(ეტიუდი)
ღამის ათი საათი იქნება. ვერიდან ზანტად და ღელვით მოიპარება მოთეთრო და თხელი ბურუსი, კედლებს ეკვრის, ქუჩაში მოცურავს და ნახევრად მჭვირვალე ლეჩაქად ეხურება და ეხვევა მკვდარს და სწორედ ჩამოჭრილ კლდის მაგვარ სახლებს, ოდნავ განათებულ ფანჯრებს, ქუჩის ნაპირებში ჩამწკრივებულ გაწეწილს, შტოებით ღარიბსა და უფოთლო ხეებს, მძიმე, უმოძრაო და სამარისებურის სიცივით გაჟღენთილ ჰაერში იშლება, იხრწნება, ზოგიერთა დუქნების და სარდაფების ჯერ კიდევ ღია კარებებში და უმინო ფანჯრებში შედის, იქაურობას აბნელებს, უფრო უარესად აცივებს და ყველა, ვინც კი იმის მსუბუქ და ნესტიან ქსელში ეხვევა, - იბუზება, კანკალებს, ნაბიჯს უმატებს და თბილ და მშრალ ოთახში დამალვას ჩქარობს.
განიერი ქუჩა სავსეა თხელი ტალახით, ოღრო-ჩოღრო ტროტუარი - გუბეებით და ორთავეში ქუჩის ფანრების სუსტი და მომაკვდავი ნათელი გრძელ, უმოძრაო და ყვითელ ზოლებად ლაპლაპებს.
აქა-იქ მოსჩანს სამიოდე უმუშტრო, ლასლასით და ზლაზნით მიმავალი ეტლი, ხის ძირში გაშეშებული პოლიციელი და შუა ქუჩაში ორიოდე თავიანთ მსხვილ კეტებზე დაბჯენილი მეეზოვე. ხანგამოშვებით სიჩუმეს არღვევს ცხენის რკინის გზის ვაგონის ერთხმოვანი გრიალი, იქიდანვე ისმის ზარის ყრუ წკარუნი. ამას ათასში ერთხელ უერთდება დახურულ და მკრთალ სანთლიან ეტლის სრიალი, მისი ტლაპოსა და წყალში შლაპუნი. ეს ხმები ერთმანეთში ირევა, მძიმე და ცივ ჰაერს ძლივს არღვევს, თანდათან სუსტდება და ცოტა ხნის შემდეგ ქუჩის ბოლოში იკარგება.
დროგამოშვებით სუსტად განათებულს, სველს და ხეების ჩრდილით და ფანრების შუქით მოქარგულ ტროტუარზე ჩემსკენ როგორც მოჩვენება რაღაც ჩრდილი მორბის, მოცოცავს, მოიპარება, ათასნაირად იცვლება, ხან გრძელდება, მოკლდება, განიერდება, ხან ხეების ჩრდილშივე იკარგება, შემდეგ ისევ ჩნდება, თანდათან მიახლოვდება და ბოლოს თვისივე პატრონის ფეხქვეშ ჰქრება.
ჩრდილის პატრონი ხან პალტოს ძონძებში ჩამძვრალი და სამად მოხრილი ბებერია, ხან ხტუნაობით, შმუშვნით და ღიღინით მიმავალი დუქნის პატარა ბიჭია, ხან უპალტოო და უფულო ახალგაზრდა, იშვიათად - სწორედ მოსიარულე და გაჭიმული სამხედრო წოდების კაცი, უფრო ხშირად კი დაბალი ხარისხის როსკიპები არიან, რომელნიც მხოლოდ დღევანდელ ნავაჭრით, ხვალინდელ იმედებით და რიღაცის მოლოდინით ცხოვრობენ, არა აქვთ ცალკე და სამუდამო ბინა, საკუთარი საწოლი, სამს და ოთხს ერთი პატარა და ბნელი ოთახი უჭირავთ, დილიდან საღამომდის ერთ ლოგინში ორ-ორთ სძინავთ, მთელი ღამეობით ქუჩებში დარბიან, ნამუშევარს შუაზე იყოფენ, ყოველდღე ერთმანეთშორის გამოცვლილ ტანისამოსს იცვამენ, პოლიციისა და ექიმისა ცეცხლივით ეშინიანთ და მუშტარს, თავიანთ ოთახში უადგილობისა გამო, ან სახლში, ან სასტუმროში მიჰყვებიან.
ეხლა ზოგი მათგანი საწყლად მობუზულა, კაბა მუხლებამდის აუწევია და ნისლში გახვეული ჩქარის ნაბიჯით ჩემსკენ მოდის, მიახლოვდება და როცა დამინახავს, ნაბიჯს უკლებს, წელში სწორდება, კაბას უფრო მაღლა იწევს, შავ წინდებში გამოწკეპილ წვივებს მაჩვენებს, სახეზე ჩემდამი გულგრილობას იხატავს, ამაყი რხევით ახლო მივლის და მხოლოდ ერთხელ, ჩაციებით და ისიც თითქოს ცნობისმოყვარეობით და უნებურად გადმომხედავს ხოლმე. მე კი იმის გულგრილობით და ცნობისმოყვარეობით მოცულ სახეზე ცუდად დაფარულ თხოვნას გარკვევით ვკითხულობ: თუ გინდივარ... ნუ გრცხვენიან, გაბედე... ზოგი მხარში მიდგება, გვერდით მომდევს, წინ იყურება და სუსტისა, საწყალისა და ძალდატანებულის ღიმილით რაღაცას მეუბნება.
როცა იმის ლაპარაკს ყურს არ ვუგდებ, ხმას არ ვცემ და ნაბიჯს ვუმატებ, იგი ისევ უკან მომდევს, მეწევა, მხარში მხარს მკრავს, ბოდიშს იხდის, პატიებას მთხოვს და ისევ საწყლად და ძალდატანებით იცინის. შემდეგ კი, როცა გადაწყვეტით რწმუნდება, რომ იმის მუშტარი არა ვარ, გაბრაზებული წინ მისწრობს, ისევ წელში იხრება, უფრო ბუნებრივად დადის, სახლის ბნელ კუთხეში დგება, აქეთ-იქით იყურება, ვიღაცას ელის, დარაჯობს და თუ მიმავალი ვინმე დაინახა, ისევ წინ უხვდება, ისევ ხელსა ჰკრავს, ბოდიშს იხდის, უღიმის, ელაპარაკება და თუ ისიც წაუვიდა და მარტო დარჩა, მაშინ იმის დაღლილს და მისუსტებულ სახეზე ნათლად ვხედავ დარდს, წუხილს, სიცივე-შიმშილს, უიმედობას და გაჯავრებას.
ზოგი მათგანი მუშტარს მალე შოულობს და მოღიმარე, გახარებული გვერდით მისდევს, ზედ ეკვრის და ჩქარის ნაბიჯით იქ მიდის, საცა იპოვის ვახშამს, თბილ საწოლს, ორიოდე მანეთს და ზოგჯერ მთელი ღამით... მოსვენებასაც.
ჩემი ოთახიდან გამოვედი. მთელი საათია, რაც მიყრუებულ და მკვდარ გოლოვინსკზე უსაქმოდ დავდივარ, ჯერ შინ დაბრუნება არ მინდა და სასეირნო ადგილის გამოცვლას ვფიქრობ. ქუჩიდან და ტროტუარიდან ნისლი აიკრიბა და სახლების სახურავს მძიმე ღრუბლად დააწვა, ოდნავ, თითქო წმინდა საცერიდანაო, ჟინჟღლავს. პატარა ნიავიც ამოვარდა და წვიმის ბურუსს ქუჩაში რხევით და ტრიალით თავისუფლად დაასეირნებს.
პალტოში უფრო ღრმად ჩავძვერი, ყაბალახი უფრო ჩამოვიფხატე, ერთი სახლის კუთხესთან გავჩერდი, პაპიროსს მოვუკიდე, კარგა ხანი ვიცადე, სანამ ერთი ქალი რაღაც ლაპარაკს და სიცილს გაათავებდა და შემდეგ ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა დავაპირე, მაგრამ სახლის კუთხიდან რაღაც ჩურჩული, რაღაც ნაცნობი ხმა მომესმა და მეც ვგრძნობ, რომ გულზე გამოურკვეველი სევდა, ჭმუნვა, თითქოს უმიზეზო უკმაყოფილება და შიში მაწვება. ერთ ადგილზე მაშეშებს, მალურსმნებს და წასვლას მიშლის. სულგანაბული ვდგევარ, ჩემის ნაცნობის, მკერვალად ნამყოფ ქალის სოფიოს ვიღაც უცნობ კაცთან ლაპარაკს გაფაციცებით და თრთოლვით ყურს ვუგდებ, რაღაცას ველი და ყოველ იმის სიტყვის და მოძრაობის დაჭერას ვცდილობ.
ხუთი წელიწადია, რაც მე და სოფიო ერთ სახლში ვცხოვრობთ. ხუთი წლის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე ვხედავდი იმის დაბალს და მომსქო ტანს, ფუნჩულა სახეს, პატარა, წითელს და ყოველთვის მოღიმარე ტუჩებს, შავს და მოელვარე თვალებს და აბრეშუმივით წმინდა და ყოველთვის გაბურძგვნილს თმას, რომელიც თავის მშვენიერ ჩარჩოში უფრო მშვენიერ სურათს ატარებდა.
თითქმის ყოველდღე მესმოდა სოფიოს ზარივით წმინდა ხმა, მხიარული, უდარდელი კისკისი, ვხედავდი იმის ცქვიტს და სიცოცხლით სავსე მოძრაობას, სირბილს და ჩემში თანდათან მისდამი რაღაც გამოურკვეველს, ამაღელვებელს, უხილავ მისწრაფებას და მიმზიდველობას ვგრძნობდი. ხშირად მომდომნია იმის დაჭერა, იმასთან ერთად სიცილი, სირბილი, თამაში, იმისი განუწყვეტელი, სამუდამო ალერსი და დაუსრულებელი, ურიცხვჯერ კოცნა, მაგრამ... ყოველთვის ჩემ ფანჯარასთან ვიდექი, ფანჯრიდანვე ვეალერსებოდი, ბავშვივით ვხარობდი, ვიღიმებოდი და ყოველთვის მხოლოდ ვუყურებდი. ვუყურებდი... ვუყურებდი.
ხუთ წელიწადს ვდუმდი.
გაზაფხულზე სოფიოს დედა მოუკვდა. მარტოდმარტო დარჩა, აღარავის ელაპარაკება, არ დარბის, აღარ იცინის, გახდა, მაგრამ თვალები კი, ზღვის ტალღასავით ღრმა, მოელვარე და მჭვირვალე თვალები, იგივე დარჩა. ხშირად ღამის სიბნელეში გახვეული ობოლ სოფიოს ოთახის ფანჯარასთან ვმდგარვარ და იმის ხანგრძლივ და ყრუ ქვითინისთვის ნახევარ საათობით ყური მიგდია, რის შემდეგაც იმის ოთახში შესვლა, ნუგეშის ცემა, გამხნევება, უფრო ხშირად კი იმასთან ერთად ტირილი მომინდომებია, მაგრამ როცა მომაგონდებოდა ხოლმე, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ - უკანვე გამოვბრუნებულვარ და როგორც ეხლა, უაზროდ და უმიზნოდ მთელი საათობით ქუჩებში მივლია.
საზაფხულოდ სოფელში წავედი და როცა ორი თვის შემდეგ უკანვე დავბრუნდი, სოფიო იმავ ღამეს ჯერ გოლოვინსკზე და ორი საათის შემდეგ ვიღაც უცნობ კაცთან ერთად თავისს ოთახში დავინახე. ეხლა არ ვიცი, მებრალება ეს ქალი, თუ უცნობისადმი წვრილმანი შური მიპყრობს, მაგრამ ადგილიდან არ ვიძვრი. სიბნელეში მდგომთ და ოდნავ განათებულ უცნობს და სოფიოს ვუცქერი, ყურს ვუგდებ და ვხედავ, რომ კაცი შედარებით გაცილებით დაბალ სოფიოს ზევიდან დასცქერის, დახრილა და დიდხანს ჩუმი ხმით რაღაცას ლაპარაკობს, ეჩურჩულება, სთხოვს, იმისი წაყვანა უნდა და მეც წარმოდგენილი მაქვს მისი მოელვარე, პირუტყვული სურვილით სავსე თვალები, ოდნავ მოღიმარე პირისახე, სოფიოს ხშირი და აჩქარებული სუნთქვა, მთრთოლვარე ტანი, ხანგამოშვებით ყელში მობჯენილი ნერწყვის ყლაპვა, ვხედავ იმის დაბლა დაშვებულ თავსა, გაბურძგვნილ თმასა და... იმის ნაწყვეტ-ნაწყვეტიანი, დაბალი და მოკანკალე ხმაც მესმის: არა, არა... თავი დამანებეთ... ხელი გამიშვით...
სოფიო იწევს, უცნობისგან განთავისუფლება უნდა, მაგრამ ის არ უშვებს, ხელებს უჭერს, თავისკენ იზიდავს და ისევ რაღაცას ეუბნება. მე ისევ იქვე ვდგევარ, გულზე ბოღმა მეტის ძალით მაწვება, გვერდზე ვიყურები, პაპიროსს ვსრესავ და მინდა, რომ სოფიოსაც ისე დავუყვირო, როგორც უფსკრულის პირზე მდგომ ბრმას, როგორც კაცს, რომელსაც საშინელი განსაცდელი მოელის: მოშორდი! გაფრთხილდის გაფრთხილდი! - მაგრამ ხმას არ ვიღებ და რამდენჯერმე ჩემ თავს ვეკითხები: გაჰყვება თუ არა? გაჰყვება თუ არა? არა, არ გაჰყვება, ვამბობ გულში და თითქმის იმ წამსვე ვხედავ, რომ უცნობს თავის მსხვერპლისთვის წელზე ხელი მოუხვევია და თითქმის ძალით მიჰყავს იგი. სოფიო სუსტად ეწინააღმდეგება და ჩუმი ხმით უკმაყოფილებას უცხადებს.
- გამიშვი... თავი დამანებე... დავიყვირებ. ხელი ხელი გამიშვი... - მაგრამ მისდევს... მისდევს.. მაინც მისდევს. მიმავალთ თვალს ვაყოლებ, მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის, ვბრაზდები, ვგიჟდები და უცებ მინდა, რომ გავიქცე, უცნობს დავეწიო, შევებრძოლო, სოფიო დავიხსნა, შინ წავიყვანო და თუ ფული უჭირს, რამდენიც მექნება, სულ იმას მივცემ, ხვალვე, დღესვე სამუშაოს ვუშოვი... სადმე მოსამსახურედ, მოახლედ დავაყენებ... მევე შევინახავ... მოვუვლი.. ოღონდ დარჩეს, ის კაცი გააგდოს, არ გაჰყვეს...
ადგილიდან არ ვიძვრი და ვხედავ, რომ ბრძოლა უკვე გათავდა, სოფიო აღარ ეწინააღმდეგება, მისდევს, მიჰყვება და... მალე ორივენი სიბნელეში იკარგებიან. აღარც მათი ფეხის ხმა ისმის. ერთ ადგილზე დიდხანს ვდგავარ და სოფიოზე ვფიქრობ. ეხლა ის მხოლოდ მებრალება და... მეტი არაფერი.
ქუჩაში მოძრაობა სრულიად მიწყდა. გაძლიერებული ქარი მეტის თავისუფლებით დასრიალებს ქუჩებში. ხეების შტოებს არხევს და გუბეებსა და ტალახში მოელვარე და მოლაპლაპე ნათელს აღელვებს და აციმციმებს. წვიმა თანდათან მატულობს. გაღმიდან ორთქლმავლის ხანმოკლე და ხრინწიანი სტვენა მოისმა. მას მოჰყვა მძიმე ქშენა, თვლების რახრახი და ეს ხმები ხან სუსტდება, იკარგება, შემდეგ უფრო მეტის ძალით იბადება და ბოლოს ყოველივე მიწყდა, გაჩუმდა და ღამის წყვდიადში მიიმალა. ცოტა ხნის შემდეგ სადღაც შორს, სახლების უკან დაგვიანებულ ეტლის რიხრიხი დაიბადა, გაძლიერდა და შემდეგ ისიც მიყუჩდა...
უკაცრავად... ნება მიბოძეთ, - მომესმა ხრინწიანი, სუსტი ჩურჩული და ჩემ წინ სიბნელიდან ამ ხმის პატრონიც გაჩნდა, - ნება მიბოძეთ... იქნებ გუშინდელ სტუდენტისთვის ან კორიდორში, ან სამზარეულოში დასაძინებელი ალაგი გქონდეთ... იქნებ არ დაიჯეროთ, მაგრამ... ერთ დროს სტუდენტი გახლდით... ნამდვილი სტუდენტი გახლდით! - მარწმუნებს სამზარეულოში დასაძინებელ ალაგის მთხოვნელი და მეოცეჯერ იმეორებს: - ერთ დროს მეც სტუდენტი გახლდით... ნამდვილი სტუდენტი გახლდით...
ფანრის ნათელი სუსტად ანათებს ჩემ წინ მდგომ „გუშინდელ სტუდენტს“ და დღევანდელ შუა ტანის, გამხდარს, ფეხშიშველას და მობუზულ-მოკრუნჩხულ კაცს. მეც ვათვალიერებ და იჭვით ვუყურებ იმის მოკლე, გამოურკვეველ ფერის ჩემ წინ მხტუნავ და მოცახცახე წვერს, თვალების მაგივრად ორ შავს და ღრმა ორმოს, იმათ ძირში ორ მოელვარე წერტილს, ქუდის მაგივრად მაუდის და მასზე მიბმულ ტყავის ნაგლეჯით და გრძელის და სველი თმებით დაფარულ ყურებს და შუბლს, მხრებშუა ჩამძვრალ-ჩაკარგულ კისერს, მაღლა აწეულ მარჯვენა მხარს და მასზე მისვენებულს თავს და მაგონდება, რომ „გუშინდელი სტუდენტი“ შარშან ზამთარში „გამოგდებული სოფლის მასწავლებელი“ იყო, გაზაფხულზე „უდანაშაულოდ დათხოვნილი რკინის გზის სადგურის უფროსი“, შემდეგ „ფოსტის მოხელე“ და უფრო ხშირად კი „სოციალურ იდეების გავრცელებისთვის“ ყოველსავე ღირსება-უფლებას მოკლებული და, მაშასადამე, არც სამსახურის და მუშაობის ნება აქვს.
- სტუდენტად გახლდით, - ხმის კანკალით და ჩურჩულით მეუბნება იგი. - კიევის უნივერსიტეტის ნამდვილი სტუდენტი ვიყავი, მაგრამ სიმართლისთვის ბრძოლა, იდეიები და უსამართლობა... სოციალურ იდეიების მსხვერპლი გახლავართ. „იდეიების მსხვერპლი“. კიდევ კარგა ხანს მელაპარაკება, ტოკავს, ხან ერთ და ხან მეორე ტიტველა ფეხზე დგება, უფრო ძლიერ იბუზება, პატარავდება, მისი ისედაც მოკლე კისერი სადღაც იკარგება და ჩემ წინ მხოლოდ იმისი მოკლე და მსხვილი წვერიღა თრთის და ცახცახებს.
- მარტო არა ვარ... ამხანაგი მყავს... სოფლის მასწავლებლად იყო, მაგრამ გამოაგდეს... სოციალისტობა დაიწყო და გამოაგდეს, რუსია, მაგრამ მშვენიერი კაცია, ძალიან პატიოსანი კაცია, - მაუწყებს სტუდენტი, თავს მეორე გვერდზე იხრის და ყვირის:
Иван Петрович!
იმავ წამს სიბნელიდან თავსა ჰყოფს და სტუდენტს ეფარება თავის მეგობარზე უფრო მაღალი, სქელი და ხნიერი „სოფლის მასწავლებელი“ ივან პეტროვიჩი. იმას თავის განიერ და ოდესღაც თეთრ, ეხლა კი ტალახისფერ შალვრის დამალვა უნდა, მაგრამ მაინცა ვხედავ იმას და ვრწმუნდები, რომ იგი ოდესღაც ღამის საცვლის მოვალეობას ასრულებდა და შალვრის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. „მასწავლებელს“ ცალ ფეხზე ყელმოჭრილი ჩექმა აცვია, მეორეზე კი ჩუსტი. მხრებზე, შალის მაგვარი ჩვარი აქვს წამოსხმული. მისი გაბურძგვნილი, ქერა და ყოველ მხრივ გაფანტული წვერი ძლივსღა აჩენს პატარა, ღილისმაგვარს და ცას შემყურე ცხვირს, უშველებელ წარბებს, და ეს მატყლის ბულული ბურჯად უდგა თვალებამდის ჩამოფხატულს „კარტუზს“ და მას სახის სრული დამალვის ნებას არ აძლევს.
- Учителем был, - ივან პეტროვიჩზე მეუბნება „სტუდენტი“ და სიჩუმის შემდეგ პირზე ხელებს იფარებს, ცოტა განზე დგება, ახველებს და ერთი თითით ცხვირს იწმენდავს.
მე ხან „სტუდენტს“ და ხან „მასწავლებელს“ ვუყურებ და ის დრო მაგონდება, როცა ალექსანდროვის ბაღთან მთვრალმა „სტუდენტმა“ სტუდენტობა ივან პეტროვიჩს დაუთმო, თვითონ კი „მასწავლებლობა“ მიითვისა და შაური მთხოვა. ივან პეტროვიჩი კი მოშორებით იდგა და რომ არ წაქცეულიყო, ფანრის ბოძს ეჭიდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ორივენი ჩემი შაურისთვის წაიჩხუბნენ, ერთმანეთს სცემეს, მერე შერიგდნენ და ბარბაცით პოლიციელს გაჰყვნენ.
ხუთი წუთის შემდეგ „მასწავლებელი“ და „სტუდენტი“ უკან მომდევდნენ.
მასწავლებელი ჩუსტს მოაშლაპუნებს, ჩექმით აკაკუნებს და აუჩქარებელის ნაბიჯით მოდის. „სტუდენტი“ უფრო ძლიერ იბუზება, გუბეებს ერიდება, ფეხების გასათბობად ჩქარის და პატარა ნაბიჯით მორბის, მერე ერთ ალაგზე ჩერდება, ხტის, ტრიალებს, ივან პეტროვიჩს განუწყვეტლივ მხარში მხარსა ჰკრავს, წვრილი ხმით კისკისებს, „სოფლის მასწავლებელს“ მოსვენებას არ აძლევს და აჯავრებს:
Босявка! Босявка! Босявка!
„სტუდენტს“, უეჭველია, ბოსიაკის თქმა უნდა, მაგრამ, რაღაც მიზეზისა გამო სიტყვას ამახინჯებს, გაჩუმებულ ივან პეტროვიჩის მოთმინებიდან გამოყვანა ძალიან გულით უნდა და თავის აზრის მისაღწევად გულმოდგინედ სცდილობს და ათას ხრიკს და მოსაზრებას ხმარობს. მეც ხანგამოშვებით უკან ვიხედები, „მასწავლებელს“ ვუყურებ და ვხედავ, რომ საცაა „სტუდენტი“ თავის მიზანს მიაღწევს.
- Глуп ты, друг мой, и больше ничего, ფილოსოფიურ გულგრილობით უპასუხებს ივან პეტროვიჩი და „სტუდენტის“ დასაჭერად ემზადება.
- Босявка! Босявка! Босявка! განუწყვეტლივ იმეორებს „სტუდენტი“ და უკვე გაჯავრებულ ივან პეტროვიჩს გარშემო ურბენს, უჩიჩხვინებს და მხიარულად იცინის.
- Отстань, а то... - მშვიდობიანად ურჩევს ივან პეტროვიჩი, ჩერდება და თვალებს აბრიალებს.
„სტუდენტი“ ჯერ ერთ არშინზე გადახტა, მაგრამ ისევ მიუახლოვდა, - ისევ იცინის, დარბის და უფრო მეტის გულმოდგინეობით სცდილობს „და ყვირის:
- Босявка! Босявка! Бо... - და აღარ ათავებს, რადგან იმავ წამს იმის პატარა და სუსტი სხეული გაბრაზებული „სოფლის მასწავლებლის“ იღლიის ქვეშ ფართხალობს.
- Будешь? ეკითხება ივან პეტროვიჩი და ხელში აყვანილ „სტუდენტს“ ჩვარივით ჭმუჭნის, - Будешь?
- Босявка! - ყრუდ და უფრო გულიანად იმეორებს „სტუდენტი“ და მიწაზე დადგომას სცდილობს, მაგრამ ხელფეხს მხოლოდ ჰაერში იქნევს და კვნესის.
- Будешь? - კიდევ ეკითხება ივან პეტროვიჩი და ერთ მოზდილ გუბესთან ჩერდება.
- Босявка! Бос.. - და თავიან-ფეხებიანად გუბეში ამოვლებული ოდესღაც „სოციალურ იდეიების“ და ეხლა კი ივან პეტროვიჩის „მსხვერპლი“ საჩქაროდ ზეზე დგება, „სოფლის მასწავლებლის“ იმისკენ გამოშვერილს მკლავებს უსხლტება, ჩემთან მორბის და ხმის კანკალით და ცრემლების წმენდით შემომჩივის.
- ვირია, ნამდვილი ვირია! ყოველ დღე მცემს. „მასწავლებელი“ კი არა, ანბანიც არ იცის... გაუთლელი კუნძია ოცი წელიწადი რკინის გზაზე უბრალო დარაჯად იყო...
- Разговорывай там! ბურტყუნებს მასწავლებელი და დაკარგულ ჩუსტს ეძებს. - Небось, сам восемь годов в лакеях был.
- სტყუის! ღმერთმანი, სტყუის! თავს იმართლებს „სტუდენტი“ და თავის ბიოგრაფიას თავიდან იწყებს.
- Bop! Пьяница!.. Подлец!.. - ილანძღება „მასწავლებელი“ და შეშინებულ სტუდენტს ემუქრება: - Поймаю... не уйдешь... поймаю...
„სტუდენტი“ ჩუმდება, შორიახლო მომდევს, მალიმალ უკან იხედება და უკან ჩამორჩენილ მასწავლებელს უხვად უძღვნის: - Босявка!
ცოტა ხნის შემდეგ ორივენი ისევ ერთად მიდიან და მშვიდობიანად ერთმანეთს ასამართლებენ.
- Ничего, просохнешь. А чваниться при посторонних другой раз не будешь, - ამხნევებს და მამაშვილურად არიგებს „მასწავლებელი“ და პასუხად ისევ „სტუდენტის“ მხიარული კისკისი მისდის.
წვიმამ უმატა და ჩვენც ნაბიჯს მოვუჩქარეთ. ჩემი სტუმრები გაჩუმდნენ და მხოლოდ ხანგამოშვებით ჩურჩულით არღვევენ სიჩუმეს. ვიღაც ქალი გვეწევა, გზას მისწორებს, წინ მიმიძღვის და უცებ ნაბიჯს უკლებს. მეც უკან მივდევ და იმისი გასწრება მინდა. ქალი ხშირ-ხშირად უკან იხედება, მშინჯავს, მათვალიერებს, შემდეგ უცებ გვერდში მიდგება, მკლავში მკლავს მიყრის, მაჩერებს და სხაპა-სხუპით და ნაწყვეტ-ნაწყვეტად მიწყობს: - Простите, пожалуйста, простите, но... выслушайте меня.... ради бога, выслушайте...
პასუხად რაღაცას ვლუღლუღებ და ყურს ვუგდებ. ხელიხელგაყრილნი მივდივართ. ქალს სცივა, კანკალებს, მეკვრის და ლაპარაკობს... განუწყვეტლივ, შეუჩერებლად ლაპარაკობს. ფული არა აქვს. არც საჭმელი და ბინა აქვს... რაც ნივთები ჰქონდა, სახლის პატრონმა ვალში დაიტოვა და ის კი გარეთ გამოაგდო. ეხლა არ იცის, ვის მიმართოს და როგორ მოიქცეს. ნაცნობებმა პირი მოარიდეს. ნათესავები... თუმცა ჰყავს, მაგრამ.. მთელი ღამე დარბის და ვერაფერი იშოვა. ეხლა მთხოვს, ერთი ან ორი დღით შემინახეო, სამაგიეროდ მემსახურება. ერთი დღის შენახვისთვის ერთ თვეს, ორ თვეს მემსახურება; ეხლა კი ძალიან ჰშიან... ცუდი დარია და ღამეს გარეთ ვერ გაატარებს, ბინა უნდა. მჯერა. მარო ჰქვიან. იმისი მამა მოსკოვში გენერალ-მაიორი იყო. იმათ სახლში ხშირად ერთი აფიცერი დაიარებოდა და მაროს უფროსი დის შერთვას აპირებდა, თუმცა უკანასკნელ დროს მაროს და იმ აფიცერს ერთმანეთი შეუყვარდათ. იმ დილას, რა დღესაც ქორწილი უნდა ყოფილიყო, მარო იმ აფიცერთან მივიდა და... ერთი კვირის შემდეგ ორივენი ტფილისში ჩამოვიდნენ. ერთად ორი თვე იცხოვრეს, შემდეგ აფიცერი თავის მშობლებმა ძალით წაიყვანეს. თუმცა ჯერ იმალებოდა, ტიროდა და თავის მოკვლა უნდოდა, მაგრამ მარომ დროზე მიასწრო, სიკვდილისგან დაიხსნა და წასვლა ურჩია, თვითონ კი უცხო ქალაქში მარტოდმარტო დარჩა.
შემდეგ იმას დედა და ძმა (ისიც აფიცერია) ჩამოუვიდნენ, ყველაფერი აპატიეს და შინ დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ მარო არ წავიდა, რადგანაც, ჯერ ერთი, შერცხვენილი მოსკოვში ვერ დაბრუნდებოდა და, მეორე, დღითი-დღე შვილის დაბადებას ელოდა. ტფილისში დარჩა და ცხოვრებას პატიოსანის შრომით აპირებდა, მაგრამ ჩარხი უკუღმა დატრიალდა. მაროს ამ ერთი კვირის წინათაც მოუვიდა დედისგან წერილი, სთხოვდა, ეხვეწებოდა: შინ დაბრუნდი, ყველაფერი დავივიწყეთო.
ჩემის ახალი სტუმრის ბიოგრაფიას ცოტა იჭვით და უნდობლად ვისმენ, მაგრამ ხმას არ ვიღებ და მისთვის დასაწოლ ადგილის შოვნაზე ვფიქრობ.
ყველანი გავჩუმდით. „მასწავლებელი“ და „სტუდენტი“ ფეხდაფეხ მოგვდევენ. მარო ცახცახებს, მთელი ტანით მეკვრის და ჩემში რაღაც გრძნობის გაღვიძება უნდა, მაგრამ არაფერსა ვგრძნობ და „გენერალ-მაიორის ქალი“ მხოლოდ მებრალება და ისევ იმის საწოლსა და ჩემის სტუმრების ვახშამზე ვფიქრობ.
- Подцепила таки, - ხმამაღლა ნანობს „მასწავლებელი“ და იმის ოხვრას „სტუდენტის“ კისკისი უერთდება.
მალე ჩემის სახლის ეზოშიაც შევდივართ. თითქმის იმავ დროს სოფიოს ოთახში სანთელი ჰქრება. კარები იკეტება და მხოლოდ წვიმის ბუტბუტი, ქარის ზუზუნი და „მასწავლებლის“ ოხვრაღა ისმის. სოფიოს ოთახში უცნობი მაინც შევნიშნე... მაგიდასთან იჯდა.
ზარი დავრეკე და ჩემს მსახურს, ოს ბრინკას ვუცდით. სტუმრები უკან დგანან და კარების გაღებას ელიან. ცოტა ხნის შემდეგ კარებში ბრინკას ბებერი, თეთრი და მოკლე წვერით შემოსილი გაჯავრებული სახეც გამოჩნდა და თავის არაჩვეულებრივის ქართულით როგორც ხელქვეითს ანგარიშსა მთხოვს:
- რათ დაიგვიანებდებოდე?
ბრინკა თუმცა ოცდაათ წელიწადს ცხოვრობს ქართველებში, მაგრამ ქართულ ზმნებს მაინც „ებდის“ და „ებდებოდე“-თი ათავებს.
„სტუდენტმა“ რომ ბრინკას „ებდებოდე“ გაიგო, მხიარულად გაიკისკისა, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა და „მასწავლებელს“ აეფარა. ბრინკამ ჩემი სტუმრები აათვალ-ჩაათვალიერა, ყველას თვალები დაუბრიალა და ისევ მე გამიწყრა:
- ამათ რაღა უნდებოდეს? რათ მოიყვანებდებოდე?
ცოტა ლაპარაკის შემდეგ ბრინკა ბუტბუტით წინ მიგვიძღვის, ჩემი ოთახის კარებს გვიღებს, სანთელს მე მაძლევს და გაჯავრებული თავის სამზარეულოში გადის.
მე და მარო ჩემს ოთახში შევდივართ, „მასწავლებელი“ და „სტუდენტი“ კარებში ჩერდებიან და ფეხებს ითვალიერებენ. „მასწავლებელმა“ ხანმოკლე თათბირის შემდეგ ფეხსაცმელი გაიხადა, იღლიის ქვეშ ამოიჩარა, წამოსასხამი „სტუდენტს“ მისცა და თვითონ ოთახში შემოდის. იმის შალვარს კიდევ ერთხელ ვათვალიერებ და ჩემი ეჭვი მის ღამის საცვლის მეგობარზე უფრო ძლიერდება. „სტუდენტმა“ ტიტველა ფეხები „მასწავლებლის“ წამოსასხამით გაიწმინდა, შემდეგ წამოსასხამი კიბეზე გადააგდო, შინ შემოვიდა, ბნელ კუთხეში აიტუზა და ორივე ხელზე იბერავს და ტოკავს. სიბნელეში იმის არაჩვეულებრივ მოდის ტანისამოსსა და თავ-პირზე მასწავლებლის წეღანდელ ხუმრობის შედეგი უსიტყვოდ, მაგრამ ნათლად და გარკვევით ღაღადებს.
მარო უკვე სკამზე ჩამომჯდარა, თვალები მიულულია და იმის გაფითრებულ და სიამოვნებისგან მთრთოლვარე ტუჩებზე მაგიდაზე მდგომი სანთლის შუქი თამაშობს. გამხდარი და გაყინული ხელები მუხლებზე დაუწყვია, გაცვეთილ და იაფფასიან შლიაპის ქვეშიდან ჩამოშლილ თხელ თმებზე წვიმის წვეთები ბრწყინავენ და ინძრევიან. წყალს ლოყებიდან და შუბლიდან ფერუმარილი ჩამოურეცხავს და გამხდარი, დაღლილ-დასუსტებული პირსახე თეთრ და წითელ ზოლებად დაუხაზავს. იმის მოგრძო და გამხმარ ნიკაპზე რამდენიმე წითლად შეღებილი წვეთი ჰკიდია.
ხანგრძლივ სიჩუმეს ჩემ ოთახში ჩუმად შემოსული ბრინკას მკვახე და სასტიკი კითხვა არღვევს.
- ამათ რაღა უნდებოდის? - და კარებში მდგომი დაღვრემილი ოსი ყველას მკაცრად გვათვალიერებს.
სტუმრები შეშფოთდნენ, მე მიყურებენ და უსიტყვოდ მფარველობას მთხოვენ. მარო შეკრთა, წამოიწია, მაგრამ მაშინვე ისევ უღონოდ სკამზე დაეშვა და დამნაშავურის ღიმილით შემომცქერის.
- Ндаa-a-a! - ამტკიცებს „მასწავლებელი“, ფეხსაცმელებს ერთი იღლიიდან მეორე იღლიაში ჰგზავნის და განგებ რამდენჯერმე ახველებს. „სტუდენტმა“ ბრინკას თვალებს ვეღარ გაუძლო, „მასწავლებელს“ მოეფარა, ძალდატანებით ჩაახველა, შემდეგ ცხვირზე ხელი მოივლო, დაიხარა და იატაკის გაჭუჭყიანება უნდოდა, მაგრამ დროზე რაღაც მოაგონდა, ისევ გასწორდა, პირზე ხელები მიიფარა, ჩუმად გაიცინა, სიცილი უცებ შესწყვიტა და განუწყვეტლივ ტოკავს. ბევრი ლაპარაკის შემდეგ, მე და ბრინკა ძლივს ვრიგდებით და იმით ვათავებთ, რომ ბრინკას მეორე ოთახში ვახშამი გამოაქვს და იქედანვე გვიყვირის:
- მოვიდებოდეს!
„სტუდენტი“ სიცილს ვეღარ იმაგრებს და სავახშმოდ ყველაზე გვიან გადის. მე ბნელ ოთახში ვრჩები და ღია კარებიდან ვხედავ, რომ სამი სტუმრის კბილები გულმოდგინედ და არაჩვეულებრივის ძალით და სიჩქარით მუშაობენ. ბრინკა მოვახშმეთ თავს ადგას და ჩემი სტუმრების მუშაობით დაინტერესებული თავის ტუჩებსა და თვალებიდან სასტიკს მკვახე გამომეტყველებას თანდათან ჰკარგავს და სამაგიეროდ პირსახეზე შებრალების ღიმილი ებადება.
- როგორ მოშივდებდებოდი-ი-ის! - უკვირს ბრინკას და ცოტა ხნის შემდეგ მაროს ეკითხება: - შენ სადღა დაიძინებდის?
პასუხად მარო იღიმება, უკვე გამაძღარი და გამხიარულებული „სტუდენტი“ ხმამაღლა იცინის და ჩემის ოთახისკენ იყურება. ბრინკას მომღიმარე სახე ხელმეორედ იღუშება და სასტიკად და ჩაციებით მიყურებს. მე იმის მრისხანე თვალებს ვერიდები და სიბნელეში ვიმალები.
ხანმოკლე სიჩუმეა.
- არაყი კი არა, ლუდი არ გინდოდის?! - ყვირის ბრინკა. ტსს-ს-ს, - ამშვიდებს „სტუდენტი“.
ბრინკა არა მშვიდდება და უფრო და უფრო ჯავრობს:
- ბინაც მისცემოდე, პურიც აჭმევდებოდე და არაყიც მოუნდებდებოდის! Вот ишо! - რუსულზე უხვევს გაბრაზებული ბრინკა და რუსულითვე ათავებს: - Пошла к чертa!
აქამდის ჩუმად მჯდომი „მასწავლებელი“ ბრინკას რუსულის გაგონების შემდეგ თავს ვეღარ იმაგრებს და თავის წვერულვაშში დამალულ პირიდან ისეთ ძლიერ ხარხარს უშვებს, რომ მთელი ოთახი ინძრევა და ფანჯრებს ზანზარი გააქვს. იმის ხარხარს „სტუდენტის“ ხითხითი და მაროს ზარივით წმინდა და უძლური კისკისი უერთდება და გამხიარულებული სტუმრები კმაყოფილების ნიშნად განუწყვეტლივ იცინიან და ვეღარ მშვიდდებიან.
სასაცილოდ აგდებულ ბრინკას ჯერ გაჯავრება უნდა, მაგრამ მერე თვითონაც იღიმება, მხრების ქავილით ჩემ ოთახში შემოდის, მათვალიერებს და როცა მპოულობს, მხიარულისა და ხრინწიანის სიცილით მეკითხება:
- ასეთი დიდი სტუმრები სად იპოვნებოდის?
აქამდის მხოლოდ ვიღიმებოდი, მაგრამ ეხლა იმათ ხარხარს ჩემ სუსტს და უხმო სიცილს ვუერთებ და ყველანი ვიცინით... ვიცინით... ვიცინით...
- ჰაი, ყმაწვილობა! ყმაწვილობა! - თავის წარსულ ახალგაზrდობას ნანობს ბრინკა და თავის ქნევით ტიტველა მკერდის ფხანით ისევ ჩემ სტუმრებთან გადის. იქ კი განუწყვეტლივ და გაორკეცებულის ძალით იცინიან... იცინიან... იცინიან...
ვცდილობ სიცილი შევიმაგრო, ტუჩებს ვიკვნეტავ, პირზე ხელებს ვიფარებ, მაგრამ ჩემდა უნებურად ვხტი, მთელის ტანით ვინძრევი, ვთრთი და წუთის შემდეგ ხმამაღალისა და უნებურის სიცილით ჩემ სტუმრებთან შევრბივარ. სიცილისგან აწითლებული მარო ხელებ წინ გამოშვერილი ჩემსკენ მორბის, ხელებს მიჭერს, თავის პირისახეს ჩემ გულზე მალავს და უხმოდ და მთელის ტანით იცინის... იცინის... იცინის და ცოტა ხნის შემდეგ ჩემ ხელებზე მის თბილ ცრემლებს ვგრძნობ, ვხედავ, რომ იმისი გამხდარი მხრები არაჩვეულებრივად ხტიან, მესმის, რომ იმის უხმო სიცილს ხანგამოშვებით და უფრო ხშირად და ხშირად მისივე ქვითინი არღვევს, ვგრძნობ, რომ იმის გიჟურ სიცილს და ქვითინს ვეღარც ჩემი დაჭიმული ნერვები გაუძლებენ და... საჩქაროდ ჩემ ოთახში შევრბივარ და კარებს ვიკეტავ.
ერთი საათის შემდეგ მეორე ოთახში ვდგევარ და იქვე მწოლარე მაროს ვუყურებ. სამზარეულოდან „მასწავლებლის“ ძლიერი, ბოხი ხვრინვა და „სტუდენტის“ მრავალ ხმაზე სტვენა ისმის. გარეთ წვიმა შხუის, ფანჯრებს არაკუნებს, გაძლიერებული ქარი ხან მხიარულად და ხან გაჯავრებული დახტის, დასრიალებს, დაზუზუნებს, ფანჯრებს და კარებს აწვება, აკაკუნებს, შემდეგ იქვე იმალება, კვნესის და ბუტბუტებს. ბუხარში ცეცხლი გუგუნებს და იმის შუქი კედლებზე დახტის, დაცურავს, ხან ძლიერდება, ხან სუსტდება და მაროს იატაკისკენ გადმოშვებულ გამხდარ მკლავს, მძიმედ მღელვარე მკერდს, გაწეწილ თმებს და მოღიმარე და ტკბილ სიზმრებით გატაცებულს, მაგრამ დაღლილ-დატანჯულს და ყვითელი მარმარილოს ფერის სახეს ეალერსება, ეხვევა, თრთის და სთვლემავს.
მთელი ოთახი და მასთან მაროც და მეც ხან ვნათდებით და ხან ისევ სიბნელეში ვეხვევით. ცოტა ხნის შემდეგ მეც მაროსავით დაღლილი და დასუსტებული ჩემ ოთახში გავდივარ, საბანსა და ბალიშებქვეშ ვძვრები, ქარის ზუზუნს და წვიმის შხუილს კიდევ კარგა ხანს ვუგდებ ყურსა და შემდეგ ვიძინებ.
ჩემ წინ ისევ წეღანდებური მოთეთრო ბურუსი მოცურავს. ბურუსიდან რიგ-რიგად ჩემი სტუმრები გამოდიან და წინ მივლიან.
„სტუდენტი“ გაჯავრებულ „მასწავლებელს“ გარშემო ურბენს, იცინის და განუწყვეტლივ იმეორებს:
- Босявка! Босявка! Босявка!
- Отстань, а то! - ურჩევს მასწავლებელი, ისევ იმის დასაჭერად ემზადება და ორივენი ბურუსში ეხვევიან.
- Выслушайте меня... ради бога, пожалуйста, выслушайте - მეხვეწება მარო და მალე ისიც ბურუსში იკარგება.
- რათ მოიყვანებდებოდე, ჰა? რა გინდოდის, რომ აქ აძინებდებოდე, ჰა? - ყვირის ბრინკა და მეც ვიღვიძებ. ჩემ წინ ნამდვილი ბრინკა სდგას და იმისი გაჯავრებული თვალები განადგურებას მიპირობენ. ბრინკა კი ჩემსკენ იხრება და ნიშის მოგებით თითებზე რიგ-რიგად მითვლის:
სამოვარი წაიღებოდეს, ორი ქვაბიც მოიპარიდეს და... ჩაის აღარ დალევდე! - სასჯელს მაძლევს ჩემი ბრინკა და სამზარეულოშi გადის. მეც მესმის, რომ „სტუდენტი“ და „მასწავლებელი“ გამოუთხოვრად წასულან და სხვათა შორის ბრინკასგან ჩამოთვლილი ნივთებიც წაუღიათ. მეორე ოთახიდან კმაყოფილი და მომღიმარე მარო მიყურებს და მეც ვგრძნობ, რომ ჩემი მესამე და ყველაზე ერთგული სტუმარი თავის დაპირებისამებრ ერთი დღის შენახვისთვის ერთ თვეს, ორ თვეს მემსახურება.
ბრინკას მეზობლისაგან ნათხოვარი სამოვარი შემოაქვს, მაგიდაზე სდგამს, ჩემ ოთახში შემოდის, ჩემდა დაუკითხავად ჩემი შალვრის ჯიბეში რაღაცას ეძებს და ბუტბუტებს:
- სამოვარი უნდა ვიყიდებოდე... ქვაბებიც უნდა მოვიტანებდე...
და რა იმას ვერ პოულობს, რაც უნდოდა, წარბებს იჭმუხვნის, კარგა ხანს სასტიკად მიყურებს და თავის უკანასკნელ გადაწყვეტილებას მატყობინებს:
- სადილი აღარ გაჭმევდებოდე! - და გადის.
მეორე ოთახიდან მარო მიღიმის, იზმორება და თითს მიქნევს.