მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2136 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

* * *

 

მოსკოვში ვსწავლობდი და საცაა კურსი უნდა დამემთავრებინა

დედისერთა ვიყავი, დედაჩემი შეძლებული და ხელმომჭირნე, მაგრამ გულკეთილი და სტუმრის მოყვარული დედაკაცი იყო.

გატაცებით უყვარდა ჩვენი კოხტა სოფელი, ჩვენი პატარა სახლი, დიდი ვენახი, უზარმაზარი ტყე, ქათმები, ჭუკები, მურაბები, მწნილები, მეზობელ ქალების გათხოვება, ქართული თავაზიანობა, ზნეობის ქადაგება და თავის ერთადერთი შვილის  - ახალგაზრდა სტუდენტის განებივრება, ქება და წერილებით თავის მობეზრება.

იმის ერთადერთი იმედი და ცხოვრების მიზანი მე ვიყავი: თავს მევლებოდა, ჩემზე ლოცულობდა, მოკრძალებით  მახსენებდა და ყოველ ახირებულ სურვილსა და ბავშვურ ჟინსაც კი სიტყვის შეუბრუნებლივ მისრულებდა.

არც მე და არც დედაჩემს ერთმანეთის გარდა არავინ არ გვებადა. ჩვენი მამული რკინის გზის სადგურთან იწყებოდა და ზევით მთებში იკარგებოდა. პატარა, მაგრამ კოხტა, თოვლივით თეთრი და კაკლებში ჩაფლული სახლი ცალი მხრით მტკვარს გადაჰყურებდა, მეორე მხრით კი რკინის გზის მიყრუებულ სადგურს შესცქეროდა.

ჩვენს მეზობლად ბევრი შეძლებული თავად-აზნაური და მემამულე ცხოვრობდა, მაგრამ ყველაზე პატივცემული, განათლებული, მხიარული და სტუმრის მოყვარული მაინც დედაჩემი იყო.

ზაფხულსა და შემოდგომას სოფელში ატარებდა: ვენახს უვლიდა, ფრინველს აშენებდა, ღალებს ჰკრეფდა და აუარებელ მწნილსა და მურაბებს აკეთებდა, ზამთრის დამდეგს კი სურსათით იტვირთებოდა, ტფილისში მოდიოდა და იქიდან რუსეთში მურაბებს, ფულსა და უამრავ დარიგებას მიგზავნიდა.

იმ წელიწადს საზაფხულოდ მხოლოდ ივლისის დამდეგს ვეწვიე დედაჩემს. სანამ მე და დედაჩემი ერთმანეთს ვკოცნიდით, ახალგაზრდა მოახლემ ჩვენს სოფლელ გლეხებს სადგურიდან მოტანილი ჩემი ბარგი ჩამოართვა და ისე სწრაფად მიიმალა სახლში, რომ თვალი ძლივს მოვკარი.

მერმე მე და დედაჩემიც შევედით ოთახში, დავსხედით და დიდის ხნის უნახაობის შემდეგ დედა-შვილური ლაპარაკი გავაბით.

დედამ ბევრი ახალი ამბავი შემატყობინა: ხუციაანთ გლახა მომკვდარიყო, ტიტოს ჯვარი დაეწერა, გიორგის სახლი გაეყიდნა, ჩვენი ნიშა ხარი მოეპარათ, ლომა კამეჩს ფეხი მოეტეხა და ყველა ამ უბედურების დასაგვირგვინებლად, ჩვენს მოახლე მაშოს სკივრი გაეტენა დედაჩემის ძვირფასი ჩიხტიკოპი, სარტყელი, ქინძისთავი მოეპარა და მზითვად წაეღო.

- ახლა ახალი მოახლე მყავს, - დაამთავრა დედაჩემმა ახალ ამბების სია და დაიძახა: - ეკა! 

კარებში თვრამეტიოდე წლის ქალი გამოჩნდა.

- აი, ეკა, ეს არის შენი ბატონი, მეგობრულად უთხრა დედაჩემმა, - ყოველდღე რომ მოელოდი და წამდაუწუმ მეკითხებოდი, როდის მოვაო, აი მოვიდა კიდეცა, აბა შეხედე, როგორ მოგწონს?

ჩემს წინ მაღალი, ახლად შემწიფებული და ვეფხივით მოქნილი ქალი იდგა. თავზე კუპრივით შავი ხუჭუჭი თმა აფორიაქებული ტალღებივით ეყარა. იგი აპენტილი ბულული სწორსა და ოდნავ მაღალ შუბლს შავი ნისლივით დაჰყურებდა და პაწაწკინა ყურებს, ფუნჩულა მხარ-ბეჭსა და ამაყად მოღერებულ კისერს ნაზ ჩრდილსა სდებდა. 

ამ ჰაეროვანი შავი ქსელისგან მოქარგულ ჩარჩოდან პატარა, შავგვრემანი და ნამდვილი ქართული პირსახე გამოიყურებოდა. ყოველი მისი ასო, ყოველი კუნთი სწორედ შემოხაზული და უნაკლოდ იყო გამოქანდაკებული. 

კანი ოდნავ მზისგან არუჯული და მეტად სუფთა ჰქონდა. პატარა, წითელი და ოდნავ გახსნილი ტუჩები თეთრად ჩამწკრივებულ კბილებს ამაყად და თავმომწონედ დასცქეროდნენ. თავი ოდნავ უკან ჰქონდა გადაგდებული, სახის მეტყველება - ამაყი და კეთილშობილური.

შევხედე და თვალი ძლივსღა მოვაშორე. ის კი მშვიდად იდგა და შავი წარბების ჩრდილში შეფარებულ დიდრონ თვალებს ხან მე მესროდა და ხან დედაჩემს.

- მოგწონს თუ არა? - გაუმეორა დედაჩემმა.

ეკამ გაიღიმა, უფრო მეტად გამოიჩინა თეთრი კბილები, მერმე თავი დაღუნა და წვრილი ხმით წაიჩურჩულა:

- კი, ბატონო, მოსაწონი ვაჟია.

- მაშ, აბა ხილი მოუკრიფე და მოუტანე.

ეკამ ერთხელ კიდევ შემომხედა, გამიღიმა, ერთი წუთით დამაშტერდა, მერმე თავის გაქნევ-გამოქნევით შუბლზე ჩამოშლილი თმა უკანვე გადაიყარა და მიიმალა.

დედამ რაღაც მკითხა. პასუხი არ მივეცი. ჩემს წინ ისევ ეკა იდგა და მეც ხარბად შევსცქეროდი მის გაფანტულ თმას, ღრმა და ელვარე თვალებს, ამაყ და მოღერებულ ყელსა და ოდნავ გახსნილ ტუჩებს იმ ტუჩებს, რომელზედაც დიდმა ფრანგმა პოეტმა პოლ ვერლენმა სთქვა: ეს ტუჩები ჰგავს ახალსა და წითელ ჭრილობას, რომელზედაც ვნების ღელვა სთვლემსო.

იმავე დღეს მე და დედამ სოფელი ჩამოვიარეთ და ნათესავები და მეზობლები ვინახულეთ. ყველა სადილად გვეპატიჟებოდა, მაგრამ მე უარზე ვიდექი.

როცა დავბრუნდით, სახლს გარშემო მოვუარე, ოთახები დავათვალიერე და სამზარეულოშიც შევედი. ტანდახრილი ეკა ქვაბებთან ფათურობდა. წვრილი, მოშავო, ნაზი და ატლასივით მბზინავი მკლავები იღლიამდე ტიტველი ჰქონდა. მობრუნდა, გასწორდა, თავი გადიქნია, თმა გადაიყარა და გულუბრყვილო ღიმილით ჩამაცქერდა თვალებში. 

ცეცხლისგან პირსახე ალეწილი და გაწითლებული ჰქონდა. თვალები ნაკვერცხალივით უბრწყინავდა. მეც გავიღიმე და ეკას ოდნავ გახსნილ ტუჩებში ჩავაშტერდი. თვალი მომარიდა, მიბრუნდა და ჭურჭელი აახმაურა. 

სამზარეულოში დიდხანს დავრჩი. ჭერს, იატაკს, კედელს, ქვაბებსა და აბლაბუდას ვათვალიერებდი, ნამდვილად კი ჩუმ-ჩუმად ეკას ტიტველა მკლავებს, მოქნილ ტანსა და ლამაზ პირსახეს ვაშტერდებოდი.

ეკამ ქვაბიდან ქათამი ამოიღო და დაჭრა დაუპირა, მაგრამ მე არ დავანებე:

- არა გცოდნია, აქ მომეცი, და ქათამი და დანა გამოვტაცე. მე ქათამს ვჭრიდი, ის კი გვერდით მედგა, იღიმებოდა, ხელებში მიყურებდა და მორცხვად ქათმის დაჭრას მასწავლიდა, რადგან, თურმე ჩემზე უკეთ იცოდა. მე ქათამს განგებ ფრთა და კისერი ერთად მოვაჭერი. მან ზარივით გადიკისკისა, შემარცხვინა, ქათამი გამომტაცა და ჩემი დაწყებული საქმე თვითონ დაამთავრა.

სადილის შემდეგ დედაჩემი დასასვენებლად წავიდა. ეკამ საკერავი აიღო და იქვე აივნის წინ ჩრდილში დაჯდა. მეც წიგნი ავიღე და აივანზე გავედი. მაგრამ კითხვას ვერ ვახერხებდი, რადგან თვალი და გული არ მემორჩილებოდა. 

აივნიდან ეკას ირიბული ლაპარაკი გავუბი. მას ჯერ სცხვენოდა, წითლდებოდა, ენა ებმოდა და ხმა უკანკალებდა. მაგრამ ხუმრობით და გულწრფელობით მალე გავათამამე და ლაპარაკში ავიყოლე. ცოტა ხნის შემდეგ საკერავი გვერდზე გადასდო. მეც წიგნი იატაკზე ჩამივარდა და ერთი საათის შემდეგ ერთმანეთს შევეჩვიეთ, ჩვენი თავგადასავალი ვუამბეთ.

ეკაც დედისერთა ყოფილიყო. ის მისი და დედა ბათომში ცხოვრობდნენ. მერმე ტფილისში ჩამოვიდნენ და მრეცხაობა დაიწყეს. ექვსი თვის შემდეგ დედა მოუკვდა. ეკა მარტო დარჩა და ჯავრისგან კინაღამ დედას გადაჰყვა. მერე შემთხვევით დედაჩემს შეხვდა და მოახლედ გამოჰყვა.

ეს იყო და ეს, ამის მეტი იმის სიცოცხლეში შესამჩნევი არაფერი არ მომხდარიყო.

ეკა იმ დღიდანვე გულში ჩამივარდა.

იმ ღამეს საშინლად დავიტანჯე. დაღლილ-დაქანცული ვიყავი და ადრე დავწექი, მაგრამ მამლის ყივილამდე ვერ დავიძინე. ხან იქით გადავბრუნდი, ხან აქეთ გადმოვტრიალდი, ხან თვალები დავხუჭე და ფიქრის ძაფი დავწყვიტე, მაგრამ ძილი მაინც ვერ მივიკარე.

ეკა განუწყვეტლივ თვალწინ მიტრიალებდა თავის შავი თმით, მოელვარე თვალებით, მაღალი ყელით, ხავერდივით წმინდა პირისახით, მოქნილი ტანით და... ოდნავ გახსნილი წითელი ტუჩებით, რომელზედაც „ზანტად სთვლემდა ვნების ღელვა“. თავი ისევ უკან ჰქონდა გადაგდებული, დაბურული თვალებით მაცქერდებოდა, ამაყად მიღიმოდა და მტანჯავდა.

მე ცხადად ვგრძნობდი ეკას სუნთქვის სითბოს, მისი ტანის სიცხეს, ვგრძნობდი, რომ იმის ნაზი და ბუმბულივით ლბილი თმა ჩემს პირსახეზე თრთოდა, მიღუტუნებდა, მაჟრჟოლებდა, და მეც უარესად ვღელავდი, ვიტანჯებოდი, ხელებს ჰაერში ვაფათურებდი და ისევ ეკას, ისევ იმის სახრესავით მოქნილს, ნაზს, თბილსა და გამოქანდაკებულ ტანს ვეძებდი.

გიკვირთ, განა! მეც მიკვირდა. ლამაზების დედაქალაქს ტფილისში გავიზარდე და ჩრდილოეთის პალმირაშიც ათასობით ვნახე ქერა მზეთუნახავები, ისიც ჩემი ტოლები, და გონება არ დამიკარგავს, ახლა კი ვიღაც მრეცხავის ქალიშვილმა ერთ დღეში გადამრია. ვბრაზობდი, მაგრამ უარესი მემართებოდა.

დავითენთე, დავიღალე, ოფლში გავიწურე და მოშლილმა და მოშვებულმა რიჟრაჟზე ძლივს მივიძინე.

იმ დღიდან დაიწყო ჩემი განუწყვეტელი ტანჯვა. ეკას სახე აღარ მშორდებოდა და არც მე ვშორდებოდი ეკას. აჩრდილივით დავდევდი და სადაც კი შევხვდებოდი, დამშეულ თვალებით ვჭამდი. მაგრამ ვერ ვძღებოდი და მუდამ ისევ მშიერი ვიყავი.

ისიც ამყვა, ისე ამყვა, როგორც გამოუცდელი და გულუბრყვილო კნუტი, რომელსაც დიდებთან თამაში უხარიან, რომელიც ენდობა და მისდევს ყველას, ვინც მას გაუღიმებს, თავს გაუყადრებს და მასთან სათამაშოდ მოიცლის.

ამ ბავშვური თამაშის დროს ეკას ხშირად ვიკრავდი გულზე, ხშირად ვხვევდი ღონიერ მკლავებს და ორივენი ვბღლაძუნობდით, ვმხიარულობდით და ვხუმრობდით, გულში კი... მაგრამ ეკა ჩემს გულში თითქოს არ იხედებოდა.

მაგრამ ერთხელ ჩემი დაუდევრობის გამო, ეკამ ჩემს გულში ჩაიხედა ჩაიხედა და შეშინდა, თითქოს გონს მოვიდაო. ამ ხუმრობის დროს თავი ვეღარ შევიმაგრე, ეკას მაგრად მოვხვიე მკლავები, სული გავნაბე და პირსახიდან ღიმილი ჩამოვირეცხე. ეკამ აღვირაწყვეტილი მხეცი იგრძნო, ერთი წუთით ისიც გაინაბა და მოეშვა, მაგრამ უმალვე გონს მოვიდა: ხელიდან გამისხლტა, დამემალა და ერთი კვირის განმავლობაში ახლო აღარ მომეკარა. მერმე ხელახლად შემეჩვია.

რაღა სიტყვა გავაგრძელო: ეკა იყო ჩემი პირველი სიყვარული, ჩემი ჭაბუკობის პირველი გატაცება, ტანჯვა და უსაზღვრო ბედნიერება.

იმ ღამეს მე და დედაჩემი ვახშმად ბიძაჩემთან ვიყავით. დედა ადრე გამოვისტუმრე. დანარჩენი ქალებიც მალე წავიდ-წამოვიდნენ, მამაკაცებმა კი სუფრა ბაღში გადავიტანეთ, უზარმაზარ კაკლის ქვეშ გავშალეთ და გვიანობამდის ღვინის სმას გავყევით.

მე ცოტას ვსვამდი. ღვინო მომეკიდა, თუმცა არ დავმთვრალვარ. დანარჩენები ერთმანეთს შეეჯიბრნენ, დაითვრნენ, ჯერ წაიჩხუბნენ, მერე შერიგდნენ და როცა ქანცი გამოელიათ, იქვე მწვანეზე მიწვნენ და მიიძინეს... მე კი ჩემ გზას დავადექი და შინ დავბრუნდი.

შინ რომ ამოვედი, მამლებმა მეორედ იყივლეს. ტანთ გავიხადე, მაგრამ არ დავწექი, ფანჯარას მივუჯექი და გარეთ დავიწყე ცქერა.

ზაფხულის ჩუმი და თბილი ღამე იყო. სავსე და მოკაშკაშე მთვარე მთის წვერზე ასულიყო და ირგვლივ ყოველივე ვერცხლის ნამით დაეპკურებინა. ოდნავ ნესტიანი ჰაერი გაყრუებულიყო და დილის ნიავის მოლოდინში სთვლემდა.

მტკვარი დუდუნებდა, ჰფუსფუსებდა და თავის ნაპირებს, ბუჩქებს, ნამიან ბალახს, ჭალებსა და ბექობებს ისე ეჩურჩულებოდა, თითქო ქალ-ვაჟი ერთმანეთს სიყვარულს უცხადებენო. ისინიც გაუნძრევლად იდგნენ და სულგანაბულნი ყურს უგდებდნენ მტკვრის არაკს. სადგურზე მატარებლის ხანგრძლივი სტვენა გაისმა და სიჩუმე დაარღვია. სტვენა ჯერ მახლობელ ტყეში განმეორდა, მერმე ხეობას მიასკდა და ბოლოს შორეული მთების უკან გადაიკარგა.

სტვენას გუგუნი და რახრახი მოჰყვა. ეს რახრახი და გუგუნი თანდათან ხშირდებოდა და თანდათან ქვეით, მტკვრის დაყოლებაზე, იკარგებოდა. ბოლოს, ათიოდე წუთის შემდეგ, მხოლოდ ოდნავ გასაგები შრიალიღა მოისმოდა. მალე ისიც მისწყდა და ირგვლივ კვლავინდებური დუმილი და მყუდროება ჩამოწვა.

მთვარის შუქი მიიბნიდა, მიკრთა ხეობიდან წამოსულმა დილის სიომ ჯერ კაკლებს ჩამოუქროლა, ფოთლები ააფუსფუსა და გამოაღვიძა. მერმე სახლს შემოურბინა, ოთახში შემოსრიალდა, ირგვლივ შემოირბინა და ღია კარებიდან მეორე ოთახში გავარდა. ქვეით მტკვრის დაყოლებაზე, სადაც მატარებელი შთაინთქა, ცას მტრედისფერი ზოლი გადაევლო.

ტვინი გახურებული მქონდა, თავი მიბჟუოდა, საფეთქლებში ჩაქუჩებს მცემდნენ და ტანიც მიკანკალებდა. ნახევარი საათის განმავლობაში ათასჯერ დავაპირე ეკასთან გასვლა, მაგრამ ვერ ვბედავდი, ჩემი თავისა მეშინოდა, ვიღაცისა მცხვენოდა, რაღაცას მაგრად ვყავდი შებოჭილი და ადგილიდან დაძვრის ნებას არ მაძლევდა.

მერმე უფრო ნათლად და გარკვევით წარმომიდგა მთვარის შუქით განათებული ეკას საწოლი, ზედ მწოლარე ტიტველი ქალი, მისი მოდუნებული და ქვეით გადმოყრილი მკლავები, გაბურძგნული თმა და ოდნავ გახსნილი ტუჩები. უხილავ ძალას ხელიდან ქურდულად გავუსხლტი და ფეხაკრეფით გავსწიე ეკას ოთახისაკენ.

იმის კარებთან გავჩერდი და ყური მივუგდე. ყველგან სიჩუმე იდგა, რაზას ხელი წავავლე, კარი გამოვაღე, შევედი და შევდექი. თავში თითქო ზარებს მირეკავდნენ, საფეთქლებში სისხლს ფათქა-ფუთქი გაჰქონდა, ყელში ნერწყვი მომაწვა და სუნთქვა შემეკრა. ფეხებმა კანკალი დამიწყეს, პირსახეზე ალმური ამივიდა და თვალებში ისე მომაწვა სისხლი, რომ ერთ წუთს თვალთ დამაკლდა, წავტორტმანდი და კინაღამ წავიქეცი.

სულგანაბული მივედი საწოლთან და დავიხარე. რამდენიმე წუთის შემდეგ ეკა ჩემს მკლავებში ფართხალებდა. როგორ დავაშტერდი იმის წყნარ პირსახეს, რას ვფიქრობდი, რას ვაპირებდი და როგორ გამოიღვიძა - თითქმის აღარ მახსოვს. მხოლოდ ისღა მახსოვს, რომ ჯერ გაჩუმებას ვთხოვდი, მერე რაღაც ბოდვა დავიწყე და ხმის კანკალით არეულ-დარეულად ვემუდარებოდი, ვემუქრებოდი, ვაფრთხილებდი და ვარიგებდი.

მერმე ორივემ ნამდვილი ბრძოლა დავიწყეთ.

ვიბრძოდით მედგრად, ულმობელად, დაუნდობლად. გაბრაზებულნი და გამწარებულნი ვეფხის ბოკვრებივით ვკაპასობდით და ერთმანეთს აღარ ვინდობდით,

ორივენი ოფლში ვიყავით გაწურულნი, თმები აწეწილი გვქონდა და ძლივსღა ვსუნთქავდით. ეკას თანდათან ელეოდა ღონე და ძლივსღა მიწევდა წინააღმდეგობას. თვალები მილულა, მიიბნიდა და მიყუჩდა. ბრძოლა ერთი წუთით შევწყვიტეთ, თითქო ვისვენებდით.

მეგონა, გავიმარჯვე-მეთქი და ოდნავ ხელები მოვუშვი, მაგრამ ეკამ მოულოდნელად ელვისებური სისწრაფით ორივე ხელი მკრა, გვერდზე გადმომისროლა, თევზივით გამისხლტა და პერანგის ამარა აივანზე გავარდა. მეც დავედევნე. ეკამ თეთრ მოჩვენებასავით უკან დატოვა კიბე და კაკლების ჩრდილში შევარდა.

მეც თან გავყე. ჩემს წინაშე ათიოდე ნაბიჯზე თეთრი ლანღი საოცარი სისწრაფით მისრიალებდა. ძაღლი ყეფით დაგვედევნა და ეკას პერანგს მისწვდა, მაგრამ ფეხი წავკარი და კბილები გავაშვებინე, ეკამ ისარგებლა და კარგა მანძილი მოიგო. მე ვხედავდი თეთრ პერანგს, შიშველ ფეხებს, ვხედავდი ქალის გაბურძგნულ თმას, ტიტველა ხელებს და კისერს. მესმოდა მისი პერანგის შრიალი, ბალახების ფაჩუნი და მთელი ჩემის ძალ-ღონით მივისწრაფოდი იმ პერანგის, თმების, ხელებისა და ტანის დასაჭერად.

ხანმოკლე და გიჟური სირბილის შემდეგ წამოვეწიე და ხელები წინ გავიშვირე, მაგრამ თეთრმა პერანგმა ცხვირწინ გამიშრიალა, ისევ ხელიდან გამისხლტა, გვერდი ამიხვია და ვაზებში შეერია.

მეც მივყევი. ზვარში შრიალი და ლაწალუწი ავტეხეთ. ჩვენის ხელებითა და ფეხებით მომტვრეული ვაზის ნორჩი ყლორტები ხან აქეთ ცვიოდა და ხან იქით. თეთრი პერანგი ხან პირდაპირ გარბოდა, ხან მარჯვნივ უხვევდა, ხან მარცხნივ სხლტებოდა.

ერთ ალაგს გზა ვუყელე და ხელები დასაჭერად მივატანე, მაგრამ ეკას მაგიერ ვაზს წავაწყდი, ისევ გამოვუდექი და ხელმეორედ დავეწიე, მაგრამ ვაზებში ფეხები გამეხლართა და პირქვე დავეცი. იმავე წუთს ლაწა-ლუწი მომესმა. თეთრმა პერანგმა ღობეზე გადიელვა და მიიმალა.

მეც თან გადავყე. ეკა ახლად შემოსულ ყანაში შეერია და ისევ მირბოდა, საოცარი, შველური სისწრაფით მიჰქროდა. არ ვერიდებიდით არც ეკლებს, არც ხეებს, არც ორმოებს, დაბრკოლებას ვერც კი ვამჩნევდით. ლანდი კვლავ მიჰქროდა, მაგრამ მეც ჩრდილივით მივდევდი ფეხდაფეხ.

ერთ-ორჯერ ისევ წამოვეწიე, მაგრამ ის ყოველთვის მისხლტებოდა ხელიდან. ფოცხვერივით გვერდზე მიხტოდა. თმაგაშლილი მიაპობდა ყანას და მე ნაკვალევს მიტოვებდა.

ბოლოს შევატყვე, რომ დაიღალა, თავი უკან გადმოაგდო და ნაბიჯს დაუკლო. მე უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიფე და სირბილს მოვუმატე. მოიხედა და დაინახა, რომ დავეწიე და საცაა უნდა წავწდომოდი, ვეღარც ნაბიჯს მოუმატა და აღარც გვერდზე გადახტომა სცადა.

ერთი წუთის შემდეგ ყანიდან გავარდა, ბუჩქნარში შეერია, ერთ დიდ კუნელს მოეფარა და შესდგა. ის იყო უნდა წაქცეულიყო, რომ დროზე მივწვდი და ოფლში გაწურული, სულშეგუბებული და მთრთოლვარე ეკა გულზე მივისვენე. დაღლილი და მოშვებული ხელებზე გადმომესვენა და თავი მხარზე მომაყრდნო.

თრთოდა და სულს ძლივსღა იბრუნებდა. ორთავეს მძლავრად გვიცემდა გული, ორივენი ძლივსღა ვსუნთქავდით. ეკამ თვალები მილულა, მოდუნდა, ისვენებდა. მეც მუხლები მიკანკალებდა, თმა შუბლზე მიმკროდა, თავი გაბრუებული მქონდა, შიგ სისხლი ხმაურობდა. ორივენი ნამიან ბალახზე წავიქეცით ტორტმანით. ოდნავ შევისვენეთ. მერე ხელები მოვხვიე და შევედუღე.

ცოტა ხნის შემდეგ ეკამ ხმა ამოიღო: მეხვეწებოდა, ტიროდა, შებრალებას მთხოვდა და ჩემს მოსალბილებლად თვითონაც მკოცნიდა, მაგრამ მე აღარც მისი ხვეწნა მესმოდა, არც მუდარა და აღარც კვნესა.

იმ ჟამს მხეცი ვიყავი, მხეცობა ჩავიდინე.

იქ, მტკვრის პირას, კუნელის ძირში ეკამ თავის უმანკოება და ახალგაზრდობის ჩინი დამარხა.

ათიოდე წუთის შემდეგ, შერცხვენილი ეკა პირქვე იწვა ნამიან ბალახზე და ჩუმად ტიროდა. მთელი ტანი უკანკალებდა, ბალახ-ბულახით სავსე თმა უარესად აჰბურძგნოდა და არევ-დარეოდა. ნამისგან დასველებული პერანგი ზოგან გატალახებულიყო. ცოტა მოშორებით, კუნელის მეორე მხარეს, მე ვიდექი და გაშეშებული, შუბლშეჭმუხვნილი უაზროდ გავსცქეროდი გაღმა მხარეს. გულში ცეცხლი ჩამიქრა და მის მაგივრად ყინული და შხამი დამიგუბდა.

უკვე გათენდა. გაღმა ხეობიდან ცივმა ნიავმა დაჰბერა, ფოთლები ააშრიალა, ბალახი ააბიბინა, ყანას სავარცხელი გადაუსვა. აღმოსავლეთით ცას ვარდისფერი დაჰკრა. ეხლა მტკვარი შხუოდა და ეს შხუილი ხან სუსტდებოდა, ქვევით ჭალაში იკარგებოდა, ხან კიდევ ძლიერდებოდა და ისე ახლოვდებოდა, თითქო წყალი იქვე ბუჩქებს უკან მორბოდაო.

ნამისგან თავით-ფეხებამდე სველი ვიყავი. საცვალი ტანზე მეკვროდა. მრცხვენოდა, მეშინოდა, ეკას ვემალებოდი და თვალს ვარიდებდი. არ ვიცოდი - რა მომეფიქრა და როგორ მოვქცეულიყავი. მინდოდა სადმე მივმალულიყავი, გავპარულიყავი, იქაურობას სამუდამოდ მოვშორებოდი და წუთიერი გაგიჟება დამევიწყა, მაგრამ ვერაფერიც ვერ გამოვიგონე.

ჩემს ტვინსა და მეხსიერებას ძალას ვატანდი და მინდოდა მომეხერხებინა რამე, როგორმე ისე შევპარულიყავი შინ, რომ არავის არ გაეგო ჩემი შერცხვენა და არავის არ დაენახა ჩვენი სიტიტვლე. ვფიქრობდი, თავს ვიმტვრევდი, მაგრამ ფიქრის ძაფი დაწყვეტილ-დახლართული მქონდა, აზრის ნაწყვეტები ერთმანეთზე ვერ გადავაბი, თავი და ბოლო ვერ ვუპოვე და კვლავ გაბრუებული ვიდექი.

- წავიდეთ. - ძლივს წავიჩურჩულე და ყანას, ბილიკებს და გზას დავაშტერდი. არავინ არ მოსჩანდა.

- ადე, წავიდეთ... გავიმეორე, თან პირი მოვარიდე ეკას.

ქალი წამოდგა. მე მისკენ მივბრუნდი, მაგრამ პირსახეში ვეღარ შევხედე, თვალი ვერ გავუსწორე და თავი დავღუნე.

ორივენი მოვიკუნტეთ, დავპატარავდით, დავიკუზეთ და ფრთხილად შევედით ყანაში. ყანა მაღალი იყო, მაგრამ ჩვენთვის თითქო განგებ დადაბლდა და შეთხელდა.

ორივენი ვჩანდით, ჩქარის ნაბიჯით მივდიოდით, თითქმის მივრბოდით, როგორც ორი ბატი მიიჩქარის ხოლმე წყალზე, მაგრამ გზა ვეღარ დავლიეთ, რომელიც ჩვენთვის თითქო განგებ გაგრძელებულიყო. ქურდულად მოვიპარებოდით, თვალებს ვაცეცებდით და ყოველ ბუჩქსა და საგანს ვზვერავდით.

ეკა აღარ ტიროდა. პირსახე მოღუშული ჰქონდა, იმ ერთ საათში ისე გამხდარიყო და გაფითრებულიყო, თითქო ერთი თვის ნაავადმყოფარი იყოო. თვალები ჩაუღრმავდა და ისე იცქირებოდა, თითქოს ერთსა და იმავე დროს პირდაპირაც ჰხედავდა და მარჯვნივ-მარცხნივაც იცქირებოდა. 

ვენახში შემოვცოცდით და ვაზებში ფაჩაფუჩი ავტეხეთ. ჩვენი სახლი რომ დავინახე, უარესად შემეშინდა. ნაბიჯს გაუბედავად ვადგამდი. უკან გაბრუნება, გაქცევა და დამალვა მინდოდა, მაგრამ შიში დავძლიე და გზა დიდი სიფრთხილით განვაგრძე. ყოველ ყლორტსა და დიდ ბალახს ხელით ვიშორებდით გზიდან. გზას ასე ვიკაფავდით და მოვიპარებოდით.

ვენახიდან გავედით, ეზოს მივადექით და შევჩერდით. ეკას გადავხედე და შემეშინდა: ორ დიდს ვაზს ამოჰფარებოდა და ხელებჩამოწყვეტილი იდგა. გამხდარი და მობუზული ტუჩები უთრთოდა და მთელი ტანი უკანკალებდა. ხელები დაეკრუნჩხა, კისერი გაუწვრილდა და გაუგრძელდა. ჩემს წინ სულ უბრალო, საწყალი, მობუზული, უხმო და მორჩილი გომბიო იდგა.  შემეცოდა, მაგრამ ხმა არ გავეცი, ან კი რას ვეტყოდი?

- შენ აქ მოიცადე. ჯერ მე წავალ და მერმე შენ წამოდი, - ესღა ვუთხარი.

მივიხედ-მოვიხედე და მხდალი სირბილით გავწიე სახლისკენ. გზაში ხან ერთ ხეს ვეფარებოდი, ხან მეორეს. უკანასკნელ კაკლის ძირში გავჩერდი. შევისვენე, სული მოვითქვი და ეზო დავზვერე. გულზე რაღაც მაწვებოდა. პირში ნერწყვი გამიშრა, დამცხა, დავსუსტდი და ფეხზე ძლივსღა ვიდექი.

მერმე კაკალს მოვშორდი და... ტყვიანაკრავივით შევდექი: ჩემს პირდაპირ ფანჯარაში დედაჩემი იდგა და მიყურებდა. ეკაც წამომწეოდა და ჩემს უკან იმალებოდა.

თავი დავღუნე და ნელი ნაბიჯით წავედი კიბისკენ. ჩემს ოთახში შევედი, კარი ჩავიკეტე და პირქვე დავემხე ლოგინზე.

ცოტა ხნის შემდეგ ოთახებიდან რაღაც ლაპარაკი მომესმა. კარებთან მივედი და ყური დავუგდე. დედაჩემი ეკას რაღაცას ეუბნებოდა.

ლაპარაკი მალე შესწყვიტა და ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. მთელი ტანი მიბჟუოდა. ძვლები დამტვრეულივით მქონდა, ხახა გამიშრა და ძლივსღა ვსუნთქავდი. თავში თითქოს ტყვია ჩამისხესო, ხან აქეთ გადმომივარდებოდა და ხან იქით, იმასღა ვფიქრობდი, როგორღა დავენახო ან რა ვუთხრა მეთქი დედაჩემს?

ოციოდე წუთის შემდეგ, გარედან ჩვენი მოჯამაგირის ხმაურობა მომესმა. ხმაურობაზე მივხვდი, რომ ურემს აბამდნენ. ისევ წამოვდექი და ფანჯრიდან ფრთხილად გადავიხედე, ურემი შებმული იდგა. მოჯამაგირემ ურემზე ერთი პატარა ბოხჩა დააგდო, მერმე ფარდაგიც დააგო და ღერძს საპონი წაუსვა. რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაინც არ მჯეროდა და ჯერ კიდევ იმედი მქონდა, რომ მოლოდინი არ გამიმართლდებოდა.

მაგრამ შევცდი. ეზოში ეკა გამოჩნდა და ლასლასით მივიდა ურემთან. იმ სიცხეში თავზე შალი ჰქონდა წამოფარებული და პირსახეღა უჩანდა. ურემთან გაჩერდა. ჭალს ხელი მოავლო, მობრუნდა და დამინახა. მე უკანვე გადავხტი და დავიმალე, მერმე ისევ ცალის თვალით გავიხედე.

ეკა ურემში იჯდა, ჩემს ფანჯარას მოსჩერებოდა და რაღაცას ელოდებოდა. საწყლად, შესაბრალისად და გულსაკლავად გამოიყურებოდა. მოჯამაგირემ კამეჩებს სახრე გადაჰკრა. ურემი დაიძრა. ეკა ცოტა ხანს კიდევ იყურებოდა ჩემსკენ, შემდეგ ურემზე მიწვა და პირისახე ბოხჩაში ჩამალა.

უცებ გულზე რაღაცამ მიკბინა. მინდოდა გარეთ გავვარდნილიყავი, ურემს დავწეოდი და ეკასთვის მეთქვა რამე: ან პატიება მეთხოვნა, ან ნუგეში მეცა, ხარჯი გამეღო, დამერიგებინა ან რაიმე იმედი მიმეცა, მაგრამ გამბედაობა არ მეყო. დაღლილ-დაქანცული და მოწყვეტილი, საწოლამდე ძლივს მივედი, ზედ დავეცი და ჩემი დაკარგული პატიოსნება და შერცხვენილი ახალგაზრდობა ცრემლით გამოვიგლოვე.

დედაჩემმა თავმოყვარეობა შემიბრალა და ჩემი სამარცხვინო საქციელი ერთხელაც არ გამახსენა. მე მაინც ვიგრძენი, რომ მის თვალში ფასი დამაკლდა, მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, რომ ჩემი წონა ჩემს საკუთარ თვალშიც დაქვეითდა.

 

II

* * *

 

დრო ყველაფერს ანგრევს, სჭამს და მის ფერფლს დავიწყების ქარს ატანს. ჩემს გიჟმაჟურ ცხოვრებაში ეს ამბავი წაიშალა და გაითქვიფა, მაგრამ მისი ფესვები სადღაც გულის კუნჭულში მაინც დარჩა. ზოგჯერ მას ფერფლი აეყრებოდა და გული გაფუჭებული კბილივით ამტკივდებოდა. მაგონდებოდა ჩემი სულმდაბლობა და ლაჩრობა.

რატომ არ გამოვესარჩლე - ეკას, როცა მას დედაჩემი ისტუმრებდა? რატომ ხმა არ მივაწოდე? რატომ სანუგეშოდ ერთი სიტყვაც არ ვუთხარი? რატომ არ ჩამოვართვი უკანასკნელად ხელი? რატომ არ მოვძებნე შემდეგში მაინც?

მას აქეთ ხუთმეტი წელიწადი გავიდა. მრავალჯერ გამომიცდია. სიყვარულიც. გატაცებაც, წუთიერი თავდავიწყებაც. კარგად ვიცი მათი ძალაც და ფასიც, რა იყო ჩემს ცხოვრებაში ის გიჟური ღამე ვინ იყო ჩემს გულში ეკა? პირველი სიყვარულის პირველი და უკანასკნელი ღამე - მარადიული, დაუვიწყარი ღამე სამუდამო ნეტარებისა, გიჟური, მხეცური, პირუტყვული და ლაჩრული.

ბევრი ვეძებე ჩემი თავის გასამართლებელი საბუთი, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე. თავს იმითღა ვიმართლებდი და ვინუგეშებდი, რომ დედისერთა ვიყავი, განაზებული, განებივრებული, ფუფუნებაში და თავნებობაში გაზრდილი, მაგრამ აბა ეს რა საბუთია, რა საბაბია! ვინ გამამართლებს? ვინ შემინდობს?

არავინ. არც მოველი და არცა ვთხოულობ, ვინაიდან არც მე ვიმართლებ თავს.

- სწავლა რომ დავასრულე, ტფილისში დავბრუნდი და ექიმობა დავიწყე. ბედმა გამიღიმა და სახელი მალე მოვიხვეჭე. ერთ-ერთ საავადმყოფოში ვმუშაობდი. ათი წელიწადი გავიდა. კარგად დავბინავდი, ოჯახი გავიჩინე, შვილები მეზრდებოდა.

ერთხელ საავადმყოფოში მორიგედ ვიყავი. ავადმყოფებს ვსინჯავდი. ყველანი გავისტუმრე. ბიჭმა მითხრა, ერთი დედაკაციღა დარჩა პატარა ბავშვითო.

- დაუძახე!

თავჩაღუნული დავთარში ვწერდი კლიენტებს. ვინმე დედაკაცი შემოვიდა და ბავშვი შემოიყვანა.

- დაბრძანდით, - ვუთხარი გაზეპირებული სიტყვა, მერმე ავხედე და ორივეს თვალი გადავავლე.

ელდა მეცა: ჩემს წინაშე ეკა იდგა.

ჯერ ისევ თავი ჩავღუნე, თითქოს დამალვას ვაპირებდიო, მერმე წამოვიწიე და დავაცქერდი,

ასეთი დედაკაცი არც უწინ მენახა და არც მას შემდეგ შემხვედრია: მაღალი, საუცხოვოდ ჩასხმული, სუფთა, ამაყი, ხშირი და შავი აბრეშუმის ხუჭუჭა თმები მხრებზე და სრულ მკერდზე ღვედებივით ეყარა, აბრეშუმის ნაქსოვი კისერსა და ბეჭებზე კოხტად ჰქონდა გადაგდებული. ფაფუკ ხელებზე და ნათალ თითებზე ეტყობოდა, რომ პატრონმა იცოდა თავისი ფასი და თავისთავს ღირსეულადაც უვლიდა.

ეკას გვერდით ათიოდე წლის ვაჟი ედგა. მაშინვე ჩემი თავი ვიცანი: წაბლისფერი თმა, ცისფერი თვალები, თხელი, მოკლე ცხვირი, მრგვალი ნიკაპი და ჩემი ხალი მარცხენა წარბის ქვეშ.

ჩემი შვილი ყველაფერი ჩემი: თმა, შუბლი, თვალ-წარბი, ცხვირიც, ნიკაპიც და ხალიც. ჩემი ხალი მარცხენა თვალის ქვეშ!

- ეკა. ვერ მიცანი? - წავილუღლუღე ყალბი ღიმილით.

- კი, ბატონო... გიცანით, მარა... - გაჩუმდა, აილეწა და ბავშეს საყელო გაუსწორა. - უკაცრავად, ჩემო ბატონო... არ ვიცოდი, თორემ... - და გაბრუნდა.

- ეკა, მოითმინეთ... ნუ მიდიხართ. ეს ბავშვი... ეს ბავშვი რამდენი წლისაა?.. რა ჰქვიან?.. ეს მაინც მითხარით...

- არა, ბატონო, არა... ამას მამა ჰყავს... თავის მამა ჰყავს. შვიდი წლისა გახლავთ... მაგას ნუ იფიქრებთ.

ბავშვმა გაკვირვებით აჰხედა დედას, მივხვდი, რომ ეკა სიმართლეს მიმალავდა.

- მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო ჩემო... უკაცრავად... ეკა ბოდიშს იხდიდა და დარცხვენილი, უკან-უკან მიიწევდა.

- წამო, გოგიჯან, წამო.

ჩემი შვილი! ჩემი სახელი!

ეკამ კარები გააღო. ორივენი გავიდნენ...

- ეკა, მოიცა... ორიოდე სიტყვა, მხოლოდ ორი სიტყვა უნდა გითხრა.

კარებისაკენ გავექანე, მაგრამ... წინანდებურად თავი შევიმაგრე ადამიანობამ, განათლებული კაცის ზრდილობამ და წინანდელმა სილაჩრემ დამძლიეს.

იმ ღამეს თითქმის არ დამძინებია.

ეკა სამუდამოდ დამეკარგა. არც მიძებნია.

ცოლშვილი მყავს, მაგრამ... ვინ იცის, ვინ იყო ჩემი ნამდვილი საბედო?

ვინ იცის? ვინ მეტყვის? ვინ გამოიცნობს?

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ