მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 236 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მართლა დიდი ხანია ერთმანერთს აღარ გამოვლაპარაკებივართ, ჩემო თეიმურაზ! შენ, კარგი ყმა და მამულის პატრონი, სასოფლო მომჭირნეობაში გართულხარ და წელიწადში ერთხელ ძლივს მომაწვდენ შენს ამბავსა; - მე, საწყალი აზნაურშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, ხან ერთს საქმეს წავაწყდები სხვისას და ხან მეორეს.

შენ, შენის კეთილ-მდგომარეობით ყოვლადვე დამშვიდებული, სხვა და სხვა სამეცნიერო წიგნების კითხვით შენს გონიერებას ამდიდრებ და შენს გრძნობას ასახიერებ; - მე, მართალია მოყვასთათვის, მაგრამ მაინც უცხოთათვის მაშვრალი, ვეღარცა რასა ვჰკითხულობ გონების მომასვენებელსა, ვეღარცა რასა ვჰსწერ გამოსადეგს ან შენთვის საამოსა. შენ ამ ორს წელიწადში შენი საოჯახო ეკონომიის საქმეები ყოველივე ისე კეთილად წარგიმართავს, რომ გულ-დამშვიდებული მოელი შენს მომავალსა; - მე, ტანჯული კაცი რომ იტყვის, "წისქვილი არ დაბრუნებულა ჩემს თავსა, თორემ სხვა არა დამკლებიარაო", მეც ისე ათასნაირს გაჭირვებაში ვჰტრიალებდი და ახლაც იჭვნეულობით შევჰყურებ ამრეზილს მომავალსა. მაგრამ შენ მაინც არ

მომშვებიხარ, - ამბავი, ამბავი რამე ღვთის გულისათვის, ამბავი მომწერე რამეო.

რადგან ვეღარ მომითმინე, რადგან გეტყობა ჩემი მონათხრობი მართლა ისე გწყურებია, რომ "მოამბის" გამოსვლასაც აღარ აცალე, მეც მოვაკელ ჩემს მოუცლელობას რამდენიმე საათი და, აჰა! მომირთმევია ერთი ამბავი. ვიცი, არც აცივებ, არც აცხელებ და მაშინვე "ცისკარში" უკრავ თავს  ამ ამბავსა, აქაო და "ცისკარს" საქმე უჭირს და ეგების ხელი გაუმართოთ როგორმე, რომ არ წაიქცეს, არ დაეცეს ეს ჩვენი ძველი სვინდისიანად ნაღვაწი ჟურნალიო, მაგრამ რადგან გამოცდილი მყავხარ და რასაც ერთხელ ამოიჟინებ, ვიცი, იმას აღარა ეშველება რა, - მეც ვეღარ გაგინაზდი, შენთვის დავჰსწერე ეს ამბავი და სრული ნება გაქვს, როგორც გინდა ისე მოიხმარო. თუ დააბეჭდინებ, იქნება წასაკითხავად გამოდგეს და იქნება ზოგმა საქმითაც გამოიყენოს;

ესკი იცოდე, რომ თუ ამისს ბეჭდვაშიაც იმდენი შეცთომა შეეპარა სტამბასა და იმდენი სიტყვის გადასხვაფერება გამოვიდა, როგორც, მაგალითად, `ღარიბი ყმაწვილი კაცის რომანში~ `გაფთხილების~ მაგიერად ზოგან `გაფლიდება~ გამოსულა და სხვანი, პირობას გაძლევ, რომ დასაბეჭდად მე შენ აღარა გამოგიგზავნო რა ახალი ამბავი.

 

ნასრ-ულლა

 

სამარყანდი, მოგეხსენება, განკერძოებული სახანო არის თურქისტანში, ან თურქმენთ ქვეყანაში, როგორცა, ვთქვათ, იმერეთია ქართველთ ქვეყანაში; და, მართალია, მზე იქ უფრო ჰმგზნებარებს, არდადეგების პაპანაქება იქ უფრო გაუსაძლისად მიაჩნია კაცსა; - მაგრამ ადგილ-მდებიარებითაცა, ნაყოფიერებითაცა და კაცის გამსჯელობითაც მშვენივრად არის ის ქვეყანა შემკობილი, მეტადრე ქალაქი სამარყანდისა.

სათათრო ქვეყნებში მთა-მინდორი რაც უნდა მწირი და განხრეკილი იყოს, სოფლებისას და მეტადრე ქალაქებისას მაინც იტყვის კაცი, ბაღებში ყოფილან ჩაფლულნიო. ტრიალს მინდორში ნამგზავრისათვის მეტად სასიამოვნოა აქა-იქ დანახვა ამ შეჯგუფებულისა და გაზქელებულის მწვანობისა. მაშვრალს თვალს მეტად ანებივრებს ეს მოჭირებული ზურმუხტისფერი; საჩალთუსო ჭაობებისაგან შეწუხებულს საყნოსველს მეტად ამხნევებს, მეტად ატკბობს

სუნნელება სამარყანდის ყვავილებისა და თუ მართლ-მორწმუნე მაჰმადიანმა, - ხომ მოგეხსენება, რომ მართლ-მორწმუნოებას ითვისებენ მაჰმადიანნი, - და თუ მართლ-მორწმუნე მაჰმადიანმა იქაურს გათქმულს ვარდებში ქალსაც მოჰკრა ვისმე როგორმე თვალი, - სამოთხე თუ არის სადმე, სწორეთ აქა ყოფილაო, ასე იტყვის.

მშვენიერია, სწორეთ მშვენიერია ბუნება სამარყანდისა, გარეგანი შესახედაობა მაინცა! შიგნით შეხედვა ხომ, - ეგების სადერეფნო ამბავიც არის შევიტყოთ რამეო, - არას გზით არ შეიძლება უცხო კაცისათვის: ყორუღ-დურ, დესტურ დეგულ! მაგრამ ამ მშვენიერს ბუნებას ისეთის მშვენიერებისათვის არსად უალერსებია, როგორიც მშვენიერება ნურ-აღა იყო, პირმშო ქალი ერთი იქაური ვაჭრისა.

აღმოსავლეთის მხარეზედ სათათრო ქვეყნებში, ქალები შეკეტილში ჰსცხოვრებენ, ან უფრო სწორე ვთქვათ, ტალავერ-ქვეშ მცენარებენ; თუ არ უმახლობელესი ნათესავისათვის, დიდად გასაჭირია ნახვა იმათი, მაგრამ ნასრ-ულლამ როგორღაც მოჰკრა თვალი ნურ-აღასა და მას აქეთ აღარც სად ნეტარება ჰრწმენია ნასრ-ულლასა, აღარც სხვა სად სურვილი ჰქონია რამე; ასე გაჰსინჯე, ქეიფსაც აღარც სად მიჰნებებია, ამ ტკბილს სულისა და ხორცის მილულებასა, ამ საქმითსა და გონებითს უქმობასა, ამ ვნებითს ჩვეულებას, სადაც ყოველს მსოფელიო ზრუნვას, ჭმუნვას და მწუხარებას დროებით მაინც მიივიწყებენ ხოლმე ეს საპატიო მართლ-მორწმუნენი.

ნასრ-ულლა იყო წარმოსადეგი ყმაწვილი კაცი, თვალ-ტანადი და გონიერი; გონიერება იქამდინ მიუწვდებოდა, რომ, ბედს რომ იმისთვის ხანობა განეწესებინა, არაფერში არ ჩამოუვარდებოდა იმ თავისს სეხნია ნასრ-ულლა-ხანსა, მაშინ რომ იქ სახელოვანად ჰხანობდა; მაგრამ ღარიბი იყო ნასრ-ულლა და სიღარიბე დიდრადმე ნაკლულევანებად მიაჩნდათ ნურ-აღას საქმროსათვის.

ამ მიზეზით სხვას გააჭრევინეს ქებინი,6 ერთს შეძლებულს ვიღასაც აბრეშუმის მოვაჭრე ყიზილბაშს ალლაიარსა, მზადებაში იყვნენ და ქალს ისტუმრებდნენ.

იმდენი სიცოცხლე მოგეცეს, რამდენმა ცრემლმა ნურ-აღას გასტუმრების დღეს იმისს სამშობლოში იდინა! ვინ იცის, იქნება სხვაგანაცა ჰსტიროდნენ სადმე; მაგრამ ალლაიარი, კანონიერი მეუღლე ნურ-აღასი, თვითან ბედნიერი და სანეტარო ტვირთით შინისაკენ გასამგზავრებელი, დედაჩემს მალე მივჰგვარო ეს მშვენიერი ვარდიო და ამისი განმასახიერებელი კეთილ-სუნნელება ჩემს სახლში ვაკმიო სახელითა მაჰმადისათაო, - ვის რაღას დასდევდა ალლაიარი; ან რა ენაღვლებოდა, ჰსწუხს სადმე ვინმე თუ არაო!

სასიქადულო არაბულს ტაიჭზედ შემოისვა თავისი საუნჯე, თავისი არვათი ნურ-აღა და ადრბაჯანის გზას დაადგა რეშტისაკენ.

იმას წინეთ, იმავე დღეს გამგზავრდა სამარყანდიდამ ნასრულლაცა და შინ ამბავი დაუგდო, ხივას მივალო. ამათი მგზავრობა სწორეთ ისე გამოდიოდა, როგორც ვჰთქვათ, ქალაქიდამ ერთი ერევანს მიდიოდეს და მეორე ქუთაისსა.

ალლაიარს ახლდნენ ერთი მეჯინიბე და ერთი ნოქარი. ერთი დღის გზაღა რომ დაჰრჩათ, საფიქრებელი აღარა ეგულებოდარა და ეს კაცები წინ გაისტუმრა, თვითანაც კი არც ისეთი იყო ალლაიარი, რომ ადვილი შესაბედავი ყოფილიყო ვისთვისმე, ძალიანაც რომ მოენდომებინა ვისმე შოვნა ან იმისი ფულისა, ან იმისი ცოლისა.

მართალია, ეს ახლად შეძინებული საკუთრება იმისი ისეთი რამ იყო, რომ ბევრს აფიქრებინებდა წინდაუხედავს გამბედაობასა; მაგრამ ალლაიარმაც კარგად იცოდა, რომ მეტად სატრფო რამ ჰყავდა ცოლი და სადაც საფიქრებელი ადგილი ეგულებოდა რამე, ან სადაც თხრილი და რუ დაჰხვდებოდა ხოლმე, ისეთი სიფთხილით მიჰყავდა და ისეთი მზრუნველობითა, რომ მგზავრობაში ამის უკეთესი გამოცდილება კაცს არა ჰქონიაო, ასე იტყოდით.

აქ რუ ვახსენეთ, - სპარსეთში და ყოველს აღმოსავლეთის მხარის ქვეყნებში მრავალია რუ. მზე ისე ჰმგზნებარებს და ისე ჰსწვავს იქაურს ნიადაგსა, რომ კაცს თუ სარწყავი წყალი არა აქვს, ჯაფა სულ ამაოდ ჩაუვლის და ჭირნახულს სულ ვეღარას მოიყვანს; წყალია იმ ქვეყნის მაცოცხლებელი და გამანაყოფიერებელი. სარწყავი რუ, რასაკვირველია, ისეთი განიერი არ იქნება, როგორც ევროპიული რუები არის, ნავების სავლელად და გზის შესამოკლებლად გაყვანილი; მაგრამ აქაცკი გასაჭირი არის ხოლმე ხანდახან რუებს გასვლა. ხიდები და ბოგირები ზოგან სულ არ არის; გადახტომა აუცილებელია ხოლმე და ეს გადახტომა ზოგჯერ არაბულს ცხენსაც გაუჭირდება.

ერთს ამისთანა რუს მიატანა ალლაიარმა; ბოგირი რომ აშლილი დაჰხვდა, განს თვალი გადაავლო, ახლაკი დრო არისო, ჰსთქვა და გადააყარა ცხენს აღვირი. აღვირის გადაყრა და იმწამსვე ფრინველივით გადაფრენა ამ ცხენისაგან თხრილზე თუ რუზე ერთი იქნებოდა ხოლმე; მაგრამ აქ როგორღაც ცოდვა ეკითხა და ნაპირს რომ წაადგა, თითქო იქავე დაჰლურსმნესო;

ცოტას გაწყდა, ცოლ-ქმარიც კინაღამ რუში გადაცვივდნენ. ცხენოსნობაში რომ ალლაიარი ცოტა ნაკლებად ყოფილიყო გავარჯიშებული, - შენი მტერი ნუ შემაგრებულა, როგორც ის ვეღარ შემაგრდებოდა. შერჩნენ ცხენზედ და ცხენიცკი შერჩა გამოღმა ნაპირზედ გაჩერებული, მუხლებათრთოლებული. გაიხედეს გაღმა და ვიღაც ცხენოსანი დაინახეს იქიდამ მომავალი, თურქმენულს ცხენზედ მჯდომი.

- ვნახოთ ერთი, ეს რაღასა იქსო, - ჰსთქუა ალლაიარმა თავისს გუნებაში.

მოატანა იმანაც იქითა ნაპირსა და სულაც არ შეფერხებულა, რომ რუს ქარივით გადმოევლო.

- სალამ ალეიქუმ!

ალლაიარ გაშტერებული, თავბრუდასხმული შეჰყურებდა ამ თურქმენულს ცხენსა და, თვითან კარგი ცხენოსანი, განცვიფრებული იყო იმის სიმარდისაგან.

- ალეიქუმ სალამ!9

 - უპასუხა თურქმენელსა; - ვალლაჰი, ბილლაჰი, ჩემს სიცოცხლეში არსად მენახოს ამისთანა ცხენი!

სალამი შენდა, კაცო პატიოსანო!

- სალამ ალეიქუმ! - უთხრა კიდევ თურქმენელმა, - გეტყობა, ამ გადმოხტომით გაგაკვირვა ჩემმა გრიგალმა, მაგრამ ეს რა არი? ალლაჰსა ვჰფიცავ, უფსკრულმაც ვერ შეაფერხოს, გინდ ოთხი ამ რუს სიგანე ჰქონდეს!

- ჩემო სულის უფალო! მე რომ ვჰზივარ, ეს არაბი პირველი ჯინშისაა. ამას მოგცემ და ათას ბაჯაღლუს კიდევა, ოღონდ მე დამითმე ეგ შენი თურქმენი, შენი მამა-პაპისა და ყოველი შენი წინაპარის სულის საოხათა. სანი ჯანი იჩუნ, სანი ალლაჰ იჩუნ!

- ამ ჩემ გრიგალს აგრე ადვილად როგორ გავჰსცემ, ბაშნღადონიმ! შვილივით გამომიზდია, დუნიას მირჩევნია. მაგრამ, გეტყობა, კაი კაცი ხარ და შენი ნება იყოს, დაგითმობ, თუ ფასი მეტად არ დაგიმძიმდა, რასაცა გთხოვ.

ალლაიარის ცოლი ამ სიტყვაზედ თითქო როგორღაც შეთრთოლდაო; მაგრამ ქმარს იმისი აღარა ჰსცხელოდა, თურქმენული ცხენისაგან ისე იყო აღტაცებული, რომ აღარა გაეგებოდარა.

- მითხარ, რა გნებავს და, ინშალლაჰ! იქნებ შევიძლო!

- ვერა, ვერ შეიძლებ! მე შენი ვიყო, ვერც მე შევიძლებდი.

ამ ცხენს, უნდა გითხრა, სხვა ცხენი ჯერ წინ არსად უნახავს; დაბრკოლება გზაზედ ჯერ არსად რა შეჰხვედრია; დაღალვა რა არის, არ იცის, გინდ ქვიშიანი არაბეთის მინდვრები მოარბენინო.

მაგრამ ფასი შენ მაინც ძვირად გეჩვენება და მე კი სხვა ფასად ვერ გავჰსცემ, თუნდა ნახევარი სპარსეთიც შემომაძლიონ, ისპაჰანი და შირაზიც რომ ზედ დაადვან.

- მახლასი! რა უნდა იყოს, რას ითხოვ, რა გინდა?

- მე ვითხოვ... მე მინდა... ერთი, ერთად ერთი კოცნა მაგ ქალისა!

სისხლი თავში ეტაკა ალლაიარს; მარჯვენა ხელი ხანჯალს იტაცა და თურქმენელი ამ ფოლადს სწორეთ ვეღარ გადურჩებოდა, თუ რომ ერთს ჩაფიქრებას უეცრად არ შეეყენებინა ალლაიარი.

"გასაბრაზებელი ვითამ რა არის აქაო, იფიქრა. ჩვენს მეტი სხვა ხომ არა ვინ არის აქა! ეს ჩვენ ვერ გვიცნობს, ჩვენ ამას ვერ ვიცნობთ; ვინ რას გაიგებს!.. ჩემი ცოლი?.. მაგრამ ცოლი რა?.. რა უნდა გაბედოს?.. ერთი იმისი კოცნა და ეს საოცარი ცხენი, ეს საზღაპრო რაში!.. ერთი კოცნა!.. ვითამ რა უნდა იყოს ერთი კოცნა!.. რა უნდა გამოვიდეს ცალიერი კოცნიდამ?.. ვისი უნდა მრცხვენოდეს!.. ერთი ამ კაცისა, და ეს კაცი ხომ, ინშალლაჰ! მე ამას იქით აღარსად შემხვდება... ეჰ! აკოცოს და მერე ჯაჰნაბამდინაც უვლია!"

- აგრე იყოს, აკოცე და გადმოჰხტი მაგ გრიგალიდამ!!

- უბძანე პირბადე გადიხადოს, თორემ შალის კოცნაზე ხომ არ გაგრიგებივარ.

ცოლს უბძანა ალლაიარმა, პირბადე გადიხადეო და ისევ შეაქცია ზურგი, თვალით მაინც არ დავინახო ჩემი სირცხვილიო!

თურქმენელი დაუახლოვდა; გადაჰსწვდა ქალსა; აი, ჰკოცნის მგონია.

ალლაიარმა რომ იფიქრა, ახლაკი მივხედოო, ამ დროს ცხენები შეჰხტნენ, შეჭიხვინდნენ და მანამდისინ ქმარი გაიგებდა, რა მოჰხდაო, ცოლი თურქმენელმა გადიტაცა და თავისი გრიგალით თხრილს იქითვე გადაევლო. ამ საქმეს თვალის დახამხამებაც აღარ მოჰნდომია.

ალლაიარ დარჩა აქეთ ნაპირზედ მარტო, უაზრო, უგონო; პატარა ხანს ისა და იმისი არაბი სულდგმულებს აღარა ჰგავდნენ;

- გადისვა მერე თვალებზედ ხელი და იგრძნო თავისი მწყლულავი მდგომარეობა. რომ შეჰსძლებიყო, აჰკუწავდა თურქმენელსა;

რომ შეჰსძლებიყო, დაჰფშვნეტდა, დაჰფლეთდა და გაანიავებდა ნურ-აღას, რატომ თუ არ ეწინაემდეგა თავისს მომტაცებელსაო; რომ შეჰსძლებიყო, მთელს ქვეყანას დაამსხვრევდა, რატომ თუ ეს ზენაარსისაგან წყეული და სასოწარსაკვეთად კრულვილი არის აქ ჩვენშუაო.

წყალწაღებული ჩალას ეკიდებოდაო, ალლაიარიც ისევ თავისს არაბს ატანდა ძალასა, მაგრამ, რა შენი საკადრისია, ყურიც ვეღარ გაანძრევინა. გადმოხდა გამწარებული და ამას წინეთ რომ თურქმენელი გადურჩა, ის ხანჯალი ორჯელ-სამჯერ შიგ მკერდში ჩაუფლა ამ ბედკრულს ოთხფეხსა, თითქო განზრახვით დაეშავებინა რამეო.

დარჩა ალლაიარ ნაპირზედ მარტოდ-მარტო, უცოლო, უცხენო.

მომგესლავი, მომწამლავი იყო ახლა ეს წამი ალლაიარისათვის.

გაღმა ნასრ-ულლა და იმასთან იმისი სანეტარებელი ნურ-აღა, ამ ერთს წამს წინეთ ცოლი ალლაიარისა, ზნეობითად დათრგუნვილისა და ყოვლად გაუქმებულისა, იქავე იდგნენ, იმ საჯოჯოხეთო თხრილის ნაპირზედ და იქიდამ შემოჰყურებდა ნასრ-ულლა მკვდარივით დადუმებულს, სისხლ-გამშრალს ალლაიარსა.

- რაო, ალლაიარ!.. ცუდ გუნებაზედა ხარ, განა? ვერც მე ვიყავ უკეთესს გუნებაზედ, ყარდაშ! სამარყანდიდამ რომ ეს შენ მოგყავდა. თქვენსავე საადის უთქვამს, რაც მე მაშინ მემართებოდა:

"კაცი რომ ჰკვდება, ვერა ჰგრძნობს,

ხორცისგან სულის განსვლასა;

უგონოდ მყოფი ყოვლად ჰსთმობს

სიცოცხლეს თვისსა მაშვრალსა.

მეკი თვით ვჰხედავ ჩემს სულსა,

მიამგზავრებენ, მტაცებენ,

და მე ცოცხალსა, ბედ-კრულსა

აღარც მკვლენ, არც მიწყალებენ".

შენ თვითან იფიქრე, ყარდაშ, როგორ შეიძლება, რომ უსულოდ იცოცხლოს კაცმა? ჩემი სული აქამდინ შენს ხელში იყო და ახლა ჩემთანვე არის. შენთან საქმე აღარა მაქვს რა. - ინშალლაჰ! იმედი მაქვს, მე ეს სხვას არა ვის დავაკოცნინო.

- იყავნ ნება უფლისაო, - მიუგო ალლაიარმა სიმწარით, ყოველს სიმწარეზედ უარესითა, რადგან ცხადათა ჰხედავდა, რომ აღარა ეშველებოდა რა, - იყოს, შენი იყოს!... მაგრამ ერთი ვედრება, ერთი ვედრება გამაბედვინე... ეგ ცხენი როგორ გამოგიზდია მითხარი და... იქნება ცოლი დაგილოცო კიდეცა.

- ოჰ! ეგ დალოცვა ისეთი რამ ახირებული დალოცვა იქნება, რომ სწორეთ უნდა აგისრულო სურვილი. მაშ, ყური დამიგდე:

როგორც კაცი, ისე ცხენია მრავალი ქვეყანაზედ, რომ პირველის შეხედულობით თითქო მარდიც იყოს და ფიცხელიცა; სიცოცხლე და ღონე ამაში ყოფილაო, რომ ითქმოდეს; და რა რომ საქმით გამოჰსცდი, უღონოც გამოდის და არც ხანგრძლივი ჯაფის ატანა შეუძლია. მაგრამ შეიძლება ვარჯიშით ჯაფას შეაჩვიო, სიმარდე ასწავლო, სიფიცხეც შეიძლება დაუწყნარო. კვიცი რომ ორი კვირისა იყო, დედას მოვაცილე და ერთ კვირას ზროხის ძუძუ ვაწოვნინე. ამითი მგზნებარე სისხლი დაუწყნარდა.

- როდესაც დაიბადა, ესეცა და ამისი დედაც ბალახზედ გავიყვანე; ერთი პატარა ადგილი შემოვჰფარგლე და ჩალა გადავჰხურე, რომ წვიმაში შესაფარებელი ჰქონიყოთ; სიგრილისათვის კი არ მომირიდებია; ამ მოფარგლულ ადგილს პატარა თხრილი შემოვავლე; ჭაკს ხან შიგნით დავაბამდი, ხან გარეთა; კვიცი, რასაკვირველია, გამოჰხტოდა და დედასთან მისასვლელად ამ ვიწრო თხრილზედ ადვილად გადაჰხტებოდა ხოლმე; - ამ თხრილს განს თითქმის ყოველდღე ცოტ-ცოტას ვუმატებდი; წლის თავზედ ისევ ისე ადვილად გადაახტებოდა ხოლმე კვიცი, როგორც პირველ კვირეში, თუმცა დედისათვისკი გასაჭირი შეიქნა.

ამ რიგად თხრილს სიგანე ემატებოდა და ემატებოდა ხუთწლამდინ; ბოლოს ისეთი განი მიეცა, რომ, სულ რო ცოტა ვჰთქვა, ერთი ოთხად მაინც მეტი იქნებოდა ამ რუზედა, შენი მაღალ-ჯინშიანი არაბი რომ აგრეთი მოწიწებით შეუშინდა. - მაგრამ თხრილზედ გადახტომა ჯერ მაგდენი არა არის რა. საქები ცხენი ის არის, რომ მაღლობზედაც შეჰხტებოდეს და დაბლობსაც დაეშვებოდეს.

ესეც გაუადვილდეს მეთქი, თხრილს შიგნიდამ ხარიხეები შემოუვლე და ცოტცოტად იმდენს სიმაღლეზედ ავჰსწიე, რომ სამ ადლამდინ ავიყვანე. რამდენიც თხრილის განს ემატებოდა, თითქმის იმდენი ბაკის სიმაღლესა და ეს გრიგალი ბაკსაცა და ბაკს გარეთ თხრილსაც დაუფიქრებლად გადაევლებოდა ხოლმე. ხუთ წელიწადს იყო ამ ვარჯიშში ჩემი გრიგალი.

ახლა იმის ჯანისა და სიმარდისა უნდა გითხრა კიდევა: იმთავითვე პატარა ჩული გადავჰხურე, ჯერ ძალიან მსუბუქი და თხელი ნაბადი, - მერე უფრო და უფრო ზქელი და მაგრად მოთელილი, მანამდისინ მეოთხე თუ მეხუთე გამოცვლაზედ კარგა მძიმე ქეჩის ნაბადი არ გადავაფარე. ამ ჩულს ხანდახან ვასველებდი, რომ სიმძიმე მოჰმატებიყო; მერე უფრო დასამძიმებელად ქვიშას ვაყრიდი და ბოლოს ქვებსაც შევუწყობდი ხოლმე. ასე რომ, მეხუთე წელიწადში რომ ჩადგა ორი კაცის სიმძიმე ტვირთი

ჰქონდა ყოველთვის ზურგზედა, მაგრამ მაინც ისე მსუბუქად იყო და ისე ადვილად დაჰხტოდა და დააჭენებდა, თითქო ზედ არა ჰქონიყო რა. ასე გამოიწურთნა ეს ჩემი გრიგალი, უღალავი და უშიშარი.

- ბარექ-ალლაჰ! ახლა დაგილოცოს ეგ ჩემი ნაცოლარი. თუ ვიცოცხლეთ, ალბათდა, მაგიერსაც გადაგიხდიო, - უთხრა ალლაიარმა. დაუკრეს ერთმანერთს თავი და გაჰშორდნენ.

ნასრ-ულლამ გასწია სამარყანდისაკენ თავისი ახალი ნაშოვნი ცოლითა; ალლაიარ, მარტო, დაადგა რეშტის გზასა; მაგრამ ბეჯითად კი ვერ ვიტყვით, შინ მივიდა - თუ არა.

ეს მოხდა ჩყკ-სა [1820] ზოგი სპარსეთში და ზოგი თურქისტანში.

ახლა ამ მოთხრობაში მეორე კარია შესაღები. მანამდისინ ამ კარს შევაღებდეთ, როგორ მოითმინოს კაცმა, რომ პატარა ხანს არ შეფიქრდეს, ასაღებ-დასადები, გამოსარკვევი და კაცობრივის მსჯელობით შესაწონი საგანი საქმეში ურიცხვი არის ხოლმე და ამ მოთხრობაშიაც არის, რასაკვირველია. ამბავი რაც უნდა შემოკლებული იყოს, კაცი თუ ყოველსავე გამოსაკიდებელს გამოეკიდა, შეიძლება „ყარამანიანის“ ოდენი წიგნი დაიწეროს. მაგრამ მე რომ შენი ხასიათი ვიცი, აქ შენს ყურადღებას მარტო ორს საგანზედ მოვითხოვ:

უფლება და სამართალი არის რამე იმ ქვეყანაში თუ არა, რომ ალლაიარის მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მთავრობას მიჰმართოს და იმისგან ითხოვოს სამართალი ამგვარის მტაცებლობისა? - ეს ერთი.

ნურ-აღასგან რომ აქ კრინტი არა ამოღებულა-რა, სხვა ქალებიც ამ მდგომარეობაში არიან იქა, თუ მარტო იმას დაემართა, რაც დაემართა? - ეს მეორე.

დიაღ მართალია, რომ ამ ორი საგნის გამოძიება მაგდენად არაფრად არის საჭირო არც შენთვის, ჩემო უძვირფასესო თეიმურაზ, და არცა ჩემთვისა; მაგრამ ცოდნა ვის მოჰსჭარბებია და აქ რომ ცოტაოდენი ვილაპარაკოთ რამე, ზარალი მაინც ვის რა მოუვა.

მართვა და მსჯელობა, უეჭველია, ყოველს ქვეყანაში არის, მაგრამ იმდენნაირი, რამდენნაირიც ხალხი და საზოგადოებაა ქვეყანაზედ, სხვა და სხვა ტომისა და სხვა და სხვა ჰსჯულისა.

ალლაიარს სპარსეთში მოსტაცეს ცოლი და თურქისტანში გაიყვანეს. სპარსეთში და თურქისტანში, მოგეხსენებათ, თემის მმართველნიც არიან, მაზრისაცა და სოფლისაცა; იმათი დაწყობილებაც ისე არის შეთანხმებული იქაურს ადგილ-მდებარეობასთან, ქვეყნის ჩვეულებასთან და საზოგადო მსჯელობასთანა, როგორც ყოველგან სხვაგანა. იმათი ხელმწიფობითი წესდებულება და იმათი სამართლის კანონები ქართულს ენაზედ რომ გადმოთარგმნილი წინ გედვას და გულისყურით წაიკითხო, ასე იტყვი: რას ემართლებიან იმ ქვეყნებსა, ყოველივე დაწყობილება დიაღ კარგი ჰქონიათო. მაგრამ საქმით კანონი უღონოა და ბოროტმოქმედება იქაურის მმართველობის მოსამსახურეებისა იქამდინ არის გავრცელებული, რომ თვითმნებლობა უძევს საფუძვლად ყოველს მმართველსა და მსაჯულსა.

ქვეყნის სიკეთისა და მშვიდობიანობისათვის რომ იქ გულით ჰზრუნავდეს ვინმე, თვითანვე იტყვის „ერთი კაცმა მკითხოს, მე რაღაზედ ვიცივებ თავსაო“. ასე იტყვის კაცი, თუ რომ სვინიდისი, ეს ზეციერისაგან მიჩენილი მოსამართლე, არ დაჰსდუმებია და გული არ გაჰქვავებია. მანამდისინ საზოგადო თვისება არ მოგვაგონდება ადამიანის ხასიათისა, ასე უნდა ვიტყოდეთ: ქვეყანაზედ არა იქნება-რა არც სახიარება და სათნოება ისეთი, არცა სიბილწე და სიმყრალე ზნეობითი, რომ კაცს იმისი შეჩვევა გაუჭირდებოდეს. საოცარი ქმნილება არის კაცი: მფლობელი არის აუარებელის ნიჭისა და, თუ მოიწადინა, შეუძლია ძლიერება უძლეველი და სიწმინდე ანგელოზის შესადარებელი შეიმოსოს. თუ არადა შეუძლია დამდაბლდესცა სულითა და ხორცით უმდაბლეს ყოვლად საზიზღარის ქვეწარმავალისა.

თურქისტანშიც ისეა ხალხი შეჩვეული მმართველების უსვინდისოებასა და ბოროტმოქმედებასა, რომ, ზემოთ რომ ვჰთქვით, „მე რაღაზე ვიცივებ თავსაო“ - ამას კი აღარავინ იტყვის - სხვა რასმე ღონისძიებას მოიხმარს თავისის წადილის შესასრულებელსა; ისეთ ღონისძიებასა, რომ საზოგადო ზნეობითს გარყვნილებას შეეფერებოდეს.

ალლაიარს რომ თურქისტნის მთავრობისათვის მიემართა, მოურავებისა, დივანბეგებისა, ბეგლარ-ბეგებისა, მსაჯულებისა და მსაჯულთ-უხუცესების კარებების ცვეთას მოუნდებოდა თვითანაცა და ყოველი იმისი საცხოვრებელიცა, ამიტომ რომ, - აღორძინდით და განმრავლდითო, - ამის მაგიერად სხვა სიტყვა არის ჩვეულებით ჰსჯულად დადებული იქაურს მოხელეებში: „ისარგებლეთ და იცხოვრეთ, გვასარგებლეთ და გვაცხოვრეთო“. ალლაიარმა კარგათ იცოდა ეს ჩვეულება ჰსჯულთუმტკიცესი და მიანება დრომდის თავი გულის დამჩაგვრელს თავისს საქმესა.

ახლა, ნურ-აღამ რატომ ხმა აღარ ამოიღოო, მასრ-ულლა რომ იტაცებდაო. ნურ-აღა, - ნუ დავივიწყებთ ამასა, - ქალი იყო და სადაც კი კაცის ბუნებაზედ „ყარამანიანის“ ოდენი წიგნი დაიწერება, იქ ქალის თვისებასა და ქალის მნიშვნელობას არც ოთხი წიგნი ეყოფა ასაწერად და განსამარტებლად.

რაც ამაზედ სხვა და სხვა საქვეყნო ჩვეულებაში სხვა და სხვა აზრი არსებობს, რამდენსამე უმთავრესს აქ მოგახსენებ და იმედი მაქვს, რასაც აქ სხარტულად გამოგიხატავ, ისიც საკმაო იყოს ფილოსოფიურის მსჯელობის შესაფიქრებლად. სადაც წარმართობა და კერპთ თაყვანისცემა არსებობს, იქ ქალისას იტყვიან: იმისთვის არის გაჩენილიო, რომ გულისთქმა მამრისა, ან ასე ვთქვათ, ბუნებითი მიზიდულება სქესებრი მოიოხებოდეს და შესრულდებოდესო. სხვა არცა-რა მნიშვნელობა აქვს იმათში ქალსა და არც არა ღირსება კაცობრივი. ზოგან ისეა ქალი ჰსჯულით დამდაბლებული, რომ დაქვრივებული ცოლი სახმილში თან უნდა ჩაჰყვეს ცოცხალი მიცვალებულს ქმარსა და იმასთან ერთად უნდა დანაცრდეს.

მაჰმადიანები ცოტა უფრო მაღალს ხარისხზედ აყენებენ ქალის მნიშვნელობასა. მართალია, ქალს იმათში არც საზოგადო საუბარში გარევა შეუძლია, სამსჯელო თუ სამეცნიერო ბაასში, და არცარა ქვეყნის გამოსადეგი მოქმედება რამე, რადგან ჭკუა მოკლე აქვსო, ასე ამბობენ და ჰსჯერათ კიდეცა, რასაც ამბობენ, მაგრამ შინაობაში სახლის მართვა და ბატონის ქმრის სიამოვნება ქალსა აქვს მითვისებული. კანონი აღიარებს ქალსა საშინაო მომსახურედ და მემცხედრედ ქმრისათვის, ან, ასე ვჰსთქვათ, ცოლად (თანაწოლად, თანამწოლად) და კაცს ნება აქვს, სამი ერთად იყოლიოს ამგვარი ცოლი კანონიერად და რამდენისაც რჩენა შეეძლოს, იმდენი უკანონოდ. არც კანონიერთაგანსა და არც უკანონოთაგანს ქმართან ხმა სულ არა აქვს არც შინ და არც გარეთ. ბძანება ქმრისა უცვალებელი არის.

ქრისტიანენი, სწორეთ ღვთიურის ჰსჯულის აღმსარებლები, ვამბობთ, რომ სული ქალისა თანასწორ არიანო ღვთისა წინაშე. ქალი არის მეუღლე, შეტოლებული მეგობარი კაცისა, იმდენად პატივცემული, რომ ზოგიერთს საქვეყნოს ჩვეულებაში უწინ ისინი იხსენებიან: დედ-მამა, ცოლ-ქმარი, ცოლ-შვილი, ქალ-ვაჟი. აღვიარებთ, რომ ქალის ნიჭიერება ხანდახან გადააჭარბებს კიდეცა კაცის ნიჭიერებასა, და ქალი არის ის ქვა ოთხკუთხედი, რაზედაც ეფუძნება ამ წუთის სოფელში სიამოვნება და ბედნიერება კაცისა და მეგობრობითად წარიმართება ხელი სათნოდ ცხოვრებისათვის.

ქალებზედ ეს არის უმთავრესი მოძღვრება ჩვენი სარწმუნოებისა და სარწმუნოებაზედ დამყარებულის ჩვეულებისა და სხვას არას ჰსჯულში არ არის ქალის მნიშვნელობა ამ სიმაღლემდის აყვანილი.

მაგრამ ჩვენს ქრისტიანობაშიაც რამდენნაირად არის შეიწროებული თუ გავრცელებული კაცობრივი სამართალი ქალისა, ამას ვინ მოჰსთვლის. ზოგან პატივი შესაბამი ჰსძევს ქალსა, მაგრამ წრე იმის მოქმედებისათვის არის სახლი, გათხოვებამდინ სამშობლო და გათხოვების შემდეგ-საქმრო. ზოგან გათხოვებამდინ სრულიად არაფერი ნება არა აქვს-რა ქალსა და რომ ქმარს შეირთავს, მაშინ კი თავისუფალია და წევრი საზოგადოებისა.

ზოგან გათხოვებამდინა აქვს სრული თავისუფლება ქალსა. როგორც ჩვენში საცოლო ყმაწვილი კაცები, ისე იქ გასათხოვარი ქალები თავისუფლებით ჰმსვლელობენ და პატივი ჰსძევთ ისეთი, რომ მაგალითად, მრთელი ამერიკა რომ მარტო შემოიაროს ერთმა ქალმა, ყოველი კაცი მოსამსახურეა იმისი და ხელის გამმართავი და დიაღ ძვირათ მოჰხდება შეგინება იმის პატიოსნებისა ან დარღვევა იმის კეთილ ზნეობისა, თუ არ შეამჩნიეს-გავარდნილთაგანი არისო. და რა რომ ეს ქალი, თავის ნებით და აღრჩევით, ქმარს შეირთავს, იმ დღეიდამ მოკიდებული, თითქმის სულ ხელაღებულია ქვეყნიერებაზედაცა და საზოგადოებაზედაც. ყოველი ზრუნვა და ყურადღება შინაურს საქმეებზედა აქვს მაშინ მიქცეული და შვილების აღზრდაზედ. ევროპიულმა განათლებამ მხოლოდ ამერიკაში დააყენა ქალი ამ  საპატიო ხარისხზედ.

ახლა მგონია ადვილათ დავიჯეროთ, რომ ნურ-აღა ვერცა რას იტყოდა და ვერცა რას გაჰბედავდა, სადაც ერთის მხრით ქმარი ეგულებოდა სრულის უფლების მექონი და მეორეს მხრით მეტოქე ქმრისა, კაცი, რომლისაგან, ვინ იცის, იქნება უფრო მეტს გამოელოდა ალერსსა და ფუფუნებასა.

კარგად დაემართა თუ ავად, ამას ახლა შევიტყობთ.

 

ნაზიმათ

 

საპოლიტიკო ქვეყნის დაწყობილება კაცის საქმე არის და კაცის საქმე სრული ჯერ არსად რა გამოჩენილა. ბუნება ქვეყნისა და ფიზიკური მოწყობილება არის შემოქმედის საქმე, ყოვლად და ყოვლითურთ სრული, იქამდის სრული, რომ ქვეყნის დაარსებითგან კაცობრივს გონიერებას ჯერ ვერსად განუცდია და ამ მიზეზით ზოგიერთი ქვეყნის თვისება ზოგს მეტად მოგვწონს და ზოგიერთს ზოგნი დიდად ვიწუნებთ.

ავად შენი მტერი, ავი რამ სამყოფი ზაფხულში სამარყანდი იყოს.

და ნუ მოგიშალოს ღმერთმა ისეთი საცხოვრებელი, როგორც გაზაფხულზედ ის არის. ნუ მომაგონებინებ, ნუ შემიყვან იქაური გაზაფხულის დაწვრილებითს აღწერაში, თუ არ გინდა, რომ გული დაღონდეს იქ არ-მყოფობითა; იქაური მარტი, აპრილი და მაისის აქაური მარტი, აპრილი და მაისის შედარებითა! - ცა მოცინარი;

ქვეყანა მოლხინარი; მზე ცხოველ-მყოფელი; მდელო, მცენარე, ყოველი არსი და სულდგმული, ხელახლად შემომავალნი ბუნების დღეობის ლხინში, სადაც მხიარულებით მაშვრალნი ჯგუფად და ჯგუფად, წყვილად და წყვილად, ზოგნი აქ განისვენებენ, ზოგნი იქ მუსაიფობენ და ისევ ირევიან საერთო ფუფუნებაში, სიამოვნებაში და დაუცხრომელს სამეჯლიშო მოძრაობაში... როგორ გამოჰსთქვას კაცმა თვისება იქაურის გაზაფხულისა!!.. ხმოვანი ჰხმობს, მგალობელი ჰგალობს, ჰმეტყველი ჰმეტყველებს, მღაღადებელი ჰღაღადებს, - მდელონი ჰბიბინებენ, მდინარენი მჩქეფარებენ, ცხოველნი ჰმქშენარებენ, ჰსისინებენ, ჰსწიწინებენ, ჰსჭრიჭინებენ, ჰყიყინებენ, ჰყაყანებენ, ჰფრიალებენ, ჰშრიალებენ, ღრუტუნებენ, ჰბუტბუტებენ, ჰგრგვინვარებენ და ასე შეათანხმებს ყოველი ქმნილი და გაჩენილი ერთს საორატორიო ხმოვანებას ღვთის სადიდებელსა და ჯერეთ საოცნებელსა მოცარტისათვისაც, ჰეიდენისათვისაც და სხვათა ყოველთა საკვირველ-ნიჭიერთა მოსაკრავეთათვისცა!!!..

ასე გაშინჯე, ერთმა იქაური გაზაფხულის მოგონებამ ისე წარმიტაცა, რომ თითქმის სამწიგნობრო კილოთი ამალაპარაკა შენთანა.

"ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უჰსჯულოთასა".

ურჯულოს ვეძახით თათრებსა, თუმცა იქნება ჩვენზედაც უფრო მტკიცედ ადგნენ თავისს ჰსჯულსა და იქნება ზნეობითაც ბევრი იმათგანი ბევრს ჩვენგანსა ჰსჯობდეს. მაშ იმ აზრით მივიღოთ ეს მეფსალმუნე წინასწარმეტყველის ლექსი, რა აზრითაც უთქვამს იმ უსჯულოებაზედ, რომელთაც კეთილი, ჭეშმარიტი და აღსაარებელი არა ჰსწამთ-რა, - და თუნდა ნუ მივალთ, ისე გაუარეთ, შევხედოთ და ყური დაუგდოთ აიმ ოთხიოდე კაცის საუბარსა, ცაცხვ-ქვეშ რომ დამსხდარან და თითქო ქვეყნის საქმეებს არჩევენო.

მოგეხსენება, ახლანდელს მწერალს, მოამბეს, დიდი რამ უფლება აქვს მითვისებული: სადაც უნდა შეგახედებს, როდინდელიც უნდა იმ დროინდელს საქმეს თვალწინ წამოგიყენებს, რაც სივჰრცე უნდა, ერთს წამს მოგატარებს. შეუძლია ახლავე, ამ ერთს წამს პეკინი გაჩვენოს, დედა ქალაქი ცას ქვეშეთის იმპერიისა; იქიდამ ლონდონს გადაგასკუპოს, სადაც რაც მთელს კავკასიას ხალხი ახვევია, იმდენი მარტო იმ ქალაქში ჰსცხოვრებს, და იქ სამრთელქვეყნო ბაზარი მოგატაროს; ამერიკას გადაგაფრინოს და იქაური უმაგალითო ჩხუბები გაჩვენოს, სადაც ათიათასობითა ჰსწყდება განათლებული ხალხი, რომელიც ერთის მხრით იძახის - თავისუფლება უნდა მიეცეს თქვენს ნასყიდს არაბებსაო და მეორეს მხრით - უიმათოთ თავი რაღათ გვინდა ცოცხალიო;

მოგაფრინოს და რკინის გზით მოგახრიალოს პეტერბურღს და გაგაცვიფროს ამ მყინვარეს ქვეყანაში და საფლობს ჭაობზედ აშენებულის ქალაქის ნახვითა; აგიყვანოს დაგიყვანოს, სტამბოლს ხვანთქრის (ხუნქიარ) საწოლში შეგახედოს, მართლა ერთი ცოლის მეტი აღარა ჰყავს, თუ ისევ ასეულად უსხედანო;

თეერანში ყეენის ყალიონი მოგაწევინოს, შირაზის ღვინო გასვას, იქაური ქალებისათვის გაალერსებინოს, - ნუ გენაღვლება, რომ ძვრისაგან არის შირაზი დანგრეული, და ისევ ისე მიგიყვანოს სამარყანდსა, თითქო აინუმშიაც არა ვყოფილვარო. მეც, ეს ყარიბი ლიტერატორი, მაგრამ ამ საოცარის უფლებით მოსილი, თვალწინ წამოგიყენებ და შენის ყურით გაგაგონებინებ, რასაც ის ოთხი თათარი ცაცხ-ქვეშ ლაპარაკობდნენ, წელსა 1828-სა, თვესა მაისის დამლევსა.

- რა ვჰქნა, როგორღაც იმ ყიზილბაშს მომაგონებს ეს ჰაჯიისქენდერა, ამ ხუთს-ექვს წელიწადს წინეთ რომ აქ იყო და მაჰმად-უსეინას რომ აბრეშუმს ევაჭრებოდა.

- რომელ ყიზილბაშსა? აი, ქელბალაი-ჰასანას ქალი რომ ითხოვა, რა ერქვა, აღარ მახსოვს, ალლავერდის ეძახდნენ თუ ალლაიარსა... - ალლაიარსა, მგონია!

- დიაღ, მგონია ალლაიარსა ეძახდნენ სწორეთ იმას!

- დიდ არს ალლაჰი და მაჰმად თვინიერ წინასწარმეტყველი მისი. აკი ხმა იყო მოკვდაო, გველმა უკბინა თუ ცხენმა დასწიხლა, მაგრამ მაინცკი მოკვდაო, ამბობდნენ. რომ არ მომკვდარიყო, იმის ცოლს ეს ჩვენი ნასრ-ულლა როგორ შეირთამდა?

- ეჰ! ვინ იცის, რამდენი რა მოხდება დუნიაზედა. ჩვენი ნასრულლასი არ იყოს: რა დიდი ხანია ისე ღარიბი იყო, რომ ზედაც არავინ შეაფურთხებდა!

- მახლას! მაშინ არავინ შეაფურთხებდა და ახლა? მე გითხრა, იმისი სახლი და ბაღი ხანს არ შეშვენის! მე გითხრა, დუქნები არა აქვს სამარყანდში გამართული!

- კურთხეულ-არს ცხრაასოთხმოც და ცხრამეტი სახელი ალლასი და მაჰმად მხოლოდ ფეხამბარი მისი!20 ფულიჰ? მამლებიც ვეღარა ჰკენკენ, იმდენი ექნებაო!

- ფული რა ფული! შენ სახელი თქვი იმისი, ხმა თქვი სად არ

არი გავარდნილი? მოყვრობა იკითხე, ვის დაემოყვრა!

- ვის დაემოყვრა? ეგ არა შემიტყვია რა!

- როგორ არა! ხიველმა ულლუ-ბეგმა არ მიჰსცა თავისი ქალი, თავისი მზითუნახავი ნაზიმათი! საკვირველს რასმე ამბობენ ამ ქალის მშვენიერებასა; ამ მხარეზედ ჯერ იმისთანა არა დაბადებულარაო. ნურ-აღა იმას მოახლეთაც არ ეკადრებაო.

- ბაი, ბაი! ნეტა თუ აგრეთი რამ იყოს.

- ასე გამიგონია, იმისთანა ქვეყნიერი მნათობი ჯერ ცასქვეშეთში არა ნახულაო. ალბათდა, ბედნიერი კაცი ყოფილა ნასრულლა, ამას თქმა აღარ უნდა.

- საბრალო ნურ-აღა კი დაჩაგრული თურმე ჰყავთ!

- მაგასაც ამბობენ, ვითამ ნასრ-ულლას ებძანებინოს ნაზიმათს უნდა ემსახურებოდე ხოლმეო და ამსახურებს თურმე კიდეცა. მაგრამ, ეჰ! რა ჩვენი საქმეა ამისი ლაპარაკი! გვეტყობა ცოლებიანები ვყოფილვართ ჩვენცა. დაჰსწყევლოს!.. თითქო სუნით შეიტყობენ ხოლმე ჩვენი ცოლები ამისთანა საქმეებსა.

- მე ისევ იქა ვარ, იმ ყიზილბაშთანა! ეტყობაკი, ალლაიარი არ არის; ალლაიარი რომ ყოფილიყო, ამ ქალაქში ნაცნობი როგორ არავინ ეყოლებოდა! სწორეთ ახალი მოსულია ვიღაც არის; ან აგრე რამ გააღარიბა! ნასრ-ულლას ამბავსკი უფრო კითხულობს თურმე.

- ეგ რა გასაკვირველია! ვინ არის ახლა, რომ იმისს ამბავს

არა კითხულობდეს.

- დიაღ არავინ! კარგათ კი ჩამოცხა დღესა, თუ თქვენც იტყვით.

- რა მაგისი პასუხია და ახალი ანბავი შეგიტყვიათ თუ არა? გურჯისტანი სულ დაუპყრიათ ყიზილბაშებსაო!

- ფუჰ! იქნება მართლა?

- მართალია თუ არა, სწორე არავინ იცის. ამბობენ, ვითამ ერთი ვიღაც იარმალოუ მჯდარიყოს ბეგლარ-ბეგათაო და იმის მაგიერათ ურუსთ ფაჰდიშას22 სხვა ვიღაც ფესქოუჩი გამოეგზავნოსო.23 აბბას-მირზას რომ ეს შეუტყვია, დრო ახლა არისო უთქვამს, ფეთ-ალი-შაჰს მაშინვე გამოსთხოვებია, გაუწევია და სამასიათასი რაზმი ჯარით თავდაჰსხმია იმ ფესქოუჩსაო. ჩვენს დოსტ-მუჰამედს არაფრად თურმე მოსწონებია ეს ანბავი; ერთი კაცი იშტარხნისაკენ უფრენია,24 მეორე შაქი-შირვანისაკენა, სწორე შემიტყეთ რამეო და ჯერ კი არც ერთი არ დაბრუნებულაო.

- ნეტა იმ დოსტ-მუჰამედს რა ჰსცხელა, ან ჩვენა! მე ეს ვიცი, რომ თუ ყიზილბაშებმა ჩვენ ვერა დაგვაკლესრა, ვერცა გურჯებს დააკლებენ და ვერცა რა ურუსებსა.

ჩვენ რაღა გვცხელა, ჩემო თეიმურაზ, რასაც ესენი მიედ-მოედებიან - ეს ხომ ვიცით, რომ სწორე ამბავი არა ჰსცოდნიათ და დავანებოთ თავი; ახლა სხვაგან შევიხედოთ სადმე.

აგერ, ქალაქის ბოლოს რომ ბაღებია, იქ ერთ ბაღში, კარების პირდაპირ, ვიღაც ქალი და კაცი სხედან ჩდილში და მუსაიფობენ.

მოდი, ახლოს გაუაროთ და თუ გინდა შევჰხედოთ კიდეცა.

აცა-აცა! ეს ხომ ჩვენი ნასრ-ულლაა! ქალიჰ? ოჰ, ღმერთო! რა მშვენიერი რამ არის!! ღმერთო! შენ დაგვიხსენ განსაცთელისაგან! არა ძმაო, წამოდი, აქეთ წამოდი, თორემ რა ხუმრობაა!

ვერ უყურებ? ნასრ-ულლა ხომ ქმარია იმისი, მაგრამ თითქო ჭკუაზედ შემცთარიაო, თითქო გაგიჟებულიაო, ისე უალერსებს.

გამოვეცალნეთ, თორემ აქაურს ჰაერს რაღა ეს უნდა, რომ სისხლი უდუღს კაცსა და გულის თქმა ცეცხლად ედება.

აგერ, ვიღაც გლახა მოდის ჩათლახი ცხენითა და იმას ვადევნოთ თვალი, ესა ჰსჯობია! უყურეთ ერთი; ესეც იქით იცქირება, იმ ქალისაკენა. ვაი! შენი ბრალი საცოდავო? მოდი ახლა და ნუ გაგიკვირდება, რომ ღვთის გაჩენილი ჰქვია იმასაც და ამასაც.

- ღვთის გულისათვის, ბატონებო, ერთი წყალი მასვით

გლახაკსა და მაშვრალსა, თქვენის ღვთის გულისათვისსაო, - მიაძახა ბაღში ამ საწყალმა.

- მაცალე, ნაზიმა, წყალს მიუტან გლახასა და იმავ წამს მოვალ. მაგრამ არა! შენ მიუტანე ჩემო სალოცველო, შენ გაკურთხოს, ჩემო კურთხევაო!

და ნაზიმათი, ეს საოცარი მშვენიერება, ეს ნეტარსაყნოსი ყვავილი აღმოსავლეთისა, სასუფევლური ოცნება მართალის მაჰმადიანისა, - ეს წარჩინებული მხატვრობა უზესთაესის მხატვრისა, მივიდა კართან, გააღო და მიაწოდა წყალის საცივი ქაშანური გლახაკსა. ბედნიერი ქმარი ნეტარების თვალით შეჰყურებდა ამ ღვთის სათნო საქმესა.

- შენ გაკურთხოს ყოვლად-ძლიერმა ბედნიერებითა და ქმრის სიყვარულითაო, - უთხრა ქალს მთხოვარმა და დაჰსწვდა ლიტრის გამოსართმევად. დაჰსწვდა და ლიტრა ბაღის პატრონს შეჰსტყორცნა; დაჰსტაცა ნაზიმათს ხელი და უეცრად შეშინებული, გულწასული, ცხენს შემოიგდო.

- სალამ-ალეიქუმ! ნასრ-ულლა-აღა! გმადლობ სწავლებისთვისაო, - მიაძახა და... აბაჰა!!..

ნასრ-ულლას აღარა უნახავსრა.

რა გუნებაზედ დარჩებოდა, შენ იფიქრე. ქვეყნიერი ბედნიერება აღარა აკლდარა და მყისად შეემუსრა, შემოებსხურა ყოველივე. შენს მტერსამც დამართია, რაც იმას დაემართა მეთქი, ვიტყოდი, წყევლა რომ ჩვენი შესაფერი ყოფილიყო.

იმისი თოთხმეტ-თხუთმეტის წლის თურქმენული ცხენი სადღა მოეწევოდა ალლაიარის ექვსიოდე წლის ცხენსა, თურქმენულად გაწვრთნილსა!

ალლაიარი ხომ, რაღა თქმა უნდა. სად ნურ-აღა, სად ნაზიმათ! როგორ იფიქრებდა ნურ-აღასთან იმ ბედნიერებასა, რაც ნაზიმათთან მიეცა.

ეს რომ 1828-ში მოჰხდა, 1838-ში ვიყავით რეშტსა და იქ ვნახეთ სამი ვაჟი და ერთი ქალი, სპარსეთის მარგალიტები. ალლაიარისა და ნაზიმათის შვილები იყვნენ.

ის დაუფასებელი ცხენი კი აღარ ჰყავდა მაშინ. უპირველესს სამეჯინიბოში ება იმ ქვეყნისაში.

კარგი, რომ სხვა მაინც აღარ წაართვეს რა ალლაიარსა და საშინაო ყოფაცხოვრებაში მაინც არავინ წაეცილა ძლიერთაგანი!

ამ დარიგებით ცხენის გამოზდა მართლა ადვილი უნდა იყოს; მაგრამ ამ დარიგებით ცოლის შოვნაც ყოველთვის ასე შეიძლება თუ არა, ამისიკი რა მოგახსენო; ანკი რაში გვეკითხება ეს ჩვენა, ქრისტიანებსა?! 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ