მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1346 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მაისში სულ წვიმდა. ივნისის დასაწყისშიც. დღე არაფერი, მზე ჩახჩახებდა ხოლმე, საღამოობით დაუბერავდა ნიავი, მოიტანდა კუნაპეტ ღრუბელს, ქალაქს ჩამოაბნელებდა და დაიწყებოდა...

გოგიას ცუდ გუნებაზე აყენებდა ავდარი. წვიმა როდი ეჯავრებოდა, პირიქით, უყვარდა კიდეც, მაგრამ ახლა სოფლის ძველი სახლის დარდი ჰქონდა და ის უგუნებობაც იმისი იყო.

ზამთარში ათასი საქმე გამოუჩნდებოდა და სოფელში ჩასვლას ვერ ახერხებდა. არა, ზოგჯერ ჩადიოდა, როგორ არა, მაგრამ ჩადიოდა ბოღოჭებთან - დაჰკლავდნენ დიდ ღორს, გაჰფუფქავდნენ, გამოფაშვამდნენ და მწვადითა და არყებით რომ დაიწყებდნენ, ყაურმითა და ღვინით ამთავრებდნენ მეორე დღეს.

წამოსვლის წინღა ავიდოდა, აბარგანავდებოდა გადათოვლილ ბილიკზე, მიადგებოდა საკუთარი ეზოს მესერს, გადააწყობდა ზედ მკლავებს და უყურებდა ძველ სახლს - თოვლის სიმძიმისაგან სახურავდაზნექილს, გაპარტახებულ, დათოვლილ ბაღში საცოდავად ჩაყუჟულს. მთვრალს, ორი დღის გამოუფხიზლებელს ამოუჯდებოდა გული, მოუვიდოდა თვალზე ცრემლი და ტიროდა, თითქოს სახლთან კი არა, საფლავთან იდგა.

გაზაფხულზე, როცა ქალაქში მერცხლები მოფრინდებოდნენ და კოჯრის მხრიდან თბილი, ამოდ სურნელოვანი ნიავი დაუბერავდა, გოგიას რაღაც უცნაური ჭია შეუჯდებოდა ტანში, აჰქავდებოდა ხელები, დასჩემდებოდა უძილობა - სოფლისაკენ მიუწევდა გული. დღეს-ხვალეობაში გადიოდა დრო, სწორედ მაშინ გამოუტყვრებოდა ათასი უსაქმო საქმე, დარბოდა სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან - სტამბაში, სტამბიდან - აღმასკომში, აღმასკომიდან სტუდიაში.

გზადაგზა შეირბენდა რკინა-კავეულობის მაღაზიაში, ყიდულობდა ბარის პირს, ფოცხს, სასხლავ მაკრატელს და როდის, როდის მოაბამდა თავს: შეაწვევინებდა ცოლს ექვსიოდ კატლეტს, გაიხვევდა პერგამენტის ქაღალდში ერთ ნაჭერ ყველს, არაჟნის ქილაში ჩაგლესავდა ცოტა კარაქს, ჩაალაგებდა ამას ყველაფერს თავის ნაცრისფერ ჩანთაში და დილის მატარებელს გაჰყვებოდა.

წავიდა წელსაც, ოცდაშვიდ აპრილსღა მოახერხა წასვლა. ჯერ წვიმები არ დაწყებულიყო, ცხელოდა, სოფელში ხეხილი ყვაოდა. ბოღოჭებს რომ არ დაენახათ, ავტობუსი მოშორებით გააჩერებინა, წყაროს მხრიდან მოუარა და შინ ისე მივიდა. შორიდანვე დაინახა თავისი სახლი და ელდა ეცა - ძველი, დახავსებულკრამიტიანი სახურავი უფრო მეტად დაზნექილიყო, გვერდზე გადაფერდებულიყო, ეტყობა დიდი თოვლი ედო მთელ ზამთარს.

მივიდა, გააღო კარი, შევიდა და გული შეუქანდა - ჭერიდან თოვლის ნაჟურს ედინა, კედლებზე, ორ ადგილას გაჯი დასველებულიყო. წავიდა, ბაღში იპოვა ძველი, დაფუტუროებული კიბე, ავიდა სხვენში. დაბრეცილ კოჭებზე ფრთხილად დადიოდა, ფრთხილად ადგამდა ფეხს,-  სახურავს შიგნიდან ათვალიერებდა, მაგრამ გატეხილი კრამიტი - ვერსად იპოვა.

ჩამოვიდა ისევ უკან, ისაუზმა, მერე ვაზის გასხლა, გასხლა ვარდებიც და ხეხილიც. ამ საქმეს საღამომდე მოუნდა. საღამოს ჩამოიარა დიდმა ბოღოჭამ, გაუხარდათ ერთმანეთის დანახვა. იმ ღამით ორის ნახევრამდე სვამდნენ, სულ ბოლომდე სცლიდნენ ჭიქებს.

მეორე დილით ადრიანად დაიწყო ნაფუზრის ბარვა. ნამთვრალევს ხელები უკანკალებდა, თავიც სტკიოდა და სულ მალე ოფლში გაიღვარა, მაგრამ მაინც არ მოეშვა. ამოვიდნენ, ამოეშველნენ პატარა ბოღოჭა და იმისი დისშვილი გია, თექვსმეტი წლის ბიჭი. ყოჩაღად იმუშავეს - დაბარეს თითქმის მთელი ნაფუზარი, სულ ცოტაღა დარჩათ. საღამოს დიდმა ბოღოჭამ მოიყვანა ბატკანი: დაკლა, გაატყავა, ჩაკაფა ქვაბში, დააყარა ზემოდან ბლომად დაჭრილი ტარხუნა და მწვანე ხახვი, შედგა ცეცხლზე. ხორცი რომ მოიხარშა, შეაგემოვნა მარილითა და ტყემლით, მოაპკურა ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინოც და გამოვიდა შესანიშნავი ჩაკაფული. ახლა უკვე სამ საათამდე სვამდნენ...

მეორე დილით ადრე გაეღვიძა. ადგა, ნაბარავი გათოხნა, დათესა გოგრა, მზესუმზირა, სარის ლობიო, ქინძი და წიწმატი. ერთ მოზრდილ კვალში გადარგო ხენდროც. საქმეს მორჩა თუ არა, ქვემოდან მოესმა „გოგი, გოგიო!“ - პატარა ბოღოჭა ეძახდა. „მოვდივარო“, - ამანაც, ამოიბანა რუში ხელები, გამოიცვალა ტანისამოსი და ჩავიდა.

გუშინდელი ჩაკაფული გაეცხელებინათ, სუფრა გაეშალათ. დაიწყეს სმა ისევ გუშინდელ და გუშინწინდელ სადღეგრძელოებს ამბობდნენ. საღამომდე, თითქმის ექვს საათამდე სვამდნენ. ექვსსაათიან ავტობუსს წამოჰყვა და გზაში მთვრალი სულ იმას ფიქრობდა, ნეტავი სახლის კარი დავკეტე, თუ - არაო...

ორ მაისს დაიწყო წვიმები. ღამით წვიმდა, დღისით მზე გამოანათებდ ახოლმე. თავიდან უხაროდა - ჩემს დათესილებს მოუხდებაო, მერე და მერე დარდი გაუჩნდა - სახურავში ჩაატანსო და ეგრე დარდიანი დადიოდა სახლიდან სამსახურში, სამსახურიდან აფთიაქში, აფთიაქიდან - მუზეუმში, მუზეუმიდან - კომისარიატში.

საღამოობით, ბავშვები რომ დაიძისნებდნენ, გოგია და იმისი ცოლი აიდუღებდნენ ჩაის, დასხდებოდნენ სამზარეულოში და ზაფხულის გეგმებს აწყობდნენ: გოგიას, რა თქმა უნდა, სოფოლისკენ მიუწევდა გული, - ტელევიზორი წავიღოთო, - ამბობდა, - მაცივარიო, ძველი გაზის ქურაც ხომ გვაქვს სარდაფში, მშვენივრად ვიქნებითო, - მაგრამ გოგიას ცოლს, ქალაქელ ქალს, ერთხელ, ამ ხუთიოდ წლის წინათ უკვე ეწვნია იქაური ცხოვრების სიმძიმე და ახლა უარზე იდგა - მაშინაც წყლის ზიდვით ჩავიწყვიტე წელიო (წყარო მოშორებით ჰქონდათ სახლიდან), მეყოფა ეგ სიამოვნებაო.

შენ იმიტომ მიიკლავ სოფლისკენ თავს, რომ მთელი დღე ბოღოჭებთან ერდად ვართალალო იძახო, ხან აღმა იყო ხან დაღმა, ეს ბავშვები კი მე შემომახვიო თავზეო. „მაშ რა ვქნათ, ქალოო, იბოღმებოდა გოგია, - სულ გავანებოთ თავიო?“

„რად უნდა გავანებოთო, წყალი გამოიყვანე, საპირფარეშო გამართე, ეზოში ასფალტი დააგე, რომ ტალახში არ ვჭყოპოთ, შხაპი მოაწყვე და მაშინ კიდევ ჰოოვო“.

გოგია ჩუმდებოდა, სიგარეტს ეძალებოდა, იცოდა, მაინც არაფერი გამოუვიდოდა ცარიელი ლაპარაკით. მერე წვებოდნენ. ქალი დაუტკბებოდა, დაუტკბებოდა - სულ თაფლი და შაქარი წამოუვიდოდა პირიდან: „შარშან, ხომ გახსოვს, რა კარგად ვიყავით წყნეთში, ბაზარი, მაღაზია, ყველაფერი ახლოს გვქონდაო. თანაც, ნინიკო შემპირდა, წელს ზონის მაღაზიიდან გამოგატანინებთ ყველაფერსო. რა არის ხუთასი მანეთიო“.

„კარგი, ჰო კარგიო. - ბურდღუნებდა ტკბილ ბურუსში წასული გოგია, როგორც შენ გინდაო...“ და მოდიოდა ღამე, დიდი ღამე...

მაისის ოცში გამოიდარა, მაგრამ სულ ერთი კვირით. ერთი კვირის შემდეგ ისევ გაავდარდა. კილოგრამი ხენდრო ბაზარში შვიდი მანეთი ღირდა, ბალი - ხუთი მანეთი. გოგია ის დღეები სულ სტუდიაში იყო, დილიდან საღამომდე მიკშერთან იჯდა. საღამოობით დაღლილი, ერთიანად გამოფიტული ბრუნდებოდა შინ, გაზეთებსაც კი ვეღარ კითხულობდა.

ღამ-ღამობით წვიმდა, წვიმამ დაალბო ქალაქი. ტელევიზორში ყოველ საღამოს გადმოსცემდნენ „ექსპრესინფორმაციას“ იმის შესახებ, თუ სად რომელი სოფელი დამეწყრა, სად რამდენი სახლი დაანგრია ღვარცოფმა. დილით გამოვიდოდა მზე, ნაწვიმარ ასფალტს გააშრობდა ბუღს დააყენებდა, საღამოს ისევ გაავდრდებოდა.

და აი, ერთ ღამით გოგიას დაესიზმრა - ვითომ, მოდიოდა დიდი, შავი წყალი, შავად ჩაბოროტებულ ტალღებს მოაქანებდა და იმისი სოფლის ძველ სახლს საძირკველს აცლიდა, ქვეშ გასდიოდა. კედლები ქანაობდნენ, ძირს ცვიოდა დამბალი გაჯი და ცემენტი, სახურავი ჭრიალებდა, ქანაობდა.

გამოეღვიძა გაოფლილს, დაღლილს, გასავათებულს. შაბათი გათენებულიიყო. გარეთ აღარ წვიმდა. შეხედა საათს - რვას ხუთი წუთი აკლდა. მატარებელი ცხრაზე გადიოდა. ადგა, ჩაიცვა, გააღვიძა ცოლი და უთხრა, სოფელში მივდივარო. მერე ჩაალაგა ნაცრისფერ ჩანთაში ცოტა ყველი, მწვანილი, ორი ცალი კიტრი, ცოლს ხუთი მანეთი გამოართვა და გამოვიდა გარეთ. პურის მაღაზიაში იყიდა ერთი ოცდაათკაპიკიანი პური, ჩაჯდა N 2 ტროლეიბუსში და წავიდა სადგურზე.

მატარებლის გასვლამდე ოცი წუთით ადრე მივიდა. კიოსკში აიღო დილის გაზეთები, ბაქანზე ტკბილი კვერი იყიდა და იქვე შეჭამა, დააყოლა შადრევნის ცივი წყალი. ვაგონებში დასაჯდომი ადგილი არ იყო, ამიტომ დადგა ტამბურში, სიგარეტს მოუკიდა და გაზეთები გადაათვალიერა. გაზეთებშიც სტიქიური უბედურებების შესახებ იტყობინებოდნენ, მაგრამ რატომღაც დამშვიდდა, თითქოს წუხანდელი სიზმარიც დაავიწყდა.

ვაგონს ყოველ გაჩერებაზე ემატებოდა ხალხი. ავჭალაში ტამბურიც გაიჭედა, ფეხის დასადგომი ადგილიც აღარ დარჩა. ცხელოდა. ხალხი ყაყანებდა ბალღები ღნაოდნენ. შემოვიდა რევიზორი - მაღალი, წარმოსადეგი უნიფორმიანი კაცი, - უბილეთოებს ჯარიმა გადაახდევინა, საკვირველი იყო, იმდენ ხალხში როგორ იკვლევდა გზას.

ყველა გაზეთი ბოლომდე წაიკითხა და მივიდნენ კიდეც. ჩამოვიდა მატარებლიდან და გადაჯდა სხვა სოფლის ავტობუსზე, რადგან თავისი სოფლისა მხოლოდ ერთი საათის მერე იქნებოდ. აბედმა გაუღიმა და უკანა სკამზე, ფანჯარასთან ადგილი იშოვა. იჯდა და ჩუმად გაჰყურებდა მზის შუქით გაჩახჩახებულ ნაწვიმარ მინდვრებს, ბაღებს, ვენახებს.

ავტობუსის ბოლო გაჩერებიდან ორი კილომეტრი ფეხით ჰქონდა გასავლელი, თან სულ აღმართი. ჩანთა მხარიღლივ გადაიკიდა და დაადგა გზას. მიდიოდა და ნატრობდა: ნეტავ არაფერი წამომეწიოს, არავინ გამიჩეროს მანქანაო - სიამოვნებდა გრილი, ფშატის სურნელით გაჯერებული ჰაერი, ფეხით სიარული.

ორგორეებში მაინც წამოეწია მოტოციკლეტი. მძღოლი ნათესავი გამოდგა - ბებიის დის შვილიშვილი. შემოისვა უკან და სამ წუთში ბოღოჭების სახლს მიაყენა. ერთი კი გაუძალიანდა - „აქ ნუ, აქ ნუუო“, მაგრამ აივნიდან უკვე იცქირებოდნენ დიდი და პატარა ბოღოჭა - თვალებგაბრწყინებულნი, გაღიმებულნი ხელებმაღლაშემართულნი და - „ვინც მოვიდა, გაუმარჯოსო!“ - ყვიროდნენ. გამოეგება ძალუა, ისიც გახარებული, სახეგაცისკროვნებული. შეუძღვა ეზოში. ნოდარამ, გოგიას მომყვანმა, დაქოქა მოტოციკლეტი და გააფრინა სოფლის ორღობეში საშინელი ტრახტრახითა და ფრუტუნით.

ჩამოვიდნენ, ჩამოიზაყნენ ბოღოჭები ძირს, გადაკოცნეს, ზურგზე ხელები დაუტყაპუნეს, - „სადა ხარ, კაცო, ეგრე უნდაო?! - და მერე - აი, აქვე, ეზოშივე გავშალოთ სუფრაო!“ - დაიძახეს.

„მოიცათ, ხალხო, მოიცათო... - დაბნეული ღიმილით ამბობდა გოგია, მიმახედ-მომახედეთ ჯერო“, მაგრამ ბოღოჭები უკვე მოარბენინებდნენ მაგიდას, სკამებს, პურებს, ღვინის ჭიქებს.

ასეთი სითბოსაგან, ასეთი სიყვარულისაგან გოგიას სასიამოვნოდ სტკიოდა შიგნით რაღაცა.

ხელდახელ გაიშალა სუფრა. თამადობაცა და მერიქიფეობაც, როგორც ყოველთვის, დიდმა ბოღოჭამ ითავა. დალიეს გოგიას ჩამოსვლისა და თავიანთი დახვედრისა, ადღეგრძელეს მშობლები, შვილები, და-ძმები, წინაპრები, მერე ისინი, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ და ვინც ჩვენ გვიყვარს. ადღეგრძელეს მშვიდობაც.

დიდი ბოღოჭა დალევდა, დასცლიდა და გააგორებდა ჭიქას მაგიდაზე, დასცლიდნენ გოგია და პატარა ბოღოჭა და გააგორებდნენ ისინიც.

„ეგრეო, ეგრე, თქვენ გენაცვალეთო!“ - აქებდა იმათ დიდი ბოღოჭა.

მერე, საქართველოს სადღეგრძელოს შემდეგ, მოიყვანეს ძალით დიასახლისი, მისცეს ხელში ძველი, ნამზითვი გიტარა და ამღერეს „ციხევ, ტიალო, მაგარო“. დიდმა ბოღოჭამ ამ სიმღერაზე იტირა, იტირა პატარა ბოღოჭამაც და გოგიამაც იტირა. მერე დალიეს დიდი ბოღოჭას ომში დაკარგული ძმის - ილუშას სადღეგრძელო, გაიხსენეს გოგიასი და პატარა ბოღოჭას კარგი, ტკბილი მამიდა, ოცდაერთი წლისა ჭლექით რომ მოკვდა ათასცხრაასორმოცდახუთში.

დაითვრნენ.

დიდი ბოღოჭა ადგა, დაბარგანავდა და სკამის საზურგეს მოეჭიდა. პატარა ბოღოჭასა და გოგიას გაეცინათ - დათვერი, ძველოო?“

„ვინაო, ვინ დათვრაო!“ - და წავიდა, შებარგანავდა მარანში, გამოიტანა იქიდან ერთი შავფერა ჩაფი, ჩაასხა შიგ ღვინო, გამოავლო, გადააქცია, მერე გაავსო და - „ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოსო!“  დალია. დალია და გადავარდა უკან, ოღონდ ჩაფი ისე ჩაიხუტა გულში რომ არ გასტეხია.

ააყენეს, შეუდგნენ იღლიებში, აიყვანეს მაღლა და ისევე გაუხდელივე მიაწვინეს საწოლზე. იმისი დედაკაცი ვიშვიშებდა, ქმარს ქოქოლას აყრიდა, დაბერდა და ჭკუა ვერ ისწავლაო, მაგრამ მაინც ღიმილი ეპარებოდა თვალებიდან.

წამოვიდნენ პატარა ბოღოჭა და გოგია, ჩამოვიდნენ ისევ ქვემოთ, მივიდნენ სუფრასთან, დასხდნენ და გოგიას მაშინღა გაახსენდა წუხანდელი სიზმარი, აფორიაქდა, აწრიალდა: „მოდი, ჯიგარო, ნუღარ დავლევთო“, - შეეხვეწა პატარა ბოღოჭას, მაგრამ ის გაფითრებული, რაღაცნაირად გაღიმებული წავიდა, წატორტმანდა, აიღო ძირს გაგორებული, გატალახიანებული ჩაფი, მოიტანა, გაავსო - „ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოსო!“ - მიიყუდა, ნელა, სვენებ-სვენებით გამოცალა, დაახეთქა მაგიდაზე და - „უჰო!“ დაიძახა. მერე კარგა ხანს იჯდა და ქანაობდა სკამზე, სლოკინს უძალიანდებოდა. ბოლოს ისევ გაავსო. ჩაფი და გოგიას მიაწოდა.

„ბიჯო, კრიშაზე ვარ ასასვლელი, ნუ დამალევინებო“, - ისევ შეეხვეწა გოგია, მაგრამ იმას აღარაფერი ესმოდა, მარტო ამასღა იმეორებდა სლოკინით - „ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოსო“.

რაღას იზამდა?! აიღო გოგიამ ჩაფი „გაუმარჯოს ჩვენს სიყვარულს, სულ ეგრე გვყვარებოდეს ერთმანეთიო“, - და დაიწყო სმა... აღარ ჩასდიოდა ღვინო, ყელზე ადგებოდა, გულს აზიდებდა, მაგრამ მაინც დაცალა, დადგა და სუფრას გამოციებული თვალებით ჩააჩერდა,

„ჰა, რა იყოო? - ეკითხებოდა მოყოჩაღებული პატარა ბოღოჭა, - რა მოგივიდაო?“ - მაგრამ გოგიას პასუხის გაცემა არ უნდოდა. პირი რომ დაეღო, შერცხვებოდა სუფრაზე. ისევე, პირუჩუმრადვე ადგა და წავიდა ბილიკისკენ.

„თითოცა, თითოცაო!“ - ეძახდა პატარა ბოღოჭა, მაგრამ ყურს აღარ უგდებდა იმის ხვეწნას, მოლინჭყულ ბილიკზე მიბარგანაობდა, ძლივას მიჰქონდა ტალახაკრული, დამძიმებული ფეხსაცმელები და რომ არ წაქცეულიყო, ვაშლისა და ქლიავის გადმოზნექილ ტოტებს ებღაუჭებოდა.

ეგრე წვალებითა და ვაინაჩრობით ავიდა ბილიკის თავში, მივიდა თავისი ეზოს მესერთან, გადააწყო ზედ მკლავები და სახლს გაჰხედა. ვერა, ვეღარაფერს ხედავდა. სახლი იდგა, ბალახგადავლილ ბაღში იდგნენ ხეებიც, მაგრამ ყველაფერი სქელ ბურუსში გახვეულიყო და გამორჩევით არაფერი ჩანდა. უეცრად, გულისრევა იგრძნო, მესერს მოსცილდა, რომ არ წაქცეულიყო, ცალი ხელი კომშს შემოჰხვია და წინ წაიხარა. ნაფუზარი ნელა დაიძრა, აყირავდა, მაღლა აცურდა, კედელივით ვერტიკალურად დადგა და იქაურობა ჩამოაბნელა.

წინწავარდნილი, წონადაკარგული, კომშის პრიალა ქერქზე ლოყამიდებული თითქოს ამ ქვეყნისა აღარ იყო, თითქოს ეს ქვეყანაც გამქრალიყო და ფეხქვეშ საყრდენგამოცლილი ლოყითღა გრძნობდა ხმელეთის სიმყარეს. ახლა ეს კომში მაშველი რგოლის მაგივრობას უწევდა და ისიც თავგანწირვით ებღაუჭებოდა, ხელს არ უშვებდა, ზედმიხუტებული უსასოოდ ტივტივებდა შავბნელ სივრცეში და როცა ნაფუზარი ისევ შექანდა, ძირს დაეშვა, გასწორდა და იქაურობაც ისევ განათდა.

გოგიამ შვება იგრძნო - კვლავ ფეხზე იდგა, გონებაც თანდათანობით ეწმინდებოდა, მაგრამ ერთხანს მაინც ვერ ბედავდა მხსნელი კომშისთვის ხელის გაშვებას, მარტო ლოყა მოაცილა და ირგვლივ ფრთხილად მიმოიხედა: არავინ იყო, კაციშვილი არ ჭაჭანებდა.

კომშს გაეცალა, წავიდა, რუსთან ჩაცუცქდა და პირზე წყალი შეისხა. ყური მიუგდო ნაკადულის მხიარულ ლიკლიკს. გარკვევით ესმოდა მისი ყოველი ჭავლის ჩუხჩუხი, ციცქნა მორევების ბუტბუტი. თითქოს გარემომ ახლაღა ჩაიდგა სულიო, მოესმა კაკლის დაბურულ ფოთლებში შემალული შაშვის სტვენაც. ქვემოდან, საიდანღაც გუგული იძახდა. იქვე, წყლისპირა ბალახებში დიდი, მწვანე კალია ფეხებით ფრთებს ისწორებდა და თითქოს იმ ფრთების ჩუმი შრაშუნიც კი გაიგონა.

ნელა წამოდგა, სველი ხელები შარვლის ტოტებზე ჩაისვა, კუტიკარი შეაღო და ეზოში შევიდა. წეღანდელი ჯანღი გამქრალიყო, ახლა უკვე საოცრად მკაფიოდ ხედავდა ყოველივეს: ბალახებში გამკრთალ ცვარს, სათონის საჩიხზე გაბმულ აბლაბუდას, ჰაერში მობორიალე ქინქლების გუნდსა და სამყურას ფოთოლზე გაყუჩებულ, მზესმიფიცხებულ ჭიამაიას. ხედავდა გამხმარ-გაშავებულ, ტოტებდაფშეკილ ქლიავებსაც, კაკალს, წელამდე ბალახში ჩაკარგულ ვაზებსაც.

კანთიელად მოჩანდა სახლიც - იმისი დაზნექილი სახურავი, წვიმის წყლით ჩამოსველებული, დაბზარული კედლები. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, მოუკიდა და შუა ეზოში დაგდებულ მორზე ჩამოჯდა.

იჯდა, ეწეოდა და თან სახლს შესცქეროდა.

გაახსენდა, როგორ აშენებდნენ ამ ორმოცი წლის წინათ.. კედელზე მუშაობდა ჟიტი - დიდულვაშა, განიერი კაცი და ხარაჩოდან წამდაუწუმ უყვიროდა მუშებს: ჰა, მოვიდა კირი, მოვიდა ქვაო! მუშებად იყვნენ: მამა, მამის ბიძაშვილები, დედის ძმები, მაშინ სულ ჯეელი ბიჭები.

დიდი ბოღოჭა ახლოს არ ეკარებოდა იმათ, ნაწყენი იყო, რადგან ეს ადგილი თავისთვის უნდოდა საკარმიდამოვედ, მედიატორებს კი იმისი უფროსი ძმისთვის, ე. ი. გოგიას მამისთვის ერგუნებინათ.

სახლის კედლები დღითიდღე მაღლდებოდა, მაღლა იწევდა. ახლა უკვე ზემოდან იძახდა ჟიტი: მოვიდა ქვა! მოვიდა კირიო! მუშებს ეხმარებოდა გოგიაც, მაშინსულ ხუთი-ექვსი წლის ბალღი, ვედროში მოაგროვებდა ხურდა ქვასა და ჭოჭყს. მიიტანდა იმ ვედროს, ხარაჩოს ძირში მისდგამდა და ახლა მეორეს მიაჩეჩებდნენ - ესეც გაამსეო.

ორი-სამი დღით მუშაობას სწყვეტდნენ, რომ კირი შეკრულიყო, მერე ისევ განაგრძობდნენ შენებას. ასეთი შესვენებების დროს გოგია მაინც მიდიოდა ხოლმე სახლის სანახავად. დადგებოდა და სიამაყის გრძნობით ასცქეროდა ამაღლებულ კედლებს ნაქირავები ბინიდან მალე აქ გადმოვიდოდნენ საცხოვრებლად, მალე ექნებოდათ საკუთარი სახლი და ეს ძალიან ახარებდა.

ერთ დღეს ჩვეულებისამებრ მიდიოდა სახლის სანახავად, როცა შორიდან ვიღაცის გინება და ყვირილი შემოესმა. ნაბიჯს აუჩქარა, მივიდა და დაინახა, რომ დიდი ბოღოჭა ხარაჩოზე ასულიყო, ახლადაშენებულ კედელს ძალაყინით ანგრევდა და თან ხმამაღლა იგინებოდა. ზემოდან იმ გინების სიტყვებივით მძიმედ ცვიოდნენ დიდი ქვები და ძირს დაცემისას მიწას აზანზარებდნენ. გოგია თავზარდაცემული, ხელფეხგახევებული იდგა და ტირილსაც კი ვერ ახერხებდა. კიდევ კარგი, მოცვივდნენ მეზობლები ბოღოჭა ხარაჩოდან ჩამოათრიეს და შინ წაიყვანეს.

გოგია მთელი ცხოვრება ცდილობდა ამ უსიამოვნო ამბის დავიწყებას და ფაქტიურად დავიწყებულიც ჰქონდა. თუ კი ვინმე გაახსენებდა, უკმაყოფილოდ შეიჭმუხნიდა ხოლმე შუბლს და ამბობდა: მაშინ ახალგაზრდა იყო, უქროდა, ცხვირი პირიდან არ მოიჭრებაო. ახლაც თავი გაიქნია, თითქოს აბეზარი ბუზი მოიშორა, წამოდგა, ცემენტის კიბეზე ავიდა, კარი გააღო და ოთახში შევიდა.

უკანა კედელი სულ ერთიანად წვიმის წყლით იყო ჩამორეცხილი. გოგია გაშრა, მკლავები ჩამოუცვივდა. გამობრუნდა უკან, გავიდა გარეთ, სახლს შემოუარა, გადგა განზე და სახურავი შეათვალიერა. შორიდან ისეთი არაფერი ეტყობოდა, მარტო ერთი კრამიტი იყო დაცურებული. წავიდა, ღობესთან ბალახებში ჩამალული ხის ძველი, დაფუტუროებული კიბე იპოვა, წამოიღო, კედელზე მიაყუდა, ხელნებს დააწვა, შეაქანა, სიმაგრე გაუსინჯა. მერე ნელა, ფრთხილად ავიდა. სატერფულები ჭრიალებდნენ, მაგრამ მაინც უძლებდნენ იმის სიმძიმეს.

ავიდა სულ ზემოთ, ბოლო სატერფულზე დადგა, ხელებით კრამიტებს დაებჯინა, ტანი შეიმსუბუქა, მკლავებზე აიწია და მუხლით თუნუქის წყლის საწრეტ ღარს დაებჯინა. ღარი დაიწია, მაგრამ მოასწრო სახურავზე გადაბობღება. ერთი, ერთადერთი კრამიტი იყო გატეხილი.

გოგია სახურავზე გახოხდა, მერე გადაგორდა, ფეხებით საყრდენი იპოვა და წამოჯდა. აქედან ხელისგულივით მოჩანდა გაველურებული ბაღი. ზემოდან შეამჩნია რომ თუთასაც შეჰპარვოდა ხმობა, ჭანჭურები ხომ სულ დამხმარიყვნენ - გაფშეკილი, გაშავებული წვეროკინები ხელებივით აეშვირათ ზეცისკენ. ახლა სახურავი მოათვალიერა. „მოიცათ, ჯერ მოიცათ, - ამბობდა გუნებაში დაქადნებით, - ამ სახურავს სულ მოვხდი, ბეტონს დავასხამ, მაღლიდან თალარივით გადავხურავ, ზედ ვაზს ავიყვან. ჯერ დამაცადეთ“...

თვითონაც არ იცოდა, ვის ექადნებოდა.

წაიღო მარჯვენა ხელი, წაიღო, ძლივს მისწვდა იმ გატეხილ კრამიტს, დაეჯაჯგურა და ის იყო, ბუდიდან ამოაგდო, რომ, უეცრად, ტალახიანი ფეხსაცმელი გალიპულ სახურავზე გაუსხლტა და ქვემოთ დაცურდა. გულგადაქანებული ფრჩხილებით დაებღაუჭა კრამიტებს, მაგრამ ვერ დაიმაგრა თავი, წამოვიდა, წამოვიდა და ახლა წყლის საწრეტ ღარს გამოსდო ფრჩხილები - ისიც სველი იყო, ხელიდან გაუსხლტა... მიწაზე მძიმედ დაეცა და რაღაც უცხო, შემზარავი ხმა გამოსცა იმისმა სხეულმა.

„დამაცადეთ. ჯერ დამაცადეთ“ - გაიფიქრა, მაგრამ უმალ გონს მოეგო, შიგანში რაღაც ბლანტი, თბილი სითხე ეღვენთებოდა და ხელ-ფეხს უბუჟებდა, უეცრად მაღლა, ვარდისფრად განათებულ ბურუსში მამის გაღიმებული ლანდი დაინახა, იმას გვერდით ედგა ცხრა წლის წინათ გარდაცვლილი დედა, ისიც გაღიმებული, ხელებგამოწვდილი.

ვკვდები - გაიფიქრა გაკვირვებულმა ტუჩები შეცბუნებულმა ღიმილმა დაუგრიხა, მერე ერთი ღონივრად გაიძაგრა, გაიჭიმა, მარცხენა ფეხი გაასავსავა და გაყუჩდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ