მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 508 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ანა კალანდაძეს, ჩვენს სასიქადულო პოეტს, თავისი ლექსების „ფშაურ ციკლში" გამჟღავნებული აქვს თავისი უიმედო სიყვარული, რომელიც ზაფხულობით შუაფხოში ყოფნის დროს ეწვია, სიყვარული ვერ დამალა, თორემ „მისი სახელი" არ გაუმხელია.

მკრეხელობად არ ჩამეთვლება ალბათ, როცა აღარც ერთია ცოცხალი და აღარც მეორე. მე უნდა გავამჟღავნო დაფარული, რადგან უამისოდ არ იქნება, როცა მოგონება უნდა დავწერო, ჩემთვის ძვირფას მოსაგონარ ადამიანზე - ილო ფხოველზე.

ეს იყო, სოფელ შუაფხოს უფრო სწორად, კი შუაფხოს თემში შემავალი სოფლის, თხილიანას მკვიდრი. ილო ფხოველი საოცარი სილამაზის კაცი, გამორჩეული იმათ შორის, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, მთასა თუ ბარში, იყო ახოვანი, წარმოსადეგი ცისფერთვალება და თეთრფეროვანი სახის კაცი.

შუაფხო ქისტაურთა თემის სამკვიდროა. ისინი გადმოსულნი ყოფილან ხევსურეთის სოფელ ღულიდან. ფშავის თორმეტი თემიდან ერთ-ერთი. ეს თემი ცნობილი იყო სილამაზით (სხვა თემები, სხვა ნიშნით იყვნენ ცნობილნი). გოგოლაურები პოეტური ნიჭით, ჭიჩოველები სიბრიყვით და ასე შემდეგ.

ამ თემისები იყვნენ ილოს მამიდაშვილი, გოგი თურმანაული, ასევე წარმოსადეგი ლამაზი კაცია. ჭკუ-გონებით სავსე. 35 წელი მაღაროსკარის სკოლის დირექტორი, მაღაროსკარის თემის თავკაცი. გიორგი ლეონიძე მას ფშავის ხევისბერს ეძახდა. მესამე ასეთივე ლამაზი ვაჟკაცი იყო შუაფხოელი ხევისბერი ბიჭურ ბადრიშვილი.

ილო ფხოველი სოფელ თხილიანაში დაიბადა 1926 წლის ნოემბერში. ეს სოფელი შუაფხოდან 2 კმ-ით ქვემოთ არის დაშორებული ორწყლიდან, მესამე კილომეტრზეა შევლის ხელმარჯვნივ, ფერდობზე სამი მხრივ წიფლნარით შემოზღუდული. თითონ სოფელი სულ რამოდენიმე სახლი, ვაშლის და კაკლის ხეებშია ჩაფლული. ჩრდილის მხარეა და ამიტომ სიმწვანეა მოძალებული. ასეთი სოფლებიცა და მთებიც შორიდან ლურჯად გამოიყურებიან, იისფრად.

ილო და სხვა ბავშვები პირველი კლასიდანვე შუაფხოში დაიარებოდნენ სკოლაში აქ მასწავლებლობდნენ ალექსი ოჩიაური და მისი მეუღლე ნათელა ბალიაური. ოთხწლედი მათ შვიდწლედად გადააკეთეს და განთქმული იყვნენ, როგორც პედაგოგები. ისინი თავის ოთხ შვილთან ერთად სწავლისადმი სიყვარულითა და მაღალი ზნეობით, ზრდიდნენ უკანა ფშავის ახალგაზრდობას. ილოზე განსაკუთრებით დიდ მზრუნველობას იჩენდნენ. რაკი ის მათი შვილის გოგის განუყრელი მეგობარი გახდა.

მათი დამეგობრება კი შედეგი იყო ორივესგან წიგნისა და ცოდნის სიყვარულთან ერთად, სიგიჟემდე სიყვარული ნადირობისა და თევზაობისა. მათ ცალ-ცალკე უამბნიათ ჩემთვის ილოსაც და გოგისაც. ღამითაც კი ვერ ვშორდებოდით ერთმანეთს და ერთ ლოგინში გვეძინა ან შუაფხოში ან თხილიანშიო.

შვიდი კლასის შემდეგ სწავლა ბარისახოს სკოლა-ინტერნატში გაუგრძელებიათ, რომლის დამთავრების შემდეგ ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდა ილო საბჭოს თავმჯდომარედ მოუთხოვია ხალხს, უკანაფშავის საბჭოს თავმჯდომარედ, ამიტომ დაუსწრებლად გაუგრძელებია სწავლა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. ეს იქნებოდა 1943 წელს, გახურებული ომის დროს გერმანიასთან.

ამ დროს უკანაფშავში არ დაუტოვებიათ არცერთი ახალგაზრდა. პირწმინდად ყველა ომში გაუწვევიათ და იქიდან აღარც არავინ დაბრუნებულა. ქვეყანას კი ახალგაზრდა უნარიანი მომვლელები სჭირდებოდა, ხალხის იმედი, ხალხზე მზრუნველი.

ზუსტად იმ ზაფხულს, როცა ილოს უკანაფშავის თავკაცობა ჩააბარეს შუაფხოში, იახსრობაზე ასულა მუსიკალური ფოლკლორის ცნობილი შემკრები და შემსწავლელი გრიგოლ ჩხიკვაძე (ჩვენი დიდი მსახიობის რამაზ ჩხიკვაძის მამა) ის მოხიბლულა ილოს გარეგნობით, ქცევით, სიტყვა-პასუხით, განათლებით და შეუთავაზებია წამომყევი თბილისში თეატრალურ ინსტიტუტში ჩაგრიცხავ, კინოში გადაგიღებენ და დიდი კინომსახიობი გახდებიო. 

ილოს მოკრძალებით უპასუხია:

- ბატონო გრიგოლ, ჩემგან დიდი მსახიობი არ დადგება. პატარა კი აქაცა ვარო.

იქვე ბატონი გრიგოლი მოხიბლულა მეორე ასეთივე წარმოსადეგი ახალგაზრდა ხევისბრით. როცა ბეღლის კარზე ფერხისა დაიძახეს, თურმე ბიჭურს ისეთი ხმა ამოუშვია, ისეთი ლამაზი და ძლიერი, რომლის მსგავსიც როგორც ბატონ გრიგოლს უთქვამს, მანამდე არ მოუსმენია. ყოველგვარი დაძაბულობისა და ჭიფხვის გარეშე. ისე თავისუფლად და ლაღად იღებდა მაღალ ნოტებს. ეს ველურად ნაწრთობი კრიალა ხმა, რომელიც ზარივით რეკდა, თითქოს ოქროსფრად ავარაყებდა ბებერი ფშავლების ხარისებურ ბუნს.

ახლა იმისთვის უთხოვია ბატონ გრიგოლს თბილისში წაყოლა და ხმის ჩაწერა და დიდი მომღერალი გახდებიო. იმასაც უარი უთქვამს მოკრძალებით:

- მე ჩემი ხატ-სალოცავისა და ხალხის სამსახური დამაკისრა ღმერთმაო. იმჟამად ქისტაურთ თემში ეს სამი ადამიანი ყოფილა მთელი ფშავის თვალი: ილო ფხოველი, ბიჭურ ბაგრიშვილი და გოგი თურმანაული. რომლის მსგავსნიც იმის მერე არც თავად ქისტაურთ თემში და არც მთელ ფშავში დღემდე არ გამოჩენილა.

ასეთი კუდის გამოქნევა ჯიშ-ჯილაგისა ცნობილია ქართველი ხალხის, ამა თუ იმ თემსა და გვარში. რაზიკაშვილების გვარმა ეს კუდი მაგალითად ვაჟა-ფშაველას სახით გამოიქნია.

გამომცემლობა „ნაკადულში" რედაქტორად ჩემი მუშაობის დროს, გამომცემლობის მაშინდელი დირექტორი კონსტანტინე ლორთქიფანიძე, თათბირებზე ხშირად შესძახებდა ხოლმე: ჩიბურდანიძე არ გეგონოთ, ლორთქიფანიძე ვარო. ჩემ მეგობარს ცნობილ მთარგმნელს აკაკი ბრეგაძეს ვკითხე, ვინ არიან-მეთქი ქუთაისში ეს ჩიბურდანიძეებიო:

- ერთი აბუჩი საწყალობელი გვარიაო. მერე ხომ ნახა მარტო მთელმა საქართველომ კი არა, მთელმა მსოფლიომ, როგორ გამოაბრწყინა ეს გვარი მაია ჩიბურდანიძემ.

ბარისახოში ვსწავლობდი მაშინ, მგონი მე-9 კლასში ვიყავი, ჩემმა მამიდაშვილმა ვანო ჩორხაულმა და მისმა მეზობელმა ბიჭებმა მადურათ ნოშრევანმა და ხოხორათ ერეკლემ წამიყვანეს თავის სოფელ უძილაურთაში, ხშირად დავიარებოდი იქ მამიდასთან და კაკბებზე ვნადირობდით.

დიდი აღმართია ასავლელი უძილაურთისკენ, სოფლის საზამთრო საბოსლო მუხრიანში რომ ავედით, გავიხედოთ და ილო ფხოველი გამოჩნდა, ზურგზე თოფგადაკიდებული შუაფხოს მხრიდან. გვითხრა ტყე დავზვერე რკო ჩამოდის და დათვები თუ არიანო. სულ გავლილია დათვებისაგანო, ამ მუხიანში სჭამენ და დასაწოლად გაღმა დადენილან ჩრდილშიო. სიცხეში ამ მუხიანში არ დაწვებიანო, რკოს რო სჭამენ, ახურებსო, მოსუქებულები იქნებიანო. კარგია რომ შეგხვდით, მეც უძილაურთაში მაქ საქმე და მხიარულად ავივლითო.

მუხიან ტყეს რომ ავცდით, ილო შემობრუნდა და გაღმისკენ გაგვახედა, დაგვანახა ერთი კლდიან ბუწკნარიანი ადგილი, დათვები აი, იქა წვებიანო. გაგვახედა და დავინახეთ რომ ერთი დიდი შავი დათვი ნელ-ნელა ადიოდა. იმ კლდიანზე ყველამ ერთხმად შევძახეთ: - დათვი. ილომ: - აგე! - სწრაფად ჩამოჯდა ბილიკზე ფეხები გადაუშვა და ფეხთშუაში ღონივრად ჩაასო ზროიანი მონადირული ჯოხი სწრაფადვე შეუდგა სამიზნის დაყენებას, თან ხმამაღლა ფიქრობდა: ხუთასი მეტრი? ექვსასი?

- შვიდასი - ჩავძახე მე. რადგან ამასობაში უკვე მოვასწარი მანძილის ჩემებურად გაზომვა.

- შვიდასი? - კირაით მართალი იქნები ბალღო, შენზე ამბობენ ალღოიანი ბალღიაო. იყოს შვიდასი! - ილომ შვიდასიან დანაყოფზე დააყენა სამიზნე და მონადირული ჯოხის კაპზე გაუდო, მარჯვენა ხელის იდაყვი მუხლზე დაიბჯინა და თოფს მყარი საყრდენი მისცა. დათვი ამასობაში ადგილზე იყო გაჩერებული თავქვე, ჩამოხედავდა, ეტყობა რაღაცის ფაჩი-ფუჩმა დააფრთხო და ცდილობდა იმის გარკვევას რა იყო.

დაფრთხობა თუ არა, ამ დროს რკოთი გამძღარ დათვს დენგრიდან არაფერი ააყენებდა, ჩვენ გასუსულები გავცქეროდით დათვს და მე პირადად არ მეჯერებოდა, რომ ამ სიშორეზე მორტყმა შეიძლებოდა, მაგრამ ამ წამებში გამახსენდა ერთი ხევსურული თქმულება: ვიღაც ხევსურმა როგორ გამოსცადა შაშხანა, იმ დროისათვის მთელ ხევსურეთში უცხო თოფი. ხევსურს მეორე მთაზე დაუნახია კაცი, უსროლია და კაცი დაგორებულა, მოუკლია. როცა მოსამართლემ ჰკითხა თურმე: რატომ მოჰკალი კაციო? „თოფი გამოვცადე, არ მეგონა თუ იქ მოხვდებოდაო".

იჭექა ილოს თოფმა. წამი და დათვი დაგორდა. ბალღებმა ყიჟინა ავტეხეთ: სად მოარტყა ბიჭო! სად დაჰკრა! ილომ თოფს აკოცა და ჩვენ გასაგონად თქვა: - რა მართალი გამომადგა ეს დალოცვილი!

სადაც თვალი რამეს გავაბი, ტყვია ზედ არი. თანაც მეორე აღარა სჭირდება. მერე მე შემომხედა და - აბა ერთი მითხარ რანაირად შენებურად გაზომე მანძილი? - როგორა და აი ასე, - მარჯვენა მკლავი წინ გავჭიმე ცერი ავწიე - სამიზნეს ცერა თითზე დავსვამ და ორივე თვალს რიგრიგობით მოვჭუტავ. რა მანძილზეც გადაადგილდება სამიზნე, იმას ათზე ვამრავლებ.

- ვინ გასწავლა ეგ, საიდან იცი?

- ჩვენმა მათემატიკის მასწავლებელმა მასწავლა ალექსი ნამორაძემ, გვითხრა, ომში არტილერისტებთან მანძილის გამოსათვლელად ვიყავიო. ხილულ სამიზნეს კი აი ესეთი ხერხითაც ვზომავდითო და ზუსტი გამოდიოდაო.

- ყოჩაღ, გიგი, შენ მომაკვლევინე ეგ დათვი, წილი გეკუთვნის კი არა ყველას გეკუთვნით წილი, თქვენ ეხლა თანამონადირეები ხართ ჩემი, მაგ დათვის ხორცს გავანაწილებდით, ეხლა ხუთად მაგრამ შინ არავინ შეგატანინებთ, - იმათ მიმართა, - თქვენი მამა-პაპები ყველანი დასტურ ხევისბერები არიან, ამიტომ ასე ვიზამ: - მე დავბრუნდები ეხლა მაგ დათვს ჩამოვაგორებ ხალაში გამოვწალავ, ამაღამ იქვე დავტოვებ, დილაზე ჩვენი ხალხი რომ დადის დუშეთში ბაზარში იმათ გავატან, ბაზრის გამგე გიორგი ციგროშვილია. ის გაჰყიდის თავის ტყავხორციანად და ფულს ხუთად გავყოფ, ბარისახოში გამოგიგზავნით.

ილო რომ ძალიან კარგი კაცი იყო, კი ვიცოდით, მაგრამ მისი ნათქვამი მაინც მთლად არ დაგვეჯერა. მეორე შაბათ-კვირას ჩემი შუაფხოელი ნათლიის შვილმა ალექსი (წუპრაკა) ელიზბარაშვილმა, მოგვიტანა ოცდახუთ-ოცდახუთი მანეთი ბაზრის ხარჯის გარეშე, ასოცდაათი მანეთი დამდგარიყო, ტოლად გაენაწილებინა ილოს ხუთად და ზედმეტი ხუთი მანეთი ფეხის ქირად მიეცა ალექსისთვის სიხარულისაგან გადავირიეთ.

მეცხრე კლასელი ვიყავი და ჯიბეში მანეთი რა არის, მანეთი არა მდებიყო. მაშინდელი ოცდახუთი მანეთი დიდი ფული იყო ქათამი მანეთნახევარი ღირდა, შემეძლო ყიდვა და ვიყიდე კიდეც გადაცლილ მანქანის საბურავის ძირიანი და ტილოს საპირიანი ფეხსაცმელი, ორ მანეთად მოჰქონდათ. რამაც შემიცვალა ძირგამოგლეჯილი და ტყლაპჩაგებული ქალამნები. მუდმივად სველი ფეხები სიმშრალეში მქონდა. მარტო ეს ეყოფოდა ილოს დიდ მადლად.

ჩემ გულში ილოს მაგალითი ისე გაბრწყინდა მაშინ და ისე ბრწყინავდა მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ დღესაც, სიბერ-სიკვდილის ჟამს, ოდნავადაც არ მინავლულა.

სიკეთის ქმნა ილოს ცხოვრების წესი იყო, საბჭოს თავმჯდომარედა თუ კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ყოფნის დროს, მუდამ ცდილობდა ღარიბებისათვის გაეწია დახმარება, განსაკუთრებით ხელს უწყობდა და ეხმარებოდა ცნობილ მოკაფიავე, მოლექსეებს მუდმივ გაჭირვებულსა და ღატაკებს. ისინი მთელ ზაფხულს ხატობებსა და ქორწილ-ნათლობებში ატარებდნენ მოწინააღმდეგეებს ერკინებოდნენ და არ ახსოვდათ სათიბ-სამკალი. მათზე ყველაზე ზედგამოჭრილი იყო ფოთოლათ მერცხალას ნათქვამი:

„კარჩი მგელ ვერას შამიჭამს

შინ შამოტანილს ციცაო".

ერთი ასეთი განთქმული მოლექსე-მოკაფიავე, გოგოლაურთელი შეთე ხახონიშვილი სიბერის ჟამს მარტოდ რომ დარჩა, ილო ფხოველმა თავის შინ წამოიყვანა თხილიანაში და სიკვდილამდე ინახავდა, მოკვდა და ყოველგვარი წესისა და რიგის დაცვით დამარხა.

ილო, გოგი ოჩიაურთან მეგობრობას სიყვარულითვე აგრძელებდა. როგორც კი შუაფხოში ამოდიოდა, ამოვიდოდნენ მისი თბილისელი მეგობრები, ამოვიდოდა ანა კალანდაძე, სხვები სამი-ოთხი დღით, ანა კი თითქმის მთელ აგვისტოს, მთელ შვებულებას შუაფხოში ატარებდა თავის დაქალებთან თინა და დედიკა ოჩიაურებთან იქ იყო ხოლმე ილო ფხოველიც და იქ ვიყავი მეც.

მე უმთავრესად იმიტომ რომ შემეძლო ცხვრის დაკვლა, გატყავება, ხინკლის გულის მომზადება და კალმახის დაჭერა. მზის გადასვლის ხანს საღამოობით ოჩიაურთა ეზოში შემოკრებილი სტუმრების სული და გული. იყვნენ ილო ფხოველი და ჩემი მეორე დეიდა თეთრქალ ბალიაური. ილოს ეკითხებოდნენ და ისიც უამბობდა ფშაურ ადათ-წესებზე ლექს-კაფიაზე და ათას სხვა რამეზე, რაც ილომ ზედმიწევნით კარგად იცოდა.

ზოგჯერ კი ჩემი დეიდა თეთრქალი აიწყვეტდა და ფშავლებსა და ხევსურებზე ჰყვებოდა ისეთ სასაცილო ამბებს და ისეთი კომიზმით, ხმის ბაძვითა და მიმიკით, მოძრაობებით რომ ბევრის მნახველ ქალაქელებს სიცილისაგან, ლამის გულები მისდიოდათ. ანა კალანდაძე ყველასგან გამორჩეული იყო სიმშვიდით, სიწყნარით, არაფერს იმჩნევდა ილოს სიყვარულისას, იქ ეჭვადაც კი არავინ რამე იცოდა მისი ილოსადმი სიყვარულის შესახებ.

ეს მას შემდეგში მუზამ გაამჟაღვნებინა, ვერ დამალა სიყვარული. სახელი კი მაინც არ გაამჟღავნა. ილოს სამოციანი წლებიდან ფშავ-ხევსურეთში, ყველაზე დიდი სამსახური, მემატყლეობა დაავალეს. დაავალეს, როგორც ხალხის ერთგული შვილის, პატიოსან კაცს და მანაც გაამართლა ეს სახელი.

თუ მანამდე, ამ საქმეში ვიღაცა თაღლითები, უმთავრესად მოსული ადამიანები ხალხს ყვლეფავდნენ, ატყუებდნენ, დიდ ფულს იხვეჭდნენ, ილომ დაუჯერებელი პატიოსნება გამოამჟღავნა. სასწორზე როცა დააწყობდნენ მატყლის ბარდანებს, კანძებს, ნაპარსებს, აწონიდა და პატრონს დაუძახებდა: - „მოდი, შეხედეო", აჩვენებდა, მერე იქვე გადაშლილ დავთარში ჩაწერდა და ხელსაც მოაწერინებდა.

ეკითხებოდნენ და ერთხელ თავის სუფრასთან მეცა ვკითხე: - ასე სუფთად რომ მუშაობ, ფული საიდანღა გაქო. მეც არ ვიცი მატყლს რო ვაბარებ, იქ მაღლა რას აკეთებენ, როგორ აკეთებენ, არ ვიცი, არც ჩემი საქმეა, ეტყობა დიდი ფული კეთდება და იმათი ანგარიშით ცოტაოდენს მეც მიწილადებენ. ეს წილი კი ჩემთვის იმდენია ყელამდე მყოფნისო.

ქეიფი უყვარდა ილოს, მეგობრებისთვის, ხალხისთვის პატივისცემა, ფულს ყოველთვის თვითონ იხდიდა.

საოცრად კეთილშობილი და გულმოწყალე იყო ილო ფხოველი. ფშავში თუ სადმე ჭირი ან ლხინი ხდებოდა, ილო არ დააკლდებოდა. აუცილებლად მივიდოდა და თავის „ვალს" მოიხდიდა. განსაკუთრებით გულთან ახლო მიჰქონდა გაჭირვებულთა ჭირის ამბავი. უსათუოდ მივიდოდა და სიაში კი არ ჩააწერინებდა არამედ საკმაოდ დიდ თანხას ჭირისუფალს ჩაუტენიდა ჯიბეში.

 

* * * * * * *

 

ლურჯ თხილიანა რამდენადაც საამური არის ზაფხულში, იმდენად უსიამოვნო და სასტიკი არის ზამთარში. რაკი ჩრდილი ფერდობის ძირშია როგორც კი ზამთრის მზე სამხრეთით დაიხრება, სამი თვე თხილიანასა და თხილიანას მდებარეობით, მსგავს სოფლებში სამი თვე მზე არ ჩამოანათებს, - დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. მაგრამ ნოემბერიც ზამთრისა იცის და მარტიც, ნოემბერში დადებულ თოვლს მარტის ბოლომდე არ აიღებს, სამი თვე გულის ზამთარია.

ჭახჭახა ყინვაა ყველაფერი გაჭირხლულია, ხანდახან საქონელსაც კი არ უშვებენ გარეთ, წყალს ბოსელში ასმევენ. ხუთი თვე ღუმელი ან ბუხარი ჩაუქრობლად უნდა ენთოს, განსაკუთრებით იქ, სადაც მოხუცები, ან ბავშვები არიან. ასეთ ვითარებაში თხილიანაში ყოფნა გაუძნელდებოდათ ილოსა და მის მეუღლეს. ამიტომ გადაწყვიტა ბარში სადმე ჩამოსახლებულიყო, სადაც ზამთარიც მსუბუქია და შვილ-შვილიშვილებიც იოლად მოაკითხავდნენ.

ასეთ სოფლად ილომ ჩინთი შეარჩია, ფშავ-ხევსურეთიდან პირველივე სოფელი, სახლი სოფლის სათავეში ჩადგა ფშავ-ხევსურეთის გზის დასაწყისში. ზამთრობით იყვნენ აქ, ზაფხულობით კი ისევ ლურჯთხილიანაში ადიოდნენ.

2002 წელს ილოს მეუღლე გარდაეცვალა მარო კაკაბლიშვილი. ის თხილიანაში წაასვენეს და იქ დაკრძალეს იმ პირობით, რომ შემდეგში ილოსაც მის გვერდით მიუჩენდნენ სამუდამო ადგილს.

გასვენებაში, რა თქმა უნდა, მეც ვიყავი, ვამხნევებდი ილოს და ვპირდებოდი, რომ ხშირ-ხშირად მოვინახულებდი, მაგრამ 90-იანი წლების საქართველოს თავს დატეხილმა უბედურებამ ისეთი გაწამაწიები შემიქმნა, ილოსთვის ვეღარ მოვიცალე.

2004 წლის გაზაფხულზე მე და ჩემი შვილიშვილი ბაჭყია, კვლავ ფეხით ავედით კაწალხევში ხვნა-თესვისთვის, ეხლა მაისის ბოლოს სიმინდ-ლობიო-კარტოფილის გასათოხნად, მაისის ბოლოსთვის მარტოდ უნდა ავსულიყავი. ხანგრძლივად იმას უნივერსიტეტს ვეღარ გავაცდენინებდი. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო უკვე.

ჩინთის ბოგირთან მთელი დღე ველოდე გამვლელ მანქანას. არაფერი გამოჩნდა. ხალხი მგზავრობას ვერა ბედავდა. თავისი მანქანების წართმევისა და სიკვდილისა ეშინოდათ. ფეხითაც ვერ გავბედე წასვლა. მძიმე ზურგჩანთის გამო. ორი-სამი კვირის საგზალი მიმქონდა. შემომაღამდა და მეტი გზა არ იყო ილოსთან უნდა მივსულიყავი...

 

* * * * * * *

 

კარისკარა შევაღე და ეზოში შევედი. ილოს საფუტკრიდან ცარიელი სკა მოჰქონდა. ბრახუნზე გამოიხედა და რომ დამინახა შესძახა: - გიგი, შენა ხარ? - სკა დააგდო და წელგამართული ფართო ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, სიბერე ლომს მორევიაო – ილო ფხოველს ვერ მორეოდა. - აღარ მეგონა შენ თუ გნახავდი. ეს ერთი ხანია, სუ შენა გნატრულობ!

გამიკვირდა ილოსგან ასეთი შეხვედრა. ყოველთვის ზომიერი და ნორმალური იყო შეხვედრების დროსაც, სიხარულს და სიამოვნებას ღიმილით გამოხატავდა. გაიხუმრებდა, ხელს მაგრად ჩამოგართმევდა.

ვიფიქრე, მარტოობით იყო გაბეზრებული და გრძნობები ვეღარ მოთოკა. ზურგჩანთის ჩამოხსნაში მომეხმარა. - „ეს რა მძიმე საგზალი წამოგიღიაო" - დააყოლა. და შიგნით დერეფანში შეიტანა. მერე თითქოს ჩემ ნაფიქრალს მიხვდაო დამიძახა: - აბა აქ შემოდი, გაჩვენო, რატომ გამიხარდა ეგრე ძალიან შენი მოსვლაო. ხელმარჯვნივ თავის ოთახში შემიყვანა. საწოლის სათავითურთან სკამზე დაწყობილ წიგნებზე მიმითითა: - აი, ნახე შენი წიგნი, სად მიდევსო. დავხედე სამი წიგნი იდო. ერთი - ვაჟა-ფშაველას ერთტომეული, მეორე - ანა კალანდაძის ერთტომეული და მესამე - ჩემი - „ცხოვრება „ვაჟა-ფშაველასი".

გააგრძელა: - გიგი, ეს რა წიგნი დაგიწერია. შარშანს აქეთ, რაც ეს წიგნი მომივიდა, მარტო ამ წიგნსა ვკითხულობ. ერთი ათჯერ მაინც წავიკითხე. ვკითხულობ და არა მბეზრდება ხან, ხარხარი ამივარდება. ხან ხმითა ვტირი. ეს მარტო ვაჟა-ფშაველას ცხოვრება არ არი, ფშავის ცხოვრებაა, ჩემი ცხოვრებაა. ვაჟას თბილისში საავადმყოფოში მწოლს, თავისი აფხუშოსთავის სათიბი რო ენატრება, მეც ისე მენატრება ჩემი უბისთავის სათიბი და ჩემ თავსა ვტირი. აი, შეხედე ამ ჩემ ბიბლიოთეკას. ჩვენი მწერლებისა თუ უცხოელებისა, რამდენი მაქ წაკითხული, ბევრი ძალიანაც მამწონებია, მაგრამ გულზე არ მომხვედრია, ისე არცერთი, როგორც ეს შენი წიგნი მომხვდა.

ვიცი, ამ წიგნზე ზოგიერთი ეს ჩვენი ფშაველი გიჩხიკინებს - „ვაჟა გაახევსურეო". მაგრამ იცოდე, ეს მაიმუნობაა, შურია. მაშ ჩემზე რო იტყვიან ძირად ქისტაურია, ღულიდან არიანო. ეს გახევსურებაა? ფშაველი არა ვარ? მეორეც ჩვენ ერთნი არ ვიყავით ფშაველნიცა და ხევსურნიც. ფხოველნი არ ვიყავით? ოხ, რას გავქადაგდი. დანარჩენი სუფრასთან ვიუბნოთ.

ოჯახსაც და თავად ილოსაც უქალისხელობა დასტყობოდა. მითხრა აბა ეხლა მე რას გავამზადებ. ისევ დამბალ ხაჭოს, ხაჭოერბო უნდა გაჭამოო. ხო ვიცი შენ ძალიან გიყვარს და მეც ამას არაფერი მირჩევნიაო. ორი ხაჭოსკვერა შემოიტანა ობმოკიდებული. ჩაშავებული. გადათლა უნდოდა არ გადავათლევინე. ესეც მოეწონა ჩემგან ილოს. ბლომად ერბოში მოაშიშხინა უცებ. კიტრის მწნილი მოაყოლა, ორი დოქით ღვინო შემოიტანა და მითხრა: - „ორნაირი ღვინოა თეთრი და წითელი. რომელიც გინდა შენ ის აირჩიე. ეს თითო დოქი საკუთრად უნდა დავიდგათო". მე წითელი ავირჩიე, როგორც დაბალწნევიანმა.

ჩვენ ჩვენი დოქებიდან შევივსეთ ჭიქები. - აბა გიგი, შენ მოსვლასა და ჩემ დახვედრას გაუმარჯოს! „არ მოგვიშალოსო" ვეღარ ვიტყვი, რადგან „ისე ვარ კილოს მიმდგარი, როგორც მურყანი წყლის პირსა". ხვალე შეიძლება აღარ ვიყო. ძალიანაც კარგი იქნება.

ამ ყოფაში ეხლა მე რო ვარ, მეთაკილება კიდეც სიცოცხლე. წამლებს მიზიდავენ. წამალი სიბერესა და სიკვდილს რას უშველის. ღვინო და თაფლია ყველაფრის წამალი, თუ ესენი არა გშველენ მაშინ აღარაფერი გიშველის. აემ დროულა კაცი ვარ, აქამდე სხვა წამალი მე არ მიმიღია. და არც არაფერს მივიღებ. არ ვათქმევინებ არავის სიცოცხლეს ებღაუჭებაო. სიკვდილისა ეშინიაო... ეხლაც ამ დოქს ისე დავცლი, როგორც აქამდე ვცლიდი... შენ მოსვლას, ჩემ დახვედრას გაუმარჯოს!

კარგად შეეძლო ილოს სათქმელის ჩამოყალიბება. ამაში ხელს უწყობდა ნაკითხობა და ფშავ-ხევსურული პოეზიის კარგი ცოდნა. ამიტომ სადაც ის მოხვდებოდა ჭირის სუფრა იქნებოდა, თუ ლხინისა, თამადად ის უნდა ყოფილიყო. მარტო „ღობურ" სადღეგრძელოებს კი არ ჩამოარაკრაკებდა, ვითარების და მიხედვითაც შეეძლო ეთქვა ის რაც სათქმელი იყო. თავის შინ ნიადაგ თავად იყო თამადა. მეორე სადღეგრძელო ჩქარავე მოაყოლა, ეტყობოდა რო ეჩქარებოდა.

- ეხლა მე შენი წიგნი მინდა დავლოცო. ამის სათქმელად მენატრებოდა შენი ნახვა. შენ გენაცვალე, შენა, ბალღო, რა ძალამ დაგაწერინა ეს წიგნი. რა ძალამ ჩაგაგონა ბალღს ვაჟას თანამედროვეთაგან ჩაგეწერა მოგონებები. შენ მოასწარი აბა ეხლა ვინღა რას მოიპოვებს. ამის შემდეგ ვაჟას ცხოვრებისას ვერც ვეღარავინ რას დასწერს. ვაჟას შემოქმედებაზე ბევრი გამოკვლევაა დაწერილი. ბევრიც კიდევ დაიწერება, მაგრამ ვაჟას ცხოვრება მორჩა. ეს შენი წიგნი იქნება მანამ, სანამ იქნება ვაჟას ხსენება.

- ზუსტად ესა თქვა თემურ ჩალაბაშვილმა რადიოში - ჩავურთე მე.

- თემური იტყოდა ამას, რა ძალიან კარგი ბალღია. რა ნიჭიერი. როგორ მიყვარს მაგისი ლექსები. სანთელზე რო აქვს: „ბედნიერი ხარ, წვა შეგიძლიაო". მაგასთან ერთად რა ნიჭიერი ახალგაზრდები არიან: ვანო ამირხანაშვილი, უჩა შერაზადაშვილი, მამუკა წიკლაური, გივი შაჰნაზარი, ნოდარ ჯალაღონია, გივი ალხაზიშვილი, ბაღათერ არაბული, ჩვენი ბაღათერა, თედო ბექიშვილი, ლაშა გახარია და სხვები. რა ნიჭიერი

ბიჭები არიან ყველანი. ყველას კარგად ვიცნობ, ჯარჯის ამოჰყავდა ეგენი თხილიანაში და ჩემი სტუმრებიც იყვნენ. მეც საკლავს ვკლავდი... საღამოობით ტელევიზორთან შიშით ვერა ვჯდები - ძილი მიპარავს შუაღამეგადასულში გამეღვიძება, ტელევიზორი ერეკება, მე ტკბილადა მძინავს. ისევ წიგნების კითხვა მირჩევნია, ერთ-ორს წავიკითხავ და მერე ისევ შენი წიგნი უნდა ავიღო, ვიფიქრებ ცოტას წავიკითხავო და როგორ შემომათენდება ვერ ვიგებ. არ ვიცი უკვე რამდენჯერა მაქვს წაკითხული. ვკითხულობ და ხან ვხარხარებ, ხან ხმითა ვტირი. აი, ის ადგილები მატირებს, სადაც ვაჟას ყოფაში, ჩემ ყოფასა ვხედავ. უბის თავს უპატრონოდ დარჩენილს ჩემ საყვარელ და საამაყო სათიბებს.

ილოს თითქმის ზეპირად მოჰყავდა ადგილები ჩემი წიგნიდან, ჰყვებოდა იცინოდა და ხან კი თვალები ცრემლში უცურავდა. ვაჟას უბედურ ცხოვრებას ჩვენ უბედურებას ადარებდა, მერე ისევ ჭიქები შევავსეთ:

- გიგი, შენ შეიძლება გაგიკვირდეს და ანა კალანდაძე მინდა ვადღეგრძელო, ჩემი „ნაძრახი", ეს ისე სახუმროდ თორე ანას გულის ნადებისა, მე მაშინ არაფერი ვიცოდი. მინდა შენთან ამოვთქვა, ჩემი გულის ტკივილი. სხვასთან ამაზე არ მილაპარაკია, და არც ვილაპარაკებ.

ვიცი გულს გამაცინებენ, იტყვიან ტრაბახობსო. მე ეჭვადაც კი არ მიგრძვნია ანასაგან ჩემდამი რაიმე ინტერესი. როცა ანა გავიცანი ოჩიაურებისას უკვე დაოჯახებული ვიყავი, რანაირად შეიძლებოდა ანასთან რაიმე დამეწყო, რამე გამებედა.

მე მის გაცნობამდეც მისი ლექსები მხიბლავდა. როცა გავიცანი ამას დაემატა მისი სულიერი სილამაზე და კეთილშობილება. და განვიმსჭვალე მისდამი უდიდესი პატივისცემით, ბუნებით ძალზე მორიდებული იყო, ხათრიანი, ხმაამოუღებელი. საფიხვნოდ ჩამომსხდარი ოჩიაურ-ბალიაურები საღამო ხანს საქმისთვის რო აიშლებოდნენ, მე და ანა ვრჩებოდით და ვაგრძელებდით ჩვენ მუდმივ სასაუბროს.

მას აინტერესებდა ფშაური სიტყვები, მცენარეთა სახელები, ადგილის სახელები. როცა რომელიმე უცნობ სახელს ვახსენებდი, შესძახებდა ხოლმე „ო, ეს რა კარგი სახელიაო". და მერე იმას მეკითხებოდა, როგორი მცენარეაო, როგორი ყვავილი აქვსო, როგორი ფოთლებიო? ასეთი სახელი აქვს, აი, შენც ხო იცი: უკადრისა, სატყრობელა, სასუტელა, კაზარა, ფამფარა და კიდე ვინ მოსთვლის რამდენი რაღაც.

სხვებთან მდუმარე, ამას კი ვამჩნევდი, ჩემთან ალაპარაკდებოდა, გახალისდებოდა. რაიმე მინიშნება მოწონებაზე, რაიმე გადაკრული სიტყვა, არაფერი მომისმენია. შეიძლება იმიტომაც, რომ ხშირად ხმამაღლა გამოთქმული ჩემი მოსაზრება, „რო მომკლა ქალაქში არ ვიცხოვრებო, მთას არ მივატოვებო".

მისი ლექსები მოგვიანებით რომ გამოქვეყნდა, მივხვდი, ჩემი ბრიყვული ლაპარაკით, რა ტკივილს ვაყენებდი თურმე ანას. მას შემდეგ აღარ გამოჩენილა შუაფხოში და რომც გამოჩენილიყო, არ ვიცი როგორ შევხვდებოდი, ან მე რა უნდა მეთქვა მისთვის, ან ანას რა უნდა ეთქვა ჩემთვის.

რატომღაც მოთხოვნილება მაქვს ანას ლექსების კითხვისა, ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს თავად ანას ველაპარაკებოდე, ვებოდიშებოდე იმ გულისტკივილისათვის, რაც ჩემდაუნებურად მივაყენე... კაცო, ისიც კი არ ვიცი, ნეტა ცოცხალია, თუ აღარა. ნეტა ხო ცოცხალია, გავიგებდი ალბათ რო მომკვდარიყო.

- კი, ცოცხალია, წელს შეუსრულდება ოთხმოცი წელიო, გამოაცხადეს ეს წელი მისი საიუბილეო წელია.

- არ ვიცოდი, ჩემზე უფროსი ყოფილა ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს...

ილოს ნათქვამიდან მენიშნა ანას საოცარი სიყვარული დიალექტური სიტყვებისა და სახელებისადმი.

თბილისში, როგორც კი შემხვდებოდა ქალბატონი ანა, მაშინვე ფშაურ სიტყვებსა და მცენარეთა სახელებზე მეკითხებოდა, ფორმასა და შინაარსს მაზუსტებინებდა. შეხვედრის წინ თითქმის ყოველდღე და ხანდახან დღეში ორჯერაც ვხვდებოდით სამსახურისკენ მიმავალ-მომავალნი. მე სულხან-საბას ქუჩაზე ვცხოვრობდი და ვცხოვრობ დღესაც, ქალბატონი ანა კი ენათმეცნიერების ინსტიტუტში მუშაობდა იქვე, ინგოროყვას ქუჩაზე...

გვიანობამდე შევყევით მე და ილო საუბარს. მერე იქვე, დაბლა სართულში „საფშავლო" სასტუმრო ოთახში დამაძინა. ვთხოვე - „დილაზე მე ადრე გავიპარები, შენ ნუ ადგები, ნუ შეწუხდებიო". ბავშვობიდან დღის შუქი მაღვიძებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადრე გაღვიძებას ჩავიყოლებ გულში.

მაშინაც ისე, დილის სისხამზე გამეღვიძა, ფრთხილად წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე. კარიც ფრთხილად შემოიღო, „გაიღვიძე?" - შემომძახა ილომ. - აბა, მიიარ-მოიარე და მოდი. ჩაი უკვე მზათა მაქვს.

- კაი გითხარი, ნუ შესწუხდებიო, რატომ ადექი. ასე ადრიანად არაფერი მინდა.

- რას ამბობ, დღის სავალ გზაზე მიდიხარ, პურუჭმელს როგორ გაგიშვებ.

ილოს ბლომად თაფლი ჩაესხა ჯამში და ასევე ბლომად ერბო ჩაედო - ეგ უნდა შეჭამო, მუხლს მოგცემსო. იქვე, ორი ხაჭოსკვერა შეეხვია ქაღალდში - ცოტაღა დამრჩა, მაგრამ რომ არ გაგინაწილო არ შეიძლებაო. შენი სული არ მომასვენებსო.

ჭიშკარში რომ გამომაცილა, მითხრა: „რა ვიცი აბა, როდის გამოხვალ. მნახავ კიდევ ცოცხალსაო?"

გადამეხვია. მე დავაიმედე, აუცილებლად მალე სადმე გნახავ-მეთქი.

დილის 6 საათზე დავადექი გზას, ვიარე, ვიარე და თითქმის 4 საათი იყო, როცა ჩემი სახლის ფართო აივანზე ჩამოვიხსენი ათმაგად დამძიმებული ზურგჩანთა და ასევე ჩემ საძინებელ ფართე ტახტზე გავიშოტე, ძალზე დაღლილი და ძალზე გულდასვენებული.

 

* * * * * * *

 

ილო ფხოველს, როცა შევპირდი „მალე გნახავო", სადღაც სექტემბრის დასაწყისს ვგულისხმობდი. ვფიქრობდი, იმ დროს მაინც ჩამოვიდოდი თბილისში. მეც მაინტერესებდა მისი კიდევ ნახვა, რადგან უამრავ საინტერესო რამეს იხსენებდა. მაგრამ ჩემი მცდელობა ამაო გამოდგა. ისე წაეწყო საქმეები, რომ ბარად ჩამოსვლა კი არა, როგორც იტყვიან, თავის მოსაფხანად არ მეცალა. გაჭირვების გამო, ფუტკარი 30 ძირამდე მყავდა მომრავლებული და მათი მოვლა გათენებიდან დაღამებამდე შრომას მოითხოვდა.

ამასთან ერთად მოსავლის მოყვანასაც არანაკლები დრო სჭირდებოდა, ეზოების გათიბვას, თივის დამზადებას, თივას რაკი იაფად ვაძლევდი მეზობლებს, იტაცებდნენ და ზამთრისთვის საკმარის ერბოსა და ყველს მაძლევდნენ. მერე მოდიოდა მოსავლის აღება, ამას მოჰყვებოდა კაკლების ბერტყვა და ვაშლის კრეფა. ბოლოს ცოტა წანადირებაც უკვე გასუქებულ დათვებზე და გადავწყვიტე ილო ძველ საახალწლოდ მომენახულებინა.

აღარ დაგვცალდა. დეკემბრის შუა რიცხვებში უკვე თბილისში რომ ვიყავი ჩამობარგებული, ვიღაცამ დამირეკა: „ილო ფხოველი გარდაიცვალა, დასაფლავება ხუთშაბათს არის ჩინთშიო". მტყობიარემ უცებ დაჰკიდა ყურმილი. ანკი რაღა იყო სალაპარაკო. ილოს სიკვდილის გაგონება ისე არ იყო მოულოდნელი, როგორც ის, რომ ჩინთში ასაფლავებენო. ეს ამბავი სენცეცხლასავით მეცა. ჩემი თავის უკმაყოფილო ვიყავი, პირობა რომ ვერ შევუსრულე, ვეღარა ვნახე.

ხუთშაბათ დღეს დილიდანვე ავედი. ბევრი ხალხი მოსულიყო, ახალი მთავრობის მადლს უკვე გაეჭრა, შემალული ხალხი გამომძვრალიყო სამალავებიდან. ამოძრავებულიყო ქვეყანა. ილოს კი იმდენი ჰქონდა დათესილი, რომ ვალმოუხდელს არავის დასტოვებდა, არც მთაში და არც ბარში.

მე პირდაპირ ილოს შვილს - თამაზს დავეტაკე: „ჩინთში რატომ ასაფლავებთ-მეთქი?"

მართალი ხარ გიგი, მაგრამ დროებით ვასაფლავებთ. გზები ყოფილა ჩაკეტილი, დიდი თოვლია და დიდი ზვავებიო. გაზაფხულზე აუცილებლად გადავასვენებთო.

გაზაფხულზე, აღგომების ხანს თამაზმა დამირეკა:

- მამა უკვე გადავასვენეთ თხილიანაში, ქელეხს კი ხალარჯობას ვაპირებთო. მთიელები არა ყოფილან ზამთარში, ვერავინ ჩამოვიდნენ ბარად და იმ დროისთვის შენ კიდევ შეგატყობინებთო.

 

* * * * * * *

 

მთაში, და კერძოდ ფშავსა და ხევსურეთში ეგრეა, ზამთარში როცა ვინმე მოკვდება, როცა დიდთვოლობის გამო გზები ჩაკეტილია, ვერავის შეატყობინებენ და ვერც არავინ მოვა მიცვალებულს სამარხის გარეშე დაასაფლავებენ, სამარხს კი ზაფხულში გადაუხდიან. ეს ხდება ამაღლების ერთი კვირის შემდეგ სულთა მოფენობის, სულთა კრეფის დღეს, რომელსაც ფშავლები ხალარჯობას ეძახიან.

ამ დროს ბუნება უმაღლესად არის მომძლავრებული, ფოთოლ-ბალახისაგან არი ჩაბურული. მთები, ტყეები, ფერდობები ყვავილად ქცეულ მცენარეებისაგან რძე და თაფლი წვეთავს, სიცოცხლე უხარია ყოველგვარ არსებას და მათ შორის რაღა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ხარობს ადამიანი. და აი, ასეთ დღეს ძნელია დამწუხრება და სიკვდილზე ფიქრი. თითქოს განგებ არისო ჩაფიქრებული ამ სიცოცხლით ტკბობის, ჟამს მწარე სიკვდილის სევდა.

თხილიანას სასაფლაო სოფლის გვერდზეა, სოფლის კალთაზე. სანამ მე კაწალხევიდან ფეხით ავედი, უკვე მოგროვილიყო ხალხი უკანა ფშავიდანა, თუ ჩარგალ-მაღაროსკარის თემებიდან. გამიკვირდა, ისე ცოტა ხალხი იყო, ვიკითხე, რატომ არის მეთქი ცოტა ხალხი:

- სადღაა გიგი ხალხი - მიპასუხა იოსებ ციგროშვილმა, დაცარიელებულია მთელი ფშავიცა და ხევსურეთიც. ქალი თუ კაცი ზოგი ქალაქში გაიქცა, ზოგი საზღვარგარეთ, ლუკმა პურის საძებნელად. გამახსენდა საბჭოთა კავშირის დროს მოარული ანეკდოტი - ჰყვებოდნენ: „გურულს ჰკითხეს: „საზღვარი რო გახნან რას იზამო?" „ხეზე ავალო" - უპასუხა. „რატომ ხეზეო" „ხალხმა რო არ წამლეკოსო".

მესაზარლა გაუკაცრიელებულ წყალ-ჭალებისა და მთის ფერდობების ხილვა. მორიგი ჟამიანობა დასტეხოდა თავს ფშავ-ხევსურეთსა და მასთან ერთად მთლიან კავკასიას. ჩამიჩუმი არ ისმოდა არც ოჩიაურთა კარიდან. მესაზარლა დაცარიელებული სამოთხეს დამსგავსებული ქვეყნიდან გაქცეული ხალხის ყოფის წარმოდგენა.

ყველაზე გულსაკლავი კი მაინც ილო ფხოველის გარეშე გაჩენილი სიცარიელე იყო. გულსაკლავი იყო იმის წარმოდგენა, რომ ფშავის მშვენება მიწაში იწვა. გავცქეროდი არაგვის ჭალებსა და მეჩვენებოდა, რომ ის ფერი აღარ ედო მთებს, შუაფხოდანაც აღარ ისმოდა ჩამი-ჩუმი, ილოს გარეშე კიდევ უფრო მეტად დაცარიელებული მეჩვენებოდა ფშავი.

მითხრეს ოჩიაურ-ბალიაურნიც აღარავინ არიანო. თვალწინ მედგა შუაფხოდან გამომზირალი ანა კალანდაძის სევდიანი მზერა, ცრემლში აცურებული მისი თვალები. თითქოს ჩამესმოდა მისი წყნარი ჩურჩული, მისი ამაო ძახილი:

„გადმოდი გადმოაშუქე

ლურჯთხილიანას კალთები,

რა დაშავდება, არც რაი

გნახავ და გამიხარდები".

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ