მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 672 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

* * * * * * *

 

ქუჩაში მიდის ახალგაზრდა N, მას არ შია, მაგრამ წყურია და ვერაფრით ვერ მოუკლავს წყურვილი დიდი. არც ისე იოლია ზოგიერთისათვის დალიოს ლუდი. ქუჩაში მიდის მოქალაქე. მან ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი. ცხვირსახოცს ამოყვა ფული. მოქალაქეს ეს არ შეუმჩნევია და გზა განაგრძო.

ახალგაზრდამ აიღო ფული...

- თქვენ, ფული ამოგივარდათ, ინებეთ!

- გმადლობთ!

ქუჩაში მიდის ახალგაზრდა სახელად N. მას არ შია,მაგრამ წყურია და ვერაფრით ვერ მოუკლავს წყურვილი დიდი. არც ისე იოლია ზოგიერთისთვის დალიოს ლუდი.

 

* * * * * * *

 

ტკბილი წყლების გამყიდველმა წყალი დამისხა. მე მას გავეხუმრე. მან ხუმრობაზე გაიღიმა და გამოაჩინა დამპალი კბილები.

მე გული ამერია. ვინანე ხუმრობა.

 

* * * * * * *

 

რადიომიმღებში უკრავენ ბახს. მე მეჩქარება. მე პატივი ვეცი ბახს და წასვლის წინ რადიომიმღები არ გამომითიშავს.

 

* * * * * * *

 

როდესაც მე ვიცქირებოდი წარსულში, აწმყოში მოვიდა ახალი წელი და მე იგი დავინახე წარსულში.

 

* * * * * * *

 

წავიდა თოვლი და მოვიდა მიწა.

 

* * * * * * *

 

 

ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს და ჩემი თვალები გახდნენ მშვენიერნი, რადგან, ჩემს თვალებში შენი სახის ჩანდა ანარეკლი.

 

* * * * * * *

 

ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს ცხადლივ და ვიყავით ერთად და ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი. ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ოცნებაში მაინც ვხვდებით ერთმანეთს, მაინც ერთად ვართ და გვიყვარს ერთმანეთი. ეს იმას ნიშნავს რომ შეიძლება ცხადლივ შევხვდეთ ერთმანეთს, ვიყვეთ ერთად და გვიყვარდეს ერთმანეთი.

 

* * * * * * *

 

დიიინნნ...დიიინნნ...დიიინნნ... უდაბნო... ზარი იცლება ხმებისგან და არ აკლდება ხმები. ზარში იბადება ხმები, როგორც ბარტყები, - იბადება და ტოვებს, როგორც ბუდეს და უერთდება ზეცას ნელა და მძიმედ, და შორდება სმენას თანდათან, როგორც ბარტყები, ნელა და მერე იკარგებიან თანდათან და უერთდებიან ზეცას უსასრულოს.

ყოველი ხმა ზარისა სმენას არხევს და იშლება და იღვრება, სხეული ჩემი, და მე თითქოს ამ ხმებივით მივიწევ მაღლა ნელა, თანდათან, და ვუერთდები ზეცას უსასრულოს. მე ვარ ზარის ხმა უდაბნოში...

 

* * * * * * *

 

არწივი დაფრინავს მაღლა. იქნებ არ უნდა არწივს მაღლა იფრინოს, მაგრამ მას არ შეუძლია მაღლა არ იფრინოს, რადგან შეუძლია მაღლა იფრინოს. იქნებ შენც ასე, სულო ჩემო, არ გსურს გიყვარდეს, მაგრამ... რადგან...

 

* * * * * * *

 

მოვიდა ღამე და მან გულმოდგინედ, ნელა და დინჯად გადაწია სხივები მზის, როგორც ტოტები გაუვალ ტყეში. მზემ თავისი სხივები მიუშვირა საკუთარ სხეულს და ტანში შეიტანა. მერე მზე გაგორდა ზეცის კალათაში მთვარედ. მერე იარა მთვარემ, იარა ფეხით და გათენებამდე მივიდა იქ.

ეძინა ღამეს მაგარი ძილით, ნამთვრალევს, ბებერს. და რა იგრძნო განთიადის მოახლოება, შეინძრა, შეიშმუშნა და გადაბრუნდა მეორე გვერდზე. სახე შეაქცია დედამიწას. მთვარემ იგრძნო სუსხი განთიადის, გააჟრჟოლა, აიბურძგნა, აშალა სხივები სხეულიდან... დიდებული მზე დაჰნათოდა დედამიწას.

 

* * * * * * *

 

ქუჩა. ასფალტი. ლიანდაგი. ასფალტზე მანქანები და ლიანდაგზე ტრამვაი. ივლისის მზე დაკიდულა შენობების სახურავებზე. მანქანამ დააფრთხო ჩაფიქრებული მოქალაქე. ქალს პარკიდან ვაშლი გადაუვარდა. აღება დაეზარა. ტრამვაი შუაზე გატეხა ლიანდაგმა. მე მოვუკიდე უკანასკნელ პაპიროსს.

 

* * * * * * *

 

უცნობი ქალ-ვაჟი ტროლეიბუსის გაჩერებასთან... ქალმა ვაჟს აღუთქვა მოსვლა პაემანზე. მე ცრემლიანმა შევუხვიე ბაღში.

 

* * * * * * *

 

გასტრონომი. რიგი. მოლოდინი. ხალხი გამოდის გასტრონომიდან. მსუქან ქალს მოაქვს ხორცი და უხარია. მე არ მშია და ვერ ვიზიარებ მის სიხარულს.

 

* * * * * * *

 

მე შევახტი გაქანებული ტრამვაის. შევვარდი შიგ. ხალხმა შემომხედა, როგორც შემომხედავენ მოულოდნელ სტუმარს.

 

* * * * * * *

 

ერთხელ კონდუქტორს - მშვენიერ ქალს, ხურდა არ გამოვართვი. მან კეკლუცად გამიღიმა და მეც გაუღიმე. რა იაფია იყიდო ღიმილი მშვენიერი ბაგის. მე მინდა შევიტანო წინადადება, რომ ტრამვაიში გააკრან ასეთი რეკლამა: - მოქალაქენო! შეიძინეთ კონდუქტორის კეკლუცი ღიმილი, იგი ღირს სულ რაღაც 5 მანეთი!

 

* * * * * * *

 

მე ვიყავ მთვრალი. გაზაფხულის იყო საღამო, მე გალეშილი დავინახე მეძავი ქალი და ჩვენ შევათრიეთ ბაღში ერთმანეთი. (ბაღში საღამო იყო ღვინის ფერი). და ჩვენ სიყვარულით, დიდი სიყვარულით დავკბინეთ ერთმანეთი. გვერზე გაისმა გადახარხარება. ვიღაც დასცინოდა ჩვენს წმინდა სიყვარულს.

 

* * * * * * *

 

მე სევდიანი ვიდოდი ქუჩაში და მე მხვდებოდა მხიარული ხალხი და მე ერთხელ კიდევ გამახსენდა აზრი: - ყოველი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით.

 

* * * * * * *

 

საერთო რვეულში ჩავწერე ლექსი, მე იშვიათად ვწერ ეხლა ლექსებს და სევდიანმა ფიქრმა გამირბინა: - რა გაავსებს ლექსებით საერთო რვეულს.

 

* * * * * * *

 

ჩემი რადიომიმღები ძლიერ მარტივია. ღამ-ღამობით იჭერს მხოლოდ აღმოსავლეთს (სახლში ეხლაც ნარდს თამაშობენ და მე ვერ ვამთავრებ ამ ლექსს.)

 

* * * * * * *

 

მე საკუთარს შევყურებ პორტრეტს და ვფიქრობ: ნამდვილად პოეტი ვარ.

 

* * * * * * *

 

„ვეფხისტყაოსანი“ თუ ვინ დასწერა ნამდვილად, არვინ იცის და მაინც რუსთაველს ეძახიან გენიოსს. მე კი ნამდვილად დავწერე ის, რომ მე დავწერე და მაინც არ მეძახიან გენიოსს.

 

* * * * * * *

 

მაგიდაზე დგას სამელნე. - სამელნეში არ არის მელანი, ან რა საჭიროა?..

 

* * * * * * *

 

ოთახში სარკე მაქვს „საოცარი“. ჩავიხედავ: ოთხი ცხვირი და 15 ყური. მე მას დავარქვი „ჯადოსნური სარკე“.

 

* * * * * * *

 

პატარა ძაღლი, კეთილი ძაღლი, ძაღლი უპატრონო დარბის ქალაქში და დაეძებს პატრონს. მან ერთხელ შენიშნა თავისი პატრონი, რომელიც გამოვიდა გასტრონომიდან ძეეხვით დატვირთული. ძაღლი აედევნა. არ იცნო პატრონმა. ძაღლს გული აუჩუყდა და თვალები ცრემლმა დანამა.

კეთილო კაცო! შეიფარე პატარა ძაღლი, კეთილი ძაღღლი, ძაღლი უპატრონო. იგი გპირდებათ, რომ იქნება თქვენი ერთგული!

 

* * * * * * *

 

მივდივარ ქუჩაში. უკან დამედევნა საეჭვო კაცი. “საეჭვო კაცს“ მინდა მოვტრიალდე და ვუთხრა: - შე საცოდავო ადამიანო, განა ქვეყნისათვის მცალია მე ღმერთებთან მოკამათეს!?

 

* * * * * * *

 

ამხანაგებმა გავიარეთ ქუჩაში ღამით და შევარხიეთ ქუჩის ჰაერი. ჰაერში იყო მთვარე და ვარსკვლავები. მე არ ვცემ მათ პატივს. ისინი ყველასთვვვის ანათებენ.

 

* * * * * * *

 

მე ეხლა დავდივარ რედაქციაში, სადაც კედლების ჰაერია, სადაც ჭერი იატაკზე მაღლა, სადაც მაგიდები თავს გრძნობენ ბუნებრივად, სადაც კალამი მუდამ მელნიანია, სადაც გახსენდება , რომ მილიციაში გამოცვალე პასპორტი, სადაც გახსენდება, რომ ამბულატორიაში ამოგიღეს ჭიანი კბილი, სადაც ისე უკიდებ პაპიროს, რომ ვერ ამჩნევ ასანთზე წარწერას: „გამარჯვება“ .

სადაც რედაქტორი თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და ისე გელაპარაკება, როგორც ტრამვაის გაჩერებასთან, როდესაც ტრამვაი უკვე ახლოვდება.

 

* * * * * * *

 

ივლისი. მზე. ქუჩა. მივდივარ ქუჩაში... ქუჩა გადაჭრა ლამაზმა ქალმა - დაღლილმა, მოთენთილმა... მზემ კეფაზე მიაბჯინა ძაღლს მხურვალე სხივები. ძაღლმა ენა გადმოაგდო - დანებდა მზეს. ნაყინის გამყიდველი ყიდის ნაყინს და წამით სიგრილე დაგირბენს სხეულში... მილიციელი არავის ედავება... მზეს ეკარგება ნათების ხალისი...

 

* * * * * * *

 

მალე გაივლის „ნასესხები“ და მოვა ნამდვვილი გაზაფხული, გავიხდი ძველ პალტოს და ვივლი ძველი კოსტუმით. სხეულს მოემატება სითბო და ლუდს სიგრილე. კარგია!...

 

* * * * * * *

 

მივდივარ ქუჩაში. ფეხი წამოვკარი ქვას და გაერღვა პირი ფეხსაცმელს და მწარედ გაეღიმა. გამერღვა პირი მეც და მწარედ გამეღიმა. და ჩვენ, მე და ფეხსაცმელი, მომღიმარნი მივყვებოდით ქუჩას... ხალხი ფეხსაცმელს თვლიდა გარღვეულად, მე კი-სულელად...

 

* * * * * * *

 

დღესაც უმიზნოდ გამოვედი ქუჩაში. ქუჩაში ხალხია და ხალხში სურვილებია სულელური.და მეც მებადება სულელური სურვილი : ვიყო ხალხში.

 

* * * * * * *

 

დღეს ჯერჯერობით დავწერე ხუთი ლექსი და მინდა დავწერო კიდევ რამდენიმე, რადგანაც ულექსოდ ყოფნა ძნელია ჩემთვის.

 

* * * * * * *

 

ბაღში შემოდგომის ფოთლების ცვენა. ცვენილი ფოთლების ქარით ხეტიალი. ამ ბაღში ხეტიალი ჩემი-კაცობრიობის დამჭკნარი ფოთლის ცხოვრების ქარისგან ხეტიალი.

 

* * * * * * *

 

ირგვლივ გაზაფხულია. აყვავდნენ კვირტები და გაზაფხული ჩადგა ჩემს ფანჯრებში.

 

* * * * * * *

 

ხეებს ეწვივნენ ჩიტები - თვალებში მოსვლის სიხარული და მომავალი განშორების სევდა.

 

* * * * * * *

 

კინოში ვარ. ველი დაწყებას მოუთმენლად. ვერ, ვერ ვითმენ ლოდინს და ვწერ ბლოკნოტში ლექსს.

 

* * * * * * *

 

შევედი ბაღში. სკამზე ჩამოვჯექი, საყვარელზე, ნერვული წვალებით, ირგვლივ თვლემა. ჩემს გვერდით თვლემს პენსიონერი. მე გადავდივარ თვლემაში და ვეღარ ვიგერიებ პატარა ბუზებს, რომლებიც ჩემს დასიცხულ სახეზე დაეძებენ დღიურ საზრდოს.

 

* * * * * * *

 

აი კვლავ მოვიდა გაზაფხული და ჩემში იგი აღარ იწვევს სიახლის გრძნობას.და მე ვგრძნობ,ვით იბადება ჩემში არყოფნის სურვილი.

 

* * * * * * *

 

მე უჯრიან ქაღალდზე დავწერე ლექსი. უჯრებში სიტყვები თავს გრძნობდნენ ვით ციხეში. მერე ეს სიტყვები წაუკითხე ხალხს და სიტყვები ვიხსენ ციხისაგან.

 

* * * * * * *

 

მე ნაცნობს წავუკითხე ახალი ლექსი. ლექსმა გააღიმა ნაცნობი, რადგან ლექსი იყო სერიოზული, მე კი იგი მიცნობს როგორც ხუმარას.

 

* * * * * * *

 

მე ხუმრობით გავიკეთე სათვალე და მოვიდა უეცრად წვიმა. მე ვიყავ ცის ქვეშ და მაინც თავს ისე ვგრძნობდი სათვალეში, როგორც ოთახში, ფანჯარასთან მდგარი წვიმიან ამინდში.

 

* * * * * * *

 

ქალაქში გაჩნდა დიდი ხანძარი. ჰოი, სიხარულო! მალე იკივლებენ სირენები ამაზრზენი და საამო ხმით.

 

* * * * * * *

 

ირგვლივ გაზაფხულია და ყვავიან იასამნები. მე ვწერ ლექსს და ლექსში ჭკნებიან უკანასკნელი ვარდები.

 

* * * * * * *

 

ირგვლივ გაზაფხულია, აყვავდნენ კვირტები და გაზაფხული ჩადგა ჩემს ფანჯრებშიც.

 

* * * * * * *

 

ფიქრებით დატვირთული მივესვენები. ფეხმა ქვა ამოაგდო ქვაფენილიდან, და მეც ამოვვარდი ფიქრებიდან.

 


* * * * * * *



ჩემს ოჯახში ღამით მოდიან მეზობლები და მამაჩემთან თამაშობენ ნარდს. აქებენ კამათელს, ზოგჯერ აგინებენ. კამათელს უკვირს ქებაც და გინებაც, და მათ შესცქერის გაოცებული თვალებით: ხან ორით ხან სამით და ა.შ.

მოთამაშენი განიცდიან, ჩაუთქვამენ კამათელს. სჯერათ კამათლის. კამათელი კი მოძრაობს ალბათობის თეორიის თანახმად.


* * * * * * *



ოთახში უნიჭო პორტრეტის ჩამოხსნა გადავწყვიტე. მერე დავტოვე. იქნებ შთამაგონოს რაიმე ოდესმე. იყოს...



* * * * * * *



მამაჩემი რადიომიმღებთან უსმენს საბავშვო გადაცემას და იღიმება ბავშვის ღიმილით. საწერ მაგიდაზე აუცილებელი წიგნები. მაგიდაზე გრაფინი, ნახევრად აღვსილი ოთახის წყლით. ფანჯრიდან შემოდის გაზაფხულის სუფთა ნიავი. რადიომიმღები ხრიალებს. მე წამოწოლილი ვწერ.

მამაჩემი წერას უყურებს,როგორც არანაყოფიერ საქმეს (არც ცდება), მთელი სერიოზულობით ახველებს და შემდეგ გადის ოთახიდან. ამ დროს მისი ნაბიჯები ისეთია, როგორც მოქალაქეობრივი მოვალეობის აღსრულების დროს. მეზობლის ოთახიდან ისმის ძალიან სულელი ქალიშვილების მხიარული სიცილი...




* * * * * * *



ხეებს ეწვივნენ ჩიტები - თვალებში მოსვლის სიხარული და... მომავალი განშორების სევდა.



* * * * * * *



მე უცნობს ქუჩაში მოვუკიდე პაპიროსი. ჩვენ ერთმანეთს მივაბჯინეთ "პრიმა“ და "რეკორდი“, არ შეიძლება ასეთი კონტრასტის დროს არ დასვა ასეთი საკითხი, თუნდაც ათასჯერ გქონდეს გადაჭრილი: რა არის ცხოვრება?...


* * * * * * *



მივდივარ ბაღისკენ. ტრამვაის გაჩერებასთან შემხვდა ნაცნობი. გავაბით უგულო საუბარი. ვფიქრობ: - როდის მოვა ტრამვაი, ნაცნობი რომ მომცილდეს თანდათან მეცვალა გუნება და მე ავლაპარაკდი. როდესაც ტრამვაი გამოჩნდა, მე უკვე ვლაპარაკობდი მთელი აღგზნებით. ნაცნობი ჩაჯდა ტრამვაიში, მე გამოველაპარაკე სრულიად უცნობს.



* * * * * * *



მალე გაივლის "ნასესხები“ და მოვა ნამდვილი გაზაფხული. გავიხდი ძველ პალტოს და ვივლი ძველი კოსტუმით. სხეულს მოემატება სითბო და ლუდს სიგრილე. კარგია...



* * * * * * *



აი, კვლავ მოვიდა გაზაფხული და ჩემში იგი აღარ იწვევს სიახლის გრძნობას. და მე ვგრძნობ, - თუ ვით იბადება ჩემში არყოფნის სურვილი.



* * * * * * *



მივდივარ ქუჩაში. ფეხი წამოვკარი ქვას და გაერღვა პირი ფეხსაცმელს და მწარედ გაეღიმა. გამერღვა პირი მეც და მწარედ გამეღიმა, და ჩვენ, მე და ფეხსაცმელი მომღიმარნი მივყვებოდით ქუჩას... ხალხი ფეხსაცმელს თვლიდა გარღვეულად, მე კი - სულელად...



* * * * * * *



მზე. ირგვლივ ხე არ არის, არ არის ჩრდილიც. ჩემს გვერდით დგას მაღალი კაცი და მე მისი სხეულის ჩრდილს შევეფარე.

 


* * * * * * *




აცხადებენ: - სიტყვა მოხსენებისათვის ეკუთვნის ამხანაგ ხაჭაპურიძეს. მე ვგრძნობ შიმშილს და კრებას ვტოვებ.



* * * * * * *



მე მოვინდომე ჩემი ბავშობის ხელახლა განცდა და ჩავდექი რიგში.


* * * * * * *



ბაღში სიცარიელე, ღამე, ისე უინტერესო, რომ ზეცაში ახედვა არ გახსენდება. ბაღში თითქმის არავინაა, არც კახპა, არც პენსიონერი. თვით მილიციელიც კი არსად ჩანს. პავილიონში ორიოდე საეჭვო პიროვნება სვამს თუ უფრო თავს იქცევს. პავილიონში ვერ მივალ, რადგან გიორგი ნისიად არაფერს არ იძლევა. ასეთ დროს ძილი თუ უშველის კაცს. გავდივარ ბაღიდან.



* * * * * * *



მახსენდება: ტურების კივილი.ბებიაჩემის წყევლა. ბაბუაჩემის ჩახველება. მთვარის უძრაობა. ძაღლის თვალის უპეებში ორი პატარა მთვარე. ლეღვის ფოთლები ლეღვის უჩინარი მწიფება. ხიდან გადამწიფებული მსხლის ჩამოვარდნა. სოფლის დაძინება და სევდის გაღვივება.



* * * * * * *



შევედი ბაღში. სკამში ჩავესვენე. ბაღში სიცხეა აუტანელი. მე ჭადრის ფართო ფოთლების ჩრდილი მადგია სხეულზე. აღსავსე ვარ სიცხით და სიზარმაცით. რადიო მომიწოდებს შრომისაკენ.მე მეღიმება და მეხუჭება თვალები. სიზმარში ვხედავ: - ხელში მიჭირავს ბარი და ხან კვადრატული და ხან ბუდობრივი წესით ვთესავ კარტოფილს.



* * * * * * *



შევედი ბაღში. სკამზე ჩამოვჯექი საყვარელზე ნერვიული წვალებით. ირგვლივ თვლემა. ჩემს გვერდით თვლემს პენსიონერი. მეც გადავდივარ თვლემაში და ვერ ვიგერიებ პატარა ბუზებს, რომლებიც ჩემს დასიცხულ სახეზე დაეძებენ დღიურ საზრდოს.

 

* * * * * * *



ქუჩა, ასფალტი ლიანდაგი. ასფალტზე მანქანები და ლიანდაგზე ტრამვაი, ივლისის მზე დაკიდულა შენობების სახურავებზე. მანქანამ დააფრთხო დაფიქრებული მოქალაქე. ქალს პარკიდან ვაშლი გადაუვარდა. აღება დაეზარა. ტრამვაი შუაზე გატეხა ლიანდაგმა. მე მოვუკიდე უკანასკნელ პაპიროსს.




* * * * * * *



ჩემი ეზო სამსართულიანია და საერთო წყალსადენი აქვს როდესაც დაბლა ონკანი მოშვებულია, მაშინ ჩვენს სართულზე წყალი აღარ მოდის. როდესაც ჩვენ სართულზე წყალი აღარ მოდის, - მე მგონია, რომ ქვევით, მეზობლის ქალი მკერდგაღეღილი იბანს პირს და მისი ძუძუები ირხევიან, როგორც კაცის სიმაღლეზე დაშვებული ხილის ნაყოფები.



* * * * * * *



მე უჯრიან ქაღალდზე დავწერე ლექსი. უჯრებში სიტყვები თავს გრძნობენ, ვით ციხეში. მერე ეს სიტყვები წავუკითხე ხალხს და სიტყვები ვიხსენ ციხისაგან.




* * * * * * *



მწერალი წერს. მწერალს კალმიან ხელზე დააჯდა ბუზი. აიქნია ხელი და ბუზი გაფრინდა. შემდეგ დახედა ნაწერს და ხელი ჩაიქნია.




* * * * * * *



მაგიდაზე დევს სამელნე. სამელნეში არ არის მელანი, ან რა საჭიროა?...

 



* * * * * * *



დღეს ჩემი დაბადების დღეა. მაგრამ დღეს ხომ სხვების დაბადების დღეც არის. ვინ არიან ნეტა ისინი?




* * * * * * *



მე ხუმრობით გავიკეთე სათვალეები და მოვიდა უეცრად წვიმა. მე ვიყავ ცის ქვეშ და მაინც თავს ისე ვგრძნობდი სათვალეებში, როგორც ოთახში, - ფანჯარაში მდგარი - წვიმიან ამინდში.

 

* * * * * * *



ღამის პირველი საათი, ქუჩაში - არავინ. მხოლოდ ორიოდე მგზავრი გაჩერებულა. იქ, ალბათ, ტრანსპორტის გაჩერებაა. ღამის პირველი საათი. თბილისში ეს ის დროა, როდესაც პაპიროსის თხოვა სირცხვილად არ ითვლება.




* * * * * * *



მე შორიდან გავცქერი ხიდის მშენებლობას და გადაღლილი ამოვდივარ ამ ხიდზე.



* * * * * * *



თითქმის მოარბენინებდნენ კუბოს, უკან დოლ-გარმონით მოყვებოდნენ მგლოვიარე დამკვრელები, რომლებიც საცეკვაო მუსიკას უკრავდნენ (მხიარულს და ცოცხალს). მკვდარი თითქმის ცოცხალი იყო და მწოლიარე ცეკვავდა. 

ფანტასტიკური სანახაობა იყო. მხიარული რიტმი ისმოდა ნერვიულად და რეკდა ტრაგიკულად, ქეიფი უყვარდა განსვენებულს დოლ-გარმონით.



* * * * * * *



ჩვენს უბანში ერთი შენობაა. მე დღეს პირველად შევამჩნიე ამ შენობის ზედა სართულის ორნამენტები. მე გამიკვირდა,რომ აქამდე ვერ ვამჩნევდი ამ ორნამენტებს. მე ინტერესით დავაკვირდი ამ შენობას. ქალიშვილმა, რომელიც ამ სახლის ფანჯრიდან იყურებოდა, მიხურა ფანჯარა. თავს გეფიცებით, ქალიშვილო, მე თქვენ არ გიყურებდით!..

 

* * * * * * *



ორი პატარა ბავშვი თამაშობს მზეში. უფროსი ეფერება უმცროსს. უფროსმა იცის, რომ იგი უფროსია მეორეზე და თანაც იმდენად, რომ უფლება აქვს მოეფეროს მას, ე.ი. მან იცის ისიც, რომ უფლება აქვს გაუწყრეს კიდეც, ე.ი. იგი უკვე ადამიანი არის.



* * * * * * *



ქუჩაში მიდის მამა და შვილი (შვილი პატარაა). ისინი საუბრობენ. მე არ მესმის მათი საუბარი, მაგრამ სახეზე ეტყობათ, რომ საუბარი მეტად მეგობრულია. საინტერესოა, ბავშვმა დასდო ხათრი მამას და აღმაღლდა მამამდე თუ პირიქით - მამა დაეშვა შვილამდე.



* * * * * * *



ელბაქიძის დაღმართზე ერთი დაწესებულების ეზოდან ძლივს გამოაღწია “ტაჭკამ“ და შეუდგა დაღმართის გადაჭრას. მეტაჭკეს დიდი ულვაშები ჰქონდა და პატარა წვერი. “ტაჭკაზე“ ნაგავი ეყარა. დაღმართის ზემოდან დაეშვა ავტომანქანა “ზიმი“. მძღოლს პატარა ულვაშები ჰქონდა და წვერგაპარსული იყო.

“ზიმში“ ლამაზი ქალი იჯდა. მეტაჭკემ, სინელის გამო, სწრაფად ვერ გადასჭრა დაღმართი. მძღოლმა, სისწრაფის გამო, სწრაფად ვერ დაამუხრუჭა მანქანა და ცხენები დაფრთხნენ. მძღოლმა და მეტაჭკემ ერთმანეთს გულმოსულად შეხედეს, მაგრამ არ შეაგინეს, რადგან მძღოლის მამა მეტაჭკე იყო და მეტაჭკის შვილი კი - მძღოლი ...



* * * * * * *



წიგნებს ბევრი კითხულობს. წიგნები არავის კითხულობენ. ვაი, თქვენ, უვიცო წიგნებო.

 

* * * * * * *



აზრი არსებობს მცდარი და ჭეშმარიტი. უფრო კი მცდარი. ეს აზრი ჭეშმარიტია.



* * * * * * *



მე ვეწევი ამხანაგის პაპიროსს და ვფიქრობ: რა კარგია, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლის ხარჯზედაც შეიძლება იცხოვროს კაცმა.




* * * * * * *

 


მეზობელს ფანჯარაზე ღორის სამი ბარკალი ჩამოუკიდია. - რა იქნა მეოთხე ბარკალი? - ვკითხულობ მე.



* * * * * * *



მე ქუჩაში მოვდიოდი სიცოცხლეზე ფიქრით გართული. ენერგიულად ვიქნევდი ხელებს. სრულიად შემთხვევით (თავს გეფიცებით) ჩემი მარჯვენა ხელი მოხვდა მუცელში ორსულ ქალს. რომელსაც გვერდით ქმარი მიჰყვებოდა. მომადგენ და მლანძღეს. ბოდიშმა არ მიშველა.

რამდენიმე თვის შემდეგ ქუჩაში შევნიშნე იგივე ცოლ-ქმარი. ქალს მუცელი აღარ ეტყობოდა. ისინი ეტლით მოაგორებდნენ პატარა ბავშვს. როდესაც გვერდით ჩავუარე, მათ ვერ მიცნეს. მხოლოდ ბავშვმა მიცნო თითქოს და გულმოსულად შეხედა ჩემს მარჯვენა ხელს და ატირდა.

მე გავწითლდი, ხელი ჯიბეში დავმალე. ვაკვირდებოდი ბავშვს და მიამიტად დავეძებდი მის სახეზე ჩემი მარჯვენა ხელის ნაკვალევს. შემდეგ ამ ფიქრებზე გამეღიმა და ღიმილში ვფიქრობდი. რა გარდაუვალი ჰგონია დაბადებულს მისი დაბადება და სინამდვილეში კი რა პატარა რამაა საჭირო იმისთვის, რომ იგი არ დაიბადოს. თუნდაც ქუჩაში სიარულის დროს მარჯვენა ხელის უფრო ენერგიულად ქნევა.



* * * * * * *



მზე ამოესვენა. ჩემი ფეხებიდან ფეხებით ამოიზარდა ჩემი ჩრდილი, ჩრდილი... მიდის და მივყავარ. იგი თავისი ფეხებით მიეზიდება ჩემს ფეხებს და მაიძულებს ვიარო. მე მსურს ვიარო და ვერ მივდივარ. ვერ დამიძლევია ჩრდილი, რომელიც დგას. ჩრდილი დაიღალა და წამოწვა და მეც მომიწვინა გვერდით, როგორც ერთგული ძაღლი. შემდეგ წამოდგა, წარზიდა ჩემი ფეხები და მაიძულა მეარა. აი, იგი მივიდა კლდესთან და გადაიმსხვრა კლდის ქიმზე.

მე ვიდექ მრთელი. მზე ჩაესვენა და გადაიკარგა ჩრდილი ჩემი და მე ეხლა თავად დავატარებ საკუთარ თავს.

მზე ჩაესვენა და ჩრდილი ჩემი დაედევნა მზეს. გადაიკარგა ჩრდილი ჩემი. მზემ გადაიყოლა იგი უცხო მხარეში და ჩრდილი ჩემი მოისხა სხვამ.

ვინ არის იგი?

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ