მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 588 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იაკობ გოგებაშვილს მე პირადად ვიცნობდი მისი სიცოცხლის უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში და ვიცნობდი, შეიძლება ითქვას, ახლოს: ვხვდებოდი ხშირად, ხშირი მსვლელობა მქონდა მასთან, მასაც ჩემს ოჯახში და ჩემს ახლობლებთან, - ნიკოლოზ ცხვედაძის სიყრმის მეგობარი იყო, - გვქონდა ერთმანეთთან ახლო დამოკიდებულება, მისი ერთ ერთი ნების ამსრულებელიც ვიყავი, სიკვდილის დროსაც თავს ვადექი.

იგი განუწყვეტელი ბრძოლის მიუხედავად, რომელსაც იგი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ეწეოდა, თვითმპყრობელობის ბიუროკრატიასთან ქართული ენისა და ერის დასაცავად, თავისი ცხოვრების წესით «კაბინეტის კაცს» წარმოადგენდა, ოთხ კედელს შუა იყო გამომწყვდეული და მისი ცხოვრება მოკლებული იყო გარეგან ეფექტებს. ამიტომაც მეც ვერ მოგითხრობთ აქ ასეთებს.

იაკობი განდეგილად ცხოვრობდა, განმარტოებულად, უოჯახოდ, უცოლშვილოდ. ამის მთავარი მიზეზი იყო, რამდენადაც ვიცი, მისი ავადმყოფობა; იგი ახალგაზრდობიდანვე ჭლექით იყო დაავადებული და ამიტომ მან ნება არ მისცა თავის თავს ცოლშვილისათვის მოეკიდნა ხელი, დასძლია სიყვარული, რომელიც, როგორც გამიგია, ერთ დროს უღვივოდა ერთი ჩინებული ახალგაზრდა ქართველი ქალის მიმართ.

ასეთმა, ჭლექით დაავადებულმა კაცმა 72 წელიწადს იცოცხლა და მაშინაც, როცა მოკვდა, ჭლექისაგან არ მომკვდარა. და ეს მოხდა იმის მეოხებით, რომ იაკობმა გასაოცრად იცოდა თავის მოკვლა. თავის დღეში იგი მცირეოდენ უწესრიგობასაც კი არ შეიტანდა არც ჭამა-სმაში, არც გართობაში, არც სეირნობაში, არც მოსვენებაში, არც ამინდის გაფრთხილებაში.

საარაკოდ იყო გადაქცეული მისი კალოშები, ქოლგა, თბილი პალტო და პლედი. კარგ დარშიაც კი უკალოშოდ არ გავიდოდა ქუჩაში - იქნებ გაავდრდესო. როგორც კი ამინდს მცირეოდენ არევა შეემჩნეოდა, მაშინვე შინ დაბრუნდებოდა. ორპირ ქარს თოფივით ერიდებოდა. და არა თუ ეს, თავის ბინაში არასოდეს იმ ოთახში არ გაჩერდებოდა, სადაც ფანჯარა ჰქონდა ღია. ა

ბა რამდენჯერ ვყოფილვარ მასთან და არასოდეს არ მინახავს, რომ იგი ფანჯარაღია ოთახში ყოფილიყოს დამჯდარი. მხოლოდ ერთხელ ვიყავ მოწმე, რომ ამ წესს უღალატა: ზაფხულში, სრულიად წყნარ ამინდში, კარი გააღო აივნისაკენ და ესეც მოხდა მხოლოდ სტუმრების ხათრით: სადილად ვყავდით დაპატიჟებული რამდენიმე კაცი (ნიკ. ღოღობერიძე, ნიკ. ცხვედაძე, არტ. ლაისტი, ნიკ. ლომოური).

მასაც რომ იწვევდი, უეჭველად ყურადღება უნდა მიგვექცია კარებისა და ფანჯრებისათვის, ყოველ შემთხვევაში ორპირი ქარი არასგზით არ უნდა მოხვედროდა. აგრეთვე ოთახში, თუ ზამთარი იყო, სითბოს ნაკლებობა არ უნდა ყოფილიყო, ვინც ამას არ შეუსრულებდა, მეორეჯერ აღარ ეწვეოდა და არც დაუმალავდა: "რა ვქნა, სიამოვნებით გეწვევოდი, მაგრამ მეშინიან - გამაციებთო".

ისე კი საერთოდ არ უყვარდა წვეულებაში ან სტუმრად წასვლა. ერთხანს ქართულ თეატრში სიარულსაც კი დაანება თავი ამის მიზეზით. ეს ასე მოხდა: ქართული თეატრის შენობა (არწრუნისეულ ქარვასლაში) თავადაზნაურობამ გადააკეთა, მაგრამ ეს გადაკეთებული შენობა, როგორც ი. გოგებაშვილი წერდა ერთხელ, "რაღაც დევერხანა გამოდგა, წარმოდგენის დროს ქარი ისე ქშუტუნობდა, როგორც დიღმის მინდორში, და აფრთხობდა საზოგადოებას". ყოველ შემთხვევაში იაკობის დასაფრთხობად ეს ქშუტუნი სრულიად საკმარისი იყო, და იგი აბონემენტს რეგულარულად იღებდა, მაგრამ წარმოდგენებს გაციების შიშით იშვიათად ესწრებოდა.

მგონია იმავე ავადმყოფობით უნდა ყოფილიყოს გამოწვეული, რომ ი. გოგებაშვილი ძალიან მგრძნობიერი და ფიცხი ადამიანი იყო: ისეთ რამეს იწყენდა, რასაც სხვა ყურადღებას არ მიაქცევდა ან ნაკლებ მიაქცევდა. მახსოვს მაგალითად, ასეთი ამბავი.

1904 წელს ი. გოგებაშვილის ბიოგრაფია დავბეჭდე კალენდარში. დაბეჭდვამდე გადავიკითხე, სხვათა შორის, მისი სტატიები - ზოგი ხელახლა, ზოგი პირველად - სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, რათა გერმანული "საფუძვლიანობის" პრინციპისათვის არ მეღალატნა: მაშინ მე გერმანიიდან ახლადდაბრუნებული გახლდით. გერმანულად განსწავლული, ბიუხერის მოწაფე. და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ "სახტად დავრჩი", როდესაც იაკობის ერთ-ერთ სტატიაში ასეთი სტრიქონები წავიკითხე:

"შენიშნულია ხალხისაგან, რომ სამი მომკალი, აყოლით და ჰოოპუნით მომუშავე, იმდენს გააკეთებს, რის გაკეთებაც ხუთს ცალცალკე მუშას გაუძნელდება, რად? იმიტომ, რომ აყოლის დროს ადამიანების მოძრაობა მეორდება თითქმის თავისთავად. მხედველობას ეშველება სმენა და ორივე გრძნობანი შეერთებული ძალით ამოქმედებენ ადამიანის ასოებსა; - საერთო მუშაობა, ერთს ყაიდაზე მომართული, აქეზებს, ამხნევებს მომუშავეთა, ართობს მათ და დაღლილობას გვიან ჰგვრის. ასე სასიკეთოდ მოქმედებს ტაქტი დიდებზედაც და პატარებზედაც".

უნდა გამოვტყდე, მაშინ კი ვთქვი: რა ღრმა შინაარსი ყოფილა ქართულ ანდაზაში, რომელიც ამბობს "შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო"! ის აზრი, რაზედაც ჩემმა ბიუხერმა მთელი წიგნი ააგო. იაკობს აგერ აქვს სხარტად გამოთქმული მეთქი.

მაგრამ ეს - სხვათა შორის. დავბეჭდე ეს ბიოგრაფია, სურათით. წიგნი გამოვიდა, მაგრამ, ვხედავ, იაკობი შემომწყრა: პირს მარიდებს, სალამს არ მაძლევს, არ მელაპარაკება. ვერ გამეგო, რა იწყინა ან რამ აწყინა. რამდენიმე კვირის შემდეგ გამოირკვა ჩემი დანაშაული. იაკობმა თურმე ის იწყეინა, რომ მე მისი ბიოგრაფია იმ შრიფტით კი არ დავბეჭდე, როგორც ილიასი, აკაკისა, ყიფიანის და სხვების ბიოგრაფია, არამედ უფრო წვრილი შრიფტით.

საქმე ის არის, რომ იაკობის ბიოგრაფია მოცულობით, სხვებთან შედარებით, უფრო დიდი გამოვიდა, და რომ ერთგვარი სიმეტრია დამეცვა, იგი უფრო წვრილი შრიფტით ავაწყობინე სტამბას. რა ვიცოდი, რომ ეს მის რისხვას გამოიწვევდა. პეტრე უმიკაშვილმა კი მითხრა მაშინ დაუფარავად: "ასეთი დოყლაპიობა როგორ მოგივიდა იმერელ კაცს, როგორ არ იცოდი, რომ იაკობთან, არა თუ ეს, ღვთის წყალობაც სიფრთხილითაა სათქმელიო".

გოგებაშვილი მთელს ქართველობაში ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ახალგაზრდობის შემდეგ სამსახურში არ შესულა და მხოლოდ თავისი ნაწერების ჰონორარით ცხოვრობდა. მისი ცხოვრების წყარო იყო ის შემოსავალი, რომელსაც მას აძლევდა უმთავრესად მისი სამი სახელმძღვანელო: "დედა-ენა", "ბუნების კარი" და ეს წყარო გაცილებით უფრო დიდი იქნებოდა, ი. გოგებაშვილი რომ დათანხმებულიყო ამ სახელმძღვანელოების ცოტაოდნავ გაძვირებაზე, ფასის გადიდებაზე. მაგრამ იგი ამას ყოველი საშუალებით ერიდებოდა.

მაგალითად, ერთ დროს მან, "დედა-ენის" პარალელურად, ქართული წერის "დედანი" გამოსცა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იგი მალე გასაღდა, მან მისი გამოცემა აღარ განაახლა: ის "დედანი" შემოკლებული სახით "დედა-ენაში" შეიტანა და იმავე დროს "დედა-ენის" ფასი არ გაუდიდებია.

ცალკე "დედნის" გამოცემაზე ხელის აღებას ი. გოგებაშვილი ასე ხსნიდა: "დედანი" ღირდა ექვს შაურად, ყდით ჯდებოდა ორ აბაზად. "დედა-ენაშიაც" ამდენივე უნდა მიეცათ მოსწავლეებს. ოთხი აბაზის გაღება კი ჩვენი ღარიბი ხალხისათვის სამძიმო იყო. ამიტომ იგი მინიმალურ ფასს ადებდა თავის სახელმძღვანელოებს, რის გამო შემოსავალსაც გაცილებით იმაზე ნაკლებს იღებდა, რისი მიღებაც შეეძლო ნამდვილად.

ლუარსაბ ბოცვაძე ი. გოგებაშვილის ახლობელი კაცი იყო, თუ მეხსიერება არ მღალატობს, იაკობის გარდაცვალების ხანებში ერთ-ერთ თავის წერილში ამბობდა, რომ იაკობს ცხრაას თუმნამდე ჰქონდა წელიწადში შემოსავალიო. ჩემი დაკვირვება კი იმას ამბობს, რომ მისი შემოსავალი ექვსას თუმანზე მეტი არ უნდა ყოფილიყოს წელიწადში. ყოველ შემთხვევაში, ცხრაასი იყო თუ ექვსასი, ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ თვითონ იგი ამ შემოსავლის ნახევარზე მეტს არ ხარჯავდა თავის თავზე. ძალიან სადად და უბრალოდ ცხოვრობდა: ეჭირა პატარა ბინა, - მართალია, ძალიან ნათელი და მზიანი, - რომელშიაც მხოლოდ ერთი ოთახი იყო მოზრდილი, დანარჩენი ორი - საწოლი და სამუშაო ოთახი - პატარა იყო. ჰყავდა ერთი მოსამსახურე და ჭამა-სმის ხარჯებშიაც ძალიან ზომიერი იყო.

თავის შემოსავლის, სულ ცოტა, ნახევარს ი. გოგებაშვილი საქველმოქმედო საქმეებზე ხარჯავდა. უმთავრესად მოსწავლე ახალგაზრდობას აძლევდა შემწეობად. იშვიათად გამოზრდილა იმ დროში საშუალო და უმაღლეს სასწავლებელში ისეთი ხელმოკლე ახალგაზრდა ქართველი, რომელსაც თავის მიმართ, ამათუიმ გზით, ყურადღება დაემსახურებინოს და რომლისათვის ი. გოგებაშვილს, აშკარად ან ფარულად, ერთდროულად ან სისტემატურად, დახ-მარება არ მიეცეს. იგი ყოველთვის ჰკრებდა ცნობებს ასეთი ახალგაზრდების შესახებ და გარდა ამისა, რომ თვითონ უგზავნიდა შემწეობას, თავის ნაცნობ-მეგობრებს, ცეცხლს უნთებდა მათთვის სტიპენდიის გასაჩენად ან სისტემატური დახმარების დასანიშნავად.

რასაკვირველია, ყოველთვის არ უმართლებდნენ მას იმედებს ის ახალგაზრდები, რომლებსაც იგი მფარველობდა. და არც გასაკვირია, ვინაიდან იგი სხვებისაგან მიღებულ ცნობებს ეყრდნობოდა და თვითონ პირადად არც კი იცნობდა იმ ახალგაზრდებს. მაგალითად მახსოვს ასეთი ამბავი. პირველი რევოლუციის ხანებში ი. გოგებაშვილმა დიდი მფარველობა დაუწყო - ისევ სხვების ცნობების საფუძველზე - ერთ საშუალო სასწავლებლის კურსის დამსრულებელ მოწაფეს: აქებენო, სწავლა უნდაო, ქართულის სპეციალისტი გამოვაო, საშუალება მივცეთ უნივერსიტეტში წასასვლელადო, იქნებ საზღვარგარეთაცო. იმდენი უჩიჩინა ყველას, იმდენი ცეცხლი დაანთო ამის ირგვლივ, რომ თავისი გაიტანა: მოხერხდა იმ ყმაწვილის გაგზავნა სასწავლებელში.

განვლო რამდენიმე წელიწადმა; ბევრი არა გაგვიგია რა მის შესახებ სწავლის დროს, სულ არაფერი - სწავლის დასრულების შემდეგ. ამასობაში ი. გოგებაშვილიც გარდაიცვალა, რომელსაც აგრეთვე თავის სიცოცხლეში არა გაუგია რა თავისი‘"პროტეჟეს" შესახებ. განვლო კიდევ მრავალმა წელმა. ერთ საღამოს არტურ ლაისტი შემოდის ჩემთან სამასლაათოდ და ძველი ამბების მოგონებაში გულის გადასაყოლებლად. გავერთეთ მოგონებებში: მასალა ყოველ შეხვედრისას ბევრი გვქონდა. 30 წლის ნაცნობობა გვქონდა ერთმანეთის. უცებ ლაისტი შეჩერდა, მომაჩერდა და მეუბნება:

- იცით, რას გეტყვით?

- ?

- გახსოვთ ი. გოგებაშვილის "პროტეჟე" ახალგაზრდა ¹, რომლის სასწავლებელში გამგზავრების გამო იმდენი ლაპარაკი იყო თავის დროზე და მის მასწავლებელ სპეციალისტსაც რომ წერილებს ვწერდით აქედან?

- ძალიან კარგად.

- ახლა მეორე კითხვა. გინახავთ ვერის ხიდთან კონკებში გახვეული დედაბერი რომ მათხოვრობს და ასე გაჰკივის: "ღვთისმშობელი შეგიბრალებთ, - შემიბრალეთ. გამკითხეთო?"

- როგორ არა, თითქმის ყოველდღე.

- ჰო და - ეს დედაკაცი იმ ¹-ის მამიდა ყოფილა; ყოველ დილას გამოაგდებს თურმე ამ მამიდას სახლიდან: წადი, იმათხოვრე, მოინაგრე და შინ მოიტანეო. დედაკაცი მოდის იმ ადგილას, ზოგჯერ ზემელთან რომ ტრამვაი ჩერდება, იქაც ამოდის, გულის მომწველად გაჰკივის, აგროვებს სამოწყალოს და საღამოს შინ ბრუნდება ნამათხოვრალით.

ეს უკანასკნელი ამბავი ი. გოგებაშვილის სიცოცხლეში არ ყოფილა. მაგრამ რომც ყოფილიყო იგი მაინც მის რწმენას ოდნავაც ვერ შეარყევდა. სწავლა-განათლება მას ჩვენი წარმატების ფუძედ და გაკეთილშობილების საშუალებად მიაჩნდა და ამაში მას ვერ დააეჭვებდა ვერავითარი კერძო შემთხვევა. სწავლა-განათლება, დედა-ენა, ეროვნება, სამშობლოსადმი სიყვარული, მამულიშვილობა - ყველა ეს მისთვის იყო არა უბრალო იდეური პრინციპები, არამედ სულიერი არსებობის პრინციპები, რომლებითაც იგი სუნთქავდა და რომელთა გარეშე მას პირადი ცხოვრება არ ჰქონდა.

ამ სფეროში იყო მუდამ მისი აზრი და გონება გართული, მასთან იყო მთელი მისი არსება შეზრდილი და შესისხლხორცებული იმგვარად, რომ თავისი პირადი "მე", თითქოს არც ჰქონდა იქიდან გამოცალკევებული. ეს იყო მისი სიმდიდრეც და სიღარიბეც.

ლაპარაკი, მსჯელობა, აზროვნება მხოლოდ ამ საგნებზე ეხერხებოდა სიყვარულით, ხალისითა და გატაცებით. ეს იყო მისთვის ცოლშვილიც, ოჯახიც, გართობაც, პირადი ცხოვრებაც, ის არავის უნახავს თავის დღეში არც მოთამაშე, არც მოქეიფე, არც საზოგადოებაში გამრთობი, არც პირადი ხასიათის საქმით დაინტერესებული.

მთელი მისი გულისყური იმ იერიშის მოგერიებისაკენ იყო მიმართული, რომელიც ცარიზმის ხელისუფლებას განუწყვეტლივ მოჰქონდა საქართველოს საარსებო ეროვნულ ფუძეებზე. და აქ ი. გოგებაშვილს ზოგჯერ ისეთ რამეზე უხდებოდა დარდი და ზრუნვა, რაც დღეს იქნებ სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ მაშინ როდი იყო აზრს მოკლებული.

მაგალითად, მახსოვს ასეთი ამბავი, 1904 წელს გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა: სინოდს განზრახვა აქვს საქართველოს ექსარხოსის ადგილი გააუქმოს და ნაცვლად ამისა ბაქოს სამიტროპოლიტო დააწესოსო. იმავე დღეს ი. გოგებაშვილი მეძახის და მეკითხება:

- წაიკითხე?

- რა?

- რომ საექსარხოსოს აუქმებენ?

- წინ წყალი, უკან მეწყერი!

- ასე იყოს, მაგრამ ჩვენ ამით რას მოვიგებთ? ისევ სჯობდა ეგ ოხერი აქ გდებულიყო,‘"საქართველოს ექსარხოსი" მაინც ერქვა, ახლა აქაც მოისპობა საქართველოს სახელი.

და ი. გოგებაშვილის გულისწუხილი გასაგები იქნება, თუ გაიხსენებთ, რომ ეს ის დრო იყო, როცა ცარიზმის ხელისუფლება საქართველოს ძეგლებზე წარწერებს ფხეკდა, ქართულ გვარებს მეტრიკებში და მეტრიკების გარეშეც რუსულ გვარებად აკეთებდა, ადგილებს რუსულ სახელებს აძლევდა, საქართველოს "ყოფილი საქართველოს" სახელწოდებით იხსენიებდა და ქართველებს სახელად "ტუზემცებს" გვეძახდა; და თუ საქართველო მხოლოდ წარსულში არსებობდა, თუ ქართველი "ტუზემცად" იყო გადაქცეული, ი. გოგებაშვილს როგორღა უნდა დაეცვა და ვისთვისღა უნდა დაეცვა ქართული ენა?

გოგებაშვილის პიროვნების გასაგებად, აღნიშნულის გარდა, მგონია, ის გარემოებაც არის მხედველობაში მისაღები, რომ იგი მეტისმეტად მგრძნობიარე ნერვული სისტემის პატრონი იყო და ყოველ უსიამოვნებასა და წყენას ძალიან მწვავედ განიცდიდა. იყვნენ ჩვენში ზოგნი ისეთები, რომელნიც პირს უკან ლაპარაკობდნენ.

რა გასაკვირია ი. გოგებაშვილი თავის სახელმძღვანელოებს იცავდეს მთავრობისა და სხვა ავტორების წინაშე, - ამით იგი თავის შემოსავალს იცავსო. რამდენჯერ უთქვამს მას ამის საპასუხოდ: "პირუტყვს სხვაც პირუტყვი ჰგონიაო". თვითონ იგი, მაგალითად, ასე ათავებდა ერთ თავის სტატიას კორხანიდის სახელმძღვანელოს წინააღმდეგ:

"მე იმედი მქონდა, რომ ჩემს ადგილს შემდეგ ქართულს სკოლებში დაიჭერდა ქართველი პედაგოგი, რომელიც შეადგენდა უკეთეს სახელმძღვანელოებს ქართულისას და რუსულისას, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულს, და ხალხის განათლებას წინ გადაადგმევინებდა ნაბიჯსა. ლამის ეს იმედი გამიცრუვდეს, და ჩვენს სკოლაში შემოგვეჭრნენ მუნჯნი უცხონი და გაამეფონ მასში უკიდურესი, პოლიტიკანობა, - ქართული ყველაფერი გაქრეს და სახალხო სკოლა გახდეს კერად გონების დახშვისა და სიბნელისა".

განსაკუთრებით ულმობელი იყო ი. გოგებაშვილი იმ მოხელეების მიმართ, რომელნიც "ქართულის გაქრობას" გზას უკაფავდნენ სკოლებში და უპირატესად, როდესაც ასეთ მოხელეებში ქართველები გამოერეოდნენ, ამ შემთხვევაში ი. გოგებაშვილის რისხვას საზღვარი არ ჰქონდა და ვერავითარ საშეღავათო გარემოებაზე მითითებას მას ვერ გააგონებდით.

ასეთი ქართველი, თუგინდ სხვაფრივ დამსახურებულიც ყოფილიყო, მტერი იყო ხალხისაც და მისიც. ასეთი ბრალი დაედო ერთ დროს ისტორიკოსს თ. ჟორდანიას. სამრევლო სკოლების მეთვალყურედ იყო დანიშნული და, ადგილის დაკარგვის შიშით, ვოსტორგოვს დაემორჩილა და მისი პოლიტიკის გატარება იწყო სამეგრელოს სკოლებში. იმ ხანებში მეც მომიხდა ამის გამო უსიამოვნო წერილების წერა თ. ჟორდანიას შესახებ, რომელიც ჩემი ყოფილი მასწავლებელი იყო, რომ შევხვდით ერთმანეთს, პირველად ეს მომახალა იაკობმა:

- მადლობა ღმერთს, რომ მიხვდი და დაინახე იმ არამზადას მოღალატეობა!

- ჰო, მაგრამ, - ვეუბნები, - რაღაც უბედურებაა იმ კაცის თავზე, თორემ ისე აბა როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ გულით იგი ღალატობდეს ქართულ ენასა და კულტურას, როდესაც მას ამდენი უმუშავნია ამ კულტურისათვის!

- რას ამბობ, რას! განა ეს რამეს ამტკიცებს? რამდენი ექიმია, რომ თავის ლაბორატორიაში სულ მუდამ ხელს ურევს განავალში. მერე რა, - უყვარს მას ეს განავალი? ეეჰ, თქვა რუქამ არაკი! - ხელი ჩაიქნია და გამშორდა.

იაკობი ძალიან ფიცხი იყო როგორც პირადს ურთიერთობაში, ისე პოლემიკაშიც, მაგრამ საკვირველია: ეს სიფიცხე იშვიათად სტოვებდა უკმაყოფილების კვალს, ვინაიდან ყველამ იცოდა, რომ ი. გოგებაშვილი ყოველთვის გულწრფელი იყო, შეცდომაშიც და ჭეშმარიტებაშიც, და ყველა პატივსცემდა ამ გულწრფელობისა და პირდაპირობისათვის.

აბა აკაკი სიტყვას ვის შეარჩენდა ან მწარე და გესლიან სიტყვაში ვის ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ი. გოგებაშვილის წყენინებას ერიდებოდა. მაგალითად, 1894 წელს ი. გოგებაშვილი საგრამატიკო პოლემიკაში გაერთო. ამ პოლემიკაში აკაკიც ჩაერია, მაგრამ მალე კამათზე ხელი აიღო და განაცხადა: მე ი. გოგებაშვილს მეტისმეტად პატივს ვცემ და არ მინდა ცხარე კამათით ჩრდილი მივაყენო ჩვენს დამოკიდებულებასო.

სამაგიეროდ, ი. გოგებაშვილიც დიდად პატივსცემდა აკაკის და მისი აღფრთოვანებული თაყვანისმცემელი იყო, ქართული პოეზიის იალბუზს უწოდებდა მას. ანდერძშიც შეიტანა, აკაკის ყოველ წელიწადს 100 მან. აძლიეთ იმ ლექსების ჰონორარად, რომლებიც ჩემს სახელმძღვანელოში მაქვს მოთავსებულიო. სიცოცხლეში იგი, როგორც ვიცი, ყოველთვის უგზავნიდა აკაკის ჰონორარს.

პატივისცემით ი. გოგებაშვილი, იქნებ, ილიას სცემდა მეტ პატივს, ვიდრე აკაკის, მაგრამ აკაკი რომ მეტად უყვარდა, ეს ეჭვს გარეშეა. მაგრამ მისი გულწრფელობა იმდენად ძლიერი იყო, რომ ამ საყვარელ კაცსაც არ დაუმალავდა იმ შენიშვნას ან საყვედურს, რომელიც გულში ჰქონდა სათქმელად, როდესაც ამას გარემოება მოითხოვდა.

მხოლოდ აქ, ამ შემთხვევაში, იაკობი ჩვეულებრივ ცხარე, პილპილიანი იაკობი როდი იყო, არამედ მორიდებული, გულითადი, მოყვარული, გრძნობით აღსავსე მეგობარი. მე ამ სტრიქონებში მარტო ჩემს მოგონებას ვწერ და არ მინდოდა შიგ რაიმე ამონაწერები ჩამერთო ი. გოგებაშვილის სტატიებიდან. მაგრამ რახან სიტყვამ მოიტანა, აქ ამ წესს დავარღვევ და აღვნიშნავ ი. გოგებაშვილის ერთ წერილს, რომელიც მან აკაკის იუბილეს გამო დასწერა 1908 წელს.

აკაკის იუბილეს მან რამდენიმე წერილი უძღვნა, მაგრამ მათში ერია განსაკუთრებით ერთი პატარა წერილი, რომელიც იყო ყოველმხრივ მშვენიერი და დამწერისათვის სასახელო და სადაც ავტორი ტკბილად, გულთბილად, სიყვარულით, მაგრამ ამავე დროს დაუფარავად საყვედურს ეუბნებოდა მთელი საქართველოს მიერ დაფნის გვირგვინით შემკობილ აკაკის.

ამ სტატიაში მას მოკლედ აღწერილი აქვს აკაკის საიუბილეო ზეიმზე დასწრება და შემდეგ განაგრძობს:

დაზავდა აბობოქრებული ზღვა ძლიერ ეროვნულთა და კულტურულთა გრძნობათა, და მე ღამის პირველ საათზე თეატრიდან გავემართე ჩემი სადგურისაკენ.

…მაგრამ ჩემს უღრმეს კმაყოფილებას ერთი რაღაც გამოურკვეველი ნაკლი ამცირებდა, ასუსტებდა. ეს ნაკლი შავი ყორანივით დამჩხაოდა გულში და ნეტარებაში ნაღველს ურევდა. მივედი ჩემს სადგურში და სავარძელში მოთავსებულმა თავი მივეცი ტკბილ - მწარე ბურანსა.

უცებ ხელ-ახლად გავჩნდი თეატრში და ვიხილე უნეტარესი სურათი. აკაკის დიდებული რაინდული სახე მიეღო და აშლილს საზოგადოებას ეუბნებოდა: ერთ წამს, მხოლოდ ერთ წამს, კიდევ მოითმინეთ. ცოდოა დიდი ცოდო, რომ ამისთანა სასახელო, საარაკო იუბილე დაუგვირგვინებელი დაგვრჩეს… საზოგადოება დაწყნარდა, დასხდნენ ყველანი და სმენად გადაიქცნენ.

"ბედნიერი ვარ, უზომოდ ბედნიერი ამჟამად, მაგრამ ერთი რამ სწამლავს ამ ბედნიერებას, სთქვა აკაკიმ.

- რა? რა? - სიმწუხარით შეეკითხა მას სამი ათასი პირი ერთად, ერთხმივ.

- ის, რომ ჩვენ ვერ ვეღირსენით იმის იუბილეს, რომელიც იყო დიდი პოეტიც, დიდი მამულიშვილიც და დიდი ადამიანიც და რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა თავისი დაჩაგრული სამშობლო.

ურიცხვს მსმენელთა შორის არც ერთს არ მოსვლია აზრად ეკითხა აკაკისათვის, ვისზე ლაპარაკობდა იგი, რადგანაც ელვის სისწრაფით ყველას გონებაში გამოისახა ერთი და იგივე დიდებული სახელი.

აკაკიმ გააგრძელა: დიახ, ჩვენ ვერ ვეღირსენით ილია ჭავჭავაძის იუბილეს, მეტი უბედურებაც დაგვატყდა თავზე. ჩვენს არამც თუ ვერ შევამკეთ მისი გენიოსური თავი დაფნის გვირგვინებითა, არამედ ხელი ვერ შევუშალეთ ჩვენის ერის მტრებსა, რომელთაც ილიას ეკლის გვირგვინი დაადგეს, მსგავსად მაცხოვრისა…

მთელი ნახევარი საუკუნე ილია და მე ტოლად ვეწეოდით მეტად მძიმე უღელს სამშობლოს სამსახურისას, - მომიკლეს, ჯვარს მიცვეს ტოლი და დამარჩინეს ცალად, უტოლოდ, ობლად… დიდება და თაყვანისცემა მოწამე ილიას უკუნითი უკუნისამდე, - გაათავა აკაკიმ და მწუხარე თვალებიდან მდუღარე ცრემლის ნაკადული წასკდა.

"ამინ"! - შესძახა სამგლოვიარო ხმით სამი ათასმა მსმენელმა და ფეხზე უმალ წამომდგარმა, თავი მოიხარა საერთოდ.

ამ რაინდულს სიტყვებს და საქციელს მოჰყვა აუწერელი მოვლენა, იმისთანა მოვლენა, რომელსაც ეღირსნენ მოციქულნი სული წმინდის მოფენის ჟამსა. აკაკის თავზე გაჩნდა ვეებერთელა აპრიალებული კელეპტარი, ყველა მსმენელის თავი შეიმკო პატარ-პატარა კელეპტარებით და თეატრმა საარაკო კაშკაში დაიწყო. მერე დაიძრა აკაკის კელეპტარი და შუა თეატრში მაღლა ჰაერში გაჩერდა. მისკენ გამოქანდნენ ყველა სხვა კელეპტრები, გარს შემოეხვივნენ და შეჰქმნეს მომხიბლავი სურათი, ბოლოს ამ ურიცხვის ჩირაღდნის კრებულს აკაკის კელეპტარი გაუძღვა ზეით, თეატრის ბანი გაირღვა, კელეპტართა გუნდი წავიდა მაღლა, მაღლა ზეცაში.

კელეპტართა გუნდს მიაქვს ილიასთან საიქიოს მთელი ქართველის ერის უმხურვალესი საუკუნო თაყვანისცემა", შევძახე ისეთი მაღალი ხმით, თითქო ილიასათვის მინდოდა გამეგონებინა ზეცაში, და… გამომეღვიძა.

დარჩა, დარჩა რაინდულს გვირგვინს მოკლებული ჩვენი დიდებული ეროვნული დღესასწაული, ამოვიკვნესე და ცრემლი ვეღარ შევიკავე, ვერ შევიკავე იმის გამოც, რომ მთავარი ბრალი ამ დიდი ნაკლისა მედებოდა თვითონ მე. აკაკისთან რომ კრინტი დამეძრა ილიას მოგონების შესახებ იგი სახელოვანს იუბილეს დაადგამდა ისეთს რაინდულს გვირგვინს, რომ სამაგალითო შეიქმნებოდა თვით კაცობრიობისათვის, მაგრამ თვალი დაუდგეს სამოცდამეცხრე წელს, იმ ჭირს, რომელსაც რუსთველი ყველა ჭირზე ძნელს ეძახის"…

სწორედ სამოცდამეცხრე წელში იყო მაშინ ი. გოგებაშვილი გადასული. ამის შემდეგ კიდევ ოთხი წელიწადი იცოცხლა მხნედ და შრომის უნარმქონედ, მხოლოდ უკანასკნელ წელიწადს მოტყდა ცოტათი.

სიკვდილის წინ ხანგრძლივად არ უავადმყოფნია, - სულ ერთ თვეს იყო ავად. გვამის განკვეთამ აღმოაჩინა ფილტვების დაზიანება და ნაწლავების კიბო, მაგრამ სიკვდილი გამოიწვია სხვა ავადმყოფობამ, მუცლის აპკის ანთებამ.

ავადმყოფობის დროს ხშირად ვადექი თავს, განსაკუთრებით უკანასკნელ დღეებში, როდესაც საგანგებო მოვლა და ყურადღება იყო საჭირო. უვლიდნენ, ჩემს გარდა, სხვებიც, სპეციალური მომვლელი ქალი არ აგვიყვანია, რადგან იაკობს უცხო ქალის ერიდებოდა და არ სურდა მომვლელად. ამიტომ მოვლას მისი ახლობლები ვეწეოდით, განსაკუთრებით ნიკ. ცხვედაძის ასული, მკურნალობდა ექიმი ტიტე ქიქოძე.

უკანასკნელ დღეებში ახალი რამ არა დაუბარებია და არც ჰქონდა დასაბარებელი, ვინაიდან ყველაფერი წინათ ჰქონდა ნათქვამი და დაწერილი. მახსოვს მხოლოდ ორი რამ, ჯერ ერთი ასეთი შეკითხვა: "ნეტა რას იქთ ჩემს შემდეგ, ჩაჰკლავ თუ აცოცხლებთ ჩემს სახელმძღვანელოებსო?" და მეორე შემდეგი სიკვდილის წინა დღეს პერანგს ვუცვლიდი, დიდი სიცხე ჰქონდა.

ეს ისე უნდა მომხდარიყო, რომ ნიავი არ მოხვედროდა. მოვახერხე ეს საქმე მისდა მოსაწონად; ძალიან ეამა, მითხრა: "როგორ ეპისკოპოსივით შემმოსეო" და დაუმატა:

- ახლა რას იზამთ, როგორ დამმარხავთო?"

გამეცინა და ვუთხარი:

- მაგის ფიქრი ნუღარ გექნება. დამარხვაში დახელოვნებული სპეციალისტები ვართ-მეთქი.

მანაც გაიცინა: - ჰო, ეს კი იცითო. თითქმის სულ უკანასკნელ საათებამდე სრულს გონებაზე იყო.

დამარხვა მართლაც დიდებული იყო, რაც დაწვრილებით აწერილია მაშინდელ გაზეთებში და ი. გოგებაშვილის სახსოვრად გამოცემულ ცალკე წიგნშიც.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ