- ეგ დაიხსომე ჩემგან, ძმიშვილო, რო ტელევიზია არი სუ ტყუილი და არტისტობა. ტელევიზორში სუ სხვანაირად სჩანს ყველაფერი და სინამდვილეში კიდევ სუ სხვანაირად არი.
როგორ და ისე, რო იქ ლამაზადა სჩანს ყველაფერი (ერთი მე არ გამოვჩნდი ლამაზად - იმ დღეს რო შევხედე, ყველაზე კუნაპეტი შავი მე ვიყავი იმოდონა ხალხში).
განგებ ეგრე იღებენ, ისე ეშმაკურად იღებენ, რო ყველაფერს უფრო ლამაზად აჩენენ, თორე კედლებიც სულ ბათქაშჩამოცვენილი იყო იქა და ის ქალიც, გადაცემა რო მიჰყავ, სინამდვილეში ეგრეთი ლამაზი და კოხტა არა ყოფილა. მერე ხო ეგრე ჩანდა, რო თითქოს ჩემი გოგო რო პასუხობს, მე ვუცქერი და ისე ვუკრავ ტაშსა. სინამდვილეში თვალითაც ვერა ვხედავდი - იგრეთ ადგილას დაგვსხეს მშობლები. მარტო იმისი ხმა მესმოდა და მიხაროდა, რო ყველაფერი იცოდა.
შენაც ხო ნახე, როგორი ჭკვიანია. მშობლები გაგვაფრთხილეს: "თქვენო ტაში დაუკარითო, თანაც მარტო საკუთარ შვლის კი არა, ყველას დაუკარითო!" მეც ვუკრავდი, მარა სად სხვისი შვილის სიკარგეზე დაკრული და სად საკუთარზე! ცოტაღა დააკლდა, სულ ცოტა, შენაც ხო ნახე? რაზე კინაღამ არ მოიგო... იმ დღეს რო ტელევიზორში ვუცქირე, კიდე უფრო შემენანა, კიდე უფრო შევწუხდი, ვიდრე მაშინ.
როგორ იბღვირებოდა, პირჯვარს როგორ იწერდა! გამოვედით მერე გარეთ, ის ჩაწერა როცა მორჩა, თავზე მივეფერე და ვეუბნები: "არა უშავს, შვილო, ხეირი და ზარალი ძმები არიან-მეთქი", - და იბღვირება. ის ქალაქელი ბალღები ზოგი ტიროდნენ, ზოგი იცინოდნენ, ეს კიდე მარტო იბღვირებოდა და ის აკრძალული წიგნი ჰქონდა ჩახუტებული, იქ რო აჩუქეს. რატო კინაღამ კომპიუტერს გამოვკარით ხელი და ერთი წიგნითღა გამოგვიშვეს, თანაც აკრძალულით. მე ეგეც არ ვიცოდი, ისევ ბალღმა მითხრა - სულ კუდიანებზე და მაჯლაჯუნებზე ყოფილა დაწერილი.
ძალიან ჭკვიანია, ყველაფერი იცის. დანარჩენი შვილები სულ უწიგნურები და მუტრუკები გამომივიდნენ და ეს ნაგალა გამოვიდა ინტერესიანი. მგონი, კიდე ჩემზე ინტერესიანია, თუ არ გაბეჩავდა ამ წაგების მერე...
- კომპიუტერს რაღას ვუზამდიო?! რას ვუზამდი და დავიდგამდი სახლში. მაწყენდაა? ქალაქში ლამის ყველას კომპიუტერი უდგა. არ გავყიდდი, არა! რა გაცინებს? ჯობია გააჩერე და სედოლკა გაუსწორე. აგე, როგორ გვერდზე აქვს მოქცეული. რად უტყლაშუნებ ეგრე დაუნანებლად? ისედაც აღმართში მიდის.
რაც გინდა, ისა ქენი - ცხენიც შენია და ცხენის ტაჩკაც...
- მოკლედ, ჯამბაზობა იყო ყველაფერი, ჯამბაზობა და არტისტობა, ის გადაცემაც და მთელი ჩვენი ქალაქში წასვლაც. შენ ხო გახსოვს, როგორც წავედით, იმ მიტინგის ავტობუსებს რო გავყეით. რაც სოფელს პაცნები და გიჟები ჰყავდა, ყველა იქ წამოვიდა. ორი თუმანიც ვიხეირეთ. აბა, წინა წასვლასავით ხარჯიანი კი არ გამოგვივიდა - აქეთ მოგვცეს ფული. ათი ლარი ჩემი მომცეს და ათიც ბალღისა - "თქვენო, ოღონდაც ორი საათით დადექითო!" იქ რა დამაყენებდა იმ სიცხეში?!
ვახტოს ბალღის ტელეფონით დავურეკე ერეკლეს, იმ ჩემს კარგ ძმაკაცს. "აქა და აქა ვდგავარ და მომაკითხე-მეთქი!" - გაეხარდა, მარა რა გაეხარდა! ის კი ჯერ არ იცოდა, რისთვის ვიყავით ჩასულები.
წინა წასვლაზე ხო არ შემიწუხებია - ჩავედით, გავიარეთ ის რაღაცა ტურები და იმავ დღეს გამოვბრუნდით უკან. ჯერ არც ჩვენ ვიცოდით მაგ საქმიდან თუ რამე გამოვიდოდა. "ტურებს" ეძახიან - ცოდნას უმოწმებენ. აბა, ყველა კი ვერ მოხვდება იმ გადაცემაში. მაგ ტურებშიაც სულ უმაღლესი ქულები მიიღო და მერეღა შეგვატყობინეს გადაცემის დრო. ჩემი ძმის ტელეფონი დავუტოვე და იმაზე დარეკეს - "ორ კვირაში უნდა ჩამოხვიდეთო"... ეხლა კი გადავწყვიტე იმ ჩემი ძმაკაცის შეწუხება - ნამგზავრ ბალღს პირდაპირ ჩაწერაზე ხო არ მივიყვანდი - აერეოდა ტვინი.
წინადღეს ჩავედით. არ ჩავსულვარ ხელცარიელი - ხილი და ჩურჩხელები ჩავიტანე, სოფლიდან მეტი რა უნდა ჩაიტანო? ორი ათლიტრიანი ბალონი მარტო არაყი წავიღე: ერთი - ერეკლესთვის და მეორე - გასასყიდად. ქალაქში, ხო იცი, რო არაყი ფასობს. იქაური არც არაყი ისმევა და არც ღვინო, რესტორნებში სულ პეტიო ღვინოები აქვთ - შაქარზე დაყენებული. ბოთლისა, კიდე, ძალიან ძვირია, ახლოსაც ვერ გეეკარები. შიგ რაი ასხამენ კიდე, "კაცმა არ იცისო," - ერეკლემა თქვა. რას ჩაასხამენ? შენც ხო გინახია ტელევიზორში რეკლამები რო გადის - "ნანის ვენახებიო!" ვენახები, მითომ ეგ ნანიც აპარატმოკიდებული დადის პლანებში და პაპანაქებაში შაბიამნითა წამლის - ჯამბაზობაა ყველაფერი...
ერთი რაღაც კი უნდა გითხრა, ძმიშვილო, რო გლეხი კაცი, ხო იცი, როგორცაა - დრო არც საფიქრალადა აქ და არც იმისთვის, რო საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოს.
ბევრი ფიქრი არც ვარგა - განა კარგია, მაგრამ იმდღევანდელს მერე დამჩემდა ფიქრები... ჩემს გოგოს და საკუთარ თავს ტელევიზორში რო შევხედე, იმ დღის მერე... ერთხელ რო შევხედე ჩემს თავს უცხო თვალით, ეხლაც თითქო სულ გვერდიდან ვუცქერივარ... თითქო კინოსავით ტელევიზორში ვუყურებ ქალაქში გატარებულ იმ დღესა და იქ გაცნობილ ხალხსა, საკუთარ თავსაც ვადარებ იმათ, როგორც რო იმ დღეს შევადარე, ქალაქელ ბობოლა მშობლებში რომ ვიჯექი და ტაშს რო ვუკრავდი... აგე, რეები შეუძლია მაგ ტელევიზიას, ხალხს ტვინს როგორ ურევს...
- თუმნად მოდის კაცი მიტინგზე - ათ ლარად. იმ სიშორიდან აქ მოდის... თანაც ვინ? კახელი გლეხი! რა დღეში ჩააგდეს ხალხი? საით მივდივართ? გესმის, შენ?! მივდივართ კი არა - მოვედით უკვე.
ეს ხომ ბოლოა, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?! - კაცმა არ იცის ვის ელაპარაკება თუ ეჩხუბება ოთახში მობორიალე ერეკლე, - მას, საკუთარ თავს, ცოლს თუ მთავრობას... ნამგზავრები დიდ სამზარეულოში დასხეს სადილად, სუფრა ერეკლეს ცოლმა გაუწყოთ, მაგრამ მაგიდასთან აღარ დამჯდარა - "ნასადილევი ვარო" - და, იქვე საქანაო სავარძელში ჩაჯდა.
ქანაობსა და ქმარს მითომ უსმენს გაღიმებული და თითქო ცოტა გაბეზრებულიც. ეტყობა, ამის ხმამაღალ ლაპარაკსა და ყვირილს დაჩვეულია. ამ ერეკლემ კიდე დაიწყო და აღარა ჩერდება. სამზარეულოში დადის და ძმრად ადენს იმ ორ თუმანს. თვითონ უხმოდ ჭამს და გემოს ვერ ატანს, ბალღს თვალს ვერ უსწორებს, ეჩვენება, რო ვერ არი ყველაფერი იგრე, როგორც უნდოდა, როგორც ძმაკაცთან სტუმრობა წარმოედგინა, თითქოს ჩაჭრილიყოს რამეში, ძმობაში, კაცობაში შეშლოდეს რამე...
ჯერ კიდევ მანქანაში იგრძნო რაღაცა, მაგრამ მაშინ ერეკლე ჯერ მარტო ხუმრობდა: "მაგათ მიტინგზე რამ მოგახვედრაო?" - იცინოდა. რო გაიგო, რისთვისაც იყვნენ ჩამოსულები, მაშინღა გახედა სარკეში უკანა სავარძელზე მჯდარ ბალღს, ფანჯრიდან ჩუმად რომ ათვალიერებდა ქალაქს, თითქო პირველად ახლა შეამჩნიაო. "მართლა ეგეთი მაგარი ხარ, ცუნცულ, როგორც მამაშენი ამბობს?" - და მერე კი ერთი ისეთი რამე თქვა, რო ცოტათი მართლა საწყენი - "ოც ლარს მე მოგცემ და მაგათ აღარ გაეკარო, სირცხვილია..." - ეტყობა, თვითონაც მიხვდა, რომ არ გამოუვიდა ლამაზად და გაიცინა: "მაინც როგორ ამომაყოფინე იმათ მიტინგზე თავი.
მგონი, იღებდნენ კიდევაც და ტელევიზორში რო გამომაჭენონ, სეირი არ იქნება! რო დამირეკე: "რუსთაველზე ქაშვეთთან ვდგავარო", კი გამიკვირდა, მეთქი - სოფლიდან პირდაპირ იქ როგორ მოხვდა? ეს გზები რო ჩაკეტილი დამხვდა, მთლად დავიბენი, ხო ნახე, რამ სიშორეზე გავაჩერე მანქანა - ძლივს მოვაღწიე თქვენამდე..."
ერეკლეს გამოჩენამდე როგორღა იყნენ?
ყველაფერი თან ჰქონდათ, რაც სოფლიდან წამოიღეს: არყიანი ბალონები და ხილით სავსე ცელოფნები, ერთიც პატარა ჩანთა შვილის გამოსაპრანჭი ტანისამოსით, ყველაზე მთავარი რამ კიდევ პიჯაკის გულის ჯიბეში ედო ნაჭერში გახვეული - თავისი უკანასკნელი აღმოჩენა, ნივთად დიდი არაფერი, მაგრამ ამბად ალბათ ყველაზე ძვირფასი, ერეკლეს წამოუღო, საჩვენებლად თუ საჩუქრად - ეგ ჯერ არ იცოდა...
ორნი იდგნენ ქაშვეთის ეზოს შესასვლელთან, იქ, სადაც ძმაკაცს შეხვედრა დაუთქვა, სუ უცხოები უზარმაზარ ქალაქში, ხალხით, პლაკატებით და ხელკეტიანი პოლიციელებით გადავსებულ პროსპექტზე. თავიანთი სოფლელები უცაბედად შემოეფანტნენ: გიჟებმა ტრანსპარანტები გაშალეს, პაცნები ქალაქის სანახავად გაბორიალდნენ - "აღებული ფულებით პივებს მაინც დავლევთო". თვითონ კი ძალიან ხამად იყო.
ეჩვენებოდა, რომ ყველა პოლიციელი მას უბღვერდა, მზის სათვალეების ქვეშიდან თითქო ყველა მას ბურღავდა თვალებით. რო მოსდგომოდნენ და რამე ეთქვათ, პასუხიც მოფიქრებული ჰქონდა - ბალონებს დააყნოსიებდა: "ჭაჭა მაქვს გასაყიდად ჩამოტანილი, ამ პოლიტიკისა არაფერი გამეგება და მუქთა ავტობუსს გამოვყევიო." სინამდვილეც ხო ეგ იყო...
შვილისთვის მაგრად ჰქონდა ხელი ჩავლებული - ამ დუნია ხალხში არსად დავკარგოო. გოგოს კიდე თითქო მასზე ყოჩაღად ეჭირა თავი და ისე გამოდიოდა, რო თვითონ ეკვროდა ბალღს ამ უცხო ხალხისგან თავის დასაცავად, თითქოს მისი კაი კაცობის, პატიოსნების, პოლიტიკისგან შორს დგომის, ამ დიდ ქალაქში და მთლიანად ქვეყანაზე ყოფნის ერთადერთი საბუთი და გამართლება ეს გადაბმულწარბება, დაბღვერილი თითისტოლა გოგო იყო...
როდის, როდის და ერეკლეც გამოჩნდა...
- გაეხარდა, მაშ! რამდენი წელია თავისთან მეპატიჟება. რაც მაგას ჩემგან ხეირი აქ ნანახი! რაც მიპოვია, სულ მაგან გამაყიდია. მგონი, ჩემზე უფრო კიდე მაგან იხეირა, მაგრამ არა უშავს...
- არქეოლოგიაო?! ეგ არი არქეოლოგი თუ არი. მე რა? მე ინტერესი მაქ. ინტერესი მაქ და, რა იცი, ერთ დღესაც მართლა ისეთი რამე ვიპოვო, რო მარტო ამ მიწის და კიდე ცის შემაცქერელი აღარ ვიყო - აბა, როდის დაგვსეტყვავს და აბა, როდის? მე კიდე წინა მაქ აღმოჩენები.
იცინე, იცინე და ბოლოს ვინ გაიცინებს იმასაც ვნახამ. თუ არა გეჯერა, რად გამამყვევი?! სეირის საცქერლად, რო მერე ბირჟაზე მოყვე?! შენ თუ არ გაგიგონია, წადი და მამაშენსა კითხე, ეხლა რო ფრანგებმა ვენახები იყიდეს, იქ ვინ იპოვა ავგუსტინე პირველის ვერცხლის ფულები? ეგეც არ იცი! ვინ იყო და რომის იმპერატორი - ყველაზე მაგარი. ორმოცდაათ ლარში გამაყიდინა მაგ ერეკლემ თითო. თითონაც კარქა იხეირებდა, მაგრამ ეგაც არაფერი... რომის ფულს აქ რა უნდოდა, ძმიშვილო, და ვაჭრობა იყო, მიმოსვლა იყო, სანამ ლეკიანობა დაიწყებოდა. ეს ჩვენი სოფელი, კიდე, მაშინაც, იმთავითვე ცენტრი იყო. დაგითვლიაა, რამდენი სალოცავია ამ ჩვენ ზონაზე? - მარტო სოფელში არ გეუბნები, მეტი წილი სუ ტყეებშია მოფანტული.
ოცდათორმეტი! მე ეგრე მგონია, რო ეს ჩვენი სოფელი ძაან დიდი იყო მაშინ, ლამის რო ქალაქივით. აი, ზევით, ხეობაზე რო ნანგრევებია, ტყეში, "დედოფლის ნასახლარებს" რო ვეძახით, ეგრე რატო ვეძახით? არ იცი! მე, კიდე, მგონია, რო თამარ დედოფლის ნასახლარები უნდა იყოს ეგა. აბა, რატო მაშინ დედოფლის და მეფისა - არა?
ეგრე მგონია, რო სადაჩე ადგილივით ექნებოდა და ზაფხულობით ჩამობრძანდებოდა ხოლმე. შენაც ხო იცი, როგორი მყუდრო და გრილი ადგილია. ჰო, ვაკე ადგილია, მაშ. იქ ზევით კლდეებში გამოქვაბულებიცაა - ეტყობა, რო ომიანობის დროს აფარებდნენ თავს. ეხლა სულ გავერანებულია მანდაურობა, მაგრამ ნანგრევები ხო მაინცა სჩანს ტყეში.
ეხლა იქ მარტო მონადირე თუ ავა და კიდე ბალღები დადიან შემოდგომაზე წაბლზე და გაზაფხულზე კიდე ჟონჟოლის დასაკრეფად. ადრე კიდე, რო წარმოვიდგენ, რო როგორი ცხოვრება იქნებოდა, იქ რო მაგარი ხალხი - ჩვენი წინაპარი რო იცხოვრებდა. იქნებოდა ერთი ქეიფი და დღეობები, დოლ-გარმონი და თამაშობები და თამარ დედოფალიც რო გამობრძანდებოდა... მაგარი ცხოვრება იქნებოდა ადრე... მაშ, ეგეთი სოფელი გვაქ და არ ვიცით იმისი ფასი და, მგონი, ამ უცხოელებმა ჩვენზე უკეთ იციან. იმიტომაც ყიდულობენ აქ მიწებს გინდა ფრანგი და გინდა შვეიცარელი. აბა, შენა გგონია, რო მარტო ვენახისა და ღვინის გულისთვინ ყიდულობენ? აგე, ნახე, რო გაშინაურდებიან, მაგათაც თუ თხრა არ დაიწყონ.
თან ჩემსავით გუმანით კი არ გათხრიან და ლაფატკით კი არ იწვალებენ, რაღაც მანქანები ყოფილა, პირდაპირ ოქროს პოულობს და ფერად მეტალებსო. შენ ხო იცი, რო მე ბრინჯაოს ხმალიც მიპოვია. ეგაც ერეკლემ წაიღო და მაგისი ფული მერე ჩვენი სოფლის ავტობუსს გამოატანა (მაშინ ჯერ რუსული მანეთობა იყო). ეხლა რო ჩავედი კიდევ, წინდაწინ გამაფრთხილა, რო ჩემ ქალაქელ ძმაკაცებთან არ დაგცდესო, რო ამეებს ჩვენა ვყიდითო და შენს არქეოლოგობაზეც ნუ იტყვი ნურაფერსო. მე კიდევ სწორედ ეგეთ ხალხთან ლაპარაკის ინტერესი მქონდა, ჩემი ხელობის ხალხთან. ან არადა, ზუსტად ეგეთ ხალხში ვიქეიფე. ისეთ ყისმათზე ჩავედი, რო იმავე საღამოს დიდ პურმარილზე მოვხვდი.
წინა კვირას გოგო გაათხოვა ერეკლემ, ჰოდა, პატარა ქორწილი გადავიხადეთო და ყველას ვერ დავუძახე, ვინაც გულით მინდოდაო. თანამშრომლები და უფროსობა იმ საღამოს რესტორანში ყოლოდა დაპატიჟებული. მთელი პროფესორობა და ასპირანტობა იქ იყო, აბა! რას იკრიჭები, ბიჭო, ყველის ვაჭარივით?! გაუსწორე-მეთქი, სედოლკა - დაიტანჯა ცხენი!
- ეგ ერეკლე როგორია, იცი? რო დალევს, კაი გიჟი ხდება ეგაც. ქალაქსაც ყავს თავისი გიჟები. ოღონდაც კარგი კაცია - გადაგყვება თან. ხარჯვაც იცის - არ უჭერს. არა, უფროსია ჩემზე.
ეგ რო სტუდენტი იყო, მე ჯერ სკოლაში ვიყავი. მაგათ გაღმა გათხრები ჰქონდათ და ლაფატკის მუშად მამუშავებდნენ. ჩვენ სოფლიდან მარტო მე ვმუშაობდი მაგათთან. იმხელა ინტერესი მქონდა, რო ყოველ დილით ალაზანგაღმა ფეხით გავდიოდი და საღამოს გამოვდიოდი. "არქეოლოგიო" - მაშინ დამიძახეს სოფელში. მაგის მერე მომყვება ეგ სახელი და ერეკლესთანაც მაგის მერე ვძმაკაცობ. შენა ხო გყამს ჩემსას ნანახი.
ჩემზე ახალგაზრდას იმიტომა გავ, რო ქალაქში უფრო ინახება ხალხი. აგე, ჩემი ხელები, იმ დღეს რო ტელევიზორში ტაშს ვუკრავდი, მაშინ შევამჩნიე, როგორებია.
იმათა კიდე, ქალაქელებს, სულ ექიმებივით ხელები აქვთ - სულ ფუმფულაკებში არიან გაზრდილები. მერე მე ოთხი შვილი ვიყოლიე, იმან კიდე ერთი გაზარდა - ისიც გოგო. ეხლა გაუთხოვდა და რაც იქ ვიყავი, სულ იმას მისტიროდა: "რა დროს მაგის ეგ იყოო!" ცოტ-ცოტა ეგაცა კრეჭამს, რო დალევს, მაგრამ კარგი კაცია, ნაღდი კაცი. მე ხო ვუყვარვარ და ეს ჩვენი მხარეც როგორ უყვარს, იციი?! მთელი სტუდენტობა და ჯეელობა აქა აქ გატარებული. სუ "კახეთი და მეფე ერეკლეო!" - გაიძახის.
აი, როგორც ჩემმა ძმამ რო იცის, რო გაძღება და: "სტალინი, სტალინიო!" ეგ კიდევ მეფე ერეკლეზე ლაპარაკის იშტაზე მოდის - "სადა ხარ ერეკლე გმიროო?!"
ერთხელ თელავში ყოლოდა უცხოელები და შემოეთვალა: "თუ რამე გაქ, გადმოდი თელავში - იქნება, გახეიროო." მეც წავედი. რაღაც წვრილმანები მქონდა ნაპოვნი: ქოთნების და ქვევრების ნამტვრევები. ისინი წავიღე, მაგრამ არ იყიდეს - არ მეეწონათ. შეველით მერე ერეკლეს გალავანში. იქ ხო მუზეუმია. ჰოდა, ეს მუზეუმის ქალი მეფე ერეკლეს გმირობებს გვიყვება და ეს ჩემი ძმაკაცი ერეკლე კიდე უცხოელებს თავიანთ ენაზე უთარგმნის. ამ ქალმა: "აი, ამ ტახტზე დაიბადა ცხონებული და ამაზევე მოკვდა მოხუცებულიო." ეს კიდე თარჯიმნობს და თან თვალზე ცრემლი ადგა.
"ეს საათი რუსეთის ხელმწიფემ გამოუგზავნა ფეშქაშად და რა საათზეც მეფე ერეკლე მოკვდა იმ საათზეა გაჩერებულიო." მე კიდევ ამ ჩემს ერეკლეს ვუცქერ და ვხედავ, რო ვეღარცა თარჯიმნობს - ცრემლები ჩამოსდის ღაპა-ღუპით. მგონი, იმ უცხოელებს მთლად გიჟები ვეგონეთ, იმიტო, რო იმის შემყურე და ერეკლეს გმირობების გამგონე, ლამის მეც ავტირდი. თან დალეულიც არა გვქონდა ჯერა...
ეგრეა, მაშ, სოფელს თავისი გიჟები ჰყავს, ქალაქს - თავისი...
- მე ყველას გადავხაზავ!
- რატო გადახაზავ ყველას?
- იმიტო, რო ყველა იტყუება - სიმართლეს არავინ ამბობს.
- გადავხაზავ კი არა, საერთოდ არ წავალ. ერთხელ წავედი და ისიც მივქარე.
- ეგ არ არის სწორი პოზიცია.
- გავკარი თქვენს პოზიციებსაც.
- ვის პოზიციებს გაკარი, ბიჭო!
უცებ დაირივნენ, უცებ აყაყანდნენ. სანამ დირექტორი სუფრაზე ყავდათ გატრუნულები იყვნენ და მარტო იმას უსმენდნენ. ის დირექტორი ერეკლეზეც და დანარჩენებზეც ბევრად პატარა იყო. ახალგაზრდა კი იყო ყველაზე, მაგრამ თვალები ჰქონდა გაზაფხულის ნიორივით სულ ჩამქრალი.
თითქო განგებ ჩუმად, ლამის ჩურჩულითა ლაპარაკობდა, ესენიც გაყურსულები იყვნენ - ბუზის გაფრენას გაიგონებდი. სვამდნენ, განა არ სვამდნენ, მაგრამ ეტყობა, მაინც ვერ დალიეს იმდენი, რო იმის ნათქვამისთვის არ დაეგდოთ ყური. დირექტორი ლაპარაკობდა, იღიმოდა და სიცხისგან დაცვარულ შუბლს კოხტად დაკეცილი ცხვირსახოცით იშრობდა.
იმის ლაპარაკისას ვერაფერს გაიგებდი, მაგრამ ისეთი იყო, რო ყური ნაღდად უნდა დაგეგდო. დასალევსაც თითქმის არ გაკარებია, სხვებზე ადრე რო ადგა და წავიდა, არქეოლოგმა შვებით ამაისუნთქა, იფიქრა, რო ეხლა მაინც ჩააგდებდა სიტყვას და ამ ნასწავლ ხალხს პიჯაკის გულის ჯიბეში შენახულ, მატერიაში კარგად გამონასკვულ ნივთს აჩვენებდა. სხვა აღმოჩენებზე არაფერს იტყოდა, არც იმეების გაყიდვას ახსენებდა, როგორც ერეკლემ დაარიგა, მაგრამ ამ ბოლოს არჩვენება და იმისი პოვნის ამბის არმოყოლა არ იქნებოდა. მთავარი მანდ ამბავი იყო.
ვერ მაასწრო. დირექტორის გასაცილებლად გარეთ გასული ერეკლე ჯერ შემობრუნებულიც არ იყო, რო შეთიანებივით დაირივნენ ამ ხნის ხალხი...
- მერე ნატოში რითი აპირებ შესვლას - თბილისით და ქუთაისით?
- დაგვიბრუნებენ...
- ვინა, ბიჭო, ამერიკა დაგიბრუნებს? კიდე გჯერათ ეგეთი ზღაპრების...?!
- არა, ბებიაშენისამ, რუსეთი!
- აბა ესენი რო მოგყავდათ, რა გეგონათ?!
- მე კი არა, შენ მოგყავდა!
- ვინ მომყავდა, ესენი?!
- წინები ხო მოგყავდა?
- არც წინები მომიყვანია.
- ხუნტა რო რუსთაველზე კანონიერ პრეზიდენტს ესროდა, შენ არ იყავი მაგ დროს რო დისერტაცია დაიცავი - "საბჭო შეიკრიბაო"...
- მერე ოპონენტი ვინა მყავდა? ბუნკერიდან დასკვნა შენ არ გამოაგზავნე?!
- ძალიანაც მივქარე მერე...
ერთი მეორეს მიკიოტებივით უბრიალებდნენ თვალებს, ცოტაც და ყელებში სწვდებოდნენ. თვითონ ვერაფერს იგებდა - მოწმესავით იჯდა. უცხო სახლში დატოვებული შვილი გაახსენდა, ერეკლეს ახალგათხოვილი გოგოს ოთახში რო მიუჩინეს ალაგი. როცა აქეთ წამოვიდნენ, ჩანთიდან ტანსაცმელს იღებდა და კოხტად აწყობდა სკამზე. აქამდე ალბათ დაიძინებდა კიდევაც...
- შანსი გვეძლევა, რო გეოპოლიტიკურ რუკაზე ადგილი დავიბრუნოთ, რო ისევ შევიძინოთ ისტორიული მისია, რომელიც წაგვართვეს. ეგეთი შანსი, შეიძლება, კიდევ ერთი ხუთასი წელიწადი არ მოგვეცეს...
- რა მისია, რის მისია! მისია რო არ გვქონდა, იმიტო გადავრჩით ამდენ ხანს.
ჩვენი დუხი აღარ იქნებოდა. დაგავიწყდა, მეზობლად ვინები გყავს, სად ცხოვრობ? ერთი გასაცოდავებული, გაუბედურებული ქვეყანა გვაქვს, ჩვენივე გაუბედურებული...
- ჩვენივე არა, თქვენი გაუბედურებულია.
- ვისი ჩვენი?
- იცი ვისიც.
- ვის ელაპარაკები, ეგრე, ბიჭო, მთელი ცხოვრება ცუმბუშა იყავი, ხან ვისი და ხანაც ვისი, ამოგეღო წეღან ხმა, სანამ აქ იყო, სუ რო ზურგს უკან აგინებ!
- შენი სწავლა მე არ მჭირდება, სად რა უნდა ვთქვა. შენ რაღატო არ ამოიღე, შენც ხო არ გეხატება გულზე?!
- არ მეხატება, მაგრამ ვამბობ, რო კარგი მენეჯერია... კაცად უვარგისია, ცუდი მეცნიერია, მაგრამ კარგი მენეჯერია.
- ჰოდა, რო გამოგაბუნძულებს ეგ კარგი მენეჯერი სამსახურიდან, მაგასაც ნახავ. ხო არა გგონია, რო იმ გრანტში შენც ჩაგსვამს.
- გეყოფათ, დაგავიწყდათ, რისთვის ვართ აქ? ერეკლეს ბავშვის ბედნიერების ამბავში შევიკრიბეთ და ნუ დაჭამთ ერთმანეთს! ერეკლე, შენც უთხარი რამე...
- აფსუს, ერეკლე გმირო...
- შენ კიდე რა გაგვიტრაკე შენი ერეკლეთი საქმე, მაგის მეტი, რა, არ იყო არავინ?!
- ვინ იყო?!
- ვინაც გინდა! თუნდაც აღმაშენებელი, თუნდაც გიორგი ბრწყინვალე. სვიმონ მეფემ, რა, ნაკლებად იქნია ხმალი?!
- ეხლა გეშლება იცოდე...
გიჟები, სულ ნედლი გიჟები, სუყველა კრამიტდაცურებულები იყვნენ, გონი.
ეგეთ ხალხში რო დიდხანს იჯდები, მერე მძიმე-მძიმდედ საკუთარ თავშიაც შეგეპარება ეჭვი...
- წეღან რო დედოფლის ნასახლარების თავზე გამოქვაბულები ვახსენე, ძმიშვილო, იმაზე მინდა ერთი ამბავი მოგიყვე. გაგიგონია, რო იმ გამოქვაბულებში ჩამძვრალიყოს ვინმე. რო გითხრა, რო მე ჩავძვერი-მეთქი, - დამიჯერეებ? როდის და ამასწინებზე - სანამ ქალაქში წავიდოდი.
გავრისკე, რა! ბავშვობიდან ინტერესი მქონდა და ეხლაღა გავრისკე. გატყობ, რო არა გჯერა, მარა მაინც მოგიყვები - იქნება შენც ინტერესი გაგიჩინო. გრძელი ბაწარი ვიყიდე თელავში, მაგ კლდეების თავზე ერთი დიდი რცხილა რო დგა, თუ შეგიმჩნევია, იმას გამოვაბი და ჩავძვერი. რატო კინაღამ არ გადავიჩეხე! მარტო ერთში ჩავძვერი - სულ მარცხენაში.
დანარჩენებს ვეღარ მივუდექი, ძალიან ფრიალო იყო. მაგრამ იმ ერთში ხო მაინც შევედი. განა დიდებია, ერთი ბეწოებია შიგნით. ათი კაცი თუ დაეტევა მოკუნტული. არა, შიგ ვერაფერი ვიპოვე, მაგრამა გარეთ, კლდეში ვიპოვე, რაც ვიპოვე. რა, ძმიშვილო, და პირდაპირ იმ გამოქვაბულის თავზედ, ზედ იმ კლდეში ისარი იყო ჩაჭედებული. თვალებს ძლივს დავუჯერე.
შენ წარმაიდგინე, რო რამდენი საუკუნის წინ საქართველოს მტრების ნასროლი ისარი ეხლაღა ამოვიღე იმ კლდიდან. ვინ ისროდა?! ან ლეკი ან ყიზილბაში ან კიდე ვინმე დამპალი! ისე მაგრად იყო ჩაჭედებული, რო კინაღამ არ გადმოვვარდი იმის ამოძრობაში. ეგა, იცი, როგორი რამე იყო? აი, ბირჟაზე რო დგახართ და რო იკრიჭებით: "არქეოლოგი, არქეოლოგიო!" აი, მარტო მაგ ერთი წამის გულისთვინ ღირდა მთელი ცხოვრება არქეოლოგობა და წვალება. მარტო ფული კი არ არის ყველაფერი. აი, როგორ გითხრა...? ინტერესში როგორ ჩაგაგდო? აი, ეგეთი რაღაცეების გულისთვინ ცხოვრობს ადამიანი, ეგრე მგონია. არა, ბიჭო, ისრის პირი იყო ცარიელი - სულ ჩაჟანგული. ნავთით ვწმინდე მერე.
ხე როგორღა შეინახებოდა ამდენი საუკუნე? ის ისარი რო ამოვიღე, პირდაპირ ამ ჩვენი უბედური ქვეყნის ისტორიას დავადე ხელი. გაიგე შენ? ან გაიგე და ან ვერა... არა, იმას როგორ გავყიდდი?! თბილისში წავიღე და იქ დავკარგე. აბა, უაზრობით დავკარგე, მარა რაც იყო - იყო... შენ მოდი ერთი ამ წყაროსთან გააჩერე ტაჩკა. ამ ხეობაზე ამაზე გემრიელი წყალი არც ერთი არ არი...
- კაი წყალია, მაშ! აქ მაღლა ტყეში რო სალოცავია, ხაარ ნამყოფი? გაბრიელს ვეძახით. პატარა რო ვიყავი, მაშინ ვიპოვე შემთხვევით.
თხებმა მაპოვნიეს. მაგრად მიყვარდა თხის ოჩერედში სიარული. სხვები რო სოფლის თავზე ატრიალებდნენ, მე სულ ზევით და ზევით ვიწევდი ტყეში. ეს სალოცავიც თხებმა მაპოვნიეს და პირველი ქალიც. მაშ! ერთი ბოზი გვყავდა - შენ არ გეხსომება, დიდი ხანია, რაც მოკვდა. მახინჯი იყო, დაჩმეხილი ვიღაცა, მაგრამ მაშინ მარტო ეგა ყავდა სოფელს ბოზი. ეხლა რო გამრავლდნენ სარეველასავით, ეგრე კი არ იყო.
ეხლა რო მახსენდება, უბედური ქალი იყო - ქვრივი და უშვილო. მერე მთლად უპატრონოდ მოკვდა. სოფელმა დავმარხეთ. მაშინ კიდე ყველა მაგასთან დადიოდა. მამაშენსა ჰკითხე, ეგაც იქნება ნამყოფი. ზოგს რა მიჰქონდა საფასურად და ზოგს რა. მე სხვა ვერაფერი მოვიხელთე - ერთი პოლიტრა არაყი მივუტანე და ორიც ნივრის გალა.
ის კიდე მეუბნება: "არაო, შვილო, ვერ მოგცემო, პატარა ხაარო და თანაც ნიორი მოგიტანია და აბა, მწარეზე როგორ მოგცეო?" გამომიშვა ეგრე. პატარაც ვიყავი, ტანით კიდე ისეთი, რო კიდე უფრო პატარას ვგავდი - გვიან ავიყარე ტანი. ჰოდა, მაგ ქალს გადავაწყდი ტყეში თხების მწყემსვაში. სოკოზე წამოსულიყო. გადავაწყდი და აღარ გავუშვი. ვუთხარი: "პატარა კი ვარ, მაგრამ ბიჭი აღარ არი პატარა-მეთქი." რო ჩავიწიე შარვალი, კიდე, ძმიშვილო, უყურებს და: "ეგო, გელანა ტარო გაბია, თუ რა არიო? დავბერდი ჩათლახობაში ქალი და ეგეთი არაფერი მინახავსო." რო მოვრჩი კიდე ჩემ საქმეს: "შენი არაფერი არ მინდა, ისე მოდი, როცა გაგეხარდესო." ამასობაში თხები სულ დამფანტვოდა ტყეში. საღამომდე ერთად ძლივს მოვუყარეთ თავი.
ნუ იცინი და ეხლა მაინც გაუსწორე, ნუ გეზარება, ცოდოა ცხენი. ო, ეგრეე. მეორე მისვლაზე ავდექი და სამლიტრიანით თაფლი ავუტანე, არ მინდოდა მაგისი დამადლებული. მამაჩემს მაშინ ფუტკარი ბლომადა ყავდა და იმას მოვპარე - "მწარე არ გინდოდა და, აჰა, შენ ტკბილი-მეთქი..."
წავედიით? ეხლა საით მიმყავს ეს ლაპარაკი, ძმიშვილო, რო ქალაქში არც ეგ დამიკლია, იციი? რა და ქალები... ისეთ ქალებში მოვხვდი, რო მარტო სერიალებში მინახია ეგეთები - აი, "დინასტია" რო გადიოდა თუ გახსომს. ერეკლემ მცა პატივი - გადამყვა ზედ. თანაც არც გავუფრთხილებივარ ისე.
იმ სუფრაზე რო დალია და რო დაიწყო: "მეფე ერეკლეო" და ეგეთები, რაღაცა სპორივით მოუხდა ამ პროფესორებთან. ერეკლე მეფეზე უთხრეს გადაბრუნებული სიტყვა. მაგაზე გამწარდა. მომკიდა ხელი და წამომიყვანა. იმ სუფრისა კი გადაიხადა წინდაწინ. მოვდივართ მანქანით და მგონია, რო სახლში მივდივართ.
ეს კიდე: "არავის ჩემი არ ესმისო, ყველა გოთვერანია შენს მეტიო, შენო არ იცი, რა მურდალი ყოფილა შვილის გათხოვებაო.
სხვის ოჯახში რო წავა, მერე როგორ ცარიელდება სახლი, რო შიგ შესვლაც აღარ გინდა კაცსაო..." მერე უცებ მითხრა, რო: "ეხლა მე და შენო ერთ კარგ ადგილას წავიდეთო." გააჩერა მანქანა და მაღაზიაში იყიდა სასმელები - სულ კონიაკებით და შამპანიურებით გაავსო ცელოფანი. რო მობრუნდა, ტელეფონზე ლაპარაკობდა, თურმე იმათ ელაპარაკება - ბოზებს. წავედით და, სიტყვაც არ უთქვამს ისე, პირდაპირ სამოთხეში ამომაყოფინა თავი.
იცი, როგორი ქალები იყვენენ? სულ ერთი მეორეზე უკეთესები - ამორჩევაზე იყვნენ. იმათი უფროსი კიდე, ჩემი ხნის დამა ქალი იქნებოდა, ამ ჩემი ერეკლეს კაი დოსტი. დავჯექით და დავიწყეთ სმა. მე, ცოდვა გამხელილი სჯობია, ცოტა დავიბენი თავიდან, ცოტა კი არა, მაგრადაც დავიბენი, მთლად გავფხიზლდი. დავიწყე კონიაკის სმა და ჩუსტვა მაინც არა მქონდა - აღარ მამეკიდა.
როგორია, რო არ ელოდები ეგეთ რამეს? ბოლოს ვუთხარი ჩემს თავს: "ეხლა გამაგრდი, არქეოლოგო-მეთქი!" და მოვკიდე ხელი იმათში ყველაზე ლამაზს. დავბერდი კაცი და ეგეთი ქალი არ მყოლია ჯერ. ძალიან ლამაზი რაღაცა იყო.
- რაღა მერე, ძმიშვილო? ბებერი ხარის რქებიცა ხნავსო - სულ სალამურივით ვაკვნესე. როდის მე იქიდან გამოვედი და ერეკლე კიდე იმ დამა ქალთან ერთადა სვამდა. მგონი, ხელი არც უხლია არც ერთისთვის, სვამდა და იმასაც თავისი შვილის გათხოვებას უამბობდა. მეფე ერეკლეს კი აღარ ახსენებდა, მგონი. არტისტია ერთი სიტყვით...
მერე კი წამოვედით. იქ რაღა გვინდოდა? გვიანიც იყო, დილისკენღა მივედით შინ...
- ჰო დაიბანე? - ეკითხება ერეკლე და არქეოლოგს მისი ხმა სადღაც შორიდან ჩაესმის. მანქანის ღია ფანჯარისთვის აქვს შუბლი შეშვერილი და თითქო გარეთ იყურება, მითომ ცარიელ ღამის ქალაქს ათვალიერებს.
- იქ არ იბანავე, მეთქი? - მხარში ხელს კიდებს ერეკლე და იცინის, - რა გიქნა ამისთანა იმ ქალმა, რო დაგამუნჯა? რაც გამოვედით, ხმა არ ამოგიღია...
დაამუნჯა და გასძარცვა, მაგრამ არქეოლოგი არაფერს ნანობდა. ერთხელ ცხოვრებაში ეგეთი რამეც უნდა გამოსცადო კაცმა.
ის ქალი ამ უსასრულოდ გრძელი დღის ჯილდოც იყო და სასჯელიც. მაშინვე დაინახა, როგორც იქ შევიდნენ, მაგრამ ხელი ვერ დაადო თავიდან. რო არ ეთქვათ: "ამოირჩიე რომელიც გინდაო," შეიძლება ამისთვის ვერც გაებედნა ვერაფერი.
ამოირჩია კი, მითომ შემთხვევით, იმისკენ არც გაუხედავს ისე, უმაგისოდაც ტანითა გრძნობდა, სადაც იდგა, მითომ სხვათა შორის იმის მხარეს გაიქნია ხელი და:
- აი, ეს იყოს, აი...
მერე გვერდით მოუჯინეს პატარძალივით, მერე სვამდა და ვერა თვრებოდა, ან ეგრე ეგონა, რო ვერა თვრებოდა. მთელს თავის სხეულზე გვერდით მჯდომი ქალისგან მომავალ სითბოსა გრძნობდა. ეს სითბო და მხურვალება თან ეძახდა და თანაც აფრთხობდა, თითქოს პატარა გამოუცდელი ბიჭი ყოფილიყოს.
თვალებში რო შეეხედა მისთვის, კარგად რო დაეთვალიერებინა, იქნება რამე ნაკლიც ეპოვა და ისე ლამაზადაც აღარ მოსჩვენებოდა, მაგრამ ვერა ბედავდა და ამიტომაც ისეთივე წარმოედგინა, როგორც კარებში შემოსვლისთანავე დაინახა...
ერეკლე რაღაცას ყვებოდა და დამა ქალს აცინებდა. ესენი კიდე ჩუმად ისხდნენ გვერდიგვერდ. ამ სიჩუმემ დატანჯა და, მგონი, მაგანვე გააბედინა, იმიტო რო სადღაც მის შიგნით გაწყდა მოთმინების ძაფი.
თუმცა, არც ახსოვს წესიერად, მართლა თვითონ გაბედა თუ ქალმა მოჰკიდა ხელი და იმ ნახევრად დაბურულ საძინებელში გაუძღვა ტორტმანითა და ბარგანაობით უკან მომავალს. მაგრამ მოხდა. ქალს ისე გამეტებით დეეტაკა, თითქო კლავდნენ და უკანასკნელი ღონე მოიკრიბაო. რო არ მომხდარიყო ეგრე, ალბათ აღარც ღირდა სიცოცხლე, ეგეთი სიცოცხლე, რომელიც, ეხლაღა იგრძნო, როგორ მთლად გაბეზრებული და შეყელთებული ჰქონდა. საკუთარ შარვალში გაიხლართა და ლოგინს დაასკდა. ისიც ქვეშ მოიყოლა. ის კი იცინოდა და იცინოდა, იცინოდა და იცინოდა...
მერეღა დაათვალიერა წესიერად.
და კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო უცხო აღმოჩნდა. არ გააფუჭა ლოგინმა, არ შეზიზღდა - პირიქით. დაუმსახურებლად ლამაზი და უჩვეულოდ უცხო იყო. ისეთი უცხო, რო სალაპარაკოც, სათქმელიც არ მოინახა არაფერი, როგორც ეგეთი ამბების მერე ხდება ხოლმე. საკუთარ ცოლთანაც ხო მარტო მაგის მერე გამოსდიოდა ხოლმე გულიანი და უბოროტო ლაპარაკი. ამას კიდე ვერაფერი უთხრა - ლამის რო ვერაფერი:
- რატო ეგეთი ლამაზი ხარ, რო, ალბათ, ყველა შენ გეტანება...
იმასაც გაეცინა.
არაფერი უთქვამს, ჩაცმა დაიწყო. თვითონაც ამოიცვა შარვალი და იქავე დაგდებულ პიჯაკის გულის ჯიბეში მოაფათურა ხელი. რატო ქნა? - ეხლაც არ იცოდა. მაგრამ ეხლაც ხო გვერდიდან ხედავს ყველაფერს, თითქო ტელევიზორში უყურებდეს და არ სცხვენია საკუთარი თავის. ხედავს როგორ უახლოვდება სარკის წინ მისგან ზურგით მჯდარ ქალს და არ ნანობს არაფერს. ცალ ხელს რაც შეუძლია მჩატედ ადებს მოშიშვლებულ მხარზე, მეორეთი კი სარკის მაგიდაზე ტილოში გახვეულ ისრის პირს უდებს, იმავე ხელით ათავისუფლებს ჭუჭყიანი მატერიისგან. მატერიას შარვლის ჯიბეში მალავს.
გალაკულ სარკის მაგიდაზე ისრის პირი დევს - ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ოდესმე უპოვია, მაგრამ ძვირფასთვლიანი ბეჭედი რო ეპოვა, იმასაც ხო ესე უხმოდ, დაუნანებლად დაუდებდა წინ, იაგუნდით მოფენილ ყელსაბამს ესევე მის ზურგს უკან გაჩერებული ჩუმად ჩამოჰკიდებდა ბროლის ყელზე - ზუსტად ისე, როგორც ტელევიზორში, როგორც კინოში კიდებენ ხოლმე ეგეთ ქალებს...
- ესა თამარის ნასახლარიდან არის - დედოფლის ნასახლარიდან...
- ბევრი აღარ დაგვრჩა, ძმიშვილო, ნახე მზე რატო ეგრე ლამაზად ატანს ამ დამდგარ წყალში. შიგნით რო რაღაცა ბაწარივით დაწნულ-დახლართული მოსჩანს, ბაყაყის კვერცხებია - მაგისი ხიზილალა. ათასობით არის, ძმიშვილო, ათი ათასობით, მაგრამ ყველა კი ვერ იხეირებს - ჰა, ჰა, ერთი-ორი გაიზარდოს ბაყაყად... ეს გზა კი სულ გაუფუჭებია წვიმას. ბოლოს წინა კვირაში ვიყავი და იმას აქეთ კიდე უფრო გაფუჭებულა...
იმ ჩვენი ქალაქში წასვლისა დანარჩენი შენაც იცი. შენაც ხო ნახე ტელევიზორით. მეც ვნახე და ჯობდა, არ მენახა.
აბა, იმ დილას ერეკლემ რო მანქანით სტუდიაში მიგვიყვანა, კონიაკისგან და რესტორნის პეტიო ღვინისგან თავი გასკდომაზე მქონდა. რო დაგვსხეს მშობლები ცალკე და რო მესმოდა როგორ პასუხობდა, ხო მიხაროდა. წააგო და მეწყინა.
მაგრამ ამასწინებზე, ყველაფერი რო ტელევიზორში ვნახე, კიდე უფრო მეწყინა. ან ამ ჩვენს სოფელში და ჩვენს სკოლაში როგორ დააგროვა ამოდონა ცოდნა? ან ეს წამდაუწუმ პირჯვრის წერა ვისგან ისწავლა? სალოცავის მეცა მწამს, განა - არა, მაგრამ ყოველი შეკითხვის წინ დიდი ამბით ეგრე ჯიბრიანად პირჯვრის გადასახვა, მაინც გადამეტებული მგონია.
მერე ვიფიქრე, ხო არ შეშინდა-მეთქი. ეგ ხო ტელევიზორში ჩანს, მითომ მე ვუცქერი და იმის სიკარგეს ვუცინი, იმის ჭკუას ვუკრავ ტაშსა, სინამდვილეში კიდე სულ მარტოკინა, ძალიან ხამად იყო იქა და, ეტყობა, სხვა რო ვერავინ დაინახა თავისიანი, ღმერთი გაახსენდა.
გაიგებ ბალღებისას?!
თელავამდის რო ჩამოაღწიეს, მაშინ კი ამოისუმნთქა შვებით, თითქო მძიმე ტვირთი მოხსნესო. თავიანთი ავტობუსის მომლოდინე ბაზარმოვლილი თავისი სოფლელები რო დაინახა, ხასიათიც გაუკეთდა. იქავე პივა იყიდა თავისთვის და ბალღსაც უყიდა ლიმონათი. წრუპავდნენ და ბოლო ორი დღის მანძილზე, მგონი პირველად უცქერდნენ ერთმანეთს თვალებში. ერთი ზევიდან ქვევით, მეორე ქვევიდან ზევით იცქირებოდა.
- იქა, სანამ დაგვსხამდნენ, - ეუბნებოდა შვილი, - შენი შევსებული ფურცელი მაჩვენეს. კითხვა იყო, რო "განსაკუთრებულადო რისი ნიჭი ააქვსო?" და შენ კიდე არაფერი ჩაგეწერა ჩემზე...
- ყველაფერში ყოჩაღი ქალი მყავხარ და რომელი ერთი უნდა ჩამეწერა? - პივა მოყლურწა და გაუცინა.
მოეჩვენა, რო შვილსაც გაეღიმა, მერე რაღაცაზე ჩაფიქრდა, ისევ სულ შეკრა თავისი შავი ჯღუნა წარბები.
- ის წიგნი... იქ რო მომცეს...
მე რო გითხარი, აკრძალულია-მეთქი, უღმერთო რაღაცეები რო წერია შიგნით ჯადოქრებზე, სახსოვრად მაინც რო დავიტოვოთ, ისე, წაუკითხავად, შეიძლებაა?
მაინც კარგი იყო, რო სახლში ბრუნდებოდნენ...
- ვინ უნდა აგვიკრძალოს? ჩვენი თავის პატრონები, რა, ჩვენავე არა ვაართ?! დაიტოვე რა...
ეხლა კი ნამდვილად გაიღიმა. ეხლა ნაღდად აღარ მოსჩვენებია. ეხლა თვითონაც სულ თავისუფლად, მართლა საკუთარი თავ-ბედის პატრონად იგრძნო თავი. თითქო წაგებულები კი არა, გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ შინ. ისე, კაცმა რო თქვას, მაინც რა ცოტა დააკლდათ...
უცებ მორჩა ყველაფერი - ერთბაშად წააგო. გარისკა, ყველაზე რთული სამქულიანი შეკითხვა ამოირჩია და ვერ გამაიცნო. მერე იმ ქალაქელ ხუჭუჭა ბიჭს რო დასწეოდა, სულ საშუალო სირთულის ორქულიანი კითხვებით რო ნება-ნება, ჭკვიანურად გადიოდა ფონს, კიდევ ერთხელ გადაისახა პირჯვარი და კიდევ "რთულიო!" - დაიძახა...
რთული და ენდე! განა ის გადაცემის წამყვანი გოგო ვერ მიხვდა ვერაფერს, ვერ დაინახა, რო ეს იყო ყველაზე მაგარი! - თავის მაღალ ქუსლებით პირდაპირ ამისკენ გაიქცა, ვინ იცის, ისიც იფიქრა - არ ატირდესო. მესამე ფინალისტს გვერდი აუარა, მოგებული ხუჭუჭა ბიჭისთვის ზედაც არ შეუხედავს, პირდაპირ ამას გაუშალა მკლავები და გულშიაც ჩაიხუტებდა, გოგოს რო ხელით არ მოეცილებინა, იქვე არ გაეშეშებინა ადგილზე.
ეგრევე გაშეშებულმა და შეცბუნებულმა, მისი შვილის გვერდით დამდგარმა, როგორღაც მოახერხა და ძალისძალად გაკრეჭილმა გამოაცხადა გადაცემის დასასრული. ყველა შეაქო და ყველას წარმატება უსურვა. უსურვა და დაემშიდობა კიდეც. მაგისი რა მიდის რო? განა, მაგისი შვილი კი არა დგა იქა, ისევე დაბღვერილი და ისევე გაუხარელი, თელავში ნაყიდი გამოსაპრანჭი კაბით, თეთრი მაქმანებიანი საყელოთი...
- მოვედით და ეგ არის. გამოუშვი ცხენი, ძმიშვილო. სედოლკაც მოხსენი და აქავე მიაბი სადმე.
ბარსა და ლაფატკას მე გადმოვიტან. აქავეა, განა შორია? წინა ამოსვლაზე შევიგულე. წვიმას გაერეცხა ფერდა, აი დიდი წაბლი რო დგა ამ ხევში, იქა. გაერეცხა და ჭურჭლის ნამტვრევები გამოეჩინა. შიგნიდან თიხისფერი, გარედან კიდე სულ შავად გამომწვარი. ეგეთები თუ შეგხვდა, უნდა იცოდე, რო ძაან ძველებია. ტყუილად კი არ ვქეიფობ პროფესორებში - მეც ვიცი რაღაც-რაღაცეები.
ეს ჩემი მუტრუკები ვერ ჩავაგდე ინტერესში და შენაც თუ მალე არ აიცრუე გული, რა იცი, ერთ დღეს ისეთი რამე ვიპოვოთ, რო დარჩენილი ცხოვრება სულ სოვდაგრის ცოლებივით ტახტზე წამოკოტრიალებულებმა გავატაროთ. მთავარია, კაცმა გული ადვილად არ აიცრუოს. ეგრეა, ძმიშვილო, ეგრე...