მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1718 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩემს ძმაკაცს ხო იცნობ - დომბერს, წინა კვირას ბიჭი ჩამოუვიდა ჯარიდან შვებულებით. 

პურ-მარილით წავედით ელიქარზე. 

ამან, ამ დომბურმა წამოიყვანა ერთი დიდი ჭედილა, კარგი ღვინო, კარგი პურ-მარილი - როგორც წესია, საერთოდ ეგ ხომ ყოველ წელიწადს მზვარას აყენებს საელიქროდ: ავიყვანთ, დავკლავთ, ვიქეიფებთ გემოზე და წამოვალთ.

ვაპირებთ ეხლაც ეგრე.

მე ვარ, ეს ჩვენი ცქმუნაა - ნოქარი, ვირაბრამა, თვითონ დომბურია და კიდევ, აბა, უიმათოდ რა იქნებოდა, დომბურის ბიჭია თავის ამხანაგებით.

წავედით ცქმუნას სამხიდიანი მანქანით.

ჯერ აბა, გოსტიბემდე რა გზებია და იმის იქით ხომ ხვლიკი უტორმუზოდ ვერ ივლის. ავედით ავჯაყჯაყდით დიდ წიფლებთან, იმის იქით, შენც ხომ იცი, გზა აღარ არი, იქით დიდი, წიფლიანი ტყე იწყება და სწორედ იმ ტყეში, გორაზე ელიქარის ნიშია მიყუჟული.

გადმოვედით მანქანიდან, გადმოვიტანეთ ყველაფერი. ჭედილა რომ გადმოგვყავდა, რქა გაჰკრა, კაცო, ნოქარს კიდევ კარგი, თვალი არ გამოსთხარა, სულ ერთი ბეწოთი აუცდა. წასკდა სისხლი.

ჰაი, წყალი.

ჰაი, თუთუნი!

ჰაი, პაპიროზის ფერფლი!

შევუწყვიტეთ, როგორც იყო...

"აბა, შვილოო, - დომბურმა, აიყვანეთ, აეს მარილი აჭამეთო, დაუნთეთ სანთლები, მოსჭერით თავი და ჩამოიტანეთო. მე ხო მიყურებ, რო დავბერდი, მუხლი აღარ მივარგაო“.

მართალიც იყო. ჩვენ იქ რაღა აგვიყვანდა, ჩვენი ღიპების პატრონებს...

დომბურის ბიჭმა და იმისმა ამხანაგებმა წააბეს ჭედილას რქებში თოკი, წაიღეს დანა, მარილი, სანთლები და წავიდნენ.. დომბური ქვემოდან მისძახოდა, - ნიშს სამჯერ შემოატარეთო, სამჯერაო!

დავიწყეთ სუფრის გაშლა: ამოვალაგეთ კარგი, დამტკიცული პურები, კარგი ყველი, მწვანილი, ცივად მოხარშული დედლები, ქადები, ნაზუქები. ერთი სიტყვითა და ორი პასუხით გაიშალა ხელმწიფის საკადრისი სუფრა!

დავანთეთ ცეცხლიც.

გავიხედოთ და მოდიან ეს გაგზავნილი ბიჭები ლაპარაკ-ლაპარაკით, თავმოჭრილი ცხვარი მოაქვთ - ორ კაცს უჭირავს აქეთ-იქიდან ფეხებით.

"რა ქენით, ბიჭოო, დომბურმა, - იყავითო?“

- „ვიყავითო“.

ცოტა მეც არ დამიჯდა ჭკუაში იმათი ეგრე მალე მობრუნება.

„დაუნთეთ სანთლებიო?“

„დავუნთეთო“.

„სამჯერ შემოატარეთო?“

„შემოვატარეთო“.

„გიშველათ ღმერთმაო!“ - გააძრო მასათი და დაიწყო დანის ლესვა...

ამასობაში, მე და ვირაბრამამ დავკიდეთ ცხვარი უკანა ფეხით წიფლის ტოტზე და დომბურმაც ხელდახელ ჩამოატყავა, გამოფაშვა, ჩამოკაფა და ჩაყარა ქვაბში.

სანამ ხორცი მოიხარშება, მივწექი იქვე, ცეცხლის შორიახლო, ბალახზე. იქით, ჩემს უკან ბიჭები ღლაბუცობენ, იცინიან რაღაცას, ფხუკუნებენ. მივუგდე ყური:

„მა რა ეგონაო, იქ ასვლით გავიგდებინებდი ჯიგარსაო!“ - ამბობს დომბურის ბიჭი.

მივუბრუნდი და ისე ვეკითხები, რომ დომბურმა არ გაიგონოს:

„რას ამბობ, ვერან, არ ახვედით მაღლა-მეთქი?!“

„მაღლა არაო! - იცინის, - აი, ექვე, ტყეშივე მოვათალეთ თავიო“.

მეც გამეცინა, გადმოვბრუნდი და გავხედე საწყალ დომბურს - ქვაბისთვის სახურავი აუხდია და ოხშივარავარდნილ ხორცს დიდი ჩამჩით ურევს, თან, ბოლმა რომ თვალები არ დასწვას,ზედ მეორე ხელის ზურგს იფარებს.

მოვიდა საიდანღაც მოსუნსულდა ერთი შავი, ყბათეთრი ძაღლი - გამხდარი, გამხდარი, რომ ლანდი გასდის. წამოუარა, და კინაღამ მთელი დედალი არ აგვტაცა სუფრიდან!

გაესროლა ვირაბრამამ კეტი და გააგდო, თან ჰკვირობს:

„ნეტა ვისია ეს ძაღლიო?!“

„აგე, გოსტიბელებისა იქნება-მეთქი“.

„არაო, იმათში ეგეთი ძაღლი არავისა ჰყავსო“.

ამასობაში ხორციც მოიხარშა. ამოიღო დომბურმა ორჯამიანებზე და შემოვუსხედით სუფრას. ამირჩიეს თამადად და, მართალი გითხრა, აღარც მე გავნაზებულვარ. ან რად უნდა გავნაზებულიყავ: კარგი ღვინო, კარგი პურ-მარილი, კარგი ხალხი. ამინდიც მშვენიერი, სწორედ რომ საჩვენო - ცაზე მაისის მზე ღუდღუდებს, თბილა.

ორ-ორი ჭიქა რომ ჩამოვატარეთ, მოვიდა ისევ ის წეღანდელი ძაღლი, ჩაწვა მოშორებით გვიმრებში და დაგვიწყო თვალთვალი.

„ცუგა, ცუგაო“, - დომბურის ბიჭმა და გადაუგდო ერთი გასვლეპილი ძვალი.

იმისმა ამხანაგმაც, შალიკოს ბიჭი როა, გუჯა, - იმანაც მეორე ძვალი გადაუგდო.

ძაღლი როგორც იწვა, ეგრევე ხოხვით წამოვიდა, დასტაცა პირი დომბურის ბიჭის გადაგდებულ ძვალს, წაიღო, შეიტანა გვიმრებში და დაუწყო ღრღნა. 

ხელში გალიპლიპებული ჭიქა მიჭირავს, ჩვენი წითელი ღობისას ვამბობ - დომბურის ბიჭის იქ დარჩენილ ამხანაგებს ვადღეგრძელებ, მაგრამ რატომღაც თვალი მაინც იმ შავი ძაღლისკენ გამირბის, თან ამ ჩვენი ბიჭების ჩურჩულ-ტუტუნი მესმის:

„მაიტა, ბიჯო, ცოტა ბენზინი ჩამოგვისხიო, - ცქმუნას ეუბნებიან, შენ კიდევ გუჯაო, აეგ ტელეგრეიკა აიღე და იქიდან წამოუარე, ტყის მხრიდანო“.

ვცქვიტე ყურები! 

ვხედავ: დაფეხვილი შალიკოს ბიჭმა აიღო ტელეგრეიკა და წაკუზული მიდის ტყისკენ.

„გრიშა-მეთქი, ვირაბრამას ვეუბნები, - ესენი ფინთათ არიან ასეულები, იცოდე, აქ არა მოახდინონ-რა, ღვთის კარზე ვართ მოსულები-მეთქი!“

წამოავლო ვირაბრამამ კეტს ხელი, წამოუხტა, გაიფრინა ის შავი ძაღლი და სულ დაკარგა იმ არემარედან.

წითელი ღობისა რომ ჩამოტარდა, ახლა ომში დაღუპულები ვახსენეთ -მოვიგონეთ დომბურისა და ნოქრის ძმები, ცქმუნას მამა - საწყალი იაკოფა, ბოლოს, ცალკე - ულვაშებიანი და გადავედით პირად სადღეგრძელოებზე. ვილოცებით, სულ თაფლი და შაქარი გადმოგვდის პირიდან...

ჩაცხრნენ, ჩაწყნარდნენ ესენიც, მაგრამ გავიხედოთ და კიდევ არ გამოჩნდა ის ვერანი ძაღლი! მოვიდა, იპოვა გვიმრებში თავისი ნაჯიჯგნი ძვალი, გაითრია, წაიღო, შეიტანა ტყეში, ჩაწვა და ახლა იქ დაუწყო ლოღნა.

იმის დანახვა იყო და ატეხეს ისევ ამათ - ცუგა, ცუგაო!

გუჯამ ტელეგრეიკას დასტაცა ხელი და ტყისკენ მიიპარება, დომბურის ბიჭი დაჭეჭყილ ვედროს მიარბენინებს მანქანისკენ, დანარჩენები კი ძაღლსეხლა უკვე ხორცის ნაჭრებს უყრიან.

წასძლია იმასაც, იმ საცოდავსაც სულმა, მიანება ძვალს თავი და გამოვიდა კუდის ქიცინით ტყიდან - დასუნსულებს, ბალახებში ხორცის ნაჭრებს დაეძებს.

ღმერთმა უშველოს, წამოხტა ისევ ვირაბრამა, გაიფრინა ისევ ძაღლი, ერთი-ორი ქვაც მიაყოლა ზურგში და ახლა ამ ბიჭებს ჩამოუარა ალალივით:

„რა იყოთ ბიჭო, რა ნახეთ, რა მოგივიდათ, ხალხი არა ხართ? გვაჭამეთ რა, პურიო!“

რაღას იზამდნენ, წამოვიდნენ სიცილით, კბილების კრეჭით, შემოუსხდნენ ისევ სუფრას და „ჩვენაო თქვენი გამხიარულება გვინდოდაო, თორემ რაც არ გინდათ, ღმერთმა ნუ მოგცეთო“, - დომბურის ბიჭმა.

მოდი ეხლა და ელაპარაკე ამისთანა მაიმუნს, მაგრამ მაინც არ მომითმინა გულმა - ავიღე, გავამსე ჭიქა და ვადღეგრძელე ჩვენი დიდი წინაპრები. გავიხსენე ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, ცოტნე დადიანი, თევდორე მღვდელი, გიორგი სააკაძე... - ეხლა იმდენი აღარ მაგონდება, იქ უფრო მეტი ჩამოვთვალე, - მოვიგონეი მათი გმირობა, ვაჟკაცობა, სამშობლოსათვის თავდადება. ენად გავიკრიფე. არ ვიცი, გინდა დაიჯერე, გინდა - არა, ისე ლამაზად ვლაპარაკობ, რომ მევე მომწონს ჩემი ნათქვამი სიტყვები.

ეს დომბური, ნოქარი და ვირაბრამა ხომ სახეგანათებულები მისმენენ, თავებს მიკანტურებენ, მხრებში იშლებიან და მამალი ინდაურებივით დაფხორილები დანარჩენებს ისე ათვალიერებენ, თითქოს იმ ჩვენი წინაპრების გმირობა სულ თვითონ ჩაედინოთ.

მივუბრუნდი ბოლოს მეც დომბურის ბიჭსა და იმის ამხანაგებს და ვეუბნები: 

- აი, შვილო, როგორი ხალხი ცხოვრობდა ჩვენს მიწა-წყალზე, რანაირი წინაპრები გვყავდა-მეთქი. თქვენც იმი-ტომა ხართ ეგეთი ლამაზები და ღონივრები, რომ იმათი სისხლი გიდგათ ძარღვებში, იმათი ჩამომავლები ხართ და რა მოგივიდათ, თქვე კაი ხალხო, რა საქმე გამოგელიათ, რომ იმ ერთ ქეციან ძაღლს ასდევნებიხართ და დასდევთ, აბა, იმან რა შეგიჭამათ, რა დაგილიათ-მეთქი.

შევატყე, რომ ჩემს სიტყვებზე ამ ბიჭებმა რაღაცნაირად დაირცხვინეს, თავები ჩაქინდრეს, ხელში შერჩენილ ღვინის ჭიქებს ჩააჩერდნენ, თვალს ვეღარ მისწორებენ და მეც, ცოტა არიყოს, შემეცოდნენ, კაცო. მაგრამ რაღას ვიზამ - სათქმელი ითქვა, გამგებმა გაიგო. მორჩა და გათავდა!

წამოვყარე გაციებული ხაშლამა ერთი ორჯამიანიდან მეორეში, გამოვასუფთავე, ჩავანთქივლე შიგ ღვინო, გავალიცლიცე და დომბურის ბიჭის, იმისი ჩამოსვლის და ჩვენი დახვედრისა დავლიე.

დავცალე და გადავედი დომბურთან. 

დაცალა იმანაც. 

დალია ვირაბრამამაც. მარტო ნოქარმა აირიდა და როცა ბიჭებზე მიდგა ჯერი, - არაო, მაგითი არა, ჭიქებით დავლევთო, და მეც აღარ დამიძალებია. გამიხარდა კი, აგე, გასჭრა თუ არა ჩემმა სიტყვამ-მეთქი! - გავიფიქრე.

გამომიკეთდა გუნება, გადავხვიე ხელი ამ ნოქარს, ხო იცი, როგორი სიმღერაც იცის, და შემოვძახეთ „გუშინ შვიდნი გურჯანელნი“, მერე „გაფრინდი, შავო მერცხალო“ და ჯერ ჩამთავრებული არა გვაქვს, რომ - „ცუგა, ცუგაო“, - შემომესმა...

თითქოს თავში კეტი დამკრესო, ჩამივარდა ენა. მივიხედ-მოვიხედე - ეს დომბურის ბიჭი და იმისი ამხანაგები სუფრაზე აღარა სხედან.. თურმე, ნუ იტყვი, მოსულა, მოშავჭირებულა ის ჩემი ცოდვით სავსე ძაღლი დასუნსულებს ტყის პირში, ძვლებსა და ხორცის ნაჭრებს დაეძებს, თან გარსშემოხვეულ ბიჭებს კუდის ქიცინით შესციცინებს თვალებში.

ისინი კი ხელებგაშლილები, წაკუზულები უახლოვდებიან, ალყაში აქცევენ და სადაც არის, დაიჭერენ კიდეც.

იქვე ახლოს ტუჩებზე ღიმილგაგლესილი დგას დომბურის ბიჭი, ცალ ხელში ბენზინით სავსე ვედრო უჭირავს, მეორეთი ასანთის კოლოფს აჩხაკუნებს...

ვირაბრამა წამოდგა, მაგრამ მაჯაში წავავლე ხელი და დავსვი. 

გაკვირვებით შემომხედა.

დავაღე პირი, მინდა ვუთხრა, რომ თავი გაანებოს, რაც უნდათ, ისა ჰქნან, ჩვენ მაინც ვეღარაფერს გავაგებინებთ ამათ, მაგრამ ხმა აღარ ამომდის ყელიდან, თევზივითღა ვალამუნებ ტუჩებს. წამოვიწიე, წამოვდექი და იქით აღარ გამიხედია, ისე შევბარგანავდი ტყეში.

ერთხანს მწვანედ ჩამობურული წიფლის ქვეშ ვიდექი, მერე წავედი. აღარ მახსოვს, რამდენ ხანს ვიარე. მივდიოდი, აღმართზე მივბორძიკობდი, ერთხელ, მგონი წავიქეცი კიდეც, მაგრამ წამოვდექი და გზა განვაგრძე.

მალე ტყე გათავდა, გათავდა ბუჩქნარიც და მაღლა, გორის თხემზე გამოჩნდა ელიქარის ნიში. ავუჩქარე ნაბიჯს, ავედი, მივუახლოვდი და გავჩერდი.

ვდგავარ ეგრე, დავცქერი სანთლის ნაღვენთით დახორხლილ გამურულ ქვებს, ნიშის სიღრმეში დაყრილ გამწვანებულ ხურდა ფულს, ჯამის ნატეხარს, ვგრძნობ, როგორ მაწვება ყელში რაღაც თბილი, ცომივით გაფუებული გორგალი და ვცდილობ, ისევ უკან ჩავიბრუნო, მაგრამ რაკი ვეღარ ვახერხებ, სულელივით გაღიმებულს თვალებიდან ცრემლები მცვივა...

ნაბიჯის ხმამ გამომაფხიზლა. თვალებში ცერა თითი ამოვისვი და მივიხედე. 

დომბურია...

მოვიდა, ჩაახველა, ნიში ჩუმად შეათვალიერა, მერე უბიდან ერთი ცალი შუაზე გადატეხილი სანთელი ამოიღო და ჯიბეები მოიჩხრიკა.

მე წავედი, ცოტა მოშორებით ქვაზე ჩამოვჯექი და იქიდან დავუწყე თვალთვალი.

ჯიბეებში რომ ვერაფერი იპოვა, დომბურმა მე გადმომხედა და -ასანთი არა გაქვსო? - მკითხა.

არა-მეთქი. პაპიროზს მე არ ვეწევი და ასანთი საიდან მექნებოდა.

იდგა ერთხანს ეგრე, მერე ის შუაზე გადატეხილი სანთელი ნიშში ფრთხილად შედო, წამოვიდა და გვერდით მომიჯდა.

„გრიშა სად არი, კოლა-მეთქი?“

„იქ არიო“, - და გავჩუმდით.

თბილა. მზე ზურგებს გვითბობს. მიწაზე ჭიანჭველები დაფუსფუსებენ, შორიდან ტოროლას წკრიალი ისმის...

„ჩემი ბრალიაო“, როგორც იყო ხმა ამოიღო დომბურმა.

„რა არი შენი ბრალი-მეთქი“.

„ყველაფერიო“, - და ისევ გავჩუმდით.

ვსხედვართ, ხმას არ ვიღებთ. ქვემოდან რამდენჯერმე მოგვესმა ძახილი, მაგრამ არ გავპასუხებივართ.

საღამომდე ეგრე ვისხედით.

მზე რომ დანახვისის სერს გადაეფარა, მაშინღა წამოვედით და უკვე კარგად იყო შეღამებული ქურდებივით უჩუმრად რომ შევედით სოფელში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ