მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 906 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სიბერე ერთ ბისტად არა ღირს. უშნო, ულაზათო, სრულებით არ უხდება სიცოცხლეს. აბა, დააკვირდით სიბერეს და, ვინც მოხუცი ბრძანდებით, - იგრძენით, სიბერე დარღვევაა, უარყოფაა სიცოცხლისა, ხოლო პირისფარეში სიკვდილისა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა გამოვა? აი რა: ბებერი რაც არის, აღარ ვარგა ცხოვრება-სიცოცხლისათვის; სიკვდილს კი სრულიად შაეფერება, შაეთანხმება, და როგორც ქართველები ვიტყვით, - ასლი საიმისოა.

რაში ვარგა ბებერი ხარი? ბებერი ცხენი? ბებერი ცხოველი თუ მცენარე, რაც უნდა იყოს? არაფერში: ჰკარ ბებერს თოფი და გადააბრუნე, როცა აღარ ვარგია ურემში, გუთანში თუ ეტლში შესაბმელად, ცხენი - ზედსაჯდომელად, - როცა ცხოველი აღარ ვარგია ამ მიზნისთვის, რისთვისაც ღმერთს გაუჩენია, უნდა მოისპოს, ბებერ ხეს? დაჰკარ ცული და მოსჭერი, დაურთე ცეცხლს და დაწვი.

ასეა წესი ბუნებისა და სხვანაირად მოქცევა რომ მოვიწადინოთ ძალიან გულით, ვერ მოვიქცევით: სიცოცხლის, ცხოვრების ლოგიკა არ გვაძლევს ამის ნებას. 

ბუნება დაუძლურებულს ყველაფერსა ჰკლავს და ხელში გვაჩეჩებს: ჩვენც როგორც გამოგვადგება, ისე გამოვიყენებთ, თუ არა და ვფლავთ მიწაში, ან გაგვაქვს სანაგვეზე. სიბერე განა მარტო ფიზიკური უძლურებაა? არა. იგი იმავე დროს ზნეობრივი დაბეჩავებაც არი.

ხალხს მშვენივრად აქვს დახასიათებული სიბერე:

"დავბერდი, დავჩაჩანაკდი,

წვერი შემექნა ჭაღარა,

შინ ჯალაფთ მოვძულებივარ,

გარედ უნდივარ აღარა.

როსტომ თქვა: სიბერკაცითა

სიტყვა სათქმელად გაჭირდა,

ჯაჭვი გავცვითე პერანგად,

ახლა აღებაც გაჭირდა.

ვაი ჩემს ამ დროით მოყრასა,

ჩემს ამის მოხილებასა:

ენას ჩამედვა ბორკილი

თვალთ მიშლის ახილებასა;

ვეღარც ვის სიტყვას შავუქცევ,

ვეღარც ვის შაგინებასა."

უკბილობა, ჭაღარა, მხედველობის სისუსტე, უძლურება მკლავებში, მუხლებში - ეს ისეთი ნიშნებია, რომ მოთმინებისკენ ჰხრის ძალა-უნებურად ადამიანის ხასიათს, იწვევს ძუნწობას.

ნდომათა და წადილთა რიცხვი ძალაუნებურად კლებულობს, რადგან ენერგია სულისა დაუძლურებულია, ფიზიკური ღონე ნაკლებია და თავის თავის იმედიც დაკარგულია, ყოველ მოქმედებაში შიში, სიფრთხილე გამოსჭვივის. სიარულიც კი აშინებს მოხუცს, არ წავიქცე და არ დავიმსხვრეო, ამიტომ ახალგაზრდათა და მოხუცებულთა ერთად ცხოვრება უხერხულია. ამათი ხასიათები ერთი მეორეს არ უდგება, აზრი აზრს არ ეთანხმება, გემოვნება - გემოვნებას.

სიბერე მხოლოდ სიბრალულს იწვევს, ერთგვარ პატივისცემას თავის სისუსტისა და უძლურების გამო.

ერთადერთი ღირსება სიბერისა გამოცდილებაა. მაგრამ უბედურებაც ის არი, რო სიკვდილი აღარ აცლის მოხუცს ისარგებლოს გამოცდილებით ცხოვრებაში. სიბერეს ერთი ნაკლი სჭირს: ერთხელ შემუშავებულს, თავში ჩაჭდეულს აზრს ვეღარ შეაცვლევინებ ვერა გზით.

ბებერი განა მარტო ცხოველები შეიძლება იყოს ბუნებაში? არა, ჩვენს ცხოვრებაში ბებერი აზრი, ბებერი ჩვეულება, ბებერი გრძნობა ძალიან ბევრია, ხოლო გარჩევა ერთსა და მეორეს შორის ისაა, რო ბებერი აზრები და ჩეულებანი დიდხანს, ძალიან დიდხანს სცოცხლობენ, თუ ადამიანმა ძალად არ მოუსპო მათ არსებობა: ამ მოსპობით, რა საკვირველია, უკეთესდება ცხოვრება, ადამიანს ბედნიერება ემატება. მაგრამ მაგარი ის არი, რომ ადამიანს ძალიან ეძნელება ამ ბებერი აზრების განდევნა, თავიდან მოშორება, რადგან ისინი უკვე ჩვეულებად ქცეულან.

ბებერ ჩვეულებად მარტო ღვინო-არაყის სმა და თამბაქოს წევა კი არ არი. ვინ იცის, რა დროიდან დღესნამდე ღიღინებს ქართველი კაცი ამ მისთვის უსაყვარლეს შაირსა:

კაცმა კაცი დაჰპატიჟოს,

დასვა და ანადიმოსა;

ყველა ტყუილად ჩაუვლის,

თუ კი არ ასმევს ღვინოსა-ო.

არა, სხვაც ბევრია ჩვენს ცხოვრებაში ფრიად მობერებული, წელში მოხრილი, დაჩაჩანაკებული ჩვეულება, რომ ისევ ვებღაუჭებით ორის ხელით და არ გვინდა ხელიდან გაუშვათ. ან რა დაშავდება ვითომ იმით, რომ სტუმარს ღვინო ან არაყი არ დავალევინოთ?! არაფერი, სრულიად არაფერი, პირიქით დიდი სიკეთეც არი, როგორც მასპინძლისა, ისე სტუმრისათვის; გარდა იმისა, ზედმეტ ხარჯსა და ტანჯვას ასცდება ორივე - გაიგებენ ერთი მეორის სიტყვას, შაეძლებათ დარბაისლური მსჯელობა, დალაგებული მასლაათი.

მთვრალი კაცი კი ნახევრად გიჟია; მაინც ეს სიგიჟე გვიყვარს, თუმცა იმავე დროს კიდეც გვეწუნება; სიმთვრალეს დაჩვეულს უყვარს მთვრალობა, უნდა მთვრალი იყოს. დღევანდელი ცხოვრება შაებრძოლა ამ მავნებელს, დაბერებულს ჩვეულებას და ჰსურს იგი განდევნოს თავის მიდამოდან. ვნახოთ ვინ დარჩება გამარჯვებული - ადამიანი თუ მის მიერ შექმნილი ჩეულებანი. რა კარგი იქნებოდა, მკითხველო, იგივე ცხოვრება შაჰბრძოლებოდა დანარჩენს, თმაზე უმრავლეს, ბებერ აზრებს, ბებერს დახავსებულ ჩვეულებებს. ვინ იცის როდის მოვესწრებით ამას.

ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა. ხომ იცით, არიან და იყვნენ მეცნიერნი იმ აზრისანი, ვითომც შეიძლებოდეს ერის სიბერე და სიკვდილიც კი, როგორც სიყრმე, სიჭაბუკე, დავაჟკაცება და სხვა.

ამტკიცებენ ისინი ამას იმის გამო, რადგან იგონებენ ყოფილ, არსებულ და აწ მოსპობილ ერებს. თუმცა ძნელია იმათ დაეთანხმოს კაცი, მაგრამ არა უშავს, ჩვენც თანახმა გაუხდეთ. ხოლო ერთი რამ უნდა შევნიშნოთ იმათ მოძღვრებას: შეიძლება ერთი დაბერდეს სხვადასხვა პირობების და მიზეზების გამო, და იგი მალე ისევ გაახალგაზრდავდება, თუ სხვა, მაცოცხლებელ პირობებში ჩააყენებ, რაც ცალკე პიროვნებას არ ძალუძს. ცალკე აღებული და დაბერებული ადამიანის ბოლო მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილია.

რის გამო შეიძლება დაბერდეს ერი, თუმც იგი მუდამ ახლდება - ახალგაზრდათა შემატებით? ერს დააბერებს მხოლოდ მონობა, ისეთი ცხოვრების პირობები, როცა მას საკუთარი ნების, ძალღონის გამოჩენის საშუალება მოესპობა. ხანა საჭირო არ არი, ეს შეიძლება ერის სიჭაბუკის დროს მოხდეს. ენერგია ერისა არ უნდა იყოს შებორკილ-შეჯაჭვული, უნდა მას ჰქონდეს სარბიელი. დიაღ, მონობა საშინელებაა, მომაკვდინებელია, როგორც სიბერე, და იგი იწვევს ერის სიბერეს, სხვაფრივ ერის სიბერე და სიკვდილი შეუძლებელია მანამდე, სანამ მზე ანათებს დღით და ღამით მთვარე.

ხომ იცით მონობაში არწივი ას წელს ვერ ცოცხლობს, ხოლო თუ თავისუფალია, ორასსაც გადააჭარბებს. არ გინახავთ ქათამზე ნადირობის დროს დატუსაღებული ქორი? დიახ, როცა უკვე თავისუფლებაში აღზდილ ქორს, თავისუფლებას ჩვეულს, ატუსაღებს ვინმე, იგი ერთ კვირასაც ვერა სძლებს მონობაში და კვდება. რამ მოკლაო რომ იკითხოთ, „გულმაო“ - გიპასუხებენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ