მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1132 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

აი, ესეც ახალი გაზეთი ჩვენის ძველის სახელითა. ძლივს არ დაიბადა!.. მაგრამ რაღაც უგემური კი გამოდის. ფხა არა აქვს, ფხა!.. მოჰყოლიან, ბატონებო, ეს მეცნიერებაო, ეს ცხოვრებაო. ეს ისაო, ეს ესაო. ვჰსთქვათ, რომ მართლაც მეცნიერი იყოს (ტყუის კი, თქვენმა მზემ), ვჰსთქვათ, რომ ცხოვრების ამწონიც და დამწონიცა, - ვითომ მაგით რაო? არა, ვის წინა თამაშობთ მალაყებსა? მაგითი გინდათ თვალი აგვიბათ, განა? მაშ კარგად გიცვნიათ ქართველები. მოგესევით, ბატონებო, ასეთს კორიანტელს აგიყენებთ, რომ თქვენის საქმისა ვერც თავი გაიგოთ და ვერც ბოლო.

ვითომ ბევრი ქექა და თავის ტკენა დაგვჭირდება თუ!.. ამის მეტი ხომ არა დაგვეხარჯება რა, რომ ეგ თქვენი ”ივერია” უკუღმა წავაკითხოთ საზოგადოებასა. ეგ სახელი უკუღმა რომ წავიკითხოთ, ”აირევი” გამოვა. აი აგერიოთ გზა და კვალი!.. კაი სახელი დაგირქმევიათ, ო, თქვენმა მზემ!

რაო? მეცნიერება და ცხოვრებაო?!.. აი, მეხი კი დაგეცათ. გაზეთიო მეცნიერებისა და ცხოვრების შორის შუამავალიაო. მაჭანკალი გეთქოთ. არა, ჯერ ერთი ეს მითხარით: ჩვენს უფერულს, უგემურს, ზლაზვნით მოარულს ცხოვრებას რა აქვს დასაბარებელი მეცნიერებასთან, რომ მოციქული აგიჩენიათ. ან თვითონ მეცნიერებას ნუთუ უჩვენოდ ვეღარ გაუძლია, ნუთუ უჩვენოდ ფეხი წინ ვერ წაუდგამს, რომ მის მხარითაც შუამავლის მოგზავნა საჭიროდ დაგინახავთ.

ჩვენს ცხოვრებას მეცნიერებასთან რა ხელი აქვს და მეცნიერებას ჩვენს ცხოვრებასთან? ვითომ აქამომდე რომ ესენი უმძრახად იყვნენ და უერთმანეთოდ სუფევდნენ, - რა ცუდი იყო, რა დაგვაკლდა? არაფერი, თქვენმა მზემ. მაშ ისე რა გასჭირებია ან მეცნიერებას, ან ცხოვრებას, რომ ერთმანეთთან მოციქულის მიგზავნა დაჰსჭირებიათ და ამ მოციქულად ამოურჩევიათ ეს ახალი გაზეთი. მაგრამ ვინ იცის? იქნება ერთს მეორის ვალი ედოს, იქნება ეხლა დრო მოვიდა გადახდისა და, ვიდრე ისტორიის წინაშე განიბჭობიან, სურთ, რომ მოციქულის პირით როგორმე მოშველდნენ?

იქნება თვითონ ცხოვრებაც ადამიანისა სესხი და ვალი იყოს? თუ ეგრეა, ჩვენ, ქართველებს, ათადამ-ბაბადამ მაგ სესხისა და ვალის მეტი არა გვიკეთებია რა! გვიღია სესხიცა და გვიხდია ვალიცა. ეგ დიდის ხნის ამბავიაო, მეტყვი, მკითხველო! მაშინდელია, როცა ჩვენი ცხოვრება ჩვენს მხრებზედ ეყუდა; როცა ამ მძიმე ტვირთიდამ მხარის გამოცლა ჩვენში სირცხვილი ყოფილა. ეხლაო? ეხლა სესხია ჩვენი ცხოვრება ყველასათვის და ვალია თუ არა ვისთვისმე - ეგ კი ღმერთმა იცის.

შორს წავედი. რაზედ დავიწყე ლაპარაკი და რაში გავები, ქართველი ვარ და ტიტინი მიყვარს. შემინდეთ მეტი სიტყვა.

გაზეთმაო მეცნიერების შენობისათვის ცხოვრებისაგან მოგროვილი ქვა-კირი უნდა ზიდოსო და იქიდამ კიდევ დედაჰაზრები უნდა გადმოიტანოს ცხოვრებაშიო.

ნეტა რას მიჰქარავთ!.. მაშ ჩვენი ცხოვრება ქურახანა ყოფილა და თქვენი გაზეთი ტვირთთა მზიდველი სახედარი და სხვა არარა? ეგ ეგრეც რომ იყოს, რად გიტკენიათ თავი, მაგოდენა ტვირთი რად აგიკიდნიათ? ორში ერთი: ან უნდა გვაჩვენოთ, რომ ღონივრები ვართო, შემოგვხედეთ რამოდენა ტვირთსა ვძრავთო, ან გინდათ დაგვანახოთ, რომ გაზეთი ტვირთია და არა ქეიფი, შრომაა და არა ცუღლუტობა, საქმეა და არა მასხარაობა. ვითომ თქვენ მართლა მეცნიერების კარი უნდა გაგვიღოთ?.. თუ ეგ მაგრე ადვილი იყოს, ვითომ ჩვენ უთქვენოდაც მაგას არ

ვიქმოდით?.. მეცნიერება სალაროა, საცა აწყვია უკეთესი განძი, ადამიანის უკეთესის ჭკვითა და გრძნობით მოპოებული; იგი უდიდესი ტაძარია, საცა დაყუდებულია დიდებულ ხატი კაცობრიობისა, ადამიანის ჭკვითა და გულით ძვირფასის თვალებით შეჭედილი, საცა განუქრობლად ანთია უმშვენიერესი ხომლი ადამიანის ჭკვითა და სულით ანთებულის ჭეშმარიტებისა. თქვენ იქ, იმ უწმიდესს ტაძარში, თქვენი გაზეთი - ეგ ტვირთთა მზიდველი სახედარი უნდა შეიყვანოთ?!.. ფიცი მწამს და მეშინიან ბოლომ არ გამაკვირვოს.

ფიცს მალე ვიწამებთ ხოლმე, იმიტომ რომ გულჩჩვილნი ვართ და მალე დამჯერნი, მაგრამ ბოლო კი ყოველთვის გვაკვირვებს, იმიტომ რომ უბედურნი ვართ; ყოველი ჩვენი უკეთესი იმედი მტვრად აუგვია ამ ულმობელს ქვეყნის უკუღმართობას და ცხოვრების მღვრიე წყალთა დენასა წაულამავს, წაულექნია.

ვჰსტირით და ვვალალებთ, რომ ეს ასრე მოხდება ხოლმე, და როცა ღრმად ჩავფიქრდებით, ის კი აღარ გვიკვირს, რომ უბედურნი ვართ, მარტო ის გვიკვირს - როგორღა ვართ ცოცხალნი. შაბაშ, ქართველთ გამძლეობას!..

ნუ დამიღონდი, მკითხველო! რა ვქნა, სიცილით ვიწყობ და გლოვით ვათავებ ხოლმე. სიცილი და გლოვა ვითომ და-ძმანი არ არიან? ვითომ ხელიხელგაყრილნი არ დაიარებიან იმ მუშტის-კრივში, რომელიც არსებითის პურისათვის დღე-ყოველ გამართულია და რომელსაც ცხოვრებას ეძახიან? ორპირია, ბატონო, ცხოვრება: როცა ერთი პირი უცინის, მეორე უტირის. ნუ დამიღონდი. ავყვეთ კიდევ ამ ჩვენს ახალს გაზეთსა. თუ ეგრეა დაწესებული, დეე სიცილ-ტირილმა, ამ და-ძმამა გვდიოს ჩვენ ბოლომდინა.

მოჰყოლია ეს ახალი გაზეთი და ყვირის: ჩვენ არ ვიკადრებთო ადამიანის შეურაცხყოფასაო. ნუ იკადრებთ, თუ გიყვარდეთ. განა ქართველები არა ხართ? ვაი თქვენს ლხენასა, თუ ეგრეა. და თუ ქართველები ხართ, გული გაგიძლებთ, რომ არ იმასხარაოთ?!.. ყოველი წესი, ჩემო საყვარელნო, პაჭიჭსა ჰგავს: თუკი ერთი წვერი შემოერღვა, გათავდა კიდეც - სულ ბოლომდე რღვევით წავა. ეს კარგად დაიხსომეთ და ჩაიჭდიეთ გულში.

ეს ადამიანის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო!.. დასწყევლოთ ღმერთმა, რეებს არ მოიგონებენ კაცის მაცდურებისათვის! გვიხსენ, უკუღმართო წუთოსოფელო, ამ ბოროტებისაგან! ბევრი კევრი დატრიალებულა ჩვენს თავზედ და ამისთანა კი ჯერ არც ერთხელ. რაებს ბოდვენ!.. ახლა გინდათ ეგ ვალიც დაგვადოთ კისერზედ, რომ კაცის უფლებას, ზნეობითს კანონს საყარაულო გავუმართოთ - ცოტა ვალი გვაქვს, რომ ეგეც ზედ არ დაართათ.

ამ საადგილმამულო ბანკებს კი გადვურჩით, რომ მაგაებისათვის მოვიცალოთ! თუნდ ეგეც არ იყოს, მაშ მასხარაობას ქვეყანაზედ ადგილი აღარ ჰქონია. მაშ ადამიანმა რით უნდა მოიშოს გულიდამ ყოველ ცისამარის დღის ვალალება! რით უნდა გაართოს გული! და თუ მასხარაობას ადგილი აქვს, რაზედ და ვისზედ იმასხარებთ, თუ არ ადამიანზედ, თუ არ ჩვენს მოძმეზედა?

დავიჯერო, რომ თქვენ აქ ფეხი არ წაგისხლტებათ და ადამიანის უფლებას და ზნეობითსა კანონსა თქვენ ცოტად თუ ბევრად არ დაარღვევთ? პაჭიჭი გახსოვდეთ, პაჭიჭი! მაგრამ რა? მიგიხვდით, მიგიხვდით თქვენს ოინბაზობას. დახეთ, დახეთ, შიშით რა სოროში შეძვრა დაბადებისვე უმალ ეს ”ივერია”? თუმცა სოროში მიმალეთ თავი, კუდი კი გარედ დაგრჩათ.

არ ვიკადრებთო! ეს კაცის უფლებაო, ეს ზნეობითი კანონიო, დამეკარგენით! თქვენ კარგად იცით, რომ თქვენს გაზეთს გამჩხრეკი აუჩნდება ვინმე. უამისოდ გაზეთი უსულოა, უფეროა, უღონოა. რადგანაც თქვენ თქვენის თავის იმედი არა გაქვსთ, რომ თქვენს მოპირდაპირეს სიტყვა შეუბრუნოთ, თვალი გაუსწოროთ, შიშით და სირცხვილით ხმას გაიკმენდთ და იტყვით: არა ვკადრულობთო. თუ ეგრეა, ასე მოვუხჩოლებთ ამ თქვენს ”ბურთივით რგვალს” რედაქტორსა, ასე მოვუყეფავთ, რომ აიღოს და თითონვე გამოძვრეს სოროდამა. აბა სეირი მაშინ იქნება, აი! აბა მაშინ ვიცინებთ და ვიხარხარებთ. ჩვენს უგემურს ცხოვრებაში ამის მეტი არც გვინდა. ჩვენ ქართველები ვართ, ბედს ჩვენთვის გული არასფერზედ არ აუსუყებია, ამიტომაც ზოგჯერ ცოტასაც ვიმყოფინებთ ხოლმე.

ადამიანის უფლების დარღვევაო!.. ვიშ, რა მოუგონიათ! რა გაბერილი სიტყვაა!.. რამოდენი კალთები აქვს! რასაც გინდა, ქვეშ იმას შეაფარებ. აი, აი, აი!..

ახლა მაგ ქანდარაზედ რომ შემსხდარხართ, ვითომ ფეხს მოიკიდებთ და თავდაყირა ძირს არ დაეშვებით? ერთი მითხარით, თქვენ ადამიანები ხართ თუ არა? თუ ადამიანები ხართ, ”არარა ადამიანური თქვენ არ უნდა გეუცხოებოდეთ”... ვითომ თქვენ უარჰყოფთ ვნებათაღელვის ძალმომრეობასა; ვითომ უმგზავსოდ დაბრეცილი და აწოწვილი თავმოყვარეობა ადამიანისა არაფრად მიგაჩნიათ, ვითომ ადამიანის შური, მტრობა, შურისძიება თქვენ დაგიმორჩილებიათ; ვითომ გაწუწკებულის გულის ლაქლაქობის სენი - ადამიანის თვისებად არ გიცვნიათ! დავიჯერო, რომ ესენი ყველა ერთად და თვითეულად ცალკე გულიდამ სამუდამოდ გაგიდევნიათ?

მაშ ადამიანობისა საერთოდ და ქართველობისა საკუთრივ რაღა დაგრჩენიათ? აი, თქვე ანგარების მოყვარენო! თქვე ადამიანის უარმყოფელნო, თქვე ქართველობის მოღალატენო! მიგიხვდით, მიგიხვდით; რაც ადამიანობის, ქართველობის უბედურებას შეადგენს, იქიდამ თავს ისხლეტთ, და რაც სიკეთეს და ბედნიერებას, იმაში კი წილს იდებთ. ფუ, თქვენს ვაჟკაცობასა, გულშემატკივრობასა, თქვენს სულგრძელობასა! განა ეგრე უნდა? ლხინში მეც შენთანაო, ჭირში კი შენ შენთვისო და მე ჩემთვისო. ამას უცილოდ თქვენ ვინ დაგითმობთ!..

ჩვენი გაზეთიო ჩვენის ცხოვრების სარკე უნდა იყოსო. თუ ეგრეა, მაშ ხომ ჩვენს ცხოვრებაში უნდა ჩაებათ. ის კი აღარ იცით, ხარი ხართან დააბიო, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო, ვნახოთ, თუ ფერიცა და ზნეც არ გაცვლევინოთ.

მე ადამიანის ცხოვრება ცოტად თუ ბევრად მიწვნევია და მწამს, რომ შექსპირი მართალია; ”სულელთ თამაშაა ადამიანის ცხოვრებაო, - ამბობს იგი, - გინდათ თუ არა, უნდა ჩავდგეთ და ვიტრიალოთო”. ჩვენც, გვინდა თუ არა, ჩავდგებით, ვიტრიალებთ და თან ჩავითრევთ ამ ახალს გაზეთსაცა. მაშინ ვნახავთ, ეს თქვენი ”ივერია” როგორ გადიხატავს ამ ტრიალსა.

ერთი სიტყვით, კარგი რამ გეჭირება - გაგვიკვირდება, ავს კი აღარ გავიკვირვებთ. ვნახოთ, მოვიცდით! ჯერ კი როგორღაც უგემურია. უფხოა, უფხო, თუ შენც იტყვი, მკითხველო. იქნება გემო და ფხა იმაშია, რისთვისაც ამ ”ივერიას” თავი დაუნებებია? ვინ იცის! ეჰა, ქვეყნის უკუღმართობავ, არა იყავნ ნება შენი!..

1877 წ

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ