მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1258 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

პირველი ნაწილი

 

ეს ნამდვილი ამბავი ვარლამს ბავშვობის სიბერეში გადახდა, ათი წლისა რომ იყო. ტანად პატარა ვარლამს დიდი თავი ჰქონდა, დიდი ყურები და დიდი თვალები. იოლი და გემრიელი საცემი იყო. იშვიათად თუ ჩაუვლიდა ვინმე, თავში რომ არ წაეყოლებინა სიამოვნებისათვის. ომი ახალი გადახდილი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს გართობა და სიხარული: პური არ იყო, მიხვრა-მოხვრა დაიკარგა, ვიღას ახსოვდა ხალვა, პაემანი და პადრუჩკი?

ვარლამი გარეგნობისა და მკაცრი სინამდვილის გამო ადრე დგებოდა, მარტო დადიოდა ცარიელი ქუჩებით, მოკლე გადარბენებით, მალვითა და აქეთ-იქით მალ-მალ ყურებით.

ავადმყოფობდა ხშირად - თავდავიწყებით, წიგნებით და ფანტაზიებით.

სტრეპტოციდს ჯერ მუჭში მალავდა, მერე ლეიბის ქვეშ.

დედა ჰყავდა მევიოლინე, აგრეთვე მკერავი, აგრეთვე გერმანულის მასწავლებელი, მამაც ჰყავდა, მაგრამ ხარკოვში, თუ, ეგებ, კაზახისტანში.

მამის ფოსტის ნომერი იყო 12 894236793.

 

ოცნება

 

აპრილი. სკოლა. ფანჯარაში ლურჯი ცა. არითმეტიკის გაკვეთილი. ვარლამი თითქოს შუშაში ზის, გამაყრუებელ სიჩუმეში. რვეულში სამაკატკას ხატავს.

ვარლამი სამაკატკით მიჰქრის კიროვის ქუჩაზე.

ეშვება ცხაკაიას ქუჩით რიჟინაშვილის ქუჩისკენ.

ცენტრალურ მოედანზე არტყამს წრეს.

გადაიქროლებს თეთრ ხიდზე.

მისდევს აეროდრომზე თვითმფრინავს.

გამოვარდება ტყიდან.

შარაგზით მიჰქრის სოფელში.

წამით ჭასთან ჩერდება.

ბებია ვედროდან ასმევს წყალს.

ვარლამი ისევ შევარდება ტყეში.

ვარლამი ისევ გამოვარდება ტყიდან.

შეუტევს გერმანულ ტანკს.

ტანკი აფეთქებულია!

1 მაისი!

პარადე!

ვარლამი სამაკატკით მოუძღვის სკოლას წინ!

აპოგეა!

მასწავლებელს ვარლამი ყურით გამოჰყავს კლასიდან და თან მის ნახატს აჩვენებს კლასს.

სიცილ-ხარხარი.

 

კვიპაროსი

 

ქარი.

ბნელი ქუჩა. ვარლამი ჩუმად მიაგორებს სამაკატკას.

გაზეთ "ინდუსტრიალური ქუთაისის" ნიკელირებული ვიტრინიდან ჟონავს 25-ანი ნათურის შუქი, წამით გაანათებს ვარლამის სამაკატკას.

ვარლამი შემოურბენს საზაფხულო კინოთეატრ "დამკვრელს".

კინოთეატრის ღობე-კედელი დაცულია შუშის ნამსხვრევებით და მავთულხლართებით.

მეხანიკი ანიშნებს მოადგილეს, რომ შეიძლება სეანსის დაწყება.

ისმის მხნე მარში. იწყება სეანსი.

აციმციმდება კინოთეატრის ხვრელები, კბილის ექიმის ბოჭორიშვილის სახლის თავზე აციმციმდება ბეტონის ანგელოზი, აციმციმდება ხეების კენწეროები.

ვარლამი ჩქარობს.

მიირბენს ხესთან, აიხედავს, ხე დაკავებულია მაყურებელ ტიკარაძით. მეორე ხეც დაკავებულია მაყურებელ ტიკარაძით, პირველი ტიკარაძის ტყუპისცალით. ვარლამი მოშორდება ხეებს და ფრთხილად შეაღებს ვიწრო ჭიშკარს. ჭიშკრის ემალირებულ დაფაზე წარწერაა:

"ვ.ბოჭორიშვილი. კბილის ექიმი:.

ვარლამი შეიპარება ბოჭორიშვილის ეზოში, დაატაინებს ბუჩქში სამაკატკას. სწრაფად აძვრება ცაცხვზე.

 

კინო

 

ეკრანზეა ქრონიკა.

ნოემბრის პარადი.

მოსკოვი.

კიევი.

ალმა-ატა.

კუზბასი.

თბილისი.

დაიწყო ფილმი "ტარზანი".

ეკრანი:

ხიდან ხეზე ფრინავს ტარზანი.

ხეზე მიცოცავს ჯენი. თეძოზე ვეფხვის ბასრი ეშვი ჰკიდია.

ჯენის თვალებში ბოროტი განზრახვაა!

ქუთაისი:

მექანიკმა ახალ პაპიროსს მოუკიდა.

- არ ენდო! ბოზია! - მეზობელ ხეზე ყვირის სლიპუია ტიკარაძე.

ბოჭორიშვილი ოჯახითა და მეგობრით ფანჯრიდან უყურებს სეანსს.

კუთხეში ექიმის ქალიშვილი იზუთხავს ლექსს:

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა

და ან ცაზე ვარსკვლავები…

ეკრანი:

ჯენი დააძრობს ყამას და …

ქუთაისი:

უკან მეიხედე ტარზან!

და ან ცაზე ვარსკვლავები…

და ან ცაზე…

ექიმის ოჯახი ჩქარ-ჩქარა სვამს მდუღარე ჩაის (პრიკუსკით).

განიცდიან მთელი გულით!

წარბებით!

ფეხებით!

განიცდის თაბაშირით პირგამოტენილი ბოჭორიშვილის კლიენტიც.

ოთხასი მაყურებელისინქრონულად ურტყამს ნაფაზს ნაფაზზე.

პროჟექტორის სხივში ტალღებად იშლება პაპიროსის ბოლი.

ქუთაისი:

ცაზე გადაირბინეს ელვებმა.

ეკრანი:

გადაირბინეს ელვებმა ჯუნგლებშიც.

ქუთაისი:

გრუხუნი ცაზე, ჯერ შორეული, შემდეგ ორი, ზედიზედ, კინოთეატრ

"დამკვრელის" თავზე.

წამოვიდა თქეში - ჯერ ქუთაისში, მერე ეკრანზე.

ეკრანი:

ჯენი იწყებს ლიანების გადაჭრას.

ნიანგმა უკვე დააღო ხახა.

ქუთაისი:

კინომექანიკოსმა სამი ნაფაზი დაარტყა ზედიზედ.

ამოვარდა ქარი - ჯერ ქუთაისში, მერე ეკრანზე.

ეკრანი:

დაფრინავს ტარზანი!

ქუთაისი:

დაფრინავს ცაცხვის კენწეროში ტოტს ჩახუტებული ვარლამი.

- არ ენდო! ფაშისტია! - ვარლამის ხმა იკარგება ჭექა-ქუხილში.

კვიპაროსი ცაში აფრიალებს სამ ხულიგანს: სლიპუიას, შედანიასა და ფეზუიას.

სამივე პაპიროსს ეწევა.

ხულიგნებმა დაინახეს ვარლამი.

ხულიგნები საჩქაროდ დაეშვნენ ხიდან.

ვარლამიც ჩამოფრინდა ქვევით.

ბუჩქიდან გამოათრია სამაკატკა.

უნდოდა სახლში გაქცეულიყო.

მაგრამ ვაი, რომ ვერ მოასწრო.

ხულიგნებმა წაართვეს სამაკატკა!

ხულიგნებმა ამოუტრიალეს ჯიბეები!

პატარა ჯაყვა, ტარზე სადაფის ფირფიტა რომ ჰქონდა შერჩენილი,

ამიერიდან ფეზუიას საკუთრება ხდება.

 

ავადმყოფობა N 1

 

ვარლამი ავადაა.

მეზობლის თიკო ღვინიაშვილის თერმომეტრმა 38 გრადუსი და 5 ხაზი აჩვენა. თამარა კიკნაძის თერმომეტრმაც იმდენივე აჩვენა.

ექიმ მინოვიჩმა წითელსარჩულიანი კალოშები გაიძრო და ვარლამის ლოგინთან ტაბურეტკაზე ჩამოჯდა.

 

უთავო მხედარი

 

ისაკ მინოვიჩმა ვარლამს ერთ კვირაში დიცხე დაუგდო.

- დაწყნარდი სონია, გადარჩება. - უთხრა ვარლამის დედას, კალოშები ჩაიცვა, შლაპას ოდნავ შეეხო თითით, აჭრიჭინდა კიბე, წავიდა.

მანამდე კი ვარლამი მთელი კვირა ბორგავდა, არც წამალი შველოდა, არც ყინული. გაქცევა უნდოდა, ყვიროდა:

- ჩემია! ჩემი!

სიცხემ რომ გაუარა, ალერსით ჰკითხა დედამ:

- რა ნახე, შვილო, ნუ დამიმალავ.

ვარლამმა არ უპასუხა და კედლისკენ იბრუნა პირი.

კედელზე ნესტის ლაქა მთად გადაიქცა.

მთაზე ფუშფუშა ღრუბლებია.

ისმის ჰავაის გიტარის სევდიანი ჰანგები.

მთის თავზე, ამომავალი მზის სხივებში, შავ სილუეტად ამოდის უთავო მხედარი.

ტირის გიტარა.

კაქტუსის ქვეშ დგას ვარლამის სამაკატკა. ვარლამი მწარე ღიმილით ეწევა სიგარას.

 

ელექტრომონტიორი

 

აგვისტო.

ჭრიჭინები.

ვარლამი მოჰყვება სარწყავ არხს.

არხი ამოვსებულია დამტვერილი ბალახით.

დროდადრო ვარლამს წინ გადააქვს პალო, რომელზეც მიბმულია თხა.

გზაზე პაპიროსის ბიჩოკი გდია. ვარლამი დაიხარა, ჯიბიდან ამოიღო მონპასიეს ჟეშტის კოლოფი და ბიჩოკი შიგ ჩადო.

უკნიდან მოისმა მსუბუქი ავტომობილის ხმა. მოსახვევიდან გამოვიდა შინდისფერი "ოპელ-კაპიტანი".

თხა ყანისკენ გაიქაჩა.

მანქანას ქვევიდან გაუვარდა პადშიბნიკი და მოუკიდებელი პაპიროსი.

ვარლამმა ხელი სტაცა პადშიბნიკს, პაპიროსს და მანქანას გამოეკიდა.

- შოფერ! - ყვიროდა ვარლამი. მანქანამ გადაუარა რკინიგზის პერეეზდს და მაყვლის ბუჩქებში დაიკარგა.

- სუ, ძმაკაც! - მოესმა მოულოდნელად მაღლიდან. ვარლამმა ზევით აიხედა.

ელექტრობოძზე ბრეზენტის კოსტუმში გამოწყობილი საშუალო ხნის მელოტი კაცი იჯდა და ფაიფურის როლიკზე ფსკვნიდა მავთულს.

- შენი იყოს, ფეშქაშ, ძმაკაც! - თქვა მონტიორმა და დახვეული მავთული ბეჭზე გაისწორა. ამ დროს ჯიბიდან ტაოტიან ქაღალდში გახვეული ახალთახალი ჩაქუჩი გადმოუვარდა.

- ესეც ფეშქაშ, ძმაკაც!

- რა გქვია შენ? - ჩურჩულებს თავისთვის ვარლამი.

- მე? - ჩაფიქრდა მონტიორი.

- შენ.

- გოსპიტალში მითხრეს, ერმონია უნდა გერქვასო. - თავზე დაიდო ხელი მონტიორმა.

თხა აკიკინდა, ბალახის გამოცვლა მოუნდა.

ვარლამმა პალო ამოაძრო მიწიდან, ახალი ადგილი მოუნახა, გადაიფიქრა, უფრო მსუქან ბალახში გადაიტანა და ნაჩუქარი ჩაქუჩი დაარტყა.

გაისმა მეტალის ხმა. ვარლამმა ამოაძრო პალო.

პალო ახალთახალ ტაოტიან პადშიბნიკში იყო გაჭედილი.

ვარლამმა აიხედა, ბოძზე ერმონია აღარ იჯდა.

- ესიც ფეშქაშ! - გაისმა უკნიდან.

ელექტრობოძი ფუტკარივით ზუზუნებდა. ცა ცარიელი იყო.


კანალიზაციის სამი 100 მმ-იანი მილი

 

გაისმა ორთქლმავლის კივილი. ნაყარის თავზე ჩაიქროლა საბარგო შემადგენლობამ. ვაგონის თავზე, თუჯის მილებზე, ელექტრომონტიორი ერმონია იჯდა.

ვარლამის დანახვაზე ერმონია უხერხულად წამოხტა, რაღაცას ფეხი გამოსდო და უცებ სამი შავი მილი ყალყზე დადგა, მოიტაცა ელექტრომონტიორი და თან გადაიყოლა ლიანდაგის იქით.

მატარებელმა რომ ჩაიარა, ვარლამმა გადაირბინა ლიანდაგი, მოიარა იქაურობა, მაგრამ ვერსად ნახა ერმონიას კვალი.

ჟანგიან, დატაოტებულ გუმბრაში, არხის პირას, სამი შავი მილი იდო.

 

დილა

 

ვარლამი ქუჩაში რომ გამოვიდა, ბნელოდა. ქუჩის საათზე 6 საათი და 14 წუთი იყო.

დიდი ისარი ძაგძაგით გადახტა წინ.

გახდა 6 საათი და 15 წუთი.

ბუზები აიშალნენ, ისარი დაწყნარდა, ბუზები დაუბრუნდნენ ისარს.

ზუსტად ერთ წუთში ისარი ისევ გადახტა, ამჯერად უკან.

ისევ გახდა 6 საათი და 14 წუთი.

ბუზები ისევ დაუბრუნდნენ ისარს.

 

საიდუმლო საგანძური

 

ვარლამმა ლომბარდს შემოუარა, გაძვრა ორ კედელშუა, მესაათე თავდიდიშვილის სახლს მიადგა.

მიიხედ-მოიხედა, კედლიდან აგური გამოიღო.

იდაყვამდე ჩაუშვა ხელი ნახვრეტში, კიდევ შეამოწმა ქუჩა, ხვრელიდან ამოიღო ქაღალდში გახვეული რაღაცა და უბეში ჩაიდო.

აგური აღადგინა და სწრაფი ნაბიჯით მოშორდა იქაურობას.

კათოლიკების ეკლესიის უკან გლიცინიებში შეძვრა, ჩაირბინა ქვის კიბე და ფანჯრებაჭედილ, მიტოვებულ სახლს მიადგა. ეკლარის ქვაზე დააწყო უბიდან ამოღებული ნივთები:

ნიკელის ორი ბურთულა, სიტრო-ლიმონათის ოცი ტკაცუნა იარლიყი,

ოთხი გასროლილი გილზა,

ნიკელირებული ზამბარა,

ერთი რკინის ამერიკული სამხედრო ღილი, არწივითა და წარწერით,

ველოსიპედის ზარი,

20 სანტიმეტრიანი სახაზავი,

წითელი რეზინა,

ერთი შოკოლადის ქაღალდი და საათის ციფერბლატი.

შემდეგ ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება: ათი სიტრო-ლიმონათის იარლიყი და ველოსიპედის ზარი უბეში ჩაიდო. ნიკელის ბურთულა - წინდაში.

 

აღებ-მიცემობა

 

რიონის პირას, თეთრ ქვაზე ვარლამზე უფრო პატარა და უფრო გამხდარი ბიჭი იდგა, ისინკა ფიჩხაძე. ისინკას თან და მოჰყვა, ხუთი წლის თმახუჭუჭა გოგონა.

სამივე ჩაიცუცქა.

ისინკამ ქვაზე დადო ტარზანის ფოტო. ვარლამმა დადო ნიკელის ზამბარა.

გოგონამ ფოტო უკან აიღო, ფეხზე ადგა და უინტერესოდ შეხედა ცას.

ისინკამ დას ახედა, ვარლამს მორცხვად გაუღიმა და მხრები აიჩეჩა.

ვარლამმა ჯიბიდან ამოიღო სიტრო-ლიმონათის იარლიყების დასტა, ენით დაასველა ცერა თითი, ხუთი იარლიყი გადათვალა და ქვაზე დადო. გოგონა ცაში იყურებოდა. ისინკამ ისევ მორცხვად აიჩეჩა ბეჭები.

ვარლამმა წაუმატა სამი იარლიყი. გოგონამ მელოდია დაუსტვინა კინოფილმიდან "სამი მუშკეტერი".

ვარლამმა დადო კიდევ ორი იარლიყი. გოგონამ დაუსტვინა მელოდია კინოფილმიდან "ჯარისკაცის ბედი ამერიკაში". ვარლამმა კიდევ წაუმატა იარლიყი.

გოგონა დაიღუნა, თითებით ჩაუძვრა ვარლამს წინდაში, ამოუღო ნიკელის ბურთულა, საყვედურით გააქნია თავი, ქვევიდან მოხიკა ყველაფერი ტარზანის ფოტოიანად და და-ძმა ფიჩხაძეები გაიქცნენ ტელმანის ქუჩისკენ.

 

ვალუტის გაცვლა

 

ლურჯად შეღებილ ჯიხურთან ორი ბებერი ქალი იდგა. ათ-ათი კვერცხი ედოთ პატარა კალათებში. ვარლამმა ცაუარა მათ და ჯიხურის უკანა კარი შეაღო.

ჯიხურში ორნი ისხდნენ, თეთრხალათიანები: ნარნარ-ძუძუებიანი ბლანდინკა და ვარლამზე ცოტათი უფროსი ბიჭი. ორივე კვერცხებს სინჯავდა ელექტროშუქზე.

ბიჭმა იგრძნო ვარლამის მზერა, ერთი კვერცხი ჯიბეში ჩააცურა და გარეთ გამოვიდა.

გავიდნენ იქვე ბუჩქებში.

ვარლამმა გადათვალა ბოთლის ყელის ოცი პატარა იარლიყი და სკამზე დადო. პარტნიორმა ბოთლის ქვედა ორი დიდი იარლიყი ამოიღო. ვარლამმა გულის ჯიბეში გადათვალა და დააძრო ხუთი კამფეტის და ერთი ვერცხლის ქაღალდი. პარტნიორი არ განძრეულა. ვარლამმა სამი ლიმონათის ბოთლის მეტალის თავსახური წაუმატა. მეორე მხარე დუმდა. ვარლამი კიდევ ოც დიდ იარლიყს და ერთ კალამს გამოვიდა. პარტნიორმა კვერცხი, ათი პატარა იარლიყი და დურგლის მეტრიანის ოცსანტიმეტრიანი ფრაგმენტი ამოიღო.

საქმე შედგა, მხარეები სირბილით გაშორდნენ ერთმანეთს.

 

ნავთის რიგი

 

გარიჟრაჟი.

იქ, სადაც საფიჩხიას ქუჩას კუზი უსწორდება, უხმოდ იდგა უძილარი ნავთის რიგი.

გაისმა ცხენის ფრუტუნი და სამი ნალის ხმა. რიგში მდგარ პირველ კაცს ნავთის დროგი გაუსწორდა.

მენავთემ მუშაობა დაიწყო. მისმა მოადგილემ, უდროოდ დაბერებულმა თორმეტი წლის ბიჭმა ვარლამი გვერდზე გაიყვანა.

დაიწყო ვაჭრობა. მენავთემ ტომრიდან ტანკისტის რადიოფიცირებული ქუდი ამოიღო.

ვარლამმა წარმოიდგინა:

მიჰქრის თეთრ ხიდზე სამაკატკით.

თავზე ტანკისტის ქუდი ახურავს.

ვარლამმა ასი იარლიყი შესთავაზა. მენავთე უარზე იყო. ვარლამმა სამი კამფეტის ქაღალდი, ტარზანის ფოტო და ერთი კვერცხი წაუმატა. მენავთე უარზე იყო.

ვარლამმა წარმოიდგინა:

ტყიდან გამოვარდა სამაკატკით და სტალინის მოედანზე დემონსტრანტებს ჩაუდგა სათავეში.

მენავთე ვარლამს წინდაში ჩაუძვრა და ფირფიტა ამოუღო, რომელზეც ეწერა “DODGE”, ვარლამმა მოითხოვა ფირფიტის უკან დაბრუნება, მაგრამ მენავთემ ნავთით გაჟღენთილი მუჭი ასუნინა და ტანკისტის ქუდი ტომრიანად ვარლამის საკუთრება გახდა. მენავთე სამუშაოს დაუბრუნდა: კრანი მოუშვა და წარმოიდგინა:

მეშვიდეკლასელი ცისანა არ აქანავებს პორთფელს და აღტაცებით შესცქერის მენავთის ქამარს, რომელსაც ამშვენებს ამერიკული წარწერა “DODGE”.

ვარლამი დაღმართში მირბის ფეხით, წარმოდგენაში კი სამაკატკით. უცებ მკვეთრად დაატორმუზა: ვარლამმა ტროტუარზე ბიჩოკი იპოვა.

 

კრება სტადიონზე

 

ვარლამი ჯართით მიადგა სტადიონ "დინამოს" ნაჭედ ჭიშკარს.

მის წინ გმირული გარეგნობის სამხედრო აღიმართა, რომელმაც თავში უთაქა და ფეხები ააბაკუნა. ვარლამმა ჯართი მიატოვა, თავს უშველა და ორმოცდაათი მეტრის მერე მოიხედა.

სამხედრო ზურგით იდგა, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ ვარლამი უყურებდა და ისევ დააბაკუნა ფეხები უკანმოუხედავად.

ვარლამი თოხარიკით მოშორდა იქაურობას.

კიროვის ქუჩაზე იყო, როცა სტადიონიდან გრძელი "ვაშაა" მოესმა.

ვარლამმა ვერ გაუძლო ამ ცდუნებას და ეზო-ეზო ისევ სტადიონს მიადგა.

მონახა ხვრელი, გაძვრა და იქვე, უსაშველო ზომის მყრალ ბალახში დაიმალა.

საკვირველი სურათი წარმოუდგა თვალწინ:

ჯერ ერთი - პროჟექტორი ენთო. სარბენ ბილიკზე სამხედრო საბარგო მანქანა იდგა. მოსწავლე შლანგით ასხამდა წყალს 360 ლიტრიან ცისტერნაში, მეორე მასში დაფშვნილ აყალო მიწას ყრიდა და ღომის სუთივით ურევდა სარს - თხელ ტალახს ამზადებდა.

- ჩააფურთხე! ჩააფურთხე! - მოუწოდებდა სადა შავ კოსტუმში ჩაცმული ქალი, რომელიც ტრიბუნის სკამზე იდგა. გულზე გლოვის ნიშნად შავ ბაფთებში ჩასმული ორი ახალგაზრდა კაცის ფოტო ეკეთა.

- დაე, ფაშისტმა გარეწრებმა მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს! - მიმართა ქალმა უფროსკლასელებს, რომლებსაც ხელში ვედროები ეჭირათ. მათ შორის იდგნენ ფეზუია, სლიპუა და შედანია - ხულიგნები, ვარლამს სამაკატკა რომ წაართვეს.

- დღეს თქვენ ისტორიამ დაგაკისრათ თავსლაფი ასხათ… - ქალი უცებ მოტრიალდა ვარლამისკენ და ისტერიულად აყვირდა:

- ვიღაცა მიყურებს! ვიღაცა მიყურებს, ქურდულად! მზაკვრულად! მტრულად!

ვარლამი მოსწყდა ადგილს და თავქუდმოგლეჯილი ბაზრისკენ დაეშვა.

 

სანიმუშო ფურნე N 1

 

ამასობაში ქეც გათენებულა.

ვარლამმა ერთი წუთით შეირბინა სახლში, აიღო ჩანთა და გარეთ გამოვარდა. იქვე ჭიშკართან პაპიროსის ბიჩოკი ნახა და კოლოფში შეინახა.

სანიმუშო ფურნისჰ რკინის ორმაგ გისისებიან ფანჯარასთან ხალხი ზედახორაზე გადადიოდა ყვირილითა და ღმუილით.

ამ სამკვდროდ გადაკვანძული ხალხის ხროვიდან ვარლამის დედა ოთხით გამოძვრა. ვარლამს ერთი ნორმა - 120 გრამი სველი პური მისცა და იმავე ხვრელით უკან უნდოდა დაბრუნება, მაგრამ უცებ ვიღაც მამაკაცი ჩაეჭიდა დედის ხელს პურის კარტოჩკის წასართმევად. კარტოჩკაზე ვარლამის ფოტო იყო დაწეპებული.

ვარლამმა დროზე ჩაასო ბასრი კბილები მამაკაცის ხელს, ხროვის სიღრმეში გაისმა ყვირილი და ბინძური გინება. ვარლამმა მოასწრო თავის კარტოჩკის ამოძრობა დედის ხელიდან და სირბილი განაგრძო.

 

პური თუ პადშიბნიკი

 

ეს ხალხი რის გასაყიდად თუ საყიდლად მოსულა ბაზარში ამ უთენიას?

იყიდებოდა:

სამუდამოდ ჩაკეტილი, უგასაღებო ბოქლომი,

უმუშტუკო ოყნა,

ქვამარილის ბელტი,

სოლუქსი,

კონდენსატორი,

კარდბიდი,

თავის დასაბანი მიწა,

ჭრაქები,

კამათლები,

ქინძი,

მისი თესლი,

ოხრახუში, რომელიც აქვე ლაღად ხარობდა ბაზრის მზიან თუ უმზეო კუთხეებში.

გლეხის ქალი ყიდდა ათ დასკლინტლულ კვერცხს.

კონტროლიორი სასტვენში უბერავდა, ყაყანებდნენ გლეხები, ბღაოდა ერთადერთი ძროხა, ცალრქა, კოჭდაბალი, გამშრალი და გამოფშუტურებული. თხას ურტყამდნენ კომბოსტოს ფოთლის მოპარვის მცდელობისათვის, ისიც ერთადერთი იყო ბაზარში, გამშრალი და ცალთვალა.

რიჟა ბორია ციციაშვილი ერთდროულად მიაგორებდა ტანკის ორ კაუჩუკის პაკრიშკას. უკიდურესი დაკავებულობის მიუხედავად რიჟა ბორისმა მაინც უწილადა ვარლამს კულტურული პანღური, რაც სალამსა და პირად სიმპათიას ნიშნავდა.

ვარლამი მიადგა აყლაყუდა ყმაწვილს.

მას ფერიჭამელებისგან სახე ჰქონდა გალურჯებული. ყმაწვილი ძალიან ჰგავდა სამხედროს ფოტოს, რომელიც გულზე ეკერა. ფეხებთან გახსნილი სპორტული ჩემოდანი ედო. ჩემოდანში ხარახურა ეყარა, რომელშიც ორი პადშიბნიკი ბრილიანტივით ბრწყინავდა.


არც პური და არც პადშიბნიკი

 

ვარლამმა აიღო პადშიბნიკი, მაგრამ აყლაყუდამ გამოსტაცა და ისევ ჩემოდანში ჩააგდო. ვარლამმა გახსნა ჩანთა, ამოიღო 120 გრამი პური, მაინ რიდის "უთავო მხედარი" და საათის ციფერბლატი. აყლაყუდამ უინტერესოდ შეხედა შემოთავაზებულს.

- ვახ შენი! - უცებ გაიკვირვა აყლაყუდამ და ზევით აიხედა. ვარლამმაც ასწია თავი.

აყლაყუდამ პური გამოსტაცა ხელიდან და მთლიანად პირში ჩაიდო. ჩაიდო და გადაყლაპა.

გასაკვირი იყო, თუ როგორ ახერხებდა აყლაყუდა სიცილს ჭამის დროს.

 

ბაზრის თეატრი

 

ატყდა ჩოჩქოლი, ახმაურდა ხალხი. ქვრივმა ქალმა გასათხოვარ ქალიშვილს თვალებზე ხელი ააფარა და ბაზრიდან გააქანა.

აყლაყუდამ სასწრაფოდ დახურა ჩემოდანი, ამოიღლიავა და იქით გაიქცა, საითაც ყველა მიიჩქაროდა.

დირექციის კაბინეტის სახურავიდან ჩამოხტა სტოპა - ბაზრის ვარსკვლავი, ორმოცდაათ წელს გადაცილებული ჭაღარა წვერიანი მამაკაცი. ხელში პოდნოსი ეკავა. გულზე ეკერა შავ ბაფთაში ჩასმული სამი გოგონას და ერთი სიმპათიური ქალის ფოტო.

- ახლა თეატრი! ახლა თეატრი! - გაიძახოდა ომახიანად და თავზევით იქნევდა პოდნოსს. მის გარშემო ბაზრის ხალხი შეიკრიბა.

სტოპამ ხვანჯარი გაიხსნა, შარვალი ჩაუშვა და მთელი თავისი მამაკაცური ღირსებანი პოდნოსზე დააწყო უკლებლივ.

 

ბრძოლა ჯაჭვის ხიდთან

 

მაყურებელმა ვერ მოასწრო სპექტაკლის შეფასება. უეცრად ახმაურდა რადიო, აყვირდა სირენა და ციდან გაისმა სიდიადით დამძიმებული ხმა:

- ყურადღება! ყურადღება!

ხალხი შეიქუჩა, ქალებმა ბავშვები ხელში აიყვანეს.

ჩამოვარდა სიჩუმე. გაისმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი და ვიწრო ქუჩაში რადიოფიცირებული სამხედრო მანქანა შემოვიდა.

მას უკან მოჰყვებოდა ამერიკული ვილისი, რომელსაც რადიატორზე წითელი დროშა ჰქონდა დამაგრებული. მანქანაში ქვებივით ისხდნენ ოფიცრები.

ვილისს ბღავილით მოსდევდა ტროფეული ძროხების ჯოგი. მეტრიანი რქებით, უზარმაზარნი, გაძვალტყავებულნი, შეშინებულნი, ამოტრიალებული თვალებით, გამშრალი ჯიქნებით. ძროხები საცოდავად ეკვროდნენ ერთმანეთს. ფეხები ეკეცებოდათ, ეცემოდნენ და ისევ დგებოდნენ. ისმოდა მათრახების შემზარავი ტყლაშუნი. მათრახებს დედ-მამის გინებით აწივლედნენ მხიარული ახალგაზრდა ორდენოსანი ჯარისკაცები.

ძროხებმა ჩაიარეს.

ბაზრის ხალხმა უკან დაიხია.

გამოჩნდნენ პირველი გერმანელი ტყვეები: ჩუმი, ნაცრისფერი ნაკადი, 500 კაცი. ტყვეების კოლონამ შეავსო ბაზრის ვიწრო ქუჩა.

უძილარი, დაუბანელი, მუნიანი, დაძონძილი კოლონა ძლივს მიბობღავდა უშნოდ მოკირწყლულ ქუჩაზე.

ვის რა ეცვა, ვის რა ეხურა. ზოგს კალათებში ჰქონდა ფეხები ჩარგული.

მათ აქეთ-იქიდან მოჰყვებოდნენ გერმანული ნაგაზები და ვოლოგდელი კანვოირები.

უძილარი, დაუბანელი, მუნიანი, მშიერი, შაკიკიანი, შეშინებული, წელკავიანი ბაზრის გლეხები შესცქეროდნენ გასაცოდავებულ უცხო სტუმრებს.

- დიდება დიდ სტალინს! - იკივლა მოულოდნელად ქალის ხმამ და ასეთივე ცივი კივილით გაჩერდა საბარგო მანქანა.

მანქანიდან გადმოხტა რაზმი წყალწყალა ტალახით სავსე ვედროებით და იმწამსვე გაიშალა ღონისძიება.

- ჩემი დაღუპული შვილების სახელით! მილიონთა და მილიონთა დაღუპულთა სახელით! ჩვენი სამარადისო ზიზღი და წყევლა გერმანელ ოკუპანტებს! - გაჰკიოდა შავებში ჩაცმული ქალი, რომელიც სტადიონზე უთენია ატარებდა ინსტრუქტაჟს. მისი ხმა რიონის ორივე ნაპირზე ისმოდა:

- დიდება სტალინს!

- ახტუნგ! - იყვირა მაღალმა ტყვემ. - ზეთცთ ოიჰ ჰინ! დაჯექით!

ყველა მიწაზე დაეყარა.

ტყვეთა შორის დაჰქროდნენ აქტივისტები, მათ თავზე ლაფს ასხამდნენ თვითონაც ლაფში ამოსვრილები.

აიშალა ბაზარი, ყველა გასაქცევს ეძებდა და ვერ პოულობდა. ასკდებოდნენ კედელს. აქტივისტები კი მარაგდებოდნენ და მარაგდებოდნენ ტალახით.

ვილისიდან გადმოხტნენ სამხედროები და გამოეკიდნენ აქტივისტებს.

- პროვოკაცია! - მეხივით დასჭექა შინაგანი ჯარების პოლკოვნიკმა და იარაღი დააძრო. აქტივისტებმა სამარცხვინოდ მოუსვეს.

 

საზღვაო ძალები

 

მოულოდნელად ბაზარში შავი ზღვის ფლოტის გალეწილი მთვრალი მეზღვაურები შემოიჭრნენ და გლეხებს დაუწყეს ქამრებით ცემა.

ხალხი კივილით გამოვარდა ბაზრიდან და გერმანელებს შეერია.

ერთმა მეზღვაურმა ხელი სტაცა ჩია, ოცდათხუთმეტკილოიან, შავებში ჩაცმულ დედაბერს გულზე დაბნეული შავკანტიანი ფოტოთი. დედაბერი თავით ჩატენეს წნილის კასრში, ატყდა სიცილი.

წითურმა მეზღვაურმა აყლაყუდას იღლიიდან გამოსტაცა სპორტული ჩემოდანი და თავში ჩაარტყა. ჩემოდანი გაიხსნა და ყველაფერი გადმოიყარა.

ვარლამი გამოეკიდა პადშიბნიკს, მეზღვაურმა ვარლამი აიტაცა, ჯონჯოლის კასრში ჩააგდო და რამდენჯერმე ჩააყვინთინა.

- ბლიადი! - იყვირა ინვალიდმა გლეხმა, ორდენ "სლავის" კავალერმა და სახლში გამოჭრილი კუნძებიანი კასტილი თავში ჩაარტყა მეზღვაურს, თვითონ კი ასკინკილით ბაზრიდან გავარდა. მთელი ოცეული გამოეკიდა.

გერმანელების დანახვაზე მეზღვაურები სულ გადაირივნენ. დედის გინებით დაუწყეს მათ ცემა. აყეფდნენ ძაღლები, ატყდა სტვენა, ყვირილი.

- სტრელიატ ნა პარაჟენიე! - იყვირა პოლკოვნიკმა და დაიწყო სროლა.

სულ მალე მეზღვაურები გარეკეს, გერმანელები აშალეს და კოლონა გზას გაუდგა.

ვარლამი კრანის ქვეშ სახიდან იშორებდა ჯონჯოლს, თვალებს იბანდა და ბუნდოვნად ხედავდა, თუ როგორ მიათრევდა მილიციის უფროსი შავკაბიან აქტიურ ქალს, რომელიც გაჰკიოდა:

- მეოცე საუკუნის კაციჭამიებო! ფაშისტებო! სიკვდილი და არგადარჩენა თქვენ!

- სუ, ქალო, კულტურის ინსტრუქტორი მაინც არ იყო!

კოლონა მორჩილად მიბობღავდა, მათ კი უკან მიჰყვებოდა სარწყავი მანქანა და ხუთი მეეზოვე, რომლებიც სიმბოლურად ხვეტავდნენ ქუჩას.

- გახვეტეთ! გახვეტეთ ამ გარეწრებისაგან ჩვენი წმინდა საბჭოთა მიწა!

- ახლა ტეატრი! - უცხოურად ყვიროდა სტოპა და თავზევით აქნევდა პოდნოსს. როგორ აღმოჩნდა ის შუაგულ გერმანელებში, ორ პაგონებაყრილ გენერალს შორის, სრულიად გაუგებარი იყო.

ნაცემმა გლეხებმა კიდევ ერთხელ დაინახეს გერმანელი ტყვეები: ისინი თეთრ ხიდზე გადადიოდნენ.

მარჯვნივ პირამიდებივით იდგნენ კვიპაროსები, ჰყვავოდა გლიცინია, მარცხნივ სოლომონ მეფის ცაცხვი შრიალებდა და იასამნები თრთოდნენ.

 

ავადმყოფობა N 2
(ცეკვა "შეჯიბრი")

 

ვარლამის წინ უსასრულო სითეთრეა, უგანო და უსიგრძო. უცებ დაუკრავს დოლი. "სიმდის" რიტმი.

სითეთრეში ცეკვით შემოდიან: მარჯვნიდან - ადოლფ ჰიტლერი, მარცხნიდან - ევა ბრაუნი. ისინი ცენტრში ხვდებიან ერთმანეთს. გამოდის მოცეკვავეთა კიდევ ერთი წყვილი - ჰერმან გერინგი მეუღლით. ისინიც ცენტრში ხვდებიან. ასევე ცეკვით შემოდის ჰიმლერი ცოლით. მთავრდება დავლური.

ჰიტლერის, გერინგის და ჰიმლერის ცოლები ცეკვავენ სამაიას.

მორჩა სამაიაც.

ფეხის წვერებზე ცეკვით შემოდის ბაზრის ვარსკვლავი სტოპა.

ჰებელსი, რიბენტროპი, კალტენბრუნერი, ოტტო სკორცენი, ადმირალ დეინიცი და რაიხის სხვა ლიდერები მეუღლეებითა და საყვარლებითურთ სიამოვნებით უყურებენ სტოპას სოლო ცეკვას პოდნოსით. ისინი ნარნარით, ფეხის წვერებზე დადიან მის გარშემო.

მეზობელს შემოაქვს დაჩეხილი ყინული, დედა ყინულს ახვევს ტილოში და ვარლამს შუბლზე ადებს.

დოლი იცვლის რიტმს, იწყება ცეკვა "შეჯიბრი".

აელვარდნენ და აჭახუნდნენ ცაში ხანჯლები და ხმლები!

თავზევით აფრინდა ადოლფ ჰიტლერი!

აფრინდა გერინგი!

ხანჯლებმა ნაპერწკლების შადრევანში მოაქციეს დანარჩენი მოცეკვავეები!

ცაში გამოჩნდა წითელი ისტრებიტელი!

ისტრებიტელს მართავს ვარლამი! ისტრებიტელი იერიშს იღებს მოცეკვავეებზე!

ვარლამი ტყვიამფრქვევით გადაუვლის მოცეკვავეებს, აყრის ბომბებს!

ცეკვა გრძელდება!

ვარლამი ჰორიზონტზე მოატრიალებს ისტრებიტელს და ისევ შეუტევს მოცეკვავეებს.

ისტრებიტელი მისდევს შარვალჩავარდნილ სტოპას.

- ვერსად წამიხვალ, სამშობლოს მოღალატევ! - ყვირის ვარლამი და ყრის ყინულს იატაკზე.

 

დედის საიდუმლო საგანძური

 

მეზობელმა ყინულის ბრიკეტი შავი ჩანთით კიბეზე ამოარბენინა და აივანზე წალდით დაჩეხა.

ყინულით გაავსეს გრელკა და ვარლამს დაადეს თავზე.

მინოვიჩმა ვარლამის პულსი დაითვალა.

- გადარჩება, სონია, გადარჩება. - დარწმუნებით თქვა მინოვიჩმა და ფეხზე წამოდგა.

- აბა ვნახოთ ამისწინანდელი ანალიზები.

დედამ ვიშივკა გადააძრო პატეფონს, სახურავი ახადა, ჩაჰყო ხელი პატეფონის ხვრელში და ამოიღო:

საქორწილო ბეჭედი,

პალტოს სადაფის ღილი,

წვრილი რეზინით შეკრული ქაღალდების დასტა.

ჩახსნა რეზინა და ერთი ქაღალდი ექიმს გაუწოდა.

ექიმმა წაიკითხა და თქვა:

- იგივეა, რაც ახლა.

მინოვიჩმა დაახვია სტეტოსკოპი და ჯიბეში ჩაიდო.

- ოცდაცხრამეტი და სამი ფრინველთათვის, ისევე, როგორც ბავშვებისათვის - ნორმაა. სონია, ერთი წუთით. - გაიყვანა დედა კუთხეში.

- რა უბედურებაა, ბატონო ისაკ ჩემ თავზე?

- არაფერი, მაგრამ ნერვიულ სისტემაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ. დიდი განცდა ხომ არ ჰქონია რაიმე?

დედამ თავი დაუკრა.

- რასთან დაკავშირებით?

- სამაკატკასთან დაკავშირებით.

- კიდევ? - დაღონდა ექიმი. - მე თუ მკითხავ, სოფელი მოუხდება. არ იღელვო, ჯანმრთელად მენახე. სწავლას ყოველთვის მოასწრებს.

ვარლამმა, სანამ დედა ექიმს აცილებდა, წითელი წამლის ერთი აბი ბალიშის ქვეშ შეაცურა, წყალი მოსვა და ჭიქა ტაბურეტკაზე დადო.

 

ბრეზენტის გამოცდა

 

ბრეზენტის პლაშჩში ჩაცმული ვარლამი ეზოში ზის, მოშვებული კრანის ქვეშ.

მიმდინარეობს პლაშჩის გამოცდა.

ვარლამი წყლიდან გამოდის, გადააბრუნებს პლაშჩს. პლაშჩი შიგნიდან მშრალია და თონის პურის გემრიელი სუნი ასდის.

 

20%

 

დალაქის შეგირდი, ვარლამზე ცოტათი უფროსი ყმაწვილი, უხალისოდ

ხვეტავს შავ, ხუჭუჭ და ბლუ, ქერა თმას.

ცალთვალა ოსტატი კართან ზის და ლესავს სამართებელს. ვარლამი ჯდება

სარკის წინ.

პარიკმახერი აბესალომი არც განძრეულა.

აბესალომს ქამარზე ნელა დაყავს სამართებელი.

- კიდო? - უინტერესოდ იკითხა დალაქმა. - რა დაგვაბარა სონიამ?

- ოცი პროცენტით ნაკლებიო. - თქვა ვარლამმა.

- დარჩენილიდან თუ გუშინდელიდან?

- გუშინდელიდანო.

- სად ვნახო ახლა შენი თმა? - მოუბრუნდა შეგირდს - ხო გეუბნებოდი,

შეინახე-თქო.

ოსტატმა ხელი გაიშვირა სანიმუშო ფოტოებისკენ:

- ბალავაძე ხელს აწერს: ნულევოი! პოლუბოქსი! ბოქსი! მორჩა! "ტარზანის"

და ედიშერ მაღალაშვილის უფლება არ მაქვს! - მერე უფრო წყნარად

მიმართა შეგირდს:

- რო რამე იყვეს, გაკრიჭავ?

შეგირდი აღელდა, ქუდი მოიხადა, ისევ დაიხურა, ქუდიდან ჯანეტ

მაკდონალდის ფოტო გამოფრიალდა. ოსტატი დაიღუნა და ფოტო სარკის

ჩარჩოში გააკვეხა. ვარლამმა ქაღალდში გახვეული რაღაცა პატარა დაუდო.

ოსტატმა ქაღალდი გაშალა. ქაღალდში ცხრა აბი წითელი წამალი იდო.

- თავის ტკივილისაა, ხომ? - იკითხა ოსტატმა. ვარლამმა ტავი დაუკრა.

ოსტატმა წამალი ჯიბეში ჩაიდო.

- ზაპასით ეიღე. სოფელში მიდის. - ურჩია ოსტატმა შეგირდს.

ვარლამი დაჯდა, შეგირდი დიდი თითით კეფაზე დააწვა და მიუშვა მაშინკა

ნებაზე.

შეგირდმა ჩექმების ბრახუნით დაიწყო ვარლამის გარშემო სიარული.

ვარლამმა თვალები დახუჭა:

… იმ ნაპირზე ვიღაც სამი საძაგელი დივერსანტი, საკვირველად რომ გავს

სლიპუიას, შედანიას და ფეზუიას, მოკუზული გარბის შპალებზე.

ო, რა საშინელება ჩაუდენიათ!

ერთ ადგილზე შპალებისაგან რელსი აუწყვეტიათ.

და ტან დაუგრეხიათ.

შორიდან ისმის ორთქლმავლის კივილი.

ვარლამი მიაქროლებს სამაკატკას!

ვარლამი დაეწია ორთქლმავალს.

მემანქანეს წითელ ცხვირსახოცს აჩვენებს.

მემანქანე ამუხრუჭებს მატარებელს!

ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ლიანდაგია გაწყვეტილი.

ზღვა ხალხი, მგზავრები, პრავადნიკები, ვარლამისკენ მორბიან, მადლობის

სათქმელად.

- დამანახეთ! დამანახეთ! ის ხომ ჩემი მოსწავლეა! - ყვირის არითმეტიკის

მასწავლებელი, რომელმაც ამას წინათ გააძევა ვარლამი გაკვეთილიდან.

1 მაისი

ვარლამი წითელი სამაკატკით წინ მოუძღვის პარადს!

- ოუ! ჩევედით! ჩევედით! - მოკუზული, ძვლიანი თითი ჩაარტყა

პარიკმახერმა თავში ვარლამს. საკრეჭი მანქანა თაროზე დადო და

სამართებლის ლესვა განაგრძო.

ვარლამმა თვალი გაახილა, შეგირდი მის ხუჭუჭა თმას ხვეტდა.

ისევ ერმონია

ვარლამი ბეჭზე ორად გაყოფილი ტოფსიკით, სამი კილო ფქვილით

რკინიგზას მიუყვება თავისთვის. უკნიდან, სულ ახლოდან მატარებელმა

იკივლა. ვარლამი გადაახტა დამტვერილ ბუჩქს.

მოულოდნელად ვაგონიდან გამოფრინდა და ვარლამის ფეხებთან დაეცა

პაპიროსის ბიჩოკი.

არა, ეს არ იყო ბიჩოკი!

ეს იყო მთელი პაპიროსი, ოღონდ თავი ჰქონდა ოდნავ მომწვარი.

ვარლამმა ახედა მატარებელს.

ბოლო ვაგონის ტამბურის კიბეზე ერმონია იჯდა, ლურჯი მაისური ეცვა,

რომელსაც გულზე "შრომითი რეზერვები" ეწერა. კაცმა გახსნა პაპიროსის

ახალი კოლოფი, მაგრამ ქარმა კოლოფი მოსტაცა და ჰაერში გააფრინა.

ცაში პაპიროსების მარაო გაიშალა!

ვარლამმა ვერ მოასწრო ერმონიასთვის ხელის დაქნევა, ვაგონი მოსახვევში

დაიმალა.

ვარლამმა პაპიროსების აკრეფა დაიწყო.

პაპიროსებმა ლიანდაგის მეორე მხარეს გადაიყვანა ვარლამი.

ვარლამს უკანასკნელი პაპიროსის აღება უნდოდა, მაგრამ ნიავმა თუ რაღაცა

სხვამ პაპიროსი დაღმართში დააგორა. ვარლამი გაყვა. პაპიროსი მაყვლის

ბუჩქთან, ქვაზე ყალყზე დადგა!

სასწაული!

მაყვლის ბუჩქებში იდო ერთი ბანკა ამერიკული სგუშჩონკა და თეთრი,

ქათქათა პურის ბუხანკა!

სდექ!

- სდექ! - მოესმა უცებ ვარლამს და დაბალი ჯაგნარიდან

ზამბარანასროლივით გამოვარდა უზარმაზარი კაცი ავტომატ პპშ-თი.

- ვინ ვართ? საიდან მოვდივართ? საით მივდივართ?

- ბებიასთან…

- ბებიასთან მიდის მომქმედი.

- ბანოჯაში, გუმბრინში.

- ბანოჯა, გუმბრინი, მორჩა! ამიერიდან ეს ობიექტები სახელმწიფოს

განუყოფელი და ხელშეუხებელი ნაწილია. მათი დატაცება ისჯება სისხლის

სამართლის უმაღლესი… აქ არ ქნა! აქ არ ქნა! - შეშინდა სამხედრო.

გვიან იყო, ვარლამი ბუჩქისკენ გარბოდა.

ლაგერი

მზე ზენიტშია.

ვარლამმა ჩრდილი დაკარგა.

სულ სველი იყო.

საქუსლია რომ გაიარა, ორი ერთნაირი ფერდი გამოჩნდა, თითქოს სარკე

იდგა მათ შორის. ორივეს ტყვეები შესეოდნენ. ლეღვის ფოთლებით

ჩიჩქნიდნენ მიწას - ძირტკბილა ბალახს, მაყვალს ეძებდნენ. კანვოიც ამით

იყო დაკავებული.

ვარლამი შეუმჩნევლად გასცდა მათ. მალე მავთულხლართით შეღობილი

ფერდი გამოჩნდა, რომელზეც ბარაკებს აშენებდნენ გერმანელი პლენები,

მანამდე კი მცველიც და დასაცველიც ერთმანეთში ირეოდა.

კოლონიის ცენტრი მინიშნებული იყო დანაყილი აგურის ვარკვლავით,

რომლის გულში აღმართულიყო წითლად შეღებილი ბოძი. ბოძზე რადიო

ეკიდა. რადიოში უკანასკნელ ცნობებს გადმოსცემდნენ.

ვარსკვლავის წინ, სპეციალურ ყუთზე, ოფიცერი იდგა და სიას კითხულობდა.

პლენები რიგიდან გამოდიოდნენ და პასუხობდნენ:

- ჰანს მიდდენდორფ!

- ჰიირ!

- ოტტო შრადე! შტაინბრეხერ!

- ვარ!

- კურტ მიულერ!

- ვარ!

- მატიას კესტერ!

- ვარ!

- ოტტო შულც!

არავინ პასუხობდა.

- ოტტო შულც! - დასჭექა ოფიცერმა.

ჩამოვარდა სიჩუმე.

ავტომატები მზადყოფნაში მოვიდნენ. ძაღლები დაიძაბნენ. უცებ სიჩუმეში

წყლის ხმა გაისმა.

გერმანელი ტყვე ღობესთან დარგულ პატარა ნერგს პირში დაგუბულ წყალს

უსხამდა.

პილოტკით უკვე მოურწყია.

ატყდა ხარხარი. დაცვის პერსონალი სიცილისაგან ლამის ტალახში

გორავდა.

გერმანელები სდუმდნენ, ტყვე გამოიქცა, რიგში ჩადგა, გაიჭიმა და

ხმამაღლა დაიძახა:

- ვარ!

ამის შემდეგ პლენები ზონიდან გამოიყვანეს, ქვევით, გაველურებულ

სტადიონზე ჩაიყვანეს და ორად გაყვეს. ერთი ჯგუფი გვირაბში შევიდა,

მეორე კი სათაფლიისკენ გაუშვეს. მთის ძირში ტყვეები გაიფანტნენ

ძირტკბილას საძებრად. გერმანელები ბუჩქნარს შეესივნენ ქუდებით და

დახეული კალთებით.

ვარლამი მოშორდა ამ ხიფათიან ადგილს.

ბაბუა

ვარლამი ჩუმად მიეპარა ყანის პირას მძინარე ბაბუას. კვახის ფოთოლზე

ბიჩოკები დაუწყო, მთელი პაპიროსი კი ყურში გაუყარა და გზა გააგრძელა.

ბაბუამ გაიღვიძა.

- კაია, კაია. - თავისთვის ბურდღუნებდა შეუხედავი, ჩია ტანის მოხუცი და

დიდი, ნამუშევარი ხელებით ფშვნიდა ბიჩოკებს.

ბაბუას სამხედრო კალსონები და პერანგი ეცვა. თავზე ეხურა ოფიცრის

გამოხუნებული ქუდი, ემალის ვარსკვლავით.

სახლი

ბებიას და ბაბუას სახლი, ხანძარს რაც გადაურჩა, ძველ, დაბალ, ქვის

საფუძველზე იდგა. ეს იყო ერთი ოთახი და მასზე მიდგმული ბოსელი.

ბებია

- დედა! დედა! - აათამაშა ბებიამ თეთრი პური. - აღდგომაზე მაინც

ჩამოსულიყავი!

ვარლამმა ამერიკული სგუშჩონკა ამოიღო.

ბებია შეშინდა, უკან დაიხია:

- ვაიმე!

მიმაგრება

- ამხანაგო. - ღობესთან იდგა შინაგან ჯართა ავტომატიანი სერჟანტი.

გვერდზე ედგა მაღალი, გამხდარი გერმანელი ტყვე, რომელსაც

კეთილშობილ ავსტრიულ კეხიან ცხვირზე ცალშუშიანი სათვალე ედო.

უშუშო თვალი დახუჭული ჰქონდა, რაც მის გამოხედვას ზედმეტ სიამაყეს

მატებდა. ხელში ახლადგამოთლილი შინდის ხის ჯოხი ეკავა.

გერმანელმა ღობეში სარი გაასწორა და სერჟანტთან ერთად ეზოში

გადმოაბიჯა.

ბებია აჩქარდა, პური სახლში შეარბენინა.

- ჩაიბარე ტყვე და ხელი მოაწერე! - თქვა სერჟანტმა და ქაღალდი და

ფანქარი ბაბუას მიადო მუცელზე.

- არ ჩავიბარებ. - გვერდზე გადგა ბაბუა. - არც ხელს მოვაწერ.

- კუკლასავით მოაწერ.

- არ მოვაწერ.

- მე მოვაწერ. - იქვე გაჩნდა ბებია. ფეხზე კალოშები ეცვა და თავზე

სილამაზე ედო - ნაჭრის ნაკუწი. ბებიამ ქაღალდზე ჯვარი დასვა და ჯვარს

წერტილი გაუკეთა.

სერჟანტმა დაუმთავრებელი, ჩეკისტური ჩესტი ვიღაცას სივრცეში აუღო,

ღობეს გადაალაჯა და კოლონიისაკენ წავიდა, სადაც უკვე აგებდნენ

ბარაკებს.

ბაბუამ თოხს დაავლო ხელი და ხევში დაეშვა.

ტყვე ვარლამს მოუბრუნდა და წარუდგა:

- შულც.

მერე კი მანქანის დიფერის ნარჩენზე კანაფით მიბმული ვარიისკენ წავიდა,

დაიხარა, და ნელა მიუჩოჩა ხელი. ფრთხილად ახსნა, ჯიბიდან იდეალურად

გამოთლილი ხის პატარა სამკუთხედი ამოიღო, თავი შიგ გააყოფინა,

დაამაგრა და ცაში ააფრინა. უღლიანი ვარია მიწაზე დაეშვა და რვიანებით

დაიწყო სირბილი. შულცი კმაყოფილი დარჩა.

- კაია - ფრთილად თქვა ბებიამ, ახსნა ასეთივე უღლიანი თხა და ეზოდან

ჯირკვნარში შეიყვანა.

შულცი უცებ დასერიოზულდა, მუხლებზე დაირტყა ხელი, წამოდგა და თქვა:

- არბაიტენ. - შემდეგ ბორცვისკენ გაემართა. იქ, გვიმრაში და ჭინჭარში,

წაქანებული ჩეჩმა იდგა. კარის მაგიერ გეოლოგის დაფხრეწილი პლაში

ეკიდა, მთლად გახუნებული წვიმისაგან და მზისაგან.

შულცმა კარი-პლაში ასწია და თვალწინ უკანა კედლის მაგიერ ჩარჩოში

ჩასმული ზღაპრული პეიზაჟი წარმოუდგა: მარცხნივ - ტალღებად გაშლილი

აჭარის მთები და გურია, მარჯვნივ - ფირუზისფერი სამეგრელო და

აფხაზეთი, რომლის იქითაც ზღვა მოსჩანდა.

სამოთხის პეიზაჟის ფსკერზე, მოღუნულ ყანაში, ბაბუა ნიფხავ-პერანგის

ამარა თოხს აჩხაკუნებდა, ბებია კი ბალახს უცვლიდა თხას.

კოლონიის მხრიდან რადიო ისმოდა: ხაროგოულის მშრომელთა თხოვნით

მღეროდნენ "სისატურას".

- ფანტასტიშ. - თქვა შულცმა და ჩეჩმას შემოუარა. შემდეგ სახლს შეხედა

მოჭუტული თვალით.

1 სანტიმეტრის გახსენება

შულცმა ჩეჩმას სწორი რეიკა მოაძრო, ჩამოჯდა და ჩააკვირდა. შემდეგ

ფანქრის ნარჩენით დაიწყო მისი დაყოფა.

ვარლამმა სახლს შემოუარა, კედლიდან ქვა ამოაგდო, ხელი ჩაჰყო ხვრელში

და იქიდან დურგლის მეტრიანის ნარჩენი ამოიღო.

მიუტანა გერმანელს.

- დანკეშონ! - ორივე ხელი ჩამოართვა დიდი გრძნობით შულცმა და

ფართო ნაბიჯებით მანძილი გადაზომა ჩეჩმიდან სახლამდე.

ისევ 100 მმ-იანი მილები

მზე კენწეროში იდგა.

ვარლამმა თავისი ნახაზის შემოწმება დაიწყო. ცდომილება ერთი

სანტიმეტრი იყო. შულცმა თავი ასწია და ვარლამს შეხედა, გაკვირვებულმა.

- ერთი სანტიმეტრი! ეს ხომ ფანქრის სიმსხოა, როგორ არ

გავითვალისწინე?

- შნელ! შნელ! - უძახდა ზევიდან შულცი.

ისევ ერმონია

არხი ჩეჩმიდან სახლამდე უკვე გათხრილი იყო. კედლიდან ამოღებული იყო

ოთხი ქვა. 100 მილიმეტრიანი თუჯის მილი სახლში მესამედზე იყო შესული.

მეორე მილი უკვე ეზოში ეგდო.

- თეთრი პური, თეთრი რძე! - თხას ეზოსკენ მოათრევდა ბებია. - თეთრი

პური, თეთრი რძე!

ბებიამ გადათხრილი ეზო დაინახა:

- ვაი მე…

- აწი არ გაცივდებით! - აჩქარდა ვარლამი.

- ვაი მე… - ბებია ქვაზე ჩამოჯდა.

- წვიმა! ქარი! აწი გარე არ ივლი ღამეში.

- ახტუნგ! - ზევიდან გაისმა შულცის ყვირილი. ეზოში ხმაურით შემოვარდა

შავი მილი და ზუსტად გაჩერდა სახლში შემავალ მილთან.

- მინგრევ სახლს, ფაშისტო?! - ყვიროდა ღობეზე გადმოსული ბაბუა და

სახლისკენ მირბოდა.

- ამაზე მომეწერა ხელი?! აწი ეს მექნება სახლში ხო?! - სროლით

გამორბოდა სახლიდან ბოლში გახვეული ბაბუა.

შულცი არ დაელოდა საქმის განვითარებას, ღობეს გადააფრინდა და

კოლონიისაკენ გაიქცა მიხვევ-მოხვევით, მოკლე გადარბენებით, საქმის

ცოდნით.

ბაბუაც მცოდნე აღმოჩნდა, ტყვიას ტყვიაზე უჯენდა შულცის ფეხებთან.

ბებია კისერზე ჩამოეკიდა, მოხუცმა მოიშორა იგი და სროლით გამოეკიდა

გერმანელს.

- ვის გაუბედე!? პორფირია ბრეგვაძის და მატა ბალანჩივაძია დანატოვარს!

კოლონიიდან ხუთკაციანი რაზმი მორბოდა ავტომატების მოკლე ჯერით.

ორი სამხედრო ღობეზე გადმოფრინდა და ბაბუას ეცა.

- ომი წააგეს და ახლა ძღნერით უნდათ აგვივსონ ოჯახი! - ვერ

წყნარდებოდა ბაბუა.

კიდე სამი სამხედრო გადმოახტა ღობეს.

- დაყარე იარაღი!

ბაბუამ თოფი დააგდო.

- ვინ მოგცა იარაღი? ვინ არის ეს?

- ვაშლის დარაჯია. მოწინავე… - გაბედა ბებიამ თქმა და თუთის უკან

დამალა ცალი თვალი.

ბაბუა უცებ გამოვარდა შუა ეზოში, ზევით აიხედა, ელექტრობოძზე

დაინახა მონტიორი, რომელსაც ყურებზე მოსასმენები ჰქონდა

დამაგრებული. ბაბუამ მონტიორი დაინახა:

- ქართველები ხართ?! - მრავლობითში უკივლა მას. - ძღნერით გინდათ

ფაშისტებმა ამივსონ ოჯახი?!

- ერმონია! - იცნო მონტიორი ვარლამმა.

ერმონიას თეთრი შლაპა ეხურა, ფეხები კაუჭებში ჰქონდა გაყრილი.

ერმონიამ დაიწყო დაშვება.

- ვერ არი კარქათ… რემეტიზმი… - დაეღრიჭა ბებია ოფიცერს.

- მოდი აგერ შენ. - უბრძანა ბაბუას ოფიცერმა. - შემომხედე! - ჩახედა

თვალებში - გასაგებია. - თქვა ოფიცერმა.

- რაა გასაგები? შენ ოჯახში მოჯვამ შენ?! - ისევ აუწია ხმას ბაბუამ.

- ვოობშე ტო ონ პრავ - თქვა რუსმა სერჟანტმა. - ვოტ უ ნას ვ

კრიჟოპლე…

- მოლჩაწ! - უყვირა ოფიცერმა. - ეტო სამოსუდ!

ჯარისკაცმა ხელები ამოუტრიალა ბაბუას. ბაბუა დაიკლაკნა და თვითონაც

ამოუტრიალა ხელი ჯარისკაცს.

ოფიცერმა ბაბუასკენ გაიწია, ცაში იარაღი აათამაშა.

- სტაიაწ! - გაისმა უცებ წყნარი, მაგრამ ძლიერი ხმა. ამ სიტყვებით

მჩატედ გადმოაბიჯა ღობეს შლაპიანმა ერმონიამ. ცალ, ჯანსაღ ფეხზე

შიგრიმის თხელი ჩექმა ეცვა, მეორე, დაბინტულზე - ფოსტლი. დინჯად

მივიდა ჯირკთან, ამოიღო ჯიბიდან პაპიროსის კოლოფი "ჰერცოგოვინა

ფლორ" , პაპიროსი კოლოფზე დააკაკუნა, მოუკიდა, აიწია ფოლადისფერი

გაბარდინის პლაში, ჩამოჯდა, თვალები დახუჭა, ბოლი ჩაისუნთქა და არ

ამოუშვა.

- საიდან გაჩნდა ეს აქ?! - უყვირა ოფიცერმა სერჟანტს. სერჟანტმა

წარბებით აჩვენა, ბოძიდანო.

- საბუთები, მოქალაქე! - უყვირა ერმონიას ოფიცერმა.

ერმონიამ თვალი არ გაახილა, მხოლოდ ბოლი გამოუშვა ნესტოებიდან და

გაოცნებებულმა ასე უშვა უსაშველოდ დიდხანს, თითქმის წუთი, მეტი თუ

არა.

- იწვის? - წაიჩურჩულა ბებიამ.

ბოლოს ერმონიამ თვალი გაახილა და მძიმედ დაადო მზერა ოფიცერს.

თვალის გუგები შავი ჰქონდა, კაკლები კი - თეთრი.

ოფიცერი ნელ-ნელა დადგა სმირნაზე.

- საჯაროდ, გერმანელების თვალწინ, გლეხის დაჭერა პოლიტიკური

შეცდომაა, უფრო მეტიც - მავნებლობაა. ეს ეწინააღმდეგება გერმანელ

ტყვეთა შორის ჩვენს კონტრპროპაგანდას და თანხმობაშია მემარცხენე

ოპოზიციასთან.

ორმა ჯარისკაცმა ღობეზე შულცი გადმოიყვანა.

შულცის დანახვაზე ბაბუამ მუხლზე ბუზი დაიჭირა და მიწაზე დაანარცხა.

სჩანს, ერმონიას ეს არ გამოეპარა, ფეხზე წამოხტა, ბაბუასთან მიიჭრა,

მოწყვიტა კვახის ფოთოლი და ცხვირთან მიუტანა:

- რა ჩაიდინე ეს! ეს არ მინდაო! უკულტურობა მინდაო! სახლში არ ვიზამო!

რა! - ფოთოლი ოფიცერს ფეხებთან დაუგდო და ცხარედ შეუტია:

- რას მიკეთებ შენ აქ!? ქვეყანამ ამოდენა საქმე დაგავალა! ემადუდინ!

შლაპა მოიხადა, თეთრი კაშნე უკან გადაიგდო, შლაპა გამელოტებილ

თავზე დაიხურა, თეძოებზე ხელები დაიდო, ჩაფიქრდა, უპაპიროსოდ

ნესტოებიდან გრძელი ბოლი გამოუშვა, თხრილში ჩაიხედა და განაჩენი

გერმანულად გაანაჩინა:

- საქმე დაწყებულია! საქმე უნდა დამთავრდეს!

შემდეგ ოფიცრის წინ დადგა, კუპრივით შავი თვალები თვალებში გაუყარა

და სულ ჩუმად, ტუჩგაუხსნელად უთხრა:

- მუხლი 58, ბ, ეს, ეს, ეს, ერ, იცი? კრრუგომ მარშ!

რაზმმა ოფიცრიანად დატოვა ეზო. ბებიამ სტაცა ბაბუას ხელი და სახლში

გააძუნძულა.

შულცი უკვე ორმოში იდგა.

- არბაიტენ! - უთხრა მკაცრად ერმონიამ. - შნელ, შნელ, შნელ. - შემდეგ

გაბრუნდა, ისევ მჩატედ გადააბიჯა ღობეს და ჩქარი ნაბიჯით უხნავი მიწით

წყალტუბოსკენ წავიდა.

ვარლამიც გადაახტა ღობეს, უნდოდა უცნობისთვის ეთქვა, რომ იქით გზა

არაა, მხოლოდ კოლმეურნეობის ყანებია და ყანების იქით კი უფსკრული.

ერმონიამ კიდევ უფრო აუჩქარა და სირბილზე გადავიდა. ხანდახან

გამოჩნდებოდა ყანებში მისი თეთრი შლაპა, შემდეგ უცებ გაქრა.

ვარლამმა რომ უფსკრულთან მიირბინა, იქ აღარავინ იყო.

ვარლამმა რომ უფსკრულში ჩაიხედა, მის ფსკერზე "გრუზშახტოსტროის"

უსახურაო ბარაკი ეგდო. ცაში აიხედა, ცა სუფთა იყო, ვარლამის თავზე

ლურჯი მტრედი სალტოს სალტოზე აკეთებდა.

ვარლამმა უკან მოიხედა, იქაც არავინ იყო.

მხოლოდ შულცის თავი ჩანდა ორმოდან. გერმანელი ინტერესით იყურებოდა

ცაში.

მტრედი წერტილად გადაქცეულიყო.

ძროხამ ბაწარი დაქაჩა, იმასაც ცაში ჰქონდა თავი აწეული, ბღაოდა.

ცაზე წერტილად ქცეულმა მტრედმა უკან იწყო სვლა, პატარა, ოთხფრთიან

თვითმფრინავ "უ-2"-ად გადაიქცა და დაშვება იწყო. შემდეგ მთებში

დაიკარგა და უცებ სატურიის უკნიდან ამოფრინდა, ეზოს თავზე ფრთები

აათამაშა და ქუთაისის აეროდრომისკენ გაფრინდა.

სიჩუმეში ბალახი აშრიალდა, ვარლამის ფეხთან შიგრიმის ტყავის ჩექმა

დავარდა. ბალახმა ისევ გაიშრიალა. ვარლამის წინ ცალი ფოსტლი ეგდო.

ვარლამმა დაავლო ორივეს ხელი და სახლისკენ გაიქცა.

სახლში ბებია პიტნის ფოთოლს აჭმევდა ბაბუას. ვარლამმა ბაბუას

ჰოსპიტლის ვიწრო რკინის საწოლთან დაულაგა ჩექმა და ფოსტლი. ბაბუამ

არც დახედა, წამოხტა, თოხს წაავლო ხელი და ყანაში ფეხშიშველი

გაიქცა.

შულცი მანქანასავით რიტმულად ურტყამდა კირკას ქვატირს, როცა მის წინ

ორმოში "ჰერცოგოვინა ფლორ"-ის კოლოფი დაეცა. ახედა ცას. ცა ცარიელი

იყო.

ბებია წრიულად დადიოდა თხრილის გარშემო და თავისთვის იმეორებდა:

- გარე განავალს სახში რა უნდა?

ქვეყანას ჭრიჭინა აყრუებდა.

გერმანელების კოლონიის რადიო "მე ვარ სიმონა დოლიძე"-ს გადმოსცემდა.

მეორე ნაწილი

ანტიკური ტრადიციები

განუწყვეტლივ წვიმდა.

კოლონიის რადიოში პავლე ხუჭუა ჰყვებოდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის

ბიოგრაფიას.

მის ხმას ფონად რეკვიემი მისდევდა.

ყვავილი მიწიდან უკვე 20 სანტიმეტრით ამოსულიყო. შულცი დაიხარა და

დამპალი ფოთლები შემოაცალა. რომ გასწორდა, ბაბუა დაინახა.

ბაბუა მოხრილი დადიოდა სახლის გარშემო და რაღაცას ეძებდა. ბებია უკან

დაჰყვებოდა და, ვითომ განრისხებული, ზურგში ურტყამდა გაძვალტყავებულ

მუსტს.

- ვინ გასწავლა მა უბედურება! იმან იარა უკუღმა, ვინც შენ მთაში ხე-ტყის

დამზადებაზე გაგიშვა! ხო არ გეცოდინებოდა მა უსირცხვილობა! არ გინდა,

ბიჭო, დაგვიჭერენ სუყველას!

ბაბუა სახლის ქვეშ შეძვრა და ჯერ ორი ცალი საზამთროსოდენა ხის

ბურთი გამოაგორა, მერე მეტრანახევრიანი ხის ძელი გამოათრია. ეს

ყველაფერი ურიკაზე დააწყო და ყანისკენ გააგორა.

სახლიდან ვარლამი გამოხტა.

ბაბუამ ძელი ყანის პირას გადმოიღო, წვალებით დააყენა მიწაზე და აქეთიქიდან ბურთები შემოუწყო.

შულცი მიხვდა, რომ ბაბუამ ფალოსი ააშენა.

ბაბუამ ძლივს მოსწყვიტა ძელი მიწას,ჩაიხუტა და წაქცეულ ყანაში შევიდა.

ბებია და ვარლამი ხის ბურთებს მიაგორებდნენ, ერთი მარჯვნიდან და

მეორე მარცხნიდან.

შუა ყანაში ბაბუამ ძელი ზევით ასწია და ცას შესძახა:

- შეგეცი!

ბებიამ მუშტი ჩაარტყა ზურგში და თვალებით ვარლამზე მიუთითა.

- შაო ღრუბელო, შეგეცი! - კიდევ უფრო ხმამაღლა იყვირა ბაბუამ,

წაქანავდა და გაეპარა. ბებიამ პირზე ააფარა ტალახიანი ხელი. ბაბუა

გაბრაზდა, პირი გაინთავისუფლა და უფრო მეტი რისხვით დაემუქრა შავ

ღრუბელს:

- შეგეცი!

ცაზე არავითარი ცვლილება არ აღინიშნა. პირიქით, ვარლამს მოეჩვენა,

რომ წვიმამ ცოტა მოიმატა კიდეც.

უცებ ბაბუამ შულცს მოჰკრა თვალი, განრისხდა, ფალოსი იქვე დააგდო,

ბურთები ფეხით მიყარ-მოყარა და ცარიელი ურიკა სახლისკენ გააგორა.

ბებია და ვარლამი უკან მიჰყვნენ.

სახლამდე არც კი იყვნენ მისულები, რომ ღრუბელი გაიშალა და მზემ

გაანათა ჯერ ყანა, მერე კოლონია, მერე ბრეგვაძეები, მერე აქეთ - გურია

და იქით - სამეგრელო და აფხაზეთი.

რადიოში მოცარტის "თურქული მარში" ისმოდა.

რადიოს ბოძთან გერმანელები იდგნენ და თავის ქნევით დირიჟორობდნენ

უხილავ ორკესტრს.

მუსიკა დამთავრდა და უკანასკნელი ცნობები დაიწყო:

- კიდევ ერთი დიდებული საჩუქარი გაგვიკეთეს ტყიბულისა და ტყვარჩელის

მეშახტეებმა!..

გერმანელები კოლონად მოეწყვნენ და ვაგონების დასაცლელად წავიდნენ

სადგურისაკენ.

ბაბუას სახლს რომ ჩაუარეს, შულცმა დაინახა, რომ ბაბუა ტალახიან

ფალოსს სახლისაკენ მიაგორებდა ფეხით.

ბაბუამ შულცს რისხვით და სიამაყით შეხედა.

იდეის მარცხი

ლურჯი ცა.

აეროდრომი.

დიდი ანგარი.

საკუთარი ნაწარმოებების ფონზე მუშაობს მხატვარი და პარადების

რეჟისორი ოლეგ დევიძე.

რა არ გაუკეთებიათ: ფანერის ათმეტრიანი ნამგალი და ჩაქუჩი, ქაღალდის

ჩაის ბუჩქები, ტრანსპარანტები, ლოზუნგები, ლენინის პაპიე-მაშეს ბიუსტი,

ჩასმული აბრეშუმის სხივებში.

აქ ასობით გოგონასა და ბიჭუნას მოუყრია თავი. წითელი ვაგონის თავზე

ტკაცუნით ფრიალებს აბრეშუმის ნაჭერი.

ვაგონის აივანზე მაგიდასთან ის ქალბატონი მუშაობს, ამას წინათ რომ

გერმანელების ტალახში ამოსვრის ღონისძიება ჩაატარა. უამრავი ხალხი

ასევია.

ვარლამი ძალიან ღელავს.

ახლა წყდება მთავარი საკითხი: მოხვდება პარადზე თუ არა.

სევდიანი უყურებს ასეულს, რომელიც მარშით დადის საფრენ ბილიკზე.

მათ წინ მოუძღვის პატარა დროშებით მორთული ოდესღაც ვარლამის

სამაკატკა.

სამაკატკას მართავს სლიპუ, ხოლო გვერდით ზვიადად მოაბიჯებენ ფეზუ

და შედანია. მოაქვთ ვოროშილოვისა და ბუდიონის პორტრეტები.

მოვიდა ვარლამის რიგი. გული ამოვარდნაზე აქვს.

ვარლამი დგება სიმაღლის საზომის ქვეშ.

ზუსტად 135 სანტიმეტრია!

ეს გამარჯვებაა!

ეს უდაოდ გამარჯვებაა!

ვარლამის ბედნიერებას საზღვარი არა აქვს!

მას უღიმის ცა!

მას უღიმის შორეული აჭარის მთები!

მშვენიერია პატარა თვითმფრინავები!

მშვენიერია წითელი ძროხა, მათ შორის რომ ბალახობს!

მას უღიმის ცქრიალა გოგონა!

ყველაფერს მე ხომ არ უნდა ვაკონტროლებდე?! - ისმის ქალის ხმა ვაგონის

აივნიდან. - ეს საზიზღარი ას ოცდაათიც არაა! გახადეთ მაგას ფეხსაცმელი!

იმწამსვე საიდანღაც ჩნდებიან სლიპუ, ფეზუ და შედანია!

ძალით ხდიან ვარლამს ფეხსაცმელს და …

ჰოი, სირცხვილო!

ფეხსაცმლიდან ამოაქვთ გაზეთებიდან გამოჭრილი ორ-სან სანტიმეტრიანი

ქუსლები.

კუდრაჭა გოგონა აღარ უღიმის ვარლამს.

ვარლამი არღვევს წრეს, მირბის, ხულიგნები მოსდევენ და თავზე აყრიან

გაზეთის ნაკუწებს.

ვარლამის სიკვდილი

(გლოვა)

ვარლამი გარდაიცვალა.

შავებში ჩაცმული პროცესია ნელა აუყვა რიჟინაშვილის ქუჩას. ზევით

საფიჩხიის სასაფლაოა.

მოაქვთ ორ და სამსართულიანი ვენოკები. მათზე დამაგრებულია მუყაოს

შავი გულები, რომლებზეც წერია:

"საყვარელ ვარლამს. მე-9 სკოლა"

"დაუვიწყარ ვარლამს. მე-2 მსოფლიო ომის მონაწილენი"

თაიგულს მიჰყვებიან ინვალდები, უმრავლესობა პადშიბნიკიანი ტაჩკებით.

პროცესია ჩერდება კიკაჩეიშვილის სახლის წინ. ყველა ახედავს თამარას

ფანჯარას. ფანჯარაში შავებში ჩაცმული კიკაჩეიშვილი დგას და ცრემლიანი

თვალებით კითხულობს ვარლამის წერილს:

" ყველაფერი მიპატიებია. ასეთი ყოფილა ჩემი უბედური ბედი.

ვრლ."

ხალხი მძიმედ ამოიოხრებს:

- თფუი შენს ქალობას! - ხალხი აფურთხებს კულტურის განყოფილების

ინსტრუქტორის კარს. საიდანღაც გაჩნდა კაკაურიძე. ის შავ ცხენს ყალყზე

აყენებს.

შავებში ჩაცმული ფეზუია, სლიპუია და შედანია შავი სამაკატკებით

სამარცხვინოდ უკან-უკან იხევენ და ჭომის კლდიდან ეშვებიან უფსკრულში,

ქვესკნელში.

სასაფლაოს ფოლადის "დუგლასმა" გადაუფრინა.თვითმფრინავი ფრთებს

აქეთ-იქით ხრის და სასაფლაოს შორდება. საფიჩხიაზე ათჯერ ისვრის

ქვემეხი.

ვარლამი ლოგინში წევს, თავზე ყინული ადევს და ცრემლი ნაკადად

მოედინება.

დედა უყურებს ვარლამს და ტირის.

- დაწყნარდი, სონია, გადარჩება. - კალოშებს იცვამს ექიმი მინოვიჩი.

! არა და არა !

შუაღამე.

ქარი ღმუოდა, წუოდა კოლონიის მავთულხლართებში. თქეშით მოდიოდა

წვიმა.

უკუნეთი.

არ ჩანდა გუმბრინი, არ ჩანდა ბანოჯა, არ ჩანდა საყულია, ნაგარები,

გოდოგანი, არაფერი არ ჩანდა.

არ ჩანდა ქუთაისი.

საქუსლიაზე ღმუოდნენ ტურები.

კუთხეებში მხოლოდ ოთხი პროჟექტორი და ცენტრში ერთი 200-იანი

ნათურა ანათებდა ახალთ-ახალ სართულნახევრიან ბარაკებს.

გაიჭრიალა ტახტმა, ბაბუამ ნელ-ნელა ჩამოუშვა ფეხები მიწაზე.

ბებია იმწამსვე წამოხტა ტახტიდან და ჭრაქი აანთო.

გრძლად იბადება სიღრმეებიდან, გაბმული, მშრალი, გაუთავებელი ხველა.

ასე ხველებით მიდის ბაბუა ჩაშავებული კარისკენ. ბებია წინ ეღობება და

ახლად ჩადგმული, თეთრად შეღებული, კოხტა კარისაკენ ექაჩება,

რომელშიც გულია ამოჭრილი.

ბებია უღიმის კარს, აღებს და ბაბუას საკუჭნაოს უნათებს.

პატარა 1,5 კვ.მეტრიან საკუჭნაოში დგას ტაბურეტკა, რომლის საჯდომზე

ამოჭრილ წრეში ჩადგმულია თეთრად შეღებილი ქოთანი, მიერთებული

თუჯის 100 მმ-იან მილთან. მეორე, უფრო წვრილი მილი ზევით ადის და

შედის ოთხკუთხა ვედროში, რომელზეც ხისგან გამოჭრილი წითელი ვარდი

ჰკიდია წვრილი ძეწკვით.

ბებიამ თითი დაადო სპილენძის ქოთანს:

- ამაში იზამ ფისის და მერე ამას ასე ჩამოწევ ქვევით!

ბებიამ ვარდი ნაზად დაქაჩა. ოთხკუთხა ვედროდან წყალი ხმაურით დაეშვა

თეთრ ქოთანში დაბზრიალდა. ვედროდან იმწამსვე ამოხტა ყვითლად

შეღებილი ჟეშტის სველი ჩიტი. ჩიტს თითბერის პაწაწუნა გაიკები და

შაიბები ეკიდა, რომლებმაც შეხებისთანავე დაიწკარუნეს "ჟუჟუნა წვიმა

მოვიდა".

- ბალანჩივაძეები სუ ბოზები ხართ ყველა! - ხელი კრა ბაბუამ ბებიას და

გარეთ გავარდა. ბებია ტახტზე დაეცა.

წელში მოკაკული ბაბუა ქარს მიაპობდა და ზევით, ჩეჩმისკენ მიიწევდა.

ქარმა იმატა, გაძლიერდა, ფოთლები და ფიჩხი აიტაცა, ალვის ხეები

გადაზნიქა სამტრედიიდან ქუთაისისკენ და ბაბუას ტანისამოსი შემოაცალა.

- სადღაა ნამუსი, სირცხვილი! გადაშენდა ქალი-კაცის, ცოლი-ქმრის

მორიდება!

ბაბუამ ნიფხავ-პერანგის ამარა მიაღწია ჩეჩმას. სულ გალუმპული იყო.

ქარი წუოდა ჩეჩმის ნაფოტებში, დროშასავით ფრიალებდა გეოლოგის

პლაშის ნაგლეჯები, რაც ჩეჩმას სიდიადეს მატებდა. ეზოს თავზე მაღალი

ძაბვის მავთულები ერთმანეთს ედებოდნენ, ნაპერწკლებს ყრიდნენ, შხამიანი

მწვანე შუქით ანათებდნენ ეზოს. ო, რა მრისხანედ გამოიყურებოდა დღისით

ასეთი უბრალო და საწყალი ჩეჩმა!

საზარლად ყმუოდნენ ტურები.

ბაბუა იდგა ჩეჩმის წინ და ვერაფრით ვერ შვებოდა საქნელს, იჭინთებოდა

და ბრაზობდა.

- გამოდი თუ გამოდიხარ! რაში მარგიხარ მეტში! - უბრაზდებოდა ურეთრას

ბაბუა.

სულ სველმა ბებიამ, როგორც იქნა, ზევით ამოაღწია. თავზე კეციის

დამწვარი ჟეშტი ედო, ბაბუასთვის კი ტყლაპის ყავრის დაფარება უნდოდა.

ქარს წრიულად დაჰქონდა ორასიანი ნათურა. მის შუქს ასევე წრიულად

გამოჰქონდა სიბნელიდან გერმანელების კოლონია.

ბაბუამ გამოსტაცა ბებიას ყავარი და გერმანელების კოლონიას ესროლა.

- რად მინდა ნაუკა! ჩათლახები გვაკლდა, თქვენ რო ჩამოგათრიეს

გულგასახეთქად! ფაშისტებო! სადაა ჩემი გოგია! - ხმა გაუტყდა,

მოტრიალდა, ზურგში კრა სვანეთიდან მოვარდნილმა ქარის ტალღამ,

ძუნძულით გააქანა ქვევით და იმაში შეაგდო, რასაც ხანდახან შობასა თუ

აღდგომაზე მოკლედ და მორცხვად წარმოთქმულ სადღეგრძელოებში სახლს,

ოჯახს თუ კერიას არქმევდნენ.

დეპეშა

თეატრი.

სიცივე.

მაყურებლებს პალტოები აცვიათ.

სცენა წარმოადგენს რომანტიულად განათებულ სასაფლაოს. გათხრილი

საფლავიდან მესაფლავის თავი ჩანს.

ვარლამი საორკესტრო ორმოში ზის და დედას ნოტებს უფურცლავს.

ორკესტრში უმთავრესად ქალები არიან. მუსიკა ჯერ არ ჟღერს. ვარლამი

მიშტერებია როიალის ბორბალს. მეორე ფეხი უკვე უბორბლოა და აგურზე

დგას.

დირიჟორი ნაქსოვ ხელთათმანებს იძრობს. ვარლამი გვერდს გადაფურცლავს,

დედა იწყებს სევდიან მელოდიას, სცენაზე შემოდის ხავერდში გამოწყობილი

ჰამლეტი. სიცივეა. ცდილობს ხშირად არ ისუნთქოს. პირიდან ორთქლი

ამოსდის.

- ყოფნა არ ყოფნა, საკითხავი აი ეს არის… - იწყებს მსახიობი და

ორკესტრი ჩუმად აჰყვება დედის ვიოლინოს. საორკესტრო ორმოში

შემოდის თმახუჭუჭა, ჭაღარა ადმინისტრატორი. ის მონოლოგის

დამთავრებას ელოდება, დედას პიუპიტრზე დეპეშას უდებს და გრძნობით

ართმევს ხელს.

დეპეშა ბაბუას გარდაცვალებას იტყობინება.

ადმინისტრატორი პაუზას ელოდება, დედას ვიოლინოს ართმევს და დაკვრას

აგრძელებს. დედა დგება. ადმინისტრატორი ჯდება.

დედა თავის ჭრელ შალს არფისტკას უდებს მუხლებზე, მის შავ შალს თავზე

იხურავს და ორკესტრიდან გადის.

მატარებელი

ღამის წყვდიადში მიჰქრის ლოკომოტივი, მიაპობს თოვლსა და წვიმას.

ვაგონი გადატენილია. ბჟუტავს ორი შიშველი ნათურა.

ვერ გაიგებ, დედას სძინავს თუ ღვიძავს. იღლიაში აქვს ამოდებული

დალატკული ტომსიკა სამი კილო სიმინდის ფქვილით. ვარლამს თავი აქვს

გაყოფილი ერთგულიან ვენოკში, რომელზეც ლურჯი კარდონია წარწერით:

"ვარლამს, დაუვიწყარ მამას და ბაბუას".

ვარლამს სძინავს. მუხლებზე ბაბუას გადიდებული და უხვად რეტუშირებული

შავ ჩარჩოში ჩასმული ფოტო უდევს.

დედის გვერდით ზის მძინარე კაცი, ორ თითს შორის ჩასმული ბრიტვით

რომ სერავს დედის ტომსიკას. ფქვილი წყალივით მოედინება ჟეშტის

კოლოფში. ისმის კავკასიური გარმოშკა. ქურდი ხელს ავლებს ჟეშტის

კოლოფს და სასწრაფოდ ტოვებს ვაგონს. ვაგონში შემოდის უსინათლო

ინვალიდი და მთელი ხმით იწყებს სიმღერას:

ჩემს ეზოში წვიმა მოდის,

შენს ეზოში დარიაო,

მე და შენი განშორება, გენაცვალე,

სულ გიტლერის ბრალიაო…

დედა იღვიძებს, იღვიძებს ვარლამიც. ვარლამი სამკაპიკიანს აძლევს

ინვალიდს.

სატურიისკენ

მატარებელი ერთი წუთით გაჩერდა. დედა და ვარლამი ხრეშზე ჩამოხტნენ.

აღარ წვიმდა. დედამ ცარიელი ტომსიკა დაფერთხა, დაკეცა და ჩანთაში

ჩაიდო.

მატარებელი ადგილიდან დაიძრა.

დედა და ვარლამი სამტრედიულ პრალიოტკაზე დასხდნენ. სამხედრო

ქუდიანმა კაცმა ბუზებით შეწუხებულ ცხენს შეაგინასავით და ცხენიც

მორჩილად წავიდა წინ.

დამტიტარო, დიმტიტარო, თავმჯდომარეს დიდი ტარო, ღარიბსა და

გაჭირვებულს პატარა და ჭყინტი ტარო… - ისმოდა ვაგონიდან ინვალიდის

მხიარული ხმა.

გასვენება

ოციოდე ნათესავი ჩამოვიდა ბაბუას გასვენებაზე: ქუთაისიდან, ბანოჯიდან,

გეგუთიდან და საყულიიდან, უმთავრესად გურეშიძეები, ბალანჩივაძეები და

ბრეგვაძეები.

აღარ წვიმდა. ქვენა ქარი უბერავდა. ეზო უკვე მშრალი იყო.

ბებიას ბოტები ეცვა.

ზოგმა კილო პური ჩამოიტანა, ზოგმა - ორი-სამი კილო სიმინდის ფქვილი,

ბაქოსი ბალანჩივაძემ კი ლეღვის ფოთოლში გახვეული წველა ყველი

მოიტანა. მოსაკითხს სკივრზე დებდნენ დიდი ბოდიშით.

კაცები ცალკე იდგნენ, ქალები ცალკე. ლაპარაკობდნენ ცოტას, ჩუმად და

რადიოსავით ზრდილობიანად.

სახლის უკნიდან ბოლი ამოდიოდა - ლობიო იხარშებოდა. გორებზე

ყეფდნენ შინაური ძაღლები.

- სუნი მიუვიდათ ალბათ. - თქვეს კაცებმა. ქალებმა თავი დაუკრეს

თანხმობის ნიშნად.

უცებ ჭიშკარმა გაიჭრიალა, ყველამ იქით ქნა პირი.

ეს გახლდათ ერმონია!

ერმონიას ამჯერად ავიატორის ტყავის პალტო ეცვა, თავზე თეთრი შლაპა

ეხურა, კისერზე თეთრი აბრეშუმის კაშნე ეკეთა. ცალ ფეხზე შიგრიმის

ჩექმა ეცვა, მეორე, დაბინტული კი ფოსტლში წაეყო. ხელში დერმატინის

შავი ჩანთა ეჭირა.

უკან შულცი მოჰყვებოდა რკინის ურიკით. ურიკაზე კუბო იდო გვერდულად.

შულცს კანვოი მოჰყვებოდა პპშ ავტომატით.

ერმონიამ შლაპა მოიხადა და შულცს რაღაცა უთხრა გერმანულად. ტყვემ

პილოტკა იღლიაში ამოიდო და ურიკა კაკლის ხესთან მიაგორა. ჯერ კუბოს

თავი მიაყუდა ხეს, შემდეგ კუბო. წუღებში ჩაცმული ფეხები ერთმანეთს

მიადო მხედრულად, ადგილზე მოტრიალდა, ეზოდან გავიდა და პილოტკა

დაიხურა. კანვოიმ გვერდით ბორცვზე, ჯაგნარში გადაიყვანა.

ერმონიამ ბებიას პადრუჩკ-ხელკავი გაუკეთა და სათუთად შეიყვანა სახლში.

მაგიდასთან ჩანთა გახსნა, ახალთახალი წუღები ამოიღო და თავით აჩვენა,

ეს მიცვალებულსო. ამერიკული მზესუმზირის ზეთის ერთლიტრიანი ბოთლი

და ნახევარი კილო შავი მორგვი საწინდე ძაფი სკივრზე დადო, ჯიბიდან

ფული ამოიღო, ბებიას გადაუთვალა 17 მანეთი, თავისთვის სამი დაიტოვა.

- ვინაწილებთ შენს მწუხარებას. - უთხრა დომნას, ხელი ჩამოართვა და

გარეთ გამოვიდა.

ამოვარდა ქარი.

კუბომ დიდი მოწონება დაიმსახურა. ქალი, კაცი, ჩამოსული თუ

ალაგობრივი ყველა ხელს უსვამდა, თავს აქნევდა და "ნწ-ნწ"-ს ამბობდა.

მართლაც შესანიშნავი რამ იყო, გაშალაშინებული და შეკრული.

ნაომარმა ერმილე ბალანჩივაძემ კუბოს წაღმა შემოუარა, ხელი გადაუსვა

და თქვა:

- ამათ რაფრა მოვუგეთ ჩვენ ომი?

პორფილემ კი თქვა:

- ლურსმანი რო არ უხმარია?

- ლურსმანი ალპობს ხეს. - თქვა კალენიკემ. კოლონიაში ჩამოკრეს რელს

რკინა.

- აუჰ! - ერმილემ საათს დახედა, შეარხია, ყური დაუგდო და თქვა - აუჰ!

ოთხი გამხდარა! აბა, დევიწყოთ!

დატირება

ბაბუა სახლიდან გამოასვენეს, სამჯერ წაღმა დაატრიალეს, კუბო კარზე

სამჯერ მიარტყეს და გზას დაადგნენ.

ჯაგნარიდან ორი ქალი გამოვარდა, მძიმედ სუნთქავდნენ ნარბენები.

ერმილემ ორ-ორ მანეთი მისცა. ქალებმა ფული ძუძუებში შეინახეს, თმები

გაიშალეს და იკითხეს:

- რა ქვიოდა უბედურს?

- ვარლამი.

- ისთე რა ქვიოდა, ცოლისთვის?

- ვატაია.

- რა მიქენი ვატაია? - ხმამაღლა, გაშლით თქვა ერთმა მოტირალმა.

ქალებმა ერთად იკივლეს:

- სად მიდიხარ, ვარლამ!?

შემდეგ რიგრიგობით და ხმამაღლა ეკითხებოდნენ ცას, მიწას, ხალხს, მთებს,

ხეებს და ღრუბლებს:

- ვინ დადიოდა შენზე კარგი ამ ქვეყანაზე?

- რატო წადი?!

- რატო მიგვატოვე, არ გრცხვენია?!

ბებია თეთრი იყო, უცრემლო თვალებით შეჰყურებდა ცას.

მეორე მოტირალმა მოჭუტული თვალებით არემარეს შეხედა და გულში

ჩამწვდომი ხმით განაგრძო:

- ვეღარ მეიტანს ნიავი შენ ხმას სატურიიდან!

პირველმა ბებიას ბოტებს შეხედა და განაგრძო:

- ვინ წეიღებს ფიჩხს ქუთეისში, ვინ ჩამომიტანს ბოტებს ქუთეისიდან?

- ატმის ჩამონათალო, - განაგრძო მეორემ და პირველს გადახედა,

განაგრძეო.

- ჩემო მზეო, ჩემო მთვარეო, გულის კაპლო…

- შენ რო შემომხედავდი ალერსით, საყვედურს არ მეტყოდი…

- ხმა ამეიღე ვატაია, ბიჭო, რა ვქნა აწი უშენოდ?! - იწივლა პირველმა.

- ვინ მეტყვის ხვალ დილას, ადექი დომნა, საყულიაში გათენებულაო!

ბებიამ სახეზე შალი ჩამოიწია და უხმოდ ატირდა. ატირდნენ სხვებიც.

უმატა ქარმა, ჯაგნარმა ფსტვენა იწყო.

…ნელა მიჰყვება პროცესია კოლონიის მავთულხლართებს.

კოხტად ნაშენი სართულნახევრიანი სახლები, გაკრეჭილი გაზონები,

შეღებილი ბაღის სკამები, თეთრი საკონცერტო ნიჟარა, ყვავილები,

ყვავილები, ყვავილები…

- ვინაა ახლა პლენში, ჩვენ თუ იგინი? - თავისთვის ჩაიბურდღუნა ერმილემ.

ცოლმა ხელი ააფარა პირზე.

მართლავ ძნელი სათქმელი იყო, ვინ ცხოვრობდა შემოღობილში:

ბალანჩივაძეები, გურეშიძეები და ბრეგვაძეები თავის გატიალებული ეზოკარით თუ ყვავილებში ჩაფლული გერმანელი პლენები?

პროცესიის გამოჩენისთანავე იასამნის ბუჩქიდან მუსიკა გაისმა - პლენები

შუმანის "ავე მარიას" უკრავდნენ.

მოტირალები გაჩუმდნენ. ასე, ამ მუსიკით ჩაატარეს ბაბუა კოლონიასთან

და აღმართს შეუდგნენ.

ვარლამი დანგრეულ საკირესთან დატოვეს, ტვინის ფსიქოლოგიაზე არ

იმოქმედოსო, პატარააო, განსვენებული ნამეტანი უყვარდაო, თუთუნს

უგროვებდა ქუჩა-ქუჩაო, ქუთაისშიო, ქალაქკომის წინო, ნარსიას

ბიჩოკებსო…

- ნარსია არ ეწეოდაო.

იკამათეს ამაზეც.

დაბრუნდნენ იმ ქვეყნიდან ამ ქვეყანაში, საქართველოს სსრ-ში, ქელეხზე.

ლობიოს საკითხი

კოლონიასთან კაცებმა შეხედეს შულცს, ითათბირეს, ერთი დააწინაურეს

დელეგატად და კანვოის ჰკითხეს:

- შეიძლება თუ არა რომ ადამიანმა, კარგი სასახლე რომ გაუკეთა

მიცვალებულს, მიუხედავად თავისი გერმანელობისა, ერთი ჭიქაც წოუქციოს

მას? ხომ არ იქნება ეს, ბოდიში მომიხდია ამ სიტყვისთვის, მიმდინარე

პოლიტიკური ხაზის დარღვევა?

კანვოიმ ერმონიას გახედა.

ერმონიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა.

კიდევ ერთი დელეგატი ფრთხილად, გვერდულად მიუახლოვდა ერმონიას:

- რა მაგის პასუხია და, ორი თუ ერთი კლასის უსწავლელობის გამო ხომ

არ ისმის კითხვა, არ ჭამენ თუ ჭამენ გერმანელები ლობიოს? თუ არ ჭამენ

და…

- ლობიოსაც ჭამენ და დედიმისისასაც! - ამ სიტყვებით ფეხზე წამოიჭრა

ერმონია, ზედმეტი ყურადღებით დააკვირდა ქვემოთა ფერდს, მერე უცებ

ადგილს მოსწყდა და თავქვე დაეშვა.

გაუგებარია თუ რატომ გამოჩნდა ამ დროს გვირაბიდან პროჟექტორიანი

ვაგონეტკა. უფრო გაუგებარი კი ის იყო, თუ რად იდო ვაგონეტკაზე

ვარდის ჩალა, ხოლო ის, თუ როგორ გაჩნდა ვაგონეტკის გვერდით

ფოტოგრაფი, სულმთლად აუხსნელი იყო. ფოტოგრაფს თავზე შავი ნაჭერი

ედო, ჩექმები და მიხვრა-მოხვრა კი ერმონიასი ჰქონდა.

ვარდები გადაიშალა და იქიდან სოციალისტური შრომის გმირი რუსუდან

მამისეიშვილი ამოვიდა. ამხანაგი რუსუდანი გულში იხუტებდა ვარდისფერ

გოჭს. ფოტოგრაფმა მას ბლიცები დააყარა. ვაგონეტკაც და ფოტოგრაფიც

ასე ბლიც-განათებებით ბორცვს მოეფარნენ და გაუჩინარდნენ.

ვარლამმა ქვევით ჩაირბინა, მაგრამ ვეღარაფერი ნახა: ვერც რელსები და

ვერც ვაგონეტკა, მარტო დერმატინის ჩანთა ეგდო ანწლებში. ჩანთაში იდო

ცალი შიგრიმის ჩექმა და ცალი ფოსტლი, აგრეთვე სამი გვოზდის

ლურსმანი.

ვარლამი ჩანთით სახლისკენ გაიქცა.

ქელეხი

მოკრძალებულ ქელეხზე შულცი ავტომატიან კანვოის და ვარლამს შორის

იჯდა.

ჭიქა ერთი იყო, დალია და ისიც წრუპვით.

ჭადზე თავი ვერ შეიკავა და მთელი ნატეხი შეჭამა.

საულიამ პაპიროსის სოროკი რომ დაუტოვა, ისეთი ნაფაზი დაარტყა, რომ

სოროკისგან არაფერი დარჩა.

ციალა გურეშიძემ, ჩვიდმეტი წლის ბანოჯელმა გოგომ, დედას წაუჩურჩულა:

- ამნაირ პირსახიანი და ზრდილობიანი რად უნდა იყოს გერმანელი?

სამაგიეროდ კანვოიმ კარგად ჭამა და დალია კიდევაც. მერე თავით ანიშნა

შულცს, წავიდეთო. გერმანელი წამოდგა, ბებიასთან მივიდა, გასწორდა,

თავი დაუკრა, შემდეგ თავის დაკვრით დანარჩენებს დაემშვიდობა და

ჭიშკრისკენ წავიდა. ზურგში კანვოი ჩაუდგა.

ბილიკს რომ დაადგნენ, მთვრალმა კანვოიმ შულცს უთხრა:

- ისთე რამე რომ იყვეს, არ შემიძლია ამ ჯაგნარში მიგახვრიტო ზაკონით?

მარა ზეპირსიტყვიერი ბრძანება რო არი? იარონ პლენებმა თავისუფლათო,

ეგების რამე ხელობა ასწავლონ ამ შტერ ჩვენ ხალხსო…

შულცი ზრდილობისათვის უღიმოდა და თავს უქნევდა.

თეთრი ოფიცერი

მესამე დღეს, ქუთაისში ბილიკით რომ ბრუნდებოდნენ ვარლამი და

დედამისი, იმ ადგილას, სადაც ერმონიას დერმატინის ჩანთა ეგდო,

ვარლამმა კიდევ ერთი ფოსტლი ნახა და ერთიც შიგრიმის ჩანთა.

განაწილება

ქუთაისში თოვდა. პურის დროგს მოსდევდნენ ძაღლები. სტალინის ქუჩით

მოდიოდა გერმანელ ტყვეთა ოცეული. ზოგს ბეჭზე ნიჩაბი ჰქონდა

გადებული, ზოგს ლომი, წერაქვი. რამდენიმეს ინსტრუმენტებით სავსე

სახელურიანი ყუთი ეჭირა.

გამვლელები უკვე აღარ უყურებდნენ მათ. ბადრაგს მხოლოდ პისტოლეტი

ეკიდა, თანაც ბადრაგი ერთი კაცისგან შედგებოდა, თანაც სამოქალაქო

ეცვა, თანაც გაციებული იყო, თანაც მინუს 6 ჰქონდა სათვალე, ცოტაც

მკალობლობდა, ცოტა კი არა, გვარიანადაც კოჭლობდა.

სანიმუშო ფურნესთან, პურის რიგიდან, ვიღაცა გაფუჭებულმა ქალმა,

ნაკოლკახალი რომ ჰქონდა ლოყაზე, დაუძახა:

- ბარო, აბესალომ, შე ტრიკიანო!

ხიდს რომ გადავიდნენ, აბესალომმა ხელი ასწია და ოცეული ჭადრაკის

კლუბთან გაჩერდა. ბადრაგმა პაპკა გადაშალა, ვითომ ჩაიხედა, ოთხი

ნიჩბიანი გამოიყვანა და კლუბის კარზე დააკაკუნა. კარი გაიღო და ოთხი

გერმანელი კლუბში შევიდა.

ექვსი გაანაწილა მშენებლობაზე.

სამი შეიყვანა ქუთკანალიზაციის ტრესტში.

ორს მისცა პლოსკოგუბცები და მავთულები, ბოძებზე რომ ემუშავათ

თოვლით გაწყვეტილი კავშირგაბმულობის აღსადგენად.

აბესალომმა საათს დახედა და ანერვიულდა.

გასანაწილებელი დარჩა ერთი - შულცი.

- რა შემტენე ეს ხაბურზანია? სა სიკვდილში წაგიყვანო შენ? - ჰკითხა

გერმანელს.

უცებ აბესალომმა გამოსავალი მოძებნა და შულცს შეხედა.

- მეიცა! შენ აკეთებ კუბოებს თუ ის რიჟა?

ჭადრაკის კლუბის სახურავიდან ოთხი გერმანელი თოვლს ყრიდა. ერთ

მათგანს სპილენძისფერი თმა ჰქონდა.

- პროფესია? - თითი დაადო გულზე აბესალომმა შულცს.

- ეთნოგრაფი. - შულცმა ზრდილობიანად გაიღიმა.

- მაშინ წახვალ ახლა ასე პირდაპირ. - ხელით აჩვენა აბესალომმა.

- ტუტ ცვიტ? - გახედა კიროვის ქუჩას შულცმა.

- ტუტ ცვიტ, ტუტ ცვიტ, ტუტ ცვიტ. არსად არ გადაუხვიო. ზე-ლე-ნი ბა-ზარი. მეიცა. - აბესალომმა პაპკა გახსნა, აგიტატორის ბლოკნოტიდან ბოლო

გვერდი ამოხია, პაპკაზე დადო და ფანქრით დაწერა:

"ამხ. დარჩიას. ამის მომტანმა გააკეთა კუბო. მეკუბოვეა!

უზრუნველჰყავი სამუშაოთი და ა.შ."

- ქუთ-ადგილ-მრე-წვე-ლო-ბა. - დამარცვლით უთხრა შულცს აბესალომმა.

შულცმა იოლად გაიმეორა:

- ზერ გუთ, ქუთადგილმრეწველობა.

აბესალომმა შულცს ბარათი გადასცა, მოატრიალა, ჰკრა ზურგში ხელი და

გერმანელი გზას დაადგა.

თვითონ აბესალომი #3 სასადილოსკენ გაიქცა, იქ სუფრა იყო გაშლილი:

ცივი ბოლოკი და ცივი ღვინო.

ვასსერ!

შულცი ბაზრისკენ მიდიოდა. ფეხებს წეროსავით მაღლა სწევდა და

ვერტიკალურად დგამდა, თოვლი რომ არ ჩასვლოდა ბრეზენტის და

ფიცრისგან შეკერილსა თუ შეჭედილ ფეხსაცმელში.

ბაზრის შესასვლელთან მოხუცი ქონდრისკაცი გადაეღობა. მოხუცს გრძელი

ჩოხა ეცვა, მუხლამდე სველი. მკლავზე მთლად გამოხუნებული შავი ლენტა

ჰქონდა დაკერებული. მოხუცი პოლის ჯოხს, სამ გიშრის მუშტუკს და აყალო

მიწისაგან გაკეთებულ ყალიონებს ყიდდა. სჩანს, თვალს აკლდა. შულცისკენ

ნაბიჯი გადმოდგა. გერმანელმა უკან დაიხია, მიიხედ-მოიხედა და ბეჭზე

თოკით გადაკიდებული ჩანთიდან ფრთხილად ამოიღო პატარა სათამაშო -

ორ ჩხირს შორის კანაფზე ჩამოკიდებული ჯამბაზი. შულცი ერთი მეტრით

გვერდზე გადგა და ჩხირებს მოუჭირა. წითელცხვირა ჯამბაზმა წინ და უკან

დაიწყო სალტოების კეთება.

მოხუცს ქალი მიადგა სამი წლის ბავშვით. პოლის ჯოხის სისწორის

დაწუნება დაიწყო. ბავშვმა ჯამბაზი დაინახა და შულცისკენ გაქანდა.

- მინდა! - უცრემლოდ, მშრალად ატირდა ბავშვი. დედამ საყელოში სტაცა

ხელი.

- მინდა! - უმატა უზნეო ბავშვმა, სახე სულ დამუწუკებული ჰქონდა, ყელი

კი დაბინტული.

შულცს წასვლა უნდოდა, მაგრამ ბავშვმა თავი უკრა მუცელში.

დედამ შულცს ჯამბაზი გამოსტაცა და მანეთიანი ჩასთხარა ხელში.

- შენც გადაშენდი და შენი ჩამომყვანიც! - და ბაზარში ბავშვითურთ

შევარდა. მოხუცმა შულცის ბეჭებზე პოლის ჯოხი დაუშვა.

ბაზრის ჭიშკრიდან მილიციელი ვალიკო ჩიტიანი გამოვარდა.

- ვასერ! - იყვირა მოხუცმა. შულცს მკლავზე დაეკიდა და მეორე

ტროტუარისკენ გაიტაცა.

მილიციელმა სასტვენში ჩაჰბერა. ბაზრიდან ორმეტრიანი მორიგე

გამოვარდა, მკლავზე რომ ეკერა წითელი ნაჭერი.

მორიგე უროსხელა მუშტით დაემუქრა ორივეს.

- დანკეშენ. - მადლობა უთხრა გერმანელმა მოხუცს.

- ე ფაშისტი მაკლდა მე? - ხელი ჰკრა მოხუცმა.

შულცი მოშორდა ამ საშიშ ადგილს. სულ მალე ერთი ვიწრო და მოკლე

ქუჩის თავში აღმოჩნდა, სადაც ჟეშტის გამაყრუებელი ხმაური იდგა.

“KUთAGILMღEთშჭELOBA”

დამარცვლით წაიკითხა ნამგალ-ჩაქუჩით და ვარსკვლავით დამშვენებული ეს

გრძელი აბრა.

აბრის ქვეშ მყოფი სამი კაცი ხის ჩაქუჩით მუშაობდა. ხმაურის გარდა ისინი

თუნუქის ფეჩებს, ძაბრებს და ჭრაქებს აწარმოებდნენ.

იქვე მესაათე საათს შლიდა. მას ასე ჰქონდა დაშლილი არაერთი საათი.

მესაათის შემდეგ იყო სამკერვალო, სამკერვალოს შემდეგ - სამჭედლო, მის

მერე - საპარიკმახერო, რომელიც ვეტერინარის პატარა ეზოს ემიჯნებოდა,

ეზოს იქით კიდევ ერთი მესაათე, შემდეგ ბელადის პორტრეტებით

გამოჭედილი სამხატვრო სტუდია, იმის იქით სახარატე საამქრო, ღვინის

სარდაფი, ფეხსაცმელების მწმენდავი, მუსიკალური ინსტრუმენტების

შემკეთებელი, ყელ-ყურის ექიმი, საზეინკლო, უტილის ჩაბარების პუნქტი,

რენტგენი, მედოლე და, ბოლოს სააკვნე და საკუბოვე ცეხი.

შულცი აღელდა: საათზე ისევ შესრულდა 6 საათი და 15 წუთი, მესაათების

კედლის საათი კი 10-ს აჩვენებდა.

შულცი აკვნების საამქროს მიადგა. კარი დაკეტილი იყო. კარზე ზეთისფრად

ეწერა "მალე მოვალ". შულცმა ჩაბნელებულ, დამტვერილ ფანჯარაში

შეიხედა. საამქრო ჭერამდე სავსე იყო აკვნებით. შულცი მოტრიალდა და

მოპირდაპირე კარი გააღო, საკუბოვეში შევიდა.

შუა საამქროში ტაბურეტკა იდგა. სამი ინვალიდი, რომელთაგანაც ორს არც

ერთი ფეხი არ ჰქონდა, ნახევარლიტრიანი ბანკიდან პრიკუსკით სვამდა

მკრთალ ჩაის. მესამე, ცალფეხა, ალიფას უსვამდა კუბოს თავს. ცალფეხას

გულზე ორდენების გარდა სპორტის ოსტატის ნიშანი ეკეთა. შულცმა

ქაღალდი გაუწოდა. ცალფეხამ წაიკითხა, კასტილით მისწვდა შულცს,

კარისკენ მიატრიალა, ზურგში ჰკრა და გარეთ გააგდო.

- სა წევიდეთ? სა დევემალოთ ამ ფაშისტებს? - ჩაიბურდღუნა ერთმა

ინვალიდმა.

შულცის უკან კარი ბრახუნით დაიხურა.

შულცი ბაზარს დაუბრუნდა. ჩანთიდან ამოიღო ფანერის ორი მოკრივე,

რომლებიც ორი ჯოხის მეშვეობით ერთმანეთს სახეში წითელ

ხელთათმანებს ურტყამდნენ და დადგა გატყაული ტყემლის ხის ქვეშ. იქვე

იდგა მოხუცი ქონდრისკაცი ბეჭზე გადებული პოლის ჯოხით.

თოვდა.

შტრაუსის ვალსი

კინოთეატრ "კომუნის" უკან, ჩიხში, იასამნის ბუჩქი იდგა

განუვითარებლად,ისე, ტყვილად, მისაფსმელად, და მორცხვად ხარობდა. მის

გარშემო მძიმე წუმპე იყო, რომელსაც ტალღებად სადაფისფერი სითხე

გადასდიოდა. შულცი ბუჩქის უკან დაიმალა და კარის ღრიჭოდან გამოჟონილ

გერმანულ დიალოგს უსმენდა. გვერდზე კირკა და ლომი იყო მიყუდებული.

გაისმა შტრაუსის ვალსი. შულცის თვალიდან ცრემლი დაგორდა.

ვალსი დადნა, დამთავრდა და კინოთეატრის კარიც გაიღო. მაყურებელთა

ბრბო ღმუილით გაიქცა სალაროსკენ.

ბუჩქს კაცის ფეხები უახლოვდებოდა. კაცი ბუჩქთან დადგა და წუმპეში ცერა

თითის სიმსხო ნაკადი დაეშვა. წუმპეს ფერადი ბუშტები მოედნენ.

საქმეს რომ მორჩა, კაცმა ბუჩქს შემოუარა და შულცს მიადგა. ეს ერმონია

იყო.

ერმონიამ თავით აჩვენა, მომყევიო. უხმოდ გაიარეს კვარტალი, ერმონიამ

მიწიდან უპატრონოდ მიტოვებული სამდიუმიანი მილი ამოაძრო,

ამოიღლიავა და მძიმე, წითლად შეღებილ კარს მიადგა. კარზე ეწერა "პარტ

კაბინეტი". ერმონიამ ბეჭი ჰკრა კარს და ორივენი სადარბაზოში შევიდნენ.

დარაჯი ფეხზე წამოხტა. მიწისფერი სახის ნაოჭებში სიბნელე ჰქონდა

ჩაწოლილი. ერმონიამ დარაჯს მილი აჩვენა, მასაც ბეჭი ჰკრა და

მარმარილოს კიბეებს დინჯად აუყვა, გერმანელი უკან მიჰყვა.

ბოლო სართულზე კუთხის ოთახს მიადგნენ. ერმონიამ დარაჯს კარი

გააღებინა და ორივენი კინოთეატრის გალიორკაზე აღმოჩნდნენ.

მეორე ნაწილი დაწყებული იყო.

სითბომ თუ დაღლილობამ თავისი ქნა: შულცს ტკბილად ჩაეძინა.

სიზმარი

პატარა გერმანული ქალაქი ჰაუზუმი. ავიაციას ქვა ქვაზე არ დაუტოვებია.

ქუჩაში ყრია საწოლები და ყვავილების ქოთნები. ქალს და რვა წლის ბიჭს

ხელით მოაქვთ აგურები. შულცი მათკენ მირბის.

ცრემლები! ხვევნა-კოცნა!

შულცი გამოართმევს აგურებს. შვილი წინ მიდის, სახლის ნანგრევებს

აჩვენებს.

შულცი ნანგრევებში დადის. აი მისი ცალი ფოსტლი.

აი ცირკული.

აი ლობზიკი.

ოჯახი ერთად მუშაობს, აგურებს აგროვებს. შესვენება. შულცს ჯიბიდან

ამოაქვს ჭადის ნატეხი, ცოლ-შვილს უყოფს.

ავადმყოფობა

შულცი ავადაა. დაბინტული ხელით დაეხეტება ცარიელ კოლონიაში და

დროდადრო ჭიშკართან მდგარ კანვოისკენ აპარებს მზერას.

ბოლოს და ბოლოს კანვოიმ ქვევით გაიხედა: ვიწრო აღმართზე

გერმანელებით სავსე მანქანა იჭინთებოდა.

შულცმა დრო იხელთა, კანაფს მიაბა სამი სათამაშო - შეღებილი

მოკრივეები. კანაფი დაიძაბა და მოკრივეები გაცოცდნენ ბალახში.

მავთულხლართის იქით მათ ვარლამი ელოდებოდა, მოხსნა მოკრივეები

თოკიდან და ქვევით გაიქცა გზისკენ.

ისევ ვასსერი!

ბაზრის შესასვლელთან აყვავილებული ტყემლის ქვეშ შულცი დგას და

მცოდნის თვალით თირავს გამვლელებს, აფასებს მათ ყიდვითუნარიანობას

და სთავაზობს აბანოს ჯაგრისებს და ელექტროსპირალებს. ყიდის აგრეთვე

გილზებიდან გაკეთებულ ზაჟიგალკებს, ჭადის გადასაბრუნებელ ნიჩაბს,

თითისტარებს, კოვზებს, ზურგის მოსაფხან ჯოხებს და კბილის საჩიჩქნებს.

შულცს, ცოტა არ იყოს, ფერი მოსვლია.

სიმეტრიული ტყემლის ქვეშ ქონდრის მოხუცი დგას. იმასაც ცოტა

მოუთქვამს სული. ფეხზე შულცივით საბურავის პროტექტორის ძირებიანი

წუღები აცვია, ესეც აშკარად შულცის ნაწარმია.

მოხუცის საქონელს გერმანიის კულტურული გავლენა ეტყობა: ტილების

სავარცხელს ტარი გაუჩნდა და სპეციალური დანიშნულების გარდა მეორე

პირიც დაემატა - უტილო ხმარებისათვის, სილამაზისთვის. პოლის ჯოხების

სისწორე იდეალურს უახლოვდება. გიშრის მუშტუკებს პლასტმასის

გამჭვირვალე თავი ამშვენებს.

- ვასსერ! - უაქცენტოდ ყვირის შულცი და ადგილს წყდება. მოსახვევში

უკან იხედება, მოხუცი კარგა შორსაა გაქცეული სხვა მიმართულებით,

მარჯვნივ კი არა, პირიქით, მარცხნივ, ზევით, მაგრამ მაინც დასწევია

მილიციონერი, წაუქცევია და ფეხებით ამსხვრევს მის ნაწარმს.

შულცი ბულვარს აფარებს თავს და იმწამსვე საეჭვო სიტუაციაში

აღმოჩნდება. აკაკის ძეგლის უკან, სადაც სამდიუმიანი მილი ჰქონდა

შენახული კინოსთვის, კამათელს აგორებენ შედანია, სლიპუია და ფეზუია.

ფილარმონიის მხრიდან მილიციელის სასტვენის ხმა ისმის და მთელი

ჯამაათი სამხედრო წესით იფანტება სხვადასხვა მიმართულებით.

შულცის სირბილი

შულცი სამშვიდობოს რომ გავიდა, დამწვარი სუდის უკან, კუთხეში, ქვა

ამოიღო კედლიდან, რაც ჰქონდა ხვრელში ჩაყარა, ქვა ადგილზე ჩასვა და

უკანმოუხედავად გაიქცა ტელმანის ქუჩისკენ.

"ქუთადგილმრეწველობასთან" მის წინ ცალფეხა მეკუბოვე აღიმართა.

უკნიდან უკვე ისმოდა მილიციონერის სტვენა და ყვირილი.

მესაათემ კარი გაუღო. შულცმა შენობაში დურთა თავი, გადაჭრა

სამჭედლო, საპარიკმახერო, კინაღამ წააქცია მკერავი, ისევ მესაათესთან

აღმოჩნდა, დაპანიკდა - მილიციონერი სულ ახლოს დარბოდა, ისმოდა მისი

ქშენა, გინება და სტვენა. მესაათემ გვერდითი კარი გააღო და ძლიერი

დარტყმით ისევ დახურა - ჰაერის ტალღამ კუბოების საამქროს კარი გააღო

და შულცი შიგ შევარდა. ცალფეხა მეკუბოვემ ფანჯრისკენ ჰკრა ხელი და

შულცი თეთრ ქვებზე, რიონის პირას აღმოჩნდა.

ვიწრო და ცარიელმა ქუჩებმა შულცი სტადიონთან მიიყვანა. შორიდანვე

ჭიშკართან შეამჩნია ხალხმრავლობა. ისმოდა ჩასაბერი ინსტრუმენტების

ხმა, მანქანიდან ჩამოჰქონდათ ბელადების პორტრეტები, ღობის იქით

ფრიალებდნენ დროშები.

ჭიშკართან აღგზნებული სტოპა დარბოდა.

ქვევიდან მოდიოდა თეთრებში ჩაცმული მილიციელთა ათეული. შულცი

ვიწრო ხვრელში შეძვრა, რომელმაც სტადიონთან გაიყვანა. შულციც იმ

მყრალ ბალახში ჩაჯდა, ამას წინათ ვარლამი რომ იჯდა და გაყუჩდა.

მეორე სირცხვილი

პირველი, ვინც შულცმა დაინახა, ვარლამი იყო. ვარლამი ღელავდა, სულ

თავის სამაკატკასთან ტრიალებდა, თანაც ეშინოდა, რომ კაკუშაძის ქალს

არ დაენახა, რომლისთვისაც ტრიბუნის მესამე რიგში საგანგებოდ დაედგათ

მაგიდა და წითელი ჩითის ნაჭერიც გადაეფარებინათ.

ვარლამის სამაკატკა მტაცებლებს - სლიპუიას, ფეზუიას და შედანიას

პატარ-პატარა დროშებით მოურთავთ, წინ, შუბლზე კი ამერიკული

კონსერვის ბანკიდან გამოჭრილი ოქროს ვარსკვლავი დაუჭედებიათ წვრილწვრილი ლურსმნებით.

დროდადრო ვარლამი გადაირბენდა სარბენ ბილიკს და უკანა რიგებში

იმალებოდა, რაც ნერვებს უშლიდა კუდრაჭა გოგოს, რომელიც წამდაუწუმ

ისწორებდა თეთრ ბაფთას და წითელ ყელსახვევს იხსნიდა და იკეთებდა.

- ყურადღება! - გაისმა რადიოში კაცის დაყენებული ხმა. - ყველა სკოლა,

ყველა კლასი გამოყოფილ ადგილზე სდექ! გეძლევათ ათი წუთი!

ყველა სარბენი ბილიკისკენ გაიქცა.

შულცს ვარლამი დაეკარგა.

უცებ დაინახა: კუდრაჭა გოგონამ წითელ მაგიდასთან მიირბინა და

აღელვებულმა რაღაც უთხრა იქ მსხდომთ. იმწამსვე ერთ-ერთმა

პიონერთხელმძღვანელმა, ყურმილი აიღო.

მოედანი გადაიარა წითელყელსახვევიანმა გაუპარსავმა გოლიათმა. მას

ერთი ხელი ვარლამისთვის საყელოში წაევლო, მეორე კი შარვალში.

ვარლამი ჰაერში იქნევდა ფეხებს და ძალიან სასაცილო იყო. მოსწავლეებმა

სიცილი დააყარეს, ხოლო საყვირმა რიტმში მიაყოლა "შორი გზიდან

სატრფოს ველი".

- ეს ნამეტანია… - თქვა მორცხვმა პიონერთხელმძღვანელმა. მას იმწამსვე

მიუბრუნდა კაკუშაძე და ტუჩგაუხსნელად უთხრა: "როდესაც ჩვენ საქმე

გვაქვს დიდ მასებთან, ნამეტანი არასოდეს არაფერი არ არის".

ნათქვამით კმაყოფილმა, მცირე პაუზის შემდეგ დასძინა:

- თუმცა მასაც შეეძლო საერთო მასებში ჩაევლო. მაგრამ კმარა

სენტიმენტალიზმი! - საქმე, საქმე! - მისწია თავისკენ მიკროფონი,

ჩაახველა და დაიწყო:

- ამხანაგებო! სულ რაღაც რვა საათი დარჩა პირველ მაისამდე!

გაძარცვული საგანძური

შულცი ობეხესთან დაეწია ატირებულ ვარლამს, რომელმაც არც კი იცოდა,

საით მიდიოდა. მალე ორივე ქვევით მირბოდა ვიწრო ქუჩით.

მიადგნენ ყრუ კედელს.

ვარლამმა ამოაძრო ერთი აგური, ხელი ჩაჰყო, უკან ამოიღო და მუჭი

გაშალა. ხელისგულლზე მხოლოდ მტვერი და ერთი ღილი იდო.

მეორე გაძარცვული საგანძური

შულცმა ხელი წაავლო და ლომბარდისკენ გაიქცნენ.

არც იმ ხვრელში არ აღმოჩნდა არაფერი.

ერთი განძი გადარჩა!

შულცმა ვარლამი მიატოვა და თავდიდიშვილებისსახლისკენ გაიქცა,

კედლიდან ორი აგური ამოყარა და განძი ამოიღო.

1 პადშიბნიკი ადგილზე იყო!

ვარლამი რომ გამოჩნდა, შულცი უკვე "ქუთადგილმრეწველობისკენ"

გარბოდა. კართან დაელოდა, ვარლამს ხელი სტაცა, წინ გაიგდო და

საკუბოეში შევარდა.

ჩხუბი ანგელოზთან

ტაბურეტკაზე პატარა დოქი იდგა და სამი ბოლოკი იდო. ინვალიდებს

ღვინით სავსე ბანკები ტუჩებზე ჰქონდათ მიდებული.

- გუტენ ტაგ! - შულცი ტაბურეტკასთან მივიდა. ვარლამი გასაშრობად

კედელზე მიყუდებული ფიცრების უკან შევიდა და ზრდილობიანი ხმით

ატირდა.

ინვალიდებმა ბანკები დადეს ტაბურეტკაზე.

- ცვაინ სანტიმეტრენ! - შულცმა ორი თითით აჩვენა ორი სანტიმეტრი და

არეულ გერმანულ ენაზე გადავიდა, ძალზე აღშფოთებული იყო:

- ადამიანს ორი სანტიმეტრის გამო შეურაცხყოფას აყენებენ სტადიონზე! -

თითები თავზე დაიდო:

- ორი სანტიმეტრი!

შულცმა რკინის საზომი გაშალა, 130 სანტიმეტრზე დაადო დაბინტული

თითი და გერმანულზე გადავიდა:

- 130 სანტიმეტრი! ხულიგნები სხვისი სამაკატკით მიდიან პარადზე და 127

სანტიმეტრიანი რომანტიული სულის ახალგაზრდა არ მიდის…

- რაო! - დასჭექა უცებ უფეხო ინვალიდმა, ბანკა იატაკზე დაანარცხა,

მაგიდიდან უჯრა გამოაძრო, ამოატრიალა და ყველაფერი იატაკზე დაყარა.

ლურსმნებში, სატეხებში და ბოლტ-გაიკებში ორდენები და მედლები ეყარა.

- მე თუ მეტრიც აღარ დავრჩი, პარადზე აღარ გამესვლება!? რომელს აქვს

ზა სევასტოპოლ!? მაჩვენონ ზა ატვაგუ! ზა ობარონუ კავკაზა! ზა

სტალინგრად! - ინვალიდი შულცს ყვირილით უტევდა და ორდენებს და

მედლებს იატაკზე ურტყამდა მთელი ძალით. გერმანელი შიშით უკან

იხევდა.

- გაქვს შენ ზა ობორონუ სტალინგრადა!? - უტევდა შულცს ინვალიდი. -

რომელს აქვს სლავა!?

- ახტუნგ! - იყვირა უცებ შულცმა და ხელი ქუჩისკენ გაიშვირა. -

ანგელოსი!

მოპირდაპირე მხარეს შინდისფერი ოპელ-კაპიტანი იდგა.

შულცი საკუბოვედან გამოვარდა და სამკერვალოს დალაქულ სარკეში თეთრ

შლაპიანი კაცი დაინახა. კაცს უსახელოებო ხელები აწეული ჰქონდა და

ისაკა მკერავი დაუმთავრებელ კრემისფერ ჩესუჩის პიჯაკს ულამბავდა.

ეს იყო ერმონია.

ერმონია ღიღინით მიჰყვებოდა ქალის ხმას რადიოში.

თქვენ კი გინდათ,

სულ სხვა ვინმეს

მიმათხოვოთ მე…

შულცი ერთი ნახტომით სარკესა და ერმონიას შორის ჩადგა.

- რატომ აწვალებ პატარა ადამიანს?!

- ვის?

- რატომ არ აძლევ ვარლამს სამ პადშიბნიკს?! რატომ დასცინი!

- თქვენ რაღაც გეშლებათ, ძვირფასო.

- შეგიძლია! ანგელოზი ხარ! - იყვირა შულცმა.

- ვაი ჩემ თავს. - წაიჩურჩულა მკერავმა, ნაკვერჩხლებიანი უთო აგურზე

დადგა და იქვე ჩაცუცქდა.

- მე? ანგელოზი? - გულწრფელად გაუკვირდა ერმონიას.

- აბა ვის შეუძლია 250 კილომეტრის სიჩქარეში თვითმფრინავის კარი

გააღოს!? შევიდეს და გამოვიდეს შიგნიდან?! ჩემოდნით?! 250 კილომეტრი!

ვირაჟზე? - იყვირა ისტერიულად შულცმა.

- თქვენ, ალბათ, ჰაუზუმიდან ბრძანდებით?

- მერე რა?!

- მერე ის, რომ ჰაუზუმში ხშირი ნისლებია. ნისლებმა კი მოჩვენებები იცის.

- სამი პადშიბნიკი! ახლავე!

- გიმეორებთ! მე ერთი უპარტიო მასწავლებელი ვარ და არა ინგლისის

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, პადშიბნიკი რომ

მქონდეს და თანაც სამი. - ღიმილით თქვა ერმონიამ და ლაქის ფეხსაცმელი

შარვლის ტოტს აუსვ-ჩამოუსვა.

- ჩათლახ! - იყვირა შულცმა და მუხლი ფეხებს შორის ამოარტყა.

- ვაი, დედა! - წელში მოიღუნა ერმონია. შელცმა ორი დარტყმით ძირს

დააგდო ერმონია, მაგრამ ის საკვირველი სიმკვირცხლით წამოხტა,

ფანჯარასთან მივარდა და დაიყვირა:

- მილიცია! - ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა. - მილიცია!

კიდევ ერთხელ დაიძახა და ბეჭებში ყავარჯენი მოხვდა. სამკერვალოში

ცალფეხა შემოჭრილიყო და დაუზოგავად ურტყამდა ერმონიას, რომელმაც

კიდევ ერთი საკვირველება ჩაიდინა. იგი იოლად, მსუბუქად ახტა მაგიდაზე,

შემდეგ ფეხის წვერით შეეხო საკერავ მანქანას და სამჭედლოში აღმოჩნდა,

იქიდან კი ვეტერინარის ეზოში, სადაც ძროხას გადაახტა და ისევ

სამჭედლოში შევარდა ყვირილით:

- სილოვან! პროვოკაციაა! ანგელოზობას მაბრალებენ! მიგონებენ! სამუშაო

უნდათ დამაკარგიონ! რა უნდა ქუთაისში ანგელოზებს!?! შენ თქვი რამე,

პარტიული ხარ! შენ ხომ იცი, რომ ღმერთი არაა! ღმერთი თუ არაა,

ანგელოზები საიდან გაჩნდებიან ამ ჩათლახებში! უთხარი ამათ, დაუმტკიცე!

სილოვანი დუმდა.

- თქვი, ნუ ამოიღე სული! არის თუ არა ღმერთი!? - მივარდა მჭედელთან,

დაიკლაკნა, ზევით აწეულ უროსა და გავარვარებულ რესორს შორის თავი

შეაძვრინა და გალურჯებული თვალი სახესთან მიუტანა:

- ნახე ასე, წინდაწინ გამოუცხადებლად, ვერაგმა გერმანელებმა რა მიქნეს?

- გალურჯებული თვალი მიადო სილოვანს. - ასე მზაკვრულად შარიკოპადშიბნიკს მთხოვენ მეორე პრიმერკის დროს! უსამართლოდ! მუხანათურად!

ეშმურად!

სამჭედლოში შულცი შემოვარდა აბოლებული უთოთი. უკან ინვალიდები

მოსდევდნენ.

- მოდიან! გერმანელები! - ერმონია ფანჯრის რაფაზე ახტა და გრძნობით

იყვირა:

- მაგრამ სტალინი ხომ წყალტუბოშია! - ამ სიტყვებით ფანჯრის რაფას

ბეჭი ჰკრა და გარეთ გადაეშვა, უფსკრულში!

სილოვანმა ფანჯარაში გადაიხედა, დაინახა როგორ კოხტად დახტა

ერმონია თეთრ ქვებზე, ათი მეტრის სიმაღლიდან.

- არის! - აღმოხდა მჭედელ სილოვანს სამარისებურ სიჩუმეში.

ფანჯარა ნელა დაიხურა.

ციური საჩუქარი

უცებ გაღმა სანაპიროზე ისევ გამოჩნდა ერმონია:

- სიკვდილი ოკუპანტებს! - იყვირა მან, ხელი მოიქნია და სამჭედლოში

გაისმა ფანჯრის შუშის მსხვრევის ხმა. რაღაცამ გადაიფრინა, დაამსხვრია

სამკერვალოს შუშაც, ქუჩაში მდგარი ოპელ-კაპიტნის შუშაც და მანქანაში

ჩავარდა. შულცი ფანჯარას მივარდა:

- დანკე! - დაუძახა ერმონიას, რომელიც კირიკაობით ჭომისკენ მირბოდა.

შულცი მანქანისკენ გაიქცა.

- კაცი ყოფილა. - თქვა ცალფეხა ინვალიდმა.

შულცმა მანქანას კაპოტი ახადა და მუშაობას შეუდგა.

ოც წუთში ვარლამის ფეხებთან ათიოდე სხვადასხვა ზომის პადშიბნიკი

ეგდო. ტროტუარზე ოპელ-კაპიტანის წინა ხიდი და თვლები ეყარა.

პირველი მაისი

ნამდვილად დილის 6 საათი და 14 წუთი იყო, როდესაც ქალაქ ქუთაისის

მილიციის პირველი განყოფილების ალაყაფის ჭიშკარი გაიღო და

წარმოუდგენელი სილამაზის რაშზე ამხედრებულმა მილიციის უფროსმა

პოლკოვნიკმა ვალტერ კაკაურიძემ თამაშა ცხენი ქუჩაში გამოიყვანა.

უკან თეთრებში გამოწყობილი მილიციონერები მოჰყვებოდნენ უფრო სადა

და მორცხვი ცხენებით.

სასულე ორკესტრი მანჯურიის ვალსს უკრავდა.

წითელი პონბარხატის ვარსკვლავებით მორთული ცხენი ვალსს

თეატრალურად ცეკვავდა და ასე ცეკვა-ცეკვით მიჰყავდა ორდენოსანი

მხედარი ქუთაისის მთავარი მოედნისაკენ.

სტალინის სახელობის მოედანი სამ რკალში იყო მოქცეული: შინაგანი

ჯარების, წითელარმიელთა ჯარების და მილიციისა. ვიწრო, რიყის ქვით

მოკირწყლული ქუჩები საზეიმოდ ჩაცმული ხალხით იყო გატენილი.

საბარგო მანქანებზე პირამიდულად აღმართული იყო ტრანსპარანტები და

ბელადების პორტრეტები. მჭიდრო კოლონებად იდგნენ საკონსერვო ქარხნის

მშრომელები.

გვირაბმშენი ცალკე იყო გამოყოფილი და ორი ქუჩა ეკავა.

ელდეპოს 300 თანამშრომელს თავზე ედგა მუყაოს ელმავალი, რომლის

ქვევით ქალისა და კაცის 600 ფეხი ჩანდა.

რიონჰესის თანამშრომლები ორ საბარგო მანქანაზე იდგნენ და თავისი

მოძრაობებით ელექტროშუქს ანსახიერებდნენ. დოლის და ელექტროგიტარის

თანხლებით ერთი მეორეს გადასცემდა დენს ხელის ლამაზი მოძრაობით,

მეორის ხელში მაშინვე ინთებოდა ნათურა, მეორე თითით ეხებოდა მესამეს

და ა.შ.

40 კვ.მ. სტალინის პორტრეტი ერთსართულიან სახლებს კიდევ უფრო

პატარას ხდიდა, რაც სტალინს სიდიადეს მატებდა:

მოედანზე ორი ორკესტრი უკრავდა: სამხედრო და აბრეშუმკომბინატის.

თეთრი შარვლები!

თეთრი სანდლები!

ყვავილები!

დროშები!

ტრანსპარანტები!

მარტო კაგანოვიჩის სურათი იყო ასამდე!

ფილხას მემაროჟნის ლურჯი ხაზებით მორთული თეთრი ურიკა ძლივს

მიიწევდა წინ ბავშვებისა და ძაღლების თანხლებით.

ორმა ორკესტრმა ერთდროულად დასცხო მხნე მარში. ყველა ნელ-ნელა

დაიძრა და სტალინის მოედნის გარშემო ისე დაიწყო ტრიალი, როგორც

წყალმა ძაბრში.

ჩაიარეს სამხედროებმა!

გვირაბმშენმა!

რიონჰესმა!

ლოზუნგები ლოზუნგებს უსწრებდა!

სტადიონიდან დაიძრა რჩეულთა რჩეული მონოლითური კოლონა.

აი, მოკლე, ფეხის ასაწყობი შეჩერება მოედნის წინ, ერთი წუთით

ხელიხელჩაკიდებული მილიციონერების ჯაჭვი გაიხსნა და რჩეულნი

მოედნიდან დაღმართისკენ დაეშვნენ. წინ ფეზუიაა.

ამაღელვებელი წუთი!

დიადი წუთი!

მაგრამ ეს რა ხდება!

რა ყვირილია ზევით!? რაშია საქმე?

მთავარი ქუჩიდან ცერად დაკიდებულ ქუჩაზე ისმის ხმაური, სტვენა და

გინება. ორსართულიანი სახლის ეზოდან გამოვარდა ინვალიდთა ჯგუფი,

ათიოდე კაცი. ნახევარზე მეტს არცერთი ფეხი არა აქვს. ღვინის ბოთლებს

თავს ზემოთ ატრიალებენ. მხოლოდ რკინის ჭიშკარს ჩაჭიდებული შულცი

ფართხალებს:

- მე გერმანელი ვარ! მე შანსი მაქვს სახლში დავბრუნდე! - ყვიროდა

გერმანულად შულცი. - ამნისტიას ვკარგავ!

ვაი, რომ ვერაფერმა უშველა:

- წამო, შე შობელძაღლო! ამაზე კაი დროს სა გაატარებ? - უყვირა

გიგანტმა ინვალიდმა, ჭიშკარს მოსწყვიტა და ჯგუფის შუაში შეაგდო.

გამოვარდა მილიცია, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ინვალიდები მიჰქრიან ქვევით - სტალინის მოედნისაკენ.

ისმის გრუხუნი, უფეხოებს ბორბლებად ტანკის პადშიბნიკები უყენიათ.

ეს უმართავი ჯგუფი სიჩქარეს კრეფდა კივილითა და ყიჟინით და მათი

გაჩერება სულ უფრო შეუძლებელი ხდებოდა.

მათ წინ ვარლამი მიუძღვის სამაკატკით!

არა, ეს არ იყო სამაკატკა!

ეს იყო სამაკატკების სამაკატკა!

აქეთ-იქით, ორ-ორ მეტრიან ფრთებზე ჩითის წითელი ნაჭერია გადაჭიმული

ზედ კიდევ უფრო წითელი მატერიის ვარსკვლავები აკერია!

რული ოპელ-კაპიტნის უკეთია!

უკან სამაკატკას ფანერის პულიმიოტი "მაქსიმკა" აბია.

ინვალიდებმა გაარღვიეს მილიციელთა კორდონი!

- ახლა თეტრი! -იყვირა სტოპამ და ინვალიდებს შეუერთდა.

ინვალიდები მოედანზე შევარდნენ ხმაურითა და ყიჟინით!

- ახლა თეატრი! დამიკავე! - სტოპამ მხიარულად დაუყვირა შულცს,

პოდნოსი გადასცა და ხვანჯრის ახსნა დაიწყო.

ასე მიაღწიეს ტრიბუნას, რომლის თავზე აღმართული იყო სტალინის

უზარმაზარი ძეგლი.

აქ ინვალიდებმა დასცხეს გურული სიმღერა: "სიცოცხლე ვოროშილოვს".

ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის სახურავზე თეთრ დაუმთავრებელ

კოსტუმში გამოწყობილი ანგელოზი იჯდა, წინ წითელი ბლით სავსე

ალუმინის უფეხო ვაზა ედგა. კურკებს დემონსტრანტებს ესროდა.

წინ მიაბიჯებდა ვარლამი, მის უკან - ცალფეხა ინვალიდი, შემდეგ სტოპა

პოდნოსითა და მთელი დასით, მათ უკან კი, საშინელი გრუხუნით და

შესანიშნავი კრიმანჭულით მოსდევდნენ უფეხო ინვალიდები.

- დიდება საბჭოთა თეატრს! - გულწრფელი სიხარულით იყვირა სტოპამ,

მხედრულად მკვეთრად მოუხვია და ტრიბუნისაკენ წავიდა, რათა მთავრობას

უკეთ დაენახა მისი მსახიობები, რომელთა შორის ყველაზე დიდს,

აღგზნებულსა და ამხედრებულს, თავზე იზოლენტით დამაგრებული ჰქონდა

პატარა წითელი დროშა.

- პროვოკაცია! - ტრიბუნაზე დასჭექა პოლკოვნიკმა კაკაურიძემ, სტოპამ

მედროშის დანახვაზე მოაჯირს გადაუფრინა, შავ რაშს მოახტა და ცხენი

ჭენებით ინვალიდებისკენ მიუშვა.

ცხენოსანთა რაზმი უკან გაჰყვა სროლითა და კივილით.

დაკითხვა და გამოძიება

ცარიელი იყო ქალაქ ქუთაისის მილიციის პირველი განყოფილების ეზო.

შუა ეზოში პალმა კვდებოდა უკვე მეოცე წელია. სწორედ ამ პალმის ქვეშ

ეგდო ვარლამის დამსხვრეული სამაკატკა, ფანერის პულიმიოტი,

ინვალიდების ურიკები და სტოპას თეატრი-პოდნოსი.

კედლის გასწვრივ, სიგრძეზე, მიწის დონეზე, გისოსებიანი სარკმელებიდან

ცემა-ტყეპა, გინება, კივილი და წივილი ისმოდა.

ალაყაფის კარი გაიღო და პოლკოვნიკმა კაკაურიძემ აქაფებული შავი

ცხენი ეზოში შეაგდო. მას უკან ცხენოსანი და ქვეითი მილიციონერები

მოჰყვნენ.

- ვასო! - კაკაურიძე ცხენიდან ჩამოხტა.

რკინის კარი კედელს დაეტაკა და კაკაურიძის წინ ტანდაბალი, ჯირკა,

ყოჩაღი მილიციონერი გაიჭიმა.

- ამოიყვანე!

- არის!

ვასო ჩავარდა სარდაფში და იქიდან დაიწყო ინვალიდების ამოტანა და

ამოყვანა. სახეები დალურჯებული ჰქონდათ. შულცის სათვალეს შუშები

დამსხვრეოდა. ვარლამი არ უცემიათ, შეშინებული იყო, აკაციის

ფოთოლივით თრთოდა.

ინვალიდები შეშასავით დაყარეს შუა ეზოში. შულცი კი პალმას მიაყუდეს.

პოლკოვნიკმა მათრახის ტარით ნიკაპი აუწია პირველ ინვალიდს, შულცზე

მიუთითა და მკაცრად ჰკითხა:

- ეს გერმანელი პირველი მაისის პარადზე იყო თუ არა?

- არა. - უპასუხა ინვალიდმა და გვერდზე გაგორდა. კაკაურიძემ მეორე

ინვალიდთან გადაინაცვლა. საათი მოიხსნა, გასაგრილებლად მაჯას შეუბერა

და საათი კარნიზზე დადო.

- ეს გერმანიის შპიონი თუ გინახავს "ადგილმრეწველობაში"?

- პირველად ვხედავ. - თქვა ინვალიდმა და თვალები დახუჭა. კაკაურიძე

ვარლამს დაადგა თავზე.

- პიონერო! შე შვიდთვიანო, იყო ეს გერმანიის აგენტი პარადზე თუ არა!?

- არა. - ისე ჩუმად ტქვა ვარლამმა, რომ თვითონაც ვერ გაიგონა.

- დაფიქრდი, შობელძაღლო! იყო თუ არა?!

- არა. - ვარლამი წყალივით ჩაიღვარა კედელზე, შარვალიც სველი ჰქონდა

და ფეხსაცმელიც.

მოედნიდან ისმოდა რეპროდუქტორებით გაძლიერებული მარშები,

მოწოდებანი, შეძახილები "ვაშა".

სტოპას ღალატი

- იყო! იყო! და უფრო მეტსაც გეტყვი: რას ვდგავართ აქანე ასე ტყუილა?!

წევიდოთ! - სტოპა ფეხზე ახტა, პოდნოსს ხელი დაავლო, ინვალიდებს

მიუბრუნდა:

- არ გრცხვენიათ?! როგორ ამბობთ ამნაირ ტყუილს?! იყო! იყო! ყველა

იყო!

ვასომ, იმწამსვე დაუდო პოდნოსზე აქტი.

- მოაწერე აქ ხელი. - უთხრა კაკაურიძემ.

სტოპამ ფანქარი გამოართვა, დაიძაბა, ენა პირიდან გამოყო, კბილები

დააჭირა და ენაგალურჯებული ხელის მოწერას შეუდგა.

ისევ ოპელ-კაპიტანი

ლამაზი ქალი

სანდო არ არი…

… ლაღად დაუკრა მანქანის საყვირმა და ეზოში ნარნარით შემოსრიალდა

შინდისფერი ოპელ-კაპიტანი. რულთან არავინ იჯდა, სართოდ რული არ

ჩანდა, არც წინ და არც უკან.

- აი ჩვენი რულიც! - უკანა კარი გაიღო და ამ სიტყვებით მანქანიდან

ლამაზად გადმოხტა ერმონია, რომელსაც ისევ ის დაუმთავრებელი

კრემისფერი კოსტიუმი ეცვა, შავი ძაფით დალამბული. მან პალმასთან

მჩატედ მიირბინა, დაგდებული რული აიღო და სიხარულით აჩვენა

მილიციის სერჟანტს.

- ხომ ვამბობდი, სადღაც აგდია ისე, ტყვილა, უსარგებლოდ.

- რული არ ყოფილა მაშსდამე - თქვა მილიციონერმა ვალიკო ჩიტიანმა,

პირში სასტვენი ჩაიდო და მიწაზე დაჯდა.

- რა დღეა დღეს? - იკითხა კაკაურიძემ, თან ურულო ოპელს თვალს ვერ

აშორებდა.

- პირველი მაისი, ძვირფასო ვალტერ! დამაგვიანდა ხომ? - და ერმონია

სწრაფი ნაბიჯით კაკაურიძისაკენ დაიძრა.

- რა ძნელი ყოფილა პირველ მაისს ურულოდ სიარული, ჩემო ვალტერ!

გისინჯიათ? არა? აუცილებლად უნდა სცადოთ? ეს რა გაქვთ? - ერმონიამ

კაკაურიძეს ხელიდან გამოსტაცა სტოპას მიცემული ჩვენება, უცებ

გადაავლო თვალი და სახეში ატაკა კაკაურიძეს:

- წაიკითხე! წაიკითხე! ხმამაღლა! ყველამ გაიგონოს!

- ფურცხვანიძე - დაიწყო კაკაურიძემ.

- ხმამაღლა! - იწივლა ერმონიამ.

- ფურცხვანიძე …

- ეს უკვე წავიკითხეთ!

- ფურცხვანიძე სტოპა ათასცხრაასხუთი წლის რევოლუციის ძე. - წაიკითხა

კაკაურიძემ. ერმონიამ გულზე მოკიდა ხელი კაკაურიძეს:

- და ეს უნდა გამომიგზავნო სპეცფოსტით მე!? თბილისში?! ამის ღირსი

ვარ, შე ბეშუმჩათლახო?1 - მკერდში ბაგუნით ურტყამდა მუჭს კაკაურიძეს.

კაკაურიძე გაწითლდა, გაწითლდა, სისხლით აივსო, ხელი ხელზე ჰკრა

ერმონიას, ელვის სისწრაფით დააძრო პისტოლეტი და იბღავლა:

- შენ ვინ ჩემის შაშა და კოლა ხარ?! გაგათავო ადგილზე, შე

ბეშუმჩათლახო! - კაკაურიძემ სროლა დაიწყო.

ერმონიამ მიწიდან სტოპას პოდნოსი აიტაცა, კეფაზე მიიფარა, ყვირილით

და ქაღალდის ფრიალით ინკლიკანტურად გაიქცა ოპელისკენ:

- და ეს სიაბანდი ანტი-დიურინგი მე თქვენ უნდა გამოგიგზავნოთ,

ამხანაგო სტალინ!? მოსკოვში?! კრემლში?! - მირბოდა ოპელისაკენ ერმონია

და ყვიროდა სასოწარკვეთით. მის გარშემო ტყვიები წუოდა.

- და ეს ბოდვა თქვენ უნდა წაიკითხოთ, ამხანაგო სტალინ?! - ცრემლიანი

ხმით შეჰყვირა ერმონიამ, ოპელის კარი გააღო და მანქანიდან სათუთად

გადმოიყვანა ტანდაბალი კაცი.

კაკაურიძემ პისტოლეტი ზურგს უკან გადაიტანა, ნელ-ნელა უკლო სროლას

და ადგილზე გაშეშდა.

ეს გახლდათ სტალინი!

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი!

სტალინი უქუდოდ იყო, ორდენებით მორთული სამხედრო კიტელი

მოგდებული ჰქონდა რიგითი ჯარისკაცის ქვედა პერანგზე, ხაკისფერი

შარვალი ჩატანებული ჰქონდა დამტვერილ ჩექმებში. შუბლი და ლოყა

დაკაწრული ჰქონდა მაყვლის ბუჩქებში გამოვლილივით. დაღლილი ჩანდა.

- სტ… სტ… ნი… ან და რანდა… ან და რანდა… და ანდა… რომელი? -

თავისთვის უიმედოდ ჩურჩულებდა მილიციონერი ვალიკო ჩიტიანი

სასტვენით პირში.

სტალინმა მძიმედ შეხედა კაკაურიძეს, გადახედა ეზოს და მანქანაში

დაბრუნება მოინდომა, მაგრამ ერმონია გადაეღობა.

სტალინმა გრძლად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა.

- ამხანაგო სტალინ! - ერმონია ბელადს აჩეჩებდა სტოპას ქაღალდს, - ცალი

თვალით გაეცანით! ჩემი ხათრით! აი, რას გვწერს ეს აქლემვეფხვი!

სტალინმა ჩახედა სტოპას ხელმოწერას, სახე არ შეცვლია.

- ამხანაგო მოლოტოვ! - ერმონია ადგილიდან მოწყდა და მანქანას

შემოურბინა, კარი გააღო და ზრდილობიანად, მაგრამ ღონივრად

მოლოტოვი გადმოიყვანა მანქანიდან.

სტალინი მანქანაში შვებით ჩაესვენა.

მოლოტოვს ზოლებიანი პიჟამო ეცვა, თავზე შავი შლაპა ეხურა, მკლავზე

პირსახოცი ჰქონდა გადაგდებული. ხელში მინერალური წყლების

მუშტუკიანი ჭიქა ეჭირა, რომელზეც ოქროს ასოებით "წყალტუბო" ეწერა

და ასევე ოქროს ასოებით "მოლოტოვის ვარო".

მოედნიდან ისმოდა ქუთაისის გაერთიანებული გუნდის სიმღერა:

ნუთუ არ გენატრება

ის ადგილი, ის მხარე,

სადაც ფეხი აიდგი,

სადაც გულით იხარე?

- და ეს დაწერა დიდი ბელადის სამშობლოში! ამხანაგო მოლოტოვ! გესმით,

რას მღერის ხალხი?

მანქანაში ვოროშილოვმა სტეჩკინი დააძრო, შეაყენა და სტალინს

გადაჭრით უთხრა:

- მომენტის გაშვება არ შეიძლება! ამ იდიოტმა თვითონ მოგვიყვანა

მილიციაში! მორჩა ჩვენი ექსკურსია! მაგას ეწყება აწი ექსკურსია! -

ვოროშილოვმა საათს დახედა: - ათია! თქვენ პროცედურაზე არ ხართ!

მზადება #1! - გადახედა ქუთაისს: - ორ წუთში ამ საქათმეზე ავიაცია

გადაიფრენს! ხუთ წუთში გენერალი ვლასიკი აქ იქნება! დადგა დრო,

ამხანაგო სტალინ! წამში ავიყვან!

- ვერ აიყვან.

- მივახვრიტავ!

- რა ცუდია, კლიმენტი, რომ სასულიერო სემინარია არ დაგიმთავრებია. -

ჩაილაპარაკა თვალებდახუჭულმა სტალინმა.

- რატომ?

- მაშინ გეცოდინებოდა, რომ ეს ერმონიაა.

- ვინ ერმონია?

- ანგელოზი … ქუთაისის.

- გევედრებით, ამხანაგო სტალინ, ჩემი სახელი არავისთან წამოგცდეთ! -

მანქანაში თავი შემოჰყო ერმონიამ. - თქვენც, კლიმენტი! შემიკლავენ: ეს

დეიჭირეო! ელამობა გაუსწორეო, იმას ის მოტეხეო! თქვენ ვერ

წარმოიდგენთ, რამდენს სურს ქუთაისში მეზობლის ფეხის მოტეხვა! რამდენი

ელამია 1913 წელთან შედარებით! მე ვერ აუვალ ამდენ ლოცვა-თხოვნას! -

ერმონიამ ისევ გააღო კარი და სტალინი გადმოაბრძანა.

ვოროშილოვმა საათს დახედა:

- ათი საათი და ორი წუთი!

ამ დროს ერთი გრძელი, განუწყვეტელი და გაუთავებელი ჭექა-ქუხილი

გაისმა. ქალაქის თავზე თვითმფრინავების პირველმა ოცეულმა გადაიფრინა.

რამდენიმე წამში მას მეორე ესკადრილია მოჰყვა.

კუზიან ქუთაისზე არაწკუნდნენ კრამიტები.

- ვაშა! - აყვირდნენ მოედანზე დემონსტრანტები.

ორმა ორკესტრმა ერთად დასცხო! ქალაქის გაერთიანებულმა გუნდმა ხმას

მოუმატა და სიმღერა ქუთაისს გასცდა!

- დიდება დიდ სტალინს! - გრუხუნებდნენ რეპროდუქტორები.

- ვაშა!

საფიჩხიის იქით რომ გორაა, იმის თავზე გამოჩნდნენ ტანკები. მათ

კატიუშები მოჰყვებოდნენ.

- ვაშა დიდ სტალინს! - იყვირა ერმონიამ და სტალინი მილიციის კიბის

მეოთხე საფეხურზე დააყენა.

- ვაშა ჩვენი გამარჯვებების სულიჩამდგმელს!

ერმონია ეზოში დაჰქროდა, ინვალიდებს მწყობრში აყენებდა.

- ვაშა! - ყვიროდნენ ინვალიდები.

- ვაშა! - ყვიროდა ვარლამი.

საფიჩხიიდან კატიუშების გრუხუნი და წუილი მოისმა! რაკეტებმა ნაკუწებად

აქციეს ერთი უპატრონო ღრუბელი და ქუთაისს სეტყვა დაატყდა.

- ვაშა! - ყვიროდნენ ინვალიდები, თვალებიდან ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდათ

ცრემლი.

ქუთაისლების ფეხქვეშ მიწა გუგუნებდა.

- ვაშა კომუნიზმს! - ყვიროდნენ მილიციელები. ერმონია მათ იმწამსვე

სათავეში ჩაუდგა და ოცეული სტალინის წინ ჩაატარა.

სტალინი უძრავი თვალებით ცაში მოძრავს უყურებდა.

- ვაშა კომუნიზმის გამარჯვებას მთელს მსოფლიოში! - იყვირა აღტაცებით

კაკაურიძემ, ერმონიამ კი მჭექარე პირველი ხმით მხედრულად დასცხო:

დიმტი-ტარო დამტი-ტარო

თავმჯდომარეს დიდი ტარო,

ღარიბსა და გაჭირვებულს,

პატარა და ჭყინტი ტარო!

მათ უკან ინვალიდები მოჰყვებოდნენ. ინვალიდებს ვარლამი მოსდევდა

წითელი სამაკატკით.

შულცი პალმასთან მუხლებზე დაეცა და თავი ზღვის ბალახში ჩადო:

- ღმერთო ჩემო! ნუთუ ვეღარასოდეს გნახავთ ჩემო შვილო და ცოლო?!

ჩემი ამნისტია! ჩემი ერთადერთი შანსი… - ბუტბუტებდა გამშრალი

ტუჩებით.

რაღაცას იმნაირს გრძნობს ქუთაისი

ცა სულ დაფარა თვითმფრინავებმა.

ატირდნენ ბავშვები.

მწვანე ყვავილნარზე ტიკარაძის ძროხა აბღავლდა.

ძაღლები აღარ ყეფდნენ, კუდები აკრიფეს, შეუმჩნეველ ადგილებში

დაიმალნენ.

ფილხასა მემაროჟნემ კიბის ქვეშ შეაგორა სამაროჟნე.

რაც სტალინის სახელობის მოედანზე ხდებოდა, იმას მარტო სიხარულს ვერ

დაარქმევდი.

ЗИС-110

მილიციის ეზოში ექსტაზმა და თავდავიწყებამ კულმინაციას მიაღწია.

თავგასულმა ერმონიამ კიბის პირველ საფეხურზე ვოროშილოვი და

მოლოტოვი დააყენა. ოპელიდან ბუდიონიც გადმოსვა და გვერდზე მიაყუდა

კიბის ფიცარივით. ბუდიონი ამოტრიალებულ თვალებს ვერ აშორებდა

კაკაურიძის რაშს. ტუჩები ყურისკენ გადაიტანა და პირგაუხსნელად

მოლოტოვს ჰკითხა:

- ვისია?

მოლოტოვმა არ უპასუხა და ვოროშილოვის იქით გადავიდა.

სტალინი თეთრი იყო ბაიასავით. ცაში იყურებოდა. დანა პირს არ უხსნიდა.

სტოპა ეზოში დარბოდა და პოდნოსს ეძებდა, მერე მანქანის ქვეშ შეძვრა,

იქიდან გამოიტანა და ხვანჯრის ახსნა დაიწყო:

- ახლა თეატრი! - იყვირა სტოპამ, მაგრამ სტალინის მრისხანე მზერა რომ

დაინახა, ადგილზე გაშეშდა. ერმონიას სტალინის გამოხედვა არ

გამოპარვია, სტოპასთან გადახტა ქურციკივით, მამაკაცობაში ხელი

წაავლო და მაღალი ხმით იყვირა:

- რა დროს შენი თეატრია?! - ერმონიამ ქვევით დაქაჩა სტოპას დასი.

საბრალოს ტკივილისგან სახე დაეჭმუჭნა.

- ვის აჩვენებ, უბედურო, შენ დადგმას?! როდესაც აქ ყველაზე გენიალური

რეჟისორი დგას და ოდერიდან სეჩუანამდე მილიარდი ყავს შენნაირი

მსახიობები! - პათოსით თქვა ერმონიამ და მოედნისაკენ გაიშვირა ხელი.

სტალინის სახეზე მკრთალმა ღიმილმა წამიერად გადაირბინა.

- დიდება საყვარელ სტალინს! - ყვიროდა კაკუშაძის ქალი.

- ვაშა! - ყვიროდა მოედანი.

- ვაშა! - იყვირეს მილიციელებმაც.

შენ დიდება, შენ სალამი,

შენ ჩამოსვლას გაუმარჯოს!

… მღეროდა მოედანი.

სტოპამ ხვანჯარი შეიკრა და ინვალიდებს შეუერთდა, ზედა-ხორა რომ

მოაწყვეს კიბესთან, სტალინს რომ შეხებოდნენ ხელით.

ამ დროს ასთავიანი მხეცი აბღავლდა და მილიციის ეზოში ყალყზე

შემდგარი მოტოციკლეტები შემოვარდნენ!

მათ შორის უხმოდ, მეფურად გაიარა ზის-110-მა, კიბესთან დაამუხრუჭა და

ჟელესავით იწყო რხევა.

ალაყაფის კართან ტანკი დადგა გრუხუნით.

ეზო ავტომატიანმა სპეცრაზმმა აავსო.

სტალინის შავი ლიმუზინი ჯერ არ იყო ჩაწყნარებული, ჩესტაღებული

გენერალი ვლასიკი რომ გადმოხტა. სტალინი ჩქარი ნაბიჯით წავიდა

ლიმუზინისკენ.

- ასე უცებ გვტოვებთ ამხანაგო სტალინ?! - სასოწარკვეთით იყვირა

ერმონიამ და სტალინს გამოეკიდა:

- დარჩენილიყავითსავით! ცოტასავით!

ერმონიას წინ გენერალი ვლასიკი და ორი ავტომატიანი სპეცრაზმელი

კლდესავით აღემართა.

ერმონია დაიბნა, აქეთ ეცა, იქით ეცა, თან განუწყვეტლივ, საცოდავად

ყვიროდა ცრემლიანი ხმით:

- დარჩით, რა…

უცებ ერთი სპეცრაზმელის ავტომატის სამიზნეს მესკიელა ჩიტი უწესოდ

დააჯდა და კუდი შეუფერებლად ააკანკალა სტალინის მხარეს.

სპეცრაზმელმა ჩიტი აიქნია, ჩიტს მეორე ავტომატზე უნდოდა გადახტომა,

მაგრამ მეორე სპეცრაზმელმა დროზე გასწია ლულა. ჩიტი ჰაერში

აფრთხიალდა და გენერალ ვლასიკს იღლიაში გაუძვრა. გენერალმა მოიხედა.

ჩიტი გაქრა, მის მაგიერ უცნაურად ფართხალებდა ერმონიას სახე, თითქოს

კანტუზია აქვსო, ყურებთან ფრთები აფართხალდნენ წამიერად, შემდეგ

გაქრნენ. გენერალს უნდოდა მისწვდომოდა, მაგრამ ერმონიას თავი უკვე

შეყოფილი ჰქონდა ლიმუზინში.

- რა გეჩქარებათ ამხანაგო სტალინ! - ისმოდა ლიმუზინიდან ერმონიას ხმა.

გენერალი ვლასიკი მივარდა ერმონიას, მკლავში ჩაეჭიდა, მაგრამ სტალინმა

თავი გაუქნია, მოშორდი აქედანო, და გენერალიც გვერდზე გადგა.

- დღეს უქმე დღეა! პირველი მაისი! - ემუდარებოდა ერმონია სტალინს. -

ხალხო, რას გაჩუმებულხართ! დარჩენილიყავითსავით!

- სავით! - აბღავლდა ეზო.

- სავით! - ყვიროდნენ მილიციელები.

- სავით! - ტიროდნენ ინვალიდები.

- სავით! - უკანკალებდა ხმა სპეცგანყოფილების მემანქანე ლიუბას,

რომელსაც დიდი გრძნობისაგან უთრთოდა გისოსებში გამოყოფილი ხელები.

- რა სინაზე, რა გულწრფელობაა ამ ხმებში, ამხანაგო სტალინ! - ჩქარჩქარა ეუბნებოდა ერმონია ბელადს. - ძნელი ცხოვრებაა! ცალ ფეხსაცმელს

იპარავენ ორფეხიანები! ო, სწორი ბრძანდებით: ქუთაისი გათახსირდა!

გუშინ, ზელენი ბაზარში გადანაშთმა საათის მექანიზმი მომპარა, ამხანაგო

სტალინ! აი, რა ჩამიდო შიგნით! - ერმონიამ საათი გახსნა და ბამბა

ამოიღო იქიდან. - დავიჭიროთ! ისეთი რამე მოვიგონოთ, კაცობრიობა

თრთოდეს და კანკალებდეს თქვენს წინაშე!

ერმონია მისწვდა ვარლამის სამაკატკას, სტალინს მიართვა ფანჯარასთან.

- აი, რა გაუკეთა ჩვენმა გერმანელმა ოკუპანტმა უბრალო საბჭოთა

პიონერს! მთელი ღამე არ ყოფილა ზონაში! დღეს კი, ათ საათზე,

ამნისტირებულთა სიიდან უნდა ამოიღონ! მშვიდობით რენკლეაჰუზ!

ამხანაგო სტალინ! მთელი ქუთაისის სახელით!.. და არა მარტო

ქუთაისლების! ჭიათურმარგანეცის! მიეცით ამნისტია გერმანელ შულცს!

ბოდიშით! - ერმონია 180 გრადუსით მოტრიალდა, მოიღუნა და ხელი ჩაიყო

უკან, შარვალში, საჯდომის ქვევით:

- რა უბედურება გვჭირს, რომ დღემდე ყველაზე საჭირო ბარათებს პროჭში

ვინახავთ! საბჭოთა მწერლები ხომ არა ვართ! აი, აქ მოაწერეთ ხელი,

ამხანაგო სტალინ!

ერმონია, ქაღალდი პარპრიზზე დაუდო სტალინს.

- აი,აქაც, სადაც ჩიტუნიაა, საყვარელო სტალინ!

სტალინმა ავტოკალამი გამოსტაცა მოლოტოვს და ყადავადიანად, მთელ

ქაღალდზე გაშალა ხელმოწერა. მძღოლს თავით აჩვენა, მიდიო და მანქანა

დაიძრა.

ერმონია ჩამოეკიდა მანქანას და სტალინს ცხარედ ჩასჩურჩულა ყურში:

- ამხანაგო სტალინ, დარჩენილიყავით. თქვენ ხომ პროფესიით მღვდელი

ბრძანდებით? ერთ მოკრძალებულ ეკლესიაში ჩაგვიტარებდით პატარა

წირვას! ეს ხალხიც მოინანიებდა, თქვენც - დათაფლული ხმით ეუბნებოდა

ერმონია სტალინს.

სტალინი ნელა ჩაეშვა მწვანე ინგლისური ტყავის საჯდომში.

სტალინმა წამით, მხოლოდ წამით, დახუჭა თვალები, დახუჭა და დაინახა:

კალოშები

მთის წვერზე, მწვანე ბალახზე, პატარა მწყემსის სამლოცველო.

სამლოცველოს წინ ბავშვები, მწყემსები და ცხვრები.

ანაფორაში ჩაცმული სტალინი ეკლესიიდან გამოდის ჯვრით ხელში.

ფეხზე კალოშები აცვია. წინდაში ჩატანებული აქვს შარვალი, ზურგზე

ქერტლი აყრია.

უცებ გაეშემო აგრუხუნდნენ ტანკები.

არტილერიის გამაყრუებელმა კანანადამ ააზანზარა მთები!

აკანკალდა სამრეკლოში ზარის ენა.

აფრთხიალდა შესაწირად მოყვანილი ვარია და ხტუნვა-ხტუნვით იწყო

წრიულად სირბილი ავადმყოფი ბავშვის გარშემო.

ცა დააბნელა თვითმფრინავებმა!

 

შავი რაში

 

სტალინმა რისხვით შეხედა ერმონიას და მთელი ძალით ბრტყლად ჩაარტყა

ჩიბუხი მძღოლს მელოტ თავში:

- პაშოლ! პაშოლ! - დასჭექა სტალინმა.

ოთხმა ელვამ გადაურბინა ქუთაისის ცას წინ და უკან.

გასკდა ცა!

აწივლდნენ თვლები და ადგილიდან მოწყდა ლიმუზინი 01.

მანქანა ჭიშკრიდან გავარდა და ბოლში გახვეული ტანკების კოლონაც

მიჰყვა ბელადს მთელი სიჩქარით!

ერმონია მკვირცხლად მოუბრუნდა ეზოს და მილიციელებისკენ გაქანდა.

- სასწრაფოდ! - ხელი გაიშვირა სარდაფისაკენ. - შაშუმ ბოზებო! აბა!

ყველა პადვალში! თვიღდაკითხვა! თვითგამოძიება! ფერდების თვითმასაჟი!

ჩექმებით! ყბებში! კერძო და პირად ყვერებში!

- ზა როდინუ! ზა სტალინა! - იყვირა ცალფეხა ინვალიდმა და კასტილი

ჰაერში დაატრიალა. ყვირილითა და წივილით დაიძრნენ ინვალიდები

მილიციელებისაკენ.

მილიციელები ძუნძულით, გასწრებით და შეჯიბრით ჩაეყარნენ სარდაფში.

ინვალიდები უკან მისდევდნენ ვიწრო პანდუსით.

ვარლამმა ხელი სტაცა ჩიტიანის სასტვენს და ჯიბეში ჩაიდო.

მილიციელები სარდაფში ჩაცვივდნენ, რკინის კარს რკინის ურდული დაადეს

საგულდაგულოდ და თვითკრიტიკას მიეცნენ მძიმე გინებით, ხუთფუთიანი

პანღურებით.

ერმონიამ ტრანსპარანტების უკნიდან ველოსიპედი გამოათრია და მთელი

სიჩქარით გაუგორა შულცს. მერე რული აიღო და ოპელისაკენ გაიქცა.

- ახ, და! - გაახსენდა, გაჩერდა და რული ვარლამს გადაუგდო.

- მომყევით! - მოახტა ერმონია კაკაურიძის ცხენს, შეათამაშა, მიუშვა და

მშვენიერმა შავმა რაშმა ჩესუნჩის დალამბულ კოსტიუმში გამოწყობილი და

თეთრი ბარსელინოს შლაპიანი მხედარი ჯაჭვის ხიდისკენ გააქანა!

აბრეშუმის თეთრმა კაშნემ არქიელის გორაზე გადაიფრიალა. ვარლამი

მიჰქროდა მის წინ, სამაკატკით, საშინელი სიჩქარით. უკან მოსდევდა

ველოსიპედს ჩაფრენილი შულცი.

წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო,

თუ მაისის ქუთაისმა გკითხოს ვინა ხარო,

უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ, არ კი უთხრა, ვისი,

ისეც თვითონ მიგიხვდება ჩემი ქუთაისი.

… მღეროდა სამი რაინდი: ერმონია, შულცი და ვარლამი.

სათაფლიის ტყიდან ბანოჯამდე, წყარომდე, თითქმის "გვირაბმშენამდე",

ყველა სულიერი გამოეფინა: გარეული ლომები, გაველურებული ვეფხვები,

ბალანჩივაძეები, გურეშიძეები, ბრეგვაძეები, ფარშავანგები, ალავიძის თხა.

ყველა მოსდევდა მათ და ტკბებოდა მათი სიმღერით, ვიდრე სამი მხედარი

ზონაში არ შეიჭრა და კოლონიის ადმინისტრაციულ ბარაკთან არ დაერჭო.

განშორება

იმაში, ამაში, საბუთების გაფორმებაში, შემოდგომაც დადგა.

რატომ?

იმიტომ, ალბათ, რომ #37951599-39, СССР, ოტტო შულცის განშორებას

საქართველოსთან უფრო სევდიანი ფონი ჰქონოდა.

წვიმა, შიშველი ტოტები, სველი ფოთოლი ლოყაზე და სუსტად

ამოსუნთქული და არჩასუნთქული, გაუთავებელი ქარი სამტრედიიდან.

შულცმა ახალ ტელეგრეიკაში, ბუშლატით თავზე, ფანერის ჩემოდნით

ხელში კოლონია დატოვა, ზონიდან გამოვიდა სწრაფი ნაბიჯით და

საქუსლიისკენ წავიდა, საქუსლიიდან კი ქვევით დაეშვა, ბაბუის სახლისაკენ.

დანქეშონ…

ეზო ცარიელი იყო.

წვიმდა.

სახლის კარს ნელა აქანავებდა ქარი. შულცმა სახლში შეიხედა. ბებია

სახლში არ იყო. ბუხრის თავზე ბაბუას გადიდებული სურათი იდო,

გაყვითლებული და ნაწვიმარი.

შულცმა სახლს შემოუარა, კედლიდან ქვა ამოიღო, ხვრელში ჩააწყო ჩაქუჩი,

სანტიმეტრი, ზაჟიგალკა და ჟეშტის ცირკული, მერე ქვა თავის ადგილას

დააბრუნა და საწნახელზე ჩამოჯდა.

სახლის კუთხეში კანაფის სკლინტიანი ნაკუწი და ქათმის უღელი ეგდო.

შულცმა ცას ახედა. ღრუბელი მოლურჯო ნაცრისფერი იყო.

გერმანელი ტყვეები თეთრი მიწით დატვირთულ ვაგონეტკას მოაგორებდნენ

გვირაბიდან.

შულცმა ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და კიდევ ერთხელ შემოუარა სახლს.

ტყემლის შიშველი ტოტიდან სველმა ბეღურამ ჯერ მარჯვენა თვალით

ჩამოხედა შულცს, მერე მარცხენათი, მერე მეზობელ ტოტზე გადაფრინდა.

შულცმა ჩემოდანი აიღო, სახლს ჩესტი აუღო, მოტრიალდა და გზას გაუდგა.

ქუთაისი რომ გამოჩნდა, წვიმაც შეწყდა და მზემაც გამოანათა.

ქ. ქუთაისის რკინიგზის სადგური

პერონი ცარიელი იყო.

მოსაცდელი დარბაზის კართან პადშიბნიკებიან ფიცარზე ინვალიდი იჯდა.

წინ ცარიელი კონსერვის ბანკა ედგა სამათხოვროდ.

ტუალეტიდან ნელა გამოვიდა სადგურის წითელქუდიანი მორიგე, თადარიგის

მილიციის პოლკოვნიკი ვალტერ კაკაურიძე. ვალტერმა შარვლის ღილები

შეიკრა, პერონს გახედა, ინვალიდი დაინახა, წითელი და ყვითელი დროშა

იღლიაში ამოიდო და ფიქრებში წასულმა ნელა იწყო პერონზე სიარული.

ალბათ ასევე ჩაუვლიდა ინვალიდს, იმას რომ მოულოდნელად მთელი ხმით

არ დაეწყო სიმღერა.

ვალტერ კაკაურიძე სწრაფად მოტრიალდა, დაიხარა, ინვალიდს უბიდან

ბოთლი ამოუძრო, კედელს მიანარცხა, აიტაცა ინვალიდი და ფოსტის

ყუთზე შესვა, ასფალტიდან ერთ მეტრსა და ოცდაათ სანტიმეტრში.

უცებ ხმაურით გაიღო სადარბაზოს კარი:

- ვალტერ! გაისმა ქალის ისტერიული ხმა.

თამარა კაკუშაძე ნერვიულად უქნევდა ხელს.

თავზე მასაც წითელი ქუიდ ეხურა.

კაკაურიძე მოსაცდელ დარბაზში შევარდა.

ფოსტის ყუთზე მყოფი ინვალიდი კედელს აეკრა, რომ არ

გადმოვარდნილიყო და უსუსურად დაიწყო აქეთ-იქით ყურება. მშველელს

ეძებდა.

ამ დროს პერონზე შემოვიდა შულცი, მეორე ლიანდაგზე კი ხუთვაგონიანი

შემადგენლობა ჩამოდგა ორთქლმავლის სტვენით და გრუხუნით.

- ოტოია! - აყვირდა ინვალიდი. - სად იყურება ეს მკვდარძაღლი?!

შულცი ვერ მიხვდა, რომ მას ეძახდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, გაიხედა

ინვალიდისკენ.

დადო ჩემოდანი, გადადგა ორი ნაბიჯი.

- ჩემოდანი! ჩემოდანი, შე გამოსირებულო! - დაუყვირა ინვალიდმა. - ვეღარ

მიხვდი რა ქვეყანაში ხარ?!

შულცმა ჩემოდანი აიღო, ინვალიდთან მივიდა, მიხედ-მოიხედა და

იღლიებში ხელები გაუყარა.

- კაკაურიძის საკუთარი მშობელ-დამსმელის (ორთქლმავლის კივილი),

კეთილ (ორთქლმავლის კივილი), - უყვიროდა ყურში შულცს.

შულცმა ინვალიდი ფრთხილად გადმოსვა ბაქანზე.

- ნახე, ბიჭო, რა მიქნა! - აჩვენა ინვალიდმა ასფალტზე ნამსხვრევები,

თითი ჩააწო, ასუნინა. - ჭაჭა, სტოპრო, ბიჭო! კაკაურიძე, შენი ცოლშვილის(ორთქლმავლის კივილი)! - გამოსტაცა გამვლელს კუნძიანი ჯოხი,

ხის უთოები მიწას ზედიზედ დაარტყა, თავი კარს დაუმიზნა, რეკა და

მოსაცდელ დარბაზში შევარდა.

შულცი ამბის გართულებას არ დაელოდა, ხელი სტაცა ჩემოდანს და

მატარებლისკენ გაიქცა. სამი ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოასწრო, რომ

ჭიშკარი გაიღო, მგზავრების ურდომ გაიტაცა და ვაგონს მიახალა. მხოლოდ

ერთი დედა არ ტოვებდა შვილს, დანარჩენს არავინ ახსოვდა, ერთმანეთზე

გადადიოდნენ, იგინებოდნენ, ყვიროდნენ. ლოკომოტივის კივილი, ორთქლის

ბოლქვები, 24 ბორბლის ადგილზე ტრიალი და მეისრეების სტვენა

ახუთასებდა ამ ბრძოლას.

ტალღამ შულცი ჩემოდნიანად მოიტაცა, ვაგონის 60 სანტიმეტრიან კარში

შეიტანა და ფანჯარასთან დააგდო. მის გვერდზე მჯდარ, თავდაბინტულ

პასაჟირს მუხლებზე საავადმყოფოს ტუმბოჩკა ედო. უკნიდან შულცს

ჩემოდანი აწვებოდა. ფეხებში თხა რქებისთვის ადგილს ეძებდა და ქვევიდან

ურტყამდა მაგიდას. ბავშვი ტიროდა და დედა კი ამ ჭეჭყვაში ვერ

ახერხებდა მის პირში ძუძუს ჩადებას.

ორთქლმავალმა კივილს უმატა და მატარებელიც გაგორდა.

შულცმა ფანჯარაში გაიხედა. პერონი ცარიელი იყო. მოსაცდელი დარბაზის

კარი გაიღო და კაკაურიძემ ინვალიდი პერონზე ისროლა. ინვალიდი

გვერდულად დაეცა და უსუსურად აფართხალდა. პერონზე თმაგაჩეჩილი

თამარა კაკუშაძეც გამოვარდა.

კაკაურიძემ ინვალიდი პადშიბნიკებზე დააყენა, ზურგში წიხლი ჰკრა და

გააგორა.

- ფაშისტებო! - ყვიროდა ინვალიდი.

მატარებელი ნელა მიგორავდა. კაკაურიძე წიხლით მირეკავდა ინვალიდს

კიბისკენ, თამარა კაკუშაძე კი თავში ურტყამდა დროშის ტარების შეკვრას.

კაკაურიძემ ბოლო წიხლით ინვალიდი კიბით დაუშვა სადგურის მოედანზე.

სასწაულით გადარჩენილი ინვალიდი პადშიბნიკებზე დადგა და მუჭის ქნევა,

გინება და მუქარა განაგრძო.

მატარებელმა სიჩქარეს უმატა.

შულცმა დაინახა ვარლამი და ცალფეხა მეკუბოვე. ორივე ზურგით იდგა.

ბჟოლებთან, ქვებზე კიდევ ორი ინვალიდი ჩამომსხდარიყო, სტოპა კი

ვაზდუშნი კოცნებს უგზავნიდა ჭრა-კერვის კურსების ფანჯრებს.

ვარლამმა უკან მოიხედა.

წამით მოასწრო შულცის დანახვა, შულცმა კი ვარლამს შეავლო თვალი.

მატარებელი ხტუნვით მირბოდა საღორიის ტყის გასწვრივ. შულცს თავში

მოხვდა შავი პურის ბუხანკა - ქუთაისის უანგარო საჩუქარი.

მოხარშული მსხალი

მეზობელი სადგურ "რიონი"-ს პლატფორმა ცარიელი იყო.

შულცი ჩემოდანზე იჯდა.

სადგურის სახურავის მწვანე ჟეშტზე მონტიორი დადიოდა, გრძლად

ახველებდა და მავთულს იხვევდა მკლავზე. ჯიბეში დაკეცილი გაზეთი ედო.

შულცის წინ მატარებელი ჩამოდგა.

ვაგონის კარი გაიღო. მძლავრად დაამთქნარა რკინის კბილებიანმა და

რკინის ღილებიანმა პრავადნიკმა.

შულცმა ნახევრად ცარიელი ვაგონი გაიარა და თავისუფალ ადგილზე

დაჯდა, ფანჯარასთან.

მის წინ კაცი ჟურნალ "ნიანგს" კითხულობდა. ჟურნალი მთლიანად

უფარავდა სახეს. კარგად იყო ჩაცმული: უხმარი, ინგლისური შევიოტის

კოსტიუმი, ლაქის ფეხსაცმელები, თითზე ბეჭედი, ბეჭედში ამეთვისტოს

თვალი, რომელიც ხანდახან, რხევის დროს ცრემლს აგდებდა.

ბრიოლინით გადასმულ თმაზე სხივი ნელა აქეთ-იქით გადადიოდა.

"ნიანგის" წინა ყდაზე ატომურ ბომბზე გაშხლართული უზომოდ მთვრალი

ჩერჩილი ეხატა სიგარით, უკანაზე კი დადებითი და მასზე უფრო დადებითი

კოლმეურნეები.

მატარებელმა სადგურს ჩაუქროლა. უკან და მარცხნივ, გოდოგნის ქვევით,

ნაგარებში წვიმას აპირებდა, ალბათ უკვე წვიმდა ჭიშურაში, საქარაში,

პერევისაზე, ზევით ხრესილში, მოწამეთაშიც.

შულცის ტუჩებმა თავისით თქვეს:

- სტოპრო.

შულცს ცხვირი ჰქონდა მიდებული შუშაზე. უცებ ის წამოხტა, საავარიო

ტორმუზთან მიიჭრა, სახელური დაქაჩა და კარისკენ გავარდა. ტორმუზებმა

იწივლეს, შულცმა კარი გააღო, ხრეშზე დახტა და უკან გაიქცა, პიტნაში

ჩაფლული პატარა ბაქნისკენ, რომლის ზევითაც, ფერდზე, კირით შეღებილი

კენჭებით ეწერა "დიდება სტალინს".

ბაქნიდან მატარებლის კუდისკენ მძიმე ვედრით ხელში ბებია მირბოდა და

სხვისი, ტკბილი ხმით გალობდა:

- მოხარშული მსხალი! თავსაბანი მიწა!

უკნიდან ისმოდა ხრეშის ხმა, ვედროდან მარლა მოხსნა, გაბზარული თეფში

ამოიღო, ზედ მსხალი დააწყო. ხლაფორთს რომ მორჩა, თავი ასწია. მის

წინ შულცი იდგა.

ბებიამ ტელეგრეიკაში ხელი ჩაავლო:

- სა მეიპარე?

სასტვენის ხმა გაისმა, მატარებლის თავიდან მორბოდა თოფიანი

მილიციელი და პრავადნიკი ქალი. ბებიამ სტაცა ვედროს ხელი და გაიქცა,

შულცი უკან მიჰყვა.

- ქურდობა დეიწყე, ხო?! მიდი, აგერ! აგერ! ახტი! - უბიძგა ბებიამ ღია

კარისკენ - ერმონიას აყევი!

შულცმა ბებიას მარცხენა ხელი წაართვა, უნდოდა ეკოცნა, მაგრამ

მატარებელი დაიძრა, დრო აღარ იყო, შულცი ვაგონის სახელურს ჩაეჭიდა

და ვაგონში შეხტა.

მეზობელ ვაგონში მილიციელი ახტა.

ბებია ვაგონს მისდევდა და უყვიროდა შულცს:

- უნდა ჩამოხტე! ასე უნდა! ასე შობა ყველა! ჩამოხტი!

შულცი ვაგონიდან ვაგონში გადარბოდა, სანამ თავისი ადგილი არ მონახა

და ზედ დავარდა.

კარგად ჩაცმული კაცი ზურგით იდგა და ტყავის ჩემოდანში რაღაცას

შრომობდა, ამოიღო დრაფის პალტო, ველიურის შლაპა და მოტრიალდა.

ეს ერმონია გახლდათ!

ვაგონის კარი გაიღო და ხმაურით დაიხურა. ერმონია აჩქარდა.

შულცმა ტელეგრეიკა გაიძრო, პალტო ჩაიცვა, თავზე შლაპა დაიხურა,

ერმონიამ ხელში ჟურნალი მისცა, დასვა, ფეხი ფეხზე გადაადებინა.

ამ დროს თოფიანი მილიციელი დაადგათ.

ორივეს დიდხანს უყურა, ათვალიერა და ნელა წავიდა შემდეგი ვაგონისაკენ.

უცებ შემოტრიალდა, ტორმუზის პლომბი შეამოწმა, დაქაჩა, მაგრამ

ყველაფერი რიგზე იყო.

AჩHთUNG! შAMთღEDIA!

მილიციელი სხვა ვაგონში რომ გადავიდა, შულცმა თქვა:

- სამტრედია. - ჩემოდანი სწრაფად დაიდო მუხლებზე და შემოეხვია. იგივე

ქნა ერმონიამაც.

სამტრედიას რომ გასცდნენ, ორივემ მშვიდად დადი ჩემოდანი.

კოლხეთის დაბლობი

- შეგვიძლია ვისაუბროთ. - მოკლედ გაიღიმა ერმონიამ.

შულცი არ განძრეულა, ქუთაისისკენ იყურებოდა. ერმონია მისკენ

გადაიხარა, დაინტერესდა თუ რას უყურებდა ასე დაჟინებით შულცი.

შორს, ხვამლის თავზე, სვანეთიდან, ქუთაისს პატარა, ოთხფრთიანი

თვითმფრინავი უახლოვდებოდა.

- ჰერ შულც, მერწმუნეთ, ქუთაისი ჩქარა და იოლად ქრება მეხსიერებიდან

და, შეიძლება, სწორედ ეს იყოს მისი ერთადერთი და უკანასკნელი ღირსება.

ქუთაისი ალბათ აღარც ჩანდა, ამიტომ შულცმა მზერა გადაიტანა გურიის

მთებისკენ.

ერმონიამ მონპასიეს კოლოფი დადო მაგიდაზე.

- გავაბოლოთ, არა? - გულის ჯიბიდან ამოიღო გაზეთი "ინდუსტრიული

ქუთაისი", მოხია ცოტა, სიფრთხილით, ეკონომიურად.

შულცმა მონპასიეს კოლოფი გახსნა. კოლოფი სავსე იყო ბიჩოკებით.

დაახვიეს სიგარეტები, მოუკიდეს აბედით და გააბოლეს.

ბოლი ტრიალით გაჰქონდა ქარს ჩამტვრეულ ფანჯარაში.

ბნელდებოდა.

მატარებელი მინდორში დადგა.

პატარა ბორცვზე შავ ლაქად დაბალი გაშეშებული ძროხა და ველოსიპედის

ნაზი სილუეტი მოჩანდა.

ეკლესიის ნანგრევებზე ლეღვის ხე იზრდებოდა.

შულცს ჩასძინებოდა. ვერ იტყოდი, რომ ღიმილი იყო მის სახეზე, ან

წუხილი.

 

ჰაუზუმი

 

ნისლი ჩამოწვა დასავლეთ გერმანიის პატარა ქალაქ ჰაუზუმში. აქა-იქ უკვე სახლებიც იდგა.

ერმონიამ ჩემოდანი გამოართვა შულცს და სახლისკენ უბიძგა.

სახლი სასწაულად გავდა სიზმარში ნანახს. შულცმა სახლისაკენ ნაბიჯი გადადგა და უკან მოიხედა. ერმონია ქუჩის ბოლოში ამერიკელების ჯიპს მისდევდა და ცაში სიგარეტის პაჩკებს იჭერდა.

შულცმა ჩემოდანი აიღო და სახლში მხნე და წარბშეკრული შევიდა.

 

1979 წელი, მაინის ფრანკფურტი

 

მეთხუთმეტე დღე იყო, რაც ფრანკფურტში გადაუღებლად წვიმდა.

ოტტო შულცი საკუთარ 300 კვ.მ. ოფისში იჯდა უზარმაზარ მაგიდასთან, რომელზედაც კარგა მოზრდილი ოთახი დაეტეოდა. ძალიან ძვირფას ლარნაკში ჩაწყობილი თეთრი ასტრები მაგიდის პრიალა ზედაპირზე ირეკლებოდნენ.

შულცი წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. ტონირებულ შუშის მიღმა, სადღაც ძალიან ქვევით, წვრილი წვიმის მტვერში იკარგებოდა ფრანკფურტი. ვიწრო ქუჩებში მოძრავი მანქანები სველი ლობიოსავით პრიალებდნენ.

უცებ შულცმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, წამოდგა და თითქმის სირბილით გადაჭრა კაბინეტი.

მანქანები სამხრეთისაკენ მიჰქროდნენ. შულცის შინდისფერი სააბი საერთო ნაკადს შეერწყა. შეუჩერებლად წვიმდა.

ოციოდე კილომეტრიც შემდეგ შულცმა ტრასიდან გადაუხვია და ჭადრებს შორის მყუდროდ მიმავალ ასფალტის ვიწრო გზაზე გავიდა.

დიდი სახლი ცალკე იდგა შულცის ულამაზეს მამულში.

ჭიშკარი ავტომატურად გაიღო და მანქანა წყნარად დადგა სახლის წინ.

წვიმამ იმატა.

შულცმა პლაშჩი მოისხა, მანქანიდან გადმოვიდა, ქურდულად მიხედ-მოიხედა, გარაჟიდან გოლფის ურიკა მოიტანა, მანქანის საბარგული გახსნა, უხეშ ნაჭერში გახვეული უსაშველოდ მძიმე საგანი ამოიღო, ურიკაზე დადო, ისევ მიხედ-მოიხედა და ურიკა სახლის უკან გააგორა.

იქ შულცმა ცოტა შეისვენა, ტვირთს ნაჭერი შემოხსნა, სათუთად ამოიღო არაჩვეულებრივად გათლილი და ლაქით უხვად დაფარული თავმომრგვალებული ძელი, გულში ჩაიხუტა და ბუჩქების უკან გაიტანა მოფარებულში. იქ ბუჩქებიდან გამოაგორა ხის ორი ვეებერთელა ბურთი და ძელი მათ შორის ჩადგა. ფალოსი მშვენიერი გამოვიდა.

შულცი ძალიან კმაყოფილი დარჩა, გაიხედ-გამოიხედა, ცას ახედა, ძელი აიტაცა და ღრუბლებს შეუტია:

- შეგეცი! - ვაჟკაცურად, მაგრამ ზრდილობიანად შესძახა ზეცას.

წვიმამ იმატა.

- შეგეცი, - პატივისცემით მიმართა შულცმა ღრუბლებს და მერე ხათრიანად დაამატა - შაო ღრუბელო ბიტეშონ.

ღრუბელი უცებ გაიხსნა. გამოჩნდა ლურჯი და ნაზი, გერმანიაში რომ იცის, ისეთი, თითქოს ფაიფურზე დახატული ცა.

შტეფსელში ჩართულივით გაანათა მზემ. ცას სერავდნენ ცნობილი აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავები.

გზაზე ტურისტულმა ავტობუსმაჩაიარა. ფანჯარასთან ერმონია იჯდა და გაზეთ "ქუთაისს" კეცავდა საქუდედ.

ერმონიასა და შულცის თვალები ერთმანეთს შეხვდნენ.

ერმონიამ ახედა ცას.

- დანკე. - ჩურჩულით თქვა შულცმა.

 

დასასრული

 

ბებია 1953 წელს გარდაიცვალა. დაიმარხა ბაბუას გვერდით.

ვარლამის დედა, სოფიო გურეშიძე, 1991 წელს გარდაიცვალა.

ვალტერ კაკაურიძე დღესაც ცოცხალია. 1998 წელს ხელმეორედ შევიდა კომუნისტურ პარტიაში.

სტოპა 1956 წლის მარტის მიტინგის დროს, სპექტაკლის შემდეგ, სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, მისი კვალი დაკარგულია.

ვარლამი ცხოვრობს თბილისში, საბურთალოზე, ვაზისუბნის N 12-ში, მეშვიდე სართულზე.

შულცი 1973 წლის დიდი ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ გადავიდა ხელოვნური საწვავის ინსტიტუტში. კაბინეტში, მაგიდაზე მას ჟეშტის კოლოფი უდევს, რომელშიც თამბაქოს ინახავს. პარალელურად დააარსა რაღაც სანტექნიკოსთა ასოციაციის მაგვარი, რომლის უცვლელი პრეზიდენტია დღემდე.

ერმონია ვიღაცას ლტოლვილებთან ერთად უნახავს სვანეთში. ზოგი იმასაც ირწმუნება, ქუთაისში თეთრშლაპიანი კაცი ვნახე, ლტოლვილებს მოუძღოდა წინ ორი ჩემოდნით და ზურგზე ბავშვაკიდებულიო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ