(ეტიუდი)
I
- ბიჭო-და, აქ რომ ზიხარ და ჩაჰყუდებიხარ მაგ წიგნებს, - რა გამოდის? ტანთ შენ არ გაცვია და ფეხთ, მშიერ-მწყურვალი გდიხარ ამ ნესტიან მიწურში, მითამ რაო? - ეუბნებოდა ერთი ყმაწვილი კაცი მეორეს, რომელიც ერთ კარგა მოზდილ მიწურის დარბაზში გვერდით ეჯდა და შუბლშეკრული იყურებოდა.
- ჩემო კარგო დავით, - უპასუხა მეორემ იმ საამურ დაწყნარებით და დინჯობით, რომელიც თითქმის უტყუარად მოასწავებს ხოლმე ჭკუადამჯდარს და რწმენის კაცს: - სად წავიდე? შენ არ იცი, ეს მიწური ჩემთვის რა განძია. ეს ერთადერთი ქონებაა, მამიჩემისგან დარჩენილი, და გინდ დამცინე, სხვაგან სამოთხეს მირჩევნია. სად არ ვიყავ, მაგრამ გულმა მაინც აქეთ წამომიღო.
საწყალი მამაჩემი, შენც იცი, ერთი ღარიბი, მაგრამ მეტისმეტი პატიოსანი მღვდელი იყო ამ სოფელში. დედიჩემის შემდეგ დიდხანს ვეღარ იცოცხლა და თან გადაჰყვა.
ეს მიწური, სადაც ჩვენა ვცხოვრობდით, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე, სადაც ჩემი პატარაობა გავატარე, სადაც თვითვეული მტკაველი ან დედას მაგონებს, ან მამას, - ეხლა მამაჩემიც არის, დედაჩემიც, ჩემი ძმაც და ჩემი დაც.
ხომ ობოლი ვარ, არც და მყავს, არც ძმა, არც დედა, არც მამა, არც არავინ სხვა ვინმე მახლობელი, მაგრამ მე მარტოს ამ მიწურში თავი ისე მგონია, ვითომც ყველანი ესენი გარს მახვევიან-მეთქი.
აი ეხლაც ისე მგონია, რომ მე პატარა ვარ, დედაჩემი იქ თაროსთან რაღასაც ჰფუსფუსებს და მამაჩემი ტახტზე მოკეცილია, ცხვირზე ძველებური დიდი სათვალეები წამოუცვამს, აგრე ცხვირწაჭირებული წიგნსა კითხულობს და მე კალთაში უზივარ.
ესენი რომ მაგონდება, ვტკბები ადამიანურ გულისძგერითა. დამიჯერე, ამ სიამოვნებასა თავისი ფასი აქვს ქვეყანაზედ და უსასყიდლოდ არავის ეძლევა. აქ ეს ჩემი სიღარიბე არაფრად მიმაჩნია და ვინ იცის, სიმდიდრე მომცემს თუ არა ამ სიამოვნებას.
- შე კაი კაცო, სემინარიაში პირველი შეგირდი შენ იყავ, ჩვენს დროს შენზე უკეთესად სემინარია არავის გაუთავებია, მერე ხომ უნივერსიტეტშიაც წახვედი, ორი წელიწადი იქა სწავლობდი, - ნუთუ მარტო იმისთვის, რომ აქ, ამ ყრუ ადგილას, მოსულიყავ და სოფელს მწერლად დასდგომოდი.
- უნივერსიტეტში წავედი, მაგრამ ვერას გავხდი.
- თუ შენც ვერას გახდი, სხვა ვინღა რასმე გახდებოდა. შენი ჭირიმე, შექცევას და ქეიფს მოუნდებოდი!... შენი ამბავი განა არ ვიცი: იქაც დღედაღამ წიგნებიდამ ხომ თავს არ აიღებდი, როგორც აქ.
- ვერაფერს გავხდი-მეთქი, დამიჯერე, სიღარიბემ არ დამაყენა. სხვა ქვეყანაში სიღარიბე ძნელი ასატანია და ცარიელი დავბრუნდი უკან. თუ რამ ორიოდ გროშსა ვშოობდი, ამ წიგნებს ძლივს გავაწვდინე.
დავითმა ძალაუნებურად გადახედა ორპირს გძელს თაროს, წიგნებით ძალზე ჭედვით არიგებულ-ჩამორიგებულს.
- სავსე თარო წიგნებითა და ცარიელი მუცელი - არა მგონია, ბევრს რასმე შველოდნენ ერთმანეთსა.
- რად ამბობ მაგას? მე აქ სოფლისაგან თუმანი მაქვს თვეში და, წარმოიდგინე, მყოფნის. ან რა არის სიღარიბე და სიმდიდრე? ვხედავ, ერთს ბევრი აქვს, მეორეს ცოტა, მაგრამ ჩემის ფიქრით, ამითი არ უნდა ირჩეოდეს ღარიბი მდიდრისაგან. საქმე ის არის, სურვილი ქონებას არ გადაამეტო. მე მგონია, - ღარიბი არ არის, ვინც ნდომობს იმას, რაც ეშოვება და არა მეტსა. მეტის მდომი მდიდარიც ღარიბია.
- მაგ ფილოსოფიას, ჩემო სოლომან, დღეს გასავალი არა აქვს, ბევრს მუშტარს ვერ უშოვი.
- მე კანონს ცხოვრებისას სხვას არ ვუწერ. მე ეგ ფილოსოფია ჩემთვისა მაქვს და, ხომ ჰხედავ, არც არავის ვემდური, არც არავის ვემუნათები, არც არავის შევჩივი, ვარ ჩემთვის კმაყოფილი.
- არა მგონია კმაყოფილი იყო. მაგდენი გისწავლია, მაგრამ კიდევ სწავლობ, და ნუთუ შენისთანა კაცისათვის სოფლის მწერლად ყოფნა კმასაყოფელი საქმეა? მაგას ხომ უბრალო, უსწავლელი დიაკვანიც თავს აუვა.
- ეგ სხვა ამბავია. აქამდის შენ ხორცზე მელაპარაკებოდი, ახლა სულისა და გულის საქმეზე მიმახედე. აქ, იქნება, შენ მართალიც იყო. სოფლის მწერლობა მეტად პატარა საქმეა, მაგაზე მოცდენა დროს დაკარგვაა მომზადებულ კაცისათვის, - მხოლოდ მომზადებულ კაცისათვის კი. მე კი, სწორედ გითხრა, ჯერ კიდევ ვემზადები.
- ამოდენა ხანს იმდენად როგორ ვერ მოემზადე, რომ ერთი ბავშვი მაინც ჩაიბარო და კაცად გამოიყვანო. საქმე საქმეს მაინც ეგვანებოდა, სხვა არა იყოს რა.
- აი, ნეტავი, შენის დღეგრძელობით, ეგ შემეძლოს და უკეთესს საქმეს მე ვერ ავიჩენდი. უნდა გითხრა, ჩემო დავით, ჩემი სიზმარი ცხოვრებისა, დიაღ, სწორედ სიზმარი, მარტო ეგ საქმეა. ბევრსა ვცდილობ წიგნით, ხილვით, თუ სმენით, რომ წრთვნა ყრმისა ვისწავლო, შევიგნო და მაგ, ჩემის ფიქრით, უდიდესს საქმეს ისე მოვკიდო ხელი, ისე ვემსახურო.
მაგ საქმის სიყვარული სემინარიიდამვე დამყვა და დღეს-აქამომდე ჩემს ჭკუა-გონებას მაგ საქმეს ვანდომებ. ძნელი საქმეა და უფრო დიდი და მძიმე ვალია. მზრდელი ყრმისა მეორე შემოქმედია. რასაც ერთი მიჰმადლებს ბავშვს, მეორემ უნდა წრთვნას და ჰზარდოს. მე თუ ამ მიწურს დავანებებდი ოდესმე თავს, მარტო მაგ საქმისათვის, თუმცა დიდი გაბედვა კი უნდა, რომ ეგ საქმე კაცმა თავს იდოს.
- შენ გაჰბედავ, რომ შემთხვევა მოგეცეს?
- როგორ გითხრა? გავბედავ კიდეც და ვერც გავბედავ.
- ეგ რა პასუხია?
- ის პასუხია, რომ როცა ჩემს თავს ვეკითხები, თითქო იმედი მეძლევა. შევიძლებ-მეთქი მაგ საქმეს, და როცა მაგონდება, რა დიდი პასუხსაგებელი საქმეა, - გინდა დამიჯერე, გინდა არა, - კანკალი ამიტანს ხოლმე შიშისაგან. სოფლის სკოლაში მიწვევდნენ და ვერ გავბედე.
- ეგ ადვილად გამოსაცნობია: იქ ბევრნი არიან და მაგას შეუშინდებოდი.
- მართალი ხარ. მაგას შევუშინდი. თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, იგი შენ უნდა ჩაისო გულში და იმან შენ. ბევრში ეგ, ჩემის ფიქრით, შეუძლებელია, უმაგისოდ კი შესაძლოა - სწავლა, ცოდნა მისცე და ადამიანობა კი არასდროს. მე კი ასე მგონია, რომ ადამიანობას პირველი ადგილი უნდა დაეთმოს ბავშვის წრთვნა-სწავლებაში. მე თუ გავბედავ, მარტო ერთს ბავშვს მივიბარებ.
- აი, სწორედ მაგისათვის ვარ შენთან მოგზავნილი. ამირინდო დებედაძეს ხომ იცნობ?
- ამ ჩვენს სოფელზე ახლო სცხოვრობს და ერთი-ორიოდჯერ შევხვედრილვარ
მინდორში. გამომლაპარაკებია კიდეც, მაგრამ ისე, ცოტად. კაი კაცი უნდა იყოს: ვისაც კი ჰკითხავ, ყველა სიყვარულით იხსენიებს.
II
დავითს უხაროდა, რომ საქმე ასე კარგად მოეწყო. ის კი არ იცოდა, რომ სოლომანი გულში თითქო ჰნანობდა, - ამ დიდს საქმეში ჩემი საბელი ყელისა ეგრე ადვილად ხელთ რად ჩავუგდეო.
- კარგი კაცია, ცოლი უფრო უკეთესი, - განაგრძო დავითმა, - შვიდის შვილისაგან ერთი შვილიღა დარჩენიათ და, რასაკვირველია, ისე შესტრფიან და შეჰხარიან საწყლები, როგორც ერთადერთს საგანს თავის ცხოვრებისას. მთელი თავისი ჭირი და ლხინი, მთელი თავისი ადამიანობა, მთელი ქვეყანა ამ შვილში მოუქცევიათ და იმის იქით არარა სწამთ-რა, არარა ენატრებათ, არარა უხარიანთ.
რომ ღმერთი გაუწყრეთ და პატარა პატიკო ხელიდამ ამოეცალოთ, მე მგონია, ეს უბედურობა საკმაო იყოს - იმავე დღეს დედაც და მამაც თან გადაჰყვნენ საყვარელს შვილს. ეს არის მიზეზი, რომ შინა ჰზდიან და სასწავლებელში სადმე მისაბარებლად არ ემეტებათ. ცოლიცა და ქმარიც შემომეხვეწნენ, რომ შენ როგორმე დაგიყოლიო, იმათს ოჯახში შეხვიდე და შვილი მიიბარო სასწავლებლად. ჯამაგირს თვეში ორ თუმანს გპირდებიან, ჭამა-სმა და სადგური ხომ იმათთან გექნება.
- ჯამაგირს აქ ბევრი ადგილი არა აქვს ჩემს დასაყოლიებლად. ხომ ჰხედავ, მე ნაკლებითაც გაუჭირვებლად ვცხოვრობ, საქმე ის არის, მე საიდამ მომაგნეს.
- ნუ იფიქრებ, რომ შენი აზრები, ან სხვა რამ ამისთანა მოსწონდეთ. ცოლიცა და ქმარიც ერთი უსწავლელი სოფლელები არიან და ფიქრადაც არ მოსდით ამისთანა რაღაცეები მოჰკითხონ შვილის ოსტატსა. იმათა ჰგონიათ - ოსტატობა ყველა წიგნის მცოდნეს შეუძლიან, და რა აზრისანი არიან ეს ოსტატები, რა გზას და წესს სწავლა-წრთვნისას დაადგებიან, ამისი არამც თუ არა გაეგებათ რა, არც კი იციან, რომ საჭიროა ამისთანა რამ გამოიკითხონ. მე ვუქე შენი თავი იმ მხრით კი არა, რითაც უნდა იქოს ყოველი მასწავლებელი. ჯერ ერთი, ამას ვერ გაიგებდნენ და, მეორე, არც მე ვიცი, ამ მხრით შენ რა ხარ.
ჩემთვის საკმაოა, რომ პატიოსანი კაცი ხარ, რასაც ხელს მოჰკიდებ, გულდადებით შეეჭიდები, და იცი თუ არა წესი და რიგი პედაგოგიისა, ესე იგი სწავლა-წრთვნისა, მე ამის გასინჯვაში არ შევდივარ. მე მგონია, ეს ამისთანა უცოდინარი დედ-მამა ერთრიგად კარგიც არის: არ დაგიშლიან მაინც ბავშვი სწურთნო ისე, როგორც შენი პატიოსნება, ნამუსი და ცოდნა გამხელს. თორემ ხომ იცი ჩვენი ეხლანდელი ანაბანიანი დედ-მამა: აქაო-და ყური რაღაცისათვის ალალბედად მოუკრავთ, თავის უთავბოლო სიბრძნით ყველგან წამოეჩხირებიან, ვითომდა ჩვენც გვესმის ავი და კარგიო, არახუნებენ, რაც ენაზე მოადგებათ, და ჭირვეულობენ, თუ არ გაუგონე. ეს უსიამოვნება მაინც არ გექნება. გინახავს სადმე პატარა პატიკო?
- არა, არსად შემხვედრია.
- საკვირველის გუნების ბავშვია. ჩემს სიცოცხლეში ბალღი ბევრი მინახავს და მაგისთანა კი ჯერ არა. ისე ხომ ცოცხალი, მალხაზი ბიჭია, და თუმცა ხუთი-ექვსის წლისაა, მაგრამ უეცრად რაღაც მოუვლის ხოლმე, ჩაფიქრდება, თითქო რთული აზრი რამ გამოეკვანძა და იმისი გამოხსნა უნდაო. მაშინ სახეზე აშკარად დაეტყობა ხოლმე, რომ მისი პატარა ტვინი და გული იძვრის და მუშაობს. ცოდოა ერთს ბრიყვს მწიგნობარს ვისმე ჩაუვარდეს ხელში და უფრო ცოდოა, რომ მის დედ-მამას, რომელთაც გაგიჟებით უყვართ შვილი, არ ესმით ეს სულის ძვრა პატარა ადამიანისა.
- ჩვენში მიღებულია, რომ დედ-მამა, თუ იფიქრებს შვილის სწავლას, რვა-ცხრა წლისაზე ადრე არ შეუდგებიან ხოლმე ამისათვის ზრუნვას, და პატიკო კი სულ ხუთის-ექვსისა ყოფილა. უსწავლელები არიანო, და ასე ადრიანად ამაზე ფიქრი უსწავლელობას არ მოასწავებს.
- ეგ ჩემი ბრალია და აი რის გამო. გუშინ მე სადილად იმათთან ვიყავი. მოიტანეს ხაშლამა. დედამ აიღო და ერთი ნაჭერი დაუდო შვილს თეფშზე. ბავშვი ჯერ წასწვდა ნაჭერს, მაგრამ, თითქო რაღაცამ დაუშალაო, ხელი ჰაერში გაუჩერდა.
- დედი, - ჰკითხა პატარამ, - ხორცი საიდან არის?
- როგორ თუ საიდამ? ძროხას დაჰკვლენ და იქიდამ.
- მერე ცოდო არ არის?
- რა ვუყოთ, რომ ცოდოა, - უთხრა დედამ.
სოლომანს როგორღაც ეჩხვლიტა ამისთანა პასუხი დედისა, შეკრთა და ისე უეცრად გაინძრა, თითქო ეტკინა რამეო. დავითმა ეს ვერ შენიშნა და განაგრძო:
- არ მინდა!... - სთქვა ბავშვმა და თეფში თავის კერძით იქით გადასდგა.
- ჭამე, შვილო, - შეეხვეწა დედა, - თითქო ხორცს პირველადა ჰხედავდე.
- არ მინდა!.. - გაიმეორა ბავშვმა.
ის-ის იყო, მთელი სადილი აღარც ხმა ამოუღია, აღარც პირი მიუკარებია რისთვისმე, თუმცა დედ-მამა ზედ გადააკვდა.
- საკვირველი არ არის ხუთი-ექვსის წლის ბავშვისაგან? - იკითხა ბოლოს დავითმა.
- რად არის საკვირველი? მართალია, ძნელი გამოსაცნობია, - ეს უეცარი კითხვა და მოულოდნელი განაჩენი პატარა პატიკოსი რის დასასრული იყო. ვინ გაიგოს, ბავშვის პატარა ჭკუამ და პატარა გულმა ამ შემთხვევაში თვალი რადა და როგორ აახილა და ერთმანეთს რა მიაწოდა. ამაზე, რასაკვირველია, ბევრი რამ ითქმის, მაგრამ, ჰამლეტისა არ იყოს, ბევრი იმისთანა საიდუმლოა ქვეყანაზე, რომელიც ჩვენს ფილოსოფოსებს სიზმრადაც არ მოეჩვენებათ ხოლმე.
ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის პატარა სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდის ადამიანისა.
- შენი არ ვიცი და მე კი, ჩემის თვალით რომ არ მენახა, ამისთანა ამბავს სხვისაგან არ დავიჯერებდი. ესეა თუ ისე, მე ამ ამბის გამო ვიფიქრე, რომ პატიკოს, თუმცა პატარაა, ეხლავ პატრონობა უნდა, გამოველაპარაკე დედ-მამას და ძლივს დავაჯერე, რომ დროა ბალღს კაი კაცი მიუჩინონ მზრდელად და მასწავლებლად.
დედა ძალიან ურჩობდა და ამბობდა, - ჯერ პატარაა და სწავლის წვალებას ვერ გაუძლებსო. ბევრი ვეჩიჩინე და ვეუბენ, რომ სწავლა და წრთვნა ბავშვისა კაი კაცის ხელში წვალება კი არ არის, სიამოვნებაა ბავშვისათვისვე-მეთქი, და ბოლოს, როგორც იყო, დამყვნენ და მთხოვეს მაგისთანა კაცი ვუშოვო ვინმე. მაშინვე შენ დაგასახელე და დღეს შენთან იმათგანა ვარ მოგზავნილი. სოლომანი დიდის სურვილით ყურს უგდებდა პატიკოს ამბავს. ჩაუფიქრდა,
თითქოს დიდ საგონებელს რასმე გადაეკიდაო. ბოლოს წამოდგა, მხარზე ხელი დაადო დავითს და უთხრა:
- იცი, რას გეტყვი? მე ძალიან ჩამაფიქრა იმ ბავშვის ბუნებამ თუ გუნებამ. როგორც შენა სთქვი. მე მიმიზიდა კიდეც. თანახმა ვარ, დებედაძეს შვილს მე ჩავიბარებ. თუნდა ხვალვე გადავალ დებედაძესთან. არა უშავს რა, ღმერთი მოწყალეა. პატარა ამბავია ეგ შენი ნაამბობი, მაგრამ დიდი საზიდი, დიდი გასატანი, დიდი გასაბედია...
III
დავითი რომ გამოეთხოვა და წავიდა, სოლომანი დიდხანს დადიოდა წინა და უკან თავის სადგურში დაფიქრებული. ეტყობოდა, რომ მისი ჭკუა და გონება რაღაცას ღრმად ჩაუკვირდა, ძალზე ირჯება, მუშაობს და აზრი აზრზე გააქვს და გამოაქვს.
ბოლოს შედგა თახჩის წინ, ჩამოიღო ერთი ხელნაწერი რვეული. ეს იყო უბის წიგნი სოლომანისა, საცა თავის ნაფიქრს, ნაგრძნობს, ნახულს თუ გაგონილს ჩასწერდა ხოლმე, თუ მისი მიერ ყურადღების ღირსი იყო.
გადაფურცლა რვეული და ერთს ადგილს დააკვირვა თვალი. იქ ეწერა: ”რა მადლია ქვეყანაზე, რომ ყველა სხვა მადლი იქიდამ გამოდიოდეს, როგორც სხივები მზისაგან? მწამს და ვაღიარებ, რომ ამისთანა მადლი - მადლია სიბრალულისა.
მადლსაც სიმართლისას, პატიოსნებისას, სიყვარულისას, ნუგეშცემისას, ერთმანეთის განკითხვისას, შეწყნარებისას, შენდობისას, - დასაბამად. სათავედ სიბრალულის მადლი აქვს. თუ გებრალება, უსამართლობას ვერ უზამ; თუ გებრალება, უნამუსოდ ვერ მოექცევი; თუ გებრალება, გეყვარება კიდეც; თუ გებრალება, ნუგეშსაცა სცემ; თუ გებრალება, გულით წმინდით განიკითხავ; თუ გებრალება, შეიწყნარებ; თუ გებრალება, შეუნდობ”.
სოლომანმა გადიკითხა ეს თავისი ნაწერი და მთელ თავის ჭკუა-გონებით მიეცა ფიქრსა, თითქო თავის აზრს ხელახლად ჩაუკვირდა და უნდა შეატყოს, ხომ არა ვცდებიო.
- არა, - წამოიძახა ბოლოს ხმამაღლა, - მადლი სიბრალულისა დედაა ყველა სხვა მადლისა. ადამიანის გულს ამან უნდა აწოვოს თავისი ძუძუ... მერე აიღო კალამი და იქავ ჩაუმატა რვეულს: ”პატარა პატიკოს ამბავი - დიდი ამბავია. ხნული მზად არის, თესლიც გაღივებულია. უუწმინდესო მადლო სიბრალულისავ, გიცან შენ!...”
IV
თავადი ამირინდო დებედაძე და მისი მეუღლე სალომე სულ მუდამ სოფლად სცხოვრობდნენ. ძალიან გაჭირებული საქმე უნდა ასჩენოდათ, რომ ამირინდოს გაებედნა ქალაქში ჩასვლა. ქალაქი ჭირივით ეჯავრებოდა და ხშირად იტყოდა: ხომ ჩვენი ქალაქია, მაგრამ იქ გული არ მიდგება, თითქო ჩვენები აბარგებულან და გახიზნულან და სხვები დასახლებულანო.
გული გულს აღარ ეკარება და სურვილი სურვილსაო. ლეჩაქი რა არის, ლეჩაქიც კი ვეღარსად დაგინახავს, თითქო ნამუსთან ერთად ისიც მოუხდიათ და გადაუგდიათო.
ცოლიცა და ქმარიც ძველ დროის ადამიანები იყვნენ, ცოტას კმარებაც იცოდნენ და ბევრითაც თავს არ გადიოდნენ. ეხლანდელს წვა-დაგვას არსებობისათვის ჭიდილისას ჯერ კარის ზარი ამირინდოსი არ დაერეკა. ამ ცოლ-ქმარზედ ამბობდნენ: ტკბილს ლუკმას სჭამენ და ალალ პურსაო.
ამირინდოს ოჯახი გათქმული იყო იმ არემარეში პურმარილობითა და მასპინძლობით. სტუმარი თითქმის გამოულეველი ჰყვანდათ. ცოლ-ქმრისათვის ის დღე დღე არ იყო, როცა სადილ-ვახშამზე მარტო ორთ მოუხდებოდათ ყოფნა. ამირინდო სოფლის კვალობაზედ საკმაოდ შეძლებული კაცი იყო და ოჯახი უტკივარად იტანდა ამ გულუხვობას და დაუსრულებელს მასპინძლობას. ცოტა ჰქონდათ - ცოტათი დახვდებოდნენ და ბევრი ჰქონდათ - არც ბევრს დაიშურებდნენ. ორსავ შემთხვევაში მასპინძლობდნენ ”გულითა მხიარულითა”.
არც საკვირველია, რომ ოჯახი ამოდენა სტუმრობას იტანდა. ამირინდოს სუფრაზე ძნელად ნახავდით რასმე ბაზრიდამ მოტანილს და, არ ვიცი ამირინდო მართალი იყო თუ არა, და ამას კი ამბობდა ხოლმე: საქართველოს თავადაზნაურობა ”სარდინკამ” დაღუპაო.
დილა იყო, რომ დავითმა მოიყვანა ამირინდოსთან სოლომანი. ამირინდო ახალუხა დახვდათ სავაზეთი ხელში. ის-ის იყო ამოსულიყო კარის ვენახიდამ.
- სოლომანს გაუმარჯოს! - მიეგება ამირინდო და ხელი გაუწოდა: - კეთილი იყოს შენი აქ მობძანება. დავითი გეტყოდა ჩემს დარდს.
- დიაღ, ბატონო, და გიახელი კიდეც თქვენის სურვილის ასასრულებლად.
- მადლობელი ვარ. ერთადერთი შვილიღა შემრჩა შვიდისაგან და მინდა, რომ ჩემ თვალწინ გაიზარდოს. პატიკო, ა, პატიკო, - დაუძახა შვილს მამამ.
- მამი, მამი! - მოისმა პატარა კარის ბაღჩიდამ ყმაწვილის ხმა, - შენი ჭირიმე... შენ გეთაყვანე!..
- კიდევ აიკვიატებდა რასმე ის ცუღლუტი, - სთქვა ამირინდომ, - ერთი წავიდეთ, ვნახოთ, რას გადაჰკიდებია.
ყველანი წავიდნენ ბაღჩისაკენ. შეაღეს კარები და ერთ ხის ახლო ვარდის ბარდთანა დაინახეს პატიკო. იგი მისდგომოდა ბარდსა და რაღაცას ეძიძგილავებოდა. შალვარი და ახალუხი აქა-იქ შემოჰგლეჯოდა, ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა სახეზე. ეტყობოდა, ბევრს წვალებულა.
- აკი მოგახსენეთ, - სთქვა ამირინდომ იმ ხმით, თითქო თაკილობსო, რომ ამ ყოფით ჰხედავს ბავშვს მისი ახალი ოსტატი: - აბა რასა ჰგევხარ დაგლეჯილ-შემოფხრეწილი, თითქო გლეხის ბიჭი იყო, - უთხრა მამამ შვილსა.
- აგე, ბღარტი!.. - უპასუხა შვილმა და გაიწოდა საჩვენებლად პაწია თითი: - შენი ჭირიმე, მამილო, შენ გეთაყვა, ან შენ, ძიავ, ან შენ, სხვა ძიავ, - ეხვეწებოდა პატარა ხან მამას, ხან დავითს, ხან სოლომანს და ხვეწნის ნიშნად თითით ყელს უწევდა თვითვეულს ცალკე.
მიიხედეს და დაინახეს, ბღარტი გადაფოფხილიყო პატარა ფრთებით ეკლიან ბარდზე, პირი დაეღო, თითქო საჭმელს აწვდიანო, და შეშინებული იყურებოდა. სოლომანმა შეხედა და დაინახა ზედ ჩიტის ბუდე. აშკარა იყო, იქიდამ ჩამოვარდნილა ბღარტი და უღონობით შორს ვეღარ წასულა და ბარდს დასცემია იმისთანა ადგილას, რომ პატიკო წვალებულა და ვერ მიმწვდარა.
- გეთაყვა, ბღარტი, გეთაყვა! - იმუდარებოდა ბავშვი.
სოლომანი გადასწვდა, დაიჭირა ბღარტი და მისცა პატიკოს. ბავშვმა დაუყვავა ბღარტს და სიხარულით არ იცოდა, რა ექმნა.
ბღარტის დედა, ბუმბულაბურძგნული სიმწარისაგან, იქავ შორიახლო მეორე ხეზე იჯდა და მოუსვენარად ჰტოკავდა უილაჯო მწუხარებითა. რომ ვერა ექნა რა, ხან ერთს შტოზე შესკუპდებოდა, ხან მეორეზე, წამდაუწუმ ხან პირს ამათკენ იქმოდა, ხან ზურგს, ხან კიდევ გაბედულად და უშიშრად წინ გამოუფრინდებოდა შურდულივით პატიკოს, თითქო უნდა ბავშვს ხელიდამ გამოსტაცოს საყვარელი შვილიო, ხან შეფრინდებოდა ბუდის პირად და ფრთების ცემით და გამწარებულ ჭიკჭიკით ერთი ყოფა და ამბავი გაჰქონდა.
- ახლა, რად გინდა საწყალი ბღარტი? - ჰკითხა ბავშვს სოლომანმა. ბავშვმა პასუხი ვერ უთხრა და შეაჭყიტა ჭკვიანი თვალები, თითქო უნდაო პასუხი სოლომანისგანვე შეიტყოს.
- აგე ბღარტის დედა - დაანახვა სოლომანმა ჩიტი - რარიგად ჰნაღვლობს და იქნება სტირის კიდეც, შვილს რად მართმევთო, იმას უნდა ბღარტი ბუდეში ჰყვანდეს თავისთან.
- აბა ბუდე? - იკითხა ბავშვმა.
- აგე, - დაანახვა სოლომანმა ხეზე ბუდე.
- ამსვი.
სოლომანმა აიყვანა ხელში პატიკო და ბუდის სისწვრივ გააჩერა. ბავშვმა ჩასვა ბღარტი. სოლომანმა პატიკო ძირს დაუშვა თუ არა, უთხრა:
- აბა უყურე, დედა ეხლავ მოჰფრინდება დ რარიგად გაიხარებს!.. მართლა, ერთი წუთიც არ გასულა, დედა შემოსკუპდა ბუდეზე და, რა დაინახა თავისი შვილი მთელი და ცოცხალი, იმის სიხარულს ბოლო არა ჰქონდა. ტანზე ბუმბული დაულაგდა, დამშვიდდა, ხმაც დაუტკბა და ისეთს ჭიკჭიკს სიხარულისას მოჰყვა, თითქო ჰლოცავს თავის შვილის მხსნელსაო.
- მართლა, მართლა, უყურე, სხვა ძიავ! - წამოიძახა ღიმილით პატიკომ და გაიშვირა თითი ბუდისაკენ, საცა გახარებული დედა ბღარტისა სიხარულის ნიშნად ფრთას ფრთასა სცემდა და თავის მადლობის ლოცვას ჰგალობდა.
პატარა ბავშვმა თავი აღარ დაანება სოლომანს, ხელიხელს ჩაჰკიდა და თითქო დიდის ხნის ნაცნობები და დაშინაურებულნი არიან, ისე ერთად წამოვიდნენ. ბავშვის პატარა გულმა მაშინვე იგრძნო მეგობარი. მთელი დღე ბავშვი სოლომანს აღარ მოშორებია.
V
სოლომანს ცალკე ოთახი დაუცალეს. ყველაფერი, რაც საჭირო იყო, გაუმართეს. როცა ქვეშაგებს უგებდნენ, პატიკომ ძალიან მოინდომა, რომ ამისი პატარა საწოლიც სოლომანის ოთახში დაედგათ, მაგრამ დედამ არა ქმნა, შეაწუხებო. უფრო მგონი იმიტომ, რომ შვილი არ ემეტებოდა, შვილის მოშორება ემძიმებოდა.
ღამით, როცა ყველანი დალაგდნენ დასაძინებლად და სოლომანი მარტო დარჩა თავის ახალ ოთახში, ამოიღო უბის წიგნი და ჩასწერა: ”დღეს 15 მაისს 18... წლისას, ჩემი პირველი გაკვეთილი იყო. ღმერთო შენით!..
ბავშვი ძალიან მომეწონა. ძნელი დასაწყისი სწავლა-წრთვნისა ერთს დღეს მომიხერხდა: მე და ბავშვი დავმეგობრდით. ბეწვის ხიდი გავიარე”...
პოეზიის გვერდი • • • ![]() |