ლაშარობა წელს 17-18 მკათათვეს მოხდა; იგი ორი დღე გრძელდება. სალოცავად მოსულნი იყვნენ: თუშები, ფშაველები, ქისტები, ხევსურები და ბარელი ქართველები სოფ. ყვარელიდამა და ქართლიდამ. ბარელნი, ვისაც კი შეთქმული ჰქონდა, იყვნენ ჩაცმულნი თეთრს ტანისამოსში, ფეხშიშველნი. მოსვლის უმალვე გაიხადეს თეთრები, დაყარეს გალავნის პირას, სადაც ორმოა გაკეთებული.
აუარებელი ცხვარი, კურატი იკვლის და იმათი სისხლი გალავნის წინ, მისასვლელს ადგილს, გაკეთებულს ორმოში ჩადის. ქისტები სავაჭროდ მოდიან, მოაქვსთ გასაყიდად ნაბდები, ქუდები, და თუ ხელი მოემარჯვათ, იქურდბაცაცავებენ კიდეც. თუმცა ხევისბერები ემდურებოდნენ მლოცავის სიცოტავეს, მაგრამ ხალხი მაინც ბევრი იყო: ლაშარის გორზე დაუტევლობის გამო, ბევრნი გორის ძირს, ჭალაში დაბინავებულიყვნენ.
ლაშარის ჯვარი ბევრით არ განსხვავდება ფშავლების სხვა სალოცავისაგან. გალავნის წინ სდგას ყორის ოთხკუთხედი, რომელზედაც წმინდის გიორგის ხატი და ჯვარი ასვენია და ზედვე სდგას სააიაზმე. მისულს მლოცავს მღვდელი ამთხვევს ჯვარს და ასხურებს აიაზმას, ხოლო ხევისბერი ასრულებს თავისს თანამდებობას ერთგულად, შეუშფოთებლად, თუმცა კი ხანდახან შეშფოთდება ხოლმე. ეს შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ხევისბერი საკლავის ხოცვისაგან, კვლისაგან იღლება და გული უწუხდება; მაშინ ხევისბერის მოვალეობას იმისივე თანამოძმე ხევისბერი ასრულებს.
გალავანს შიგნით იმყოფება საჯარე, სადაც ხევისბერების მეტი ვერავინ შევა. საჯარე ყორისაა და ზედ სიპი ქვები ახურია; საჯარის სამხრეთით აშენებულია ყორისავე საზარე, რომელსაც თავზედ კაცის სიმაღლედ მოკალული სპილენძის გუმბათი ადგას. ამ გუმბათზე ჰკიდია ზარი, თავზედ ჯვარი ადგია. ჯვარს ტოტებზე პატარ-პატარა ზარები ჰკიდია. ეს პატარა ზარები გადაბმული არის ჯაჭვისფრად ერთმანეთზე და იმითია შემოსარტყლული საზარე.
საზარეზე არის მიყუდებული ლაშარის ჯვრის დროშა. ამ ადგილს წინად ყოფილა აშენებული ლაშა გიორგისაგან ეკლესია წმინდის გიორგისა სახელზედ, რომლისათვისაც მშვენიერი ხატი წმინდის გიორგის შეუწირავს. ეს გარემოება ხალხს დავიწყებია, შეწირული და შემწირველი გაუერთებია და კიდეც გაუღმერთებია. მეორე გორაზე არის აშენებული თამარ დედოფლის სალოცავი მშვენიერს ადგილზე; ამ დღეობას კიდევ „ღელეობა“ ჰქვიან. ორივე სალოცავს ერთად „მოდე-მოძმე“-თ (და-ძმანი) ეძახიან. ლაშა გიორგი თამარის ძმა ჰგონია ხალხსა.
წინანდელმა ფშაველმა კარგად იცოდა გარემოება ამ საქმისა, მაგრამ დღევანდელს ვერ გაუგია კარგად. გამრუდება სიმართლისა გავლილის ხნის ბრალია და იმ ზეპირგადმოცემისა, ხევისბერების პირით რომელიც მოგვითხრობს, რომ თამარს ქმარი არა ჰყოლია, წმინდა ქალწული ყოფილაო.
ეს სიცრუე თამარის სახელის განსადიდებლადაა ნახმარები, თითქოს ქმრიანობა კი უშლიდეს სიწმინდეს და ამცირებდეს თამარის სახელსა და დიდებას. როგორც ლაშარს, აგრეთვე თამარ დედოფლის სალოცავში იკვლის მამალი საკლავი და მხოლოდ ის გარჩევაა, რომ პირველს არ უკვლენ ციკნებს და მეორეს - კი; თამარს მწევრებისათვის მოუნდებაო. ხევისბერებს აგრეთვე ჩვეულებად აქვსთ ქერის მობნევა ლაშარის მიდამოზე, ლაშარის ჯვარის ცხენს მოუნდებაო; ჰკრეფენ კომლზე სამ-სამს აბაზს ამავე საგნისათვის.
ზემოდნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ხარჯად სდებია ხალხს ცხვარი მამრობითის სქესისა, ციკანი და ფულადაც ყოფილა გარდასახადი. გარდაცვალებულს, თავისს დიდებულს მეფეს, იმეორებს რა ამ ჩვეულებას, ხალხი პატივსა სცემს და იმის სულის შეწყალებასა და შემწეობას მოელის.
ხევსურეთში, სოფ. ხახმატში, სადაც არის სალოცავი წმინდის გიორგისა და ხახმატობა ანუ „ათენგენობა“ ჰქვიან, არის „მწევრის საფლავი“, რომელსაც განსაკუთრებით ციკნებსა სწირავენ; დაჰკლავს შემწირველი ციკანს და გაუტყავებლად დასტოვებს. ამასთან ისიც კი უნდა შევნიშნოთ, რომ ხალხი თხას „ეშმაკის გაჩენილს“ ეძახის, უწმინდურ ცხოველად მიაჩნია. ხალხი მყეფარს მეტის ღირსად არა ჰხდის. სწორედ ამ ჩვეულებაზედ ითქმის ქართული ანდაზა: - „საფერი საფერს შემოჰხვდა, თათარი ურიასაო“.
გალავანში ხევისბერები უჩვენებენ ადგილს, სადაც „ბერმუხა“ მდგარა, შეერთებული ცასთან ოქროს შიბით; ეს მუხა მოუჭრევინებია ზურაბ ერისთავს, რომელსაც ხალხი სულძაღლობით იხსენიებს დღესაც… დიდი ტანჯვა-წვალება უნახავს იმისგან მთის ხალხს და განსაკუთრებით ფშაველებს. ჯერ თავის ყმებისათვის უბრძანებია ვითომც მოჭრა ამ მუხისა, მაგრამ ცული არ მიჰკარებია, ვერ მოუჭრიათ.
ბოლოს დაუბარებია ყველა თემის ფშაველი და თვითოეულისათვის მოუთხოვია ესწავლებინა ხერხი, საშუალება, რითაც კი შეიძლებოდა მუხის მოჭრა. არავის არ უსწავლებია ზურაბისთვის წამალი, რისთვისაც ყველასთვის სხვადასხვა უწმინდური ცხოველი უჭმევია.
ბოლოს ერთს უკანა-ფშაველს გაუყიდია თავისი სალოცავი: კატის სისხლით მოუსვრია მუხა, ანგელოზი მოჰშორებია ხატსა, სწყენია, არ ეგონა, თუ ფშაველი მოღალატე აღმოჩნდებოდა, ხე გაუჭრია ცულსა, მუხა წაქცეულა და ჯაჭვი - შიბი ოქროსი ცაში აკეცილა. იმ მოღალატის გვარი აღარ არსებობს. მას შემდეგ გასტეხია საქართველოს იღბალი და ფშავის ბედიც უკან და უკან წასულა. აი ხალხური ლექსიც ამ ამბავზედ:
იჩივლა ლაშარის ჯვარმა
ღვთის კარზე თავის პირითა:
„ხმელს გორზედ მედგა ბერმუხა,
მორთული ოქროს შიბითა;
სულძაღლმა ერისთვისშვილმა
გადმამიბრუნა ძირითა“,
სანამდე იმის ძე არი,
ის ამააგებს ჭირითა.
მუდამ წელს ბარელების მოსვლა სალოცავად ლაშარის ჯვრისა უმიზეზო არ არის. აშკარაა, რომ ისინი გადასახლებულნი არიან ფშავიდამ და არ ივიწყებენ თავისი მამაპაპის ძველს სალოცავს. ეს დასაჯერებელია მით უმეტეს, რომ ფშავში არის სოფ. ყვარა. გადასახლებულთ თავისის სოფლის სახელი თან წაუღიათ. ხალხიც ამტკიცებს ამ გადასახლებას და მიზეზად ზურაბს ასახელებს, რომელსაც დაუწიოკებია ხალხი და გაუბნევია, დაუქსაქსია. მხოლოდ თუშების ლაშარში სალოცავად სიარულის მიზეზი სხვაა.
როგორც ზეპირგადმოცემა და ხალხური ლექსები მოგვითხრობს, ფშავლებსა და თუშებს ერთ დროს ჰქონიათ ერთმანეთში მტრობა. ერთს მათგანს, სახელდობრ თილისძეს, შეუგროვებია ჯარი და გამოლაშქრებულა ფშავის დასარბევად. თუშებს ეს გამოლაშქრება ძლიერ ძვირად დასჯდომიათ და მარტო იმათი სარდალი თილისძე გადარჩენილა ცოცხალი და ამბავი „თუშების დალევისა“ იმას წაუღია. ხალხური ლექსი ნათლად ჰხატავს ამ შემთხვევას:
თუშთა ქნეს სამღთო წოვათა,
საღმერთოდ დაკლეს ცხვარიო:
ღმერთო, შენ ჩაგვასწავლნოდი
სახოშარონი გზანიო.
ცხენთა ხოშარას ჩასულთა
არაგვ დალიეს წყალიო, და სხვ.
თილისძე შინ მოდის, დედა მოეგებება წინა და ჰკითხავს:
- მოხვედა, თილის ობოლი,
რა ამბავ მაიტანია?
- ერთ მე მოგივედ, დედაო,
სხვა ბევრი ვერ მოდიოდა,
წყურვილის შაწუხებული
მხედარი ჩამოდიოდა;
დაგვლივნა ხოშარის გორმა,
იქ წყლის არ გამოდენამა,
ვიწრო-ვიწრომა ხევხუვმა,
მოკლედ ფშავლების დენამა,
წოწკურაულის ისარმა
უწყალოდ გადმოდინარმა,
ნაკვეთაურის ფრანგულმა,
სანათაურის ენამა,
მათურელთ ვაჟებისამა
გორისპირთ ჩამოდენამა, და სხვ.
ადგილი, სადაც თუშებსა და ფშავლებს ბრძოლა ჰქონიათ, წყლიანია, მაგრამ თილისძე მაინც თავსა მართლულობს იმითი, რომ წყურვილმა შეგვაწუხა თუშები და ფშავლებმა იმიტომ გვძლიესო. ამ შუღლზედ კიდევ სხვა ლექსია ხალხური:
თუშნო, ხოშარას ნუ ჩახვალთ,
ხოშარა ეკლიანია;
შიგ სამნი მგელნი ბუდობენ,
სამნივე ლეკვიანია;
თუ ჩახვალთ, ვეღარ ამოხვალთ,
გიორგი ეტლიანია (წმიდა გიორგი).
ჩვენ ამ უკანასკნელს სტრიქონზე უნდა შევსჩერდეთ, რადგან ამ სტრიქონშია დაფარული მიზეზი, რომლის გამოც თუშები სალოცავად ლაშარის ჯვარს მოდიან. თუშებს თავისი დამარცხება, როგორც ფშავლებს გამარჯვება, - მიუწერიათ ლაშარის ჯვრისათვის (გიორგი ეტლიანი). თუშებმა ლაშარის ჯვრის ძალა მხოლოდ ეხლა შეიგნეს.
პირველად თუშების სარდალი, თილისძე, მოდის ფშავლებთან შესარიგებლად და ლაშარის ჯვრის წინ თავის მოსადრეკად, თან მოჰყავსთ „სამხვეწროდ“ „თეთრი ქორა ხარი“ (რქათეთრი ხარი). მთის ხალხს ჩვეულებად აქვს, რომ როდესაც ერთს მეორესთან მძიმე დანაშაული მიუძღვის და დამნაშავე „სახვეწრით“ - საკლავით, სასმელით მიდის და შეურაცხყოფილს სთხოვს შეწყნარებას, პატიებას, უეჭველად მიიღებს.
ეს ჩვეულება დღესაც მოქმედობს მთის ხალხში. ხასიათი, შინაარსი ამ ჩვეულებისა ისაა, რომ დამნაშავე შეურაცხყოფილს საკლავს რომ უკლავს, პატარა ხატად ჰხადს. საკლავის შეწირვა ხომ ღვთისა და ღვთისშვილების (ხატები) მოსამადლიერებელი საშუალებაა. საკლავით შეხვეწნა დიდი ხვეწნაა, რომლითაც სისხლიც კი დაიურვების. თილისძეს არამც თუ ცხვარი, ხარი მოჰყავს „სამხვეწროდ“ ხატთან და თემთან შესარიგებლად, ალბათ იმიტომ, რომ დიდ დამნაშავედ ჰგრძნობს თავისს თავს.
ლაშარს მოვიდა თილისძე,
გულდიდად დაჯდა ხარიო;
შამოეხვივნენ ფშაველნი,
როგორც ბატონსა ყმანიო:
- შენ აქ არ მოგევალოდა,
დიდი ჰქენ ცოდვა-ბრალიო:
დასწვი, დასდაგე ხოშარა,
ცამდინ აუშვი ალიო;
ცრემლად ატირე ქალ-რძალი
კალოდ გაჰლეწე მკვდარიო;
ნაკვეთაურის ჭერხოსა
შენ შახსენ რკინის კარიო,
- მაცალეთ, ლაღნო ფშაველნო,
მალოცეთ თქვენი ჯვარიო.
„სამხვეწროდ“ მამიყვანავის
თეთრი ქორაი ხარიო, და სხვ.
ეს დღეა პირველი დღე თუშების ლაშარს სალოცავად მოსვლისა. შემდეგ და შემდეგ თუშებში ლაშარში სალოცავად სიარული ჩვეულებად დადებულა. ლაშარის ჯვარი გათქმულია სიმდიდრით - „ზინათით“, განძეულობით. ვერცხლეულს, თასებს, ვერცხლის სინებს სწირავენ მლოცავნი. ქართველთა მეფეებისაგანაც ბევრია, თურმე, შემოწირული თასები, რომელთა შორის აქებენ თამარ დედოფლისაგან შემოწირულს, იმისისავე სახელისა და ღირსების ზედ წარწერით, მაგრამ საუბედუროდ ხევისბერები არავის არ აჩვენებენ და არც ასწავლიან ალაგს, სადაც ეს თასები ინახება.
არც კი გასამტყუნარნი არიან ამ შემთხვევაში, რადგან ბევრმა სხვადასხვა ხელმა ბევრი ვერცხლეული გაალაგა ლაშარის ჯვრისა. ვახუშტი (იხ. გეოგრაფიული აღწერა საქართველოსი, გვ. 296-298) მოგვითხრობს: „ხოლო ხევსურეთის ამოსავლის მთას იქით არს ფშავი, რომელსა შუაში უდის თეთრი არაგვი (დღეს ფშავის არაგვი ჰქვიან) და მოერთვიან ხევნი აღმოსავლით დასავლეთიდამ. აქა ფშავსა შინა არს ეკლესია ლაშასაგან აღშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი, ოქრო-ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯვარს. აქვსთ სასოება მასზედა ფრიად, რამეთუ ვერც ფშავი, ვერც ხევსური, უკეთუ იშოვნოს ოქრო, ანუ ვერცხლი, ვერარაიდ იხმარებენ თავისად, არამედ მიუძღვნის ლაშას ჯვარს“.
ეს ცოტა გადაჭარბებით აქვს ვახუშტს ნათქვამი: ჯერაცა აქვსთ ფშავლებს ზოგს ძველი კაცური სამკაული „აშურმები“. მართალია, ბევრს სწირავდნენ ხატსა, მაგრამ არც თვითონ იკლებდნენ მამაკაცნი და დედაკაცნი ვერცხლს სამკაულად. ლაშარის ჯვარს აქვს თავისთვის მამულები, ზვრები კახეთში, სოფლებს ახმეტასა და მატანში. ამ ზვრების საკეთებლად ფული ხალხიდამ კომლეურად იკრიბება. ღვინო ამ ზვრებისა - „კულუხი“ დღეობისათვის მიაქვთ და სახალხოდ ისმევა. კულუხი წინათ ვერცხლის თასებით ისმეოდა, მაგრამ დღეს ხევისბერები აღარ აჩენენ ამ თასებს, რადგან მოპარვისა ეშინიანთ.
ფშაველი ისე არც ერთს დღეობაში, ხატობაში არ არის განებივრებული, როგორც ლაშარის დღეობაში. ყველაფერი ხელს უწყობს ამ სინებივრეს. ლოთობს ფშაველი, მაგრამ იშვიათად „ფოთობს“, თუმცა კი ყაყანით ყაყანებს; ყველანი დიდნი და პატარანი პაპიროზს შეექცევიან. პაპიროზთან ერთად ისყიდება ჩაი, მაგრამ ეს შეცდომაა, უფრო მართალი იქნება ვსთქვა, ციკორი.
მუშტარი მაინც არა სწუნობს ამ გაჩაიებულს ციკორს და, როგორც ფუტკარი თაფლს, ისე ედება. სასმლისაგან გაჟინთული ფშაველი, რომელსაც დედამიწაზედ აღარ უდგა ფეხები, ხანდახან თავის „დიდს ბატონსაც“ გაეხუმრება ხოლმე. კახური ჭაჭანაური სარწმუნოებისაგან აშენებულს ციხეში დაპატიმრებულს გონებას დაიხსნის ხოლმე. მაშინ ფშაველი იმღერის:
ფშაველთა ლაშარის ჯვარი
ნეტარ არ დაუბერდაა?
ამბობენ დაბერებასა,
ნეტარ არ მაუკვდებაა?!
ხალხურს მოშაირეს ლამაზადა აქვს დახატული სურათი ლაშარობისა: იგი დასცინის კიდეც იმათ, ვინც მეტისმეტად გართულან ამ დღეობახატობებით და თავის სახლსა და საქმეს კი აკლდებიან:
ამ ზაფხულს ლაშარს ვიყოდი,
არაყსა ვსომდი, ვბიჭობდი,
პირში პაპიროზ მეჭირის,
რატიშვილზედა[5] ვსდიდობდი.
საცა ბუზიკანტ აჩქამდის,
წინ-წინ მე გადავფრინდოდი;
გავიყარნოდი დოინჯი,
წელშია გავიდრიცოდი;
შამაქის გულის წაწალმა,
მხრებშიაც შავიჩიკოდი;
ის აღარ მაგონდებოდა,
ზამთარო მამიხვიდოდი;
ამკიდეს ნეკრის კონაი,
დამჭკიმის, დავიჭმიხოდი,
ჩემი კვირისა ყვიროდის,
მე რო საბძელსა ვხდიდოდი;
რა ვქენ, ამ თავ მოსაკვდავმა,
რად არ ღამითაც ვთიბდოდი!