მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 209 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- გცივა, ბებო?

- ჰა?

- გცივა-მეთქი?

- არა, არა.

- გინდა, ჩაის მოგიტან.

- რაო?

- ცხელ ჩაის მოგიტან, გინდა?

- არა მცივა, გოგო, არა!

- ხომ არ გშია?

- ჰა?

- ხომ არ გშია-მეთქი!

- რომელი საათია?

- ათი.

- რომელი?

- ათია უკვე, ათი!

- დილისა თუ საღამოსი?

- საღამოსი... ორ საათში ახალი წელი მოვა.

- რა მოვა?

- ახალი წელი, ა-ხა-ლი!

- ახალი წელი...

- გიხარია, ბებო, ახალი წელი?

- რაო?

- გიხარია-მეთქი?

- რა უნდა მიხაროდეს, გოგო?!

- ახალი წელი.

- ახალი წელი?!

- ხო, გიხარია?

- რა არის გასახარელი...

- როგორ თუ რა, ახალი წელი მოდის!

- მერე რა, მოდის და მოვიდეს.

- დედამ გოზინაყი გააკეთა!

- რა გააკეთა?

- გო-ზი-ნა-ყი!

- ფიჰ!

- რა იყო?

- რა იცის, გოგო, დედაშენმა გოზინაყის...

- როგორ არ იცის!

- დაეწვა?

- არა.

- აბა?

- ძალიან გემრიელი გამოუვიდა!

- გემრიელი არა, ის...

- ნუ იცი რა, ბებო, ეგრე!

- რა ნუ ვიცი, გოგო, რა! როდის აქეთია, დედაშენი გოზინაყს აკეთებდა საახალწლოდ?!

- რა ქნას აბა, შენ აღარ შეგიძლია და...

- რაო?

- შენ აღარ შეგიძლია-მეთქი!

- ჰო, მე აღარაფერი შემიძლია, მარტო თქვენ ხართ ამ ოჯახში ყველაფერი...

- ოო, კარგი რა, ბებო!

- ბიჭი რას აკეთებს?

- ტელევიზორს უყურებს.

- ენაცვალოს ბებო... მამაშენი?

- ისიც.

- ჰა?

- ისიც ტელევიზორს უყურებს!

- თიკა, თიკა!

- რა გინდა, დე!

- მოდი აქ!

- ხო, რა გინდა...

- მომეხმარე, გოგო, ხო ხედავ, გავწყდი წელში!

- მითხარი, რა გავაკეთო, არაფერს მავალებ და...

- გავალებ, თორემ... სუფრა გადააფარე მაგიდას, თეფშები და დანა-ჩანგალი გაწმინდე.

- გავშალოთ უკვე?

- აბა, არ გავშალოთ?! თერთმეტი დაიწყო უკვე...

- უი, რა კარგია!

- ის მწვანე არ გინდა, თეთრი სუფრა გადააფარე... ცელოფანი არ დაგავიწყდეს, გესმის?

- შენ ბევრი დაგრჩა?

- გოზინაყი მაქვს დასაჭრელი, ეს ინდაურიც მოიხარშა, მგონი... საცივი უნდა დავიწყო.

- მერე, მოასწრებ?!

- რას მოვასწრებ თქვენს ხელში, თითის განძრევა არ გინდათ არავის!

- გახსოვს, ბებომ რა საცივი იცოდა?

- არც მე გამომდის ნაკლები, ნუ გეშინია!

- კი, შენც კარგი გამოგდის, მაგრამ...

- წადი, გოგო, ნუ გაიტლიკე ენა... მამაშენს დაუძახე, რო მიცივებია იმ ტელევიზორს!

 

* * * * * * *

 

- მეძახდი, გულიკო?

- ნახე ერთი, ეს ინდაური თუ მოიხარშა.

- შენ ვერ ნახავ?

- კაცო, მარტო მე ვარ ამ ოჯახში?! გავწყდი ქალი წელში, აღარ შემიძლია მეტი, დილიდან ფეხზე ვტრიალებ!

- ოქრო ხარ, გულიკო, ოქრო!

- ენა კი გაქვს, ნუ გეშინია...

- კი მაგრამ, მე არ გაგეგზავნე დილას ბაზარში?! მომეცი ერთი, ჩანგალი...

- უჯრაშია.

- გენახა ერთი, რა ამბავი იყო, არ მეგონა, ცოცხალი თუ გამოვაღწევდი იქიდან. რომ ჰკითხო, ხალხს ფული არა აქვსო... რა გინდა, მოხარშულა უკვე... ფულის მეტი რა აქვთ, სულ ორ-ორ ინდაურს ყიდულობდნენ!

- აი, ამ ლანგარზე ამოიღე და მერე გოზინაყი დამიჭერი.

- კალენდარში ეწერა, მოხარშულ ინდაურს გარეთ გადგმა უხდებაო.

- გადგი, მერე! ოღონდ, ჯერ მარილი მოაყარე.

- აბა, მარილი?

- ცხვირწინ არ გიდგას?!

- სად, ქალო?

- ეს რა არის?! ხელი თუ არ დაგიდო კაცმა, ვერ იპოვი!

- ჰო, კარგი, კარგი...

- ძალიან არ დაამლაშო, შენებურად.

- იფ რა ინდაურია!

- მაგ ფასად ორს იყიდიდა კაცი...

- ორს არა, სამს. იცი, რა სიძვირე იყო?

- დროზე ქენი და დამიჭერი ეს ოხერი გოზინაყი, მე საცივი უნდა დავიწყო.

 

* * * * * * *

 

- გძინავს, დედა?

- ჰა?

- არაფერი, გძინავს-მეთქი?

- რა დამაძინებს...

- ხომ არ გცივა?

- რაო?

- ხომ არ გცივა-მეთქი!

- არა, არა!

- თუ გინდა, გულიკოს ვეტყვი და ჩაის აგიდუღებს.

- რად მინდა ჩაი!

- არც გშია?

- ჰა?

- ხომ არ გშია-მეთქი!

- აჰ, არა, არა!

- აბა, არაფერი გინდა?

- რომელი საათია?

- თერთმეტის ნახევარი. საათ-ნახევარში ახალი წელი დადგება.

- რა დადგება?

- ახალი წელი!

- ახალი წელი?!

- ჰო. გულიკო საცივს აკეთებს.

- რას აკეთებს?

- საცივს.

- ფიჰ!

- რა იყო?!

- რა იცის გულიკომ საცივის!

- როგორ არ იცის, შენ არ ასწავლე?

- მე კი ვასწავლე, მაგრამ...

- კარგი რა, ნუ იცი შენ ეგრე...

- რა ვიცი, ბიჭო, რა?

- ჰო, კარგი, კარგი... ესე იგი, ჩაი არ გინდა, ხომ?

- ჭირი მინდა მე, ჭირი და სიკვდილი!..

- მოდი რა, ნუ ვიჩხუბებთ, დედა, ამ საღამოს მაინც ნუ ვიჩხუბებთ...

 

* * * * * * *

 

- რა ქენი, გადგი ინდაური?

- კი.

- კატა არ მიეპაროს.

- რა უნდა აივანზე კატას!

- ახლა გოზინაყი დამიჭერი.

- დანა?

- უჯრაშია. ალესე ცოტა.

- დედაჩემმა იცოდა კარგი გოზინაყი...

- რას შვრები, რას! მაგიდა არ უნდა გადაწმინდო?!

- ტილო?

- ყველაფერი ხელში უნდა მოგაწოდოს კაცმა!

- გულიკო...

- გადამრევენ მე ესენი, გადამრევენ!

- მოდი რა, დღეს მაინც ნუ ვიჩხუბებთ, კარგი? თუ გინდა, შეგიღიტინებ, გინდა?

- გაიწი იქით!

- შეგიღიტინებ, რა მოხდება?

- გაიწი-მეთქი!..

- ეგრე, შე ქალო, გაიცინე, ახალი წელი მოდის!

 

* * * * * * *

 

- ბებო გეძახის, ბიჭო, არ გესმის?

- აუ, ტელევიზორს ვუყურებ, რა!

- გეძახის, შე დებილო!

- დებილი თავი გაბია!

- შენ იცი, რას გიზამ?

- აუ, გადი, რა!

- დედა! დედა!

- მორჩი ახლა!

- აგე, გეძახის, ხო გაიგე!

- აუ, გააჭირა, რა...

 

* * * * * * *

 

- რა გინდა, ბებო, რა!

- მოხვედი, შვილო?

- ხო, რა გინდა?

- მომეცი აბა შენი ხელი...

- ეე, კარგი რა, ბებო!

- მომეცი, ბიჭო, რა მოხდება...

- აჰა!..

- გენაცვალოს ბებო... ჩემო ვაჟკაცო, ჩემო იმედო...

- აუ, კარგი რა, ბებო!

- რატომ, შვილო, რატომ არ გიყვარს ჩემი მოფერება, ბებერი რომ ვარ, იმიტომ? ვინ მყავს შენს მეტი, გენაცვალოს შენი ბებო...

- აუ, ბებო, რაა!

- აი, ერთხელაც გაკოცებ, ერთხელაც და მეტი აღარ...

- კარგი, ხო, წავედი...

- რომელი საათია?

- თერთმეტია. ერთ საათში ახალი წელი იქნება.

- რა იქნება?

- ახალი წელი.

- ახალი წელი?

- ხო, რა იყო?

- არაფერი, არაფერი...

- კარგი, წავედი ახლა...

- მოიცა... ჩამოჯექი ცოტა ხანს, რაღაც უნდა გითხრა...

- რა გინდა.

- ჩამოჯექი, რა მოხდება...

- აუ, ტელევიზორს ვუყურებ, რა!..

- დაჯექი, ბიჭო, არსად გაგექცევა ის ტელევიზორი!

- კარგი, აჰა, დავჯექი!

- შვილო, პაპა გახსოვს?

- პაპა?

- ჰო.

- ისე, ბუნდოვნად...

- მაინც, რანაირად?

- მახსოვს, ერთხელ, ახალი წელი იყო და გარედან კარზე დააკაკუნა...

- ჰო, ჰო!

- ჩვენ რაღაც ვკითხეთ, ვინ არისო თუ რაღაც... თან სულ გვეცინებოდა...

- მერე?

- მერე შემოვიდა და შემოიტანა დიდი ლანგრით მანდარინები, კანფეტები და ნამცხვრები... კანფეტებს იატაკზე ყრიდა და თან ამბობდა, შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთიო...

- ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისო?

- ხო, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისო.

- მერე, მერე?

- მერე ხელში ამიყვანა... თოვლის სუნი ჰქონდა, თოვლის და სიცივის...

- სიცივის სუნი ჰქონდა, ბიჭო?!

- ხო. შენ ხომ არ გცივა? თუ გინდა, დედაჩემს ვეტყვი და ჩაის აგიდუღებს.

- არ მინდა, არა!

- არც გშია?

- არა, არაფერი მინდა.

- წავალ მაშინ, კარგი?

- წადი, შვილო, წადი...

 

* * * * * * *

 

- თიკა!

- ხო, დედიკო!

- გადააფარე, შვილო, სუფრა?

- კი. თეფშებიც დავაწყვე, დანა-ჩანგალიც...

- ხომ გაწმინდე, დედიკო?

- როგორ არა!

- მარილი? მარილი ხომ არ დაგავიწყდა?

- არა. მარილიც ჩავდგი და ხელსაწმენდებიც.

- ყოჩაღ! აბა, მომეხმარეთ ახლა ყველანი, შენ ესენი გაიტანე, მამაშენი პურს დაჭრის!

- ღვინო არ ჩამოვასხა?

- ღვინოც ჩამოასხი და პურიც დაჭერი!

- რომელი საათია?

- თორმეტის ნახევარია უკვე... დედაშენი არ გამოვა სუფრასთან?

- ვეტყვი, რა ვიცი...

- ძალიან შეეხვეწე, იცოდე!

- ეჰ, ხო იცი, რანაირი ქალია...

- შენი ჭირიმე, ოღონდ ახლა შეიკავოს ყველამ თავი, ოღონდ ახლა ნუ ვიჩხუბებთ და თუ გინდა, მომკალით!

 

* * * * * * *

 

- რაო, არაო?

- ეე, გამანებე რა თავი...

- ეს ახალი წელი თუ არ ჩაგვაშხამა, ისე როგორ იქნება!

- რომელი საათია?

- თხუთმეტი წუთი აკლია!

- მიდი, ბიჭო, უთხარი. გამოვიდეს, იქნებ შენ მაინც დაგიჯეროს...

- მიდი, შვილო, მიდი, ხომ იცი, მაგას ამ ოჯახში, შენს მეტი არავინ უნდა!

 

* * * * * * *

 

- ბებოო...

- უი, მოხვედი, შვილო?!

- ხო.

- მოდი, გენაცვალე, მოდი... აი, აქ ჩამომიჯექი.

- მითხარი, ბებო, გიყვარვარ?

- რაო?

- გიყვარვარ-მეთქი?

- მიყვარხარ, შე ციგანო, აბა, არ მიყვარხარ?!

- ძალიან გიყვარვარ თუ ისე რაა...

- ჰა?

- ძალიან გიყვარვარ-მეთქი?

- ძალიან, შვილო, ძალიან... ვინ მყავს, მე საწყალს, შენს მეტი?

- მართლა?

- მართლა, აბა, ტყუილად?!

- მაშინ, ადექი ახლა და წამოდი...

- რაო?

- წამოდი-მეთქი!

- შენც კარგი მამაძაღლი ხარ, ნუ გეშინია!

- აუ, კარგი რა, ბებო!

- რა კარგი, ბიჭო, რა კარგი!

- სადაცაა ახალი წელი დადგება, წამოდი რა, გეხვეწები...

- დედაშენმა გამოგგზავნა?

- წამოდი და გაკოცებ, გინდა?

- რაო?

- გაკოცებ-მეთქი!

- რას ამბობ, ბიჭო?!

- აი, ლოყაზე გაკოცებ, აჰა!

- შენ რას გეტყვი, მე შენ...

- აუ, რა გატირებს, ბებო?!

- ჰა?

- რატომ ტირი?

- არ ვტირი...

- კარგი ახლა, კარგი, დაწყნარდი...

- გენაცვალოს შენი ბებო...

- ახლა წამოხვალ?

- ოხ, შე ციგანო, შე ციგანო...

- ადექი, აბა, ადექი!

- დამაცადე...

- რაღა დაგაცადო, საცაა თორმეტი შესრულდება... თუ გინდა, ხელში აგიყვან, გინდა?

- არა, არა!

- აგიყვან!

- უიმე, დამსვი, ბიჭო!

- ხელი კარგად მომხვიე!

- დამსვი, შე მამაძაღლო, არაფერი იტკინო!

 

* * * * * * *

 

- ესეც ბებოო!

- გაგიჟდი, ბიჭო?!

- რომელი საათია?

- ჩქარა, ჩქარა!

- ჩასვი სავარძელში, რამდენ ხანს უნდა გეჭიროს ეგრე!

- დაჯექი, ბებო... აი, ასეე! გავხსნა შამპანური?

- ჩქარა, ჩქარა!

- ჭიქები, ჭიქები!

- აუ! აუ!

- გიხარია, ბებო?

- აბა, მივუჭახუნოთ ერთმანეთს!

- გაგვიმარჯოს, მრავალ ახალ წელს დაგვასწროს! დედა, გილოცავ, მრავალს დაესწარი!

- გილოცავ, ბები!

- მეც გილოცავთ, შვილებო...

- აბა, დავლიოთ და გადავკოცნოთ ყველამ ერთმანეთი!

- მოდი, გულიკო...

- აკოცეთ, ბებოსაც აკოცეთ!

- გენაცვალოთ ბებო...

- მოდი, თიკა, გაკოცო... შენც, შვილო...

- ბებოს?

- აჰა, ბებოსაც!

- იცოცხლეთ, შვილებო, გაიხარეთ... მრავალს დაესწარით, სულ ჯანმრთელად, ბედნიერად, სიხარულით... გიყვარდეთ ერთმანეთი... ფეხბედნიერი ყოფილიყოს ეს ახალი წელი ჩვენი ოჯახისთვის, ბარაქა და დოვლათი მოგცეთ ღმერთმა... წმინდაო გიორგი, გადმოხედე შენის მოწყალე თვალით ჩემს შვილებს, შვილიშვილებს - გამიმრავლე, ამიღორძინე...

- ასე არ სჯობია?

- ჰა?

- ასე არ ჯობია-მეთქი?

- რა სჯობია ასე?!

- ტკბილად ყოფნა...

- მერე, ქალო, მე მეუბნები მაგას?!

- აბა, ვის ვუთხრა?!

- შენს თავს უთხარი!

- რა ვუთხრა ჩემს თავს, რა!..

- გულიკო!

- ჰო, რა ვუთხრა!

- რა გთხოვე, გულიკო, მე შენ?

- ვაიმე, გავგიჟდები!.. ახლაც მე ვარ დამნაშავე?!

- აუ, არ იჩხუბოთ, რა!..

- გავწყდი წელში, დილიდან ფეხზე ვტრიალებ, ჩემი მომხმარე არავინაა, სახლი, სამსახური, სარეცხი, შინ და გარეთ... პურს არ მოგიტანს არავინ, პურს!

- დედა!

- ვერ ხედავთ, რას დავემსგავსე?

- არც ადრე ყოფილხარ დიდი მზეთუნახავი!

- ბებო!

- ეგეც მე ვარ? რატომ მაგას არ აჩუმებ, მითხარი, რატომ არ აჩუმებ!

- ნეტავი ფეხი მოგტეხოდა და შენ ჩემს ოჯახში არ შემოსულიყავი...

- აუ, ბებო, რაა!

- კარგი რა, დედა, კარგი, ნუ ჩამაშხამეთ ეს ახალი წელი!

- ჰო, გაუსწორე კუდი, გაუსწორე!

- მომაშორეთ ეს გამოყრუებული დედაბერი, თორემ არ ვიცი, რას ვიზამ!

- გულიკო!

- აუ, დედა, რაა!

- წამოდი, შვილო, წამიყვანე ჩემს ოთახში... ახია ჩემზე, ახი...

- რა არის ახლა ეს, რა!

- დაიწვას ჩემი გაჩენის საათი...

- კარგი, დედიკო, დაწყნარდი...

- გამორთე, გოგო, ეგ ოხერი ტელევიზორი!

 

* * * * * * *

 

- აუ, ბებო, არ იტირო, რა!..

- არა, შვილო, არ ვიტირებ და დედაშენის ჯიბრზე არც მოვკვდები!.. მომეცი ხელი...

- აჰა, ოღონდ არ იტირო, კარგი?

- ჰო, ჩემო ვაჟკაცო, ჩემო იმედო... გენაცვალოს ბებო... რა მითხარი, რისი სუნი ჰქონდაო?

- რა სუნი?!.

- ხელში რომ ამიყვანა, სიცივის სუნი ჰქონდაო, არ მითხარი?

- ა, პაპას?

- ჰო.

- კი, სიცივის და თოვლის.

- რაო, როგორ ამბობდა, შემოვდგი ფეხიო?..

- შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისო!

- კვალი ანგელოზისო?

- ხო, კვალი ანგელოზისო... არ იტირო ახლა, არ იტირო!

- არ ვიტირებ, ნუ გეშინია.

- თუ გინდა, აქ მოგიტან საჭმელს...

- რაო?

- საჭმელს გამოგიტან-მეთქი!

- არა, არაფერი არ მინდა!

- არც ჩაი?

- ჰა?

- ჩაიც არ გინდა? მე თვითონ აგიდუღებ და მოგიტან.

- არა, შვილო, არა!

- რას იზამ, აბა, დაიძინებ?

- რაო?

- დაიძინებ-მეთქი?

- კი, შვილო, კი, დავიძინებ, აბა რას ვიზამ... კვალი ანგელოზისო?

- ხო... დაიძინე.

- და სიცივის სუნი ჰქონდა?

- ხო, სიცივის. წავალ მე, კარგი?

- წადი, შვილო, წადი...

- დაიძინე, იცოდე!

- დავიძინებ, აბა, რას ვიზამ...

ბიჭი გავიდა და ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.

ქუჩიდან კანტიკუნტად ისმოდა სროლის ხმა - ეშხში შესულ ჩაჩაინჩ ბიჭებს ახალი წლის დადგომა უხაროდათ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ