მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 630 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქალის გათხოვება მშობლების ნებითა ხდება: ვისაც მამა მიათხოვებს ქალს, ესეც უნდა იმას გაჰყვეს. ხშირად აკვანშივე დანიშნავენ ბავშვებს - მომავალს ცოლ-ქმარს. ჯიშიანი ოჯახი ჯიშიანს ეძებს; უჯიშო გვარიდამ რომ გამოჩენილი ვაჟკაცი გამოვიდეს, ჯიშიანი ხევსური ქალს არ მიათხოვებს და "უჯიშოობით" დაიწუნებს. "უთესლ-უჯილაგოიას!" იტყვის ხევსური.

თუ უჯიშო გვარის ხევსურს გაჰყვა ცოლად ჯიშიან გვარის ქალი, მაშინ ქალის ნათესავები მოიკვეთენ "თესლჯილაგის" შემბღალავს ქალს, "კატას დაუკიდებენ" - დაურჩობენ იმას, ვინც სახლში გაატარებს ნათესავთაგანი ქალს ან იმის ქმარს: "ეს კატა იყოსა იმის მკვდრისადა, ვინც შენ სახლჩი შამოგიტიას, ან შენ ქმარი იმაკეთეოს, მამითხარე თესლ-ჯილაგი, გამახვედ უსირცხვილო ბაზერგანივ!"

ჯიში ხევსურეთში ერთგვარს უფლებას შეადგენს. თავის თემიდამ არ შეუძლიან არც ქალს ამორჩევა ქმრისა და არც მამაკაცს ცოლისა, უსათუოდ ცოლ-ქმარნი სხვადასხვა სოფლისანი და თემისანი უნდა იყვნენ.

ხევსური ქალს პირდაპირ ვერ ითხოვს, უეჭველად "წინამძღვრის" შემწეობით უნდა დაიწყოს საქმე. "წინამძღვარი" იგივე მაჭანკალია. იგი მოელაპარაკება დავალებულს საქმეზე ქალის მშობლებს და, თუ თანხმობა მიიღო, შეატყობინებს სანეფოს მშობლებს. მაშინ ძმა ან მამა სანეფოსი (არასოდეს ნეფე თვითონ არ წავა) წავლენ საპატარძლოს ოჯახში, სადაც ორივე მხარე მოილაპარაკებს ერთმანეთში.

წინაპირველადვე, მანამ ერთმანეთში საუბარს გააბამენ, ვაჟის მხარე, ვინც იქნება, ეტყვის ქალის მამას: "თუ თქვენ ღირსნ ვიყვნეთავ, გვიკადრებთავ, აქამდიაც რომ დავსხედით სკამდე, დიდ მადლობელნ ვართავ. არა ვართავ თქვენის თესლ-ჯილაგისანი". ქალის მამა მიუგებს პასუხად: "ჰღირხართა თქვენის თესლ-ჯილაგისანი სკამზე დასასხდომადაცა, სოფელში გასასვლელადაცა, სამტროდაც, სამაკეთეოდაცა, ქალის მასაცემადაცა, ქალსაც მასწონდით, ქალის პატრონთაცა, მაწონებით მოგეცით" (ქალიო). რაკი საქმე თანხმობით გათავდება, სანეფოს მხარე საპატარძლოს ნიშნად მისცემს ერთს აბაზს.

დანიშნულს ხევსური ერთს წელზე ადრე ვერ წაიყვანს. "ქალის თხოვის" დროს სანეფოს მხარემ უნდა მიიტანოს არა ნაკლებ ოთხ თუნგ არაყისა საპატარძლოს ოჯახში. საპატარძლოს მამა დაიპატიჟებს იმათ, ვინც თითონა ჰსურს, და გაუმასპინძლდება ამ არყით. სანეფოს მამა და ძმა მიართმევენ სადედუფლოს სამ-ოთხს არშინს "აალიანს" ანუ წითელს შილას.

ჩვენ ზევითა ვსთქვით, რომ თავის დანიშნულს ხევსური ერთს წელზე ადრე ვერ წაიყვანსო. ხშირად თხუთმეტი წელიც შეიძლება იყვნენ ერთმანეთზე დანიშნულები ქალი და ვაჟი. მუდამ ახალ წელიწადს სანეფოს მამა ან ძმა მოვალეა "მოიკითხოს" სასძლო, ე.ი. უნდა მიართვას ძღვენი – ერთი ტიკჭორა არაყი და ერთი "ბედისკვერა".

ბედისკვერებს ახალ წლის წინაღამეს აცხობს დიასახლისი ყველა ოჯახში მყოფთათვის და საპატარძლოსათვისაც, როგორც მომავალის ოჯახის წევრისათვის. ბედისკვერა სულ თითონ საპატარძლომ უნდა შეჭამოს, რადგან ბედისკვერა მის ბედს შეიცავს თავის ვინაობაში, ნამცეციც არ უნდა გადააგდოს და არც ვისმე გაუზიაროს.

როდესაც სასძლოს მოყვანის დრო მოვა, სანეფოს ოჯახობა ამოირჩევს სოფლიდამ ორს "ენაპირიანს" კაცს. ეს ორი უცხო კაცი წავა საპატარძლოს ოჯახში, თან წაიღებენ სასმელს და სამ ცხვარს წაიყვანენ. ხარჯი სანეფოს ოჯახისაა. სამივე ცხვარი უნდა დაიკლას: ერთი "ღთისთვის", მეორე იმ სოფლის, თემის ხატისათვის, საიდამაც სასძლოა, მესამე ცხვრით პატარძლის მამას "ხელმხარი გაენათლების".

ხელმხარის ნათვლა იმაში მდგომარეობს, რომ სანეფო-სადედუფლოს, "ახალყოილით" "დაამწყალობებენ", ე.ი. შეავედრებენ ღმერთსა და ხატებს და საკლავს დაჰკვლენ. სანეფოს მამა სისხლს მუჭაში ჩაიყენებს და ხელებზე ზედ გადიფშვნეტს... ხატში "ხელ-მხარის ნათვლის" დროს საჭიროა ხევისბერი, რომელიც მსგავსად ჯვარისა გულზე, შუბლზე და მხრებზე წაუსომს სისხლსა "ხელმხარით გასანათლავს" კაცს. სასძლოს მშობლები შეატყობინებენ სოფელს და ქალი და კაცი კომლზე უნდა გაჰყვეს მაყრად დედუფალს.

მაყრებს თავისი საგზალი აქვსთ, მხოლოდ სასძლოს ოჯახი გამოუცხობს და გაატანს ორს ქადას: ერთს – ქალებს და მეორეს – ვაჟებს. ეს ქადები, სადაც დაისვენებენ, იქ უნდა სჭამონ გზაში. სანეფოს ოჯახი წინათვე გაჰგზავნის ორს კაცს, რომელნიც დედუფალსა და დედუფლის მაყრებს დაუხვდებიან გზაში და დაალევინებენ სასმელს და მერე ერთად მივლენ ნეფის ოჯახში.

დედამთილი პატარძალსა მარჯვენა ხელით მარჯვენას დაუჭერს და სამჯერ წაღმა შემოატარებს კერის გარეშემო, შემდეგ წაიყვანს და ქალებს ჩააბარებს. ნეფე დამალულია მეზობლისას. მარჯეკლები, ე.ი. ის კაცები, რომელთაც დედუფალი მოიყვანეს, მოსძებნიან ნეფეს, მოიყვანენ და სათავეში დასმენ. ნეფე გაბუტულია, არავის არ მიესალმება.

- გამარჯვება ნეფიონო, - ეტყვის თავის სოფლის ხალხი.

- გაგიმარჯოსთავ! – იტყვის ინდაურივით გაბერილი ნეფე და დაჯდება ცალკე, გვერდს "მარჯეკლები" – ორი კაცი მიუჯდებიან. ქალის მაყრები ნეფეს მტრულის თვალით უცქერიან.

საქორწილოდ სამი ქვაბი ლუდია ნადუღარი. პირველს საღამოს პირველი ლუდიანი კოდი გაიხსნება ღვთის სადიდებლად. სადღეგრძელოები პირველად დაილევა ღვთისა, მეორედ – შესანდობარი მკვდრებისა, მესამე სადღეგრძელო – ნეფე-დედუფლისა: "ნეფე ადღენგძელას, დედუფალ გაახარას!" დედუფალი დამალულია.

მარტო სანეფოს ოჯახს არ უყრის ქორწილი ხარჯს, იგი სასოფლო, სათემო ხდება. რომ ხარჯი შეუმსუბუქონ მექორწილეს, სოფლელები სტუმრებს გაინაწილებენ და გაიპატიჟებენ მეორე დღეს. ყველა ოჯახი ამ დღისათვის მომზადებულია... ქალის მაყრები მეორე დღეს და ღამეს სოფელში ატარებენ დროებას და მესამეს დღეს კი მოვლენ "მექორწილეთას".

მეორე დღეს მეორე ლუდიანი კოდი გაიხსნება ადგილობრივის ხატისათვის. მესამე დღეს გაიხსნება მესამე კოდი მიცვალებულთათვის. ყველანი, ადგილობრივნი ქალის მაყრები, მოიყრიან თავს ერთად. მექორწილეს აქვს 40-60 კეცეული დამზადებული და თითო კეცეულზე თითო ერბოიანი ჯამი სდგას. თითო კეცეულს ერბოიანის ჯამითურთ დაუდგამენ ოროლს ან სამ-სამს კაცს და მოაყოლებენ ლუდს.

ნადიმობა რომ გათავდება, ქალის მაყრები შინ წავლენ. ნეფის ნათესავები გააცილებენ მაყრებს და "მოკეთებს" ფანდურის კვრითა და სიმღერით. ნეფე-დედუფალი ერთად ვერ დაწვებიან. მეოთხე დღეს ნეფის ნათესავები გაიპატიჟებენ დედუფალს და შესაწევრად აჩუქებენ: ზოგი თხას, სხვა ბატკანს "სათავნოდ". ერთის თვის შემდეგ პატარძალი ქალწულად ბრუნდება დედ-მამასთან – "მამისახში", ერთს წელს რჩება მშობლებთან, მერე ძმა მისი მოუყვანს ქმარს და ხევისბერი (ხუცესი, დეკანოზი) ჯვარს დასწერს.

ჯვარის წერის დიდება ანუ ლოცვა არის "ჟამის წირვა". ეს ჯამის წირვა ღირსსაცოდნელია, თუმცა არევ-დარეულია, ძნელად გასაგები და თვით ხევისბრისათვის გაუგებარი, - ღირსსაცოდნელია იმ მხრით, რომ იგი აშკარად გვიჩვენებს, თუ რა მკვიდრად ჰქონია ხევსურეთში ქრისტიანობას ფესვები გადგმული. ჟამის წირვა შესდგება ჟამნიდამ, სახარებიდამ, ქრისტიანულის ლოცვებიდამ ამონაგლეჯ ალაგებისაგან, რომელნიც თავისებურის ჩამატებულის სიტყვებით არის გაბლანდული... თვითონ ღულელი (ღული - სოფელია ხევსურეთში.)

ხევისბერი, ღერენა ქისტაური, გამომიტყდა და სთქვა, რომ მართალია, ჩვენი ჟამის წირვა არეულიაო. მიზეზად არევისა შემდეგი ლეგენდა მიამბო: ხევსურეთში ბოლოს დროს ერთი მღვდელი დარჩენილა. მაშინ საქართველო თათრებს სჭერიათ. ორმოცი წელიწადი ამ მღვდელს განუშორებლად ხევსურეთში უცხოვრია და ისე დაბერებულა, რომ წვერი დაბლა მიწაზე უთრევია. ორმოცის წლის განმავლობაში ცოლშვილი არ უნახავს. ბოლოს ამბავი მოუტანიათ იმისთვის: საქართველოში დიდი არევდარევაა, თათრები უწყალოდ ჰხოცვენ ქართველებს, თითონ ქართველებიც მოღალატეობენ, ძმა ძმას აღარ ინდობს, შვილი მამასო. ამ ამბის გამგონე, ჯერ სიბერისაგან დასუსტებული, ჭკუიდამ შეცვლილა, წირვა-ლოცვაც არევით უსრულებია და ხევისბერებისათვისაც არევით გადმოუცია ჟამის წირვაო.

აი თვით ჟამის წირვაც:

"ღირსა ხსნილობა, ჯვარისა კურთხეულობა, კურთხეულიამც უფალი, აწ და მარადი უკუნითი უკუნისამდე. შაგვიწყალენ ჩვენ ყოველნი სანება წმინდამა, გვაცხოვნა და გვაკურთხინა. გაგება და უძლობა, გევედრება სული ჩვენი. მამაო ჩვენო, მოწყალეო, რომელი ხარ ცათაშია, ეგრე ქვეყანათაშია, მოგვიში და მოგვიტიე პური ჩვენი არსობილთა, ნუ შაგვასხამ განსა ჩვენსა. ხატო, ხატო, მეუფეო, დღესა ამას სჯულისასა! შავსწიროთა სხვერპლითა, ქებითა, მიხუცულობითა შენითა, თვალნი მაღლა არიანა, თვალნი მაღლისა ღთისა, ხოლო კაცთა სიმაღლე დაბლიდგან ამაღლდებიან.

კაცთა რა ჟამ მასწევია ცხრომალე, მდინარე ამპარტიონთა, მაშინ გაეხვნენ ძალნი ცათანი. ხოყანა შახარწმუნდებოდა, ცხოველი თესლი შენია, ცხოველი მაცხოვრებაო, შენია დღე და შენია ღამე, შენ დაამკვისე ბნელი და ნათელი, შენ ეგ კია არა, ყოველმა უფალმა მოგცა დარიგება. ხუთითა პურითა ხუთათასნი დააძღვნა, ანისტითა ერთითა ას თორმეტნი აავსნო.

უფალო, აკურთხე მარილი ესე სკანი – სკანარე წყალს იორდანე წყალი ღვინოდ გადასცვალე უფალო, აკურთხე თესლი ესე, რომ სამნი მანანნი, ყრმანნი ისხდეს, პურსა სჭამდეს მათ არა არ შაერგინებოდეს (?!), ტაბლასა მაგათასა, განარა წმინდასა. ბაღდა დაღკარ, დაუარე, არა სჭამე ხორცი მისი, დასთხიე სისხლი მისი. ქრისტიანობის მყოფელო, პირველნი ჩექარნი, ალამ ცეცხლია. სერებილნია, ქერებილნია, მეურქველისა მოქმედი უფალო ღმერთო, მოგვანიჭენ დღესა ამას სჯულისასა. კურთხევა ცოცხლისა კრავისა, ღირსია მარადისა, ეკურთხა და გამოჩინდა სახიერისი სახიერისით, საკითხავ იყვა წმინდათაგან, საკითხავი პოვლეია, გაბრიელია, მრავლითა სიტყვანი გამრავლებითა მაღალთაშიას ჯვარითა, მაშინ მოვიდა უფალი ბევრითა, ბევრეულითა, ათასითა გუნდითა, ათას ანგელოზებითა წარიახნა სულნი მიცვალებულთანი, წაუტივნა სტილონი, მახილა უსტმუნოებითა, შატყულისითა გველისითა, ან დედაკაცისითა, ან მამაკაცისითა ან თვითანა ფიცითა თარგანისითა.

ღმერთო, არსებაო, ღთებაო, მთავარი მთავარ-ანგელოზო, საფლავ დაუმარწვილდებოდა, ეგია ჯოჯოხეთია, ურღუელთია. მაშინ გაეხვნეს ძალნი ცათანი, ხოყანა შახარწმუნდებოდა, შენ თუ ხარა, შენ უფალი ღმერთი ჩვენი, ხოლო წმინდა სული შენი აიღეს, მიიღეს ღმერთთანა პატივის ცემითა თაყვანისა ეგია. წმინდა არსებულ-არსებულო, არსებულ-ამაღლებულო, მანამდინ ვიყვენითავ, წმინდან ვიყვენითავ, სახელს ვიყვენითავ უფლისასავ. მე არ ვიყავ, უფალო, მიარობილისა უხითა, გიორგისითა, მეორე, ნეფე გიორგიო, ბევნი ჩემნია უსჯულოებანი. აუტივნეს და ადიანა ღმერთს ეხვეწებიანა. ავიდეს მაღლა, გააცხადეს მაღრანსა ტაძარსა აბრამისასა. გიკურთხა მამამა, ძემა, ჯვარმა და ღმერთმა ყოველმა.

ივანე მართოლაგია, მა თესლის მაკურთხეველი, გიკურთხა მამა, ძემა, ჯვარმა წმიდამა. ეს სამნი სანთელნი მასკარისანი, ტაზარო, ეკლესიაო, შე სანატრელო, ღვთისაო, თუ რაი შენს ქვედ მოიდა, ქადაგობა ქნაო, დასტურობა ქნაო, სულნი ღმერთს შემოგაბარნაო. ეგ სამნი სანთელნი ნათობენ, უფალო, საკურთხევლის შენს წინა. პირველი სანთელი გაბრიელ მახარობელი, ეგ მეორე სანთელი – ივანე ნათლისმცემელი, ეგ მესამე სანთელი – მხმობელი და მგალობელი. გიკურთხა მამა, ძემა ჯვარმა და ღმერთმა ყოველმა. ეშმაკი იკვლოდა, ხიაგი ცხოვრება ზეით გადავარდაო, ასრულდა წირვა ჟამისა, წმიდისა იაკობილისა. დღეს გამარჯვებისა შენისა".

ამ ლოცვას ხევისბერი ან გარეთ და ან სახლში იტყვის და არა ეკლესიაში, რომელიც ჭირივით ეჯავრება, თუმცა "ჟამის წირვაში" ეკლესიასაც იხსენიებს. ბოლოს ამით გაათავებს ჯვარის წერას: "ბედიანნიმც იქმნებით, დავლათიანნიმც იქმნებით!"

მხოლოდ ეხლა ეძლევათ ნება ცოლ-ქმარს ერთად დაწოლისა. ხევსური ერთს წელიწადს ინახავს ცოლს, ადევნებს თვალს, წვება კიდეც მასთან, მაგრამ "საშვილოდ" არა. თუ მოსწონს და გამოდგება, ხომ შეინახავს და შვილსაც იყოლიებს, თუ არა განუტევებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ