მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 9434 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

I

 

რკინის გზის ნაპირას სადარაჯო ქოხი დგას. ქოხის კედელთან გრძელ სკამზე დარაჯი თომა და მისი თვრამეტი წლის ქალიშვილი ბრმა თინა სხედან.

თინას თომასთვის ზურგი შეუქცევია და თავის ტევრი გაწეწილი თმა მამის მკლავებსა და მუხლებზე დაუყრია. თომა ხის სავარცხლით უვარცხნის თმას და ეუბნება:

- ამისთანა ლამაზი შავი თმა ჯერ არ მინახავს. გეზრდება და გეზრდება.

- მართლა, მამილო? ლამაზი თმა მაქვს განა! მიხდება?

- გიხდება, მაშა!

თინა წითელი ტუჩებით იღიმება, თეთრად ჩამწკრივებულ კბილებს აელვებს და უჩინო თვალებს საამურად ჰკიჟავს. კალთაში ბებერი კატა უზის და ორივე ხელით უალერსებს მას. ფეხებთან მგლის მსგავსი ძაღლი გაწოლილა და სიცხისგან ვეება წითელი ენა გადმოუგდია, ალაქლაქებს და დროგამოშვებით პირის წკაპუნით ბუზებს იჭერს. თინამ ოდესღაც კატას „ნანუა“ დაარქვა, ძაღლს კი „ღრინა“ და ორივეს ეს სახელები შერჩათ.

- ნანუ, გესმის რას მეუბნება მამაჩემი? - მაშ ლამაზი თმა მაქვს,მამილო? - ერთხელ კიდევ ეკითხება თინა თომას და კატას გულში იხუტებს.

- ძალიან ლამაზი თმა გაქვს, შვილო, ძალიან, თმაც ლამაზი გაქვს, თვალებიც, პირიც და ცხვირიც. შენც ლამაზი ხარ, გენაცვალოს მამაშენი, ძალიან ლამაზი ქალი ხარ.

- თმა რა ფერისა მაქვს? - მეათასეჯერ ეკითხება თინა, და თომაც უგულოდ უპასუხებს მეათასჯერვე:

- თმა კუპრივით შავი გაქვს.

- რა არის კუპრი? როგორია შავი?

- შავი ის არის, შვილო, რასაც ჰხედავ.

- მე ვერაფერს ვერა ვხედავ, მამილო.

- ჰო და შავიც სწორედ ეგ არის, რასაც ჰხედავ, ესე იგი ბინდი, ბნელი, არაფერი, შავი.

- ბნელი! არაფერი! შავი! მაშ შავი არაფერი ყოფილა... მაშ არაფერიც შავი ყოფილა. მაგრამ რა არის და რა ფერისაა არაფერი? ნეტა რა ფერისაა ფერი? ან რა არის ფერი? - ფიქრისგან თინას მალე თავი ასტკივდა და გულმაც ფართხალი დაუწყო. ფიქრი უმალვე ამოიგდო თავიდან. აღარც კითხვას უფიქრდება, აღარც პასუხის გაგებას ატანს ძალას და მაინც შეჩვეულს იმეორებს:

- თვალები რა ფერისა მაქვს, მამილო?

- თვალებიც შავი გაქვს, გენაცვალოს მამაშენი, მხოლოდ ზედ თეთრი გაქვს გადაკრული.

- ტუჩები?

- წითელი.

- კბილები?

- თეთრი.

- პირსახე?

- პირი პირისფერისა გაქვს, გენაცვალოს ჩემი თავი.

- მაშ ბალახი მწვანეა?

- მწვანეა.

- ჩალა?

- ჩალისფერი.

- ცა?

- ცისფერი.

„პირისფერი პირსახე!.. ჩალისფერი ჩალა!.. ცისფერი ცა! ოოჰ, ღმერთო, დიდებულო!“

თომამ მაჯის სისქე ნაწნავი დაუწნა, ბოლო ჩვრის ნახევით შეუკრა და უთხრა:

- გავათავე, შვილო, ადექი.

თინა გასწორდა, ნაწნავი ათქვირებულ მკერდზე გადმოიგდო, იდაყვები მუხლზე დაიწყო და ნიკაპი ხელის გულებზე დაიბჯინა. ოდნავ წინ და უკან ქანაობს, თან სივრცეს უღიმის და თხოულობს:

- მამილო, ეხლა ზღაპარი მითხარი.

- ზღაპარი? რაც ვიცოდი, ბარე ათჯერ გიამბე. მეტი აღარ ვიცი.

- ერთხელ კიდევ მითხარი.

- იყო და არა იყო რა, - უგულოდ იწყებს მოწყენილ ზღაპარს თომა, - ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ხელმწიფე. იმ ხელმწიფეს ერთი შენისთანა ლამაზი ქალი ჰყავდა. ერთხელ ხელმწიფემ ნაზირ-ვეზირები დაიბარა... -

- რა ერქვა იმის ქალს? - აწყვეტინებს თინა.

- თინა ერქვა, გენაცვალოს მამაშენი.

- ჩემზე უფრო ლამაზი იყო?

- შენზე ლამაზი როგორ იქნებოდა, მაგრამ...

- მაგრამ ჩემსავით ბრმა არ იყო, განა!

- არა, გენაცვა, ბრმა არ იყო. დაიბარა ნაზირ-ვეზირები და უთხრა: ჩემ სამეფოში ცხრათავიანი დევი გაჩენილა. ი დევმა ბევრი ხალხი გამიფუჭა. ვინც იმას მოჰკლავს, ლალის ციხეს ვაჩუქებო.

- რა არის ლალის ციხე, მამიკო?

- ი ციხე სულ ლალისგან იყო აშენებული.

- ლალი რაღა არის?

- ძვირფასი ქვა არის. შენი ნეკისთავისოდენა ლალი რო მოგვცა, ავშენდებით.

- რა ფერისაა ლალი? - წითელი, შენი ტუჩებივით წითელი.

- მერე? ი ციხეს შიგნით რისი კედლები ჰქონდა?

- ფირუზისა. 

- ფირუზი ცისფერია, არა?

- ჰო, გენაცვალე. ჭერი ზურმუხტისა ჰქონდა, მწვანე, ფოთლისფერი. ლალის ციხეს მივცემო და თინასაც მივათხოვებო.

- რა არის გათხოვება?

- ათჯერ თუ ოცჯერ გითხარი, შვილო.

- კიდევ, მამილო, კიდევ მითხარი.

- გათხოვება ის არის, რომ ქალი და ვაჟი... ერთ სახლში დასახლდებიან.

თინა აღარ იღიმება. პირში ნერწყვი მოსდის და ხმაც ეცვლება. - რისთვინა? რისთვინა სახლდებიან?

- იმითვინა რომა... რომ ცოლ-ქმარი არიან, ქალი ცოლია და ვაჟი ქმარია. აი ამითვინა.

- რა არის ცოლი და ქმარი? რისთვინ შეიყრებიან ერთადა?

- იმითვინა რომა... ერთმანეთი უყვართ, შვილო.

- რად უყვართ?.. რა არის სიყვარული? და სიჩუმის შემდეგ კვლავ ათრთოლებული ხმით განიმეორა: - მამილო, რა არის-მეთქი სიყვარული?

თომა შეიშმუშნა. ბევრჯერ მოარიდა თინას ნამდვილი პასუხი, მაგრამ შვილი მარწუხებით ეწეოდა მამის პირიდან სიმართლეს.

- სიყვარული ის არის, გენაცვა, რომა... ქალი და ვაჟი ერთმანეთს... ჰო ერთმანეთს შეიყვარებენ. აი ეს არის სიყვარული... სწორედ ეს არის და მეტი არაფერი.

- როგორ შეიყვარებენ-მეთქი? - ჟინიანად წამოიძახა თინამ და თომას მისწვდა ორივე ხელით მკლავში. - როგორ შეიყვარებენ-მეთქი, მამილო, როგორ?.. რა უნდათ?.. რას სჩადიან? რას? გამაგებინე. და მამა ღონიერი ხელებით შეანჯღრია. თინას ხმაში კვნესა და ბრაზი მოისმა.

- გეტყვი, გენაცვა, გეტყვი. ოღონდ დაწყნარდი, ნუ ჯავრობ.

- მითხარი, მამილო, მითხარი. - და ბრაზის მაგივრად თინას ხმაში მუდარა გაჩნდა. - მითხარი, აი აღარა ვჯავრობ... სთქვი. თავი თომას მხარზე მიადო და გაინაბა.

- ქალი და ვაჟი რომ ერთმანეთს შეიყვარებენ, ერთმანეთს... მიუსხდებიან.

- როგორც მე და შენ. - განმარტა თინამ და თომას გვერდს აეკრა. - აი ასე, არა? მერე?

- ჰო, გენაცვა, აგრე.

- მერე? მერე?

- მერე, გენაცვალე... მერე არაფერი.

- როგორ თუ არაფერი! მამილო, სტყუი, ნუ მატყუებ, მამილო! მითხარი, გენაცვალოს თინიკო, მითხარი.

- ღმერთმანი, არაფერი.

- ერთი დახე, ღმერთსაც ფიცულობს!

- მე კი არ ვიცი და...

- მაშ მე ვიცი, ვიცი!

- თუ იცი, რაღას მეკითხები.

- ვიცი-მეთქი, ვიცი! - სიხარულით და დაჟინებით იძახოდა თინა და ტაშს უკრავდა, - ვიცი, ვიცი! კეკემ მიამბო.

- რა გიამბო კეკემ? - ის მიამბო, რომ ქალი და ვაჟი ერთმანეთს ჩაეხუტებიანოდა... თინა გაწითლდა, თომას მკლავები მოჰხვია და გაინაბა.

- მერე, რომ ჩაეხუტებიან?

- ჩაეხუტებიან და... თინა თითქოს აჟრჟოლდა, ცოტა ხანს სდუმდა, მერე თომას მკერდს ჩასჩურჩულა: - ჩაეხუტებიან და... ერთმანეთს ჰკოცნიან.

„იცის, - გაიფიქრა თომამ, - იცის, ან კი დრო არ არის გაიგოს? თვრამეტისა შესრულდა. მართალია, კაცი არავინ მოჰკარებია ჩვენს სახლს, მაგრამ ბუნება ყოველთვის თავისას გაიტანს ხოლმე“.

- მამილო! - მთრთოლვარე ჩურჩულით ეძახის თინა.

- რა გინდა, გენაცვალოს მამა? -

რაღაც უნდა გკითხო.

- მკითხე, გენაცვა, მკითხე.

- არ გამიჯავრდები?

- რათა, გენაცვა, რათა უნდა გაგიჯავრდე?

- ქალი რომ ჩემი ხნისა შესრულდება, გათხოვდება ხოლმე, არა?

- ჰო, გენაცვა, გათხოვდება.

- მე... მე როდისღა გამათხოვებ?

თომას ხმა აუტოკდა: - შენა?.. მალე, გენაცვალოს მამაშენი, მალე. ერთ ისეთ ბიჭს გიშოვნი, რომა... გინდა, განა, ერთი ყოჩაღი ბიჭი?

- ჰო, მამილო... მინდა... მეც მინდა ბიჭი. - თინამ უჩინო თვალები მილულა და სული შეიგუბა. მერე თითქო თავის თავს ჰკითხა:

- ყბაჩა? ნეტა ყბაჩა სად არის?

- მოჯამაგირედ დამდგარა. მოგწონს, ყბაჩა?

- ძალიან მომწონს, ძალიან! კარგი ბიჭია... ძალიან კარგი ბიჭია. მაგრამ ვინ იცის, ის კი მოინდომებს ბრმა თინიკოს შერთვას?

თომას გული აუჩქროლდა. თინას პირდაპირმა და გულუბრყვილო თხოვნამ მამის გულს ცეცხლი მოუკიდა და კვლავ აუშალა მინელებული დარდი. ვინ შეირთავს თინას? ვის რად უნდა თითქმის უკაბო ქალი? ვის გამოადგება ბრმა ცოლი? არავის, არავის! გასათხოვარი დარჩება თინა და ისე დაბერდება, რომ სიყვარულის სიხარულს ვერც კი გაიგებს და ტიალ ქვეყნის ერთადერთ სიტკბოებას ვერ იგრძნობს. ი დალოცვილი ღმერთი, ბედია თუ ბუნება, ერთს ყველაფერს მისცემს და თავსაყრელ სიკეთეს მიუძღვნის, მეორეს კი ტიტველ-შიშველს გააჩენს და ზოგჯერ თვალისჩინსაც წაართმევს. ვის შესცოდეს, ვის დაუშავეს უწყინარმა თომამ და უცოდველმა თინამ ისეთი შეუნდობარი, რომ ორივენი ამ ქვეყნიდან გამოეთიშნენ და ჭირიანებივით მოსწყდნენ თავიანთ ტოლებს და მეზობლებს?! არავისთვის არაფერიც არ დაუშავებიათ, არავითარი ცოდვა არ ჩაუდენიათ, მაგრა მთომას თავის თავზე და თინაზე უბედური და გულჩაბნელებული ამქვეყნად არავინ არ ეგულება. დარჩება თინა გასათხოვარი! დარჩება დაუნიშნავი, უქმრო, უსიყვარულო და... უბიჭო!

- მაშ მალე გამათხოვებ, მამილო? - კვლავ სუფთა გულით და ხმის კანკალით ეკითხება თინა.

- ჰო, გენაცვალოს მამაშენი. - ჰკვნესის თომა და ცრემლებს იწმინდავს. - მალე გაგათხოვებ... სულ მალე.

თინა გასწორდა და გამხიარულდა. - ნანუა, ახტი! ნანუ, ახტი-მეთქი! და ხელი მხარზე დაიკრა. ნაჩვევი კატა უმალვე ბეჭებზე მოექცა. - ღრინა, სადა ხარ? მოდი, მოდი! შეჩვეულმა ძაღლმა ზანტად წამოწია, გაიზმორა, გაიჭიმა და წინა ფეხებით თინას მუხლებზე აეტორტმანა. უსინათლო ქალი ორივე ხელით მოეხვია ღრინას და აჭიკჭიკდა:

- ღრინა, ვთხოვდები!.. ნანუა, მალე ერთი ბიჭი მეც მეყოლება! დიდი ქორწილი გვექნება. თქვენც მობრძანდით, გენაცვალოთ თინაი, მობრძანდით და იქეიფეთ. ბუზიკა და დაირაც იქნება. მამილო, ჩქარა მომეცი დაირა! თომამ თეფშისოდენა დაირა გამოუტანა. თინა წამოდგა და ნანუაც თან აიყვანა. დაირას მძლავრად ჩამოჰკრა და პაწაწინა ეზოს ჩამოუარა. მხიარული ღიმილით უვლიდა, დაირას აბრახუნებდა და იძახოდა: 

- დიპტიპიტო, დიპტიპიტო! დიპტიპიტო, დიპტიპიტო! ტაში, მამა, ტაში!

თომაც გაიშალა და გაიბადრა. ტაში დაჰკრა და დაირას ლექსი ააყოლა:

თინიკო, თინიკო, გუშინ შენთან ვინ იყო?

ლოთები, ლოთები, დაგიმტვრიეს ბოთლები!

ბოთლები, ბოთლები! ბოთლები, ბოთლები!

ნანუა თინას ისევ მხარზე უზის და შეშინებული თვალებს აცეცებს, ღრინაც თინას დასდევს და ბოხის ხმით ყეფავს: - ჰავ-ავ! ჰავ-ავ! თინა ერთ ალაგზე რამდენჯერმე მოტრიალდა მარდად, კაბის ბოლო ააფრიალა და ტიტველი წვივები გამოაჩინა. მერმე შეწითლებულ პირსახეზე ბედნიერი ღიმი გაიშალა, შერუჯული მკლავები წინ გაიშვირა და უჩინოს უნდო ნაბიჯით წავიდა წინ.

- მამა, სად ხარ?.. მამილო!

- აქა ვარ, შვილო, აქა! და ერთი წუთის შემდეგ ბრმა თინამ თავის ალეწილი პირსახე მამის ბანჯგვლიან მკერდს მიაკრა.

თომამ თინას მატყლი და თითისტარი გამოუტანა, თვითონ კი გზის დასათვალიერებლად წავიდა. მიდის თომა და ასჯერ ნაფიქრავს ერთხელ კიდევ ფიქრობს: „თინა გაუთხოვარი დარჩება. ბრმა ქალს არავინ წაიყვანს. თინას ტანჯვა გაუათკეცდება, ქალმა ქმრისთვის უნდა შეინახოს თავი, მაგრამ თუ ქმარი არ ეყოლება? მაშ თავი უნდა დაიბეროს? სად არის სამართალი? არა, თინას ისეთი ბედი ერგო, რომ სხვებსავით ვერ მოიქცევა. თინას ნება აქვს მამაკაცი შეიყვაროს და თუნდ ერთი თვით გაჰყვეს, თუნდ ერთი კვირით, თუნდაც ერთი საათით! იყბედონ სხვებმა რამდენსაც მოინდომებენ! სოფელი შორს არის. იყბედონ და ენა მოიფხანონ. ოღონდ თინა იყოს ბედნიერი, თორემ დანარჩენი ქვეყანა თომასთვის აღარ არსებობს, რადგან აღარც თომა არსებობს ამ ქვეყნისთვის.

 

II

 

ოც წელიწადზე მეტია, რაც თომა რკინის გზას სდარაჯობს. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც თავის მშობელ ლეჩხუმს და იქაურ ნაცნობ-ნათესავებს მოსწყდა. როცა დავაჟკაცდა, სურამში ერთი თავისთანა უპატრონო ქალი იშოვა და შეირთო.

თომა და მარიამი რკინის გზის ნაპირას დასახლდნენ და გამოყრუებულ ცხოვრებას შეუდგნენ. ერთი წლის შემდეგ თინა გაუჩნდათ. წელიწადი წელიწადს მისდევდა. ერთხელ ექვსი წლის თინა ავად გახდა. გონება დაჰკარგა და ორი კვირა სულთამხუთავის ხელში ფართხალობდა. მერმე მოსულიერდა, მაგრამ თვალისჩინი აღარ დაუბრუნდა.

თომა და მარიამი სიმწარისგან ხან ლოცულობდნენ და იმედოვნებდნენ, ხან კიდევ ღმერთსა და ქვეყანას სწყევლიდნენ. პირველ ხანს ორივენი დაჟინებით ცდილობდნენ, რომ თინასთვის გაეგებებინათ შავი და თეთრი, წითელი და მწვანე, ლურჯი და ყვითელი. მაგრამ თანდათან დარწმუნდნენ, რომ თინას ფერის გარჩევის უნარი სამუდამოდ დაეკარგა, რომ ეს ქვეყანა მათის ერთასთვის ღამესავით დაბნელდა, რომ თინა განუჭვრეტელ წყვდიადში ჩავარდა და მისი ამოყვანა იმ ბნელ ორმოდან აღარავის არ ძალუძდა, - არც მკითხავს, არც ხატს, არც ღმერთს, არც სულიერსა და არც უსულოს.

პირველი სიმწვავე თანდათან გაუნელდათ და გამოფიტულ გულში მხოლოდ სევდა და ბედის ჩივილიღა შერჩათ. თინა მაინც იზრდებოდა. დედის დახმარებით წინდებს ქსოვდა, მატყლს ართავდა, წყალზე დადიოდა, იქაურობას ჰგვიდა და სარეცხსაც რეცხავდა. დრო მიდიოდა და თინასაც ძველი ქვეყანა თანდათან ეკარგებოდა, ხოლო იმის ნაცვლად ახალი უცნაური მსოფლიო ებადებოდა.

დგრიალით მიმავალი მატარებელი საარაკო ფრინველს ჰგავდა, რომელსაც რკინის ათასი ფრთა ჰქონდა გამობმული და იმ ფრთებზე ხალხი ფუტკარივით იყო აკინძული. ქოხის გვერდით ერთი მთა იდგა. იმ მთაზე ცხრათავიანი დევი იჯდა და იმ დევს უზარმაზარი მუგუზალი ეჭირა, რომელიც ქვეყანას ათბობდა და ანათებდა. ის დევი რომ დასაძინებლად წავიდოდა, ჭალა უთვალავ ალქაჯებით, როკაპებით, კუდიანებით, ჭინკებით და მიონებით გაივსებოდა. უცნაური სულიერები უცნაურა დფუსფუსებდნენ, ჩურჩულებდნენ, კისკისებდნენ და გაუფრთხილებელ მგზავრებს თავიანთი თმებით იჭერდნენ. მტკვარში დევები ჭყუმპალაობდნენ და გაუგებარს რასმეს ბურტყუნებდნენ.

ის ჭოტი, ღამ-ღამობით რომ ჭალაში გაჰკიოდა, ფრთოსან ღრინას ჰგავდა, ხოლო ტურა და მაჩვი, რომელნიც სიმინდებში სჩხაოდნენ და წრიპინებდნენ, უზარმაზარ ნანუას ემსგავსებოდნენ. მთაზე წამომჯდარი დევი ზოგჯერ ქოხისოდენა პირს დააღებდა და ქვეყანას უბერავდა. ზოგჯერ მუგუზალ-მზეს სადღაც გადამალავდა, ერთ დიდ საცერს აიღებდა და იმ საცერით ქვეყანას რწყავდა, ზოგჯერ კი იქაურობას ცივის ბამბით ჰპენტავდა.

მარცხნივ და მტკვრის გაღმაც ორი სოფელი იყო გაშენებული. იმ სოფლებში საქონელი ბღაოდა, ძაღლები ჰყეფდნენ და ხალხი ყვიროდა. ზოგჯერ პატარა ბიჭები და ქალები ან მენახირენი იმ საქონელს და ფრინველს სადარაჯოსთან მორეკავდნენ. მწყემსების ხმაურობა რომ სადარაჯოს მისწვდებოდა, ხელებგაშლილიდა მოღიმარი თინა ნახირისკენ გასწევდა და თან უხილავ მეგობრებს ეძახდა:

- ბიჭებო! ქალებო! სადა ხართ? ყბაჩა, მიშველე!... შენი ჭირიმე, მიშველე! მოვდივარ, ბიჭო, მოვდივარ!

გოგო-ბიჭები თინას მიეშველებოდნენ, იქვე სადმე დასვამდნენ და უცნაურ ამბებს უამბობდნენ. ზოგჯერ კი რაიმე თამაშს აჰყვებოდნენ, თინასაც აიყოლებდნენ და იქაურობას კივილით, სიცილით და ჟრიამულით ავსებდნენ.

თამაშის დროს თინას ხან მხარს გაჰკრავდნენ, ხან დაეჯახებდნენ და ზოგჯერ წააქცევდნენ კიდევაც, ხან კიდევ ხელს წაავლებდნენ, აბორიალებდნენ და თავიანთ თავს აძებნინებდნენ. თინა უწინ რომ ვინმეს წააწყდებოდა ან ხელს წაავლებდა, ქალს და ვაჟს ერთმანეთისგან ძლივს არჩევდა. მაგრამ შემდეგ, როცა წამოიზარდა, მოზრდილ ვაჟს და ქალს უმალვე იცნობდა. ვაჟს რომ ხელით მიეკარებოდა, ტანში რაღაც ნაპერწკალი გაჰკრავდა.

თინას ერთი ბიჭი ჰყავდა არჩეული - კეკეს შვილი ყბაჩა. სხვებზე უფრო მოზრდილი, ღონიერი და მხიარული ბიჭი იყო. ყბაჩა თინას სხვებზე ადრე მიეგებებოდა, ხელში ხელს წაავლებდა, ააბორიალებდა, ათასნაირად ართობდა, აცინებდა, ჰშველოდა და ესარჩლებოდა.

თინა და ყბაჩა მალე დამეგობრდნენ. თამაშობაში და ერთმანეთის დევნაში ყბაჩა უჩინო ობოლს ხშირად ორივე ხელს მოჰხვევდა, გულში ჩაიკრავდა და კარგა ხანს ხელს აღარ გაუშვებდა. თინას ტანში იდუმალი ჟრუანტელი უვლიდა, საამური ცეცხლი ეკიდებოდა, ინაბებოდა და გაშვერილი ხელებით თვითონაც იმ ვაჟს დასდევდა.

ერთი ხანია რაც იმ მენახირეებში თინას ტოლი ქალები აღარ ერეოდნენ, ამიტომ მარიამმაც აუკრძალა თინას ბიჭებთან სიარული. ყბაჩა ათასში ერთხელ რამეს მოიმიზეზებდა, თინასთან შემოირბენდა, დროს მოიხელთებდა და თავის მეგობარს ხუმრობით ჩაიხუტებდა ან მკლავში უჩქმეტავდა, ან ანთებულ ტანზე გაეხახუნებოდა. ხელცარიელიც არ მოვიდოდა: ხან ხილს მოუტანდა, ხან ფრინველს მოუყვანდა, ხან კიდევ რამე საკრავს ან სათამაშოს მოართმევდა.

ერთხელ ყბაჩაც დაიკარგა: სურამში მოჯამაგირედ წასულიყო. თინა დაღონდა, ყბაჩა ცხადლივ აღარ მოდიოდა, მაგრამ თავის მეგობარს სიზმარში ხშირად ელანდებოდა, უწინდელივით ეხუტებოდა და ადრინდელზე უარესად სწვავდა და სტანჯავდა.

სანამ თინას დედა ცოცხალი იყო, თავის ბრმა ქალიშვილს მუდამ თავს დასტრიალებდა, უვლიდა, ამუშავებდა და ზოგს რასმეს ასწავლიდა. თინა ბუზიკას უკრავს, დაირასაც კოხტად აჟღარუნებს. თინამ წინდების ქსოვაც იცის, მატყლის დართვაც, კარმიდამოს დაგვაც, სარეცხის და ჭურჭლის გარეცხვაც, ლოგინის გაშლაც და ალაგებაც. სადარაჯოს ახლო-მახლო ისე დადის, როგორც თვალხილული. მატარებელი რომ მოდის, თინა სადარაჯოსთან წითელი ბაირაღით სდგას, რკინის ფრინველს უღიმის, უცნობ მგზავრებს უყვირის და ხელს უქნევს:

- გამარჯობა, ბიჭებო! გოგოებო! მშვიდობით იყავით, მშვიდობით!

ზოგჯერ ცელქის ან გულქვას მიერ ნასროლი რამ მოხვდება: დახვეული ქაღალდი, გამოხრილი ძვალი, პურის ნაჭერი ან სხვა რამ გადასაგდები.

- ძაღლო! ოხერო! უნამუსო! - ემუქრება სივრცეს ბრმა თინიკო და ზოგჯერ ნატკენისგან ცხარედ სტირის და ავად იწყევლება.

სადარაჯოს უკან, ასიოდე ნაბიჯზე, მინდორი თავდება და ხევი იწყება. თინა კოკას აიკიდებს, წკეპლას აიღებს და გზას გაუდგება. უკან თავჩაღუნული ღრინა მისდევს, იმ ხევში თინა ადვილად ჩადის, პატარა წყაროს პოულობს, კოკას აავსებს და ისევ სახლს უბრუნდება.

ერთხელ დედა ავად გაუხდა: თინასაც ხშირად ჰქონდა ნაცადია ვადმყოფობა. თინას ეგონა, დროგამოშვებით ყველას უნდა გააციოს, მერმე უნდა გააცხელოს, სამიოდე დღე ლოგინში იწვეს და შემდეგ ისევ წამოდგესო. მაგრამ მარიამი აღარ დგებოდა. დღეს დღე მისდევდა და კვირას კვირა. თინას მარიამის კვნესა, ოხვრა და ქშინვა ესმოდა და მუდამ თავს დასტრიალებდა: გვერდით მიუჯდებოდა, რამდენიმე საათით გახევდებოდა, პირსახეს და ხელებს უცაცუნებდა და წამდაუწუმ ეკითხებოდა:

- დედილო, როგორა ხარ?.. დედილო, ხომ არაფერი არ გინდა?.. დედილო, როდის ადგები?..

მაგრამ მარიამი აღარ დგებოდა.

ერთხელ, როდესაც თომა გზის დასათვალიერებლად წავიდა, მარიამი მეტისმეტად აღშფოთდა. ქშინვას მოუმატა, ახრიალდა და ბორგავდა. სულთმობრძავმა მარიამმა თინას ორივე ხელი ჩაიბღუჯა და აღარ უშვებდა.

- დედილო, რა გემართება? დედილო, რა მოგდის? დედი, ხმა გამე... რა ვქნა, რატომ არაფერს არ მეუბნები? - შიშით ეკითხებოდა პატარა მომვლელი, მაგრამ პასუხი აღარ ისმოდა.

უცებ მარიამმა მძლავრად ამოიხვნეშა და გაჩუმდა. თინამ ძლივს გამოართვა თავის ხელი. რამდენჯერმე კიდევ დაუძახა და პირსახეზე ხელი მოუსვა. „ჩაიძინაო“, - გაიფიქრა და დედის ლოგინს ფეხაკრებით მოშორდა.

დიდხანს იჯდა თუთის ჩრდილში და უგულოდ ეალერსებოდა ნანუას. მერმე ისევ ავადმყოფს დაუბრუნდა და ხელზე ხელი დაადო. ხელში ყინული მოხვდა. ორივე ხელი დედას პირსახეზე მოუსვა. ისევ ყინული. თინას უცნაური ელდა ეცა. მთელ ტანში ჟრუანტელმა ჩაურბინა და გულში უცდელი, საზარელი შიში ჩაუვარდა.

- დედი!... დედილო!.. დედილო!.. - მთრთოლვარე ხმით გაჰკიოდა და გაყინულ დედას ანჯღრევდა. მერმე დედის პირსახეს ორივე ხელი მოჰხვია, ზედ დაეკრა და ყური მიუგდო. აღარც ქშენა ისმოდა და აღარც სუნთქვა.

თინამ იდუმალ ალღოთი სიკვდილის საიდუმლოებას მიჰკვლია და, თავზარდაცემული, გარეთ გამოვარდა.

- მამა-ა-ა! მამილო-ო! მიშველე-ე! მიშველე-ე-ეთ!

ზემო სოფლელ კეკეს სადარაჯოს მახლობლად პატარა ბაღი ჰქონდა. კეკემ კივილი გაიგო და მოეშველა. შემდეგ თომაც მოვიდა.

იმ დღეს თინამ პირველად გაიგო მამის ქვითინი და ბღავილი. მესამე დღეს მარიამი გაიტანეს. იმ დღიდან თინა და თომა ხშირად დადიოდნენ სასაფლაოზე, იტირებდნენ, ილოცებდნენ, მერმე ისევ ერთმანეთს წამოიყვანდნენ და ერთმანეთს ნუგეშით გულს უმაგრებდნენ. იმ დღიდან კეკე ხშირად ჩამოდიოდა სოფლიდან და მარიამის მაგივრად თომას ოჯახს უვლიდა, მაგრამ სიარულს თანდათან დაუკლო და ბოლოს თვეში ერთხელაც ძლივს გამოჩნდებოდა ხოლმე.

 

III

 

შუა ზაფხულია. მზე ჩასვლას არის, მაგრამ მაინც ცხელა, თომას თეთრი ქოხი გადახრუკულ მინდორზე ობლად ატუზულა. რკინის გზის ლიანდაგს ერთი მუშა მოსდევს. ტანდაბალია, სრული, ხნიერი და გონჯი. დამახინჯებულ ფეხებს ისე მოათრევს განიგან, თითქოს ორივე ფეხით ლიანდაგს ჰგვისო. ცალი ხელით ზურგზე გადაგდებული ტომარა უჭირავს. გრძელი, მათრახივით ჩამოკიდებული. მეორე ხელი მუხლის თავამდის სწვდება. ჩაჟანგებული და ხნიერი პირსახე მაიმუნს მიუგავს, რომელსაც ცალი ყბა და ტუჩი გაჰპარსეს. გაპარსული ყბა ცეცხლით ან ცხელი წყლით აქვს დამწვარი, ხოლო მეორე ყბა და ზემო ტუჩის მეორე ნახევარი ხნაცვიანი წვერ-ულვაშით აქვს შემოსილი.

მოდის და დროგამოშვებით გრძელის თათით ოფლს იწმენდავს. ერთ ალაგას შესდგება. მერმე მარცხნივ გადაუხვია და მტკვრისკენ წავიდა. პატარა ბილიკმა ჭალაში ჩაიყვანა. ის ბილიკი მტკვრის პატარა ტოტს მისდევდა. მუშაც იმ ბილიკს გაჰყვა, ხნარცვში შეერია და ცოტა ხნის შემდეგ პატარა მინდორზე გავიდა.

მინდორი მწვანე ბალახით არის შემოსილი და ირგვლივ ბებერი ვერხვებით არის დაბურული. ერთ გვერდზე მაყვლიანი ბექობი აკრავს, ხოლო მეორე გვერდზე მტკვრის პატარა ტოტი ჩამოუდის. უცებ ის მაყვლიანი აფაჩუნდა. ბექობზე ჭრელმა კაბამ ჩამოიარა. მერმე ხნარცვიდან ახალგაზრდა ქალი გამოვიდა. მხარზე კოკა ჰკიდია. ერთ ხელში წკეპლა უჭირავს. ქალი უცნობ მგზავრისკენ მიდის. წინ წკეპლას ასავსავებს და სივრცეს შავი თვალებით ზომავს. შორით თავჩაღუნული დიდი ძაღლი მისდევს. ქალმა რამდენჯერმე მიიხედა იმ მუშისაკენ, მაგრამ ის თითქოს ვერ დაინახა. წყლის ნაპირზე შესდგა, კოკა ჩამოიღო და მიწაზე დადგა. შემდეგ ორივე ხელი საკინძეზე წაივლო, გაინაბა დაიქაურობას ყური მიუგდო.

- ალბათ ბრმა არის, - გაიფიქრა მუშამ და ფეხაკრეფით გამობრუნდა და ბუჩქებში დაიმალა.

ქალმა სწრაფად ჩაიხსნა ღილები, ორჯერ აიქნია ხელები და ჩითის კაბა ფეხების გარშემო რგოლივით ჩაიგდო. ლანდივით იდგა ტიტველი თინა წყლის ნაპირზე და საამურად იზმორებოდა.მერმე ლამაზად აიგრიხა, გაიჭიმა, მრგვალი გავა უკან გაიგდო და მაღალი მკერდი რკალივით წინ წამოიგდო. კვლავ იზმორებოდა და სივრცეს უღიმოდა. შემდეგ გრძელი და სქელი ნაწნავი გაიშალა, ხშირი თმა სავსე ბეჭებზე შავ მანდილსავით წამოისხა, ფეხების ცაცუნით შევიდა წყალში, თეძოებამდე შეტოპა და აჭყუპალავდა.

ღრინა ნაპირზე ჩაცუცქდა და კუდის ქნევით თინას შესცქეროდა. ქალი ხან ყელამდე ჩაცუცქდებოდა წყალში, ხან ისევ გასწორდებოდა, ხან დაიხრება, სველ თმას ხის სავარცხლით ივარცხნის, მკერდს იზელავს და ტანს იბანს.

გონჯმა მუშამ ბუჩქებში გამოჰყო თავი, სული შეიგუბა, ზეთიანი თვალები შუბლზე აიყარა და ტიტველა ქალს მშიერ ნადირივით დაუწყო ჭამა.

თინა წყლიდან ისევ ნაპირზე გადმოვიდა და წყლით გაჟღენთილი თმები გაიწურა. ტანს ხელებით იმშრალებდა. ჩამავალი მზის სხივები თინას ტანზე გაბნეულ წინწკლებში მრავალფერად ბრწყინავდა. ლანდალი კიდევ რამდენჯერმე გაიზმორა, მოქნილი ტანი ერთხელ კიდევ აიგრიხა და კაბას გასწვდა.

სწორედ ამ დროს გაღმა სოფელში ეკლესიის ზარი ჩამოჰკრეს. თინა ჯერ შესდგა, მერე კაბას ხელი გაუშვა, გასწორდა და გაიბადრა.

დი-ი-ინ! დი-ი-ინ! დი-ი-ინ! - თანაბარი რითმით რეკავს ზარი. უცებ თინამ ერთი ხელი წინ აიქნია, მეორე უკან გამოიშვირა, ცალი ფეხი წინ გადასდგა, მოქნილი ტანი კოხტად აიგრიხა და ზარის ხმას აჰყვა. 

გაღმა ზარი ჰრეკავს. გამოღმა თინა ცეკვავს. ღრინა წკმუტუნით ურბენს გარშემო და დროგამოშვებით ბოხის ხმით ჰყეფავს: - ჰავ-ავ! ჰავ-ავ!

ქალის მოქნილი ტანი იკლაკნება, მოხდენილად იგრიხება და შოლტივით იზნიქება. ხან ალვის ხესავით აისვეტება და ხელებს ისე გაიშვერს განზე, რომ ჯვარცმულს ემსგავსება; ხან მოტრიალდება და ცალ ხელ-ფეხს წინ წამოიგდებს, ხოლო მეორე ხელ-ფეხს უკან მოიგდებს. ხან კიდევ თავს უკან გადაიგდებს და მობიბინე მკერდსა და გაბადრულ პირსახეს ისე გაუშლის ცას, თითქოს ვიღაცას შეჰხარის და უცინისო; ხან მიწამდე დაიხრება და ყვავილებს ჰკრეფს, ხან თხას სწველის, ხან თითისტარს ატრიალებს და მატყლს ართავს, ხან ჰგვის და ხან კიდევ კოკას ავსებს. იმ ისალანძულ პირსახეზე ხან ვნება ისახება, ხან წყენა, ხან მუდარა, ზოგჯერ სევდა და ზოგჯერ უსაზღვრო სიხარული.

დიდხანს ეთამაშება უხილავ ლანდებს ტყის ლანდალი და დიდხანს სჭამს მშიერი თვალებით ტიტველ ქალს ბუჩქებში მიმალული მახინჯი ღვირღვა.

- დი-ი-ინ! - დაჰკრა უკანასკნელად ზარმა. ხელგაშვერილი და გადმოზნექილი თინა გახევდა და კიდევ მოელოდა ზარის ხმას. მერე თავისთვის ჩაიცინა, კაბა გადაიცვა, იქვე წყაროზე კოკა გაავსო და აღმართს შეუდგა.

ადუღებული ღვირღვაც გამოვიდა ბუჩქებიდან და უცხო მოჩვენებას ფეხაკრეფით დაედევნა.

 

IV

 

საღამოზე ის მუშა, თომა და თინა გრძელ სკამზე ისხდნენ და მუსაიფობდნენ.

მუშას სოლო ერქვა. წინათ კახეთის გზაზე მუშაობდა, ეხლა კი აქ გადმოიყვანეს. სოლო მარტოხელა კაცია, არც სახლ-კარი აქვს და არც ცოლ-შვილი ჰყავს.

- სტუმარი ღვთისაა, - ამბობს თომა, - ღამე ჩვენთან გაათენე და დილაზე შენს გზას გაუდექი.

თევზი, კიტრი, ყველი და ღვინო გამოიტანეს. ნელ-ნელა შეაყოლეს და შუაღამეზე ძლივს მიწვნენ.

თომამ მალე ამოუშვა ხრვინვა. თინა და სოლო კიდევ დიდხანს ჰბორგავდნენ, ოხრავდნენ და მოუსვენრად ტრიალებდნენ ლოგინში.

სოლომ რომ გაიღვიძა, თომა უკვე საქმეზე იყო წასული.

- მიშველე, სოლო, - უთხრა თინამ, - წყალი ამიდუღე. ისეთი ჩაი დაგალევინო, რომ იქნება კახეთშიაც არ დაგელიოს.

ორივენი დატრიალდნენ. ცეცხლი გააჩაღეს და ჩაი დაამზადეს.

- რა ვქნა, თითქოს ვერაფერს ვერ ჰხედავსო! - გაიკვირვა სოლომ. - შენ ისე ხელმარჯვედ აკეთებ ყველაფერს, რომ თვალხილულიც ვერ გაჯობებს.

- შეჩვეული ვარ, გენაცვალოს ჩემი თავი, შეჩვეული.

- მაშ მეც მალე შემეჩვევი.

- შეგეჩვიე და კიდევაც გავათავე. - გაიღიმა თინამ. - ახლა დაბრძანდი და ჩაი დაასხი, თორემ მე ცხელი წყლის მეშინიან.

დასხდნენ და ალაპარაკდნენ. სოლომ თავის მოტეხილი ფეხი თინას წვივებში გაუყარა. თინას ტანში უცნაურმა ჟრჟოლამ დაუარა და სისხლი აუჩუხჩუხდა. ფინჯანი დასდგა, ალეწილ პირსახე-ზე ხელები აიფარა და გაინაბა.

დიდხანს იყუჩეს. სოლომ ალაგი გადაინაცვლა. თინას გვერდით მიუჯდა. წელზე გრძელი მკლავი მოჰხვია და მიიზიდა. მერმე დამწვარი ლოყა თინას ალანძულ ლოყას მიადო და ჯერ მორცხვად აკოცა, შემდეგ ხარბად დაეწაფა, ბოლოს კი ქალი მუხლებზე გადმოიწვინა, ორივე ხელი თავში წაავლო, დაიღუნა და ისე დააკვდა გახურებულ ტუჩებს, რომ ცეცხლმოკიდებულ თინას სული შეუგუბდა.

ღმერთო, დიდებულო! ეს რა ემართება თინას! რად უკანკალებს მთელი ტანი! ასე მძლავრად რად უთრთის პატარა გული! ასე ტკბილად რად აუდუღდა სისხლი! ვინ არის ეს კაცი, რომ ასე საამურად იხუტებს გულში უჩინო თინას, ასე უხეშად რომ იზიდავს მძლავრი მკლავებით და გაგიჟებით რომ ჰკოცნის ბრმას, უპატრონოსა და საწყალ თინიკოს?!

ვინ არის ეს ადამიანი, ვინ.

- სოლო, გეყოფა... დამაცა... ხელი გამიშვი... - ვნებით ჰბუტბუტებს თინა და ცდილობს წამოდგეს, გაგიჟებული სხეული არ ემორჩილება, ადუღებული მკერდი თვითონვე ეკვრის სოლოს განიერ მკერდს და გახურებული ტუჩები თვითონვე ეძებენ მამაკაცის ტუჩებს.

თინა იკლაკლნება, ოხრავს და ტკბილის კვნესით ჰკვნესის. სოლომ მთრთოლვარე ქალი ხელით აიყვანა და ტახტზე გადაიტანა.

თინა იდუმალმა შიშმა იატაცა. ფეხები გადახლართა და ორივე ხელი სოლოს რკინის სალტესავით მოჰხვია.

იბრძვის უჩინო თინა, იბრძვის, თავგამეტებით და გაშმაგებით იბრძვის.

- სოლო, გამიშვი!... მამა, მამილო!... ვაიმე დედა, ვაიმე დედილო!... რამდენჯერმე კიდევ გაიფართხალა და გაიწია; ერთხელ მძლავრად დაიკივლა, მერმე მოეშვა, მოდუნდა, უცდელი კვნესით აკვნესდა და ჩუმი ტირილით ატირდა.

სოლო გვერდით მოუჯდა და მოუალერსა:

- ნუ სტირი თინიკო, ნუ! აბა რა გატირებს, ქალო? მე ქმარი და შენ ცოლი, მორჩა და გათავდა! არ გინდა? მითხარი, არ გინდივარ? თინამ პასუხად ორივე ხელი მოჰხვია, აწითლებულ პირსახით განიერ მკერდში ჩაეხუტა, ჩუმი სიცილით გაიცინა, სიცილში ქვითინი აურია და უხილავ ქმარს ბანჯგვლიანი მკერდი სიხარულის ცრემლით დაუსველა.

 

V

 

სოლო თინას სანახავად ორ-სამ დღეში ერთხელ ამოდის. ზოგჯერ რომ დაიგვიანებს, თინა აიბურძგნება და აიმრიზება:

- ნანუა, მომშორდი!.. ღრინა, დამეკარგე აქედან!.. მამილო, თავი დამანებე!.. რა ვქნა, რას ჩამაცივდით, რა გინდათ ჩემგან! - წუწუნებს თინიკო და თან მოუსვენრად ტოკავს და უაზროდ დაბორიალებს. ზოგჯერ გულის ტკივილს ვეღარ უძლებს და ბავშვურ ტირილს მოჰყვება.

თომა ხან ალერსით ამშვიდებს, ხან ოდნავ შეუტევს, ხან კიდევ ქვეით გაიხედავს და ზოგჯერ თინასაც გაახარებს:

- მოდის, მოდის! წადი, გენაცვა, წადი და დაუხვდი.

თინა ლიანდაგზე გადის, ხელგაშვერით მისდევს გზას და ზარის ხმით ჰკივის:

- სოლო-ო! სოლიკო-ო-ო! სადა ხარ, სოლიკო-ო?

- მოვდივარ, თინიკო-ო, მოვდივარ! - ხმას აძლევს სოლო და დამტვრეული ფეხებით ცელვას უხშირებს.

ხუთი წუთის შემდეგ ხელიხელჩახვეული ქალ-ვაჟი სადარაჯოსკენ მოდიან და ერთმანეთს საყვედურსა და მოკითხვას არ აცლიან.

სოლო ხელცარიელი არ მოვიდოდა და დანიშნულს მუდამ მცირე საჩუქარს მოუტანდა: ხილს ან ტკბილეულს. ხელსახოცს ან ჩუსტებს, ბუზიკას ან ჩითეულს. წვრილმანი საჩუქარი თინას ცაში იტაცებდა, ანცი ბავშვივით აცქმუტებდა, სიხარულის კისკისით აცინებდა და ისე აგიჟებდა, რომ თომაც და სოლოც თინას, ნანუას და ღრინას ძლივსღა დაამშვიდებდნენ ხოლმე.

- სოლო, ქორწილი როდის გვექნება? - იკითხა ერთხელ თინამ.

- იმ კვირას ქალაქში ფულს მივიღებ, კაბა-კუბას გიყიდი და მეორე კვირაში ქორწილსაც გავმართავთ. - უპასუხა სოლომ. - მერმე ქალაქში წაგიყვან და ექიმს გაგაშინჯებ, ვინ იცის, იქნებ თვალის ჩინი დაგიბრუნდეს?

თინამ სასიხარულო ტაში დაუკრა: - მაშ, ორ კვირაში ჯვარს დავიწერთ არა? მერე ექიმი... თვალი ამეხილება... თვალი, თვალი! ღმერთო მიშველე!.. მამილო!.. სოლიკო! ცეცხლმოკიდებული თინა ძლივს დამშვიდდა. მერმე ისევ ქორწილი გაახსენდა:

- მაშ ორ კვირაში ჯვარს დავიწერთ? - ჯვრისწერა? ჰმ... ჯვრისწერა გადავარდა, ჩემო თინიკო. ახლა სხვა წესია. დავთრებში ჩაგვწერენ, მერე ხელს მოვაწერთ და... ქუდი ჭერსა! მორჩა და გათავდა!

- მაშ მე ჯვარს არ დამწერენ? მაშ ზარებს არ დამირეკავენ? - იწყინა და გაიკვირვა თინამ. - არ მესმის... მე რაღად უნდა გამოვრჩე ჩემ ტოლებსა?

დიდხანს იმსჯელეს. თომაც მოიშველიეს. თინა ეკლესიისკენ იწევდა, რადგან ასე ჰქონდა ჩაგონებული ტოლ-ამხანაგებისგან და განსვენებული დედისგან, სოლო კი ამბობდა: - მეტი ხარჯია, თავი დაანებე. ახლა მაგის თავი ვისა აქვს! მღვდელიც გადავარდა და ეკლესიაც. არც თომას უნდოდა „უწესო ქორწილი“. დავის გადაჭრა გადასდეს.

- აბა, მშვიდობით იყავით, თინიკო! - უთხრა სოლომ. - ქალაქში მივდივარ. ერთ კვირაში აქა ვარ, ნუ მოიწყენ. ერთმანეთს გადაეხვივნენ და დაჰშორდნენ.

ის კვირა ტაატით და ზლაზვნით გავიდა. მეორე დღე რომ დაიწყო, თინა დაიბურა. ის დღეც რომ დაღამდა, თინიკო მოიღრუბლა, დაბნელდა და აიშალა. მამლის ყივილამდე ტრიალებდა ლოგინში და ოხრავდა, ვერც თვითონ ისვენებდა და არც თომას აძინებდა.

- მოითმინე შვილო, - ამშვიდებდა თომა. - ათასი საქმეა, ათასი ხალხი ტრიალებს, ალბათ დროზე ვერ მიიღო ფული. მოვა, არ დაიკარგება. გარინდული თინა ხის სკამზე იჯდა, ნანუას და ღრინას აღარ იკარებდა, ორივეს წკეპლით ერეკებოდა, ხან კაპასობდა და ხან კიდევ თვალებიდან ცრემლებს იწმენდავდა. თომაც იქვე ტრიალებდა და გზას გასცქეროდა.

თომა რომ გზას გაჰყვებოდა და ზევით წავიდოდა, თინა წკეპლას აიღებდა, ლიანდაგს დაადგებოდა და ქვევით წამოვიდოდა. თავჩაღუნული ღრინა უკან გამოჰყვებოდა. თინა მოდიოდა და იძახოდა:

- სოლო!! სოლიკო!.. სადა ხარ, სოლიკო-ო-ო?! ბოლოს მანძილის შიში რომ დასძლევდა, ისევ მოტრიალდებოდა, ღრინასავით თავს ჩაჰღუნავდა და კვნესით და ტირილით თავის ქოხს დაუბრუნდებოდა.

მეოთხე დღე რომ მიილია, თინიკომ შუაღამეს დარდს ვეღარ გაუძლო და ქვითინი ამოუშვა.

თომამ ჭრაქი აანთო, თინას გვერდით მოუჯდა და მოუალერსა:

- კარგი, გენაცვალოს მამაშენი. თავს ნუ იკლავ, მოვა, ხვალ ანზეგ მოვა.

- არ მოვა... აღარ მოვა. - სლუკუნებდა საბნის ქვეშ შემძვრალი თინა. - გული ცუდს მეუბნება... წავიდა, სულ წავიდა, ან ავად გახდა, ან მოკვდა.

- მოკვდა კი არა, ის არ გინდა! ხალხი ეგრე ადვილად რომ იხოცებოდეს, ჩვენც ცოცხლები აღარ ვიქნებოდით.

- ან კვდება, ან მოკვდა. - დაიჟინა თინამ.

- არც კვდება და არც მოკვდა-მეთქი. დღეს ერთმა კაცმა მითხრა, სოლო ქალაქში ვნახეო, ორ-სამ დღეში ამოვაო. - ჩაჰკრა პატარა ტყუილი თომამ.

- სტყუი, სტყუი! - უმალვე გაუგო თინამ. - ეგ რომ მართალი ყოფილიყო, წეღანვე მეტყოდი.

- დამავიწყდა. - წამოილუღლუღა თომამ. - დღეს კეკე შემხვდა. ყბაჩა დღეს ან ხვალ ყავლს გაათავებს და დაბრუნდებაო.

- მერე რომ დაბრუნდება?

- დაბრუნდება და... ყბაჩა ყოჩაღი ბიჭია, სოლოს ათჯერ სჯობია. უფრო ახალგაზრდაც არის და ლამაზიც. არ გინდა ყბაჩა? არ მოგწონს?

- არ მინდა, დაიკარგოს!

- კარგი, კარგი. შენ იცი. ისევ სოლოს მოუცადე. აი ნახავ, თუ ხვალ ან ზეგ არ დაბრუნდეს. დაიძინე, გენაცვალოს ჩემი თავი, დაიძინე.

როცა დარდით გაბრუებულმა და უძილობით გალახულმა მამა-შვილმა თვალები მიჰლულეს, მამალმა მეორედ იყივლა. რამდენიმე დღის შემდეგ ერთი მატარებლიდან თომას წერილი გადმოუგდეს. ძლივსძლიობით წაიკითხა და გაიგო, რომ სოლო ავად გამხდარიყო და რკინის გზის სამკურნალოში დაწოლილიყო. წერილი სხვის ხელით იყო დაწერილი.

თომას თითქოს გაუხარდა სოლოს ავადმყოფობა. „ისევ ეს სჯობია, თორემ ვინ იცის, ჩვენს დროში რა არ ხდება. ქალს შეაცდენენ და მერმე თავს ანებებენ ხოლმე. ახლა კი ცხადია, რომ სოლო უეჭველად დაბრუნდება თუ მორჩა“, - გაიფიქრა და თინა დაამშვიდა.

- აი, შვილო, ხომ გეუბნებოდი, დანიშნული დაგიბრუნდება-მეთქი, სოლო ავად გამხდარა. მორჩება და დაბრუნდება, შენ კი გეგონა ვითომა...

- სოლო ავად გამხდარა! ღმერთო, დიდებულო! ავად გამხდარა!.. ლოგინში წევს!.. მორჩება და დაბრუნდებაო. მაგრამ, ვინ იცის, მართლა მორჩება? მართლა დაბრუნდება? სოლო თინასავით უპატრონოა, მარტოა... მაშ მომვლელიც არ ეყოლება. წყალსაც არავინ მოუსვამს და ტკბილ სიტყვასაც არავინ ეტყვის.

ნუ,  თომა, ნუ აჯერებ თინას, ვითომ სოლოს ექიმიც ჰყავდეს და მომვლელიც. ტყუილა ამშვიდებ თინას. ტყუილად აჯერებ სოლოს დანიშნულს. სოლოს რომ ექიმი და მომვლელი ჰყავდეს, თინა მაინც ვერ მოისვენებს. ექიმიც და მომვლელიც უცხონი არიან. უცხო ექიმი უცხო სოლოს ვერ მოუვლის თინასავით, დანიშნულივით...ერთგული ცოლივით, ამიტომ...

- მამილო, ქალაქში მივდივარ.

- რას ამბობ ქალო! სად უნდა წახვიდე? ვისთან უნდა მიხვიდე? არც ნაცნობი გყავს და არც თვალი გიჭრის.

- მაშ, შენც წამოდი, მამილო. შენ წამიყვანე, ჩქარა წავიდეთ, ჩქარა!.. დღესვე... ეხლავე.

არა, თომა საქმეს თავს ვერ დაანებებს. სამსახურიდან დაითხოვენ და ულუკმაპუროდ დასტოვებენ.

- მერე რა? თუნდ აგრეც იყოს! რა დროს ლუკმა პურია! თომა, გაიგე და შეიგნე, რომ სოლო ავად არის-მეთქი! ვინ იცის, რა დაემართოს; ვინ იცის, იქნება აღარც მორჩეს. მაშ, რაღად გინდა ლუკმა პური, თუ თინას სოლო არ ეყოლება, თუ თინა ახლავე დაქვრივდება?! ოოჰ, თომა, თომა! რა უგულო კაცი ყოფილხარ! ქვა გქონია გულის მაგივრად, ქვა! მაშ თინას დედა რომ ავად გამხდარიყო უცხო ქვეყანაში, მაშინაც იტყოდი, მორჩება და დაბრუნდებაო? არა მცალიანო, სამსახურიდან დამითხოვენო და უპუროდ დავრჩებიო?! სთქვი, რას იტყოდი მაშინა? რად გაჩუმდი, სთქვი და გაათავე! არ წახვიდოდი? ვითომ? დაიჯეროს თინამა? მაშ, არც თინას გაჰგზავნი სოლოსთან და არც შენ გაჰყვები? კეთილი და პატიოსანი. კარგი, გეყოფა! თინა გაჩუმდება... აღარ იტირებს... აი ხომ ხედავ, აღარ ტირის. თინა შენი მორჩილია, თომა; ნუღარ უჯავრდები, ნუღარ ტუქსავ თინიკოს. მართლა, სად უნდა წავიდეს უშენოდ უჩინო ქალი? ბრმა თინა ძლივს ჩადის წყლის მოსატანად და გარშემო ძლივს უვლის პატარა ქოხს. იმის სამყაროს ძლივს ექნება ასი ნაბიჯის სიგრძეც. ქალაქში როგორ უნდა წავიდეს მარტოდმარტო! როგორ უნდა იპოვნოს ბრმა ქალმა ამოდენა ხალხში, სოლო კაჭარაშვილი! კარგი, თომა, გაჩუმდი, დამშვიდდი, თინაც გაჩუმდება და მოთმინებით მოუცდის სოლოს მორჩენას და დაბრუნებას. სჯერა თინას, რომ ერთ-ორ კვირაში სოლო ამოვა და საქორწილო ფარჩის კაბას, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, ბეჭედს, ბაღდადს, ჩიხტიკოპს და საქორწინო ტკბილეულს ამოიტანს.

 

VI

 

იმ საღამოს თინას ერთი ახალგაზრდა გლეხი წაადგა თავთ:

- გამარჯობა, თინიკო!

თინამ უმალვე იცნო კეკეს ბიჭის ხმა და მისი ხელიც.

- გამარჯობა ყბაჩა!

ყბჩა გვერდით მოუჯდა თინას და ყრმობის მეგობარი სიყვარულით და ალერსით მოიკითხა.

თინა უგულო პასუხს აძლევდა.

ყბაჩამ თინას ხელი ხელში წაავლო, მიიზიდა და მიიკრა. თინამ არაფერი არ იგრძნო: წინანდელივით ტანში ჟრუანტელმა არ დაუარა, აღარც სისხლი აუდუღდა და გულიც აღარ აუჩქროლდა.

გუნებაში ორივენი ერთმანეთს შეადარა და გადასჭრა: „არ ვიცი,სხვაფრივ რანაირები არიან, მაგრამ ყბაჩას ხმა ზარსა ჰგავს, სოლოს კი - ღრინას მიუგავს“.

- თინიკო, მართლა თხოვდები? - ეკითხება ყბაჩა.

თინა გამოცოცხლდა: - ვთხოვდები, მაშ! შენ რომ დამივიწყე და სადღაც გადაიკარგე, მაშ რა გეგონა!

- მაშ მე დავიგვიანე?

- დაიგვიანე, მაშა!

- ვინ არის შენი დანიშნული?

- ქალაქელი ბიჭია, სოლო კაჭარაშვილი. მალე ჯვარსაც დავიწერთ და ქალაქში დავსახლდებით.

- შენთვის სულ ერთი არ არის ქალაქში დასახლდები თუ სოფელში?

- სულ ერთი რათ იქნება! სოლო ამბობს, შენს თვალებს ექიმს ვაჩვენებო, იქნება რამე გეშველოსო.

- ვინ იცის, იქნება მართლა გეშველოს. თუმცა მართალი უნდა გითხრა, მე ჯერ არ გამიგია, რომ თორმეტი წლის ბრმას თვალისჩინი დაუბრუნდეს. ეხლა სად არის სოლო? 

- სოლო ქალაქშია. ავად გამხდარა. მართლა, ყბაჩა, ერთი რამ უნდა გთხოვო. შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, ქალაქში წამიყვანე. ოღონდ სოლო მაჩვენე და, მერე რაც გინდა მთხოვე.

დიდხანს ეხვეწებოდა ყბაჩას, კისერზე ეხვეოდა, ხან ტიროდა. ხან იღიმებოდა და ათას უცნაურ რასმეს ჰპირდებოდა. მაგრამ ყბაჩა უარზე იდგა, რადგან მეორე დღესვე სურამში უნდა დაბრუნებულიყო. ერთს კვირაში ყავლს გაათავებს, ჯამაგირს მიიღებს, დაბრუნდება და თავის მეგობარს თუნდა მეორე დღესვე წაიყვანს ქალაქში.

ბოლოს, ყბაჩა რომ ვერ მოსტეხა, თინა აიმრიზა და აღრინდა: - დამეკარგე! წადი აქედან! აღარც შენი ძმობა მინდა და არც ქალაქში წაყვანა. სანამ შენ დაბრუნდებოდე, ვინ იცის რა დაემართოს სოლოს. წადი, დაიკარგე-მეთქი! ყბაჩა წავიდა და დაიკარგა.

მერე დღეს თომამ ბორჯომის მატარებელი აატარა. მერმე ნამტირალ თინას ლოყაზე ხელი მოუსვა, იმედიანი სიტყვებით დაუმშვიდა გული და გზის დასათვალიერებლად წავიდა.

თომას ფეხის ხმა რომ მისწყდა, თინა დაფაცურდა. ჩითის კაბის ქვეშ პერანგი ჩაიცვა, თავსახვევი მოიხვია და ჭრელ ხელსახოცში კიტრი, ყველი და მჟავე ვაშლი შეახვია. მაშ ხელცარიელიხომ არ მიუვა ავადმყოფ ქმარს.

თინამ ის ალაგიც იცის, სადაც თომა ორიოდე გროშს ინახავს. განჯინის კუთხიდან ფული ამოფხიკა, წკეპლას ხელი დაავლო და ლიანდაგს დაადგა. ღრინაც გამოჰყვა.

- ღრინა, დაბრუნდი! ღრინა, დამეკარგე! - უყვირის თინა ძაღლს, მაგრამ ღრინას თავის მეგობრის რისხვა არ ესმის, ოდნავ შესდგება, კუდს მოიქნევს, მერმე თავს ჩაჰღუნავს და ქვეით მიმავალ უჩინოს გაუბედავად მისდევს ფეხდაფეხ.

მიდის უჩინო თინა. ქვეიდან ხვნეშით და ოხვრით მოდის მატარებელი.

უსინათლო ქალმა გზას გადაუხვია, მატარებელი გაატარა და ისევ ლიანდაგზე ავიდა. ორი საათის შემდეგ ბათომის მატარებელმა უნდა ჩამოიაროს. დიდხანს იარა თინამ ბორძიკით და სავსავით. ბოლოს ვიღაცამ ხმა მისცა:

- ქალო, სად მიხვალ?

- ქალაქში... ქალაქში მივდივარ შენი ჭირიმე. რომელი ხარ, მითხარი, სადა ვარ? სად უნდა ავიღო ბილეთი?

- წამო, გიშველი. უცნობმა მკლავში ხელი გაუყარა და სადგურის ბაქანზე გაიყვანა.

- ვინა ხარ, ქალო? ვისი ხარ? - ეკითხება სადგურის გამგე.

- თომასი ვარ.

- ჩვენი თომასი?.. თინა, შენა ხარ? მერე, სად მიხვალ მარტო? - ქალაქში? მერე თომამ იცის? მარტო გამოგიშვა?

- იცის. - პირველად ამბობს ტყუილს თინა. - გამომიშვა, თვითონ არ სცალიან... ქმართან მივდივარ... როგორ ვიპოვნო.

მატარებელში ჩასვეს და ვიღაცას დააბარეს: - თუ ძმა ხარ, გიორგი, ამ ქალს ყური უგდე. ქალაქში ჩამოსვი და გზა ასწავლე. არაფერი აწყენინო, ჩვენი თომას ქალია.

თინას თანამგზავრი და მფარველი ვიღაც გიორგი გაუთავებელს ლაპარაკობს, თინას ათას უცნაურს ეკითხება, თვითონაც უამბობს, თან ისე ეკვრის და ეხახუნება უჩინო ქალს, როგორც სოლო ეკვროდა ხოლმე. ვაგონში ყაყანი და ჟრიამული ისმის.

თინას უცებ ღრინა მოაგონდა:

- მართლა, ღრინა!.. ჩემი ღრინა სად არის? ღრინა!.. ღრინა! ღრინა დაიკარგა.

თინას ცრემლი წასკდა. გიორგიმ თინა ღრინას საძებნელად გაიყვანა. ტალანში გაჩერდნენ და კარებს მიეყუდნენ. ვაგონში ყაყანი და ჟრიამული ისმის.

გიორგიმ ძალადობას მოუმატა. თინა გაჯავრდა და გაკაპასდა. გიორგის მკლავებში ფართხალებდა, იკლაკნებოდა, ხელებს იქნევდა და ყვიროდა:

- გამანებე-მეთქი თავი! ხელი გამიშვი, შე ოხერო, შენა!

თინას პატარა მუშტი გიორგის ცხვირპირს მოხვდა. ქალი გასხლტა, ხელის ფათურით შევარდა ვაგონში და ატირდა.

- ნუ სტირი, ქალო, შენ ქმარს როგორმე ვიპოვნით, აი ჩავედით კიდევაც. - უთხრა ვიღაც უცნობმა.

მატარებელი გაჩერდა. უცნობმა თინა ბაქანზე გადმოიყვანა. ხელი გაუშვა და დაიკარგა.

ისმის ორთქლმავალთა კივილი, ზარების წკარუნი, ხალხის ჩოჩქოლი, ქალაქის ოხვრა, გუგუნი და ჟრიამული. თინას ხან ერთის მხრიდან გაჰკრავენ ხელს, ხან მეორე მხრიდან წააწყდებიან.

- მიშველე-ეთ... წამიყვანე-ეთ... გზა მაჩვენეთ. - ბუტბუტებს გაბრუებული და უცხო ქვეყანაში დაკარგული ქალი.

ბაქანზე ხალხის ხმა და ჟრიამული შენელდა.

- მიშველე-ეთ... გზა მიჩვენე-ეთ. - კვლავ ეხვეწება სივრცეს უსინათლო სოფლელი ქალი.

- რა გინდა, ქალო? ვის ეძებ? - ჰკითხა ერთმა.

- ქმარს ვეძებ. მიშველე, აგრემც გიშველის მაღალი ღმერთი.

- ვინ არის შენი ქმარი? რა ჰქვიან? სად არის?

- სოლო ჰქვიან, გენაცვალოს ჩემი თავი, სოლო ჰქვიან, ორივე ფეხზე კოჭლია... გზაზე მუშაობდა. ახლა ავად არის.

- ჰეი, ბიჭებო, ვინ იცნობთ სოლოს? - დაიყვირა უცნობმა.

- მე ვიცნობ, მედუქნეა. - სთქვა ერთმა.

- ხარაზია. - დაუმატა მეორემ.

- ჩვენი უბნის კომისარია. - გაიცინა მესამემ. -

არა, გენაცვათ, არა! - ამბობს თინა. - მუშაა, უბრალო მუშა.

- თავი გაანებეთ თქვე სალახანებო! - დაიყვირა ვიღაცამ და თინას ხელი წაავლო. - წამო, წამოდი. მე ვიცნობ. გიპოვნი და ჩაგაბარებ. მომყევი. 

- აი ადამიანიც ეს ყოფილა! რა ღვთისნიერი კაცია! რა გულკეთილია! თურმე ამ ვერანა ქალაქშიც მოიპოვება პატიოსანი ადამიანი. თომა კი მუდამ იმას ამბობდა, ქალაქი ჯიბგირებით და სალახანებით არისო სავსეო.

დიდხანს იარეს. ხან მარჯვნივ შეუხვიეს, ხან მარცხნივ გაუხვიეს, მერე პატარა ეზო გადასჭრეს და პატარა ოთახში შევიდნენ.

- სამკურნალოში დღეს ვეღარ წავალთ, საცაა დაღამდება. - ამბობს უცნობი. - დაჯექი და დაისვენე.

უცნობი დატრიალდა. სუფრას ამზადებს და ლაპარაკობს. თინას ვინაობა გამოჰკითხა და თავისიც უამბო.

- აბა, ახლა ცოტა პური ვჭამოთ. მოდი, დაჯექი... აი ეგრე. აი პური... აი ყველი. ეს კიტრია, ეს თევზი... ჭამე გენაცვა, ჭამე, თორემ გზაში მოგშივდებოდა. აბა ერთი ღვინოც დააყოლე.

სჭამენ და მუსაიფობენ. უცნობი ახლოს უზის თინას და ბავშვივით უვლის, საჭმელს აწოდებს, ღვინოს ასმევს და გაუთავებლად ჰყბედობს. ჭამა რომ გაათავეს, უცნობმა თინა ტახტზე გადაიყვანა, გვერდით მიუჯდა, მკლავი მოჰხვია და კოცნა დაუწყო. თინას არყის, თამბაქოს, ოფლისა და ზეთის სუნი ახრჩობს. ებრძვის უცნობს და ბუტბუტებს:

- დამანებე თავი... არ მინდა... ქმარი მყავს... თავი დამანებე-მეთქი! ხელი გამიშვი!

უცებ უცნობი გაგიჟებული ხარივით დაეძგერა.

- მიშველე-ეთ! მიშველე-ეთ! - დაიკივლა თინამ და მძლავრ მკლავებს გაუსხლტა. ოთახში ჯერ სკამი გადავარდა, მერმე ჭურჭელმა დაიწკარუნა. გაწეწილი ქალი ჯერ ერთ კედელს წააწყდა, მერე მეორეს, შემდეგ კარს მიაგნო და ეზოში გავარდა.

- მიშველე-ეთ! ვინა ხართ ადამიანი, მიშველე-ეთ!

- ვინა ხარ, ქალო? ამ სახლში რა გინდა? - მოესმა ბებრული ჩიფჩიფი.

- გამიყვანეთ აქედან, გამიყვანეეთ... შენი ჭირიმე, მიშველეეთ. - სტირის და იხვეწება თინა.

იმ ბებერმა ქუჩაში გაიყვანა და თავი მიანება.

- ჰეი, ჰეი, ხაბარდა! - დაიყვირა მეეტლემ და გაქანებული ცხენები ბრმა ქალს ძლივს ააცდინა. საყვირმა მძლავრად ჩასძახა ყურში და ვიღაცამ ბოხი ხმით მიაყოლა:

- ბრმა ხომ არა ხარ, შე ოხერო, შენა!

თინა მარჯვნივ გასხლტა და უკვე შეყენებულ ავტოს დაეჯახა.

- ბრმა ვარ, შენი ჭირიმე, ბრმა. მიშველეთ რამე, გამიყვანეთ, - წუწუნებდა თინიკო.

თინას გარშემო ლაპარაკი ატყდა. ვიღაცამ ხელი წაავლო დატროტუარზე აიყვანა. აქეთ-იქიდან გამოკითხვა დაუწყეს. ვინ არის? რა ჰქვიან? სადაურია? რა უნდა ქალაქში? როდის ჩამოვიდა?

- წამო, შე უბედურო, წამოდი. მე გიშველი. - ეუბნება ერთი.

არა, თინა მამაკაცს აღარ ენდობა და არც გაჰყვება. ყველანი ჯიბგირები არიან და ჰარამზადები ყოფილან, ყველანი თინას ტანს ეტანებიან და ჭუჭყიან სიტყვებს ეუბნებიან. აქ დარჩება თინა. ღამეს ქუჩაში გაათენებს. გინდ გასჭყლიტონ, თუნდ მშიერიც მოკვდეს. სირცხვილს ისევ სიკვდილი ურჩევნია. სდგას კედელთან აბუზული და სტირის.

რად სტირის ქალი? თქვენი საქმე არ არის, თავი დაანებეთ. აღარც თავის სახელს გეტყვისთ და არც იმას - სადაურია, ვის ეძებს და სადა ცხოვრობს. გაანებეთ თავი თინას, გაანებეთ, აღარც თქვენი მადლი უნდა და ტკბილი სიტყვა. ბოლოს ქალის ხმა მოესმა:

- ქალო, რა გატირებს?

- შენი ჭირიმე, მიშველე-ე!

ქალს ორივე ხელით დაებღაუჭა და სხაპუნით უამბო თავისი ვინაობა და დარდი. იმ ქალმა ხელი წაავლო და წაიყვანა, თან ალერსით ეუბნება:

- შე უბედურო, მარტო რომ მოდიოდი ქალაქში, რას ჰფიქრობდი? უცხო კაცს ახალგაზრდა ქალი რად მიენდევი? მართალია, ბრმა ხარ, მაგრამ არც ტანი გაკლია და არც სილამაზე.

- რა ვიცი, გენაცვალე, გავბრიყვდი და წამოვედი.

- წამოვედი! წამოვედი! აგიღია თავი და მარტო დადიხარ ამოდენა ქალაქში. აქეთ მოდი... არ წაიქცე... აქ კიბეა... მარჯვნივ მოუხვიე. აი მოვედით. შემოდი, ნუ გეშინიან: დედაკაცმა ოთახში შეიყვანა და სკამზე დასვა. მერე პირსახე დააბანინა, ჩაი დაალევინა, კიდევ მრავალი რამ გამოჰკითხა და ბოლოს უთხრა:

- ეხლა დაიძინე. შენი სოლო აქვე ახლოს იქნება. ხვალ დილით წაგიყვან და გაჩვენებ.

- რა ვქნა, ის მაინც მითხარი, შენი ჭირიმე, ვისთანა ვარ? - ჰკითხა თინამ.

- მარიამი მქვიან. დანარჩენს მერე გიამბობ, თუ კიდევ მოგაგონდი.

- ეგ რა ბრძანე, შენი ჭირიმე, თუ კიდევ მოგაგონდიო! მე ისეთი უმადური არა ვარ, რომა...

- კარგი, კარგი. მადლობა მერე იყოს, როცა სოლოს გიპოვი და როცა თვალისჩინიც დაგიბრუნდება, ეხლა კი დაწექი და დაიძინე.

დაღლილ თინას უმალვე დაეძინა. მეორე დილით მარიამმა ერთხელ კიდევ დააბანინა პირსახე, თმა დაუვარცხნა, პური აჭამა, მერე ხელი წაავლო და წაიყვანა.

დიდხანს იარეს და ბოლოს ერთ შენობაში შევიდნენ.

- სოლო კაჭარაშვილი აქ არის? - ესმის თინას მარიამის ხმა და მამაკაცის პასუხი: 

- აქ არის.

თინას გული აუჩქროლდა.

- იმის სანახავად მოვედით. შეიძლება?

- შეიძლება. იქ მიბრძანდით. აი ეს კაცი გაგაცილებთ.

დიდხანს იცადეს და ბევრი იარეს. ხან კიბეზე ავიდნენ, ხან მარჯვნივ შეუხვიეს, ხან მარცხნივ გაუხვიეს და ბოლოს სადღაც შესდგნენ. თინას უცნობის ხმა ესმის:

- აი აქ არის. აგერ იმ ლოგინზე წევს. ჯერ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. მერე თინამ ორივე ხელი წინ გაიშვირა და მთრთოლვარე ხმით ჩაიჩურჩულა:

- სოლო... სოლიკო... სად ხარ?... მიშველე, კაცო, მოვდივარ.

- თინა! თინიკო! - იქვე გვერდით მოესმა თინას.

თინამ ხელების სავსავით იპოვა სოლოს ხელები და დანიშნულს ქვითინით და სიცილით ჩაუვარდა მკლავებში.

 

VII

 

სამივენი რკინის ტახტებზე სხედან და ბაასობენ.

სოლომ რომ თინას თავგადასავალი გაიგო, ჯერ ძალიან გაჯავრდა, მერე კი მოლბა და სთქვა:

- რა ძალა ჰქონია სიყვარულს! ბრმას თავი აგიღია და ქალაქში მოეხეტები. ქალო, ე ღვთისნიერი დედაკაცი რომ არ შეგხვედროდა, რა დაგემართებოდა?

თინა უცნობ დედაკაცს გადაეხვია: - რა ვიცი. ალბათ ჩემი ბედი ყოფილა, რომ მარიამს შევხვდი. ამის მადლი სიკვდილამდე არ დამავიწყდება. სიკეთეს გადავუხდი, თუ ღმერთმა ხელი მომიმართა.

- შენი ხელის მომართვა ის იქნება, თუ თვალისჩინი დაგიბრუნდება. - სთქვა მარიამმა.

- მართლა, - მოაგონდა სოლოს, - რაც არ უნდა იყოს, დროზე მაინც ჩამოხვედი, რაღა სამერმისოდ გადავდოთ! მოდი შენი თვალები ახლავე ვაჩვენოთ ექიმს.

თინას გული აუჩქროლდა. - გენაცვალოს ჩემი თავი, სოლიკოჯან! ეგ კი სულ აღარ მომგონებია. ი ექიმი მაჩვენე, ვინ იცის... რა ვიცი...

ვიღაცეები მოიშველიეს და დაფაცურდნენ, თინას ხელი წაავლეს და სადღაც წაიყვანეს, ექიმმა თინიკო სკამზე დასვა, თვალები გაუსინჯა და ჰკითხა:

- ხედავ რამეს? სულ არაფერს? რამდენი წელიწადია რაც თვალისჩინი წაგერთვა?.. მაშ თქვენს ოჯახში ბრმა არავინ ყოფილა? მერე ლოყაზე ხელი მოუცაცუნა და სთქვა:

- თვალებზე ბისტი გაქვს გადაკრული. უნდა ადრევე გეწამლა. მაინც მოგარჩენ, ყოჩაღად იყავი. მარიამმა და თინამ მხიარული ჟრიამული ასტეხეს და ექიმს ხვეწნა დაუწყეს.

მერე მარიამმა უთხრა ექიმს:

- ეს ქალი თქვენი ავადმყოფის ცოლია, რომელიც ეხლაც აქ არის.

- მართლა? - ჰო, გენაცვალოს ჩემი თავი. სოლოს ცოლი ვარ, სოლოსი. აი აქა წევს, ახლაც ავად არის.

თინა გაიყვანეს, კიდევ დიდხანს ატარეს და ერთ დედაკაცს გადასცეს.

- აბა, თინიკო, მშვიდობით იყავი. ზეგ რომ მოვალ, თვალები ახილული უნდა გქონდეს. - უთხრა მარიამმა და წავიდა.

თინას ვინაობა გამოჰკითხეს და სადღაც ჩაწერეს. ხელში რაღაც ქაღალდი მიაჩეჩეს, კიდევ დიდხანს ატარეს, კარგად გაჰბანეს, საცვალი გამოუცვალეს, გრძელი ხალათი ჩააცვეს და დააწვინეს. თინა გაშოტილი წევს. ისმის თავდაჭერილი ლაპარაკი, ჩურჩული და ჩუსტების ფლასტუნი.

თინასაც უნდა ოთახში გავლა და ბაასში ჩართვა, მაგრამ ვერ ჰბედავს. ვიღაც დედაკაცი მოუჯდა გვერდით და გამოელაპარაკა.

- შენი ჭირიმე, - ეხვეწება თინიკო უცნობს, - ერთი გამაგებინე, ძალიან მეტკინება, ე თვალებს რომ გამიჭრიან?

- თვალები უნდა გაგიჭრან? უი დამიდგეს თვალი! - შეშინდა უცნობი.

სხვებიც ჩაერივნენ და აყაყანდნენ. ყველანი გასაჭრელად იყვნენ მომზადებულნი, ამიტომ აჟივილდნენ და ერთმანეთს შეუკეთეს.

ოთახში ვიღაც შემოვიდა, აშლილნი დაამშვიდა და თინას უთხრა:

- დამშვიდდი, ქალო. სულაც არ გეტკინება. ჩვენთვის ეგ საქმე ისე ადვილია, როგორც შენთვის ერთი მწვადის შეჭმა.

აქეთ-იქით გაიცინეს. მერმე ყოველივე მიწყნარდა.

„ნეტა რას შვრება ეხლა მამაჩემი? - ჰფიქრობს თინა. - ალბათ ქვეყანა გადააბრუნა, დარბის და მეძებს. იქნება დამედევნა კიდევაც. იქნება ახლაც დარბის“. მართალია, მარიამმა და სოლომ პირობა მისცეს თინას, დღესვე წერილს მივწერავთ თომას და დავამშვიდებთო, მაგრამ სანამ თომა წერილს მიიღებს, საწყალს თავისი დაემართება.

„ერთიც ვნახოთ, თვალხილული მივადექი მამას. - ოცნებობს თინიკო და იღიმება. - რა სეირი იქნება! კეკეს ბიჭს ყბაჩას თვალები დაუდგება. სურამში რომ გაიქცა, მაშ რა ეგონა! თვალები რომ ამეხილება, ყბაჩა პირს დააღებს და დამედევნება, მაგრამ... მაგრამ გვიანღა იქნება. ყბაჩას სოლომ დაასწრო. მართალია, სოლოზე ამბობენ, ფეხები დამტვრეული აქვსო, მაგრამ ამას არაუშავს რა. თინას ვერც კი წარმოუდგენია ფეხდამტვრეული ადამიანი. სოლო დადის, მაშ თინას მეტიც არა უნდა რა. როგორც ეტყობა, სოლო ყბაჩაზე უფრო ღონიერი უნდა იყოს. გარდა ამისა, ყბაჩა უბრალო სოფლელი ბიჭია, სოლო კი უფრო ნავალიც არის და გამოცდილიც.

თინა ოცნებას გაჰყვა. თითქო თვალები აეხილა. ყბაჩა და სოლო იმის გულისთვის დავობენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ორი დღე და ღამე გავიდა, დილით თინას ჯერ ჩაი დაალევინეს, მერე მკლავში ხელი გაუყარეს და წაიყვანეს.

- გამარჯობა, თინა! - იცნო თინიკომ ექიმის ხმა. - როგორა ხარ? როგორ მოგწონს აქაურობა?

- კარგად, შენი ჭირიმე, ძალიან კარგად.

- აბა დღეს შენი ბედი უნდა ვსცადოთ.

თინა ამ წუთს ორ თვეს ელოდებოდა. გუშინ და გუშინწინ ეს წუთი იმედის და შიშის შამფურივით უტრიალებდა თავში და გულს უდაღავდა, ახლა კი, როდესაც საოცნებო საათმა ჩამოჰკრა, თინიკოს პატარა გულმა შიშს და სიხარულს ვეღარ გაუძლო.

- შენი ჭირიმე... დამაცადე... ჯერ მითხარი... - ბუტბუტებდა თინა და ექიმის ხელებს ეძებდა.

- რა უნდა მითხრა, ქალო? სთქვი, რა გინდა?

- ჯერ მითხარი, თუ საქმე კარგად წავიდა, დღესვე დავინახავ თუ...

- დღესვე კი არა, ახლავე დაინახავ. აბა ჩაიცვი.

სანამ თინას სხვა რაღაცას აცმევდნენ და ამზადებდნენ, ექიმი გულს უმაგრებდა: - თუ ბედი გაქვს... შენ ნუ გეშინია... არ გეტკინება. ოდნავ იგრძნობ... ყოჩაღად იყავი... თავი გადაუწიეს და ხელები დაუჭირეს.

თინამ მარცხენა თვალში ტკივილი იგრძნო - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... და უცებ - ღმერთო, დიდებულო! - აკანკალდა და მთრთოლვარე ხმით შეჰკივლა:

- ვხედავ!... ვხედავ!... ვხედავ!...

- მადლობა უფალსა. - ბუტბუტებს დამხმარე ქალი.

- დავინახე! დავინახე! სოლიკო, სადა ხარ? მამილო, დავინახე? - მდუღარედ ისვრის თავზარდაცემული თინიკო.

- ცოტა კიდევ... მოიცა, კიდევ მოიცა... ბედნიერი ღელვით ღელავს ექიმიც და ჩქარობს. - გაახილე თვალი, გაახილე.

- მადლობა უფალსა! მადლობა უფალსა! - ისევ ბუტბუტებს ასისტენტი ქალი და ნერვიულად ფუსფუსებს.

თინას თვალში თეთრმა ჩაანათა. გაუძლისმა ნეტარებამ თავში დაჰკრა და ფეხებამდე ჩაურბინა. თინამ წამწამები აახამხამა და თვალი მოჰკრა თეთრ კედელს, თეთრ ჭერს და თეთრ ექიმს და იმის ჭაღარა პირსახეს, შავს ხელთათმანებში გახვეულ ხელს, მოღიმარე ტუჩებს და გაბრწყინებულ თვალებს, თვალი მოჰკრა, გაიწია და ექიმს სახელოში წასწვდა.

 - შენი ჭირიმე... შენ გენაცვალე... მითხარით, გამაგებინეთ, ეს რა არის?.. ეს რა ფერია?..

- თეთრია, თეთრი. აბა კიდევ გაახილე თვალი.

ახლა კი იცის თინამ. რაც ყოფილა თეთრი ფერი, იცის! ხელმეორედ გაიწია და ექიმს ისევ ხელში წასწვდა.

- ეს... ეს რაღა ფერია?

- ეს შავია, შავი. აბა გეყოფა.  დაუჭირეთ ხელი. გაახილე თვალი, გაახილე-მეთქი!

ახლა თინამ ესეც იცის, ახლა კი ესმის თომას სიტყვები: „შავი ის არის, რასაც ახლა ჰხედავო“.

თინა წყვდიადს ჰხედავდა, შავს და განუჭვრეტელ სიბნელეს. აი თურმე რა ფერისა ყოფილა შავი! ერთი წამით დაჰხუჭა თვალი და შეჩვეული ფერი კვლავ დაინახა - შავი და საზარელი სიბნელე, არაფერი, არარაობა. ისევ გაახილა თვალი და ისევ თეთრი კედელი, თეთრი ექიმი და მისი „პირისფერი პირსახე“ დაინახა - შუბლშეკრული, პირმოღუშული, მჭმუნვარე და თითქმის სასტიკი.

- ახლავე... ახლავე... ერთხელ კიდევ, ერთხელაც. ნუ ინძრევი. - ბუტბუტებს ექიმი და გაფაციცებით მუშაობს. მერე თვალებზე ბამბა დაადო და სთქვა: - აბა ახლა მეორეცა ვსცადოთ.

თინამ კვლავ იგრძნო ტკივილი და სუსტად შეჰკივლა, მაგრამ ტკივილი უმალვე დაივიწყა.

- ვხედავ!.. ვხედავ!.. ამ თვალითაც ვხედავ! გენაცვალე მაგ ხელში!... შენი ჭირიმე, ექიმო!.. და თვალახელილი თინიკო მეორე თვალითაც ჰხედავს იმავე ჭერს, იმავე კედელს, თეთრ ექიმს, შავ ხელთათმანს და ექიმის გაბადრულ პირსახეს.

- ახლავე... ახლავე... გავათავებ. - კვლავ ბუტბუტებს ჭაღარა ექიმი.

მერე ორთავე თვალი შეუხვია, წამოაყენა, ათრთოლებული მკლავი წელზე მოჰხვია და მამობრივი სიხარულით უთხრა:

- აბა, ჩემო თინიკო, ეს დღე არ დაივიწყო. დღეს მეორედ დაიბადე. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ხომ გიხარია? რა დაგემართა, თინა? რა გემართება, ქალო?

- დღევანდელი დღე როგორ დამავიწყდება!... როგორ დამავიწყდება, რომ შენ... თქვენ... მე... მე... სათქმელი ვეღარ გაათავა, ხმა აუკანკალდა, თვითონაც ათრთოლდა, ხელებით ექიმის ხელები მოსძებნა და ექიმის მკერდზე აქვითინდა.

 

VIII

 

თვალებაკრული თინა თერთმეტი დღე იწვა სამკურნალოში. მეთორმეტე დღეს ექიმმა ერთხელ კიდევ დაიბარა და უთხრა:

- აბა თინიკო, შენი დღე მოვიდა, ვადა გაგითავდა. დღეს სამუდამოდ უნდა ავხსნა თვალსახვევი. თქვენებიც აქ არიან. გარეთ გიცდიან. აბა, ერთი! ორი, სამი! და უცებ მოგლიჯა თვალსახვევი.

თინა ისე აირია და დაიბნა, თითქოს ეს არის ახლა დაიბადაო. თვალებს ახლადგაღვიძებული ბავშვივით იფშვნეტავდა და უცნაურ ღიმილით ათვალიერებდა ოთახს, ცის ნაჭერს, მომღიმარე ექიმს, ასისტენტს და სათნოების დას.

- ხომ კარგად ჰხედავ ყველაფერს? - ეკითხება ექიმი.

- კარგად ვხედავ, გენაცვალე, კარგად, მაგრამ...

- პირველად რომ გაგიჭერი თვალი, ალბათ, მარტო ჩემი ხალათი, ჭერი და კედელი დაინახე, ახლა კი...

- ახლა ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს... თქვენც გხედავთ, თქვენს პირსახესაც.

- ეს რა ფერია? - მიუთითა ექიმმა კედელზე.

- თეთრი. - უპასუხებს თვალახელილი თინა და, თვითონაც თეთრებში ჩაცმული, რეტიანივით დაბარბაცებს და უცნაურად იღიმება.

- ესა?

- შავი.

- ესა? - და ასისტენტმა პირსახეზე დაიდო თითი.

- ეგა? - და უცებ გაზეპირებული სიტყვა მოაგონდა: - პირისფერი.

- ყოჩაღ! - მოიწონა ექიმმა და ცარცწასმული ფანჯარა გამოაღო. - აბა თინიკო, აქ მოდი.

თინამ ფანჯრიდან გაიხედა და შთაბეჭდილებისაგან დაღლილ-დაოსებულმა ორივე ხელი ფანჯრის რაფას დააბჯინა. ახლად თვალახილულის წინ დიდუბე, ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა, ზედაზენის ქედი, დიღმის მინდორი და ასნაირად შეღებილი მთების გრეხილი, დიდი ქუჩა და ჭრელი ქალაქი გადაიშალა.

- თქვენი ჭირიმე-ე-ე, ეს რა არის! ეს რა ამბავია! - ბუტბუტებს თინიკო და ისევ თვალებს იფშვნეტავს. - ეს რა არის... ეს რა ამბავია!

ექიმმა მკლავში ხელი წაავლო და გამოაფხიზლა.

- ეს არის ცა. - უთხრა ექიმმა და თითი ზევით ასწია.

- ცა... ცისფერია ცა! - მოაგონდა თინას.

- აგერ ცაზე თეთრი რამ მოსჩანს, ღრუბელია. იქიდან მოდის წვიმაც და თოვლიც.

- წვიმა და თოვლი! მე კი მეგონა, რომა... და თინას მოაგონდა ცალთვალა დევი, რომელიც ოდესღაც ქვეყანას საცერით რწყავდა და ბამბით ჰფენდა. გრილი ნიავი ჰქროდა. თინა შუბლს იგრილებდა და ისევ ცალთვალა დევს იგონებდა, რომელიც ვითომ მთაზე იდგა და ქვეყანას ქარს უგზავნიდა. ცას შეხედა, თვალები დაჰხუჭა და კვლავ გაიხსენა იგივე დევი, რომელსაც ხელში დიდი მუგუზალი ეჭირა. გაიხსენა და სიხარულით გაიცინა.

- რას იცინი? მოგწონს? ახლა ჰხედავ როგორი ყოფილა ეს ქვეყანა?

- ვხედავ, ვხედავ! აჰა-ჰა! რა კარგი ყოფილა! - აი ბაღი. - ჰო, ბაღი... მწვანე ბაღი.

- ეგეც გცოდნია? აგერ დედაკაცი მიდის, რა ფერისაა იმის კაბა?

- კაბა? კაბა... არ ვიცი, ეს კი არ ვიცი.

- წითელია, წითელი.

- ეგ არის წითელი? რა ლამაზი ფერი ყოფილა-ა-ა...

- აბა, თინა, ახლა კი წავიდეთ, თქვენები გიცდიან.

- მართლა, ჩვენები! სად არიან? შენი ჭირიმე, მაჩვენე, ჩქარა მაჩვენე, ჩქარა!

- აი ეს ქალი გაგიყვანს. მე აქ უნდა დავრჩე. აბა, მშვიდობით იყავი, თინიკო, არ დამივიწყო. თინას ცრემლი წასკდა. ტუჩებით დასწვდა ექიმის ხელს და აბუტბუტდა:

- მადლობელი ვარ, ექიმო, მადლობელი... მშვიდობით, ენაცვალოს ჩემი თავი მაგ მარჯვენას... გენაცვალოს... გენაცვალოს.

სათნოების დას გაჰყვა და გავიდა. გზადაგზა აქეთ-იქით იხედებოდა, ყველაფერს გაოცებით შინჯავდა, ჰხარობდა და წამდაუწუმ ეკითხებოდა თანამგზავრს:

- რა ვქნა, ეს რა არის?.. ამას რა ჰქვიან?.. ეს რისთვის არის? ხალხით გაჭედილ დიდ დარბაზში რომ შევიდა, დაიბნა და შესდგა. ქალები და კაცები ბუზებივით ირეოდნენ. თინა ყველას აცქერდებოდა და თავით ფეხებამდე ათვალიერებდა. ნეტა ვინ არისიმის მამა? რომელია ყბაჩა? სად არის მარიამი? სოლიკო სადღაა? უცებ აქეთ-იქიდან რამდენიმე ხმა მოესმა:

- თინა! თინიკო! შვილო! სამი მამაკაცი და ერთი დედაკაცი მისცვივდნენ. მოეხვივნენ და დაჰკოცნეს.

თინამ ოთხივე ხმაზე იცნო.

- მამა, მამილო!... სოლო, სოლიკო!.. შენა ხარ?.. ყბაჩა, შენც აქა ხარ? მარიამ, ჩემო დედავ... ჩემო დედილო! მაშ ეს არის თინას მამა? ეს არის თომა?! აი ეს კაცი - გამხდარი, მობუზული, ჭაღარა და დაგლეჯილ მაზარაში გახვეული?! საწყალი მამილო! საბრალო თომა! მოდი, გენაცვალოს თინიკო, მოდი! მოდი და ერთხელ კიდევ ჩაეხუტე შენისთანა საბრალო თინიკოს.

- ღმერთო, ამას რას მოვესწარი!.. ეს რა ვნახე! ეს რა ბედი მეწვია! - ბუტბუტებს თომა და დაღარულ პირსახიდან სიხარულის ცრემლებს იწმენდავს.

ოთხივე შემოეხვია. მხიარულმა ყაყანმა და ჟრიამულმა თინა გააბრუა. მათი კითხვა, პასუხი და მილოცვა თინას თავში ფუტკარის ბზუილივით აირია. მათს ლაპარაკს ყურს ვეღარ უგდებდა. ჯერ ოთხივე თავით-ფეხამდე ჩაათვალიერა, მერმე ახლად ახელილი თვალები ორს მამაკაცს ჩააშტერა და უნებურად დაიწია უკან. ორივე იმის წინ იდგნენ: დაბალი, ხნიერი, კუზიანი, პირდამწვარი, გონჯი სოლო და ახალგაზრდა, მოსხლეტილი, გრუზა და ლამაზი ყბაჩა.

ღმერთო, დიდებულო! ეს რა გაგიჩენია! ლამაზი და გონჯი, მშვენიერი და მახინჯი, ახალგაზრდა და ბებერი? აქამდე თინამ არც ერთი იცოდა, არც მეორე. ახლა კი უცებ იგრძნო და უჩვეულო სიხარულით აინთო. მაგრამ იმავე დროს აფართხალებულ გულზე მძიმე ლოდი დააწვა და თვალახელილი ქალი ჩასდრიკა.

ღმერთო, დაილოცოს შენი სამართალი! მაგრამ რისთვის მოგინდა ამოდენა წყალობაში ასეთი შხამი რომ გაურიე და თინიკოს გაუძლისი ბედნიერება რომ შეუნელე?! და მოდრეკილმა და შენელებულმა ქალმა უნებურად დაჰხუჭა თვალები და ოდნავ წაბარბაცდა. სოლო დროზე მიეშველა: წელზე გრძელი ხელი მოჰხვია და მიიზიდა.

- დაიღალე განა, თინიკო! დაჯექი, აი აქ დაჯექი. - უთხრა სოლომ და გრძელ სკამზე დასვა.

- ცუდი ფერი დაგედო, შვილო. - მიეშველა თომაც. - ცუდად ხომ არ გახდი?

- არა უშავს რა, - ჩაერია მარიამიც, - ახლავე გაუვლის. ამოდენა ხალხის დანახვა დაჰღლიდა, დაისვენე, გენაცვა, დაისვენე. დახუჭე თვალები, დაჰხუჭე. სანამ არ დაისვენებ, ნუ გაახელ.

თინამ თვალები მიჰლულა, დარეტიანებული თავი თომას მკერდზე მიადო და გაინაბა. ირგვლივ ისევ ყაყანი და ჟრიამული სდგას, თინას კი მხოლოდ თავის გულის ფართხალი და კვნესა ესმის. მილულულ თვალებს ზოგჯერ ოდნავ გაახელს და ქურდულად ყბაჩას გადაავლებს, რომელიც იქვე სდგას, უცნაურად იღიმება და თინას ნაღვლიანი თვალებით ჩასცქერის.

ბოლოს ყველანი წამოდგნენ და ქუჩაში გამოვიდნენ. მარიამმა და სოლომ თინიკო შუაში ჩაიყენეს, მკლავებში ხელები გაუყარეს და წამოიყვანეს. სოლო ისე ქანაობდა მოშლილ თეძოებზე, ისე სცელავდა მოგრეხილ ფეხებით და ისე ეხეთქებოდა დასუსტებულ დანიშნულს, რომ თინამ ვეღარ გაუძლო: სოლოს ხელი გამოაცალა, მამას მეორე მხრივ მოუარა და ის ხელი თომას წაავლო.

შთაბეჭდილებებით დათენთილი ქალი, ლასლასით მიდიოდა, გაოცებულ თვალებს აცეცებდა, წამდაუწუმ ჩერდებოდა, აქეთ-იქით იხედებოდა, მგზავრებს ჩაციებით შინჯავდა და ხმამაღლა კით-ხულობდა:

- ეს ვინ არის?.. ეს რა არის?.. ამას რა ჰქვიან?.. ეს რა ფერია?.. თვითმავალი შეუბმელი ვაგონი და გაქანებული ავტო რომ დაინახა, ჯერ პირი დააღო, მერმე გამოცოცხლდა, გადაიკისკისა, მუხლებზე ხელები დაირტყა და წამოიძახა: - რა ვქნა, ეს ქვეყანა რა ყოფილა! თქვენი ჭირიმე, ერთი მეც ჩამსვით ამ ურემში რაღა!

ხუთი წუთის შემდეგ გაბადრული თინიკო ტრამვაის „ურემში“იჯდა, გულიანად იცინოდა და ხანგამოშვებით თანამგზავრებს ეუბნებოდა: - რა კარგია!... გენაცვალე, ვინც ეს ურემი მოიგონა!.. ნეტაა ღარ ჩამოვიდეთ აქედანა.

ბოლოს მაინც ჩამოვიდნენ. თინა კვლავ დაიღალა და მოეშვა. მიუხვ-მოუხვიეს, ერთი პაწაწა ეზო გადასჭრეს და მარიამის ბინაში შევიდნენ.

თინა ტახტზე ჩამოჯდა, კედელს მიეყუდა, თვალები მიჰლულა და გაინაბა. იმის თავში ათასი გრძნობა და შთაბეჭდილება აირია და აიხლართა. მარიამის ბავშვები გარს შემოეხვივნენ. ოთახი ყაყანით და ჟრიამულით გაიტენა. უცებ თინამ კედელში ვიღაც ქალს მოჰკრა თვალი. ისიც ტახტზე იჯდა და თინას შესცქეროდა. თინა შეინძრა. ის ქალიც შეირხა. თინამ თმა გაისწორა. იმ ქალმაც უმალვე აიყარა შავი ბუნჯგალი.

უყურებს თინა და ჰფიქრობს: „რა ვქნა, ეს ქალი ვინ არის? რატომ აქამდე ვერა ვნახე? როგორ გაწოლილა მეორე ოთახში! რა ლამაზია? ნეტავ მეც შენისთანა ლამაზი ვიყო და...“ გაუღიმა. უცნობმა ღიმილი დაუბრუნა. თინამ თავი დაუკრა. იმანაც სალამი დაუბრუნა. თინა წამოდგა და იმ ქალისაკენ წავიდა. ისიც მოდის და იცინის. ერთმანეთს ხელები გაუწოდეს და... უცებ თინიკო კედლის სარკეს წააწყდა. სიცილმა და ჟრუანტელმა თინაც და მისი ორადიც გააშტერეს.

- რა ვქნა, ეს რა ამბავია? - ბუტბუტებს თინიკო და სარკეს ხელებს უცაცუნებს. - ეს რა არის? ეს ვინ არის? ძლივს გააგებინეს და დააჯერეს.

თავის ლამაზი თავი რომ დაინახა, გაუხარდა და აკისკისდა. საკუთარ თავს დიდხანს უღიმოდა, ეკოხტავებოდა და ელამუნებოდა. სიცილით რომ დაიღალა, ისევ ტახტზე ჩამოჯდა და შავ თვალებზე ლული ჩამოეფარა.

- აბა, თინიკო, მე და თომა საქმეზე წავალთ. - ჩახლეჩილი ხმით უთხრა სოლომ. - ადრე ვერ დავბრუნდებით. შენ მოისვენე, თორემ ძალიან დაღლილი ხარ. სადილისთვის დავბრუნდებითდა მერე ქალაქის სანახავად წავალთ. მარიამიც გამოგვყვება. შენთვის ბევრი რამე გვაქვს სასყიდელი.

თინამ თვალები გაახილა. იმის წინ კვლავ სოლო და ყბაჩა იდგნენ. უმალვე ისევ დახუჭა თვალები და წაიჩურჩულა: - კარგი, წადით.

- ნუ გეშინიან, თინიკო, - სთქვა ყბაჩამ დაბალი ხმით. - მეც შენთან დავრჩები, არ მოგაწყენ.

თომა, მარიამი და სოლო წავიდნენ. ეზოში ბიჭები ბურთს დასდევდნენ. კატა თინას მუხლებზე ასკუპდა. თინამ თვალები გაახილა. ჩაცუცქული კატა მკერდზე მიიკრა, მოულოდნელად ატირდა და აჩურჩულდა. - ნანუა... ჩემი ნანუა...

- რა გატირებს, თინიკო? - რბილი ხმით ჰკითხა ყბაჩამ და თინას გვერდით მიუჯდა. - რა გატირებს, ქალო?

თინა სდუმს და კატას თბილი ცრემლებით ასველებს.

- არ გესმის? რა დაგემართა-მეთქი, თინიკო? აბა ერთი შემომხედე, - და ხელში ხელი წაავლო.

- არაფერი, თავი დამანებე! - წამოიძახა თინამ. და იმის ხმაში ბრაზი მოისმა, ხოლო თვალებში ისარმა გაიელვა.

ყბაჩა გაოცდა: - მაინც? არ მეტყვი? და თინიკო მოიზიდა.

- გამანებე მეთქი-თავი! - უფრო მეტის სიბრაზით დაიძახა თინამ და ხელიდან თავის ხელი გამოსტაცა.

ყბაჩა გაშტერდა. მერე წაილუღლუღა:

- არ მესმის... ხომ არაფერი გაწყენინე, ქალო?

თინამ კატა გადააგდო, თვალები მოიწმინდა და ყბაჩას გაკვრით გადაჰხედა. მერე ხელები პირსახეზე აიფარა და ამოიკვნესა:

- ღმერთო ჩემო! განა ისე გაძნელდა ჩემი ჩამოყვანა ქალაქში? შენც და მამასაც რამდენჯერ გთხოვეთ, რამდენჯერ შეგეხვეწეთ. 

- ვერ მოვიცალე და...

- ვერ მოიცალეს! ჩემთვინ ერთი კვირითაც ვერ მოიცალეს! მაშ სოლომ როგორღა მოიცალა? შენ გეკითხები, სოლომ როგორღა მოიცალა-მეთქი?

- იმიტომ მოიცალა, რომა... მე... მე არც მჯეროდა, რომა ექიმი შენს თვალებს უშველიდა.

- სოლომ რაღად მოიცალა-მეთქი? სოლომ რაღად დაიჯერა?

- იმიტომ რომა... სოლო ქალაქელია, ჩვენზე მეტი ესმის. მენა ერთი სოფლელი კაცი ვარ... ბნელი გლეხი ვარ. ახლა ბარემ მეცა მჯერა, მაგრამა... -

მაგრამ რაო?

- მაგრამ ისა რომა... ყბაჩა იშმუშნებოდა, ხელებს იფშვნეტავდა და ქალამნებს დასცქეროდა. მერმე უცებ გასწორდა, ორივე ხელით თინას ხელს დასწვდა და აბურტყუნდა:

- იცი რას გეტყვი, თინიკო? მენა, რომა... დედა არ მომიკვდეს, მართალს გეუბნები... მენა შენს მეტი არავინ არ მდომებია... შენს იქით გზა არა მაქვს. მოჯამაგირედაც იმიტომ წავედი, რომ ცოტა ფული მეშოვნა და მერე შენი თავი მეთხოვნა... ქალაქშიც ჩამოგიყვანდი, ექიმსაც გიპოვნიდი... მოგარჩენდი... მე მოგარჩენდი, მე!.. ახლა კი... ახლა ხომ არ დავიგვიანე?

- დაიგვიანე. - ხელისგულს ჩასჩურჩულა თინამ.

- დავიგვიანე, მაგრამა... თინა! მამაჩემის სულსა ვფიცავარ, რომა... რომ სოლო შენი ღირსი არ არის.

თინამ ალანძული პირსახე უფრო ღრმად ჩაიმალა ხელებში.

- სოლო შენ ვერ მოგივლის. - განაგრძო ცხარედ ყბაჩამ. სოლოს შენი ხნის შვილები უნდა ჰყავდეს, ის კი შენისთანა ქალს ირთავს! აბა მითხარი, სად არის სამართალი!

თინა უცებ გასწორდა, ყბაჩას მოუბრუნდა და კვლავ ბრაზით მიახალა:

- მერე, მე? რა ჩემი ბრალია? სად იყავით? რად ჩამაგდეთ იმის ხელში? რა ჩემი ბრალია-მეთქი?

- ჩემი ბრალია, ჩემი! - წამოიძახა ყბაჩამ და თინას მხრებში დასწვდა და მკერდზე მიიხუტა. - სულ ჩემი ბრალია, ჩემი! - გაბზარული ხმით განიმეორა რამდენჯერმე. - დიდხანს ვიფიქრე, დედაც წინ გადამეღობა. შენი ნახვაც კი დამიშალა, მაგრამ შენ მაინც გულში მყავდი...

- მართლა?.. ვითომ?.. - ყბაჩას მკერდს ჰკითხა თინამ.

- დედა არ მომიკვდება მართალს გეუბნები, თინა! თინიკო! ჩემო გოგონავ...

ორივეს ტუჩებმა ერთმანეთი თვითონვე მოსძებნეს და ჩაეხუტნენ, ორივეს სული შეუგუბდა და თავბრუ დაესხა. უცებ თინა მკლავებიდან გაუსხლტა და კედელთან აიტუზა. ყბაჩაც წამოდგა და აბუტბუტდა:

- შენა, შენ ნუ გეშინიან. სოლოს მე მოვურიგდები... მე მოგაშორებ.

- არა, არ მინდა... სოლოს თავი დაანებე.

- რას ამბობ, თინა! მაგას როგორ ამბობ? მაშ ეხლა... მაშ ეს რაიყო?

- არ ვიცი... ერთხელ დამემართა... მეტი აღარ მინდა... აღარ იქნება, წადი, მომშორდი!

- მაშ მე აღარ გინდივარ?

- მინდიხარ... არა, აღარ მინდიხარ... აღარ მინდიხარ-მეთქი! წადი, მომშორდი!

- მაშ ის გონჯი ბებერი მე მამჯობინე, რაღა!

- ტყუილია, სტყუი, სოლო არც გონჯია, არც ბებერი, სოლო ჩემი ქმარია.

- ქმარია თუ დანიშნული?

თინა აილანძა. თავი დაჰხარა და გაიმეორა: - წადი მომშორდი...

- თინა... თინიკო!.. ჩემო გოგონი!

- არა, არა! ნუ მოდიხარ... ნუ მოხვალ. - უცებ ხმა მოულბა და მოუდუნდა, ნაცემი ბავშვივით შეანათა ყბაჩას აცრემლებული თვალები და შემუდარა:

- ყბაჩა.. ჩემო ძმობილო. ჩემო კარგო ყბაჩავ. წადი, წადი და დაიკარგე სადმე... ნუღარ დამენახვები. მე სოლოს ცოლი ვარ... დამივიწყე. სოლო ჩემი ქმარია... სოლო ისეთი კაცი ყოფილა, რომა ... სოლომ თვალები ამიხილა... 

- მაშ... რაკი აგრე ყოფილა... - აყოყმანდა ყბაჩა და ქუდს ხელი დაავლო. 

- ჰო, გენაცეალოს თინაი, ჰო! აგრეა... აგრეა...

- მაშ წავალ...

- წადი, შენ გენაცვალოს ჩემი თავი, წადი... წადი და დამივიწყე. ნუღარ გამიხსენებ და ნურც შენს თავს გამახსენებ.

თავჩაქინდრული ყბაჩა ნაბდის ქუდს სმუჭვნიდა და კვლავ იმეორებდა: მაშ წავალ, რაკი აგრე ყოფილა, წავალ.. მეტი რა გზა მაქვს, წავალ... წავალ...

და ბოლოს, ძლივს ამოიხრიალა:

- მაშ მშვიდობით იყავი... შენ იცი... ჩემი ცოდო შენა... შენ იცი... 

- შენი ცოდოც მენა და ჩემიცა... აგრე იყოს,

თავი ასწია და კარებს გაჰხედა. ყბაჩა უკვე გასულიყო. თინამ ფანჯრიდან გაიხედა: ყბაჩამ პატარა ეზო სწრაფის ნაბიჯით გადასჭრა და კუთხეში გაუხვია.

სოლოს ცოლმა ჯერ კარებისაკენ გაიწია, მერე შესდგა, მოტრიალდა და ხელები თვალებზე აიკრა. უცებ ტახტზე პირქვე დაეცა და აქვითინდა, თან თან სლუკუნით ბურტყუნებდა:

- ყბაჩა, რად დაიგვიანე?... რად დაიგვიანე, ბიჭო!... რად დაიგვიანე, შე ურჯულოვ... შე ჩემი ცოდვით სავსევ, შენა!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ