მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1066 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქალბატონებო და ბატონებო!

როდესაც თამარის სახეს ვითვალისწინებ, მე მაგონდება ერთი მშვენიერი ლეგენდა, რომელიც ჩინებულად გვიხასიათებს ქართველ ხალხის სიყვარულს, გულის სიღრმემდე აღბეჭდილ სიყვარულს თამარ მეფისადმი.

ამ ლეგენდით, თამარი აქამდისაც არ მომკვდარა, ის ახლაც ასვენია ოქროს კუბოში, სადღაც მთებში, მიყრუებულ გამოქვაბულში საუკუნოებრივ ძილით შეპყრობილი. მაგრამ მოვა დრო, ის, გაიღვიძებს, გააღებს თავისი გამოქვაბულის კარებს და მაშინ დადგება დღე საქართველოს ბედნიერებისა, დღეს ქართველი ხალხის განახლებისა.

ამ ლეგენდიდან ცხადია ის დიადი მნიშვნელობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა და აქვს თამარ მეფეს ქართველ ერის ისტორიაში. თამარი არის ის პირი, რომლის სახელი ზენაარ შერავანდედით მოსილი, ლამაზ და გონების წარმტაც ლეგენდებით შემკული, საუკუნეების განმავლობაში იქების და იდიდების ქართველი ხალხის მიერ.

თამარი ჩვენი ხალხის წარმოდგენით ჩვეულებრივი ისტორიული პიროვნება როდი არის, ის არის გაღმერთებული პიროვნება, უკვდავებით მოსილი. მაგრამ რატომ არის თამარი უკვდავებით მოსილი? რა ხასიათისა იყო ის როლი, რომელიც ისტორიამ აკუთვნა დიდ თამარ მეფეს საქართველოს ბედის ჩარხის ტრიალში?

ამ საკითხის გარჩევა არც ისე ადვილია, როგორც ეს ერთის შეხედვით შეიძლება კაცმა იფიქროს, და ამისი მიზეზია ის გარემოება, რომ ჩვენ, ქართველებს, ჩვენდა სამარცხვინოდ და სამწუხაროდ, არა გვაქვს მეცნიერული ისტორიოგრაფია. ამით აიხსნება, რომ უდიდესი მნიშვნელობის საკითხები ჩვენთვის გამოურკვეველი და გადაუწყვეტელი რჩება.

აი თვით თამარიც. საუკუნეების განმავლობაში მისი სახელი ყოველ ქართველს პირზედ აკერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვით ამ ერის სათაყვანო მეფის შესახებ ან არაფერი დაწერილა და ან თუ დაწერილა ფრიად უხეირო და არა სერიოზული.

მე მაინც ვეცდები მოკლედ და გაკვრით გაგაცნოთ თამარის ეპოქა საქართველოს ცხოვრებაში კრიტიკულად შესსწავლილ და მეცნიერულად აწონილ ფაქტების მხრივ.

როგორც ცნობილია, თამარი იყო, ასული გიორგი მეფისა, მაგრამ არა ერთად-ერთი. როგორც ერთ ცნობიდან. სჩანს, მას ჰყოლია და, რომლის სახელი არაა მოხსენებული. მაშასადამე, თამარი ყოფილა უფროსი ქალიშვილი თავისი მამისა.

მამის სიკვდილის შემდეგ ის შეიქნა ერთადერთი მემკვიდრე საქართველოს ტახტისა. ეს ის დრო იყო, როდესაც საქართველოს მოსაზღვრე სელჯუკიდების (თურქთა) იმპერია დაქუცმაცდა, პატარ-პატარა სამთავროებად დაიყო. საქართველოს მოსაზღვრედ ამ დროს დიდი სახელმწიფო არ იყო და ამით აიხსნება, რომ ქართველი ხალხის ძლიერება ჰქუხდა მთელს აღმოსავლეთში.

ლამაზი, ჰაეროვანი სიმშვენიერით მოსილი თამარ, მემკვიდრე ძლიერი საქართველოს სამეფოსი, მრავალთ უცხო ხელმწიფეთა შვილთა სანუკარო საგნად გახდა. უცხო ქვეყნების ბატონიშვილები მრავალ და ძვირფას საჩუქრების მოვლინებით სცდილობდნენ თამარის გულის მოგებას მისი ცოლად შესართავად, მაგრამ არა მარტო საქართველოს საზღვარგარეთ იყო თამარი სათაყვანო საგნად გამხდარი, აქ, საქართველოში, მთელი გუნდი მეხოტბეთა და მგოსანთა აჟღერებდა თავის ჩანგს თამარის სახელის სადიდებლად.

მე ვერ შევძლებ თამარის პიროვნების გამოხატვას ისე, რომ თქვენთვის რამდენადმე მაინც ცხად ვყო ის ღვთაებრივი თაყვანის ცემა, რომელსაც იწვევდა თანამედროვეთა შორის ახალგარზრდა თამარ დედოფალი, სჯობია ისევ ავალაპარაკო მე XII საუკუნის მგოსანი ჩახრუხაძე, რომელიც აი როგორ გვიხასიათებს მას:

"თამარ წყნარი, შესაწყნარი, ხმა ნარნარი, პირმცინარი,

მზე მცინარი, საჩინარი, წყალი მქნარი, მომდინარი,

მისთვის ქნარი რა არს? ქნარი არსით მთქნარი, უჩინარი,

ვარდ-შამბნარი, შამბ-მაღნარი, ღაწვ-მწყაზარი, შუქ-მფინარი."

საკვირველი სილამაზე თამარ-მეფისა იყო მიზეზი, რომ მისი ახალგაზდობა სავსე იყო რომანიული ფაქტებით. მემატიანე დაწვრილებით მოგვითხრობს, თუ თამარის სიყვარულით გაჭრით და გახელებით გამიჯნურებულნი უცხო-მაჰმადიან ხელმწიფეთა ბატონიშვილნი როგორ სცდილობდნენ მისი გულის მოგებას. ოსთა ბატონიშვილმა ვერც კი გაუძლო უიმედო სიყვარულს და ჯავრით გარდაიცვალა.

ძლიერი და მომხიბლავი იყო თამარი, როგორც ქალი. მაჰმადიანი, ბერძენი და ოსი ბატონიშვილნი მისი მიჯნურობით გახელებულნი ჭკუა გონებას ჰკარგავდენ და მისი სიყვარულისათვის მზად იყვნენ ენაცვალებინათ. სამშობლოცა და რჯულიც.

მაგრამ ჩვენთვის რასაკვირველია, უფრო საინტერესოა გავითვალისწინოთ ის პოლიტიკური ფარგალი, რომელშიდაც უხდებოდა მოღვაწეობა თამარ მეფეს. მაშინ ჩვენ შევსძლებთ სწორედ და უტყუვრად დავახასიათოთ თამარ-მეფის მნიშვნელობა ქართველი ერის ისტორიაში. მაშინ ჩვენ მივაგნებთ იმ რეალურ საფუძველს, რომელზედაც არის დამყარებული დიდება თამარისა და განუსაზღვრელი სიყვარული მისადმი ქართველი ხალხის გულში.

მე XII საუკუნე დიდებული ხანა იყო საქართველოს ცხოვრებაში.

ჯერ კიდევ დავით აღმაშენებელმა შესძლო თავისი წინაპრების მიდრეკილების შესაფერისად დაგვირგვინება და მთელი ერის ტერიტორიის ერთი სკიპტრის მფლობელობის ქვეშ გაერთიანება. ის სამეფოები, რომელთაგან შესდგებოდა ქართველების სამფლობელო, იყვნენ: აფხაზეთის სამეფო, რომელსაც ეჭირა მთელი ახლანდელი დასავლეთი საქართველო, ტაოკლარჯეთის სამეფო, სამხრეთ-დასავლეთ საქართველო, ქართლის საერისთვო და კახეთის სამეფო.

დავით აღმაშენებელმა დაამთავრა ამ სახელმწიფოების გაერთიანება კახეთის სამეფოს დაპყრობით და დანარჩენ საქართველოსთან შემოერთებით. მანვე დაუმორჩილა საქართველოს ტახტს სომხეთის სამეფო, რომელსაც ეჭირა ახლანდელი ბორჩალოს მაზრის სამხრეთი ნაწილი, ლორე თავისი მიმდგომი ადგილებით.

თუმცა ამგვარად საქართველოს გაერთიანების საქმე გარეგნულად მე XII საუკუნის დასაწყისშივე დამთავრდა დავით აღმაშენებელის დროს, მაგრამ შინაური კონსოლიდაცია ქართველ ტომებისა ჯერ კიდევ შორს იყო.

საქართველოს შემადგენელ ნაწილებს - აფხაზეთის სამეფოს, ტაოკლარჯეთის სამეფოს, ქართლის საერისთავოს, კახეთისა და სომხითის სამეფოებს - ჰქონდათ თავისი ავტონომიური მართვა-გამგეობა, რომელიც პოულობდა თავისს დამცველს და ბაირაღტარს ადგილობრივ ფეოდალურ ელემენტებს შორის.

თუ კი ერთის მხრივ ტფილისის ბაგრატიონები სცდილობდენ ცენტრალისტური მართველობით პროვინციებში მოეკლათ სეპარატისტული მიდრეკილება (და ეს მიდრეკილება კი ყველგან დიდი იყო), მეორეს მხრივ მსხვილი ფეოდალები - დიდ-გვარიანი დიდებულები - ყოველის ძალ-ღონით სცდილობდნენ მთავრობისათვის ხელი შეეშალათ. ამით აიხსნება ის გამწვავებული ბრძოლა საქართველოს მეფეთა და ფეოდალებს შორის, რომელიც ატეხილი იყო მთელი XII საუკუნის განმავლობაში. 

მაგრამ ეს ბრძოლა ბაგრატიონებისათვის არც ისე ადვილი იყო, რადგან თვით სამეფო ტახტს მძლავრად ჰქონდა გადგმული ფესვი სწორედ იმ ფეოდალურ ელემენტებს შორის, რომელისაც ახლა ის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა. საქართველოში სამეფო უფლება სწორედ ფეოდალურმა წესწყობილებამ წარმოშვა და ამიტომაც აფხაზეთის - ე. ი. დასავლეთ საქართველოს დიდგვარიან დიდებულთ, ბაგრატიონების ტახტთან განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ. 

მე XII საუკუნის მეფის გვირგვინის კურთხევის წესი ჩინებულად გვიხასიათებს, თუ რა ღვაწლი ჰქონდა კერძოდ აფხაზეთის დიდებულთა წოდებას საქართველოს ტახტის წინაშე. მეფის კურთხევის დროს გვირგვინის დადგმის უფლება ჰქონია არა საქართველოს კათალიკოსს, არამედ ქუთათელ მთავარ-ეპისკოპოსს, ხოლო გვირგვინის შემდეგ ოთხი იმერეთის დიდებული, ერისთავი რაჭისა და ლეჩხუმისა, ვარდანისძე, საღირისძე, და ამანელისძე, მოიღებდა სამეფო ხმალს და შემოარტყამდა ახლად გვირგვინოსნად ყოფილ მეფეს.

დასავლეთ საქართველოს ფეოდალთა ასეთი განსაკუთრებული უფლება ადვილი გასაგებია, რადგან სწორედ დასავლეთ საქართველოდან - აფხაზეთის სამეფოდან დაიწყო საქართველოს სამეფოს გაერთიანება.

სანამდი დიდებულნი მეფისათვის საჭირო იყვნენ, მათ მოახერხეს სხვა და სხვა პრივილეგიების მოპოვება, მაგრამ აი მეფე გაძლიერდა, მან დაიპყრო ამიერ კავკასიის უდიდესი ნაწილი, მისი ძლევამოსილი მხედრობა შიშს ჰგვრიდა გარეშე მტრებს და შიინაურ მტრებსაც ზარსა სცემდა.

დიდებულნი უნდობლად უყურებდენ ბაგრატიონთა ძლიერებას და ღელავდენ. ბაგრატიონნი სცდილობდენ მთელი ქართველი ერის ცხოვრება ერთ საერთო კალაპოტში მოექციათ და შინაური ერთობა დაემყარებინათ, დიდებულნი კი მაგრად ჩასჭიდებოდენ პროვინციალურ ავტონომიას და ყველა იმას, რაც მათ მოაგონებდათ წინანდელ დაქუცმაცებას რამდენიმე სამეფოდ. დინასტია სცდილობდა ტომობრივ პარტიკულარიზმის მოსპობას, დიდებულთა წოდება კი ამ პარტიკულარიზმის გაღრმავებას.

ეროვნული თვალსაზრისით, სამეფო გვარეულობა ამ დროს ასრულებდა ქართველტომების გაერთიანების დიად დანიშნულებას, როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურულად და ამ დიად დანიშნულებას ის ასრულებდა უცხო ძალების დახმარებით.

მთელი  XII საუკუნის განმავლობაში საქართველოს მეფეებს ჰყავდათ მუდამ დაქირავებული ძლიერი ყივჩათა რაზმი. ამ ყივჩაღთა ჯარის დახმარებით დიდებულნი დამარცხდენ ისე საშინლად, რომ გიორგიმ, თამარის მამამ, ქართველნი დიდებულნი გამოდევნა უპირველეს ხელისუფალთა ადგილებიდან.

გიორგის დროს, მაგალითად, მანდატურთ-უხუცესის და ამირ-სპასალარის თანამდებობა ეჭირა ყუბა-სარს, ყივჩაღთა რაზმის უფროსს, მაშასადამე ტომით უცხოს. მსახურთ უხუცესად ითვლებოდა შთამომავლობით მდაბიო პირთაგანი, გიორგი მეფის მიერ განდიდებული.

მართლაც დიდი უნდა ყოფილიყო მთავრობის უნდობლობა ფეოდალური ელემენტებისადმი, თუ კი მთავრობა დიდებულებს არ უშვებდა სამეფოს ცენტრალურ გამგეობის საქმეში და ნაცვლად ამისა აწინაურებდა უცხო ტომის პირთ, უგვარო და მდაბიო შთამომავლობისას.

საქართველოს დიდებულნი აღშფოთებულნი შესცქეროდნენ თავის დამცირებას. ხან და ხან საქართველოს ზოგიერთ პროვინციაში ასტყდებოდა ძლიერი აჯანყება, მაგრამ მთავრობა სცდილობდა მყისვე მის ჩაქრობას ცეცხლითა და მახვილითა. ცნობილია, მაგალითად, ორბელიანთა აჯანყება, რომელიც გიორგიმ, თამარის მამამ, ჩააქრო გასაოცარი სისასტიკით, თითქმის მთელი გვარეულობის ამოწყვეტით.

დიდებულნი მხოლოდ მარჯვე დროს უცდიდნენ, რომ სამეფო ტახტისათვის ანგარიში მოეთხოვათ ამდენი დევნისა და ტანჯვისათვის და ეს მარჯვე დროც დადგა, როდესაც მიიცვალა გიორგი მეფე და მის მაგივრად ტახტზედ დაჯდა მისი ასული თამარი. აი ახლა მათ დაუდგათ მარჯვე ჟამი, რადგან ძლიერი მამაკაცის მაგიერ ტახტზედ იჯდა ახალგაზრდა, გამოუცდელი და სუსტი არსება.

გვირგვინის კურთხევის გათავებისთანავე საქართველოს დიდებულთ შეფიცეს ერთმანეთს და წარუდგინეს მთავრობას თავისი მოთხოვნილება: „აღარ ვეგებით ძველთა ხელისუფალთა და განმგებელთა საქმისათა ფარმანსა ქვეშე მყოფნი, ვინათგან მათგან დაძვრცილნი და უპატიოდ დასულნი ვართ და ჩვენ გვარიანნი და თვით მსახურეულნი სახლნი უპატიოდ და უსახოდ განსულ ვართ უგვაროთა და უხამთაგან.“

დიდებულთა წოდებამ ისე ერთსულოვანად და მოულოდნელად წამოყო თავი, რომ მთავრობას თავზარი დაეცა. თამარის ბრძანებით დიდებულთა მოთხოვნილება შესრულებულ იქმნა. უპირველესი ხელისუფალნი გიორგი მეფისა, უცხო ტომისანი ან უგვარონი, დათხოვნილ იქნენ და მათ მაგივრად უნდა დანიშნულიყვნენ ქართველთ დიდებულთა წარმომადგენელნი.

ამ პირველმა და სწრაფმა გამარჯვებამ ფეოდალები გაათამამა. რაკი მთავრობის სისუსტე დამტკიცდა, მათთვის ეს ახლა ცოტა იყო. მათ მოინდომეს სამეფო უფლების შეზღუდვა. მათი მიზანი იყო თვითმპყრობელ მეფის უფლების მაგიერ დაემყარებინათ საქართველოში ფეოდალურ დიდებულთა მართვა-გამგეობა.

ამ აზრით ყუთლუარსლანმა - დიდებულთა ბელადმა, წარუდგინა თამარ მეფეს ახალი მოთხოვნილება: „ვითხოვთ დადგმას კარავისა ველსა ისანისასა, სანახებსა საგოდებლისასა, მუნ შიგან თავისუფლებით მსხდომარენი, რათა მივცემდეთ (ბრძანებასა) და მოვიღებდეთ, რომელთამე ვრისხავდეთ და რომელთამე ვწყალობდეთ. ამას ესრეთ ვკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა და მაშინღა სრულ იქნებოდეს განგებულება ჩვენი“.

ახლა კი თამარი შეფიქრიანდა. მისი წინაპარების ცდა - საქართველოს გაერთიანებისა და სამეფო ტახტის განმტკიცებისა, მთელი ნაყოფი ამ ცდისა - ძლიერი უფლება საქართველოს მეფისა - განსაცდელში იყო. თამარს არ შეეძლო რაიმე პასუხი მიეცა აჯანყებულ დიდებულთათვის - ეს იქნებოდა თავისი თავის დამცირება, ეს იქნებოდა დაკნინება მისი დიდბუნებოვანი წინაპრების ხსოვნისა. დინასტიის ინტერესები და ამავე დროს სახელმწიფოს ინტერესები მოითხოვდა ენერგიულ ზომას კადნიერ დიდებულთა ასალაგმავად.

თამარმა ბრძანა, პასუხის გაუცემლად ყუთლუარსლანი - ბელადი აჯანყებულებისა - მეჭურჭლეთ უხუცესი - დაეპატიმრებინათ. დიდებულნი გააფთრდნენ. ახალი პირი და ფიცი შეკრეს და თავისი ჯარით შემოერტყნენ ისანის ციხე დარბაზს თვით თამარის შესაპყრობლად.

როგორც თვით თამარის, ისე ბაგრატიონთა დინასტიის ბედი ბეწვზედ ეკიდა, დიდებულთ მაინც ვერ მოახერხეს ისანის ციხის აღება - ისინი დამარცხდენ. თამარმა არჩია საქმის გამწვავებას მორიდებოდა. თამარმა და დიდებულთ ერთმანეთს შერიგების პირი მისცეს და ქვეყანაც დროებით დაწყნარდა.

ამგვარად დიდებულნი გარეგნულად მაინც დამარცხდენ, მაგრამ მათ აჯანყებას მაინც დიდი მნიშვნელობა ქონდა თამარის მომავალ პოლიტიკისათვის. ცხადი იყო, რომ გიორგი III-ს ტაქტიკა - დიდებულების დევნა სახელმწიფო ადგილებიდან და მათ მაგივრად უგვარო მდაბიო პირთა წამოყენება - მუდმივ გაჭირვებას უქადდა როგორც სამეფოს, ისე დინასტიას. მაგრამ, მეორეს მხრივ, თამარს ბოლომდეც არ შეეძლო დაყრდნობოდა საქართველოს დიდებულთ, იმ დიდებულთ, რომელნიც საუკუნეების განმავლობაში დინასტიას ორგულობდენ და რომელთაც მისი გაძლიერება თავისი წოდების პრივილეგიების დაღუპვად მიაჩნდათ.

აი აქ გამოჩნდა დიადი პოლიტიკური სიბრძნე თამარ მეფისა. სომხის დიდგვაროვანი არისტოკრატიის დაწინაურებით ის ცდილობდა ქართველ დიდებულთა დაშოშმინებას და ამავე დროს თავისი ტახტის საქმის მოგებას.

უპირველესი ადგილები საქართველოს სამეფოში მიეცა აჯანყების შემდეგ სომხის დიდგვაროვან დიდებულთ, მაგალითად, მხარგრძელთ და გაგელთ. ყველამ იცის, რომ საქართველოს სამეფოს ბედს თამარის დროს და შემდეგაც განაგებდენ ტომით - მხარგრძელნ, მართალია, ქურთნი, მაგრამ უკვე კარგა ხანია გასომხებულნი და სარწუნოებითაც სომეხ-გრიგორიანნი.

ზაქარია მხარგრძელს სიკვდილამდე ეჭირა ჯერ ამირსპასალარის თანამდებობა, ხოლო შემდეგ მანდატურთუხუცესის ადგილი. ის იყო უპირველესი ხელისუფალი საქართველოს სამეფოში. თავისი ბრძნული პოლიტიკით თამარმა მოიგო ქართველ დიდებულთა გული: მათ დიდგვაროვნობას არ ეჩოთირებოდა სომხის დიდგვაროვან პირთა გამგებლობა.

მეორეს მხრივ, თამარს შეეძლო სრული ნდობით მოპყრობოდა მის მიერ წამოყენებულ პირთ, რადგან მათ არავითარი კავშირი არ ქონდათ დინასტიასთან მტრულ განწყობილებაში მყოფ ქართველ დიდებულებთან.

ამგვარად ქვეყანაში დროებით მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ეს მშვიდობა იყო მხოლოდ გარეგნული. უკმაყოფილება კიდევ ბუდობდა, განსაკუთრებით იმ პროვინციებში, სადაც ჯერ კიდევ ძლიერი იყო სეპარატიზმის ჟინი - მაგალითად, ტაოკლარჯეთსა და დასავლეთ საქართველოში - ყოფილ აფხაზეთის სამეფოში ანუ იმერეთში.

დასავლეთ საქართველოს დიდებულნი ყველაზე მეტად უმადური იყვნენ ტფილისის მთავრობისა და მხოლოდ მარჯვე დროს უცდიდენ, რომ კიდევ თავი წამოეყოთ. ეს დროც მალე დადგა.

თამარ მეფის პირველი ქმარი,  როგორც ცნობილია იყო გიორგი რუსი, კაცი გარყვნილი და ლოთი. თამარმა ვერ შეძლო. მასთან ცხოვრება, მით უმეტეს რომ მემკვიდრეც არ უჩნდებოდათ, და გაეყარა მას. გიორგი რუსი წავიდა საბერძნეთში და იქიდან ცოტაოდენი ჯარით წამოვიდა საქართველოს ტახტის დასაპყრობლად და თამარის დასასჯელად. მან კარგად იცოდა იმ ქვეყნის ვითარება, საიდანაც განდევნილ იქნა, იცოდა, რომ ის კარგს დამხმარე ძალას პოვებდა ქართველ უკმაყოფილო ელემენტებს შორის.

მართლაც შემოდგა თუ არა ფეხი გიორგი რუსმა საქართველოში, მთელი დასავლეთ საქართველოს დიდებულნი როგორც ერთი კაცი, ფეხზედ დადგნენ. შეჰყარეს დიდძალი ჯარი და გამოემართნენ თამარის წინააღმდეგ. დადიანთა და ბედიანთა წინამძღოლობით მათ გადაიარეს რკინის ჯვარი და ჩავიდნენ ციხისჯვარს, სამცხეს და დაწვეს ქალაქი ოძრხე. აქედან აჯანყებულნი გაემართნენ ჯავახეთის დასაპყრობად, მაგრამ თამარმა დაახვედრა მათ თავისი ჯარი, რომელმაც სასტიკად დაამარცხა იმერნი და გიორგი რუსი.

ამგვარად დიდებულთა, კერძოდ დასავლეთ საქართველოს დიდებულთა აჯანყება დათავრდა თამარის გამარჯვებით. დასავლეთ საქართველოს დიდებულთა აჯანყებათა მიზეზი ის იყო, რომ ისინი თავის თავს კარგად ვერ გრძნობდენ გაერთიანებულ საქართველოს სამეფოში. მათთვის უფრო სანუკარი იყო ის დრო, როდესაც დავით აღმაშენებლის გამეფებამდე მეფე მათ ხელში იმყოფებოდა და მისი რეზიდენციაც ქუთაისში იყო.

ისინი კარგად ვერ გრძნობდენ თავის იმიტომ, რომ ტფილისში ტახტის გადატანის შემდეგ თავს ბატონებად ვეღარ სთვლიდნენ. სახელმწიფო ცენტრალურ მართვა-გამგეობაში მათი ადგილი დაიჭირა უცხო ტომის არისტოკრატიამ - და ეს იყო მიზეზი იმ ანტაგონიზმისა ტახტისა და დასავლეთ საქართველოს დიდებულთა შორის, რომელიც წითელ ლარსავით გამოსჭვივის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრების განმავლობაში თამარის მეფობის დროს.

ამ ახალ აჯანყების შემდეგ თამარმა ენერგიული ზომები მიიღო იმერეთის დიდებულთა წინააღმდეგ. წაართვა მათ პრივილეგიები, რომელიც აფხაზეთის სამეფოს არისტოკრატიას ჰქონდა საქართველოს მეფის კარზე. ამ აჯანყების ზუსტი შედეგების დადგენა ძნელია ცნობების უქონლობის გამო, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ თამარმა წაართვა იმერეთის დიდებულთ ის პრეროგატივები, რომელიც ქონდათ მაგალითად - მეფის გვირგვინის კურთხევის დროს.

უმთავრესი ღვაწლი თამარის მეფობისა არის ის, რომ მისი წინაპართა ცდა - საქართველოში ცენტრალურ მართვა-გამგეობის დამყარებისა - ამ დროის კონკრეტულ სინამდვილეში ჩაისახა. ის, რაც ვერ შესძლეს XII საუკუნის მეფეებმა ყივჩაღთა ჯარების საშვალებით, ის შესძლო თამარ მეფემ სომხის დიდგვაროვანი დიდებულების მეშვეობით: - მან ალაგმა ქართველ დიდებულთა წინააღმდეგობა და საქართველოს შემადგენელი ნაწილები - აფხაზეთის სამეფო, ტაოკლარჯეთი, კახეთისა და სომხეთის სამეფონი და ქართლის საერისთვო - გარდაქმნა ერთ საქართველოს სამეფოდ. პროვინციალური ავტონომიები დაუმორჩილა ერთ ცენტრალურ უფლებას და ამ უფლების რეალური განხორციელება იყო ათაბაგობის დაარსება თამარის მიერ.

ათაბაგის თანამდებობის შემოღებით თამარს უნდოდა შეექნა ისეთი ცენტრალური ძალა, რომელსაც უნდა შთაენთქა ქართველ ტომების პარტიკულარისტული მისწრაფებანი. ათაბაგი გახდა მეფის უპირველესი ვეზირი, სამეფოს ფაქტიური გამგე. ამ ახალ ფრიად დიდმნიშვნელოვან თამამდებობაზე თამარმა დანიშნა არა ქართველი დიდებული (ქართველ დიდებულთა წრეებს ის ვერ მიანდობდა ასეთს სახელმწიფოებრივ და ეროვნულ მნიშვნელობის თანამდებობას), არამედ ივანე მხარგრძელი - შთამომავლობით სომეხი.

ასე და ამგვარად შესძლო თამარმა თავისი წინაპრების პოლიტიკის დაგვირგვინება. თუმცა თამარის გამარჯვება იყო არასრული. როგორც ეხლა ირკვევა, ბოლოს და ბოლოს მთავრობა მაინც იძულებული გახდა ანგარიში გაეწია დასავლეთ საქართველოს დიდებულთათვის, მათმა სეპარატიზმმა რეალურად თამარის დროს პოლიტიკურ სფეროში ვერაფერი ნაყოფი გამოიღო, მაგრამ სამაგიეროდ მთავრობა იძულებული გახდა დაეთმო მათთვის ეკლესიურ საკითხში.

სწორედ ათაბაგობის დაარსების დროს გახდა თამარი იძულებული დათანხმებულიყო იმერეთის ცალკე გამოყოფას აფხაზეთის საკათალიკოსოს სახელით. ადმინისტრატიულ ცენტრალიზაციას მოყვა დეცენტრალიზაცია ეკლესიურ სფეროში. ამიერიდან საქართველოს ყავდა 2 კათალიკოსი - მცხეთისა და აფხაზეთისა.

ეკლესიის ამგვარი განაწილება ფრიად სიმპტომატიური იყო, ვინაიდან ის გახდა წინამორბედი პოლიტიკურად საქართველოს ორ სამეფოდ გაყოფისა. ეს გაყოფა მოხდა ძლიერ მალე, მონგოლების შემოსევის დროს, 35 წლის თამარის სიკვდილის შემდეგ.

1245 წ. საქართველო სამუდამოდ გაიყო ორ ნაწილად, იმერეთისა და ამერეთის სამეფოდ და ამის შემდეგ ჩვენი ქვეყანა ერთ მეფის ბრძანების ქვეშ არც როდის გაერთიანებულა.

ბაგრატიონთა და თამარ მეფის ცდამ მტკიცე ერთ-მეფობის დამყარების შესახებ შესაფერისი ნაყოფი ვერ გამოიღო. მთელი მრავალწლოვანი შრომა თამარ მეფისა - ნაყოფი მისი პოლიტიკურ სიბრძნისა - სილაზე დაშენებული გამოდგა, მაგრამ მიუხედავად ამისა თამარის მეფობას ჩვენს ისტორიაში უჭირავს ისეთი ადგილი, როგორ არც ერთს სხვა მეფისას, და ეს არა მისი ძლევამოსილი ომებისა გამო. თამარს არ ყავდა ძლიერი გარეშე მტერი. ამ დროს მთელი მცირე აზია და სპარსეთი დაყოფილი იყო პატარ-პატარა სამთავროებად, სელჯუკიდების იმპერია უკვე კარგა ხანი იყო რაც დაეცა, ამიტომაც ქართველთა ლაშქარი თავისუფლად დათარეშობდა მცირე აზიისა და სპარსეთის საზღვრებზე.

თამარ-მეფეს, სახელი და დიდება ქართველი ერის ხსოვნაში მოუტანა არა წვრილ-წვრილმა ომებმა, არამედ ბრძნულმა საშინაო პოლიტიკამ და შორსმჭვრეტელობამ შინაურ საქმეების მოგვარების დროს.

თამარმა შექმნა პოლიტიკურად ერთიანი და ძლიერი ქართველი ერი, ის ცდილობდა ცალკე ტომების პოლიტიკურ კონსოლიდაციას. მართალია მისი ცდა უნაყოფო იყო, და თამარის შრომის ნაყოფი დაინგრა მისი სიკვდილიდან 35-40 წლის შემდეგ, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ იგი  დაინგრა ქართველების სეპარატისტულ მიდრეკილების წყალობით, უმოწყალოდ და სამუდამოდ.

მაგრამ ჩვენს ერს სასოებით ახსოვს შუა საუკუნეებისა პოლიტიკური დაქსაქსულობის დროს ის ბრწყინვალე ხანა, როდესაც ყველა ქართული ტომი პოლიტიკურად ერთ სამეფოდ იყო გაერთიანებული დიდი თამარის სკიპტრის ქვეშ და ერთ ძლიერ ეროვნულ ძალას წარმოადგენდა.

საშუალო საუკუნეებში ჩვენი ერის საუკეთესო შვილნი ხშირად ცდილობდნენ ჩვენი დაქუცამაცებულ სამშობლოს გაერთიანებას, მაგრამ უნაყოფოდ, და ეს გრძნობა ეროვნული ერთობისა და სიყვარულისა ყოველ ქართველს: ქართლელს, კახელს, მეგრელს, იმერელს და შორეულ აფხაზს - გადაქონდა შორეულ წარსულისაკენ.

თამარის დრო იყო ის დრო, როდესაც ეროვნული სული ერთ საერთო პოლიტიკურ კალაპოტში დუღდა და თვით თამარი იყო განპიროვნებული ემბლემა ქართველ ტომების სოლიდარობისა. ამით აიხსნება ის იდეალიზაცია, რომელიც თან დასდევს თამარ მეფის შერავანდედს ქართველი ხალხის ხსოვნაში.

ყველაფერი, რაც კი გაკეთებულა ქართულ კულტურულ საქმეში, ერმა მიაკუთვნა თავის სათაყვანო მეფეს - განპიროვნებულ სიმბოლოს ქართველ ერის ერთიანობისას და ძლიერებისა. ხალხის ხსოვნით, ეკლესიები, ციხე-კოშკები, ყველაფერი  თამარის აშენებულია. ჩვენს დიდებულ მწერლებს შოთას, სარგის თმოგველს, მოსე ხონელს აგრეთვე თამარის დროს უცხოვრიათ.

რა ვუყოთ, რომ ნამდვილად არც ყველა ეკლესია და ციხე კოშკია თამარის აშენებული და არც საქართველოს ყველა დიდ პოეტსა თუ მწერალს უცხოვრია თამარის დროს. ერის ხსოვნა მაინც ყველაფერ საუკეთესოს, რამაც შექმნა ჩვენი ეროვნული თავისებურება და რაც ჩევნი ეროვნული ინდივიდუალობის  ნაყოფია, ყველაფერ ამას მიაწერს თამარს, რომლის სახე: მეგრელისა და კახელისა, მესხისა და იმერელის, აფხაზის, და ქართლელის, სვანისა და აჭარელის... და ყოველ ქართველი ტომის ეროვნულ სოლიდარობისა და ძლიერების ცოცხალი სიმბოლოა.

ამიტომაც ქართველ ხალხს არა სჯერა თამარის სიკვდილი, როგორც ვერ დაიჯერებს ის თავის ეროვნულ უძლურებას, საკუთარი თავის სიკვდილს. ამიტომ თამარი უკვდავია და მისი სახელი მანამდე არ მოკვდება, სანამდეც იცოცხლობს ქართველი ერი და ღმერთმაც ნუ ქნას, რომ მოკვდეს, რადგან ეს იქნებოდა ჩვენი ეროვნულ ძალისადმი რწმენის დაკარგვა; სიკვდილი ჩვენი ეროვნულ ერთიანობისა.

 

* * * * * * * * *

ლექცია, წაკითხული თბილისში 1912 წლის 5 თებერვალს

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ