მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 3116 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გზა შეკრული იყო.

ოციოდე სალდათს გარშემო აუარებელი ხალხი შემოჰხვეოდა და ამხანაგების განთავისუფლებას ყვირილითა და მუქარით მოითხოვდნენ. სალდათებს წრე შეეკრათ, შუაში ოთხი ძლიერ ნაცემი, დასისხლიანებული და მიბნედილი მუშა მოემწყვდიათ, თოფები მოემარჯვებიათ, ხიშტები წინ გამოეშვირათ და ტალღასავით წამოსულ ხალხს თვალს არ აშორებდნენ. დაბალი და გამხდარი აფიცერი აქეთ-იქით დარბოდა, ხმალს იქნევდა და წვრილი ხმით ყვიროდა:

შესდექით მეთქი, თორემ გესვრით!

მაგრამ მისი სუსტი ხმა ხალხის საერთო გრგვინვაში იკარგებოდა. სალდათები შემკრთალი იყვნენ: ფერი წასვლოდათ და გაფითრებული იყვნენ; შუბლი შეჭმუხვნილი ჰქონდათ, აქეთ-იქით გაფაციცებით იყურებოდნენ და ერთსა და იმავე დროს თვალს არ აშორებდნენ ახლო მოსულ მუშებს, აფიცერსაც და დასისხლიანებულ პატიმრებსაც. ხალხი კი ზღვასავით ბობოქრობდა, გრგვინავდა, წინ იწეოდა და ერო მუჭა სალდათებს შთანთქმას უპირებდა.

ნუ გეშინიანთ, ამხანაგებო, ნუ გეშინიანთ!

ყვიროდნენ უკანანი და მოწინავეებს წინ აწვებოდნენ.

- წინ მიდით, ამხანაგებო! წინ მიდით!

- შესდექით მეთქი, თორემ გესვრით! - ყვიროდა აფიცერი და ისევ ხმალს იქნევდა.

ვერ გაბედავენ, ვერ გაბედავენ! ნუ გეშინიათ, არ გვესვრიან! იმედოვნებდნენ უკანანი და განუწყვეტლივ წინ მიიწევდნენ. ჟრიამულმა და მუქარამ იმატა.

- თოფები წაართვით, თოფები!

მოწინავენი თოფებს წაწვდნენ. სალდათები შეტოკდნენ, ცოტა უკან დაიხიეს და ხიშტების ქნევა დაიწყეს.

ერთი ლურჯხალათიანი ახალგაზრდა თავის ამხანაგებს ზურგზე შეახტა და ხრინწიანი ხმით მიმართა სალდათებს:

- ამხანაგებო! ძმებო! განა თქვენც ჩვენი ამხანაგები და ძმები არა ხართ? განა თქვენც ჩვენსავით არ იტანჯებით? განა ჩვენ დაგიშავეთ რამე, რომ სროლას გვიპირებთ? ძმებო, თქვენც ჩვენისთანა დღეში ხართ, თქვენც ჩვენსავით იტანჯებით...

აფიცრის ბრძანებით ერთმა სალდათმა მოლაპარაკეს თოფი დაუმიზნა.

ხალხი ისევ ატოკდა, აირია და წინ წაიწია.

- არ გაბედო! არ ესროლო!

- ამხანაგებო, ნუ გეშინიათ. არ გესვრის! - მოისმა აქეთ-იქიდან, მაგრამ მოლაპარაკე ჩამოხტა და ხალხში გაერია.

ხალხი სალდათებს უფროდაუფრო აწვებოდა. აქა-იქ ზოგი ხიშტებს მისწვდა. სალდათებმა ჯერ ერთი ნაბიჯი წარსდგეს უკან, მერძე მეორე, მესამე, შემდეგ უკან-უკან წავიდნენ და ერთ ალაგას შეჯგუფდნენ. ხალხი გამხნევდა და ფეხდაფეხ მიჰყვა. აფიცერი დაიბნა, უარესად გაფითრდა, მაგრამ მაინც გარბოდა და ხრინწიანი ხმით სულ ერთსა და იმავეს ყვიროდა: - შესდექით!.. შესდექით მეთქი, თორემ გესვრით... ღმერთმანი, გესვრით!.. შესდექით...

აფრთოვანებულმა ხალხმა იმის მუქარას ყურადღება აღარ მიაქცია, ყიჟინი დასცა, იხუვლა და სალდათებს ზედ მიაწყდა. ზოგი ხიშტს წაწვდა და ზოგი სალდათს.

- წაართვით! თოფები წაართვით, თოფები! - ყვიროდნენ ყველანი და ერთმანეთს შველოდნენ.

ერთ სალდათს, გიორგი ჯიხაძეს, ფერი აღარ ედო: გაფითრებული და ფერწასული უკან-უკან იწეოდა, მოპირდაპირეს თოფს უმიზნებდა და დაბალი ხმით იმეორებდა:

- ახლო არ მოხვიდე... არ მოხვიდე მეთქი, თორემ გესვრი.

ერთი ახალგაზრდა, შავგვრემანი, მაღალი და ჩასხმული მუშა გიორგის ხან აქედან უვლიდა, ხან იქიდან, წამდაუწუმ ეტანებოდა ხიშტს და დაბალივე ხმით ეუბნებოდა:

- არ გაბედო... არ გაბედო, თორემ ვაი შენი ბრალი.

ორივენი ერთმანეთს თვალებში ჩასცქეროდნენ და ურთიერთის მოძრაობას გაფაციცებით ადევნებდნენ თვალყურს.

- არ გაბედო! - ერთხელ კიდევ გააფრთხილა მუშამ და უცებ გადმოხტა, ორივე ხელი თოფს სტაცა, გაიწია და გიორგი თოფიანად გაითრია წრიდან. ეს ამბავი ისე უცებ მოხდა, რომ გიორგიმ ვეღარაფერი მოახერხა, მხოლოდ თოფს ეჭიდებოდა, უცნობ მუშას შიგ თვალებში ჩასცქეროდა და ჩურჩულებდა.

- ხელი გაუშვი, თორემ გესვრი... ღმერთმანი, გესვრი...

მუშა ყურსაც არ უგდებდა და თოფს თავისკენ ეწეოდა. მას სხვებიც წამოეშველნენ და გიორგის დაეხვივნენ: ზოგმა ხელები დაუჭირა, ზოგმა ფეხში ფეხი გადაუხლართა, ზოგმა თოფს ჩასჭიდა ხელი.

საერთო ჟრიამულმა იკლო, სალდათები და მუშები ერთმანეთში აირივნენ, აქა-იქ ლანძღვა და მუქარა ისმოდა.

უცებ გიორგის თავში რაღაც მოხვდა: თავბრუ დაესხა, თვალებიდან ნაპერწკლები წამოსცვივდა, ფეხებში მიწა გამოეცალა, შუბლზე დასთბა, წაბარბაცდა და ამავე დროს იგრძნო, რომ მისი თოფის ბოლო რბილ რაღაცაში ჩაიფლო. მერე იქვე ვიღაცის კვნესა მოისმა. გიორგის მუხლი მოეკვეთა და ჩაიკეცა, ადგომა უნდოდა, მაგრამ თავი ვეღარ აიტანა. ჰგრძნობდა, რომ მის გარშემო რაღაც ამბავი ხდებოდა, მაგრამ თვალები რაღაც სითხით ჰქონდა მოსვრილი და ვეღარაფერს ვეღარ ხედავდა. იქვე სადღაც ცხენების თქარა-თქური და ჟრიამული ისმოდა. ამ საერთო ხმაურობას უცნობის კვნესა და ვიღაცის წივილ-კივილი არღვევდა, და გიორგისაც იმ ჟამად მხოლოდ მკვნესარე ადამიანის დანახვა და მისი ამბავის გაგება უნდოდა.

ცოტა ხნის შემდეგ ამხანაგები იღლიაში შეუსხდნენ და ააყენეს. გიორგიმ თვალები მოიწმინდა: მიიხედ-მოიხედა და გონს მოვიდა: იქვე იმის ფეხთით ის მუშა ეგდო, რომელიც წეღან თოფს ართმევდა. მუშა პირქვე იწვა, ფართხალობდა და ბღუოდა. იმის გვერდით ვიღაც მოხუცი დედაკაცი ჩაჩოქილიყო, თავპირში ხელებს იცემდა და ტირილით მოსთქვამდა:

- ვაიმე, შვილოოო!.. ვაი შენს დედას!.. მიშველე-ე-ეთ...

ცოტა მოშორებით სალდათები შეჯგუფებულიყვნენ და დედაკაცს სიბრალულით დასცქეროდნენ. ქუჩის ბოლოში ხმალამოღებული ყაზახები ცხენებს დააჭენებდნენ და ყვიროდნენ. მოხუცმა დედაკაცმა მოსულიერებული გიორგი დაინახა და ხმას უმატა:

- ეგ მარჯვენა მოგტყდეს, შვილო-ო-ო! რა დაგიშავა ამ უბედურმა, შე გვირგვინგასაშავებელო, შენა-ა-ა...

პოლიციელებმა აფიცრის ბრძანებით დედაკაცს ხელი დაავლეს და ზევით წაიყვანეს. დედაკაცი არ მისდევდა, ძალაზე იდგა. ხელებს იქნევდა, მიწაზე წვებოდა, იწყევლებოდა, იმუქრებოდა. პოლიციელებმა ძალით გაათრიეს და მალე სახლის კუთხეს მოაფარეს. იქიდან კიდევ კარგა ხანს ისმოდა მისი წყევლა-კივილი. ბოლოს ისიც მისწყდა. ირგვლივ რაღაც არაჩვეულებრივი სიჩუმე ჩამოვარდა.

გიორგიმ იქვე მწოლარე მუშას გადახედა. ის აღარ კვნესოდა. გულაღმა იწვა და აღარ ინძრეოდა. ხელფეხი განზე ჰქონდა გადაყრილი. თავი გიორგისკენ მოებრუნებინა, ერთი თვალი დაეხუჭა, მეორე კი პირდაპირ გიორგისთვის ჩაერჭო თვალში. ორივე ხელი, კისერი, პირსახე და მკერდი სისხლით ჰქონდა მოსვრილი.

გიორგიმ თვალი მოარიდა და მიბრუნდა, ის იქვე მახლობლად მაღაზიაში შეიყვანეს და თავი შეუხვიეს. იქიდან რომ გამოდიოდა, ერთხელ კიდევ გაიხედა იქითკენ და დაინახა, რომ მუშას ზედ ორი ცარიელი ტომარა ჰქონდა გადაფარებული.

აფიცერმა გიორგი ყაზარმაში გაგზავნა და თან ერთი სალდათი გააყოლა, თავი ძალიან სტკიოდა, მაგრამ საავადმყოფოში მაინც არ დაწვა.

ყაზარმაში იმ საღამოს სულ გიორგიზე იყო ლაპარაკი. ხან ერთი მივიდოდა იმასთან და ხან მეორე, ის კი უსიამოვნოდ იჭმუხვნიდა შუბლს, იბღვირებოდა, ხმას არვის სცემდა და ყველას ერიდებოდა. თავი რომ მოაწყინეს, გარეთ გამოვიდა და, თავჩაღუნულმა, ეზოში დაიწყო სიარული, მაგრამ რაკი ნახა, რომ იქაც არ ასვენებდნენ და წამდაუწუმ წარსულ ამბავზე ელაპარაკებოდნენ, პატარა ბაღში შევიდა და ერთი ხის ქვეშ გულაღმა დაწვა მწვანეზე.

დაღამდა. თბილი და წყნარი საღამო იყო. ნელი ნიავი ჰქროდა და ფოთლებს ოდნავ აშრიალებდა. ყაზარმიდან ყვირილი და ჟრიამული მოისმოდა. დაბლა ხევში მთების შუა მომწყვდეული და ათასი სანთლით მოჭედილი ქალაქი ხმაურობდა. და ეს გარკვეული ხმაურობა ხან ძლიერდებოდა, ხან სუსტდებოდა, ხანაც თითქმის სულ სწყდებოდა. ხანგამოშვებით შორიდან ორთქლმავლის სტვენა და მატარებლის რახუნი მოისმოდა.

გიორგი დიდხანს იწვა გაუნძრევლად, იმ უბედურ ამბავს იგონებდა და ვერ გაეგო, როგორ მოუხდა ყველაფერი და როგორ შემოაკვდა ის კაცი. იმის მოკვლა აზრადაც არ გაუვლია? სადაური იყო, ვინ იყო? რა იყო? იცნობდა ის გიორგის? ან გიორგი იცნობდა მას? მერმე ის მოხუცი დედა მაინც არა ჰყოლოდა! უეჭველია, იმ მუშის დედა იქნებოდა. რა გამწარებული სწყევლიდა გიორგის!

თავის დედა მოაგონდა და მოკლული მუშის მაგივრად თავის თავი წარმოიდგინა, მოხუცი დედაკაცის მაგივრად კი თავის დედა და... გული ეტკინა, გააჟრჟოლა, თვალებზე ცრემლი მოაწვა. მერმე თავის სოფელი, მოხუცი დედა, უმცროსი ძმა, სახლ-კარი, ყანა და საქონელი მოაგონდა. მოაგონდა და წარმოიდგინა, ვითომ ის მოეკლათ, იმის დედა და პატარა ძმა კი ობლად დარჩენილიყვნენ. სახლკარი აუოხრდა, საქონელი გაეყიდა, ადგილი ვიღაცამ წაართვა. უპატრონოდ დარჩენილსა და აკლებულ ოჯახს, აღარც ნათესავი შველოდა, აღარც მეზობელი, ბოლოს, როცა ყველაფერი გაეყიდათ, უმცროსი ძმა წელიწადში სამ თუმნად დადგა მოჯამაგირედ, დედამ კი პურის მცხობლობა დაიწყო.

გიორგიმ ეს სურათი წარმოიდგინა და გული აუჩუყდა. მაგრამ მაშინვე მოაგონდა, რომ ეს ტყუილი ამბავია და ოდნავ დამშვიდდა. შორიდან ფეხის ხმა მოისმა. იმისკენ ვიღაც მოდიოდა: ცოტა ხნის შემდეგ გიორგისთან მისი ამხანაგი თელაველი პეტო მივიდა და გაკვირვებით ჰკითხა:

- გიორგი, შენა ხარ?

გიორგიმ ხმა არ გასცა.

- ბიჭო, ე რა დაგემართა? - საყვედურით ჰკითხა პეტომ და იქვე ჩამოჯდა.

- მე რა ვიცი, რა დამემართა! - გაჯავრებით მიუგო გიორგიმ.

- ბიჭო, მართლა კაცი შემოგაკვდა? - საიდუმლოებით იკითხა პეტომ და სიჩუმის შემდეგ დაუმატა: - შენ გეკითხები.

- შემომაკვდა... - ჩუმად მიუგო გიორგიმ და უცებ გაბრაზდა: - ეხლა რა ვუყო! მერე რა ვუყო, რომ შემომაკვდა?! რა ჩემი ბრალია, რომ შემომაკვდა?.. ჯერ უნდა გაიგო და ისე ილაპარაკო!

- მერე რა გაჯავრებს, შე კაი კაცო!

- არაფერი არ მაჯავრებს, რა უნდა მაჯავრებდეს! - უფრო დინჯად მიუგო გიორგიმ. წამოდგა და წავიდა.

ლოცვის შემდეგ ისევ ბაღში შევიდა. უცებ მარტოობისა და სიბნელის შეეშინდა, ისევ ეზოში გაბრუნდა და კარგა ხანს თავჩაღუნული გარშემო უვლიდა ყაზარმებს. როცა ყაზარმებში ხმაურობა მიწყდა, ფეხაკრეფით აიპარა ზევით, ქურდივით შევიდა თავის საწოლში, საჩქაროდ გაიხადა, ხმელ ლოგინში ჩაწვა, თავზე საბანი წაიხურა და თავისუფლად ამოისუნთქა.

მამლებმა მეორეჯერ იყივლეს, მაგრამ გიორგი ისევ ლოგინში ტრიალებდა და განუწყვეტლივ მოკლულ მუშაზე, მოხუც დედაკაცზე, თავის დედაზე, ძმაზე და სახლ-კარზე ჰფიქრობდა.

მეორე დღეს მისი საუკეთესო მეგობრები - მცხეთელი არჩილა, დუშელი მიხა და კასპელი ვანო - გულცივად დაუხვდნენ, ცერად დაუწყეს ცქერა და, თითქო გიორგის მტრები არიანო, ერიდებოდნენ და შორიშორს უვლიდნენ. გიორგიმ ეს ამბავი მაშინვე შენიშნა და გული მოუკვდა: უფრო დაღონდა, გაგარეულდა, აღარავის მიეკარა და საღამომდე მარტო დადიოდა. მთელი დღე მოსვენება არა ჰქონდა. სრული სამი წელიწადი იყო სალდათად და შინაურებზე, მშობლებზე და სოფელზე იშვიათად ჰფიქრობდა, იმ დღეს კი სოფელი, დედა, ძმა და სახლ-კარი თავიდან არ შორდებოდა. საღამოზე, სანამ ლოცვას წაიკითხავდნენ, მანამ მცხეთელი არჩილა გაიხმო განზე და საიდუმლო კილოზე ჰკითხა:

- იცი, რა.. იმ კაცის სახლი ხომ არ იცი... ხომ არ იცი, სად ცხოვრობდა ის კაცი?..

- ვინა? - მკვახედ ჰკითხა არჩილმა.

- აი, ის, ბიჭო, მე რომ შე... შემომაკვდა.

- მე რა ვიცი! - მიუგო არჩილმა და მოშორდა.

გიორგის იმ დღესაც გვიან დაეძინა.

ორი დღის შემდეგ როტის უფროსმა დაუძახა, კარგა ხანს რაღაცაზე ელაპარაკა, ბოლოს „ერთგულ სამსახურისთვის“ მადლობა გადაუხა და და ერთი თუმანიც აჩუქა. თუმცა გიორგიმ რუსული იცოდა, მაგრამ უფროსის ნალაპარაკევისა თითქმის ვერაფერი გაეგო. ის მხოლოდ მიხვდა, რომ უფროსმა შეაქო, საქციელი მოუწონა, სამხედრო მოვალეობა და ხელმწიფის ფიცი მოაგონა, მერმე ზოგ საეჭვო ამხანაგზე გადაუკრა სიტყვა, გააფრთხილა და გამოისტუმრა.

მეორე აფიცერიც იქვე იდგა, იღიმებოდა და თითქოს უფროსის ნალაპარაკევს იმეორებსო, თანხმობის ნიშნად განუწყვეტლივ თავს იქნევდა.

გამოვიდა თუ არა გარეთ, იქვე კიბესთან გაჩერდა. გულზე მოეშვა, ცივმა ოფლმა გადაუარა და თავისუფლად ამოისუნთქა. ოქროს თუმნიანს კარგა ხანს ატრიალებდა ხელში და არ იცოდა, ამდენი ფული რისთვის მისცეს. ისეთი გრძნობით იყო შეპყრობილი, თითქო ეს ფული ქუჩაში ეპოვნა და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, არ იცოდა, ვის დაეკარგა ეს ფული, ვინ იყო იმის პატრონი, სად ცხოვრობდა, როგორ ეპოვნა იმის ბინა, ან ვისთვის გადაეცა ის, რაც იმას არ ეკუთვნოდა.

ამხანაგები მაშინვე შემოეხვივნენ და ლაქუცი დაუწყეს. უცებ ბევრნი დაუმეგობრდნენ და ისე ევლებოდნენ გარშემო, თითქო გიორგი მათი ძვირფასი ძმა და დიდი ხნის უნახავი ნათესავი ყოფილიყო... ზოგი „სემიჩკის“ ფულს ესესხებოდა, ზოგი - დაპატიჟებას, ზოგი - ერთად გასეირნებას, ზოგი იმ ფულის შენახვას ურჩევდა და დანარჩენი ამხანაგებისგან იცავდა. გიორგი ერთსაც უსმენდა და მესამესაც, მაგრამ პასუხს არავის აძლევდა, ბოლოს თუმნიანი გლეხურად გამონასკვა ხელსახოცში, ჯიბეში ჩაიდო და თავჩაღუნულმა გასწია ყაზარმისკენ.

საღამოს ჟამზე გიორგი და ორი სხვა სალდათი ნაძალადევში გაგზავნეს სადარაჯოდ. სამივემ თოფები გაიდო მხარზე და გზას გაუდგნენ. მზე ჩასავალს იყო. აქა-იქ ლურჯხალათიანი მუშები, დედაკაცები, ბავშვები ირეოდნენ, ზოგნი ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ, ზოგნი კენტად, ზოგნი სახლების კარებთან იდგნენ და ლაპარაკობდნენ. სალდათებს ყველანი ცერად უყურებდნენ და უბღვეროდნენ. ზოგნი ზიზღით ათვალიერებდნენ, ზოგნი კი შიგ თვალებში უცქეროდნენ და აშკარად ემუქრებოდნენ. გიორგი ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ჰგრძნობდა ამას და გული სტკიოდა. სწყინდა და იმავე დროს სცხვენოდა კიდეც. მას ეგონა, თითქო ყველა მუშამ, დედაკაცმა, ბავშვმა და გამვლელმა იცოდა, რომ მას კაცი შემოაკვდა; ჰგრძნობდა ამას და არ იცოდა საით მიებრუნა თავი და სად დამალულიყო. მას უნდოდა ერთ-ერთ ჯგუფთან მისულიყო, თოფი დაბლა დაეშვა, ქუდი მოეხადნა, ყველაფერი დაწვრილებით ეამბნა, თავი გაემართლებინა, მაგრამ ვერ ჰბედავდა, სცხვენოდა.

მან კარგად იცოდა, რომ ენა დაებმებოდა, ვერაფერს იტყოდა, ვერაფერს გააგებინებდა და ბოლოს უეჭველად შერცხვებოდა. ხშირად თავის ამხანაგებს დიდ მანძილზე ჩამორჩებოდა ხოლმე, მერმე ისევ დაეწეოდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისევ დავარდებოდა და ხან უწყვეტლივ იცქირებოდა აქეთ-იქით, ყველაფერს ათვალიერებდა, გამვლელ-გამომვლელს შინჯავდა და ვიღაცას დაეძებდა.

ცოტა ხნით ერთი სახლის კუთხეში შეისვენეს. ორმა ახალგაზრდამ სალდათებს გვერდზე გაუარა, ჩაათვალიერეს, მერმე შორიახლოს შეჩერდნენ, რაღაცაზე მოილაპარაკეს და უკანვე დაბრუნდნენ.

- გამარჯობა თქვენი! - მიესალმნენ სალდათებს და გვერდით ამოუდგნენ.

- გაგიმარჯოთ, ძმებო! - სიხარულით მიუგო გიორგიმ და ახლო მიიწია.

- ამოდენა სიარულით არ დაიღალეთ? - ჰკითხა ერთმა. 

- დავიღალენით, მაგრამ რა ვქნათ? რასაც გვიბრძანებენ. უნდა ავასრულოთ. რა ვუყოთ? და კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მეორე სალდათმა უცნობებს შეუტია:

- Проходи! не приказано разговаривать! - გაიარე! ლაპარაკის ნება არა გაქვს.

უცნობმა მეგრულ კილოზე გაუბა ლაპარაკი, მაგრამ იმ სალდათმა თოფი მოიმარჯვა და გააწყვეტინა:

- Проходи! говорят тебе! - გეუბნები, გაიარე მეთქი!

მუშებმა ზიზღით გადახედეს სამივეს, სიბრალულის ნიშნად თავი ჩაიქნიეს და ზლაზვნით წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ. სალდათებიც გზას გაუდგნენ. გიორგი ისევ ჩამორჩა და გამვლელ-გამომვლელს გადამეტებული ცნობისმოყვარეობით დაუწყო თვალიერება. ერთ ალაგას ოთხიოდე მუშა იდგა. გიორგიმ ყველას გადახედა, მერმე ერთ მათგანს დააშტერდა და... იცნო. სწორედ ის მუშა ეცა იმ დღეს უკნიდან და ხელები გადუგრიხა. გიორგი შეჩერდა და თავის ამხანაგებს გადახედა. ისინი ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ ქვევით და გიორგის ჩამორჩენას ვერ ამჩნევდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, როცა ორივენი მიიმალნენ, გიორგი პირისპირ მიადგა იმ მუშას და ჰკითხა:

- შენ ხომ არ იცი, კაცის დედა სადა ცხოვრობს... აი, იმ კაცისა, რომელიცა რომა რომელიც გუშინწინ ვაგზალთან მოჰკლეს?

- ვიცი, მერე შენ რად გინდა?

- მინდა... ძალიან დიდი საქმე მაქვს და, თუ ღმერთი გწამს, მაჩვენე.

- წამოდი, - მოკლედ მიუგო მუშამ და წინ გაუძღვა. ერთი ქუჩა გაიარეს, მარცხნივ შეუხვიეს და ცოტა ხნის შემდეგ ერთ დაბალსა და ძველ სახლს მიადგნენ. გიორგიმ ეზოში შეიხედა და შედგა. გული აუტოკდა, ფეხები აუკანკალდა, სახეზე ალმური აუვიდა და შეშინდა. იქ, დერეფანში, ის დედაკაცი. დაინახა, რომელიც გუშინწინ მოკლულ მუშას დასტიროდა და გიორგის სწყევლიდა.

- აგერ ის არის, - უთხრა მუშამ და გაბრუნდა.

შავებში ჩაცმული დედაბერი სამოვარს უვლიდა. გიორგი ეზოში შევიდა და არეული ნაბიჯით გასწია იმისკენ. გულმა უარესად დაუწყო ცემა, სახეზე დასცხა, აირია და დაიბნა.

გიორგი მოხუცის წინ იდგა. ხელში თუმნიანს ატრიალებდა. ტოკავდა და სიტყვებს ეძებდა, მაგრამ ენა დაება, ხახა გაუშრა და აღარც აზრი ემორჩილებოდა.

- აი... შენია... ეს თუმანი, შენია, - ხმის კანკალით წაილუღლუღა და თუმნიანი გაუშვირა.

დედაკაცს გამოშვერილი ხელი ჰაერში დარჩა. გაკვირვებული უყურებდა გიორგის და არაფერი ესმოდა.

- შენია მეთქი, შენ გერგება, - იმეორებდა გიორგი და ერთ ადგილზე ტოკავდა. მერმე გაბედა და უთხრა: შენი შვილი... გუშინწინ, შენი შვილი, და უცებ სხაპასხუპით დააყარა: ღმერთმანი დედი, ღმერთმანი, ჩემი ბრალი არ იყო. დედა მომიკვდეს თუ უცაბედად არ მომსვლოდეს... ჩემი ბრალი არ არის... ღმერთმანი, ჩემი ბრალი არ არის...

მოხუცი მიუხვდა, წელში გასწორდა და აინთო.

- უიმე! შენ გაგიხმეს ეგ მარჯვენა, შენა! - და უცებ ჩაიჩოქა. ხელები პირსახეზე მიიფარა და ტირილი წასკდა, რას გერჩოდა ის უბედური, შე პირშავო, შენა-ა-ა... რა დაგიშავა, შე არგასახარებელო-ო-ო... გვირგვინი გაგიშავდეს და ნუღა მიუხვალ შენს პატრონს ცოცხალი-ი-ი...

გიორგიმ აღარ იცოდა, რით ენუგეშებინა, ან როგორ გაქცეულიყო: თუმნიანი დაეტოვა და წასულიყო, თუ დარჩენილიყო და თავი გაემართლებინა.

- შე უბედურო, რა გრჯიდა... -  მოსთქვამდა მოხუცი და თავს იქნევდა, - რად დაგვტოვე ობლები უპატრონო-ო-ოდ. ვიღა მოუვლის შენს უბედურს დედა-ა-ას...

ოთახიდან ოთხიოდე წლის ბავშვი გამოვიდა, ცოტახანს მომტირალე დედაკაცს უყურა, მერმე თვითონაც მოიწმინდა ცრემლები, უცებ ხმამაღლა ატირდა და დიდედას მივარდა. მან ხმას უმატა.

- უიმე, შვილოო, რაღა ვქნა-ა-ათ... ვიღა გვიშველი-ი-ის, ვიღა. შეგვინახა-ა-ავს...

გიორგიმ თოფი დააგდო, დედაბრის წინ ჩასკუპდა და ნაწყვეტ- ნაწყვეტად დაიწყო:

- დედიჯან... დაოჯან... შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, გაჩერდი... ეხლა მათქმევინე ორიოდე სიტყვა... შენ გენაცვალე, დედიჯან.

- შენ გაგიხმეს, შვილო, ეგ პირი-ი-ი... შენ გაგიხმეს ეგ მკლავი-ი-ი... როგორ გაიმეტე, შე პირქუშო, შენა-ა-ა...

- მეც მათქმევინე მეთქი, დედი... იქნება ჩემი ბრალი არ იყო... იქნება დამნაშავე არა ვარ.

დედაკაცმა წყევლას თავი დაანება და მხოლოდ ხმამაღლა ტიროდა. მერმე თანდათან ტირილსაც დაუკლო და თავსახვევის კუთხით ცრემლები მოიწმინდა.

- რაღა ვქნა-ა-ა... რაღა ვქნა მე უბედურმა-ა-ა. ვიღა მომივლის... ვიღა გამიზრდის ნიკოსაა.

- დედა არ მომიკვდეს, მამა არ წამიწყდეს, ზიარება არ შემერგოს, - ფიცულობდა გიორგი და გულში ხელს იცემდა, - შხამად ამომივიდეს დედის რძე, თუ ჩემი ბრალი ყოფილიყო.

- უიმე, ნიკოჯან! უიმე, უიმე-ე-ე! - მოსთქვამდა დედაკაცი და შეშინებულ ყმაწვილს თავზე ხელს უსვამდა.

- ჯერ იყო და მუშტი შემომკრა, მერე ქვა დამარტყა და თავი გამიტეხა. მე მაინც მოვუთმინე და სულ იმას ვუყვიროდი: ბიჭო, თავი დამანებე, მომშორდი მეთქი, თორემ მოთმინება აღარა მაქვს მეთქი, მაგრამ არ მომეშვა და არა! არ იქნა და არა! ვერ მოვიშორე და ვერა! მერე ორნი დამეხვივნენ და ცხვირპირში წამიშინეს...

- უი, შე საცოდავო, შენა! რომელმა ეშმაკმა შეგაცდინა, ვინ გაგაბრიყვა, შე საბრალოვ, შენა-ა...

- რო წამიშინეს, მეც გავმწარდი, თვალებიდან სულ ცეცხლი მცვივოდა, მაგრამ მე მაინც სულ იმას ვეუბნებოდი, ბიჭო, რას მერჩი, რა დაგიშავეთ მეთქი?!

- უიმე, უიმე-ე-ე... - ნახევარი ხმით იძახოდა დედაკაცი და თავს ხან მარცხნივ და ხან მარჯვნივ იქნევდა.

- მერე ერთმა თოფს გასწია და მეორემ ყელში წამიჭირა. იმან იქით გასწია, მე აქეთ. მერე უცებ თვალთ დამიბნელდა, წავიქეცი და ამ დროს, არ ვიცი, როგორ მოხდა, „შტიკი“ მუცელში მოხვდა და ისიც წაიქცა... აი... აბა... აბა შენ თვითონ თქვი, ჩემი ბრალია? ჩემი ბრალია მეთქი?

დედაკაცმა წყნარი სლუკუნი ამოუშვა და წაიჩურჩულა:

- რა ვიცი, რა ვიცი, ჩვენ კი უპატრონოდ დავრჩით და ვინ იცის, ვისი ბრალი იყო.

- ზიარებას გეფიცები, ჩემი ბრალი არ იყო, აბა ეხლა შენა თქვი, ჩემი ბრალი იყო თუ არა? ჰა, იყო თუ არა? თქვი, იყო თუ არა?

- რა ვიცი, - წყნარად მიუგო მგლოვიარემ და გიორგისაც გულზე მოეშვა: კილოზე მიუხვდა, რომ მას აღარ ამტყუნებდნენ, რომ ის მართალი იყო და ის უბედურება უცაბედად მოუვიდა.

მერმე ორივენი გაჩუმდნენ, გიორგის რაღაც მოუსვენრობა დაეტყო. თუმნიანს ხელში ატრიალებდა და აქეთ-იქით მოუსვენრად იცქირებოდა. შემდეგ გაჰბედა, თუმნიანი დედაბერს გაუშვირა და წაილუღლუღა:

- აჰა, დაიჭი... აიღე... მეტი არა მაქვს, თორემ მოგცემდი... დაიჭი-მეთქი, გამოგადგება.

დედაკაცი წამოდგა, ჯერ თუმნიანს შეხედა, მერმე გიორგი შეათვალიერა, ისევ თუმნიანს დაუწყო ცქერა და შუბლი შეიჭმუხნა, წელში გასწორდა და ქვევითა ტუჩმა თრთოლა დაუწყო.

- უი, შე უსინდისოვ, შენა! გაგიხმეს ეგ მკლავი შენა! ნუღა მიუხვალ ცოცხალი დედაშენსა, შე პირშავო, შენა! - და უცებ ისევ გული ამოუჯდა, ხმა აუკანკალდა, თვალებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლი, ჩაიკეცა და ხმამაღლა დაიწყო ტირილი. პატარა ბავშვიც შეშინდა, თვალების ბლეტა დაიწყო, ტუჩები ააცმაცუნა და მოხუცის კალთას ტირილით შეაფარა თავი.

გიორგი ისევ დაიბნა და აღარ იცოდა, რა ეთქვა, როგორ აეხსნა დედაბრის მოულოდნელი გაჯავრება.

- როგორ ბედავ, შე პირშავო, შენა-ა-ა... უიმე, შვილო, სადა ხა-ა-არ...

- უკაცრავად... მშვიდობით... მშვიდობით იყავით, ლუღლუღებდა დაბნეული გიორგი და უკან-უკან იწევდა.

- შენ გაგიხმეს ეგ ენა და ფეხები, შე პირქუშო! - იწყევლებოდა მოხუცი და თანდათან უმატებდა ხმას.

- უკაცრავად. უკაცრავად... - გაიმეორა გიორგიმ და ალაყაფის კარებს მოეფარა.

მზე დიდი ხნის ჩასული იყო. გაღმა მამადავითის მთა, სოლოლაკი და მტკვრის ორივე ნაპირი ბინდ-ბუნდით იყო მოცული. მარჯვნივ ჩრდილოეთით დიღმის მინდორი მოჩანდა. იმის უკან შავად მაღალი ქედი იყო აღმართული. თბილი და წყნარი საღამო იყო. მეტეხის ციხის უკან უშველებელი წითელი ბურთი ამოგორებულიყო და თავის გარშემო ბაკმიც წითლად შეეღებნა...

გიორგიმ ლასლასით გაიარა პატარა მანძილი და იქვე არხის პირას ჩამოჯდა. ფეხები უკანკალებდა, შუბლზე თითქო ჭიანჭველები დადიოდნენ, რაღაც უღიტინებდა და გულზედაც ვიღაც სჩქმეტდა. ცოტა ხნის შემდეგ დამშვიდდა, ადგა და მიიხედ-მოიხედა. თავის ორი ამხანაგი სალდათი მოაგონდა, მაგრამ მაშინვე დაავიწყდა. მერმე ზედაზნის ქედისკენ მიიხედა და უცებ საოცარი სინამდვილით დაუდგა თვალწინ ასეთივე წყნარი და მშვენიერი საღამო თავის სოფელში, რომელიც მშვენიერი მდინარის ნაპირზე იყო გაშენებული; თვალწინ დაუდგა ბღავილით მომავალი საქონელი, პატარა მეხრეები, სამუშაოდან დაბრუნებული მეზობლები; თვალწინ გადაეშალა თავის სახლ-კარი, ეზო, პატარა ბაღი, დაფაცურებული დედა, უმცროსი ძმა და გული აუტოკდა, თვალებზე ცრემლი მოაწვა. საშინლად მოუნდა თავის სოფელში, თავის საკუთარ სახლში ყოფნა, დედისა და მეზობლების ნახვა, მათთან ბაასი, მათთან ერთად მუშაობა, ცხოვრება და უღლის თანაბარი გაწევა.

დიდი ხანია, რაც გიორგი გაპარვას ჰფიქრობდა, მაგრამ ვერ ჰბედავდა, დღეს კი მისთვის სულ ერთი იყო: ეხლა ის თავისუფლად ჰგრძნობდა თავს, გული რაღაც აღელვებული ზღვით ჰქონდა სავსე და თავის სოფლისა, სახლ-კარისა და დედის ნახვის გარდა აღარაფერზე ჰფიქრობდა.

დიდხანს იდგა ჩაფიქრებული, მიყუჩებული და კვლავ ზედაზნის ქედს მისჩერებოდა. მერმე თუმნიანი მოაგონდა; ჯიბიდან ამოიღო, ქურდულად გასწია დედაბრის ბინისკენ, მივიდა, ალაყაფის კარებთან გაჩერდა და ჭუჭრუტანაში შეიხედა. ეზოში არავინ იყო, კარი შეაღო. თუმნიანი სახლის კარისკენ გაისროლა და გამოიქცა. კარგა ხანს ირბინა, ნაძალადევის ბოლოშიღა შეჩერდა, დაჯდა, შუბლიდან ოფლი მოიხოცა და შეისვენა. ეხლა აღარაფერზე ჰფიქრობდა. მან არ იცოდა, სად გაათენებდა იმ ღამეს, სად იშოვიდა საჭმელს, რას ეტყოდნენ სოფლელი ძმაბიჭები, ან როგორ დაუხვდებოდნენ დედა და ნათესავები. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ იმ საღამოს ავჭალამდე ავიდოდა, მეორე დილით რიჟრაჟზე ადგებოდა, ზედაზნის ქედს გადალახავდა, საგურამოში ჩავიდოდა, იქიდან ერწოზე გადავიდოდა და იქვე თავის სოფელში ჩაირბენდა.

„ეჰ, სულ ერთია! რაც იქნება-იქნება!“ - გადასწყვიტა გიორგიმ და ზეზე წამოდგა. მერმე თოფი გატენა, მხარზე გაიდო და მარცხნივ ჩაუხვია.

სახე გაუნათლდა და ღრუბელი გადაეყარა, ნაბიჯი გაუმტკიცდა, გული გაუმაგრდა და იმის ყოველ მიხვრა-მოხვრასა და იერში მტკიცე გადაწყვეტილება, იმედი და სიხარული მოჩანდა. გულიდან მძიმე ბარგი მოეშვა, ტანი გაუმსუბუქდა და იღლიებში ფრთები გამოესხა.

მტკიცე და დინჯი ნაბიჯით მიდიოდა; მიდიოდა ზევით, ზედაზნის მთისკენ; მიდიოდა იქ, სადაც არც პოლკი იყო, არც მყრალი ყაზარმა, არც სულელური მოვალეობა, არც უგემური საჭმელი და არც ათასი ბატონი, მას წინდაწინვე უხაროდა თავისუფლება, ოჯახის და მეზობლების ნახვა, ტოლ-ამხანაგებში გარევა, საქონლის მოვლა, ყანაში მუშაობა, დღეობა-ქორწილში სიარული, ქალებთან თამაში, ლხინი, ტყე- მინდორი და მთის წყარო.

მიდიოდა დეზერტირი და თან რაღაც სიმღერას ღიღინებდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ