მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 447 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

არის სურათები, რომლებიც მუდამ მემახსოვრება და ერთი ასეთი სურათი ლოგინზე მიჯაჭვული გალეული მოხუცი და მის საწოლთან ჩამომჯდარი, ხელჯოხზე დაყრდნობილი და ავადმყოფისკენ ყურადღებით დახრილი სულ ჭაღარა კაცია - უკვე ისიც მოხუცი.

ცოტა მათემატიკოსი, ცოტა ეთნოგრაფი, ცოტა დისიდენტი, მემორინე (სად გამოქექა ეს ყალბი, ჩიქორთული სიტყვა?) და საერთო ჯამში არაფერი! - მამაჩემს არასოდეს ყვარებია ჩვენი სანათესაოს ის ფრთა, რომლის ერთადერთი წარმომადგენელი ძია გოგი იყო.

ლოგინად ჩავარდნილ ბაბუას ყველაზე მეტად დისშვილის დანახვა უხაროდა, სახე უნათდებოდა. ყველაზე მეტ ამბავს მას უყვებოდა. ამ ორ უახლოეს ნათესავს აბსოლუტურად არაფერი ჰქონდა საერთო, არც იერით და არც ხასიათით. ბაბუა პროფესიონალი სამხედრო იყო, თავის დროზე გენერლობას სულ ცოტა დააკლდა, მძლავრი, მკაცრი და ლამაზი კაცი, ბრძანებების გაცემასა და ამ ბრძანებების ულაპარაკოდ აღსრულებას მიჩვეული.

მთელი ცხოვრება მაგრად იდგა მიწაზე და საერთოდ არ ჰყოლია მეგობრები, ძია გოგი - ყველას და ყველაფერს მოდებული. მასზე ყვებოდნენ, ერთხელ პოკერში წაგებული ფული რომ გადაეხადა, სამ დღეში დაწერა სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი, რომელიც ერთმა ძალიან ცნობილმა დრამატურგმა საკუთარი სახელით სულ ადვილად მიჰყიდა კინოსტუდიას.

ნიჭიერი რომ იყო, ამას მამაჩემიც აღიარებდა. ვიცოდი, რომ ახალგაზრდობაში ძალიან მოსწონდათ ქალებს და თუმცა გარეგნობაში ჰქონდა რაღაც ძალიან მაზალო და ცოტა კომიკურიც, ამისი მაინც მჯერა. ლეგენდად დადიოდა ამბავი, როგორ შეაბა ერთხელ საქართველოში ტურისტად ჩამოსული რომელიღაც აფრიკული ქვეყნის პრინცესა და სასტუმრო ივერიაში რა მაქინაციებით დაუძვრა უშიშროებას, მეფის ასულის ნომერში რომ შეეღწია...

მე რატომღაც მგონია, რომ მასში ბაბუა ქცევის და აზროვნების იმ თავისუფლებას ხედავდა, რასაც თვითონ, როგორც პარტიის წევრი, ოჯახის მამა და სამაგალითო სამხედრო, მთელი ცხოვრება მოკლებული იყო. ან, უბრალოდ, ძალიან უყვარდა საკუთარი დისშვილი.

იმ დღეებში მეც ხშირად მივდიოდი ბაბუას სანახავად. საქმე არაფერი მქონდა, სრულიად არაფერი. ის ჩემი მარტოობის დღეები იყო. რუსთაველი დემონსტრანტებს ჰქონდათ გადაკეტილი და ჩემებთან მისაღწევად ფეხით მიწევდა სიარული. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება გარდუვალი ჩანდა. დემონსტრაციაზე უსინათლო მომღერლები გამოჩნდნენ და როგორც ოცი წლის წინ ძველ ხანჯალზე და ფიცხელ ომზე იმღერეს, ეს კი კარგს არაფერს ნიშნავდა.

დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ვიღაცეებს ახსენდებათ ეს ადამიანები და უნამუსოდ მოაცუქცუქებენ რუსთაველზე, რომ მათი სიმღერის ფონზე სპეცნაზელთა მიერ დახეთქილი თავები კიდევ უფრო შემზარავი გამოჩნდეს, რომ დარბევის ღამე 9 აპრილის ღამეს დაემსგავსოს. ერი ხელახლა დაიბადა, ლაზარე აღდგა! - გაიძახიან ერთნი. სახელმწიფო შედგა - პასუხობენ ხელისუფალნი და მანიფესტანტთა მაღალპროფესიული დარბევისთვის ძალოვნებს უხდიან მადლობას.

კიდევ ერთი მზაკვრული შეთქმულებაა აღკვეთილი, ტელევიზიით კომპრომატების ზღვა, სიბინძურე, რომელსაც ბოლო არ უჩანს, ნაცემი ადამიანები და აუცილებლად უსინათლო მომღერლები, რომლებსაც არასოდეს არავისთვის უთქვამთ უარი, მღეროდნენ, სანამ შეეძლოთ, მღეროდნენ დღევანდელი ხელისუფალთა მიერ გამართულ ქუჩის აქციებზეც, მღეროდნენ მერეც, მოხუცდნენ, დაიხოცნენ და ახლა უკვე ერთადერთი ცოცხლად დარჩენილიღა უმღეროდა ძველ ხანჯალს და სამშობლოს თავის წამოზრდილ უსინათლო ქალიშვილთან ერთად... და გრძელდებოდა დაპირისპირება მუდმივად დაბადების პროცესში მყოფ ერსა და შემდგარ სახელმწიფოს შორის და წესით ამ ყველაფერზე ერთადერთი ბუნებრივი რეაქცია არის გულზიდვა, ოღონდ ამისათვის ჯანმრთელი ორგანიზმი უნდა გქონდეს...

ჩვენი დიდი სახლის განაპირა ოთახში კი სიმონიკა ბაბუა კვდებოდა. დიდხანს ბერდებოდა, დიდხანს კვდებოდა. ლოგინთან ის ეჯდა, ვისი მისვლაც ყველაზე მეტად ახარებდა, უყვებოდა ძველ ამბებს და ტიროდა. ამ კერპი და ფიცხი კაცის ცრემლები ძალიან უჩვეულო რამ იყო...

ცრემლი სდიოდა თავის ჩვილობაში გარდაცვლილი უფროსი ქალიშვილის გახსნებაზე, ტიროდა დახვრეტილ უფროს ძმაზე და მამაზე, რომელმაც ძმის დახვრეტის შემდეგ კომკავშირში შესვლის გამო დაწყევლა, ტიროდა ძია გოგის დახვრეტილ მამაზეც და გარდაცვლილ დედაზე - თავის ღვიძლ უფროს დაზე, ტიროდა სულ უბრალო ამბების გახსნებაზე - იტალიელ ჯარისკაცზე, რომელსაც მსოფლიო ომის ერთ ღამეს გადაეყარა, როდესაც ორივე თავ-თავის პოზიციებიდან ფრონტის ხაზზე მდგარი თივის ზვინისკენ გახოხდა, რომ ცოტაოდენი თივა გათოშილ სანგარში გასათბობად წაეღო...

ეს ამბავი მე ბავშვობიდან ვიცოდი, ყოველ ცხრა მაისს გაშლილ სუფრასთან სადა კიტელში გამოწყობილი და ვერცხლისბალთიანი ქამრით შემოსალტული ბაბუაჩემი ღიმილით ყვებოდა ხოლმე, ის და იტალიელი სხვადასხვა მხრიდან როგორ დაეჯაჯგურნენ მოწინააღმდეგეთა პოზიციებს შორის ეულად მდგარ თივის ბულულს, ორივეს როგორ შეეშინდა და როგორ მუნჯურად ანიშნეს ერთმანეთს: შენ - შენთვის, მე - ჩემთვისო. 9 მაისს ბაბუაჩემს ფეხზე გაპრიალებული ტყავის ჩექმები - აზიაცკები - ეცვა და მკერდზე მრავალ ჯილდოთაგან უმნიშვნელოვანესი - მამაცობის ორდენი ეკეთა.

ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი კაცი. ის დიდხანს ბერდებოდა და დაბერებასთან ერთად ისტორიაც ნელ-ნელა იცვლებოდა, უფრო ჰეროიკული ხდებოდა... ბაბუა იტალიელს იარაღის ამოღებას ასწრებდა და მარჯვედ ადებდა შუბლზე ან ერთი დარტყმით თიშავდა - თუნდაც ღრმა მოხუცებულობაში მისი დაძარღვული ხელების შემხედვარეს, ამის წარმოდგენა სულ იოლი იყო, მაგრამ ბოლოს მაინც უშვებდა - არ წირავდა ტყვეობისთვის და გახარებული და დამფრთხალი იტალიელიც ფართხა-ფურთხით მიხოხავდა საკუთარი სანგრისაკენ...

მაგრამ ბოლოს, სიკვდილის პირას გაგულჩვილებულმა სიმონიკა ბაბუმ ამ ამბავს ისევ პირვანდელი, ჩემთვის ძვირფასი იერი დაუბრუნა - ჩრდილოეთის ტრამალებში ომისგან გატანჯული, სიცივისგან გასაცოდავებული ორი სამხრეთელი მშვიდობით შორდებოდა ერთმანეთს... ბაბუა კი ისევ ტიროდა.

არასოდეს უტირია ბებიაჩემზე. ეგ მაბრაზებდა, როგორც ქალს და შვილიშვილს, თუკი საერთოდ შეიძლება ამ ასაკის და ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე გაბრაზდე. თხუთმეტი წლის წინ, ბებიაჩემის სიკვდილის მერე მოშვებული თეთრი წვერი, რომელმაც მხოლოდ გაალამაზა და მეტი არაფერი, არც ერთი სიტყვა, არც ერთი ცრემლი...

მე კი ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად ვიყავი მარტო. თუმცა გოგოები სულ მირეკავდნენ, მნახულობდნენ, დაბადების დღეებზე მპატიჟებდნენ, ერთხელ დისერტაციის დაცვაზეც წავედი. აღმოვაჩინე, რომ საქმე არაფერი მქონდა, სრულიად არაფერი, თუ არ ჩავთვლით მობილური ტელეფონით მესიჯების გზავნას. მაგას ვაკეთებდი, ხუთოსანი მოსწავლის სიბეჯითით ვკრეფდი არაფრისმთქმელ წყალწყალა წერილს, ვაჭერდი შენდ-ს და გზავნილიც მიფრინავდა აუტანლად ყვითელი ჟურნალის უკანასკნელ გვერდზე რუბრიკაში მიყვარხარ, მენატრები, რომელსაც ადრე არასოდეს მივაქცევდი ყურადღებას, თუმცა ადრე არც იმ ჟურნალს ვიყიდდი.

მიწერე ხოლმე! იქ მაგით ცხოვრობს ხალხი, - მითხრეს გოგლას ძმაკაცებმა და მეც ვწერდი კვირაში ერთ აბსურდს მაინც. რაც მთავარია, ველოდებოდი ჟურნალის გამოსვლას, დილიდან გავრბოდი სუპერმარკეტში, ვყიდულობდი და ვკითხულობდი ყოველ ახალ ნომერს, ვითომ გოგლა ვიყავი, მაგრამ ის ალბათ ჯერ ბოლო გვერდს დაეტაკებოდა, როგორც ყვლა პატიმარი, რომელსაც გარეთ ვინმე წერილის მიმწერი და ხმის მიმწვდენი ეგულება.

მე კიდევ რაღაც დაგემოვნებული თვითგვემით თავიდან ვიწყებდი და ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცნობოდი გლეხური ენით მოყოლილ (ნეტა, ერთი კორექტორი რა გაუხდა ამხელა ტირაჟის ჟურნალს) მსოფლიო ამბებს და ლოკალურ ინტრიგებს, ჩვენი ბომონდის ჭორებს, ცნობადი სახეების ახირებებს და მათი გარდერობებს, რუბრიკებს წმინდა მამები გვრიჩვენ და კითხვები მოძღვარს ცოდვებით დამძიმებული სამყაროს უახლოეს ხანში მოსალოდნელი აღსასრულის მუქარას და იქვე, შემდეგ გვერდზე, ცნობილი წინასწარმეტყველის უტყუარ წინასწარმეტყველებას უახლოეს ხანში იბერიის უცილობელი გაბრწყინების შესახებ... სულ ბოლოს მიყვარხარ, მენატრების ჯერიც დგებოდა.

ტუსაღებთან მიწერილ სამლარიან მესიჯებს ყველაზე გულდასმით ვკითუხლობდი: მე მჯერა შენი, მიყვარხარ გიჟურად, თავდავიწყებით, გეფერები, გელოდები, შენი სუნი დღემდე დამყვება, მოსვენებას არ მაძლევს, შენით ვცოცხლობ, მწყურიხარ... იმ დღეს სასამართლოზე თავი ვერ შევიკავე, არ უნდა მეტირა შენი თანდასწრებით, მაგრამ რა ვქნა, აღარ შემიძლია, უნდა მაპატიო... შენი შვილი სულ გკითხულობს, გელოდება, ძალიან გაიზარდა, უაღრესად ჭკვიანი და დადებითია... ყველაზე უარესი, რისი გაკეთებაც შეგეძლო, შენ უკვე ჩაიდინე, ახლა მხოლოდ ერთი გზა დაგრჩა.

ღმერთს ებარებოდე!... მიშგულადეხ ძმაო, აქ შენებს არ ვაკლებთ არაფერს, თქვენი სათიბის ამბავიც ისე გადაწყდა, ჩვენ რომ გვინდოდა და შენ რომ გაგეხარდება, შენ მთავარია, გული არ გაიტეხო და ღმერთის გზით იარო, ძნელი აღმართი გაქვს ასავლელი, მარა ნიჩევო. უფალი იყოს შენი შემწე... და უცებ ამდენ დრამატიზმში და ვნებაში ჩემს თეთრი ყვავივით გამოჩხერილ წყალ-წყალა მესსიჯს ვაწყდები... უცებ, ბრახ! გუშინ მარიკამ დისერტაცია დაიცვა და იქ ყველა შენ ამბავს კითხულობდა, ყველას ენატრები... ვერაფერი ნუგეშია, არა, ოთხ კედელში გამომწყვდეული კაცისთვის? ვერ გამოვდექი კარგი პატიმრის ცოლი თუ პატიმრის კარგი ცოლი - რომელია სწორი?

მერე ისევ რუსთაველის პროსპექტს მივუყვებოდი ჩემების სახლისკენ. ულტიმატუმების ვადა იწურებოდა, აქაური ჰაერი კიდევ უფრო მძიმე იყო, ყველა რაღაცა ცუდს მოელოდა, ფეხს არ მოვიცვლით, აქედან ფეხს არ მოვიცვლით, არ გვეშინია! - მეგაფონში კიოდნენ ლიდერები. წვიმდა და მობუზული დემონსტრანტები პატარ-პატარა ჯგუფებად შექუჩებულიყვნენ, ვცდილობდი სწრაფად გამევლო რუსთაველი და ჩემებისკენ დროზე ამეხვია.

იქ უცვლელი მხვდებოდა ყველაფერი. მუდამ შეწუხებული დედა და სიმონიკა ბაბუ-ძია გოგის ტანდემით გაღიზიანებული მამა. ბაბუა კი დისშვილს ახლა ზაურის სამბეჭდიანი თოფის ამბავს უყვებოდა. ზაუერ, ტრი კალცა - ასე ამბობდა და არც ვიცი, რას ნიშნავს, თორემ დროისგან დაძენძილ შალითაში მოთავსებული თოფი, რაც თავი მახსოვს, ასე ედო ლოგინის გვერდით და ტყვიები თუ მოეპოვებოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, მაგრამ ერთხელ აკი დააქუხა კიდეც, ჩეხოვის დრამატურგიული კანონების სრული დაცვით...

თურმე, ეს თოფი ერთადერთი ნაალაფარი ნივთი იყო, რომელიც გერმანიიდან ჩამოჰყვა. ზაური საკუთარ მამას, ჩემს დიდ ბაბუას, ჩამოუტანა, სოფელად მაცხოვრებელ ახირებულ კაცს, სანადირო იარაღის და მონადირე ძაღლების უბადლო მცოდნეს, რომელიც კომკავშირში შესვლის დღიდან ხმას არ სცემდა. მოჰყვა, როგორ მოჰქონდა თოფი თვეები, როგორ ავიდა სოფელში და წარსდგა ოთხი წლის უნახავი მამის წინაშე ყველა ორდენით დამშვენებული, ხელში ლამაზ შალითაში შენახული გერმანული თოფით, რომლითაც მშობლის გული უნდა მოეგო. მამამ კიდევ არც შვილს და არც იარაღს ზედ არ შეხედა: ხომ არ გგონია, შენს ნამარადიორალს ხელში დავიჭერო?!

ღმერთო, როგორ ტიროდა, ამ ამბავს რომ იგონებდა. ძია გოგის მისი ცვილად ქცეული ხელი ეჭირა, ოთახში მოხუცებულობის, უძლურების სუნი იდგა. ვიცოდი, საბანქვეშ ბაბუას რაღაც პამპერსის მსგავსი ეკეთა, ისიც ვიცოდი, მამაჩემის დაქირავებული ექთანი რომ კარგად უვლიდა და თეთრი წვერიც კოხტად ჰქონდა შეკრეჭილი, მაგრამ ამ ორი ადამიანის - ერთმანეთისთვის ხელჩაჭიდებული და ერთმანეთის თვალებში მაცქერალი ორი მოხუცის შემხედვარე (დისშვილი ბიძაზე თვრამეტი წლით იყო უმცროსი, მის ასაკში ბაბუაჩემს ჯერ კიდევ მძლეთამძლე იერი ჰქონდა, ძია გოგი კი ძლივს დაჩაქჩაქებდა თავის ხელჯოხით და ბაბუაჩემის სანახავად ჩვენი ქვაფენილიანი აღმართის ამოვლა დიდ ძალისხმევად უჯდებოდა).

ვფიქრობდი, რომ ადამიანი ამას არ იმსახურებს, რომ ცოდოა უძლურებისა და უსუსურებისთვის. წუთისოფელიო - სიცოცხლეზე ვამბობთ და უსაშველოდ გრძელი რამ კი არის, რომლის გახსნება, თურმე, ცრემლის უშრეტი მდინარეა, ჰოდა, მისი გამლევი ადამიანი მის დასალიერში არ იმსახურებს ჩაფსმას, უძლურებას, უსუსურობას. ცოდოა...

მერე რუსთაველზე დემონსტრაცია დაარბიეს. ამას ყველა ელოდა. პროსპექტი ღამით გაწმინდეს, დილით იქ აღლუმი უნდა ჩატარებულიყო. ჯერ გაწმინდეს, მერე გარეცხეს იმიტომ, რომ იქ სისხლი იყო. სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ შედგა, ერი კიდევ ერთხელ დაიბადა, მაგრამ ამჯერად სპეცნაზმა გადაამეტა, რაღაცა მოირღვა საათივით აწყობილ მექანიზმში და ხალხი დაიხოცა...

აღლუმი მაინც მოეწყო, ჩამოიარა ჯარმა, გადაიფრინა ავიაციამ, უსინათლოთა ნაცვლად ახლა თვალხილულმა და სექსუალრუმა ვარსკვლავებმა უმღერეს სამშობლოს, იქ დამსწრე უცხოური დიპლომატიური კორპუსი ცოტა დაბნეული ადევნებდა თვალს ჰიბრიდული რეჟიმის ეგზოტიკურ თავისებურებებს. მერე პრეზიდენტმა საკუთარი ხელით ჩამოჰკიდა ღირსების ორდენები გამოჩენილ ქართველებს: მოცეკვავეებს, მომღერლებს, მეცნიერებს და მათ შორის... მამაჩემს...

კინაღამ გავგიჟდი, პირდაპირ ეთერში რომ დავინახე. დანახვა და დედაჩემის ზარი ერთი იყო. ამიხსნა, რომ ასე გოგლასთვის მოიქცა, ჯილდოზე უარი რომ ეთქვა, მერე დახმარებასაც ვეღარ სთხოვდა ვერავის, პირიქით - შეიძლება გოგლას და, შესაბამისად, ჩემი მდგომარეობაც დამძიმებულიყო. მდგომარეობის დამძიმება - ასე პაციენტებზე ამბობენ ხოლმე ექიმები.

ის ლაპარაკობდა, მე ვუსმენდი, არ შევპასუხებივარ, მისთვის უფრო მეტი დისკომფორტი რომ არ შემექმნა, ვცდილობდი, დამეჯერებინა, რომ ყველაფერი სასიკეთოდ, ყველაფერი გოგლასთვის და ჩემთვის ხდებოდა და არა ახალ უნივერსტეტში სრულპროფესორის თანამდებობის მოსაპოვებლად, ანდაც სქელი კანის ქვეშ პარაზიტივით ჩაბუდებული კომფორმიზმის ჭიის გამოსაკვებად.

მერე ჩემს ცხოვრებაში პირველად მივიღე მონაწილეობა პროტესტში. ჩემს გოგოებს გავყევი. მეუბნებოდნენ: დარჩი, მდგომარეობა არ დაგიმძიმდეთო (ისევ ეს მდგომარეობის დამძიმება), მამაჩემის ორდენი რომ არა, ალბათ, არც წავიდოდი. იქ ბევრი ვნახე ჩემი და ჩემი გოგოებისნაირი - ცოტა შეშფოთებული და ცოტა ამაყი. არასოდეს არაფერზე პროტესტი არ გამოგვიხატავს, ეს ცოტა გვაშინებდა, მაგრამ გვეამაყებოდა კიდეც, რომ შევძელით.

ვინ აღარ შემხვდა იქ და უცებ ამდენ ხალხში ხელჯოხიანი ძია გოგი რომ დავინახე, უფრო გამეხარდა, რომ სახლში არ დავრჩი. აღარ მოვცილდი, ხელი გავუყარე და ერთად გავიარეთ რუსთაველის პროსპექტი დემონსტრაციის სულ კუდში, რადგან ძალიან ნელა მოდიოდა. მართალია, რუსთაველზე ჩვენი მარში ცოტათი გავდა დეფილეს, მაგრამ ძია გოგიც აქ იყო და ესე იგი, სწორად ვიქცეოდით. არ შემშინებია, რომ მამაჩემის ორდენზე მკითხავდა რამეს, ძალიან ტაქტიანი კაცი იყო.

ასე ჯოხის კაკუნით ხმისამოუღებლად გავიარეთ მთელი რუსთაველი და ესეც იყო ჩაფიქრებული - მდუმარე პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ. ხალხს რომ გადავხედე, არ ვიყავით ცოტა. მივედით იმ ადგილამდე, სადაც რამდენიმე დღით ადრე ხალხი დაიხოცა და გავჩერდით. მერე დავიშალეთ...

მერე ჩვენზე დაწერეს, რომ იმ დღეს ქუჩაში გამოვიდა საზოგადოების ყველაზე საშიში სეგმენტი, ძველი პრივილეგიებისთვის მებრძოლი საბჭოთა ინტელიგენცია. ოღონდ ჩემი ოჯახის ყველაზე მეწამული ინტელიგენტი უკვე ღირსების ორდენოსანი იყო. კიდევ დაწერეს, რომ ამაზრზენია ჩვენი მცდელობა გარედან ვუყუროთ მოვლენებს და გვერდზე დავრჩეთ, როცა სახელმწიფოს გარეშე მტრები ახვევიან და შიდა მოღალატეები უთხრიან ძირს.

ჩვენ კი მორალისტის პოზაში გვინდა სუფთა ხელებით დავრჩეთ. ვერ მოგართვით, ბატონებო! თუმცა, შემიძლია დავიფიცო, რომ იმ აქციაზე აბსოლუტური უმრავლესობა ქალბატონები ვიყავით... ამაზე დაიწერა ერთი სტატია, მერე კიდევ ერთი, კიდევ და ბოლოს ძია გოგის სატელევიზიო დებიუტიც შედგა. პირველად და უკანასკნელად გამოვიდა ტელედებატებში და ახლაც არ ვიცი, თვითონ გამოთქვა სურვილი, თუ სთხოვეს და უარი ვერ უთხრა. ტელედებატები, რომელიც მისი სრული კრახით, კატასტროფით დამთავრდა და რომელსაც თავიდან ბოლომდე ვუყურე. მამაჩემის ღირსების ორდენით დაჯილდოვება ისე არ გამკვირვებია, როგორც მისი ტელევზორში გამოჩენა...

ორი ორზე იყვნენ. უფრო სწორედ, ასე იყო ჩაფიქრებული. უბრალოდ მოქალაქე... ასე მომხიბლავად წარადგინა საკუთარი თავი, როცა ჟურნალისტი მისი წარდგენისას დაიბნა, ვერ მიხვდა, რა პროფესიის კაცად წარედგინა: იგროკი და პოკერისტიო - ხომ ვერ იტყოდა. ან არადა, წლების მანძილზე ძია გოგი სწორედ თამაშით ირჩენდა თავს და სხვასაც ბევრს უმართავდა ხელს.

ცოტ-ცოტა ყველაფერი და საბოლოო ჯამში არაფერი - ჩაიქირქილებდა მამაჩემი, თუ ტელევიზორი ჩართული ჰქონდა. ძია გოგი კი სიმპათიურად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და თანაც არაერთხელ მქონდა ნანახი კამათისას როგორ გამოჰყავდა წყობილებიდან მამაჩემი და კიდევ სხვები, მეგონა, ქვას ქვაზე არ დატოვებდა. გვერდს ლარივით დაჭიმული ადამიანის უფლებების დამცველი პატარა გოგონა უმაგრებდა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციიდან - ეს ორი ერთად უკვე კურიოზი იყო. გოგონას ადამიანის უფლებათა დარღვევის უზარმაზარი არზა ჰქონდა მომარჯვებული, ოღონდ იმის გადმოლაგებამდე არ მისულა საქმე.

მათ ოპონენტებად ჰყავდათ ორი გმირი ახალი საქართველოსი, სხვანაირად კი, ორი ჩემი ძველი პაკლონიკი. ოღონდაც იმ ძველ დროში მათ საერთო სხვა არაფერი ჰქონდათ. ორივეს მოვწონდი სტუდენტობის დროს. ამირანის თითქოს ცულით ნაჩორკნ სახეს და დევგმირულ აღნაგობას მისი სახელი უხდებოდა. მეორეს მუდამ ცინიკური, ყველაფრისმცოდნე ჩაღიმება ჰქონდა და ფანტომასივით პირმოკუმული სიცილი, რომელიც ჯერ კიდევ იმ შორეული დროიდან გამოჰყვა...

დავინახე ეს ორი და პირველი რაც მომაფიქრდა - გოგლაზე სათხოვნად ორივესთან მიმესვლებოდა. ვიყავი კი მიმსვლელი? იმ ძველ დროში მე და გოგოებს ამირანის გვეშინოდა. პირველ კურსზე გვიმტკიცებდა ქართველი მებრძოლები ქალის ძუძუზე ლესავდნენ ხანჯალსო. ეროვნულ ნიადაგზე დამყნობილი ფროიდის პასაჟირი იყო.

აფხაზებს აფსუებს ეძახდა და ოსებს - ოვსებს. მერე გაზვიადისტდა, მერე საერთოდ გაქრა. ახლა ისევ გამოჩნდა და სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე დადგა, ძირითადად - იდეოლოგიის დარგში. ცოტა ხნით ადრე რადიოში ვუსმინე, იმისთანებს ლაპარაკობდა, რომ მანქანა გავაჩერე და ბოლომდე დავუგდე ყური.

მშობლებს ურჩევდა ბავშვებისთვის "სამი მუშკეტერი" არ წაეკითხებინათ, როგორც საოცრად მავნებელი წიგნი და როცა ყველაფერზე დასათანხმებლად მზადმყოფმა ჟურნალისტმაც კი შეიცხადა: კი მაგრამ რატომო?! ძალიან მშვიდად აგვიხსნა, რატომაც: ოთხი იდიოტი სამშობლოს ღალატობს იმისთვის, რომ ერთი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის რეპუტაცია გადაარჩინოს და მთელ იმხელა წიგნში ერთადერთი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მზრუნველი გმირი არის კარდინალი რიშელიე.

- რა საინტერესო თეორიაა?! ამ მხრივ არასოდეს მიფიქრია - ნელ-ნელა ჩაწვდა წიგნის მთელს მავნებლობას და სივერაგეს ჟურნალისტიც. აი, ეგეთი ტიპი იყო ამირანი და, მგონი, ყველაფერთან ერთად - არაფრისმაქნისიც. აზრი არ ჰქონდა მაგისთვის თხოვნას, მიანც არ გაინძრეოდა. ფანტომასზე კი ამბობდნენ: ბევრი რამე შეუძლია, გავლენა აქვსო.

გოგლას ძმაკაცებმა ისიც თქვეს: "აბოიმაში ზისო". ნეტა, რა დამსახურებებისთვის მოხვდა იმ აბოიმაში? ალბათ, იმისთვის, რომ შეიმუშავა ეროვნული თეზისი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: ქვეყანა იმყოფება საომარ მდგომარეობაში, მოსახლეობის დაკვეთა არის გართობა. ხომ მაგარია?! ოღონდ, ვინ ერთობა და ვინ ომობს?! მართლა ომები და სროლები რომ იყო, ერთხელ ვიღაცის დაბადების დღიდან მეტრომდე გამაცილა. გზაში სულ თავის ფილოსოფიურ ნაშრომებს მიყვებოდა, მაგითი მკერავდა! მეტრომდე მიმიყვანა და იმ უდენობაში და სროლებში მარტო გამიშვა სახლში, კრეტინი! კასრიდან გამომძვრალი და აბოიმაში ჩასკუპებული დიოგენე! ვის ვის და მაგას ვერ ვეტყოდი ვერაფერს. ადრე მეცოდებოდა, ახლა აბოიმაში მჯდარი გულს მირევს...

და როგორ დამარცხდა იმ დღეს ძია გოგი... თუმცა, ქართული საზომით ადამიანი, რომელიც მეტს იყვირებს, ხელჯოხს მაგიდას დაარტყამს და იგივე ხელჯოხს ოპონენტს სახესთან უტრიალებს, შეიძლება გამარჯვებულადაც ჩაითვალოს, მაგრამ მე ვიცოდი, რომ მწარედ დამარცხდა და, ალბათ, ძალიანაც განიცადა. ერთხელ მახსოვს, კამათისას თქვა, რომ შეთქმულების თეორიების სჯერათ მხოლოდ უმეცრებს ("უმეცარი", რა თქმა უნდა, მამაჩემი იყო), რომლებიც მოვლენების არსში ვერ გარკვეულან ან გარკვევა ეზარებათ. ახლა თვითონ მსოფლიო შეთქმულებაზე ალაპარაკდა, დაიწყო და აღარ გაჩერდა, მთელი ცხოვრება თვითონ სხვისი წონასწორობიდან გამომყვანმა, თავად დაკარგა წონასწორობა.

დისკუსია რუსთაველზე დარბეულ დემონსტრაციაზე, ძალის გადამეტებაზე და საერთოდ ძალადობაზე უნდა ყოფილიყო, ის კი ლაპარაკობდა მსოფლიო შეთქმულებაზე, რომლის მიზანიც კაცობრიობის იდეალების გარეშე დატოვება იყო, უსაფრთხოება და ფული - მისი თქმით დღევანდელი მსოფლიო მხოლოდ ამაზე იდგა და მას დიდი მონოპოლიები მართავდნენ უსახური კაცუნების ხელით...

მისი ლაპარაკი იყო სრულიად არათანმიმდევრული, ამის გამო ჩემთვის გაუგებარი და ამაღელვებელი, რადგან მივხვდი, მართლა ნაფიქრი ჰქონდა ამ ყველაფერზე, ოღონდ სათქმელს თავი ვერ მოუყარა, სულ სხვაგან წავიდა, წიგნების სიყვარულზე ალაპარაკდა, განათლებაზე, როგორც ხსნის ერთადერთ გზაზე, რას არ მიედ-მოედო.

არასამთავრობო სექტორიდან მოსული გოგონა გაოცებული უსმენდა და ხელში ოხრად დარჩენილი კანონდარღვევების კონას ბღუჯავდა, ფანტომასს თავის ქედმაღლურ-ცინიკური ნიღაბი ეკეთა, ამირანმა მოიწყინა და ცოტა დაიბნა, რადგან მიხვდა, რომ თავის მუდმივ და სახელოში ჯოკერივით გადამალულ არგუმენტამდე (მაშინ სად იყავით, როცა ოცი წლის წინ კანონიერ ხელისუფლებას ებრძოდნენ და მის მომხრეებს სასტიკად უსწორდებოდნენ? მაშინ რატომ არ გამოხატავდით პროტესტს?) საქმე არ მივიდოდა. ძია გოგი კი აღარ გაჩერდა, ლაპარაკობდა გაუთავებლად და სულ უფრო სცილდებოდა სათქმელს. და ბოლოს ფანტომასმა გააწყვეტინა ღიმილით, უფრო სწორად - ჩაღიმებით: - რასაც თქვენ ბრძანებთ, ამაში ახალი არაფერი არ არის.

ტიპიური მემარცხენე იდეოლოგია, ოღონდ არათანმიმდევრულად ჩამოყალიბებული... - თქვენ უბრალოდ საბჭოთა კავშირი და ძველი პრივილეგიები გენატრებათ, - გამოფხიზლდა ამირანიც. და მაშინ ძია გოგი აფეთქდა, ხელჯოხი დააკაკუნა მაგიდაზე და ახსენა თავისი დახვრეტილი მამა, რომ პარტიის წევრი არ ყოფილა და არავითარი პრივილეგიები არასოდეს არ ჰქონია, რომ კომუნისტები ყოველთვის სძულდა და რომ არც იმათ ეხატებოდათ გულზე...

არ გინდა, ძია გოგი, არ გინდა, - ვჩურჩულებდი ჩემთვის. მილიონი მაყურებლის თვალწინ სამოცდაათ წელს გადაცილებული კაცი საკუთარი არსებობის გამართლებას ცდილობდა და ჯოხის მაგიდაზე კაკუნით გაიძახოდა, რომ ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ დისიდენტები სწორედ მის სახლში იკრიბებოდნენ და რომ აკრძალული ლიტერატურაც სწორედ მასთან ინახებოდა... - მაგრამ როგორც ვიცი, ერთადერთი ნასამართლევობა დისიდენტური მოღვაწეობისთვის კი არა, მუქთახორობისთვის გაქვთ... - და თავს მთელი ცხოვრება შულერობით ირჩენდით..,

ესე იგი, მაინც შეისწავლეს. მოუმზადებლები არ მოსულან... ამირანს ხელჯოხი მოუქნია, მაგრამ ვერ მისწვდა. "ვაითუ, დაიჭირონ!" - გავიფიქრე და გულიც გადამიქანდა. ისიც გაექაჩა დასარტყმელად, რომ დაერტყა - ადგილზე გაათავებდა, მაგრამ ფანტომასმა არ დაანება და მაგაზეც მადლობელი დავურჩი. უფლებათა დამცველმა გოგომაც იყოჩაღა, ჟურნალისტიც შუაში ჩადგა... ეს კადრები ახლა უკვე You Tube-ზეც დევს. მას მერე, რაც ძია გოგი აღარ არის, უსაშველოდ ბევრჯერ მაქვს ნანახი. გული! გულით გარდაიცვალა საკუთარ ლოგინში და მეზობლის აბიტურიენტმა შვილმა იპოვა, როცა დილით წიგნის სათხოვნელად შეაღო მისი ბინის მუდამ დაუკეტავი კარი.

თბილისში, მგონი, უკანასკნელ კომუნალურ სახლს, რომელშიც მთელი ცხოვრება გაატარა, მალე დაანგრევენ და მის ადგილას ახალს ჩადგამენ რამეს. ამას რომ ვერ მოესწრო, კარგია. ვიცი - ეშინოდა. სახლი მალე აღარ იქნება და ერთადერთი ხილული რამ, რაც ძია გოგისგან დარჩა, არის სწორედ მისი სატელევიზიო დებიუტის, მისი მარცხის კადრები, რომლებსაც ხანდახან ქართულ ვიდეო პორტალებში და სოციალურ ქსელებშიც გადავაწყდები ხოლმე, ძირითადად უჯრაში, რომელსაც "პრიკოლები" ჰქვია და კომენტარებიც დაახლოებით ასეთი ახლავს: ნახე, ბაბუ ჯოხს რა მაგრად იქნევს! ბაბუ ნახე რა! შაულინი ქართულად და ა.შ. მაგრამ მე მისგან კიდევ დამრჩა ერთი რამ - ამბავი, რომელიც ბაბუაჩემის ოთახში მომიყვა. მთელი ცხოვრება ინახა და მე გამანდო.

ჰო, ამბავი ნამდვილად არის და მე მასთან აუცილებლად მივალ - ზიგზაგებით, როგორც მჩვევია, არათანმიმდევრულად, მაგრამ მივალ, ამის რომ არ მჯეროდეს, საერთოდ არ გავიხსენებდი იმ დღეებს, რომლებსაც ჩემი მარტოობის დღეები დავარქვი და როგორც აღმოჩნდა, მისი მარტოობის უკანასკნელი დღეებიც იყო... აი, იმ დღეების კიდევ ერთი სურათი: სიმონიკა ბაბუა უკვე აღარ ლაპარაკობდა, აღარაფერს ყვებოდა, არაფერს იხსენებდა და არც ტიროდა. ვეღარც ჩვენ გვცნობდა და ვეღარც გოგის - თვალღია იწვა ჭერს მიშტერებული და გარდაცვლილებს ელაპარაკებოდა. ეძახდა ადამიანებს, რომელთაგანაც ზოგი ვიცოდით, ზოგი კი წარმოდგენაც არ გვქონდა, ვინ იყვნენ. ეს ისეთი უცნაური საუბრები იყო, რომ ყველაფრისმნახველი ვალიდა ექთანიც კი დაფრთხა, თითის წვერებზე სიარული და განუწყვეტელი პირჯვარის წერა დასჩემდა.

იმ დღეს ჩემი რძალი მოვიდა და ჩემი ძმისშვილები მოიყვანა დიდი ბაბუის სანახავად, ოღონდ ბაბუის ნახვა აღარ ღირდა... ვიფიქრეთ, რომ ბავშვები მხოლოდ დაიზაფრებოდნენ და არც ჩემს რძალს გამოუდია თავი. სამზარეულოში ვისხედით და სიგარეტს ვეწეოდით. ჩემკენ ახალი და სასიკეთო არაფერი იყო და უფრო ეგვიპტიდან ახლადდაბრუნებული ჩემი რძალი ყვებოდა.

ლამაზი, დაზაგრული ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ. ძალიან საყვარელი ძმისშვილები მყავს. რძალმა ეგვიპტეზე ერთი ის თქვა, რომ პირამიდები და სფინქსი სურათებზე უფრო ლამაზია, ვიდრე სინამდვილეშიო და აქაურზე ამბებზე გადავიდა, ორ დღეში დასწეოდა ყველა ჭორს. ისედაც კოხტას, რუჯი და თეთრი ბალახონი უხდებოდა, თითქოს ენისჩლექით ლაპარაკის მანერა, თვალების, აი, რაღაცნაირი ფახური - "შენ ბავშვურ ღიმილს ვერვინ გაექცა!" და დროდადრო, ზოგჯერ საკმაოდ უადგილოდ წარმოსროლილი უცხოური შორისდებული "ვაუ!"

მოკლედ, ჩემი რძალი თავის სტიქიაში იყო, ბავშვური უშუალობით და სისასტიკით დებდა მიწაში ყველას, ვისაც კი მისწვდებოდა და მის რატრატში ბავშვები გადაგვავიწყდა. გვიან მოვისაკლისეთ და იქ ვიპოვეთ - ბაბუას ოთახში, რომელშიც ვერც კი წარმომიდგენია, ამის მერე რა უნდა იყოს ან ვინ უნდა დაიბუდოს.

ოთახი საპნის ბუშტებით იყო სავსე, მისი ერთადერთი ცვილის ფიგურას დამსგავსებული ბინადარი კი ჭერს მიშტერებული უხმოდ იწვა შავ-თეთრი ფოტოების ქვეშ. კედლებიდან ის ადამიანები იმზირებოდნენ, რომელთაც ბაბუა უკანასკნელი დღეები ელაპარაკებოდა. მომაკვდავი, უფრო საიქიოში ვიდრე სააქაოში მყოფი თეთრწვერა დამდნარი მოხუცი, უამრავი დიდი და პატარა საპნის ბუშტი და ორი ზღვიდან ახლადდაბრუნებული ხუჭუჭა და შავტუხა გოგო, ჟივილ-ხივილით მთელ ოთახში რომ დასდევდნენ ბუშტებს. რაღაცა იყო მომნსუხველი და საზეიმო ამ სურათში და ჩემი რძალი, მგონი, ძალიან დაფრთხა.

სასწრაფოდ გაათრია შვილები და სამზარეულოში რომ დავბრუნდი, კარგა ხანს ხმა აღარ ამოუღია. მანამდე ცოტა ხანი დავრჩი ბაბუასთან. ვიცოდი, ჩემი ოთახში ყოფნა მისთვის სულერთი იყო, ჭერისთვის თვალი არ მოუცილებია, მაგრამ მომეჩვენა, რომ ისევ ტიროდა. პარკეტს დახეთქილი ბუშტების სველი და მრგვალი ნაკვალევი აჩნდა. მე კი სიმონიკა ბაბუს უკანასკნელად ვხედავდი ცოცხალს.

მერე გოგლა ვნახე. თვეში ერთხელ ესეთი დღეც მიდგებოდა. ჩემი მანქანით პირველად წავედი მარტო იმსიშორე პაემანზე და ჩემი სიყოჩაღის გამიკვირდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მე არ ვიყავი, სხვის თავს ხდებოდა ყველაფერი, აუტანელ ბადრაგ ქალს მე არ გავუჩხრეკივარ, ჩემს სხეულზე არ უფათურებია ხელები - ვითომ, უარესი არ გადამხდომია?! მერე შუშის ტიხართან ჩამომჯდარი ველოდი, როდის შემოიყვანდნენ და პირდაპირ რომ დამისვეს, ისე ჩამოვხსენი კედლიდან ყურმილი, რომ საკუთარი თავი რომელიღაცა კინოს გმირი მეგონა.

წასვლამდე გამოვიპრანჭე კიდეც. გოგლას კი ყოველთვის ამსგავსებდნენ ლინო ვენტურას, მაგრამ, აბა, მე რომელი ბადრაგის მომსყიდველი და პურში ქლიბის ჩამდები ვიყავი, თუმცა ეგეთი პერსონაჟებით სავსე იყო შუშის აქეთა მხარე, ოღონდ სახელმწიფოში მომუშავე ერთადერთი სრულყოფილი სისტემის წინაშე ისინიც კი უსუსურად გამოიყურებოდნენ, ჩემნაირ კონტექსტიდან ამოგლეჯილებზე რომ არაფარი ვთქვა. ჩემი ლინო ვენტურაც მოტეხილი და გაჭაღარავებული იყო. უფრო ერთმანეთს თვალებში ვუყურეთ, ვიდრე ვილაპარაკეთ. ცდილობდა ყოჩაღად დაეჭირა თავი და ამან გული ამიჩუყა. მალე დამთავრდება ყველაფერიო, - მეუბნებოდა...

მერე ერთი ამბავი მოხდა. იმ თვეების მანძილზე, რაც პაემანზე დავდიოდი, ვიღაცამ პირველად აუწია ხმას. სულ ახალგაზრდა ბიჭი იყო, ბადრაგს მისთვის ხელი ჩაევლო, მაგრამ ვერ იმორჩილებდა. ერთი მაკოცნინე, კაცი არა ხარ?! ისტერიკა არ ჭირდა, უბრალოდ თხოვდა, ხმამაღლა, მერე უფრო ხმამამღლა, მერე აყვირდა.

შუშას აქეთ, მე რომ გამჩხრიკა, იმ ქალს ეჭირა მისი ცოლი თუ შეყვარებული. ის არ ყვრიოდა, მაგრამ ჯიუტ, უხმო წინააღმდეგობას უწევდა. არ მიყვებოდა გასასვლელისკენ. - ერთი აკოცნინე, ბიჭო, შეხედე, სუ პატარები არიან! - ჩახლეჩილი ხმები აიმაღლეს რეციდივისტების დახატულმა, ყველაფრისმნახველმა და ნახიშტარმა ცოლებმა, თითქოს რაღაც ძალიან ძველი და სულ მთლად გადავიწყებული მოაგონდათო, მერე პატიმრებიც აყვირდნენ:

- აკოცნინეთ! ერთი აკოცნინეთ, ხალხი არა ხართ?! ჩვენ ორის გარდა ყველა ახმაურდა, გოგლამ სახეზე რაღაც უხერხული ღიმილივით გამოიდნო, თითქოს მიბოდიშებდა, იქ ყოფნა და იმ ყველაფრის ყურება რომ მიწევდა. მე თვალების დამალვა და ყურებზე ხელის აფარება მომინდა.

შუშის ტიხრის ორივე მხარეს კარები გაიღო და შემოვარდნილი ბადრაგი უხმოდ და უშეცდომოდ ამოქმედდა. ჯერ ის ბიჭი გაათრიეს, მერე დანარჩენი პატიმრები, გოგლას რომ ხელი ჩაავლეს, მერე აღარ მიყურებია, ჩვენც ჯოგად გამოგვრეკეს გარეთ...

ის გოგო მერე მე წამოვიყვანე თბილისში და დიდუბეში ჩამოვსვი. ერთი თვის დაქორწინებულებიც არ ვიყავით, როცა ქურდობისთვის დაიჭირეს და თერთმეტი წელი მიუსაჯესო. ორსულად იყო. მაინც, რა იდიოტები არიან ეს კაცები...

წერეთელზე ჩამოვსვი და მანქანა დაძრულიც არ მყავდა, რომ დედაჩემმა დარეკა და მითხრა: ბაბუაშენი აღარ არისო... რატომღაც პირველი აზრი რომელიც თავში მომივიდა, დაახლოებით ასეთი იყო: მამაჩემი უკვე აღარასოდეს შეჭამს წიწაკას. სასაცილოა, რამ მომაფიქრა? ბაბუა რაც ლოგინად ჩავარდა, მას მერე უკვე აღარ ჭამდა. წიწაკის უხმო დუელი ერთადერთი დაპირისპირება იყო, რასაც მამას უბედავდა.

უცნაური რამ სანახავი - ერთმანეთის პირდაპირ მჯდარი მამა-შვილი, ორი სრულიად სხვადასხვა და თითქოს სერიოზული შესახედაობის ადამიანი. ბაბუა - ხმელი, ლამაზი მოხუცი და მამა - სათვალიანი, აღიარებული და ფუყე პროფესორი, ერთმანეთის ჯიბრზე, ერთმანეთის თვალებში შემყურენი როგორ ახრამუნებდნენ ცხარე წიწაკებს და თანაც, ნასიამოვნები სახეების მიღებას ცდილობდნენ და ამ კონფლიქტით კი არა, კონფლიქტზე პატარა მინიშნებითაც კი დამფრთხალი დედეჩემი, თავისი მუდმივი გამომეტყველებით, სახეზე სრულიად კაცობრიობის მიმართ უტყვი საყვედური რომ აწერია.

ესეთი იერის პატრონი ყველაზე უკეთ თავს პანაშვიდებზე გრძნობს და არასოდეს არც ერთს არ ტოვებს. ჰოდა, ახლა პანაშვიდის ჟამი საკუთარ სახლშიც დაუდგა. ბაბუა აღარ იყო, რაღაცა დიდი წავიდა და ჩემებთან მისულს მომეჩვენა, რომ განწყობა საზეიმო უფრო იყო, ვიდრე სამგლოვიარო.

ნამდვილი სიკვდილი ცოტა ხანში თავის ფეხით მოვიდა, როცა ჩვენს სახლში იმ ქალმა შემოაბიჯა... ჩვენ მას ველოდით...

უკვე ყველა შეგროვდა: ჩემი ბიძები, ბიცოლები, ბიძაშვილები, ჩემი ძმა და მისი ძმაკაცები ფუსფუსებდნენ, იყო ხმადაბალი ბჭობა, რა, როდის და რა თანმიმდევრობით უნდა გაკეთებულიყო. კედლის გასწვრივ უკვე დალაგებულ სკამებიდან ერთ-ერთზე ჩუმად იჯდა ხელჯოხს დაყრდნობილი ძია გოგი. მარტოხელა მოხუცების სიკოხტავე უფრო მიჩუყებს გულს, ვიდრე მათი მოუვლელობა.

თვალზე ცრემლი მომადგა, როცა წარმოვიდგინე, პერანგს თვითონ როგორ იუთოვებდა. მივუჯექი და ტელევიზორში გნახეთ-მეთქი, ვუთხარი. ხელი ჩაიქნია, თითქოს გახსენებაც არ უნდოდა. ჩემი ძმის ბიჭებმა ნოხი მოიტანეს და შუა ოთახში დადგმულ ტახტს გადააფარეს, ყველაფერი მზად იყო. მხოლოდ ჩემი ძმის მიერ დამკრძალავ ბიურო ჰადესიდან (კიდევ კარგი ჩემი კლასიკური განათლების მქონე გოგოები ჯერ არ იყვნენ მოსულები, თორემ ამ დასახელებაზე ბევრს იქოთქოთებდნენ) გამოძახებულ ბალზამიროვშიკს ველოდით.

ამ პროფესიის ხალხს არასოდეს აქვთ სახელი, აქვთ მარტო ხელობა, რომელის დასახელება ყოველთვის ჩურჩულით წარმოითქმება. ისინი მოდიან, თავიანთ შემზარავ საქმეს აკეთებენ, მერე ჩვენს მიცვალებულებს აკოხტავებენ, აცმევენ დედაჩემის მიერ ნაპოვნ კოსტუმს, რომელიც, ვიფიქრე, რომ დამდნარ ბაბუას უკვე ძალიან დიდი ექნებოდა... ვერავინ ვიფიქრებდით, თუ ამ ხელობის ადამიანი ქალი აღმოჩნდებოდა.

არავინ ელოდა ქალს და, მით უფრო, ახალგაზრდას. შემიძლია დავიფიცო, რომ ჩემზე რამდენიმე წლით პატარა მაინც იყო. მარტო მისი ქალობა არა, მისი ჩვეულებრივობა იყო შესაზარი. არ იყო საშიში იერის, არ ჰქონდა გაყინული თვალები, პირიქით, სხვაგან რომ მენახა, შეიძლება მასზე სიმპათიურიც მეთქვა, თუმცა სხვაგან არც შევამჩნევდი. ძალიან ჩვეულებრივი იყო - სადად ჩაცმული, დაღლილი და არა სულელი.

ჰო, არ ჰქონდა სულელის გამომეტყველება. მგონი, კარგად გრძნობდა იმ შთაბეჭდილებას, რასაც მისი ვიზიტი ყველგან ახდენდა და ცოტა შეფერებულიც ჰქონდა. ცოტა ქედმაღლურად ეჭირა თავი და მხოლოდ მიცვალებული სად არისო? - იკითხა. ყველა დაბნეული გაჰყვა ოთახის კარამდე და ოთახში კი მხოლოდ მე შევყევი, დანარჩენები ზღურბლს ვერ გადმოვიდნენ, ვერ გაბედეს, დაფრთხნენ. ავდექი და შევყევი უფრო მისი ქალობის, ვიდრე ბაბუის ხათრით, კიდევ ვიღაც შემოვიდა ოთახში და თავის მობრუნებაც არ მინდოდა, ვიცოდი, ძია გოგი იყო.

და რა საწყალი, როგორი დაბნეული. ეგეთი არასოდეს მენახა. ისეთი დაბნეული იყო, რომ ოჯახური ისტორიების მოყოლა დაუწყო და კარგი ექსკურსიამძღოლივით ჩამოატარა შავ-თეთრი საგვარეულო პორტრეტები და ისიც, ისიც, განა, არ უსმენდა?! უსმენდა და თავსაც სწორ ადგილას უქნევდა, სრულიად ნორმალური და ადეკვატური ჩანდა.

ღმერთო! - ვიფიქრე, - რა უნდა გაუჭირდეს ქალს, რა უნდა ჰქონდეს გადატანილი, რომ ეს ხელობა იკისროს? არ იყო არც სულელი და არც გომბიო. მეც ავიჭერი, რამდენჯერმე შევთავაზე ჩაი და ყავა, რამდენჯერმე მივიღე უარი. ძალიან მინდოდა მეჩვნებინა, რომ არ მძულდა და არ მეშინოდა მისი. რის სიძულვილი?! ძალიან მეცოდებოდა და შიშით ძალიან მეშინოდა. დაბნეული ძია გოგი კი უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ შობადობის ბუმზე უამბობდა და ომიდან დაბრუნებული სიმონიკა ბაბუს მრავალშვილიანობას სწორედ იმ საერთო ოპტიმიზმის ილუზიით ხსნიდა, დიდი კატასტროფის დასრულების შემდეგ რომ მოიცვა მსოფლიო...

აქ კი უკვე გააწყვეტინა:

- წვერი დავუტოვო თუ გავპარსო?

მაგაზე არ გვიფიქრია, შემეძლო გავსულიყავი და მამისა და ბიძებისთვის მეკითხა, მაგრამ არ ვქენი - თვითონ შემოსულიყვნენ. ბაბუას წვერი უხდებოდა. დატოვეთ-მეთქი.

- კარგია, თორემ რა გაპარსავს ამისთანა ჯაგარს?!

და ბაბუას წვერზე მოქაჩა, რაღაცნაირად დაეჯაჯგურა, ოროსან ბავშვს უგულოდ რომ მოქაჩავს თმას მასწავლებელი და ამ დაჯაჯგურებაში იყო ყველაფერი და არც იყო არაფერი სიძულვილის გარდა, ადამიანების, გინდა ცოცხლების და გინდა მკვდრების მიმართ, საკუთარი თავის მიმართ, ჩვენი მასტიკაწასმული კეთილდღეობის მიმართ. კინაღამ მუხლები მომეკვეთა, კიდევ კარგი, რომ ცელოფნის პარკების და წყლის მოსატანად გამიშვა. იქ აღარც დავბრუნებულვარ, ჩემს ძმას გადავაბარე ეგ საქმე და ძია გოგის გამოყვანა ვთხოვე, თორემ ისე იყო მონუსხული, რომ შეიძლება ბოლომდე დასწრებოდა მის საქმიანობას.

ჩემს ყოფილ ოთახში ჩავიკეტე, ფანჯარა გავაღე და სიგარეტს რომ ვუკიდებდი, ხელები მიკანკალებდა. იმ საღამოს უკვე ძალიან გვიან გამოვედი ოთახიდან, ბედად ჩემი გოგოები მოვიდნენ და იმათ გამართეს...

იმაზე უფრო ტრაგიკული სახეებით შემოლაგდნენ ოთახში, ვიდრე მეგობრის ოთხმოცდაათ წელს გადაცილებულ ბაბუას ეკუთვნოდა. გოგლა რომ ყოფილიყო ჩემ გვერდით, იხალისებდა. სასაცილოები არიან და საყვარლები, ესენიც უმეტესად უხერხემლო პროფესორების, დოცენტების და მათი ოდესღაც ლამაზი ასპირანტების შვილები.

მკვდარი ენების ცოცხალი სპეციალისტები - ჩემი ქმრის მთავარი გასართობი. ყველაზე მეტად მათთან ერთად ტელევიზორის ყურებაზე ხალისობს, რადგან რაც არ უნდა ხდებოდეს - ომი, მიწისძვრა, წყალდიდობა, სხვა დიდი თუ პატარა, ლოკალური თუ გლობალური კატაკლიზმი, ესენი ჩვენს თავზე ან მთელს მსოფლიოზე დატეხილ ახალ უბედურებაზე მეტად დიქტორის რბილ ლ-ს ან გრამატიკულ უკუღმართობას შეიცხადებენ და როგორ ერთობა ამაზე ტელევიზორთან წამოკოტრიალებული გოგლა: ისე წამოიკივლებენ, თითქოს გახურებული შანთით დადაღესო, ქართული დიქციის და გრამატიკის უკანასკნელი მარტვილები, დედაენის ბოლო ბასტიონები და კიდევ რას არ ეძახის: ასირიოლოგები, შუმეროლოგები, ლათინური და ძველი ბერძნულის სპეციალისტები... ჩემი არარსებული შვილის ძიძები... - ერთადერთხელ წამოსცდა მაგარ მთვრალს და მაშინვე ენაზე იკბინა, მაშინვე გამოფხიზლდა, მაგრამ გვიანი იყო.

მთელი ღამე ვტიროდი. ვიცოდი, ნანობდა, მეცოდებოდა კიდეც, მას სულ არ ვსჯიდი, თუმცა თვითონ ასე ეგონა და აბაზანის კარზე რომ მიბრახუნებდა, მომაძახა კიდეც: ჩემს დასასჯელად თუ ტირი, გეყოფა, უკვე დასჯილი ვარო! დებილი! რა გოგლას დასასჯელად?! გასკდა რაღაც შიგნით და დილამდე ვიტირე...

ტელეფონი ამოვიღე და პირდაპირ მიყვარხარ! მენატრებიში! ვაფრინე მესიჯი: გოგლა, ჩემო სიხარულო, დღეს გნახე და უკვე მენატრები. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. შენი ბიჭებიც ამას ამბობენ. მალე ისევ ერთად ვიქნებით. დღეს სიმონიკა ბაბუ გარდაიცვალა. დაისვენა საწყალმა. აქ ვარ, ჩემებთან. ღამეც აქ დავრჩები. არაფერი მიჭირს. გვერდს დედაენის ბასტიონები მიმაგრებენ.

არაუშავს გამომივიდა...

გოგლას რა უნდა ციხეში? არ უნდა ჩამჯდარიყო. გოგლა აქ უნდა ყოფილიყო, უნდა ეტრიალა, ქელეხისთვის ცოცხალი და ღვინო ჩამოეტანა, დარბაზი ეშოვა, ეროხროხა, ეხმაურა და საკუთარი სიყოჩაღით თავისი არაპრაგმატული სიმამრი გაეოცებინა...

გამოვიყვანთ! - იძახიან იმისი ძმაკაცები და დრო კი გადის. ჯერ იმათ თავისი ფასი არ უთქვამთ, მერე ჩვენ ვეტყვით ჩვენსას. რა დრო დაგვიდგა, ეგეთ დარღვევებზე ადრე ერთ პურმარილს ვუშლიდით საგადასახადოს და ეგ იყო... ადვოკატმა ნახა, კარგად არის. მამაომ ნახა - აზიარა, მოექცა ეგ კაცი, როგორც იქნა. აზრზე მოვიდა.

მოქცეული და ნაზიარები გოგლა და მამაო, რომელიც თვალით არასოდეს მინახავს. ერთხელ დამირეკა და დანაბარები გადმომცა. ადრე გოგლას ძმაკაცების მამაო იყო, ეხლა გოგლას მამაოც არის. მამაო (ამ სიტყვას მგონი აღარაფერი ეშველება, წოდებით ბრუნვაში დარჩა ქართულ რეალობაში - ჩემი გოგოების კიდევ ერთი წუხილი) შევიდა, მამაომ ნახა, გოგლა ზონაზე გადაყავთ და იქ შეიძლება სცემონ - სცემენ ხოლმე ახლად შესულებს, მაგრამ მამაომ იპოვა სხვა მამაო, რომელიც ზონის უფროსის მოძღვარი აღმოჩნდა, იმან დარეკა და არ სცემენ. კიდევ კარგი, მოვასწარით და მამაომაც იშუსტრა...

გვიან გამოვედი. ბაბუა უკვე დიდი ოთახის შუაგულში ესვენა. მეც დავჯექი ცოტა ხნით ჭირისუფლებისთვის განკუთვნილ სკამზე. გოგოები ორივე მხრიდან მომისხდნენ, ხელები დამიჭირეს, ვითომ გამაკავეს, რამე სისულელე რომ არ ჩავიდინო თუ რატო? სულ გაგიჟდნენ ეგენი სიბერეში. უკვე აღარ მეცინებოდა, ძალიან დიდ სისულელეს ჰგავდა ეს ყველაფერი. ერთი სული მქონდა, ყველა წასულიყო. როდის, როდის წავიდნენ კიდეც.

მერე ჩემს ყოფილ ოთახში ვცდილობდი დაძინებას. სიბნელეში ვიწექი, მარტო ვიყავი, ჩემს გარშემო ლურჯად ბნელოდა, მაგრამ შემომხსნა ქმრის ხელებმა ტანზე ქამარი... აჰა, მოვიდა, დაბრუნდა ჩემი ქალიშვილობის დროინდელი ეროვნული ეროტიკა - ნახმარი და სიბინძურეში ამოსვრილი. დაბრუნდაო, ვამბობ, ვითომ წასულიყო სადმე... და მანანაც... ეგ ორი რამ ყოველთვის ერთად, ორი ჩემი თავი... გოგლასაც ხომ იმიტომ გავყევი ცოლად, რომ ისიც მანანას ბავშვებიდან ერთ-ერთი აღმოჩნდა და ეგ მენიშნა სასიკეთოდ...

მანანა, მანანა! - თურმე ერთად ვყვიროდით ოდესღაც. ბევრი წლის წინ მანანამ იხვის ჭუკი დაგვიტოვა მისახედად და თვითონ სადღაც წავიდა. მე კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც ჩემი ერთადერთი კინოროლი ვითამაშე. სხვათა შორის, მერეც შემოუთავაზებიათ, მაგრამ არასოდეს აღარ მომდომებია. მაშინ კი მშობლებმა მოგვკიდეს ხელი და თოჯინების თეატრში კინოს გადაღებაზე წაგვიყვანეს, მე და კიდევ სხვები.

რეჟისორი, რომელიც იმ ფილმს იღებდა, ოჯახის ახლობელი იყო და როგორც თბილისში ხდებოდა ხოლმე, სულ ნაცნობების ბავშვები დაპატიჟა. მე ვხვდები, რომ ფილმი მოკლე და კეთილ ზღაპრად ჰქონდა ჩაფიქრებული, ჩემთვის კი სევდიანი რამ გამოვიდა. იქ ყველანი პატარები ვართ, საგანგებოდ ფილმისთვის გამოპრანჭულები, კარგები ვართ იმ სიკარგით, მხოლოდ ბავშვი რომ შეიძლება იყოს. ფარდის უკნიდან მელაკუდა ხტება და ჩვენთვის ჩაბარებულ იხვის ჭუკს მიაცუქცუქებს და ჩვენც გადიდებული, შეშინებული თვალებით მთელი ხმით ვყირით - დასახმარებლად მანანას ვუხმობთ და მანანაც მოდის...

მანანა, მანანა, მანანა! - და იმ ბავშვებიდან რამდენი ცოცხალი აღარ არის და მარტო ბიჭები, არა - გოგოებიც, საწყლები. იმ ძველ, უდარდელ დროში (ესეც საბჭოეთის ნოსტალგია!) ესეთი პატარები, საყვარლები სულ მთლად ცოდოები არიან საკუთარი ბედისთვის. მე ეგოისტურად ყველაზე უფრო მაინც საკუთარი თავი მეცოდება, ჩემი ბაფთები და მაქმანები, ნარმა-მიტკალი მიჩუყებს გულს... ჰოდა, ბავშვობის მერე ერთადერთხელ მოხდა, რომ ის ფილმი ხალისით და სევდის გარეშე ვნახე, როცა აღმოჩნდა, რომ პატარა გოგლაც იქ იყო გადაღებული.

საიდანღაც კასეტაც იშოვა და ერთად ვუყურეთ, ერთმანეთს საკუთარ თავები დავანახეთ, ვიცინოდით და მაშინ ვიფიქრე, რომ ცოლად გავყვებოდი. ისეთ კაცად ჩანდა, რომლის ზურგს ამოფარებული დაცულად ვგრძნობდი თავს და არის კიდეც ასეთი. მამაჩემს არ მოსწონდა, გაუთლელად მიაჩნდა - კიდევ ერთი პლუსი! რაც მთავარია გოგლაც მანანას კლიენტი იყო, ოღონდ - გადარჩენილი, საღ-სალამათი, ცოცხალი, ყოჩაღი, ავკარგიანი...

- ჩვენი თაობის ნამდვილი სექს-სიმბოლო იყო... - გამოაცხადა ჯერ კიდევ შავ-თეთრი კინოს დროინდელმა ვარსკვლავმა, არტისტულად მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი და იქ კი მთელ მოწყენილ პანაშვიდს გაეცინა, - დიახ, ნამდვილი სექს-სიმბოლო!

მის სიკარგეს ვუცინი, იმის ჭკუას ვუკრავ ტაშსა, სინამდვილეში კიდე სულ მარტოკინა, ძალიან ხამად იყო იქა და, ეტყობა, სხვა რო ვერავინ დაინახა თავისიანი, ღმერთი გაახსენდა.

გაიგებ ბალღებისას?!

 თელავამდის რო ჩამოაღწიეს, მაშინ კი ამოისუმნთქა შვებით, თითქო მძიმე ტვირთი მოხსნესო. თავიანთი ავტობუსის მომლოდინე ბაზარმოვლილი თავისი სოფლელები რო დაინახა, ხასიათიც გაუკეთდა. იქავე პივა იყიდა თავისთვის და ბალღსაც უყიდა ლიმონათი. წრუპავდნენ და ბოლო ორი დღის მანძილზე, მგონი პირველად უცქერდნენ ერთმანეთს თვალებში. ერთი ზევიდან ქვევით, მეორე ქვევიდან ზევით იცქირებოდა.

- იქა, სანამ დაგვსხამდნენ, - ეუბნებოდა შვილი, - შენი შევსებული ფურცელი მაჩვენეს. კითხვა იყო, რო "განსაკუთრებულადო რისი ნიჭი ააქვსო?" და შენ კიდე არაფერი ჩაგეწერა ჩემზე...

- ყველაფერში ყოჩაღი ქალი მყავხარ და რომელი ერთი უნდა ჩამეწერა? - პივა მოყლურწა და გაუცინა.

მოეჩვენა, რო შვილსაც გაეღიმა, მერე რაღაცაზე ჩაფიქრდა, ისევ სულ შეკრა თავისი შავი ჯღუნა წარბები.

- ის წიგნი... იქ რო მომცეს...

მე რო გითხარი, აკრძალულია-მეთქი, უღმერთო რაღაცეები რო წერია შიგნით ჯადოქრებზე, სახსოვრად მაინც რო დავიტოვოთ, ისე, წაუკითხავად, შეიძლებაა?

მაინც კარგი იყო, რო სახლში ბრუნდებოდნენ...

- ვინ უნდა აგვიკრძალოს? ჩვენი თავის პატრონები, რა, ჩვენავე არა ვაართ?! დაიტოვე რა...

ეხლა კი ნამდვილად გაიღიმა. ეხლა ნაღდად აღარ მოსჩვენებია. ეხლა თვითონაც სულ თავისუფლად, მართლა საკუთარი თავ-ბედის პატრონად იგრძნო თავი. თითქო წაგებულები კი არა, გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ შინ. ისე, კაცმა რო თქვას, მაინც რა ცოტა დააკლდათ...

უცებ მორჩა ყველაფერი - ერთბაშად წააგო. გარისკა, ყველაზე რთული სამქულიანი შეკითხვა ამოირჩია და ვერ გამაიცნო. მერე იმ ქალაქელ ხუჭუჭა ბიჭს რო დასწეოდა, სულ საშუალო სირთულის ორქულიანი კითხვებით რო ნება-ნება, ჭკვიანურად გადიოდა ფონს, კიდევ ერთხელ გადაისახა პირჯვარი და კიდევ "რთულიო!" - დაიძახა...

რთული და ენდე! განა ის გადაცემის წამყვანი გოგო ვერ მიხვდა ვერაფერს, ვერ დაინახა, რო ეს იყო ყველაზე მაგარი! - თავის მაღალ ქუსლებით პირდაპირ ამისკენ გაიქცა, ვინ იცის, ისიც იფიქრა - არ ატირდესო. მესამე ფინალისტს გვერდი აუარა, მოგებული ხუჭუჭა ბიჭისთვის ზედაც არ შეუხედავს, პირდაპირ ამას გაუშალა მკლავები და გულშიაც ჩაიხუტებდა, გოგოს რო ხელით არ მოეცილებინა, იქვე არ გაეშეშებინა ადგილზე.

ეგრევე გაშეშებულმა და შეცბუნებულმა, მისი შვილის გვერდით დამდგარმა, როგორღაც მოახერხა და ძალისძალად გაკრეჭილმა გამოაცხადა გადაცემის დასასრული. ყველა შეაქო და ყველას წარმატება უსურვა. უსურვა და დაემშიდობა კიდეც. მაგისი რა მიდის რო? განა, მაგისი შვილი კი არა დგა იქა, ისევე დაბღვერილი და ისევე გაუხარელი, თელავში ნაყიდი გამოსაპრანჭი კაბით, თეთრი მაქმანებიანი საყელოთი...

- მოვედით და ეგ არის. გამოუშვი ცხენი, ძმიშვილო. სედოლკაც მოხსენი და აქავე მიაბი სადმე.

ბარსა და ლაფატკას მე გადმოვიტან. აქავეა, განა შორია? წინა ამოსვლაზე შევიგულე. წვიმას გაერეცხა ფერდა, აი დიდი წაბლი რო დგა ამ ხევში, იქა. გაერეცხა და ჭურჭლის ნამტვრევები გამოეჩინა. შიგნიდან თიხისფერი, გარედან კიდე სულ შავად გამომწვარი. ეგეთები თუ შეგხვდა, უნდა იცოდე, რო ძაან ძველებია. ტყუილად კი არ ვქეიფობ პროფესორებში - მეც ვიცი რაღაც-რაღაცეები.

ეს ჩემი მუტრუკები ვერ ჩავაგდე ინტერესში და შენაც თუ მალე არ აიცრუე გული, რა იცი, ერთ დღეს ისეთი რამე ვიპოვოთ, რო დარჩენილი ცხოვრება სულ სოვდაგრის ცოლებივით ტახტზე წამოკოტრიალებულებმა გავატაროთ. მთავარია, კაცმა გული ადვილად არ აიცრუოს. ეგრეა, ძმიშვილო, ეგრე...

მანამდე ძლივს ამოიყვანეს ჩვენს კიბეზე. სექს-სიმბოლო - როცა ეს სიტყვა ჩვენში პირველად გაისმა, მას უკვე დიდი ხანია აღარ იღებდნენ. ერთადერთი, რის უფლებასაც ეკრანებზე საკუთარ თავს აძლევდა, ფილმის ბოლოს მხსნელი ვაჟკაცისთვის ლოყაზე ლოყის მიდება იყო, როდესაც ჩიხტიკოპიანს და დამორცხვებულს რაინდი თეთრი რაშით გაიყვანდა სამშვიდობოს... იმ რაინდებიდან აღარავინ იყო ცოცხალი. თვითონაც ანაქრონიზმად ჩანდა - ძალიან მოხუცი, არტისტული და გაპრანჭული. მაშინ გავიფიქრე, რომ ბაბუაჩემის სასიყვარულო თავგადასავლებზე არაფერი ვიცოდი...

სხვა ჩვეულებრივად მიდიოდა ყველაფერი - ლაყე ხელის ჩამორთმევები და უგულო კოცნები. ჭორაობა... რას დამსგავსებია, საწყალი! შვილის ამბის მერე სულ მთლად მოტყდა. ეგ მე ცოცხალი აღარც მეგონა... და ა.შ. მამაჩემთან და ბიძებთან ვინ არ მოდიოდა?! მაშინ გავიფიქრე, რომ ამ ჩვენს ქალაქში მთავარია ქცევის რაღაც ელემენტარული წესები დაიცვა და ყველაფერი გეპატიება.

მოდიოდნენ ძველები, რომლებიც სულ არ ჩანდნენ მამაჩემის მიერ ორდენის მიღებაზე განაწყენებულები, ბოლო-ბოლო ყველამ იცოდა, რომ სიძე ჰყავდა ციხეში და ალბათ თვითონაც ვერ იტყოდნენ ჯილდოზე უარს, ვიღაცა ყველას ეყოლებოდა დაჭერილი თუ არა - დასაჭერი მიანც. მოდიოდნენ ახლები, როგორც ორდენოსანთან და სანიმუშო მოქალაქესთან და მისი მამის ხსოვნას მიაგებდნენ პატივს.

პანაშვიდზე ყველა თანაბარი იყო, ერთ სივრცეში აღმოჩენილი მოსისხლე მტრები ხელსაც კი ართმევდნენ ერთმანეთს და პატარა დისკომფორტი მხოლოდ იმაზე ეტყობოდათ, რომ სასწრაფოდ თავისიანებს ეძებდნენ, იმათთან დაჯგუფება ერჩივნათ. ერთმანეთის საპირისპირო კედლებთან შექუჩებული ძველები და ახლები და შუაში ბაბაუჩემის კუბო.

ნეტა, მიყვარხარ, მენატრებიში რომ მიმემესიჯებინა ბაბაუაჩემის პანაშვიდი ვესტსაიდურ ამბავს ჰგავს-მეთქი, გოგლა თუ მიმიხვდებოდა. მგონი - ვერა, თუმცა გოგლასებური ღადაობა კი გამომივიდა.

სამბა-რუმბა-ჩაჩაჩა! არა, მეშლება - ფილმში მამბო იყო. მართლა წარმოვიდგინე, მამბოს ჰანგებზე როგორ აცეკვდნენ ბაბუაჩემის კუბოს გარშემო წრეზე მოსიარულე ძველები და ახლები, ადგილობრივები და პუერტო-რიკოელები, კარენნოები და ჩამოთრეულები, თეძოების რხევით ერთმანეთს გვერდი აუარეს, ერთმანეთის პარტნიორობა აიცილეს და საპირისპირო კედლებთან მივიდნენ, დამწკრივდნენ, შემოტრიალდნენ - მამბო!

ოღონდ რა შუაში იყო ამ ყველაფერთან ბაბაუჩემი?

ღამ-ღამობით ბევრს ვფიქრობდი მასზე - ჩემს მშველელზე. ბევრი წლის წინ გაუბედურებული და გათახსირებული გამოვიქეცი ჩემი პირველი ქმრის სახლიდან და შველა მას ვთხოვე. არ იცოდა და ვერც ვერასოდეს გაიგო, რომ მომიტაცეს - უთხრეს, რომ გავიპარე და ბოლომდე ასე ეგონა. გაპარვა კი არ მაპატია, არ მოვიდა ახალ ოჯახში ჩემს სანახავად, ხოლო როდესაც ჩემებთან გადმოგვიპატიჟეს, მხოლოდ მან ერთადერთმა გაუსწორა თვალი სიმართლეს და თავის ახალ სიძეში ჩვეულებრივი მანიაკი ამოიცნო.

გვერდზე გამიყვანა და მკითხა:

- კარგად ხარ მაგათ სახლში?

თავი დავუქნიე, კარგად ვარ-მეთქი...

- ეგ შენი ვაჟბატონი არ მომწონს, - არ იცოდა მიკიბ-მოკიბვა. - თუ იქ ვინმემ გაწყენინა, დაბრუნდი. აქ არის შენი სახლი.

რატო არ მოგწონს ბაბუ-მეთქი? - ღიმილით ვუთხარი.

- რაც აქ იჯდა, ერთხელაც არ შემოუხედია თვალებში. ეგ არ არის ჯანმრთელი კაცი...

არც მაკოცა, არც მომეფერა. არც ველოდი რამე მსგავსს, მაგრამ მთავარი მითხრა. სახლი მქონდა და სახლში მელოდნენ. ვიღაცამ მაინც დაინახა, ჩემი უბედურება თუ არა, იმ ადამიანის ავადმყოფობა, ჩემი ქმარი რომ ერქვა... უკვე შემეძლო გამოვქცეულიყავი, მხოლოდ შიშიღა დამრჩა გადასალახი, თორემ არც ცხრაკლიტული მედო და არც ბოროტი დედაბერი მდარაჯობდა...

ბაბაუამ გამაბედინა და ბაბუამვე დამიცვა, რაცა წასაყვანად მომაკითხეს. ვიცოდი მომაკითხავდა, ვიცოდი, ეგრე ადვილად არ დამანებებდა თავს. ზამთრის ღამეში, სიბნელეში, პირდაპირ ეზოდან დაიწყო ჩემი სახელის ღრიალი და გინება...

ახლა ბაბუა შუა ოთახში ესვენა და უცხო ხალხი მის გარშემო წრეზე დადიოდა. მოკვდა და დაისვენა საწყალმა. ეგ იყო და ეგ?! სულ უცხო ხალხი, მთელი ჩვენი ქალაქი, რომელსაც იმდენი ჰქონდა გადატანილი, მონელებული და ასხლეტილი, რომ ას წელიწადს მიტანებული კაცის სიკვდილს ნამდვილად ვეღარ შეიმჩნევდა. უბრალოდ, პირობითობები უნდა დაცულიყო, წესი აღსრულებულიყო და მაქეთკენ მიდიოდა კიდეც ყველაფერი...

კარის ჩარჩოს მიყუდებული ძია გოგის დანახვა მამშვიდებდა. გავიხედავდი და იდგა, უხმოდ, გაუნძრევლად. ჩემი ძმა ან რომელიმე ბიძა მივიდოდა, არ მესმოდა, მაგრამ ვხვდებოდი, დაჯდომას და მოსვენებას სთავაზობდნენ. მხოლოდ თავს გააქნევდა უარის ნიშნად და ისევ იდგა, გაუნძრეველი და რაღაცნაირად მნიშვნელოვანი - ყველაფერი ცოტ-ცოტა და საერთო

- ვითმენდი, სანამ შემეძლო. ვიყავი მხოლოდ პატარა გოგოშკის საყვარელი ეროტიული ლექსების ანაბარა. თუმცა, ნებისმიერი რამ გამოდგებოდა. მაგას მივხვდი - უსაშველოდ დიდხანს თუ იმეორე რაღაცა, შამანივით ტრანსში ვარდები და გადიხარ. არ ვიცი, რა ჰქვია იმას, სადაც გადიხარ, მაგრამ გადიხარ და საშველია - ისეთი საშიში აღარ არის არც ტკვილი და არც სირცხვილი. მე ის ლექსები მქონდა - კაცის მიერ დაწერილი ქალური ლექსები, რომლებიც მუდამ მიყვარდა, ჩემს შტერულ ფანტაზიებში რაღაც მსგავსი მელოდა. მერე რამდენი რამე წავიკითხე და გავიკითხე იმის დამწერზეც.

ისიც კი მომეჩვენა, რომ შემთხვევით არ ამირჩევია თავშესაფრად მისი ლექსები. ის და მისიანებიც მოსპეს. რას ერჩოდნენ? ვის რას უშავებდნენ? უდარდელი პეპლებივით ცხოვრობდნენ, თავზე ჰქონდათ დამხობილი ჯერ ქუთაისი და მერე - თბილისი. ფული რომ გაუთავდებოდა, მამას წერილს მიწერდა და თავს აცოდებდა: დასაკლავი მოზვერის თვალები მაქვსო და ჭრიდა.

მამა უგზავნიდა და უგზავნიდა. ან ის და ტიციან ტაბიძე ავლაბარში ადიოდნენ მთვრალები და ოვანეს თუმანიანს ქვევიდან ეძახდნენ: ოვანეს, შენა ხარ ყველაზე დიდი პოეტი, ოვანეს! ყველაზე დიდი ხარ, ოვანეს! ესეც ჭრიდა - მოხუცი სომეხი ღიმილით გამოაღებდა ფანჯარას და ამოდითო - ეტყოდა, სუფრას გაუშლიდა და ფულსაც აძლევდა. ეცოცხლათ, ვის რას უშლიდნენ? სტალინს, ლენინს, პარტიას უწერდნენ ლექსებს, ოღონდ ეცოცხლათ. ძმა ოცდაოთხ წელს დაუხვრიტეს, თვითონ ოცდაჩვიდმეტამდე გაქაჩა...

მე დღემდე ვქაჩავ. საწუწუნო არაფერი მაქვს. ოჯახიც მყავს, ქმარი სროკზე - კლასიკური ვარიანტი. ის ლექსები კი დღემდე მახსოვს, უსასრულოდ შემიძლია ვიმეორო, ვიმიორო, ვიმეორო და გავიდე...

იქ სადაც სდუმან პირამიდები მზის ქორწილის დროს...

ერთადერთი ნათურა სილით დამწვარი ლოყა და აბლაბუდა ჭერში...

მე დავწვები მზისფერ სილაზე იქ სადაც სდუმან პირამიდები შენ მომინდები...

ფხრეწის ხმა და ეგეთ კაბას ასს გიყიდი კიდე...

შენ მოგაფრენს ცხენი არაბული თვალებდანაბული...

რუსი მხატვრის ივან კრამსკოის უცნობი ქალბატონი მიყურებს კედლიდან სირცხვილი არ არსებობს ოღონდ მალე დამთავრდეს ყველაფერი...

საყვარელ ხელებს მივეცემი როგორც ნაზ საწოლს...

ჩემი კბილები ჩემსავე მუშტად შეკრულ ხელზე არც ტკივილი არსებობს ოღონდ მალე დამთავრდეს ყველაფერი...

და შენ დამკოცნი ვით დედოფალს ვით მონას და ცოლს.

უზარმაზარი ტარაკანა კრამსკოის ქალბატონის ქვეშ...

სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით, მწვანე ტალღებში დავიოკებთ ჩვენ ღელვას ალურს.

ჩემზე მომჩვარული, მერე ვაი-ვაგლახით წამოზლაზნული სხული და ვსო ჩემი ცოლი ხარ სხვა გზა არ დამიტოვე თუ გიყვარს ძალის გამოყენებაც უნდა შეგეძლოს ადნაჟდი ვ ამერიკე ხო ნანახი გაქვს?

და მე მჩატედ ვიწევი ჩემი საპანაშვიდე სკამიდან და შევდივარ იმ ოთახში, თითქოს ვგრძნობ, რომ იქ რაღაც ან ვიღაც უნდა დამხვდეს...

შევდივარ.

გასვენების წინა ღამეს ისევ ვაბიჯებ იმ კარის ზღურბლს, შევედივარ ბაბუაჩემის ოთახში, რომელშიც იმ ქალის მოსვლის მერე არ შემიხედავს. ლოგინსა და კედელს შორის ისევ მოჩანს ზაუერის დროისგან დაძენძილი შალითა და ლოგინთან ხელჯოხზე დაყრდნობილი ძია გოგი ზის. სულ არ მიკვირს. კარს ვიხურავ და წინ ვუჯები - ბაბუაჩემის ლოგინის შიშველ ზამბარებზე.

- მაშინ, ძია გოგი, მე ფეხმძიმედ ვიყავი...

ამომხედა. რას ვერჩოდით ამ კაცს? ყველა მას რატომ უყვებოდა ყველაფერს?

- მე ორსულად ვიყავი. აბორტი გავიკეთე... ექიმები მეუბნებიან, მაგის გამო აღარ მიჩნდება შვილი... ვერ გავაჩენდი. იმის შვილს ვერ გავაჩენდი! შვილი მოვუკალი, დავუბრიდე...

ამ ბოლო სიტყვამ ყველაფერს, სულ ყველაფერს მიახვედრა და უმწეოდ ჩააქინდრინა ჭაღარა თავი. მაშინვე მივხვდი, რომ ყველაფერი გაიგო. იმას კი ვეღარ მივხვდი, რას ვერჩოდი? რაღა ამას - ყველაზე ნაკლებად დამნაშავე მოხუცს. კარგა ხანს ჩუმად ვიყავით, ოღონდ არ იყო გაუსაძლისი სიჩუმე, მერე ამომხედა.

- ელენე, რაღაც მინდა, რომ მოგიყვეთ. გაქვთ მოსმენის თავი?

თავი დავუქნიე და მოვისმინე ამბავი, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ არ ყოფილიყო, ასე დალაგებულად ვერ მიამბობდა. წინადადებებზე ეტყობოდა, ბევრჯერ ჰქონდა ნაამბობი და ხმამაღლა კი პირველად ჰყვებოდა. რადგან მოვახერხე და მის ამბამდე მივედი, მე თვითონ მეტს არაფერს დავამატებ, თითქმის რომ არაფერს...

მე უხმოდ ვუსმენდი, ბაბუაჩემის ცარიელ ოთახში ვისხედით და ოჯახური პორტრეტების გარდა არავინ იყო ჩვენი გამგონე, ერთადერთხელ შემოიხედა მამამ და სასწრაფოდ გავიდა, თითქოს ოთახის კარი შეეშალაო, მეტი არავინ შემოსულა. ძია გოგი კი ყვებოდა და ყვებოდა, თითქოს უფროს-უმცროსობით სიმონიკა ბაბუასგან ესტაფეტა გადმოგვეცაო და ამ ოთახში ახლა ის გახდა მთხრობელი, მე კი - მსმენელი...

- ელენე, გაგიგიათ, მამაჩემი რომ ახალდაქორწინებულთა ფაეტონს დაესხა თავს. ჰო, ჩვენს სანათესაოში ეგ ამბავი ყველამ იცის ანეგდოტივით, არის კიდეც ანეგდოტი. მაგ ამბავს სიმონიკაც ღიმილით ყვებოდა ხოლმე. თუმცა ცდილობდა არ მეგრძნო, მაგრამ ვიცოდი, მამაჩემი არასოდეს ყვარებია, თვლიდა, რომ იმ ხნის კაცს თავისზე ლამის ორჯერ უმცროსი ქალი არ უნდა მოეყვანა ცოლად.

მამაჩემმა ხომ ჯერ კატორღა მოიხადა, მერე დაბრუნდა და როდის, როდის დედა ითხოვა, სულ რამდენიმე წელი იყვნენ ერთად... წუწკი იყოო, - ერთხელ ბაბუათქვენს წამოსცდა. მე სიმონიკაზე არასოდეს გავბრაზებულვარ და, მით უმეტეს, მამაჩემთან დაკავშირებით. არც მქონდა ამ საკითხზე გაბრაზების უფლება, რატომ? სწორედ ეგ მინდა რომ მოგიყვეთ...

ოღონდ, შორიდან უნდა დავიწყო, იმ ფაეტონზე თავდასხმით... მამას ის გოგო უყვარდა, ალბათ, იმასაც მოსწონდა, მაგის საბუთიც მაქვს... შეიძლება, იმის მხრიდან არც ისე სერიოზულად იყო ყველაფერი, ან იქნებ იყო და, უბრალოდ, არ გააყოლეს.

ის თავადის ქალი იყო, მამა - იმერეთიდან რკინიგზის ხაზს ჩამოყოლილი პროვიზორის შვილი, თუმცა გიმნაზიადამთავრებული და კარგი იერის ახალგაზრდა კაცი. მოკლედ, ქალი სხვას გააყოლეს და მამა მაყრიონს ჩაუსაფრდა, რევოლვერით ხელში შუა გოლოვინის პროსპექტზე აახტა ნეფე-პატარძლის ფაეტონს. სამჯერ გაისროლა და თითო ტყვია ყველას დაახალა, ერთი - ნეფეს, ერთი - პატარძალს და მესამე თვითონ იკრა მკერდში და როგორც თქვენც იცით, სამივე გადარჩა, სამივე... ანეგდოტია, აბა, რა არის?!

მამა მოარჩინეს, გაასამართლეს და კატორღაში უკრეს თავი. თითქმის ათი წელი იყო იქ, სანამ რევოლუციები და გასაბჭოება მოუსწრებდა, მერე გაათავისუფლეს - ბოლო, ბოლო კლასობრივ მტრებს ესროლა... მე მამა არ მახსოვს, როცა მოვიდნენ და წაიყვანეს სამი წლის ვიყავი. ვიცი, რომ ჩემთვის მძინარისთვის უკოცნია. არ მახსოვს, არც ის კოცნა მახსოვს და საერთოდ არაფერი...

აი, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ წლების, ათწლეულების მანძილზე გოლოვინზე მომხდარი სროლის ამბავი თითქმის ერთადერთი რამ იყო, რაც მამის შესახებ ვიცოდი. ამ ამბავს ყვებოდნენ, ჩემი ფაქტობრივი აღმზრდელები, ჩვენი მეზობლები - ვალიკო ღლონტი და რაჟდენ საყვარელიძე და ყვებოდნენ სულ სიცილ-ხარხარით, ჩემი თანდასწრებით, რო ეგეთი მაგარი იყო მამაშენიო.

ოღონდ დედაჩემთან არასოდეს მოუყოლიათ, დედაჩემის, მგონი, ეშინოდათ კიდეც... დარწმუნებული ვარ, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს ამბავი, რომელიც იმდენი ვიტრიალე გონებაში, რომელზეც იმდენი ვიფიქრე, სანამ ისტორიამ სრულიად ეპიკური სახე არ მიიღო.

რევოლვერით შეიარაღებული მამა უსასრულოდ, გაუთავებლად ახტებოდა გოლოვინზე მიმავალ ფაეტონს. მრისხანე და ლამაზი იყო. ეგ სურათი დღემდე არ გახუნებულა, ოღონდ იცვლებოდა ხოლმე, მე თვითონ ვცვლიდი რაღაც რაღაცეებს. როცა წამოვიზარდე და რაღაცეები გავიგე იმ წლებზე, ძალიან არ მომინდა, რომ მამას ნაგანის სისტემის რევოლვერი ჭეროდა ხელში.

ნაგანისთვის მეცოდებოდა, ნაგანით ხომ სიკვდილმისჯილებს კლავდნენ და უგზოუკვლოდ გამქრალი მამაჩემის ხვედრიც ალბათ კეფაში ნაგანის ტყვია იყო და აი, ერთხელაც ვალიკო ღლონტმა კინოთეატრ აპოლოში წამიყვანა პირველ შავ-თეთრ ვესტერნზე - ჯონ ფორდის დილიჟანსზე, რომელსაც საბჭოთა გაქირავებაში ერქვა კიდევ უფრო მაგარი სახელი: მოგზაურობა სახიფათო იქნება. საოცარი სანახაობა იყო მაშინ ის ფილმი.

საფოსტო ეტლს ინდიელები მისდევდნენ, ეტლში კი მთელი ახლადდაბადებული ამერიკა იჯდა - კეთილშობილი მეძავი, ბანკირი, შერიფი, მღვდელი, რომელიც შეთავსებით კომვოიაჟერიც იყო, ლოთი ექიმი, გაგიკვირდებათ და ერთი პოკერის მოთამაშეც იყო, ორსული ქალი და, რაც მთავარია, სულ ახალგაზრდა ჯონ უეინი ვინჩესტერით ხელში.

ვალიკომ მითხრა, რომ ეს არის ჰენრის სისტემის ვინჩესტერი, ეს კიდევ კოლტი, ეს კიდევ სმიტი და ვესსონის რევოლვერიო და საიდან იცოდა ამ კაცმა მაშინ ამდენი, ჩემთვის დღემდე საიდუმლოა. მე სმიტ-ვესონი მომეწონა, შესახედავად და სახელითაც და მამა სმიტ-ვესონით შევაიარაღე, ის დავაჭერინე ხელში და გაქანებულ ფაეტონზე ამ კოხტა სახელის და იერის რევოლვერით ხელში შემხტარი მამა კიდევ უფრო ლამაზი და მრისხანე გამოჩნდა...

მამასთან დაკავშირებული ერთადერთი დოკუმენტი დედაჩემის სიკვდილის მერე ვიპოვე და იცით, რა აღმოჩნდა? გაყვითლებულ ქაღალდზე ლურჯი ქიმიური ფანქრით დაწერილი პატარა ბარათი - იმ პატარძლის, პატარა თავადის ქალის ხელწერილი, თანხმობა თუ დაპირება უპასუხისმგებლო ფლირტზე, ან სულაც წაგებული ნიძლავი, ფანტი ან რამე მსგავსი... ბარათი ახლაც ზეპირად მახსოვს:

Я, княжна Екатерина Георгиевна Накашидзе даю настоящую подписку гражданину Антону Николаевичу Сванидзе в том, что начиная с 17-летнего возраста обязуюсь целовать его по первому требованию.1

და ქვეშ თარიღი...

იცით, რამდენი ხანი მეჭირა ის წერილი ხელში. არც კი ვიცი, რამდენჯერ გადავიკითხე. იმ გაყვითლებული ფურცლის ნაგლეჯიდან მთელი ეპოქა დამეტაკა, თავადი, მოქალაქე, ფლირტი, ქორწილი, რევოლვერი და რაც, მთავარია, დედა... მე ასე მგონია, რომ იმ ხელწერილს მამა სადღაც ძალიან გულდასმით მალავდა, ისეთ ადგილას, რომ ჩხრეკისას იმათაც ვერ მიაგნეს, ან არადა, გადააბრუნეს სახლი, ყველაფერი წაიღეს, ყველა ფოტო, ყველა საბუთი.

უკვე მერე დედამ სადღაც შემთხვევით იპოვა მისგან დამალული ეს ხელწერილი და შეინახა... არ დაწვა, არ გადააგდო, ვინ იცის, რამდენი ხანი ატრიალა ხელში? ალბათ, კიდევ ჩემზე უფრო დიდხანს... ვერ წარმომიდგენია, რომ ეტირა, უფრო ჩემსავით ქაღალდის ნაგლეჯით ხელში გაქვავებულს ვხედავ...

დედა რომ გარდაიცვალა, მე უკვე სტუდენტი ვიყავი. ეს ჩემი ამბავიც ამაზეა - გარდაცვლილ დედაზე, არასოდეს ნახულ მამაზე, ჩვენს სამეზობლოზე, ჩემს სახლზე, თქვენც რომ ბევრჯერ ყოფილხართ, სიმონიკა ბაბუს რომ მოჰყავდით ხოლმე ხელჩაკიდებული. მე სხვაგან არასოდეს მიცხოვრია და იმედი მაქვს, აღარც მომიწევს.

ჩემს ასაკში გვიანია ადგილის შეცვლა, ის სახლი ჩემთვის ყველაფერია - ჩემი ბავშვობაც, ჩემი ობლობაც, ჩემი თავგადასავლებიც, ჩემი ბიბლიოთეკაც და ჩემი სირცხვილიც, მაგრამ რასაც გიამბობთ, ეს მხოლოდ სირცხვილი არ არის, არც ტრაგედია, რაღაცა უფრო მეტია, ვიდრე ან ერთი, ან მეორე... ჩემთვის ამის მოყოლა მნიშვნელოვანია, წეღან გადავწყვიტე, რომ თქვენთვის მეამბა, თუ უკვე არ დაგღალათ ბერიკაცის ლაყბობამ... არა?

ჰოდა, არავის არ ყოლია ისეთი უცნაური სამეზობლო, როგორიც მე მყავდა. იმ ხალხისგან და მათი შთამომავლებიდან ჩვენს სახლში მხოლოდ მე დავრჩი. ჩემი შეგნებული მეხსიერების დასაწყისი სამამულო ომის დაწყებას ემთხვევა და ყველაფერი სასწაულად კარგად მახსოვს. დანარჩენი უფრო ძველი ამბები - მხოლოდ ფრაგმენტულად. ჩვენი სართული იყო რეპრესიებს გადარჩენილი მავნე ელემენტების ნამდვილი ბუდე, ჩვენი დიდი ხის აივანი იმათი და მათთან ერთად ჩემი შეკრების ადგილი. ჩვენ ვიყავით ყველაზე უცნაური სამეული მე - ექვსი წლის ბავშვი და ვალიკო ღლონტი რაჟდენ საყვარელიძესთან ერთად.

ერთი ლაწირაკი და ორი შუა ხნის მამაკაცი. მხოლოდ აივანზე არა, ყველგან თან დამათრევდნენ - კინოში, კიროვის პარკში, ვინ იცის, სად აღარ? კიდევ ჩვენს სართულზე ცხოვრობდა ასევე დახვრეტილი კოჭლი ამილახვრის (სულ ასე იხსნებდნენ, თითქოს სახელი არა ჰქონია იმ კაცს) უშვილო ქვრივი დეიდა მარიამი, რომელიც სტენოგრაფისტი იყო და სახლშიც ბევრს მუშაობდა. მისი ფანჯრებიდან გამოსული საბეჭდი მანქანის რაკა-რუკი არის ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ხმა. საინტერესო კონტინგენტი იყო. რაჟდენს ჰყავდა ცოლი და უკვე წამოზრდილი შვილები, ვალიკო მარტოხელა იყო და მარტოხელაც გარდაიცვალა. ჩვენი სართული იყო სულ კონტრა, ოღონდ ყოვლად უმაქნისი და უპასუხისმგებლო. ერთი სართულით ქვევით კი ჩვენი მფარველი დემონი ცხოვრობდა...

ჩვენები - ვალიკო და რაჟდენი ისეთებს ლაპარაკობდნენ, რომ იმის მეასედზე ქრებოდა ხალხი, მგონი თვითონაც ხვდებოდნენ, ვინ იცავდათ და ვისი წყალობით იყვნენ ცოცხლები, ოღონდ ამას არ იმჩნევდნენ. კიბეზე შეხვედრისას დემონსტრატიული სალამი - არტისტულად გამომწვევიც კი, ქვედა მეზობლის მხრიდან კი მხოლოდ ოდნავ შესამჩნევი თავის დაკვრა და სულ ეგ იყო მაგათი ურთიერთობა...

ომი სულ ახლოს იყო, გერმანელები კავკასიას იყვნენ მომდგარები. ჩვენი კონტრა გააქტიურებული იყო, ოღონდ ეს აქტიურობა რაში გამოიხატებოდა? ხანდახან თბილისის ცაზე ძალიან შორს გამოჩნდებოდა ხოლმე გერმანული თვითფრინავები - ძირითადად მზვერავები. ესენი სასწრაფოდ შევარდებოდნენ ამილახვრის ქვრივთან და იმისი თეატრალური ბინოკლი გამოჰქონდათ აივანზე, ერთმანეთს ხელიდან სტაცებდნენ, მეც გამახედებდნენ ხოლმე.

ესე, მიაჩერდებოდნენ ცას და დაიწყებდნენ, რომ წასულია გორელი კინტოს საქმეო. საყვარელიძე უფრო რუსულენოვანი იყო, გორიისკი კინტო - ასე ამბობდა. აბა, რაო, - ღლონტიც დაუმოწმებდა - გერმანელებს ისეთი გენერლები ყავთო: მანშტაინი, გუდერიანი, პაულიუსიო, - დღემდე არ ვიცი და ვერც წარმომიდგენია, საიდან იცოდა იმათი სახელები... ამილახვრისეულ ლორნეტში გერმანულ თვითმფრინავებსაც კი სცნობდა და იმათაც ასახელებდა და ამას ექვსი წლის ბავშვის თანდასწრებით ლაპარაკობდნენ.

მართალია, ერთხელ დედაჩემმა ორივე მაგრა დაცეცხლა ჩემთან ამეების ლაპარაკისთვის, მაგრამ არც თვითონ იყო ნაკლები. ომის პირველივე დღეებში წიგნების კარადიდან დამტვერილი გერმანელი კლასიკოსები გადმოალაგა, საგულდაგულოდ გაწმინდა და დიდი კულტურის ხალხი მოდისო - გამოაცხადა. ესეც ჩემი თანდასწრებით, ან არადა, თავისივე ღვიძლი ძმა, ბაბაუთქვენი სიმონიკა, ომის პირველივე დღიდან ფრონტზეა და ლომივით იბრძვის, გმირობას გმირობაზე ჩადის...

აი, ეგეთ უცნაურ გარემოში ვიზრდებოდი... მაგალითად, არის აზრი, რომ პოკერი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს შეიტანეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და მერე იქიდან ჩვენთანაც მოხვდა. ტყუილი! პოკერს მე ღრმა ბავშვობიდან ვთამაშობდი ორ დიდ, გულუბრყვილო და უპასუხისმგებლო კაცთან ერთად და მესამე მე ვიყავი. იმ ჩემი აღმზრდელებისთანა ხალხი აღარასოდეს შემხვედრია. დღემდე იქ რომ არ ვცხოვრობდე, სიზმარი მეგონებოდა ყველაფერი და არ დავიჯერებდი, რომ ასეთი სახლი როდესმე არსებობდა...

კიდევ გვქონდა პიანინო, რომელზეც ყოველ დილით დედა ერთი საათი მაკვრევინებდა. ეგ იყო ჩემი სატანჯველი. ჩემი დაკვრის დრო გენერალი თხელიძის სახლში დაბრუნებას ემთხვეოდა. სამუშაოდან მოსული ჩემი მუსიკის ქვეშ იძინებდა. არასოდეს დასცდენია საყვედური, რომ დაძინებაში ხელს ვუშლიდი. პირიქით, დედაჩემს ერთხელ კიბეზე შეხვდა და უთხრა, რომ ბავშვს ნიჭი აქვს და ამ ნიჭს განვითარება და ყოველგვარი ხელშეწყობა სჭირდება და რომ დილაობით ძალიან სიამოვნებს ჩემი სმენა...

ჯალათი იყო. ღამე მუშაობდა, დილით მოდიოდა დასაძინებლად. ერთხელ დედაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებული მეგობარი ქალი შეეჯახა კიბეზე და დამუნჯებული ძლივს ამოვიდა ჩვენამდე. მხოლოდ ხელს იშვერდა იქით, ქვემო სართულისკენ... ეგო, ეგო, იმეორებდა, მაგის სახე არ დამავიწყდებაო, როცა მაწამებდნენო, მაგას ფურცლებში ჰქონდა თავი ჩარგული და ხანდახან ამომხედავდა და მკითხავდა: ესე იგი, არ ცნობთ თავს დამნაშავეთ?

მე სირცხვილისგან ხმას ვეღარ ვიღებდი, თორემ უკვე დამნაშავედაც ვცნობდი თავს და ყველაფერზე ხელის მომწერი ვიყავიო, ოღონდ იმის საქმიანი იერი უფრო მაშინებდა, ვიდრე - ტკივილიო... ჩარგავდა ისევ ფურცლებში თავს და ეგ ნიშანი იყო, რომ უნდა გაეგრძელებინათო... მერეო... დანარჩენი ვეღარ გავიგე და მაშინ წესიერად ვერც მივხვდი, ვიზე ლაპარაკობდნენ, რადგან დედაჩემმა დამავლო ხელი, გვერდზე ოთახში გამათრია და პიანინოსთან დამსვა...

მე პიანინოზე ვუკრავდი, გვერდზე ბინაში დეიდა მარიამი აკაკუნებდა საბეჭდ მანქანას, ვალიკო და რაჟდენი დღე-დღეზე გერმანელებს ელოდნენ, ის კი ყოველ დილით, ვინ იცის, რისი კეთებით დაღლილი მოდიოდა და ჩემი ფუგების ქვეშ იძინებდა...

ერთხელ მისმა კარის მეზობელმა დაიფიცა, კინოში ვნახე და შუქი რომ აინთო, რომელიღაც სენტიმენტურ ფილმისგან ცრემლი ადგა თვალზეო. შეიძლება, არ ტყუოდა. მაგაზე წაკითხული მაქვს რაღაც-რაღაცეები და მჯერა, რომ ჯალათებსაც შეიძლება ჰქონდეთ სენტიმენტი, ოღონდ იმდენი წლის მანძილზე, რაც გვერდი-გვერდ ვიცხოვრეთ, არათუ მის თვალზე ცრემლი, მის სახეზე მიმიკის ნასახიც არ შემინიშნავს.

გამოკვეთილი ყვრიმალები, მელოტი თავი, მუდამ მოწესრიგებული, აივანზე არათუ პერანგის, კოსტუმის გარეშე გამოსული არ მინახავს არასოდეს, გამოცდილი ჩეკისტი - ოცდაოთხ წელს შიდა ქართლის თავად-აზნაურობის გამწყვეტი და ამომგდები, მზვერავი, ჯალათი და ჩვენი მფარველი დემონი. ოღონდ, მე ჯერ ექვსი წლისა ვარ და მაგეების არ ვიცი არაფერი, ქვედა სართულზე ვარ ჩასული მის შვილთან სათამაშოდ. ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო.

ეგ ერთადერთი შვილი ჰყავდა და რუსი ცოლი მარფა ალექსეევნა, სულ თითის წვერებზე რომ დაუდიოდა სახლში. იმათთან შევედი და ახლაც მახსოვს ის სცენა. მუხლებზე ვუზივარ და ბრემის ცხოველების ენციკლოპედიას მათვალიერებინებს - ლამაზი სურათები იყო შიგნით. და ვეუბნები ამ ჩემი ორი ბედოვლათი აღმზრდელისგან გაგონილს, რომ მალე გერმანელები მოვლენ და გვეშველება, რომ იმათ მსოფლიოში ყველაზე მაგარი გენერლები და თვითმფრინავები ჰყავთ... არც გატოკებულა, არც ძირს ჩამოვუსვივარ, მაგრამ მახსოვს, თითქოს რაღაცა შეიცვალა ოთახში, გარედან შემოსული მზის სხივებიც ისეთივედ დარჩა, ნიავით შერხეული ფარდაც, მაგრამ მახსოვს. შეიძლება, ჩემი გამოგონილია და ის დღეც მხოლოდ იმიტომ დამამახსოვრდა, რომ მაშინ დედაჩემმა პირველად და უკანასკნელად მცემა.

განა თვითონ ამოვიდა?! დედაჩემის სიცოცხლეში ერთხელაც არ გადმოუბიჯებია ჩვენი კარის ზღურბლი. თავის კარის მეზობელი სლავისტი ემხვარი გამოაგზავნა, აი ის, კინოში მისი სენტიმენტის მოწმე რომ გახდა და იმის მერე კიდევ უფრო რომ შეშინდა. ემხვარი ჩუმი კაცი იყო, ჩურჩულით ლაპარაკი იცოდა, აბა, რა იქნებოდა, როცა რესპუბლიკის ერთ-ერთ მთავარ ჩეკისტს ერთადერთი კედელი ჰყოფდა.

დაფეთებული ამოვარდა და დედაჩემს გენერლის დანაბარები გადასცა. თხელიძემ ქართული კარგად იცოდა და, როგორც მერე გავიგე, დაკითხვები ყოველთვის ქართულად მიჰყავდა, სამეზობლოს რუსულად გვეურთიერთებოდა და სლავისტ კაცსაც არ გასჭირვებია მისი დანაბარების ამოტანა: პუსტ ვნე დომა ტაკოე ნე გავარიტო! ბავშვი პატარაა, არ იცის, რას ამბობს და სახლიდან ნუ გაიტანს ეგეთ რამესო.

გესმით თქვენ?! მეტი არაფერი, არც წყაროს კველევა დაუწყია, თუმცა მშენივრად ხვდებოდა ყველაფერს და არც ღამე დაგვცემია ვინმე, არც ჩვენ და არც ჩვენ სამეზობლოს. იცოცხლე, დედაჩემმა ჩემს განმანათლებლებს დღე აყარა, მე ხომ დიდხანს მცემდა და ყურებს მაგლეჯდა: ჩემი ხელით მოგკლავ, ეგენი რომ კიდევ სადმე ილაპარაკოო... ის აღარ ახსოვდა, გოეთეს და შილერს რომ რუდუნებით აცლიდა მტვერს და გერმანელები მალე აქ იქნებიანო, იავნანასავით რომ უღიღინებდა...

მაგრამ გერმანელები აღარ გამოჩნდნენ და ვალიკო ღლონტი და რაჟდენ საყვარელიძეც უკვე სულ ტყუილად ითხრიდნენ თვალებს მოწმენდილ ცაში ამილახვრისეული ლორნეტით ყურებით, მაგრამ დიდად არ მოუწყენიათ - ახალი გასართობი გამოუჩნდათ. ლენინის ქუჩაზე ჩავყავდით და ირანიდან აზერბაიჯანის და ჩვენი გავლით ფრონტისკენ რახრახით მიმავალ მოკავშირეთა გამოგზავნილ დახმარებას მაჩვენებდნენ.

ლენდ ლიზის ამერიკული დახმარებით დატვირთული უცხო იერის დიდი და პატარა მანქანები კარგი საყურებელი იყო და მხოლოდ ჩემთვის არა. და ამათ ისევ ყველას სახელი იცოდნენ, რომ აი, ეს ვილისია, ეს დოჯი, ეს დიდი არის სტუდებეკერი, ეს კიდევ ფორდია და ნელ-ნელა ცხადი გახდა, რომ მანშტაინმაც ვერაფერი გააწყო და პაულიუსი მთლად ტყვედ ჩავარდა და, გინდა, არ გინდა, გამარჯვება გორელი კინტოსკენ იხრება. და მაშინ ვალიკო ღლონტმა საზეიმოდ გამოაცხადა:

- და მიანც, ის ქართველია!

ომი დამთავრდა. დაბრუნდა ქვეყანა ხალხი. ბაბუათქვენი სიმონიკა დაბრუნდა ორდენებით დამშვენებული: ყოჩაღი ოფიცერი, ლამაზი კაცი, მამაცობისთვის დაჯილდოვებული და, იცით, იმასაც კი ეშინოდა ჩვენი მეზობლის. ჩვენთან მოსული ყოველთვის დაბალ ხმაზე იკითხავდა: ის რას შვებაო? და ქვედა სართულისკენ გაიქნევდა თავს. ამას რომ ვამბობ, ბიძაჩემს არ ვაკნინებ - უნდა გშინებოდა, თუ ტვინი გქონდა თავში. ამას მერე და მერე მივხვდი, ბოლოს კი მთლად შუბლით შევეჯახე...

მე მგონი, მეზობლებში ერთადერთი ვიყავი, ვისაც გამოელაპარაკებოდა ხოლმე. მუსიკას რომ თავი დავანებე, გამაჩერა და მისაყვედურა: არ უნდა გექნა, ნიჭი გაქვს და ნიჭს კიდევ განვითარება და მოვლა სჭირდებაო. მოსწონდა, წიგნებით რომ მხედავდა, ერთი წიგნი თვითონაც ჰქონდა ამოჩემებული და ის მათხოვა - პლუტარქეს შედარებითი ბიოგრაფიები. რომ წავიკითხე და დავუბრუნე, მკითხა: რას ფიქრობო? დიდად არ ვფიქრობდი არაფერს, რომაელი და ბერძენი მხედართმთავრების, ტირანების ბიოგრაფიები იყო, საინტერესო. ზოგი მომწონდა, ზოგი - ნაკლებად. რაღაცა მოვროშე, თქვენ რას ფიქრობთ-მეთქი? ადამიანი ყველა დროში ერთნაირი იყოო, თქვა და ხელი ჩაიქნია, თითქოს ადამიანზე - კაცობრიობაზე ჩაიქნია ხელი. იმიტომ მოსწონდა პლუტარქე, რომ ეს დასკვნა გააკეთა.

იმისი შვილი ჩემზე რამდენიმე წლით ადრე გახდა სტუდენტი და რუსეთში წავიდა სასწავლებლად. ერთხელ კიბეზე გამაჩერა და მთხოვა: იქნება აკაკი წერეთელის რამე წიგნი გქონდეს, მინდა ნიკოლოზს გავუგზავნო მოსკოვში - სულ რომ არ გარუსდესო. ესეც რუსულად მთხოვა. წიგნი ვუშოვე, მივეცი და, ვიცი, გაუგზავნა. ოღონდ ვერაფერი ვერ გავიგე, ვერც მაშინ და ახლაც არ მაქვს პასუხი, ან მისთვის რას ნიშნავდა ქართველობა? ან რატომ აკაკი წერეთელი? არ ვიცი. ბევრი რამე არ ვიცი ამ ამბავში...

მერე სტალინი მოკვდა და კარგად მახსოვს, ჩვენს აივანზე სლავისტ ემხვარს რომელიღაც საკავშირო გაზეთი აქვს ამოტანილი და ვახვევივართ ზედ - ჩვენი სამეული, ამილახვრის ქვრივი, დედაჩემიც აივანზეა გამოსული. გაზეთის გაშლა სულ სტალინის ფოტოებით არის აჭრელებული და მიდის დიდი ბჭობა და ხალხი, ვისაც ქმრები, ძმები და ნათესავები ყავთ დახვრეტილი, ვინც თორმეტი წლის წინ გუდერიანს და მანშტაიმს ელოდა, მთელი სერიოზულობით დავობს იმაზე, თუ რომელ სურათზე უფრო კარგად გამოიყურება ბელადი?

უფრო მეტიც, სად უფრო ლამაზია: იალტის კონფერენციაზე ჩერჩილთან და რუზველტთან ერთად, წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს რომ იბარებს, ქარხანაში სტახანოველებთან ერთად თუ აეროდრომზე მფრინავ ჩკალოვს ჩახუტებული? და ბოლოს ვალიკო ღლონტმა თითი ატაკა უკანასკნელ ფოტოს - ყვავილებით შემოჯარულ, სიცოცხლეშიც დიდად მიმიკების არმოყვარულ და ახლა უკვე სამუდამოდ გაყინულ სახეს და საზეიმოდ გამოაცხადა:

- კუბოში!

დედაჩემი რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. მაშინ უკვე აღარც რაჟდენი იყო და აღარც დეიდა მარიამის საბეჭდი მანქანის რაკა-რუკი ისმოდა ჩვენს აივანზე. ვალიკო ღლონტი ჯერ კიდევ ჩვენს სახლში ცხოვრობდა, კიდევ დიდხანს იცოცხლა, ჯერ ახალ ბინაში გადავიდა, ერთ კვირაში ის ბინა პოკერში წააგო და სიკვდილამდე თავის დასთან და სიძესთან იყო შეკედლებული.

თხელიძეც ცოცხალი იყო, თუმცა საქმეებს ჩამოშორებული, სტალინის შემდგომი რეპრესიები ასცდა და საკავშირო პენსიონერიც იყო. კიბეზე რომ შემხვდებოდა, შვილის ამბავს ვკითხავდი ხოლმე და ერთი და იგივეს მეუბნებოდა: სულ გადაჯიშდა, ნამდვილი რუსიაო, ამასაც უემოციოდ, ყოველგვარი გარეგნული სინანულის გარეშე ამბობდა და ხელსაც ისე ჩაიქნევდა, როგორც პლუტარქეს შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი - ადამიანი მუდამ ერთნაირი იყოო, როცა ამბობდა.

მე უკვე ჩემი წრე მყავდა. ჩემი ტოლი ძმაკაცები. ეს ის პერიოდია, როცა გადარჩენილმა პატიმრებმა დაიწყეს სახლში დაბრუნება. ჩემს მეგობარს ნოდარ ცქიტიშვილს თითქმის ოცი წლის უნახავი მამა დაადგა დილით მძინარეს, ლოგინზე ჩამოუჯდა და ყურში ის ჩასჩურჩულა, სულ პატარას რომ ეუბნებოდა: ნოდარიკო, რა მოგსვლია, ცხვრიზე კუტუ ამოგსვლია... ნოდარი ყვებოდა, თვალები გავაღე და მაშინვე დავხუჭე. ახალგაზრდა მახსოვდა და მოხუცი კაცი მეჯდა თავთანო...

დედაჩემის სიცოცხლეში თხელიძე ჩვენს სახლში არ შემოსულა. პანაშვიდებზე ამოდიოდა და კარის ზღურბლთან დგებოდა. ერთი საათი მაინც იდგა კუშტი, შეუვალი, რომაული ქანდაკების მსგავსი, მერე უხმოდ ტრიალდებოდა და დაბლა ჩადიოდა...

ქელეხზე მე თვითონ დავუძახე. არც იყო ქელეხი. ჩემთანვე გავშალეთ პატარა სუფრა. ოცი კაცი თუ იქნებოდა, რამდენიმე ნათესავი, ვალიკო ღლონტი, უკვე ძალიან დაფეხვილი ემხვარი, ჩემი ბიჭები... ჩემი ფეხით ჩავედი და ამოვიყვანე, თორემ არც გაახსენდებოდა არავის. ამოვიყვანე და გვერდითაც მოვისვი. სიმონიკა იყო თამადა. იცით, როგორი სიტუაცია იყო? ძნელია ამისი ახსნა...

დედა დავასაფლავე - ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქალი. დავრჩი სულ მარტოდ და მაინც რაღაც იმედიანი განწყობაა. სიმონიკა თამადობს და ხომ უნდა ახსენოს ოჯახიდან წასული სხვა ადამიანებიც, პირველ რიგში - მამაჩემი, და თითქმის ყველა რეპრესირებულია, მაგრამ უკვე ყველა რეაბილიტირებულიც არის. თამადობს, აცვია თავისი ცნობილი გალიფე შარვალი და აზიაცკები, უკიდია ის ზა ატვაგუ ორდენი და თავიდან, ეტყობა, რომ უჭირს ძალიან, მაგრამ თამამდება ნელ-ნელა, ხანდახან კი გამოაპარებს თხელიძისკენ თვალს, მაგრამ ერთხელ რომ გადალახა რაღაცა, აღარ ჩერდება უკვე...

მე და ჩემი ბიჭები კიდევ ახალგაზრდები ვართ, კარგები ვართ და გარეთაც გაზაფხულია, ფანჯრებია ღია. ბიძაჩემი კიდევ გმირობას გმირობაზე ჩადის, უკვე ქუხს იმისი ხმა და, მგონი, ბედნიერიც არის, რომ ამდენი წლის უთქმელობას დააღწია თავი. უკვე უსამართლობასაც ახსნებს, უსამართლოდ დასჯილებს და ჩემს გვერდით მჯდომი თხელიძე ერთს არ გახედავს თამადას, გაყინული სახით აიღებს ჭიქას, დაადებს ტუჩს, დადგამს. ზის და, როგორც ყოველთვის, არაფერი აწერია სახეზე, რაც მთავარია, იმ მისთვის საჭირო ერთადერთი წიგნიდან აქვს დასტური, რომ ადამიანი ყოველთვის ერთნაირი იყო და რომ სულ ასე იქნება...

და ყველაზე მთავარი ის არის, რომ იმ დღეს მარტო სიმონიკა კი არა, ჩემი სხვა ნათესავებიც - მამის მხრიდან ნათესავები, მამაზე რომ არასოდეს კრინტი არ დაუძრავთ, თითქოს არც არსებობდა ეგეთი ადამიანი, ახლა ჩემი თანდასწრებით იხსენებენ, მის ამბებს ყვებიან, ჩვეულებრივ ადამიანურ ამბებს და მერე რა, რომ უკვე აღარ ჩანს სასაცილოდ ის ხუმრობები, რაზეც ახალგაზრდობაში მამაჩემი და იმის მეგობრები იცინოდნენ, მთავარია, რომ უცებ ზვავივით მატყდება თავზე უამრავი ამბავი მამაჩემის შესახებ და უკვე მხოლოდ გოლოვინზე გაკეთებული სამი გასროლის ანაბარა აღარ ვარ და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დედა წავიდა და მამა დაბრუნდა სახლში. მამა ვიპოვე...

სიმონიკა უკვე მეორედ ამბობს მამაჩემის სადღეგრძელოს უკვე მუშტმოღერებული და თვალცრემლიანი. ისტორია ყველას გაასამართლებსო! - იძახის და თხელიძისკენ უკვე თამამად იყურება...

და ამ დროს ეს კაცი - პლუტარქეს მოყვარული შეუვალი ნიღაბი ჩემსკენ იხრება და მხოლოდ ჩემს გასაგონად მეუბნება ერთადერთ ფრაზას - როგორც ყოველთვის რუსულად, თუმცა, ვიცი, რომ საწამებელი ენა ქართული ჰქონდა:

- Я знал вашего отца до самого конца,2 - პაუზა და ჩემთან სულ ახლოს მოტანილი მისი სახე, რომელიც მაკვირდება, კარგად გავიგე თუ არა, რასაც მეუბნება - Вы можете им гордиться...3

და მანდ დასრულდა ყველაფერი და ჯერ ბიძაჩემი სიმონიკა შემეცოდა იმიტომ, რომ მას არაფერი გაუგია და ჰგონია, რომ მართლა რაღაცა დამთავრდა და ახალი, კარგი, იმედიანი დაიწყო. იმისი ცრემლები და აღკტინება დამენანა და იმის პატარა გმირობა - საკუთარ თავზე გამარჯვება, მაგრამ ბედნიერიც იყო - ჩემზე ბედნიერი.

და საერთოდაც ყველა - სიმონიკაც, ჩემი ბიჭებიც, ვალიკო ღლონტიც... ყველა და ყველაფერი სადღაც მიღმა დარჩა და ვიყავით მხოლოდ მე და მამაჩემის ჯალათი ერთ სუფრაზე გვერდი-გვერდ მჯდომები... ჩემთვის ეს მეტი იყო, ვიდრე ჩემი ტრაგედია, ვიდრე ჩემი უსუსურობა, ამას სახელსაც ვერ დავარქმევ. ვერც ის გამიგია, მისი მხრიდან ამის თქმა რა იყო - ცინიზმი თუ მონანიება, ალბათ ორივე ერთად, მონანიება, რომელმაც მე დამასამარა... არ ვიცი, ის ერთი წინადადება რომ არა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ სხვანაირი იქნებოდა, სულ სხვანაირი... გროტესკიც იყო ამ ყველაფერში.

საერთოდ ბევრი მიფიქრია ამაზე და ძალიან ვშიშობ, რომ ეს მარტო ჩემი ისტორია არ არის. არც საკაცობრიო ამბავი მგონია, მაგრამ ქართული ამბავი მაინც არის, შეიძლება გაუცნობიერებელი, მაგრამ - ქართული. იცით, ელენე, ჩვენ სამშობლოდ გროტესკული ტრაგედიების ქვეყანა გვერგო, სადაც კაცი ორ ადამიანს კლავს, თავსაც იკლავს და სამივე ცოცხალი რჩება, ეს სცენა კი მისი შვილისთვის ყველაზე სათაყვანებელი რამ არის. სადაც მოძალადე და მსხვერპლი ერთ სუფრაზე გვერდი-გვერდ სხედან და სადღეგრძელოები კი გრძელდება, ბოლო არ უჩანს... და ეს გროტესკი ჩვენ ძალიან გვშველის, ხშირად უბრალოდ ხსნაა ჩვენი, მაგრამ ხანდახან ის თავად ტრაგედიაზე აუტანელი ხდება...

და ამ დროს ისევ გაიღო კარი და ბიძაჩემმა სამზარეულოში გაშლილ პატარა სუფრაზე დაგვიძახა, დაღლილები და მოშიებულები ხართ თქვენცა და ჩვენცო. ძია გოგი არ დარჩა, ხვალ ყველას მძიმე დღე გვაქვსო, - თქვა. ვიღაცამ ტაქსს გამოვიძახებო, ვიღაცამ მე წავიყვანო... მე თვითონ წავიყვანე ჩემი მანქანით - ვერავის დავანებებდი.

ხვნეშით, ბებრულად მოეწყო ჩემს გვერდით სავარძელზე. ხელჯოხიც როგორღაც შემოიტანა მანქანაში. დახმარებას მე ვერ გავუბედავდი, ვერც ჩაჯდომის და ვერც გადასვლის დროს. დახმარება ყოველთვის მისი საქმე იყო.

- ეგრე, ელენე, ეგრე ვიცხოვრე ქურდულად და პარვით, - უკვე სხვა ტონით თქვა, თითქოს მხიარულად და თვალი ჩამიკრა.

გამეცინა:

- თქვენ რაღას იპარავდით, ძია გოგი?

- დროს, ელენე, დროს. ყველაზე მთავარი - მთელი სიცოცხლე მოვპარე საკუთარ თავს.

მის სახლამდე ხმა აღარ ამოგვიღია. ქუჩები ცარიელი იყო და რაღაცნაირად მსუბუქად მიმყავდა.

ხვალ ყველას მძიმე დღე გვაქვსო, - კიდევ ერთხელ ჩაიდუდღუნდა, სადარბაზოსთან რომ გავუჩერე, მერე რბილად მომიჭირა ხელზე ხელი და კარი გააღო. სანამ გადავიდოდა, კიდევ ერთხელ მომიტრიალდა, თითქოს რაღაც გაახსენდაო:

- ელენე, იცით, ხევსურებს სჯერათ, რომ საიქიოში მოხვედრილ მიცვალებულის სულს პირველი დედისძმა ეგებება და ის მასპინძლობს... მე ძალიან მომწონს ეგ ხევსურული ვარიანტი - მაწყობს...

მანამდე არ დამიძრავს მანქანა, სანამ ჯოხის კაკუნით ტროტუარი არ გადაჭრა და სადარბაზოს ძველი ხის კარი არ შეაღო. სიგარეტს მოვუკიდე და ცარიელ ქუჩაზე დაბლა დავეშვი. წარმოვიდგინე, როგორ სვენებ-სვენებით აივლიდა სამ სართულს, კარს გასაღებს მოარგებდა, გაივლიდა ჩაბნელებულ და ჩაჩუმებულ საერთო აივანს, საკუთარი ცარიელი ბინის მუდამ ღია კარს კრავდა ხელს და ოთახში შუქს აანთებდა...

სტოპ! ჩემი მანქანა შუა ქუჩაში გაჩერდა.

ბევრი წლის წინ, ზაუერის გასროლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც სახლიდან გასვლა დავიწყე, რაღაც წიგნის სათხოვნელად მივაკითხე. დაბლა გოგოები მელოდებოდნენ. მის სახლში შესულმა დავინახე ის, რაც მანამდე არასოდეს შემემჩნია. ბიბლიოთეკად გადაქცეულ მისაღებ ოთახში წიგნის თაროებისგან შექმნილი დერეფანი შეუქცევლად, სრულიად საბედისწეროდ მიემართებოდა კედელში დატანებული უზარმაზარი ფანჯრისკენ, თითქოს ერთადერთი გამოსავალი დერეფნის ბოლომდე გავლა და ფანჯრიდან გადახტომა იყო. მონუსხულივით მივაჩერდი გასავლელს, ჩემს მზერას თვალი გააყოლა და მაშინ მითხრა:

- მეც ხშირად მიფიქრია...

თქვენობითაც მას მერე მომმართავს...

და აქ შემეძლო შავი ფარდა ჩამომეშვა და თხრობა დამემთავრებინა, მაგრამ ერთი რამ კიდევ მაქვს სათქმელი.

გოგლა მართლა გამოუშვეს - გარიგება შედგა. ერთი კვირა გრძელდებოდა ჩვენს სახლში ქეიფი. მამაო მოვიდა. სახლი აკურთხა. გოგლას თავისი საყვარელი ვესტერნების ყურება არ მოუშლია და, ესე იგი, მთლად ცუდად არ არის მისი საქმე.

სამი თვის შემდეგ კი, სანამ ვინმეს რამეს ვეტყოდი, სანამ გოგლას გავაღვიძებდი და ვეტყოდი, ავდექი და მიყვარხარ, მენატრებიში! კიდევ ერთი წერილი გავაგზავნე. ფაქტიურად არსაით გავგზავნე მესიჯი, რადგან ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩემს ქმარს იმ ჟურნალის დანახვაზე ელეთ-მელეთი მოსდის. მე კი ის ნომერი ზეპირად მახსოვს. ავდექი და ავკრიფე, ამჯერად სტილის აბსოლუტური დაცვით:

გოგლა, ჩემო სიხარულო, მე ორსულად ვარ. ეტყობა ასეთი იყო ღმერთის ნება. ეხლა მჭირდება შენი მოფერება და მოფრთხილება. ყველაფერი კარგად იქნება.

ფანჯარაში გავიხედე. გარეთ, ქუჩაში, და მთელ სამყაროში არაფერი მომეჩვენა შეცვლილი.

მართალი იყო ძია გოგი. გროტესკი გვშველის.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ