინვე მაგიდას დაუძახებდნენ; ალბათ განსხვავება იყო რამე სტოლსა და მაგიდას შორის.

აი, თუ გსურთ ავიღოთ კიდევ მაგალითად “სამოვარი”. ლექსიკონი ამაზედ სრულიად არაფერს არ გვეუბნება, ვსთქვათ, ჩვენ პირველადა ვნახეთ; აბა რა დავარქვათ, თადეოზ, სამოვარსა? ქვაბსა და ქოთანს არა ჰგავს, არც ქილასა, არც თუნგსა და არც ალთაფასა. მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომა სამოვარი ჰქვიანო; რა უჭირს, სამოვარი ერქვას ისევა.

და თუგინდ მოვიგონოთ და დავარქვათ სხვა სახელი, ვის უნდა დავასწავლოთ, როდესაც ყველამ იცის იმისი სახელი. უნდა დავსწეროთ ქაღალდზედა და დარჩება ისე უხმარებელი, როგორათაც შიშკოვის ”პერეკლიტკა”, ამის მიზეზითა, რომა დიდმა და პატარამ იცის იმისი სახელი, კარგად იციან, რა არის იმისი ტრუბა და კრანტი.

- ეგ ვსთქვათ, ჩემო სფირიდონ, რაც არიან, მაგათ რაღა გაეწყობა, მაგრამა ახლა მაინც ნუღარ მოგვიმატებენ. ძალიან ძნელია, ზოგჯერ ისეთი სიტყვა შემხვდება ხოლმე, რომა ასოების ჩათვლითაც ვერ გამამითქამს. და მეტადრე ჩვენებურად ბრუნვაში და კანკლედობაში ვერ მიიხრებ-მოიხრებიან ხოლმე და უშნოთ არიან წამამსხდარნი თხზულებაში. ეს წინააღმდეგია ენისა.

- დამერწმუნეთ, ჩემო თადეოზ, ისინიც, რაც ახლა მოგვემატებიან, უარესად საჭირონი იქმნებიან. რით არიან უშნონი არაბული სიტყვები ”ვეფხვის-ტყაოსანში”; თქვენ როგორცა ჰფიქრობთ, მაშ რუსთაველის თხზულება დამცირებული იქმნება? მაშ რუსთაველი ძლიერ დამნაშავე იქმნება არაბულისა და თათრული სიტყვების ხმარებისათვის? და თუ მაინცადამაინც არ დამეთანხმებით, მაშინ ერთი ღონისძიება დაგვრჩება, ერთს ხუმრობას მოგახსენებთ:

უნდა მოვიშოროთ თავიდგანა ყველა სხვა ქვეყნის სიტყვები, ავიღოთ ცოცხი, მივაგროვოთ, მოვაგროვოთ ჩალაბულასავითა; პოეზია წინ გავიგდოთ, პროზა უკან მივაყოლოთ, ჟურნალიცა, ტრაგედია, კომედია, და ჩავიტანოთ ფოთში, ჩავყაროთ გემში და გავისტუმროთ: ზოგი საბერძნეთში, ზოგი იტალიაში, ზოგი რუსეთში, ერთი სიტყვით, საიდანაც მოსულან, და დავაყენოთ ყარაულები, რომა მეორეთ აღარ შემოგვეპარონ; მაშინ მოვრჩებით და მოვისვენებთ, აღარც ბაასი მოგვინდება და აღარც კრიტიკა. მაგრამ ეს უნდა გახსოვდეთ, რომა, ვინიცობაა, გავრეკოთ ჩვენი ქვეყნიდგან ყველა სიტყვები, რომელნიც აქ დაბინავებულან და რომელნიც კიდევაც აპირობენ დაბინავებასა, მაშინ ის უნდა წარმოვიდგინოთ თვალწინა, რომ ქართული ენა ეგვანება კალიისაგან მოჭმულ ყანასა.

- ეგ სასაცილო ხუმრობა არის, ჩემო სფირიდონ.

- მაშ როგორ იქმნება, ან ერთზედ უნდა დათანხმდე, ან მეორეზედა. მე კი ამას მოგახსენებ, რომა ყოვლის სიმართლითა სჯობს, რაც ჩვენთვის მიუცილებლად საჭირო არის, უნდა ვიხმაროთ, კარგი ამბავი უცხო ქვეყნისა, კარგი აზრი ჭკვიანი ხალხის ნათქვამი, ყოველისფერი ამორჩევით გადმოვიტანოთ ჩვენს ენაზედა, დავაკვირდეთ, გავშინჯოთ, შეუფარდოთ ჩვენს ამბავსა და ჩვენს აზრსა და ამ შეფარდებით გავიგოთ, რა არის ჩვენში კარგი და რა არის ცუდი. - რასაკვირველია, მეც საშინელი წინააღმდეგი ვარ ”ოსტროვებისა”, ”ლინიებისა” და ”ოზეროების” ხმარებისა; ეს მეტისმეტი ახირებაა, რადგანაცა ჩვენა ჩვენს სამშობლო ენაზედაც კარგათ ვიტყვით და გავიგონებთ კიდეცა კუნძულსა, ხაზსა და ტბასა. მაგრამ ეს სალაპარაკოდ არა ღირს, რადგანაც უმეცრებით მოსვლია ამის დამწერსა, ვეჭობ, შემდგომ აღარ გაიმეორებს.

- არა, სფირიდონ, მე ხომ მაგას არ ვამბობ, მე სხვისაგანაც გამიგონია და ქართული ისტორიაც ამბობს, რომა ბევრს სხვადასხვა ხალხს გაუვლია საქართველოში და დაუტოვებიათ აზრებიცა და სიტყვებიცა, მაგრამა თვითონ ჩვენსავე საკუთარ ქართულ სიტყვებსა სცვლიან და გრეხენ რაღაცნაირათა; ზოგი იძახის, ასოები აღარ გვინდა, ზოგი იძახის, ანბანი უნდა გამოიცვალოსო; ეს არ მოგვწონსო, ის მეტადა გვიჩანსო, რაღაებსაც ამბობენ. ახა, ღმერთო ჩემო! მაგრამ სამართლიანად დაუწერეს კრიტიკა ილია ჭავჭავაძესა, ისე ურჩევნია.

- ეგ არაფერი, ყველა თავისებურადა სჯის. ყველას ნება აქვს კრიტიკისა, ყველამ უნდა სახალხოთა სთქვას თავისი აზრი, როგორა ფიქრობს ამა და ამ საგანზედა; მათგანსა ზოგს გაანტყუნებენ, ზოგზედ დაეთანხმებიან, და ამასობაში სტატია გაიწმინდება და დადგება ისე, როგორც უნდა ნამდვილად ყოფილიყო. და თუ ხმას არავინ ამოიღებს, მაშინ ყური მგდებელმა რა ჰქმნას? და ეგ ასოები...

- ეგ მართალია, მაგრამა კრიტიკებით კი აამსეს ეს ჟურნალი: გადააბრუნებ, კრიტიკა დაგხვდება, გადმოაბრუნებ, მაინც კრიტიკაა; ან რაზედა ცილობენ ეს დალოცვილები, განა ჩვენ არა ვიცით რა, განა ჩვენ არ გვესმის, მაგრამა ჩუმათა ვართ, არც ქვეყანას ვაწუხებთ და არც ვისმე ვაწყევნინებთ. აი, ეხლა რანაირად შეებნენ ერთმანეთსა: ჭავჭავაძე, ერისთავი, კნეინა ჯორჯაძისა და ბარათაშვილი; რანაირად ებრძვიან ერთმანეთსა.

- ეგ არის კიდეც ძნელი, ჩემო თადეოზ, რომა ყველანი ერთმანერთის შეცდომასა გულგრილად უყურებთ; კიდეც ეგ არის ცუდი, რომა ყურს უკან კი ვლაპარაკობთ ერთიერთმანერთის ცუდზედა, და კარგს მოქმედებაზე პირში თქმას კი ვერიდებით. აი ეხლა შორს ნუ წავალთ, ჩვენ ერთმანერთში ვსთქვათ, თქვენ რომ ხედავდეთ რასმე ჩემს ცუდს, შეცდომილს მოქმედებასა, არა გმართებთ, მოვალე არა ბრძანდებით, რომა მე, თქვენ ძმისწულსა, მიჩვენოთ ჩემი შეცდომა, და მითხრათ: ამას შენ ცუდათა სჯი, ამას ცუდათ სჩადიხარ, აგრე არ უნდა მოიქცე, თორემა სხვა ბევრს უმეცარსა კეთილი ეგონება ეგ შენი მოქმედება და მოგბაძებს შენა და ამგვარად, შენის მიზეზით, შევა შეცდომაშია და რომელიც კეთილი ჰგონია, უმეცრებითა, ბოროტად დაუბოლოვდება? ა

რა, მოვალეობა გაქვსთ, როგორც ჩემს მოყვასსა, ძმასა და ნათესავსა, რომა როდესაც დაინახოთ ჩემში ბოროტება, უნდა სცდილობდეთ აღმოფხვრათ ჩემში ის ბოროტება, თქვენის კეთილის დარიგებითა, რჩევითა და ტკბილის სიტყვითა, და თუ თქვენ გულგრილად დაუწყებთ ყურებასა ჩემს შეცდომასა, მე, რადგანაც უმეცარი ვარ, ის თქვენი დაჩუმება თანხმობის ნიშნად მეჩვენება და სწორე გზაზე სიარულის ნაცვლად მე ბრუნდ გზაწვრილზედ ვადგევარ და, ვინ იცის, ის გზაწვრილი რა საშინელს ფლატეზე გადამაგდებს და ვინ იცის, რამდენი სხვა ჩემისთანა უმეცარი კაცი მამდევს უკანა, თუ თავისი შეცდომით მე მეცნიერ კაცად მცნობენ ისინი.

შეგშვენისთ თქვენა გაჩუმება მაშინ, როდესაც ცხადად ხედამთ ჩემს შეცდომასა? რატომ არ მამკიდებთ ხელსა და არ მეტყვით: ეგ გზა ცუდს ადგილს გაგიყვანს, ნუ მიხვალ აგრე. აი კაი გზა, რომელზედაც უნდა გაიაროს ყოველმა კეთილგონიერმა კაცმა. იქნება მე არც კი დაგიჯერო, მაგრამა, შესაძლო არის, რომა ჩემი მომდევართაგანი ოცში ერთი იყვეს დამჯერო და გულისხმიერი და იმან დაგიჯეროს; მაშინ იმ ერთ კაცის კარგს გზაზე დაყენებისათვისაც თქვენ უნდა ხარობდეთ და კმაყოფილი იყვნეთ თქვენის თავისა.

- ვინ მოგახსენებთ, ბატონო, მაგასა? მე ეგ არ მამიხსენებია; რასაკვირველია, ყველანი ვალდებულნი ვართ, მოყვასს ხელი მივაწოდოთ და ჯურღმულიდგან ამოვიყვანოთ, მაგრამა ეს კრიტიკა და ლანძღვა რა საკადრისია? ჯერა შინ, ჩემს სახლში, რომ უპატიუროდ მომექცეს ვინმე, ისიც მეწყინება, არამც თუ საქვეყნოდ კრიტიკა დამიწეროს.

- ჯერ ერთი შეცდომა ეგ არის, რომა კრიტიკა და ლანძღვა ძალიან შორისშორ არიან ერთმანეთზედა თავისი მნიშვნელობითა. ლანძღვა არ შეშვენის კაცსა არას დროს, არც პირად თქმითა და არც ქაღალდზედ გამოცხადებითა. კრიტიკა ნურას დროს ნუ გგონიათ ლანძღვა, ნურცა გგონიათ დაცინება; ის არის დარიგება, შეცდომილების ცხადად ჩვენება, ბუნდიანი საქმისა გამორკვევით და ნათლად ჩვენება.

აი, ვსთქვათ, ეხლა წავიკითხეთ რამე თხზულება, ან გავიგონეთ რამე ამბავი, რომელიც მამხდარა რომელსამე ადგილასა, მაგრამ ის კი ვეღარ გამოგვიგნია ცხადათა, რომ ვსთქვათ ჩვენი აზრი იმ საქმეზედა. კარგია ის თხზულება, ან ის ამბავი, თუ ცუდი და ამ თვისების პოვნა არ არის ადვილი. კარგისა და ავის განრჩევა, დამერწმუნეთ, თადეოზ, რომა არ არის ადვილი, მეტადრე იმ შემთხვევაში, როდესაც თხზულებისა ან მოქმედების ცუდი ან კარგი მხარე ძალიან ცხადად არა სჩანს.

მაგრამა კაცი დაუყოვნებლივ და განუწყვეტლათა სჯის ისრე, როგორც ესმის. ყველა გეტყვის დაუყოვნებლათა თავის აზრსა იმ საგანზე, რომელიც კი გაუგონია. აბა, ეხლა ჰკითხე ვისაც გინდა ქართველ კაცსა, რომელიც კი ცოტაოდენადაც მაინც თავისთავს წიგნის მცოდნეებში აგდებს, რომა რა ღირსებისა არის ”ვეფხვისტყაოსანი”?

მე თქვენ დაგარწმუნებთ, თადეოზ, რომა მათგანი არც ერთი არ დაფიქრდება ამის პასუხის გებაზე: ”დიაღ, ჩინებული, მშვენიერი რამ გახლავსთ, თქვენმა მზემა, იმისთანა არცა რა დაწერილა და არც დაიწერება”. მაგრამ რომ მიუბრუნდე და მეორეთა ჰკითხო: რა არის ”ვეფხვისტყაოსანში” კარგიო, მე მგონია, ყველამ ვერ მოგცეს ამაზედ პასუხი;

ამისათვისა, რომა იქნება არც კი წაეკითხოს თავის დღეში ”ვეფხვისტყაოსანი”, და გაეგონოს კია ვისგანმე ქება და სხვის სიტყვით აქებდეს. ან, თუგინდ წაეკითხოს, განა ყველას შეუძლიან ნათლად გამოარკვიოს, რა არის კარგი ”ვეფხვისტყაოსანში” და ცხადად და ნათლად ჩაგაბაროთ ანგარიში, როცა ჰკითხამთ. მარად ჭეშმარიტია ქართული ანდაზა: ”კარგს მთქმელსა კარგი გამგონე უნდაო”; კარგის გასაგონებლად კაცი მომზადებული უნდა იყვეს, გონება უნდა ჰქონდეს გახსნილი, განათლებული, თორემა ბნელის გონებით, ბნელაში კაცი რას დაინახამს.

გონებაგახსნილი კაცი წაიკითხამს თხზულებასა და იტყვის: ეს ცუდია, ეს კარგია, ეს არც ძრიელ ავია და არც ძრიელ კარგი; ცხადად იტყვის, რის მიზეზით არის ან კარგი, ან ავი, ან საშუალო; ცხადის საფუძველით, საბუთით დაამტკიცებს თავისს ნათქვამსა. კრიტიკოსი არის გამრჩევი თხზულებისა, კრიტიკოსი არის ცხადად მაჩვენებელი ავისა და კარგისა თხზულებაში, ან ყოველივე მოქმედებაში, ის არის დამრიგებელი და მსაჯული.

რა გამოვა, ჩემო თადეოზ, იმ ბავშვისაგანა, რომელსაც არა ჰყავს კარგი დამრიგებელი, ან სრულიად არა ჰყავს დამრიგებელი? რა გამოვა იმ ჟურნალიდგანა, რომელსაც არა ჰყავს კარგი დამრიგებელი, კარგი კრიტიკოსი? ვერც ერთი ჟურნალი უკრიტიკოდ ვერ იცოცხლებს, კრიტიკა არის მისი გზის მაჩვენებელი, იმისი წინამძღოლი, იმისი სინათლე და დამრიგებელი.

იმან უნდა გამოარჩიოს ავი და კარგი ყოვლის სიმართლით და დაანახოს ყველა ჟურნალის წამკითხველსა. ყოველი წამკითხველისათვის, მგონია, სასიამოვნო უნდა იყოს ყოველთვის კრიტიკული სტატია, რადგანაც შეუძლიან თავისი აზრი შეამოწმოს იმ კრიტიკითა; ნახოს, სხვა როგორა ფიქრობს იმ საგანზედა.

მაგრამა სამწუხარო ეს არის, რომა, როგორც თქვენა ბრძანებთ, ჩემო თადეოზ, საწყენად მიგაჩნიათ კრიტიკა. მაგისი მიზეზი იქნება ის იყოს, რომა ზოგიერთი კრიტიკოსი თავის განრჩევაში ხმარობს ცხოველ სიტყვასა, ან ამაყად და ცხარეთა სჯის და უნდა, რომა ერთის ცხოვლის სიტყვით ჩაშალოს შეცდომით ნათქვამი ვისიმე აზრი, და ცოტა მკვახეთ გამოსდის ლაპარაკი და მოუხეშავად. ან იქნება პირფერობას იყვეთ დაჩვეული და გწყინდეთ პირში თქმა?

- არა, თქვენმა მზემ, ეგ როგორ შეიძლება? განა არ იცი ქართული ანდაზა:

”პირში მაქებელი ეშმაკის მოციქულიაო?”

- დიაღ, იმას მოგახსენებდი, ზოგიერთი კრიტიკოსი თავმოწონებით ლაპარაკობს. იმ ლაპარაკში ძრიელ ცხადად სჩანს, რომა ხალხი უნდა გააცინოს და იმისთვის გეჩვენებათ საწყენად; მაშასადამე, განსჯაში და დარიგებაში ლაპარაკის კილოსა დიდი მნიშვნელობა აქვს: შეიძლება კაცმა გითხრას ტკბილი სიტყვა, მაგრამ იმ დროს ისე გაიღიმოს, რომა იმ ღიმილმა ის ტკბილი სიტყვა გაამწაროს; შეიძლება, უკმეხი სიტყვა ისეთს კილოზე გითხრას, რომა საწყენად არ მიიღო, მაშასადამე, ლაპარაკში შნო უნდა ჰქონდეს კაცსა. დარიგებაში დაცინებას ხელი არა აქვს. ან რაღა დროს სიცილია მაშინა, როდესაც ყველა საქმის გაკეთებასა სცდილობს.

ამაზედ, ვეჭვობ, თანახმა იქნებით, ჩემო თადეოზ, რომა სიცილსა და კასკასსა დარბაისლური ლაპარაკი სჯობია! მეტადრე უადგილო სიცილსა სრულიად არა აქვს ლაზათი. - ზემოთ მოგახსენეთ, კრიტიკოსი არის-მეთქი მსაჯული; მაშასადამე, იმან არ უნდა დაფაროს არა-რამე სიმართლე მთხზველისა და შეცდომილება, და, მაშასადამე, უსამართლოდ არ უნდა მიუდგეს მტყუანსა და მართალი დასჩაგროს.

მაგრამა რა კრიტიკოსი უნდა იყვეს ისა, რომელიცა სწავლით, განათლებით, განმსჯელობით კარგა დაბალი ღირსებისა არის იმაზედა, რომელსაც აძლევს დარიგებასა? კრიტიკოსი ნიჭითა და სწავლით უნდა უთუოდ უმაღლესი იყვეს ავტორზე, თორემა რა დარიგება შეუძლიან?

- თქვენგან არ მიკვირს, სფირიდონ, მაგასა ამბობთ, რასაკვირველია, თუ არ შეუძლიან, ხმასაც არ ამოიღებს. ალბათ გრძნობს თავის შეძლებასა და იმისათვისა სჯის, შეუდგება საგანის სჯასა; მაგრამა მე კიდევ იმას მოგახსენებ, რომა ეგ კრიტიკეები მე არ მამწონს და რა ვიცი.

- არა, თადეოზ, ბევრჯელ გარემოება ისეთს შემთხვევას მიაყენებს კაცსა, რომა ნებით თუ უნებლიეთ, კალამს მოაკიდებინებს ხელსა. ავმა კაცმა რომ ბრძოლა დაგიწყოთ, ხელს არ გამოიღებთ?

- აბა, რასაკვირველია.

- დიაღ, აგრე მოხდება ხოლმე ლიტერატურაშიაცა. აი, მაგალითი წინ გვიძევს. აი, ეხლა ჭავჭავაძემ დასწერა ერისთავის ნათარგმანევზედა კრიტიკული განრჩევა, კილოკავად გაჰკენწლა თხზულება კნ. ბარბარე ჯორჯაძისაცა და ამასობაში გაიმართა ჩვენებური ბაასი. დახე, მცირედი საქმისაგანა რა ამბავი მოხდება.

ერთის ნაპერწკალითა მთელი ბულული გადაიწვის ხოლმე. ამასთანავე მეორე შემთხვევაც მოგახსენო: თ. გ. ბარათაშვილს ძალათი დააწერინეს კრიტიკა. ამისი დასამტკიცებელი საბუთი თვითონ ავტორის სიტყვები გახლავსო. დაუგდეთ ყური, რას ამბობს რედაქტორთან მინაწერს წიგნში: ”არ ვიცი, რა მიზეზია, რომ ჩამაცივდით, დავსწერო რამე ”ცისკრისათვისა”. ნუთუ გსურთ ჩემზედაც ალაზღანდარაო ზოგიერთნი მჭევრმეტყველნი და შეამკობინო ჩემი თავი, როგორათაც საბრალო კაზლოვი”.

აკი მოგახსენეთ; ჩემო თადეოზ, რომა ბევრჯელ ისეთი შემთხვევა მოხდება, რომა არ შეგიძლიან ხმა არ ამოიღო. იქნება თქვენ არ შეგეხებოდეთ ვისიმე მოქმედება, მაგრამა მეგობრის გულისათვისა არ დაიზოგამთ თავსა, როგორც მე გიცნობთ.

- რატომ, მეგობარმა მეგობრისათვის დიაღ უნდა ამოიღოს ხმა.

- ეგ დიაღ ჩინებულია, მაგრამა, რომ ნამდვილად იცოდე ამხანაგის სიმტყუვნე, მაშინ ხომა უკანონოდ უნდა დასჩაგრო მეგობრის წინააღმდეგი? არა სჯობს, რომა თვითონ ამხანაგს მისცე დარიგება და მართალს კი სამართალი მისცე. ამასთანავე არ შეიძლება კაცმა ერთს მხარეს არ მიჰკერძოს. ე. ი. თავის ამხანაგსა, და აქედგან წარმოდგება სტატია - ცრუდ მსჯელი, ძალდატანებული და მიმკერძავი.

აი, თუგინდ თვითონ ეს ”რედაქტორთან” მინაწერი წიგნი გავშინჯოთ. ავტორი აცხადებს საქვეყნოდ, რომა ძალა დაატანეს და ისე დააწერინეს სტატია. ეს ძრიელ ჩინებული, იქნება მართალიც იყვეს, მაგრამა ამასთან ჩვენ რა დავა გვაქვს: სთხოვეს, ძალა დაატანეს, თუ თავის ნებით დასწერა სტატია; ეს სრულიად არ შეგვეხება ჩვენა.

მოკითხვის წიგნში რომ დაწერილიყო, ის სხვა იქნებოდა. ამას-და გარდა ძალდატანებითა და ჩაცივებით სტატიის დაწერა რომ არ იქნება? ავტორი თვითონ უნდა გრძნობდეს ძალდაუტანებლად რომელიმე აზრის წარმოთქმის საჭიროებასა; აზრი უნდა გამომდინარეობდეს ლაღად, თავისთავად გონებიდაგანა, სადაც არის მოგროებული და დიდი ხანია აპირებს გამოხეთქასა, როგორათაც დაგუბებული წყალი, - და სადაც, ჩემო თადეოზ, წყალი ოდნავ ჟონამს, რა ღონისძიება უნდა მოიხმარო, რომა იქიდგან წყალი გამოიყვანო მცირე ხალხისათვისაც სამყოფი? და თუგინდ ჰსწურო საქაჯავითა და ძალდატანებით გამოიყვანო, მაინც მალე გამოილევა და დაშრება.

ეს შეფარდება, ჩემო თადეოზ, იქნება ძალიან უწინდებური მამივიდა, მაგრამა რა გაეწყობა; კიდევაც მოგახსენებ, რომა ძალად გამოყვანილს წყალსა წისქვილის დაბრუნება არ შეუძლიან: ის არის უღონო, რომელსაცა რაკი მოხვდება თიბათვის მზის შუქი, მაშინვე გაჰქრება.

ამ სტატიაში ფრაზები არის დიდად გაჭიმული, სწორედ ძალათ დაწერილი, მაგალითებრ: ”...რადგანაც ამ დროს მიაქცია ჩვენი ყურადღება აპრილის ”ცისკარმა”, რომელიც შემოიტანა ბიჭმა და სხვანი...” ამ დროში არა მგონია, ამნაირად ლაპარაკობდეს ვინმე; რა საჭიროა ასეთი სიტყვების შერჩევა იმისთანა აზრის გამოსათქმელათა; ვგონებ შეიძლებოდეს სამარადისო სალაპარაკო ენაზედაც თქმა, მაგრამ არა, უნდა უთუოდ დაიწეროს ”მიაქცია, მოაქცია, მივაქციე, მოვაქციე ყურადღება” და სხვანი.

და თუგინდ რომ ასეც იყვეს, რათ უნდა შესწყვიტოს ავტორმა თავისი სტატია წიგნის შემოტანითა; ჟურნალი შემოიტანა ბიჭმა, - ხომ არ მიჰქონდა? იმისი წაკითხვა შემდგომაც შეიძლებოდა. მაგრამ რას არ უზამს მკათათვის მზის შუქი ძალით გამოყვანილს წყალსა? ეს არის გასაოცარი, რომა ვიდრე ადამიანი კალამს აიღებს ხელში, ლაპარაკობს რიგიანად, სიტყვა სიტყვაზედ მოჰყავს, თავის აზრს შეგატყობინებს ძრიელ კარგად, არც წაიბორძიკებს ლაპარაკში, არც თავს შეგაწყენს ბევრი ვითარცაებითა და უკვეებითა ისე, რომა ზოგიერთის ლაპარაკი, გაუწყვეტელი და კილოიანი, გიამება, და ისევ ის ადამიანი, როცა კი კალამს ხელს მოჰკიდებს, სულ დაეკარგება კილოცა, ენაც მაშინ დაებმის, გონებაც სხვანაირად მოჰყვება ფიქრსა და წამოისვრის ისეთს სიტყვებსა, რომელთაცა სამარადისო, შინაურულ ლაპარაკში ყურს ვერ მოჰკრამ, ან არა და მოჰყვება ისეთ მაღალ ფარდებზე ლაპარაკსა, რომა, ერთი სიტყვით, კაცს ვეღარ იცნობ, რომელიცა ორის ან სამის საათის წინათ გელაპარაკებოდა ისე საამურად.

არ ვიცი რისთვის, რის მიზეზით სცდილობს ისეთი სიტყვითა სთქვას თავისი აზრი, რომა ყველას არ ესმოდეს: ან უნდა გააკვიროს წამკითხველი თავისი ცოდნითა და ამისათვის წერაში მალ-მალე დაფიქრდება, მალ-მალე ჩაჰხედამს ლექსიკონში, ან ძველ წიგნებში, ერთი სიტყვით, სადაც ეგულება და იქიდგან ამორჩეული სიტყვებითა ნათელს აზრს დააბნელებს, გაამქისებს და გააუგემურებს, რა არის ამისი მიზეზი? მე ვგონებ, ამისი მიზეზი ის იყოს, რომა ან ავტორსა სურს თავისი თავი დიდად მცოდნედ უჩვენოს წამკითხველებსა, ან არა და სრულიად ვერ მოუხერხებია სამარადისო სალაპარაკო ქართული ენა საქმეში გამოიყენოს, და ჰბაძამს ჩვენ წინაპართა წერაში, და ვეღარც იმათა სწვდება და ვერც ახლანდელს მიმხვდარა და ამისათვის ქაღალდზე გამოყვანილი აზრი არის ცუდად წყობილი.

ყოველისფერი თავის ადგილას არის კარგი: საღმრთო წერილში არ გაუკვირდება კაცსა, რომ შეხვდეს სიტყვები: ”მიაქცია”, ”მოაქცია”, ”ვითარცა”, ”უკვე” და სხვანი. თითქო რაღაცა გეუბნება, რომა იქა თითქო ისე უნდა იყვეს უთუოდ დაწერილი, როგორც არის; მეტადრე იმისათვისა, რომა ყური გვაქვს შეჩვეული.

თუგინდ რომ მოვინდომოთ იმ ენაზედ წერა, ვეღარ მოვახერხებთ ამ დროში, და დავრჩებით ორთა წყალთა შუა. ყოველთვის უფრო სასიამოვნოა წასაკითხავად თხზულება, დაწერილი საყოველდღეო, შინაურულს ენაზედა, იმ ენაზედ, რომელითაც ლაპარაკობს ქართველი კაცი თავის სახლში, თავის ცოლ-შვილში, ტოლთანა და ამხანაგთანა.

ვისგან გაიგონებ, ჩემო თადეოზ: შემოიტანა ბიჭმა ”ცისკარი” და მიაქცია ჩვენი ყურადღება? აი, ბატონო, წაიკითხეთ კამედიები: ”გაყრა”, ”მინდა კნეინა გავხდე”, ”ძუნწი” და სხვანი და შეიტყობთ, რა სარგოიანად უხმარიათ ახლანდელი ქართული ენა თ. გ. ერისთავსა და უფ. ანტონოვსა თავის თხზულებაში. ყველას ესიამოვნება, ყველა სულგამელული ზის თეატრში და სცდილობს, რომა აქტიორის სიტყვა არც ერთი არ ასცდეს იმის ყურსა.

ჟურნალი მაშინ არის სასიამოვნო წასაკითხავი, როდესაც აზრი არის დაწყობილი იმ სიტყვებითა, რომელსაც შეჩვევია ყური. მაშინ მოემატება ჟურნალსა მკითხველი, როდესაც ჟურნალი თვითონ შეაყვარებს თავსა მკითხველსა. ჟურნალი უნდა იყვეს ადამიანის შემქცევი, ე. ი. გონება უნდა უღვიძოს მკითხველსა, და არა თავის მამბეზრებელი; აცნობებდეს ყოველ შესანიშნავ ამბავსა კარგი ტკბილის ენითა.

უწინდელი მწიგნობრული ენით დაწერილი, ან იმ არეულ უწინდელი და ეხლანდელი ენით დაწერილი ჟურნალი არასდროს არ შეიქმნება სახალხო, ან საზოგადოდ ყველასათვის წასაკითხავი.

შემთხვევით მრავალჯერ ვხედამ ხოლმე, ჩემო თადეოზ, ერთს მედუქნესა, რომელიცა მოცალების დროსა, როდესაც მუშტარი არა ჰყავს, ზის ხოლმე დუქნის წინა და უჭირავს რაღაც ხელთნაწერი წიგნი ლურჯ ქაღალდზედა. გარშემო უსხედან გლეხიკაცები, მოხუცებულნი და ყმაწვილი ბიჭებიცა, და ის მედუქნე თავმოწონებული კითხულობს ხოლმე და ისინი ყურს უგდებენ.

როგორც ვატყობ, ის გლეხიკაცები სრულიად არ უგდებენ იმ მედუქნეს ყურსა, როცა კითხულობს, ამისათვის რომა, როგორც მე მოვკარი ყური, საშინელი ენით არის დაწერილი, მაგრამა ის მედუქნე, როცა წაიკითხამს ერთს მუხლსა, შემდგომ დაანებებს კითხვას თავსა და პირად უამბობს გარეშე მყოფ ხალხსა, რაც წაიკითხა. და უნდა უყურო იმათ მხიარულებასა და თავის ქნევასა, როცა თავის ენაზედ გაიგონებენ ხოლმე იმ უცნაურ ზღაპრულ მოთხრობასა.

არ ვიცი კია, რა წიგნია ის ხელთნაწერი. დიაღ, იმას მოგახსენებდით, რომა სასიამოვნო იქნება ყოველ წამკითხველისათვისა ჟურნალი, დაწერილი იმ ენაზედა, რომლითაც მუდამ ჟამს ლაპარაკობს. უეჭველია, ძრიელ გონივრად იქცევა ისა, ვინც მუდამ ჟამს კითხულობს საღმრთო წერილსა. იმის წამკითხავი ორნაირად არის სარგებლობაში, პირველად: შეისწავებს ღვთის ვედრებასა და რამდენსაც მომატებულად კითხულობს, იმდენად მკვიდრად დაინერგება იმის გულში სარწმუნოება ქრისტესი; და მეორედ: იქ შეხვდება მრავალ ნამდვილ ქართულ სიტყვასა, რომელნიც ამჟამად ბევრნი მათგანნი აღარ იხმარებიან საერო ლაპარაკში, და მაშინ, როდესაც საღმრთო წერილი გადმოუთარგმნიათ ქართულად ბერძნულიდგან, ხმარებაში ყოფილა.

მხოლოდ იქიდგან გამოტანილი სიტყვა უნდა მოიხმაროს ისე, იმ კილოზე, როგორც ამჟამად ლაპარაკობს ხალხი; მეტადრე არ არის ძნელი სამუდამო ლაპარაკის კილოზე სიტყვის ხმარება მაშინა, როდესაც საგანი თხზულებისა არ შეეხება რასმე ფილოსოფიურსა, ანუ სხვა რომელსამე სწავლასა.

ამგვარ თხზულებაში ვერ ასცდება მწერალი უმაღელს აზრის გამოთქმასა, ვერ დასწერს სამუდამო საზოგადო სახალხო ენაზე, რადგანაც თითონ საგანი ფილოსოფიური თხზულებისა არის ისეთი, რომა ყველას, მოუმზადებლად, არ შეუძლიან მიხვედრა და ამასთანავე უთუოდ დასჭირდება ისეთი სიტყვების ხმარება, რომელნიც ხშირად არ ესმის ხალხსა. აგრეთვე უნდა ვსთქვათ გადმოთარგმნილ სტატიებზედაცა.

აქამომდისინ რამდენიც დაბეჭდილა ჟურნალში გადმოთარგმნილი სტატიები, რაც უნდა კარგები იყვნენ ნამდვილში, გადმოთარგმნილს აღარ აქვს თითქმის არც ნახევარი ლაზათი, ისინი ისე არ მოსწყვლენ ხოლმე წამკითხველის გულსა, როგორც კარგი თხზულება, ან საშუალო ღირსების თხზულება, დაწერილი პირდაპირ ქართულ ენაზე.

ამის მაგალითი არის ისევ ის კამედიები, რომელნიც წეღანა ვსთქვით. იმ კამედიებს ხალხი უფრო სიამოვნებით კითხულობს და ზეპირათაც ბევრნი სწავლობენ, ვიდრე შექსპირის დრამებსა, გადმოთარგმნილს ქართულ ენაზე, თუმცა დაწუნებით კი არავის დაუწუნებია. რისაგან არის ესა? ამისი მიზეზი ისევ ის არის, რაც მოგახსენე წეღანა;

მთარგმნელი ალაპარაკებს ფრანცუზსა, რუსსა, ანგლიჩანსა ქართულად, როგორცა სთქვა ბაქარ ქართლელმა - ”ღარიბი ყმაწვილი კაცის რომანის” მთარგმნელმა თქვენ იმათგან გესმით ზოგიერთი ისეთი აზრი, რომელიცა ჯერ არ გაგიგონიათ, ან ისეთს კილოზე გეუბნებათ, რომა ძრიელ უნდა ჩაფიქრდეთ, რომ გაიგოთ, ამასობაში, ვისაც არა აქვს დიდი მოთმინება და არ უყვარს ბევრი ფიქრი, ხალისი ეკარგება, მაშინ როდესაც, ჩვენ რომ ვსთქვით, ის კამედია ძრიელ ადვილი გასაგონია ქართველი კაცისათვისა; იმ კამედიაში ხედამს სურათსა ბევრი თავისი მეგობრისასა, ხედამს თავის ცხოვრებასა და სიამოვნობს.

ამ კამედიებზედა და თარგმანებზე, ჩემო თადეოზ, ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამა ამჟამად ამითი დავასრულოთ, რადგანაც ჩვენი ბაასის საგანი სხვა არის. რასაკვირველია, ყოველი მთარგმნელი უნდა იმასა სცდილობდეს, რომა გადმოიღოს სხვის აზრი ქართულ ენაზე ისე, რომა ნამდვილსა და თარგმანის აზრს შორის არა იყოს რა იოტის ოდენი განსხვავება; მაგრამ მაშინ რა ჰქმნას მთარგმნელმა, როდესაც ქართული ენა არ არის ჯერეთ იქამდისინ ხმარებაში შესული, რომა ყოველ სიტყვას თავისი პირდაპირი მნიშვნელობა ჰქონდეს და იმავე დროს ევროპიული აზრი გადმოიღოს იმავე მნიშვნელობითა და ცხადად, ერთის მოკლე სიტყვით შეგასმინოს.

ბევრს შეხვდება კაცი ნათარგმნებში შეუჩვეველს სიტყვის ბრუნებასა და ეჩოთირება, ვიდრე შეეჩვევა. მაგრამ სადაც ქართველი კაცი, ქართულად მოლაპარაკე, თვითონა სწერს თავის თვალით ნახულს საგანზედა და სურს გააგებინოს თავისი აზრი მკითხველსა, იმას არასდროს არ ეპატივება, რომა იმის დაწერილი სტატია თავით ბოლმდისინ ჰგვანდეს გადმოთარგმნილსა და არ იყოს დაწერილი იმ ენაზე, რომელზედაც ლაპარაკობს შინა, გარეთა და საზოგადოებაში.

აი, ვსთქვათ, შემომხვდა გზაზედა და მოჰყვა ლაპარაკსა; სადა ყოფილა, ვის შეხვედრია, რა უნახამს, რა გაუგონია, ყოველისფერს გეტყვის დაწყობითა, კარგად და სასიამოვნოდ. შემდგომ მოგიტანეს ჟურნალი, გადაშლი, წაიკითხამ იმავე კაცის სტატიასა და დარჩები გაოცებული. ეს უნდა მივაწეროთ ზოგიერთი ავტორების სურვილსა, რომ უნდათ თავისი კალმით ”განთქმა, ქუხვა”.

ბევრს აქამდისინაც ვერ გამოუბერტყია გონებიდგან ის აზრი, რომა მაღალი ფრაზითა, მდაბალი ფრაზითა და საშუალო ფრაზით წერასა სრულიად აღარაფერი მნიშვნელობა არა აქვს. თხზულებაში საქმე აზრია და მაღალს და მდაბალს ფრაზსა არაფერი ღირსება არა აქვს, თუ ბრწყინვალე აზრი არ გამოსჭვივის სტატიაში.

- ახლა რაზედა ლაპარაკობ მაგდენსა, სფირიდონ?

- მე მოგახსენებთ ზოგიერთ ”ცისკრის” თანაშემწეებზედა.

- იძახიან, ჯერ ადრეა იმაზედ ლაპარაკიო.

- რასაკვირველია, მაშინ ყველა გაგვამტყუნებს, რომა სასტიკი ანგარიში მოვსთხოვოთ ოთხის წლის ჟურნალსა, ან ”ოთხის წლის ქალსა”, როგორცა სთქვა თ. გიორგი ბარათოვმა, იმ ყმაწვილ ქალსა, რომელსაც ფარეზით და წყნარად უნდა ვექცეოდეთ, რომ არაფერი ვაწყენინოთ, მაგრამ საკვირველი ეს არის, რომა თუ პატარაობითვე არ ანიშნე შეცდომა, არ გაუსწორე, ოთხმოცის წლისაც რომ შეიქნეს, ისევ ის ოთხის წლის ბავშვი არ იქნება? აქაო და ოთხის წლის ბავშვიაო, როგორ არავინ არ უნდა ანიშნო ნაკლულება, თუკი ცხადად ხედამს.

შარშან თუ შარშანწინ ვიღამაც გამოაცხადა ამ ”ცისკარშივე”, რომა ”ოღონდ ჟურნალი კი იყოსო ქართულ ენაზედაო და როგორიც უნდა იყვესო”. ეს გასაოცარი სურვილია, სწორეთ მოგახსენოთ. რასაკვირველია სასაცილო იქმნება დავემდუროთ იმაზე, რომა რატომ ათიოდე შექსპირი არა ჰყავს, ან ბაირონები, ან რუსთაველები და სხვანი; ყველას აქვს ნება ის ანგარიში მოსთხოვოს, რომელის პასუხისგებაც შეუძლიან მისცეს ოთხის წლის ჟურნალმა და ორმოცის წლის თანაშემწეებმა.

აი, თუ გინდათ, გადვიკითხოთ მაისის ”ცისკარი”; აქ არის მხოლოდ ორი ლექსთ-თხზულება: ”ნაამბობი მოხუცისა” და მეორე ”გამოსალმება”. პირველია თხზულება თავ. რაფიელ ერისთავისა და მეორე - თ. გრიგოლ ორბელიანისა.

ეს ორი თხზულება, გალექსილი კარგის ხელოვნებით და გრძნობით, მეტადრე ”გამოსალმება”, მოკლედ და მკაფიოდ გამოგიხატამსთ ადამიანსა, ნამდვილ გრძნობის მქონებელსა, რომელიც მიმავალია შორს სადმე და ესალმება თავის სატრფოსა და იქამდისინ გულმოწყლულია საყვარელი საგნის განშორებითა, რომა გულში ალმური ტრიალებს და თავისი წვა და დაგვა ვერ წამოუთქვამს, რადგანაც გული შეჰქმნია ქვად და გრძნობა ცეცხლად აღგზნებია.

შემკრთალს და შეჭირვებულსა ვერ უპოვნია სიტყვა თავის გრძნობის გამოსათქმელად. მხოლოდ ამ შემთხვევაში, ე. ი. გამოსალმების დროს, უძლურს გულს გადმოედინება ცრემლი და იმითი ჩაქრება მჭმუნვარების ალი. მაგრამ ეს გრძნობა ადვილი მისახვედრია და ჩვენი განმარტება საჭირო აღარ არის.

ამ ლექსებს შემდგომ დარჩება პროზა. პირველი მათგანი არის ”ნამდვილი შემთხვევა”, თარგმანი სამსონ აბაშიძისა. ამ სტატიასა აქვს ორი ღირსება: ამბავს კარგს გიამბობთ და უფრო სამუდამო სალაპარაკო ენაზე არის დაწერილი; სიამოვნებით წაიკითხამს ადამიანი, თუმცა აქა-იქა თითო-ოროლა აზრი ძველებურ კილოზეა, მაგრამ არა უჭირს რა, იმედი გვექნება, რომა შემდგომ უფრო ტკბილი ქართულის ენით გადმოგვითარგმნის რასმე.

შემდგომ, ჩემო თადეოზ, არის სტატია კნ. ბ. ჯორჯაძისა ილია ჭავჭავაძის კრიტიკაზე, და რადგანაც თქვენ არ გიყვართ კრიტიკების კითხვა, ამისათვის ამისი ბაასი მივანდოთ თვითონ თ. ილ. ჭავჭავაძესა. ამ სტატიას მოსდევს მეორე სტატია ”ივანე კერესელიძის მოგზაურობიდგანა”. ეს სტატია უნდა წავიკითხოთ: როგორათაც მოგზაურობა კაცისათვის სასიამოვნო არის, ისე აღწერა რომელიმე ქვეყნისა უნდა უთუოდ სანუკვარი იყოს ჩვენთვის.

ამგვარი სტატია მარადჟამს საამურია. რადგანაც გაგვაცნობს ჩვენ მშვენიერ კახეთსა. რამდენი რამე იქნება იქა გონების გასადევნებელი; მეტადრე ჩვენთვის, ვისაც თვალით არ გვინახამს: ადგილის მდებარეობა, კავკაზის მთა, ალაზნის მინდორი, მაზედ გამწკრიებული გაღმა-გამოღმა სოფლები, ვენახოვან-ხილიანი (როგორც ამბობს ვახუშტი), ციხეები, მონასტრები, ხალხი, მათი ცხოვრების წესი, ხასიათი, ჩვეულება, ვინ იცის რამდენი რამ არის კარგიცა და ავიცა.

კარგის აღწერით შეგვიძლიან ეს ყოველისფერი წარმოვიდგინოთ თვალწინა, ისე, თუგინდ თითონ გვევლოს. აი, წავიკითხოთ ეს სტატია და ის გვეტყვის ამ ამბავსა დაწვრილებითა; თუ მთელი კახეთის ამბავს არ გვიამბობს, ერთსა და ორს საგანს მაინც დაგვიხატამს. მართლაც, ამ სტატიაში არის აღწერილი წმინდა ნინოს ეკკლესია.

- დიაღ, ჩემო სფირიდონ, ძველად ვყოფილვარ მე მაგ ეკკლესიაში, და თუმცა ბევრი აღარა მახსომს რა, მაგრამ ეს კი ჩამრჩა გონებაში, რომა სიღნაღის მახლობლად არის ის ეკკლესია. და წაიკითხეთ, სასიამოვნოა ჩემთვისა: ეგ ჩემ სიყმაწვილეს მამაგონებს. ეჰ, ის დრო სჯობდა, როცა ყმაწვილი ბიჭი ვიყავი, გული მერჩოდა, თოფიარაღს ვეწყობოდი, კახეთსაც მოვირბენდი ხოლმე და სომხეთსაცა; ეხლა, რაღა ვართ? სხვას უნდა ვკითხამდე კახეთის ამბავსა!...

- აი, მოიხსენეთ, მგზავრი რას გვეუბნება: ”სიღნაღიდგან სამს ვერსტზედ, მარჯვნივ მხრივ, საიდგანაც იწყობა სამძღვარი ქიზიყისა, არის მონასტერი, აღშენებული წ. ნინოს სახელზედ. ამავე მონასტერში დაფლულია გვამი ქართველთ განმანათლებელისა: - ვიდრე მივა მგზავრი და მიახწევს მონასტრამდინ, გზა არის აღმართ-დაღმართიანი, ცალ მხარეს ხეობა და გადასახედი, რომელით დაჰყურებს ვრცელს მინდორსა”. (რომელ მინდორსა? დავიჯერო სახელი არა ჰქვიან რა!).

შემდგომ მოგახსენოთ: ავტორი მისულა ახლოსა და უნახამს მარჯვნივ და მარცხნივ სახლები, ერთს მხარეს ორეტაჟიანები, რომელნიც აუშენებია ბოდბელსა; სხვადასხვა ჩინურის ქვებით ყოფილა შეკრული ეკკლესიის კარების თაღი, ზედაწარწერეებითა და სხვანი.

ერთი სიტყვით, თავიდგან ბოლომდინ რომ წაიკითხო ეს აღწერილება, თვითონ წმ. ნინოს ეკკლესიისას ვერაფერს გაიგებთ. აქ უფრო დაწვრილებით არის აღწერილი ბოდბელის აშენებული სახლები, თვითონ ბოდბელის ღვინის სმა, სტუმრების მოწვევა და სხვანი, რომელნიცა მეორე პლანზე უნდა იყვეს მოხსენებული, ე. ი. პირველად უნდა დაწვრილებით აეწერა თვითონ ეკკლესია და შემდგომ, სხვათა შორის, ეკკლესიის ეზოში მყოფი სახლებიცა. ამ აღწერით ვერ წარმოიდგენთ ვერც ადგილის მდებიარებასა, მაღლობზედ არის თუ ხევში წმინდა ნინოს ეკკლესია; ახალია თუ ძველი, დანგრეულია თუ მთელი; როდის არის აშენებული, რანაირი გარეგანი შეხედულება აქვს, გუმბათი აქვს ერთი თუ ორი, თუ სულ არა აქვს; რამდენი რამ არის შესანიშნავი უწინდელს შენობაებში გარედგანა და შიგნიდგანა.

მგზავრი რომ ჩინურის ქვებსა და კენჭებს დაუწყებს შინჯვასა, მაშინ დიდსა და უშველებელ შენობას ვეღარ დაინახამს. არა, არ შეიძლება ასე მსუბუქად გაშინჯვა იმისთანა ეკკლესიისა, როგორიც არის წმინდა ნინო მონასტერი. როგორც მოგახსენეთ, სტუმრებზედა და მეღვინეებზე უფრო დაწვრილებითა სწერს, რომელიცა განსაკუთრებით შესანიშნავს არაფერს წარმოგვიდგენს, ვიდრე თვითონ ეკკლესიაზე, რომელიცა არის სახსოვარი ნიშანი, წინდი ჩვენი წინაპართა ქრისტიანობის რჯულის სიმტკიცისა და გულმხურვალედ ღვთისმოყვარებისა. ახლა უნდა მოგახსენოთ, ჩემო თადეოზ, კილო წერისა; აბა, რომელი ქართველი კაცი ილაპარაკებს ამბავს ასე:

...მეორეს მხრივ სვეტზედ, მარჯვნივ მხარეს, იხილავთ თვითონ უკანასკნელ ბოდბელს, მონაზონის ტანისამოსით, რომელსაცა მხურვალედ გაუპყრია ხელი ზენათ, და რომელის წინ საფლავია, თავის სიცოცხლისვე დროს დაუხატვინებია. ამავე მხრის მეორეს მხრივ დახატულია სრულის მღვდელმთავრის შესამოსელით, ცალ მხარეს უპყრიეს სანთლები, ხოლო მეორე მხარეს ჯვარი”.

ეს მთელი სტატია სულ ამ კილოზე არის დაწერილი და ამ ერთი მაგალითით შეგიძლიანთ გასაჯოთ მთელი თხზულება. ამ სტატიაში ერთ ადგილას არის მოხსენებული სასწავლებელი წმინდა ნინოს მონასტრისა, სადაც შეუსრულებიათ სწავლა ზოგიერთს ყმაწვილ ხალხსა, რომელნიცა ქართული ენის მაღალი ფილოსოფიის მცოდნეთა შორის ირიცხებიანო. არ იქნება ურიგო, რომ ავტორმა გამოგვიცხადოს სახელები იმ ფილოსოფოსებისა, რომელზედაც ამბობს, ან საიდგან გაიგო, რომა ფილოსოფოსები გვყოლია და ჩვენ კია აქამომდისინ ვერა გავიგეთ რა.

ან რა საკვირველია, რომ ვერ გავიგოთ, ასე იშვიათად სწერენ ხოლმე უწინდელ ამბავსა. გადმოვშალოთ კიდევ რამდენიმე ფურცელი, აქა ვნახამთ სტატიასა: ”პირუტყვთ მოშენება” იოსებ მამაცაშვილისა. რა უნდა მოგახსენოთ ამ სტატიისა?

მე არ გახლავარ აგრონომი, რომ შევნიშნო რამე. მხოლოდ ამას მოგახსენებთ, რომა ამგვარი სტატია სჯობს ცალკე იბეჭდებოდეს, და თუ ცალკე არ შეიძლება, ჟურნალის ბოლოში მაინცა, როგორათაც დამატება, და მგონია მაშინაცა და ეხლაცა ეს სტატია დარჩეს ისევ ისე ქაღალდზე, როგორც არის დაწერილი და ამას საქმეში ვერავინ გამოიყენებს; აბა ვინ არის ისეთი სახლ-კარის მმართავი საქართველოში, რომა ასე დაწვრილებით გამოუდგეს საქონლის მოშენებასა! მაშასადამე, წაიკითხვენ, დაჰკეცენ და დასდებენ ყუთის თავზე.

ამ სტატიის დაწვრილებით გაჩხრეკა მივანდოთ აგრონომებსა, რომელნიც სახლოსნობის სწავლაში არიან აღზრდილნი. მხოლოდ ამას კი მოგახსენებთ, ჩემო თადეოზ, რომა საქართველოში აქამომდისინაც პირუტყვის მოშენება მდაბალი ხალხის ხელში არის, რომელნიც ჟურნალსა და წიგნებს არავინ მათგანი არა კითხულობს, და თუ გინდ რომ ცოტაოდენად კითხულობდნენ, მაინცა ამ სტატიიდგანაც ბევრს ვერაფერს მიხვდებიან. ჩვენმა გლეხკაცმა რომ გაიგონოს ”პოხიერება”, ”უკვე”, ”დაცულ იქმნას”, ”ვითარცა” და ”რათამცა”და სხვ, ვეღარც კი გაბედავს წიგნში ჩახედვასა.

- ეჰ, ეგ ძალიან გააჭიანურე, სფირიდონ, როგორღაცა.

- ერთი სტატია კიდევ დაგვრჩა: ”აზრი აღზრდასა ზედა ყრმათათა დასავლეთ ევროპიაში”, ალექსანდრე ზაქარიას ძე სულხანოვისა. ეს სტატია არის კარგს საგანზე დაწერილი. მოზარდი ხალხი ჩვენში მრავალი გახლავსთ, და ვინც კი მოგვცემს დარიგებასა, როგორ უნდა აღვზარდოთ, რა უნდა ჩავაგონოთ ჩჩვილ ბავშვსა, რომელ გზაზე უნდა დავაყენოთ, ვიდრე დაიწყებდეს სასწავლებლებში სიარულსა, ამისათვის ყოველთვის მადლობას განუცხადებთ დამრიგებელსა. მაგრამ რა უნდა ვსთქვათ ამ სტატიაზედ?

ვინ იქნება ისეთი, რომა გულგრილად წაიკითხოს ეს სტატია, ამ საშინელი ძველი კილოთი დაწერილი, სრულიად მოაწყენს კაცსა კითხვასა. საშინელი ქართული ენა არის, იშვიათად შეგხვდებათ ამნაირი სტატია.

წარმოიდგინეთ, ჩემო თადეოზ, რომა თქვენთან შამოვიდა თქვენი მეგობარი ელიზბარი, და თქვენ მოიკითხეთ; თქვენი მოკითხვის პასუხად რომ დაგიწყოთ ლაპარაკი ასე:

”უკეთუ გწადდესთ ცნობაი ჩემისა გარემოებისა, მიეცით თავსა თქვენსა ნებაი და მოაქციეთ ჩემსკენ ყურადღება თქვენი, რათა ისმინოთ ამბავი უბადრუკებისა ჩემისა: ვიდოდი ბულვარსა ზედან სასეირნოდ, რათა განმექარვებინა კაეშანი გულისა ჩემისა; მუნ დავჰყავ ხანი მრავალი და შემდგომ მომევლინეს ფიქრნი უკვე ნახვისა თქვენისა და მოვიქეც თქვენდა ამბისა საცნობლად; ჟამსა მას, ოდესცა ვიდოდი ქუჩასა შინა, რომელ აწ თქვენს ქვემორე მდებარე არს, და მისს ბნელისა ღამისა გამო ვერ ვიხილე ქვა იგი წინაშე ჩემსა მდებარე და მუნ წავენთხიე ქვასა მას დიდსა, დავეც, და მიიქცა გონებაი ჩემი ამიერიდგან იმიერ და შევიქმენ უგრძნობელი; ჟამსა ამასა შინა მომევლინეს ქურდ-ავაზაკნი და მიიზიდნეს ყოველნი ნივთნი, რაიცა მქონდა მუნ; ვითარ არიან საათი, ქისა ფულით-თურთ” და სხვანი. ან, ვსთქვათ, თვითონ ამ სტატიის ავტორმა გვიამბოს ამბავი დასავლეთის ევროპიისა ასე: ”მივსცემ თავსა ჩემსა ნებასა, შესახებელად ამა საგანსა, წარმოვსთქვა ჩემნი შენიშვნანი...”

აბა, რასა ბრძანებთ, ჩემო თადეოზ, როგორ მოგწონთ ეს საუბარი? თუ ამაში მე შემცდარი ვიყვე და თქვენი მოსაწონი იყვეს ეს საუბარი, ნუ მამექცევით პირფერობითა, მიბრძანეთ, დამიმტკიცეთ, რომა ეს კარგი კილოა და არა ცუდი; მაშინ მე სრულიად თანახმა შევიქმნები თქვენი ბრძანებისა და არც საწყენად მივიღებ, თუ არა და ის მაინც მიჩვენეთ, რა იქნა ის ჩინებულად შემაქცევარი ქართული ენა, ის ჩვენებური ტკბილი ჟღურტული, ის ხმები, რომ იციან ხოლმე ქართველებმა ისე კარგად მოწყობილი, ის ხუმრობა გაუწყვეტელი, როდესაც დასხდებიან ხოლმე მოცლით;

სად არის? რათ იხლართება აზრი საშინლად. ასე ქაღალდზედა, რომა თვითონ დამწერსაც ძლივსღა ესმის თავისი დაწერილი? დავიჯერო, ამ ენით ვლაპარაკობთ? წაიკითხეთ, თუ ღმერთი გწამსთ, ეს სტატია და გამამტყუნეთ, თუ შემცდარი ვარ. ჩავიკითხოთ კიდევ ცოტაოდენი ეს სტატია და ვნახამთ ჩინებულს აზრსა:

”ერთმა ვინმე ფრიად კეთილად განსაზღვრა აწინდელ ჟამის ყრმათა აღზრდა ხსენებულ ევროპიაში: მან დაარქვა მას საიდუმლო სწავლა, რომელსაცა აქვს აზრი, რათა მისცეს სრულობა ზემო პირსა და მით ადვილათ დაჰფაროს ნაკლებულობა შიგნითი პირისა”, ე. ი. როგორც მესმის, ისე მოგახსენებთ: მითამ ისე ზდიანო, რომა ყმაწვილს ჰქონდეს გული გველისა და ზეიდგან ეცვას ტყავი ცხვრისა...

- ეგ ხომ ფარისევლებზედ არის ნათქვამი, სფირიდონ?

- მეც აგრე მგონია. მრავალი თხზულებაა სხვადასხვა ენაზედ დაწერილი ბავშვის აღზრდაზედა ვრცლად და კარგის დარიგებითა და იმათი გადმოღება ქართულად დიდი სასარგებლო იქმნება, თუ ვინმე მიჰყოფს ხელსა.

- რა ჰქენი, სფირიდონ, გაათავე?

- დიაღ, გავათავე. მგონია გეძინებათ?

- დრო არ არის თუ?

- ზოგი სხუმის იყოს. ღამე მშვიდობისა.


1861 წ. 12 მკათათვისა

 

ვიდრე ”ცისკრის” ჟურნალს წაგიკითხამდე, ჩემო თადეოზ, მიბოძეთ ნება, მოგახსენოთ ორიოდე სიტყვა მთარგმნელზედა და სტატიის ამორჩევაზე. მთარგმნელს უნდა ჰქონდეს შემდგომი ღირსება: პირველად, იმან უნდა იცოდეს ზედმიწევნით ორი ენა; ერთი ისა, რომლიდანაცა თარგმნის, და მეორე ისა, რომელზედაცა თარგმნის; მეორედ, უნდა ჰქონდეს გაწმენდილი გემო და განათლებული გონება. მთარგმნელი არის თავისუფალი კაცი სტატიის ამორჩევაში:

რომელიც უნდა, რომელი სტატიაც მოეწონება, იმას მოჰკიდებს ხელსა და გადმოთარგმნის, იმისათვის რომა, რაც თვითონ წაიკითხა კარგი და მშვენიერი სხვა ენაზედა, სურს, რომა თავისს მოყვასსაც შეატყობინოს იმისი აზრი.

გადმოთარგმნის შემდგომ მიიტანს რედაქტორთან და მისცემს დასაბეჭდავად. რედაქტორსაც, რასაკვირველია, უნდა ჰქონდეს ისევ ის ღირსება, რაც მივაწერეთ კარგს მთარგმნელსა. არ არის საეჭვო, რომა რედაქტორიცა თავისუფალია სტატიების დაბეჭდვაში. ის წაიკითხამს სტატიასა, თუ მოეწონება - დაბეჭდავს, თუ არა და - დაუბრუნებს მთხზველსა, ან მთარგმნელსა, რომელთაც არ უნდა მიიღონ საწყენად ესა, რადგანაც სტატიის დამბეჭდავი ვალდებულია ხელის მომწერლებთა წინაშე, რომ დაუბეჭდოს სასარგებლო ამბავი და არა თავის უვარგი და გამოუსაყენი.

სტატიის ამორჩევა გადმოსაღებთა არის პირველი და უწარჩინებულესი საქმე; უაზრო სტატია თუგინდ ჩინებულათაც იყვეს გადმოთარგმნილი, მაინც არ ექმნება ღირსება და ვერაფერს შეჰმატებს ლიტერატურასა; ვერაფერს შესძინებს ამისათვის, რომა წამკითხველებს აუცრუებს გულსა, ასე რომა ვინც გულფიცხი არის, ექნება ერთი ცუდის სტატიის მიზეზითა დანარჩენიც აღარ წაიკითხოს და უპატიუროდ მოექცეს ჟურნალსა, ე. ი. აიღოს და გადააგდოს იქითა.

როდესაც მთარგმნელი წარმოიდგენს, რომა აქვს ღონე თარგმნისა, ან თუგინდ ესეც არ წარმოიდგინოს, ისე მოუა სურვილი თარგმნისა, ან მოინდომებს თავისი სახელის გამოჩენასა, მაშინ შეუდგება არჩევანსა და რასაკვირველია, ამოარჩევს იმასა, რომელიც მოეწონება.

აი, ვსთქვათ, შევიდა მთარგმნელი ბიბლიოთეკაში, სადაც აწყვია მრავლისაგან უმრავლესი წიგნი; რასაკვირველია, ყველა წიგნის არ იქმნება ერთის ღირსებისა; უეჭველია, ისა სცდილობს კარგის ამორჩევასა. გადაიკითხა ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე და არც ერთი მათგანი არ მოეწონა; შემდგომ ჩამოიღო ერთი პატარა წიგნი, გადაშალა, ზედ აწერია: ”მილორდ გიორგი”, თხზულება კამაროვისა. ჩაიკითხა თავით ბოლომდინ. როცა გაათავა, დაფიქრდა: ვინ იცის, რა სურათები არ წარმოუდგებოდა, სად არ უვლია მილორდსა, რომელ კარალევას არ შეჰყვარებია მილორდი, რამდენს ქალს თურმე უძგერდა იმისათვის გული...

- ეგ რომელ მილორდ გიორგიზედ ამბობ, სფირიდონ, ”მილორდიანს” რომ ეძახიან, იმაზე ხომ არა? მე წამიკითხამს ისა, ჩინებული ამბავი არის.

- დიაღ, სწორეთ იმ ”მილორდიანზე” მოგახსენებ, რომელსაც ისეთის სიამოვნებით კითხულობენ ხოლმე ზოგიერთნი; და რამდენს ჯაფასა სწევენ ხოლმე იმის გადაწერაზედა, რადგანაც დაბეჭდილი არ არის ქართულ ენაზედა. ერთი სიტყვით, მოეწონა მთარგმნელსა ამ უფალი მილორდ გიორგის თავგადასავალი და გადმოთარგმნა.

ამას შემდგომ შეგვიძლიან ვიფიქროთ, რომა იქნება ისეთი გემოვნების მქონებელი მთარგმნელიც აღმოჩნდეს, რომ მოეწონოს და გადმოთარგმნოს: ”იარუსლან ლაზარევიჩი”, ”ბაბა-იაღა” და ”კნიაზ მურომსკი” და, ვინ იცის, რამდენი ამისთანა ზღაპრები არის რუსულ ენაზედ დაწერილი. და შეიძლება ესეც ვიფიქროთ, რომა იქმნება ისეთი მესტამბეც აღმოჩნდეს, რომა კიდეც დაბეჭდოს ამისთანა სტატიები.

აი კიდეც აღმოჩენილან და დაუბეჭდიათ კიდეცა რუსეთში ”მილორდიანი”. ერთი ეს მიბრძანეთ, ჩემო თადეოზ, ის არა სჯობია, რომა ამისთანა ზღაპრების თარგმნასა და ბეჭდვასა, თუ მოცალება, შეძლება, ხალისი და მოხერხება აქვს კაცსა, მოაგროვოს ჩვენი ქართული ზღაპრები და დაბეჭდოს? მე მგონია, ეს უფრო სასარგებლო იყოს და ამგვარი შრომა უფრო ღირსებული იქმნება, ვიდრე თხუთმეტი კამაროვის თხზულებისთანების გადმოთარგმნა.

- მე, ჩემო სფირიდონ, ”ცისკრის” ჟურნალის წაკითხვა გთხოვეთ და თქვენ კი ძალიან შორს მოუარეთ, მგონია, როგორღაცა.

- დიაღ, დამნაშავე გახლავარ მაგაში, მაგრამ რა ვქმნა, ერთი შეცდომა მომივიდა მე: ვიდრე თქვენთან მოვიდოდი. გულმა ვერ გამიძლო და როგორც მამივიდა, მაშინვე წავიკითხე ეს ნომერი, და მასუკან კი ვინანე, ამისათვის, რომა ისეთ სტატიას ვერ შევხვდი, რო გაერთო ჩემი გონება და მეორეთა წამეკითხა თქვენთვისა ხალისითა.

ჯერ კარგი სტატიის ორჯელ წაკითხვა რა ძნელია, და მერე ამისთანეებისა, რომელიც აქა ვნახე, მაგრამ თქვენი ბრძანება უნდა ავასრულო, ბიძაჩემო, მხოლოდ ჩემის მხრითაც ამასა გთხოვთ, რომა დამჯერდით იმასა, რასაც მე გამოვკრებ ამ სტატიებიდგანა და მოკლედ მოგახსენებთ. ერთის სიტყვით, ამ სტატიებს მოვხდი ნაღებსა. მეორე სტატია ამ ჟურნალში გახლავსთ: ”მხეცური შურისგება”.

- ეგ უთუოდ ოსებზე იქნება ნათქვამი, ან ხევსურებზე? იმათ იციან საშინელი ჩამომტერება კაცისა. მივხვდი თუ არა?

- ვერ მიხვდით. ეს მომხდარა იტალიაში. აი, როგორ გვაუწყებს ეს თხზულება, რომელიც ისე მოსწონებია მთარგმნელსა და გადმოუთარგმნამს: ყოფილა ერთი აკტრისა, სახელად ჯორჯინა, განთქმული მთელს იტალიაში, ლამაზი და კარგი...

- აკტრისა, მგონია, იმ ქალებსა ჰქვიანთ, სფირიდონ, რომელნიც თრიათში თამაშობენ ხოლმე?

- დიაღ, სწორეთ ისინი გახლავან; მხოლოდ ჯორჯინა ყოფილა მომღერალი. იმ ჯორჯინას, არ ვიცი როგორ, რის მიზეზით, - ეს არ არის გამოცხადებული ამ თხზულებაში, - მიუცია პირობა ერთი მხატვრისათვის, რომ უნდა შეერთო ქმრად. მხოლოდ ჯორჯინას ლაპარაკში ეტყობა, რომა ის მხატვარი არა ჰყვარებია.

ამ პირობის მიცემის შემდგომ ჯორჯინას შეჰყვარებია კაპიტანი ჰენრიხი და, რადგანაც მხატვარი ყოფილა საშინელი ეჭვიანი, შეუმჩნევია ჯორჯინასათვის ღალატი, იმას განუზრახავს გულში თავისი მიჯნურისა დასჯა. და სწორეთ იმ დღეს, როდესაც ჯორჯინას უნდა ემღერნა თეატრში და ყოფილა დიდს მომზადებაში თეტრს წინათ, მისულა იმასთან მხატვარი, რომელსაც ჯორჯინა დახვდა სათიატროთ ჩაცმული, გაბრწყინვალებული და დაშვენებული.

როდესაც მომზადებულა თეატრში წასასვლელად, სადაც ელოდა იმასა მრავალისაგან უმრავლესი ხალხი, ჩამსხდარან ერთად კარეტაში ჯორჯინა და ჯულიო (მხატვარი) და თიატრის მაგიერად ჯულიოს ძალად წაუყვანია თავისს სამხატროში, სადაც ჯულიოს უჩვენებია თავისი მიჯნურისათვის ერთი ჯერ არ გათავებული სურათი. ის სურათი ყოფილა ავაზაკებისა, რომელნიც დახვედროდნენ მგზავრებსა: კაცები სულ დაეხოცათ და დარჩენილიყო მხოლოდ ერთი ქალი ცოცხალი; ამ ქალსა ავაზაკები სჩხვლეტდნენ ხანჯლის წვერებითა და აწვალებდნენ მისთვის, რომ ეთქმევინებიათ, სადა ჰქონდათ შენახული თვალ-მარგალიტი.

- ეგ რა პასუხია? ავაზაკებმა კაცები დახოცეს გზაზე, და თუ ჰქონდათ რამე, სულ იქ არ იქმნებოდა? რაღას თქმა უნდოდა, თუ იყო რამე, სულ თან წაიღებდნენ ერთიანათა, თვალიც თან გაჰყვებოდათ და მარგალიტიცა; მაგისათვის ქალს რაღათ აწვალებდნენ?

- ეგ თუგინდ აგრე იყვეს; საქმე ეს არის, რომა მხატვარს ავაზაკებიც დახატული ჰქონდა, მკვდარი კაცებიცა, და ვეღარ გამოეყვანა მხატვრობაში სურათი წვალებაში მყოფის ქალისა და უნდოდა თვალწინ ჰქონოდა მაგალითი, ანუ დედანი; და, არ ვიცი, ამის მიზეზითა თუ თავისი მიჯნურის დასასჯელად, ერთის სიტყვით, ჯორჯინა, საცოდავი და საბრალო, აიყვანა და მიაკრა ბოძზედა, დაუწყო ჩხვლეტა ხანჯლებითა და მიჰყო ხელი სურათის ხატვასა; შემდგომ, როდესაც მოკვდა, წაიღო და გადააგდო ზღვაში.

- ეგ არის მხეცური ამბავი? მაგითი თავდება?

- არა, ჩემო თადეოზ, მხეცური ამბავი არ გახლავთ, ეს არის ”მხეცური შურისგება” და არც ამითი თავდება. მე ამას აღარ გიამბობთ, როგორ და რაგვარად მოკლა მხეცმა მხატვარმა ჯულიომ თავისი რაყიფი კაპიტანი ჰენრიხი, ამისათვის, რომა გულის აღმაშფოთებელია ამისთანა ამბავი.

მაგრამ ეს არის გასაოცარი, რომა მთარგმნელს მოსწონებია; და ისე ძლიერ მოსწონებია, რომა მოსვლია სურვილი ამისი გადმოთარგმნისა. მე კი ამასა ვფიქრობ, რომა ამისთანა ამბავი იტალიაშიაც მოსწყინდათ, მგონია, და აღარა კითხულობენ ამისთანა საშუალო საუკუნოების თავრეტიანობის ამბავსა.

ან კი რა უნდა მოგვეწონოს ამ მოთხრობაში? ჯულიო მხატვარის ყოჩაღობა ხომ არ უნდა მოგვეწონოს, რომელმაცა თავისი მიჯნური ხანჯლებით დაჩხვლიტა; ან იმისი მხატვრობის ხელოვნება ხომ არ უნდა მოვიწონოთ, რომა წამებული ქალის სურათის გადმოსახატავად, მართლა-და ცოცხალი ქალი სტანჯა; ან რა გმირი არის უფალი კაპიტანი ჰენრიხი, რომელიცა დადიოდა და ყვიროდა ქვეყანაში, რომა ჯორჯინას ის უყვარდა და იმის დასამტკიცებელ საბუთად ჯორჯინას მოცემული ბეჭედი ყელზე ეკიდა და ნაცნობსა და უცნობს უჩვენებდა: რა კარგი სამაგალითო თავდაცული კაცი ყოფილა! რა ზნეობითი სწავლა უნდა გამოიყვანოს წამკითხველმა ამისთანა მხეცური ამბავიდგანა.

ღმერთმა ნუ ჰქმნას და ისეთმა თავრეტიანმა კაცმა რომა წაიკითხოს, რომელსაც ყოველი დაბეჭდილი სიტყვა დიდ ჭეშმარიტებად მიაჩნია, ხომ გადუქცევს კარგი გზიდგან. ვინ იცის, რა ცუდ გამოურკვეველს ბურანში შეიყვანოს ის კეთილი კაცი, თუ მომატებული გამსჯელობა არა აქვს. მაგრამა, მადლობა ღმერთსა, ჩვენში ისეთი არავინ არ არის, ე. ი. ჟურნალის მკითხველთა შორის, რომა იმისთანა ძველებური ზღაპარი და ასეთი ცუდის ენითა და კილოთი ნაამბობი მოიწონოს.

რომელი ქართული ზღაპარი არის ამაზე მდარე, თუ მეტადრე კარგი მოლაპარაკეც ამბობს, ისე მოგტაცებს გონებასა, რომა სულაც რო არ გინდოდეს ყურისგდება, მაინც გაგაბამს მახეში: დაუგდებ ყურსა და ელი, რა მამხდარა ამა და ამ საქმის შემდგომ. ეს ”მხეცური შურისგება” კი, სწორეთ მოგახსენო, ძნელი წასაკითხავია, - ის სტატია არის კარგი, რომელშიაცა ძევს რომელიმე აზრი, აქვს რამე საგანი, თუ ესეც არ არის, სულ უკანასკნელი ერთი ის ღირსება მაინც უნდა ჰქონდეს, რომა კარგად იყოს მოწყობილი და სასიამოვნო ენა ჰქონდეს, ლაპარაკი იყოს კარგად მოხერხებული, შნოიანად.

- ყველა თავისებურათა სჯის, ჩემო სფირიდონ, როგორ უნდა დააკმაყოფილოს კაცმა ყველანი? ერთს მოსწონს, მეორეს არ მოსწონს: ზოგი უწინდელ დროებას ემდურება, ზოგი ახლანდელსა, ვინ იცის, რას ლაპარაკობენ და რას არა. შენ აგრე ამბობ მაგ სტატიაზედა და აბა ახლა სხვასა ჰკითხე, რა ქება გითხრას! ერთის სიტყვით, თქვენსას კაცი ვერაფერს გაიგებს.

- ეს უეჭველად ასე უნდა იყვეს, რომ ყველამ თავისებურად უნდა განსაჯოს საგანი, ე. ი. ისე, როგორც ესმის, უნდა წარმოჰსთქვას აზრი. ეს კია, რომ კაცს ყოველთვის ეყოლება შემმოწმებელი: ისე უთქვამს ის აზრი, როგორც უნდა თქმულიყო, თუ არა; და ის აზრი უთქვამს, რაც შეჰფერის საგანს, თუ შემცდარა. ჩვენ ვიცით, რომ რაც კი რამ არის დაარსებული ქვეყანაზედ, ყოველისფერს აქვს თავისი კანონი და მიზეზი; უკანონოდ და უმიზეზოდ არაფერი არც გაჩენილა და არც გაჩნდება. ჩვენი აზრიც მაგ კანონების და მიზეზების ცნობიდამ შედგება. მაგ კანონების და მიზეზების ცნობაზედ ტრიალებს მეცნიერებაცა. სწავლა და განათლება.

აი, ადამიდამ დღევანდლამდე კაცი სულ მაგათ გამოკვლევის ცდაში ატარებს დღესა და რაც დღევანდლამდე გამოუკვლევია, ის, ერთად შეგროვილი და რიგზედ დაწყობილი, კაცობრიობის ცოდნას შეადგენს. ჩვენი ცდა რაში უნდა მდგომარეობდეს? იმაში, რომ, რაც ჩვენ წინაპართ გამოუკვლევიათ, უცვნიათ, შეუტყვიათ, ის უნდა ვიცოდეთ, ის უნდა შევიტყოთ, ე. ი. უნდა ვისწავლოთ ის, რაც იმათ კანონები აღმოუჩენიათ, ის, რაც იმათ მიზეზები აუხსნიათ, რომ წმინდა, ნამდვილი საგნის მსჯელობა გვქონდეს.

ჩვენი ჟურნალების მოვალეობა ის გახლავთ, რომ ის ახსნილი და გამოკვლეული კანონები და მიზეზნი გვაცნობონ ჩვენ, რომ ჩვენც გაგვეხსნას გონება, ჩვენც დავინახოთ რამე, თორემ ეს ”მილორდიანიო”, ეს ”მხეცური შურისგება” ჩვენს გონებას არც ერთს ცოცხალს აზრს, არც ერთს ჭეშმარიტებას არ შემატებს. უნდა გვიშველონ შევიტყოთ ის, რაც ჩვენამდინა ყოფილა, ის, რაც აღმოუჩენიათ.

რაკი გვეცოდინება, მაშინ ჩვენ თითონ უნდა შეუდგეთ იმის აღმოჩენას, იმის ახსნას, რის ახსნაც იმათ ვერ მოუსწვრიათ. ეს ჩვენი ვალდებულება გახლავსთ ჩვენი შთამომავლობის წინაშე.

- დამაცა, სფირიდონ, შენ რომ თქვი, რაც ჩვენ წინაპართ აღმოუჩენიათო, ის უნდა ვიცოდეთო, ამაზედ ერთი რამ მინდა მოგახსენო; ეხლანდელი ხალხი რომ ემდურის, რომ ჩვენ წინაპართ არაფერი სწავლა არ დაგვიტოვესო? ამაზედ რას იტყვი?

- მე მოგახსენებთ განა ჩვენ ქართველების წინაპარებზედა? ჩვენი წინაპარნი ისინი არიან, ვინც ჩვენზედ წინა ყოფილან; მე ეს სიტყვა ამ აზრით მოგახსენეთ. რაც შეეხება იმაზედ, რომ ეხლანდელი ხალხი ემდურება ჩვენ მამა-პაპათ, ამას მოგახსენებთ, რომ ძალიანა ჰსცდებიან. კაცს, რაც შეუძლიან და როგორც გარემოება ხელს მოუწყობს, ის და ისე უნდა მოჰსთხოვო. შემცდარია ის, ვინც ჩვენ მამა-პაპათ მძინარეებს და ზარმაცებს ეძახის. ეგ სახელი იქნება ჩვენვე დაგვერქვას უფრო სამართლიანათაცა.

ჩვენი წინაპარნი ქართველნი იყვნენ ისეთნი, როგორიც უნდოდა იმ დროს: მტრისა და მოყვრის დამხვედრნი. გარშამო ეხვიათ მტრები და ნოეს მტრედსავით ეს მშვენიერი ხალხი თავის მშვენიერი მიწა-წყლითა იყო ქრისტიანობის მახარობელად მაჰმადიანობით მოდებულ მტრებთა შორის. მაშინდელი ქართველისათვის ორი გზა იყო: ან ქრისტიანობა, ან არა და ვაჟკაცური სიკვდილი იმავე ქრისტიანობისათვის; ან ქართველობა, ან არა ხმლის პირზედ გულის შეთლა.

რომ იმათ ქრისტიანობაც და ქართველობაც ჩვენ შეურყევლად გადმოგვცეს, ამას დღევანდელი დღე გვიმტკიცებს. უბედურებს მარჯვენა ხელი მოცლილიც არა ჰქონდათ, რომ პირჯვარი რიგიანათ გადაეწერათ, იმ მარჯვენითა დღედაღამ ხმალი და თოფი ეჭირათ და სად ეცლებოდათ მწიგნობრობისათვის და სწავლისათვის?

წეღანაც მოგახსენეთ, გარშამო მტრები ეხვიათ, მტერს გაძღოლა, მიღება და დახვედრა უნდოდა. ეძინათო!.. მამული, ჩვენი სამშობლო ქვეყანა შეიმაგრეს და ჩვენ სამკვიდროდ გადმოგვცეს; ქრისტიანობა, ჩვენი რჯული, ჩვენი სარწმუნოება დაგვიცეს, მაშინ, როდესაც ათასი ემტერებოდა რჯულსაც და მამულსაცა. მეტი რა უნდათ? შვილი რომ საომრად გავიდოდა, ბრძოლის მინდორზედ მამის ძვლებს ზედ წააწყდებოდა და ხან დააკვდებოდა კიდეც. ამ ყოფაში დალიეს ჩვენ მამა-პაპათა თავისი მოსისხლე დღენი. გონებისათვის ეცალათღა, რომ შეეძინათ რამე, მაშინ, როცა დღედაღამ იმის ფიქრში იყვნენ, სიცოცხლე როგორ დავიცვათო? მშვიდობიანობა, მოცალეობა არის მიწა, რომელზედაც ამოვა ხოლმე მეცნიერების, სწავლის, ლიტერატურის ხე და ნაყოფი.

აკი როცა მშვიდობიანობა და მოცალეობა ჰქონიათ, უსწავლიათ კიდეც, უწერიათ და გონების გასახსნელად ცდილან. საჯეროა, რომ ბევრი ნაწერი გვქონია, მაგრამ ჩვენამდინ ფრიად მცირე რიცხვმა მოახწია; იმ ომის ცეცხლში, დაწვაში და დაბუგვაში, აშკარაა, ვერ მოუარა ხალხმა და ყველაფერი დაიკარგა, ისე რომ კვალიც აღარ დარჩა. თუკი მომეტებულმა ნაწილმა თავად-აზნაურებმა ის ვერ მოახერხა, რომ შეენახა მეფის სიგელი თავადაზნაურობის ღირსების და მამულების, ე. ი. რაც ცხოვრების სახსარს აძლევდა, სად შეეძლოთ შეენახათ ზოგიერთი თხზულება, რომელიც იმათ არ მიჰსცემდა ლუკმა-პურსაცა და რომელიც დროს გასატარებლად მიაჩნდათ.

- ეგა თქვი და ეგა ბრძანე, ჩემო სფირიდონ, რის ლიტერატურა? რაც მე უწინდელი დროება მახსომს, ოჰ, საშინელება იყო. ვერც კი მოვიკეცამდით ხოლმე პურის ჭამის დროსა; ისე ვიყავით ხოლმე, ჩაკუნტულები. ერთს ხელში თოფი გვეჭირა და მეორე ხელში კოვზი.

- დიაღ, მხოლოდ მშვიდობიანობის დროს შეიძლება მწერლობაცა. საქართველოსა ჰქონდა ერთი დროება, თამარ დედოფლის დროსა. მხოლოდ იმან გახსნა საბერძნეთის გზა. და ამ გზაზე გამოიარეს მშვიდობიანად იმ მსწავლულმა ხალხმა, რომლების სახელებიც ეხლა ჩვენ ვიცით. მათგანი ერთი უპირველესი მანათობელი არის შოთა რუსთაველი. ჩვენა გვაქვს ცოტაოდენი ცნობა ზოგიერთ თხზულებაებიდგანა, რომა იმ თამარ მეფის საუკუნეში ქართველებს სულაც არა სძინებიათ; ისინი მაშინვე დიდი სიყვარულით შეუდგნენ სწავლასა: და ჩვენ შეგვიძლიან ვიფიქროთ, რომა იმ დროებიდამ აქამომდე რომ არ შეწყვეტილიყო ახალი დაწყობილი სწავლა, ამ ექვს საუკუნეში იქნება საქართველოში ყოფილიყო ისეთი განვრცელებული სწავლა და ხელოვნება, რომა ემჯობინებია იმ ხალხის სწავლისათვის, რომელნიც ეხლა არიან განთქმულნი.

მაგრამ თამარ დედოფლის მიცვალების შემდგომ ლანგ-თემურმა და სხვა მრავალმა მაჰმადიანებმა ააოხრეს საქართველო და ამგვარად გაჰქრა საქართველოს ლიტერატურა თავისსავე დასაწყისში. ამ ჩვენს საუკუნეში არის მშვიდობიანობა; მაშასადამე, არის დროება ლიტერატურისა, სწავლისა და ხელოვნებისა, რომელიცა ადამიანმა სარგოიანად უნდა მოიხმაროს. და ამის მიზეზით შეუძლიანთ ჩვენ დაგვემდურონ, მეტადრე მომავალი შთამამავლობა, თუ ჩვენ არაფერს არ მოუმზადებთ, რადგანაც ამისი შეძლება გვაქვს და გარემოებაც ხელს გვიწყობს.

ამჟამად მრავალნი სწერენ, რაც მოხვდებათ, კითხულობენ, ყველანი ლაპარაკობენ ლიტერატურაზედა, მომატებულად პოეზიაზე; ყველანი სჯიან, ბაასობენ, მაგრამ მხოლოდ შინაურულად, თავ-თავის სახლებში, და არა საქვეყნოდ.

აი, ნახვენ ჩვენი შთამამავალნი, რა სალიტერატურო განძებს დაუტოვებთ ჩვენ იმათა!

უნდა ვაღვიაროთ, რომა შინაურული ლაქლაქისაც და ლაპარაკის მეტი არაფერი არა გამოგვივა რა ხელიდგანა. ყველას მათგანსა, ე. ი. მკითხველებსა, მწერლებსა და მობაასეებსა აქვსთ თავისი საკუთარი მიზეზი; ზოგი კითხულობს ჟურნალსა იმისთვის, რომა შეყრილობაში დაიწყებენ ხოლმე ლაპარაკსა და სირცხვილი იქნება, რომ არ იცოდეს რა და რა ეწერა ამა და ამ ნომრის ”ცისკარში”; ზოგი კითხულობს იმისათვის, რომ განკიცხოს ჟურნალი, აი, როგორც მე და შენა, თადეოზ;

ზოგი კი იმისათვის კითხულობს, რომ გაიგოს რამე ახალი ამბავი, ანუ ძველი, კარგი და მშვენიერი; კითხულობს გულმოდგინებითა, სიამოვნებითა, თუ შეხვდა რამე სასიამოვნო; ამ მესამე ხარისხის მკითხველებს ეკუთვნიან ქართველი ქალები, მომატებულად ის ქართველი ახალგაზდა ქალები, რომელთაც არ იციან რუსული კითხვა; დიდება და პატივისცემა ეკუთვნის იმ ქალებსა, ამისათვის, რომა რუსული კითხვის მცოდნეები არც რუსულს კითხულობენ და არც ქართულსა, რადგანაც ქართულის კითხვას თაკილობენ, და რუსული... თუმცა ამას ყველაზედ ვერ ვიტყვით, განა არ არიან იმათშიაცა რუსული ლიტერატურის მიმდევნნი, მაგრამ რომ დავთვალოთ, სამასს ქალში ერთი აღმოჩნდება. ქართულის მკითხველნი კი ბევრნი არიან.

რო სწორედ ვიანგარიშოთ, იქნება საქართველოში ქალი წერა-კითხვის მცოდნე მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე კაცი; მეტადრე სოფლებში. რომელს თავადისა და აზნაურშვილის ოჯახში ნახამთ ქალსა, რომელმაც არ იცოდეს წერა და კითხვა, თუკი ჰქონია თუგინდ უმცირესი ღონისძიება სწავლისა. მრავალს იპოვნით წერა-კითხვის მცოდნე გლეხიკაცის გასათხოვარ გოგოსა იმ სოფელში, სადაც სცხოვრებენ თავადაზნაურის ქალები; იმათ აქვსთ ხოლმე ყოველთვის სურვილი გოგოების სწავლისა, არ ეტყვიან უარსა, თუ გლეხიკაცმა მოაცალა თავისი შვილი. სადიდებელნი და პატივსაცემნი არიან ის მასწავლებელი ქალები, რომ თავისი ცოდნა არა შურთ მოყვასისათვის და, რაც იციან, უანგაროდ ასწავლიან. მაგრამ ქართველ ყმაწვილ ხალხზე და ვერც ბერიკაცებზე ვერ ვიტყვით ამასა; ისინი თავის შვილებსა და ძმებსაც არ უგდებენ ყურსა, არამც თუ სხვისას მოჰკიდონ ხელი.

ქალების სწავლა, მე ვგონებ, რომა ქართლში უფრო გავრცელებული იყვეს, ვიდრე სხვაგან სადმე; ბევრისაგან გამიგონია, აჭარაშიაც თითქმის ყოველი ქალი თურმე ქართული ასოებით თათრულ სიტყვებსა ჰსწერს; მე ამაზე, ჩემო თადეოზ, ვერ დაგარწმუნებთ, რადგანაც მე თვითონ არ მინახამს; მაშინ, როდესაც რომა ქართლში მე თვითონ მქონია შემთხვევა და მინახამს, ზოგიერთ სოფლებში მდივანბეგის მოწერილი ბრძანება მიეტანოთ ახალი მოყვანილი პატარძლისათვისა წასაკითხავად.

- ეგ დიაღ დასაჯერია, ჩემო სფირიდონ, ქალებს უფრო აქვთ მოცალება სწავლისათვისა, ვიდრე კაცებსა; ძველათაც აგრე იყო: კაცები თოფ-იარაღს მივდევდით ხოლმე და ქალები შინ ისხდნენ, წიგნებსა კითხულობდნენ და სწავლაში იყვნენ.

- დიაღ, იმას მოგახსენებდი, რომა ძრიელ არის გახშირებული კითხვა-წერის სურვილი. ბევრს უყვარს წერა, ზოგნი თავის ნაწერს აბეჭდინებენ, ზოგნი კი ვერა ბედვენ ხოლმე. მომეტებულს ნაწილს ჩვენში, კაცსა თუ ქალსა, ლექსის წერა უფრო უყვარს, პროზა აგრერიგად არ უყვართ, მეტადრე ხნიერ ხალხსა.

ლექსით მთხზველს დიდი პატივი აქვსთ. ორიოდე ლექსი რომ დასწეროს ვინმე, მაშინვე ლექსების მოყვარულები უწოდებენ დიდ პოეტად. დიდი ღირსება არის პოეტობა, ჩემო თადეოზ, გაშინჯეთ სხვა ხალხის ლიტერატურა და სცნობთ, რომა ძრიელ იშვიათია პოეტი. ჩვენში კი პოეტები მრავალნი არიან და პოეტის ნიჭი კი ცოტასა აქვს. რისაგან არის ესა? მე ვგონებ, ამისი მიზეზი ის არის, რომა ყოველი ლექსი წამკითხველსა პოეზია ჰგონია და დამწერს პოეტს ეძახის.

- მართლა, სფირიდონ. ძალიან ხშირად მესმის ეგ სიტყვა და არ ვიცი კია, რასა ნიშნამს, არც არავისთვის მიკითხამს. ამიხსენი, გეთაყვა, რა არის პოეზია; ჩვენ უწინდელს დროში, კარგად მოგეხსენებათ, არა ვხმარობდით მაგ სიტყვასა; და ახალი შემოღებული სიტყვა არის და ვერ გავიგე კია, რასა ნიშნამს?

- ოჰ, ჩემო თადეოზ, ძალიან ძნელია მაგისი ახსნა, ძალიან ძნელი საქმე შამომიკვეთეთ და არ ვიცი, როგორ აღგისრულოთ ეგ თქვენი თხოვნა. ეგ ორისა და სამის სიტყვით არ აიხსნება. მაგას მოუნდება დიდი ბაასი. ეგ რომ გეკითხნათ გიორგი თუმანოვისათვისა, ის მსწრაფლად მოგახსენებდა მაგის პასუხსა. თუგინდ ლექსადაც დაგიწერდა მაგის ახსნასა, და მე კი მიჭირს ძალიანა. მე დარწმუნებული ვარ, ჩემო თადეოზ, რომ თქვენა დიდი მომთმენი ბრძანდებით და მოთმინებით დაუგდებთ ჩემს ლაპარაკს ყურსა; და ამისათვის მე თქვენ გადმოგითარგმნით ბელინსკის თხზულებიდგან ერთ სტატიასა პოეზიაზე, საიდგანაც შეგიძლიანთ გაიგოთ, რა არის პოეზია, თუ ხეირიანად ავასრულე მთარგმნელის ხელობა.

ბელინსკი ამბობს: ”ყველანი ლაპარაკობენ პოეზიაზე, ყველანი თხოულობენ პოეზიასა. რომ გავშინჯოთ, ამ სიტყვას ისეთი ცხადი და აღხსნილი მნიშვნელობა აქვს, როგორათაც, მაგალითებრ, სიტყვას პურსა, ან კიდევ მომატებულად, სიტყვას ფულსა. მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორნი ერთიერთმანეთში დაიწყობენ ბაასსა და სჯასა იმაზედა, რომა რას ნიშნავს სიტყვა ”პოეზია”, მაშინ განსჯაში გამოდის, რომა ერთი წყალს ეძახის პოეზიასა და მეორე - ცეცხლსა. რა იქმნებოდა მაშინ, როდესაც რომ იმათ, ვისაც პოეზია უყვართ, დაეწყოთ ლაპარაკი თავისს საყვარელ საგანზე! ის იქმნებოდა სწორეთ ნამდვილი სურათი ბაბილონიის ენების არევისა!

მართალიც არის: თუკი ამ სიტყვის მნიშვნელობის ახსნა ძნელი არის მეცნიერების ენითა, მაშასადამე, უფრო ძნელი იქმნება იმისი მნიშვნელობის კილოკავად აღხსნა სამარადისო საყოველთავო ენითა, ისე, რომ ყოველთათვის ერთნაირად მისახვედრი იყოს. თუგინდ მოვახერხოთ ესა, თქვენ დააკმაყოფილებთ განა იმ ხალხსა, რომელნიც თქვენის თვალით უყურებენ საგანსა, ან თქვენსავით არიან შეგნებულნი?

მართლაც, თუკი მე ზომიერი და გარიფმული სტრიქონები, რომელშიაც კეთილზნეობითი და კეთილმოქმედებითი აზრია, მგონია პოეზია, - მაშ როგორღა დამარწმუნებთ მე იმაზე, რომა პოეზია არის ქმნილება, მხატვრობა სიცოცხლის გამოჩინებისა? - თუკი მე ზეგარდამო-შთაგონება მგონია ზნეობითი სიმთვრალე, თითქო ბანგი დაულევიაო, ან ღვინისაგან შებრუშულაო, გრძნობის აღტაცება, გულის-ვნების ცხელება, რომელიცა მოუწოდებელ, უნიჭო პოეტსა გამოახატვინებინებენ საგანსა, რაღაც უგუნური ბროწიალითა, ალაპარაკებენ ველურის და ძალდატანებული აღნაქვსებით (ფრაზებით), მიგრეხილ-მოგრეხილი ამბის თქმითა, ჩვეულებრივ სიტყვებს მიაცემინებენ ძალდატანებულ მნიშვნელობასა, - მაშ როგორ ჩამაგონებთ მე თქვენა, რომა ”ზეგარდმო-შთაგონება” (вдохновение) არის ის წუთის ყოფა, როდესაც სული ცხადად და ნათლათა ჰხედავს; არის მშვიდი, მაგრამ ღრმა განხილვა სიცოცხლის საიდუმლოებისა, რომა იგი თითქო მისნური კვერთხით გამოიყვანს გრძნობის მიუწდომელი წარტოლვისაგან (отвлеченность) აზრსა, ნათელს სახესა, სავსეს სიცოცხლითა და ღრმა მნიშვნელობითა, და ჩვენს გარეშე მყოფს მოქმედებას, ცხოვრებას, ხშირად ბნელსა და გაუწყობელს, გამოაჩენს ნათლად და თანხმობით წყობილად?...

პოეზია და სწავლა ერთი და იგივე არის, თუ რომ სწავლაში არ ჩავაგდებთ მხოლოდ ერთ ცოდნის სქემასა, არამედ შეგნებას მათში მიმალულის აზრებისას. პოეზია და სწავლა ერთი და იგივე არის, თუ სწავლაში ჩავაგდებთ მთელს სისრულეს ჩვენი სულის არსებისას, რომელიც გამოითქმის ”მეხსიერებითა”, და არა მხოლოდ ერთსა რომელსამე ჩვენი სულის ნიჭიერებასა. ამ შემთხვევაში პოეზია და სწავლა მძაფრის სამძღვრით განეყოფებიან იმასა, რასაც ვეძახით ”ნამდვილ” მეცნიერებასა (точные науки), რომელიცა განმსჯელობისა და იქნება თვალწინ წარმოდგენის მეტსა არაფერს მოითხოვს ადამიანისგანა.

შეიძლება იყოს ძლიერ ჭკვიანი კაცი და არ ესმოდეს პოეზია, ეჩვენოს ფუჭად, რიფმების რახარუხად, რომელიც შესაქცევარია უსაქმო და ჭკუამოკლე ხალხისათვისა; მაგრამ არ შეიძლება იყოს ისეთი ჭკვიანი კაცი, რომელიცა ვერ მიხვდეს, მაგალითებრ, მათემატიკის მნიშვნელობასა და დიდის მოწადინეობითა და ჯაფითა იმის სწავლაში დიდად თუ მცირედ არ მიეცეს წარმატებასა.

შეიძლება, რომ იყოს ისეთი ჭკვიანი კაცი, ასე გაშინჯე, ძალიან ჭკვიანი კაციცა, და ის კი არ ესმოდეს, რა არის კარგი ”ილიადაში”, ”მაკბეტში”, ან პუშკინის ლირიკულს ლექსთ თხზულებაში; მაგრამ არ შეიძლება იყოს ჭკვიანი კაცი, რომელიც ვერ მიხვდეს, რომ ორჯელ ორი არის ოთხი, ან ორი ქეშეო ხაზი (параллельные линии) აროდეს არ შეხვდებიან ერთმანერთსა, თუ გინდ დაუსრულებლად დააგძელო.

ცხადია, რომა სიტყვა: ”ნამდვილი” ჭეშმარიტება - ამბობს იმ ჭეშმარიტებაზედა, რომელიც თვალითა სჩანს და მიუცილებლად არის, და არც შეიძლება იმაზედ არ დათანხმდეს არც ერთი კაცი ქვეყანაზე, თუ რომ იმას აქვს კეთილგანმსჯელობა, რომელიც არის კაცთა და პირუტყვთა შორის უპირველესი განმასხვავებელი მიზეზი. ამ შემთხვევაში უმაღლესი მეცნიერება, ე. ი. ფილოსოფია და პოეზია - განვიმეორებ - ორივე ერთნი არიან: ერთიცა და მეორეცა ერთნაირად მოშორვებით არიან იმაზე, რასაც კი აქვს თუმცა მცირედი შეხედულობა ”სინამდვილისა”.

მაგრამა, როდესაც ხელოვნებითი თხზულების საგანის მიხვედრაზე, ან სხვადასხვანაირს დარწმუნებაზე და კილოზე მოხდება ცილობა, მაშინ მხოლოდ გულისხმიერი ადამიანი, როგორათაც სხვა ყოველ უაღრესს საქმეშიაცა, მიხვდება ერთობის მძლეობასა (торжество единства), რომელია მით უმაღლესია და განმმეხავი ”სინამდვილის” მძლეობაზედა, რამდენათაც გარეგანი შეხედულობით ძნელად ასახსნელია და ძნელად მისაწდომელია გონებისათვის საგანი ხელოვნებისა.

აღურიცხველმა დროებამ, რომელმაც განაქრო დედამიწის ზურგზე საბერძნეთის რესპუბლიკები, გამოიტანა სახელები: გომერისა, გეზიოდისა, ესხილისა, სოფოკლისა, პინდარისა, ანაკრეონისა, - და ეხლაც ყველანი, რომელნიც თავისთავსა რაცხვენ ნიჭიერების მქონებლებში, ხალისით თუ უხალისოდ, მაინც კიდევ განკვირვებულნი არიან ამ სახელებისაგანა.

უზრდელნი, რომელნიც პირდაღებულნი უყურებენ ხოლმე შექსპირის დრამებსა და თავის გუნებაში ამჯობინებენ იმათა ფუჭ ვოდევილებსა, ხმამაღლა აქებენ შექსპირსა და სწყინთ, თუ იმას დაადარეს ვინმე. მაგრამ ეს არის დროების საქმე... ჩვენში პუშკინი გამოჩნდა იმ დროს, როდესაც კლასიკური შეტბორება იყო და როგორათაც კეთილად და ალერსიანად დაუხვდნენ იმასა ყმაწვილი ხალხნი, ისე შურით და პირქუშად მიიღო ძველმა ხალხმა, მეტადრე საქვეყნოდ გამოსულმა პოეტებმა, ლიტერატორებმა და იმ დროების მეტყველებმა; მაგრამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა, - და თუმცა გაჩნდა არეული ზრიალი და გაცხარებული ბაასი, მაგრამ საზოგადო აზრმა (мнение) მაშინვე აღამაღლა სახელი ახალგაზდა პოეტისა უმაღლეს ყველა პოეტებზედ, იმის წინად და იმისს დროს მყოფებზე.

არ შეუძლიან ყველას, და არც ყველას უნდა ესმოდეს მშვენიერება; ის ესმისთ მხოლოდ მცირედ რიცხვს, ზოგიერთს ამორჩეულებს, - და ამათგანა ცნობულობენ სხვანიცა. ვინც თვისის ბუნებით არის სული, სულისაგან მოვლენილი, - იმას დაბადებიდგან აქვს ნება თანაზიარ იყოს ყოველი სულის ნიჭისა, რომელსაც ვერ მისწვდება მისი ხორცი და ხორციელი სული, ე. ი. გონება.

კაცი ყოველ ცხოველზედ გონებით არის ამაღლებული, მაგრამ მხოლოდ მეცნიერება შეჰქმნის იმას აღმატებულ კაცად. გონება ფეხს ვერ გადასდგამს ”ნამდვილ” სწავლას იქით, და არც ესმის არაფერი, რაც გამოვა ”სარგებლობისა”, და ”საზრდო-საცხოვრებელის” ვიწრო წრეს გარეთა; მეცნიერება კი მისწვდება, ხელს მოხვევს სივრცით უსამზღვრო სფერას, რომელიც ვერ გამოიცდება და ვერც იხილება, შეჰქმნის ცხადად, და გონებისათვის მიუწდომელსა, ცნობაში მოუყვანებელსა - თვალით სახილავად. ხელოვნება ეკუთვნის ამ შექმნის სფერას, რომელიც მისახვედრია მხოლოდ მეცნიერებისათვის, მეხსიერებისათვის - და ამისათვის პოეზიის მნიშვნელობა არ შეიძლება ისწავლოს ადამიანმა ისრე, როგორათაც არ შეიძლება ისწავლოს ლექსების დაწერა.

მშვენიერებისა რისამე გულში ჩარჩენა არის თავისდაგვარად ნიჭი: იგი არ მიიღება არც სწავლით, არც განათლებით, არც გავარჯიშებით, ეძლევა მხოლოდ ბუნებით.

პოეზიის მიხვედრა არის სულის საქმე და მაგ საქმის აღმოჩენა დამალულია ადამიანის ბუნებაში. ვიცით, რომა ადამიანის ბუნება არის აღურიცხველად მრავალნაირი, განსხვავებული, და წარმოადგენს უზომოდ გრძელ კიბეს მრავლისაგან უმრავლესის საფეხურებით - ქვეიდგან ზეით, ზეითგან ქვეით, იმისდა კვალად, რომელის დასაწყისიდგანაც დაუწყებ ყურებასა.

პოეზია თავდაპირველად მიიღება გულით და შემდგომ იმისაგან გარდამიეცემა თავსა. ამისათვის, ვისი გულიც ბუნებით მოუხეშავია და უგრძნობელი მშვენიერების გულში ჩანერგვისათვის, - შემოახვიეთ იმას გარეშემო სიყრმიდგანვე ქმნილება, თხზულება ხელოვნებისა, ელაპარაკეთ იმას მთელ სიცოცხლეში პოეზიაზე, - ის შეიძინებს მხოლოდ იმისი ფორმის, გარეგანის ვარჯიშსა, და დაეჩვევა იმისს გარეგანი შეხედულობის განსჯასა;

მაგრამ ქმნილებისა, თხზულების საგანი დარჩება იმისთვის მარადის საიდუმლოდ, ასე რომ ეჭვიც არ ექნება იმაზედ, რაც საგანი იქ არის. იმისთანანი, რომელნიც თვისის ბუნებით პოეზიას ვერ იგულისხმებენ, უფრო მრავალნი არიან ქვეყანაზე, ვიდრე ისინი, ვისაც ბუნებისაგან მინიჭებული აქვთ მშვენიერებისადმი მიდრეკილება. რის მიზეზით არის ეს ასრე? - იმ მიზეზითვე, რომლის მიზეზითაც ხელოვანთა რიცხვი შეეფარდება მდაბიო ხალხსა, როგორათაც ერთი ერთ მილიონსა”.

აქ, ჩემო თადეოზ, უნდა გადავხტე 253-ს გვერდზედა, ამისათვის, რომ წინ დამხვდა ორი ჩინებული ლექსი, რომლების გადმოთარგმნა მე არ შემიძლიან, რადგანაც მე და ლექსთთხზულების ნიჭი გამწყრალები ვართ. ამ გადახტომით იქმნება ცოტაოდენად ჰაზრიც შეიცვალოს, მაგრამ რა გაეწყობა, ძრიელ ცუდად გადმოთარგმნას თავის დანებება სჯობია.

და ესრედ, დავსტოვოთ იქით ყველანი, ვინც მშვენიერებას ემტერებიან. დავივიწყოთ ხელოვნების საქმეში ხალხის გულგრილობა, და ნურც შეგვეშინდება, რომა ზოგნი ჩვენ ჰაზრს ვერ მიხვდებიან, ზოგნი არ შეგვექმნებიან თანახმანი, და სხვანი სასაცილოთაც აგვიგდებენ, - და დაუბრუნდეთ საგანსა, რომლითაც დავიწყეთ სტატია:

რა არის პოეზია? მხოლოდ ჭაბუკს, რომელსაც სისხლი უდუღს და რომელიც არ არის გამოცდილი სიცოცხლის განსაცდელში, მხოლოდ იმ ჭაბუკს შეშვენის, რომ ჰქონდეს კეთილშობილური, მაგრამ ძნელად აღსასრულებელი სურვილი, - რათა დააჯეროს, მთელი ქვეყანა მასზე, რაზედაც თითონ ის დარწმუნებულია, და ამ განძრახვით, ერთნაირის ენით და ერთნაირის სიფიცხით ელაპარაკოს ყველას იმაზე, რაც მისახვედრია მხოლოდ ზოგიერთისათვის;

მხოლოდ ჭაბუკს შეშვენის სწყინდეს, რომა ზოგს არ ესმისთ ისა, რაც არა აქვსთ მინიჭებული, და არც საჭიროა მათთვის, რომ ესმოდესთ... ჩვენ ვილაპარაკოთ ყოველთათვის, უთხრათ ყველას, მაგრამ იმედი გვქონდეს მხოლოდ ზოგიერთისაგან პასუხის გებისა... და რა?

განა დიდი ბედნიერება არ არის, რომ გავაღვიძოთ ზოგიერთს მიძინებულს სულში უმაღლესი ჰაზრი? განა დიდი ბედნიერება არ არის, რომა დავბადოთ თანამგრძნობელობა იმ გულში, რომელსაც ჩვენ არასდროს არ ვიცნობდით და ვერც გავიცნობთ, რომელიცა იქნება სცხოვრებს შორს ჩვენზე ამ ქვეყნის სადმე კუნჭულში, მაგრამ რომლის გულსაც ჩვენი სიტყვა დააწყებინებს ძგერას ჩვენის გულის თანახმად; და საზოგადო კაცობრიობის სასარგებლოდ აღვიარებინებს თვისსა და ჩვენ შორის სულით ნათესაობასა, იმის სახსოვრად, რომ სულმა გაიმარჯვა სივრცის და დროების შეკრულობაზედა!

”მაშ რა არის პოეზია? კითხულობთ თქვენა სურვილით, რომ გაიგონოთ ახსნა თქვენთვის სანუკვარი საგანისა.

თუ იქმნება ცბიერულად გინდოდეთ შეყვანება ჩვენი შეკრთომაში მით, რომ ნახოთ ჩვენი უღონობა ამა უაღრესის და ბნელი საგანის ახსნაში... ან ერთი იქნება, ან მეორე, მაგრამ ორივ ჩვენთვის სულ ერთია; ჯერ, ვიდრე ჩვენ გიპასუხებდეთ, გკითხამთ თქვენცა, თავისდაკვალად.

ბრძანეთ: რა დავარქვათ იმას, რა განსხვავებაც არის კაცის პირის-სახესა და წმინდა სანთლის ფიგურას შორის, რომელიცა რამდენადაც დიდის ოსტატობით არის გაკეთებული, რამდენადაც უფრო და უფრო ჰგავს ცოცხალი კაცის პირის-სახესა, მით უმეტესად და უმეტესად გვეზიზღება?

მიბრძანეთ: რა განსხვავებაა ცოცხალი კაცის პირის-სახესა და მიცვალებულის პირის-სახეს შორის? - ნაკვთი ხომ ერთნაირად სწორეა ერთშიაც და მეორეშიაცა, ერთი და იგივე ასოა, ერთნაირი მათი თანხმობაა, ერთნაირი განწყობილებაა ასოებისა? რისაგან არის, რომ ეს თვალები ისრე ანათებენ, ისრე სამსენი არიან ჰაზრით და ჭკვით, რომა თქვენ ატყობთ რაღაც ჰაზრსა, რომა მათ უნდა გითხრან რაღაც გულითადი და სატრფიალო; და ისინი კი - ისრე ჩამქრალნი, მინის მსგავსნი!..

ცხადი საქმეა: პირველში არის სიცოცხლე და მეორეში კი - არა. მაგრამ ეს ”სიცოცხლე” რაღა არის? ჩვენ ვიცით კანონი ადამიანის სხეულისა, ვიცით, რომა სიცოცხლე კაცისა არის მისს აგებულებაში; ვიცით, რომა სიცოცხლე განუშორებლად თან დასდევს სისხლის ბრუნვასა ძარღვებში, და განჰქრება იმწამსვე, როდესაც გათავდება სისხლის ბრუნვა;

მაგრამ ისიც ვიცით, რომა ჩვენი აგებულება არ არის ოწინარი (მაშინა), რომელიც მოიმართება და დადგება საათივით რომელისამე ჭახრაკით. რამდენსაც ღრმად დაუწყებთ ძებნასა აგებულების საიდუმლოსა, იმდენად უფრო და უფრო დავშორდებით იმასა, მით უმეტესად მიუწთომელი იქმნება ის ჩვენთვისა.

მაგრამ ცოცხლებშიაც არიან მკვდრები, ისრე, როგორათაც ცოცხლებიც არიან მკვდრებში, ამისათვის რომა რაც სიცოცხლეა ცხოველისათვის, ის სიკვდილია ადამიანისათვის; რაც სიცოცხლეა იროკეზისათვის, ის სიკვდილია ევროპიელისათვის; რაც სიცოცხლეა მსოფლიოის საჭიროებისა და სარგებლობის მონისათვის, რომელიც მომატებულს ვეღარასა ხედამს საზრდოსა და ჯიბის საჭიროების დაკმაყოფილებისა, ან მცირე ამაოდ დიდების გარდა, - ის სიკვდილია გონიერისა და მგრძნობელი კაცისათვის.

რაც გონებაში არის, ის გამოიხატება ნაკვთით (ფორმით): შეხედეთ, როგორი პირუტყვის ცხვირ-პირი აქვს იმ კაცსა, ნამძინარევი და მღვრიე თვალები, საზიზღარის შეხედულობით, - სქელი, ძლივს ქშინამს, ეს არის ეხლა მაძღრისად ნასადილევი, - და შეხედეთ, რანაირის სისხამით უბრიალებენ შავი თვალები იმ გამხდარსა, ფერნაკლულს კაცსა, რანაირი მოძრაობა აქვს იმის სახესა, რამდენი მხურვალებაა იმის ხმაში!

მართალია თუ არა, რომა პირველი მკვდარია, მეორე - სავსეა სიცოცხლითა? მაგრამ სიცოცხლე თვისის გამოჩინებით დაუსრულებლად სხვადასხვანაირია. ფოცხვერი სავსეა სიცოცხლით კუზე, მაგრამ იმისი სიცოცხლე ნამდვილი ცხოველურია; იმისი მაღორძინებელი არის მხურვალე სისხლი, უხვად სავსეა ძარღვები ელეკტროთი. ესრედ ზოგიერთს ადამიანშიაცა ბევრია სიცოცხლე, მაგრამ ის სიცოცხლე მიუცილებლად ვერ დაგიმონებთ თვისის მოხიბლვით...”

”დიახ, სიცოცხლე ის არ არის, რომა ამდენ და ამდენი წელიწადი სვა და ჭამო, იცოდვილო ჩინებისა და ფულისათვის და თავისუფალ დროს ხოცო ბუზები, სთვლიმო და ითამაშო ქაღალდი: ამისთანა სიცოცხლე უსაძაგლესია ყოველს სიკვდილზე, და ამისთანა კაცი უმცირესია ყოველს პირუტყვზე, ამისათვის რომა პირუტყვი, თავის მიდრეკილების მორჩილი, სრულიად ხმარობს იმ ღონისძიებასა, რაც მიუნიჭებია მისთვის ბუნებასა საცხოვრებელად, და მოურიდებლად აღსრულებს თავის მნიშვნელობასა.

სიცოცხლე არის - მგრძნობელობა და განსჯა, ტანჯვა და ნეტარება; ყოველი სხვანაირი სიცოცხლე არის სიკვდილი. და რამდენსაც მომატებულს საგანს მისწვდება ჩვენი გრძნობა და ჰაზრი, რამდენადაც მომატებულად და ღრმად შეუძლიან ჩვენს ნიჭსა ტანჯვისა და ნეტარების გრძნობა, იმდენად მომატებულად ვცოცხალვართ:

ერთი წამი ამისთანა სიცოცხლისა უმჯობესია, ვიდრე ასი წლის სიცოცხლე, გატარებული საზიზღარ თვლემაში, უბრალო მოქმედებაში, უსაგნოდ დროების გატარებაში. ტანჯვის ნიჭი გვითხრობს ნიჭს ნეტარებისასა, და ვისაც არ უნახავს ტანჯვა, იმან არც ნეტარება იცის, ვისაც არ უტირნია, ვერ გაიხარებს...”

გადვიდეთ კიდევ, ჩემო თადეოზ, მეორე გვერდზე და აქ კიდევ დავტოვოთ ორიოდ ლექსი.

...ბუნებასა და თვითეულ კაცს გარდა, არის კიდევ საზოგადოება და კაცობრიობა. რაც უნდა უხვი და მდიდარი იყვეს შიგნეული სიცოცხლე კაცისა, რაც უნდა მჩქეფარე წყაროსავებრ სცემდეს გარეთ, და რაც უნდა ზვირთით გადმოდიოდეს ნაპირზე, - ის არ არის სრული, თუ რომ არ მიითვისა იმან ის, რაც სასარგებლოა იმის გარეშე მყოფ ქვეყანისა, საზოგადოებისა და კაცობრიობისათვის.

სრულსა და კარგად მყოფ ბუნების კაცსა მძიმედ აწევს გულსა სვე სამშობლო მამულისა; ყოველ კეთილშობილ ადამიანს ღრმად ესმის თავისიანობა, რომ ის არის სისხლით და ხორცით ნათესავი მამულისა, სისხლითა და ხორცით მიკავშირებული სამშობლო მამულთან, საზოგადოება არის რაღაც ცოცხალი და შენაწევრებული, ერთი მრთელი, რომელსაც აქვს დროება თვისი გაზრდისა, დროება კარგადმყოფობისა და ავადმყოფობისა, დროება თვისის ტანჯვისა და მხიარულებისა და აქვს თავისი მიქცევა და მოქცევა ან სასიკვდილოდ, ან სასიცოცხლოდ.

ცოცხალ კაცს თავის სულში, თავის გულში და სისხლში აქვს სიცოცხლე საზოგადოებისა: ის ავად გახდება საზოგადოების ავადმყოფობით, იტანჯება იმისი ტანჯვით, ნეტარებს მისი ბედნიერებით, თავისი თავისა და თავის საკუთარ გარემოებას გარეშე მყოფისათვის.

რასაკვირველია, ამ შემთხვევაში საზოგადოება გამოართმევს იმას თავისს ხარჯსა, მოაშორებს თავსა თავის საქმესა ზოგიერთს მის სიცოცხლის ჟამში, მაგრამ არ დაიმონებს სრულიად და განსაკუთრებით. სამშობლო ქვეყნის სიყვარული (патриотизм) უნდა გამოდიოდეს კაცობრიობის სიყვარულიდგან ისრე, როგორათაც ნაწილი მრთელისაგან.

სამშობლო მამულის სიყვარული არის ისა, რომა გულით გინდოდეს ნახო, რაც კაცობრიობას გონებაში გამოუხატამს - აღსრულებაში იყოს მოყვანილი, და შენის ძალისა შეძლებისა კვალად შველოდე მის აღსრულებასა, თუ ასრე არა, პატრიოტობა (მამულისმოყვარება) იქმნება ის, რომ უყვარდეს თავისი მხოლოდ იმისათვის, რომა თავისია და ეჯავრებოდეს ყოველისფერი სხვისა მხოლოდ იმისათვის, რომა სხვისა არის, და, ვინ იცის, რანაირად უხარიან და მოსწონს თავისი უმგზავსობა და სახიჩრობა.

ანგლიელი მორიერის რომანი ”ჰაჯი ბაბა” არის წარჩინებული და ნამდვილი სურათი ამგვარი პატრიოტობისა (მამულისმოყვარებისა). ადამიანის ბუნებას აქვს თვისება, რომ უყვარდეს ყოველიფერი მისი მახლობელი, მისი სისხლით და ხორცით ნათესავი; მაგრამ ეს სიყვარული პირუტყვთაც აქვსთ, მაშასადამე, კაცის სიყვარული უნდა იყოს უმაღლესი. ეს კაცობრიული სიყვარულის აღმატებულება ცხოველის სიყვარულზე არის მეხსიერებისაგან, რომელიცა ხორციელებასა და მგრძნობელობასა განანათლებს სულით, და ეს სული არის საზოგადო. მეფე პეტრე პირველის მაგალითი, რომელიც ამბობდა თავის ღვიძლს შვილზე, უკეთესიაო სხვისა იყოს და კარგიო, ვიდრე ჩემი და ავიო, - ყველაზედ უკეთესად აცხადებს და ამართლებს ჩვენს ჰაზრსა.

რასაკვირველია, კერძოობიდგან შეუძლებელია დაიდვას კანონი საზოგადოებისათვის, მაგრამ შეიძლება ამ შეფარდებით კერძოობითიდგან ავხსნათ საზოგადო. შეიძლება გძულდეს ღვიძლი ძმა, თუ ცუდი კაცია, მაგრამ არ შეიძლება არ გიყვარდეს სამშობლო ქვეყანა, როგორიც უნდა იყვეს.

მხოლოდ ეს სიყვარული არ უნდა იყვეს მკვდარი კმაყოფილება, ცოცხალი სურვილი უნდა იყოს, რომ ყოველისფერი მოვიდეს სისრულეში, უკეთესობაში; ერთის სიტყვით - სამშობლო ქვეყნის სიყვარული უნდა გამომდინარეობდეს კაცობრიობის სიყვარულიდგან.

და აი, ჩვენ ვსთქვით სიცოცხლეზე ყოველისფერი, რაც გვქონდა სათქმელი მაზე. და თუმცა ამის გამო თითქო დავშორდით ჩვენ საგანსა, მაგრამ მართლა კი მხოლოდ მიუახლოვდით მის ახსნასა.

პოეზია არის გამოხატვა სიცოცხლისა, ანუ, უკეთ ვსთქვათ, პოეზია არის თითონ სიცოცხლე. ეს ცოტაა: პოეზიაში სიცოცხლე უფრო უკეთეს სიცოცხლედ აღმობრწყინდება, ვიდრე თვით სინამდვილეშია. აქედგან გამოდის ახალი კითხვა, რომელის ახსნაცა იქმნება პოეზიის ახსნა, - კითხვა: თუ თვითონ სიცოცხლე შეიცავს ამდენ პოეზიასა, ასრე რომა თვისის მნიშვნელობით სიცოცხლე და პოეზია ერთი და იგივე არის, - მაშ რაღა საჭიროა კიდევ სხვა პოეზია, და თვით ხელოვნებას ან რაღა მიუცილებელი საჭიროება ექმნება, და ან რაღა თავისუფალი მნიშვნელობა?

”მრავალი მშვენიერებაა ცოცხალ სინამდვილეში (действительность), ანუ უკეთ ვსთქვათ, ყოველი მშვენიერება არის მხოლოდ მასში, რაც არის და არცა ჰსცხოვრობს; მაგრამ მისთვის, რომ ვისიამოვნოთ, დავსტკბეთ ამ სინამდვილით, ჩვენ პირველად უნდა დავიმორჩილოთ ის სინამდვილე ჩვენის მეხსიერებით, და ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გვექმნება შემდგომი ორი თვისება:

ჩვენ უნდა ზედმიწევნით შევიგნოთ ისა სულ მრთლად, ერთიანად, და მასთანავე ნაწილ-ნაწილ (ანუ თითო-თითო საგნათ), ისრე რომა ჩვენმა საკუთარმა თავმა, ჩვენმა მოფარდულობამვე არ დაგვიშალოს იმისი დანახვა. ჩვენ ვსარგებლობთ ხოლმე იმითი, მაგრამ მხოლოდ იშვიათად, მხოლოდ სიხარულით აღტაცების წამსა.

რაღაც ჩვენი მსწრაფლ გულის გამოჩინების მოულოდნელს დროსა; მომეტებულად ჩვენ გავერთვით ხოლმე მრავალ რიცხვ საგნებში, და იმ საგნების იქით ვეღარა ვხედამთ მრთელს საგანსა, და მათი აღარა გვესმის რა. ასრე გაშინჯე, ჩვენი საკუთარი გრძნობანი მხოლოდ მაშინ არიან ხოლმე ჩვენი სასიამოვნონი, პირველი, - როდესაც განვთავისუფლდებით მათის მომღალავი ტვირთისაგან ანუ მათის ძრწოლის ღელვისაგან, რომელსაც გაჰყვება ხოლმე სულთქმა, რომლისაგან ჰქრება შეგნება; და მეორე - მაშინ, როდესაც მოვიგონებთ წარსულს.

აწმყო (настоящее) არასდროს არ არის ჩვენი, ამისათვის, რომ ჩვენ წარგვიტაცებს ხოლმე თავისა თანა; და თვით აწმყო სიხარულიც სამძიმოა ჩვენთვის ისრე, როგორათაც მწუხარება, ამისათვის, რომა გვიმონებს, გვჯაბნის, გვიპყრობს ისი ჩვენ, და არა ჩვენ იმასა.

თუ გვინდა რომ დასტკბე იმ სიხარულით, ისიამოვნო, უნდა განშორდე იმასა რამდენსამე მანძილზე, ისრე, როგორათაც უნდა განშორდე სურათსა სინათლის გულისათვის და შორიდამ უნდა უყუროთ, - განშორებული, განთავისუფლებული თქვენ ისე უნდა უყურებდეთ, როგორათაც ჩვენს გარეშე მყოფსა საგანსა.

აი, რის მიზეზით მოგვეცემა ხოლმე ჩვენ შვება და განვთავისუფლდებით მწუხარების სიმძიმისაგან, როდესაც ვუამბობთ ვისმე, ანუ დავსწერთ ქაღალდზე: ჩვენ ვხედამთ იმასა ჩვენგან განშორებულს, ჩვენზედ მოშორვებით მყოფსა, ჩვენი თავი აღარ გვიფარებს, აღარ გვიშლის მისს გაშინჯვასა, - და მაშინ ჩვენთვის საყვარელია ჩვენი მწუხარება, ჩვენ გვიამება როდესაც მოვიგონებთ ხოლმე, გვესიამოვნება როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, როგორათაც ჯარისკაცს უყვარს თავისი ომში ყოფნის ამბის თქმა და ყოველისფრის განსაცდელისა, რაც მას იქ გადახედია.

ყოველიფერი წარსული გვეჩვენება ჩვენ სხვანაირად, თითქო ფერგამოცვლილად, ბედნიერებას ვხედამთ საუკეთესოდ იმაზე, როგორც იყო მაშინ, როდესაც იმითი ვსტკბებოდით; თვით უბედურებაშიაც ვხედამთ ერთს პოეტიურ მხარესა.

ამის მიზეზი ის არის, რომა სიშორე უმალამს ჩვენს თვალსა ყოველს უთანასწორობასა, შემთხვეულებასა, უწმინდურ ლაქებსა, რომელნიც ახლოს ყოფნის დროს პირველად მოხვდება ხოლმე თვალსა. სინამდვილეში ყოველისფერი დამონებულია სივრცისა და დროების კანონისაგან:

გმირები სჭამენ, სმენ, გრძნობენ შიმშილსაცა და სიცივესაცა, როგორათაც სხვა ყოველი კაცი. თქვენა ხედამთ ქვეყანაზედ მშვენიერს დახატულობას რომელისამე ადგილისასა (ლანდშაფტსა), მაგრამ როგორ? - უთუოდ შორიდგან და ამასთანავე ერთის ადგილიდგან. ერთის გასაშინჯავი წერტილიდგან:

სიშორე აძლევს ლანდშაფტს მხატვრობის სიმშვენიერეს; გასაშინჯავი წერტილი, რომლიდგანაც უყურებთ, ის აძლევს იმას ერთობას, სიმრთელეს. გადადგით ერთი ნაბიჯი, გამოიცვალეთ საყურებელი წერტილი, - ლანდშაფტიც განჰქრება: დარჩება თქვენს თვალწინ რაღაც შეუთანხმებელი, განბნეული უთავბოლოდ, აღარ ექმნება ერთობა, სახე.

მიდით იმ ლანდშაფტთან ახლოს, რომელის მშვენიერებითაც იყავით განკვირვებული, - და თქვენ დაგხვდებათ რომელიმე გამოუდეგარი ქოხი, საძაგელი წისქვილი, უბრალო ღელე, სხვაზედ არაფრით განსხვავებული ჭალა, სადაც ყოველ ნაბიჯზე ფეხი გიბორძიკდებათ ოკრობოკროებში, ანუ ჩაეფლობით სადმე წუმპეში, შორიდგან კი სუყოველისფერი იყო ისრე სუფთა, ფაქიზი, მშვენიერი, მრთელი, ჩარჩოში ჩასმული, - ნამდვილი სურათი და მხატვრობა! ამითია სურათი უკეთესი

ნამდვილზე? დიახ, ლანდშაფტი, დახატული ტილოზე ნიჭიანი მხატვრისაგან, უკეთესია ქვეყანაში ყოველ ჩინებულ სანახავ ადგილზე. რათა? ამისათვის, რომა იმაში არა არის რა შემთხვევითი და მეტი, ყოველი მისი ნაწილები არის შეერთებული, ყველა არის მიხრილი ერთის საგანისაკენ, ყველანი ერთად შეკრულნი შეადგენენ ერთს მშვენიერს, მრთელს და განუყოფელს აზრსა.

სინამდვილე მშვენიერია თავისთავად, მაგრამ მშვენიერია ის თვისის საგანით, თვისის ნაწილებით, თვისის ჰაზრით და არა ნაკვთით (ფორმით). ამ შემთხვევაში, სინამდვილე არის წმინდა ოქრო, მაგრამ გამოურჩეველი, ერთად არეული ლითონი და მიწა: სწავლა და ხელოვნება განსწმენდენ ოქროს სინამდვილისასა. გადაადნობენ და ჩაასხმენ მშვენიერს ყალიბებში.

მაშასადამე, სწავლა და ხელოვნება თავისაგან არ მოიგონებენ ახალსა და არ მოიგონებენ დაუარსებელს სინამდვილეს, მაგრამ იმას, რომელიც ყოფილა, არის და იქნება კიდევაცა, გამოართმევენ მზა მასალასა, მზა კავშირთა, ერთის სიტყვით მზა საგანსა: მისცემენ მას შესაფერ ნაკვთსა, ყალიბსა, ზომიერის ნაწილებით ისრე, რომ ჩვენ შეგვეძლოს ერთბაშად თვალის გადავლება ყოველმხრივ.

პეტრე პირველმა რომ რუსეთში გააჩინა ფლოტი და ჯარი, ეს არის ფაქტი ისტორიულის სინამდვილისა; მაგრამ ისტორია როდესაც გვიამბობს ამ საქმესა, ის არ მოგვიყვება ყოველს ამბავს დაწვრილებით, გამოჰკრებს მხოლოდ იქიდგან უპირველეს იმ დროების ჩვეულების ნიშნებსა: რა იმისი საქმეა იმის აღწერა, როგორ აგროვებდნენ სალდათებსა, მოგემეებსა, როგორ ასწავლიდნენ მათ სათითაოთ და სხვანი.

შექსპირს შემოკლებულ დრამაში გამოუყვანია მთელი ცხოვრება ისტორიულის კაცისა, რომელსამე რიჩარდ მეორით, ანუ უწარჩინებულესი ამბავი გმირის ცხოვრებიდგან, რომელიც ნამდვილად შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ რამდენსამე წელიწადში.

იმას გამოუყვანია თავის დრამაში მხოლოდ ის ნიშნები იმისი გმირის სიცოცხლიდგან, მხოლოდ ის (ფაქტი) მამხდარი ამბავი, გამორჩეული დრამატიული სურათისათვის, რომელნიც შესახები ყოფილან პირდაპირ მისი თხზულების ჰაზრისა, და დანარჩენნი, თუმცა საცნობლად სასიამოვნონი არიან თავისთავად, მაგრამ არ შეეხებოდნენ მის საგანსა, - გამოურიცხამს, რადგანაც არ არიან საჭირონი.

თუმცა რომანის ჩარჩო მიუდარებლად ვრცელია შევიწროებულ დრამის ჩარჩოზე, და თუმცა რომანის მწერალს უფრო ვრცელი თავისუფლება აქვს დრამის მთხზველზე, მაგრამ რომელიც გინდათ აიღეთ რომანი ვალტერ სკოტტისა, ანუ კუპერისა, არ მოუნდებით ერთი დღის მეტი, რომ იკითხოთ გაუწყვეტლად, მაშინ, როდესაც დაწვრილებით აღწერა, მემუარებივით, ერთის წლის ცხოვრება ერთის კაცისა გაავსებდა ათჯერ მომატებულ ტომსა, ვიდრე გმირისა მთელი სიცოცხლის აღწერა.

პოეტი არ არის ვალდებული აღგიწეროთ, რომ იმისი გმირი როგორა სჭამდა სადილსა ყოველთვის, მაგრამ პოეტს შეუძლიან დაგიხატოთ ერთი მისი სადილთაგანი, თუ რომ ამ სადილზე იყო როგორმე დამოკიდებული იმისი სიცოცხლე, ანუ თუ ამ სადილით შეიძლება რომელისამე ხალხის, რომელსამე დროში ჩვეულების ნიშნების წარმოდგენა;

თუ რომ რომანის გმირი არის რაინდი (рыцарь), გამოჩენილი მხედარი, მაშასადამე, პოეტისათვის რა საჭიროა, რომ აღწეროს ყველა იმისი ბრძოლა, ომი, რომელიც რაინდებს ისრე ხშირად შეემთხვეოდათ ხოლმე, როგორათაც რუსის ვაჭარს ჩაის დალევა.

მაგრამ პოეტს შეუძლიან აღწეროს ერთი შემთხვევა ან გმირის ხმალში გასვლისა, ან ომისა, და სხვა ამგვარი აღწერა ვეღარას მოუმატებს, იმიტომ, რომ გმირის ხასიათი ერთის შემთხვევითაც გამოიხატება ისრე სრულად, ცხადად, რომ ჩვენ იმისი ერთი ხმალში გასვლით გვეცოდინება კიდეცა, როგორ გავიდოდა ხმალში ათას სხვა შემთხვევაში...

”ამისათვის ყოველი პირი, გამოყვანილი ხელოვნებითს ქმნილებაში, ანუ თხზულებაში, არის წარმომადგენელი მრავლისაგან უმრავლესის ერთნაირის, ერთგვარის პირისა, და ამისათვისაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე: ეს კაცი ნამდვილი ოტელლო არის, ეს (გასათხოვარი) ქალი სწორეთ ოფელიაა.

ესრეთი სახელები, როგორათაც ანეგინი, ლენსკი, ტატიანა, ოლგა, ზარეცკი, ფამუსოვი, სკალაზუბი, მოლჩალინი, რეპეტილოვი, ხლესტაკოვი, სკვოზნიკ-დმუხანოვსკი, ბობჩინსკი, დობჩინსკი, დერჟიმორდა და სხვანი, - არიან თითქო საზოგადო სახელები და არა საკუთარი, საზოგადო განთვისებულებითი წოდებანი, რომელნიც თვით ცხოვრებაში აღმოჩენილან.

ამისათვის მეცნიერებაში, ხელოვნებაში სინამდვილე ჰგავს სინამდვილეს, მაგრამ ნამდვილი კი არ არის. ხელოვნებითი ქმნილება, ან თხზულება, რომელიც მოგონებაზედ დაიფუძნება ხოლმე, უმაღლესია ყოველ ჭეშმარიტად მომხდარ ამბავზე, და ისტორიული რომანი ვალტერ სკოტტისა, რომელისამე ქვეყნის ხასიათისა, დებულების (ადათის) შესახებ, ჭეშმარიტია ყოველ ისტორიაზე...”

- ახლა კი, ჩემო თადეოზ, გადმოვშალოთ ერთი ფურცელი კიდევ და შევიტყოთ, რა არის პოეზია. მაგრამ რადგანაც სიტყვა გძელდება, მე ბელინსკისავე სიტყვით ესე მოკლედ მოგახსენებთ: პოეზია არის სიცოცხლე გამჯობინებული, არის სინამდვილე განცხოველებული აზრითა და მხატრობითა.

”მთელი ქვეყანა - ამბობს ბელინსკი - ყოველი ყვავილი, ფერი და ხმა, ყოველიფერი ბუნებისაგან, სიცოცხლისაგან აღმოჩენილი, შეიძლება პოეზიის საგნად იყოს, მაგრამ პოეზიის აზრი, პოეზიის არსი (сущность) ის არის, რაც დამალულია იმ აღმოჩენილს საგანში, რაც აძლევს საგანს დანაბადის სიცოცხლესა; ის არის, რითაც საგნის სიცოცხლის მოძრაობა ხიბლავს ადამიანსა. პოეზია არის მსოფლიოს სიცოცხლის მაჯისცემა, იმისი სისხლი და ხორცი, იმისი ცეცხლი, სინათლე და მზე”.

 - უკაცრავად კი ნუ ვიქმნები, ჩემო სფირიდონ, და სრულიად ვერაფერი ვერა გავიგე რა პოეზიისა; მე ასე მეგონა, მოკლეთ მეტყვით-მეთქი და თქვენ კი მეტად გრძელი ბაასი მოგივიდათ. ეტყობა, ძნელი მისაგნები და აღსახსნელი უნდა იყვეს პოეზია; მაგრამ რა ვქნა, ჩვენ დროს, ე. ი. როცა სასწავლებელში ვიყავით, არც პოეზიაზე გველაპარაკებოდნენ და არც პროზაზედა, ეხლა კი მე ვეღარას ვისწავლი.

მხოლოდ ეს მიკვირს, ჩემო სფირიდონ, რომა თითქო ქართულად მელაპარაკებოდი, მაგრამა ვერაფერი ვერა გავიგე რა.

- სრულიად თანახმა გახლავართ, ბიძაჩემო, მაგისი: მე ვერ ავასრულე კარგად მთარგმენლის ხელობა, და ამისათვის ცხადი ბელინსკის აზრი სრულიად დაბნელდა. და რა გაეწყობა? დარჩეს ჩემი შრომა ამაოდ; შეწუხებისათვის კი ბოდიშს ვიხდი თქვენთანა.

- არა, თქვენმა მზემ, მაგაზედ არ მოგახსენეთ.

- მაშ ისევ ”ცისკარს” დავუბრუნდეთ. ”მხეცური შურისგების” შემდგომ არიან ლექსები სხვადასხვა მთხზველებისა; აი ერთი მათგანი:

კნეინა ბარბარე ჯორჯაძისადმი.

"უცხოს კალმითა განგვინათლე მარტის ”ცისკარი”,

თვალთ ჟუჟუნასა ქება უძღვენ სწორ-შესადარი,

ფეხთთ დაუფინე ასპინოზი ტკბილ აცედარი,

ნუ დადუმდები, გაგვაგონე ტკბილ საუბარი."

- სფირიდონ, ეგ რა დაუწერია მარტის ”ცისკარში”, როგორღაც დამავიწყდა?

- რა მოგახსენო, ბიძაჩემო, აღარც მე მახსოვს.

"ბულბულთ ჭიკჭიკი ვის არ მოჰგვრის ტანთა ჟრჟოლასა?

ვარდთა მიჯნურთა, უნუგეშოთ, კანკალ, თრთოლასა.

ივერიელნი გევედრებით ლექსთ მიყოლასა,

ნუ დაუტევებ შენთ სიტყვების ისართ სროლასა."

- არ ვიცი, თადეოზ, რომელმა ივერიელმა სთხოვა გიორგი თუმანოვსა, რომ ამისთანა თხოვნის არზა მიერთმივა იმათ მაგიერათა კნ. ჯორჯაძისათვისა. თქვენ ხომ არ გითხოვიათ?


1861 წ. 15 თიბათვისას - 12 მკათათვისა.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ