მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1407 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(სურათი „ერთობის“ დროიდან)

 

ეკლესიის გალავანში მთელ სოფელს მოეყარა თავი. ყველა იქ იყო: ღვდელი და დიაკონი, გლეხი და თავადი, პატარა და დიდი, ქალი და კაცი.

ზოგი ამტყუნებდა, ზოგი თავს იმართლებდა, ზოგიც ჰმოწმობდა, ყველანი კი საერთოდ სჩიოდნენ, ბუზღუნებდნენ და სამართალს ეძებდნენ.

ქალები ცალკე იდგნენ, კაცები ცალკე.

გოდელაანთ გიორგას ერთი თვით ბოიკოტი გამოუცხადეს, რადგან ბოქაულთან იჩივლა. ჯიღაურიანთ სანდროს ერთობის სასარგებლოდ თუმანი გადაახდევინეს, რადგან თავად კოტეს, რომელსაც ბოიკოტი ჰქონდა გამოცხადებული, პურის ცხობაში თავის ცოლი მიაშველა. კობიაანთ პავლეს დანაშაული აპატიეს და, ბოლოს, ილიკოს საქმეზე გადავიდნენ.

- აბა ეხლა ილიკოს ჯერი მოვიდა, - დაიძახა კრების თავმჯდომარემ - დაუძახეთ ორივეს!

ილიკო და სოფო წინ წამოდგნენ. ილიკო მამაკაცების წინ გაჩერდა, სოფო - ქალების წინა რიგში შესდგა, მაგრამ ყველამ უკან დაიხიეს და ბრალდებულნი მოედანზე დასტოვეს.

ორი წლის წინათ ობოლი სოფო მედუქნე ვასომ შეირთო. ჯერ ტკბილად სცხოვრობდნენ, მერე ვასომ ღვინის სმა დაიწყო, რაც ჰქონდა, ისიც თვითონ შესჭამა, ვალებში გაეხვია, ცოლს ცემა დაუწყო და იმის მზითევიც გაჰფლანგა.

ერთ დღეს ვასო ვიღაც მეარღნეს და მაწანწალა რუსის ქალს გაჰყვა, ორი დღის შემდეგ უკან დაბრუნდა, დუქანი ჩალის ფასად გაჰყიდა, სოფო უსახლკაროდ, უპატრონოდ დასტოვა და სამუდამოდ გადაიკარგა. ერთობა რომ დაიწყო, ვასო უკანვე დაბრუნდა და გაიგო, რომ სოფო იმერელ მებაღე ილიკოსთან სცხოვრობს და ორი თვის ვაჟიცა ჰყავს.

ვასომ ერთობასთან იჩივლა, ერთობამ კი ორივენი სამართალში მისცა.

კრებას მეთაურობდა ოცი წლის ახალგაზრდა „ჩიორა“, რომელიც ახლომახლო სოფლებში დადიოდა და ჰქადაგობდა.

ილიკოს ორივე ცერა თითი ქამარში ჰქონდა ჩაწყობილი და თავდაღუნული მიწას ჩასცქეროდა.

სოფოს ხელსახოცი თვალებამდის ჩამოეფხატა, გულ-ხელი დაეკრიფა და გაშეშებული მკერდზე იყურებოდა.

- რა გქვიან? - გულგრილად ჰკითხა დაღლილმა „ჩიორამ“ ილიკოს.

ილიკომ ხმა არ ამოიღო.

- შენ გეკითხები, ამხანაგო, რა გქვიან მეთქი?

- ილიკო... წაილუღლუღა ბრალდებულმა და ფეხი შეიცვალა.

- შენა? - მიუბრუნდა „ჩიორა“ სოფოს და ცოტა ხნის შემდეგ გაუმეორა: - შენა?... რას ჩაგიღუნია თავი, ნუ გეშინიან, არ შეგჭამთ.

- პირშავია და ამიტომ ჩაუღუნია თავი, წაიბუტბუტა მოხუცებულმა დედაკაცმა.

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.

- სოფო ჰქვიან, შენი ჭირიმე, - სთქვა მეორე დედაკაცმა და სოფოს დაუბღვირა.

- დაო სოფო! - დინჯად დაიწყო „ჩიორამ“ და მტკიცე კილო მიიღო, ამხანაგი ვასო ბრალსა გდებს, რომ შენ... რომ შენს კანონიერ ქმარს უღალატე, გამოექეცი და ამ კაცთან უკანონოდ სცხოვრობ. მართალია თუ არა? 

სოფო სდუმდა.

- მართალია თუ არა? - გაიმეორა „ჩიორამ“.

სოფო ისევ სდუმდა და მთრთოლვარე ხელით ხელსახოცს უფრო დაბლა იწევდა.

- ხალხო, მართალია თუ არა ეს ამბავი? - წამოიძახა კინტოურად ჩაცმულმა ვასომ და წინ წამოდგა.

- მართალია, მართალი!

მოისმა აქეთ-იქიდან და ყველამ წინ წამოიწია.

- ამხანაგო ილიკო! - მიუბრუნდა ილიკოს „ჩიორა“, - ბრალსა გდებენ, ამ კაცს ცოლი წაართვა და ოჯახი ჩაუშალაო. მართალია თუ არა?

ილიკომ ჩაახველა, ნერწყვი ჩაყლაპა და წაიჩურჩულა:

- არ წამირთმევია.

- სტყუის - როგორ არ წაგირთმევია! - მოისმა აქეთ-იქიდან და ყველანი გარს შემოეხვივნენ.

ვასო ილიკოს წინ ამოუდგა და ყვიროდა:

- ამოდენა ხალხი პირში დაგადგა და არც ეხლა სტყდები? ჰა? არც ეხლა სტყდები? მაშ ერთად არა ცხოვრობთ? არა ცხოვრობთ?

- მერე რომ ვცხოვრობთ?

- ჰოდა, მეც მაგას გეკითხები, მიუგო ვასომ და ხალხს მიუბრუნდა:

- ხალხო! ძმებო და ამხანაგებო! დამნაშავენი გამოტყდნენ. ეხლა თქვენი საქმეა, რასაც გადაუწყვეტავთ.

ხალხში ჯერ სიჩუმე ჩამოვარდა. მერე ერთმა წამოიძახა:

- ვირზე შევსვათ!

აქეთ-იქიდან ხარხარი მოისმა.

- ვირზე შევსვათ. ვირზე! გაიმეორეს სხვებმაც და აჩოჩქოლდნენ. - ქალი ვირზე შევსვათ და სადავე ილიკოს მივსცეთ, - წამოიყვირა მეორე ხუმარამ და სხვებმაც მხარი დაუჭირეს.

ყველანი შეჯგუფდნენ, აჩოჩქოლდნენ და ბრალდებულებს შემოეხვივნენ.

- ხალხო, - ისევ დაიძახა ვასომ და სიჩუმის შემდეგ განაგრძო. მეც დამიგდეთ ყური, ამათი სასჯელი ჩემი საქმეა. ქმრის ღალატი ისეთი დანაშაულია, რომ ასე ადვილად საქმის გათავება არ შეიძლება. ორივენი უნდა გავატიტვლოთ და მთელი სოფელი შემოვატაროთ.

ზოგს ახალგაზრდას ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა.

- აგრე იყოს, აგრე!

- გავატიტვლოთ, გავატიტვლოთ! - მოისმა აქეთ-იქიდან.

- ამას რომ სხვები დაინახავენ, ასეთს საქმეს აღარ ჩაიდენენ, - განაგრძო ვასომ, მაგრამ ლაპარაკი აღარ დასცალდა: ყველანი აირივნენ და საქმეს შეუდგნენ, ყველაზე მეტად ქალები ცხარობდნენ და ყვიროდნენ:

- აგრე უნდა ქმრის მოღალატეს, აგრე!

- გავატიტვლოთ! - გავატიტვლოთ!..

- ტანისამოსი გაჰხადეთ, ტანისამოსი!

გაფითრებული და შეშინებული ილიკო იმავ ადგილზე იდგა და ისე იყურებოდა გარშემო, თითქოს არა სჯეროდა, რომ ხალხი ამ გადაწყვეტილებას შეასრულებდა.

სოფომ ხელსახოცი პირსახეზე ჩამოიფარა, თავი ხელებში დაიბჯინა მოიბუზა, აკანკალდა და აძაგძაგდა.

ყველანი ყვიროდნენ და იცინოდნენ, მაგრამ ვერავინ ჰბედავდა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას. ყველანი ერთმანეთს შეჰყურებდნენ და ელოდნენ, აბა პირველობას ვინ იკისრებსო.

- ხალხო! - დაიწყო ისევ ვასომ, - ეს არის ერთობის ძალა?

- გახადეთ გახადეთ - დაიყვირეს აქეთ-იქიდან. ყველანი სოფოსა და ილიკოს მიაწყდნენ.

ერთმა დედაკაცმა სოფოს ხელსახოცი წაჰგლიჯა, მეორემ ღილები ჩამოაწყვიტა, მესამემ ქვედა ტანი ჩაჰხადა.

ნახევრად გატიტვლებული და თმაგაწეწილი სოფო წინააღმდეგობას არ უწევდა. მხოლოდ პირსახეს იფარავდა, სტიროდა და ხმის კანკალით იხვეწებოდა:

- გენაცვალეთ... თქვენი ჭირიმე-ე-ე... ნუ შემარცხვენთ...

ილიკო პერანგის ამარა იბრძოდა: სიმწარისგან პირდაღრეჯილი და გაოფლიანებული სტოკავდა, იწევდა და ყვიროდა, მაგრამ ოთხ კაცს. იგი მაგრად ჰყავდათ შებოჭილი.

- გამიშვი-ი-თ! რასა შვრებით!.. უსინდისოებო. გამიშვი-ი-თ! უცებ ილიკოს ხმა ჩაუწყდა, ღონე გამოელია. დამშვიდდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტად მუდარა დაიწყო:

- ძმებოჯან... ამხანაგებო... ძმად გამიხადეთ, ერთობას მოჯამაგირედ დავუდგები, ოღონდ ნუ მიზამთ... თავს ნუ მომჭრით... ძმებოჯან... ამხანაგებო...

სოფომ შეჰკივლა და პერანგის ამარამ ჩაიკეცა.

- რასა ჰშვრებით, ხალხო, რასა ჰშვრებით! - დაიყვირა ერთმა მოხუცებულმა დედაკაცმა, რომელმაც წრე გაარღვია და სოფოს გადაეფარა.

ყველამ უცებ თოფნაკრავივით უკან დაიხია.

ერთი დედაკაცი წასწვდა სოფოს პერანგში, მაგრამ ვიღაცამ შეუტია:

- გაანებე თავი, შე ურჯულოვ, შენა!

- გაანებე თავი! - დაუყვირეს სხვებმაც. დედაკაცი უცებ მიიმალა. გაფითრებული ილიკო მთრთოლვარე ხელით ბრძოლაში დაგლეჯილი პერანგის საკინძს იკრავდა და მთელი ტანით ჰკანკალებდა. ვიღაცამ ფარაჯა გაიხადა და თითქმის მთლად გატიტვლებულ ილიკოს წამოასხა. იმის გვერდით იდგნენ ბრძოლაში დაღლილი გლეხები და ოფლს იწმენდავდნენ. დედაკაცები სოფოს შემოეხვივნენ და ტანთ აცმევდნენ.

„ჩიორა“ მაღლობზე შესდგა და დაიძახა:

- ხალხო! მოდი ორივეს ვაპატიოთ!

ხალხმა ერთხმად იგრიალა:

- ვაპატიოთ! ვაპატიოთ!

- მაშ გაუმარჯოს ერთობას!

- გაუმარჯოს! გაუმარჯო-ო-ო-ოს!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ